მებაღე - თავი 21
...დილა თითქოს მძიმე იყო. ცა მთლიანად მოღრუბლულიყო, ოთახშიც სიბნელე გამეფებულიყო. მილენამ თვალები ნელა გაახილა - რამდენიმე წამი ჭერს უყურებდა და განვლილ საღამოზე ფიქრობდა, იოანესთან სიახლოვემ სხეულში უცნაური შეგრძნება დაუტოვა, როგორ ეხებოდა წელზე, ხელებზე, თითქოს ჯერ კიდევ გრძნობდა და საკუთარ ფიქრებზე გაბრაზებულმა, თავი მკვეთრად გააქნია მათ გასაფანტად. ტელეფონის ვიბრაციამ გამოაფხიზლა. ვიქტორია ამოიკითხა თუ არა ნაჩქარევად უპასუხა. -გისმენ… -ხმადაბლა ამოიკნავლა, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარემ. -მილენ, უნდა შევხვდეთ, -პირდაპირ უთხრა ქალმა, -რაღაც არის. მილენა მაშინვე გამოფხიზლდა. -რა? -ტელეფონზე არ ვილაპარაკებ. ერთ საათში გამოგიგზავნი ლოკაციას. ზარი გაითიშა. მილენა წამოჯდა. მისმა გულმა უნებლიედ ოდნავ სწრაფად დაიწყო ძგერა - გრძნობდა, „რაღაც“ კარგი არ უნდა გაეგო. *** ორ საათში, ქალაქის გარეუბანში, ერთ მიტოვებულ შენობაში ერთმანეთს შეხვდნენ. ქარი მძლავრად უბერავდა, უკაცრიელი შენობის ფანჯრები ჩატეხილი იყო, ირგვლივ კი სიჩუმე იდგა. მილენა შიგნით შევიდა და მალევე შენიშნა ვიქტორია. -რა ხდება? -პირდაპირ ჰკითხა, როგორც კი მიუახლოვდა. ვიკამ უცებ ჩანთა გახსნა და ტელეფონი ამოიღო. -ეს დათოსია. მილენა გაშრა. -რა?! -გუშინ, ამედევნა, მერე დაველაპარაკე, ბარში წავედით ერთად, ჩემი მონდომებით ძალიან დათვრა, -მშვიდად უთხრა წარბაწეულმა ვიკამ, -ცოტა ვითამაშე. მილენა ახლოს მივიდა. -და…? ვიკამ ეკრანი გაუნათა - ფოტოები, კონტაქტები, ჩაწერილი ზარების ისტორია. -აშკარად ბევრი რამ წაშლილი აქვს, -თქვა მშვიდად, -მაგრამ კვალი დარჩა. მილენა დაძაბულად უყურებდა. -ანუ მართლა…ასეთ რაღაცაშია ჩართული? ვიკამ თავი დაუქნია. -უფრო მეტშიც, ვიდრე გვეგონა. პაუზა. მილენამ ნელა ამოისუნთქა. -დათომ არაფერი იეჭვა? ვიკამ მხრები აიჩეჩა. -ალბათ ჯერ არა. თავი გავისულელე ვითომ მასზე მთვრალი ვიყავი. მერე მზერა გაუმკაცრდა. -მაგრამ ის სულელი არ არის. და… -შეჩერდა, -შენ გითვალთვალებს. მილენას თვალები ოდნავ შეეკუმშა -ანუ მალე გაიგებს შენზე? -თითქმის დარწმუნებული ვარ, -მშვიდად თქვა ვიკამ. სიჩუმე. -მაშინ რა ვქნათ? -შეშფოთებულმა ჰკითხა მილენამ. ვიკა წინ გადაიხარა. -დრო აღარ გვაქვს. პაუზა. -კამერა უნდა დააყენო დღესვე. მილენამ მაშინვე გაიაზრა. -იოანეს სახლში? -ზუსტად, -დაუდასტურა ვიკამ, -და არა უბრალოდ სადმე… მის პირად სივრცესთან ახლოს. მილენამ წარბი შეკრა. -სარისკოა. ვიკამ თვალებში შეხედა. -ყველაფერი სარისკოა. თუმცა საქმე რისკს მოითხოვს.. პაუზა. -თუ დავაგვიანებთ… ისინი პირველები იმოქმედებენ. მილენა რამდენიმე წამი ჩუმად იყო. მერე ნელა დაუქნია თავი. -გავაკეთებ. ვიკამ ტელეფონი გაუწოდა. -ეს დათოს მანქანაში დადე.. ჯობია თვითონ იპოვოს.. -კარგი.. -კამერას როგორც კი დააყენებ, მომწერე. მე ტრანსლაციას ჩავრთავ რომ შენც ყველაფერი ნახო. მილენამ მოწყობილობა ჩანთიდან ამოიღო და მტკიცედ დაიჭირა. -დასრულდება ეს თამაში… -ჩუმად თქვა. ვიკამ ოდნავ გაიღიმა. -ჯერ იწყება. *** მილენა სახლში დაბრუნდა. აბაზანიდან გამოვიდა და გარდერობში სარკის წინ დადგა. სადა, მაგრამ დახვეწილი მოყვითალო კაბა ჩაიცვა - მკვრივ სხეულზე მსუბუქად და მიმზიდველად ეტმასნებოდა. თმა ოდნავ დაიხვია და მაღლა დაიმაგრა. საკუთარ ანარეკლს ინტერესით შეავლო თვალი. -იდეალურია… -ჩუმად თქვა და ჩანთას დაწვდა. *** იოანეს სახლში დაუგეგმავად მივიდა. კარი მოსამსახურემ გაუღო. -მობრძანდით.. ბატონი იოანე სახლში არ არის, -უთხრა თავაზიანად. მილენას ტუჩებზე მცირე ღიმილი გაკრთა. -პრობლემა არ არის… ცოტას მაინც დაველოდები. რამდენიმე წუთში ვითომ შემთხვევით იკითხა: -საპირფარეშო სად არის? მოსამსახურემ გზა უჩვენა. მილენა ნელა გავიდა და კიბესთან შეჩერდა. ზუსტად იმ ადგილას, სადაც ვიკამ უთხრა - შეუმჩნეველ კუთხეში მოწყობილობა სწრაფად და ფრთხილად მიამაგრა. მისი ხელი სწრაფად და ზუსტად მოქმედებდა. წამებში მინი კამერა ადგილზე იყო. არც ერთი ზედმეტი მოძრაობა. არც ერთი შეცდომა. რამდენიმე წუთში უკვე ჩვეულებრივ და თავაწეული გამოვიდა სახლიდან, თითქოს არაფერი მომხდარა. *** მანქანაში ჩაჯდა. ტელეფონი აიღო. „კამერა დავამაგრე… ტრანსლაციას ჩამირთავ?“ პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა: „რა თქმა უნდა. ყოჩაღ!“ მილენას ტუჩებზე კმაყოფილი ღიმილი გაჩნდა. *** ოფისში მისულმა ღრმად ამოისუნთქა. კაბინეტში შევიდა და სავარძელში ჩაესვენა, მომხდარზე ფიქრობდა. რამდენიმე წუთში კარზე კაკუნი გაისმა. დათო იყო. -დილა მშვიდობისა, -თქვა და შევიდა. -შემოდი, -მოკლედ უპასუხა მილენამ. საქმეზე დაიწყეს საუბარი - რიცხვები, პროცენტები, გეგმები, ხელშეკრულებები, დათომ ყველაფერი აუხსნა იმ კვირისთვის რაც გასათვალისწინებელი ჰქონდათ. მილენა ყურადღებით უსმენდა და შიგადაშიგ კითხვებს უსვამდა, თითქოს ცდიდა. ერთი შეხედვით ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. მაგრამ რაღაც დაძაბულობა სივრცეში მაინც იკვეთებოდა. დათომ ბოლოს უცებ თემა შეცვალა. -იოანესთან როგორ ხარ? -თითქოს უშუალოდ იკითხა. მილენამ მშვიდად შეხედა. -ნორმალურად. დათომ ოდნავ დაუქნია თავი და მხრები აწია. მერე თითქოს სხვა თემაზე გადავიდა… მაგრამ ისევ დაბრუნდა. -სხვათა შორის… -თქვა, -ტელეფონი დავკარგე. მილენამ წარბი ასწია. -მართლა? -ჰო… გუშინ სადღაც დავტოვე, -თქვა დაუდევრად, -ხომ არ გინახავს? მილენამ ცივად გაუღიმა. -არა. პაუზა. შემდეგ ოდნავ წინ გადაიხარა. -მაგრამ მგონი მეტი ყურადღება გმართებს, დავით. მისი ტონი მშვიდი იყო… მაგრამ აშკარად - მსუბუქი საყვედური. დათომ რამდენიმე წამი უყურა. მილენამ კი მზერა არ აარიდა. ორივემ იცოდა - ეს უბრალო საუბარი აღარ იყო. თამაში უკვე ღრმავდებოდა. დათო კაბინეტიდან რომ გავიდა, მილენა რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა. თვალები კარზე ჰქონდა მიბჯენილი. -მისი მანქანა… -გაიფიქრა. თუ ტელეფონი იქ აღმოჩნდებოდა, ყველაფერი ბუნებრივად დალაგდებოდა. ეჭვიც ნაწილობრივ გაქრებოდა. ნელა წამოდგა. ფანჯრიდან გაიხედა - დათოს მანქანა ეზოში იდგა. მის ტუჩებზე შეუმჩნევლად გაკრთა ღიმილი. *** რამდენიმე წუთში გარეთ გავიდა. ქუსლების ხმა მსუბუქად ისმოდა. მანქანას მიუახლოვდა ისე, თითქოს უბრალოდ გვერდი უნდა აევლო. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. ფანჯარა ოდნავ ჩაწეული იყო. ერთი სწრაფი მოძრაობა - და ტელეფონი შიგნით აღმოჩნდა, სავარძლის ქვეშ დავარდა. მილენა არ შეჩერებულა. არც უკან მოუხედავს. ისევე მშვიდად დაბრუნდა შენობაში. *** კაბინეტში შესვლისას უკვე სრულად აკონტროლებდა თავს. ოციოდე წუთში კარზე ისევ დააკაკუნეს. კვლავ დათო. -შემოდი. კაცი შევიდა, ამჯერად ოდნავ განსხვავებული გამომეტყველებით. -მილენა… -დაიწყო, -ვიპოვე ტელეფონი. მილენამ წარბი ოდნავ ასწია. -მართლა? -მანქანაში ყოფილა, -თქვა და ოდნავ გაეცინა, -ალბათ გუშინ იქ დამრჩა. მილენამ მსუბუქად ჩაიღიმა. -გითხარი, მეტი ყურადღება გჭირდებათქო. დათომ თავი დაუქნია. -მართალი ხარ… პაუზა. -მაინც უცნაურია… არ მახსოვს, როგორ მოვხვდა იქ. მილენამ მხრები აიჩეჩა. -გუშინ ხომ სვამდი, დათო. ყველაფერი სწორად ვერ დაგამახსოვრდებოდა.. დათომ მცირე ეჭვით შეხედა, მაგრამ ბოლომდე ვერც დაეჭვდა. მილენამ მზერა გაუსწორა - მშვიდი და თავდაჯერებული ჩანდა. მერე თავად გააგრძელა: -სხვათა შორის… ერთი რამეც უნდა გითხრა. დათო დაიძაბა. -გისმენ. მილენა მაგიდაზე ოდნავ წინ გადაიხარა. -იოანესა და ჩემს სხვა პარტნიორებთან შეხვედრებზე და ხელშეკრულებებზე ზღუდვა მოხსნილი გაქვს. დათომ წარბი ოდნავ აიწია. -ანუ? ყველაფერი კალაპოტში დგება? -გენდობი, -მშვიდად თქვა მილენამ, -შეგიძლია ჩემი თანხლების გარეშეც იმოქმედო ხოლმე. მგონი ასეა საჭირო. დათოს ტუჩებზე ირონიული ღიმილი გაეპარა. -გასაკვირია… ანუ აღარ გაბრაზდები? მილენამ თავი ოდნავ დახარა. -არა. პაუზა. შემდეგ თითქოს უფრო პირად ტონზე გადავიდა: -და ყოველი შემთხვევისთვის გაგიმხელ, დათო… მე და იოანე ერთად ვართ. დათო აშკარად გაოცდა. -რას ამბობ? როდიდან? მილენამ მშვიდად გაუღიმა. -ჰო. გუშინ მოვიდა… ვილაპარაკეთ. პაუზა. -გადავწყვიტე შანსი მივცე. მისი ხმა დარწმუნებული იყო. -ის მგრძნობიარე, მიმზიდველი კაცია… და ვუყვარვარ.. დათო ყურადღებით უსმენდა. მილენამ ოდნავ დაუმატა, თითქოს გულწრფელად: -რატომაც არა? დათომ თავი დაუქნია. -ძალიან უხდებით ერთმანეთს. მისი ტონი დამაჯერებელი იყო. -მილენა, ეს მართლაც საიმედო ურთიერთობაა… დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს გააბედნიერებთ. მილენამ მსუბუქად ჩაიღიმა. -ვნახოთ. რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ისევ ოფიციალურ ტონზე გადავიდა: -კარგი, თავისუფალი ხარ. დათო წამოდგა. კარისკენ წავიდა… მაგრამ გასვლამდე წამით შეჩერდა. უკან მოიხედა. მილენა უკვე დოკუმენტებს უყურებდა - თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. დათო ჩუმად გავიდა. *** კარი რომ დაიხურა, მილენამ ნელა ასწია თავი. მისი თვალები გაცივდა. -ჯერ კიდევ ფიქრობს… -გაიფიქრა. მაგრამ ეს არ იყო პრობლემა. ტელეფონი დაბრუნებული იყო. ნდობა - შენარჩუნებული. და ახლა… იოანეც მის მახეში იყო. ტელეფონი აიღო და ვიქტორიას მისწერა: „ტელეფონი დავუბრუნე. ეჭვი აქვს, მაგრამ ვერ ამტკიცებს. და… იოანესთან ახლოს ვარ.“ პასუხი მალევე მოვიდა: „იდეალურად მიდიხარ. ახლა ყველაზე ფრთხილად უნდა იყო.“ მილენას ტუჩებზე ნელა გაჩნდა ღიმილი. თამაში უფრო ღრმავდებოდა. და ამჯერად - ყველა მასთან, მაგრამ ყველაზე უკეთ მაინც თვითონ თამაშობდა. სამუშაო დღის ბოლოს მილენა მანქანაში ჩაჯდა. დღე დამღლელი იყო, თუმცა მის თვალებში ისევ ის ცივი კონცენტრაცია ჩანდა. მანქანა ნელა დაიძრა. ქალაქი მოღრუბლულ ფონზე კიდევ უფრო მძიმე ჩანდა. ტელეფონი წამიერ ვიბრაციაზე გადავიდა. იოანე. მილენამ ეკრანს დახედა: „ჩემი ქალბატონი დღეს რას შვრება, როგორ განწყობაზეა? ძალიან მინდა შენთან ვიყო… მაგრამ ქვეყნიდან ორი დღით გასვლა მიწევს.“ მილენამ შეუმჩნევლად გადააქნია თავი. -მაინცდამაინც ახლა?… -გაიფიქრა უკმაყოფილოდ. ზუსტად ახლა, როცა ყველაფერი იწყებდა მუშაობას. მაგრამ სახეზე არაფერი ეტყობოდა. რამდენიმე წამი იფიქრა… და გააზრებულად აკრიფა: „დღე დამღლელი იყო… მაგრამ შენი შეტყობინება სასიამოვნოა.“ პაუზა. მერე დაამატა: „ორი დღით მიდიხარ?.. ცოტა უცნაურია, რომ სწორედ ახლა…“ გააჩერა. წაშალა. თავი გადააქნია. -ზედმეტია… და თავიდან დაწერა: „მომენატრები.“ გაგზავნა. რამდენიმე წამში პასუხი მოვიდა: „ეს მომწონს.“ მილენას ტუჩებზე ოდნავ გაეპარა ღიმილი. იოანე იმ რეალობაში იყო, რაც მას უნდოდა. ტექსტი ისევ აკრიფა: „როდის მიდიხარ?“ „დღეს ღამით. რამდენიმე საქმეა მოსაგვარებელი.“ მილენას მზერა გამკაცრდა. -საქმეები… -გაიფიქრა. კამერა. გეგმა ზუსტად ახლა უნდა ამუშავებულიყო. მან სწრაფად მიწერა: „მაშინ დღეს უნდა გნახო.“ პაუზა. „წასვლამდე.“ რამდენიმე წამი გავიდა. შემდეგ: "მოდი ერთად წავიდეთ.“ მილენა წამით შეჩერდა. წარბები ოდნავ შეკრა. კიდევ ერთი შეტყობინება: „ერთად ვიქნებით, მილენა. გთხოვ..“ პაუზა. „წამომყევი.“ მილენას თითები წამიერად გაჩერდა ეკრანზე. მის თვალებში სწრაფად გაიელვა ფიქრმა. -ეს… ან ძალიან კარგი შანსია… ან ხაფანგი… ღრმად ამოისუნთქა. აკრიფა: „მოულოდნელია…“ გააჩერა. წაშალა. სხვა ტონი სჭირდებოდა. ნელა დაიწყო თავიდან: „სერიოზულად მეპატიჟები?“ პასუხი მაშინვე მოვიდა: „ძალიან სერიოზულად.“ მილენას ტუჩებზე მსუბუქი ღიმილი გაჩნდა. უკვე გრძნობდა - იოანე აზარტში იყო. თანაც საკმაოდ. „და რა უნდა ვქნათ იქ?“-მიწერა. რამდენიმე წამი ელოდა. „შენთან ვიქნები, თან სტამბული ლამაზი ქალაქია, მოგეწონება.“ მილენას თვალები ოდნავ აუციმციმდა. ზუსტად ეს უნდოდა. მაგრამ მისი თანხმობა ზედმეტი ადვილიც არ უნდა ყოფილიყო. „იოანე…“ პაუზა. „ორი დღე ერთად… ცოტა ნაჩქარევი არ არის?“ მეორე მხრიდან მცირე დაყოვნება. შემდეგ: „შენ ხომ თქვი, რომ ჩემთან გინდა ყოფნა.“ მილენას ღიმილი ოდნავ გაფართოვდა. -თამაში მუშაობს… მან თითები ისევ ეკრანზე დააწვინა და მერე აამოძრავა: „მინდა…“ პაუზა. „უბრალოდ… არ მინდა, რომ მერე ვინანოთ.“ ამჯერად პასუხი ნელა მოვიდა: „არასდროს მინანია შენთან არაფერი.“ მილენას მზერა შერბილდა. ეტყობოდა ნახევრად თამაში… ნახევრად კი რეაქცია. ტექსტი ნელა აკრიფა: „კარგი…“ პაუზა. „წამოვალ, თან რაც უნდა იყოს პარტნიორები ვართ.“ რამდენიმე წამში პასუხი: „მომწონს შენი გადაწყვეტილება.“ მილენამ ტელეფონი ფრთხილად დააგდო გვერდზე. მისი თვალები ახლა უკვე სრულიად კონცენტრირებული იყო მოსალოდნელ დღეებზე. -სტამბული… ეს უკვე უბრალოდ იოანეს გრძნობებზე თამაში აღარ იყო. ეს პირველი ნაბიჯი იყო პირდაპირ მის სამყაროში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


