მანათობელი გრძნობა - თავი 6
ამასობაში აუქციონის ორგანიზებას მოვრჩი. მიუხედავად იმისა, რომ მასში მთელი ჩემი ფანტაზია და ძალისხმევა ჩავდე, იქ წასვლის არანაირი სურვილი არ მქონდა. ძველი ლიკასგან განსხვავებით, ჩემი ახალი ვერსია ნელ-ნელა ჯაბას ემსგავსებოდა და სულ უფრო ვეღარ ვიტანდი ხალხმრავლობასა და სიახლეებს. პასიური და ჩაკეტილი გავხდი და ეს უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. საკუთარი მდგომარეობა ცოტათი მეც მაშინებდა, თუმცა ვთვლიდი, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდებოდა და ყურადღება ზაფხულის თბილ ამინდებსა და დასვენებაზე გადავიტანე. ბოლო დროს, ჩემი კიდევ ერთი ამოჩემება გახდა შუაღამით ქუჩაში ბოდიალი. ყოველ ღამით, გაურკვეველი მიზეზით, ზუსტად ოთხზე მეღვიძებოდა. უკვე გამოფხიზლებული კი ვეღარ ვიძინებდი და მიწევდა გათენებას დავლოდებოდი. ერთ ღამით კი, როცა სახლში უჰაერობამ შემაწუხა და სულ ცოტა ხნით გავედი გარეთ, მომეწონა ცარიელ ქუჩაში სიარული. გადავწყვიტე, რომ ეს ჩემს წესად მექცია, თუნდაც ცოტა ხნით. იმ ღამით ისევ უჰაერობამ გამომაღვიძა. ძალიან მცხელოდა და ამან იმდენად შემაწუხა, ასე მეგონა გახურებულ ყუთში ვიჯექი. იმ მომენტში იმდენად მწყუროდა ქუჩაში გასვლა, არც დავფიქრებულვარ, გარდერობი გამოვაღე და რაც პირველი დავინახე ისვე ჩავიცვი - მუქი ლურჯი, ჯინსის, მუხლამდე სიგრძის შორტი, თეთრი ტოპი და თხელი, ზოლიანი პერანგი. თმა დაუდევრად დავიკოსე, მაღალყელიან წინდებზე თეთრი კედები ამოვიცვი და სახლიდან გავედი. სუფთა ჰაერმა ძალიან კარგ განწყობაზე დამაყენა. სახლიდან ცხვირის გამოყოფისას კიდევ ერთხელ ვიგრძენი, როგორი სასიამუვნო ყოფილა ზაფხულის ჰავა - არც ცხელი, არც ცივი და ცოტათი მოტკბო. მოტკბო არომატი რატომ დამრჩა ვერ მივხვდი, თუმცა მომეწონა და გონებაში არსებულ იმ უცნაურად ლამაზი რაღაცების სიას მივამატე, თავადაც რომ არ ვიცოდი, რატომ მომწონდა. ქვემოდ გავუყევი ქუჩას, სადაც გზა ორად იყოფოდა. ჯერ მარცხნივ გავუყევი გზას, დაღმართის ბოლომდე და მერე იქიდან სკვერამდე ნელა მოვუყვებოდი. დავფიქრდი. იმ მომენტში პატარა ლიკა რომ ჩემთან ყოფილიყო, უთუოდ შეეშინდებოდა ღამით გარეთ ყოფნის. ჩემი ბავშვობა სხვა ბავშვების ყოველდღიურობისგან ბევრად გავნსხვავდებოდა. ბავშვობაში შებინდების მომენტიდან გარეთ გასვლის მეშინოდა, ამიტომ მეგობრებთან ერთად ღამით ქუჩაში არასდროს მითამაშია. შესაბამისად, ჩემი სახელი მთელი უბნის გასაგონად არც არავის უყვირია, სახლში რომ შევსულიყავი. იქამდე კი სანამ დავიძინებდი, ბებიაჩემთან ერთად ძილისპირულს ვუყურებდი, ხოლმე და ყოველ ღამით ახალ-ახალი ზღაპრებით გაოცებული, მათზე ფიქრში ვიძინებდი. ცოტათი გული მწყდებოდა და ვბრზობდი, ტელევიზიით რომ ვისმენდი იმ ზღაპრებს, რაც წესით დედაჩემს უნდა წაეკითხა ჩემთვის. დროთა განმავლობაში კი ამასაც შევეჩვიე და ძილისპირულის მოსმენაც შევწვიტე. ფიქრებიდან ტელეფონის ვუბრირებამ გამომაფხიზლა. მძიმედ ამოვიოხრე და ინტერესით მივაჩერდი ტელეფონის ეკრანს. გაკვირვებისგან ჩამეცინა. დემეტრემ მაინცდამაინც იმ ღამეს მოინდომა გამოჩენა. მთელი თვენახევარი ისე გავიდა, კონტაქტზე არც კი გამოსულა. ჩემი ნაადრევი სიხარული კი, რომ მას სურვილების თემა აღარც ახსოვდა, უკვალოდ გაქრა. - გძინავს? - ამ შუაღამისას რამ მოგიარა? - ანუ არა.... რას აკეთებ? - ჩემი შეკითხვა დააიგნორა. - რაში გაინტერესებს? - სხვა პასუხი არ გაქვს? - კი, მუხლამდე სიგრძის შორტი მაცვია და ქუჩაში დავბოდიალობ! - არ გინდა ერთად ვიბოდიალოთ? - სხვაგან იბოდიალე... - მოვდივარ. პასუხი აღარ მიმიწერია. მისმა უეცარმა გამოჩენამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გამიჩინა. მაგალითად ის, თუ რატომ გავახსენდი მე? ან საერთოდ, რატომ მოდიოდა იმ მომენტში ჩემთან? მასთან შეხვედრა ყოველთვის უცნაურ შეგრძნებას მიტოვებდა, თუმცა ერთადერთი, რაშიც მაშინ საკუთარი თავი გამოვიჭირე, მისი მოლოდინი იყო. პროტესტი არ გამჩენია მის მოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ არც გამხარებია. და ზუსტად მაშინ, როცა გზის ბოლომდე მივედი, დავინახე, მაღალმა, შავმა ჯიპმა რომ გადმოუხვია და მარცხენა მხარეს, ზუსტად ჩემს ფეხებთან გაჩერდა. იქიდან დემეტრე გადმოვიდა და ჩემკენ წამოვიდა. ღია ნაცრისფერი ფართე სპორტული და თეთრი მაისური ეცვა. თმა ცოტათი ჩამოზრდილი და არეული ჰქონდა. ხმა არ ამოუღია, ჩუმად იდგა და მათვალიერებდა. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა იმ წამს. თავი უხერხულად ვიგრძენი, რადგან არ მიმაჩნდა ნორმალურად, ღამით მასთან ერთად ქუჩაში სიარული. მაგრამ მერე, მის სახეზე ჩვეული ღიმილი რომ დავინახე, ეს უხერხულობაც გაქრა. არ ვაპირებდი იქ დგომას და უსიტყვოდ მის ყურებას, ამიტომ შევრუნდი და იმ აღმართს კიდევ ერთხელ გავუყევი. ისიც ნელ-ნელა წამომეწია და ფეხი ამიწყო. - აბა, როგორი იყო შენი ცხოვრება, სანამ არ ვიყავი? - ისე იკითხა, თითქოს წასვლას აღარ აპირებდა. - დიდად გადასარევი არ ყოფილა, მაგრამ შენ არაფერ შუაში ხარ... - მივუგე უღიმღამოდ - შენზე რას იტყვი? ვფიქრობ, ეს დრო საკმარისი იქნებოდა ორი სურვილის მოსაფიქრებლად! - ზურგი ვაქციე და იქვე ქვის მაღალ ღობეზე შემოვჯექი. - სიმართლე გითხრა, სურვილი უკანასკნელი იყო, რაზეც ვფიქრობდი - ამოიოხრა. - მართლა? - ჩამეცინა - მე კი მეგონა, იმდენად დიდი ფანტაზია აქვს, ვერ გადაწყვიტა, როგორ გამამწაროს მეთქი. - ჰო, მართლა. - თავი დამიქნია. ჩემი ხუმრობისთვის ყურადღება არც მიუქცევია - რაც საქართველოში ჩამოვედი... ჩემი ყოველდღიურობა ბევრად ქაოტური გახდა და ამას...ვერ ვეგუები - ამოიოხრა, მოვიდა და ქვის კედელს აეყუდა. - რატომ? ბიზნესმენი ახლა ხომ არ გახდი, არა? - დავცინე. - საქმე მაგაში არ არის უბრალოდ... - ეტყობოდა რაღაცის თქმა რომ უნდოდა, მაგრამ შევამჩნიე, რცხვენოდა - არაფერი, დაივიწყე... - თუ გაწუხებს შეგიძლია თქვა. - სიმშვიდეს ვერ ვპოულობ... - ამოთქვა ბოლოს, კარგახნიანი დუმილის შემდეგ. მივხვდი, საკუთარ თავზე საუბარი არ მოსწონდა და სათქმელის გადმოცემა ამიტომაც უჭირდა. - და რას უკავშირებ? - დედაჩემის სახლში ვიყავი - მწარედ ჩაილაპარაკა - სახლში, სადაც დამტოვა და წავიდა. - თუ ის ადგილი ცუდ მოგონებებთან არის დაკავშირებული, საერთოდ რატომ წახვედი? - არ ვიცი... - მხრები აიჩეჩა - უბრალოდ მეგონა, რომ ჩემს უძილობას, ფსიქიკურ აშლილობასა და შფოთვებს უშველიდა. - ჩაეცინა - შენ...პანიკური შეტევები გაქვს? - ინსტიქტურად შევჩერდი. - ... - არაფერი მიპასუხა. აშკარად ინანა, რომ ახსენა. შემეცოდა. მხოლოდ დემეტრე კი არა, ყველა შემეცოდებოდა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩემი მისდამი დამოკიდებულება, ის ასეთ რამეს მართლა არ იმსახურებდა. - ეს სახუმარო არ არის... - ჩავილაპარაკე - თუ არავინ გყავს ისეთი, ვისაც ამაზე მოუყვები, შეგიძლია დამირეკო ხოლმე... - მისი გაბრწყინებული სახე რომ დავინახე, დავამატე - მიუხედავად იმისა, რომ ვერ გიტან, არ ვფიქრობ, რომ ამას მარტო უნდა გაუმკლავდე. - არამგონია ამაზე ლაპარაკი მომინდეს, თუმცა გავითვალისწინებ. - ამომხედა მომღიმარმა და იმ წამს, ლამპიონის შუქზე მისი თვალები რომ დავინახე, იმდენად ლამაზი და სუფთა მომეჩვენა, შემეძლო მთელი ღამე მეყურებინა. ცოტა ხანს ასე იდგა. მერე მომიახლოვდა და ჩემ გარეშემო დააყრდნო ხელები კედელს - რა? - ვიკითხე დანეულმა. - რატომ სეირნობ ამ დროს ქუჩაში? - მკაცრი ტონით იკითხა - შენ ეს ნორმალური გგონია? - ... - თვალი ავარიდე, რადგან მართალი იყო. ჩემი ქცევები ნელ-ნელა უფრო უცნაური ხდებოდა, მე კი საერთოდ არ ვცილობდი, საკუთარი თავის დახმარებას. განა რამდენად შორს წამიყვანდა ჩემი ქცევები? როდის ან როგორ დალაგდებოდა ყველაფერი? ამაზე არ ვფიქრობდი. - არ მითხრა, რომ თავს ცუდად გრძნობ! - ძალზე დარწმუნებულმა მკითხა - იმ ტიპის გამო... - გამახსენდა, რომ მან გიორგიზე იცოდა. - მომწონს...ყველაფერის მიუხედავად... - მორცხვად ჩამილაპარაკე. - არ უნდა მოგწონდეს...- თავი ჩაღუნა. - რატომ? - რადგან მოგწონდეს ის, ვინც შენ არ აგირჩია, იგივეა, გამუდმებით კითხულობდე წიგნს, რომლის დასასრულმაც გატკინა...- ჩაეცინა - და იცი, რატომ არ წყვეტ ამ წიგნის კითხვას? - ... - - იმიტომ, რომ სხვა დასასრულს ელოდები, მიუხედავად იმისა, რომ იცი, ის არ შეიცვლება; - მისი ნათქვამი სილასავით მწარე აღმოჩნდა ჩემთვის. მართალია, საკუთარ მდგომარეობას თავადაც ვაცნობიერებდი, თუმცა ამ სიტყვების სრულიად უცხო ადამიანისგან მოსმენა, ბევრად პათეტიკურად ჟღერდა. - მხატვრულად გამოგივიდა - ჩამეღიმა, თითქოს მისი ნათქვამი არც გამიგონია. - რა მნიშვნელობა აქვს, როგორ იტყვი? - დასერიოზულდა. სათქმელი არაფერი მქონდა, ამიტომ გავჩუმდი. ცოტა ხანს ისიც გაჩუმებული იყო. იმ სიჩუმეში კი მივხვდი, რომ მარტო სიარული არც ისეთი კარგი ყოფილა და რომ, თუნდაც სრულიად უცხოსთან, ლაპარაკი, ხანდახან საჭიროც კი იყო. თამოსთან ამაზე ათასჯერ მაინც მქონდა ნასაუბრები, მაგრამ დემეტრესთან საუბარმა ბევრად სხვა გრძნობა დამიტოვა. - რამდენი ხანია, რაც ასე აკეთებ? - დაიწყო ისევ. - დაახლოებით ერთი კვირა. - როგორ ცუდადაც არ უნდა გრძნობდე თავს, ამ დროს ქუჩაში მარტო არ უნდა იყო. - რატომ? -იმიტომ. - მომიგო და გააგრძელა - შემდეგში...თუ ისევ წახვალ სასეირნოდ...დამირეკავ? - ბავშვური მზერით ამომხედა. მისი გამომეტყველება, როგორც წესი, ცინიზმით, ირონიით იყო სავსე, თუმცა მაშინ ერთადერთი, რაც დავინახე, მარტოობა იყო. მისი თვალები სევდით იყო სავსე, დიდი და ღრმა სევდით. მართალია, დემეტრეს არ ვიცნობდი, თუმცა იმის დანახვა მაინც შემეძლო, რომ ჩემსავით ისიც ნიღაბს ატარებდა. ნიღაბს, რომლის უკანაც რაღაც ძალიან დიდს, ამოუცნობსა და უცხოს მალავდა. და რამდენად გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, დარწმუნებით შემეძლო მეთქვა, რომ პირველი ვიყავი, ვისთანაც თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა, თუნდაც ცოტათი; - დაგირეკავ. - თავი დავუქნიე და ღობიდან ჩამოხვტი. დიდხანს აღარ გვისაუბრია, დავემშვიდობე და სახლში წავედი. ისიც ჩუმად გაუყვა დაღმართს და მალე თვალსაც მოეფარა. მას შემდეგ კიდევ ორჯერ ვიყავით ერთად სასეირნოდ. აღარ ვფიქროდი, რომ დემეტრე ცუდი ადამიანი იყო, თუმცა მისთვის არაფერი მიგრძნობინებია. ყოველ შესაძლებლობაზე ვახსენებდი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ფაქტი - ასე მხოლოდ მე ვგრძნობდი თავს. დემეტრეს ჩემდამი დამოკიდებულება ნელ-ნელა სულ უფრო იცვლებოდა და ეს ცოტათი მაშინებდა. ამიტომ იმ ღამით, როცა მან კიდევ ერთხელ აიარა ჩემი სახლის აღმართი, ვუთხარი, რომ ეს ჩვენი ბოლო გასეირნება იქნებოდა. - არც ისეთი აუტანელი ყოფილხარ - გამომხედა ჩემ გვერდით, ქვაზე მჯდომარემ. - შენ მაინც აუტანელი ხარ ჩემთვის. - გულწრფელად ვუთხარი - გინდა? - გავუწოდე ცალი ყურსასმენი. როგორც წესი, საყვარელი რაღაცების სხვისთვის გაზიარება არ მომწონდა, თუმცა მუსიკის მარტო მოსმენა ცუდ ტონად ჩავთვალე. დემეტრეს ხმა არ გაუცია. დავინახე, როგორ დაუსერიოზულდა სახე, როცა ყურსასმენი გავუწოდე. - მე მუსიკას არ ვუსმენ. - მომიგო მდორედ. - რატომ? როგორ შეგიძლია მუსიკის გარეშე... - - დედაჩემი მუსიკოსი იყო - გამაწყვეტინა - ამიტომ. - ბოდიში... - მივუგე დამნაშავესავით - მე, ფაქტობრივად, მუსიკით ვცხოვრობ და ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვინმეს მუსიკა არ მოსწონდეს. - შენ რატომ ხარ ამდენად დამოკიდებული? - მეც დედაჩემის გამო... - ჩამეცინა უცნაურ დამთხვევაზე - როცა თავს კარგად არ ვგრძნობ, დედაჩემის საყვარელ მუსიკებს ვუსმენ... - არ ვფიქრობდი, რომ დემეტრესთან დედაზე უნდა მესაუბრა, თუმცა მისი ინეტრესით მოცული სახე რომ დავინახე, ვეღარ გავჩუმდი. იმ ღამით ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ვილაპარაკე და ყოველ ჯერზე იმის გაცნობიერება, რომ ის მართლა მისმენდა, კიდევ უფრო მანდომებდა საუბარს. მთელი დრო ისე გაიპარა საუბარში, თავზე დაგვათენდა. და ბოლოს, სასაუბრო რომ გამოგველია და უკვე მზემაც დაიწყო ამოსვლა, დამემშვიდობა და მანქანისკენ წავიდა. - ლიკა! - წამით შეჩერდა - თქვი, რომ ერთმანეთს ვერ ვიტანთ...თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ასე უნდა გაგრძელდეს. - ეს თქვა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


