თეთნულდს გასძახე 17. სამეგრელოში
დილა ყინვით დაიწყო. ისეთი დილა იყო, ჰაერი ჯერ კიდევ არ იძვროდა და ხმებიც ფრთხილად ედებოდა სოფელს. ანა ფანჯარასთან იდგა და ეზოს უყურებდა. თოვლი აღარ მოდიოდა, მაგრამ მიწა ისევ თეთრი იყო. ბუხარი ჯერ არ ენთო. სახლში სიგრილე იდგა, თუმცა ანას არ სციოდა. ამ დღეებში სიცივე სხეულზე ნაკლებად ეხებოდა - ყველაფერი შიგნით ჰქონდა გაყინული. დარიკო ადრე ადგა. სამზარეულოში წყალს აცხელებდა, ნინო ჭურჭელს ალაგებდა. მისი მოძრაობები ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ყოველთვის - გამიზნული, აუჩქარებელი. სახლში საჭმლის მომზადებას აზრი აღარ ჰქონდა, ან ყველა ცალ - ცალკე ჭამდა, ან არადა უბრალოდ სახლში არ იყვნენ. - დღეს ბაზარში წავალ, - თქვა მოკლედ დარიკომ, - რაც გვინდა, უნდა ვიყიდო. ანა თავს უქნევს. ეზოდან ხმები შემოესმა. კაცების საუბარი, ნაბიჯები, თოვლის ჭრიალი. ანამ ფარდა ოდნავ გადასწია და ზურაბი დაინახა, კიდევ ორი კაცი და ცოტა მოშორებით - გაგი. ლაპარაკობდნენ, მაგრამ არაფერი ესმოდა. გაგი უფრო მშვიდი ჩანდა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. როცა სახლში შემოვიდა, ანა ისევ ფანჯარასთან იდგა. - დღეს ხალხი ბევრი იქნება სოფელში,- თქვა მან, ქურთუკის გახდისას,- ორმოცს ყველა ელოდება. - ვიცი,- უპასუხა ანამ. მათ შორის სიჩუმე ჩამოწვა. ისეთი სიჩუმე, რომელიც აღარ იყო უხერხული. უბრალოდ არსებობდა. - კვირას ადრე გავალთ,- დაამატა გაგიმ,- გზას დრო უნდა. ანა პირველად მიბრუნდა და პირდაპირ შეხედა. არ ელოდა გაგი ამას პირდაპირ თუ ეტყოდა, თავად უნდოდა მარტო წასვლა. - ერთად? გაგიმ თავი დაუქნია. - ერთად. ანამ იგრძნო, როგორ ჩასწყდა რაღაც მკერდში - არა სიმშვიდისგან, უფრო იმისგან რომ ყოველ დღე ელოდება გაგი რაღაც ისეთს იზამს, რაც გულს ატკენდა, რაც გაახსენებდა რომ "მკვლელის" ნათესავია და აქ სისხლის სანაცვლოდ არის, მაგრამ არა. გაგი თითქოს ივიწყებს ამ ამბავს, უბრალოდ ისე უყურებს, როგორც ნაცნობს, როგორც მეგობარს, როგორც ცოლს. დღე ნელა მიიწურა. დიდი აურზაური იყო გარშემო, ეს დღე სვანების იყო, ამიტომაც ანა ცდილობდა დიდად თვალში არ მოხვედროდა. რაც არ უნდა ემტკიცებინა, ის მაინც მკვლელობის გამოსასყიდი იყო იქ, ამიტომაც მისი დანახვა დიდად არავის ესიამოვნებოდა. სვანეთში ორმოცი უბრალო დღე არ არის. ეს ის დროა, როცა გარდაცვლილის სული ჯერ კიდევ ახლოსაა - სახლსა და ეზოს შორის, კედლებსა და კართან ჩამოკიდებულ სიჩუმეში. მაგიდები სავსე იყო პურით, ხორცით, ღვინით - მაგრამ ეს სიუხვე სიხარულისთვის არ იყო. თითოეულ სადღეგრძელოში ტკივილი ისმოდა, თითოეულ სიტყვაში - მოგონება. კაცები დაბალ ხმაზე ლაპარაკობდნენ, ზოგჯერ ერთბაშად ჩუმდებოდნენ, თითქოს რაღაცას უსმენდნენ, რაც სხვებს არ ესმოდათ. ქალები ჩუმად მოძრაობდნენ, თეფშებს ალაგებდნენ, ღვინოს ასხამდნენ, და მათი ნაბიჯებიც კი ფრთხილი იყო - თითქოს ხმაურს ერიდებოდნენ. ანა შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს. გრძნობდა, როგორ ეწეოდა ეს სიჩუმე შიგნით - მძიმე, დამთრგუნველი, ისეთი, რომელიც ადამიანს არ უშვებს. და ამ სიჩუმეში ყველაზე მძაფრად იგრძნობოდა ერთი რამ - აქ ჯერ არაფერი იყო დამთავრებული. საღამოს ეზოში გავიდა, ცხენს მიუახლოვდა. ნაზად გადაუსვა ხელი კისერზე. ცხენმა თავი შეარხია, თითქოს გრძნობდა მის მდგომარეობას. ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ანა ცოტა ხნით მაინც არ ფიქრობდა. სოფელში ხმები მატულობდა. ხალხი მოდიოდა და მიდიოდა. ზოგი უყურებდა პირდაპირ, ზოგი - გვერდულად. ანამ ეს მზერები უკვე იცოდა. ისინი აღარ აყენებდნენ ტკივილს, უბრალოდ ახსენებდნენ, რომ აქ ყველაფერი სხვას ეკუთვნოდა და თვითონაც იმ დანაშაულის საზღაურად იყო ის, რაც არ ჩაუდენია. ალეკოს საფლავზეც იყო გასული შორიდან, გულში ათასი ბოდიში მოიხადა, თუმცა დამძმებულ სხეულს მაინც ვერ უშველა. როცა ბნელი ისევ ჩამოწვა, ანა ბუხართან ჩამოჯდა. ცეცხლს უყურებდა და პირველად ამ დღეების განმავლობაში თავი ისე იგრძნო, თითქოს რაღაცის მოლოდინში იყო. უხაროდა უკან დაბრუნება, თუმცა რა სტატუსით ეს უკვე ცალკე სადარდებელი იყო, ან სოფელში როგორ შეხედავდნენ მას, ეს საერთოდ უკანა პლანზე ჰქონდა გადაწეული, თუმცა ყველაფერი აფიქრებდა, იმიტომ რომ იქ დედა მარტო ჰყავდა დატოვებული და ვინ იცის ქალის გული რამდენ ტკივილს ატარებდა თან. ღამე უჩვეულოდ მშვიდი იყო. ქარი არ ქროდა, ფანჯრები არ ჭრიალებდა. თითქოს მთელ სოფელს ეძინა, ან უბრალოდ სუნთქვას აკონტროლებდა. ანას დიდხანს არ დასძინებია. ბუხრის ცეცხლი უკვე ქრებოდა ნელ - ნელა. იმ სუსტ ალში რაღაც ნაცნობს ხედავდა - არა მოგონებას, არამედ დაუსრულებელ ფიქრს. დარიკო ადრე დაწვა. თქვა, დილა მძიმე იქნებაო და ძალა მჭირდებაო. ანა მარტო დარჩა ოთახში, პლედში გახვეული, ფეხები მუხლებზე შემოეწყო. სიჩუმე აქ უკვე აღარ იყო ცარიელი - სავსე იყო ტკივილით, სევდით, მონატრებით. გაგი გვიან შემოვიდა. კარი ფრთხილად მიხურა, თითქოს ეშინოდა ხმამაღლა შემოსვლის. ანამ მაშინვე იგრძნო მისი ყოფნა, მაგრამ არ მოუხედავს. - არ გძინავს? - იკითხა ჩუმად. - არა,- უპასუხა ანამ,- ვერ დავიძინე. გაგი ბუხართან ჩამოჯდა, ცოტა მოშორებით. ცეცხლს შეხედა, მერე ხელები ერთმანეთს გადაუსვა, თითქოს სიცივისგან, თუმცა ოთახი ცივი არ იყო. - იქ ბევრი ხალხი იქნება, - თქვა ბოლოს, - შეიძლება რაღაცეები თქვან, გაგრძნობინონ, ცუდად შემოგხედონ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციო. - ვიცი, - ისევ მშვიდად უპასუხა ანამ, - იცი რა მაინტერესებს... დააპაუზა ანამ, გაგის მზერა რომ იგრძნო წამით დაიბნა, ბიჭი ისე ინტერესით უყურებდა. - ასე კარგად რატომ მექცევი?- გაგი ოდნავ დაიბნა,- მე ხომ აქ სისხლის სანაცვლოდ ვარ, მკვლელის ნათესავი, ასე კარგად რატომ მექცევი? - როგორ გინდა რომ მოგექცე?- დაბნეული ჰპასხუობს გაგი. - არ ვიცი, მაგრამ ასე კარგად არა,- გაგის ოდნავ ეღიმება. მერე რამდენიმე წამი გაჩუმდა, თითქოს გადაწყვიტა, რაღაც ეთქვა და არ იცოდა, როგორ. - რაც არ უნდა მოხდეს, - თქვა ბოლოს ნელა, - შენ გვერდით ვიქნები. ანამ პირველად შეხედა. არ ეღიმებოდა. არც თვალები აუწყლიანდა. უბრალოდ უყურებდა და ცდილობდა გაეგო, რას ნიშნავდა ეს სიტყვები სინამდვილეში. - გვერდით დგომა რთულია, - თქვა ბოლოს, - მარტო ყოფნაზე რთული. - ვიცი, - უპასუხა გაგიმ, - მაგრამ მაინც. მეტი აღარ უთქვამთ. არც იყო საჭირო. ზოგჯერ სიტყვები მხოლოდ აფუჭებს ყველაფერს. ცოტა ხანში გაგი ადგა. - დაიძინე, - უთხრა, - დილას ადრე უნდა ადგე. ანამ თავი დაუქნია. როცა მარტო დარჩა, ცეცხლიც საბოლოოდ ჩაქრა. ოთახი ჩაბნელდა, მაგრამ სიბნელეს არ შეუშინებია. თვალები დახუჭა და პირველად ამ დღეების განმავლობაში ძილმა ისე მოიცვა რომ სიზმარი არ უნახავს. კვირა დილა მძიმედ დაიწყო. დარიკო სამზარეულოში უკვე ფეხზე იყო. სახეზე არაფერი ეტყობოდა, მაგრამ თვალებში იმ ქალის სიმტკიცე ედგა, რომელმაც იცოდა, რომ ეს დღე უბრალოდ დღე არ იყო. - ჩაი დალიე, - უთხრა ანას, - გზაში არ შეგცივდეს. ანა ჩუმად დაჯდა მაგიდასთან. ხელები ფინჯანს შემოაჭდო, სითბო იგრძნო. გარეთ ეზოში ხალხის ხმები ისმოდა - ვიღაც მოდიოდა, ვიღაც მიდიოდა. ჩვეულებრივი სოფლის დილა იყო, მაგრამ ყველა ხვდებოდა რომ ჩვეულებრივი არაფერი იყო. გაგი შემოვიდა, უკვე ჩაცმული. ანას შეხედა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. - მზად ხარ? - ჰკითხა. ანა წამოდგა. - ჰო. ეს "ჰო" მოკლე იყო, მაგრამ მტკიცე. გარეთ გასვლისას ჰაერი სახეში შეეგება. ცივი იყო, მაგრამ სუფთა. ანამ ეზოს მოავლო თვალი - სახლს, ღობეს, იმ გზას, რომლითაც მალე უნდა წასულიყვნენ. პირველად არ იგრძნო რომ გარბოდა. მშვიდად იყო, მაგრამ ვაი რომ არ იცოდა რამდენ ხანს გასტანდა ეს სიმშვიდე. გაგი მის გვერდით იდგა და ამ დგომაში უკვე იგრძნობოდა რომ წინ მოლოდინზე მძიმე დღეები ელოდათ. სახლამდე მისვლა ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. გზა გაიწელა, თითქოს არადა არ დასრულდა, გზაში თითქმის არ უსაუბრიათ, გაგის რამდენჯერმე დაურეკეს და ეგ იყო. სოფელი ახლა უფრო სხვანაირი ეჩვენა, ანამ ეზოსთან მიახლოებისთანავე იგრძნო, როგორ შეიცვალა ჰაერი. საუბრები არ შეწყვეტილა ერთდროულად, მაგრამ თითქოს თითო სიტყვა თავის დროზე ჩაწყდა. ხმები დაიშალა, დარჩა მხოლოდ მზერა. სოფელი უყურებდა. ზოგი პირდაპირ, დაუფარავად. ზოგი გვერდულად, თითქოს არაფერს ამჩნევდა, მაგრამ თვალს მაინც ვერ აშორებდა. ეს იყო ის მზერა, რომელიც არ გკითხავს, როგორ ხარ - უბრალოდ შეგახსენებს, რომ შენს ტკივილს უკვე ისტორია აქვს. ანა წინ მიდიოდა. მხრები გამართული ჰქონდა, ნაბიჯი - მტკიცე. ასე დადიოდა ბავშვობაშიც, როცა ეზოში გამოდიოდა და ყველა იცნობდა. ახლა კი თითქოს იგივე ადგილი იყო, მაგრამ თავად იყო სხვა. გაგი ერთი ნაბიჯით უკან მიჰყვებოდა. არ ცდილობდა გვერდში ამოდგომას ყველას თვალწინ. იცოდა - აქ ყველაფერს თავისი დრო და ფორმა ჰქონდა. მაგრამ თვალს არ აშორებდა ანას ზურგს, მის მოძრაობას, მის სუნთქვას. ჭიშკართან ანა წამით შეჩერდა. ხელი რკინის ცივ სახელურს დაადო. ეს შეხება ისეთი ნაცნობი იყო, რომ გულში რაღაც მოეჭიმა, მაგრამ სახეზე არაფერი დასტყობია. ღრმად ჩაისუნთქა, კარი გააღო და თითქოს ისევ ბავშვობაში შეაბიჯა. თუმცა საერთოდ არ ჰგავდა აქაურობა იმ ადგილს, როგორიც ბავშვობაში იყო. არც მამა დახვედრია ჭიშკართან და არც დედა უღიმოდა კარებთან. პირიქით, ყველას მზერა მასზე იყო, ყველას ჩურჩული ესმოდა და უკვე ეგონა რომ გიჟდებოდა. - ღმერთმა მშვიდობით მოგიყვანოს, შვილო, - გაისმა ვიღაცის ხმა ღობესთან. ანამ თავი ოდნავ დაუქნია. პასუხი არ გაუცია. სიტყვები ზედმეტი იყო. სახლში შესვლისთანავე სუნი დაეცა - ძველი ავეჯის, ხის იატაკის, იმ სახლის სუნი, სადაც მამა ცხოვრობდა. ანამ მზერა გააყოლა კედლებს, კარებს, თითქოს თითოეულში რაღაცის ამოცნობას ცდილობდა. გულში ისევ მჭიდროდ ჩაჯდა ის შეგრძნება რომ დაბრუნება ყოველთვის ყველაზე ძნელი ნაწილია. გაგი ჩუმად დადგა გვერდით. ქურთუკი გამოართვა, სკამზე ჩამოკიდა. კარი მიხურა რომ გარედან ხმები აღარ შემოსულიყო. ეს პატარა მოძრაობები არავის შეუმჩნევია, მაგრამ ანამ იგრძნო და ცოტათი დამშვიდდა. ოთახში რომ შევიდნენ, ანა შუაში გაჩერდა. თითქოს არ იცოდა, სად უნდა დამჯდარიყო. მისი იყო სახლი, მაგრამ ახლა არჩევანის გაკეთება უჭირდა. გაგი წინ წავიდა, სკამი გამოსწია, ფანჯარასთან ახლოს - სადაც მეტი ჰაერი იყო. - აქ დაჯექი, - ჩუმად თქვა. ანა დაჯდა. ხელები მუხლებზე დაიდო. არ აძლევდა საკუთარ თავს წაქცევის უფლებას. გაგი გვერდით დადგა. არ დამჯდარა. თითქოს მზად იყო ნებისმიერ წამს რამე გაეკეთებინა. გარედან ისევ ისმოდა ხალხის ხმა, მაგრამ უკვე უფრო შორიდან. თითქოს ეს სახლი დროებით გამოეყო სოფელს. გაგი ისევ იქ იდგა. მზერა ანას არ აშორებდა, მაგრამ არც აკვირდებოდა ზედმეტად. უბრალოდ იყო. როცა დაინახა, რომ ანას მხრები ოდნავ დაეძაბა, ხელი ნელა, თითქმის შეუმჩნევლად დაადო მის ზურგს - არა დასამშვიდებლად, არამედ დასაყრდენად. ანას არ შეუხედავს. არც მიყრდნობია. უბრალოდ იცოდა რომ იქ იყო ვიღაც, ვინც მარტო არ დატოვებდა. და ეს ცოდნა საკმარისი აღმოჩნდა რომ ჯერ კიდევ გაეძლო. დედას ელოდებოდა, თუმცა მაკა მხოლოდ ცოტახნის შემდეგ გამოჩნდა ოთახი, საერთოდ არ ელოდა თუ ანა იქ დახვდებოდა. სანამ მიუახლოვდა სახიდან გაკვირვება არ მოსცილებია. ანა წამით გაშეშდა. ფეხზე წამოდგა, მაგრამ ნაბიჯები ძლივს გადადგა. მაკა ოთახში შემოვიდა და გაჩერდა. არც ჩახუტება უცდია, არც სიტყვა უთქვამს. უბრალოდ იდგა და უყურებდა. გაგიმ მაშინვე იგრძნო რომ ეს სივრცე მას აღარ ეკუთვნოდა. ანას შეხედა, მერე მაკას, მერე უხმოდ გადადგა ნაბიჯი უკან. - მე ეზოში ვიქნები, - თქვა მოკლედ. ანამ თავი ოდნავ დაუქნია. მადლობა არ უთქვამს, მაგრამ თვალებში რაღაც შეეცვალა - თითქოს იცოდა რომ ალხა ყველაზე კარგი მათი მარტო დატოვება იყო. კარი დაიხურა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ეს უკვე სხვა სიჩუმე იყო. არა სოფლის, არა უცხოების - არამედ საკუთარი. მაკამ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. - როგორ გაიზარდე, - თქვა ბოლოს. ხმა ოდნავ აუკანკალდა,- ასე ცოტა დროშ სულ სხვანაირი გახდი. ანა პასუხს ვერ პოულობდა. უყურებდა დედის ხელებს - უფრო გამხდარი ჩანდა, ვენები უფრო მკვეთრად ჩანდა კანზე. უცებ მიხვდა რომ ამ ქალმაც მარტო გაატარა ეს დრო. მაკას თითები ოდნავ შეირხა, თითქოს უნდოდა შეხებოდა, მაგრამ ვერ გაბედა. ჰაერში გაჩერებული ეს მოძრაობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ანამ ყელი მოიჭირა - იმდენი უთქმელი რამე იყო მათ შორის რომ ვერ ხვდებოდა, საიდან დაეწყო. ოთახში ძველი სუნი იდგა - ნაცნობი, ბავშვობიდან შემორჩენილი. კედლებიც კი თითქოს იმავე ამბებს ინახავდა, რაც მათ. ანა ისევ ჩუმად იდგა. მხოლოდ თვალები შეეცვალა - დაღლილი, მაგრამ რბილი. იმ წამს ორივე მიხვდა რომ დიდი დრო გასულიყო, მაგრამ რაც მათ შორის იყო, არსად წასულა. - შენც... - თქვა ბოლოს ანამ და გაჩერდა. დედა მიუახლოვდა. სკამი გამოსწია და დაჯდა ანას წინ. არც ძალიან ახლოს, არც შორს. - დაჯექი კარგად, - უთხრა მშვიდად, - გზამ დაგღალა. ანა დაჯდა, მაგრამ სწორედ ამ მოძრაობაში იგრძნო, როგორ დაუცდა სხეულს ძალა. თითქოს აქამდე ფეხზე რაღაც ეჭირა და ახლა ნელა გაუშვა. - როგორ ხარ? - ჰკითხა დედამ. ეს კითხვა იყო ის ბოლო წვეთი, რომელმაც ანას შიგნით რაღაც ჩაოანგრია. თვალები აუწყლიანდა, მაგრამ ცრემლი არ გადმოვარდნია. რამდენიმე წამი ჩუმად იჯდა, მერე თავი დახარა. - არ ვიცი, - თქვა ბოლოს, - მართლა არ ვიცი. დედამ ხელი გაუწოდა, მაგრამ არ შეხებია. თითქოს ელოდა, ანა თვითონ თუ გადადგამდა ნაბიჯს. - მამა... - დაიწყო ანამ და ხმა გაუწყდა. დედამ თვალები დახუჭა. წამით. მერე ისევ გაახილა. - ვიცი, - თქვა ჩუმად, - ვიცი. აი აქ რაღაც დაიძრა. ანამ თავი ხელებში ჩარგო. სუნთქვა აუჩქარდა, მხრები აუკანკალდა. ჯერ ისევ ცდილობდა გაკონტროლებას, მაგრამ ძალა აღარ ჰყოფნიდა. ცრემლები ნელა ჩამოუვიდა, თითქოს დიდი ხანი ელოდნენ ამ წუთს. - იქ რომ ვიდექი... - ამოთქვა ბოლოს, - ყველა მიყურებდა... და მე ვეღარ ვხვდებოდი, ვის სახლში ვიყავი. დედა წამოდგა. ამჯერად აღარ დაიცადა. ანას გვერდით ჩამოჯდა და ხელი მხარზე დაადო - ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში აკეთებდა, როცა ღამით ეშინოდა. - სახლში ხარ, - თქვა მტკიცედ, - სადაც არ უნდა ყოფილიყავი, აქ ყოველთვის სახლში იქნები. ამ სიტყვებმა ანა საბოლოოდ გატეხა. დედა უფრო მჭიდროდ მოეხვია. არაფერი უთქვამს. იცოდა რომ სიტყვები ახლა ზედმეტი იყო. რამდენიმე წუთი ასე ისხდნენ. როცა ანამ ოდნავ ამოისუნთქა, ჩუმად თქვა. - არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა. დედამ თმაზე ხელი გადაუსვა. - ახლა ეს არ არის მთავარი, - უთხრა, - მთავარი ის არის რომ ცოცხალი ხარ და კარგად ხარ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ანამ თვალები დახუჭა. პირველად იგრძნო რომ ტკივილი მარტო მისი აღარ იყო. გარეთ ეზოში გაგი იდგა. არ იყურებოდა ფანჯრისკენ. უბრალოდ ელოდა. და პირველად ამ ყველაფერში, ლოდინს მნიშვნელობა ჰქონდა. მაკამ ანას თმაზე კიდევ ერთხელ გადაუსვა ხელი, მერე ოდნავ მოშორდა, თითქოს აძლევდა უფლებას თვითონ გასულიყო. - ცოტახნით ჰაერზე გადი, - უთხრა ჩუმად. ანამ თავს დაუქნია. ფეხზე წამოდგომისას წამით ეირხა, მაგრამ თავი შეიკავა. კარი ნელა გააღო და ეზოში გავიდა. ჰაერი ცივი დახვდა, სველი მიწის სუნით გაჟღენთილი. ეზო ნახევრად სავსე იყო ხალხით - ზოგი საუბრობდა, ზოგი ჩუმად იდგა. ანამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სწორედ მაშინ იგრძნო, როგორ მოაწვა სიმძიმე მკერდზე, თითქოს სუნთქვას ვინმე უხილავი ხელით უმოკლებდა. გაგი კიბესთან იდგა. როგორც კი ანა დაინახა, მაშინვე მიუახლოვდა. არაფერი უკითხავს. - აქ ცივა, შიგნით არ სჯობს? - თქვა ბოლოს. ანამ ოდნავ გააქნია თავი. - არა... ცოტა ხნით აქ ვიქნები. გაგიმ თავი დაუქნია. ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს დადგა. - თუ დაგჭირდები... ანამ შეხედა. სიტყვები აღარ იყო საჭირო. უბრალოდ თავი დაუქნია, მაგრამ სწორედ ამ მოძრაობაში იგრძნო რომ რაღაც შიგნით საბოლოოდ ჩამოიშალა. ხმები ერთმანეთს შეერია. ეჩვენებოდა რომ ახლა მთელი სოფელი მას უყურებდა, ყველა მასზე საუბრობდა, ის ჩურჩული, რომელიც არსაიდან ისმოდა გონებას ურევდა, ანადგურებდა და შიგნიდან კლავდა. თუმცა ვერ ხვდებოდა საიდან მოდიოდა, თითქოს მხარზე ჩამომჯდარი ეშმაკი თავად განაგებდა ყველაფერს და გოგოს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. - გაგი... - ამოთქვა ძლივს. ერთი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა. გაგიმ უბრალოდ მხრებზე მოხვია ხელი და მკერდზე მიიკრა. ანა რაღაცას ბუტბუტებდა, თუმცა ვერ ხვდებოდა ხერგიანი რას გულისხმობდა. - მე აქ ვარ, - უთხრა ჩუმად, თითქმის ყურში. ანა ვეღარ იდგა. თავი ოდნავ დაეყრდნო მის მხარს. არ ტიროდა - უბრალოდ ცუდად იყო, ძალიან ცუდად. გაგიმ ხელი უფრო მჭიდროდ შემოხვია, მეორე ხელი ზურგზე დაადო და ისე დააყენა რომ ხალხის მზერა ცოტათი ჩამოშორებოდა. - დამეყრდენი, - უთხრა მშვიდად, მაღლა აზიდა გოგო, იგრძნო მისი სუნთქვა კანზე და დაიძაბა, მეორე ხელით ანა კისერზე მოეჭიდა. გაგის ახლა უფრო უჭირდა მოძრაობდა, სუნთქვა დაუმძიმდა, გოგოს წელზე შემოჰხვია ხელი,- მოეშვი, ნუ ხარ დაძაბული, ასე უკეთ ისუნთქებ. ანამ თვალები დახუჭა. პირველად ამ დღის განმავლობაში აღარ უცდია თავის შეკავებას. მთელი სიმძიმე ერთიანად ჩამოაწვა - დედის ხმა, მამის სახლი, სოფლის მზერა, ყველა უთქმელი სიტყვა. სხეული დაუმძიმდა, გაგიმ წამებში აიტაცა ხელში და უკანა ეზოდან შეიყვანა სახლში. გრძნობდა მის დამძიმებულ, ტკივილით სავსე სხეულს. და ამ ყველაფერში მხოლოდ ერთი რამ იგრძნობოდა ნათლად - რომ ახლა, ამ წამს, მარტო აღარ იყო. * * * ანასთვის ის უფრო მძიმე იყო რომ ახლა მამის საფლავზე იდგა თუ ის რომ აქ, სოფელში იმ ადამიანთან ერთად ჩამოვიდა ვინც ყველას სძულს ვერ ხვდება. წესით თავადაც უნდა სძულდეს, თუმცა გაგი უბრალოდ ჩუმად დგას და უსიტყვოდ ასრულებს თავის მოვალეობას. ანას უბრალოდ სიტყვის თქმაც კი არ სჭირდება. - წვიმს,- ხმადაბლა ესმის მისი ხმა. უკნიდან აფარებს თავისივე მოსაცმელს და თავშალს უსწორებს,- დიდხანს ნუ დავრჩებით, გაცივდები. და ანას კიდევ აბრაზებს მისი ეს მზრუნველობა. თვალის კუთხიდან ცრემლი სდის, ხედავს ნელ - ნელა ხალხი როგორ იფანტება. თუმცა ის, დედამისი და გაგი მაინც ყველაზე ბოლოს მიდიან. თითქმის სამ საათს ატარებენ სასაფლაოზე, მაკა სანთელს ანთებს, ალაგებს მიტანილ საჭმელს. ღვინოს და ჭიქებსაც იქვე დებს, რაღაცას ბურტყუნებს ლევანის სურათთან ჩამუხლული, შემდეგ ფეხზე დგება. ანას მხარზე ხელს ადებს, სახლში მალე მოდიო ეუბნება და გზას ნელა მიუყვება. გაგი იქვე ახლოს დგას, თავის დახრით აცილებს მაკას და შემდეგ ცოლს უმზერს შორიდან. ანა ნელა უახლოვდება სასაფლაოს, მუხლებზე დგება ქვასთან, სურათს ხელს უსვამს და ხმადაბლა ლაპარაკობს, თუმცა გაგის არ ესმის მისი სიტყვები. ათი წუთის შემდეგ რომ ანა საეჭვოდ იხრება, ნელა უახლოვდება, მხრებზე ეჭიდება და ფეხზე აყენებს. ხვდება რომ რთულია მისთვის, თანაც ძალიან, და უკვე დღეს მეორედ - ჰგონია რომ ხელებში ჩააკვდება ნერვიულობისგან. - წავიდეთ,- ხმადაბლა ეუბნება, ანა უარის ნიშნად თავს აქნევს,- ძალით წაგიყვან იცოდე და მამაშენსაც ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ცუდად ხარ უკვე. - ცოტახანიც... - ანა, გთხოვ,- ხმა ეცვლება გაგის, მკლავებზე უკეთ ეჭიდება და ხელში იყვანს,- ასეთი ჯიუტი შვილი რომ არ გაგეზარდათ ახლა ბევრად მარტივი იქნებოდა ცხოვრება. ოხრავს გაგი და ძლივს აკავებს მის მკლავებში აფართხალებულს. თუმცა ხელს არ უშვებს, ეზოდან გადის და სახლის გზას მიუყვება. - დამსვი, მძიმე ვარ,- ბუზღუნებს ანა და ზურგზე ხელს ურტყამს,- დამსვითქო, სირცხვილია, ხალხია. გაგი ჩერდება, მიწაზე სვამს, თუმცა მარტო მაინც არ ტოვებს. ხელს უცურებს მაჯაზე, თითებს ერთმანეთშ ხლართავს და ისე მიჰყავს. ანა მთელი დღეა დამუნჯებულია მისი ქმედებების გამო და ვეღარ გაუგია საერთოდ კომენტარი გააკეთოს თუ არა. - შენი ოთახი რომელია. - მეორე, შუაში,- ბუზღუნებს ანა. გაგი პირდაპირ ოთახში შედის, საწოლზე სვამს და კარადაში იწყებს ქექიალს. - მგონი კარგი იქნება შენს ტანსაცმელებს თუ წავიღებთ. ახლა ესენი ჩაიცვი, სულ სველი ხარ,- აწვდის ტანსაცმელებს და იქვე დაკეცილ პირსახოცებიდან ერთს იღებს,- პატარა ბავშვივით იქცევი. - თავი დამანებე, არ მინდა შენთან ლაპარაკი. - მადლობას ასე მიხდი?- წარბებს კრავს გაგი. - რისთვის გადაგიხადო მადლობა,- სიბრაზე აწვება ანასაც, ხვდება რომ ახლა ნერვების კონტროლი ძალიან უჭირს. - კარგი, დამშვიდდი. გამოიცვალე და დაბლა ჩამოდი,- კარებს უხურავს და ოთახში მარტო ტოვებს, ანა ცოტახნით ისევ გაბრაზებული დგას, შემდეგ აბაზანაში შედის. გაგი კიბეებს ნელა მიუყვება, მისაღებში ჩერდებ,ა რადგან ფანჯარასთან მდგარ მაკას ხედავს. - ასე უვლი ჩემს შვილს?- ქალის ხმა იმდენად მძიმეა რომ გაგი წამით იბნევა და ვერც იაზრებს მის ნათქვამს,- ცუდადაა, თანაც ძალიან. - ვიცი, ვხედავ და ვცდილობ დახმარებას უბრალდ არ ვიცი რა გავაკეთო,- კეფას იქექავს გაგი,- მეც ისევე მსხვერპლი ვარ ამ ყველაფრის როგორც ანა, უბრალოდ მართლა არ ვიცი როგორ დავეხმარო, მას თითქმის არ ვიცნობ და არც მაძლევს გაცნობის საშუალებას. - ხო, ის ასეთია. არ დაგიჯდება და ლაპარაკს არ დაგიწყებს, არც არაფერს გეტყვის და არც არაფერს განიშნებს,- ეღიმება ოდნავ მაკას,- ის ჩემი შვილია, მე გავზარდე და ძალიან კარგად ვიცნობ, თუმცა ახლა შენი ჯერია რომ ის გაიცნო. რადგან შენთან დარჩა, პასუხისმგებლობაც შენ უნდა აიღო ყველაფერზე. არ ვიცი რას იზამ და როგორ, ან ანას როგორ მოუბრუნდება გული ამ ყველაფერზე თუმცა მიხედე მას, ქმრის სიკვდილს ვუყურე და შვილის სიკვდილსაც ნუ მაყურებინებ. გაგი არაფერს ეუბნება, ხედავს როგორ ლანდივით გადის ქალი მისაღებიდან, კიბეს აჰყურებს ქვემოდან და ვერც იაზრებს ისე მიუყვება ისევ ანას ოთახისკენ. კარზე აკაკუნებს, თუმცა პასუხს არავინ სცემს, ოდნავ იჭყიტება და ცარიელს რომ ხედავს შიგნით შედის, საწოლზე ჯდება. ანაც მაშინვე გამოდის აბაზანიდან თმების მშრალებით. - შემეშინდა,- ამბობს დაზაფრული,- მეგონა წახვედი. - დაბლა ვიყავი, დედაშენს ველაპარაკებოდი. - ისევ ლექციების კითხვა დაგიწყო, ხო? ნუ მოუსმენ, სულ ეგრე იცის ხოლმე. - სულაც არა, რაღაცაზე ვისაუბრეთ,- ხელით ანიშნებს მოდიო და ანაც უახლოვდება,- რაღაცები მითხრა შენზე. - რა ილაპარაკა?- პირსახოცს ართმევს და თმის გამშრალებას იწყებს, ანა იმდენადაა ჩართული მასთან საუბარში რომ ვერც იაზრებს გაგის მოქმედებებს. - მითხრა რომ თურმე ძალიან ჯიუტი ყოფილხარ ბავშობაშიც. - კიდევ? - საიდუმლოა. - დამცინი? - არა, მაგრამ საიდუმლოა,- მხრებს იჩეჩს გაგი,- ამას სანამ ბოლომდე არ გაიშრობ - გარეთ არ გახვალ. - ნუ დაიწყე დედაჩემივით,- ატრიალებს თვალებს ანა,- გავიშრობ. ეთანხმება ბოლოს და უჯრიდან თმის საშრობს იღებს. - მშია, თანაც ძალიან რომ გაიშრობ მერე რამე ვჭამოთ. - ნუ მომეწებე ტკიპასავით, წადი და რაც გინდა ის ჭამე,- მტკიცედ აცხადებს ანა. - აქ არავის ვიცნობ სხვას, ამიტომ არ მოგშორდები. თანაც შენ ჩემი ცოლი ხარ,- წარბებს ათამაშებს გაგი,- ხომ იცი ქალებმა როგორ იციან ხოლმე, დაიწყებენ მერე ჭორაობას... - არ მაინტერესებს,- ატრიალებს თვალებს გაბრაზებული,- და საერთოდ როდიდან დაიწყე ჩემთან საუბარი? შემეშვი, ნერვების მოშლის მეტს არაფერს აკეთებ. - სულაც არა, უბრალოდ ვცდილობ სხვანაირად შევხედო ყველაფერს. - არ არის საჭირო,- ტრიალდება მისკენ,- ეს ტკბილი საუბრები ვერაფერს შეცვლის და არც წარსულს დაგვავიწყებს რომელიმეს. - ნუ ხარ ჩაციკლული რაღაცებზე. - ჩაციკლული მე კი არა, შენ ხარ. ზუსტად მაგიტომაც ვართ ახლა მე და შენ ცოლ - ქმარი,- ბრაზდება ანა. - როგორი აგრესიული ხარ. - რამე მოგაწევინეს? - არა, უბრალოდ. - დამღალე,- ოხრავს და სარკისკენ ბრუნდება. თმის გამშრალებას რომ ასრულებს უსიტყვოდ გადის ოთახიდან. ეზოში შეკრებილ ხალხს ესალმება და გაგის საერთოდ ივიწყებს. - ნერვებს გაგლეჯს, ხო?- ესმის გაგის გვერდიდან ხმა, ბიჭს აშკარად არ იცნობს. - ვიცნობთ ერთმანეთს?- წარბებს კრავს ხერგიანი. - მე მეზობელი ვარ, ანას ბავშვობიდან ვიცნობ,- იღიმის უცნაურად და ხელს ართმევს,- მეგობრები ვიყავით, ლაშა. - გაგი,- ხელს ართმევს, თუმცა საერთოდ არ ესიამოვნა ეს ტიპი. - გავიგე რაც მოხდა და საერთოდ არ არის სასიამოვნო შენი გაცნობა,- ტუჩს აწვალებს ბიჭი,- ასეთ ნაბიჭვრულ საქციელს არ ველოდი. - რა ტონია? ან შენ საერთოდ რა შუაში ხარ ამ ამბავში? - გავბრაზდი და ახლაც ვბრაზობ, მხეცები ხართ, ხალხი კი არა. ვბრაზობ კიდეც ანას ამ ნაბიჯზე,- მხრებს იჩეჩს და სიგარეტს უკიდებს,- ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. - მგონი დაგავიწყდა რომ ანა ჩემი ცოლია,- მთლიანად მისკენ ბრუნდება,- რამე ხომ არ გეშლება? იცოდე ვის როგორ უნდა ელაპარაკო. - თქვენთვის ესწავლებინათ თავის დროზე ელემენტარული,- წარბებს უწევს ბიჭს. გაგის სიბრაზე უკვე ყელში უჭერს. ეს ბიჭი უკვე ძალიან აღიზიანებს და ის თუ როგორი თვალებით უმზერს ანას საერთოდ აგიჟებს, თანაც ამ ყველაფერს მისივე თვალწინ აკეთებს. - სცენების მოწყობას არ ვაპირებ, მაგრამ შემდეგში მთელი ვერ გახვალ აქედან,- სისინებს დაბალ ხმაზე. ჰაერს ღრმად ისუნთქავს და მალევე სცილდება. კარებთან მაკას ხედავს, სთხოვს რაღაც ყუთების გადალაგებაში დახმარებას და ისიც დიდი სიამოვნებით ეხმარება, რათა გაბრაზება ცოტა გადაუვიდეს. დღე ისე გაიწელა, აღარც დაღამდა. გაგი არ ჩერდებოდა - ერთ ხელში სკამი ეჭირა, მეორეში ყუთები. ხან მაგიდა გადაჰქონდა და უსიტყვოდ ასრულებდა ყველაფერს, მაკაც არ ზოგავდა, ამატებდა და ამატებდა საქმეს, თითქოს ამით ჯავრს იყრიდა მასზე. გაგი ყველას ელაპარაკებოდა მოკლედ, თავშეკავებით. თითქოს საქმეში იძირებოდა რომ ფიქრები ჩაეხშო. მაგრამ რაც უფრო ცდილობდა ყურადღება სხვაგან გადაეტანა, მით უფრო ამჩნევდა იმას, რაც დილიდან აწუხებდა. ლაშა სულ სადღაც ახლოს ტრიალებდა. ერთხელ ჭიშკართან დაინახა, მეორედ - სამზარეულოს მხარეს. ყველაზე მეტად კი ის აწუხებდა, როგორ უყურებდა ანას. არაფერს აკეთებდა აშკარად, არ ეკარებოდა, მაგრამ მზერით ისე ჭამდა, თითქოს მთელი ეზო და ხალხი მხოლოდ ფონი იყო და მისთვის მხოლოდ ანა არსებობდა. ჭკუიდან შლიდა უკვე ეს ბიჭი და რომ შესძლებოდა დაუფიქრებლადაც კი მოკლავდა. - ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა?- იკითხა თავისთვის,- იდიოტი. არ წყვეტდა ბობოქრობას გაგი. დრო და დრო თვალს აწვდენდა ანას. ერთ მომენტში დაინახა, ანა ეზოს კუთხეში გასულიყო. ლაშა მის წინ იდგა, ზედმეტად ახლოს. ანა თავდახრილი იდგა, უსმენდა. ბიჭი მშვიდად ელაპარაკებოდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. გაგი მაშინვე არ მისულა. მაკამ დაუძახა - გადმომაწოდეო - და გაგიმ ნივთებს ისე შეავლო ხელი, ლამის შემოეკუჭა. მერე კიდევ ერთხელ დაინახა. ანა რაღაცაზე უხერხულად უღიმოდა. საღამოსკენ ხალხი ცოტა გათხელდა. ჰაერი გაცივდა. ეზოში ხმაური შედარებით ჩაწყნარდა. გაგი ეზოს ბოლოს გავიდა. და მაშინაც დაინახა - ისევ ერთად იდგნენ, კაკლის ხის ქვეშ. ანას მკლავები გულზე ჰქონდა შემოხვეული, დაღლილი ჩანდა. ლაშა პირდაპირ მის წინ იდგა და რაღაცას ეუბნებოდა. ზედმეტად ახლოსაც კი. გაგი ნელა მიუახლოვდა. - ანა,- თქვა ისე რომ ორივეს გაეგონა. ანა შეხტა. ლაშამ კი მხოლოდ მშვიდად მოაბრუნა თავი. - გაგი...- ანა დაიბნა,- მოდი, ვსაუბრობთ, გაგაცნობ თან. - მაგას ვიცნობ უკვე,- თქვა გაგიმ, დაბალი ხმით,- რა ხდება? ლაშას ტუჩზე ირონიული ღიმილი გაეკრა. გაგის ხმაში გაღიზიანება ეპარებოდა. ანას ვერ გაეგო როდის მოესწროთ ერთმანეთის გაცნობა. - ვსაუბრობთ, ბავშვობას ვიხსენებთ. - დღეს?- წარბებს კრავს გაგი,- მთელი დღეა აქ ვარ, ხან რა მოხდა და ხან რისი გაკეთება მომიწია და მაინც ვხედავ რომ მთელი დღა ჩემს ცოლს უკან დაჰყვები. - გაგი, ნუ...- ანამ სცადა ჩარევა. - არა, ანა,- არ მოუშორებია მზერა ლაშასთვის,- მითხარი, რა გინდა. ლაშამ მხრები აიჩეჩა. - ერთად გავიზარდეთ და რა პრობლემა გაქვს რომ მეგობარს დაველაპარაკო?- ტუჩს აწკლაპუნებს ლაშა,- თავს მარტო გრძნობდა. გაგის დაეფიცება რომ ასეთი გამაღიზიანებელი ბიჭი ცხოვრებაში არ უნახავს და რომ უკვე მზადაა თავყბა გაუერთიანოს. - მარტო?- გაგიმ სიტყვა გაიმეორა,- სანამ მე მის გვერდით ვარ, ის მარტო არ იქნება. - სცენას ნუ აწყობთ,- ჩუმად თქვა ანამ. გაგის სიტყვა ყელში გაეჩხირა. - ვეხმარებოდი უბრალოდ, არაფერი ისეთი. სიჩუმე ჩამოვარდა. გაგიმ ნელა გადაყლაპა ნერწყვი. - ანას ახლოს აღარ გაეკარო. არც დღეს, არც ხვალ. მეზობელი თუ ვინცა ხარ - შენი ადგილი ამ დროს ჭიშკარს გარეთაა. სხვა დროს ცუდად დავასრულებთ. ანა შუაში ჩადგა. - გაჩერდით! ხალხია აქ. ახლა არა. ანა მკერდზე მიაწვა გასაჩერებლად. აჰყურებდა დაზაფრული, თვალებში დაღლილობა და რაღაც დამალული ტკივილი იდგა. ლაშამ ნელა ამოისუნთქა. - მე წავედი,- გვერდი აუარა ორივეს და ეზოდან გავიდა. გაგი კი ანას წინ დარჩა, ხელები დაჭიმული, თვალები სიბრაზით და ეჭვით სავსე. - ახლა მეტყვი,- ჩუმად თქვა,- რა იყო ეს? ანა თვალს არ უსწორებდა. ღრმად ჩაისუნთქა და გაგიმ პირველად იგრძნო რომ ეს უკვე მხოლოდ ეჭვიანობა აღარ იყო. რაღაც ბევრად უფრო მძიმე იდგა მათ შორის. გაგი ანას წინ იდგა, თვალებში ჯერ კიდევ ბრაზი ედგა, მაგრამ შიგნით უკვე სხვა რაღაც იძვროდა - შიში, რომელიც არ უნდოდა ეღიარებინა. ანა რამდენიმე წამი უყურებდა ისე, თითქოს ფიქრობდა, საერთოდ უნდა ეთქვა თუ არა. - არაფერი მომხდარა, მაკამ დამინახა და დაიწყო ცუდად ხარ და ფერი არ გადევსო სახეზე. ხოდა ამან უბრალოდ წყალი მომაწოდა. - მეტი არაფერი?- გაგის ხმა უცებ შეიცვალა,- და მე რატომ არ მითხარი? - იმიტომ რომ არ მინდოდა,- ცივად უპასუხა ანამ,- საქმე გქონდა და არ იყო არაფერი საშიში, არ მინდოდა შენი შეწუხება. თან ცუდად არ ვარ, უბრალოდ მშიოდა. ნუ იცით გაბუქება ყველაფრის. გაგის ყბა დაეჭიმა. - ანა, შენ ჩემი ცოლი ხარ, უნდა შემაწუხო,- ოხრავს გაგი,- ფრჩხილიც რომ გეტკინოს უნდა მითხრა, არ მინდა ვიღაც ვიღაცებისგან ვიგებდე რომ ცუდად ხარ. და აუცილებლად მიხვალ ექიმთან, არ არის ეს ნორმალური უკვე, მერამდენე დღეა ასე ხარ. ანას მწარედ გაეცინა. - კიდევ რომ გიკვირს,- ამოიბუტბუტა ხმადაბლა,- შენი ცოლი ვარ, კი. იმიტომ რომ სხვა გზა არ დამიტოვე. ეგ არ დაგავიწყდეს. ეს სიტყვები პირდაპირ გულზე მოხვდა. მაგრამ გაგის უკან არ დაუხევია. - რაც იყო, იყო,- მოკლედ მოუჭრა,- ახლა იმაზე ვლაპარაკობ რომ ცუდად გახდი და მე არაფერი ვიცოდი. - არ გავმხდარვარ ცუდად, რამდენჯერ გითხრა, კარგად ვარ,- ანას სახე გაფითრებული ჰქონდა, მაგრამ მაინც ჯიუტად იდგა. გაგის თვალებში ისევ გაკრთა ბრაზი, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე. - მე უნდა ვყოფილიყავი აქ,- თქვა ხმადაბლა. - მაგრამ არ იყავი,- დაუბრუნა ანამ. რამდენიმე წამი ერთმანეთის თვალებში უყურებდნენ. ორივე ჯიუტი. ორივე არ თმობდა, გაგი კიდევ რამდენიმე წამით უყურებდა, ეს მზერაც საკმარისი იყო, მაშინვე ხელში რომ აეტაცებინა. - გამიშვი,- მაშინვე თქვა მან,- კარგად ვარ. - კარგად არ ხარ,- მკაცრად უთხრა გაგიმ. - ვარ - მეთქი!- ჯიუტად გაუმეორა,- არ მჭირდება შენი დახმარება. - გჭირდება,- კბილებში გამოსცრა მან. ანა ცდილობდა ხელი დაეხსნა. - ნუ მეხები ასე, გაგი. ხალხია აქ. - ხალხი არ მაინტერესებს. - არ ვარ შენი ნივთი რომ აი ასე ამიყვანო და წამიღო სადაც გინდა! ეს უკვე ხმამაღლა თქვა. რამდენიმე ადამიანი შემობრუნდა კიდეც. გაგის თვალებში რაღაც შეიცვალა. ერთი წამით თითქოს უკან დახევას აპირებდა, მაგრამ შემდეგ ისევ გამკაცრდა. ანა ძირს ჩამოსვა. - ნივთი არ ხარ,- თქვა დაბალი, მძიმე ხმით,- მაგრამ ჩემი ცოლი ხარ და თუ ცუდად ხარ, მე მოგხედავ. თუ რამე გინდა, ამასაც მე მივხედავ. ოღონდ ვიღაც გამოსირებულები არ მჭირდება შენს გვერდით, რომლებიც იმასაც ვერ ხვდებიან რომ დაქორწინებული ხარ. - არ წამოვალ!- ჯიუტად დაუბრუნა. გაგი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. - ანა, არ გამამეორებინო. - შენ ყოველთვის მაძალებ,- კბილებში გამოსცრა მან,- ერთხელ მაინც მკითხე, რა მინდა. - ახლა არ არის დრო ეგ თემები გავიხსენოთ, – მოუჭრა,- ფეხზე ძლივს დგახარ. - თვითონ შევალ,- მაინც თქვა, ცხვირი აიბზუა და ზურგი აქცია,- არ მჭირდება შენი დახმარება. ანა გაჩუმდა. რამდენიმე წამი მხოლოდ მისი სუნთქვა ისმოდა. - ვერ გიტან, როცა ასე იქცევი,- ჩუმად თქვა. - მეც ვერ გიტან, როცა ყველაფერს მარტო აკეთებ,- დაუბრუნა პასუხი. ეზო გადაკვეთეს. ხალხი ჩუმად უყურებდა. ლაშაც ჭიშკართან იდგა, თვალს არ აშორებდა. გაგის განზრახ არ შეუხედავს. ანამ ოთახის კარი შეაღო, გაბრაზებული მიდგა ფანჯარასთან და დახურა. ოთახში ცივი ნიავი აღარ დაქროდა. მხოლოდ ორი ბრაზით სავსე სხეული იყო. - არ მჭირდება შენი გმირობა. - ეს გმირობა არ არის,- მშვიდად უთხრა,- ეს პასუხისმგებლობაა. გაიგე უკვე რომ მონსტრი არ ვარ. - შენ თვითონ აირჩიე ეგ პასუხისმგებლობა,- ჩუმად უპასუხა. - ჰო, - დაუფიქრებლად თქვა გაგიმ,- და სანამ ჩემ გვერდით ხარ, ბოლომდე შევასრულებ. - ნუ მიყურებ ასე, - თქვა დაღლილი ხმით, ანამ და საწოლზე ჩამოჯდა,- სუსტი არ ვარ. გაგი მის წინ ჩაიმუხლა. - ვიცი რომ არ ხარ. ჩემი ცოლი სუსტი არ არის,- ცოტა რბილად უთხრა,- მაგრამ ჯიუტი ხარ. და მე კიდევ უფრო ჯიუტი. ანა რამდენიმე წამი უყურებდა. მერე თვალები დახუჭა. - ერთხელ მაინც არ დამაძალო რაღაც,- ჩუმად თქვა. გაგიმ ხელი შუბლზე დაადო. - ახლა გაძალებ რომ დაისვენ. და მიუხედავად იმისა რომ ანა ისევ ცდილობდა სიტყვებით ებრძოლა, ამჯერად ძალა აღარ ჰქონდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


