შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანათობელი გრძნობა - თავი 10


გუშინ, 02:27
ავტორი Viva la vida
ნანახია 39

ერთი კვირის შემდეგ გათოვდა კიდეც. აღარც კი მახსოვდა თბილისში თოვლი ბოლოს როდის მოვიდა. პატარა ბავშვივით მიხაროდა ქალაქი თეთრად რომ იმოსებოდა და იმდენად ლამაზი იყო ეს პროცესი, მთელი დღე ფანჯარასთან მჯდომმა გავატარე. არ მბეზრდებოდა თოვლიანი ქუჩების ცქერა. მთელი დღე საოცარი სიმშვიდით ვიყავი სავსე... თოვლმა მხოლოდ ზამთარი კი არა, ნანატრი სიმყუდროვეც მომიტანა. ფანჯრის რაფაზე, ჩაით ხელში მოკალათებულს ისე დამაღამდა, ვერ კი გავიგე. მხოლოდ ამ მომენტისთვის ღირდა მთელი წელი ლოდინი და მეც, ამ სიმყუდროვეში ჩაკარგულმა, საკუთარ თავს უსაქმურობის ბიულეტენი გამოვუწერე.
საღამოს თამო მოვიდა ჩემთან. უამინდობამ ცუდ ხასიათზე დამაყენა და ფილმს ვუყუროთო. ვიცოდი, ამ ბავშვურ სიხარულს სულ ჩამაშხამებდა, თუმცა მომდევნო რამდენიმე დღე ვეღარ ვნახავდი და უარი არ ვუთხარი. მაინც ძალიან მიყვარდა ჩემი უჟმური მეგობარი.
- მეც მინდა ბაკურიანში! - წუწუნებდა.
- წამოდი, მხოლოდ შვებულების განცხადების დაწერა უნდა, მეტი არაფერი. - ჩამეცინა, ყავის ჭიქა მივაწოდე და დივანზე მოვკალათდი.
- არაა, ისედაც სამი პროცესი უნდა ჩავატარო მიყოლებით...მაგ განცხადებას თავზე გადამახევს მაკა! - თქვა და ყავა მოსვა - მალე ჩამოდი რა!
რაღაც ფილმი ჰქონდა ამოჩემებული, რომელიც ათასჯერ მაინც ენახა. ის ჩართო და თავი იმით გაიმართლა, რომ უნდოდა ჩემთვის ეჩვენებინა. მე დიდად არ მომწონდა თამოს გემოვნება, მაგრამ მისი წუწუნის თავი არ მქონდა... ვიცოდი, ფილმის საყურებლად მაინც არ იყო მოსული. მიუხედავად იმისა, რომ თავად აიჩემა, წამითაც არ შეუხედავს ეკრანისთვის. ისეთი დაინტრიგებული მომშტერებოდა, უეჭველად რაღაცის გარკვევა უნდოდა. ვცდილობდი ფილმიდან აზრი გამომეტანა, მაგრამ მისი მზერა იმდენად შემაწუხებელი იყო, ვერაფერი გავიგე.
- თქვი, რა გინდა? რას ვერ ბედავ, ძალიან მაინტერესებს! - ვეღარ მოვითმინე.
- ის ბიჭი... - არ შემცდარა ჩემი წინათგრძნობა, ვიცოდი დემეტრეს ინტერესი რომ კლავდა - რატომ აღარ გირეკავს?!
- "ეგ რომ ვიცოდე" - გავიფიქრე და ამოვიოხრე - არ მინდა მასზე ლაპარაკი... - ისევ სიცარიელის გრძნობა გამიჩნდა. თამო ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა და ისევ იმავე სახით მომაშტერდა - ფილმის ყურებას დამაცდი? - გავღიზიანდი. გახარებულმა, ჩემი ყურადღება საბოლოოდ რომ გაფანტა, ფილმი გააჩერა და მომიბრუნდა - შემთხვევით ხომ არ..-
- არა - მაშინვე მივუხვდი, რის თქმასაც ცდილობდა, ამიტომ ბოლომდე არ ვათქმევინე. სულ რომ პირიქით ყოფილიყო, ამის თამოსთან განხილვა მაინც არ მინდოდა.
- და იმას?
- ახლა ფანჯრიდან გისვრი! - მივუგე მისი ინტერესით ნერვებმოშლილმა.
- მაშინ რატომ განიცდი მის წასვლას ასე ძალიან?
- ძალიან კარგად იცი, რატომაც... - ჭიქა გვერდით გადავდე. - თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმის გამო, რაც ავთოსთან მოხდა.
- ზღაპრები, ზღაპრები... - ჩაილაპარაკა მომღიმარმა.
- შემეშვი!
- ახლა რომ დაგირეკოს, რას იზამ? - ინტერესად იქცა თამო.
- არ დარეკავს.
- რომ დარეკოს?
- როგორც თვითონ იქცეოდა, ისე მოვიქცევი მეც! - გამოსავალი ვნახე.
- ვითომ? არ ჰკითხავ, რატომ იქცევა ასე ან შენებურად არ გამოლანძღავ?
- არა.
- მე მაინც მგონია, რომ გამოჩნდება. თოვლი მოვიდა ბოლოს და ბოლოს, დემეტრე ვინ არის, რომ არ გამოჩნდეს? გამოჩნდება და... -
- არ მინდა! ნუ გამოჩნდება! არ მოვიდეს! - ფეხზე წამოვდექი და გაბუტული ბავშვივით დავიწყე ჩხუბი. ვერ ვხვდებოდი, რატომ ვბრაზობდი ასე ძალიან მაშინ, როცა მე და დემეტრე მეგობრებიც კი არ ვყოფილვართ. მაგრამ ფაქტი იყო, ბრაზს ვერაფერს ვუხერხებდი. - არც ფილმის ყურებას აცდი ადამიანს და არც ყავის დალევას! - გაბრაზებულმა გავძახე კოლიდორიდან და ნერვებმოშლილი გავემართე გასასვლელისკენ.
- კიდევ იტყვის ვერ ვიტანო... - თავისთვის ლაპარაკობდა მარტო დარჩენილი თამო.
- გაჩუმდი! - მივაძახე და კარი გამოვიჯახუნე. არ მესმოდა, საკუთარ ურთიერთობებზე მეტად, ჩემი პირადი ცხოვრება რატომ აინტერესებდა. ამდენი გაურკვევლობა ჩემზე ცუდად მოქმედებდა. ის კი იმის ნაცვლად, როგორმე გავემხნევებინე, მუდამ დემეტრეზე ლაპარაკობდა.
თოვლიანი ქუჩა რომ დავინახე, მაშინვე გადამავიწყდა ყველაფერი. მართლა სასიამოვნოდ თოვდა. სამი საათი სრულდებოდა. ბნელი ღამე თოვლს გაენათებინა და იმდენად ლამაზი და ნათელი იყო, ლამპიონებიც კი არ სჭირდებოდა ქუჩას... არ მინდოდა სახლში წასვლა. ისე ძალიან მსიამოვნებდა ფიფქების ცქერა, გახურებულ სახეზე მათი შეხება, შემეძლო მთელი ქალაქი ფეხით შემომევლო. ქურთუკი არ მეცვა, თუმცა სიცივეს არც შევუწუხებივარ. ერთი ღრმად ჩავისუნთქე, ბოლომდე რომ შემეგრძნო თოვლის სუნი, და უცნაური გრძნობით აღვსილი, კვლავ ქვემოთ გავუყევი ქუჩას.
დავფიქრდი, ახლა მართლა რომ დარეკოს, რას ვეტყვი მეთქი. ჩამეცინა, ბოლო ექვსი თვე ამაზე ფიქრითა და აშკარა იმედით სულ ტყუილად დავჩერებოდი ხოლმე წამდაუწუმ ტელეფონის ეკრანს. ამის გახსენებაზე კიდევ ერთხელ დავხედე მას... კიდევ ერთხელ ვიგრძენი იმედგაცრუება. გაბრაზებულმა, საერთოდ გავთიშე მობილური, ლოდინი რომ დამესრულებინა. ერთი ღრმად ჩავისუნთქე, ტირილის სურვილის გასაქარწ....ბლად და ზუსტად იმ დროს, როცა მარცხნივ უნდა გადამეხვია, პირდაპირ გზაზე შავი სედანი და მასზე აყუდებული დემეტრე დავინახე.
ნაბიჯის გადადგმაც კი ვეღარ მოვახერხე...თითქოს ერთიანად გავიყინე, თითქოს სუნთქვა შემეკრა, მისი სახე ამდენი ხნის შემდეგ...ამდენი თვისა და დღის შემდეგ კვლავ რომ დავინახე. ვერ წარმოვიდგენდი, მისი ნახვისა და ნაცნობი ხმის გაგონების დიდი სურვილის მიუხედავად, ამდენად მძიმე და რთული თუ იქნებოდა მასთან შეხვედრა. განა ეს ის მომენტი არ იყო, ათასნაირად მაინც რომ წარმომედგინა? მომენტი, რომლის მოლოდინშიც ლამის სული დამელია...მომენტი, რომელიც შესაძლოა მისთვისაც ისეთივე მძიმე იყო მაშინ, როგორც ჩემთვის.
ის ისევ ისე იდგა, თავის მანქანას აყუდებული, სწორედ იმ სქელი და ორივესგან მიტოვებული კედლის მოპირდაპირედ და უეცარი შეხვედრით გაოგნებული ჩუმად მიყურებდა.
რამდენიმე წუთი ასე ვუყურებდი მას. მერე პირველი ის ვიფიქრე, ხომ არ გავგიჟდი მეთქი და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე. მართლა ის იყო. ისევ იქ იდგა, გაუნძრევლად. თვალებში მომშტერებოდა და ჩემსავით, ვერაფრის თქმას ვერ ბედავდა... თამო გამახსენდა და მის დასმულ კითხვაზე დავფიქრდი. რა უნდა მეთქვა მისთვის? რა უნდა მეკითხა ან მომეთხოვა?
-"არც არაფერი" - გავიფიქრე ბოლოს და ხელმარცხნივ გადავუხვიე. მინდოდა ის მომენტი მხოლოდ ილუზიის ნაწილი ყოფილიყო. ილუზია, სიზმარი, რაიმე მსგავსი, მაგრამ არა რეალობა. არ ვიყავი მზად! მაშინ მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი მისთვის შეხედვას...არ შემეძლო.
- ლიკა, გაჩერდი! - მისი ხმის გაგონებაზე ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა. ადგილზე გავიყინე და გზის გაგრძელების სურვილის მიუხედავად, მოძრაობა ვეღარ შევძელი. მომიახლოვდა და წინ გადამიდგა - სად მიდიხარ?
-...- ვერც პასუხი გავეცი. არ მჯეროდა მისი იქ ყოფნის. სახეში შეხედვა კი ისე ძალიან არ მინდოდა, დაბრმავება მერჩივნა.
- რატომ არ მიყურებ? - ზემოდან დამყურებდა - ან ასე თხლად რატომ გაცვია ასეთ ამინდში? - მშვიდად მითხრა და კიდევ უფრო ახლოს მოვიდა. თავისი შავი შარფი მოიხსნა და ყელზე მომახვია. მისმა მიახლოვემ, მისმა სურნელმა, ამდენ ხანს რომ მენატრებოდა, გული ამიჩქარა. მივხვდი, მალე ამეტირებოდა. გული გახეთქვაზე მქონდა და თითოეული ამოფეთქვა თითქოს მტკიოდა კიდეც... ვერ ვხვდებოდი, რატომ მეტირებოდა...რა სტატუსი მქონდა მე მისთვის, ასე რომ ვიქცეოდი? ან გაბრაზების უფლება ვინ მომცა? - შემომხედე - ისეთი ხმით მითხრა, ვეღარ მოვახერხე, თვალებში არ ჩამეხედა. სიმწრით ვითმენდი, რომ არ მეტირა. გაბრაზებულმა ისეთი თვალებით შევხედე, ვაიძულე ყველაფერი დაენახა, რასაც ბოლო ექვსი თვე ვგრძნობდი. ისე შემომყურებდა, თითქოს თვალის დახამხამებაც კი არ უნდოდა, წამი რომ არ დაეკარგა. ვერაფერი რომ ვერ მითხრა, უკან გავდექი. ერთიანად შემომაწვა წყენაცა და ბრაზიც. აღარ მახსოვდა აღარც ჩემი შეცდომა და აღარც ის ბოდიში, რომელიც ამდენი ხანი მღრღნიდა შიგნიდან.
- რა გინდა აქ?
- მე მაინტერესებს, როგორ ხარ...სხვა არაფერი... - ტყუილი არ გამოსდიოდა.
- რა იყო? ვახომ ვეღარ მოგიტანა ჩემზე ამბავი და მოსვლა გაბედე? - ზიზღით ვუპასუხე. მეტი არაფერი მითქვამს. საკმარისზე მეტი ვუთხარი - გაიწიე.
- არსად გაგიშვებ, სანამ არ ვისაუბრებთ.
- არ მესმის შენი! - ჩამეცინა - მართლა არ მესმის! რაზე უნდა გელაპარაკო? ისე გააკეთე ყველაფერი, შენი წამდაუწუმ გაჩენა-გაქრობით, ვერც კი მივხვდი, ისე შეგეჩვიე! მერე კი წახვედი და თან ისე წახვედი, ისე უცებ გაქრი, ვფიქრობდი, რომ ჩემი წარმოსახვა იყავი და საკუთარი თავი გიჟი მეგონა! იცი, რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვე?
- ვიცი.
- ვერ ვიგებ, სულ რატომ იკარგები? თუ იკარგები, რატომღა ჩნდები? რატომ მაიგნორებდი ან საერთოდ რა გინდა ჩემგან... -
- შემიყვარდი. - უცებ მომახალა, აუღელვებლად და გაჩუმდა. ხმა ვერ ამოვიღე. ისეთი სახით მიყურებდა, ისეთი მზერით, ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე - ახლა გაიგე? ამიტომ წავედი, ამიტომ გავქრი! ისე უცებ შემოხვედი ჩემს გულში და თანაც დაუკითხავად... - დამნაშავესავით ამოთქვა - არ მინდოდა მყვარებოდი, რადგან ვიცი, შენ სხვა გიყვარს; არ მინდოდა შენზე ოცნებაში გამთენებოდა და დამღამებოდა, ხომ კარგად გაიგე? მე..
- ნუ მაცინებ! ექვსი თვეა იმაში უტყდები შენს თავს, რომ გიყვარვარ? და რა ქენი? წახვედი და დაიმალე, მშიშარა ლაჩარივით! საკითხავია, ვინ არის ნამდვილი ქალაჩუნა, შენ თუ ავთო?! - გზა გავაგრძელე, მაგრამ მკლავში მწვდა და მისკენ შემაბრუნა.
- მაგ არაკაცს ნუ მადარებ, გაიგე? - ნაწყენმა შემომხედა - რა ჯანდაბა გამიკეთე, სულ ჩემს გონებაში რომ ტრიალებ არ ვიცი, მაგრამ მაგას ნუ აკეთებ! ყველაზე მეტად ეგ მაგიჟებს და მტკივა!
- და იმაზე რატომ არ ფიქრობ, მე თუ მეტკინა? გიფიქრია მაინც, რა მდგომარეობაში დამტოვე აქ? მხოლოდ ერთხელ კი არა, მეორედაც გაიქეცი ჩემგან სწორედ მაშინ, როცა ვახოს მისამართი არ მოაცემინე! შენთან მოსვლის უფლებაც არ მომეცი! რომელი კაცი გარბის იმ ქალისგან, რომელიც უყვარს? რომელი? - ხელი ვკარი - იცი, რა ვიგრძენი, როცა ვახოს ზარს პირველივე ჯერზე უპასუხე, მაგრამ ჩემს ზარებს თვეების მანძილზე არ პასუხობდი? იცი, რა არარაობად მაგრძნობინე თავი?
- მაპატიე...
- რომ გაპატიო, რა შეიცვლება? ამდენ უემოციო დღეს გააქრობ? ამდენ დანაშაულის გრძნობით სავსე თვეს უკან დააბრუნებ? რა შეიცვლება? - სუნთქვა გამიხშირდა, რადგან ტირილს მეტად ვეღარ ვიკავებდი.
- და თუ არ მაპატიებ, რა შეიცვლება? შენ იზამ მაგ ყველაფერს?
- მეზიზღები! მეზიზღები შენც და ყველაფერი მეზიზღება, რაც კი შენ გიკავშირდება! ამდენი ხანი ვერც შენზე ფიქრს ვწყვეტ იმის შემდეგ, რაც დამტოვე და წახვედი და ვერც შენი სახელის ხსენებას ვბედავ!
- ერთადერთი არ ხარ, ვისაც დემეტრე ეზიზღება! ყველაზე მეტად მე მძულს საკუთარი თავი! - წამოიყვირა - მაგრამ... - ჩაისუნთქა და დამშვიდებული ხმით გააგრძელა - მაგრამ გთხოვ, აი ახლა...სულ ერთხელ ჩამეხუტე! ერთხელ ჩამეხუტე, რომ ისევ ვიგრძნო შენი სურნელი...ძალიან გთხოვ...იცი, ამას აღარ აქვს შენი სუნი...- გაწითელებული ხელით ამოიღო გულის ჯიბიდან ჩემი ყელსახვევი. სწორედ ის, რომელიც იმ ღამეს დავუტოვე. მისი დანახვისას თვალები დამიფართოვდა.
- შენ...ეს...- ვეღარ შევიკავე, თვალებზე ხელი ავიფარე და ტირილი დავიწყე. გული ამომიჯდა და გულამოსკვნით ვიტირე. თითქოს მომეშვა და ამდენი ბრაზი, სევდა და წყენა ერთიანად ამოვანთხიე. ამჯერად მანაც აღარ ამოიღო ხმა. ძალიან ფრთხილი შეხება ვიგრძენი და შევკრთი... ჩემი ცრემლით დასველებული ხელი აიღო და გაუბედავად აკოცა.
- არც ერთ ცრემლს რომ არ ვიმსახურებ, რა ვუყო მაგ სიმართლეს?  - მხოლოდ ეს მითხრა და ჩამეხუტა. მთელი ძალით შემომხვია ხელები წელსა და ბეჭზე... თითქოს, არ უნდოდა სადმე გავეშვი. მე კი ვერ ვბედავდი შეხებას. მეგონა, როგორც კი შევეხებოდი, იმ წამსვე გაქრებოდა და ისევ მარტო დავრჩებოდი. მაგრამ მისი გახურებული ცხვირი რომ ვიგრძენი ყურთან, მივხვდი, რომ არსად გაქრებოდა და მთელი ძალით ჩავებღაუჭე.
- ვიცი, ისევ წახვალ და ისევ მარტო დამტოვებ! - ძლივს ამოვთქვი.
- მადლობა ღმერთს... - ხარბად ჩაისუნთქა ჩემი სურნელი. მერე სახეზეც შემომავლო თავისი დიდი, თეთრი, ლამაზი ხელები და ცრემლები შემიმშრალა, შუბლზე მაკოცა და ყელთან მიმიხუტა - სიგიჟემდე მომენატრე, ლიკა! ძალიან მომენატრე. - ჩემი გაყინული ხელები აიღო და თავისი პალტოს ჯიბეებში ჩაიწყო.
- იცოდე, მეორედ ასე აღარ მოიქცე.
- ღმერთო, როგორ არ ვცადე, არ შემყვარებოდი! ამიტომ ვიკარგებოდი...ვფიქრობდი, თუ არ გნახავდი და შენზე არ ვიფიქრებდი, ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ ვერ დაგთმე და შენს სიყვარულს ვერ გავექეცი! ამიტომ გადავწყვიტე აღარ მენახე, თუმცა ვერ შევძელი...ვერ გავძელი; თანახმა ვიყავი, ჭკუიდან გადავსულიყავი, ოღონდ სხვა კაცზე შეყვარებული ქალი არ შემყვარებოდა...მაგრამ... არ გამომივიდა. - ისევ ისე ვიდექით. თვალებ დახუჭული ვუსმენდი მის გულისცემას, მის ხმას, მის სიტყვებს და ვფიქრობდი, როგორ არ შემიყვარდა ეს კაცი? მართლა ძალიან მინდოდა მყვარებოდა, მაგრამ რატომღაც, ეს ჯერ კიდევ შეუძლებლად მიმაჩნდა. გიორგის გამო არა, უბრალოდ...არაფრის გამო...
- ჩემი სახელი თქვი... - მომესმა უცებ - გთხოვ, სულ ერთხელ დამიძახე...დემეტრეო, სულ ერთხელ მითხარი.
- დემეტრე! - ვიგრძენი, როგორ მომნატრებოდა ამ სიტყვის თქმა.
- მინდა მთელი ცხოვრება მხოლოდ შენგან მესმოდეს ჩემი სახელი - ინატრა - იმაზეც თანახმა ვარ, მთელი ღამე შენთან ერთად ვიდგე აქ, ჩახუტებული, თუნდაც გავიყინო!
- რომ გათენდება? მერე?
- იქამდე საკმარისი დროა... - მომიგო და გამიღიმა. არ ვიცოდი, რა დამერქმია ჩემი საქციელისთვის. ასე ახლოს როდიდან ვიყავით, თავს ამის უფლებას რომ ვაძლევდი?
- მგონი არ მაქვს უფლება, ასე ვიქცეოდე შენთან...ასე ახლოს ვიყო, როცა ჯერ კიდევ არ ვიცი, რას ვგრძნობ. - თვალები მის ყელში ჩავმალე და ყოველ ჩასუნთქვას მაქსიმალურად ვწელავდი, კარგად რომ შემეგრძნო მონატრებული სურნელი. ერთს ვამბობდი და მეორეს ვაკეთებდი.
- არ მაინტერესებს. ახლა ხომ ჩემთან ხარ? სხვა ყველაფერი ფეხებზე . - ესღა თქვა და გაჩუმდა.
- მგონი პირველად ვარ შენთან ასე მშვიდად... - მიგუგე თვალებდახუჭულმა და კიდევ უფრო მაგრად შემოვხვიე ხელები.
იმ წამს ზუსტად იმ კაცის მკლავებში ვგრძნობდი თავს კარგად, ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ დანახვაც რომ არ მინდოდა... რომელსაც სიტყვას არ ვარჩენდი და ყველა წვრილმანზე ვეკამათებოდი. იმ მომენტში კი მინდოდა, დრო გაჩერებულიყო და ის წამი სამუდამოდ გაგრძელებულიყო, მაგრამ რატომ? ნუთუ იმიტომ, რომ ამდენი ლოდინი საბოლოოდ დასრულდა და როგორც იქნა, ის ჩემ წინ იდგა?! ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც იქნა, ვნახე? რომ ის მოხდა, რაც ამდენი ხანი მინდოდა და მეორე დღეს იმ ბავშვს დავემსგავსებოდი, რომელსაც დიდი მოთხოვნისა და ვედრების შემდეგ ნანატრი სათამაშო უყიდეს? ნუთუ იმ ბავშვად ვიქცეოდი, რომელსაც ეგო დაუკმაყოფილეს და ის სათამაშო, რეალურად, არც არაფერში სჭირდებოდა? პასუხი ამაზე არ მქონდა. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცოდი, რომ თუ მართლა იმ ეგოიზმით გაბერილ ბავშვს დავემსგავსებოდი, დემეტრესთან დისტანციის დაცვა მომიწევდა. მეორეს მხრივ, ვფიქრობდი, რომ დემეტრეს ამდენი ხნით გაუჩინარებამ გამოაფხიზლა ჩემი გრძნობები და მისდამი მიჯაჭვულობაც სწორედ ამით აიხსნებოდა...მაგრამ იქნებ საერთოდ მეცოდებოდა? მეცოდებოდა, რადგან მასში საკუთარ თავს ვხედავდი. განა ცალმხრივი, უპასუხო სიყვარულით არ ვიტანჯებოდი ამდენი წლის განმავლობაში? თუმცა გიორგისადმი ჩემი ბავშვური გრძნობისთვის სიყვარულის დარქმევა, იმის კვალობაზე, დემეტრე ჩემდამი გრძნობას რომ აღწერდა, შემრცხვა. თამო მეუბნებოდა, რომ სიყვარული ბევრად სხვა რამ იყო იმასთან, რაც მე ვიცოდი და წარმომედგინა. თუმცა ასე რომ ყოფილიყო, მაშინ უსაფუძვლოდ უნდა მიმეჩნია ის აუტანელი მონატრება, რომელსაც მთელი ეს დრო აშკარად განვიცდიდი.
პასუხი არაფერზე მქონდა. მხოლოდ იმის თქმა შემეძლო, რომ დაფიქრება მჭირდებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent