შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდული 7: ჩრდილოვანი სისტემა(თავი 10- დასასრული)


დღეს, 16:34
ავტორი MB-stories
ნანახია 0

დილა ნელა შემოდიოდა.
ქალაქი თითქოს ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირულად ჩანდა ასე.
 სიღრმეში - ყველაფერი უკვე შეცვლილი იყო.

ტელევიზორებში ისევ გადიოდა ერთი და იგივე კადრები:
ხიდის ნგრევა.
გიორგის აღიარება.
ტრანზაქციები.
სახელები უკვე ხმამაღლა ისმოდა.
მინისტრები.
ბიზნესმენები.
სამართალდამცავები.
„მოდული 7“ აღარ იყო ჩრდილში.
ის უკვე ყველას წინ იდგა.


მარიამი ფანჯარასთან იდგა.
ელენეს სახლის ეზო მშვიდი იყო.
ძველი იტალიური აივნები, წვიმისგან სველი ქვების სუნი ტრიალებდა ჰაერში, ფანჯრიდან დილის სუსტი შუქი იჭრებოდა, წვიმას გადაეღო, მაგრამ ირგვლივ ნისლი იყო, რომელშიც ალაგ-ალაგ გამოანათებდა ღრუბლებიდან გამოჭრილი მზე, ისე როგორც სიმართლე ცდილობდა დღის სინათლეზე გამოსვლას.

მის უკან ლუკა იჯდა, საბანში გახვეული. ელენე გვერდით ეჯდა და ჩუმად ელაპარაკებოდა.

-ცოტა უნდა დაისვენო, - უთხრა ელენემ.

-ვერ ვისვენებ, - ჩუმად უპასუხა ლუკამ. - ჯერ არ დამთავრებულა.

მარიამმა ეს გაიგონა.
-დამთავრდა, - თქვა მან ჩუმად.

- მთავარი მაინც.
ლუკამ თავი გააქნია.
-არა… მარიამ. ეგ ინიციალები… ა.კ..… ეგ შემთხვევითი არ არის.

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
ელენემ ნელა ამოისუნთქა.
-მე მგონია… ვიცი, ვინ არის, - თქვა მან. - გახსოვს ლუკა, ერთ საქმეზე ვმუშაობდით ბოლოს, შენ სტატიაც დაწერე: “ჩრდილოვანი სისტემა”. იქაც ფიგურირებდა მსგავსი ინიციალების მქონე კაცი, ერთ-ერთ ოფშერულ კომპანიას “ჯი-ელ გრუპს” ურიცხავდა თანხებს.

ორივე მისკენ შემობრუნდა.
-ალექსანდრე კანდელაკი.

მარიამს გული გაუჩერდა.
სახელი ნაცნობი იყო.
ძალიან ნაცნობი.
-ის ხომ შინაგან საქმეთა მინისტრიცაა… - ჩაილაპარაკა მან.

ლუკამ სუსტად გაიცინა.
-არა უბრალოდ მინისტრი… ის ადამიანი, ვინც ყველა მინისტრს ცვლის.


ამ დროს კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა.
სამივე გაჩერდა.
დათას გარეშე - ეს ხმა ყოველთვის საფრთხეს ნიშნავდა.
ელენე ნელა წამოდგა.
დათამ ყოველთვის თქვა: კარს არასდროს გააღო დაუფიქრებლად.
მაგრამ ახლა…
კაკუნი განმეორდა.
მარიამი უკვე კართან იდგა.
ხელმა სახელურს შეეხო.
გააღო.

დათა იდგა.
სველი პიჯაკი ეცვა, დაღლილი თვალები ჰქონდა, მაგრამ - ცოცხალი, რომელიც მარიამის დანახვისთანავე გაბრწყინდა.

რამდენიმე წამი არც ერთს არაფერი უთქვამს.
მარიამი უბრალოდ უყურებდა.
როგორც ადამიანი, რომელიც მის რეალურობაში რწმუნდებოდა.

-როგორ…?“ - ძლივს თქვა მარიამმა.

დათამ კარის ზღურბლს მიეყრდნო.
-ოფიციალურად ისევ მეძებენ, - თქვა მშვიდად. - მაგრამ აღარ იციან, ვის ეძებენ. ნახევარი სისტემა უკვე ჩამოიშალა… და ვინც დარჩა - ან დუმს, ან მხარეს იცვლის.
მოკლე პაუზა.
-ასე რომ… ცოტა დრო გვაქვს.

მარიამი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
შემდეგ - უბრალოდ ჩაეხუტა.
ძლიერად.
ისე, თითქოს ეს ერთადერთი რეალური რამ იყო ამ ყველაფერში
.
დათამ თავიდან არ იცოდა, რა ექნა.
შემდეგ კი - ხელი მოხვია.
ნელა. ფრთხილად.
მაგრამ აღარ გაუშვია.
დიდხანს იყვნენ ასე.

შემდეგ ოთახში დაბრუნდნენ.

ლუკამ დათას შეხედა და ამოისუნთქა.
-მეგონა, აღარ დაბრუნდებოდი.

-მეც, - უპასუხა დათამ მშრალად, მაგრამ თვალებში რაღაც სხვა ედგა.

ელენემ წყალი მიაწოდა.
-შენზე ძებნა ისევ ძალაშია, - უთხრა.

-ვიცი, - თქვა დათამ. - მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

მარიამმა მაშინვე იგრძნო - რაღაც ჰქონდა სათქმელი.

-ა.კ. - იცი ვინ არის? - ჰკითხა მან.

დათამ თავი დაუქნია.
-კანდელაკი.
სიჩუმე.
-ის იყო ამ ყველაფრის არქიტექტორი, - გააგრძელა დათამ.
-გიორგი მართლა ინსტრუმენტი იყო. მაისურაძე - შემსრულებელი.
მაგრამ კანდელაკი…
ის გაჩერდა.
-ის ქმნიდა სისტემას, სადაც ყველას ფაილი არსებობდა.
ვინც არ ემორჩილებოდა - ან ქრება, ან ემორჩილება.

ლუკამ ჩუმად დაამატა:
-და ახლა… ის გაქრება.

დათამ თავი გააქნია.
-არა.
ყველა მას შეხედა.
-ის არ გაიქცევა.

-რატომ? - ჰკითხა მარიამმა.

დათამ პირდაპირ მას შეხედა.
-რადგან ადამიანები, როგორიც ის არის… ყოველთვის ფიქრობენ, რომ სისტემაზე მაღლა დგანან.

რამდენიმე საათის შემდეგ.
ტელევიზორი ჩართული იყო.
პირდაპირი ეთერი გადიოდა.
ჟურნალისტების ხმები ისმოდა. უცნაურად ზუზუნებდნენ მიკროფონები და კამერები.
და შემდეგ…
ალექსანდრე კანდელაკი გამოჩნდა. სამოც წლამდე მყოფი მამაკაცი იყო, შევერცხლილი თმა მხოლოდ კეფის ნაწილში შერჩენოდა, მაღალი, მაგრამ მოსუქებული აღნაგობა ჰქონდა.
მოწესრიგებული პიჯაკი ეცვა, რომელიც ერთ ღილზე შეეკრა, მაგრამ ღილი ისე საცოდავად გამოიყურებოდა, სადაცაა აწყდებოდა. ხმა მშვიდი და აუღელვებელი ჰქონდა. თითქოს არაფერი მომხდარა.

-ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია არის დამახინჯებული, - ამბობდა ის მშვიდად.

-სახელმწიფო სტრუქტურები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას - სიტყვის დასრულება არ დასცალდა.
მოულოდნელად ეკრანი გაიყინა.
შემდეგ გამოსახულება შეიცვალა.
კვლავ იგივე კადრები განმეორდა.
ბუნკერი.
ტრანზაქციები.
სახელები.
მაგრამ ამჯერად - უფრო ღრმად.
ეკრანზე გამოჩნდა დახურული შეხვედრების ჩანაწერები.
კანდელაკი.
მაისურაძე.
უცხოელი პარტნიორები.
ციფრები - ასობით მილიონი.
ქვეყნის ბიუჯეტიდან გადატანილი თანხები.
რადიოაქტიური ნარჩენების უკანონო გაყიდვები.
ადამიანების ფაილები - ფოტოებით, ჩანაწერებით, შანტაჟის მასალებით.

და ბოლოს -
მისი საკუთარი ხმა.
ჩაწერილი.
-ყველას აქვს ფასი. ვინც არ იყიდება - უბრალოდ ქრება.

სტუდიაში პანიკა დაიწყო.
გათიშეთ ეთერი! - დაიყვირა ვიღაცამ.
მაგრამ უკვე გვიანი იყო.
კადრები არ ითიშებოდა.
სისტემა, რომელიც წლებია ყველაფერს აკონტროლებდა, ახლა თვითონ იყო გაშიშვლებული.
კანდელაკის სახე მოულოდნელად შეიცვალა.
სიმშვიდე გაქრა.
თვალებში გაკრთა შიში.
კადრში შემოიჭრა სპეცრაზმი.
-ალექსანდრე კანდელაკი, თქვენ დაკავებული ხართ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის.

-თქვენ არ იცით რას აკეთებთ… - დაიწყო მან, მაგრამ ხმა აღარ ჰქონდა ის სიმტკიცე.
ხელბორკილები ხმაურით ჩაიკეტა.
პირდაპირ ეთერში.
ქვეყანა უყურებდა.
და პირველად - 
არავინ თიშავდა სიმართლეს.

ოთახში სრული სიჩუმე იყო.
ელენემ ნელა ამოისუნთქა.
ლუკამ თვალები დახუჭა.
-მორჩა…

მარიამმა დათას შეხედა.
-ახლა მართლა მორჩა?

დათამ ცოტა ხანს არაფერი თქვა.
შემდეგ მიუახლოვდა.
ახლა უკვე არ იყო იარაღი.
არც დევნა.
არც სისტემა მათ შორის.
-არა, - თქვა ჩუმად.
-ახლა პირველად… იწყება ნორმალური ცხოვრება.

მარიამს ოდნავ გაეღიმა.
-და შენ იქნები ამ ცხოვრებაში?

ეს კითხვა პირდაპირი იყო.
უპასუხოდ ვერ დარჩებოდა.

დათამ ღრმად ამოისუნთქა.
-არ ვიცი რამდენად მშვიდი ცხოვრება გამომივა… - თქვა ოდნავი ღიმილით.

შემდეგ სერიოზული გახდა.
-მაგრამ ერთი ვიცი.
მარიამს მიუახლოვდა.
-იმ ღამიდან… როცა პირველად არ გაგიშვი…
მისი ხმა უფრო ჩუმი გახდა.
-მერე ვეღარ შევძელი.

სიჩუმე.
მარიამს სუნთქვა შეეკრა.
დათამ ხელი გაუწოდა.
ამჯერად - შეგნებულად.
არა ინსტინქტურად.
-მარიამ… მე არ ვიცი, როგორ უნდა ვთქვა სწორად…

მარიამმა ოდნავ გაუღიმა.
-მაშინ არ თქვა სწორად.

დათას გაეღიმა.
შემდეგ - უბრალოდ თქვა:
-მე შენთან დარჩენა მინდა.

ეს არ იყო დიდი სიტყვები.
მაგრამ საკმარისი იყო.
მარიამმა ხელი ჩაჰკიდა.
და აღარ გაუშვია.

ფანჯრიდან დილის შუქი შემოდიოდა.
ქალაქი იღვიძებდა.
ხიდი აღარ იყო.
მაგრამ ადამიანები ისევ დადიოდნენ.
ისინი ისევ ცხოვრობდნენ.
და ამჯერად - 
სიმართლე აღარ იყო დამარხული.




*****

ერთი წლის შემდეგ.

თბილისის ნოემბერი ისევ ისეთივე წვიმიანი იყო, როგორც იმ ღამეს, როცა ლუკა გაუჩინარდა. თუმცა, ქალაქის ჰაერში რაღაც ფუნდამენტურად შეცვლილიყო. სანაპიროზე, იქ, სადაც ოდესღაც გიგანტური ბეტონის კონსტრუქცია უფსკრულზე იყო გადაკიდებული, ახლა მხოლოდ ხიდის საძირკვლის ნარჩენები ჩანდა. ხელისუფლებამ ტერიტორია კონსერვაციაში მოაქცია და იქ მემორიალური პარკის გაშენება დაიწყო - ადგილი, რომელიც ადამიანებს სისტემურ კორუფციაზე მეტად, სიმართლის ფასს შეახსენებდა.

მარიამი პატარა კაფეში იჯდა, რომელიც მდინარეს გადაჰყურებდა. მის წინ ლეპტოპი იდო, მაგრამ ამჯერად ის კოდებს კი არ ტეხდა, არამედ ახალ საგანმანათლებლო პლატფორმას აწყობდა კიბერუსაფრთხოების შესახებ.

პლატფორმა უკვე პატარა სკოლად იყო ქცეული - ახალგაზრდები სწავლობდნენ, როგორ დაეცვათ საკუთარი თავი ციფრულ სამყაროში და როგორ არ გამხდარიყვნენ სისტემის უსიტყვო ნაწილი.

ის აღარ იმალებოდა. პირიქით, მისი სახელი გამჭვირვალობისა და ციფრული თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

ელენე ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
ის აღარ იმალებოდა.
ის მუშაობდა როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი - იკვლევდა კორუფციას, აქვეყნებდა გამოძიებებს და მარიამის პლატფორმას რეალური ისტორიებით ავსებდა.
-სისტემას ყველაზე მეტად სიმართლე ეშინია, - ამბობდა ის ხშირად.
- და ახლა ჩვენ ამ სიმართლეს ხმამაღლა ვამბობთ.

ლუკა მარიამის გვერდით იჯდა. ის ფიზიკურად გამოკეთდა, თუმცა მის თვალებში დარჩენილი სევდა არასდროს გაქრებოდა. მან გამოსცა წიგნი - „მოდული 7: იმპერიის ნგრევა“, რომელიც ქვეყნის მთავარ ბესტსელერად იქცა.
მაგრამ ეს წიგნი მხოლოდ გამოძიება არ იყო.
ეს იყო ჩვენება.
საკუთარი ოჯახის, საკუთარი შეცდომების, და იმ ფასის, რაც სიმართლეს აქვს.
ზოგჯერ ის ლექციებსაც კითხულობდა - 
და ყოველთვის ერთი წინადადებით ამთავრებდა:
-“სისტემა არ ინგრევა ერთ დღეში.
მაგრამ ერთი სიმართლე საკმარისია, რომ ბზარი გაჩნდეს.”

-დღეს სასამართლო პროცესი სრულდება,- თქვა ლუკამ და ყავა მოსვა. - კანდელაკს, მაისურაძესა და დანარჩენებს მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯეს. გიორგიზე კი... ოფიციალურად 'უგზო-უკვლოდ დაკარგულად' გამოაცხადეს.

მარიამმა თავი დაუქნია. მან იცოდა, რომ გიორგი იქ დარჩა, სადაც მისი შექმნილი სამყარო დაინგრა. ეს იყო მისი არჩევანი და მისი სასჯელი.

ქალაქში კი ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყეს. ამჯერად პროექტში ჩართული იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, არქიტექტორები და სამოქალაქო აქტივისტები. ყოველი ტრანზაქცია საჯარო იყო, ყოველი ბეტონის ფილა - შემოწმებული.
მარიამმა ლეპტოპი დახურა და ფანჯარაში გაიხედა. მან დაინახა, როგორ გადადიოდნენ ადამიანები მდინარის მეორე მხარეს დროებითი, ხის ხიდით. ის არ იყო ისეთი გრანდიოზული, როგორიც „აღორძინების ხიდი“, მაგრამ ის იყო ნამდვილი. ის არაფერს მალავდა თავის ქვეშ.
მამამისი მართალი იყო: სისტემა მხოლოდ შიშია. და როცა შიში ქრება, რჩება მხოლოდ სიმართლე - ისეთივე გამჭვირვალე და ცივი, როგორც ნოემბრის წვიმა, მაგრამ ისეთივე აუცილებელი სიცოცხლისთვის.
მარიამმა და ლუკამ კაფე დატოვეს და წვიმიან ქუჩაში გავიდნენ. ისინი აღარ გარბოდნენ. ისინი მიდიოდნენ წინ, სამყაროში, სადაც ხიდები აღარ იყო საფლავის ქვები, არამედ გზები მომავლისკენ.



მარიამმა და ლუკამ კაფე დატოვეს და წვიმიან ქუჩაში გავიდნენ.
ისინი აღარ გარბოდნენ. ისინი მიდიოდნენ წინ.
და სწორედ მაშინ მარიამმა ნაბიჯი შეანელა.
რაღაც იგრძნო.
უცნაური, მაგრამ ნაცნობი.
მოწყდა ხმაურს.
წვიმას.
ქალაქს.
შემობრუნდა.
ხის დროებითი ხიდის დასაწყისთან - 
დათა იდგა.
არა ისე, როგორც ადრე.
აღარ ჰქონდა დაძაბული მზერა.
აღარ ეჭირა იარაღი.
უბრალოდ იდგა.
და უყურებდა.

ლუკამ შეხედა, გაეღიმა.
-მე წინ წავალ, - თქვა ჩუმად და მათგან მოშორდა.
წვიმა უფრო ძლიერად წამოვიდა.
მარიამი ნელა მიუახლოვდა.
-კარგად იმალებოდი, - უთხრა.

-დრო მჭირდებოდა, - უპასუხა დათამ.
მოკლე სიჩუმე.

-და ახლა?

-ახლა აღარ გავრბივარ.

მათ შორის უკვე აღარ იყო საფრთხე.
არც დაუმთავრებელი სიტყვები.
მხოლოდ ის, რაც დარჩა.

დათამ ნაბიჯი გადადგა მისკენ.
-ვნახე, რას აკეთებ, - თქვა მან. - ეს პლატფორმა… შენ მართლა შეცვალე რაღაც.
მარიამმა ოდნავ აიჩეჩა მხრები.

-და შენ?
დათამ ოდნავ ჩაიღიმა.

-შემომთავაზეს დაბრუნება, - თქვა მშვიდად.
-უფრო სწორად… დაწინაურება.

-რა? - გაუკვირდა მარიამს.

-განყოფილების უფროსის ადგილი, - უპასუხა დათამ.
მოკლე პაუზა.
- როგორც ბოდიში. ტყუილი ბრალდებებისთვის… და როგორც ჯილდო.

-და შენ რას აპირებ?
დათამ მხრები ოდნავ აიჩეჩა.
-ჯერ არ ვიცი. სისტემა შეიცვალა… მაგრამ ბოლომდე არა.
შემდეგ დაამატა, ჩუმად:
-ამჯერად მინდა, რომ არჩევანი მე გავაკეთო… არა მათ.

სიჩუმე.
დათამ ხელი გაუწოდა.
ამჯერადაც - შეგნებულად.
მარიამმა შეხედა.
ზუსტად ისე, როგორც იმ ღამეს.
შემდეგ ხელი ჩაჰკიდა.

-ახლა? - ჰკითხა მან ჩუმად.
დათამ ახლოს მიიზიდა.
-ახლა… ვცდილობთ ნორმალურად ცხოვრებას.

მარიამს გაეღიმა.
-შენთან ერთად?

-სხვა ვარიანტი არც განიხილება.
მარიამმა ხელი მოხვია.



****
ეპილოგი

ქალაქი ისევ სუნთქავდა.
არა ისე, როგორც ადრე, როცა ყველაფერი ზედაპირზე მშვიდი ჩანდა და სიღრმეში ლპებოდა.

მემორიალურ პარკში ადამიანები დადიოდნენ.
ზოგი ჩერდებოდა.
ზოგი უბრალოდ გადიოდა.
მაგრამ ყველამ იცოდა - 
ეს ადგილი რაღაცის დასასრულს კი არა, რაღაცის გახსენებას ნიშნავდა.

მარიამი ნელა მიდიოდა ბილიკზე.
ახლა მას აღარ ეჩქარებოდა.
არც გარბოდა.
არც იმალებოდა.
მის გვერდით დათა მიდიოდა.
მშვიდად, აუღელვებლად.

ცოტა მოშორებით, ლუკა ელენესთან ერთად იდგა.
რაღაცაზე კამათობდნენ - როგორც ყოველთვის.

-ეს სათაური ძალიან მშრალია - ამბობდა ელენე.
- ხალხში ემოციები უნდა აღძრა სათაურით.
-მე მინდა, რომ იფიქრონ, არა რომ შეიშალონ - პასუხობდა ლუკა.

დათას და მარიამს გაეცინათ.

მარიამი უყურებდა და გული არ ეკუმშებოდა.

მართალია ყველაფერი არ გამოსწორებულა, მაგრამ ისინი ცოცხლები იყვნენ და არჩევანი მათ ხელში იყო.

დათამ ნაბიჯი შეანელა.
-ვიღაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, - თქვა ჩუმად.
მარიამმა იცოდა, რაზე საუბრობდა.
-ანუ… დათანხმდები?

-ჰო… თუ არ შევალ შიგნით… ისევ სხვები ააშენებენ იმავე სისტემას.

მარიამმა თავი დაუქნია.
-მაშინ შეცვალე.

დათამ შეხედა.
-და შენ?

-მე გარედან მოგეხმარები - თქვა მარიამმა მშვიდად.

დათას გაეღიმა.
-ანუ ისევ პარტნიორები ვართ?
მარიამმა ხელი ჩაჰკიდა.


ქარმა ხეებს შორის გაიარა.
სადღაც ბავშვების ხმა გაისმა.
ქალაქი ცხოვრობდა.
არ იყო იდეალური.
არც უსაფრთხო.
მაგრამ აღარ იყო ბრმა.

მარიამმა ცას ახედა.
მამამისის სიტყვები ისევ ახსოვდა:
“სისტემა მხოლოდ შიშია.”
ახლა კი იცოდა, შიშს როცა სახელს არქმევ, ის ძალას კარგავს.

დათამ ხელი მოუჭირა.

და იქ, სადაც ოდესღაც ხიდი იდგა,
ახლა აღარ იყო ბეტონი.
მაგრამ ასრებობდა გზა სიმართლის და ერთმანეთის.
მათ შორის და წინ.



——————

მადლობა, რომ კითხულობდით.
ეს ისტორია მხოლოდ ხიდებზე, სისტემებზე ან დანაშაულზე არ არის.
ეს ისტორიაა არჩევანზე - იმ ერთ მომენტზე, როცა ადამიანი წყვეტს, დარჩეს ჩუმად თუ თქვას სიმართლე.
შესაძლოა, ეს მხოლოდ ისტორიაა.
შესაძლოა, ეს ყველაფერი შორს გეჩვენებათ.
მაგრამ სისტემა ყოველთვის სადღაც ახლოს არის.
ხანდახან - ჩვენშიც.
არ შეგეშინდეთ კითხვების დასმის.
არ შეგეშინდეთ ეჭვის.
არ შეგეშინდეთ სიმართლის.
რადგან სწორედ იქ იწყება ცვლილება.
და თუ ოდესმე მოგეჩვენებათ, რომ ვერაფერს შეცვლით, გაიხსენეთ ყველაზე ძლიერი სისტემაც კი ერთ პატარა ბზარს ვერ უძლებს.

მადლობა, რომ ეს გზა ჩემთან ერთად გაიარეთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent