მოდული 7: ჩრდილოვანი სისტემა ( თავი 7)
კარი როგორც კი შეხსნეს ჰაერში ნაცნობი ხმა გაისმა - კლავიატურის კაკუნი და ჩახლეჩილი ხველა, რომელიც კედლებს ეხეთქებოდა და უკან ბრუნდებოდა. დათამ ხელი ასწია - გაჩერდიო. მისი თითები ჰაერში რამდენიმე წამით გაჩერდა, თითქოს თვითონაც უსმენდა სივრცეს. შემდეგ ის კუთხისკენ ნელა დაიძრა. მისი ნაბიჯები თითქმის უხმო იყო, მაგრამ მაინც… ბუნკერის სიჩუმეში ყველაფერი ისმოდა. წყლის წვეთები სადღაც ზემოდან ეცემოდა. წიკ… წიკ… წიკ… თავად კი კუთხეში სწრაფად შეიხედა. იქ, პატარა ოთახში, რომელიც ძველ საოპერაციო პუნქტს ჰგავდა, კედლებზე ჩამოცვენილი საღებავი, ჟანგიანი მილები, კაბელები, რომლებიც ჭერიდან ჩამოკიდებულიყვნენ. შუქი მხოლოდ მონიტორიდან მოდიოდა, რომელიც მკვეთრი და ცივი იყო. მაგიდასთან კაცი იჯდა. -ლუკა! - მარიამმა ვეღარ მოითმინა და წინ გავარდა. კაცი შეკრთა. ნელა, მძიმედ შემობრუნდა. ეს მართლაც ლუკა იყო. მაგრამ… არა ის ლუკა, რომელსაც მარიამი იცნობდა. საშინლად იყო შეცვლილი. თვალები ჩავარდნილი ჰქონდა, კანი - ფერმკრთალი, თითქმის გამჭვირვალე. ტუჩები დახეთქილი, და ხელები… ხელები კი ისე უკანკალებდა, რომ კლავიშებს ძლივს აჭერდა. მაგრამ ყველაზე საშიში - მისი თვალები იყო. იქ სიხარული არ იყო. იქ შიში იყო. ნამდვილი. -არა... არა, მარიამ! რატომ მოხვედი? - მისი ხმა გატეხილი იყო. - აქედან უნდა წახვიდე! ლუკა წამოდგომას შეეცადა, მაგრამ სისუსტისგან სკამზე დაეცა. - მათ ეს უნდოდათ... მათ უნდოდათ, რომ შენ აქ მოსულიყავი! მარიამი მის წინ გაჩერდა. სუნთქვა აუჩქარდა. -ვინ 'მათ', ლუკა? - დათა ოთახში შევიდა და კარები გადაკეტა. მისი თვალები უკვე მუშაობდა - სკანირებდა ყველაფერს: იქვე იყო კამერა კუთხეში. დაზიანებული კაბელი. მონიტორის გვერდით დამწვარი კონექტორი. და… იატაკზე საეჭვოდ ძალიან სუფთა ადგილი, რომელიც თითქოს ახლახან გაწმინდეს. -ვინ გაიძულებს ამას? - თქვა მან მშვიდად, მაგრამ ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა. ლუკამ ეკრანზე მიუთითა. - ხიდი... ხიდი მხოლოდ ნაწილია… მისი ხმა ნელ-ნელა სტაბილურდებოდა, მაგრამ სუნთქვა მაინც უჭირდა. -მარიამ, მამამ აქ რაღაც იპოვა. ეს არ არის მხოლოდ ფული. მარიამმა ვეღარ მოითმინა. -რა ხდება აქ? - ხმა აუკანკალდა. — რა იპოვე? რატომ გიჭირეს? რას მალავენ?! სიჩუმე. ლუკამ თვალები დახუჭა წამით. როგორც ადამიანი, რომელიც არჩევს - რამდენი სიმართლე თქვას. შემდეგ გახსნა. -ეს ხიდი… - დაიწყო ნელა, - ხიდი საერთოდ არ არის მთავარი. დათამ ნაბიჯი გადადგა წინ. -ვიცით. ბუნკერი... ლუკამ თავი გააქნია. -არა. ბუნკერიც არა. მარიამს გული გაუჩერდა. -მაშინ რა? ლუკამ პირდაპირ მას შეხედა. ისე, როგორც ბავშვობაში - როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ეუბნებოდა. -ეს ადგილი არქივია. -რა არქივი? -ადამიანების. სიჩუმე ჩამოვარდა. ნათურა ისევ აციმციმდა. -‘მოდული 7’ არ არის უბრალოდ ფულის სქემა, - გააგრძელა ლუკამ. -ეს არის სისტემა, რომელიც აგროვებს ინფორმაციას. ყველაზე გავლენიან ადამიანებზე. მათ სისუსტეებზე. მათ დანაშაულებზე. დათას თვალები დავიწროვდა. -შანტაჟი? -კონტროლი, - გამოასწორა ლუკამ. - სრული კონტროლი მარიამი გაუნძრევლად უსმენდა. მისი თითები ისევ ლუკას მკლავზე იყო. -გარდა ამისა, ამ ბუნკერის ქვეშ ძველი საცავია, სადაც საბჭოთა დროს ქიმიური ნარჩენების და რადიოაქტიური იზოტოპების საცდელი ლაბორატორია იყო. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ მონიტორის დაბალი ზუზუნი ისმოდა. -ხიდის მშენებლობა იმისთვის დაიწყეს, რომ ეს ყველაფერი ბეტონით სამუდამოდ დაეფარათ, - გაარგძელა ლუკამ. - მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ამ ნარჩენების 'გასუფთავება' და შავ ბაზარზე გატანა უფრო მომგებიანია... დათას თვალები ოდნავ დაუვიწროვდა. -და შენ? -მე მაიძულებენ, რომ ციფრული კვალი წავშალო... რომ არავინ გაიგოს, რა გადის ხიდის ქვევიდან ღამღამობით.“ -ბიძაჩემი სად არის? - ჰკითხა მარიამმა და ძმას ხელებზე მოჰკიდა. ლუკამ თვალები დახარა. -გიორგი... - ლუკას ხმა ჩაუწყდა და ეს სახელი თითქოს ჰაერში გაიყინა. -გიორგი ამ ყველაფრის ტყვეა. - თქვა ბოლოს. - მას ეგონა, რომ სისტემას მართავდა, მაგრამ სისტემამ ის გადაყლაპა. მარიამს გული შეეკუმშა. -მარიამ, ის აქ არის... ის სადღაც ახლოსაა … მაგრამ ის უკვე აღარ არის ჩვენი ბიძა. ის მხოლოდ ინსტრუმენტია. სწორედ ამ დროს ოთახში დინამიკებიდან ხმა გაისმა. ცივი, მშვიდი, ნაცნობი და ამავდროულად უცხო ხმა. -ყოჩაღ, ლუკა. ყოველთვის გონიერი იყავი, - ეს გიორგი იყო. მარიამს გული შეეკუმშა. - მარიამ, შვილო, არ მინდოდა აქ ასე შევხვედროდით ერთმანეთს. მე გაფრთხილებდი, რომ სახლში დარჩენილიყავი. ოთახის კუთხეში წითელი ნათურა აინთო. ეკრანზე წამზომი გამოჩნდა. დათამ ინსტინქტურად შეამოწმა იარაღი. -სად ხარ? - დაიყვირა მან.-გამოდი!- -ლუკამ სიმართლე გითხრათ, - განაგრძო გიორგიმ, ისე რომ დათას ბრძანება არც კი შეიმჩნია. - ხიდი უნდა აშენდეს, რომ ეს წარსული დაიმარხოს. მაგრამ თქვენ ზედმეტად ბევრი გაიგეთ. დათა, შენ კი... შენ ყოველთვის პრობლემა იყავი. სისტემა არ გპატიობს იმას, რომ მისი ნაწილი არ გახდი. -სად ხარ, გიორგი? - დაიყვირა დათამ ისევ. - გამოდი და კაცივით დაგველაპარაკე! -მე იქ ვარ, სადაც სიმართლე მთავრდება, - მიუგო გიორგიმ. - მარიამ, შენს დისკზე არის ბოლო კოდი. მარიამს ხელები უკანკალებდა. დისკი თითქოს დამძიმდა მის ხელში. -თუ მას შეიყვან…- აგრძელებდა ხმა - ლუკას გაათავისუფლებენ. მაგრამ თუ შეიყვან, შენ თვითონ გახდები ამ სისტემის ნაწილი. დათამ გვერდულად გახედა მარიამს. ის ხედავდა ყველაფერს: თვალებში დაინახა ის საშინელი ბრძოლა, რომელიც ახლა მის სულში მიმდინარეობდა. მისი სუნთქვა, მისი თვალები, მისი შიში, მისი გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ მიღებულიყო -შენ დაადასტურებ ყველა ყალბ ტრანზაქციას და სამუდამოდ წაშლი მამაშენის მკვლელობის კვალს. არჩევანი მარტივია: შენი ძმის სიცოცხლე ან მკვდარი მამის სიმართლე? მარიამმა დისკს შეხედა. ხელები უკანკალებდა. -მარიამ, ნუ გააკეთებ ამას, - ჩურჩულებდა ლუკა. - დაე, მოვკვდე, ოღონდ ესენი არ გადარჩნენ. ძლივს თქვა ლუკამ. მისი ხმა ახლა უფრო მშვიდი იყო. როგორც ადამიანი, რომელიც უკვე შეეგუა ყველაფერს. მარიამმა თვალები დახუჭა წამით. იმ წამს მიხვდა - არჩევანი სინამდვილეში ორ ადამიანს შორის არ იყო. არჩევანი იყო - დარჩენილიყო სისტემის ნაწილი, თუ საბოლოოდ გაენადგურებინა ის, რაც მის ოჯახს ანადგურებდა. -დათა, რა ვქნა? - მარიამმა დათას გახედა, როგორც უკანასკნელ იმედს. დათამ იარაღი დაუშვა, მისი მზერა აღარ იყო გამომძიებლის. ეს იყო ადამიანის. მარიამს მიუახლოვდა. - სისტემას ერთი სისუსტე აქვს, მარიამ. - თქვა ჩუმად. - ის ყოველთვის ფიქრობს, რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ. მათ არ სჯერათ თავგანწირვის. ჩვენ მათ სხვა რამ უნდა ვაჩვენოთ. მისი ხელი წამით შეეხო მარიამის ხელს. მოკლე. მაგრამ საკმარისი. დათამ პლანშეტი აიღო და რაღაც კოდი აკრიფა. - გიორგი, შენ გგონია, რომ აქ მარტო ვართ? სანამ აქ შემოვედით, მე ყველა ფაილი ელენე მეტრეველს გადავუგზავნე. ის ახლა პირდაპირ ეთერშია. მთელი ქალაქი უყურებს ამ ბუნკერს. შენი 'მოდული 7' უკვე მკვდარია. სიჩუმე ჩამოვარდა. მერე კი ბუნკერმა ზანზარი დაიწყო. გიორგიმ მიხვდა, რომ წააგო. -თუ მე ვიძირები, ყველას თან წაგიყვანთ! - დაიყრიალა მან დინამიკებში. შემდეგ ყველაფერი სწრაფად განვითარდა. სიჩუმე. გიორგის ყვირილი. ბუნკერის რყევა. მაგრამ ამ ქაოსშიც კი დათას გონება მუშაობდა. ის ითვლიდა. ნაბიჯებს. დროებს. გასასვლელებს. ბეტონის კედლებიდან წყლის შხეფები გამოვარდა. წყალი რომ შემოვარდა, ეს უკვე ხმაური აღარ იყო - ეს იყო ძალა. ბუნება, რომელიც ყველაფერს შთანთქავდა. ხიდის საძირკველთან არსებულმა სარქველებმა გახსნა დაიწყეს. მდინარე მტკვარი ბუნკერში შემოჭრას ლამობდა. -უნდა გავიქცეთ! - დაიყვირა დათამ. მან ლუკა მხარზე გადაიკიდა. - მარიამ, კარი გააღე! ახლავე! მარიამმა თითები კლავიატურაზე აამუშავა. ეს აღარ იყო მხოლოდ პროგრამირება. ეს იყო ბრძოლა წამებთან, წყალთან და საკუთარ შიშთან. კარი გაიღო, მაგრამ დერეფანში უკვე მუხლამდე წყალი იდგა. ისინი სიბნელეში გაიჭრნენ, სადაც წყალი და ბეტონი ერთმანეთს ებრძოდა. ზურგს უკან კი ისმოდა ხიდის მშენებლობის გუგუნი - ქალაქი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ მის ფეხქვეშ სამყარო ინგრეოდა. ******* წყლის ხმაური თავდაპირველად შორეულ გუგუნს ჰგავდა, მაგრამ წამებში ის მძვინვარე ღრიალად იქცა. მტკვრის ცივი, ტალახიანი მასა ბეტონის ნაპრალებიდან ისეთი ძალით იჭრებოდა, რომ რკინის კარებს ანჯამებიდან გლეჯდა. ბუნკერი, რომელიც ოდესღაც საიდუმლოების საცავი იყო, ახლა გიგანტურ მახედ ქცეულიყო. -არ გაჩერდეთ! მე-4 სექტორისკენ, იქ საევაკუაციო შახტაა! - ღრიალებდა დათა. მას ლუკა ცალი მკლავით ჰყავდა დაჭერილი, მეორე ხელით კი კედელს ეყრდნობოდა, რომ დინებას არ წაეღო. მარიამი წინ მიდიოდა, პლანშეტის ეკრანის მკრთალი შუქი გზას უნათებდა. წყალი უკვე წელს ზემოთ სწვდებოდათ. სიცივისგან სუნთქვა ეკვროდათ, სხეული კი უბუჟდებოდათ. ყოველი ნაბიჯი ბრძოლა იყო. უცებ, დერეფნის ბოლოში, იქ, სადაც ლითონის კიბე ზემოთ, თავისუფლებისკენ მიდიოდა, ლანდი გამოჩნდა. ეს გიორგი იყო. მას ხელში პისტოლეტი ეჭირა, თუმცა მისი მზერა არა მკვლელის, არამედ სრულიად განადგურებული ადამიანის მზერას ჰგავდა. მას აღარ ეცვა თავისი ძვირადღირებული პალტო - სველი პერანგი ტანზე მიჰკვროდა, სახე კი ნაცრისფერი ჰქონდა. -აქედან ვერავინ გავა, - თქვა მან ჩუმად, მაგრამ წყლის ხმაურში მისი ხმა მაინც მკაფიოდ გაისმა. - ასისტემა არ ტოვებს გადარჩენილებს. თუ თქვენ გახვალთ, ხიდი დაინგრევა. თუ ხიდი დაინგრევა, მთელი ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავს. -ბიძია, დაუშვი იარაღი! - დაიყვირა მარიამმა. მან წყალში გადადგა ნაბიჯი მისკენ. - ლუკა კვდება, დათა დაჭრილია. ნუთუ მართლა გინდა, რომ ჩვენი სისხლით დაასრულო ის, რაც მამაჩემის სიკვდილით დაიწყე? გიორგის ხელი აუკანკალდა. - თქვენ გგონიათ, მე მოვკალი? გგონიათ, მე მინდოდა მისი სიკვდილი? - მან სიმწრით ჩაიცინა. - მამაშენმა ნახა ის, რაც არ უნდა ენახა. მან იპოვა საბუთები, რომ ეს ბუნკერი არასდროს ყოფილა ლაბორატორია. ეს იყო სამარხი... იმ ადამიანების, ვინც 90-იანებში სისტემას წინ აღუდგა. მან არქივების გახსნა მოინდომა. მე შევეხვეწე, გაჩუმებულიყო. ვუთხარი, რომ შვილები ჰყავდა, შენ და ლუკა... მაგრამ ის ჯიუტი იყო. ისეთივე ჯიუტი, როგორიც ლუკაა. დათამ წინ გადაინაცვლა, მარიამს გადაეფარა. - შენ ის გაეცი, გიორგი. შენს კარიერაში გადაცვალე შენი ძმის სიცოცხლე. და ახლა გინდა, რომ მისი შვილებიც იმავე ბეტონში ჩააყოლო? -მე ისინი გადავარჩინე! - იღრიალა გიორგიმ და ჭერისკენ ისროლა. ტყვია ბეტონს მოხვდა და რეკაშოტით წყალში ჩავარდა. - იმ ღამეს მე რომ არ ვყოფილიყავი, თქვენც დაგხოცავდნენ. მე შევთანხმდი მათთან. მე გავხდი 'მოდული 7'-ის ნაწილი, რომ თქვენ გეცხოვრათ! მე ვიყავი თქვენი ფარი ოცი წლის განმავლობაში! -შენ იყავი ჩვენი ციხის გუშაგი! - მიაძახა ლუკამ, რომელიც ძლივს ახელდა თვალებს. - სიმართლე, რომელიც დამარხე, ჩვენს შიგნით ლპებოდა. შენ კი არ დაგვიცავი, შენ საკუთარი სინდისი დააძინე ჩვენი კეთილდღეობით. ბუნკერში საშინელი გრუხუნი გაისმა. ზემოთ, ხიდის ერთ-ერთი საყრდენი სვეტი, რომელიც დაზიანებული ბეტონით იყო აგებული, წონას ვეღარ უძლებდა. მიწისქვეშა ვიბრაციამ გიორგის წონასწორობა დააკარგვინა. ის წყალში ჩავარდა. დათა მაშინვე მისკენ გაეშურა, არა მის დასაჭერად, არამედ იარაღის წასართმევად, მაგრამ გიორგიმ ხელი აიქნია. - წადით... - თქვა მან და მარიამს შეხედა. მის თვალებში პირველად გამოჩნდა ის ბიძა გიორგი, რომელსაც მარიამი ბავშვობიდან იცნობდა. - კიბის უკან, მარცხნივ, პატარა ბერკეტია. ის საავარიო ლუკს აღებს, რომელიც პირდაპირ სანაპიროზე გადის. მე... მე აქ უნდა დავრჩე. მე ამ სისტემის საძირკველი ვარ. თუ ის ინგრევა, მეც მასთან ერთად უნდა წავიდე. -არა! - წამოიძახა მარიამმა და მისკენ წავიდა, მაგრამ დათამ ხელი სტაცა. -დრო აღარ გვაქვს! ხიდი ინგრევა! დათამ მარიამი და ლუკა კიბისკენ აათრია. მარიამი წაბორძიკდა, მაგრამ დათამ ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა. წამით ერთმანეთს შეხედეს. ამ ქაოსშიც კი, ამ წყალსა და ნგრევაში, მარიამმა იგრძნო - დათა ხელს არ გაუშვებდა. და შიშზე ძლიერად, ნდობა იგრძნო. შემდეგ დათამ ისევ წინ გაიხედა და უფრო სწრაფად დაძრა. - იმოძრავე! მარიამმა უკან მოიხედა. გიორგი ახალაია წყალში იდგა, რომელიც უკვე ყელამდე სწვდებოდა. მან ხელი ასწია, თითქოს ემშვიდობებოდა, და მერე სიბნელემ და წყლის მორევმა ის საბოლოოდ შთანთქა. ****** ისინი შახტაში აძვრნენ. ყოველი მეტრი გაუსაძლისი ტკივილი იყო. როცა ბოლო ლუკიდან ამოვიდნენ, თავსხმა წვიმა დახვდათ. ისინი პირდაპირ მტკვრის ნაპირზე, ხიდიდან რამდენიმე ასეულ მეტრში აღმოჩნდნენ. მარიამმა უკან მიიხედა. ქალაქის სიმბოლო, გრანდიოზული „აღორძინების ხიდი“, თვალისდახამხამებაში შუაზე გაიპო. ბეტონის გიგანტური ნატეხები მდინარეში ჩავარდა და წყლის უზარმაზარი ტალღა წარმოქმნა. პროჟექტორები ჩაქრა. ქალაქი წამით სიბნელეში ჩაიძირა. მარიამი ტალახში ჩაიჩოქა. ლუკა მის გვერდით იწვა, მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ ცოცხალი იყო. დათა მათ წინ იდგა, სველი, დასისხლიანებული, და უყურებდა ნანგრევებს, რომლებიც ოდესღაც „განვითარებას“ განასახიერებდნენ. -დასრულდა? - ჩურჩულით ჰკითხა მარიამმა. დათამ ნელა მოაბრუნა თავი. მან ჯიბიდან ის პატარა დისკი ამოიღო, რომელიც მარიამმა გადაარჩინა. - არა, - თქვა მან. - ეს მხოლოდ დასაწყისია. ხიდი დაინგრა, მაგრამ ისინი, ვინც მას აშენებდნენ, ჯერ კიდევ კაბინეტებში სხედან. ხვალ მთელი ქვეყანა გაიღვიძებს და იკითხავს - რატომ? და ჩვენ მათ პასუხს მივცემთ. მარიამმა ხელი ლუკას ჩაჰკიდა. მან იცოდა, რომ მათი ცხოვრება არასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე. მათ დაკარგეს ოჯახის ბოლო წევრი, დაკარგეს სახლი, მაგრამ მათ დაიბრუნეს სიმართლე, რომელიც ბეტონზე უფრო მყარი აღმოჩნდა… ————— ესეც ახალი თავი მეგობრებო, იმედია ისიამოვნებთ მადლობა, რომ კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


