შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თილისმა (თავი 1)


დღეს, 19:50
ავტორი ვე რა
ნანახია 4

თილისმა

1 თავი

გაშვების დრო

ახალ წლამდე დარჩენილია ერთი... ორი... სამი..... რამდენიმე დღე......

სიყვარული იყო, მეგობრობა თუ რაღაც უფრო სხვა? ამაზე პასუხი არ მქონდა. პრინციპში ამაზე მაშინ არც მიფიქრია. ტოლები ვიყავით, მხიარულები, თავქარიანები... გვეგონა მთელი ცხოვრება წინ გვქონდა, არ ვაწყობდით შორს მიმავალ გეგმებს, რადგან გვეგონა, რომ ერთი დღით უნდა გვეცხოვრა, იმ წამს უნდა ვყოფილიყავით ბედნიერები... თითქოს წინასწარ ვგრძნობდით, რაღაც საშინელი გვიახლოვდებოდა, რაღაც ისეთი, რაც დაგვანგრევდა და ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა. ათი წლის წინ 25 წლის ბედნიერი გოგო ვიყავი, მიზნებით, ოცნებებით, სურვილებით სავსე და ის მყავდა.. ის, ჩემი სულის ნაწილი და ერთ დღეს, ერთ თოვლიან საღამოს ის გაქრა. გავიდა სახლიდან ცხელი ყავის და ალუბლის ტორტის ამოსატანად და აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი სახლიდან სამ ნაბიჯში გაქრა. დარჩა მხოლოდ სამი ღრმა ფართე ნაკვალევი თოვლში და მისი გაუჩინარებით გამოწვეული ტკივილი. .... სულ ეს იყო, იყო და არა იყო რა....

...
_ რას იტყვი ამა? ეეე ამანიტაა, გამოფხიზლდი!_ ნათიას საახალწლოდ დაგეგმილი „ქალაქიდან გასვლა“ ცოტა არ იყოს უკვე თავს მაბეზრებდა. ქაქანებდა და ქაქანებდა, რაღაც სიებს ადგენდა, მუდმივად აკლებდა და ამატებდა რაღაცას და მოკლედ თავი მქონდა ახდილი ამ აურზაურისგან, რასაც ვითომ დასვენების სახელით აწყობდა და წინასწარ ვიცოდი, ახალ წელს დასვენების ნაცვლად თავის ტკივილი, ხმაური და ხალხმრავლობა გარანტირებული მქონდა. არ მიყვარდა ახალი წელი, უფრო სწორედ, აღარ მიყვარდა. წლების მანძილზე მისი მოახლოება ჩემში უცნაურ უკონტროლო პანიკას იწვევდა. სულ მქონდა განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვკარგავდი. არც საახალწლო განათებების ციმციმი მოქმედებდა ჩემზე დადებითად. თითქოს დროსა და სივრცეში ქმნიდა პორტალს. იქ მაბრუნებდა, სადაც საკუთარი თავი დავკარგე ოდესღაც.
თითებში ვერცხლის პატარა მედალიონს ვათამაშებდი სპირალის გრავიურით ამოტვიფრულს, მამშვიდებდა ეს გაუაზრებელი ქმედება. თითებს შორის ვატრიალებდი, ვაკვირდებოდი მის ცივ ბრჭყვიალს და ამ მონოტონურ ქმედებას ჰიპნოზის ეფექტი ჰქონდა. და ეს უცნაური ნოსტალგია ყოველ ახალ წელს მოდიოდა ჩემთან...
„არ დაიძინო, მალე მოვალ, მძინარა!“ ჩამესმოდა მისი მხიარული ხმა და თითქოს კარის გახურვის ხმაც მესმოდა ძილ_ბურანში წასულს და მერე მიტანდა საშინელი დანაკარგის გრძნობა. ამიტომ მერჩივნა, თუ ახალ წელს გამოვტოვებდი. ჩამოვაბნელებდი ოთახს, დავახშობდი უჩემოდ ბედნიერი სამყაროდან შემომავალ მხიარულ ხმებს, თავზე საბანს წავიფარებდი და ისე დავიძინებდი, თითქოს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღე იყო. და პრინციპში ასეც იყო, მაგრამ წელს ნათიამ დამარწმუნდა, რომ ცდად ღირდა. რომ წამიყვანდა სადმე მთაში. ქალაქის ხმაურისგან შორს. მხოლოდ გოგოები, სასმელი და სიმშვიდე. და კიდევ თოვლი. ჰოო, უამრავი თეთრი ბრჭყვიალა თოვლი. ამიტომ დავთანხმდი. დავიფიცე კიდეც, რომ არ გადავიფიქრებდი და აი, ახლა ვხდებოდი, რომ პირობები ყოველთვის არ არიან პირობები. თუმცა უარის თქმა სიჯიუტის თუ პრინციპულობის გამო აღარ მსურდა. მეგობრები ათი წელი მიტანდნენ ასეთ უხიაგს და ერთი დღე თუ მეც ავიტანდი მათ გამო ამ ცრუ სასწაულების დღეს ამით არაფერი დაშავდებოდა.
_რას იტყვი, ოქროსფერი განათება წამოვიღო, თუ თეთრი?_ ისეთი დაფიქრებული სახით დასცქეროდა ნათია მაგიდაზე დადებულ განათების ორ მძივს, თითქოს მსოფლიოში უაზრო ომების არსებობის პრობლემას წყვეტდა იმ წამს.
_ სულ ერთია, თუ გინდა სულ ნუ წამოიღებ!_ ავიჩეჩე მხრები გულგრილად. ჩემთვის მართლა სულ ერთი იყო.
_ არა, შენი უჟმური სახის ყურებას არ ვაპირებ ახალი წლის ღამეს!_ გადააქნია თავი მან. _ ოქროსფერი ჯობია! თბილი ფერია, სასიამოვნო!
წარბები ავწიე და ამოვიოხრე. აზრი არ ჰქონდა მასთან კამათს.
_ ღვინო არსად გაქვს გადამალული?_ ვკითხე და თაროები მოვათვალიერე._ უღვინოდ შენი გაძლება არ არის მარტივი.
_ არა! _ მაშინვე თავი ანება განათებას და ჩემკენ გამოიქცა. _ მაგ ბოთლს ხელი გაუშვი!
გამომტაცა ბროწეულისფერი ნანატრი სითხე და გულში ჩაიხუტა ჩვილი ბავშვივით.
_ ამას ახალი წლისთვის ვინახავ! იცი მაინც რა ღვინოა?_ გულში ჩახუტებული ბოთლი ნაზად გაარწია.
_ ხოდა კარგი რომაა იმიტომ მინდა!_ ავიჩეჩე მხრები.
_ წადი და იყიდე! ჯერ ადრეა, ღია იქნება მაღაზია! ამას ვერ ეღირსები ჯერ!_ მტკიცედ ასწია საჩვენებელი თითი. _ და რამეც გამოიყოლე. მისაყოლებელი, არ მეცალა საჭმელისთვის მე!
რაღას ვიზამდი? მასთან კამათი წყლის ნაყვა იყო. ქურთუკი და ჩანთა ავიღე და სახლიდან გამოვედი. ჩვეულად ხმადაბალი ღიღინით ჩავიარე კიბეები და ქუჩაში გამოვედი. უცნაური სურნელი ვიგრძენი, თოვლის ცივი გამჭოლი და თითქოს უცნობი ყვავილის შორეულ სურნელს რომ ჰგავდა. ცას ავხედე საახალწლო განათებების ფონზე ცაც ოქროსფრად ანათებდა. მძიმედ აწვა ქალაქს. რომ მისწვდომოდი და დანა დაგესვა ალბათ იმ წამსვე წამოჰყრიდა მუჭის სიმსხო ფიფქებს.
_ ითოვე მიდი! ითოვე და აავსე სული!_ ჩავიღიღინე სევდიანად. ქურთუკის ქუდი თავზე ჩამოვიმხე, ხელები ჯიბეებში ჩავმალე და ქუჩას დავუყევი უახლოესი მარკეტისკენ.
_“ ერთი... ორი... სამი..
ნაბიჯი ნელი და მკრთალი...
რატომ იღუშება ასე?
ჩემი ამანიტა, ავი?“_ჩემს გვერდით წარსული და აწმყო ფეხდაფეხ ცხოვრობდნენ. არ იყო წამი, რომ ფიქრები გასულიყვნენ ჩემი თავიდან და მე კვლავ მახსოვდა ყოველი ლექსი, ყოველი მისი მხიარული ღიმილი, ყოველი სევდა. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ მისი გაშვება ვერ მოვახერხე. ან იქნება იმიტომ, რომ არ ვიცოდი რა მოხდა იმ ღამეს. რომ მცოდნოდა მიმატოვა, წავიდა, გაფრინდა.... მოკვდა ბოლოს და ბოლოს... გავჩერდი და ცივი ჰაერი ჩავისუნთქე.
_ არა! სულ შეიშალე შენ!_ ვუთხარი საკუთარ თავს ხმამაღლა. გასაგონად. გასაგებად. _ ეს აღარ თქვა! აღარ გაიფიქრო! ნუ იქნები ამდენად ეგოისტი!
უეცრად, სრულებით უადგილოდ და მოულოდნელად გაიფარფატა პაწაწუნა სითეთრემ ჩემს ცხვირთან. თვალი ინსტიქტურად მივადევნე. სუსტ ქარს მიჰყვებოდა თოვლის პეპელასავით ნაზი პირველი ფიფქი.
_ სურვილი ჩაიფიქრე ამა!_ ისე ცხადად ჩამესმა მისი ხმა. უნებურად, სრულებით გაუაზრებლად ხელი წავატანე ყელზე დაკიდულ მედალიონს.
_ დაბრუნდი! უბრალოდ დაბრუნდი!_ ესეც ხმამაღლა ვთქვი. იმდენადაც, რომ სამყარომ გაიგონა.
საახალწლოდ მორთულმა მწვანე ავტობუსმა მომჭრა თვალი. უნებურად გამეღიმა. ბავშვივით უხაროდა ალბათ მის მძღოლს ახალი წელი. თვალი ავტობუსზე მოვატარე და .....
ის იყო. იდგა კარებთან. მაღალი, თვალშისაცემი, თვალებ ბრჭყვიალა, ხელით სამგზავრო საკიდს ეყრდნობოდა. იდგა და მიყურებდა პირდაპირ თვალებში, არ იღიმოდა ჩვეულად, მხოლოდ მიყურებდა... თვალებში, სულში.... გავიყინე, გავშეშდი, აზრი გამიწყდა. ის იყო, სწორედ ისეთი როგორიც წავიდა... ჩემი ხელით ნაქსოვი ლურჯი კაშნით...
გულის ცემა ამიჩქარდა, სისხლი ტვინს მიაწყდა... და როცა მივხვდი არ უნდა გამეშვა ავტობუსიც დაიძრა....

_ ვინ დაინახე? _ უნდობლად მიყურებდა ნათია. _ მოდი დაჯექი, დამშვიდდი!
დაჯდომა მაიძულა. ჭიქა წყლით შეავსო, თითქოს წყალს ახლა ჩემი დამშვიდება შეეძლო.
_ ალბათ ვიღაც ჰგავდა!_ ვარაუდი გამოთქვა ნატამ._ ჰო, რა იყო? ყველას ჰყავს ხუთი ორეული მაინც, არ გაგიგია?
_ ის იყო!_ თავი ჯიუტად გავაქნიე._ ის იყო! მანაც მიცნო!
_ანუ ჩაიფიქრე და იმ წამს აგიხდა?_ ირონია შეეპარა ხმაში ნინას. ნინა ფიქრობდა, რომ მან მიმატოვა, ასე არაკაცივით ადგა და დამტოვა. რომ მას გამბედაობა არ ეყო იმის სათქმელად, რომ აღარ ვუყვარდი. ნინა არ უცნობდა მას. იმდენად არ იცნობდა, რომ ეჭვი არასდროს შეეტანა._ არ მესმის შენი! როგორ აპატიე ასე მოქცევა?
_ როგორ მოქცევა? _ გამაღიზიანა მისმა დამოკიდებულება._ შენ არც კი იცი რა მოხდა! არავინ იცით!
_ ათი წელი გავიდა ამა! ათი გაუგებრობით სავსე წელი და შენ ისევ წარსულში ცხოვრობ! _ ხმა გაუმკაცრდა ნინას. ისედაც ვიცოდი, რომ ამ ყველაფრის გამო ბრაზობდა ჩემზე, მაგრამ ასე აშკარად არ გამოხატავდა ხოლმე._ მან შენი ცხოვრება დააპაუზა! გესმის ამა?
_ გაანებე თავი!_ ჩაერია ნათია. ნათია ყოველთვის გრძნობდა, რომ ის ამბავი, რაც მოხდა, ჩემთვის დასრულებული არ იყო. რომ ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. რომ სწორედ ეს გაურკვევლობა იყო, რის გამოც წერტილის დასმა არ შემეძლო.
_ თავი გავანებო? გავანებო არა? _ გაანჩხლდა ნინა._ თქვენი ბრალია, რომ ასე იქცევა. ბავშვი აღარ ხარ ამანიტა! უნდა გაიაზრო ეს და ცხოვრება გააგრძელო.
ვიცოდი მართალს ამბობდა, ვიცოდი ეს, მაგრამ ჯანდაბა, ისე საუბრობდა, თითქოს მე საკუთარი თავის მტერი ვიყავი. მინდოდა, მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო.
_ როგორ გამოიყურებოდა?_ დაინტერესდა ხატია. დავფიქრდი და თვალი ავარიდე. ისედაც არ სჯეროდათ ჩემი და ახლა იმის თქმა, რომ ის ოდნავადაც არ იყო შეცვლილი, მათ უარესად ააღელვებდათ. მივხვდი, რომ არ ღირდა ამის მოყოლა.
_ ისევ ის იყო, ვინც მაშინ... კაშნიც კი..._ ცრემლები მომადგა. _ კაშნიც კი...
ეს რომ ვთქვი, თავადაც გავიაზრე ნათქვამის აბსურდულობა.
_ ესღა გაკლდა ამა! მოჩვენებებიც დაგეწყო! ასე თუ გააგრძელებ, მგონი საგიჟეთში დაასრულებ!_ ნინას ხმაში ბრაზთან ერთად სევდაც გახმიანდა. _ ჯერ ისევ ბავშვი ხარ! ვერ გაიზარდე!
ჩემს ჭრელ ქურთუკს ხელი მოკიდა და საკიდზე დაკიდა.
_ ყველაფერი ფერადია შენს გარშემო, მაგრამ შენ თავად ხარ სიბნელეში_ ისევ მართალი იყო. და ეს სიმართლე მტკიოდა მე.
_ მძულს ახალი წელი! მძულს! _ ავდექი და მხრებჩამოყრილი შევეფარე ნათიას საძინებელს. ყველაფერი ამ უცნაური განწყობის ბრალი იყო. აი ამიტომ არ მიყვარდა ეს ბრჭყვიალა კვირეული. აი ამიტომ ვარიდებდი თავს. ამ დროს პირს იხსნიდა ჩემი ჭრილობა. ამ დროს მოგონებები ბრუნდებოდნენ და ჩემს არეულ წარმოსახვას მწარე და ავ თამაშს ეთამაშებოდნენ.

დიდხანს ვფიქრობდი, რა მოხდა იმ დღეს. რამ აიძულა წასვლა, ასე ყველაფრის აუხსნელად, დაუმშვიდობებლად. იქნებ მართლა...
ამის თქმა არ შემეძლო, და თუ ვამბობდი თავს ყველაზე საზიზღარ ადამიანად ვგრძნობდი. ამას გარდა, მის არსებობას განვიცდიდი, სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ვნახავდი ადრე თუ გვიან აუცილებლად შევხვდებოდი, მაგრამ იმ ასობით სიმულაციიდან, რასაც წარმოვიდგენდი, არასდროს მიფიქრია,
რომ მასთან შეხვედრა ასე პირდაპირ დამაჯახებდა ჩემს სევდიან მოგონებებს.
_შენ იყავი! არაფერი მომჩვენებია! შენ იყავი! _ ვუმტკიცებდი საკუთარ თავს და ისე განვიცდიდი მღელვარებას, თითქოს ამ წამს ჩემს წინ იდგა. _ და თუ შენ არ ხარ, მაშინ ვინც არ უნდა იყოს ძალიან გგავდა.
იმ წამს იმაზე დავფიქრდი, ვისურვებდი თუ არა მის ასლთან შეხვედრას. ან თუ შევხვდებოდი, რა მოხდებოდა ამის შემდეგ. თავზე შერჩენილი ქუდი თვალებზე ჩამოვიფარე და ქუჩიდან შემომავალი სამყარო სინათლე დავაბნელე.
სულ მალე ნათიას დაგეგმილ ახალ თავგადასავალში გავემგზავრებოდით და ვინ იცის, იქნებ სულ ცოტა ხნით მაინც გავექცეოდი ფიქრებს, რომლებიც ფეხდაფეხ მომდევდნენ წლების მანძილზე.
გოგოები ჩუმად საუბრობდნენ, ალბათ ჩემს უცნაურ და მათთვის გაუგებარ აკვიატებაზე. მათ არ ესმოდათ, ხან მეც კი არ მესმოდა საკუთარი თავის. ათი წელი! ცოტა არ იყო ათი წელი, არც მის გადასავიწყებლად, არც სულის განკურნებისთვის, მაგრამ მთავარი კითხვა ასე იდგა მსურდა თუ არა მე მისგან განკურნება?!

_ დროზე, გავიყინე! ასე ადრე გასვლა რა ახირებაა ჰა?_ წუწუნებდა ხატია და დილის სუსხს სქელ პალტოში ემალებოდა. _ ყინავ, ყინავს!
იმეორებდა და ფეხებს გადათოვლილ ასფალტზე აბაკუნებდა.
_ მორჩი წუწუნს და დამეხმარე!_ნათიამ ძლივს გამოიტანა სადარბაზოდან მოზრდილი ჩანთა. _ უსაქმური და წუწუნა ხარ!
მიაძახა გაგულისებულმა ხატიას, რომელსაც აზრადაც არ მოსვლია გაყინული ხელების თბილი ჯიბეებიდან ამოღება.
_ მოდი მე მოგეხმარები!_ სიცილით მივუახლოვდი და ჩანთას ხელი წავატანე. მემძიმა კი არა გაოცებისგან დამრგვალებული თვალებით ავხედე ნათიას._ რა ჯანდაბა მოგაქვს?
_ ყველაფერი!_ გამაფრთხილებლად აბზიკა საჩვენებელი თითი.
_ ციმბირში მივყავართ მგონი!_ გვერდი აგვიქცია ნინამ და მანქანაში შეძვრა.
_ მთავარია იქ თოვლი იყოს!_ ნინას ნატა მიჰყვა.
_ მე წინ ვჯდები!_ გამოაცხადა ხატიამ._ შენ მაინც არ გიყვარს წინ!
გამომძახა კმაყოფილმა და ღვედი გადაიჭირა. ნათიამ საბარგული დახურა და დაფიქრებული დაეყრდნო საკუთარ ხელებს. მივხვდი რაღაცის თქმა უნდოდა და ცერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა.
_ ნათი!_ გამოვაფხიზლე ფიქრებში ჩაფლული _ მიდი, მითხარი!
_ ამა, ბევრი ვიფიქრე იცი? ნინა მართალია, დრო დადგა, რომ გაუშვა. ცხოვრება ძალიან მოკლეა, და ბოლო დროს ძალიან სწრაფიც. არ ღირს დარდად, რასაც ვერ შეცვლი. _ მოვიდა და ჩამეხუტა _ შენს ომში ყველა ხერხი მისაღებია, ოღონდაც გაიმარჯვე!
ნინას არ უთხრა რაც ახლა გითხარი!
გამიცინა სევდიანად.
_ ჰეე, ახლა! თუ მივდივართ, მერე ისიყვარულეთ! _ თავი გამოყო ხატიამ. მისი მოუთმენლობა სახალისო იყო. ნათიას თავი დავუქნიე და მანქანაში ჩავჯექი.
_ ჰოო, დრო მოვიდა გაშვების!_ ჩავილაპარაკე და მედალიონს შევეხე ჩვეულად.

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent