ჩემპიონი
მანქანით უკვე რამდენჯერმე სცადეს ტყიდან გამოსვლა, მაგრამ რაც არ უნდა ეცადათ, ისევ იმავე ადგილებში ბრუნდებოდნენ. გზები ერთმანეთს ჰგავდა, თითქოს ლაბირინთში მოხვდნენ, საიდანაც გასასვლელი საერთოდ არ არსებობდა. - ამ გზაზე უკვე იყავი! თან ორჯერ! ახლა ამ ჩიხში წადი! - გაღიზიანებული ტონით უთხრა მარიამმა, ირაკლიმ მოთმინებით ჩაისუნთქა. - სხვათა შორის შენი ბრალია ასე რომ მოხდა! ვიღაც ფერმერს მოვდევდით მთელი გზა!! - გამიყვანე აქედან როგორმე! დამთავრდა ქორწილი! წადი იმ ჩიხში, იქნებ სადმე გავიდეთ მოსახლეობაში! - ღმერთო… მოთმინება მომეცი… - ჩაილაპარაკა ირაკლიმ და სხვა გზაზე შეუხვია, მაგრამ იქ კიდევ უფრო უღრანი ტყე დახვდათ..ხეები უფრო ხშირი ხდებოდა. - მაგარია… აქამდე თუ წრეზე დავდიოდით, ახლა საერთოდ წრეც გაქრა - ირაკლიმ ძრავი გამორთო. - რას აკეთებ? - მარიამ, უკვე ერთი საათია წინ და უკან დავდივართ… ასე ბენზინიც დაგვეცლება და საერთოდ ვერ გავალთ აქედან. იქნებ ვინმემ გაიაროს… - აქ ვინ მოვა მანქანით?! - კარი გაბრაზებულმა გააღო - გადმოდი! დამსვი საჭესთან, მე ვნახავ გზას! - როგორც კი ძირს დააბიჯა ქუსლმა უმტყუნა..მიწა ჩაეშალა ფეხქვეშ და შემდეგ - აააააააა!! - მთლიანად ტალახიან ლაფში ჩავარდა, ირაკლი მაშინვე გადავიდა, ტელეფონის შუქი მიანათა, მის წინ მარიამი თავიდან ფეხებამდე ტალახში იყო ამოსვრილი..კაბა - გაფუჭებული, ფეხსაცმელი ჩაძირული და თან ქუსლმოტეხილი..თმა არეული..რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა და… გაეღიმა, ნამდვილი, გულწრფელი ღიმილით. - რას დგახარ!! დამეხმარე!!! - მარიამი ყვიროდა და უკვე ტირილიც ერეოდა ხმაში - ღმერთო… ჩემი კაბა… ჩემი ფეხსაცმელი… ირაკლიმ თავი გააქნია. - მოიცადე ერთი წუთი… - მანქანიდან სველი სალფეთქები გამოიტანა და მის წინ ჩაიმუხლა, ორივემ ერთდროულად დაიწყო ტალახის მოშორება..პირველად ფეხებზე..ირაკლის ხელი ფრთხილად შეეხო მის კანზე და იმ წამს რაღაც შეიცვალა..იგრძნო როგორ დაეძაბა სხეული, როგორ აუჩქარდა სუნთქვა, მარიამის კანი ცივი იყო, თითები უნებლიეთ უფრო ნელა მოძრაობდა, თითქოს დროს წელავდა, თითქოს არ უნდოდა ეს მომენტი დასრულებულიყო.. მარიამი კანკალებდა სიცივისგან…თუ რაღაც სხვასგან - თავადაც ვერ ხვდებოდა..შემდეგ ხელებზე გადავიდა, მის მაჯებს შეეხო, ნელა წმენდდა ტალახს და ამ დროს უკვე ერთმანეთს უყურებდნენ პირდაპირ, უახლოესი მანძილიდან..მარიამის სხეულში უცნაურმა ჟრუანტელმა გაიარა..უცნობმა, მძაფრმა, საშიშმა ჟრუანტელმა..ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რაც აქამდე არასდროს ჰქონია..ირაკლის ძარღვებში თითქოს გაყინული სისხლი ნელნელა გალღვა.. - მორჩა?.. - ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ჰკითხა მარიამმა, ირაკლიმ არ უპასუხა მაშინვე მის სახეს უყურებდა. - სახეზეც გაქვს ცოტა… - ნელა მიუახლოვდა, ძალიან ახლოს, მისი თითებს ნაზად შეეხო მარიამის ლოყას, მოაშორა ტალახი, შემდეგ ცხვირს და გაჩერდა..მარიამის თვალებს დააკვირდა. მწვანე…მაგრამ უბრალო მწვანე არა, ღრმა, როგორც ტყის ჩრდილი წვიმის შემდეგ..ან როგორც სველი ხავსი, რომელიც მზის სხივს ძლივს ატარებს..ამ წამს ეს თვალები აღარ იყო იმ ამაყი, ცეცხლოვანი მზერით როგორც სჩვეოდა ხოლმე, სხვანაირი იყო..დაბნეული, ოდნავ მორიდებული, თითქოს რაღაცას მალავდა. მარიამს თვალის გასწორება გაუჭირდა, თვალი აარიდა.. - აი აქაც დამრჩა… - კოჭისკენ მიუთითა. ირაკლიმ წარბი ასწია, ისევ ის მკაცრი, ცივი გამომეტყველება დაუბრუნდა,სველი სალფეთქი ხელში მიაჩეჩა. - შენით გაიწმინდე! მე შენი მონა არ ვარ! - თავის ადგილზე დაჯდა, საჭესთან, თითქოს არაფერი მომხდარა… თუმცა ტუჩის კუთხეში მაინც ეღიმებოდა. - უჟმური! - ჩაილაპარაკა მარიამმა, ტალახი ძლივს მოიშორა, მერე ფეხსაცმელები გაიხადა და გაბრაზებულმა გადაყარა ტყეში. - აქედან რომც გავიდეთ… ასე მაინც ვერ მივალ ქორწილში… - კანკალებდა.. სიცივე ნელ-ნელა ძვლებში ატანდა, ირაკლიმ გვერდულად გადმოხედა. დიდხანს უყურებდა, თითქოს რაღაცას წყვეტდა საკუთარ თავში. - გცივა? - მარიამმა ჩუმად დაუქნია თავი, ირაკლიმ ღრმად ჩაისუნთქა, მერე უხმოდ გაიხადა პიჯაკი და გაუწოდა. მარიამმა შეხედა, წამით გაოცდა… მაგრამ მაინც აიღო. შემოიცვა.. პიჯაკი იმდენად დიდი იყო, მთლიანად გაეხვია შიგნით, მისი სითბო თითქოს პირდაპირ კანში ჩაეღვარა..რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.. - ძალიან ნუ იჯავრებ… მაინც არ გიხდებოდა. - რა?! - გაოცდა მარიამი. - ძალიან ვულგარული კაბა იყო..საშინლად არ გიხდებოდა - მარიამს გაეცინა. - როგორც ჩანს აღმოსავლეთის გავლენა შენზე იგრძნობა… ეტყობა კოჭებამდე კაბას და ჩადრით მოსიარულე ქალების ჩაცმულობა მოგწონს! - ცნობისთვის გეტყვი… საუდის არაბეთში ჩადრის ტარება სავალდებულო აღარ არის. ეს უკვე ქალის არჩევანია. - არ მაინტერესებს შენი არაბეთი და აღმოსავლეთი! რამე მოიფიქრე და გამიყვანე აქედან! - მეტად სად წავიდე? გზის პირას ვართ! ისევ ტყეში ხომ არ შევალ? ჭირვეულო ბავშვო! თავიდანვე ასეთი იყავი… მამიკოს განებივრებული პრინცესა! - შენ კი უხეში, უზრდელი და უვიცი ხარ! ქალთან ლაპარაკიც არ იცი! მხოლოდ ჩხუბი და მუშტების ქნევა გგონია კაცობა?!-ირაკლის თვალები უცებ გამკაცრდა. - ჩემს კაცობას ნუ ეხები. მე შენთან ყოველთვის ლოიალური ვიყავი… მაგრამ როგორც ჭკუა, ეტყობა მეხსიერებაც ხანმოკლე გაქვს! - იყავი კი… სწორად თქვი.. ახლა სულ სხვა ადამიანი ხარ! - სიჩუმე ჩამოვარდა, ირაკლიმ აღარ გაუგრძელა საუბარი.. მარიამმა ბავშვივით, ჩუმად, მოწყენით ჩაილაპარაკა: - ძალიან მშია… დილიდან არაფერი მიჭამია - ხელები გადაიჯვარედინა, ტუჩები დაბრიცა… და უცებ თვალები გაუბრწყინდა. - მგონი ჩანთაში შოკოლადი მაქვს! - ჩანთას ხარბად დასწვდა, რაღაცებში იქექებოდა… ბოლოს შოკოლადი ამოიღო. სახე უცებ გაუნათდა, თითქოს ყველაზე ძვირფასი რამ იპოვა, ირაკლი ჩუმად უყურებდა… და უნებლიეთ გაეღიმა. ეს ბავშვური სიხარული მასში რაღაცას არღვევდა. მარიამმა სწრაფად გახსნა შოკოლადი, უნდა ჩაეკბიჩა… მაგრამ უცებ შეჩერდა, ირაკლის გახედა..შოკოლადი გაუწოდა. - აიღე… ჭამე.. - ირაკლი გაშეშდა, მის თვალწინ ისევ ის დღე გაჩნდა… პატარა მარიამი… მარწყვით სავსე თეფში… მისი ღიმილი… და შემდეგ ყველაფერი, რაც დაენგრა..სისხლი თითქოს ისევ გაეყინა, თავი გვერდზე გაიწია. - არ მინდა! - ხმაში სიმკაცრე ჩაუდგა… თვალებში ტკივილმა გაურბინა.. - მიდი, ჭამე… ნუ გერიდება. - არ მინდა მეთქი! - ამჯერად უფრო მკვეთრად უთხრა, თან შემოტრიალდა და თვალებში ჩახედა. - რომ მომწამლო… მერე რა ვქნა? - უთხრა დაბალი ხმით, მარიამი გაშეშდა, სახე უცებ გაუფითრდა… თვალები გაუფართოვდა, თითქოს ისარი გულში მოარტყეს.. თითქოს დანაშაულზე წაისწრეს..სუნთქვა აუჩქარდა. - რას ბოდავ?.. - მის ხმაში სიმძიმე იგრძნობოდა, ირაკლიმ უცებ ჩაიცინა. - ვხუმრობ… ისეთი სახე მიიღე, თითქოს მართლა მწამლავდი - მარიამმა თვალები დახარა. - ესეიგი არ გინდა? - არა. - ძალიან კარგი… სულ მე შევჭამ!- შოკოლადს ერთი ამოსუნთქვით შეექცა, რამდენიმე წამში თითქმის ნახევარი გააქრო..ირაკლი ისევ უყურებდა. - დაბმული იყავი? - არა… უბრალოდ მთელი დღე არაფერი მიჭამია!.. - უცებ ისევ ბავშვს დაემსგავსა, მოულოდნელად წინ გაიხედა და შეხტა. - ნახე! ვარსკვლავი ვარდება! სწრაფად, სურვილი ჩაიფიქრე! - თვალები დახუჭა, სერიოზულად, გულით..რამდენიმე წამი ისე იჯდა… თითქოს მთელი სამყაროსთვის რაღაცას სთხოვდა, შემდეგ თვალები გაახილა და ირაკლის გახედა. - ჩაიფიქრე? - კი. - რა? - ის… რომ რაც შეიძლება მალე გავაღწიოთ აქედან და მომწყდე თავიდან - მარიამმა ტუჩი მოიკვნიტა. - რა ცუდი ხარ… - ირაკლიმ მხრები აიჩეჩა. - შენ კი პატარა ბავშვი ხარ. საერთოდ არ გაზრდილხარ. - ვითომ რატომ? - ბავშვობაშიც ასე იდექი… და ვარსკვლავებს უყურებდი - მარიამს გაეღიმა, ამჯერად მშვიდად.. - მიყვარს ვარსკვლავები… საათობით რომ ვუყურო, არ მომწყინდება… - ზეცას ახედა, ტყის სიჩუმეში ცა საოცრად ნათლად ანათებდა. - ნახე… კიდევ ჩამოვარდა… - მის ხმაში ისეთი აღტაცება იყო… ისეთი სუფთა, ბავშვური სიხარული… რომ ირაკლიმ ვეღარ გაუძლო გაეღიმა, მერე ჩაახველა, თითქოს საკუთარ თავს დაუბრუნდა… და მზერა გზისკენ გადაიტანა, ასევე თემა შეცვალა.. - მამაშენი რატომ მოატყუე? - როდის? - როცა მიშკაზე თქვი… ის ბიჭი შენი შეყვარებული არ არის? - მარიამმა მზერა აარიდა, თითები ერთმანეთში გადახლართა. - არა, არ არის… მე მასთან ყველაფერი დავასრულე. - და მაშინ რატომ მოგიტაცა? - მარიამმა მხრები აიჩეჩა, თითქოს მარტივი პასუხი იყო, თუმცა ხმაში მცირე დაძაბულობა შეეპარა. - იმიტომ რომ ავადმყოფია… იეჭვიანა - წამით გაჩერდა… მერე თითქოს უნებლიეთ დაამატა: - თანაც შენზე იეჭვიანა… წარმოგიდგენია?- თავადვე გაეცინა, მაგრამ სიცილი უცებ შეწყვიტა. მიხვდა, რომ ზედმეტი თქვა, ირაკლიმ წარბები შეკრა, ნელა მიუბრუნდა. მისი ცისფერი თვალები ამჯერად აღარ იყო ისეთი ცივი დაბნეულობამ და რაღაც უფრო სხვამ გაიელვა მათში.. - ვერ გავიგე… მე რა შუაში ვარ? - არაფერი… დაივიწყე. - მიპასუხე! - მისკენ გადაიხარა, ძალიან ახლოს. ისე, რომ მარიამს თვალებით მიაჩერდა, თითქოს პასუხი ძალით უნდა ამოეღო..მარიამს ყელი გაუშრა.. - მან… ჩემი ნახატი ნახა… სადაც შენ დაგხატე - ირაკლის ტუჩის კუთხე ოდნავ აუთამაშდა. - მე? - ჰო..მაგრამ არ იფიქრო რამე ისე! - სწრაფად დაამატა მარიამმა - იმიტომ დაგხატე, რომ მინდოდა ძველი ირაკლის სახე დამეხატა… იმ ირაკლისი, რომელსაც პატივს ვცემდი და ბავშვურად მიყვარდა.. - ბოლო სიტყვა თითქოს ძლივს ამოილაპარაკა.. - ანუ როგორც იმ ავადმყოფმა იფიქრა, ისე არ იფიქრო - სწრაფად ლაპარაკობდა, ზედმეტად სწრაფად, თითქოს თავის მართლებას ცდილობდა, ირაკლი აღარ უსმენდა სიტყვებს, მის ტუჩებს უყურებდა. როგორ მოძრაობდნენ… როგორ ჩქარა წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას, როგორ ემჩნეოდა ნერვიულობა..ნელა მიუახლოვდა კიდევ, მარიამი თვალებში ვერ უყურებდა, მზერას არიდებდა, მაგრამ გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა, ჰაერი თითქოს დამძიმდა. - რას აკეთებ? - ჩუმად იკითხა ბოლოს. - ტუჩთან შოკოლადი გაქვს მოცხებული - ირაკლიმ თითი ნელა მიადო მის ტუჩს, ძალიან ფრთხილად მოწმინდა, ის ერთი შეხებაც საკმარისი აღმოჩნდა, მარიამს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ირაკლი არ მოშორებია..პირიქით კიდევ უფრო მიუახლოვდა..მანძილი თითქმის აღარ არსებობდა, მარიამმა თვალები დახარა, ვეღარ უძლებდა მის მზერას.. ირაკლის ცისფერი თვალები თითქოს წვავდა…რაღაც პირდაპირ შიგნიდან ეწვოდა..სუნთქვა აუჩქარდა..წამით თვალები დახუჭა, უცნაურ მოლოდინში, კოცნას ელოდებოდა, მაგრამ… მოულოდნელად ძლიერი სინათლე მიენათა ორივეს სახეს - მანქანის ფარები.. უცებ, სიბნელეში გაჩენილი უცხო მანქანა პირდაპირ მათკენ მოდიოდა, ორივე ერთდროულად გამოფხიზლდა..ირაკლი მაშინვე გასწორდა, მარიამმაც თვალები გაახილა, მომენტი დაიშალა..ჰაერში მაინც დარჩა ის დაუმთავრებელი დაძაბულობა… რომელიც ორივემ ერთდროულად იგრძნო.. ირაკლიმ უცხო მანქანა გააჩერა და ფანჯარა ჩამოსწია. - მეგობარო, ტყეში დავიკარგეთ… გზას ხომ ვერ გვასწავლი როგორ გავიდეთ აქედან? - მძღოლმა მათ გადმოხედა. - საით მიდიხართ? - თბილისისკენ როგორ წავიდეთ? - თბილისში რა გვინდა?! – უცებ წამოიძახა მარიამმა - ირაკლიმ მისკენ მკაცრად გაიხედა. - ასე აპირებ ქორწილში მისვლას? დამაცადე! - მალევე მთავარ ტრასაზე გავიდნენ, მანქანა თბილისისკენ დაძრა. მარიამი სავარძელში ჩამჯდარი, სველი, პიჯაკში გახვეული, ფანჯარაში იყურებოდა. - რა აზრი აქვს… აწი დამთავრდება ქორწილი… სალონებიც დაკეტილი იქნება… კაბის ყიდვას… ამ ყველაფერს მაინც ვერ მოვასწრებ - ირაკლიმ მშვიდად უპასუხა: - ყველაფერს მოასწრებ. მისწერე ანის, რომ მაქსიმუმ ორ საათში ვიქნებით. - რანაირად? - მისწერე, რასაც გეუბნები. დიღმის ან გლდანის მხარეს ვნახავთ რამე სალონს. ცენტრში ვერ ჩავალთ, მაგრამ მოვასწრებთ. - ხუმრობ ხომ? - საერთოდ არა - მარიამმა თვალები დახარა. - არ მინდა საერთოდ ქორწილში წასვლა… ყველა მე დამცინებს… - არავინ დაგცინებს, დამშვიდდი - მის ხმაში ამჯერად უხეშობა არ იყო, მარიამი ჩაფიქრებული ჩუმად იჯდა. ირაკლიმ მანქანა დიღმის შესასვლელთან გააჩერა. ერთ პატარა, მაგრამ ჯერ კიდევ განათებულ სალონს მოჰკრა თვალი. იქვე ახლოს ტანსაცმლის მაღაზიაც მუშაობდა. - მოვედით - მარიამმა შეხედა. - არა… აქ ვერ შევალ. გამორიცხულია! - მაშინ სახლში წაგიყვან - მარიამი შეყოყმანდა. - მაგრამ ანი - რამდენიმე წამი დუმდა, მერე ამოისუნთქა. - კარგი… ვერ ჩავამწარებ დღევანდელ დღეს - კარის გაღება დააპირა… და უცებ გაჩერდა - ფეხსაცმელიც არ მაქვს - ირაკლიმ თვალები აატრიალა. - ღმერთო… მოსიარულე პრობლემა ხარ! - გადმოვიდა მანქანიდან, მის მხარეს მივიდა, კარი გაუღო… და სანამ მარიამი რამეს იტყოდა ხელში აიტაცა ჰაეროვანი ბუმბულივით.. - როგორც ჩანს, შენი ხელში ტარება სასჯელად მაქვს მოვლენილი!- ბურდღუნებდა, მარიამმა ინსტინქტურად შემოხვია ხელები კისერზე..სიცივისგან გათოშილ სხეულს მისი სითბო მოედო, ჩუმად ეცინებოდა, ახლოდან უყურებდა ირაკლის სახეს, მკვეთრ ნაკვთებს, დაჭიმულ ყბას..სალონში რომ შევიდნენ, ყველა მათ მიაჩერდა., ირაკლიმ მარიამი ფრთხილად ჩამოსვა. - ძალიან გთხოვთ, ეს გოგონა მოაწესრიგეთ მაქსიმუმ ნახევარ საათში, მე კაბას მოვიტან.. - მარიამმა თვალები დააწვრილა. - შენ რა იცი როგორი კაბა უნდა მომიტანო? - ირაკლიმ შეუხედავად უპასუხა: - ვიცი - შემოტრიალდა და სწრაფი, თავდაჯერებული ნაბიჯებით გავიდა, სალონის თანამშრომლებმა თვალი გააყოლეს..ერთ-ერთმა ჩუმად ჩაილაპარაკა:ასეთი კაცი ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვს…მარიამმა პიჯაკი მოიხსნა, სარკეში ჩაიხედა ჯერ ისევ ტალახის კვალით, ოდნავ არეული თმით… და თავისთვის ჩაიცინა. - ვნახოთ… რას მოიტანს მისტერ უჟმური.. ირაკლი სწრაფი ნაბიჯებით შევარდა პირველივე მაღაზიაში, რომელიც თვალში მოხვდა. ადგილი დიდად არ გამოირჩეოდა, არც ბრენდული იყო, არც ძვირადღირებული, მაგრამ თაროებზე ჩამოკიდებული კაბები მაინც რაღაც გემოვნებას ასხივებდა. თვალებს სწრაფად აცეცებდა, ხელით ეხებოდა ქსოვილებს, თითქოს მხოლოდ ვიზუალურად კი არა, შეხებითაც არჩევდა. -" არა… ეს ზედმეტად მოკლეა… ეს ძალიან გადამეტებული… ეს საერთოდ მარიამი არაა" - ფიქრობდა თავისთვის, მოულოდნელად თვალი ერთ კაბაზე გაუჩერდა.. სტაფილოსფერი იყო.. განსაკუთრებული ქსოვილი ჰქონდა, მსუბუქი, ოდნავ მბზინავი, ხელში აიღო… თითებში გაატარა… და წამით გაჩერდა.. ამ ფერს უცნაური სითბო ჰქონდა, ცოცხალი იყო.. ისეთივე გამომწვევი და ამავე დროს ნაზი, როგორიც… მარიამი. წამში წარმოიდგინა ამ კაბაში გამოწყობილი..კაბა გრძელი იყო, იატაკამდე ჩამოშვებული, მაგრამ გვერდზე მაღალ ჭრილს ატარებდა, რომელიც მოძრაობისას ფეხს ლამაზად აჩენდა. ზედა ნაწილი ხაზს უსვამდა მის ფორმებს, მაგრამ ზედმეტად ვულგარული არ იყო უფრო მაცდური.. ზურგი ღრმად ამოღებული ჰქონდა, თხელი თასმებით, რაც კანს თითქმის სრულად აჩენდა.. ირაკლის ტუჩებზე შეუმჩნევლად გაეპარა ღიმილი.. - „ეს ზუსტად მისთვის იქნება…“ - კაბა აიღო, სწრაფად გადახედა ზომას და კართან გაჩერებულ კონსულტანტს დაუძახა: - ფეხსაცმელიც მჭირდება… შესაბამისი - რამდენიმე წუთში უკვე სალონში დაბრუნდა, კარი გააღო და კაბა მარიამს გაუწოდა. - გიყიდე… შეგიძლია ეს ჩაიცვა - მარიამმა გაოცებულმა დახედა ფეხსაცმელი? - ფეხსაცმელიც აქაა - კაბა გაშალა და წარბები შეკრა. - ეს რა არის? ძალიან გრძელია! თან რა ფერია?! - ირაკლიმ მშვიდად შეხედა, მაგრამ ტონში სიმკაცრე იგრძნობოდა. - ჩაიცვი.. ამაზე უკეთესს ვერაფერს ჩაიცმევ.. მიდი, ბევრი დრო არ გვაქვს… გარეთ დაგელოდები - შემოტრიალდა და გავიდა, მარიამმა უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა: - ბარემ მართლა ჩადრი მოეტანა! იდიოტი!-მაგრამ მაინც ჩაიცვა..ქსოვილი სხეულზე რომ დაედო… თვითონაც გაჩერდა წამით..კაბა თითქოს მისთვის იყო შეკერილი.. ქსოვილი მკერდს ნაზად აყალიბებდა, ხოლო გრძელი ჭრილი ყოველ ნაბიჯზე მის ფეხს ელეგანტურად აჩენდა. ფერი… საოცრად უხდებოდა, მის კანს უფრო თბილს ხდიდა, თვალებს უფრო გამოკვეთილს..სარკეში საკუთარ თავს შეხედა… და უნებურად გაჩერდა. სალონის თანამშრომლები ერთმანეთს გადახედეს ღიმილით. - ეს ფერი საოცრად გიხდებათ… - უთხრა ერთ-ერთმა, მეორემ დაამატა: - თქვენი შეყვარებული ნამდვილად კარგად გიცნობთ - მარიამმა ღიმილით გააქნია თავი. - ჩემი შეყვარებული არ არის. - მაპატიეთ… მეგონა წყვილი იყავით… - მარიამმა არაფერი უპასუხა, უბრალოდ კიდევ ერთხელ შეხედა საკუთარ თავს სარკეში… და მერე კარი გააღო..გარეთ ირაკლი მანქანასთან იდგა, როცა მარიამი გამოჩნდა სტაფილოსფერი გრძელი კაბით, რომელიც მის სხეულს იდეალურად ერგებოდა და ყოველ ნაბიჯზე მსუბუქად ირხეოდა.. მარიამი ნელი, დარწმუნებული ნაბიჯებით წავიდა მისკენ… თითქოს თითოეული ნაბიჯი წინასწარ გათვლილი ჰქონდა. კაბა მსუბუქად ირხეოდა მის სხეულზე, ჭრილიდან მოჩენილი ფეხი კი ყოველ მოძრაობაზე უფრო ამძაფრებდა მის სილამაზეს. ირაკლი კაპოტს იყო მიყრდნობილი, მაგრამ თვალს ვერ აშორებდა, მიუახლოვდა.. მარიამმა თვალებში პირდაპირ, გამომწვევად ჩახედა… ტუჩებზე კმაყოფილი, ოდნავ მაცდური ღიმილი გადაეკრა. - აბა როგორია? - ირაკლიმ პასუხი არ იჩქარა, თავიდან ბოლომდე შეათვალიერა… ნელა… ყურადღებით… თითქოს პირველად ხედავდა. მზერა კაბის ხაზებს გაჰყვა, მის სხეულზე როგორ ჯდებოდა, როგორ მოძრაობდა… შემდეგ ისევ მის თვალებში დაბრუნდა..კაპოტს მოსცილდა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახლოს..ძალიან ახლოს. მის მზერაში რაღაც შეიცვალა - ის ცივი, ირონიული ირაკლი თითქოს წამით გაქრა… მის ადგილას კი რაღაც უფრო ღრმა, უფრო ბნელი და ამავე დროს მომხიბვლელი გაჩნდა. თავადაც გრძნობდა, რომ მარიამი უკვე უბრალოდ “მტრის შვილი” აღარ იყო მისთვის, მაგრამ ამ აზრს ბოლომდე მაინც არ უშვებდა. პირიქით თითქოს გადაწყვიტა, ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა..ნელა გაუწოდა ხელი, თმაზე შეეხო, მაღლა აწეული ვარცხნილობა ერთ მოძრაობაში დაუშალა, ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად..მარიამის თმა მაშინვე თავისუფლად ჩამოიშალა..გრძელი, სწორი, მუქი შოკოლადისფერი.. რბილად დაეშვა მის მხრებზე და ზურგზე, კაბის ამოღებულ ნაწილზე გადმოიფინა, თითქოს სპეციალურად ამ კაბისთვის იყო შექმნილი..ირაკლის თითები წამით შეყოვნდა მის თმაში… - ასე ბევრად უკეთესია… - უთხრა დაბალი, ჩუმი ხმით..მისი მზერა ახლა უკვე აღარ მალავდა ინტერესს, დეტალურად აკვირდებოდა მის სახეს, თვალებს, ტუჩებს, თითქოს რაღაცას ადარებდა, ეძებდა… მაგრამ თავადაც ვერ ხვდებოდა რას. - წავედით? - ჰკითხა ირაკლიმ, თითქოს ჩვეულებრივ ტონს უბრუნდებოდა. - წავედით… - უპასუხა მარიამმა მშვიდად, თუმცა თვალებში ისევ ის თამაში უციმციმებდა, ირაკლი საჭისკენ გაემართა. - კარს არ გამიღებ? - მაცდური ღიმილით ჰკითხა მარიამმა. ირაკლი გაჩერდა, უკან შემობრუნდა, წარბი ოდნავ ასწია. - როგორც პრინცესას შეეფერება? - კი… როგორც პრინცესას… და როგორც ჯენტლმენს შეეფერება - ნიშნისმოგებით გაუღიმა, ირაკლისაც გაეღიმა, მივიდა.. კარი გაუღო, მაგრამ სანამ მარიამი ჩაჯდებოდა… ისევ ჩახედა თვალებში.. წამით გაჩერდნენ. იდუმალი, უხმო მზერები გაცვალეს ისეთი, სადაც სიტყვები ზედმეტი იყო..მარიამი კმაყოფილი დაჯდა მანქანაში. ირაკლი კი კიდევ ერთი წამით იდგა უძრავად… ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს საკუთარ თავთან რაღაცას არკვევდა… შემდეგ კარი დახურა, შემოვიდა და საჭეს მიუჯდა. მანქანა დაიძრა, პირველი წუთები… სიჩუმეში გავიდა. ისეთი სიჩუმე იყო, არც მძიმე და არც მშვიდი უბრალოდ უცნაური.. ორივე რაღაცაზე ფიქრობდა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამთ. მხოლოდ ძრავის ხმა და გზის მსუბუქი შრიალი არღვევდა ამ დუმილს. ირაკლი საჭეს უყურებდა… მაგრამ რეალურად გზას არ აკვირდებოდა. ხანდახან, თითქოს უნებურად, გვერდულად გახედავდა მარიამს. მარიამი ფანჯარაში იყურებოდა, მაგრამ აშკარად გრძნობდა მის მზერას. ტუჩებზე ოდნავი ღიმილი დასთამაშებდა არ უყურებდა, მაგრამ იცოდა..ირაკლიმ ისევ გახედა ამჯერად უფრო დიდხანს, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს რაღაცას ეძებდა… სიტყვას, შედარებას… ახსნას რომ ამ სილამაზისთვის სახელი დაერქმია.. და უცებ თითქოს თავისთვის, ჩუმად თქვა: - უდაბნოს ვარდს ჰგავხარ… - მარიამმა მაშინვე შემოატრიალა თავი. - რას? - ირაკლი ერთი წამით გაჩერდა, მერე მხრები ოდნავ აიჩეჩა. - უდაბნოში არის ასეთი… ვარდი. იშვიათი… უცნაური… თითქოს არაფერს ჰგავს და ამავდროულად ყველას იზიდავს..გარედან ლამაზი… თითქმის იდეალური… - ნელა გააგრძელა - მაგრამ იქ ხარ, სადაც არაფერს უნდა ეცოცხლა… და მაინც გადარჩი.. - მარიამს გაეღიმა, ოდნავ ირონიულად. - ეს კომპლიმენტია თუ შეურაცხყოფა? ირაკლიმ მხრები აიჩეჩა. - როგორც გინდა ისე გაიგე, პრინცესა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, ვარდებს ეკლები აქვთ... - მათი მზერები ისევ შეეყინა ერთმანეთს, მის ტუჩებზე ირონიული ღიმილი დაბრუნდა, თითქოს საკუთარი სიტყვები თვითონვე გაანეიტრალა. - ოღონდ ეგ არ ნიშნავს რომ ლამაზი ხარ, უბრალოდ… შედარება გამახსენდა. მარიამს გაეცინა. - რა თქმა უნდა… - ჩუმად თქვა და ისევ ფანჯარაში გაიხედა.. გიორგი ეზოში წინ და უკან დადიოდა… სწრაფად, ნერვიულად, თითქოს ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ხელები მუჭებად ჰქონდა შეკრული, ყბა დაჭიმული, სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ საკუთარ თავს ძლივს აკონტროლებდა..თვალები ისევ და ისევ გზისკენ გაურბოდა,არც მანქანა ჩანდა… არც ისინი..სუნთქვა გაუხშირდა. - სად არიან ამდენ ხანს… სად?! - ბოლოს ხმამაღლა თქვა, უკვე ვეღარ ითმენდა. - აქ რაღაც სხვა ამბავია! შენ მათ დაახლოებას ცდილობ, ნინო!! რატომ მიკეთებ ამას?! რატომ?! ხომ იცი რომ მარიამი მიყვარს? - ნინო მკაცრი მზერით უყურებდა. არც შეშინებულა, არც დაუხევია უკან. - მოკეტე! - გაუსწორდა პირდაპირ. - იმდენად უსირცხვილო ხარ, რომ ამას მე მეუბნები?! - გიორგი გაშეშდა წამით. - მარიამი კი არ გიყვარს, აკვიატებული გყავს! არაკაცი ხარ! - გიორგის თვალებში სიბრაზე უფრო გამწვავდა. - და იცი რა? - ნინო ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. - კი! ვცდილობ რომ ისინი დავაახლოვო! იმიტომ რომ შენთან შედარებით ირაკლი ნამდვილი კაცია! შენსავით ლაჩარი და მშიშარა არ არის! - ნინოო!! - დაიღრიალა გიორგიმ. - ჭკუიდან ნუ მჭრი!! - უცებ მკლავებში ჩაავლო ხელი, თავისკენ მოქაჩა, ნინომ წამში მოიშორა. - არ შემეხო! ბინძურო არარაობავ! შენ არც მეგობრობა შეგიძლია და არც სიყვარული! - გიორგი რამდენიმე წამით გაშეშდა… - მე მათ მოსაძებნად მივდივარ! - კბილებში გამოსცრა. - ჯანდაბაში წასულხარ!! - დაუყვირა ნინომ, გიორგი უკვე აღარ უსმენდა,გაბრაზებული, შეშლილი სახით დატოვა ეზო… ნაბიჯებს უმატებდა, თითქოს თუ სწრაფად ივლიდა, მალე იპოვიდა მათ.. გიორგის წასვლიდან სულ რამდენიმე წუთში მანქანის ხმა გაისმა..ეზოში ნელა შემოვიდა ირაკლის მანქანა… ერთმანეთს გზაში ასცდნენ..მანქანა გაჩერდა - აბა? ჩამოხვალ თუ მე უნდა გაგიღო კარი ამჯერადაც? - მარიამმა წარბი ოდნავ ასწია, ტუჩებზე მაცდური ღიმილი გადაეფინა. - კითხვაც კი არ იყო საჭირო… წავედით… ისედაც დიდხანს დავიგვიანე… ჩემი ანი მეჯვარის გარეშეა - კარი უნდა გაეღო თუმცა ირაკლიმ შეაჩერა - მოიცა - ირაკლიმ ხელი ხელზე შეახო, მარიამმა ინსტინქტურად დახედა მის თითებს… როგორ ეხებოდა მის კანს. - რაღაც აკლია შენს სილამაზეს… - რა? - ირაკლიმ ჯიბეში ხელი ჩაიყო… და პატარა, ოქროს კულონი ამოიღო “M”.. მარიამის თვალები გაუბრწყინდა. - ჩემი კულონი… მე მეგონა მაშინ დამეკარგა… - მე მქონდა… - მშვიდად უპასუხა ირაკლიმ. - გამიკეთე… გთხოვ - მარიამმა ნელა შეატრიალა თავი, თმა ოდნავ გვერდზე გადაიწია, ირაკლი მიუახლოვდა, მისკენ მიიწია, მისი თითები ფრთხილად შეეხო მარიამის ყელს… ცივი ლითონი კანს მიეკრო… და ამავე დროს მისი თითების სითბო..მარიამს თვალები უნებურად დაეხუჭა, ჟრუანტელმა გადაუარა..სუნთქვა შეეკრა წამით, ირაკლი ძალიან ახლოს იყო… მისი სურნელი იგრძნობოდა… მისი სუნთქვაც კი. - მორჩა… - ჩუმად თქვა ირაკლიმ, მარიამი ნელა შემოტრიალდა მისკენ,რამოდენიმე წამი უყურეს ერთმანეთს და მერე… მოულოდნელად მარიამი ჩაეხუტა. ისე, რომ თვითონაც ვერ გაიაზრა, ირაკლი გაშეშდა. ხელები ჰაერში დარჩა, თითქოს ვერ გადაწყვიტა რა ექნა… მერე ნელა, თითქმის გაუცნობიერებლად შემოხვია ხელები..უცნაური სითბო გადავიდა ორივეს სხეულში..მარიამი მალევე მოშორდა… თითქოს გააცნობიერა რა გააკეთა. - მადლობა… ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის… - თვალი აარიდა. - კარგი… წავედით - კარისკენ შეტრიალდა, მაგრამ ირაკლიმ ისევ ხელი მოკიდა, შეაჩერა..მარიამმა გაკვირვებით შეხედა, შემდეგი წამი ისე სწრაფად მოხდა, ვერც ერთმა ვერ გაიაზრა..ირაკლი მისკენ დაიხარა… და ტუჩებზე აკოცა! ვნებიანად, მოულოდნელად! მარიამი წამით გაშეშდა… სუნთქვა შეეკრა… თვალები გაუფართოვდა.. შემდეგ მანაც პასუხი გასცა..მისი თითები ირაკლის პერანგს ჩაეჭიდა, თითქოს წონასწორობას ეძებდა…კოცნა უფრო ღრმა გახდა… დაძაბულობა, ბრაზი, ინტერესი ყველაფერი ერთმანეთში აირია.. მარიამის სხეულში ისევ იმ უცნაურმა ჟრუანტელმა გაიარა… თითებიდან დაწყებული გულამდე. .ირაკლის ხელები მის წელზე შეჩერდა… ახლოს მიიზიდა, სუნთქვა აერიათ, დრო თითქოს გაჩერდა.. და მაინც ეს კოცნა უფრო მეტად ბრძოლას ჰგავდა… ვიდრე ნაზ კოცნას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


