შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობითი სიყვარული (თავი 2 - 3)


გუშინ, 12:17
ავტორი enola
ნანახია 161

აბაშიძეების სახლი, ჭავჭავაძეების ციხესიმაგრისგან განსხვავებით, სინათლით იყო სავსე. აქ კედლები არ გთრგუნავდა: პირიქით, დიდი ვიტრაჟებიდან შემოსული მზის შუქი ნაზად ეცემოდა ღია ფერის ხის იატაკს, სადაც წლების განმავლობაში დაგროვილი მოგონებების სურნელი ტრიალებდა. ეს არ იყო მხოლოდ სიმდიდრის დემონსტრირება ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანები მართლაც ცხოვრობდნენ. ჰაერში ყავისა და ახალი ყვავილების სუნი ერეოდა, რომლებსაც ნატალია წერეთელი ყოველ დილით თავად არჩევდა ბაღში.

სახლის ამ თბილ აურას ყველაზე მეტად ბათუ აბაშიძე ჰარმონიულად ერწყმოდა. 24 წლის ასაკში ის უკვე ფლობდა იმ სიმშვიდეს, რომელიც მის თანატოლებს ასე აკლდათ. ბათუ არ იყო ხმაურიანი; მისი ძალა მის სიტყვაში, მის გააზრებულ მზერასა და იმ საოცარ შრომისმოყვარეობაში იგრძნობოდა, რომლითაც მამის ბიზნესს უდგებოდა. მისთვის ციფრები და სტრატეგიები მხოლოდ სამუშაო არ იყო, ეს იყო პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, ვინც მასზე იმედებს ამყარებდა. ბათუ ის ბიჭი იყო, რომელიც ბოლომდე იხარჯებოდა იმაში, რაც უყვარდა, იქნებოდა ეს საქმე თუ ადამიანი. მისი ერთგულება ჩუმი იყო, მაგრამ ურყევი.
იმ დილას ბათუ თავის სამუშაო ოთახში იჯდა, რომელიც სახლის ყველაზე წყნარ კუთხეში მდებარეობდა. მის წინ გაშლილი ლეპტოპი და უამრავი გრაფიკი იმაზე მეტყველებდა, რომ ღამე ისევ მუშაობაში გაათენა. კარის ნელი გაღება და ნაცნობი ნაბიჯების ხმა მისი კონცენტრაციის დარღვევის ერთადერთი მიზეზი გახდა, რაზეც არ გაბრაზებულა.

"ისევ მუშაობ?"- გაისმა ნატალიას თბილი, მზრუნველი ხმა.
ბათუმ თავი ასწია და გაიღიმა. დედამისი იმ სიმშვიდის განსახიერება იყო, რომელსაც ეს სახლი ასხივებდა. ნატალიას ხელში ლანგარი ეჭირა ორი ფინჯანი ჩაით.

"დედა, შენ ხომ იცი, რომ თუ საქმე ბოლომდე არ მივიყვანე, ვერ ვისვენებ"- უპასუხა ბათუმ და წამოდგა, რომ ლანგარი გამოერთმია.

"ვიცი, შვილო. ზუსტად მაგიტომ გვინდა შენთან მე და მამაშენს საუბარი. ლევანი მისაღებშია, გველოდება. დღეს საქმეები ცოტა ხნით გვერდზე გადადე, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გვაქვს სათქმელი"- ნატალიამ ხელი შვილის ლოყაზე ჩამოუსვა. მის თვალებში სითბოსთან ერთად რაღაც უცნაური მღელვარებაც კიაფობდა.

ბათუ იცნობდა საკუთარ ოჯახს. აქ გადაწყვეტილებებს არა ბრძანებით, არამედ მშვიდი საუბრით იღებდნენ. მან მშვიდად დახურა ლეპტოპი. ბიზნესი მისთვის ყველაფერი იყო, ოჯახი კი – ამ ბიზნესის საფუძველი. თუ ჰოლდინგს რამე სჭირდებოდა, ის მზად იყო.
ისინი ერთად გავიდნენ მისაღებ ოთახში, სადაც ლევან აბაშიძე ბუხართან იჯდა. სახლის ეს ნაწილი ყველაზე მყუდრო იყო. ლევანმა, დაინახა თუ არა შვილი, სახე გაუნათდა, თუმცა წამიერად ისევ ის სერიოზული გამომეტყველება მიიღო, რომელიც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი გარიგებების წინ ჰქონდა ხოლმე.

"მოდი, ბათუ, დაჯექი"- თქვა ლევანმა და ხელით სავარძელზე ანიშნა. -"დედაშენსაც ვთხოვე დასწრება, რადგან ეს მხოლოდ ბიზნესის საქმეს არ ეხება. ეს შენს და ჩვენი ოჯახის მომავალს ეხება"- ბათუ დაჯდა. ის მზად იყო მოესმინა ნებისმიერი ფინანსური სტრატეგია, ნებისმიერი რთული პროექტი, მაგრამ ის, რაც შემდეგ გაიგონა, მის გათვლილი სამყაროს არანაირ გრაფიკში არ ჯდებოდა.

ბათუმ ჩაის ფინჯანი მაგიდაზე დადო და მამას მიაჩერდა. ლევანი ჩვეულებრივზე მეტად მშვიდი ჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საუბარი წინასწარ კარგად ჰქონდა მომზადებული.

"ბათუ, შენ იცი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჭავჭავაძეებთან პარტნიორობა"- დაიწყო ლევანმა და ნატალიას გადახედა. -"ჩვენი კომპანიები წლებია გვერდითაა, მაგრამ ახლა დროა, ეს კავშირი ურყევი გახდეს. დავითთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანებით უნდა მოხდეს... შენი და მისი ქალიშვილის, ნინას ქორწინებით"- ბათუს წამით მოეჩვენა, რომ ოთახში ჟანგბადი გათავდა. "ქორწინება?" – ეს სიტყვა მის გონებაში ყველაზე ნაკლებად ასოცირდებოდა საკუთარ თავთან. მას გაეცინა, ოღონდ ეს უფრო ნერვიული ირონია იყო, ვიდრე მხიარულება.

"მოიცადე, მამა, ხუმრობ?"- ბიჭი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და თავი გადააქნია. -"ქორწინება? ვისთან, ნინასთან? მე ეგ გოგო თვალითაც არ მინახავს. საერთოდ დადის სადმე? რამდენადაც ვიცი, დავითი მას სრულ თავისუფლებას აძლევს და მიკვირს როგორ ათხოვებს ერთადერთ ქალიშვილს. ალბათ, ვიღაც მშვიდი გოგოა, რომელიც მხოლოდ მამამისს უჯერებს. ნუთუ მართლა გგონია, რომ 24 წლის ასაკში ვიღაც "მორჩილ" გოგოზე უნდა დავქორწინდე მხოლოდ იმიტომ, რომ აქციების ფასი გაიზარდოს?"

ნატალიამ შვილს ხელზე ხელი დაადო, თითქოს მის დამშვიდებას ცდილობდა.

"ბათუ, ვიცით, რომ ეს უცნაურად ჟღერს"

"უცნაურად? დედა, ეს აბსურდია!"- ბათუ წამოდგა და მისაღებში გაიარა. -"ჩემი პირადი ცხოვრება აქამდე ბიზნესთან არაფერ შუაში არ იყო, ჩემს გეგმაშიც კი არ შედიოდა. ახლა კი მეუბნებით, რომ ვიღაც უცხო გოგო უნდა მოვიყვანო სახლში? რა უნდა ვუყოთ ერთმანეთს, ბიზნეს-გეგმები ვუკითხოთ ძილის წინ?" -ლევანმა მშვიდად მოისმინა შვილის პროტესტი. ის ელოდა ამას.

"ბათუ, მე არ გთხოვ, რომ ხვალვე შეგიყვარდეს. მე გთხოვ პასუხისმგებლობას. დავით ჭავჭავაძე რთული კაცია, მაგრამ ის საუკეთესო პარტნიორია, მან რომ დაკარგოს აქციები ჩვენც ცუდად წაგვივა საქმე. მისი შვილი კი... დამიჯერე, არც ისეთი მორჩილია, როგორიც შენ წარმოგიდგენია. ეს კავშირი ჩვენს კომპანიას იმ სიმაღლეზე აიყვანს, სადაც ვერავინ შეგვეხება. ეს შენი მომავალიცაა"

ბათუ ფანჯარასთან გაჩერდა. ის უყურებდა ბაღს და ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე. აქამდე მისი ურთიერთობები ქალებთან მხოლოდ ზედაპირული და ერთჯერადი იყო — არანაირი ვალდებულება, არანაირი დრამა. ახლა კი "ქმრობა" უნდა ეთამაშა. თუმცა, როცა მამის დაღლილ თვალებს შეხედა, მიხვდა, რომ ლევანისთვის ეს მხოლოდ ბიზნესი კი არა, ეს ოჯახის გადარჩენის გარანტია იყო.

"კარგი"- თქვა ბოლოს და მამას მიუბრუნდა, მაგრამ ხმაში ჯერ კიდევ ეტყობოდა უკმაყოფილება. -"თუ სხვა გზა არ არის და თუ ეს ჰოლდინგისთვის ასეთი აუცილებელია... მე თანახმა ვარ. მაგრამ არავინ დამავალდებულოს, რომ ისე მოვიქცე თითქოს ქორწინებით ბედნიერი ვიყო. თუ ეს ნინა ჭავჭავაძე ისეთივე გონიერია, როგორც მამამისი, ალბათ საერთო ენას გამოვნახავთ. ოღონდ არ მინდა, რომ ჩემს საქმეში ერეოდეს და ხელი შემიშალოს."

"ნამდვილი აბაშიძე ხარ"- თქვა ლევანმა და შვებით ამოისუნთქა. -"მომავალ კვირას მათთან ვახშამზე მივდივართ. მინდა, რომ იქ კარგად გამოიყურებოდე"

ბათუმ თავი დაუკრა და ოთახიდან გამოვიდა. მისაღებიდან თავის სართულზე ასულმა ტელეფონი ამოიღო და უტას ნომერი აკრიფა.

"უტა, სად ხარ? სანდროსთან ერთად?"- ჰკითხა ძმას. დადებითი პასუხი რომ მოისმინა განაგრძო -"მოდი სახლში და ეგეც მოიყვანე. ან მე გამოვალ ბარში"- საბოლოოდ მათ ყოველდღიურ შესაკრებზე, ბარზე, შეჩერდნენ და აბაშიძეც მალევე გავარდა სახლიდან.

***
ბიჭი ბარში შევიდა თუ არა, მაშინვე იგრძნო, რომ ეს ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჯერ კიდევ შეეძლო საკუთარი თავი ყოფილიყო. ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში, კუთხის მაგიდასთან, უტა და სანდრო უკვე ისხდნენ.

უტა აბაშიძე, ბათუს სრული ანტიპოდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ძმა გახლდათ, პასუხისმგებლობის გრძნობა მის ხასიათში ისე იშვიათად იჭრებოდა, როგორც მზე თბილისურ ნისლში. ის იყო კაცი, რომელიც ცხოვრებას ერთი დიდი წვეულებასავით უყურებდა, ქარიზმატული, პირდაპირი და იმ ტიპის „ამბოხებული", რომელსაც ყველაფერი ეპატიება. უტა აფასებდა, რომ ბათუ ბიზნესის მთელ სიმძიმეს თავის თავზე იღებდა, რაც მას საშუალებას აძლევდა, თავისი დრო საყვარელი გატაცებებისთვის დაეთმო.

სანდრო კი მათი ბავშვობის მეგობარი, გაწონასწორებული, მყარი ხასიათის ბიჭი იყო. მას არასდროს უყვარდა ბევრი ლაპარაკი, თუმცა თავისი საქმიდან და სანაცნობო წრიდან გამომდინარე, ყოველთვის იცოდა, რა ხდებოდა ქალაქში.

"ოჰ, მოვიდა ჩვენი სერიოზული მემკვიდრე!"-უტამ ხელი ასწია და ოფიციანტს ანიშნა. -"რა სახე გაქვს, ბათუ?"- ბათუ ჩამოჯდა და ვისკი მოსვა.

"თითქმის ეგრეა. მამამ ცოლის შერთვა გადამიწყვიტა"- უტამ ჭიქა მაგიდაზე ისე დაახეთქა, რომ ერთი-ორი ყინული გადმოცვივდა და ხმამაღლა გადაიხარხარა.

"შენ და ცოლი? ბათუ, შენზე საერთოდ რამე თუ ვიცი, ისაა, რომ ქალებს მხოლოდ „გამარჯობა-ნახვამდის" რეჟიმში იცნობ. მამამ მართლა ეგ გითხრა? აბაშიძეების იმპერიის მემკვიდრე ოჯახურ უღელში?"

"უტა, ნუ მამწარებ"-ჩაილაპარაკა ბათუმ."- მამასთვის ეს ბიზნესია. ჭავჭავაძეებთან კავშირი ბიზნესს გაამაგრებს. მე უბრალოდ... ამ კავშირის გარანტი ვარ"

"გარანტი კი არა, მსხვერპლშეწირვა ხარ, ჩემო ძმაო"- უტამ თვალი ჩაუკრა. -"მე გადავრჩი, რადგან მამამ იცის, რომ ჩემთვის ცოლის მოყვანა და ველური ცხოველის მოშინაურება ერთი და იგივეა. შენ კი... შენ ყოველთვის „გაწონასწორებული" იყავი"

სანდრომ, რომელიც აქამდე ჩუმად აკვირდებოდა მეგობარს, ჭიქა დადო და მშვიდად იკითხა:

"დავითის გოგოზეა საუბარი, არა? ნინაზე?"

"ჰო, ნინა ჭავჭავაძე"- დაადასტურა ბათუმ. -"მამა ამბობს, რომ ჭკვიანი გოგოა, დავითი მას სრულ თავისუფლებას აძლევსო. მეგონა, დავითის შვილი რაღაც ძალიან სერიოზული, პრაგმატული ტიპაჟი იქნებოდა. პროსტა ფორმალობაა, რომელიც ერთ წელში დასრულდება"- სანდრომ ვისკი მოსვა და მეგობარს პირდაპირ თვალებში შეხედა.

"ძმურად, შენ საერთოდ თუ გაგიხედავს ლეპტოპის მიღმა? ნინა ჭავჭავაძე და „პრაგმატული სიმშვიდე" ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან. ეგ გოგო თბილისის ყველა ხმაურიანი წვეულების ცენტრია. მართალია, ძალიან ჭკვიანია, მაგრამ საშინლად ჯიუტია. მასზე ამბობენ, რომ დავით ჭავჭავაძის ერთადერთი „დაუმორჩილებელი" წერტილია. თუ გგონია, რომ სახლში დაგხვდება და ჩაის დაგისხამს, სანამ შენ გრაფიკებს აკეთებ, ძალიან ცდები"- უტამ სიცილი შეწყვიტა და ძმას გახედა.

"მოიცადე, სანდრო, მართლა ეგ გოგოა? გუშინ გავრცელდა მაგის ფოტოები, როგორ ცეკვავდა მაგიდაზე ვიღაც ტიპთან ერთად"

"ზუსტად ეგ"- დაადასტურა სანდრომ. -"დავითს ალბათ ყელში ამოუვიდა მისი ეს გაუთავებელი "თავისუფლება" და გადაწყვიტა ქორწინებით მოარჯულის"-
ბათუმ ჭიქა მაგრად მოუჭირა ხელი. მამის დახატული "იდეალური პარტნიორის" ხატი თვალწინ ეშლებოდა.

"ანუ, ლევანმა გამაცურა"- ჩაილაპარაკა მან. -"მითხრა, რომ ჭკვიანი და ოჯახისთვის შესაფერისი გოგოაო"

"ჭკვიანი ნამდვილადაა, მაგაში არ მოუტყუებიხარ"- მხარზე ხელი დაჰკრა სანდრომ. -"მაგრამ იცი რა? ეს უფრო საინტერესოა. მინდა ვნახო, როგორ გაუძლებთ ერთმანეთს: შენ, სიმშვიდის განსახიერება და ის, მოსიარულე ქარიშხალი"

ბათუმ ვისკი ბოლომდე გამოცალა და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადგა. უტას და სანდროს სიტყვებმა წამიერად დააფიქრა, მაგრამ მალევე ძველი, თავდაჯერებული გამომეტყველება დაუბრუნდა. მისთვის ქალი არასოდეს ყოფილა გადაუჭრელი თავსატეხი და არც ახლა აპირებდა პრინციპების შეცვლას.

"კაი, თუ ძმა ხარ, რა, მადარდე ახლა ვიღაც უცნობი"- თქვა ბათუმ და სავარძელში მოხერხებულად გადაწვა. -"მაგიდაზე ცეკვავს თუ ჭაღზე ჰკიდია, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ერთი წელი გაძლებს ჩემს გვერდით, ცოტას „გაიფაფხურებს" და მერე თავის გზაზე წავა. მე ჩემი საქმე მაქვს, ის კი... ის ალბათ მალე მიხვდება, რომ ჩემთან ეგეთები არ გაუვა" -უტამ ეშმაკურად ჩაიღიმა. მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ ბათუს გარეგნული სიმშვიდის მიღმა საკმაოდ დიდი გამოცდილება იმალებოდა.

"ჭავჭავაძის გოგოს ნუ ეხუმრები შენ!"- სიცილს ძლივს იკავებდა უფროსი აბაშიძე.

"აქამდე ყველა ხვდებოდა, სად იყო მათი ადგილი. არ მგონია, ნინასთან გამიჭირდეს. თუ ძალიან ბევრს იხმაურებს, უბრალოდ ყურადღებას არ მივაქცევ. ჩემთვის ეს ქორწინება კიდევ ერთი საქმიანი შეთანხმებაა, რომელსაც ხელი მოვაწერე და მორჩა. სანამ ჩემს რეპუტაციას და ბიზნესს საფრთხე არ ექმნება, აკეთოს, რაც უნდა. ოღონდ, ჩემს სახლში წესები მე მაქვს და მოუწევს, მაგ თავნებობაზე უარი თქვას"

მომავალი ერთი წელი მარტივად წარმოედგინა ბათუ აბაშიძეს, მაგრამ არ ფიქრობდა ერთ დეტალზე, რომელსაც შეეძლო მისი ცხოვრება ამოეტრიალებინა.


თავი 3
ჭავჭავაძეების სახლში ჰაერი დაძაბულობისგან თითქმის ელექტრიზებული იყო. დავითი მისაღებში ნერვიულად ბოლთას სცემდა, თუმცა გარეგნულად ისევ ისეთივე შეუვალი კაცის იერით ჩანდა, როგორც ყოველთვის.

"დავით, გთხოვ, დაწყნარდი. ყველაფერი კარგად ჩაივლის"- ლიზა მისკენ მივიდა და მხარზე ნაზად დაადო ხელი. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო დავითი დაემშვიდებინა. ლიზა ჭავჭავაძეების სახლში სითბოსა და ელეგანტურობის სიმბოლო იყო, თუმცა მის თვალებში ახლა სევდა უფრო მეტი იკითხებოდა, ვიდრე დედური სიამაყე.

"როგორ უნდა დავწყნარდე, ლიზა?"- დავითი გაჩერდა და ცოლს შეხედა. -"შენ ნინას ხასიათი არ იცი? დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საღამოა ჩვენი ოჯახისთვის და მეშინია, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ დაანგრიოს. ის ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია"

"ის ჯერ კიდევ ბავშვია, ძვირფასო... ჩვენი ერთადერთი შვილია"- ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა, თუმცა იცოდა, რომ ქმართან კამათს აზრი არ ჰქონდა. დავითისთვის ბიზნესი და ოჯახის მომავალი ერთი მთლიანობა იყო.

ზედა სართულზე კი, ნინა სარკის წინ იდგა. მისი თითები აკანკალებული დასრიალებდნენ შავი აბრეშუმის კაბის ცივ ქსოვილზე. ის სიმწრით უყურებდა საკუთარ ანარეკლს და ცდილობდა, თვალებში ჩამდგარი ცრემლებისთვის გადმოსვლის უფლება არ მიეცა. მაკიაჟი არ უნდა გაფუჭებოდა, დღეს მას სჭირდებოდა თავისი ყველაზე მძლავრი იარაღი: სილამაზე და თავდაჯერებულობა.

მზერა რომ გაუშტერდა, უნებურად ელენესთან გუშინდელი საუბარი ამოუტივტივდა გონებაში.

"კარგი, ნუ ტირი, გთხოვ რა..."- ეხვეწებოდა ელენე და მეგობარს ხელებს უჭერდა. -"ერთი წელი ხომ არ არის მთელი ცხოვრება? იქნებ ეს ბათუ არც ისეთი საშინელია, როგორიც წარმოგიდგენია?"

"შენ არ გესმის"- პასუხობდა ნინა სლუკუნით. -"საქმე იმაში კი არ არის, ეგ საცოდავი როგორია. საქმე ისაა, რომ მე აღარ მეკითხებიან. მე უბრალოდ ნივთი ვარ, რომლითაც დავით ჭავჭავაძე თავის ვალებსა და ამბიციებს აწესრიგებს."

ნინამ ღრმად ჩაისუნთქა და სარკეს თვალი მოაცილა.

"არ ვიტირებ"- უთხრა საკუთარ თავს ჩუმად. -"დღეს არავის დავანახებ ჩემს სისუსტეს. განსაკუთრებით იმ აბაშიძეს"- მან ბოლოჯერ შეისწორა თმა, მხრები გაშალა და ოთახიდან გავიდა. კიბეებზე ისე ჩადიოდა, თითქოს ეშაფოტზე ადიოდა, თუმცა მისი მზერა ისეთი ამაყი იყო, ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ მისი გული ნაწილებად იშლებოდა.

როცა მისაღებში შევიდა, აბაშიძეები უკვე იქ იყვნენ. ბათუ მამის გვერდით იდგა – მაღალი, თავდაჯერებული და გამაღიზიანებლად მშვიდი. ვერაფერს დაუწუნებდი უდავოდ სიმპატიური იყო. ბათუ წამით გაშეშდა. სანდრო გულში გაამართლა, ნინა მართლაც საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ მის თვალებში იკითხებოდა ისეთი სიჯიუტე და ცეცხლი, რასაც ბათუ აქამდე ნანახ ქალებში ვერ ხვდებოდა. ის არ ჰგავდა „მშვიდ გოგოს". ის საერთოდ არაფერს ჰგავდა, რაც მას აქამდე წარმოედგინა.

"გაიცანით, ეს ჩემი ქალიშვილია, ნინა"- გაისმა დავითის ხმა, რომელიც ახლა სიამაყით ჟღერდა, თითქოს ნინა მისი ყველაზე წარმატებული ინვესტიცია ყოფილიყო.

აფორიაქებული გოგონა ბათუს წინ გაჩერდა. მის თვალებში ათასგვარი ემოცია ტრიალებდა, ბიჭმა მისი სუნამოს მძიმე, ეგზოტიკური სურნელი იგრძნო. ნინამ ისე შეათვალიერა, თითქოს მის წინ არა საქმრო, არამედ რაღაც უსულო საგანი მდგარიყო.

"ნიშნავს თუ არა ეს ვახშამი, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე ხელი უკვე მოწერილია?"- სრული სერიოზულობით იკითხა ნინამ. -"მამა, ხომ არ დაგავიწყდა სიძესთვის გეთქვა, რომ ამ "აქტივს" შენახვის რთული პირობები აქვს?"- ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ლიზამ ნერვიულად მოუჭირა ხელი დავითის მკლავს. მწვანეთვალებამ, ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, იმაზე ახლოს, ვიდრე ეტიკეტი ითვალისწინებდა. ახლა მათ შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი იყო. ბათუ მას ზემოდან დაჰყურებდა და მის თვალებში არა ბრაზი, არამედ რაღაც უფრო საშიში – მტაცებლური ინტერესი იგრძნობოდა.

"ხელშეკრულებაზე არა, ნინა"- უპასუხა ბათუმ დაბალი, ხავერდოვანი ხმით, რომელიც მხოლოდ ნინასთვის იყო განკუთვნილი. -"ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარ შეფასებაზე ვართ. და უნდა ვთქვა... „ობიექტი" იმაზე მეტად ფეთქებადსაშიში აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. თუმცა, მე ყოველთვის მიზიდავდა რისკები"
- ნინას სუნთქვა გაუჩერდა. ის ელოდა, რომ ბათუ მამამისის მსგავსი უბრალო ბიზნესმენი იქნებოდა, მაგრამ მის წინ იდგა კაცი, რომლის მზერაც მის სხეულზე თავხედურად დასრიალებდა. ნინამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გულისცემა, არა შიშისგან, არამედ იმ უცნაური ადრენალინისგან, რომელსაც მხოლოდ ძლიერი მეტოქე გგვრის.

"ობიექტი"?"- ნინამ ხმა დაიბოხა და თვალებში პირდაპირ ჩახედა. -"იცოდე, ამ ობიექტს შეუძლია შენი იდეალურად დალაგებული ცხოვრება ნაცარტუტად აქციოს. არ გირჩევ ჩემთან თამაშს, შეიძლება დაიწვა."- ბათუმ ოდნავ თავი დახარა, მისი ტუჩები ნინას ყურთან ახლოს აღმოჩნდა.

"დაწვა არ მაშინებს, ნინა. მე უფრო ის მაინტერესებს, რამდენ ხანს შეძლებ ამ ნიღბის ტარებას, სანამ შენივე ცეცხლი შენ არ გშთანთქავს"
მათ შორის გაბმული უხილავი სიმები ლამის გაწყდა. ეს აღარ იყო მხოლოდ სიტყვების ომი, ეს იყო ორი ენერგიის შეჯახება. ნინამ იგრძნო, როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა. ის ბრაზობდა, რომ ბათუმ ასე მარტივად შეძლო მისი წონასწორობიდან გამოყვანა.

"ბავშვებო, მგონი დროა სუფრასთან გადავინაცვლოთ"- ლიზას ხმამ, რომელიც თითქოს შორიდან მოესმათ, დაძაბულობა ოდნავ განმუხტა.
ბათუმ ხელი ოდნავ შეახო ნინას წელს – ეს იყო წამიერი, თითქმის შეუმჩნეველი ჟესტი, მაგრამ ნინასთვის დენის დარტყმასავით იმოქმედა.

"ქალბატონო ნინა, თქვენს შემდეგ"- ბათუმ ირონიული ღიმილით სასადილო ოთახისკენ მიუთითა. ნინამ ზიზღით შეხედა მის ხელს, მხრები აიჩეჩა და წინ ისე გაიჭრა, თითქოს ბრძოლის ველზე გადიოდა. მას უკვე ჰქონდა გეგმა, ეს ვახშამი ბათუ აბაშიძისთვის დაუვიწყარი უნდა გამხდარიყო, ოღონდ არა კარგი გაგებით.

სასადილო ოთახში ყველაფერი იდეალურად იყო გაწყობილი, მაგრამ ჰაერში დაძაბულობა ტრიალებდა. დავითი სუფრის თავში დაჯდა, მის გვერდით ლევანი და ნატალია მოკალათდნენ. ნინა და ბათუ კი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩდნენ.
ვერცხლის ჩანგლებისა და ფაიფურის თეფშების ხმა ერთადერთი იყო, რაც დუმილს არღვევდა, სანამ დავითმა სადღეგრძელო არ წარმოთქვა.

"ჩვენი ოჯახების მომავალს გაუმარჯოს"- თქვა მან მედიდურად. -"დარწმუნებული ვარ, ეს კავშირი ბევრ რამეს შეცვლის"

ნინამ წითელი ღვინით სავსე ბოკალი ხელში აათამაშა და ბათუს თვალი თვალში გაუყარა. მას არ დაულევია. პირიქით, ბოკალი მაგიდაზე ისე დააბრუნა, რომ რამდენიმე წვეთი თოვლივით თეთრ გადასაფარებელზე სისხლივით დაეცა.

"მამა, „მომავალში" რას გულისხმობ?"-იკითხა მან მოჩვენებითი ინტერესით. -"იმას, რომ ბათუ ჩემს „მორჯულებას" დაიწყებს, თუ იმას, რომ ჩვენი ქორწინების მოწმობა ბანკში გირაოს სახით უნდა ჩადო?"

"ნინა!"- დავითის ხმა ჭექა-ქუხილივით გაისმა, მაგრამ მეუღლემ მაგიდის ქვეშ ხელზე ხელი მოუჭირა, რომ სიტუაცია არ შეცვლილიყო.
ბათუ მშვიდად აგრძელებდა ჭამას. ის ისე გამოიყურებოდა, თითქოს ნინას ყოველი სიტყვა მისთვის მხოლოდ ფონური მუსიკა ყოფილიყო. ეს ნინას ყველაზე მეტად აგიჟებდა – მისი იგნორირება.

"იცი, ბათუ"- ნინა წინ გადმოიხარა, მისი თვალები მრისხანებისგან უფრო მეტად აკიაფდა. -"მამაჩემს ჰგონია, რომ შენ ის კაცი ხარ, ვინც ჩემს „მოთვინიერებას" შეძლებს. მე კი მგონია, რომ შენ უბრალოდ ძალიან მოსაწყენი ხარ იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში საერთოდ რამე შეცვალო. მითხარი, შენს გრაფიკში თუ გაქვს ჩანიშნული დრო იმისთვის, რომ ცოლისგან ყოველდღიური სიურპრიზები მიიღო? მაგალითად, ისეთი, როგორიცაა შენი პრესტიჟული წვეულებების ჩაშლა ან..."

"ნინა"- მშვიდად გააწყვეტინა ბათუმ. მან ხელსახოცით ტუჩები მოიწმინდა და ნინას მიაჩერდა. მის მზერაში ახლა ისეთი ვნება და ირონია ერია ერთმანეთში, რომ გოგონას წამით სიტყვა გაუწყდა. -"შენ ისევ გგონია, რომ მე შენი „მოთვინიერება" მაინტერესებს?სინამდვილეში, მე შენი ენერგია მომწონს. ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრე: მე ბიზნესმენი ვარ და ყოველთვის ვიცი, როგორ გავუმკლავდე რთულ სიტუაციებს. შენი ხმაური და სიურპრიზები ჩემთვის მხოლოდ... გასართობია"- ბიჭმა ბოკალი ასწია და ჰაერში ნინას ბოკალს მიუჭახუნა, ისე რომ მას არც კი შეხებია.

"შენს სიჯიუტეს გაუმარჯოს, ნინა. ერთი წელი გვაქვს საიმისოდ, რომ ვნახოთ, ვინ უფრო მალე დაიწვება ამ თამაშში"- ნატალიამ და ლიზამ ერთმანეთს გადახედეს. მათ იგრძნეს, რომ ამ ორ ახალგაზრდას შორის რაღაც იმაზე მეტი ხდებოდა, ვიდრე უბრალოდ ზიზღი იყო. ეს იყო მიზიდულობა, რომელსაც ორივე გააფთრებით უარყოფდა.

"მგონი, სჯობს ბავშვებმა მარტო დაილაპარაკონ, ტერასაზე გავიდნენ და მომავლის დეტალები განიხილონ"- შეაპარა ლიზამ.

ნინას უნდოდა ეთქვა, რომ არსად წასვლას
არ აპირებდა, მაგრამ ბათუ უკვე ფეხზე იდგა და მას ხელს უწვდიდა.

"წავიდეთ, საყვარელო?"- თქვა ბათუმ და მის ხმაში გამოწვევა იგრძნობოდა. -"ვნახოთ, ტერასაზეც ასეთივე მამაცი იქნები თუ მხოლოდ მშობლების ზურგს უკან შეგიძლია ყვირილი"- გოგო ფეხზე წამოხტა და მისი ხელის შეუხებლად ტერასისკენ გაემართა.

ტერასაზე გასვლისთანავე ნინამ გრილი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. იგრძნო, როგორ უხურდა ლოყები, ოღონდ ვერ გაეგო, ეს ბრაზი იყო თუ იმ ბიჭის სიახლოვით გამოწვეული უცნაური მღელვარება. ბათუ უკან გამოჰყვა, აუჩქარებლად, მშვიდი ნაბიჯებით. კარი დაიხურა და სასადილო ოთახის ხმაური მიწყდა. ახლა მხოლოდ ისინი იყვნენ, ქალაქის განათებული ხედი და მათ შორის გაბმული დაძაბულობა.
ნინა მკვეთრად შემობრუნდა.

"რა გინდა ჩემგან, ბათუ?"- მისი ხმა აქ აღარ ჟღერდა ისე მედიდურად, როგორც სუფრასთან, მასში უფრო მეტი გულწრფელი სიბრაზე ერია. -"რატომ დათანხმდი ამას? არ მითხრა, რომ შენც მამაჩემივით „გაძალებენ". შენს თვალებში სულ სხვა რაღაცას ვხედავ"- ბიჭმა ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. ის ისე ახლოს მივიდა, რომ ნინა იძულებული გახდა უკან დაეხია, სანამ ტერასის მოაჯირს არ მიეყრდნო. ბათუმ ხელები მოაჯირზე, ნინას სხეულის ორივე მხარეს დააწყო და გოგონა თავის მკლავებს შორის „გამოამწყვდია".

"გინდა იცოდე, რატომ დავთანხმდი?"- ბათუს ხმა დაბალი და სახიფათოდ მშვიდი იყო. "იმიტომ, რომ როცა შენი ფოტოები ვნახე, მივხვდი, რომ შენნაირ გოგოს მხოლოდ ორი გზა აქვს: ან უნდა დანებდეს, ან უნდა იპოვოს ვინმე, ვინც მის ცეცხლს გაუძლებს. მე კი... მე ყოველთვის მიყვარდა რთული ამოცანები"-
ნინამ იგრძნო, ბათუს სუნთქვა სახეზე. მას სურდა ხელით მისწოლოდა, გაეწია, ეყვირა, მაგრამ სხეული არ უჯერებდა.

"მე ამოცანა არ ვარ"- ამოისუნთქა ნინამ და სცადა მზერა არ აერიდებინა. -"და არც შენ ხარ ჩემი „მომთვინიერებელი". ეს ქორწინება მხოლოდ ფურცელზე მოწერილი ხელია. ერთი წლის შემდეგ მე ლონდონში წავალ, შენ კი... შენ ისევ შენს უაზრო ცხოვრებას დაუბრუნდები"- ბათუმ ოდნავ ჩაიღიმა და უფრო ახლოს მიიწია, ისე რომ მათ შორის ჰაერიც კი აღარ დარჩა.

"შენ მართლა გგონია, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იქნები და ვერაფერს შევცვლი?"- მან ხელი ასწია და ნინას სახეზე ჩამოშლილ თმას ნაზად შეეხო. -"შენ გგონია, რომ შენი ეს ამბოხი ნამდვილია? სინამდვილეში კი, შენ უბრალოდ გეშინია, ნინა. გეშინია, რომ ვინმემ შენ, შენივე ნიღბის მიღმა არ დაგინახოს"- ნინას გული გამალებით უცემდა. ბათუს თითების შეხებამ მის კანზე ელექტროშოკივით იმოქმედა.

"არაფრისაც არ მეშინია"- ჩაიჩურჩულა მან, მაგრამ ხმა ოდნავ აუკანკალდა.

ნინამ იგრძნო, როგორ მიუახლოვდა ბათუს სახე მისას. წამით მოეჩვენა, რომ ბიჭი მის კოცნას აპირებდა, მაგრამ ბათუ გაჩერდა. ის უბრალოდ უყურებდა – დაჟინებით, თითქოს მის სულში რაღაცის გატეხვას ცდილობდა.

"მართლა?"- თქვა ბათუმ და ნინას თმის ღერი ყურს უკან გადაუწია. მისი თითები ყინულივით ცივი იყო, მაგრამ ნინას კანი მათ შეხებაზე ალდებოდა. -"მაშინ რატომ გიცემს გული ასე გამალებით? რატომ გაგირბის მზერა?"- ნინამ ძალა მოიკრიბა, ხელი ბათუს მკერდზე დაადო და ოდნავ ჰკრა, რომ სივრცე დაებრუნებინა. ბათუ არ განძრეულა, თუმცა ხელები მოაჯირიდან აიღო და წელში გასწორდა.

"იმიტომ, რომ შენი თავხედობა მაოცებს"- უპასუხა გოგომ და სცადა ხმაში სიმტკიცე დაებრუნებინა. -"შენ გგონია, რომ თუ ასე ახლოს მოხვალ, დამაბნევ? მე ის გოგო არ ვარ, ვინც შენს პიჯაკსა და ძვირფას სუნამოზე გონებას კარგავს. ეს ვახშამი მხოლოდ სპექტაკლია, ბათუ. ჩვენი „თანაცხოვრებაც" სპექტაკლი იქნება. სახლშიც ისე ვიქნებით, როგორც ამ ტერასაზე შენ შენი გეგმებით, მე ჩემი თავისუფლებით." ბათუმ ჩაიცინა, ამჯერად უფრო ბუნებრივად.

"თავისუფლება კარგია, სანამ იცი, რისთვის გჭირდება. მაგრამ იცოდე, ჩემს სახლში მხოლოდ ერთი წესი მოქმედებს: პატიოსნება. შეგიძლია მებრძოლო, შეგიძლია მეკამათო, მაგრამ არასოდეს სცადო ჩემი მოტყუება"

"ჩემი მოტყუება შენს ინტერესებში უფროა"- მიუგო ნინამ და კარისკენ გაბრუნდა. -"მამაშენს რომ უთხარი, ყველაფერი რიგზეაო, ეგ იყო პირველი ტყუილი"

ტერასის კარი გაიღო და მისაღებში დაბრუნდნენ. ნინას ლოყები ჯერ კიდევ უხურდა, ბათუ კი ჩვეული, აუღელვებელი ნაბიჯით მოჰყვებოდა. მშობლები ისევ იქ ისხდნენ, თითქოს ადგილიდან არც დაძრულანო. დავითმა მაშინვე შეამჩნია ქალიშვილის აფორიაქება და კმაყოფილმა ჩაიღიმა.

"მგონი, ახალგაზრდებმა საერთო ენა გამონახეს,"- თქვა ლევანმა და ფეხზე წამოდგა. -"დავით, ჩვენ ალბათ წავალთ, მაგრამ სანამ დავიშლებით, მთავარი საკითხი დავაზუსტოთ: ქორწილი. დრო არ ითმენს, მომავალ თვეში ყველაფერი მზად უნდა იყოს"

ნინა, რომელიც მანამდე სავარძლის კიდეზე ჩამოჯდომას აპირებდა, წელში გაიჭიმა.

"რა ქორწილი, მამა?"- იკითხა მან და ხმაში პროტესტი გაერია. -"ხომ შევთანხმდით, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა? უბრალოდ მოვაწერთ ხელს და მორჩა. არანაირი თეთრი კაბა, არანაირი რესტორანი და ხუთასი უცხო ადამიანი"- დავითს გამომეტყველება წამში შეეცვალა.

"ნინა, ნუ სულელობ. ჭავჭავაძეებისა და აბაშიძეების გაერთიანება „უბრალოდ ხელმოწერა" ვერ იქნება. ხალხი რას იტყვის? იტყვიან, რომ შვილებს ქორწილს არ უხდიან? თუ იფიქრებენ, რომ რაღაცას ვმალავთ?"

"ზუსტად"- ჩაერთო ნატალია, მისი ხმა ნაზი იყო, მაგრამ მტკიცე. -"ნინა, შვილო, ეს მხოლოდ თქვენი დღე არ არის. ეს ჩვენი ოჯახების პრესტიჟია. თბილისი ამაზე დიდხანს ისაუბრებს"

ნინამ სასოწარკვეთილი მზერით ბათუს გადახედა, იმედი ჰქონდა, რომ ის მაინც გააპროტესტებდა ამ აბსურდს, მაგრამ ბათუ მშვიდად იდგა, ცალ ხელში პიჯაკი ეჭირა და ნინას რეაქციით ერთობოდა.

"მე ქორწილი არ მჭირდება!"- წამოიძახა ნინამ და სცადა ტირილი შეეკავებინა. -"არ მინდა ვიდგე და მთელი საღამო ვიღიმოდე ისე, თითქოს ბედნიერებისგან ვბრწყინავდე, როცა სინამდვილეში..."

"როცა სინამდვილეში ეს გარიგებაა,"- დაასრულა ბათუმ მისი ფრაზა. მან ნაბიჯი გადადგა წინ და მომავალი სიმამრის წინაშე დადგა. -"ბატონო დავით, ნინა მართალია, ზედმეტი ხმაური საჭირო არ არის. თუმცა, თუ „ხალხის აზრი" ასეთი მნიშვნელოვანია, შეგვიძლია შუალედური ვარიანტი მოვძებნოთ. მხოლოდ ახლობლები და პარტნიორები"

"არა, ბათუ"- მოჭრა დავითმა. -"ქორწილი იქნება გრანდიოზული. კაბა, სტუმრები, პრესა. ნინა, ხვალვე დაიწყებ მზადებას დედაშენთან ერთად. კამათს არ ვაპირებ"- ნინამ იგრძნო, როგორ მიებჯინა ბურთი ყელში. ეს იყო ბოლო წვეთი. მან ბათუს ისეთი მზერა სტყორცნა, თითქოს ყველაფერში ის ყოფილიყო დამნაშავე.

"მშვენიერია, – ჩაილაპარაკა ნინამ სიმწრით.-"მაშინ მოემზადეთ, იმიტომ რომ ეს იქნება ყველაზე „დაუვიწყარი" ქორწილი ამ ქალაქის ისტორიაში. დაპირება დაპირებაა. ბათუმ ჩუმად ჩაიცინა. ის მიხვდა, რომ ნინა ქორწილის დღესაც თავისი „ამბოხისთვის" გამოიყენებდა.

"წავიდეთ"- უთხრა ბათუმ მშობლებს. -"ძილი ნებისა, ნინა"

როცა აბაშიძეები წავიდნენ, ნინა თავის ოთახში ავარდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ კედლები ვიწროვდებოდა. ქორწილი... თეთრი კაბა... და ადამიანი რომელსაც სულ არ იცნობდა. ტირილი დაიწყო. მგონი ამდენი, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იტირა ცხოვრებაში არ უტირია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent