მებაღე - თავი 27
დილა ისე დაიწყო, თითქოს წინა ღამით არაფერი მომხდარა. მილენამ მზის სხივების პირისპირ თვალები ნაზად გაახილა, ჭერს რამდენიმე წამი უყურა და ნელა წამოიმართა. სხეულში გასული ღამიდან გამოყოლილი დაძაბულობა ჯერ კიდევ იგრძნობოდა, მაგრამ სახეზე არაფერი ეტყობოდა - მშვიდი, თითქმის უგრძნობი გამომეტყველება ჰქონდა. მაგრამ გონებაში უკვე რაღაცაზე მუშაობდა. გეგმას არ ამჟღავნებდა ხმამაღლა, არც ემოციით - უფრო ცივი გათვლით. იოანეს ქცევები, მისი სუსტი თუ ძლიერი წერტილები, სახლის დინამიკა… ყველაფერი ერთ სურათად ეწყობოდა. და ამ სურათში მილენა უკვე აღარ იყო უბრალოდ დამკვირვებელი - ის მოთამაშე იყო, რომელიც ნელ-ნელა წესებს ეუფლებოდა. ხალათი შემოიცვა და სასაუზმოდ ჩავიდა, გაიფიქრა მარტო იქნებოდა თუმცა მივიდა თუ არა, იოანე იქ დახვდა. საქმიანად მოკალათებულიყო ლეპტოპის პირისპირ, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ რეალურად არაფერს კითხულობდა და სახეზე უჩვეულო დაძაბულობაც დაჰკრავდა. მილენამ თავი აიქნია და მშვიდად დაჯდა მაგიდასთან. იოანემ შენიშნა თუ არა ოდნავ შეიშმუშნა. -დილა მშვიდობისა. როგორ ხარ..? მგონი ფერმკრთალი ხარ.. მილენამ ოდნავ გაიღიმა, კოვზი აიღო და ისე უპასუხა, თითქოს ეს ჩვეულებრივი კითხვა ყოფილიყო: -მე ყოველთვის მკრთალი ვარ, იოანე. ასეთი კანი მაქვს.. მისი ტონი მსუბუქი იყო, თითქმის თბილი, რაც იოანესთვის ცოტა უცნაურადაც კი ჟღერდა. იოანემ ჩაახველა, თითქოს თემის გადატანა სცადა. -დღეს საღამოს მნიშვნელოვანი სტუმრები მოვლენ აქ. პატარა აღნიშვნასავით გვექნება. გაითვალისწინე. მილენამ მაშინვე ინტერესით შეხედა. -რას ამბობ? და რას აღვნიშნავთ? კოვზი გვერდზე გადადო და სტაფილო აიღო, თითქოს პასუხი მხოლოდ უმნიშვნელო დეტალი იყო. -ახალ პარტნიორობას. საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ ყურადღებით აკვირდებოდა მილენას რეაქციას. მილენამ ოდნავ თავი დაუქნია. -ააჰ… გასაგებია. კარგი. და ისევ ჭამა გააგრძელა, თითქოს ეს ინფორმაცია სულ არაფერს ნიშნავდა. იოანე რამდენიმე წამით უყურებდა, მერე ადგა. -საღამოს მოემზადე. მილენამ თავი ოდნავ ასწია. -რა თქმა უნდა. კარგ დღეს გისურვებ. -გმადლობ, შენც. იოანე წავიდა. კარის დახურვისთანავე მილენამ ჩანგალი დადო და ტელეფონი აიღო. ეკრანს რამდენიმე წამი უყურებდა, მერე სწრაფად დაწერა შეტყობინება მამამისთან - მოკლედ, ახალი ამბის შესახებ რომ ეცნობა. ტელეფონი მაგიდაზე დადო და ფორთოხლის წვენი ნელა მოსვა. -ესეიგი ახალი პარტნიორები… -ჩაილაპარაკა ჩუმად, თითქმის თავისთვის. თვალებში რაღაც ცივი ინტერესის მსგავსი გაევლო. *** დღის განმავლობაში მილენა ზედმეტად ჩვეულებრივად იქცეოდა. აერობიკას აკეთებდა, თითქოს სხეული უნდა დაემშვიდებინა, მაგრამ სინამდვილეში თავში ფიქრებს ალაგებდა. მერე რამდენიმე მძაფრსიუჟეტიან ფილმს უყურა შურისძიებაზე და ბრძოლებზე. ოთახებში შეუმჩნევლად მიმოდიოდა, და სახლის თითოეულ კუთხეს ისევ და ისევ აკვირდებოდა - ვინ სად გადიოდა, ვინ როდის იცვლიდა მორიგეობას, სად შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე საიდუმლო ან განსაკუთრებული. რამდენჯერმე ქერა გოგოც შენიშნა დერეფანში. მილენამ მხოლოდ ოდნავ გაუღიმა. -გამარჯობა, ანამარია, ისე.. ანა უფრო ხარ თუ მარია? რომელი დაგიძახო.. -მშვიდად ჰკითხა და კმაყოფილმა გაუცინა, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. გოგომაც გაუღიმა. -აჰ, ჰო, ყველა ასე იქცევა.. თქვენ როგორც გინდათ ისე მომმართეთ, მე პრობლემა არ მაქვს, მიჩვეული ვარ.. -კარგი, მარია.. ისე, ეს მაკიაჟი ძალიან გიხდება, დილიდანვე ბრწყინავ.. -მადლობა, მაგრამ თქვენ ყოველთვის განსაკუთრებულად ბრწყინავთ. -რას ამბობ? რა საყვარელი ხარ.. -ჩაიცინა მილენამ. "მგონი გულუბრყვილო გოგოა, ან ესეც კარგად თამაშობს."-გაიფიქრა და სანამ სიცილით გაეცლებოდა ერთი მზერა დაკვირვებით მოავლო. *** საღამოს, როცა სახლში ხმაური დაიწყო, მილენა გარდერობში იდგა. კარადაში დაკიდებულ კაბებს ინტერესით გადახედა. ერთი მოირგო, მეორე… ბოლოს ხელი ყველაზე განსხვავებულს დაავლო - ახალს, რომელიც აქამდე არ ჩაუცვამს. თვალშისაცემი, მაგრამ დახვეწილი იისფერი ქსოვილი მკვრივ სხეულზე მჭიდროდ, თუმცა ელეგანტურად მოეტმასნა. სარკეს მზერა ინტერესით მიაჩერა. თითქოს ვულგარულიც იყო, მაგრამ მილენა ასეთ ყურადღებას არ ითხოვდა - უბრალოდ იღებდა. -მგონი წავა რა… -ჩაილაპარაკა და საყვარელი სუნამო მიიპკურა. სარკის წინ დიდხანს არ დარჩენილა. სწრაფად მოემზადა და როცა ქვემოთ ხმაური უფრო გაძლიერდა, მშვიდად გავიდა ოთახიდან. კიბეზე ჩასვლისას უკვე ესმოდა მამაკაცების საუბარი, ჭიქების ხმა, მსუბუქი სიცილი. მისაღებში რამდენიმე უცხო მამაკაცი იდგა. ერთ-ერთი მაშინვე თვალში მოხვდა. ახალგაზრდა, სერიოზული, დასამახსივრებელი ნაკვთებით და ისეთი მზერით, რომელიც ზედაპირზე არ რჩებოდა და სიღრმეში იჭრებოდა. მილენამ წამით შეხედა და უკვე იგრძნო - ეს ადამიანი უბრალოდ სტუმარი არ იყო. იოანემ მისი გამოჩენა პირველივე წამში შენიშნა. მისი სახე ოდნავ გაიყინა. -რა აცვია… -გაიფიქრა და ბრაზით გამომეტყველება ოდნავ დაეძაბა. *** მილენა მათკენ მშვიდად წავიდა. გრაციოზულად, თავდაჯერებულად, ისე, თითქოს ეს მისი სივრცე იყო. -მოგესალმებით. მე მილენა აფხაზიშვილი ვარ. ხელი ყველას ნაზად ჩამოართვა, თვალებში უყურებდა, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. -ძალიან სასიამოვნოა. ერთმა შუახნის, სოლიდურად ჩაცმულმა კაცმა გაიღიმა. -იოანეს აშკარად კარგი გემოვნება აქვს. მილენას სახეზე წამით სიცივემ გადაჰკრა, მაგრამ მალევე გაუქრა. -არა, საერთო არ გვაქვს. -მშვიდად თქვა, -ანუ, მე მხოლოდ საქმიანი პარტნიორი ვარ. აქ ამიტომ ვარ. პაუზა. -გასაგებია, ბოდიში, -უპასუხა კაცმა. იოანემ ოდნავ საყელო გაისწორა, უხერხულად გაიღიმა, მაგრამ მზერა მილენას მაინც არ შორდებოდა. *** საღამო ნელა წამოიწყო. საუბრები, ბიზნესის განხილვა, მსუბუქი ხუმრობები - ყველაფერი კლასიკურ ფორმატში იყო. ამას ფონად გრამაფონიდან გაჟღერებული კლასიკური მელოდია ერთვოდა. მილენასთვის ეს სიტუაცია უფრო დაკვირვების პროცესს ჰგავდა. ვინ როგორ საუბრობდა. ვინ ვის უყურებდა. ვინ როდის ჩუმდებოდა. და სწორედ მაშინ ისევ მის ცხვირწინ ის - ახალგაზრდა მამაკაცი გაჩნდა. დამიანე. მილენასთან მივიდა ისე, თითქოს ეს უკვე გაცნობისმიერი პროცესის ბუნებრივი თანხვედრა იყო. -იმედია აქ არ მოგბეზრდა, -მშვიდად უთხრა და გაუღიმა. მილენამაც ოდნავ გაიღიმა. -ჯერ არა. და სწორედ აქედან მათი საუბარი ნელ-ნელა ჩამოშორდა საქმეს. *** დამიანესთან საუბარი ბუნებრივად მიმდინარეობდა. არც ძალდატანება იყო, არც ზედმეტი ფორმალობა. თითქოს მათგან ორი ადამიანი გამოირჩა, რომლებსაც ერთნაირი ენა ჰქონდათ - არა სიტყვებით, არამედ ინტონაციით და დამოკიდებულებით. იოანე ამას ოდნავ შორიდან ადევნებდა თვალს. თავიდან მშვიდად. მერე დაძაბულად. მერე უკვე აშკარად. როცა მილენა და დამიანე იცინოდნენ, იოანემ ჭიქა ოდნავ ძლიერად დადგა მაგიდაზე. გაიბზარა. პატარა ხმა, რომელიც თითქოს მხოლოდ მის გაღიზიანებას გამოხატავდა. *** დამიანემ ბოლოს ხელი გაუწოდა და თვალებში მოხიბლული ჩააშტერდა: -ვიცეკვოთ? მილენამ წამით გააპარა თვალი იოანეს მიმართულებით. და მერე მშვიდად, თითქმის ბუნებრივად უპასუხა: -რა თქმა უნდა. *** რამდენიმე წუთში ცეკვა უკვე აღარ ჰგავდა უბრალოდ მოძრაობას. ეს იყო სივრცე, სადაც მილენა პირველად რეალურად გრძნობდა ემოციურ კონტროლს - არა ძალით, არამედ ხელსაყრელი სიტუაციით. იოანეს მზერა მის ზურგზე იწვოდა. მაგრამ მილენა ამას აღარ ებრძოდა. პირიქით - იყენებდა. დამიანე გოგოსთან ოდნავ დაბლა დაიხარა: -შენ აქ ბევრად საინტერესო და ნამდვილი ხარ, ვიდრე ყველა და ყველაფერი სხვა. მილენამ ჩაიღიმა და მშვიდად უპასუხა: -იმიტომ, რომ აქ საუბრები იშვიათად არის რეალური. პაუზა. ორივემ ერთმანეთს კმაყოფილმა შეხედა და იმ წამს ორივესთვის ცხადი იყო - ეს საღამო აღარ იყო უბრალოდ შეხვედრა. არამედ ძალების ჩუმი გადანაწილება. და მილენამ პირველად ამ თამაშში გაიფიქრა არა შიშით, არამედ ინტერესით: "ახლა ვნახოთ, იოანე სადამდე გაძლებს.“ *** მილენა და დამიანე გვერდით ოთახში დივანზე ისხდნენ, დიალოგი უკვე ჩვეულებრივზე უფრო მსუბუქ ტონს იღებდა. დამიანე კვლავ ოდნავ მისკენ გადმოიხარა, რაღაცას გამალებით უხსნიდა, მილენაც მშვიდად უსმენდა, სახეზე ოდნავი ღიმილით. ეს იყო ის წამი, როცა იოანე ოთახში შემოვარდა. არ დაუკაკუნებია. მზერა პირველივე წამში დამიანეზე გაჩერდა. შემდეგ მილენაზე. წამში შეიცვალა გარემო. -აქ რა ხდება? -ხმა დაბალი ჰქონდა, მაგრამ საშიში სიმშვიდით სავსე. მილენამ თავი ასწია, ჯერ ვერ მოასწრო პასუხის გაცემა, როცა იოანე უკვე მასთან იყო. მკლავზე ხელი მოკიდა. -მოდი. -იოანე, ხელი გამიშვი -მშვიდად, მაგრამ ცივად უთხრა მილენამ. მაგრამ იოანემ პასუხი არ მოისმინა. უბრალოდ ძალით წამოაყენა და დერეფნისკენ წაიყვანა. დამიანე წამოდგა. -იოანე, ეს არ არის საჭირო… -გარეთ! -მკვეთრად მოუჭრა იოანემ, ისე რომ არც შეუხედავს. მილენამ ხელის გათავისუფლება სცადა, მაგრამ იოანემ უკვე საძინებლის კართან მიიყვანა და შიგნით შეიყვანა. კარი ხმაურიანად დაიხურა. საკეტი ხმა იყო. *** სივრცე უცებ ძალიან პატარა გახდა. მილენამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. -რას აკეთებ? -ხმა უკვე დაძაბული ჰქონდა. -მითხარი. იოანე რამდენიმე წამი უყურებდა, თითქოს საკუთარ თავს აკონტროლებდა, მერე ხმამაღლა ამოისუნთქა. -გოგო, საერთოდ ხვდები რას შვრები? -რას ვშვრები? -თვალებში სიბრაზე გაუკრთა მილენას. -შენ მე ძალით მომათრიე აქ! იოანე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. -დამიანე ჯაყელთან ასე რატომ იქცევი? -რა? როგორ? -მილენამ დაცინვით გაიღიმა. -ადამიანთან საუბარი აკრძალულია? თუ მხოლოდ შენნაირ იმბეცილთან უნდა მოვკვდე მოწყენილობისგან.. სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, როცა იოანემ მაჯაზე ხელი ძლიერად დაავლო. -ნუ მელაპარაკები ასე, შე შტერო გოგო. მილენამ მთელი ძალით სცადა მისგან ხელის გამოხსნა. -გამიშვი, შე მანიაკო. ვერაფერს დამიშლი. და იმ წამს, როცა დაძაბულობა უკვე პიკზე იყო, იოანემ კონტროლი დაკარგა - ხელი სახეში მკვეთრად გაარტყა. გოგონა ინერციისგან უკან გადავარდა და საწოლზე დაეცა, თვალებში შოკი და სიბრაზე ერთდროულად ჰქონდა. -რას აკეთებ… -ჩურჩულით წარმოთქვა და ამღვრეული თვალები მის ცივ სახეზე მიეყინა, ხმა უკვე თითქოს მთლიანად დაემსხვრა. იოანე რამდენიმე წამით გაჩერდა, თითქოს გააცნობიერა, მაგრამ მერე ისევ აგრესია დაბრუნდა მუქ თვალებში. -შენ არ იცი ვისთან თამაშობ. მილენამ სიცილი სცადა, მაგრამ მცდელობა უფრო ტკივილს ჰგავდა. -შენ კი საერთოდ აღარ იცი ვინ ხარ და რა გინდა.. ჩემგან.. -ფეხზე წამოიმართა და თვალი აარიდა. პაუზა. იოანე ახლოს იდგა, სუნთქვა არეული ჰქონდა, მაგრამ მისმა ხმამ დაბლა დაიწია: -არ მოგცემ უფლებას, რომ რეპუტაცია შემილახო ან რამე შეცვალო ჩემ ცხოვრებაში. მილენამ პირდაპირ თვალებში შეხედა. -მაშინ გამიშვი. არ მიყვარხარ, იოანე. არც შენი ცხოვრების ნაწილი მინდა ვიყო, ყველას შევიყვარებ მაგრამ შენ ვერ.. ამ სიტყვებმა თითქოს უფრო გააღიზიანა. თვალები ბრაზით აევსო, ხელი აწია და ამჯერად უფრო გამეტებით გაარტყა გოგოს. მილენა კვლავ საწოლზე დაეცა მოწყვეტით, ხელი სახეზე ნელა დაისვა, მკვეთრი ტკივილი და თითებზე თბილი სითხე იგრძნო. თითქოს საკუთარ თავს აკონტროლებდა. მერე ჩუმად, მაგრამ ძალიან მკაფიოდ თქვა: -მეზიზღები. იოანემ არაფერი უპასუხა. -მართლა მეზიზღები. პაუზა. -და ყველაზე ცუდი ისაა, რომ შენ ამას ვერ ხვდები. *** იოანემ რამდენიმე წამი უყურა და ოდნავ უფრო დაბალი, მაგრამ მკაცრი ტონით თქვა: -გეზიზღებოდე, ეს დროებითია. ჩემგან ვერ წახვალ.. ახლა კი ამ ოთახიდან არ გამოხვიდე, თან ძალიან გამომწვევად გაცვია. შეხედე.. -ხელით მის კაბას უხეშად დაეჯაჯგურა და სხეულზე ნახევრად შემოახსნა. -სანამ არ დავმშვიდდები თვალში არ გამეჩხირო იცოდე. მილენამ ცინიკური სიცილით შეანათა თვალები. -დამშვიდდები? შენ? მე საერთოდ არ გაინტერესებ არა? -ხელი სხეულზე მიიფარა და უნებლიედ ჩამოსცვივდა ცრემლები. -ასე უგრძნობად რომ მექცევი, იქნებ როგორ მტკენ.. იოანემ არაფერი უპასუხა. ორ წამში გავიდა და კარი გაიხურა. გოგომ იგრძნო საკეტი როგორ დაიკეტა, ამჯერად გარედან. ოთახში მარტო დარჩა. წამით არ დაჯდა. უბრალოდ იდგა. სუნთქავდა. და პირველად ამ ყველაფერში არ იყო მხოლოდ ბრაზი. იყო რაღაც უფრო ცივი. გათვლა. და ძალიან ჩუმი აზრი: "თუ ასე იქცევი, იოანე… მაშინ თამაშს შენ აღარ მართავ.“ *** მილენა წყლის ქვეშ ემოციებისგან იცლებოდა, თითქოს ცივი შხაპი ფიქრებსაც ჩამორეცხავდა, მაგრამ პირიქით - გონება უფრო გამძაფრებულად ამუშავდა. საწოლზე დაწვა, მაგრამ გრძნობდა დაძინება არ ეწერა. ჭერს მიაცქერდა. და ფიქრებმა კვლავ ერთ წერტილში მოიყარა თავი - იოანე. მისი სიტყვები. მისი ხელები. მისი გამუდმებითი ძალადობა და ზეწოლა. მისი დარწმუნებულობა, თითქოს ყველაფერი მის გარშემო უნდა ტრიალებდეს. მილენამ თვალები ოდნავ მოჭუტა. -ახლა ნამდვილად გაგანადგურებ, იოანე ჯაიანო… -ჩაილაპარაკა ძალიან ჩუმად. -არ შეგარჩენ ჩემს ამ მოპყრობას და დამცირებას. დამაცადე… რაც საჭიროა, გავაკეთებ, რომ დაგსაჯო. სიჩუმე. საკუთარ ხმასაც კი აღარ უსმენდა ბოლომდე - უკვე გეგმაში გადადიოდა. -თუ მორჩილებას ითხოვ, მიიღებ მორჩილებას, მაგრამ უჭკუობა გამორიცხე. *** და სწორედ მაშინ - კართან მსუბუქი ხმა გაისმა. ჩხაკუნი. მილენა მაშინვე გაინაბა და თვალები დახუჭა. სუნთქვა გაათანაბრა. მოძრაობა შეწყვიტა. „დაიძინე“, — საკუთარ თავს უბრძანა. საკეტი ნელა გადატრიალდა. კარი ფრთხილად გაიღო. ნაბიჯები შიგნით შემოვიდა. იოანე. არ ჩქარობდა. ისე დადიოდა, თითქოს ეშინოდა არ გაეღვიძებინა ის, ვინც უკვე აღარ ენდობოდა. მის თავთან გაჩერდა საწოლთან. მილენამ იგრძნო მისი მზერა. დაჟინებული. ხანგრძლივი. სიჩუმე ზედმეტად მძიმე გახდა. იოანე ნელა დაჯდა მის გვერდით. საწოლი ოდნავ ჩაიზნიქა. მისი ხელი წამით ჰაერში გაჩერდა. მერე ძალიან ფრთხილად მივიდა მილენას სახესთან. თითები ნაზად შეეხო ლოყაზე. მილენას სახე ოდნავ დაეჭიმა, მაგრამ არ გაინძრა. იოანემ ჩუმად ამოისუნთქა. -მაპატიე… -ბუტბუტით თქვა. პაუზა. ხმა უკვე უფრო გატეხილი ჰქონდა, ვიდრე მკაცრი. -მაპატიე… მერე საწოლზე მიუწვა. ძალიან ახლოს. მილენამ იგრძნო მისი სხეულის სიმძიმე, სითბო, და მძაფრი ალკოჰოლის სუნი, რომელიც კისერთან ჩამოჰყვა. იოანემ ხელი ნელა შემოხვია მუცელზე. ჩუმად. თითქოს დაუცველად. -მილენა… მაპატიე… -ისევ თქვა დაბალი ხმით. -შემიყვარე… გთხოვ… პაუზა. -თორემ… მოვკვდები… მხოლოდ შენ მჭირდები.. მილენას დაძაბულობისგან ნერწყვი გადასცდა და გული უსიამოვნოდ აუფრთხიალდა. იოანე ოდნავ უფრო ახლოს მიიწია. თავი მის კისერში ჩარგო. ტუჩები წამით შეეხო კანს - არა მკვეთრად, არამედ დაბნეული, ალკოჰოლით და ემოციით არეული მოძრაობით. მილენამ თვალები ისევ დახუჭა. სხეული დაძაბული ჰქონდა. გონება კი სრულიად ფხიზელი. ეს იყო ის მომენტი, როცა უკვე აღარ იყო მხოლოდ შიში ან სიძულვილი. იყო ინფორმაცია. და ახალი შესაძლებლობა. *** იოანეს სუნთქვა ნელ-ნელა დამძიმდა. ხმა აღარ ისმოდა. მხოლოდ გამალებული, არეული სუნთქვა, რაც მალევე ძილში გადაიზარდა, თუმცა არა მილენასთვის. იგრძნო თუ არა რომ ჩაეძინა მისი მოცილება სცადა თუმცა ვერ მოიცილა. გადაღლილმა ამოიხვნეშა და ფიქრს მიეცა.. *** მზე ნელა იღვიძებდა, ბაღში სველი მიწის სუნი იდგა და ჰაერში მსუბუქი სიგრილე ტრიალებდა. მილენას საძინებელში მარტო გაეღვიძა, ცოტა ხანს ცდილობდა განვლილი ღამე გაეაზრა და მთვრალი იოანე დაელანდა მის გვერდით, მერე იფიქრა, რომ იქნებ უბრალოდ მოეჩვენა, თავის დარწმუნებას შეეცადა რომ ასეც იყო. ადგა, გაემზადა და დაბლა ჩამოვიდა, მისაღებში ირგვლივ არავინ იყო. გარეთ მშვიდად გამოვიდა, თითქოს უბრალოდ გასეირნება და ფიქრების გაფანტვა უნდოდა - თმა უკან გადაიწია და გალავნის გასწვრივ ბილიკს გაუყვა. მაშინ მოესმა ყრუდ ხმები. დაძაბული, ჩახშობილი, მაგრამ აშკარად კამათის ტონი. გაჩერდა. ხმა იქვე ახლოდან მოდიოდა. ინსტინქტურად გადავიდა გვერდით და დიდი, ძველი ხის უკან მიიმალა. ფრთხილად გაიხედა. მოპირდაპირე მხარეს იოანე იდგა. მის წინ კი ანამარია. გოგოს სახე გაფითრებოდა, თვალები კი ჩაწითლებოდა, თითქოს მთელი ღამე არ ეძინა. თითები და სხეული ნერვიულად უკანკალებდა. იოანე კი ჩვეულებრივზე უფრო დაძაბული ჩანდა. ხელები ჯიბეებში ეწყო, მაგრამ ყბა ისე ჰქონდა დაჭიმული, რომ შორიდანაც ჩანდა. -რამდენ ხანს აპირებ კიდევ ამ ყველაფრის იგნორირებას? -ანამარიას ხმა ჩუმი იყო, მაგრამ აშკარად აღელვებული და მომტირალი. იოანემ ამოისუნთქა, თვალები აარიდა. -ანა, ახლა ამის დრო არ არის. -როდის იქნება ამის დრო, იოანე? -უცებ შეუტია. -როცა უკვე გვიანი იქნება? იოანემ თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს მოთმინებას კარგავდა. -ნუ ქმნი რა ამ დრამას. ანამარიას ტუჩები აუკანკალდა. -დრამას?! -მწარედ გაეცინა. -შენთან წლები გავატარე… წლები… და ახლა მეუბნები, რომ დრამას ვქმნი, არა? -ცრემლები აკანკალებული თითებით მკვეთრად მოიწმინდა. იოანემ მუქი სფეროებით წყლიან თვალებში შეხედა, მაგრამ მზერა ცივი ჰქონდა. -მე არ მითხოვია ეგ. ეს სიტყვები ანამარიას პირდაპირ გულში მოხვდა. მილენამ შორიდანაც იგრძნო, როგორ დაიძაბა გარემო. "ანუ დიდი ხანია ერთად არიან...", -გაიფიქრა და და მიყურადება გულდასმით განაგრძო. ანამარია ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. -მაშინ ახლა გთხოვ. -ხმა მოულოდნელად დაუწყნარდა. -ცოლად მომიყვანე. პაუზა. იოანემ რამდენიმე წამი უყურა. და შემდეგ ხმამაღლა გაეცინა. მოკლედ, ირონიულად. -ზედმეტს ითხოვ. სიჩუმე. შემდეგ - სილა. მკვეთრი, ხმაურიანი. იოანეს თავი წამიერად გვერდზე მიბრუნდა, მერე ნელა გაასწორა და ისევ შეხედა. თვალებში ამჯერად სიბრაზე გაუკრთა. -გონს მოდი. -მე უნდა მოვიდე გონზე?! -ანამარიას ხმა უკვე იმატებდა. -ბავშვს გიჩენ, შენთვის ყველაფერზე თვალს ვხუჭავ, ყველაფერს ვაკეთებ და მაინც მეუბნები, რომ ზედმეტს ვითხოვ?! იოანემ თვალები დახუჭა წამით, აშკარად გაღიზიანდა. მილენა ადგილს მიეყინა და თვალები ბოლომდე გაუფართოვდა, "იოანესგან ფეხმძიმედაა.. რა ნაგავი კაცია!". -ნუ იყენებ მაგ ბავშვს ჩემ წინააღმდეგ. -მაგ ბავშვს?! -ჩაეცინა ნერვიულად. -ეს შენი შვილია! პაუზა. იოანემ მზერა გაუსწორა. -მაინც არაფერი შეიცვლება. ანამარია გაშეშდა. -რას ნიშნავს… არაფერი შეიცვლება? იოანე ამჯერად პირდაპირ, დაუფარავად უყურებდა. -იმას ნიშნავს, რომ შენზე არ ვქორწინდები. სიჩუმე. ანამარიას თვალები გაუფართოვდა. -და ჩემზე თუ არა ვისზე აპირებ? -ხმა თითქმის ჩურჩულად ექცა. იოანემ ყბა დაჭიმა. მილენას სუნთქვა შეეკრა. -მილენაზე. ეს სიტყვა სივრცეში გაჩერდა. ანამარიას სახე წამში შეიცვალა - შოკი, წყენა, ბრაზი ერთად მოაწვა. -შენ გაგიჟდი? -ჩუმად თქვა. -ხომ თქვი რომ ის გოგო არ გიყვარს. იოანემ წამით არაფერი თქვა. მერე ძალიან მშვიდად, მაგრამ მკაფიოდ წარმოთქვა: -მიყვარს. მილენას გულმა უცნაურად დაუწყო ცემა. ანამარია გაიყინა. -რას… რას ამბობ? იოანე ახლოს მივიდა, ისე რომ მისი ხმა უკვე მძიმე და დაბალი გახდა. -ერთადერთი, ვინც მიყვარს - ის არის. პაუზა. -მილენა. ანამარიას თვალებში ცრემლები ჩადგა. -ტყუილია… -თავი გააქნია. -შენ უბრალოდ ვერ აკონტროლებ თავს მასთან… გატაცებაა. ეგ სიყვარული არ არის. იოანეს სახე გამკაცრდა. -შენ არ იცი რა არის. -მე არ ვიცი?! -ხმას აუწია. -მე წლებია შენს გვერდით ვარ! კარგად გიცნობ! იოანემ მკვეთრად მოუჭრა: -არა. შენ იცნობ იმას, ვინც შენთან იყო საჭირო ვყოფილიყავი. ეს სიტყვები უკვე საბოლოო იყო. ანამარია რამდენიმე წამით უყურებდა, მერე ჩუმად, ნაწილებად დაშლილი ხმით თქვა: -მე შენ მიყვარხარ… იოანემ თვალიც არ დაახამხამა. -ეგ შენი პრობლემაა. პაუზა. -ჩემი არა. ანამარიამ უკან დაიხია. სახე მთლიანად დაენგრა. მერე მოტრიალდა და სწრაფად წავიდა, თითქმის გარბოდა. *** იოანე ადგილზე დარჩა. ხელები ისევ ჯიბეში ჰქონდა, მაგრამ ამჯერად თითქოს ვერ პოულობდა ადგილს. მილენა კვლავ ხის უკან იდგა. უძრავად. და გონებაში ერთი აზრი უტრიალებდა: "რა ნაგავია... ამ გოგოსაც ისე იყენებს, როგორც ყველას.. მარტო მე არ მინგრევს ცხოვრებას..". *** საძინებელში სწრაფად არ შესულა - მშვიდად შევიდა. კარადა გააღო. არ ჩქარობდა. თითქოს შიგნით უკვე ყველაფერი დალაგებული ჰქონდა. რამდენიმე ნივთი აიღო, პატარა ჩანთაში ჩადო. არც ზედმეტი მოძრაობა, არც ემოციური ქაოსი. მხოლოდ საჭიროება. როცა კარისკენ წავიდა, უკვე იგრძნობოდა, რომ სახლი აღარ იყო „სახლი“ - უფრო ჩაკეტილი სივრცე, საიდანაც უბრალოდ გადიოდა. დერეფანში იოანეს შეეჩეხა. მკლავები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. -სად მიდიხარ? მილენამ გვერდი აუარა. -სახლში. იოანემ მკვეთრად შეაჩერა: -შენ უკვე სახლში ხარ. მილენა გაჩერდა. ნელა შემობრუნდა. -არა, -მშვიდად თქვა. -მე აქ ვიყავი. პაუზა. -ახლა აღარაა საჭირო აქ ვიყო. კარგად ვარ და მივდივარ. იოანეს თვალები გაუფართოვდა. -ეს ასე მარტივად არ მუშაობს. მილენამ ოდნავ ამოისუნთქა, თითქოს მოთმინება უკვე აღარ ჰქონდა დისკუსიისთვის. -შენთვის შეიძლება არა, -ჩუმად თქვა. -ჩემთვის -კი. და კარისკენ წავიდა. იოანე რამდენიმე წამით გაშეშდა, მერე უკან მიჰყვა. -მილენა! იგი არ შეჩერებულა. მხოლოდ ერთხელ, კარის წინ, ოდნავ შეანელა ნაბიჯი. და ისე, რომ არ შემობრუნებულა, თქვა: -თუ მართლა გინდა, რომ რაღაც იყოს ჩვენს შორის… მაშინ ჯერ ისწავლე, რომ ადამიანს არ იტოვებენ ძალით. და კარი გაიხურა. *** გარეთ ჰაერი უფრო მსუბუქი იყო. მილენამ პირველად ღრმად ჩაისუნთქა. ტაქსი გამოიძახა. და სანამ მანქანა მოვიდოდა, მხოლოდ ერთი რამ იფიქრა: "ახლა იწყება ნამდვილი თამაში.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


