მოდული 7: ჩრდილოვანი სისტემა (თავი 9)
გასროლის ხმამ ყურები დააყრუა. მარიამმა თვალები დახუჭა, სხეული უცნაურად გაუმყარდა, სუნთქვა შეეკრა, ელოდა იმ ერთ წამს…ცივ, გამანადგურებელ დარტყმას… მაგრამ მის ნაცვლად დათას სხეულის სიმძიმე იგრძნო. დათა მას გადაეფარა, მისი ხელი მარიამის მხარზე მოეჭიდა, თითქოს ბოლომდე ცდილობდა დაეცვა… ბოლო წამამდეც კი. მარიამმა თვალები გაახილა. -დათა… თუმცა ტყვია მას არ მოხვედრია. პოლკოვნიკ მაისურაძის იარაღი გვერდზე იყო გადაწეული. მის უკან მდგარმა ახალგაზრდა ოფიცერმა, კახამ - დათას ყოფილმა თანაშემწემ - პოლკოვნიკს ხელი ძლიერად აჰკრა. -საკმარისია, პოლკოვნიკო, - კახას ხმა მკაცრი იყო. მაგრამ მის თვალებში შიში მაინც იკითხებოდა. - ყველაფერი დასრულდა. მაისურაძე მძიმედ სუნთქავდა. რამდენიმე წამი არ განძრეულა. შემდეგ ნელა შეატრიალა თავი. -დასრულდა? - გაიმეორა ჩუმად. -შეხედეთ ეკრანებს - მიუგო კახამ. ოთახის კედლებზე გაკრული მონიტორები ციმციმებდნენ. ათეულობით… ასეულობით ფანჯარა. სოციალური ქსელები. ახალი ამბების არხები. ლაივ ტრანსლაციები. ინფორმაცია ვრცელდებოდა - უკონტროლოდ, დაუნდობლად. როგორც ვირუსი. ქუჩებში ხალხი გაჩერებულიყო. ზოგი ყვიროდა. ზოგი უბრალოდ იდგა… და უყურებდა. -უკვე გვიანია. თქვენი 'მოდული 7' ახლა საჯარო საკუთრებაა. მაისურაძემ მონიტორს შეხედა. -შენ არ იცი, რა გააკეთე, ბიჭო, - ჩაიდუდუნა პოლკოვნიკმა. მის ხმაში პირველად გაისმა არა ძალა, არამედ დაღლა. - შენ არ დაანგრიე კორუფცია. შენ დაანგრიე წესრიგი. დათა ნელა გასწორდა. -თუ წესრიგი სიცრუეზე დგას, - თქვა მან მშვიდად, - მაშინ ის უნდა დაინგრეს. მაისურაძემ მწარედ ჩაიცინა. -ხვალ ეს ქვეყანა ქაოსში გაიღვიძებს. -მირჩევნია ქაოსში ვიცხოვრო, ვიდრე თქვენს მიერ აშენებულ სასაფლაოზე, - მიუგო დათამ. სიჩუმე ჩამოვარდა. მარიამმა იგრძნო, როგორ აუკანკალდა ხელი. დათამ ეს შეამჩნია. მოუბრუნდა. მის თვალებში ახლა აღარ იყო მხოლოდ მებრძოლი - იქ ადამიანი ჩანდა. მან მარიამს ხელი ჩაჰკიდა და ფეხზე წამოაყენა. -მარიამ - თქვა ჩუმად. - უნდა წახვიდე… -არა, - მარიამმა მაშინვე გააქნია თავი. - ერთად მივდივართ. -ვერ მოხერხდება. მისი ხმა რბილი იყო… მაგრამ გადაწყვეტილება - მყარი. -წადი. კახა გაგიყვანს. ელენე გარეთ გელოდებათ. ლუკაც მასთანაა ჰომ გახსოვს. მარიამმა ხელი უფრო ძლიერად ჩაჰკიდა. -და შენ? დათამ ერთი წამით თვალები დახარა. შემდეგ ისევ შეხედა. -მე აქ უნდა დავრჩე. გარეთ ნაბიჯების ხმა გაისმა. რაზმი უკვე მოდიოდა… -დათა, არა! - მარიამმა ხელი არ გაუშვა. მისი ხმა ჩუმი იყო… მაგრამ ამ ჩუმ ხმაში გაცილებით მეტი იკითხებოდა, ვიდრე სიტყვებში. დათამ მის ხელს უფრო ძლიერად მოუჭირა. რამდენიმე წამი ერთმანეთის თვალებში უყურებდნენ. გარეთ ხმაური იყო. ყვირილი. განგაში. მაგრამ ამ წამში - ყველაფერი გაჩერდა. -თუ ახლა წავალ, - გააგრძელა მან, - ვიღაც აუცილებლად გათიშავს ამ ყველაფერს. ვიღაც გააქრობს მტკიცებულებებს. -და თუ შენ დაგიჭერენ? - მარიამის ხმა უკვე ჩუმი იყო. -მაშინ… - დათამ ოდნავ გაიღიმა, - მაშინ ეს უკვე სხვების ბრძოლა იქნება. მარიამმა თავი გააქნია. -არა. ეს ჩემი ბრძოლაცაა. დათამ ხელი ნელა გადაუსვა მის სახეს. -ვიცი. რამდენიმე წამი ერთმანეთის თვალებში უყურებდნენ. ყველაფერი გაქრა. მხოლოდ ეს წამი დარჩა. -თუ ახლა წავალ შენთან ერთად… - გაიმეორა დათამ, - აღარავინ დარჩება, ვინც ამას ბოლომდე მიიყვანს. მარიამის თვალები ცრემლით აივსო. -და თუ შენ არ იქნები? - ჰკითხა. ეს კითხვა არ იყო მხოლოდ ამ ოპერაციაზე. ეს კითხვა ბევრად დიდი იყო… დათამ ამჯერად არ იჩქარა პასუხი. შემდეგ… გაეღიმა. -მაშინ მომძებნი.- მარიამს გაეღიმა… ცრემლების მიუხედავად. ნელა გაუშვა ხელი. ბოლომდე არა… ბოლო წამამდე მათი თითები ეხებოდა ერთმანეთს. შემდეგ… გაუშვა. -დათა… მარიამმა თითქოს რაღაცის თქმა დააპირა… მაგრამ გაჩერდა. -არაფერია, - ჩუმად თქვა ბოლოს. დათამ გაუღიმა. -ვიცი. ***** სამმართველოს შენობიდან გამოსულ მარიამს ქალაქი სხვანაირი დახვდა. ნოემბრის სუსხიანი ღამე იყო, მაგრამ ჰაერში რაღაც ახალი იგრძნობოდა - თითქოს ყველაფერი ერთდროულად ინგრეოდა და იწყებოდა. ქუჩებში ხალხი ჯგუფებად იკრიბებოდა. ვიღაც ყვიროდა. ვიღაც იცინოდა. ვიღაც უბრალოდ დუმდა. სიმართლე ყველას ერთნაირად არ ხვდებოდა. კახა მის გვერდით მიდიოდა, ჩუმად. -ვიფიქრე, რომ ვერ გაბედავდი, - თქვა ბოლოს. -რატომ? - ჰკითხა მარიამმა. -იმიტომ, რომ ეს… ყველაფერს ანგრევს. მარიამმა ქალაქს გახედა. -ზოგჯერ… რაღაც უნდა დაინგრეს, რომ რამე ნამდვილი აშენდეს. კახამ არაფერი უპასუხა. მან მარიამი ელენეს მანქანამდე მიაცილა. ელენე საჭესთან იჯდა, დაძაბული, მაგრამ მტკიცე. ლუკა უკანა სავარძელზე იჯდა, ფერმკრთალი, მაგრამ გონზე მოსული. დაინახა თუ არა მარიამი, წამებში წამოიწია. -მარიამ… მისი ხმა გატყდა. მარიამი მაშინვე ჩაჯდა და ძმას ჩაეხუტა. -ჩვენ ეს შევძელით, მარიამ... - ჩურჩულებდა ის. - მამას სახელი... ხიდი აღარ არის. — „ხიდი აღარ არის, ლუკა… მაგრამ სიმართლე ფეხზე დგას, - მიუგო მარიამმა მომდევნო რამდენიმე საათი ბურუსში გაილია. ისინი ქალაქგარეთ, უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. მარიამი ყოველ წამს ამოწმებდა ახალ ამბებს. დაახლოებით დილის ოთხ საათზე პირველი ოფიციალური განცხადებები გაკეთდა. ყველაფერი აირია, ირგვლივ სრული ქაოსი სუფევდა. საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ, ხელისუფლება იძულებული გახდა დაეწყო დაპატიმრებები. მაისურაძე და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი აიყვანეს. მაგრამ მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩებოდა: სად იყო დათა? მარიამმა ელენეს ლეპტოპზე შეტყობინება მიიღო. დაშიფრული არხი. მისი გული აჩქარდა. მხოლოდ მათთვის ცნობილი. „სიმართლე შენი სისხლია, მარიამ. ახლა ის ყველასია. მე კარგად ვარ. დროებით უნდა დავიმალო, სანამ წყალი არ დაიწმინდება. მოდულ 7-ის ბოლო ფაილი ნახე. ის შენთვისაა.“ მარიამს გულისცემა ყელში მოაწვა. მან ფაილი გახსნა. ვიდეო დაიწყო. ეკრანზე მამამისი ჩანდა. ახალგაზრდა. ცოცხალი. მის გვერდით - გიორგი. ბუნკერში იყვნენ. მარიამს სუნთქვა შეეკრა. -გიორგი, თუ ეს პროექტი გაგრძელდა, ქალაქი საფრთხეში იქნება, - ამბობდა მამა. - მე ამას ხელს არ მოვაწერ. -დათო, გთხოვ, შვილებზე იფიქრე, - პასუხობდა გიორგი. - ისინი ჩვენ ამას არ შეგვარჩენენ. მამამ კამერას შეხედა. -მარიამ… ლუკა… თუ ოდესმე ამას ნახავთ… არ შეგეშინდეთ სისტემის. სისტემა მხოლოდ შიშია. დაამსხვრიეთ ის. ვიდეო დასრულდა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მაგრამ მარიამმა ეკრანს ისევ უყურებდა. რაღაც… არ ემთხვეოდა. მან ვიდეო უკან გადაახვია. შეაჩერა. გიორგი მარტო არ იყო. მის უკან - ჩრდილში - კიდევ ერთი ფიგურა იდგა. უძრავად…უხმოდ სახე არ ჩანდა. მაგრამ აშკარა იყო ერთი რამ: გიორგი მას ელაპარაკებოდა. არა თანასწორს. ვიღაცას… უფრო მაღალს. მარიამს სუნთქვა შეეკრა. -ეს ვინ არის…? მან სწრაფად გახსნა ფაილის მეტამონაცემები. დამალული ნაწილი. დაშიფრული ფრაგმენტი. რამდენიმე წამში კოდი გაიხსნა. ეკრანზე მხოლოდ ერთი წარწერა გამოჩნდა: „Director: Phase II Initiated“ და ქვემოთ - ა.კ. მარიამმა ნელა დახურა ლეპტოპი. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ელენე და ლუკა მას უყურებდნენ. -მარიამ… რას ნიშნავს? - იკითხა ელენემ. მის თვალებში შიში აღარ იყო. ამჯერად - სიცხადე ჩანდა. -ეს ნიშნავს… - თქვა მან ჩუმად, - რომ ჩვენ მხოლოდ პირველი ფენა გავხსენით. გარეთ ქალაქი გათენებას იწყებოდა. ახალ დღეს ხვდებოდნენ. მაგრამ ეს დღე მშვიდი არ იქნებოდა. მარიამმა ფანჯარაში გაიხედა. ახლა უკვე იცოდა. ხიდი დაეცა. სისტემა გამოაშკარავდა. მაგრამ… ნამდვილი თამაში ახლა იწყებოდა. ———— სალამი მეგობრებო. ნელ-ნელა დასასრულისკენ მივდივართ. ბოლოს წინა თავია ეს და მაინტერესებს რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ. მადლობა რომ კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


