მანათობელი გრძნობა - თავი 5
გიორგისთან მას შემდეგ არ მისაუბრია. ერთი კვირა ისე მიიწურა, არ დაურეკავს. რეალურად, არც მინდოდა ასე მომხდარიყო. რამდენჯერაც გამახსენდებოდა, იმდენჯერ ვივსებოდი ბრაზით და რომ დამენახა, უეჭველად კიდევ ერთხელ ავფეთქდებოდი. ზოგადად, ფეთქებადობა არ მახასიათებდა, თუმცა ბოლო დროს ეს ჩემს ყველაზე უარყოფით თვისებად იქცა. ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა და უბრალო, წვრილმან რაღაცებსაც კი წყობიდან გამოვყავდი. საკუთარი თავის ეს ვერსია კი ყველაზე მეტად მეზიზღებოდა. მართალია, ბევრად უარესიც შემეძლო ვყოფილიყავი და ხანდახან ვიყავი კიდეც, თუმცა ყოველ შემთხვევაში, ეს ხშირად არ ხდებოდა. იყო მომენტები, როცა საკუთარი თავის ყველაზე მეტად მე არ მესმოდა...და იყო მომენტებიც, როცა ყველაფერი, პირდაპირი მნიშვნელობით, ფეხებზე მეკიდა. ბოლომდე არც მე ვიცოდი, რა ტიპის ადამიანი ვიყავი და რამდენჯერაც ამაზე დავფიქრდებოდი, გონებაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მიჩნდებოდა: ,,სად არის ის ლიკა, რომელიც რეალურად არსებობს? რომელია ნამდვილი მე, ის, რომელიც ყველაფერს რადიკალურად უყურებს და ყველა წვრილმანზე გართულება აქვს, თუ ის, რომელსაც ყველაფერთან ერთად საკუთარი თავიც ფეხებზე ჰკიდია? რატომაა ჩემი ცხოვრება ცივი, მიტოვებული შენობასავით? რატომაა შავ-თეთრი და ცარიელი?" და კიდევ ძალიან ბევრი, სულელური შეკითხვა მქონდა, რომლებზე პასუხიც ვერსად ვიპოვე...ვიცოდი, ტყუილად ფიქრს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა მივხვდებოდი, რომ ჩემი ფიქრებით ძალიან შორს მივდიოდი, გონებას ვთიშავდი და იმ ნიღბის ტარებას ვაგრძელებდი, რომელიც სრულიად სხვა ლიკას განასახიერებდა. კვირის ბოლოს ჯაბამ დამირეკა, დავბრუნდიო და თავისთან მელოდებოდა. მეც საქმე არაფერი მქონდა და როგორც კი მოსაღამოვდა, მასთან წავედი. - ადამიანებში არ ვცდები - ფინჯანი მომაწოდა და ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა - დამთხვევა არ არის ეგ გიორგი აქამდე რომ არ გავიცანი. - ხანდახან მეც მინდა. არ ვიცნობდე... - საკუთარ ანარეკლს ჩავხედე - და საერთოდაც...არ მგონია, რომ ვიცნობ. - ... - - ყოველჯერზე ისეთ რაღაცას აკეთებს, ნელ-ნელა მართლა ვრწმუნდები, რომ უცხოა. - ეგ კატასტროფა არ არის... - ჩემკენ წამოიწია - კატასტროფა შენი მისდამი გრძნობებია, სხვა არაფერი. - ვიცი. - მე მგონია, რომ საკუთარ თავს შენვე უნდა უშველო. - როგორ? - დავიბენი. - დროა წინ წახვიდე - ეს მითხრა და ყავა მოსვა. - გგონია, მე არ მინდა ეს? ან გგონია, ვერ ვხვდები? - ნერვიულად ჩამეღიმა. - ხვდები, მაგრამ არ გინდა. - პირდაპირ მომახალა - რომ გინდოდეს, ყველაფერი უკვე სხვაგვარად იქნებოდა. - ახლა შენც იმ იდიოტს მაგონებ! - ჩავილაპარაკე - ყველაფერში რომ მართალი ჰგონია თავი... - ყველაფერში არა, მაგრამ აი აქ ნამდვილად მართალი ვარ და ეს შენც ძალიან კარგად იცი...აღიარება არ გინდა, რომ არ ცდილობ. - ოჰჰ... - ამოვიოხრე, რადგან პასუხი არ მქონდა. - იმ ტიპს რაც შეეხება...- დემეტრეზე გადავიდა - მე არ ვფიქრობ, რომ ერთი ადამიანი მეორეს ცხოვრებაში უმიზეზოდ ჩნდება. - ანუ? - ვიკითხე უინტერესოდ. - იმას ვამბობ, რომ თუ ადამიანს, რომელსაც თავიდან სრულიად შემთხვევით გადააწყდი, მეორედაც შეხვდები... - გაჩუმდა - ესე იგი, ის შენს ცხოვრებაში აუცილებლად იქნება, თანაც შეიძლება იმაზე ახლოს, ვიდრე წარმოგიდგენია. - ჰო, როგორ არა! - კი. - მომიჭრა მოკლედ - და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოგწონს შენ ეს, თუ არა; ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში უმიზეზოდ არ ვჩნდებით; - იგივე გამიმეორა და გაჩუმადა. ვერ ვხვდებოდი, რატომ საუბრობდა დემეტრეზე ამდენს, მაგრამ ვგრძნობდი ჯაბას მისდამი დამოკიდეულებას. ეს კიდევ უფრო მაგიჟებდა. ის არც გიორგის იცნობდა და მით უმეტეს, არც დემეტრეს, თუმცა ორივესადმი განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. - მით უმეტეს, შენ მას უკვე ოთხჯერ შეხვდი... - დაამატა ბოლოს. - ეს არაფერს ნიშნავს - ვუპასუხე უინტერესოდ - თანაც მე და ის ერთმანეთს ვერ ვიტანთ. - ასე ფიქრი განაგრძე... - მხრები აიჩეჩა - მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე. - მაინც რა? - მაშინ, როცა იმ ერთს ხვდები, აღმოაჩენ, რომ ყველა გზა მასთან მიდის. - ჩაეცინა - ეს შენგან დამოუკიდებლად ხდება...ესაა ის, რასაც ვერ აკონტროლებ, რადგან ეს შენი გეგმა არ არის... ეს მისია - თითი ზემოთ აიშვირა და მეც ინსტიქტურად ავხედე ჭერს. - დემეტრესთან რატომ აკავშირებ? გითხარი ვერ ვიტან მეთქი... - - ვინც არ უნდა იყოს ის, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს...როგორი უცხოც და წარმოუდგენელიც არ უნდა ჩანდეს იგი შენთვის, საბოლოოდ აღმოაჩენ იმას, რომ სადაც არ უნდა წახვიდე... რომელი გზაც არ უნდა აირჩიო, ყველა გზის ბოლოს ის გხვდება. - ჩემი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია - შენი ყველა გადაწყვეტილება, ყველა ემოცია, ყველა ტკივილი და სიხარული ნელ-ნელა მას დაუკავშირდება და როცა შენ ამას მიხვდები, სწორედ მაშინ იპოვი ყველა იმ პასუხსაც, მანამდე რომ არ გქონდა. - მის სახეზე ძალიან მშვიდი ღიმილი შევნიშნე...სწორედ ისეთი, რაღაც ძალიან დიდი, მიუწვდომელი და ამოუხსნელი არსების რწმენას რომ გამოხატავდა. ასეთი იყო ჯაბა... მას მტკიცედ სწამდა შემოქმედის გეგმების და ყოველთვის, როცა რაღაც არ გამოდიოდა, ამას ძალიან მშვიდად ხვდებოდა. იცოდა, რომ ღმერთს სხვა რამ ჰქონდა მისთვის დაგეგმილი და ისიც პროტესტის გარეშე მიჰყვებოდა მას. ბოლო წამოდგა, ცარიელ ჭიქებს დაავლო ხელი სანამ სამზარეულოში შევიდოდა, მობრუნდა და დაამატა. - მაინც...მე არ ვყოფილვარ ის, ვინც ჩემი სიტყვები დემეტრეს დაუკავშირა - თვალი ჩამიკრა და მალევე გაუჩინარდა. ჩამეცინა. მართალი იყო. ჯაბას არ უთქვამს, რომ ის ერთი მაინცდამაინც დემეტრე იქნებოდა. მე ვიყავი ერთადერთი, ვინც მისი ნათქმავი მაინდამაინც მას დაუკავშირა, რადგან მასზე ვფიქრობდი, თუნდაც უარყოფითად. ჯაბამ ეს უსიტყვოდ ამოიკითხა ჩემში და საკუთარი პირითვე მათქმევინა. მან მაინც დამიმტკიცა რამდენად კარგად მიცნობს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ მხედავს. ჰო ეს ასე იყო. მე და ჯაბა ერთმანეთს იშვიათად ვნახულოდით, თუმცა ეს ჩვენს ურთიერთობაზე არ მოქმედებდა. ის ყველაზე ახლოს იყო ჩემთან, მე - მასთან. ის ძალიან, ძალიან განსხვავებულს გრძნობას აღზრავდა ჩემში. რაღაც ისეთს, რასაც ჩვეულებრივი მეგობარი ვერ გაგრძნობინებს. თუმცა ის ხომ ჩვეულებრივი არც ყოფილა? ბევრად სხვა და ბევრად სანდო იყო. იმდენად სანდო, რომ ჩემი სახლის გასაღებიც კი ჰქონოდა. ეს რომ თამოს გაეგო, სამუდამოდ ამომშლიდა თავისი სამეგობროდან...ეს ცოტა ხუმრობით, მაგრამ მაინც; საშინლად გაბრაზდებოდა. განა თამო ნაკლებად მიყვარდა? არა. ის ყველაზე ახლოს იყო მთელს სამეგოროში და ერთადერთი, ვინც ჩემზე ოდნავ მაინც ფიქროდა. ამიტომაც მიყვარდა ის ყველაზე გამორჩეულად...თუმცა ალბათ მაინც ვერასდროს ავუხსნიდი, რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ჯაბა. ვერ ვეტყოდი იმას, რომ ჯაბა საკუთარ თავზე მეტადაც კი მიყვარდა... რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ჩემს ოჯახად იქცა და ის გააკეთა, რაც წესით, მამაჩემს უნდა გაეკეთებინა ჩემთვის. *** ერთი თვე არც ისე დიდი დრო ყოფილა. იმდენად მალე გავიდა ეს დრო, ვერც კი გავაცნობიერე. სულ ცოტა დრო რჩებოდა იმ დიდ და გრანდიოზულ საღამომდე, რომელიც ბატონი დავითისთვის უნდა ჩამებარებინა. ძალიან ფრთხილად ვაკეთებდი ყველაფერს. არ მინდოდა, ასეთი ადამიანისთვის სულ ცოტათი მაინც გამეცრუებინა იმედი, ამიტომ რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე და ისეთი რამ შევქმენი, მსგავსი რომ არადროს გამიკეთებია. ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა. გიორგის შევურიდგი, თუმცა მისი საქციელი არ დამივიწყებია. ეს მანაც იცოდა, მაგრამ მაინც ისე იქცეოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. მისდამი გრძნობები კი იმდენად მღლიდა, ვეჭვობდი, ეს სიყვარული კი არა, უბრალოდ ობსესია იყო. ყველაფრისადმი, რაც მას უკავშირდებოდა, ცუდი დამოკიდებულება გამიჩნდა. მისი საქციელები, რომლებიც თავისთავად, ნინათი იყო განპირობებული, ნელ-ნელა სულ უფრო აუტანელი ხდებოდა და კიდევ უფრო გვაშორებდა ერთმანეთს. ამიტომ მართლა მთელი გულით მინდოდა, ის აღარ მყვარებოდა. ვცდილობდი მასზე აღარ მეფიქრა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო დროის საკითხი იყო. რაც შეეხება დემეტრესა და მის ორ სურვილს... იმ საღამოს შემდეგ არც კი გამოჩენილა. ჩვენი ბოლო მიმოწერა, იმავე საღამოს, სულ იმით შემოიფარგლა, მე რომ მივწერე, რაც უფრო მალე მეტყვი შენს ორ სურვილს, მით უფრო მალე მოგიშორებ თავიდან, თქო. ამაზე კი მხოლოდ ,,:)"-ით მიპასუხა. ვიცოდი მისი ჩანაფიქრი, ყველაფერს გააკეთებდა ჩემს გასამწარებლად, ამიტომ მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ჩემი ცხოვრება საკმარისად ქაოტური იყო და იმ დროისთვის, დემეტრესთვის იქ ადგილი ნამდვილად არ იყო. ამას ემატებოდა, ავადმყოფი ავთო, რომელიც ვერაფრით მოვიშორე და საბოლოოდ, როცა ვერც სიტყვამ, ვერც მუქარამ და ვერც რაიმე ამდაგვარმა გააწყო რამე, იძულებული გავხდი საჩივარი შემეტანა. დიდი არაფერი მომხდარა, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ამოქმედდა, თუმცა ესეც რაღაც იყო. ყოველ შემთხვევაში, აღარ მიწევდა მისი გაუთავებელი ზარების ატანა, მასთან კონტაქტი და მისი იდიოტი გამომეტყველების ყურება. ასე გადიოდა ჩემი დღეები, უემოციოდ, ერთფეროვნად. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მანქანა ვიყავი, რომელიც დაპროგრამებულად მუშაობდა. არანაირი ემოცია, არანაირი განცდა... როგორც თამო ამბობდა, ჩამქრალ ვარსკვლავს ვგავდი. - სად ხარ? - ერთ საღამოს უეცრად დამირეკა გიორგიმ. - სახლში, სად ვიქნები? რა ხდება? - შენი დახმარება მჭირდება, ქალური საკითხია და ხომ იცი მანდ მოვიკოჭლებ... - ისევ ნინა? - უკვე ვიცოდი რაც ხდებოდა - გამომრიცხე! - კარგი რა! შენ ხომ ჩემი ლიკუნა ხარ! თუ გიყვარვარ, გთხოვ! - დანახვა არც დამჭირვებია, თვალწინ დამიდგა, როგორ გამოიწია კანი ყელთან. - არა მეთქი! - უკვე ვღიზიანდებოდი. - ისევ იმ ამბის გამო არა? - გაიხსენა ერთი თვის წინანდელი კამათი. - ნაწილობრივ...მაგრამ მაგას რომ თავი დავანებოთ, ძალიან კარგად იცი ჩემი მისდამი დამოკიდეულება, ამიტომ ვინც გინდა ის დაიხმარე და მე შემეშვი! - გაღიზიანეულმა გავუთიშე. აღარაფერი მოუწერია და არც დაურეკავს, ვიცოდი მისი ხასიათი, მაინც წავიდოდა და მაინც შეურჩევდა რამეს. მთელი საღამო პლედში გახვეული "ვეგდე" სავარძელში და ფილმს ვუყურებდი. სინამდვილეში ტელევიზორის ეკრანის ერთ წერტილს მივშტერებოდი და არც კი მახსოვს, რაიმეზე თუ ვფიქრობდი. ასეთი რამაც მახასიათებდა. ენერგიულ, ცინიზმმოყვარულ და თავდაჯერებულ ლიკასაც ჰქონდა, ორ თვეში ერთხელ მაინც ორი-სამი დღე, სახლიდან გარეთ რომ არ გადიოდა. ის ერთი საღამოც ასე ჩაივლიდა, მაგრამ თამომ მაინცდამიანც მაშინ გადაწყვიტა, ჩემთან მოსულიყო და მთელი კვირის დაგროვილი ჭორები მოეყოლა. - გამოიცანი დღეს რისთვის დამირეკა გიორგიმ! - წამოვიწყე უეცრად. - ... - ნინას საჩუქარი უნდა ვუყიდო და დამეხმარეო! - ჩამეცინა - წარმოგიდგენია? მე ვარჩევ საჩუქარს იმ კაცის შეყვარებულისთვის, რომელიც მიყვარს...რა საცოდავი ვარ! - აუ ეგ ბიჭი! ხანდახან მგონია თავს ისულელებს! - გაღიზიანდა თამო. - მეც ასე მგონია... - წამით გავჩუმდი - მაგრამ ხანდახან იცი რაზე ვფიქრობ? - რაზე? - დავუშვათ, გაიგო ჩემი გრძნობების შესახებ...და დავუშვათ ისიც, რომ მოხდა სასწაული და თავადაც იმავეთი მიპასუხა...აი მერე რა? - რას გულისხმობ? - დაიბნა. - რა მოხდება შემდეგ? ვერ წარმომიდგენია ჩვენი ერთად ყოფნა და ჩვენგან შემდგარი წყვილი...ეს კიდევ ცალკე მაგიჟებს! - ვერ ვისვენებდი. - და რას ფიქრობ? შენი აზრით, რატომ არის წარმოუდგენელი? - ჩამეძია ცხობისმოყვარე მეგობარი. - არ ვიცი... ხომ იცი, კარგი წარმოსახვა მაქვს, მაგრამ გიორგის როცა ეხება საქმე, იქ თითქოს თავი მიცარიელდება და ერთ ადგილას ვიჭედები. ვერაფერს ვხედავ...რაღაც ნისლივით მაქვს შემოხვეული და წინ გახედვის საშუალებას არ მაძლევს... - როგორც შემეძლო ზუსტად ავუხსენი, რასაც ვგრძნობდი...თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა,რომ ბოლომდე სათქმელს ვერ ვამბობდი. - იქნებ ეს იმის ნიშანია, რომ ეს სიყვარული არ არის? - უეცრად მკითხა თამომ. მივხვდი, რომ ამაზე პასუხი არ მქონდა მიუხედავად იმისა, რომ თავადაც იმავეს ვფიქრობდი. იმ საღამოს შემდეგ ძალიან ხშირად ვუსვამდი საკუთარ თავს ამ კითხვას და ძალიან ბევრსაც ვფიქრობდი პასუხზე...მაინც ვერაფერი გავარკვიე. გადიოდა დღეები, ვიკრიბებოდით, ვსვამდით, ვხალისობდით...მაინც არაფერი იცვლებოდა. რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი გიორგისთან, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მისი ჩემდამი დამოკიდებულება ისეთი არასდროს იქნებოდა, როგორიც მე მქონდა. საკუთარი თავი ამის გამო უკვე მართლა მაღიზიანებდა. ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ჩემი სულელური, პლატონური სიყვარულით ჩვენს მეგობრობას ვანგრევდი...რომ ჩემი მისდამი სიყვარული და მისით ჩაციკვლა, გიორგიც კიდევ უფრო მაშორებდა. ბოლო დროს ეს ყველაფერი იმდენად მანაღვლებდა, ემოციური კრიზისი დამეწყო. იმდენად გაღიზიანებული ვიყავი ამ ყველაფრის გამო, იმდენად არ მქონდა არაფრის ნერვი და თავი, სულ უფრო დიდხანს ვრჩებოდი სახლში. ვიცოდი, ეს ნორმალური რომ არ იყო, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი. სულ ცოტა რჩებოდა იმ აუქციონამდე, რომლის პროექტიც ბოლოს გავაფორმე, თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ამასობაში ერთ რამეს მივხვდი - საკუთარი თავიც მეზიზღებოდა და გიორგიც. ის იმიტომ, რომ ისეთი იყო, როგორიც იყო. საკუთარი თავი კი იმიტომ, რომ არასწორად ვიქცეოდი. მისი ახალ-ახალი ურთიერთობების მიუხედავად ვაგრძელებდი მის სიყვარულს და ზუსტად ეს იყო არასწორი. მართალია ვამბობდი, რომ გაურკვევლობაში ვიყავი, მაგრამ ბევრ რამეს ვხვდებოდი. მაგალითად, აღარ მაწუხებდა კითხვა, მართლა მიყვარდა გიორგი, თუ უბრალოდ მისი ყურადღებით ვიყავი დაბრმავებული? რადგან ვიცოდი, რომ ეს ყურადღება კარგა ხანია, აღარ არსებობდა. აღარ მაწუხებდა კითხვა, მართლა მიყვარდა გიორგი თუ უბრალოდ მიჩვეული ვიყავი ფაქტს, რომ ბავშვობაში მომწონდა? რადგან ყოველჯერზე, როცა მასზე გავიფიქრებდი, საშინელი გრძნობა მეუფლებოდა. სინამდვილეში გაურკვევლობას მხოლოდ ერთი კითხვა იწვევდა - რატომ მეძნელებოდა ამ ყველაფრისგან გათავისუფლება? ზუსტად ამაზე არ მქონდა პასუხი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



