მოდული 7:ჩრდილოვანი სისტემა. (თავი 6- ძიება)
ისინი „ხიდის“ სამშენებლო მოედანს ღამის სამ საათზე მიუახლოვდნენ. ობიექტი პროჟექტორებით იყო განათებული, გიგანტური ამწეები ჩონჩხებივით აღმართულიყვნენ შავ ცისკენ. აქაურობა ციხესიმაგრეს უფრო ჰგავდა, ვიდრე სამოქალაქო მშენებლობას. შეიარაღებული პირები, რომლებიც პერიმეტრს აკონტროლებდნენ, არც პოლიციელებს ჰგავდნენ და არც ჩვეულებრივ დაცვას - მათი მოძრაობები სამხედრო დისციპლინაზე მიუთითებდა. მარიამმა პატარა პლანშეტი ამოიღო და დათას მიერ მოცემულ „შავ პორტში“ შეაერთა. -სამშენებლო კამერების სისტემაში შევედი. დაშიფრვა სუსტია, ეტყობა გარედან თავდასხმას არ ელოდნენ, - ჩურჩულებდა ის. - ნახე... კამერამ დააფიქსირა შავი ფურგონი, რომელიც მე-14 ბურჯის საძირკველთან გაჩერდა. იქიდან ორი კაცი გადმოვიდა, რომლებსაც შუაში მამაკაცი მოჰყავდათ. კაცს თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოცმული, მაგრამ მარიამმა მაშინვე იცნო ეს ლუკას დახეული, ლურჯი ქურთუკი და მისი ოდნავ მოხრილი სიარულის მანერა. -ლუკა! - მარიამს ხმა აუკანკალდა და წამოხტომა დააპირა, მაგრამ დათამ მხარზე ხელი მძიმედ დაადო და იქვე გააჩერა. -მშვიდად. თუ ახლა შევვარდებით, ორივეს იქვე მოკლავენ, - დათას ხმაში ყინული იგრძნობოდა. - შეხედე, საით მიჰყავთ.“ ვიდეოში ჩანდა, როგორ გაიხსნა ბეტონის უზარმაზარი ფილა, რომელიც ერთი შეხედვით საძირკვლის ნაწილს ჰგავდა. მის ქვეშ ჰიდრავლიკური ლიფტი გამოჩნდა. ლუკა შიგნით შეიყვანეს და მიწისქვეშ გაუჩინარდნენ. -ეს ის ბუნკერია, - თქვა მარიამმა. - მამაჩემის ნახაზებში იყო 'სექტორი C'. ის პირდაპირ ხიდის ქვეშ გადის. დათა, ეს ხიდი იმიტომ კი არ შენდება, რომ ხალხმა იაროს... ის შენდება, როგორც გიგანტური ბეტონის სარქველი, რომელიც ამ ბუნკერს ფარავს. “მოდული 7” აქ რაღაცას მალავს ან ეძებს. -უნდა შევიდეთ, - თქვა დათამ. - მაგრამ პირდაპირ შეტევა თვითმკვლელობაა. მარიამ, შენ უნდა გათიშო მათი ელექტროენერგია და კავშირგაბმულობა. უნდა შექმნა ციფრული ქაოსი. მე კი შიგნით შევალ. -არა, დათა. მეც მოვდივარ, - მარიამმა თვალებში ჩახედა. - იმ კოდებს, რომლებიც ლიფტისთვის და კარებისთვისაა საჭირო, შენ ვერ გატეხავ. იქ ორმაგი აუთენტიფიკაციაა. თუ მე აქ დავრჩები, შენ პირველივე ჩაკეტილ კართან გაჩერდები. ჩვენ ერთად შევალთ. დათამ მძიმედ ამოიოხდა და შეხედა მარიამს. დაინახა მისი აკანკალებული ხელები, რომლებიც მაინც მტკიცედ მუშაობდნენ კლავიატურაზე, დაინახა მისი თვალები, სადაც შიში და სასოწარკვეთა სიმამაცედ ქცეულიყო. ის მიხვდა, რომ ეს გოგო აღარ იყო მხოლოდ პროგრამისტი, რომელიც ეკრანებს მიღმა იმალებოდა. -კარგი. მაგრამ ერთი პირობით: თუ რამე მოხდა, თუ მე დავრჩები... შენ გარბიხარ. არანაირი გმირობა. დისკი უნდა გადარჩეს. გასაგებია? მარიამმა პასუხი არ გასცა, რაც თავისთავად პასუხი იყო. ისინი ღობის ქვეშ გაძვრნენ და სიბნელეში, ბეტონის გიგანტურ სვეტებს შორის დაიწყეს გზის გაკვლევა. ჰაერში მტვრისა და ნესტის სუნი ტრიალებდა. ყოველი ნაბიჯი მე-14 ბურჯისკენ იყო ნაბიჯი იმ უფსკრულისკენ, სადაც მათი ოჯახის ტრაგედია დაიწყო. მარიამმა უცებ იგრძნო, რომ დათა მასთან ძალიან ახლოს იდგა, იცავდა თავისი სხეულით. -დათა... - ჩაჩურჩულა მან. - თუ იქიდან ვერ გამოვალთ... მადლობა, რომ არ დამტოვე. მადლობა, რომ არ ხარ ისეთი, როგორიც ეს სისტემაა. -გამოვალთ, - მიუგო დათამ და მისი ხელი თავისაში მოიქცია. - ჯერ კიდევ ბევრი კითხვა მაქვს ბიძაშენთან. და ლუკას დაპირებული ყავა მმართებს. მათ წინ ბეტონის მძიმე ფილა ეგდო. მარიამმა პლანშეტი შეაერთა გარე პორტთან. ეკრანზე ციფრები აციმციმდა. წამებში მიწისქვეშა ლიფტის კარი გაიღო და იქიდან ცივი, სტატიკური ჰაერი ამოვარდა, რომელსაც ძველი ლითონისა და რაღაც ქიმიურის სუნი ასდიოდა. ისინი სიბნელეში დაეშვნენ. კარი დაიხურა და ზემოთ დარჩენილი ქალაქის ხმები საბოლოოდ გაქრა. ახლა მხოლოდ ისინი იყვნენ, სისტემის გული და სიმართლე, რომელიც 20 წლის განმავლობაში მიწის ქვეშ იხრწნებოდა. ***** ლიფტი ნელა დაეშვა. რკინის კედლები ჩუმად ჭრიალებდა, თითქოს ეს სისტემა დიდი ხნის განმავლობაში არავის გამოუყენებია. ზემოთ დარჩენილი ქალაქის ხმები სრულიად გაქრა - არც მანქანების გუგუნი, არც ქარის შრიალი. დარჩა მხოლოდ მექანიზმის მონოტონური ბზუილი და მათი სუნთქვა, რომელიც ამ დახურულ სივრცეში უცნაურად მძიმედ ჟღერდა. აქ, ამ ჩაკეტილ სივრცეში, დათას სიახლოვე მარიამისთვის ერთადერთი რეალური საყრდენი იყო - მისი სხეულიდან წამოსული სითბო ებრძოდა იმ სამარისებურ სიცივეს, რომელიც ქვემოდან მოდიოდა. -დათა, თუ ეს მართლა ის ბუნკერია, სადაც მამა მუშაობდა... - მარიამმა ხმადაბლა დაიწყო, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა. -ვიცი, - დათამ იარაღი შეამოწმა და მარიამს ცალი ხელით მხარზე მოუჭირა. - ესე იგი, აქ არის პასუხი იმაზე, რატომაც გაწირეს ის. სისტემას არ უყვარს მოწმეები, რომლებიც ხედავენ, როგორ ეგება საძირკველი მათ ბინძურ იმპერიას. ***** მარიამმა იგრძნო, რომ ჰაერი აქ ქვემოთ განსხვავებული იყო. უფრო ცივი. უფრო მკვდარი. მასში ლითონის, ძველი ზეთის და რაღაც ქიმიური ნივთიერების მძაფრი სუნი ერეოდა, რომელიც ყელში ეკვროდა. დათა გაუნძრევლად იდგა. იარაღი ხელში ეჭირა, მაგრამ თითი ჯერ კიდევ არ ჰქონდა სასხლეტზე. მისი მზერა ლიფტის კარს იყო მიბჯენილი - კონცენტრირებული, თითქოს უკვე ხედავდა იმას, რაც იქ ელოდათ. მარიამმა გვერდულად გახედა. ამ კაცს შიში არ ეტყობოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ არ ეშინოდა. ეს ნიშნავდა, რომ ის შიშთან ერთად ცხოვრობდა. ინდიკატორზე ციფრები იცვლებოდა: -3 -4 -5 -რამდენად ღრმაა ეს ადგილი? - ჩუმად იკითხა მარიამმა. დათამ თვალიც არ მოუცილებია კარისთვის. -საკმარისად ღრმა, რომ ზედაპირზე ყველაფერი ტყუილი ჩანდეს. მარიამმა ვერ გაიგო ბოლომდე რას გულისხმობდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ლიფტი ბოლოს მსუბუქად შეირხა და გაჩერდა. კარი ნელა, თითქმის უხმოდ გაიხსნა. მათ წინ გრძელი დერეფანი გადაიშალა. კედლები უხეში ბეტონისგან იყო ჩამოსხმული. ზედაპირზე ბზარები და ძველი წყლის ლაქები ჩანდა. ჭერზე ჩამოკიდებული ნეონის ნათურები არათანაბრად ანათებდა - ზოგი ძლიერად, ზოგი კი ციმციმებდა, თითქოს ნებისმიერ წამს ჩაქრებოდა. ეს ადგილი ცოცხალი არ ჩანდა. ეს ადგილი ფუნქციონირებდა. დათამ პირველი ნაბიჯი გადადგა. -ახლოს იყავი. მარიამი გვერდით მიჰყვა. მისი ნაბიჯების ხმა ბეტონზე ექოდ ისმოდა. ზედმეტად მკაფიოდ. ზედმეტად ხმამაღლა. თითქოს ეს დერეფანი ყველაფერს იმახსოვრებდა, რაც მასში ხდებოდა. კედლებზე მძიმე მეტალის კარები იყო განლაგებული. თითოეულზე პატარა პანელი იყო დამონტაჟებული - ციფრული ეკრანი, რომელიც ჩუმად ციმციმებდა. მარიამმა ერთ-ერთთან შეანელა ნაბიჯი. ეკრანზე მწვანე სიმბოლოები გადიოდა. -ბიომეტრიული დაცვა… - ჩურჩულით თქვა მან. - ორმაგი აუთენტიფიკაცია. თითის ანაბეჭდი და კოდი. დათამ მოკლედ ჩაიცინა. -ანუ არ უნდათ, რომ ვინმე შიგნით შემთხვევით მოხვდეს. მარიამმა ეკრანს უფრო ახლოს შეხედა. წამის მეათედში რაღაც შეამჩნია. -დათა… -ჰო? -ეს სისტემა ახალი არაა. -ეგ რას ნიშნავს? -ნახე… — თითით მიუთითა. - პროგრამული ინტერფეისი ძველია. მინიმუმ ათი წლის. დათამ კარს შეხედა. -მაგრამ შენობა ახალია. მარიამმა ნელა დაუქნია თავი. -ანუ… რაც აქ არის… ხიდზე ძველია. ეს აზრი ჰაერში გაიყინა. დათამ არაფერი თქვა, მაგრამ მისი მზერა შეიცვალა. უფრო მძიმედ გახდა. ისინი ისევ დაიძრნენ. დერეფნის ბოლოს ჩუმი ხმები ისმოდა. ადამიანების. მარიამს კიდევ ერთხელ უცებ გაახსენდა ლუკას ხმა: „სიმართლე ყოველთვის იმაზე ღრმად არის დამარხული, ვიდრე გგონია.“ მან უნებლიეთ ხელი ჯიბისკენ წაიღო. დისკი ისევ იქ იყო. ცივი. მძიმე. რეალური. დერეფნის კუთხეს რომ მიუახლოვდნენ, მარიამმა ზემოთ აიხედა. იქვე პატარა, შავი კამერა იყი დამონტაჟებული. მისი წითელი ინდიკატორი მშვიდად ანათებდა. -დათა… - ძლივსგასაგონად თქვა მან. დათამ მაშინვე შეამჩნია. -დრო გვაქვს? მარიამმა უკვე პლანშეტი ამოიღო. -თუ ისინი არ გვიყურებენ ამ წამს - კი. მისი თითები სწრაფად მოძრაობდა. ეკრანზე კოდი ცვლიდა კოდს. ფანჯარა იხსნებოდა, იკეტებოდა, ისევ იხსნებოდა. -ერთი წამი… მის სუნთქვას რიტმი აერია. არა შიშისგან. კონცენტრაციისგან. შემდეგ - კამერის შუქი ჩაქრა. მარიამმა ღრმად ამოისუნთქა. -მოვახერხე. დათამ შეხედა. მის თვალებში პირველად აშკარად ჩანდა რაღაც. არა უბრალოდ ნდობა. აღიარება. -კარგია. მარიამს უნდოდა რამე ეპასუხა, მაგრამ სიტყვები ვერ იპოვა. დერეფნის ბოლოს კარი გაიღო. ორი კაცი გამოვიდა. შეიარაღებულნი იყვნენ. მძიმე ნაბიჯებით მოდიოდნენ. დათამ მარიამი კედელთან მიიზიდა. ჩრდილში. ისინი იმდენად ახლოს იდგნენ, რომ მარიამს დათას სუნთქვა კისერზე ეცემოდა. მისი სხეული დაძაბული იყო - მზად, რომ ნებისმიერ წამს ემოქმედა. კაცები საუბრობდნენ. -გეუბნები, დიდხანს ვერ გაძლებს, - თქვა ერთმა. -ზემოდან ბრძანებას ველოდებით, - უპასუხა მეორემ. -და თუ მოკვდა? მეორემ მხრები აიჩეჩა. -მაშინ პრობლემაც გაქრება. მარიამის თითები უნებლიეთ შეკუმშა. დათამ მისი ხელი დაიჭირა. ძლიერად. მაგრამ არა მტკივნეულად. უბრალოდ - დასამშვიდებლად. კაცები გავიდნენ. სიჩუმე ისევ დაბრუნდა. მარიამმა ძლივს ჩასუნთქა. -ის ცოცხალია… დათამ თავი დაუქნია. -ჯერ. მის ხმაში იმედი არ იყო. მაგრამ არც უიმედობა. მხოლოდ ფაქტი. ისინი წინ წავიდნენ. დერეფნის ბოლოში მძიმე კარი ჩანდა. მის ზემოთ წარწერა: სექტორი C მარიამის გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა. -აქ არის… დათამ იარაღი ასწია. შემდეგ წამით შეჩერდა. -მარიამ. -ჰო? -თუ შიგნით რამე არასწორად წავიდა… -არ გავიქცევი. - დასრულება არ აცადა მარიამმა დათას. დათამ ჩუმად ამოისუნთქა. -ვიცი. ეს იყო პრობლემა. მარიამმა პანელს ხელი დაადო. ეკრანი გაცოცხლდა. კოდი. თითის ანაბეჭდი. დრო. მისი თითები სწრაფად მოძრაობდა, მაგრამ ამჯერად შეცდომის უფლება არ ჰქონდა. ეკრანზე წითელი სიმბოლო გაკრთა. შემდეგ - მწვანე. კარი ნელა გაიღო. შიგნიდან ცივი ჰაერი გამოვიდა. უფრო მძიმე. უფრო მკვდარი. და სადღაც შიგნით… ძალიან სუსტად… მარიამს მოეჩვენა, რომ ვიღაცის ხველა გაიგონა. ის შეჩერდა. დათამ შეხედა. — რა იყო? მარიამმა ჩუმად თქვა: — ის აქ არის. დათამ წინ გადადგა ნაბიჯი. სიბნელეში. — მაშინ ვიპოვოთ. ***** კარი ბოლომდე რომ გაიღო, სიბნელე მათ წინ თითქოს ერთიან მასად იდგა. დათამ პირველი გადადგა ნაბიჯი შიგნით. მარიამი ნახევარი წამით შეყოვნდა. არა იმიტომ, რომ ეშინოდა. არამედ იმიტომ, რომ გრძნობდა - ამ კარის მიღმა ყველაფერი შეიცვლებოდა. შემდეგ ისიც შევიდა. კარი ზურგს უკან ჩუმად დაიხურა. ხმა ისეთი იყო, თითქოს რაღაც საბოლოოდ ჩაიკეტა. შიგნით ჰაერი კიდევ უფრო ცივი იყო. აქ უკვე ნესტის სუნს სხვა რამეც ემატებოდა - ძველი რკინის, წამლის და… რაღაცის, რაც მარიამს საავადმყოფოს ახსენებდა. მაგრამ ეს ადგილი მკურნალობისთვის არ იყო შექმნილი. კედლები აქაც ბეტონის იყო, მაგრამ უფრო სუფთა, თითქოს ეს ნაწილი უფრო ხშირად გამოიყენებოდა. მარჯვნივ და მარცხნივ ვიწრო ოთახები იყო. ზოგის კარი ნახევრად ღია. ზოგი - ჩაკეტილი. დათამ ერთ-ერთს ფრთხილად შეავლო თვალი. შიგნით ცარიელი საწოლი იდგა. ლითონის. ზედ თხელი, ნაცრისფერი საბანი იყო გადაფარებული. ისე სწორად გაწვდილი, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად გაასწორა. მარიამმაც შეხედა. -ეს ადგილი… - ჩუმად თქვა მან. -ჰო, - მოკლედ უპასუხა დათამ. მაგრამ არაფერი დაუმატებია. არ სჭირდებოდა. ორივემ ერთსა და იმავე რამეზე იფიქრა. მათ რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადადგეს. მარცხენა კედელზე ძველი დაფა ეკიდა. ზედ წაშლილი წარწერები ჩანდა. მარიამი გაჩერდა. მიუახლოვდა. თითით ფრთხილად გადაუსვა მტვერს. წარწერის ნაწილი გამოჩნდა: …პროექტი / ფაზა 3 ქვემოთ თარიღი. ძველი. ძალიან ძველი. -დათა… - ჩუმად თქვა მან. -ვხედავ. -ეს ყველაფერი ახალი არ არის. -ვიცი. მისი ხმა უფრო მძიმე გახდა. -ეს უბრალოდ გაგრძელებაა. უცებ სადღაც შორს რკინის ხმა გაისმა, მაგრამ ხმა ძალიან მკვეთრი იყო. ორივე ერთდროულად გაჩერდა. დათამ ხელი ავტომატურად იარაღს მაგრად მოუჭირა. მარიამმა სუნთქვაც კი შეიკრა. რამდენიმე წამი… არაფერი. სიჩუმე ისევ დაბრუნდა. მაგრამ ახლა ეს სიჩუმე განსხვავებული იყო. ის აღარ იყო „ცარიელი“. თითქოს ვიღაც აკვირდებოდათ. -ახლოს მოდი, - ჩუმად თქვა დათამ. მარიამი მიუახლოვდა. ამჯერად ისე ახლოს, რომ მისი მხარი დათას მხარს შეეხო. დათამ ერთი წამით დახედა. არ გაუწევია. არ დაშორებია. უბრალოდ გააგრძელა წინ ყურება. დერეფნის ბოლოს კიდევ ერთი კარი ჩანდა. უფრო მძიმე. უფრო სქელი. მის ქვემოთ სუსტი შუქი გამოდიოდა. მარიამის გული აჩქარდა. -ეს ყველაფერი ნამდვილი ლაბირინთია, რის დამალვას ცდილობენ? - ამოთქვა შეშფოთებულმა მარიამმა… -კარგის არაფრის… -იქ… დათამ თავი ოდნავ დაუქნია. -ჰო. ისინი ნელა მიუახლოვდნენ. მარიამმა იგრძნო, როგორ ეყინებოდა ხელები. არა სიცივისგან, არამედ, მოლოდინისგან. დათამ კარს ყური მიადო. რამდენიმე წამი უსმენდა. შემდეგ ჩუმად თქვა: -ერთი ადამიანია შიგნით. მარიამს სუნთქვა შეეკრა. -ლუკა? დათამ პასუხი არ გასცა. მაგრამ კარს ხელი დაადო. ნელა. ფრთხილად. თითქოს იცოდა, რომ ამ მომენტიდან უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა. მარიამმა უცებ იგრძნო, რომ მისი ხელი ისევ დათას ხელში აღმოჩნდა. ამჯერად თვითონ არ დაუჭერია. დათამ დაიჭირა. მტკიცედ. ამჯერად არაფერი უთქვამს, მაგრამ ეს იყო საკმარისი. -მზად ხარ? - ჩუმად ჰკითხა მან. მარიამმა თვალები არ მოუცილებია კარისთვის. -არა. პაუზა. შემდეგ დაამატა: -მაგრამ მაინც შევალ. დათამ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად გაიღიმა. -ეგეც საკმარისია… ————- დაგიბრუნდით მეგობრებო მეექვსე თავით. საკმაოდ დიდი თავია და იმედია ისიამოვნებთ. მადლობა, რომ კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


