ჩემი მამაკაცი (ნაწილი 1)
ზუსტად სამი წლის წინ, ახალი წლის ღამეს კაცს შევხვდი, ეს უბრალოდ ბანალურ თვალის თვალში გაყრას ჰგავდა, აზრადაც არ მომსვლია 11 თვის შემდეგ ჩვენი გზები ისევ თუ გადაიკვეთებოდა, მაგრამ არასდროს თქვა არასდროსო ალბათ გსმენიათ. ნოემბრის ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ დღეს ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა, თითქოს წინასწარ გრძნობ რომ არაფერი გამოვა, ეს უბრალოდ დროისა და ნერვების ტყუილი ფლანგვა იქნება, მაგრამ ვინც რისკავს შამპანურსაც ის სვამსო, ამიტომ წესები და კანონები უკან მოვიტოვე და მივყევი იმ ჟრუანტელს მუცელში, პეპლებს რომ უწოდებენ. ჩვენი ურთიერთობა პასუხისმგებლობებისა და ზედმეტი მოთხოვნების გარეშე დაიწყო და ასეც გაგრძელდა, ორი თავისუფალი ადამიანი საჭირო დროს საჭირო ადგილზე ჩნდებოდა უბრალოდ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ვიგრძენი ის, რასაც გავურბოდი და რისიც მეშინოდა, მივხვდი რომ გრძნობა არსებობდა, განა ჩვეულებრივი? არა იყო ამაში, რაღაც გამორჩეული, ეგოისტური, ალბათ ტოქსიკურიც, მაგრამ მინდოდა არა მხოლოდ საჭიროებისთვის, არამედ მუდმივად, ყოველთვის ის მინდოდა ყოფილიყო. არ გამოვიდა და ჩვენი გზებიც გაიყარა ზუსტად ერთი წლის თავზე. ამ ერთ წელიწადში, ჩვენგან დამოუკიდებლად, ბევრი რამ გამოვიარეთ, ბევრს ვსაუბრობდით, მაგრამ არა ჩვენზე, ზოგადად საკაცობრიო თემებზე, არა ჩვენზე! ერთმანეთს ვუზიარებდით ცხოვრების უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან მომენტებს, თუმცა რა გვსურდა ერთმანეთისგან, რატომ ვაკეთებდით ამას, ამ კითხვაზე ორივე ვსდუმდით. ჩემი ეჭვები ყოველთვის გულს მიღრღნიდა, მესამე პირის არსებობაზეც მიფიქრია, ჩემს თავზეც, რომ ალბათ ზედმეტიც ვარ მისთვის, უამრავი აბსურდული რამ, მაგრამ მაინც არ შემეძლო ლაპარაკი. დავშორდით, რადგან შეეშინდა, ან ჩემთან ყოფნა არ უნდოდა, ალბათ უფრო მეორე, არ მოვატყუოთ საკუთარი თავი, ფუჭი იმედებით თავს ნუ დავკარგავთ, რეალობა ერთია, ჩემს მამაკაცს საკმარისად არ სურდა ჩემთან ყოფნა, ამიტომ დავშორდით. ორი თვის მერე სოციალურ ქსელში ვიღაც გოგოსთან ვნახე „დეითზე“ იყვნენ, იქ მივხვდი რომ მეტკინა, სადღაც გულის კუნჭულში ძლიერი ქალი კედელს ამოეფარა და თავს უფლება მისცა სულ ცოტახნით ცუდად ყოფილიყო. ექვსი თვე გავიდა, ხანდახან ვფიქრობდი მასზე, მაინტერესებდა როგორ იყო, თუ არსებობდა მის ცხოვრებაში ვინმე, ისიც მაინტერესებდა, ის თუ ფიქრობდა ჩემზე, ან საერთოდ თუ ახსოვდა ჩემი არსებობა. ივლისის ძალიან ცხელ ღამეს დამირეკა და ისევ დამაბრუნა იქ საიდანაც ხშირად ვცდილობ თავის დაღწევას. არ ვიცი სად შევცდი, რომ დამირეკა და ვუპასუხე, თუ შეხვედრა რომ შემომთავაზა და დავთანხმდი. ვფიქრობდი, რომ დაველაპარაკებოდი, ყველაფერს ღიად გამოვხატავდი, მაგრამ ჩემ წინ ჩემი მამაკაცი იყო და მისი დანახვა საკმარისი იყო, რომ ყველა სიტყვა ერთმანეთში აირია და ერთ სრულ წინადადებამდე ვერ მიაღწიეს. პირველად ვნახე ასეთი სევდიანი, თითქოს არ ეტყობოდა, მაგრამ ვგრძნობდი, ნასვამი და თვალებში ცეცხლმოკიდებული მიყურებდა, თან მაშინებდა, თან ჭკუიდან გადავყავდი, უარის თქმა არ შემეძლო, არც მინდოდა, რადგან ვგრძნობდი მის თითოეულ შეხებაში ვგრძნობდი, როგორ ვენატრებოდი ეს დრო, თითქოს ჩემი დაკარგვის ეშინოდა მკლავებს ისე ძლიერ მიჭერდა. ის ღამეც ისე გაილია, რომ სიტყვა ვერ ვუთხარი, წამი არ გავაფუჭე და ვეცადე იმ მომენტით ბოლომდე მესიამოვნა, რადგან შესაძლებელია მომავალი ექვსი თვე მსგავსი არ განმეორებულიყო. ერთი თვის შემდეგ ისევ იგივე ადამიანი, ისევ ჩემი მამაკაცის ჩემი ტელეფონის ეკრანზე და მე კვლავ მზად ვიყავი იმავე შეცდომის დასაშვებად თუ შეიძლება ამას შეცდომა ვუწოდოთ. -როგორ ხარ? -კარგად, შენ? -მეც კარგად....-გაბმულმა სიჩუმემ ყური ამატკივა, მაგრამ საბოლოოდ...-იცი, ვფიქრობდი თუ დრო გაქვს შევხვდეთ. -მაქვს.-ეს იყო ჩემი პასუხი მხოლოდ, მთელ ასპარეზს მას ვუთმობდი, რადგან სწორედ ეს შეხვედრა მჭირდებოდა. თავში აზრებს ვალაგებდი, რას ვეტყოდი როცა ვნახავდი, შევძლებდი კი ჩემს გრძნობებზე მესაუბრა ასე ღიად, შემეძლო რა თქმა უნდა, მაგრამ თავს ვიკავებდი რადგან მისი პასუხი მაშინებდა, ვგრძნობდი რასაც მეტყოდა ჩემი გული ამას ვერ მიიღებდა ამიტომ ვივიწყებდი აღიარების ტექსტებს და მივყვებოდი მომენტს, რომელსაც ყოველწამს, დღეს , თუ თვეს ველოდები. იმ ღამეს, მისგან ისეთ კითხვებს ვისმენდი, რაზეც წესით ინტერესი არ უნდა ჰქონოდა, მას აინტერესებდა თუ მინდოდა ბავშვის ყოლა, ჩემს მეამიტ ტვინში კი უამრავი სცენა დაიდგა ავტომატურად როგორი იქნებოდა ჩვენი შვილი, როგორი მამა იქნებოდა და ათასი ფიქრი, მაგრამ რატომ გეკითხება კაცი ამას თუ შენთან ერთად არ წარმოუდგენია თავისი მომავალი, თუ შენ არ ხარ ის ქალი ვისგანაც შვილს ისურვებდა. ჩემს ქაოსს, ეს კითხვებიც შეემატა, და მაინც რა უნდოდა მას ჩემგან. ამ სამი წლის განმავლობაში მიუხედავად იმ ყველაფრისა რაც გავიარეთ, როგორებიც ვიყავით, რატომ არ სურდა მე ვყოფილიყავი მისი ცხოვრების ქალი? გრძნობებზე მისი პასუხი ყოველთვის არა იყო, მაგრამ ქცევა პასუხის საპირისპირო, რას გაურბოდა? იქნებ მე? რამდენჯერაც ვეცადე ჩემს კითხვებზე პასუხი მიმეღო, ყველა მცდელობა საბოლოოდ კრახით სრულდებოდა, და მაინც ის ჩემთვის ყოველთვის მისაწვდომი იყო, რა დროც არ უნდა გასულიყო ის ჩემთვის ყოველთვის ხაზზე იყო, რაც არ უნდა მეკითხა, რაზეც არ უნდა მსდომოდა ლაპარაკი, მაინც მომისმენდა, არ განმსჯიდა, მაგრამ მაინც ერთად არ ვიყავით, გულის კარი მაინც ვერ გამიღო და მის გულში ადგილი ვერ მომანიჭა, მაგრამ არც გამიშვა... ახლა თქვენ გწერთ ძვირფასო მკითხველო, გუშინ ჩემმა მამაკაცმა ქვეყნის საზღვრები დატოვა და იმის წარმოდგენამ რომ გარკვეული პერიოდი მისი ნახვის შანსი არ მექნება გულში ჩხვლეტის შეგრძნებას მიჩენს. ახლა არ ვიცი როგორ მოვიქცე, პირველად ცხოვრებაში არ ვიცი საკუთარ თავს როგორ გავუმკლავდე, როგორ მოვერიო იმ შეგრძნებას, რომელსაც თავადვე ვერ ავღწერ. ალბათ პირველი ქალი არ ვარ და არც უკანასკნელი ვინც პირად ურთიერთობებში კრახი განიცადა, მაგრამ იმედს ვერაფერს ვუხერხებ, მაზოხისტურად მაქვს იმის იმედი რომ შანსი არსებობს, რომ გამოგვივიდეს, მაინც მჯერა რომ მასში ჩემი წილი მე არსებობს და გრძნობა, რომელსაც არ აღიარებს, ამის ბოლომდე მჯერა, ზუსტად ამან მოგვიყვანა ალბათ ეს წლები. ნეტავ კიდევ რამდენი წელი გაგრძელდება ასე? ან საერთოდ გაგრძელდება კი? უამრავჯერ დავწერე ტექსტი, რომელშიც ღიად ვსაუბრობ ჩემზე, და ზუსტად უამრავჯერ წავშალე, რადგან აღარ ვიცი ღირს თუ არა, არ მაინტერესებს რას იფიქრებს, უბრალოდ მინდა გაიზიაროს ის რასაც ახლა ვგრძნობ, უბრალოდ მომისმინოს, მაგრამ ალბათ არც ამას აქვს აზრი, ალბათ დროც მოვიდა რეალობას თვალი გავუსწორო და საკუთარი სამყაროდან გამოვედი, მოკვდავთა პლანეტაზე დავბრუნდე და ჩემს თავს ვუთხრა „ტკივილისგან, ბედნიერების გამოწურვა ისწავლე!“ ასე რომ, დროა ალბათ ყველამ ჩვენი წილი ტკივილი, ბედნიერებად ვაქციოთ, საკუთარი თავის ახალი ვერსია შევქმნათ და ამით ვიამაყოთ, რადგან ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც მამაკაცი ვერ მოერევა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



