შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 29


დღეს, 00:08
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 89

-მილენა.
ამჯერად გაჩერება მოუხდა.
ნელა შებრუნდა.
იოანე რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა. აღარ ჰქონდა ის ძველი ქაოტური ენერგია - დინჯი იყო, თავშეკავებული. თვალები კი… უცნაურად მშვიდი ჰქონდა.
-გამარჯობა, -თქვა მან, შეფარული აღტაცებით აკვირდებოდა მის წინ მდგარ ქალს, თითქოს თვალებს ვერ უჯერებდა.
-გამარჯობა, -უპასუხა მილენამ იგივე ტონით, სახეზე უფრო უინტერესობა და გულგრილობა ეწერა.
პაუზა.
-მე... არ ველოდი აქ თუ გნახავდი. კონფერენციის მერე რამდენიმე წუთს დამითმობ? -პირდაპირ უთხრა იოანემ.
მილენამ მსუბუქად გაუღიმა, მაგრამ მზერა ცივი ჰქონდა.
-მაპატიე, არ მცალია.
უნდა წასულიყო, მაგრამ იოანემ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
-გთხოვ.
ეს სიტყვა არ ჰგავდა ძველ იოანეს.
მილენას თვალებში წამით ბრაზი და გაოცება ერთდროულად გაკრთა, თუმცა მაშინვე დამალა.
-კარგი, -თქვა ბოლოს მოკლედ, -რამდენიმე წუთი.

***

კონფერენციის დასრულების შემდეგ კაფეში დასხდნენ.
მილენა ფანჯარასთან დაჯდა, ზურგი სწორი ჰქონდა, ხელები ერთმანეთში ახლართული. იოანე შეკვეთას თავად შეუდგა.
რამდენიმე წუთში დაბრუნდა.
მის წინ ჭიქა ყავა დადგა.
-უშაქროა, -მშვიდად თქვა, -ვიცი, ასე გიყვარს.
მილენას რეაქცია არ გამოუხატავს.
-მადლობა.
ოდნავ მოსვა, თითქოს უბრალოდ გემოს ამოწმებდა.
იოანე მას გამჭოლი მზერით უყურებდა.
არ იმალებოდა.
-ძალიან შეცვლილხარ, -თქვა ბოლოს.
მილენას მზერა არ გაუსწორებია.
-ყველა იცვლება. -ჩაილაპარაკა სულ ერთიას ტონით და ზრდილობის გამო გაიღიმა.
-არა ასე. ძალიან ქალური გამხდარხარ. სულ სხვანაირი მახსოვხარ.. ასაკმა კიდევ უფრო დაგამშვენა.
ამჯერად მილენამ შეხედა გამჭოლად.
-ჰო, გავიზარდე. პატარა მეამიტი გოგონა აღარ ვარ.. ისე შენც შეცვლილი ჩანხარ..
იოანემ ოდნავ ჩაიცინა.
-ვეცადე.
პაუზა ჩამოვარდა.
გარედან მანქანების ხმა ყრუდ იგრძნობოდა, შიგნით - ჭიქების მსუბუქი კაკუნი იყო.
-ისე, როგორ ხარ? -ჰკითხა იოანემ თოთქოს სევდიანი ღიმილით.
მილენამ პატარა კოვზი ნელა დაატრიალა ყავაში.
-კარგად.
-მართლა?
-ჰო, მართლა. -მხრები აიჩეჩა.
პასუხი მოკლე იყო, თუმცა საკმარისი.
იოანემ თავი ოდნავ დახარა, მერე პირდაპირ თქვა:
-ახლა ორი ბიჭი მყავს.
მილენას ხელი წამით გაუჩერდა.
მხოლოდ წამით.
-კარგია, -თქვა მშვიდად.
-უკვე თითქმის დიდები არიან, ძალიან სწრაფად იზრდებიან.. ან მე მეჩვენენა ასე.
მილენამ თავი დაუქნია.
-შენ? -ჰკითხა იოანემ.
მილენამ ყავა მოსვა, თითქოს არ გაუგია.
-შენ როგორ ხარ? -გაიმეორა მან.
-გითხარი უკვე. -მშვიდად გაუღიმა.
-არა, ეგ პასუხი არაა. ხომ არ დაოჯახდი?
მილენამ თვალებში შეხედა.
-ჩემი ცხოვრება ჩემი საქმეა, იოანე.
პაუზა.
იოანემ არ შეწყვიტა ცნობისმოყვარე მზერა.
მაგრამ ამჯერად აღარ ჩაეძია.
-საქმეზე გადავალ, -თქვა ბოლოს, -თან.. ბევრი დრო არ გვაქვს.
მილენამ წარბი ოდნავ ასწია.
-გისმენ.
-შენს პროექტებს გავეცანი ურბანიზაციაზე. შთამბეჭდავია.
-მადლობა.
-ვიფიქრე… -მცირე პაუზა, -შეიძლება ამ საკითხზე ერთად გვემუშავა.
მილენა რამდენიმე წამით უბრალოდ გაშეშებული უყურებდა.
თითქოს სწორად ვერ გაიგო.
-რა მითხარი? მაპატიე..
იოანე მშვიდად აგრძელებდა:
-პარტნიორობაზე გელაპარაკები.
სიჩუმე.
მილენას თვალებში ჯერ გაოცება გაჩნდა მკაფიოდ.
შემდეგ…
სიცილი.
არა ხმამაღლა - მაგრამ გულწრფელად.
-სერიოზულად?
იოანეს სახე არ შეცვლილა, მაგრამ თვალებში რაღაც დაეძაბა.
-ჰო, სერიოზულად.
მილენამ თავი ოდნავ გააქნია.
-წლები გავიდა, -თქვა იოანემ, -ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ორივეს შეგვიძლია ერთმანეთის ნდობა. შენ პატარა აღარ ხარ და.. არც მე ვარ ძველი იოანე..
მილენა ისევ უყურებდა.
მერე ღიმილით თქვა:
-შენ მართლა ფიქრობ, რომ ეს ნორმალური წინადადებაა?
იოანე ჩუმად იყო.
-ჩვენ? პარტნიორები? -მილენამ მსუბუქად ჩაიცინა, -არა, იოანე.
და კვლავ ძალიან მშვიდად, დამარცვლით დააყოლა:
-არა.
პაუზა.
იოანეს გამომეტყველებაში პირველად გაჩნდა იმედგაცრუება.
ძალიან ხანმოკლე.
მაგრამ აშკარა.
-გასაგებია, -წარმოთქვა ჩუმად.
მილენამ გვერდზე დადებული ჩანთა აიღო.
-მადლობა ყავისთვის.
წამოდგომას აპირებდა, როცა იოანემ უცებ ხელზე ხელი დაადო.
არა ძლიერად.
მაგრამ საკმარისად, რომ არ განძრეულიყო.
მილენა გაიყინა.
მზერა ნელა დაუშვა მის ხელზე.
მერე მკაცრად შეხედა თვალებში.
-ნუ აკეთებ ამას. -თქვა ძალიან მშვიდად.
იოანემ ხელი მაშინვე გაუშვა.
მილენა წამოდგა.
-ბოდიში, -თქვა ფორმალურად, -უნდა წავიდე. მშვიდობით..
მაგიდას გაეცალა.
იოანემ დაჟინებული მზერა გააყოლა, მერე ღრმად ამოისუნთქა:
-ჯანდაბა!.. ნეტავ ჩემი იყო, მილენა..

***

მილენამ ნაბიჯს აუჩქარა და სწრაფად გავიდა კაფედან.
გული გამალებით უცემდა.
სუნთქვა არათანაბარი ჰქონდა.
რამდენიმე წამში გაჩერდა.
გარეთ ჰაერი გრილი იყო.
ღრმად ჩაისუნთქა.
ერთხელ,
მეორედ.
„თითქოს არაფერი შეცვლილა.." -გაიფიქრა.
მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ
ყველაფერი შეიცვალა.
და ეს იყო ყველაზე საშიში ნაწილი.


***

აეროპორტის ტერმინალი ხმაურით იყო სავსე - გამოცხადებების ხმა, ბარგის ბორბლების ჭრიალი, ხალხის ჩქარი ნაბიჯები. მილენა ფანჯარასთან იდგა, და ფრენების დაფას უყურებდა, მაგრამ რეალურად არაფერს კითხულობდა.
ხელში ბილეთი ეჭირა.
დაბრუნებას აპირებდა.
სუნთქვა შენელდა, როცა ზურგს უკან უცხო ხმა გაისმა:
-მილენა…
უცნაურად გააჟრჟოლა.
თითები ოდნავ მოსჭიდა ბილეთს.
არ შებრუნებულა მაშინვე.
თითქოს დრო მისცა საკუთარ თავს - რომ არ აფეთქებულიყო.
მერე ნელა მოტრიალდა.
შუა ხნის ქალი რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა მისგან. ქურთუკი ნახევრად მოცილებული ჰქონდა, თითქოს სიჩქარისგან გასძვრაო. თვალები დაღლილი, მაგრამ მტკიცე.
მილენამ პირდაპირ შეხედა.
-აქ რას აკეთებ?
ხმა მშვიდი იყო. ზედმეტად მშვიდი.
მარინემ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
-არ უნდა წახვიდე ასე.
მილენამ ირონიულად ჩაიცინა.
-ასე როგორ?
-ჩემთან საუბრის გარეშე.
პაუზა.
მილენამ თავი ოდნავ დახარა.
-გვიან მოხვედი.
მარინემ ტუჩები დააჭირა ერთმანეთს.
-ვიცი.
-არა, არ იცი. -ამჯერად თვალებში პირდაპირ შეხედა. -შენ საერთოდ არ იცი რა არის გვიან.
სიჩუმე.
გარშემო ხალხი მოძრაობდა, მაგრამ მათ შორის თითქოს ყველაფერი გაჩერდა.
მარინემ ღრმად ჩაისუნთქა.
-ერთხელ მაინც მომისმინე.
-რამდენჯერ უნდა მოგისმინო? -მშვიდად ჰკითხა მილენამ. -მთელი ბავშვობა გელოდებოდი.
ეს სიტყვა - „გელოდებოდი“ - მათ შორის გაიყინა.
მარინეს თვალები აუწყლიანდა.
-მაშინ ვერ მოვედი.
-აღარ თქვა ეგ. -მკვეთრად შეაწყვეტინა მილენამ. -უკვე მოსმენილი მაქვს.
პაუზა.
მარინემ ხმა დაიმშვიდა.
-ახლა მოვედი.
მილენამ უცებ გაუღიმა.
ცინიკურად.
-მართლა? -ნელა წარმოთქვა. -ახლა? როცა უკვე აღარ მჭირდები?
მარინემ თავი გააქნია.
-არ არის ასე.
-ზუსტად ასეა.
მილენამ ნაბიჯი მიუახლოვა.
ახლა ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგნენ.
-როცა ბავშვი ხარ და გტკივა, სწორად მაშინ გჭირდება დედა. -თქვა ძალიან ჩუმად. -და არა მაშინ, როცა უკვე ისწავლე როგორ იცხოვრო მის გარეშე. როცა ჯოჯოხეთად დაგიჯდა სხვისი შეცდომები.. ეს უპატიებელია..
მარინეს სუნთქვა აუჩქარდა.
-მე არ მინდოდა შენი დატოვება…
-მაგრამ დამტოვე. -მშვიდად მოუჭრა მილენამ.
პაუზა.
მილენამ თვალები არ აარიდა.
-და ყველაზე ცუდი იცი რა არის?
მარინე ჩუმად ელოდა.
-რომ მაინც მოხვედი ჩემამდე.
ეს სიტყვები თითქოს ორივესთვის მძიმე იყო.
მარინემ ძლივს ამოისუნთქა.
-იმიტომ რომ მე შენი დედა ვარ.
მილენას თვალებში რაღაც გაკრთა.
ბრაზი.
ტკივილი.
-არ ხარ. -თქვა ძალიან წყნარად.
სიჩუმე.
მარინეს სახე წამში დაეძაბა.
-ეს არ შეიცვლება. როგორც არ უნდა გამამტყუნო, მე დედაშენი ვარ..
-შეიცვლება. -ამჯერად მილენას ხმა გამკაცრდა. -ყველაფერი იცვლება, როცა ადამიანი კავშირს წყვეტს.
მარინემ ხელი ოდნავ ასწია, თითქოს შეხება უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა.
-მილუშკა…
-ნუ მეძახი ასე. -უკან დაიხია მილენამ. -ნუ მეძახი ისე, თითქოს გქონდეს ამის უფლება.
რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებდნენ.
მარინემ ბოლოს ძლივს ამოთქვა:
-შენს დაცვას ვცდილობდი.
მილენამ წამიერად თვალები დახუჭა.
მერე ისევ გაახილა, თითქოს ემოციის დამალვას ცდილობდა.
-და სად იყავი, როცა არავინ მიცავდა?
პასუხი არ მოვიდა.
და ეს იყო ყველაზე მტკივნეული.
აეროპორტის ხმები ისევ დაუბრუნდა სივრცეს.
მილენამ ბილეთს დახედა.
მერე ისევ მარინეს.
-მე აღარ ვარ ის საწყალი ახალშობილი, რომელიც კართან ბედის ანაბარა მიატოვე.
მისი ხმა ახლა მშვიდი იყო.
მძიმე, მაგრამ მაინც მშვიდი.
-და შენ აღარ ხარ ის ადამიანი, ვისაც მთელი ბავშვობა ველოდებოდი.
მარინეს თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა.
-შანსი მაინც მომეცი…
მილენამ თავი ნელა გააქნია.
-შანსი იყო წლები, რომლებიც ფეხებზე დაიკიდე და გადათელე. ახლა რა შანსს ითხოვ? ნუ მაცინებ..
პაუზა.
-ახლა კი კარგად..
შებრუნდა.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
მარინემ უკანიდან დაუძახა:
-მაინც მიყვარხარ!
მილენა გაჩერდა.
არ მობრუნებულა.
რამდენიმე წამი ასე დაყო.
მერე ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა:
-სიყვარული არ არის საკმარისი.
და წავიდა.
მარინე დარჩა.
ხალხის ნაკადში.
მარტო.
და პირველად, ალბათ მართლა მიხვდა - რა დაკარგა.

***


საღამო ისე ჩამოწვა, თითქოს ჰაერი უფრო იშვიათი ხდებოდა, ვიდრე მზის სინათლე.
ჯაიანების სახლი ხმაურს მოეცვა.
ორი პატარა ბიჭი მისაღებ ოთახში იდგა, წინ სათამაშოები ეწყოთ. არ ლაპარაკობდნენ. არც თამაშობდნენ. მხოლოდ აუტანელ და უკვე შეგუებულ ხმაურს ისმენდნენ.
მაღლა ოთახიდან ჯერ დაბალი ხმა ისმოდა - ხმადაჭიმული, სიძულვილით სავსე სიტყვები, რომლებიც თითქოს ჯერ კიდევ ცდილობდნენ გაჩუმებას.
მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა.
-ყოველთვის ასე იქცევი! -ქალის ხმა უკვე დამსხვრეული იყო, მაგრამ მკვეთრი.
პასუხი არ გაისმა. ჯერ სიჩუმე იყო, რომელიც უფრო საშიში ჩანდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა.
მერე კაცის ხმა - დაბალი, მძიმე:
-საკმარისია.
და იმ ერთმა სიტყვამ თითქოს ყველაფერი გაამძაფრა.
ქალის ხმამ აიწია, სწრაფად, ემოციურად, აღარ იყო დამორჩილებული:
-არა! არ არის საკმარისი, იოანე! შენ უბრალოდ გგონია, რომ შეგიძლია ყველაფერი წიგნივით დახურო და წახვიდე! ასე არ არის, გესმის? არ მოგცემ
უფლებას ოდესმე მიმატოვო!..
სკამი გაიწია. იატაკზე რაღაცის სწრაფი გადაადგილების ხმა გაისმა. ბიჭები ერთდროულად შეკრთნენ.
უმცროსმა ბიჭმა სუნთქვა შეიკავა.
მეორემ ხელი სავარძელს ჩასჭიდა.
ყვირილის ხმა უფრო იზრდებოდა.
-ნუ ყვირი! შენზე გული მერევა, გესმის? -კაცის ხმა უკვე მკაცრი იყო, მაგრამ დაძაბული და ზიზღით სავსე.
-მე? მე გირევ გულს, იოანე? შენ გამო რას არ ვაკეთებ, ვთამაშობ ვითომ ბედნიერი ვარ.. შენგან კი მხოლოდ ზიზღს ვიღებ. ყოველთვის ყველაფერს ანგრევ! მაგრამ ოჯახს ვერ დაანგრევ, გესმის?! -ქალის ხმა აღარ ჰგავდა საუბარს. ეს უკვე აფეთქება იყო.
მერე იყო მოძრაობა. სწრაფი და მძაფრი. კედელთან შეჯახების ხმა. ძირს რაღაც მოწყვეტით დაეცა. ტკივილიანი შეძახილი გაისმა და თითქოს მთელ სახლში ექო გამოსცა.
ბიჭებს არაფერი დაუნახავთ. მაგრამ ყველაფერი ისე აშკარად ესმოდათ, თითქოს თვალწინ ხდებოდა.
მცირე სიჩუმე ჩამოწვა - ის საშიში ტიპის სიჩუმე, რომელიც მხოლოდ მაშინ დგება, როცა ემოცია ფიზიკურ ზღვარს სცდება.
მერე ისევ კაცის ხმა:
-შეჩერდი.
ერთი სიტყვა, რომელიც თხოვნა არ იყო.
და ქალის ჩუმი, ყრუ კივილი, მერე ხმამაღალი გულამოსკვნილი ტირილი და განუწყვეტელი დარტყმის ხმა.
-ახლა ისწავლი ჭკუას! მძულხართქო რით ვერ გაიგე! შენი დედა!..
ბიჭებიდან უმცროსმა ყურებზე ხელები აიფარა და ჩუმად ჩაიჩურჩულა:
-მეშინია..
უფროსმა ძმამ ხელი უფრო მაგრად მოუჭირა.
-ჩუმად იყავი… იქნებ გაჩერდნენ…
მაგრამ სიმშვიდე არ მოსულა.
შეძახილები კიდევ ისმოდა - არა მკაფიოდ, არამედ დაქუცმაცებულად, ემოციის ნარჩენები ირჩეოდა, უწმაწური, შეურაცხმყოფელი მიმართვები რომლებიც უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.
ცოტა ხანში კარი ძლიერად გაიღო.
ბავშვებმა შიშით ახედეს. პირველი ქალი გამოვიდა. თმა ბოლომდე აძენძილი ჰქონდა, სახე დაწითლებული და სისხლიანი, თვალებში არა მხოლოდ ბრაზი ან ტკივილი - არამედ დაღლილობა იკითხებოდა, რომელიც უკვე დიდი ხანია მის სულში და სხეულში დაგროვილიყო.
სწრაფად, მაგრამ არასტაბილურად მოძრაობდა, თითქოს ცდილობდა ბოლომდე არ დაშლილიყო.
შემდეგ კაცი მოყვა უკან. გაქვავებული, მკაცრი მზერით. სახეზე დაძაბულობა და რისხვა ეხატა, რომელიც მცდელობის მიუხედავად აღარ იმალებოდა.
ბავშვებისკენ არც კი გაუხედავთ მაშინვე. თითქოს ორივეს ეშინოდა იმ რეალობის, რომელიც იქ იდგა.
სიჩუმე ჩამოწვა.
არა მშვიდი სიჩუმე - არამედ ისეთი, რომელიც აფეთქების შემდეგ რჩება.
პატარა ბიჭები სავარძელში გატრუნულები ისხდნენ.
უმცროსს თვალები ფართოდ გაეხილა, თითქოს ჯერ კიდევ ცდილობდა გაეგო, რაც მოხდა, მაგრამ აზრებად ვერ აწყობდა.
უფროსი უბრალოდ სევდიანად ადევნებდა თვალს.
კაცმა ბოლოს მათ გასაგონად დაიძახა, დაბალი ხმით:
-ოთახში შედით და დაიძინეთ.
მაგრამ არც ერთს ეძინებოდა.
ქალი ოთახიდან შორს იდგა, ხელები და სხეული ოდნავ უკანკალებდა. თითქოს საკუთარ თავთან ბრძოლას აგრძელებდა, რომელიც უკვე დიდი ხნის დაწყებულიყო.
კაცი კი სხვა მხარეს იდგა - თითქოს ემოციურად საერთოდ გასული იყო იმ სივრციდან.
და ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი რამ დარჩა: განცდა, რომ სახლში უსაფრთხოება აღარ იყო მუდმივი, არამედ მხოლოდ დროებითი პაუზა მომდევნო აფეთქებამდე.



№1 სტუმარი სტუმარი ნანიკო

როგორ გამახარე.იოანე არის გამოუსწორებელი.ხვალ კიდე დაგელოდები.ყოჩაღ🫶🏻

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent