მებაღე - თავი 24
იოანეს ხელები ისევ სისხლით ჰქონდა მოსვრილი, როცა მილენას მანქანაში ჩასვამდნენ. ხმა აღარ ჰქონდა - მხოლოდ მოკლე, მკვეთრი ბრძანებები ხდებოდა პირიდან, რომელსაც უფრო მუდარის ტონი ჰქონდა ვიდრე ბრძანების. ცოტა ხანში ტელეფონი ყურთან მიიდო და თითქმის ყვირილით ელაპარაკებოდა. -ახლავე მოამზადონ ყველაფერი… საოპერაციო ოთახი, სისხლი, ექიმები… ვინც გყავთ, ყველა ჩარიეთ ამ საქმეში! ეს გოგო გადაარჩინეთ... უნდა გადარჩეს... მეორე მხრიდან სწრაფი, დამორჩილებული პასუხები ისმოდა. მისი თურქი მოკავშირეები უკვე მოქმედებაში იყვნენ. მანქანა მაღალი სიჩქარით მიქროდა, იოანე კი მილენას გვერდით იჯდა, ხელი მის ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული და თვალს არ აშორებდა. -მილენა… გესმის?.. ცოტაც… -ჩურჩულებდა, მაგრამ მისი ხმა თვითონ აღარ ესმოდა. *** კლინიკაში მისვლისთანავე ყველაფერი სწრაფად მოხდა. კარები გაიღო, ექიმები გამოიქცნენ, საკაცე მოიტანეს და მილენა წაიყვანეს. იოანე უკან მიჰყვა რამდენიმე ნაბიჯით, მაგრამ უცებ გააჩერეს. კარი დაიხურა. სიჩუმე. იოანე კედელთან გაჩერდა. რამდენიმე წამი უბრალოდ იდგა, მერე უცებ მთელი ძალით მიარტყა თავი კედელს. ხმა მკვეთრად გაისმა. ისევ. და კიდევ ერთხელ. -არამზადა ვარ… მე უნდა მომხვედროდა ის ტყვია და არა ამ გოგოს.. -ჩურჩულით ამოიგმინა, ხმა უკვე მთლად გატეხილი ჰქონდა. ხელები მუშტებად შეკრა და ამჯერად კედელს მთელი ძალით დაარტყა. კანი გაეხსნა, მაგრამ ვერ იგრძნო. მის გვერდით მდგომმა კაცმა, რომელიც მისი ერთ-ერთი ადგილობრივი პარტნიორი იყო ხელი მხარზე დაადო. -იოანე… დაწყნარდი. ყველაფერს აკეთებენ. იოანემ თავი გააქნია, თვალებიდან ცრემლები უკვე აღარ იმალებოდნენ. -მე ვუქენი ეს… -ძლივს ამოთქვა. -მე… მე უნდა ვიცლებოდე ახლა იქ სისხლისგან, დემირ. ეს რა სამართალია.. კაცი ჩუმად იდგა, მერე უფრო მყარად დააჭირა ხელი მხარზე. -ახლა ეს არ გიშველის. დაელოდე. იოანე კედელს მიეყრდნო და პირველად სრულიად დაუცველი ჩანდა. თავი დახარა, ხელები თმებში შეიცურა და ჩუმად ატირდა. *** დრო ნელა გადიოდა. თითოეული წუთი საათივით იწელებოდა. იოანე წინ და უკან დადიოდა, მერე ისევ ჩერდებოდა, ისევ კედელს უყურებდა. სუნთქვა არადა არ უმშვიდდებოდა. -თუ… -უცებ თქვა ხმამაღლა, -თუ აქ ვერ უშველეს… სხვაგან, საუკეთესო კლინიკაში გადავიყვან. სადაც საჭირო იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. კაცმა მშვიდად შეხედა. -დამიჯერე… ესენი საუკეთესოები არიან. უკეთესს ვერ იპოვი. თან კრიტიკულ მდგომარეობაში ვერსად წაიყვან, არ გაგატანენ, მოკვდება. იოანემ არაფერი უპასუხა. უბრალოდ თავი განერვიულებულმა დახარა და თვალები მოისრისა. *** კარი გაიღო. ერთ-ერთი ქალი ექიმი დაღლილი გამოვიდა. სახეზე დაძაბულობა და სერიოზულობა ეტყობოდა. იოანე მაშინვე მისკენ წავიდა. -რა ხდება? ქალმა ღრმად ამოისუნთქა. -გოგომ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა… მდგომარეობა კრიტიკულია. იოანეს გული თითქოს ერთ წამში გაჩერდა. -ეს რას ნიშნავს?.. -ვცდილობთ ყველაფერს, მაგრამ… - წამით შეყოვნდა, სიტყვებს არჩევდა. -არსებობს რისკი, რომ ორგანიზმმა ახალი სისხლი ვერ მიიღოს. ძალიან დასუსტებულია. კაცი იოანეს გვერდით ახლა უფრო დაძაბული იდგა. -და თუ ასე მოხდა… -იკითხა მან, -გართულება რა შეიძლება იყოს? იოანე ჩუმად იყო. ხმას ვერ იღებდა. ექიმმა მათ ორივეს მონაცვლეობით გადახედა. -მძიმე ნერვული დაზიანება არის შესაძლებელი… -თქვა ნელა. -რამაც შეიძლება ქვედა კიდურებზე გავლენა იქონიოს… არის რისკი, რომ… ფეხით ვეღარ გაიაროს. სიჩუმე. იოანეს სახე ერთ წამში შეიცვალა. თითქოს შიგნიდან რაღაც ნაწილი მოგლიჯეს. უცებ შემობრუნდა და მთელი ძალით დაარტყა კედელს ხელები. ხმა უფრო მძაფრი იყო ამჯერად. -ჯანდაბა! -დაიყვირა. კაცმა მაშინვე ხელი ჩაავლო. -იოანე! საკმარისია! ნუ ართულებ.. მაგრამ იოანე არ ჩერდებოდა. სუნთქვა აეშალა, თვალები მითოლოგიური პერსონაჟივით ჩაწითლებოდა. -ეს მე გავაკეთე… -თქვა ჩუმად, თითქმის ჩურჩულით. -მე მისი მტერი ვარ.. კაცმა ხელით უფრო მაგრად დაიჭირა მობარბაცე იოანე. -ახლა ძლიერი უნდა იყო და თავი გააკონტროლო, ნერვებს მოუფრთხილდი, მეგობარო.. იოანე კვლავ ნელა ჩაიკეცა კედელთან, თავი ხელებში ჩარგო და ისევ ატირდა - ამჯერად უკვე ხმამაღლა, უძლურად, ისე, როგორც ადამიანი, რომელმაც პირველად დაკარგა კონტროლი ყველაფერზე. -ღმერთო გადაარჩინე.. და მე წამიყვანე.. -ბოლოს დაბალ ხმაზე, მონოტონურად ბუტბუტებდა. *** იმავე დღეს, თბილისში მზიანი დილა გათენდა. დილის ქალაქი ჩვეულ რიტმში ცხოვრობდა, თითქოს არაფერი შეცვლილა. დავითიც ისე მოძრაობდა, როგორც ყოველთვის - ზუსტად, გათვლილად, ცივი გონებით, საქმეზე კონცენტრირებული. მაგრამ ამჯერად მისი ყურადღება მთლიანად ერთ მიზანზე იყო გადატანილი. ვიქტორია. მისამართი უკვე ჰქონდა. მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მანქანა გააჩერა და შორიდან დააკვირდა იქაურობას. რამდენიმე წუთი უბრალოდ ფეხზე იდგა და ისე უყურებდა გამოსასვლელს, ხალხის მიმოსვლას, მერე მანქანაში გადაჯდა და მოთმინებით დაიწყო ლოდინი. დრო გადიოდა. ოცდაათი წუთი ასე დაყო. დათომ საჭეს ხელი მოუჭირა, თვალები კვლავ არ მოუშორებია შესასვლელისთვის. -ვერ გამექცევი… -ჩაიბურტყუნა ჩუმად. მალე კარის ჩარჩოში ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა თუ არა თვალები აენთო. ვიქტორია. დავითი მაშინვე გასწორდა, თითქოს მთელი სხეული ერთ წამში მოემზადა. მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და პირდაპირ მისკენ წავიდა. ვიქტორია უკვე საკუთარ მანქანასთან იყო მისული, კარი უნდა გაეღო, როცა კაცი წინ აესვეტა. ქალი ოდნავ შეჩერდა, თვალებში გაკვირვება გაუკრთა, მაგრამ მალევე დამალა. ღრმად ჩაისუნთქა და მხრები მსუბუქად აიჩეჩა. -რაო?.. -ტუჩის კუთხეში ირონია გაუკრთა. დათომ ნახევრად ღიმილით შეხედა. -მაინც მოგაგენი, ვიკუნა… -თვალი ჩაუკრა. ვიქტორიამ თვალები ოდნავ დააწვრილა. -ეგ მომართვა შენთვის არ არის. დათო ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. -უნდა ვილაპარაკოთ. -არა მგონია რამე გვქონდეს სალაპარაკო, სხვასთან გაერთე..-მშვიდად, მაგრამ ცივად უპასუხა ქალმა და მანქანის კარის გაღება სცადა. დათომ ხელი წინ დაუდო, კარი ჩაუკეტა. -გვაქვს. ვიქტორია ახლა პირდაპირ მისკენ შებრუნდა. -იცი, რომ სრულიად კანონიერად შემიძლია შენი ციხეში ჩასმა? -უთხრა მშვიდი, მაგრამ მკაფიო ტონით. დათოს გაეღიმა. ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა, იმდენად, რომ მათ შორის მანძილი თითქმის გაქრა. თვალებში პირდაპირ უყურებდა. -სცადე. მერე ხელი მსუბუქად დაადო მის მკლავს. ვიქტორიამ მაშინვე დახედა მის ხელს, მერე ისევ თვალებში შეხედა - ამჯერად უფრო ცივად. -ხელი აიღე. დათოს ხელი არ აუღია. -ვერ გაგიშვებ, სანამ არ ვილაპარაკებთ, საყვარელო დეტექტივო… ვიქტორიამ ნელა ამოისუნთქა, თითქოს მოთმინებას იკრებდა. მერე ხელი მკვეთრად გაითავისუფლა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. -არ ხარ იმ პოზიციაში, რომ წესებს შენ ადგენდე, დავით. დათომ თავი ოდნავ დახარა, თითქოს ესიამოვნა მისი ტონი. -და შენ ხარ? პაუზა. ვიქტორია მანქანას ზურგით მიეყრდნო, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ახლა უკვე პირდაპირ, გამჭოლი მზერით შეხედა. -თქვი, რა გინდა. დრო ცოტა მაქვს. დათო წამით დააკვირდა - თითქოს აფასებდა, რამდენს ეტყოდა. -შენ და მილენა… -დაიწყო ნელა, -ზედმეტად ბევრს ერევით იმაში, რაც თქვენი საქმე არ არის. ვიქტორიას წარბი ოდნავ აეწია. -მართლა? -ირონიულად ჩაიცინა. -და შენ გგონია, რომ ამას შენ გააკონტროლებ? დათომ თვალები დააწვრილა. -გაფრთხილებ. -მე? -ვიქტორიამ მსუბუქად გადაიხარხარა. -შენ უნდა იფრთხილო, დავით. ისიც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, თითქმის იგივე მანძილი დაუტოვა. -იმიტომ, რომ არ იცი, რაში ხარ ჩართული.. დათოს ღიმილი ოდნავ გაქრა. -მაშინ შენ ამიხსენი. ვიქტორიამ თავი ოდნავ დახარა, თვალები არ მოუშორებია. -როცა დრო მოვა, თვითონ გაიგებ. -და მანქანის კარი ამჯერად სწრაფად გააღო. დათო ისევ გაჩერდა მის წინ და შავ თვალებში გამაფრთხილებლად შეხედა. -ვიკა… ქალი წამით შეჩერდა, მაგრამ უკან არ შებრუნებულა. -ნუ ჩაერევი ამაში. ვიქტორიამ ნახევრად მოიხედა, თვალებში ისევ ის ცივი სიმშვიდე ედგა. -მე რომ არა სხვა ჩაერეოდა.. ბედს ვერ დაიმორჩილებ, დავით.. თავს გაუფრთხილდი.. და კარი ძლიერად დახურა. *** დავითი სამუშაო მაგიდასთან ჩაფიქრებული იჯდა და რაღაც დოკუმენტებს უაზროდ გადაავლო თვალი - აზრები სულ სხვაგან ჰქონდა. ცოტა ხანში ტელეფონის ვიბრაციამ თითქოს უხეშად გამოაფხიზლა. ეკრანს დახედა - უცხო ნომერი იყო. ერთი წამით დააყოვნა. მერე უპასუხა. -გისმენ. მეორე მხარეს კაცი სწრაფად, აშკარად დაძაბული ლაპარაკობდა. რამდენიმე სიტყვა… და დათოს სახე ნელა შეიცვალა. -სად? -მკვეთრად იკითხა. პასუხი რომ მიიღო, სკამიდან ისე წამოდგა, რომ მაიგიდადან ლამის ნივთები გადაყარა. -მდგომარეობა რამდენად მძიმეა? პაუზა. მისი მზერა გამკაცრდა. -მოვდივარ. ზარი გათიშა. რამდენიმე წამი უბრალოდ იდგა, თითქოს გონებაში მიღებულ ინფორმაციას ამუშავებდა. მერე სწრაფად აიღო ქურთუკი, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და თითქმის სირბილით გავიდა შენობიდან. მანქანაში ჩაჯდომისთანავე ძრავი ჩართო და ისე სწრაფად მოსწყვიტა იქაურობას, რომ საბურავებმა წივილი გამოსცეს. გზაში ერთ აზრს ვერ იშორებდა. “იოანე.” საჭეს ხელი მოუჭირა. “შემთხვევით?.. არა…” სახე დაეძაბა. “ალბათ განზრახ ესროლა…” აეროპორტამდე გზა ძლივს გაიარა. თვითმფრინავში ჩაჯდომის შემდეგ პირველად მოდუნდა ოდნავ - მაგრამ არა სიმშვიდით, არამედ მძიმე ფიქრებით. იოანეს იცნობდა. იცოდა, რას წარმოადგენდა. და ისიც იცოდა - ასეთები “შემთხვევით” იშვიათად მოქმედებენ. *** კერძო კლინიკაში რომ შევიდა, დერეფანში მძიმე სიჩუმე იგრძნო. ნაცნობი სახე მალევე შენიშნა. იოანე კედელთან იდგა, თავი დაბლა ჰქონდა დახრილი. პერანგი სისხლით იყო დასვრილი - არა ლაქებით, არამედ თითქმის მთლიანად. ხელებიც იგივე მდგომარეობაში ჰქონდა. დათოს გულში რაღაც მძიმედ დაეშვა. მიუახლოვდა თუ არა მხარზე ხელი დაადო. -რა მოხდა? იოანემ ნელა ასწია თავი. მისი თვალები… უცნაური იყო. არ იყო ჩვეული სიცივე ან აგრესია - რაღაც გატეხილი ჩანდა. -მილენა კვდება… ჩემ გამო… დათოს მზერა გამკაცრდა. -კონკრეტულად.. ეს როგორ მოხდა? იოანე ჩუმად დარჩა. -იოანე, -ხმა დაუმძიმდა დათოს, -რას გეკითხები, გაიგე? ამიხსენი.. პაუზა. იოანემ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა. -ჩემი იარაღი ჰქონდა.. -მერე? -დამიმიზნა. დათო ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, თვალები დააწვრილა. -და შენ რა გააკეთე? იოანემ თვალები დახარა. -ვცადე წამერთვა. -სცადე? -ირონიით გაიმეორა დათომ. -და უცებ გაისროლა? იოანე ჩუმად იყო. დათოს ნერვები დაეჭიმა. -პირდაპირ მითხარი… -ხმადაბლა თქვა, მაგრამ აშკარად დაძაბულმა, -განზრახ ესროლე? იოანემ ნელა ასწია თვალები. რამდენიმე წამი უყურებდა. არ უპასუხა. ეს დუმილი უფრო ხმამაღალი იყო, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. დათოს ყბა დაეჭიმა. -ჯანდაბა… -ჩუმად ჩაილაპარაკა. -ვერ გავიგე, რა ჯანდაბა გააკეთე… იოანე კედელს მიეყრდნო, ხელები თმებში შეიცურა და ღრმად ამოისუნთქა. -არ მინდოდა ასე მომხდარიყო… -მაგრამ მოხდა, არა? -მკვეთრად ჩააჭრა დათომ. იოანემ თვალები დახუჭა. -კი. პაუზა. -თუ რამე მოუვა… -ნელა თქვა იოანემ, -მეც მოვიკლავ თავს. დათომ თითქოს ვერ გაიგო. -რა?.. იოანემ ამჯერად პირდაპირ შეხედა. -თუ მილენა მოკვდა… მეც აღარ ვიცოცხლებ. დათოს სახე მაშინვე შეიცვალა - გაბრაზება, გაკვირვება და გაღიზიანება ერთდროულად დაეტყო. -რა გჭირს ბიჭო, გამო*ირდი? -მკვეთრად თქვა და ხელი მხარზე ძლიერად დააჭირა. -რა თავს მოიკლავ, დამშვიდდი… იოანემ ხელი ჩამოიშორა. -ვერ გაიგებ. დათო წინ დაუდგა. -მაშინ გამაგებინე და ამიხსენი! იოანემ მწარედ ჩაიცინა. -რა გინდა, რომ გითხრა? რომ მიყვარს? დათო გაჩუმდა ერთი წამით. -შენ? -ირონიით თქვა. -სიყვარულზე ლაპარაკობ? იოანეს თვალებში სიბრაზე გაკრთა. -ჰო. პაუზა. დათო ცოტა ხნით ჩუმად იყო, მერე თავი გააქნია. -ჯანდაბა… -ამოიოხრა. -ყოველთვის ყველაზე უარეს დროს გეწყება ეს გამოხტომები. იოანემ არაფერი უპასუხა. დათომ უფრო მშვიდად გააგრძელა. -ექიმებმა რა თქვეს? იოანემ ნელა ამოისუნთქა. -ბევრი სისხლი დაკარგა… ჯერ ოპერაციას უკეთებენ… ვერაფერს მეუბნებიან. -გადარჩება? იოანემ თვალები დახარა. -არ ვიცი. დათომ კედელს მუშტი მსუბუქად მიარტყა, თითქოს საკუთარ თავზე ბრაზობდა. -ჯანდაბა… რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. მერე დათომ ისევ შეხედა. -მომისმინე… -უფრო დაბალი, მაგრამ მკაფიო ტონით თქვა. -ახლა ეს სისულელეები დაივიწყე. არავინ კვდება ჯერ. გაიგე? იოანემ ნელა ასწია თავი. -თუ… -არავითარი თუ! -მკვეთრად შეაწყვეტინა დათომ. -სანამ ექიმი არ გამოვა და არ გეტყვის, რომ დასრულდა - არაფერი დასრულებულა. პაუზა. დათო ამჯერად უფრო ახლოს მივიდა. სწრაფად მოავლო თვალი დერეფანს, მერე თავი ოდნავ დახარა და ჩუმად, თითქმის ჩურჩულით დაიწყო. -კარგად მომისმინე… ახლა რასაც გეტყვი, ყველაფერს ცვლის. იოანემ განადგურებულმა შეხედა. -თქვი. დათომ ერთი წამით შეაჩერა მზერა მის თვალებზე, თითქოს დარწმუნება უნდოდა, რომ ნამდვილად გაიგებდა. -სოლომონი… არ ყოფილა ბექას მკვლელობაში გარეული. სიჩუმე. იოანეს სახე თითქოს ერთ წამში გაშეშდა. -რა? რას მეუბნები… -ძლივს ამოიღო ხმა. დათომ ნელა გააქნია თავი. -შენ შეგნებულად შეგიყვანეს შეცდომაში. ინფორმაცია, რაც მოგაწოდეს… ნაწილობრივ მართალი იყო, მაგრამ მთავარი ნაწილი - გაყალბებული. იოანეს სუნთქვა დამძიმდა. -ანუ… მე… -სათქმელი ვერ დაამთავრა. -ჰო, -მშვიდად დაუდასტურა დათომ, -გამოგიყენეს. ზუსტად ისე, როგორც უნდოდათ. იოანემ ხელი თმებში შეიცურა, თვალები დახარა. -ვინ… დათომ თვალები ოდნავ დააწვრილა. -ხალხი, ვისთანაც შენც და მილენასაც ერთი საერთო რამ გიკავშირებთ. მტრები. ბევრად სერიოზულები, ვიდრე წარმოიდგენდი. იოანემ მკვეთრად ასწია თავი. -მილენაც? -კი. -დათოს ხმა ისევ ცივი და ზუსტი იყო. -ეს ყველაფერი მხოლოდ შენი შურისძიების გარშემო არ ტრიალებდა. ეს უფრო დიდი თამაშია… და თქვენ ორივე სამიზნე ხართ. პაუზა. იოანეს თვალებში პირველად გაკრთა არა სიბრაზე, არამედ რისხვა. -ანუ… მე მამამისი ტყუილად მოვკალი… დათოს მზერა არ მოუშორებია. -არა მხოლოდ ტყუილად… არამედ ზუსტად ისე, როგორც ვიღაცას უნდოდა. სიჩუმე კიდევ უფრო დამძიმდა. -და ახლა? -ჩუმად იკითხა იოანემ. დათო ოდნავ მიუახლოვდა, ხმა კიდევ დაუწია. -ახლა მთავარი ის არის, რომ მილენა გადარჩეს… იმიტომ რომ შენ მარტო აღარ ხარ სამიზნე. პაუზა. -და თუ ეს ხალხი ისევ იმოქმედებს… შემდეგი დარტყმა ბევრად უფრო მწვავე იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


