აეროპორტში დატოვებული (სრულად)
-დაჩი, დაჩი, უნდა მიშველო,- ლევანის აღელვებულ ხმას ტელეფონის დინამიკი კიდევ უფრო რეზონანსულს ხდიდა,- შენ თუ გადამარჩენ. -ლევან, თუ მეტყვი რა უნდა გავაკეთო, გიშველი,- გაეცინა დაჩის. მისი ბავშვობის მეგობარი და აწ უკვე მისი უფროსი ყოვლად აუტანელი ხდებოდა როდესაც რაღაც სჭირდებოდა. -ავარიაში მოვყევი,- ისე სასხვათაშორისოდ თქვა, რომ დაჩიმ თავიდან ვერც კი აღიქვა. -რა?- იმხელა ხმაზე იყვირა, გვერდით მანქანაში გოგონა შეხტა და მკაცრად შეხედა. არადა უბრალოდ წითელზე იდგა და გაზაფხულის თბილი ჰაერით ტკბებოდა,- როგორ მოახერხე? სად ხარ? რაიმე დაიშავე?- დააყარა კითხვები. -დამეჯახნენ. უკვე კლინიკაში ვარ. ორი ნეკნი მაქვს მოტეხილი,- თანმიმდევრულად უპასუხა ლევანმა. -ახლავე მოვდივარ, სად ხარ?- დაჩის არც კი ახსოვს ბოლოს ასე როდის შეეშინდა. -არა! -ბატონო?- გაბრაზებაც ვერ მოასწრო. -აეროპორტში უნდა წახვიდე. -ბატონო?- ახლა უკვე გაუკვირდა დაჩის. -დაჩი, დღეს ლელი ჩამოდის. მშობლები ჩემთან მოდიან და არ მინდა რომ ტაქსით მოვიდეს. შეგიძლია დახვდე? -რომელ საათზე?- არც აცადა გაგრძელება. რა თქმა უნდა შეუძლია. რომც არ შეეძლოს. ლევანს სჭირდება და თან ეს ხომ ლელია, პატარა მტირალა ლელი. თვალწინ დაუდგა გამხდარი, კიკინებიანი გოგონა, რომელიც სულ წითლდებოდა მის დანახვაზე... რომელსაც თურმე უყვარდა... -შვიდ საათზე ჩამოფრინდება,- უთხრა ლევანმა. დაჩიმ პანელს დახედა, 7_ის ნახევარია. საცობების გათვალისწინებით ერთი საათი მაინც უნდა, მაგრამ ლელიც ვერ გამოვა უცებ. გაუაზრებლად მოაბრუნა მანქანა, რითიც გაბმული სიგნალი დაიმსახურა მანქანისგან, რომელსაც გზა გადაუჭრა. ალბათ გულიანად შეუკურთხეს კიდეც. არა უშავს, აურას არ დაუბინძურებს. აი თუ დააგვიანებს, არც ლევანი აპატიებს და არც ლელი. -სახლში მოიყვანე პირდაპირ, იქ დაგხვდებით. -გამოგწერენ ასე მალე?- დაიბნა დაჩი. -სულ ამათ შევეკითხები,- გაეცინა ლევანს და იმავე წამს გულიანად შეიგინა,- გამაყუჩებლის მოქმედება დასრულდა, ახალი დოზის დროა. რომ შეხვდები, დამირეკე ძმურად. -თავს მიხედე. ლელიზე არ ინერვიულო, მე მივხედავ. -ეჭვიც არ მეპარება. -იქნებ მადლობაც მითხრა,- გაეცინა დაჩის. -ვერ ეღირსები,- უპასუხა და გაუთიშა ტელეფონი. დაჩიმ თვალები გადაატრიალა და მოგონებებში ჩაიძირა. ... წვიმიანი დღე იყო და ბიჭები ბიბლიოთეკის ნაცვლად ლევანთან წავიდნენ სახლში. დაჩი ალბათ ყველაფერს ელოდა, გარდა იმისა, რომ სახლში შესულს რაღაც რბილი (როგორც მერე აღმოჩნდა, სათამაშო სპილო) მოხვდებოდა თავში. -შენ ხომ დამპირდი ადრე მოვალ და ველოსიპედით გავისეირნებთო,- გაიგო მოზარდის წვრილი ხმა. -ლელი,- ეს ხმა უკვე მის საუკეთესო მეგობარს ეკუთვნოდა. მისი თვალები იმავე წამს შეხვდა გოგონას გაფართოებულ თვალებს. ლელის ულამაზესი მწვანე თვალები ჰქონდა. თვითონ გოგონა ფიფქივით თეთრი იყო და იმ წამს კიდევ უფრო გათეთრდა, როგორც კი მიხვდა, რომ უცხო ადამიანს "დაესხა თავს". -მაპატიეთ,- თქვა ცრემლშეპარული ხმით,- მე... ლევანი მეგონეთ...- და ცრემლი წასკდა. იმავე წამს მისმა უემოციო მეგობარმა გვერდით გასწია და გოგონა ჩაიხუტა: -ლელი, არ ტკენია. ხომ არ გეტკინა დაჩი? არ იტირო,- ეფერებოდა და თან ცრემლს წმენდდა. თვალები კი თავად ლევანსაც ცრემლით ჰქონდა სავსე. უეცრად დაჩიც დაიხარა მისკენ, თავზე ხელი დაადო და გაუღიმა: -მართლა არ მტკენია. -მაპატიეთ,- ჩურჩულით წარმოთქვა ლელიმ. -ეს მე მაპატიე, ჩემს გამო ვერ მოვიდა ლევანი სახლში დროულად. პროექტის გაკეთება ვაიძულე. მაპატიებ?- ჰკითხა და შოკოლადის ფილა გაუწოდა. -დიახ,- გაუღიმა ლელიმ, თავისი ბაჭიას კბილები გამოაჩინა და შოკოლადი გამოართვა. -სხვათა შორის, მე დაჩი ვარ. დაჩი ყიფიანი. -ლელი ანდრონიკაშვილი,- გაუღიმა გოგონამ და სახლის სიღრმეში გაიქცა,- დე, ლევანის მეგობარი მოვიდა,- გაიგო დაჩიმ და გაეცინა. ... აეროპორტში მისული დაჩი უცნაურ ღელვას გრძნობდა. უნდა ენახა გოგონა, რომელიც 10 წელი არ ჰყავდა ნანახი და რომელზეც არაფერი იცოდა გარდა იმისა, რომ ლონდონში ცხოვრობდა, სწავლობდა ხატვას და მუშაობდა ილუსტრატორად რამდენიმე გამოცემასთან. მანქანა დააპარკინგა და მაშინვე შეუერთდა მომლოდინეთა რიცხვს. უყურებდა და ცდილობდა გამოეცნო ვის ელოდნენ. მხიარული ოჯახი, მამაკაცი, მოხუცი ბებია-ბაბუა და ორი ბავშვი დიდი ალბათობით ემიგრანტ დედას ელოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი აშკარად გულისსწორს ელოდა, ხელში ყვავილები ეკავა. "რა სულელი ვარ, მეც უნდა მეყიდა", გაიფიქრა და მაშინვე თავი გააქნია, "არ იქნებოდა ლამაზი". ხალხი ნელ-ნელა გამოდიოდა, ხვდებოდნენ მომლოდინეებს, ვიღაცეები ტიროდნენ კიდეც. დაჩი გაიმართა და ხელი ასწია, რათა საათზე დაეხედა და ზუსტად ამ დროს გამოვიდა ლელი. პატარა? მოზარდი? მის წინ უკვე ნამდვილი ქალბატონი იდგა. ელეგანტური და მომხიბვლელი. აღარაფერი დარჩენილიყო იმ ბავშვისგან, ვინც ასე მკაფიოდ ახსოვდა დაჩის. ლონდონიდან თითქმის 6 საათიანი ფრენაა, ლელი კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ახლახანს გამოვიდა მოდური ბუტიკიდან. გოგონას ეცვა შავი კლასიკური შარვალი, ზოლებიანი მოკლემკლავიანი ზედა და შავი ნაქსოვი ზედა მხრებზე ჰქონდა მოგდებული. ხელში ეკავა პატარა შავი ჩანთა და თეთრ ჩემოდანს მოაგორებდა, თან თვალებს აცეცებდა, დიდი ალბათობით ლევანს ეძებდა. რაღაც მომენტში როგორც სჩანს დაჟინებული მზერა იგრძნო და დაჩისკენ მიბრუნდა. როგორც კი მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, გოგონას თვალებში რაღაც გაჰკრთა, რაღაც ბავშვური, ლაღი და ბედნიერი. თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა. დაჩიმ მისკენ აიღო გეზი. -ლელი,- გადახვევა უნდოდა, მაგრამ რადგან გოგონას სხეულის ენით ამოიკითხა, რომ მსგავსი სითბოს გამოვლინება არ უნდოდა, მხოლოდ ხელი ჩამოართვა. -დაჩი, არ გელოდით აქ,- ოფიციალურად და თქვენობით. "დავიმსახურე", გაიფიქრა ბიჭმა. -ლევანმა მთხოვა მოსვლა. ავარიაში მოჰყვა და კარგად არის,- სანამ პანიკას აჰყვებოდა გოგონა, დაამშვიდა,- მხოლოდ ორი ნეკნი მოიტეხა. მეტი დეტალი მეც არ ვიცი. -ტაქსით მივიდოდი, არ იყო აუცილებელი შეწუხება,- წარმოთქვა ისევ ნეიტრალური ტონით გოგონამ. -არ ვწუხდები, პირიქით, მიხარია,- ლელის რატომღაც ჩაეცინა,- და მაინც, არც ისეთი ბებერი ვარ, თქვენობით რომ მომმართო, სულ რაღაც 32 წლის ვარ. -შენი და ჩემი ძმის ასაკის ყვავიც აღარ დაფრინავს,- აიჩეჩა მხრები გოგონამ. დაჩის ჩაეცინა, თან ჩემოდანი გამოართვა და გასასვლელისკენ წავიდა. წვიმა დაწყებულა ამასობაში და ლელის მიუბრუნდა: -მანქანას მოვაყენებ, აქ დამელოდე. -არ დავდნები,- უპასუხა გოგონამ და წვიმაში გავიდა მოურიდებლად. დაჩის აღარაფერი დარჩენოდა, წინ გაუძღვა. -ისევე წვიმს როგორც ჩვენი გაცნობის დღეს,- აღნიშნა დაჩიმ როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ და გათბობა ჩართო. ლელიმ შეხედა, რამდენიმე წამი თვალი არ მოუშორებია, მერე კი უკომენტაროდ ფანჯარას მიაშტერდა. მანქანაში მძიმე სიჩუმე იდგა, რომელსაც მხოლოდ საქარე მინის საწმენდების ერთფეროვანი ხმა არღვევდა. დაჩი დროდადრო გვერდულად უყურებდა ლელის. გოგონა ფანჯარაში იყურებოდა, მისი პროფილი მკაცრი და უცხო გამხდარიყო. -გახსოვს, ადრე როგორ გიყვარდა მანქანაში მუსიკის ბოლო ხმაზე აწევა? ლევანი სულ გეჩხუბებოდა,- ისევ დაჩიმ დაარღვია სიჩუმე,- ისევ გიყვარს Guns N' Roses? ლელიმ ნელა მიაბრუნა თავი მისკენ. გოგონას თვალები, რომლებიც ადრე სულ ციმციმებდნენ ბიჭის დანახვისას, ახლა ცივი და უემოციო იყო. -ადამიანები იცვლებიან, დაჩი. ათი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჩვევებიც დაივიწყო და,- შეყოვნდა, მაგრამ მაინც დაასრულა,- ადამიანებიც. -მე არ შევცვლილვარ,- რატომღაც ეწყინა დაჩის,- ყოველ შემთხვევაში, შენს მიმართ. ჩემთვის ისევ ის პატარა გოგო ხარ, რომელსაც შოკოლადს ვაჭმევდი და ვისთან ერთადაც ვმღეროდი სიმღერებს. მეგონა, რომ ჩამოსვლისას ისევ ისე გამიღიმებდი, როგორც მაშინ... აეროპორტში, სანამ წახვიდოდი. ლელიმ მწარედ ჩაიღიმა. სწორედ ეს იყო ის წერტილი, სადაც მისი მოთმინება დასრულდა. -დაჩი, ის ბავშვი, რომელსაც შენ იცნობდი, ათი წლის წინ აეროპორტში დატოვე. მე ის აღარ ვარ. ის გოგო მაშინ მოკვდა, როცა შენგან მხოლოდ ერთი სიტყვა სჭირდებოდა დასასრჩენად, შენ კი ზურგი შეაქციე და მითხარი, რომ შენი მეგობრის პატარა და ვიყავი და მეტი არაფერი. ის ბავშვი აეროპორტის იმ ცივ სკამზე დარჩა და მასთან ერთად ყველა ის ოცნებაც, რომელიც შენ დაგიკავშირა. ნუ ეძებ მას ჩემში. -მეგონა, ასე შენთვის უკეთესი იქნებოდა,- არც დაუმალავს გრძნობები დაჩის. არც უფიქრია ეთამაშა, მის გვერდით უკვე ზრდასრული ქალი იყო და არა 16 წლის მოზარდი,- მეგონა დაგავიწყდებოდი და იქ, სხვა ქვეყანაში, ვინმე შენი შესაფერისს იპოვიდი. შენი ასაკისას... ვერც კი წარმოიდგენ, რამდენი ღამე გავათენე იმაზე ფიქრში, რომ ჩემი სიტყვებით შენში რაღაც ძალიან ძვირფასი გავანადგურე. -შენ არაფერი გაგინადგურებია, დაჩი. შენ უბრალოდ გამზარდე. ოღონდ ეს ზრდა ძალიან მტკივნეული იყო,- ეს იყო და ეს. არც ერთს ხმა არ ამოუღია ლევანის სახლამდე. ... -მხოლოდ შენ შეგიძლია ავარიაში მოყვე, ნეკნები ჩაიმტვრიო და იმავე საღამოს სახლში ივახშმო,- თავი გააქნია ლელიმ და დედის გაკეთებული ხაჭაპური გემრიელად ჩაკბიჩა. -ბევრს ლაპარაკობ დაღლილი ადამიანისთვის,- არ ჩამორჩა ლევანი. დაჩი და მათი მშობლები ღიმილით უყურებდნენ და-ძმის ქიშპობას. ათ წელიწადში არაფერი შეცვლილა, ეს ორნი ისევ ისე განაგრძობდნენ კამათს. -დაჩი, იმედია გზაში არ დაგღალა საუბრით,- მიუბრუნდა ლევანი ბიჭს. -არა, პირიქით, ძალიან ჩუმი მომეჩვენა. -ლელი, კარგად ხარ?- გაოცებულმა შეხედა დას,- შენ ჩუმად ყოფნაც შეგიძლია? ადრე გასაქანს არ აძლევდი დაჩის. ნუთუ ჩემი პატარა დაიკო ასე გაიზარდა,- ეს თქვა და არ არსებული ცრემლი მოიწმინდა. -აორთქლდი,- აუქნია ხელი გოგონამ,- სალაპარაკო ბევრი არაფერი გვქონდა. -ესეც მართალია, არც ერთს არ გყავთ მეორე ნახევარი და უინტერესო სამსახურები გაქვთ. -შენ ვინმე გყავს და მე არ ვიცი?- არ ჩამორჩა ლელი, რითიც ყველას სიცილი გამოიწვია. ვახშმის შემდეგ მშობლები ოთახში ავიდნენ. ლელი დაჩის და ლევანს კაბინეტში შეჰყვა, მაგრამ არ დარჩა მათთან, მხოლოდ მზერა მოავლო ოთახს, ტკბილი ძილი უსურვა ბიჭებს და დატოვა. ლევანმა დაიწყო საუბარი, მაგრამ დაჩის მზერა სულ იმ კარისკენ გაურბოდა, სადაც ლელი გაუჩინარდა. -დაჩი, დედამიწაზე ხარ?- ლევანმა კალამი მაგიდაზე დააგდო და მეგობარს მიაშტერდა,- უკვე მესამედ გეკითხები, ამ ნახაზში ცვლილებას ეთანხმები თუ არა-მეთქი. -კი, რა თქმა უნდა...- წარმოთქვა დაჩიმ და თავი გააქნია. სიმართლე კი ის იყო, რომ ნახაზისთვის თვალიც არ შეევლო. მის გონებაში მხოლოდ ლელის ის ცივი, გამჭოლი მზერა ტრიალებდა, რომელიც მანქანაში ესროლა. ის ქალი, რომელსაც აეროპორტში დახვდა, მის მოგონებებში არსებულ ბავშვს მხოლოდ თვალის ფერით ჰგავდა. დაჩი მიხვდა, რომ მთელი ეს ათი წელი საკუთარ თავს ატყუებდა: ეგონა, ლელის სიყვარული მხოლოდ ბავშვური ახირება იყო და როცა გაიზრდებოდა, გაუვლიდა. ახლა კი ხედავდა, რომ ლელი გაიზარდა, მაგრამ გრძნობა არსად გამქრალიყო - უბრალოდ, ის უფრო ღრმა, სერიოზული და... მტკივნეული გამხდარიყო. -იცი, რა არის ყველაზე სასაცილო?- მოულოდნელად თქვა დაჩიმ და სკამზე გადაწვა,- მეგონა, რომ ჩამოსვლისას ისევ ისე შემომხედავდა, როგორც მფარველს. მე კი ისეთი ქალი დამხვდა, რომლის მზერასაც ძლივს გავუძელი. ლევან, შენი და საოცარი ადამიანი დამდგარა. ჩემს წინ არა „პატარა ლელი“, არამედ პიროვნება იდგა, რომლის სიჩუმეც კი უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. და ამ სიჩუმეში მე ჩემი თავი დავინახე... და დავინახე ისიც, თუ რა დიდი სულელი ვიყავი 10 წლის წინ. ლევანმა ჩუმად მოუსმინა. მეგობრის ხმაში აღარ იყო ჩვეული ირონია. იქ მხოლოდ გულწრფელი აღფრთოვანება და სინანული ისმოდა. -დაჩი, ლელი აქ ცოტა ხნით ჩამოვიდა,- უთხრა ლევანმა,- სიმართლე გითხრა, მეგონა რომ შენს მიმართ გრძნობები გაუვლიდა. -იცოდი?- დიდად არ გაჰკვირვებია დაჩის. მიუხედავად მისი გარეგნული მხიარულების და მარტივი ხასიათისა, ლევანი ყოველთვის საკმაოდ ღრმა ადამიანი იყო. ბევრ რამეს ხედავდა და მაღალი ემოციური ინტელექტი ჰქონდა. -რა თქმა უნდა. ლელი ჩემი უმცროსი დაა. ისიც კი ვიცი რითი სუნთქავს. შენ კი ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, თითქმის ძმა... -ამით რისი თქმა გინდა ლევან?- გარეგნულად არ ეტყობოდა, მაგრამ ბიჭი აშკარად აღელდა. -დაჩი, ლელი საკმაოდ ლამაზი გოგო გაიზარდა. ის ჭკვიანია, წარმატებული და მარტოხელა. თვალებში ეტყობა, რომ გრძნობები არ განელებია. სანამ 16 წლის იყო, არ ვაქცევდი ყურადღებას, ასაკობრივი მეგონა. ნორმალურია შეგიყვარდეს შენზე უფროსი, სიმპათიური ბიჭი. აშკარად შევცდი, ეს გატაცება არ ყოფილა, არაფერი შეცვლილა, მაგრამ ახლა მხოლოდ ლელი არ არის ის, ვინც სიჩუმის უკან გრძნობებს მალავს. -ლევან... -დაჩი! ამას ერთხელ ვიტყვი და აღარ გავიმეორებ. ლელი ჩემი უმცროსი დაა და არავის მივცემ უფლებას ატიროს. -ლევან... ლელი ჩემი უმცროსი დაც არის. ყოველი შემთხვევისთვის 10 წლის წინ ასე იყო. აეროპორტში კი უკვე სხვა ადამიანს დახვდა დაჩი - ქალს, რომელმაც აიძულა, საკუთარი გრძნობებისთვის თვალი გაესწორებინა. ახლა ის უკვე აღარ იყო „პატარა დაიკო“, ის იყო ადამიანი, რომლის დაკარგვაც დაჩის სიკვდილზე მეტად აშინებდა. -იმედია. ... -ლელი, იქნებ კიდევ ცოტა ხანს დარჩე,- გულწრფელად ცდილობდა დის გადარწმუნებას ლევანი, მაგრამ გოგონა ისევ ისეთი ჯიუტი იყო, როგორც ბავშვობაში. -ლევან, უნდა წავიდე. ბევრი საქმე მაქვს,- განაგრძო ჩემოდნის ლაგება. -საქმე გაქვს ბევრი? მხოლოდ ამის გამო მიდიხარ? -ლევან, რას გულისხმობ?- თვალებში შეხედა გოგონამ. -ლელი, მართლა მაინტერესებს, შენი თავი გგონია ასეთი კარგი მსახიობი, თუ მე გგონივარ ბრმა?- გაბრაზდა ბიჭი. -მეორე,- გამოუყო ენა ლელიმ,- ახლა კი ძმურად, დამაცადე ბარგის ჩალაგება. ლევანი ოთახიდან გავიდა, თუმცა რამდენიმე წამში კარზე კაკუნი გაისმა. ლელის ეგონა, რომ ძმა ისევ მოსაბეზრებელი შეკითხვებით დაბრუნდა. -ლევან, მართლა არ მინდა ახლა ამაზე საუბარი...- დაიწყო მან, მაგრამ როდესაც შემობრუნდა, დაჩი დაინახა, რომელსაც ხელში პატარა, ძველებური ფორმის შოკოლადის ფილა ეჭირა. -ლევანმა მითხრა, რომ მგზავრობის წინ რამე ტკბილი აუცილებლად დაგჭირდებოდა,- დაჩიმ ნაბიჯი გადადგა მისკენ. მისი ხმა აღარ იყო ისეთი თავდაჯერებული, როგორიც მანქანაში. ის უყურებდა ლელის და ხვდებოდა, რომ ამ მომენტში მის წინაშე წყდებოდა მისი ბედი. აღარ არსებობდა 10-წლიანი სხვაობა, აღარ არსებობდა „ძმის მეგობრის“ სტატუსი. არსებობდა მხოლოდ ორი ადამიანი, რომლებმაც წლები ერთმანეთის მოლოდინში გალიეს. დაჩი უყურებდა ლელის და ხვდებოდა, როგორ ტრანსფორმირდა მისი გრძნობა ამ წლების განმავლობაში. 10 წლის წინ, როცა ლელი თექვსმეტის იყო, დაჩი მასში ქალს ვერ ხედავდა - ეს წარმოუდგენელიც იყო და არასწორიც. მაშინ მისი მონატრება ადამიანური იყო, თბილი და მეგობრული. ენატრებოდა მისი სიცილი, მისი ბავშვური ჟინი და ის სისუფთავე, რაც მხოლოდ ამ გოგონას შემოჰქონდა მის ცხოვრებაში. მაშინ ლელი მისთვის ძვირფასი ადამიანი იყო, რომელსაც გაუფრთხილდა და სწორედ ამიტომ გაუშვა შორს. მაგრამ ახლა, როცა მის წინ ეს ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი იდგა, დაჩი მიხვდა, რომ ძველი, „უფროსი ძმის“ როლი საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ის, რაც აეროპორტში უბრალო გაოცებით დაიწყო, აქ, ამ ოთახში, ნამდვილ, ზრდასრულ ვნებად და ღრმა მიჯაჭვულობად იქცა. მას აღარ უნდოდა მისი დაცვა მხოლოდ როგორც ლევანის დის - მას მისი სიყვარული სწყუროდა. ლელიმ ჩემოდანი დატოვა და დაჩის ხელს დახედა. მერე ჩუმად მივიდა თავის საფულესთან, გამჭვირვალე განყოფილებიდან ფრთხილად ამოიღო პატარა, გაცვეთილი და ფერგადასული შოკოლადის ქაღალდი - ის, რომელიც დაჩიმ ათი წლის წინ პირველად აჩუქა. დაჩი გაოგნებული გაჩუმდა. მას არ ეგონა, რომ ეს პატარა ნივთი ჯერ კიდევ არსებობდა. მან დაინახა არა მხოლოდ ძველი ქაღალდი, არამედ ლელის ერთგულება, რომელიც ათი წელი ჩუმად ცოცხლობდა. ნელა მიუახლოვდა, ლელის სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა, შემდეგ კი - ტუჩებზე. ეს იყო ნაზი და სინანულით სავსე ამბორი. ამ დროს კარში ლევანი გამოჩნდა, რომელიც წყლის მოსატანად აპირებდა შესვლას. დაინახა ისინი, ოდნავ გაეღიმა, თავი უკმაყოფილოდ გააქნია და კარი ჩუმად გაიხურა. მისაღებ ოთახში გასულმა, ტელეფონს დახედა და ჩაიბუტბუტა: -ისედაც ზედმეტი ვიყავი ამ სახლში და ახლა, როგორც ჩანს, საკუთარ ოთახში შესვლაზეც ვიზა დამჭირდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




