მანათობელი გრძნობა - თავი 8
მას შემდეგ დემეტრე აღარ გამოჩენილა. წარმოდგენა არ მქონდა, რომ იმ საღამოს მას ბოლოჯერ ვხედავდი. ჩემთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა, არც ზარებზე მპასუხობდა და არც შეტყობინებებს ნახულობდა. თავიდან ვფიქრობდი, რომ მართალი იყო...რომ გაბრაზების სრული უფლება ჰქონდა და მის ამგვარ დამოკიდებულებას მართლა ვიმსახურებდი. მაგრამ რაც დრო გადიოდა, ვრწმუნდებოდი, რომ საქმე სხვა რამეში იყო. რამდენადაც არ უნდა გაბრაზებულიყო ჩემზე, ბოდიშის მოხდის საშუალებას მაინც მომცემდა. ვცილობდი დამეჯერებინა, რომ უბრალოდ ასეთი ჩვევა ჰქონდა - წამდაუწუმ გაქრობა-გაჩენის და ერთ დღეს მაინც გამოჩნდებოდა. მის ლოდინში კი მთელი ზაფხული გავიდა. მთელი ორთვენახევარი... ამ დროის განმავლობაში კი მისგან არაფერი მსმენია. რამდენადაც არ უნდა მეცადა, მასთან განხორციელებული ყოველი ზარი პასუხგაუცემელი რჩებოდა. ამ ყველაფრის ფონზე კი, რაოდენ წარმოუდგენელი და მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის, ვერაფერი მოვუხერხე მონატრების გრძნობას. მახსენდებოდა მისი დამცინავი რეპლიკები, უაზრო ხუმრობები, რომელბიც, რეალურად, მისი არც არასდროს ყოფილა. ნამდვილი დემეტრე სრულიად სხვა პიროვნება იყო, ამაში დღითიდღე ვრწმუნდებოდი. მის გაუჩინარებას კი საკუთარ თავს ვაბრალებდი. ერთი მხრივ იმიტომ, რაც იმ საღამოს მოხდა; მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ზუსტად მე ვიყავი ის, ვინც მას ნამდვილი სახის გამოჩენისკენ უბიძგა. ეს ვერ აიტანა და გადაწყიტა დისტანცია დაეჭირა. სიმართლე კი ის იყო, რომ მის ცხოვრებაში არც არასდროს ვყოფილვარ. ან მე მეგონა, რომ არ ვყოფილვარ; რამდენად დიდიც არ უნდა ყოფილიყო დანაშაულისა და სიცარიელის შეგრძნება, ვერ ვეგუებოდი ფაქტს, რომ სიტყვა ,,მონატრება” ჩემს გონებაში დემეტრეს უკავშირდებოდა; ეს ძალზე უცნაური და წარმოუდგენელი რამ იყო ჩემთვის... რაღაც ისეთი, რაც არასდროს, არასდროს არ მოხდებოდა. გადიოდა დრო და დანაშაულის გრძნობას ნელ-ნელა ბრაზი ფარავდა. არ ვფიქრობდი, რომ მისგან ამგვარ მოპყრობას ვიმსახურებდი მიუხედავად იმისა, რაც დავაშავე. ვბრაზობდი, რომ არ ჩნდებოდა; რომ ბოდიშის მოხდის საშუალებას არ მაძლევდა; რომ ამდენად უპასუხისმგობლო გამოვყავდი და მაიძულებდა საკუთარი თავი დამედანაშაულებინა. ამასობაში სექტემბერიც დადგა. იმ წელს შემოდგომა განსაკუთებით სუსხიანი და ცივი აღმოჩნდა. არ დამცალდა იმ თბილი დღეებით დამტკბარიყავი, ნაადრევ შემოდგომას რომ ახასიათებდა ხოლმე. ყოველი დღე უფრო და უფრო მოღრუბლული და უღიმღამო ხდებოდა და ყველაფრის სურვილს მიკარგავდა. ჩემმა ხასიათმაც თითქმის ამინდის შეფერილობა მიიღო - ისევ ისეთი მგრძნობიარე და ემოციური გავხდი, როგორიც ზაფხულში ვიყავი. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ თავდაუზოგადავად ვმუშაობდი. აღარ მინდოდა დემეტრეზე მეფიქრა და ყველაფერს ვაკეთებდი ყურადღების გადასატანად. თუ ის იმდენად დიდ დისტანციას იჭერდა, რომ ფაქტიურად ჩემი არსებობაც დაივიწყა, მაშინ მეც ანალოგიურად ვუპასუხებდი. გონებას მასზე ფიქრით არ დავიტვირთავდი და თავს დარდით არ შევიჭამდი, რომ ვინმესი რამე მმართებდა. თუ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რა მდგომარეობაში ვიყავი, ან რამდენად დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, არც მე გავაგრძელებდი ამ ყველაფერზე ფიქრს. იგივე პოზიცია დავიკავე მეც - მასთან დაკავშირებას შევეშვი და გონება გავთიშე. ნელ-ნელა კი იმდენად გაიზარდა ბრაზი, მისი ნახვის ყოველგვარი სურვილი გამიქრა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როცა გავიგე, ჩემს შესახებ ვახოს ეკითხებოდა... თავიდანვე, როცა ჩემი ზარების დაიგნორება დაიწყო და უკვალოდ გაქრა, ვახოს ვუთხარი, თუ გამოჩნდებოდა, ეთქვა, რომ მის ზარს ველოდებოდი. ისიც შევუთვალე, რომ მასთან შეხვედრა და საუბარი მინდოდა. გაინტერესებთ, როგორ მიპასუხა? ვახოს ჩემთვის მისამართის მიცემა აუკრძალა და უთხრა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიდა, თავად დამირეკავდა. მისი პასუხი კი პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ ეს საერთოდ არ მოხდებოდა; არც დამირეკავდა და მით უმეტეს, არც შემხვდებოდა. ასრულებდა კიდეც სიტყვას - სამი თვის განმავლობაში დუმდა და როგორც ეტყობოდა, ასეც გააგრძელებდა. მეც მისგან ავიღე მაგალითი და ანალოგიურად დავიწყე მოქმედება. მთელი ჩემი ყურადღება საკუთარ თავზე გადავიტანე. ჯიუტად გავურბოდი მასზე ფიქრს და თავსაც ვიტყუებდი, თითქოს არ მაინტერესებდა მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მქონდა. * * * - კარგი ადგილია, ჰო? - გარშემო მიმოიხედა გიორგიმ. ღია ცის ქვეშ ვისხედით ვერანდაზე. მოუხედავად ასეთი კარგი გარემოცვისა და კარგი ამინდისა, ხასიათს მაინც ვერაფერი მოვუხერხე. - არის რა. - ხასიათზე არ ხარ მგონი... - ჩამეკითხა და მაგიდას მკლავებით დაეყრდნო. - ხო, ასეა. - თვალი ავარიდე. - ამ ბოლოს ძალიან შეიცვალე... - მაკვირდებოდა - თითქოს ჩემ მიმართ გაცივდი. - ... - მართალიც იყო. ერთადერთი, რასაც მისდამი ვგრძნობდი, სიბრალული იყო. ბოლო სამი თვე ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. გაქრა ჩემი მისდამი გრძნობა, რომლისგანაც ასე მიჭირდა თავის დაღწევა. დამოკიდებულებაც მთლიანად შემეცვალა და იმის სურვილიც აღარ მქონდა ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც მეგობრად დარჩენილიყო. - რას უნდა დავაბრალო ეს? - რასაც გინდა იმას დააბრალე. - ვუთხარი და ერთი ლიმონიანი ჩაი მოვითხოვე. - ნაწყენი ხარ თუ... - - უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ და ძალიან დამავალებ, თუ სულელურ და შემაწუხებელ კითხვებას აღარ დამისვამ! - ვუთხარი გაღიზიანებით. მაგრამ მერე... თავი დამნაშავედ ვიგრძენი. სიუხეშის გაკონტროლება უფრო და უფრო მიჭირდა და ეს მისი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა - მაპატიე. - დაიკიდე. - დადუმდა. არ ვიცოდი, რაზე ფიქრობდა, თუმცა დიდად არც მანაღვლებდა. ერთად გასეირნებაზეც მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ სალაპარაკო ჰქონდა. თემაზე გადასვლას კი საერთოდ არ ჩქარობდა და მისი უდარდელობა მაღიზიანებდა. - რაზე ფიქრობ? - გახსოვს, ერთად ხის ქოხი რომ გავაკეთეთ? საიდუმლო ბაზა რომ დავარქვით. ისე გიყვარდა, იქიდან არ გამოდიოდი. - მახსოვს - ჩამეღიმა. იმ წამს ისე ძალიან შემომაწვა ნოსტალგია, თვალები ამიწყლიანდა. აღარც კი მახსოვდა, როდის იყო ჩემი ცხოვრება ისეთი უდარდელი, როგორც იმ დროს. რომ ეკითხათ, რა სურვილი გაქვსო, ალბათ ისევ იქ, ისევ იმ ქოხში ყოფნას ვისურვებდი. არავინ და არაფერი რომ არ მადარდებდა და ჩემს ერთადერთ პრობლემას სახლიდან საჭმლის მოპარვა რომ წარმოადგენდა. ეს კი იმიტომ, რომ ჩემი კატებითვის გამენაწილებინა - ნეტავ, სულ არ გავზრდილიყავი... - ვინატრე. - რატომ? არ მოგწონს ახლა სადაც ხარ? არც ფული გაკლია და არც კარგი ცხოვრება. არც მეგობრები და არც სიყვარული. - სკამის საზურგეზე გადაიწია და ფეხი ფეხზე გადაიდო. - მაშინ სულ სხვანაირი იყო ჩემი სამყარო...- დანანებით ვთქვი და დიდი ნერწყვი გადავყლაპე ცრემლი რომ შემეკავებინა - ბებოც ცოცხალი იყო მაშინ... - მეც მახსოვს მანანა ბებო, ძალიან საყვარელი ქალი იყო...შენგან არ მანსხვავებდა... არც მე, არც თამოს და არც ვახოს. - დაფიქრებით თქვა გიორგიმ და ჩაეღიმა. - ... - მანანა ბებო ის ადამიანი იყო, რომელსაც ჩემთვის უდედობა არასდროს უგრძნობინებია. ერთადერთი, რომელსაც უფლებას ვაძლევდი ჩემთვის ძილისპირული ემღერა, ზღაპარი წაეკითხა და ჩემთვის თმა დაევარცხნა. პირველად სწორედ მან გამაცილა სკოლაში, მან მაჩვენა დედას ალბომი და სწორედ მანვე მომცა დედას ნიშნობის ბეჭედი სიკვდილის წინ. როცა დედაზე გავიფიქრებდი თვალწინ ყოველთვის ორი ადამიანი მიდგებოდა. ჯერ მანანა ბებო და შემდეგ დედაჩემი. ალბათ იმიტომ, რომ დედას არ ვიცნობდი. საკმაოდ ხშირად ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო. მაინც ასე გამიჭირდებოდა? მაინც ასეთი მარტოსული ვიქნებოდი ყოველთვის, თუ არა? - პირადში რა ხდება? - ფიქრებისგან გიორგის უტაქტო და უადგილო კითხვამ გამომაფხიზლა. არ მესმოდა, როგორ შეეძლო ერთი თემიდან მეორეზე გადახტომა და ამის სრულიად არაადეკვატურად გაკეთება. - რაში გაინტერესებს? - არ დამიმალავს ჩემი დამოკიდებულება. -არ შეიძლება? უბრალოდ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაცას ელოდები. - თვალებში მიყურებდა. - არავის არ ველოდები და თუნდაც ველოდებოდე, ვფიქრობ ეს შენი სადარდებელი არ არის. - კარგი, კარგი... - ცოტახანს გაჩუმდა - გადავწყვიტე ნინას ხელი ვთხოვო. - აი თურმე რა! არც გამკვირვებია. გულის სიღრმეში ველოდი კიდეც ამას. თითქმის ერთი წელი სრულდებოდა, რაც გიორგის მის გარდა არც სადარდებელი ჰქონდა და არც სასაუბრო თემა. ყველგან ნინა და მხოლოდ ნინა! - მერე? ჩემგან ელოდები ნებართვას თუ რა ხდება? - ცინიკურად ჩამეღიმა. - რა გჭირს? - ჩემი პასუხი არ მოეწონა - ვიცი, ის არ მოგწონს, მაგრამ ჩემ გამო მაინც არ გიხარია? - მიხარია...უბრალოდ გაღიზიანებული ვარ და... - - გაღიზიანება არაფერ შუაშია და მორჩი მაგის მომიზეზებას! ძალიან არ მომწონხარ ამ ბოლო დროს! - გამაწყვეტინა. - არც მე და თამოს მოგვწონხარ თითქმის ერთი წელია, მაგრამ შენ ეგ ფეხებზე გკიდია, იცი? - ისევ გავუღიმე - ჩხუბი არ მინდა, გიორგი,ძალიან გთხოვ! - ადრე სულ სხვანაირი იყავი. ძალიან შეიცვალე რაღაც მიზეზით და ეს არ მომწონს! - უხეშობაც დაიწყო. - რა იცი, შევიცვალე თუ არა? რადგან სულ ვიღიმი, იმას არ ნიშნავს, რომ არც პრობლემები მაქვს და არც სადარდებელი! რადგან სულ თვალებში შემოგციცინებთ, იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მტკივა და მე არ მიჭირს, გაიგე? მეც მაქვს უფლება ცუდ ხასიათზე ვიყო! აღარ მინდა იმის დამალვა, რომ შეიძლება ცუდად ვიყო, გაიგე? მეც მაქვს გრძნობები! - ერთბაშად მივაყარე და წამოვედი. ავტობუსის გაჩერებაზე დავდექი და ტაბლოს დავაკვირდი. მერე აქეთ-იქით ნერვიულად დავიწყე სიარული. - ლიკა! - არ მომეშვა გიორგი - სად მიდიხარ? წამოდი მე მიგიყვან სახლში. - არ მინდა, ავტობუსი მოვა მალე და ჩემით წავალ. - კარგი, რა! ავტობუსით ბოლოს, ალბათ, ათი წლის წინ იმგზავრე, იცი მაინც, რომელი სად მიდის? - მისი სიმშვიდე და ფეხებზეობა უფრო მიმატებდა. მოვკვდებოდი და მას მანქანაში არ ჩავუჯდებოდი. - თავი დამანებე, გთხოვ - ვუთხარი და ზურგი შევაქციე. მერე პირველივე ავტობუსში ავედი და იქაურობას გავეცალე. ასეთი რამ პირველად დამემართა. ავტობუსში ვიჯექი და უმისამართოდ მივდიოდი სადღაც. ძალიან მიჭირდა თავის შეკავება, რომ არ ამტირებოდა, თუმცა ისეთი არაფერი მომხდარა, პატარა ბავშვივით რომ მეტირა. მივხვდი, რომ ბავშვობის გახსენებამ ის მოთმინებას დამიკარგა, რაც გამაჩნდა. ძალიან მინდოდა პატარა, მეამიტი და სულელი ლიკა ვყოფილიყავი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი მარტოსული იქნებოდა მთელი ცხოვრება; არ იცოდა, რატომ არ მიდიოდა მამამისი მის სანახავად; არ იცოდა, რომ მხოლოდ დედით კი არა, მამითაც ობოლი იყო... სახლში მივედი, მაგრამ შიგნით არ შევსულვარ. თამოს დავურეკე და გარეთ საფეხურზე ჩამოვჯექი. ვერ მოვახერხე იმის გააზრება, რაც იმ დღეს მოხდა. გიორგი მართალი იყო, სრულიად სხვა ადამიანი გავხვდი, თუმცა რატომ? რატომ გადავწყვიტე შეცვლა? რამ მიბიძგა? რატომ მქონდა დაუსრულებლად რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინი? ან ამდენი კითხვა საიდან გაჩნდა? რა მჭირდა? რატომ გახდა ჩემი ცხოვრება უფერული? - რა დაგემართა? - მომესმა თამოს ხმა და ინსტიქტურად გავხედე. - ... - რომ შევხედე და ანერვიულებული დავინახე, თვალები ცრემლით ამევსო და ტირილი ამიტყდა. ჩუმად ვქვითინებდი, რადგან თამოსი მრცხვენოდა. რომ ეკითხა რა მატირებდა, რა უნდა მეპასუხა? რისთვის დავურეკე? იმისთვის, რომ მოსულიყო და ჩემი ტირილისთვის ეყურებინა? იმიტომ, რომ გაუგებრობისგან ჭკუიდან გადასულიყო? იმ საღამოს თამო ჩემთან დარჩა. არაფერი უკითხავს და არც რამის მოყოლა დაუძალებია. გაგებით ეკიდებოდა ჩემს მდგომარეობას და ისიც ძალიან კარგად იცოდა, გაურკვევლობაში რომ ვიყავი. გვირილის ჩაი დამალევინა, დივანზე წამომაწვინა და პლედში გამახვია. მერე ისეთ რაღაცებზე საუბრობდა, ძალიან რომ მიყვარდა. ჩემს გვერდით, დივანთან იჯდა და თმაზე მეფერებოდა. ზუსტად გამოთვალა, რამდენ დღეში დადგებოდა ახალი წელი; ისიც მითხრა, რომ იმ წელს შედარებით მკაცრი ზამთარი იქნებოდა და შეიძლებოდა თოვლიც მოსულიყო; მითხრა, ახალი წელი ჩემთან აღვნიშნოთო და ნაძვის ხის მორთვაც მე შემატოვა. ამ საქმეს ყველაზე მეტად ვერ იტანდა, მე კი ყოველთვის მეხალისებოდა და თითქმის მთელი სამეგობროს ნაძვის ხეებს მე ვაწყობდი. ისე ზღაპარივით ჩამესმოდა მისი საამო საუბარი, ვერც კი გავიგე, როგორ ჩემეძინა. ვგრძნობდი მისი თითების თამაშს ჩემს თმაში და ეს კიდევ უფრო მამაშვიდებდა. ზუსტად ასე იცოდა დამშვიდება მანანა ბებომაც. ამიტომ წარმოვიდგინე, რომ იქ, ჩემს სახლში, ჩემს თავთან, თამოს ნაცვლად მანანა ბებო იჯდა და სწორედ ის ეფერეოდა ჩემს წაბლისფერ კულულებს.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



