შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თილისმა (3 თავი)


დღეს, 10:01
ავტორი ვე რა
ნანახია 64


3
ნაკვალევი

_ სად იყავი?_ მაშინვე შეამჩნია ნინამ ჩემი დაფიფქული თმა. ხელით ჩამოვიბერტყე ფიფქები და ნათიას მოღუშულ სახეს მზერა ავარიდე.ზუსტად ვიცოდი ვერ იტანდა,ჩემი დაუდევრობით არეულობას რომ ვქმნიდი.
_ თოვლები ეზოში დატოვე ხოლმე, თან ნუ დაატარებ!_ ნახევრად ხუმრობით მითხრა და როგორც ნამდვილმა გენერალმა იატაკის მომშრალება მიბრძანა მაღლა აწეული წარბით.
_ რა ლამაზი სასახლე ყოფილა, აქიდანაც კარგად ჩანს. _ ვერ მოვითმინე და გავუზიარე ჩემი შთაბეჭდილება მათ.
_ სასახლე ხვალამდე მოიცდის, ამ ყინვაში რომ არ გავარდე მის სანახავად!_ მხრები აიჩეჩა მაგდამ. ის არც ყინვაში და არც დარში არ შეიწუხებდა თავს იმ უცნაური, პირქუში სახლისთვის. დიდად არ ხიბლავდა იდუმალი ამბები. მისთვის სამყარო მხოლოდ ის იყო, რაც მას ეხებოდა უშუალოდ. რასაც ხედავდა და ეხებოდა. ბავშვობიდან ასეთი იყო, ნეტავ რამეზე თუ ოცნებობდა საერთოდ?!
_ ასეთი უინტერესო რანაირად ხარ, არ მესმის! კარგი რა, ეს არის და თავით შეუძლია გადაეშვას ყოველგვარ უცნაურობაში!_ ჭიქა შემივსო ნატამ და სავარძელს ნებივრად მიეყრდნო. _შენ კიდე ცხვირწინ რომ ჩამოგიჯდეს მწვანე უცხოპლანეტელი, ალბათ ზედაც არ შეხედავ.
_ თუ არაფერს მერჩის, იჯდეს რას მიშლის?_ გულწრფელად გაიოცა მაგდამ.
_ სამაგიეროდ სიმპატიური კაცი არ გაეცდება კილომეტრის რადიუსში!_ ხმამაღლა გაეცინა ხატიას საკუთარ ხუმრობაზე. მაგდამ მისი სარკაზმი მარტივად დააიგნორა და ინტერესით გამომხედა.
_ შენ რით მოგხიბლა მაინც იმ უცხო სახლმა?
_ არ ვიცი, უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს თავადაც მაკვირდებოდა. აი თქვენ არასდროს გჯერათ ჩემი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, პირადადაც მომეცემა მისი გაცნობის შანსი!_ ვუპასუხე სიცილით.
_ ვისი ზაქარიასი? _ სახე დაეჯღანა მაგდას. ასაკოვანი და არც თუ სიმპატიური ზაქარია აშკარად არ ჯდებოდა მის გემოვნებაში.
_ ზაქარია არა ბიძაჩემი ანზორა!_ ხელი აუქნია ნათიამ._ სახლზე ამბობს გოგო. ვატყობ დიდხანს ვერ მოითმენს მის უნახავად და თავის ფეხით მიადგება.
თანდათან მათი საუბარი მიჩუმდა. ჩემი ფიქრები ისე გაფრინდნენ იმ იდუმალი სახლისკენ, ვერც კი ვიგრძენი, როგორ შევწყვიტე მათი მოსმენა. რა უცნაური იყო, რომ ასეთი სასახლე იდგა სადღაც ჩვენს გვერდით და ამაზე აქამდე არასად არაფერი თქმულა. როგორ არავინ დაინტერესდა ამ უცნაური გოთიკური ნაგებობით? აქამდე მისი ერთი სურათიც კი არსად შემხვედრია. ახლა კი ასე ერთბაშად აღიმართა ჩემს წინ. გოგოები სულ ამბობდნენ, რომ ვამეტებდი მოვლენების აღქმას, რომ ზოგჯერ რაღაც მეტისმეტად გულთან ახლოს მიმქონდა. რომ რაღაც არც ისე ძალიან მეხებოდა ხოლმე, როგორც ამას მე ვიგებდი. რომ მე არ ვიყავი სამყაროს ცენტრი, რომ მოვლენები თავის გზით მიედინებოდნენ, სწორედ ისე, როგორც ახლა, იმ იდუმალ სახლს არაფერი ჰქონდა ჩემთან საერთო, მე კი ჯიუტად ვიწყებდი იმის დაჯერებას, რომ მასთან შეხვედრა მელოდა წინ.
ფანჯარასთან მივედი და ფარდა და მასზე დაკონწიალებული ნათიას ციმციმები გადავწიე. გარეთ ისევ ძალიან თოვდა. მუჭისსიმსხო საოცნებო ფანტელებით ივსებოდა ეზო.
_ ასე თუ ითოვა, მგონი შენთან ჩავრჩებით._ ჩავილაპარაკე ეჭვით და ვცადე სასახლე დამენახა, მაგრამ თოვის გამო რამდენიმე მეტრშიც კი არაფერი ჩანდა. უეცრად, მოულოდნელად, აშკარად დავინახე ეზოში ნაძვების ჩრდილს შეფარებული უცხო ადამიანის ბნელი სილუეტი. იდგა და დაჟინებით მიყურებდა. ნაკვთები ვერ გავარჩიე, მხოლოდ მისი სხეულის სილუეტი ჩანდა. იქ იდგა, ჩემს მიერ გავლებული ნაკვალევის ხაზთან. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და არ ინძრეოდა._ გოგოებოო!
ვიყვირე, როცა გონს მოვეგე.
_ეზოში ვიღაც არის!_ მაშინვე მიცვივდნენ. ფარდები გადასწიეს და ეზოს მიაჩერდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერავინ დაინახეს. წამიც ეყო, რომ გამქრალიყო. ისევე უეცრად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა.
_ აბაა სადაა?_ მკითხა ნათიამ და ფანჯრის საკეტი შეამოწმა. მის სიფრთხილეზე გამეცინა.
_ აი იქ იდგა, ნაძვებს შორის._ მივუთითე თითით.
_ ახლა არავინაა!_ მშვიდი ხმა ჰქონდა მაგდას._ რამდენია?
მკითხა და ჩემს ჭიქას გაუშტერა თვალი.
_ რა რამდენია?_ გავიოცე ყასიდად.
_ რა და ჭიქა! ანუ მერამდენეა?
_ ანუ გგონია დავლიე და მომეჩვენა?_ გაოცებით ავწიე წარბი.
_ რა ვიცი ჯერ კიდევ გუშინ ამტკიცებდი, რომ..._ მრავალმნიშვნელოვნად გაჩუმდა ნინა.
_ არც ის მომჩვენებია, არც ეს!_ გავიმეორე ჯიუტად. ქურთუკს ხელი წამოვავლე და კარისკენ წავედი.
_ სად ჯანდაბაში მიდიხარ ახლა?_ წინ გადამიდგა ნატა. _ მართლა ვინ იყო კაცმა არ იცის! იქნება სულაც დათვი იყო?!
_ დათვი არა იეტი!_ ახლა მის გამეცინა სიტყვებზე._ დათვს და ადამიანს ვარჩევ ჯერ!
_ და ადამიანის მსგავსი რამდენი მონსტრი დაძრწის დედამიწაზე?_ აქირქილდა მაგდა. _ აცადეთ ეგება მაქცია აღმოაჩინოს! არ გახსოვთ მაშინ ბანაკში რა გააკეთა?
_ აუ ხოო! მაშინაც აკლდა ამ უბედურს, მაგრამ ჩვენ გვიან მივხვდით!_ უკვე დივანზე გორაობდა ნატა და დაუფარავად დამცინოდა.
_ არც მაშინ მომჩვენებია კიდე არაფერი!_ არ გავტყდი მე და თვალწინ წარმომიდგა ის ღამე, მაქციას საძებნელად წასულს გზა რომ ამერია და მთელი ღამე ტყეში რომ გავათიე და მერე დედაჩემმა ქოჩრით რომ მითრია კლასელების თვალწინ. მას მერე ვან ჰელსინგს მეძახდნენ და სულ არ ანაღვლებდათ, რომ ის მაქციებზე კი არა ვამპირებზე ნადირობდა.
_ ახლავე მოვალ!_ გადავაქნიე თავი და კარი გამოვაღე.
_ გაუშვით, სანამ არ ნახავს და არ დარწმუნდება, ამის გაჩერებას აზრი არ აქვს. დაგღუპავს დაო შენი ინტერესი ერთხელაც იქნება._ მომაძახა მაგდამ და კარი დახურა.
ფრთხილად გამოვედი პარმაღის ხის იატაკზე. თოვლს ლამის კარებამდე შემოეწვდინა თავისი თეთრი თათი. ქურთუკის საყელო ავიწიე, ქუდი საიმედოდ ჩამოვიფხატე და თოვლში გადავაბიჯე. გაბრდღვიალებული პარმაღის სინათლე კარგად ანათებდა ეზოს. მძიმე ნაბიჯებით გავემართე იქით, სადაც ის უცხო სილუეტი მეგულებოდა. ჩემი ნაკვალევი, სახლს რომ წრედ უვლიდა ლამის მთლად წაეშალა თოვლს, მაგრამ სამაგიეროდ მისი მძიმე კვალი აჩნდა სრულიად გარკვევით. ზუსტად ჩემს მიერ აღმართულ უჩინარ ბარიერთან წყდებოდა. დათვი არა გოცხვერი, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის ნაკვალევი იყო.
_ ჰოო! თქვენ კი ამტკიცებთ, რომ მომეჩვენა!_ ისე გამიხარდა ამ ეჭვშეუტანელი მტკიცებულების პოვნა, რომ ბედნიერად გამეღიმა._ აბაა სადა ხარ მასპინძელო? არ მომესალმები? გამოდი შე მშიშარა!
ვკითხე გამქრალ ლანდს. სიმართლე რომ ვთქვა, აზრადაც არ მომსვლია, რომ მისგან რაიმე ხიფათი იყო მოსალოდნელი. ადამიანს უბრალოდ აინტერესებდა მისი სტუმრების ვინაობა, და ამიტომ მოვიდა. ეს ლოგიკური იყო. ალბათ მერე იფიქრა, რომ ჩვენი მყუდროება არ დაერღვია და როცა ინტერესი დაიკმაყოფილა უკან გაბრუნდა. კიი, ნამდვილად ასე იქნებოდა!
_ კარგი, ხვალამდე მოვითმენ! მერე კი თავად გესტუმრები, შენმა სახლმა ძალიან დამაინტერესა რომ იცოდე. _ ვაგრძელებდი ხმამაღლა საუბარს. და არც ეს მეჩვენებოდა უცნაურად. სახალისოც კი იყო. მე ის უფრო მიკვირდა გოგოები რატომ იღებდნენ ამ ყველაფერს, რისიც მე ასე მჯეროდა, უაზრობად. სამყარო ხომ ასეთი ვრცელი და უსაზღვროა, რატომ უნდა შევიზღუდოთ საკუთარი წარმოსახვა მხოლოდ ბანალური ყოველდღიურობით? ამაზე ბევრს ვფიქრობდი ბოლო დროს. და კითხვებზე, რომლებიც სულ უფრო მრავლდებოდნენ ჩემს თავში, პასუხები არ მქონდა. ეს, ერთი შეხედვით უცნაური, ფიქრები მეხმარებოდნენ, უფლებას არ მაძლევდნენ, რომ ყოველდღიურობის მომწამვლელ მდინარეში დავმხრჩვალიყავი.
მეც ზუსტად საკუთარი წარმოსახვითი ბარიერის კიდესთან ვიდექი და თავს წამომდგარი სასახლის ჩრდილს გავყურებდი.
_ შენ არ იწყენ აქ ამ თეთრ სიმარტოვეში? _ ვკითხე და დავიხარე. თოვლი ავიღე და ხელში მოვაგუნდავე._ არც მეგობრები გყავს აქ, არც ხმის გამცემი ვინმე! გესმის? ამ სიჩუმით არ იღლები?
ხელი ავწიე და თოვლის გუნდა რაც შემეძლო შორს გავიქნიე.
_ რას აკეთებ არანორმალურო? არ გაიყინე?_ გამომძახა სახლიდან ნინამ_ მოდი, ახლა გაციების და სიცხის დრო არ არის!
_რაღა ნინა და რაღა დედაჩემი!_ ჩავილაპარაკე გულმოსულმა და მორჩილად გავაბიჯე კოტეჯისკენ და სწორედ მაშინ, როცა პარმაღზე ავაბიჯე, ბეჭებში მომხვდა თოვლის მოზრდილი გუნდა. შიშისგან და მოულოდნელობისგან შევკივლე და სწრაფად შევბრუნდი, მოყინულ ხის იატაკზე ფეხი ამიცურდა, პარმაღიდან გადმოვვარდი და გულაღმა გავიშხლართე ლამის მუხლამდე თოვლში.
_ ჯანდაბა!_ წამოვიძახე გაცოფებულმა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ვიღაცამ გუნდა პირდაპირ დამიზნებით მესროლა. ხმადაბალი ჩაცინებაც მომესმა,მაგრამ ამაზე თავს ვერ დავდებდი.
_ რა მოგივიდა გოგო?_ სახლიდან პლედში გახვეული ნატა გამოვიდა. _ წაიქეცი?
_ არა დასასვენებლად წამოვწექი!_ გავიხედე მისკენ და მერე ხელი გავუწოდე, რათა ადგომაში დამხმარებოდა._ ვიღაცამ გუნდა მესროლა, თან მთელი ძალით!
ავუხსენი წაქცევის მიზეზი.
_ ვინ?_ მოათვალიერა ეზო გაოცებულმა.
_ აი იმან, ვისი კვალიც იქ ნაძვებში ვიპოვნე!_ თავი ნაძვებისკენ გავიქნიე.
_ იქნება ზაქარია იყო?_ დაფიქრებით თქვა მან.
_ ანუ გინდა მითხრა ის ჩვენი პირქუში მასპინძელი გუნდაობის მოყვარულია?_ გამეცინა მის იდეაზე, ვინ ვინ და ზაქარია ნამდვილად ვერ წარმოვიდგინე გუნდით ხელში.
_ რამდენადაც მე ვიცი იქ მარტო ის კაცი ცხოვრობს. რომ არა ის გაუმართაობა, ხომ იქ უნდა გვეცხოვრა და ..._ აღარ დაასრულა ნატამ. რომ დავფიქრდი მართალი იყო. სხვა მასპინძელზე სიტყვაც არ დაუძრავს ზაქარიას,მაგრამ ვინ იცის რა იყო რეალური მიზეზი იმისა, რომ ბოლო წამს სასახლე კოტეჯით ჩაგვინაცვლა სრულებით მოულოდნელად. თუმცა ისიც მართალი იყო, რომ მთელი ის დრო სასახლის არც ერთ ფანჯარაში არ დამინახავს სინათლის წვეთიც კი.
_ იქნებ სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლი დაგეცა?_ მორიგი იდეა გამანდო ნატამ. ნაძვებს გავხედე, თოვლი მყარად იდო ტოტებზე. არც სახურავს ეტყობოდა რამე. არა, ნამდვილად ვიცოდი, რომ ის გუნდა იყო. გუნდა, რომელიც დამიზნებით მესროლა ვიღაცამ. თუმცა კი საკმაოდ შორიდან და მიზანს არ ააცილა.
აკანკალებული ნატა სახლში შევიდა. შესვლის წინ წარბშეკრულმა გავხედე ნაძვების კორომს, საჩვენებელი თითი ავწიე და მუქარით გავაქნიე.
_ კარგიი! ანუ ასე არა?_ ჩავილაპარაკე ყალბი სიბრაზით. _ ომი გინდა და ომს მიიღებ!
დავემუქრე უჩინარ ლანდს. თოვლს შერეულმა ნიავმა ჩუმი სიცილის ხმა მოიტანა. ჯანდაბას თუ მეჩვენებოდა! ეს ნამდვილად სახალისო იყო!

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან კარგად წერთ, ისე ველოდებოდი, მაგრამ არ მეყო 🙂 ამ საიტზე ჩემთვის პირველი ხართ, ძალიან კარგად იკითხება, წარმატებები ❤️ გაგრძელებას ველოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent