შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობითი სიყვარული (თავი 12)


გუშინ, 16:25
ავტორი enola
ნანახია 49

ნინას დივანზე, მისაღებ ოთახში ჩასძინებოდა. პლედში ისე იყო გახვეული, რომ მხოლოდ მისი აჩეჩილი თმები და ცხვირის წვერი ჩანდა. მთელი ღამე ნერვიულობაში გაატარა, ყოველ ხმაურზე ეღვიძებოდა, მაგრამ დილისკენ დაღლილობამ მაინც თავისი ქნა და ღრმა ძილში გადაეშვა.

კიბეებზე მძიმე, მაგრამ ფრთხილი ნაბიჯების ხმა გაისმა. ბათუ ჩამოდიოდა. შავი მაისური ეცვა, სახეზე ღამის კვალი ისევ მკაფიოდ ეტყობოდა დალურჯებული წარბი და სიფერმკრთალე, თუმცა წუხანდელთან შედარებით ბევრად უფრო მყარად იდგა ფეხზე.

ის ნინასთან გაჩერდა. ცოტა ხანს უყურებდა მის მშვიდ სახეს. ბათუს მზერა, რომელიც სხვებისთვის ყოველთვის გამყინავი და მიუწვდომელი იყო, ახლა უცნაურად რბილი და მზრუნველი გამხდარიყო. მისთვის ნინა ახლა ყველაფერი იყო მისი სისუსტეც და ის ძალაც, რისთვისაც ბრძოლა ღირდა.

ბიჭი ნელა დაიხარა და ნინას შუბლზე სულ ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად აკოცა.
ნინა იმავე წამს შეშინებული წამოხტა. თვალები გააფართოვა, სუნთქვა აუჩქარდა და პლედი ინსტინქტურად მკერდზე მიიჭირა, თითქოს თავდასხმას ელოდა.

-ბათუ!-შესძახა შეკრთალმა. ბათუ მის წინ იდგა, ოდნავ ირონიული, მაგრამ საოცრად თბილი ღიმილით.

-მშვიდობაა, ნინა.-ჩაილაპარაკა ხრინწიანად.-ისე წამოხტი, გეგონება ვინმე შემოგეჭრა სახლში.-ნინამ როცა გააანალიზა, რომ მის წინ მხოლოდ ბათუ იდგა და საფრთხე არ არსებობდა, ნერვიულად გაიცინა. სახეზე სისხლი მოაწვა და ლოყები აუწითლდა.

-შემეშინდა... მეგონა ისევ რაღაც მოხდა.

-არაფერიც არ მომხდარა.-ბათუ დივნის კიდეზე ჩამოჯდა, რაც აშკარად ეტკინა, რადგან სახე დაემანჭა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.-უბრალოდ მინდოდა მენახა, ისევ აქ იყავი თუ გამეპარე.-ნინამ პლედი მოიშორა და ბიჭს მიუახლოვდა. ახლა, დილის შუქზე, ბათუ მართლაც ყველაზე მიმზიდველი და სანატრელი კაცი ეჩვენა მთელ დედამიწაზე თავისი ნაიარევებით, თავისი სიმკაცრით და იმ სითბოთი, რომელსაც მხოლოდ მას უზიარებდა.

-არსადაც არ გავპარულვარ!-თქვა ნინამ და ფრთხილად გადაუსვა ხელი მის დალურჯებულ ლოყაზე.-როგორ ხარ? ჭრილობა როგორ გაქვს?

-უკეთესად.-ბათუმ მისი ხელი დაიჭირა, აკოცა და თვალებში ჩახედა.-ახლა ყავა მჭიირდება და მერე... მერე საქმეს უნდა მივხედო.

-რას ვაპირებთ?-მრავლობითში ჰკითხა შავტუხამ.

-თ? შენ არაფერს, საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ.-მშვიდად გასცა პასუხი და მაგიდასთან დაჯდა, ნინამ ყავის აპარატში კაფსულები ჩააწყო და ღილაკს მიაჭირა.

-რა საფრთხე? მართლა ხომ არ მოკლავ?-აფორიაქდა გოგო.

-შეიძლება.

-მსგავს რამეს თუ ჩაიდენ დღესვე წავალ ამ სახლიდან და ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ, დაწყებული ვალის გადახდით და დამთავრებული შენით.-იმუქრებოდა ნინა. ბათუს გაეღიმა, ართობდა ცოლის 'სიმკაცრე'.

-ვაიმეე რა ჯიუტი ხარ. მომაწოდებ ყავას?-ნინა უკან შეტრიალდა და ჭიქა ბათუს დაუდო.

***
ნინა, ბათუ და უტა სანდროს მისაღებ ოთახში შეიკრიბნენ. გოგომ მაინც მოახერხა და ბათუ დაიყოლია, ახლა იჯდა სავარძლის კუთხეში, მუხლებზე ხელებმოხვეული და გაფაციცებით უსმენდა კაცების საუბარს. ოთახში დაძაბულობა ჰაერივით მძიმე იყო, მხოლოდ სიგარეტის კვამლი იკლაკნებოდა ჭერამდე.
სანდრო ფანჯარასთან იდგა, ზურგით მათკენ, და ქუჩას გადაჰყურებდა. ბოლოს ნელა შემობრუნდა, მაგიდას დაებჯინა და თავი გაიქნია.

-სამაგიეროს გადახდა არ ვარგა, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის.-დაასკვნა მან და მზერა ბათუს ჭრილობებზე შეაჩერა.-ვატომ წითელი ხაზი გადაკვეთა. თუ ახლა არ ვუპასუხებთ, ჩათვლის, რომ ყველაფერი შერჩა.

-ჰოდა, რას ვაპირებთ?-იკითხა უტამ. ის მოუსვენრად ათამაშებდა სანთებელას ხელში.-პირდაპირ მივუვარდეთ და სახე გადავუგლიჯოთ? თუ ღამით დავხვდეთ სადმე ჩიხში?-სანდრომ ჩაფიქრებულმა მოისრისა ნიკაპი.

-ერთი აზრი მაქვს... მის კლუბში პარასკევს დიდი მიღებაა. დაცვა ყოველთვის მოშვებულია უკანა შესასვლელთან, როცა მთავარ დარბაზში ხმაურია. შეგვიძლია ელექტროენერგია გავუთიშოთ, სიბნელეში შევიპაროთ და სანამ აზრზე მოვლენ, ვატო პირდაპირ კაბინეტიდან გამოვიყვანოთ. ზედმეტი ხმაურის გარეშე.-ბათუმ, რომელიც აქამდე დუმდა, ყბა დაეჭიმა და სანდროს ირონიულად შეხედა.

-სისულელეა.-მოუჭრა მან ცივად.-ეგ გეგმა მხოლოდ კინოებში მუშაობს, სანდრო. ვატოს კლუბში დაცვის სისტემა ავტონომიურ კვებაზეა. შუქს რომ ჩააქრობ, პირიქით, განგაშის სიგნალი ჩაირთვება და ყველა გასასვლელი დაიბლოკება.

-თანაც.-დაამატა უტამ.-ვატო პარასკეობით კლუბში საერთოდ არ ჩნდება. მხოლოდ თავის „ძაღლებს" უშვებს ხალხის გასაკონტროლებლად. ტყუილად ვიხეტიალებთ სიბნელეში და დაცვასთან მოგვიწევს ჭიდაობა.-ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა. სანდროს შემოთავაზებული ვარიანტი იმდენად დაუხვეწავი აღმოჩნდა, რომ ყველამ იგრძნო ვატო გაცილებით ფრთხილი იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ნინა ხედავდა, როგორ ეცვლებოდა ბათუს მზერა. ის აშკარად რაღაც სხვაზე, უფრო სახიფათოზე ფიქრობდა.

-რამე სასმელი ხომ არ მოგიტანოთ?-იკითხა ნინამ და ფეხზე წამოდგა. ოთახში დაგროვილი დაძაბულობისგან სუნთქვა უჭირდა, ამიტომ ეს პაუზა მისთვისაც გადარჩენა იყო.

-აუ, მიდი რა!-გამოცოცხლდა სანდრო.-ვისკი სამზარეულოშია, კარადაში. გამჭვირვალე კარადაში, დაინახავ.-ნინამ თავი დაუკრა და სამზარეულოსკენ გაემართა. უტაც მაშინვე წამოხტა.

-გამოტანაში მივეხმარები.-ჩაილაპარაკა მან და ნინას უკან გაჰყვა.

-უტა?-გაუკვირდა გოგოს, როცა სამზარეულოს ზღურბლს გადააბიჯეს და ბიჭმა კარი ოდნავ მიიხურა.

-ნინაჩკა, აბა, რა ხდება შენკენ ახალი?-უტა ხელებგადაჯვარედინებული მიეყუდა სამზარეულოს კუნძულს და ეშმაკურად შეხედა. ნინა წამით შეყოვნდა, მერე კი თბილად გაუღიმა.

-მადლობის გადახდა მინდა... შენი წყალობით ბათუს მეტად აღარ სტკენია. გუშინ რომ არა...

-რას ამბობ, რძალო?-გააწყვეტინა ბიჭმა და თვალი ჩაუკრა.-პირიქით, კიდევ კარგი დამირეკე. მე ის მაინტერესებს, თქვენკენ რა ხდება.-ნინამ იგრძნო, როგორ მოაწვა სახეზე სისხლი. სასწრაფოდ კარადას მიუბრუნდა, რომ შეწითლებული ლოყები დაემალა.

-ამმ, რა უნდა ხდებოდეს... არაფერი განსაკუთრებული.-იუარა მაშინვე.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, როცა ტელეფონი აწკრიალდა. ელენე იყო. ნინამ უპასუხა და მალევე გაირკვა, რომ დაქალი საღამოს მასთან მისვლას აპირებდა იმდენი ხანი იყო არ ენახათ ერთმანეთი, რომ გოგონა უკვე მოუთმენლობას ვერ მალავდა. ტელეფონი რომ გათიშა, ნინამ უტას ანიშნა, ჭიქები აეღო, თვითონ კი ვისკის ბოთლს მოჰკიდა ხელი.

-ელენიკო იყო?-იკითხა უტამ ისეთი ტონით, თითქოს სრულიად ჩვეულებრივ რამეს კითხულობდა.

-ჰო, იმდენი ხანია არ მინახ...-ნინა გასასვლელთან შედგა. ბოთლი იქვე, მაგიდაზე დადო და უტას მიუბრუნდა.-რა დაუძახე?

-ელენიკო..-დაბნეულმა გაიმეორა უტამ.
ნინას თვალები გაუფართოვდა, მერე კი სახეზე ისეთი ღიმილი გადაეფინა, რომ ყურებამდე გაიწელა.

-ახლა არ გავგიჟდე! ჩემი დაქალი მოგწონს?-პირდაპირ ჰკითხა და აღარც დაუმალავს სიხარული. თავში მაშინვე ის მომენტი ამოუტივტივდა, ელენეს ყვავილები რომ მიართვეს და ბარათში იგივე სახელი რომ
ეწერა.

-საიდან მიხვდი?-უფროს აბაშიძეს უარყოფა აღარც უცდია. ოდნავ შეიშმუშნა, მაგრამ თვალი არ აურიდებია.

-ბარათშიც „ელენიკო" ეწერა! ვაიმე, გავაფრენ!-ნინამ ლამის შეჰყვირა აღტაცებისგან.-უტა, შენ და ელენე? მართლა?-უტამ ჩუმად ჩაიცინა და თავი დახარა, რითაც ყველაფერი დაადასტურა. ნინა კი იდგა და გრძნობდა, როგორ შეიცვალა წუთიერად სამყაროს ფერები ამდენი სისხლისა და დაძაბულობის შემდეგ, ეს პატარა, თბილი საიდუმლო ნამდვილი შვებასავით იყო.

-მისმინე,-ჩასჩურჩულა ეშმაკური ღიმილით, -დღეს საღამოს ელენე ჩემთან მოდის.-უტამ ჭიქებიან ლანგარს ხელი ისე მოუჭირა, თითქოს ეშინოდა, არ დაცვენოდა. თვალები გაუფართოვდა.

-მერე?

-მერე ის, რომ შენც წამოდი. ბათუს გამოჰყევი, ვითომ საქმეზე... ან უბრალოდ შემოიარე. შემთხვევითობას დავაბრალოთ. ხომ გინდა, რომ ნახო?-ნინამ თვალი ჩაუკრა. უტას სახეზე დიდი სურვილი აღებეჭდა.

-ნინა, დარწმუნებული ხარ? რომ გაბრაზდეს? ან ბათუმ რომ რამე იეჭვოს?

-ბათუს მე მივხედავ.-დარწმუნებით უთხრა გოგომ, ბოთლს ხელი მოჰკიდა და გასასვლელისკენ წავიდა.-მთავარია, შენ არ დაიბნე და ისევ „ელენიკო" არ წამოგცდეს, თორემ ყველაფერი წყალში ჩაიყრება.-მისაღებ ოთახში დაბრუნდნენ. ბათუ უკვე მოუთმენლად იყურებოდა კარისკენ. როგორც კი ნინა დაინახა, მზერა დაუმძიმდა, თითქოს ცდილობდა მათი სახეებიდან ამოეკითხა, რაზე ლაპარაკობდნენ ასე დიდხანს.

-აი, სასმელიც.-თქვა ნინამ და ვისკი სანდროს წინ დადგა. თვითონ კი ისევ ბათუს გვერდით მოკალათდა.

-უტა, შენ რა გჭირს?-ჰკითხა სანდრომ, როცა ბიჭმა ჭიქები მაგიდაზე დააწყო.

-დავიღალე, ფეხზე ვდგავარ დილიდან.-მოკლედ მოუჭრა უტამ და სწრაფად დაჯდა სავარძელში. ბათუმ ნინას გადახედა. გოგო ისეთი მშვიდი და კმაყოფილი სახით იჯდა, რომ აშკარა იყო რაღაცას ხლართავდა. ბათუმ ხელი ნაზად მოხვია მხრებზე და თავისკენ მიიზიდა.

-რა ჩაიფიქრე?-ჰკითხა ჩურჩულით, ისე, რომ სხვებს არ გაეგონათ.

-არაფერი.-ნინამ უდანაშაულო თვალებით შეხედა.-უბრალოდ მინდა, რომ დღეს საღამოს ყველამ ცოტა დავისვენოთ. ელენე მოდის ჩვენთან და ვიფიქრე, იქ ხომ არ გავაგრძელოთ თათბირი?-ბათუმ წარბი ასწია. მას იდეა ეუცნაურა, მაგრამ ნინას თვალებში ისეთი ნაპერწკლები დაინახა, რომ მიხვდა, კამათს აზრი არ ჰქონდა.

***
საღამოს მისაღებ ოთახში სიმყუდროვე იდგა, რაც წინა ღამის ქაოსის შემდეგ ნინასთვის სრულიად უცხო იყო. ბათუმ ის სანდროსგან მალევე წამოიყვანა, სახლამდე მიაცილა და თვითონ ისევ უკან დაბრუნდა საქმე ბოლომდე ჰქონდათ მისაყვანი.
ელენე მალევე ესტუმრა. გოგონები დივანზე მოკალათდნენ და ბევრ რამეზეც მოასწრეს საუბარი.

-ნინა, ვერ დაიჯერებ, დღეს კართან ისევ დამხვდა...-თქვა ელენემ და თვალები გადაატრიალა, თუმცა მის ხმაში დაბნეულობასთან ერთად ინტერესიც იგრძნობოდა.-ისევ ის ყვავილები და ისევ ის ბარათი. უკვე მართლა მაინტერესებს ვინაა!-ნინა ტუჩზე იკბენდა, რომ არ გაცინებოდა. სიტყვაზე ეკიდებოდა, რომ ადრესატის ვინაობა არ წამოცდენოდა. უტას სახე გაახსენდა სამზარეულოში და ძლივს იკავებდა თავს, რომ დაქალისთვის სიმართლე არ მიეხალა.

-იქნებ ვინმე ნორმალურია?-სცადა ნიადაგის მოსინჯვა ნინამ, მაგრამ საუბარი კარზე ზარმა გააწყვეტინა. ნინა წამოდგა, კარი გააღო და მისაღებში სამი მამაკაცი შემოიჭრა, რომლებმაც ოთახში მაშინვე სულ სხვა ენერგია შემოიტანეს.

-ვაა, კრასავიცები!-ხელებგაშლილი შემოვიდა სანდრო და ელენესკენ გაემართა.
უტა "დასტოინად" შემოჰყვა უკან. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს აქ სრულიად შემთხვევით მოხვდა, თუმცა მისი მზერა წამიერად მაინც მიეყინა ელენეს, რომელიც ფეხზე წამოდგა მათ მისასალმებლად. ბათუ ბოლო შემოვიდა. მანაც გადაკოცნა ელენე და ნინას გვერდით დადგა. მისი სახე უკვე ბევრად უფრო მშვიდი იყო, ვიდრე დილით.

-აბა, რას შვებით? გეგმები ჩავაწყვეთ და გადავწყვიტეთ, რომ ცოტა დასვენება ჩვენც გვეკუთვნის!-თქვა სანდრომ და დივანზე კომფორტულად მოკალათდა.

უტა ელენეს მოპირდაპირე მხარეს დაჯდა, ისე, რომ პირდაპირი კონტაქტისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ მაინც ყველაფერს აკვირდებოდა. ნინა მათ შორის იჯდა და ჩუმად ტკბებოდა ამ სურათით.

მისაღებში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ მხოლოდ ჭიქებში ყინულის ნატეხების წკრიალი ისმოდა. ელენემ ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა, ბიჭებს თვალი შეავლო და პირდაპირ კითხვით გადავიდა საქმეზე.

-მომიყვა ნინა ყველაფერს.-თქვა მან მშვიდად.-მოიფიქრეთ რამე?-უტამ ვისკი მოსვა და ელენეს გახედა. მისი მზერა ახლა უფრო სერიოზული იყო, ვიდრე მანამდე.

-მოვიფიქრეთ, მაგრამ სამი თვე გვიწევს ლოდინი. ძალიან ჩახლართული ამბავია, კაროჩე.-აუხსნა ბიჭმა და ბათუს გადახედა, რომელიც დაძაბული იჯდა.-დრო გვჭირდება, რომ ვატოს ყველა გზა გადავუკეტოთ ისე, რომ ეჭვი არ აიღოს.

-თუ ნებას მომცემთ, მე გეტყვით რაღაცას.-წამოიწყო ნინამ. ყველამ მას შეხედა. ბათუმ წარბები შეკრა, თითქოს უკვე ხვდებოდა, რომ გოგონა რაღაც სახიფათოს აპირებდა. ნინამ ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა.

-ვფიქრობ, რომ უკვე წამოწყებულ ამბავში უნდა ავყვეთ. მე შემიძლია ისე ვქნა, ვითომ ბოლომდე ვენდე და ჩემს ქმარსაც კი წინ ვუდგები მისთვის.-ბათუს სახეზე წამიერად უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა, სიტყვა „ჩემს ქმარზე" რეაქცია ვერ დამალა, თუმცა წამში ისევ დასერიოზულდა. ნინას იდეა მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

-გამორიცხულია.-თქვა ბათუმ მოჭრით.-მაგ თამაშში შენ აღარ შეხვალ.

-მოიცა, ბათუ,-ჩაერია სანდრო და წინ გადაიხარა.-ცუდი იდეა მართლა არ არის. ვატო დარწმუნებულია, რომ ნინა მასზეა დამოკიდებული. თუ გოგო აჰყვება, ვატო დაცვას მოადუნებს. ეგ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

-მეც ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზაა.-დაამატა უტამ.-ასე სამი თვე კი არა, სამი კვირა არ დაგვჭირდება.-ბათუ გაბრაზებული წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ჯიუტობდა, არ უნდოდა ნინა ისევ იმ ნაძირალას სიახლოვეს ყოფილიყო. ნინა მიუახლოვდა, სცადა დაერწმუნებინა, რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო, მაგრამ ბათუ დუმდა. მისი სიმკაცრე კედელივით აღმართულიყო.

ამ დროს ელენე წამოდგა. ისე, რომ სხვებისთვის არაფერი აუხსნია, ბათუსთან მივიდა და რაღაც ჩასჩურჩულა. არავის გაუგია მისი სიტყვები, მაგრამ დაინახეს, როგორ გაუშეშდა ბათუს მზერა. რამდენიმე წამი ასე იდგნენ. ბოლოს ბათუმ მძიმედ ამოისუნთქა, ნინას გახედა და დაბალი ხმით ამოთქვა:

-კარგი.-ოთახში ყველამ შვებით ამოისუნთქა, თუმცა ბათუს სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ ეს დათმობა მისთვის ძალიან რთული იყო.

***
-რა უთხარი ეგეთი?-კარის ზღურბლთნ იდგნენ დაქალები. როგორ არ ეხვეწა ნინა ელენეს მასთან დარჩენილიყო, მაგრამ ვერაფრით ვერ დაითანხმა. ნინა დეიდამისზე ბრაზდებოდა, სახლში მისვლას რომ ავალდებულებდა შვილს, საბოლოოდ დანებდა და ახლა ცნობისმოყვარეობას ვერ იკავებდა შავტუხა.

-არ გეტყვი, ჩემი და სიძის საიდუმლოა.-ელენემ სახლის წინ გაჩერებულ მანქანას შეხედა თვალი.-გოგო ეს რა სიმპატიურია, ქორწილში საერთოდ ვერ შევნიშნე.-მანქანის საჭესთან უტა იჯდა, დაიჟინა ელენე მე უნდა წავიყვანო სახლშიო.

-ჩემი ქმრის ძმაა და!-თვალი ჩაუკრა. ელენემ უჩმიტა.

-ძაან ხომ არ გაგიტკბა შენ? ისე დიშვილი კარგი იქნებოდა..-ჩაილაპარაკა და მანქანისკენ წავიდა.

-გცეემ!-მიაძახა ნინამაც. ღიმილით შემობრუნდა და იქვე კედელზე მიყუდებული ბათუც დაინახა.

ბათუ კედელს იყო მიყუდებული, ცალი ხელი ჯიბეში ჩაეყო, მეორეში კი ვისკის ჭიქა ეჭირა, რომელშიც ყინული წკრიალებდა. ეტყობოდა, ბიჭებთან გატარებულმა საათებმა და რამდენიმე ჭიქამ თავისი ქნა, მისი მზერა აღარ იყო ისეთი გამჭოლი და ცივი, პირიქით, თვალებში რაღაც უცნაური, თბილი ნაპერწკლები უთამაშებდა.

-"ჩემი ქმრის ძმაო", არა?-ჩაილაპარაკა დაბალი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით და ნინასკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა.

ნინამ იგრძნო, როგორ აუხურდა ლოყები. ბათუ ასეთი „შემთვრალი" და ამავდროულად ასეთი სიმპატიური ჯერ არ ენახა. ყოველი მისი ნაბიჯი რაღაცნაირად თავდაჯერებული და მოზომილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სასმელი აშკარად მოეკიდა.

-ელენეს ვეხუმრებოდი, ხომ იცი, როგორი ენა აქვს...-დაიწყო თავის მართლება ნინამ და სცადა გვერდი აევლო, მაგრამ ბათუმ გზა გადაუღობა. ისე ახლოს დადგა, რომ ნინამ მისი ძვირადღირებული სუნამოსა და ვისკის მძაფრი სურნელი იგრძნო.

-მერე ვინ თქვა, რომ ხუმრობაა?-ბათუმ თავი ოდნავ გადახარა და ნინას თვალებში ჩახედა. მისი ღიმილი ახლა უფრო მეტად ფლირტს ჰგავდა, ვიდრე უბრალო ირონიას. -და დიშვილის ამბავიც მოვისმინე... ელენე შენზე მეტად ჩქარობს, როგორც ვატყობ.-
ნინას სუნთქვა შეეკრა. ბიჭის სიახლოვე და ეს მოულოდნელი პირდაპირობა აბნევდა.

-ბათუ, გეყოფა... მთვრალი ხარ.

-ცოტათი.-დაეთანხმა ის და ჭიქა იქვე, მაგიდაზე დადგა.-მაგრამ ზუსტად იმდენად, რომ სიმართლის თქმა არ გამიჭირდეს. იცი, რა ლამაზი ხარ, როცა წითლდები? მთელი საღამოა გიყურებ და ვფიქრობ, როგორ ახერხებ, რომ ასეთ ქაოსშიც კი ასეთი... უბრალო და თან ბრჭყვიალა იყო. ჩემი ციცინათელა ხარ.-მან ხელი ნელა ასწია და ნინას სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაუწია. მისი თითები საოცრად თბილი იყო და ნინამ იგრძნო, როგორ დაუარა სხეულში ჟრუანტელმა. ბათუს თვალებში აღარ იყო ის, რაც ყველას აშინებდა ახლა მის წინ უბრალოდ კაცი იდგა, რომელსაც თავისი ქალი აშკარად მოსწონდა.

-წამოდი, დავიძინოთ.-თქვა ნინამ ჩუმად, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა.

-მარტო?-ბათუმ წარბი ეშმაკურად ასწია და ისევ ისე ჩაიღიმა.-თუ ჩემი ცოლი მომხედავს და კიბეებზე ასვლაში დამეხმარება?-ნინამ ვეღარ გაუძლო და გაეღიმა. ბათუს ეს მხარე ცოტა თავხედი, მოფლირტავე და უშუალო მისთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო.

-კარგი, წამო, სანამ მართლა აქ ჩაგეძინა.-ხელი მოჰკიდა ნინამ და კიბეებისკენ წაიყვანა. ბათუ მორჩილად გაჰყვა, თუმცა გზაში ხელი მესაკუთრულად მოჰხვია წელზე და თავისკენ მიიზიდა.

ოთახთან რომ მივიდნენ, ნინა უცებ შეყოვნდა. მიხვდა, რომ იმ ოთახში, სადაც ბათუს ცალკე ეძინა, აქამდე ფეხი არ ჰქონდა შედგმული. ბათუმ ჯერ გოგონა შეუშვა წინ, ცოტა ბარბაცით, მაგრამ მაინც ჯენტლმენურად, მერე კი თვითონაც შეჰყვა და კარი ზურგსუკან მიხურა.

ნინამ წამში იგრძნო ბათუსთვის დამახასიათებელი სურნელი რაღაც ციტრუსის სიგრილე, ალკოჰოლის მძაფრი ნოტები და... პიტნა? ეს ნაზავი ისეთივე წინააღმდეგობრივი იყო, როგორც თვითონ ეს კაცი.

-ჩემთან არ დაწვები, ხო?-ბათუ საწოლზე ისე გადაწვა, პიჯაკიც კი არ გაუხდია. მკლავი შუბლზე გადაიდო და ნინას ცალი თვალით, ეშმაკურად ახედა. ნინა იქვე, გაღებულ კარს მიეყუდა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, რომ საკუთარი აფორიაქება დაემალა.

-ბათუ, ნუ ცანცარებ!-გაუცინა გოგომ, თუმცა გრძნობდა, როგორ უთამაშებდა მუხლები.-საერთოდ სხვაგან მივდიოდი, ჩემს ოთახში. შენ უბრალოდ ამოგაცილე, რომ კიბეებზე არ დაგორებულიყავი.

-ამომაცილე, რა ოფიციალურია.-ჩაილაპარაკა ბათუმ და წამოიწია. საწოლზე დაჯდა, იდაყვებით საწოლს დაეყრდნო და ნინას თვალი თვალში გაუყარა.-მოდი აქ.

-არა!-სასწრაფოდ იუარა.

-ნუ მიჯიუტდები.-ბათუმ ხელი წინ გაიწვდინა, თითქოს მის დაჭერას აპირებდაო.-გგონია, მართლა ასე ადვილად გაგიშვებ იმ ნაძირალასთან?-ნინა ერთ ადგილზე გაიყინა. ბათუს ხმაში სიმთვრალესთან ერთად რაღაც ისეთი სინაზე გაერია, რაც ნინასთვის სრულიად უცხო იყო. ბიჭი ფეხზე წამოდგა, ოდნავ ბარბაცით მივიდა მასთან და ორივე ხელით კარს დაეყრდნო, ისე, რომ ნინა მათ შორის მოაქცია.

-დღეს არ მინდა, რომ სხვა ოთახში იყო.-ამოიხრიალა მან და თავი ნინას ყელთან ახლოს მიიტანა. პიტნის და ვისკის სურნელმა გოგონას თავბრუ დაახვია.-უბრალოდ იყავი აქ. დავიძინოთ. არაფერს არ გთხოვ, გპირდები...-ნინამ იგრძნო, როგორ აებრაწა ლოყები. ბათუს მზერა ახლა იმდენად მიმზიდველი იყო, რომ უარის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, მაგრამ უფლებას ვერ აძლევდა საკუთარ თავს. იცოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სასმლისა და იმ დაგროვილი ადრენალინის ბრალი იყო, რამაც ბათუ ასე მოადუნა.

-ბათუ.-ნინამ ხელი ნაზად დაადო მის მკერდზე და ოდნავ მიაწვა, რომ მათ შორის დისტანცია შეექმნა.-ხვალ რომ გაიღვიძებ და მიხვდები, რა მითხარი, ორივე ძალიან უხერხულად ვიგრძნობთ თავს.-ბათუმ წარბი ასწია, მისი მზერა მაინც დაჟინებული რჩებოდა.

-გგონია, არ მეცოდინება, რას ვაკეთებ?

-მგონია, რომ ახლა ემოციები გმართავს და არა გონება.-უპასუხა ნინამ მტკიცედ, თუმცა ხმა ოდნავ აუკანკალდა.-დაიძინე. მე ჩემს ოთახში ვიქნები. თუ რამე დაგჭირდა... იცი, სად მიპოვო.-ნინამ ისარგებლა ბიჭის წამიერი დაბნეულობით, ხელი დაუსხლტა და კარისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა. ზღურბლთან შეჩერდა, უკან მიიხედა და დაინახა, როგორ ჩამოჯდა ბათუ საწოლზე, თავი ხელებში ჩარგო და მძიმედ ამოისუნთქა.

-ღამე მშვიდობისა, ბათუ.-ჩაილაპარაკა გოგომ და კარი ფრთხილად გამოიხურა.
საკუთარ ოთახში შესულს გული ისე უცემდა, თითქოს საათობით ერბინა. საწოლზე დაემხო და პლედი თავზე გადაიფარა. „რა ხდება ჩემს თავს?"- ფიქრობდა გოგონა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent