შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამნის ხესთან (ნაწილი 3)


გუშინ, 12:12
ავტორი Barbara0
ნანახია 10

ყაზბეგის სიოს მოჰქონდა გრილი სუნი. თავი ოდნავ ასწია, სიწითლე შეეპარა ცისფერებს. სუნთქვის რიტმიც ირეოდა, მძიმდებოდა და წყდებოდა - თითქოს გული დარტყმებს ტოვებდა და სისხლი არ მიეწოდებოდა.
ნენეს კაცის შუბლზე ჰქონდა შემჩნეული მკაფიო შრამი ახლა უფრო ახლოდან შეხედა, საფეთქელთან წარბის გავლით კანი მკაფიოდ ჩაღრმავებული ჰქონდა. დაუმორჩილებელი ხელი წაიღო დამიანეს წარბისკენ.
- ეს მაშინ?
- თბილისში რო მოვდიოდით, გზა მოყინული იყო... თორნიკე და ქეთევანი გვიან წამოვიდნენ, ქალაქში შესასვლელთან სანდრომ დამირეკა... ბოდიშს იხდიდა. პატიებას მთხოვდა. თვალები რო გავახილე თეთრ კედლებში ვიყავი. თეთრი იყო ყველაფერი, ისეთი რომ ხმებიც მკვეთრად ისმოდა ერთადერთი რაც გავიგე იმ წამს გოგოს ტირილნარევი ყვირილი იყო, მერე განადგურებული ქეთევანი, სანდროს დასაფლავება და გაუფერულებული დღეები... ნენეს ხელი არ მოუშორებია. თითები ისევ მის კანზე ჰქონდა გაჩერებული - იმ ხაზზე, სადაც ისტორია უკვე აღარ იმალებოდა. არაფერი უთქვამს, უბრალოდ სუნთქვა შეეკრა. ის სიტყვები ჯერ კიდევ ჰაერში იყო მძიმე და უცვლელი.
შრამი იმ ღამის შემდეგ თითოეულის დარჩა. ზოგს გარეგნულად - ზოგს შინაგანად, მაგრამ მაინც ღრმად დაიდო ბუდე მათ გულებში. გაბზარული ტკივილი თან სდევდა უცვლელი აჩრდილივით.
ნიავმა მხარზე ჩამოშვებული თავშალი სულ მოაშორა ნენეს მხრიდან. წყლის ხმაც გაძლიერდა, ღრუბლები შეიყარა მათ თავზე. ცხენები ზანტად წამოიწივნენ, ოდნავ მიეფერა ნენე ცხენს. ტაომ დააყარა, ნიავმა სულ აუშალა ფიქრები. კადრები ერთმანეთს ცვლიდა. ნიავმა თითქოს გააყუჩა ყველაფერი, მაგრამ შიგნით - არაფერი წყდებოდა. ნენემ თვალები დახუჭა წამით. ის სითბო, რომელიც ცხენისგან მოდიოდა, ვერ შველიდა იმ სიცივეს, რაც გულში ჩასახლდა. ნენემ ხელი ნელა ჩამოსწია მისი სახიდან. თითებზე ჯერ კიდევ გრძნობდა იმ უხეშ ხაზს - თითქოს კანი კი არა, დანაკარგი ჰქონდა შეხებული.
სიჩუმე ისევ ჩამოწვა, მაგრამ ამჯერად ის აღარ იყო ცარიელი - რაღაცას ელოდა. მოულოდნელად შორს მეხის ხმა გაისმა. ცა უფრო ჩამუქდა, თითქოს თვითონაც ვეღარ იტევდა დაგროვილ სიტყვებს. ქარმა უფრო ძლიერად დაუბერა.
წვიმის პირველი წვეთები მიწას დაეცა - ჯერ ფრთხილად, მერე უფრო თამამად.
ნენეს ისევ დაუბრუნდა ის კადრები.
სანდროს ხმა.
ბოდიში.
დაგვიანება.
ნენემ ნაბიჯი უკან გადადგა. ქარი თმას სახეზე უყრიდა, მაგრამ აღარ იშორებდა. სიტყვები უკვე არ იყო მხოლოდ კითხვები - ეჭვები იყო. და ეს ეჭვები...უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე ის ღამე.
- შენ მისდევდი… ჩუმად თქვა. ეს კითხვა არ იყო. დამიანემ თვალები დახუჭა წამით.
თითქოს საბოლოოდ - ვეღარ გაექცა.
- კი. ერთი სიტყვა, მაგრამ იმაზე მძიმე, ვიდრე ყველაფერი რაც აქამდე უთქვამს.
ნენემ თავი გააქნია, თითქოს ეს პასუხი არ ეყო.
- რატომ? დამიანემ მზერა აარიდა. წვიმის წვეთები სახეზე ჩამოსდიოდა, მაგრამ არ იწმენდდა. სიჩუმე გამეფდა, მხოლოდ წვიმის ხმა და ცხენების მოუსვენარი ნაბიჯები არღვევდა მუქ სიჩუმეს.
- იმიტომ, რომ ვიცოდი... რაღაც ხდებოდა.
- რა რაღაც?! ხმა გაებზარა ნენეს. დამიანემ ამჯერად პირდაპირ შეხედა.
- სანდრო იმ საღამოს შენთან მოდიოდა არა უბრალოდ... რაღაცის სათქმელად. ისევ სიჩუმე და ნენეს სუნთქვა შეეკრა.
- და შენ ეს იცოდი? ნელა ჰკითხა.
- ვეჭვობდი.
- და მაინც გაუშვი?! ეს უკვე ბრალდება იყო. დამიანე წინ წამოვიდა.
- არ გამიშვია! მივყვებოდი! უნდა მიმესწრო! მის ხმაში პირველად გაისმა გაბრაზება საკუთარ თავზე.
- მაგრამ ვერ მივასწარი... ჩუმად დაამატა. ნენეს თვალებში წყალი ჩაუდგა.
- ანუ... შენც ვერ გადაარჩინე.ეს სიტყვები დანა იყო. დამიანეს არ უპასუხია. არც შეეწინააღმდეგა. იმიტომ, რომ ეს სიმართლე იყო. მეხმა ისევ გაიელვა, მათი შორის დისტანცია უცებ გაიზარდა თითქოს წვიმამ კი არა, წარსულმა გაჰყო.
წვიმა უკვე ძლიერად მოდიოდა, თითქოს ცა იშლებოდა. უცებ ცხენმა თავი მკვეთრად ასწია და ნერვიულად ამოიხვნეშა, მისმა თვალებმა რაღაც დაინახა შორს, ბურუსში.
იმ ღამეს გატყდნენ. აღიარება დანაშაულის შეგრძნების დროს უფრო მსუბუქი უნდა ყოფილიყო მაგრამ ერთმანეთის თვალების შემხედვარე ეს უფრო მტკივნეული ხდებოდა. სუნთქვის რიტმი ისევ აერია, ცხენთან ჩაიკეცა მას მიყვა დამიანეც ნელა შეაშველა ხელი და ისიც მასთან ერთად ჩაიმუხლა. ყაზბეგის სიჩუმეს მიყვნენ და მიენდნენ. ფრთხილად წამოაყენა ქალი და მზადყოფნაში მომართული ცხენისკენ დაიძრა, ხელის შეშველებით დასვა ცხენზე, მის ზურგს უკან დაჯდა დამიანე და ცხენის აღვირი მოიქცია ხელში. ნენე დამიანეს გახშირებულ სუნთქვას გრძნობდა ლავიწის ძვალთან, ტაომ დააყარა და თვალები აემღვრა, ჩხვლეტა იგრძნო გულსი არეში მაგრამ ფანტავდა ქარი მის ყველა ტკივილს, ფიქრს და დარდს.
არეული ამინდი, არეული გრძნობები და თმები რომლის არომატიც ჰაერში იფანტებოდა - ცივი, პიტნის სუნი ხვდებოდა, ნენეს თმებიც უკვე დაუმორჩილებლად ედებოდა დამიანეს სახეს. ცხენის აღვირი მჭიდროდ მოიქცია ხელში და მკლავებს შორის ნენეს გრილ მკლავებს გრძნობდა. ნენე გიტარის სიმივით დაჭიმული იჯდა ცხენზე ვერც ქარს მიენდო ვერც დამიანეს, უბრალოდ ინერციით მიყვებოდა უკვე არსებულს. გული ორად კი არა, თითქოს სხვადასხვა რიტმში ფეთქავდა - ერთი ნაწილი წინ მიიწევდა, მეორე უკან ექაჩებოდა, არცერთს არ ჰქონდა ძალა გაემარჯვა. გულის სიღრმეში იმ დღის ემოციები და აღიარებები უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალოდ სიტყვები ან ბოდიში. მანძილი სახლამდე თითქოს უსასრულოდ გაიწელა და უხერხული სიჩუმეც ქარს მიყვებოდა. მხოლოდ უცნაური, აუხსნელი ემოციები რჩებოდა რომელიც ღრმად იკიდებდა ფეხს, მათ სულში ბუდობდა უკვე გრილი და ცივი სუნი - ორი სხვადასხვა ფერი და ურთიერთსაპირისპირო გრძნობებიც, რომელსაც თან ახლდა გაურკვევლობაც. ნენე ოდნავ შეირხა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ხმა არ ამოუვიდა. დამიანემ სუნთქვა შეიკავა, ზედმეტად ახლოს იყო, ზედმეტად ცხადი.
ერთი წამით, ყველაფერი შეჩერდა. აღარც ქარის ხმა ისმოდა აღარც ფლოქვების. ჭიშკართან შედგა ცხენი. ელდანაკარავივით მოშორდა დამიანეს და ჩამოვიდა ცხენიდან. თავბრუსხვევა იგრძნო, უნაგირს ჩაეჭიდა წონასწორობის შესანარჩუნებლად, მყარად რომ იგრძნო თავი სახლისკენ გაიწია, ჩამოქვეითებული დამიანეც დაეწია რომელსაც უკან შავტუხა, ემოციებისგან დაცლილი ცხენი მოყვებოდა.როგორც სამსჯავროზე წარდგენილის ნაბიჯები, ისეთი მძიმე იყო მათი თითოეული მოძრაობა. გარშემო სამარისებული სიჩუმე იყო, ნენე სამზარეულოში შევიდა ისევ ორი ჭიქა ყავა გააკეთა. ერთი ჭიქით ჰამაკისკენ დაიძრა, შაქრიანი ყავა კი იქვე კიბის საფეხურის კიდეზე დადო. ამინდი ჯერ ბოლომდე არ ირეოდაა, ფოთლების შრიალი ნაზად ედებოდა გარემოს ხმაურს, ტყის სიღრმიდან ტურების ხმა აღწევდა, ალაგ ალაგ ძაღლის ყეფაც დაერთვებოდა ხოლმე ფონად. რამდენიმე წუთში დამიანე გამოჩნდა, იმ კიბის საფეხურზე ჩამოჯდა სადაც ნენემ ყავის ჭიქა დადო, ჯერ კიდევ თბილი იყო ჭიქა. წვიმის სუნი ჯერ კიდევ ჰაერში ტრიალებდა. დამიანემ ყავის ჭიქას თითები შემოაჭდო, მაგრამ არ დაულევია.
- შენ მაინც არ მითხარი... ნენეს ხმა ჰამაკიდან გაისმა, მშვიდი, მაგრამ შიგნიდან დაძაბული.
- რა? თითქოს დრო გაიწელა ამ ერთ სიტყვაში.
- რას გრძნობდი მაშინ... როცა მიყვებოდი. დამიანემ თავი დახარა. თითებით ჭიქის კიდეს უსვამდა, თითქოს იქ პასუხს ეძებდა.
- შიშს. თქვა ბოლოს. - და არა იმიტომ, რომ რამე მოხდებოდა… მოკლედ გაეღიმა, მაგრამ ეს ღიმილი უფრო ტკივილს ჰგავდა. - იმიტომ, რომ უკვე ხდებოდა და ამას ვერ ვაჩერებდი. ნენე ნელა წამოიწია ჰამაკში. ჭიქა მჭიდროდ მოიქცია ხელებში.
- ანუ იცოდი, რომ ვერ გააჩერებდი? დამიანემ ამჯერად პირდაპირ შეხედა.
- არა. ვიცოდი, რომ თუ არ წავიდოდი… მერე ვეღარ ვიცოცხლებდი ამ ფიქრით. სიჩუმე ისევ ჩამოწვა, მაგრამ ამჯერად სხვა იყო - ნაკლებად მძაფრი, უფრო ღრმა, მაგრამ მაინც მტკივნეული. ნენე და დამიანეც ჯიუტად მარილს აყრიდნენ ერთმანეთის ჭრილობებს. ნენემ თვალები დახუჭა წამით. ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში.
- და ახლა? ჩუმად იკითხა. - ახლა შეგიძლია? დამიანე არ დაელოდა.
- არა. ეს “არა” სხვანაირი იყო, არა თავის მართლების, არამედ აღიარების. ქარი ისევ ამოძრავდა. ჰამაკი ოდნავ შეირხა. ნენე წამოდგა ნელა და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა.
- მაშინ რატომ დარჩი?
- იმიტომ, რომ შენ დარჩი. ეს სიტყვები თითქოს ჰაერში გაიყინა. ნენემ მზერა აარიდა, მაგრამ აღარ გაშორებია. ორივე მიხვდა - ეს აღარ იყო მხოლოდ წარსულზე საუბარი. დამიანემ აღარაფერი თქვა. ჰაერში ისევ ეკიდა მისი ბოლო სიტყვები, მაგრამ არც ერთი ცდილობდა მათ გაქარწ....ბას. ნენე რამდენიმე წამი იდგა უძრავად. შემდეგ ნელა მიუახლოვდა - ისე, თითქოს თითო ნაბიჯი რაღაცას ტეხავდა. ახლოს გაჩერდა - ზედმეტად ახლოს. დამიანეს სუნთქვა შეეკრა ქალის სიახლოვისგან. მისი თვალები ნენეს სახეზე გაჩერდა - სველი თმა, ოდნავ აკანკალებული ტუჩები… მაგრამ ხელი არ გაუწვდია. ნენემ თვითონ გააკეთა ეს. ფრთხილად შეეხო მის ხელზე დადებულ თითებს იმ ხელზე, რომელიც ცოტა ხნის წინ აღვირს უჭერდა. ცივი იყო.
- შენ გცივა… ჩუმად თქვა, თითქოს თავისთვის. კაცი რომლისგანაც მუდმივად სითბო მოდიოდა. ახლა გაყინული იყო. დამიანეს გაეღიმა ძალიან ოდნავ.
- არ არის სიცივე. ნენემ არ გაუშვა ხელი. პირიქით - უფრო მჭიდროდ შემოაჭდო თითები.
- მაშინ რატომ გიკანკალებს? ისევ მის ხელებს დახედა, რომელიც ყავის თბილმა ჭიქამაც ვერ უშველა. ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობდა ისეთი, რომელიც ყველაფერს იტყოდა და არაფერს გააფუჭებდა. დამიანემ ბოლოს უბრალოდ თქვა:
- შენ მეხები, ნენე. სიჩუმე, მაგრამ ეს სიჩუმე უკვე სხვანაირი იყო არა მძიმე არამედ დაჭიმული, საბრძოლოდ მომზადებული, ყოველ წამს ტყვიებისგან დაცვარულ ველზე გაქცევას რო ლამობს. ნენემ თვალები ასწია. მათ შორის მანძილი თითქმის აღარ იყო, მაგრამ მაინც - რაღაც უხილავი ზღვარი იდგა.
- და თუ აღარ შეგეხები? ძალიან ჩუმად ჰკითხა. დამიანემ თავი ოდნავ გააქნია.
- გვიანია. ეს სიტყვა არ იყო თხოვნა, არც აკრძალვა. უფრო აღიარება. ქარმა ისევ დაუბერა. ჰამაკი შეირხა, ფოთლები ახმაურდა, მაგრამ არც ერთს არ შეუმჩნევია. ნენეს თითები ნელა აცურდა მის ხელზე - მაჯამდე, მერე ზევით… იქ გაჩერდა, სადაც პულსი ყველაზე მკაფიოდ იგრძნობოდა. ორივე უსმენდა ერთსა და იმავე რიტმს, ერთსა და იმავე არეულობას. დამიანემ ამჯერად ვერ შეიკავა ხელი ნენეს წელზე ნელა, ძალიან ფრთხილად შემოახვია. ისე, თითქოს ნებისმიერ წამს შეიძლებოდა უკან დაეხია. ნენე არ გაწეულა, პირიქით - ოდნავ მიეყრდნო და ეს იყო პირველი მომენტი, როცა არც ერთმა არ იფიქრა წარსულზე. მისი სუნთქვა ნელა, მაგრამ ღრმად ედებოდა დამიანეს გულმკერდს. დამიანეს ხელი ისევ მის წელზე ედო - არ უმატებდა ძალას, არც აშორებდა, უბრალოდ იქ იყო, როგორც რაღაც დაუმთავრებელი აზრი. დრო თითქოს დაიკარგა, არავინ იცოდა რამდენ ხანს იდგნენ ასე - წამები იყო თუ წუთები. ნენემ თვალები დახუჭა. არა იმიტომ, რომ ეშინოდა, არც იმიტომ, რომ უნდოდა დაემალა რამე. უბრალოდ… გაუსაძლისი გახდა ყურება. დამიანემ ეს იგრძნო, მისი თითები ოდნავ შეირხა, ქალის წელზე თითქოს კიდევ უფრო ახლოს უნდა მიეწია, მაგრამ გაჩერდა - ზღვართან. ყოველთვის ამ ზღვართან ჩერდებოდა. ნენეს თავი ოდნავ დაეხარა, შუბლი მის მხარზე შეეხო, მოკლედ, გაუბედავად. დამიანემ სუნთქვა შეიკავა, მერე ნელა გაუშვა. თითქოს ეშინოდა, რომ თუ ძალიან თავისუფლად ამოისუნთქავდა, ეს მომენტიც გაქრებოდა. ქარი ისევ დადიოდა ჯერ კიდევ ახლად გამწვანებულ ვაზის ტოტებს შორის. ხეებს შორის რაღაც ჩურჩულებდა - არა ხმამაღლა, მაგრამ უწყვეტად ისმოდა, ზარების ხმაც, სადღაც შორიდან. შიგნით კი - სრული სიჩუმე. ნენემ თვალები გაახილა, მაგრამ თავი აღარ აუწევია.
- ასე… რამდენ ხანს შეიძლება? ძლივს გასაგონად იკითხა. დამიანემ პასუხი არ გასცა მაშინვე. მხოლოდ უფრო მყარად დაადო ხელი, მაგრამ მაინც ფრთხილად ისე, რომ ნებისმიერ წამს შეეძლო უკან დახევა.
- იმდენ ხანს, რამდენსაც არ ვიფიქრებთ… ამოთქვა ბოლოს. ნენემ ოდნავ გააქნია თავი მის მხარზე.
- ვერ ვჩერდები. ფიქრების ზღვა არ წყდება. ეს იყო სიმართლე, რომელიც არ ტოვებდა არც ერთს. დამიანემ თვალები დახუჭა წამით. მისი ნიკაპი ნენეს თმაში ჩაიძირა - ის პიტნის სუნი ისევ იქ იყო, მაგრამ ახლა უფრო ახლოს, უფრო მკაფიო.
- მაშინ ნუ გაჩერდები… ჩუმად თქვა, მაგრამ სიტყვებში დაღლა ისმოდა. - უბრალოდ… არ წახვიდე. ნენე არ განძრეულა. არც “კი” უთქვამს. არც “არა”, მაგრამ არც მოშორებია. და ეს იყო მათი პასუხი. გარეთ ქარმა კიდევ ერთხელ ძლიერად დაუბერა. ჰამაკი ოდნავ შეირხა, კიბეზე დარჩენილი ყავა გაცივდა. შიგნით კი - დრო აღარ მოძრაობდა. მხოლოდ ორი ადამიანი იდგა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს, მაგრამ მაინც - ბოლომდე არ. და ეს “არ” ყველაზე მძიმე იყო. ნენე პირველი იყო, ვინც ოდნავ დაიძრა არა მკვეთრად - ისე, თითქოს ეშინოდა, რომ ზედმეტი მოძრაობა ყველაფერს დაანგრევდა. ნელა ასწია თავი მისი მხრიდან. დამიანეს ხელი მაშინვე მოეშვა, მაგრამ არ ჩამოუღია - უბრალოდ ჰაერში დარჩა წამით, თითქოს ვერ გადაწყვიტა ბოლომდე გაეშვა თუ არა. მათი თვალები გადაიკვეთა, ახლა უკვე ახლოდან - ძალიან ახლოდან და სწორედ ამ სიახლოვემ აიძულა ნენეს მზერა აერიდებინა.
- გვიანია… თქვა, მაგრამ ეს უფრო გაქცევა იყო, ვიდრე სურვილი. დამიანემ თავი დაუქნია. არ გაუჩერებია, არც უცდია. ნენემ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა შემდეგ კიდევ ერთი. თითქოს თითოეული ნაბიჯით რაღაცას იშორებდა, მაგრამ რეალურად - უფრო იძირებოდა იმაში, რაც ცოტა ხნის წინ იგრძნო. კართან შეჩერდა მშვიდად მობრუნდა, იმ აკანკალებულ ხელს ეფარებოდა წამის წინ დამიანეს გაყინულ ხელს რომ შეახო. დამიანე ისევ იქ იდგა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც დატოვა. არ მიახლოებია, არც გაჰყვა. უბრალოდ უყურებდა და ეს უფრო რთული იყო, ვიდრე ნებისმიერი შეხება.
ნენეს რაღაც უნდა ეთქვა, რაღაც მარტივი, ჩვეულებრივი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ბოლოს დააშორა გამომშრალი ბაგეები ერთმანეთს მხოლოდ ჩუმად თავისთვის თქვა:
- მშვიდი ღამე დამიანე. დამიანემ პასუხი არ დააყოვნა.
- ნენე… მისი სახელი სხვანაირად ჟღერდა. ნენე გაჩერდა, მაგრამ არ მიბრუნებულა. რამდენიმე წამი გავიდა და ისევ სიჩუმე, მხოლოდ ფოთლების შრიალი და მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა.
- მშვიდი ღამე… დაამატა ბოლოს დამიანემ. ნენემ კარები ნელა მიხურა. ისევ სიჩუმე დარჩა, მაგრამ აღარ იყო ეს სიჩუმე ბასრი ამავე დროს არც ეს ღამე ყოფილა მშვიდი. დამიანემ ბოლოს ამოისუნთქა - ღრმად, მძიმედ, თითქოს აქამდე საერთოდ არ სუნთქავდა. კიბეზე ჩამოჯდა ისევ. ცივი ყავა ხელში აიღო, მაგრამ არ დაულევია.თითქოს ყველაფერი, რაც უნდა ეგრძნო, უკვე იგრძნო. ზემოთ, ოთახში, ნენე კარს მიეყრდნო. თვალები დახუჭა. და პირველად იმ ღამის შემდეგ - არ ეშინოდა სიჩუმის. ეშინოდა მხოლოდ ერთი რამეს: რომ ხვალ ისევ იგივე მანძილი იქნებოდა მათ შორის, რომ ისევ იგივე ბზარი დარჩებოდა მათ შორის, რომელიც ტკივილს უფრო მეტად უღრმავებდა და მაინც… ვერც უარყოფდა, რომ ეს მანძილი უკვე აღარ იყო ისეთი, როგორიც ადრე.
დილა ნელა შემოიპარა ოთახში. პირველად სინათლე გაჩნდა - ფრთხილი, თითქმის შეუმჩნეველი, ფანჯრის კიდიდან შემოსული, შემდეგ - სიჩუმე, რომელიც უკვე აღარ იყო ღამის მსგავსი. ნენემ თვალები გაახილა. რამდენიმე წამი არ განძრეულა უბრალოდ უყურებდა ჭერს, თითქოს ცდილობდა გაეხსენებინა რა იყო რეალური და რა არა, მაგრამ სხეული არ ატყუებდა. მხარზე ისევ დარჩენილი სითბო… სუნთქვა, რომელიც მის კანს ეხებოდა… თვალები ისევ დახუჭა წამით ღრმად ჩაისუნთქა. ნელა წამოდგა ესიამოვნა სიგრილე ფანჯარასთან მივიდა. გარეთ ყველაფერი მშვიდი იყო თითქოს გუშინდელი ქარი საერთოდ არ ყოფილა.
კედლებს მიღმა ხმაური ისმოდა რომელიც ნენეს ოთახშიც აღწევდა. ფრთხილად ჩავიდა ქვემოთ თორნიკე და ზუკა სამზარეულოში წინსაფრებით ტრიალებდნენ, ლილე და თამარი კი ვიდეოს უღებდნენ და სიცილს ვეღარ იკავებდნენ. დამიანე კი ფანჯრის რაფადთან იდგა ჭიქით ხელში. თორნიკე ცომს უტრიალებდა, ყველა გვერდიდან მოუარა რო კარგი ცომი გამოსვლოდა, ზუკა ყველს ხეხავდა და ნახევარს პროცესში ჭამდა. იქვე მდგომმა ჭიქა გაუწოდა, ცხელი ყავა იყო, უშაქრო.
- ნენე შენ მაინც დადექი გვერდით, ეს ბავშვები გვაწამევენ. საწყლად ააფახუნა ფქვილში ამოსვრილმა თორნიკემ თვალები თითქოს ის რადიკალურად დიდი ყოფილიყოს გოგოებზე. ეს სურათი მეტყველებდა რო ზრდასრული ექიმი და ადვოკატი გოგოების ასაკამდე ჩამოვიდნენ და თინეიჯერ ბიჭებს გავდნენ.
- თქვენთვისვე აჯობებს გემრიელი იყოს თორე მერე მეც ვერ გიშველით. ნენემ დანანებით ასწია ხელები ჰაერში. - ცოტა არიყოს მომშივდა. ისიც ახარხარებულებს ამოუდგა გვერდში და მიიხუტა ორივე გულზე, ამან უფრო მეტად გაახალისა გოგოები და მთელ სახლს გადაუარა მათმა სიცილმა.
მთელი დღე გართობაში და სიცილში გაატარეს. პატარა ფერია და ქალბატონი თამარი არ აძლევდნენ მოდუნების საშუალებას. სამზარეულოში თორნიკე და ზუკა ტრიალებდნენ, დამიანესთან ერთად გააწყეს მაგიდა.
- ბიჭებო ისეთი გემრიელი ხაჭაპურია და არამარტო რომ დროა უკვე დროო... სასაცილოდ გადაუხითხითა ლილემ
- ნამდვილად ლი... ჩუმად გადაუჩურჩულა თამარმა ლილეს. - სანამ სამზარეულოში ტრიალი შეგიძლიათ, აღარ ხართ პატარები... მზაკვრულად აუწია წარბები თამარმა წინ მსხდომებს.
ყველანაირი უხერხულობა იფანტებოდა ამ ორის გარშემო, შეუძლებელი იყო თამართან და ლილესთან არ გაგცინებოდა. გოგოების ბოლოზარზე და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკეს, გაკვრით საზაფხულო არდადეგებიც დაგეგმეს, გამოცდების შემდეგ. შუადღე გარეთ გაატარეს, ბალახზე ადიელა ჰქონდათ დაფენილი და ღრუბლების ფორმაზე ბჭობდნენ თამარი და ლილე, ნენე მათთან ერთად ჰამაკში იჯდა - ამოყირავებული ისიც ღრუბლების თვალიერებით იყო გატაცებული, მაგრამ ფიქრებმაც წაიყვანა სადღაც შორს, წარსული არც ტოვებდა და არც შორს უშვებდა. სამზარეულოს შემდეგ დამიანესთან ერთად ბაღში გადაინაცვლეს სერიოზულმა ხალხმა და ხეების გარშემო სივცრეს ასუფთავებდნენ. შებინდებამდე ცეცხლიც დაანთეს და ღობის გადაღმა, მეზობლის მოპარული სიმინდიც შეწვეს.
ჰაერში გაფანტული წარსულის ნატეხები კი არაფრით აღწევდა თავს ნენეს და დამიანეს. ყოველი გადაკვეთილი მზერა აბობოქრებული ზღვა და ემოციების ტალღა იყო, ვერც ერიდებოდნენ ვერც ახლოს მიდიოდნენ.
- ნენე... მისი სახელი ისევ ისე ჟღერდა, როგორც გუშინ, მაგრამ უწინდელთან შედარებით ტკივილი ქრებოდა დამიანეს ხმაში. კითხვისნიშნიანი მზერით შეხედა ნენემ, ხმაც ვერ ამოიღო. დამიანემ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ ზუსტად იმ მანძილზე, სადაც უკვე შეიძლებოდა შეხება იქ შეჩერდა და სწორედ ეს იყო საკმარისი. - გუშინ... სიტყვა ჰაერში გაიყინა.
- არ გვჭირდება.... ჩუმად დაამატა, ხელებზე დაიხედა ნენემ, სიცივე ის მოედო მის სხეულს ხელები გაეყინა. - ახსნა. ჩუმად დაამატა ისე თითქოს ეშინოდა ამის თქმის, აღირების, რომ წარსული ნელ-ნელა უფერულდებოდა და შეიძლება ოდესმე ძალაც დაჰკარგვოდა.
ფრთხილად ეცადა დისტანცია დაეცვა ნენეს, მაგრამ დამიანესგან წამოსულმა სითბომ დათრგუნა ყველანაირი სიცივე და დისტანცია, ნელა უმტკივნეულოდ ეცადა შეხებოდა ქალის გაყინულ ხელს, ისევ იგრძნო როგორ დააყარა ტაომ ნენეს.
- მოიცვი რამე, საღამოს გზაში შეგცივდება. პერანგის საყელო, თხელი სიფრიფანა მატერია მხარზე შეუსწორა. სუნთქვა ერეოდა - თითქოს სხეულის ნახევარი მისკენ მიიწევდა, მეორე ნახევარი კი ადგილზე ყინავდა.
ნელ-ნელა იშლებოდა დღე და ანაცვლებდა საღამო. საღამოს სინათლე უფრო რბილი გახდა, ხეებს შორის ოქროსფრად იფანტებოდა მზის სხივები. ლილე ისევ რაღაცაზე იცინოდა - ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო, გულწრფელად, დაუფარავად, თითქოს სამყაროში ბოროტება საერთოდ არ არსებობდა. ნენემ თვალები გააყოლა. უცნაურად მშვიდი იყო ეს ხმა, იქ მყოფების სიცილი, საუბარი ყოველდღიურობაზე და გრილი საღამო.
- მართლა გჯერა, რომ ყველაფერი კარგად მთავრდება? ჰკითხა მოულოდნელად ნენემ, ისე რო ჰორიზონტზე მზის სხივებისთვის თვალი არ მოუშორებია. ლილე არც დაფიქრებულა.
- არა. გაეღიმა, გულწრფელად სწორედ ის ღიმილი დალანდა ნენემ როცა პირველად გაიცნო ფერიასავით რო უღიმოდა. - უბრალოდ მგონია, რომ ცუდიც ვერ გრძელდება სამუდამოდ, სადღაც მაინც გაწყდება. სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ეს სიჩუმე აღარ იყო მძიმე. ნენემ თავი ოდნავ გააქნია, თითქოს ეს პასუხი სადღაც შიგნით ჩაწვდა იქ, სადაც ყველაზე მეტად ტკიოდა. დამიანე ახლოს იდგა. არაფერი უთქვამს. არც მიუახლოვდა, მაგრამ ამჯერად მანძილი აღარ იყო ისეთი, როგორიც ადრე. ქარი ნელა უვლიდა ეზოს, ფოთლებს შორის გაიპარა და ისევ გაქრა. არაფერი შეცვლილა და მაინც, ყველაფერი სხვანაირი იყო. ნენემ ღრმად ჩაისუნთქა. ტკივილი ისევ იქ იყო, მაგრამ პირველად აღარ იყო ერთადერთი.
საღამოს რვა საათი იყო უკვე მოწესრიგებულები მანქანასთან იდგნენ. არცერთს არ სიამოვნებდა ყაზბეგთან განშორება, ზარების ხმა თითქოს უფრო შორიდან ისმოდა. მანქანა ნელა დაიძრა, თითქოს თვითონაც არ უნდოდა წასვლა. საბურავებმა ხრეშზე დაიწყეს სვლა და ყაზბეგის სივრცე ნელ-ნელა უკან დარჩა, მთები ჯერ კიდევ ჩანდა, მაგრამ უკვე შორიდან, გაფერმკრთალებული, თითქოს ნისლში გახვეული მოგონება ყოფილიყოს. სალონში სითბო იდგა, ფანჯრებს ოდნავ დაორთქლილი იყო. გარეთ კი ჰაერი ისევ გრილი - საღამოს სუნი, წვიმის კვალი, ნესტიანი მიწა. გზის პირველივე მოსახვევზე ძრავის ხმა ოდნავ დაიძაბა, მანქანა მთის კალთას აჰყვა და ქვემოთ დარჩენილი სოფლის ნათურები ნელა ჩამოიშალა, როგორც ჩამქრალი ვარსკვლავები. შიგნით ხმა თითქმის არ ისმოდა. მხოლოდ ძრავის ერთგვაროვანი გუგუნი და საბურავების რბილი შეხება ასფალტთან. ხანდახან რომელიმე ამოისუნთქებდა, ან სავარძლის ტყავი ოდნავ დაიჭიმებოდა მოძრაობისას, მაგრამ ეს ხმებიც მალევე იკარგებოდა. ფანჯარასთან მიმჯდარი ნენე გზას უყურებდა. შავი ასფალტი წყვეტილად იკვეთებოდა ფარების შუქში და ისევ ქრებოდა. ხეები სწრაფად გარბოდნენ გვერდით - მუქი ლაქებად, გაურკვევლად, თითქოს არც არსებობდნენ ბოლომდე. მისი შუბლი ცივ მინას ეხებოდა, სუნთქვა კი ოდნავ ასველებდა ზედაპირს. წინა სავარძელზე დამიანე ჩუმად იჯდა. ხელი საჭეზე ჰქონდა მყარად დადებული, თითები ოდნავ დაჭიმული. მზერა გზაზე ჰქონდა მიჯაჭვული, მაგრამ ხანდახან, შეუმჩნევლად, სარკიდან იხედებოდა - იმ მხარეს, სადაც სიჩუმე უფრო მძაფრი იყო, ვიდრე ხმაური. უკან, დანარჩენები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ დღის ხმაურის ნარჩენებს. ლილე რაღაცას ჩუმად ეჩურჩულებოდა თამარს, მერე ორივე ჩუმად იცინოდა - ისე, თითქოს ცდილობდნენ ეს სიცილი არ დაერღვიათ ამ სიჩუმისთვის. ზუკა ნახევრად მიძინებული იყო, თავი ფანჯარას მიყრდნობოდა და ყოველი მოსახვევისას ოდნავ ირხეოდა. თორნიკე ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა, მაგრამ ეკრანის შუქი უკვე უფრო ინერციას ჰგავდა, ვიდრე ინტერესს. მანქანა მოსახვევებს მიყვებოდა, გზაც ნელ-ნელა სწორდებოდა. მთები უკან რჩებოდა, ჰაერი იცვლებოდა - გრილი სუნი ნელ-ნელა ქრება, მის ადგილს ქალაქისკენ მიმავალი გზის მშრალი, ნაცნობი სუნი იკავებდა. ნენემ თვალები დახუჭა წამით. ძრავის ხმა, გზის რხევა, შორიდან შემოსული ჩუმი სიცილი - ყველაფერი ერთიანდებოდა და ერთგვარ ფონად იქცეოდა. მაგრამ შიგნით, ისევ არ წყდებოდა არაფერი.
მანქანა წინ მიდიოდა და რაც უკან დარჩა არც ისე შორს იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent