ნათელიბნელში ნაწილი 18-19
ნია ხეივანში, ხის ძველ სკამზე იჯდა. გარშემო საღამოს მძიმე, თითქმის ხელშესახები დუმილი ჩამოწოლილიყო, თუმცა მის შიგნით ნამდვილი ქარიშხალი ბობოქრობდა. ხელები ბრაზისგან ექავებოდა და მუშტებს ისე მაგრად კრავდა, რომ ფრჩხილები ხელისგულებში სამართებელივით ესობოდა. დიდი სიამოვნებით შემოჰკრავდა სახეში იმ ცხვირაწეულს, თავი ქვეყნის მბრძანებელი რომ ეგონა! ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა; ხვდებოდა, რომ ლუკა სპეციალურად, ყოველი სიტყვითა და გათვლილი ჟესტით მის გაღიზიანებასა და წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობდა. — აქედან ისე არ წავალ, შენ თუ ჭკუა არ გასწავლე, გელოვანო! — ჩაილაპარაკა თავისთვის და იგრძნო, როგორ აევსო პირი სიმწრით. მისი მზერა, რომელიც წამის წინ ბრაზით იყო სავსე, უცებ შეიცვალა. თვალები ეშმაკურად აუელვარდა და ტუჩის კუთხეში კმაყოფილების ღიმილმა გაურბინა. გონებაში უკვე აწყობდა გეგმას, თუ როგორ მოეშალა ნერვები ამ ქედმაღალი კაცისთვის ისე, რომ მისივე იარაღი გამოეყენებინა. „ძაღლი ახსენეო“, ზუსტად ასე დაემართა ლუკა სწორედ იმ წამს გამოჩნდა ხეივანში. მისი ნაბიჯები მძიმე და თავდაჯერებული იყო, თითქოს ყოველი ნაბიჯით მიწას თავის მბრძანებლობას ამცნობდა. — აქ რას აკეთებ? რატომ კარგავ დროს ფუჭად? — მკვახედ ჰკითხა კაცმა და ნიას გამომცდელად დახედა ზემოდან. — მგონი, ფულს ამისთვის არ გიხდით, რომ ბაღებში ინებივროთ. ნიამ თვალები მობეზრებით გადაატრიალა, თითქოს ლუკას სიტყვები მისთვის აბსოლუტურად უმნიშვნელო ყოფილიყო. ნელა, დემონსტრაციულად წამოდგა და თავდაჯერებული ნაბიჯით მიუახლოვდა. ისე ახლოს დადგა, რომ აიძულა, მასზე კონცენტრირებულიყო, ეგრძნო მისი სიახლოვისგან გამოწვეული მზარდი დაძაბულობა. — თქვენ ყველგან და ყოველთვის მხოლოდ ფული გელანდებათ, ხომ ასეა? — ცივად, თითქმის ჩურჩულით უთხრა. — ამ ციფრების იქით სამყაროს ვერც კი ამჩნევთ. საცოდაობაა... — შენ აქ მუშაობ და ფულს ამაში გიხდით, ასე არ არის? — დამცინავად მიუგო ლუკამ, თუმცა მის ხმაში უკვე იგრძნობოდა გაურკვევლობის ბზარი. ნიას ზედმეტმა სიმშვიდემ ის კალაპოტიდან ამოაგდო. — რა საწყენია, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ... — ნიამ პაუზა გააკეთა, წამით კაცს შეხედა თვალებში, შემდეგ ამაყად გაიღიმა. — მე აქ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვარ მინდა ნინის დავეხმარო, თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ თქვენს დას, თამთას ჰკითხოთ. ის დაგიდასტურებთ, რომ ჩემი აქ ყოფნა თქვენს ფინანსებზე სულაც არ არის დამოკიდებული. ლუკას სახე წამიერად შეეცვალა, თითქოს ნიღაბი ჩამოეხსნაო. თამთას ხსენებამ და ნიას ამ თავდაჯერებულმა ტონმა ისე დააბნია, რომ პასუხის მოსაფიქრებლად დრო დასჭირდა. პირი გააღო, რაღაცის თქმა უნდოდა ალბათ, ისევ მბრძანებლური და ირონიული ფრაზის, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა. ნიას გამომწვევი და კმაყოფილი მზერის წინაშე მან პირველად იგრძნო თავი დამარცხებულად. ვერაფერი მოიფიქრა. უბრალოდ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. ნიამ კი მის მიმავალ ზურგს კმაყოფილი ღიმილით გააყოლა თვალი და ჩუმად ჩაეცინა. უკვე მეორედ გააჩუმა ეს "ძლევამოსილი" გელოვანი ისე, რომ სათქმელი აღარაფერი დაუტოვა. *** როდესაც ორცხობილები გამოაცხვეს, სახლში ვანილისა და დარიჩინის თბილი სურნელი დატრიალდა. ყავასთან ერთად მისაღებ ოთახში, რომ გაიტანეს, ნიამ ნინის უთხრა, რომ თუ ამ ყველაფერს თავად გააკეთებდა, ბებიას ეს ძალიან მოეწონებოდა. — რა გემრიელია, ნია, შენ გააკეთე? — ჰკითხა ბებიამ და ნეტარებით დახუჭა თვალები. — არა, ეს ყველაფერი ნინიმ გააკეთა — კექსიც და ყავაც თავად მოამზადა. მე უბრალოდ ვეუბნებოდი, რა უნდა გაეკეთებინა, — ღიმილით უთხრა ნიამ და ყავა მოსვა. ცოტა ხანში მათთან პატარა სესილი მივიდა და დედის გვერდით ჩამოჯდა. ისეთი საყვარელი იყო თავისი ჩაილისფერი თმებითა და წითელი ლოყებით, რომ ნიას გული სითბოთი აევსო. ბავშვი მორიდებული იჯდა და ნიას თვალს არ აშორებდა, თითქოს მისგან სასწაულს ელოდა. — სესილი, რა საყვარელი გოგო ხარ, მოდი ჩემთან, — თბილი ღიმილით უთხრა ნიამ. ბავშვიც უყოყმანოდ მივიდა მასთან. ეტყობოდა, რომ ნია ძალიან მოსწონდა, მაგრამ მაინც ერიდებოდა. — აბა, ახლა მითხარი, ისე რატომ მიყურებდი, თითქოს რაღაცის თქმა გინდოდა, მაგრამ ვერ ამბობდი? — ჰკითხა ნიამ. ბავშვმა დედას გახედა. ძალიან უნდოდა ეთქვა, რომ მისთვის ცეკვა ესწავლებინა, მაგრამ მოერიდა. — საქმე ის არის, ნია, რომ მას შემდეგ, რაც კონკურსზე ნახა, როგორ ცეკვავდი, სულ მთხოვს, ნიამ მასწავლოსო, — სიცილით გააქნია თავი თამთამ. — მართლა? აბა მითხარი, გიყვარს ცეკვა? — ღიმილით ჰკითხა ნიამ. მან კი თავი დაუქნია. — გინდა, ახლა ერთად ვიცეკვოთ? — ხალისიანი ხმით ჰკითხა და ბავშვიც მაშინვე დაეთანხმა. — კი, ძალიან მინდა... — სიხარულისგან თვალები აუციმციმდა. — კარგი, მოდი მაშინ ვნახოთ, როგორ გაართმევ თავს. — უთხრა ნიამ და ფუმფულა ლოყაზე აკოცა. — მუსიკა, რომ ჩავრთო, ხომ არ შეგაწუხებთ? — იკითხა ნიამ. — არა, შვილო, რას ამბობ, შეგიძლია ტელევიზორში ნებისმიერი სიმღერა ჩართო. — კარგი. — ტელევიზორი ჩართო და საძიებოში სიმღერების არჩევა დაიწყო. ბოლოს „აჭარულზე“ შეჩერდა, რადგან ბავშვისთვის ადვილი შესასრულებელი იქნებოდა. მალე ოთახში აჭარულის მხიარული ჰანგები გაისმა. ნია მუსიკის რიტმებს აყოლებდა ტანს და აჭარულის ილეთებს აკეთებდა. სესილიც ყურადღებით აკვირდებოდა და ყოველ მოძრაობას იმეორებდა. ისეთი სიმსუბუქით ცეკვავდა, საოცარი სანახავი იყო ორივე ერთად. ბავშვს ნამდვილად ჰქონდა ნიჭი, რადგან თავისი ასაკისთვის ზედმიწევნით კარგად ასრულებდა მოძრაობებს. სწორედ იმ დროს, როდესაც ნია ცეცხლოვან ილეთს ასრულებდა, ხოლო სესილი სიცილით ცდილობდა მის გამეორებას, მისაღები ოთახში ლუკა შემოდის, როდესაც ეს სანახაობა დაინახა ადგილზე მიეყინა იქვე კედელს მიეყრდნო და მისი ყურება დაიწყო შორიდან, ათებული თვალებით უყურებდა მათ. მუსიკის რიტმი, ნიას გაშლილი ხელების გრაციოზული მოძრაობები და მისი სახე, რომელიც იმ წუთას შინაგანად ანათებდა, ლუკასთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. სულ ცოტა ხნის წინ ისეთი სერიოზული იყო, ახლა კი ბავშვთან ერთად აჭარულს ცეკვავდა, მხიარულად და ლაღად, თან ისე, რომ სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. უნებურად ჩაეღიმა კიდეც ლუკას. იმდენად მოეწონა ეს სანახაობა, რომ მის თვალებში დაუფარავი სინაზე და ამავდროულად სევდა ჩაუდგა, იმიტომ რომ მისმა გულმა უკვე თითქმის მიიღო ეს გრძნობები, მაგრამ გონება ჯერ კიდევ ეწიანღმდეგებოდა, ნია არ იყო მისი სამყაროდან და ეს სიყვარულიც შორეულ და მიუწვდომელ ოცნებად რჩებოდა, თითქოს, მოხიბლული იყო გოგოს სილამაზით და სილაღით, არ იმჩნევდა, მაგრამ თავიდანვე, როდესაც პირველად ქორწილში ნახა, როგორ ლამაზად ცეკვავდა მეგობრებთან ერთად აჭარულს, იმ დღიდან ჩაუვარდა გულში, მას თუმცა აბა, ლუკა ამას, როგორ აღიარებდა. ახლა კი, რაც დრო გადიოდა, მასში გაჩენილი ცეცხლის ნაწილაკი, უფრო იზრდებოდა და გიზგიზებდა ეს მას შინაგანად წვავდა. ბოლოს მათი ჰარმონია დაარღვია და მათთან მივიდა. — რას აკეთებთ? — იკითხა, ლუკამ მოულოდნელად და ნიაც მისი ხმის გაგონებისას უმალ გაჩერდა და შეიშმუშნა. — ლუკა, როდის მოხვედი? — ჰკითხა ნინიმ და მხიარულად გაემართა მისკენ. — ახლახან, — ჩაილაპარაკა მან და ნიას ცივი მზერით, მოავლო თვალი, თუმცა ეს სიცივე, მხოლოდ ნიაღაბი იყო, რომ თავის გრძნობები დაეფარა. — ნია,სესილის ცეკვას ასწავლიდა, — უთხრა ნინიმ. — ბიძია, ნახე როგორ ვიცეკვე? — ანთებული თვალებით ჰკითხა ბავშვმა. ლუკა კი წამში თითქოს სხვა ადამიანად იქცა ბავშვთან ჩაიმუხლა და ფუმფულა ლოყებზე უჩქმიტა. — ვნახე, პატარა ქალბატონო და ძალიან კარგად ცეკვავ, — მკრთალად გაუღიმა ბავშვს. ამ ყველაფერს ნია შორიდან ადევნებდა თვალს და ვერ იჯერებდა, რომ ეს იგივე ადამიანი იყო. ბავშვთან ის სულ სხვა ხდებოდა, სესილი მისთვის ყველაფერი იყო. იმ წუთას ნიამ ლუკას ნამდვილი სახე დაინახა ის, ვინც სინამდვილეში იყო და რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდა ყველასგან. გულში ისეთი სითბო ჩაეღვარა, როდესაც მისი მომღიმარი სახე დაინახა, რადგან გულწრფელი და ნამდვილი იყო, ღიმილი ისე უხდებოდა, მაგრამ არასდროს იღიმოდა, უყურებდა, როგორ სიყვარულით ეპყრობოდა, გოგონას და სესილიც ბედნიერი იყო მასთან. ვერ იჯერებდა და გაოცებული სახით შეჰყურებდა მას, კაცი სულ არ ჰგავდა, იმ დემონს, რომელიც ასე აფრთხობდა, რატომღაც დასევდიანდა, თვალები კი სევდით აევსო იმდენად აკვირდებოდა, რომ ლუკამ მისი დაჟინებული მზერა იგრძნო და წამიერად მას გახედა, ნიამ კი მეორე მხარეს გაიხედა. მოულოდნრლად კი, ნონიმ საუბარი წამოიწყო და ლუკაც დასერილზულდა. — ლუკა, რადგან აქ ვართ ყველანი, მინდა ერთხელ და სამუდაოდ გავარკვიოთ ყველაფერი... — ნინიმ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და წამოიწყო საუბარი. — რაზე ამბობ, ნინი? — ინტერესით იკითხა თამთამ. — იცი, ბევრი ვიფიქრე. მივხვდი, რომ აღარ მინდა ვიყო მხოლოდ შეყვარებულის სტატუსით. ამიტომ ლუკას რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, რომ მინდა ვიქორწინოთ და ჩვენი ურთიერთობა ოფიციალური გახდეს. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ყველა დაიძაბა, მათ შორის ნიაც, რომელსაც ცუდად მოხვდა ყურში ეს სიტყვები. — ლუკა, არაფერს იტყვი? — ჰკითხა თამთამ და ყველამ მოლოდინით გახედა. თამთას კითხვამ ლუკა წამით დაადუმა. მისი მზერა, რომელიც წამის წინ სესილის სინაზით უყურებდა, დაიძაბა და ისევ ის უცვლელი სიცივე ჩაუდგა. ნინიმ ისე მოულოდნელად განაცხადა ქორწინებაზე, რომ კაცი ადგილზე გაქვავდა. არ იცოდა, რა ეთქვა. მან ყველას შეავლო თვალი, სანამ მისი მზერა ნიასას შეეფეთებოდა. გოგო გახევებული იდგა და თვალებსაც კი არ ახამხამებდა, რათა ცრემლები შეეკავებინა, მაგრამ კაცმა მაინც დაიჭირა მის თვალებში ჩამალული სევდა. თვალს არ აშორებდა გოგოს და მის მახვილ თვალს არაფერი გამოპარვია, მაშინვე მიხვდა, რომ ნიას მიმართ არ იყო გულგრილო ყველა მოლოდინით შესცქეროდა. ბებიას სათვალეები მოეხსნა და მოუთმენლად ელოდა, თუ შვილიშვილი რას ეტყოდა. ნინის კი ლუკას ხელი თავის მტევანში მოექცია. — ლუკა, არაფერს იტყვი...? — მოუთმენლად ჰკითხა ნინიმ. ლუკამ დაღლილი სახით დახუჭა თვალები. სცადა თავი ხელში აეყვანა. — მეგონა ამაზე უკვე ვისაუბრეთ! — ხრიწიანი ხმით უთხრა და არაფრისმთქმელი თვალებით შეხედა. — მაგრამ ლუკა, მე აღარ მინდა ასე ცხოვრება, რატომ არ გესმის... — არაფრის მოსმენა აღარ მინდა მეტი! — ცივად უთხრა, ხელი გაითავისუფლა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა გარეთ. ნიამ თვალი გააყოლა, თუ როგორ გავარდა გარეთ და უკან გაჰყვა. გარეთ ლუკა ბოლთას სცემდა, სიმწრისგან კისერზე ძარღვები დასჭიმვოდა და მუშტი შეეკრა. ახლაღა გაიაზრა, რა შარში გაჰყო თავი. კეფაზე ნერვიულად მოისვა ხელი და კბილებს ერთმანეთს აჭერდა, სულ აირია და აღარ იცოდა, რა ექნა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ თავისივე დაგებულ მახეში თავადვე გაემბა, როდესაც ნინი, სახლში მიჰყავდა, შედეგებზე არ უფიქრია, ახლა კი ჩიხში იყო მოქცეული. — ბატონო ლუკა! — მოულოდნელად ზურგს უკან ნიას ხმა მოესმა. — აქ რას აკეთებ? ახლა შენი თავი არ მაქვს! — შეცვლილი ხმით უთხრა და მანქანის კარს დასწვდა. — რატომ ექცევით ასე ნინის? — ჰკითხა ნიამ. ლუკამ მოჭუტული თვალებით გამოხედა. — როგორ ვექცევი? — როგორ და უსამართლოდ! როდემდე აპირებთ ის გოგო ტყუილში ამყოფოთ? თქვენ მასზე დაქორწინება არ გინდათ, მაგრამ არც უშვებთ. ასე არ შეიძლება! — ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და მე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. შენი აზრი აქ არავის აინტერესებს! — კბილებში გამოსცრა. — საერთოდ არ გეცოდებათ ის გოგო...? — ნია, ნუ ცდი ჩემს მოთმინებას, წადი აქედან, სანამ ისეთი რამ გავაკეთე, რაც გულს გატკენს! — წავალ, ოღონდ მას შემდეგ, რაც ჩემს სათქმელს გეტყვით. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ყოვლად მიუღებელია... ლუკა ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა, მკლავში ხელი ჩაავლო და თავისკენ ისე ძლიერად მიზიდა, რომ ნიას სუნთქვა შეუჩერდა. — აღარ გააგრძელო! გესმის, აღარ გააგრძელო, თორემ მე და შენ მაგრად ვიჩხუბებთ! — დაისისნა თითქმის მის სახესთან. — მე მაინც ვიტყვი! — არ ნებდებოდა ნია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გული საგულედან ამოხტომას აპირებდა. — მითხარი, შენ ეს გინდა?! — მოულოდნელად დაუსვა კითხვა ლუკამ. — რა? — დაბნეულმა ჰკითხა ნიამ. — გინდა, რომ ნინი ცოლად შევირთო? ეს გინდა?! — ლუკამ ხელი უფრო მაგრად მოუჭირა, თითქოს მის გამოტეხვას ცდილობდა. — ვერ ვხვდები, რაზე მელაპარაკებით... — ნიამ თავის არიდება სცადა და წასვლა დააპირა, თუმცა კაცმა არ გაუშვა. — აქედან არსად არ წახვალ, სანამ არ მეტყვი! — მტკიცედ უთხრა. — ვერ ვხვდები, ჩემგან რას ითხოვთ. მე სათქმელი არაფერი მაქვს. — ხომ გაგაფრთხილე, ტვინი არ აგერია ნინისთვის რატომ არ გესმის, რასაც გეუბნებიან?! — კბილებს შორის გამოსცრა ლუკამ და ნიას ათრთოლებულ მზერაში ისეთი რამ დაინახა, რამაც საკუთარი თავის კონტროლი საბოლოოდ დააკარგვინა. მის თვალებში დაფარული სევდა და შიში ამოიკითხა და კიდევ რაღაც ამოუხსნელი, რომელიც ჯერ თავადაც არ იცოდა გოგომ. ლუკამ ნიას სხეული უფრო ახლოს მიიზიდა, ისე ახლოს, რომ ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ. კაცი მის თვალებს ჩააშტერდა, თითქოს ცდილობდა მის სულში შეეღწია. მათ ირგვლივ ჰაერი ისე დამძიმდა და დაიმუხტა. იმ წუთას თითქოს მათ შორის ყველანაირი ბარიერი გამქრალიყო. თითქოს მათ ირგვლივ დრო გაჩერდა, ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა და იყვნენ მხოლოდ ეს ორნი, რომლებიც უხმოდ იდგნენ და ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნია მტკიცედ იდგა მის წინ, კაცის მწველი მზერა მას აფორიაქებდა. შინაგანად გრძნობდა, თუ როგორ ეცლებოდა ძალა, როდესაც მასთან ასე ახლოს იყო; გული ყელში ებჯინებოდა და რაღაც გაურკვეველი გრძნობები უჩნდებოდა. ვერ გაეგო, რა გრძნობა იყო ეს იქნებ შეუყვარდა კიდეც და ჯერ ვერ მიმხვდარიყო? როდესაც ნინიმ ქორწინებაზე განაცხადა, თავადაც არ იცოდა რატომ, მაგრამ გულში წვა იგრძნო, თვალები დაუსევდიანდა. რა უნდა ყოფილიყო ეს ეჭვიანობა თუ იმის გააზრება, რომ ის, ვისკენაც ასე მიილტვი და გიზიდავს, შენი არასდროს იქნება? მათ შორის იმხელა ბარიერი იყო აღმართული: სოციალური, რელიგიური და კიდევ ის, რომ ლუკა თავისუფალი არ იყო. წესით ეს არ უნდა მომხდარიყო და ეგ ადამიანი არ უნდა შეყვარებოდა, რადგან მათი გზები არ ემთხვეოდა. ისინი ისეთი განსხვავებულები იყვნენ ცხოვრების სტილით თუ შეხედულებებით, მაგრამ მაინც მაგიურად იზიდავდნენ ერთმანეთს. სინათლე ხომ სწორედ მაშინ იძენს ძალას, როდესაც სიბნელეს არღვევს და მზის სხივებით ფანტავს ღამის წყვდიადს; ასევე სიბნელეც სინათლის მოლოდინშია. კაცი უყურებდა მას და ხვდებოდა ეს გოგო ან დაღუპავდა, ან გადაარჩენდა, რადგან ნიას მასში ძლიერ შეეღწია და მის სულსა და გულს დაჰპატრონებოდა, მაგრამ გელოვანი ჯიუტად გაურბოდა ამ გრძნობებს, არ უნდოდა აღიარება და ცოცხალი თავით არ ტყდებოდა, მაგრამ განა შეიძლება საკუთარ გრძნობებს გაექცეს ადამიანი? ახლა მის წინ იდგა, უყურებდა მის უმანკო სახეს და ნაცრისფერ თვალებს, რომლებიც მრავლისმეტყველად შესცქეროდნენ. — მითხარი, ნია, შენ გინდა, რომ ნინი ცოლად მოვიყვანო? — კვლავ გაუმეორა კითხვა და ისეთი ხმით ამოთქვა, გოგონას ტანში ჟრუანტელმა დაუარა. — მე...მე... რას ჩამაცივდით ვერ გავიგე, მე რა მინდა ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თქვენ რა გინდათ, — ძლივს ამოთქვა ნიამ და სცადა მისგან განთავისუფლებულიყო, მაგრამ კაცს იმდენად ძლიერად ჰქონდა შემოხვეული ხელები, რომ არაფერი გამოსდიოდა. ისე მოულოდნელად მოხვია სახეზე ხელები და დააკვირდა მის ამობურცულ ტუჩებს, თავს ძლივს იკავებდა, რომ კონტროლი არ დაეკარგა. — იცი მე რა მინდა...? — ხრიწიანი ხმით ჰკითხა და სახე უფრო ახლოს მიიტანა. — არც კი გაიფიქროთ... — თვალები დაუბრიალა ნიამ, მაგრამ ლუკა ისე გადაეშვა გრძნობებში, რომ მოულოდნელად დააცხრა მის ტუჩებს. წამით თითქოს ნიაც აჰყვა მის ნებას, მაგრამ სულ მალე მისმა გონებამ განგაშის სიგნალი, აუტეხა; გაიაზრა, რომ ის რაც ხდებოდა არასწორი იყო, გაახსენდა მათ შორის აღმართული ბარიერი. სიმწრისგან მთელი ძალით ჰკრა ხელი და სახეში გაარტყა. — ეს როგორ გააკეთეთ! რა ადამიანი ხართ ასეთი?! — გულმოსულმა დაუყვირა, თვალებში კი სიბრაზე და ცრემლები ერთმანეთში ირეოდა. — ნია, მე… — დაბნეულმა უთხრა,ლუკამ რადგან თავადაც არ იცოდა რა დაემართა და თავსაც ვერ იმართლებდა. — იცით რას გეტყვით, მე თქვენი სათამაშო არ ვარ და არ მოგცემთ უფლებას ჩემს გრძნობებზე ითამაშოთ! მე ვიღაც მორიგი გოგო არ ვარ, რომლითაც გაერთობით, გასაგებია? თქვენ არ იმსახურებთ არც ნინის და არც ვინმე სხვას, გულს მირევთ! — ზიზღით წარმოთქვა, თუმცა ხმაში სასოწარკვეთაც იგრძნობოდა. — ნია, მე მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო, არ ვიცი რა დამემართა... — თქვენი დანახვაც კი აღარ მინდა! — მიაძახა და გარეთ გავარდა. ეს ყველაფერი კი შორიდან ნინიმ დაინახა. დაინახა, თუ როგორ აკოცა ნიას და ყველაფერს მიხვდა. ლუკა რომ შემობრუნდა, ნინი დაინახა, რომელიც ცრემლიანი თვალებით უყურებდა, შემდეგ კი გაიქცა. — ჯანდაბა, ესღა მაკლდა! — ამოთქვა დაღლილი ხმით და მოთმინება დაკარგულმა, თვალები მტკივნეულად დახუჭა, საბოლოოდ დაკარგა ყველაფერზე კონტროლი. **** ალექსი გაოგნებული უყურებდა მეგობარს, თითქოს მის წინ ლუკა გელოვანი კი არა, ვიღაც უცხო, დაბნეული მოზარდი იჯდა. — გაგიჟდი, ძმაო?! — წამოიძახა ბოლოს და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადგა. — ანუ, უბრალოდ მიხვედი და... იმ გოგოს აკოცე? ლუკამ პასუხის ნაცვლად ვისკი მოსვა და იგრძნო, როგორ დაეწვა ყელი სიმწრისგან. თავი მტკივნეულად მოისრისა. — კარგი რა, ალექს, შენ ნუღარ მიმატებ... ისედაც საშინლად ვგრძნობ თავს, — ამოიხრიალა კაცმა. მისი ხმა ისე იყო შეცვლილი, საკუთარი თავსაც კი ვეღარ ცნობდა. — საშინლად იქნები, აბა რა! — არ ცხრებოდა ალექსი. — დაფიქრდი, რას აკეთებ: ნინისთან ხარ, იმ გოგომ ქორწინება შემოგთავაზა, შენ კი დგახარ და წამიერ გრძნობებს აყოლილი, ყველაფერს ანგრევ! შენ ასეთი არ იყავი, ლუკა. ცივი გონება სად დაკარგე? რა დაგემართა? ლუკამ ჭიქა მაგიდაზე დადო და მეგობარს თვალი თვალში გაუყარა. მის მზერაში ისეთი ქაოსი იდგა, ალექსმა.ვეღარაფერი უთხრა. — არ ვიცი, — თქვა ჩუმად, — საქმეც ეგ არის, რომ არ ვიცი, რა მჭირს. იმ მომენტში თითქოს გონება გამეთიშა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მისი გაშვება არ შემეძლო. ალექსმა ამოიოხრა და სავარძელში გადაწვა. — ძმაო, მაგარ შარში ხარ. ხვდები, არა? ასე გაგრძელება არ შეიძლება. შენს თავში უნდა გაერკვიო, თუ ნინის მიმართ არაფერს გრძნობ, ნუღარ დატანჯავ უთხარი სიმართლე და გაუშვი, სანამ უფრო მეტად ატკინე გული. რაც შეეხება ნიას... მანდ უფრო რთულადაა საქმე. — ვიცი, — ჩაილაპარაკა ლუკამ, — სწორედ მაგიტომ მჭირდება აქედან წასვლა. სახლში ვიტყვი, რომ მივლინებით მივდივარ მარტო უნდა დავრჩე რომ არ გავგიჟდე და ყველაფერზე კარგად დავფიქრდე, მაგრამ... ალექს, შენთვის ერთი სათხოვარი მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი. ალექსი დაიძაბა. ლუკას ხმაში ისეთი სიმძიმე იგრძნო, მიხვდა, რაღაც სერიოზული ხდებოდა. — მითხარი. — მინდა, რომ ზურას უთვალთვალო... — ლუკას ყბები დაეჭიმა, კისერზე კი ძარღვები დაებერა. ალექსმა სიმწრისგან კბილები ერთმანეთს დააჭირა. — მოიცა... არ მითხრა, რომ ვინც მე მგონია, ის არის. ისევ ეგ ნაძირალა? — ამოთქვა ზიზღით. — ხო, ეგ კრეტინი ნიას მოსვენებას არ აძლევს. რამდენჯერმე გავაფრთხილე, მაგრამ არ ეშვება. ისეთი ტიპია, სანამ საწადელს არ მიიღებს, არ გაჩერდება, — ლუკას თვალებში ბრაზი და შიში ერთდროულად აირია. — მაგას მგონი გამჩენი არ ასვენებს! — დაისისინა ალექსმა. — დაავიწყდა, კინაღამ ხელებში რომ შემოგაკვდა? მე რომ არ მომესწრო, ახლა უკვე მიწაში იწვებოდა. — ეგ ნაძირალა, ნიასთვის საფრთხეს წარმოადგენს. — ამოთქვა ლუკამ და ალექსს მხარზე ხელი მოუჭირა. — სანამ მე არ ვიქნები, მინდა, რომ შენ მიხედო. აჩრდილივით უკან სდიე და არ ახლოს გააკარო. ალექსმა მეგობარს თვალებში ჩახედა და მტკიცედ დაუქნია თავი. — დამშვიდდი, ძმაო. ვიცი, რასაც განიცდი. არ იდარდო, მე ორივეს მივაქცევ ყურადღებას. ხომ იცი, ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს. შენს დაბრუნებამდე შენს სატრფოს თვალს არ მოვაშორებ, ზურას კი მე მივხედავ, თუ გაბედავს და მიუახლოვდება. ლუკამ შვებით ამოისუნთქა. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მას ქალაქიდან გასვლის საშუალებას აძლევდა. ***** ნია თავის ოთახში იწვა, თვალები კი ცრემლებით ჰქონდა სავსე. მომხდარს ვერ ივიწყებდა და ჯერაც გრძნობდა მისი ბაგეების გემოს საკუთარ ტუჩებზე. აფორიაქებული იყო, ბრაზობდა გელოვანზე, რომ ასე თავხედურად აკოცა, მაგრამ ამავდროულად, თავს უცნაურად გრძნობდა, როდესაც კაცის ბაგეებს შეეხო, ტუჩები გაებრუჟა და თითქოს მასში დამუხტულმა ენერგიამ დაუარა. ხელი ინსტინქტურად მიიტანა ბაგეებთან, ტუჩებზე მოისვა და ჯერ კიდევ გრძნობდა მის შეხებას. ბოლოს დაღლილმა ამოიხრა, საწოლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. გარეთ უკვე საკმაოდ გვიან იყო, ამ სიმყუდროვეს კი მხოლოდ ქარის ზუზუნი, თუ დაარღვევდა. ოთახში, რომ ვერ მოისვენა, თბილი ხალათი მოიცვა და ეზოში გავიდა. მაშინვე მოხვდა სახეზე ზამთრის ცივი ჰაერი, რომელმაც ლოყები აუწვა. აივნიდან გადაჰყურებდა ქუჩებს, როდესაც მოულოდნელად მოშორებით მდგარი მანქანა შენიშნა, რომელიც პირდაპირ მის სახლს უყურებდა. თავი უცნაურად იგრძნო. ვინ უნდა ყოფილიყო? წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ გადაწყვიტა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მისულიყო და ენახა. „სად მიდიხარ, ნია, იქნებ ვიღაც მანიაკია...“ — გაუელვა გონებაში აზრმა, თუმცა მაინც გადაწყვიტა მისულიყო. კიბეებზე რომ დაეშვა და ავტომობილისკენ დაიძრა, არც კი დაფიქრებულა, როგორ ფორმაში იყო. ახლოს, რომ მივიდა და ფანჯარაზე დაუკაკუნა, წარმოდგენაც კი არ ქონდა, მანქანის პატრონი, თუ გელოვანი იქნებოდა, კაცი მანქანიდან გადმოვიდა და გოგოს გაოცებულმა შეხედა. — ნია, აქ რას აკეთებ? — ჰკითხა ლუკამ ისე, რომ მისთვის თვალი არ მოუცილებია, — ეს მე უნდა მეკითხა: აქ რას აკეთებთ, მით უმეტეს ამ დროს? — შოკირებულმა მიუგო. ეს კაცი უკვე სერიოზულად აღელვებდა მას. — მე... უბრალოდ... — აქ შეჩერდა. ვერ მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა, რადგან თვითონაც არ იცოდა, რატომ იყო მის სახლთან ან რას აკეთებდა იქ შუაღამეს. — ნია, ასეთ დროს აქ არ უნდა იდგე, თანაც საღამურებით. სახლში შედი!— უცებ შეცვალა თემა და გოგონას მიანიშნა, რომ მის წინ საღამურებით იდგა,გოგონამ ინსტინქტურად დაიხედა სხეულზე და ახლაღა მიხვდა, როგორ ფორმაში იყო, თუმცა უკან დახევას მაინც არ აპირებდა. — თქვენი ჭკუის სწავლება არ მჭირდება, ისედაც ვიცი, როგორ ფორმაშიც ვარ! — შეუღრინა და ხალათი შეისწორა. — მართლა? რაზე ფიქრობდი, როდესაც ასე გამოწყობილი მოდიოდი? კარგი, ამას თავი დავანებოთ, ჩემს ნაცვლად ვიღაც მანიაკი რომ ყოფილიყო, მერე სად მიდიოდი?! — ჰკითხა მკაცრი ტონით. — რა უფლებით მელაპარაკებით ასე? იმის შემდეგ, რაც დღეს გააკეთეთ, კიდევ გყოფნით სითავხედე, რომ აქ მოხვიდეთ? საერთოდ, აქ რას აკეთებთ? — დაუყვირა ნიამ. — ასე ნუ მელაპარაკები, არ მიყვარს, როდესაც ჩემთან ხმას უწევენ, — შეცვლილი ხმით უთხრა კაცმა. — კაი კაცო, რას მელაპარაკებით, მართლა? მეც არ მომწონს, როგორც იქცევით! — შეუტია ნიამ. — იცოდეთ, აქ მეორედ მოსული აღარ დაგინახოთ, თორემ... — გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი. ლუკამ შეუმჩნევლად ჩაიღიმა და წელზე ხელი ჩაავლო შემდეგ კი თავისკენ მიიზიდა. — რას აკეთებთ? — აღმოხდა ნიას, როდესაც კაცმა მკლავებში მოიქცია. — ვხედავ, დიდ გულზე ხარ, თუ არ გაჩუმდები, იცოდე, რაც დღეს მოხდა, ისევ გავიმეორებ, — უთხრა და გამომცდელად დააშტერდა თვალებში. — ხო, რა თქმა უნდა, თქვენ მხოლოდ სხვის გრძნობებზე თამაში შეგიძლიათ! იმის მაგივრად, რომ ნინისთან იყოთ, აქ მოდიხართ და მითვალთვალებთ, — მიახალა ყველაფერი გოგონამ. — მოთმინებიდან ნუ გამომიყვან, ნია, — დაისისინა და ხელი ფრთხილად შეუშვა. — ახლა კი სახლში წადი. აქ ძალიან ცივა, არ მინდა მერე დამაბრალო, რომ ჩემს გამო გაცივდი, — უთხრა ლუკამ საოცარი სიმშვიდით. ნიამ ერთი შეუღრინა და იქაურობას გაეცალა. ** თბილისის ლამპიონებით განათებულ ქუჩებში მართავდა მანქანას. ფიქრებში იყო ჩაკარგული და საჭეს ძლიერად უჭერდა თითებს, თითქოს იაზრებდა, რამდენად ღრმად შეტოპა ისე ღრმად, რომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. როგორც ალექსმა უთხრა, „შარში“ იყო. ორ სამყაროს შორის იყო გაჭედილი: ერთ მხარეს იყო სრულიად ახალი ცხოვრება, სადაც მოუწევდა ებრძოლა თავისი სიყვარულისთვის, მეორე მხარეს კი ნინი, რომელიც მისი ბნელი წარსულიდან იყო. რაც უფრო გაურბოდა ამ გრძნობებსა და ნიას, მით უფრო უღრმავდებოდა განცდა. მის კედლებში თუ აქამდე მხოლოდ პატარა ნაპრალი გაჩნდა, ახლა იგი ნგრევას იწყებდა. დღითიდღე იშლებოდა და თავზე ემხობოდა მის მიერ აღმართული ზღუდეები. ჯერ თავადაც ვერ გაერკვა საკუთარ გრძნობებში, მაგრამ უკვე აშკარა იყო: ნია მისთვის აღარ იყო უბრალო აკვიატება. ეს გრძნობა მასზე ძლიერი აღმოჩნდა. მან ვერ შეძლო ცივი გონებით დაპირისპირებოდა გულს, რომელიც ასე მიილტვოდა გოგონასკენ. თავიდანვე ნია მის ქვეცნობიერში ძლიერად შეიჭრა, ააფორიაქა და მოსვენება დააკარგვინა. — ეს გრძნობა მე შემიწირავს...! — ჩაილაპარაკა მან და მანქანა გზის პირას გააჩერა. დაღლილი გადაწვა სავარძელზე. საკუთარ თავს აღარ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო. ჩიხში იყო მოქცეული და იქიდან ვეღარ გამოდიოდა. ისეთი უცნაური რაღაცების კეთება, დაიწყო რაც აქამდე არ ახასიათებდა, რადგან გრძნობებს ვეღარ ერეოდა. ჯერ ხომ არც დაფიქრებულა, ისე აკოცა, მერე კი მის სახლთან იდგა... ნია მისთვის აკრძალული ხილივით იყო უნდოდა მოეწყვიტა, შეხებოდა, დაეგემოვნებინა, მაგრამ ამავდროულად ვერ ახერხებდა, რადგან ის მიუწვდომელი იყო. სწორედ ეს მოუხელთებლობა და განსხვავებულობა იზიდავდა. მოსწონდა მისი პირდაპირობა ისე მიახლიდა პირში სათქმელს, არ მოერიდებოდა. ნია ერთდროულად ნაზიც იყო, ფაქიზიც, მაგრამ ამაყი და მტკიცეც. ალბათ, უფრო მისმა პიროვნულმა მხარემ მიიზიდა ლუკა და არა გარეგნობამ, რადგან მან გოგონაში სულიერი სიმტკიცე დაინახა. ფიქრებში გართულს ულვაშებში ოდნავ ჩაეღიმა. — ეს გოგო ნამდვილად გიჟია... — ჩაილაპარაკა, როდესაც მოაგონდა, როგორ დაადგა საღამურებით თავზე. ** სახლში დაბრუნებულმა ნივთების მოგროვება დაიწყო, შემდეგ კი საწოლზე ჩამოჯდა და დაღლილმა ამოიხრა. მართალი იყო: უნდა წასულიყო რაღაც დროით ქალაქიდან, თორემ ეს სიტუაცია აგიჟებდა. უნდა დაფიქრებულიყო და საბოლოოდ გადაეწყვიტა, რა უნდოდა. ნინისაც ვეღარ მოატყუებდა, რადგან მის მიმართ არაფერს გრძნობდა ეს თანაცხოვრება, ბებიამისის ჯიბრით დაიწყო, მაგრამ ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. ახლა კი თავს ხაფანგში მოქცეულად გრძნობდა. სარკეში თავის გამოსახულებას უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ საკუთარ თავს ხედავდა. — რა გჭირს, ლუკა, რა გემართება? როდის აქეთ გახდი ასეთი იმპულსური? — დაუსვა საკუთარ თავს კითხვა. — შენ ხომ ემოციებს უფლებას არ აძლევდი, ემართე? მაშ ახლა რა ჯანდაბა გემართება? — გაუჯავრდა საკუთარ თავს. *** ეს ღამე ორივესთვის უსასრულოდ გაწელილიყო, თითქოს დასასრული არ უჩანდა. ვერცერთმა ჰპოვა სიმშვიდე. გრძნობები, რომლებიც ქარიშხალივით შემოჭრილიყო მათ ცხოვრებაში, მოსვენებას არ აძლევდათ. განა შეიძლება ორ ასეთ განსხვავებულ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდეს? ისინი ხომ თავიანთი სამყაროებით ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ, ამავდროულად, ავსებდნენ კიდეც: ლუკას სჭირდებოდა ის სინათლე და სითბო, რომელიც მზესავით ათბობდა, ნიას კი სჭირდებოდა კაცის სიბნელე, რათა მასში თავისი ძალა ეჩვენებინა და გაეფანტა მასში გამეფებული წყვდიადი. როგორ შეიძლებოდა შეყვარებოდა ადამიანი, რომელიც ასეთი ცივი და ცინიკური იყო? ის ხომ პირველივე შეხვედრისას სასტიკად მოექცა — ყელიდან ძვირფასი ნივთი ჩამოგლიჯა. არა, ეს მხოლოდ ნივთი არ იყო, ეს მისი განუყოფელი ნაწილი იყო, მისი რწმენის სიმბოლო. ლუკამ კი ის წაართვა. ამითაც არ დაკმაყოფილდა და სახალხოდ შეარცხვინა. ყველაზე დიდ სისასტიკედ მაინც ის ეჩვენა, როდესაც გელოვანმა ტაძრის დანგრევა მოინდომა. ეს იყო ყველაზე მტკივნეული, რადგან სწორედ მაშინ დარწმუნდა კაცის სულიერ სიმცირეში. დაინახა, რა სიბნელე სუფევდა მის გულში. იმ დღეს რომ გეკითხათ, რას გრძნობდა სიძულვილს თუ სიბრალულს, პასუხის გაცემა გაუჭირდებოდა. სძულდა ტაძრის გამო, მაგრამ ებრალებოდა კიდეც, რადგან ასეთი გზააბნეული იყო. ახლა კი სწორედ ამ ადამიანის მიმართ გაუჩნდა გრძნობები. ამის აღიარება არ უნდოდა, რადგან ეს გრძნობები აშინებდა. მეორე დღეს, გათენდა თუ არა, სახლში ვეღარ მოისვენა. სწრაფად გაემზადა და გარეთ გავიდა. საშინლად გრძნობდა თავს, ამიტომ საყვარელ ადგილს მიაშურა. ყოველთვის, როცა უჭირდა, ტაძარში მიდიოდა და მოძღვრისგან რჩევას იღებდა. თან კვირა დღე იყო და დილის ლიტურგია აღევლინებოდა. როდესაც ტაძარს მიუახლოვდა, ცრემლები უფრო მოეძალა. გული ყელში ებჯინებოდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. როდესაც ტაძრის წიაღში შედიოდა, მასზე ყოველთვის მოქმედებდა იქაური მისტიკური ატმოსფერო: ნახევრად ჩაბნელებული კედლები, ფრესკები, სანთლების ელვარება და საკმევლის გამაბრუებელი სურნელი. ეს ისეთ უცნაურ განცდას ბადებდა მასში, თითქოს ერთი სამყაროდან მეორეში გადადიოდა. უყვარდა იქაურობა. უსმენდა საგალობლებს, მამაოს ლოცვებს და ნუგეშს გრძნობდა, თუმცა გული მაინც უჩუყდებოდა და მლაშე ცრემლები თვალებს უწვავდა. ბოლოს, როდესაც ყველა დაიშალა, ნია ადგილიდან არ დაიძრა. იქვე ჩამოჯდა და მოთმინებით დაელოდა, როდის გამოვიდოდა მამაო საკურთხევლიდან. — ჩემი ნახვა გინდოდა, შვილო? — მოესმა მზრუნველი და თბილი ხმა. ნია ფეხზე წამოდგა. მოძღვარს სახეზე ისეთი სიმშვიდე ეწერა, რომ გოგონამ წამით საკუთარი შფოთვისა შერცხვა კიდეც. — დიახ... დამლოცეთ, მამაო, — ამოთქვა ხმადაბლა. მამაომ შენიშნა, რომ ნია კარგად არ იყო; მის თვალებში დაგროვილი სევდა ყველაფერზე მეტყველებდა. — უფალმა დაგლოცოს. მიამბე, რა აწუხებს და რა უმძიმებს ასე შენს გულს? ნიამ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს სიტყვებს ძალას ატანდა: — არ ვიცი, რა მჭირს, მამაო... მგონია, რომ საკუთარ თავს ვკარგავ. ისეთი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ვინც მთელ ჩემს სამყაროს თავდაყირა აყენებს. მეშინია, რომ ამ გრძნობის გამო ზურგს ვაქცევ ყველაფერს, რაც აქამდე ჩემთვის ძვირფასი იყო. თითქოს ჩემს შინაგან სიმშვიდეს ვთმობ იმ კაცისთვის, რომელსაც მხოლოდ ქაოსი მოაქვს,როგორ შეიძლება მიყვარდეს ის, ვინც ასე შორს არის იმ სინათლისგან, რომლითაც მე ვსუნთქავ? ხომ გახსოვთ, გელოვანზე რომ გიამბეთ? — ანუ მის მიმართ გრძნობები გაგიჩნდა...? — მშვიდად იკითხა მამაომ. — დიახ, — ნიამ თავი დახარა, — მას შეყვარებული ჰყავს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ჩემს გრძნობებზე თამაშობს. თავს უმწეოდ ვგრძნობ, მამაო. მგონია, რომ ამ გზაზე სიარულისას ჩემს რწმენას და საკუთარ პრინციპებს ვღალატობ. მამაომ პაუზა გააკეთა, თითქოს ნიას სიტყვებს უფიქრდებოდა, შემდეგ კი ძალიან წყნარად თქვა: — შვილო, შენ გტკივა, რადგან ნამდვილი სიყვარული ყოველთვის მსხვერპლს მოითხოვს. შენ გგონია, რომ შენი რწმენა მხოლოდ მაშინ არის მყარი, როცა ირგვლივ სიმშვიდეა, მაგრამ რწმენის ნამდვილი ძალა სწორედ ქარიშხლის დროს ჩნდება. შენ ამბობ, რომ ამ კაცის სიბნელე გაშინებს... მაგრამ დაფიქრებულხარ, რატომ მოჰყავს ის უფალს შენთან? იქნებ იმიტომ, რომ შენ ხარ ის ერთადერთი იმედი, საიდანაც მან შეიძლება სინათლე დაინახოს? ნიამ ცრემლიანი თვალებით შეხედა მოძღვარს: — მაგრამ მამაო, ის ყველაფერს ანგრევს, რასაც მე ვეფარები და რაც მიცავს... — იმიტომ ანგრევს, რომ მისი საკუთარი კედლებია დასანგრევი, — თბილად გაეღიმა მამაოს. — სიყვარული მაშინ კი არ არის შეცდომა, როცა რთულ ადამიანთან მიგიყვანს, არამედ მაშინ, როცა შენს სინათლეს მასში არსებულ წყვდიადს დაუთმობ და შენც დაბნელდები. ნუ ეცდები შენი ძალით შეცვალო ის, ნუ შეებრძოლები მას... შენ მხოლოდ ილოცე მისთვის. ლოცვა ის ხიდია, რომელსაც ადამიანის სიამაყე ვერ ხედავს, მაგრამ სული ყოველთვის გრძნობს. როცა ადამიანისთვის ლოცულობ, შენ მას უფალს მიანდობ, იქ კი სიბნელე ყოველთვის მარცხდება. მოძღვარმა ხელი დაადო თავზე და დალოცა: — წადი მშვიდობით და ნუ გეშინია საკუთარი გულის, თუ შენი სიყვარული მასში სინდისს აღვიძებს, ეს უკვე დიდი საქმეა. მთავარია, შენს გულში სინათლე არ ჩაქრეს, დანარჩენი კი ღმერთს მიანდე. *** სახლში ყველას უთხრა, რომ მივლინებით მიდიოდა და დაბრუნებისთანავე ყველაფერს მოაგვარებდა. ამჯერად თავისუფალი სამოსი შეერჩია: შავი, განიერი ჯინსი, ყელიანი სვიტერი და შავი პალტო. ახლა საჭესთან იჯდა და მთელი არსებით ცდილობდა, ამ ქაოსს გაქცეოდა ხვდებოდა, რომ შექმნილი სიტუაცია მასზე დამთრგუნველად მოქმედებდა. ყურადღება სხვა რამეზე, რომ გადაეტანა, მანქანაში რადიო ჩართო, მაგრამ ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ ბედის ირონია, არ იცოდა დინამიკებიდან მაშინვე Craig David-ის "Walking Away" გაისმა. სიმღერის პირველივე აკორდები საოცრად დაემთხვა მის მდგომარეობას. ხავერდოვანი ხმა თითქოს მის ნაცვლად ამბობდა სათქმელს: ის მართლაც მიდიოდა. მიდიოდა იმ პრობლემებისგან, რომლებსაც აქამდე თვალს ვერ უსწორებდა. მუსიკის რიტმი მის ფიქრებს აჰყვა, გაზის პედალს ფეხი უფრო მაგრად დააჭირა და ქუჩებში გაიქროლა. მანქანას მაღალი სიჩქარით მართავდა და თან ყველაფერზე ფიქრობდა, თუ როგორ შემოუბრუნდა ყველაფერი, დაღლილი სახით გაჰყურებდა გზას და თითებს ნერვიულად ათამაშებდა საჭეზე, არ იცოდა რა იქნებოდა ამის შემდეგ, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება და რას იზამდა, მაგრამ დრო იყო, უკვე ჩამოყალუბებულიყო რა უნდოდა ამ ცხოვრებისგან. რატომღაც წასვლის წინ მოუნდა, რომ ნიას სახლთან ჩაეარა, იქნებ შორიდან დაენახა კიდეც. სწორედ ამ დროს მოულოდნელად გზაზე ნიამ გადაუჭრა გზა და კაცმა ძლივს მოასწრო დამუხრუჭება. მანქანიდან სწრაფად გადავიდა და გოგონას მიეჭრა, რომელიც აწურული იდგა მის წინ. — სულ გაგიჟდი? რომ ვერ მომესწრო დამუხრუჭება, მერე რა უნდა მექნა...?! — აღშფოთებით წამოიძახა და სახეზე მოხვია ხელები. — მითხარი, ხომ არ დაშავდი? — ნუ ღელავთ, არაფერი მომსვლია ჩემს გამო არავინ დაგდებთ ბრალს… — ამოილაპარაკა ნიამ. — რაა? შენ გგონია, რომ მე მხოლოდ იმაზე ვღელავ, რომ ციხეში არ მოვხვდე? — არეული ხმით ჰკითხა. — მართლა ასე ფიქრობ ჩემზე? გგონია, იმდენად საშინელი ადამიანი ვარ, რომ ადამიანის სიცოცხლე არაფრად მიმაჩნია? — არ ვიცი, მაშინ მითხარით, რატომ ღელავთ ჩემზე ასე? — იმიტომ რომ მე... — გამწარებულმა დაუყვირა, თუმცა სათქმელი ვეღარ დაასრულა, რადგან არ იცოდა რა ეთქვა, ჯერ თვითონაც ვერ გარკვეულიყო თავის გრძნობებში და გოგოსთვის რა უნდა ეთქვა... მხოლოდ ის იცოდა, რომ ნია მისთვის სულერთი არ იყო და ვერ დაუშვებდა, რამე მოსვლოდა. — იმიტომ რომ რაა? — ჰკითხა ნიამ. — დაივიწყე და გზაზე ყურადღებით იარე, მე შეიძლება მოვახერხე დამუხრუჭება, მაგრამ სხვამ ვერ მოახერხოს, — უთხრა და ამ დროს მისი ტელეფონი აწკრიალდა. — გისმენ, ალექს? არა, ჯერ არ წავსულვარ, პატარა პრობლემა შემექმნა გზაზე, მაგრამ მალე წავალ, — უთხრა მეგობარს და გაუთიშა. — მიდიხართ? — შეცვლილი ხმით ჰკითხა გოგონამ. — შენთვის ამას რამე მნიშვნელობა აქვს? — გამომცდელად გახედა. — არა, რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, უბრალოდ ინტერესის გამო გკითხეთ, — თავი იმართლა ნიამ. — მოდი მაშინ მოვკლათ ეს ცნობისმოყვარეობა, თუ ასე გაინტერესებს, გეტყვი: მივდივარ აქედან შორს და დიდხანს ვერ მნახავ. — არ წახვიდეთ! — მოულოდნელად ისე, რომ საკუთარი თავისგან არ მოელოდა ამას, უეცრად წამოცდა. — რატომ ნია, მითხარი, შენ ხომ ვერ მიტან და გულს გირევ, რატომ გინდა, რომ დავრჩე? — ისეთი ხმით უთხრა, ეტყობოდა, რომ შინაგანად ინგრეოდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. — ნურაფერს მკითხავთ, უბრალოდ დარჩით, ნინის მარტო ნუ დატოვებთ, — ეს საიდანღა წამოროშა ახლა, ნინი საიდან გაახსენდა? მას ხომ ნინის გამო არ უნდოდა, რომ ის არ წასულიყო, მაგრამ დაუფიქრებლად წამოსცდა და რომ გაიაზრა, უკვე გვიან იყო. — ახლა გასაგებია, შენ გინდა, რომ ნინის გამო დავრჩე? — უნდობლად შეხედა, თითქოს ელოდა, რომ სხვა მიზეზს ეტყოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. — მე... — მაპატიე, ნია, მაგრამ ვერც ნინის გამო ვერ დავრჩები, მშვიდობით! — ბოლოს ესღა უთხრა და წავიდა. ნიამ კი ცრემლიანი თვალებით გააყოლა თვალი. ..... აბა ელოდით ასეთ განვითარებას? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


