თილისმა (2თავი)
„სითეთრე ყველაფერს შლის, წყვდიადსაც აუბნევს გზას. ფიფქები ავსებენ გულს გულს, რომელიც არ მაქვს...“ თვალდახუჭულს თავი ფანჯრის მინაზე მქონდა მიყრდნობილი. მანქანის მონოტონურ ხმას ვუსმენდი და ფიქრებში ამ აკვიატებულ ლექსს ვიმეორებდი გონებაში. ავტოსტრადაზე განათების ბოძების მქროლავ სინათლეებს ვადევნებდი თვალს. სინათლე .. სიბნელე... სინათლე..... სიბნელე.... ვცდილობდი თავიდან ყველა აბეზარი ფიქრი გამომედევნა. ეს ხერხი ხშირად მეხმარებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა ვერა. თვალებს რომ ვხუჭავდი, ავტობუსის ფანჯრებში გაელვებულ მის სახეს ვხედავდი და არაფრით მსურდა იმის დაჯერება, რომ ამდენად ცხადად მომეჩვენა. _ იცი რას გეტყვი?_ წამოიწყო ნინამ შემპარავი ხმით._ მუშაობა უნდა დაიწყო, რაღაც შეცვალო. _ვმუშაობ, თუ გახსოვს!_ ჩავილაპარაკე უინტერესოდ. რამდენიმე თევეა ახალ წიგნზე ვმუშაობ. _ ეგ მუშაობა არაა, ეგ ჰობია! თან მგონია, რომ წერა შენზე უფრო ცუდად მოქმედებს!_ ხმა გაიმკაცრა მან. _ ცუდად? რატომ ცუდად? წერა თერაპიაა!_ შეეწინააღმდეგა ნატა. _ თერაპია? ათი წელია ვერაფერი უშველა! პირიქით, რაც მეტს წერს,მით უარესად არის. _ ნინო მართალი იყო. წერა ვერაფერს მშველოდა. თავადაც ვფიქრობდი, რომ კიდევაც ართულებდა ჩემს შეშლილ წარმოსახვით სამყაროს._ საკუთარ ოცნებებში გადასახლდა, ნუთუ ვერ ხედავთ? ჩვენი ნახვაც კი აღარ სურს. სულ თავს გვარიდებს. ზარებს არ პასუხობს. ისიც მიკვირს, ახლა რომ მოგვყვება. _ ძალიან მკაცრი ხომ არ ხარ?_ ჩაილაპარაკა ნათიამ. თან გზას არ მოაშორა თვალი. თოვას უმატებდა. გარიჟრაჟზე თოვლსა და რუხ ნისლში ჩაფლულ გზას ბაცად ანათებდა ფარების სინათლე. თითქოს თოვლის და ნისლის მორევს მივაპობდით._ საშინელი გზაა! ჯობდა გათენებას დავლოდებოდით! საკუთარ თავს საყვედურობდა ნათია. _ გარემოების შეცვლა უშველის?_ უიმედო ხმა ჰქონდა ნატას. გამეცინა. ისე საუბრობდნენ, თითქოს მე იქ საერთოდ არ ვიყავი. _ სანამ გადავყარე ესენი გარეთ, მუსიკა ჩართე, თუ ქალი ხარ!_ ვუთხარი ნათიას და ნინოს შევუბღვირე._ ნუ მიშლი ნერვებს და ნუ ართულებ ყველაფერს. რაც შემიძლია ვცდილობ და თუ შენ ამას ვერ ხედავ, ეს შენი პრობლემაა და არა ჩემი! მიყურა, მიყურა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. ფანჯრისკენ მიბრუნდა და გაისუსა. ასე იცოდა, როცა რაღაც სწყინდა. ერთხელ მახსოვს ფეისბუკიდანაც კი წამშალა, მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეული ხანი არ შევეხმიანე. მასზე არ ვბრაზობდი, ვიაზრებდი, რომ ის ასე მხედავდა საკუთარი გადმოსახედიდან. ალბათ მართლა ძალიან შევიცვალე ამ წლების მანძილზე. რაც უფრო მრუმე ხდებოდა ჩემი ხასიათი,მით უფრო ვცდილობდი გარეშე სამყაროს გაფერადებას. ქუდი მოვიხადე და სევდიანად დავხედე. „_ რა არის ამდენი შავი?_ გახმიანდა მისი ხმა ჩემს გონებაში_ ერთი შეხედვით ავი ადამიანი ეგონები კაცს. რთულია შენი გაცნობა. რადგან ამის უფლებას არავის აძლევ. შეიტანე ცოტა ფერები შენს ცხოვრებაში!“ და მეც ფერებით ავავსე სამყარო. სამყარო, საიდანაც ის სიტყვის აუხსნელად გაქრა. _ რას ამბობდი, სად იპოვნე ეგ სახლი?_ ჰკითხა ხატიამ ნათიას. _ უცნაური სახლიაო ამბობდი. _ კი, სახლი უცნაურია, მაგრამ იქ არ მივდივართ. რაღაც მოხდა, დიდთოვლობის გამო ელექტროობა გაითიშა. სანამ შეაკეთებენ, იქ ვერ ვიცხოვრებდით. მისმა პატრონმა სხვა ალტერნატივა შემომთავაზა. ხის კოტეჯია, ბუხრით და ზამთრის განწყობით. არადა ის, რაც თავიდან მსურდა, რაღაც სასწაული იყო. ამას მოეწონებოდა, ტრანსილვანიის განწყობა ჰქონდა, რაც სურათებიდან ვნახე._ გვიყვებოდა ნათია. და მე მართლა დამაინტერესა იმ იდუმალმა სახლმა. სურათებიდან ვიცოდი, რაღაც გოთიკური სტილის პაწაწუნა სასახლე იყო. ორი მაღალი ქონგურით, წინ პატარა უცნაური ქანდაკებებით მორთული შადრევნით. რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ ზაფხულში ირთვებოდა. უცნაური ძველებური იერით და სრულიად თანამედროვე ინტერიერით. რაც არ უნდა უცნაური ყოფილიყო, სასახლეში დასვენება, როგორც ჩანს არ გვეღირსებოდა. იქნებ ასეც სჯობდა? რა დროს ბნელი აურის მქონე სასახლე იყო?? პატარა ხის კოტეჯი, ბევრად უფრო მოუხდებოდა გოგოების საახალწლო განწყობას. მე რა მსურდა? ჩემთვის მგონი სულ ერთი იყო. _ კი მაგრამ რამდენი სახლი აქვთ?_ გაიოცა ხატიამ ნათიას ნაამბობი. _ ეს კოტეჯი ადრე მგონი მომსახურე პერსონალს ეკუთვნოდა. თუმცა ნახავთ, რომ ახლა სრულებით საკმარისია ჩვენი თავგადასავლისთვის. ძლივს მოხდა, რომ მოვახერხეთ ერთად წამოსვლა. რამდენი წელია ეს ოცნება მაქვს, ახალ წელს თქვენთან ერთად შევხვდე. ჩემს ქმარს რომ არ წაეყვანა ბავშვი, ამას ახლაც ვერ მოვახერხებდი. _ გამიკვირდა, რომ გაუშვი!_ მხრები აიჩეჩა ნატამ. წლები იყო ნათია ტყავიდან ძვრებოდა, რომ იდეალური დედა ყოფილიყო. თითქოს მას შემდეგ, რაც ქმარს გაშორდა ასე საკუთარ თავს რაღაცას უმტკიცებდა. ალბათ იმას, რომ თავადაც სამყოფი და საკმარისი იყო საკუთარი თავისთვის. წლები იყო გიჟური ტემპით მუშაობდა, სტრესის ფონზე ალოპეციაც კი დაემართა ერთხელ. არადა მასაც ისევე, როგორც ყველას, ცოტაოდენი დრო სჭირდებოდა საკუთარი თავისთვის. რატომ ხდებოდა ასე? რომ ქალები მუდმივად იღებდნენ მსხვერპლს, ცალმხრივს, უსაზომოს და ბოლოს ისე გამოიდიოდა, რომ ეს მსხვერპლი არც არავის სჭირდებოდა და ამაოც კი იყო. ხოდა, ბოლოს, ადგა და საკუთარ თავს რამდენიმე დღე აჩუქა. შეგვკრიბა და საკუთარი ბავშვობის ოცნების ასასრულებლად წამოგვიყვანა იმ გადაკარგულ მთებში. აი ეს იყო მიზეზი, რის გამოც უარი ვერ ვთქვი და მორჩილად გამოვყევი. მას ჰქონდა უფლება ერთხელ მაინც კმაყოფილი და ოცნება ასრულებული ყოფილიყო და ჯანდაბას ჩემი უხასიათობა! ასე მესმოდა მე მეგობრობა. მთელი გზა რაღაცას ჭორაობდნენ, წარსულს იხსენებდნენ, გეგმავდნენ გონის დაკარგვამდე დალევას. ბედნიერებით სითბოთი და მხიარულებით მავსებდნენ. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს დროის პორტალი გაიხსნა და კვლავ ბავშვობაში გადამისროლა. უკვე ბნელოდა აღმართს რომ შევუდექით. მანქანა კი მიუყვებოდა დაკლაკნილ ბილიკს. სულ მაღლა და მაღლა. მანქანის ფარები ჭრიდა თოვლის ნამქერს. საოცრად ლამაზი იყო ეს გზა. თითქოს ზღაპარში მივყავდით და უკან დარჩენილ სამყაროს ისე შორს, ისე შორს ვტოვებდით, რომ ყველაფერი ცუდი მართლაც გაუჩინარებას იწყებდა. მათ შორის ჩემი საფიქრალიც.... _ ვფიქრობ მოვედით!_ ნათია ნავიგატორს დაჰყურებდა. _ კიი ესაა! ინტერესით გახედა წინ განათებულ კოტეჯის შესასვლელს. _ ვაა, ლამაზია არა? _ მართლა რა საოცარი ადგილია?_ ნატამ კარი გააღო და პირდაპირ მუხლამდე თოვლში გადახტა._ გოგოებოოო, ნახეთ რამხელა თოვლიააა! ბავშვივით იყო აჟიტირებული. ჯინსი მაღალ ჩექმებში ჩავჩურთე და ნატას მივბაძე. თოვლი სულ მიყვარდა, სულ მიყვარდა და არასდროს მოდიოდა სამყოფი. თითქოს დამენახებოდა, მომესიყვარულებოდა და გარბოდა. მიტოვებდა უკმარისობის განცდას. და სასწაულის მოლოდინს, რომ ამჯერად მაინც რაღაც საჩემოდ შეიცვლებოდა. რაღაც მოხდებოდა ისეთი, რაც ჩემს ცხოვრებას ფანტელებივით ააფრიალებდა და ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა, მაგრამ არასდროს თოვდა საამისოდ. ახლა კი თოვლს დაეფარა მიდამო. _ თოვლის ზღაპარია აქ!_ ვუთხარი თოვლში ჩაწოლილ ნატას, საშობაო ანგელოზებს რომ ხატავდა ბავშვივით ბედნიერი სახით. _ თოვლი ადამიანში ბავშვს აღვიძებს იცოდით არა?_ მაგდა დიდად არ გიჟდებოდა ხოლმე თოვლზე. ზღვის და მზის ადამიანი იყო. ახლაც დიდად არ იყო აღფრთოვანებული, მაგრამ ვერც მან აუარა გვერდი იმ ჯადოსნურ ფანტელებს, ციდან რომ გამეტებით ცვიოდა. უეცრად უზარმაზარი გუნდა პირდაპირ კეფაში მომხვდა, სწრაფად შევბრუნდი და დავინახე, როგორ გარბოდა ხატია კოტეჯისკენ. ისე მომიარა ბავშვურმა სიგიჟემ, თავი ვერ შევიკავე. თოვლი მოვაგუნდავე და ყიჟინით დავედევნე. გუნდაობაში გართულებს სულ დაგვავიწყდა, რატომ ვიყავით იქ. მოულოდნელად იმდენად მკვეთრად გაისმა უცხო ხმა, გაოცებულებმა შევწყვიტეთ ბავშვური გართობა. _ სალამი ქალბატონებო!_ თავს დაგვყურებდა სერიოზული სახის, შუახნის, მაღალი გამხდარი მამაკაცი. გრძელი ნაცრისფერი ყელამდე შეკრული პალტო ეცვა. შავი ნაქსოვი ქუდი ლამის თვალებამდე ჩამოეფხატა და ტყავის ხელთათმანიანი ხელებით რამდენიმე მოზრდილი შეშის ნაპობი ეჭირა._ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! ხმა გამჭოლი და ცივი ჰქონდა. ისეთი, გსურდა თუ არა, რომ ვერ მოუყრუებდი. ნაცრისფერი დაკვირვებული მზერით სათითაოდ გვათვალიერებდა. შემდეგ მზერა ჩემზე გააჩერა და ისეთი ვიწრო ღიმილით გამიღიმა. კეთილგანწყობაზე უფრო, მის შინაგან უასიამო დამოკიდებულებას რომ გამოხატავდა. თითქოს ნაძალადევი და უკმაყოფილო ჩანდა იმით, რომ მეც იქ ვიყავი. აი უსიამო სტუმარი რომ გაუფრთხილებლად მოგადგება და ზრდილობის გამო რომ უღიმი, სწორედ ისეთი. არც მე მიცდია მისთვის ყალბი გაღიმება. თოვლიდან ავდექი, ქუდი მოვიხადე და სხეულიდან ფრთხილად ჩამოვიბერტყე შერჩენილი თოვლის ფიფქები. _ გამარჯობა, _ მაშინვე მიესალმა ნათია. ხელთათამანი გაიხადა დაბერტყა და ხელი გაუწოდა. შემდეგ მიხვდა, რომ შეშის გამო მასპინხელი ვერ უპასუხებდა სათანადო ჟესტით და გაეცინა._ თქვენ ალბათ ზაქარია ხომ? ეს მე გესაუბრეთ ტელეფონით. რატომღაც ისეთი განწყობა დამრჩა, რომ მასპინძელს უხაროდა კიდეც, ხელები დაკავებული რომ ჰქონდა და ამით ხელის ჩამორთმევის აუცილებლობა რომ აიცილა თავიდან. _ დიახ, ეს მე ვარ!_ უპასუხა და როგორც იქნა მომაცილა ის გამჭოლი, შემფასებლური მზერა. ნინამ გამომხედა და რა მოხდაო, მკითხა თვალებით. მხრები ავიჩეჩე. ამ კაცს პირველად ვხედავდი. ალბათ უბრალოდ ვაზვიადებდი, მაგრამ ფაქტი იყო, ნინამაც იგრძნო მისი ჩემი დანახვით გამოწვეული უკმაყოფილება. _ მობრძანდით ქალბატონებო, ცივა გარეთ. _ ზურგი გვაქცია და კოტეჯისკენ გაკვალულ უკვე თოვლით დაფარულ ბილიკს გაუყვა. _ რა უჟმური კაცია?_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა ნატამ და რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მან გაიგონა. თუმცა წამითაც კი არ შეყოვნებულა. სანამ ჩვენ კოტეჯს ვათვალიერებდით. ჩვენმა მასპინძელმა უხმოდ შემოზიდა ჩვენი ბარგი. თავი დამნაშავედაც კი ვიგრძენი, მასზე წინასწარ რომ შევიქმენი არასწორი შთაბეჭდილება. შეშა წინასწარ ანთებულ ბუხარში შეაწყო. ნათიას რაღაც დეტალებზე გაესაუბრა და დაგვემშვიდობა. გასვლისას უკან მოიხედა და კიდევ ერთხელ გამისწორა მზერა. _ დიდი ხანია თქვენს მოსვლას ვუცდიდით!_ ჩაილაპარაკა კვლავ უემოციო ხმით._ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ქალბატონებო. ისევ ისეთი გრძნობა დამრჩა, რომ ყველას მოგვმართავდა. თუმცა კი მხოლოდ მე მგულისხმობდა. _ გზა გაგვიგრძელდა უამინდობის გამო!_დაგვიანების მიზეზის ახსნა სცადა ნათიამ, მაგრამ ზაქარია მის პასუხს აღარ დალოდებია. _ თუ დაგჭირდით, სასახლეში მიპოვნოთ!_ თავი დაგვიკრა და მარტო დაგვტოვა. _ ისეთი აურა აქვს, მბურძგლავს!_ გაეცინა მაგდას, როცა ყველა ჯერ კიდევ მის მიერ გახურულ კარს მივჩერებოდით. _ ჯანდაბა, უცნაური მასპინძელი კი გვყავს._ გაეცინა ხატიას. და წამის შემდეგ აღარც ზაქარია ახსოვდათ და აღარც მისი უცნაური მზერა. სახლი ხმაურში და სრულ აურზაურში ჩაიძირა. ოთახები გადავინაწილეთ, სამი ციცქნა საძინებელი, ერთი მოზრდილი მისაღები წამებში შეივსო ნათიას წამოღებული ათასგვარი ხარახურით. მხიარული სახით კიდებდა გირლიანდებს კედლებზე, მისი ოცნება იყო და სურდა იდეალური ყოფილიყო. მოგვიანებით ღვინო გავხსენით, ვახშამი მოვამზადეთ და ჩვეულ ჭორაობაში ჩავიძირეთ. როცა ყველა გაერთო, როცა ჩემი არსებობა ასე თუ ისე გადაავიწყდათ. ქურთუკი მოვისხი და ჩუმად გამოვედი კოტეჯიდან. ღვინის ბოკალი იქვე მოაჯირზე დავდგი. დინჯად და მძიმედ თოვდა. იმდენი თოვლი იყო გარშემო, მთელი ცხოვრება რომ ეყოფოდა ჩემნაირ მეთოვლე გოგოს. სიგარეტს გავუკიდე და ნელი ნაბიჯით შემოვუარე კოტეჯს. გაგონილი მქონდა, რომ თუ ნაკვალევს საცხოვრებლის გარშემო უწყვეტ წრედ შეკრავდი დაუპატიჟებლად ვერცერთი სული ვერ გადმოაბიჯებდა ამ უხილავ საზღვარს. და ახლაც უნებურად ვასრულებდი ამ უცნაურ მისტიურ რიტუალს. როცა სახლის მარჯვენა ფრთას გავცდი, მოულოდნელებისგან გავშეშდი. მომაღლო სერზე სრულ სიბნელეში ჩაძირული იდგა მომცრო სასახლე. ნაძვებისგან ცარიელ კორომზე ისე აღმართულიყო, როგორც იქაურობის პირქუში მეპატრონე. თითქოს მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა. თითქოს ამოწმებდა ჩემი ნდობა შეიძლებოდა თუ არა. თითქოს ზაქარია კი არა, ის იყო ნამდვილი მასპინძელი. თავზე ათოვდა და წარბშეკრული მაკვირდებოდა. ნელა შემეპარა ღიმილი ჩემი უცნაური ფიქრების გამო. სიგარეტიანი ხელი გრაციოზულად ავიქნიე, ჩემი ჭრელი ბავშვური ქურთუკის კიდე ავიკეცე და რევერანსი გავუკეთე მოქუფრულ დამხვდურს. _ სალამი ბნელეთის პრინცო!_ ჩავილაპარაკე გახალისებულმა. შემდეგ სასახლეს ზურგი ვაქციე და კვლავ მეგობრების სითბოს შევეფარე. შესვლისას კვლავ გამოვხედე, უეცრად მომეჩვენა, რომ სახლმა თოვლიანი მხრები შეიბერტყა და ამოისუნთქა. ჯერ გავჩერდი, მერე პარმაღის ხის მოაჯირზე მდგარ ღვინის ბოკალს გავხედე და გამეცინა. _ მეტი აღარ დალიო ამანიტა!_ ვუთხარი საკუთარ თავს. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


