შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 30


გუშინ, 23:35
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 34

საღამო მშვიდი ჩანდა.
სახლი ისე დახვდა მილენას, როგორც ყოველთვის - დალაგებული, მოწესრიგებული, თითქოს არასდროს და არაფერი ირღვეოდა აქ.
შიგნით შევიდა თუ არა სოლომონი მისაღებში იჯდა. მილენა რომ დაინახა, წამოდგა.
-ჩამოხვედი… -თქვა და მზერა გაუთბა.
მილენამ ოდნავ გაუღიმა, მიუახლოვდა და გადაეხვია.
-როგორ ხარ, შვილო?
-კარგად… შენ?
მოკლე, ჩვეულებრივი კითხვები. თითქოს ორივე რაღაცას უვლიდა გვერდს.

***

ვახშამზე მაგიდის გარშემო ისხდნენ. თეფშების მსუბუქი ხმა, დანა-ჩანგლის კაკუნი - ყველაფერი ჩვეულ რიტმში იყო.
მილენა ცოტა ხანს ჩუმად ჭამდა. მერე ჩანგალი დადო.
-მამა… -თქვა მშვიდად.
სოლომონმა თავი ასწია.
-დედას შევხვდი.
სიჩუმე.
სოლომონის ხელი შუა მოძრაობაში გაჩერდა. რამდენიმე წამი არ განძრეულა.
-სად? -იკითხა ბოლოს, ხმადაბლა.
-ბრიუსელში. აეროპორტში.
პაუზა.
-და… რა მოხდა? -ამჯერად პირდაპირ შეხედა.
მილენამ მხრები ოდნავ აიჩეჩა.
-არაფერი განსაკუთრებული. ის ლაპარაკობდა… მე ვუსმენდი.
-და?
-და ვერ ვაპატიე. -თქვა ძალიან მშვიდად.
სოლომონმა ნელა დაუქნია თავი. თითქოს ელოდა ამ პასუხს.
-ბუნებრივია…
რამდენიმე წამი ისევ სიჩუმე იყო. მერე უცებ წამოდგა, სკამი მისგან მსუბუქად გაიწია. მილენას გვერდით მივიდა და დაჯდა.
მის ხელს ხელი დაადო.
მილენამ დაკვირვებით შეხედა.
-შვილო… -დაიწყო ნელა, -მარინე რომ გავიცანი… ჩვენ ბავშვები ვიყავით.
მილენას მზერა გამკაცრდა.
-მე კი… -გააგრძელა სოლომონმა, -მე უკვე დაოჯახებული კაცი ვიყავი, მაგრამ.. მაინც მიქროდა თავში.. ახალგაზრდები ვიყავით..
-და? -ჩუმად ჩაეკითხა მილენა.
სოლომონმა მზერა აარიდა.
-ის მაშინ ძალიან პატარა იყო… გულუბრყვილო. ბავშვივით.
-და შენ რა იყავი? -მკვეთრად ჰკითხა მილენამ.
პაუზა.
-შეცდომა დავუშვი, -თქვა ბოლოს სოლომონმა, -დიდი.
მილენა ჩუმად უსმენდა, მაგრამ თვალებში სითბო აღარ ედგა.
-შენ არ იცოდი… -გააგრძელა მან, -მაგრამ ის ბოლომდე არ გაქცეულა.
-რას ნიშნავს არ გაქცეულა, მამა? -ხმას ოდნავ აუწია მილენამ.
-წლების განმავლობაში გკითხულობდა.
მილენა გაშეშდა.
-რა?
-გაირკვა, რომ მოდიოდა… გხედავდა შორიდან… მაგრამ არ გენახებოდა.
სიჩუმე.
-ალბათ იმიტომ რომ ახალი ოჯახი ჰყავდა… -დაამატა სოლომონმა ჩუმად.
მილენას თვალებში სიცივე გაჩნდა.
-ანუ… მოდიოდა, მიყურებდა… და მიდიოდა? -ნელა წარმოთქვა.
-ცდილობდა…
-რას? -ხმა გაუცივდა მილენას. -რა სცადა?
სოლომონი წამით გაჩუმდა.
-შენთვის უკეთესი უნდოდა…
მილენას მშრალად გაეცინა.
-უკეთესი? -გაიმეორა.
პაუზა.
-ბავშვი ვიყავი. -თქვა ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ. -და დედა მჭირდებოდა. მხოლოდ ეს იქნებოდა მაშინ ჩემთვის უკეთესი.
სოლომონმა ხელი უფრო მაგრად მოუჭირა ხელზე.
-ვიცი…
-არა, არ იცი! -ამჯერად ხმამ აიწია. -არც შენ იცი!
სიჩუმე მძიმედ გამეფდა ოთახში.
სოლომონმა ღრმად ამოისუნთქა.
-მაინც დედაშენია, მილენა…
-და? დედაჩემია, დედაჩემია.. მერე რა? -მკვეთრად ჰკითხა.
-ცოდოა…
ეს სიტყვა თითქოს გულში გაიყინა.
მილენა ნელა შებრუნდა მისკენ.
-ამას სერიოზულად მეუბნები? -ჩუმად თქვა.
სოლომონმა თვალებში შეხედა.
-ჰო.
მილენას სახე წამში შეიცვალა.
-ცოდოა? -გაიმეორა, უკვე ბრაზით. -ცოდოა?!
ხელი გამოართვა.
-მე რა ვიყავი მაშინ? -წამოდგა. -მე რა ვიყავი, მამა?!
სოლომონი წამოდგომას შეეცადა.
-მილენა, მომისმინე-
-არა! -შეაწყვეტინა. -შენ მომისმინე!
თვალებში ცრემლი არ გასჩენია. მხოლოდ ბრაზი.
-მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ წავიდა. რომ იქ დამტოვა. რომ არ ვაინტერესებდი.
პაუზა.
-და ახლა მეუბნები, რომ თურმე მოდიოდა? მიყურებდა? და… ყოველ ჯერზე მტოვებდა?
სოლომონმა ხმა ვერ ამოიღო.
-და ამას ცოდოათი ამართლებ? -დაამატა ჩუმად.
სიჩუმე.
მილენამ თავი გააქნია.
-არა… -თქვა ბოლოს. -ვერ გავიგებ ამას. ვერასდროს.
შემობრუნდა.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ გაჩერდა.
-თუ მოდიოდა… -თქვა ზურგშექცეულმა, -ერთხელ მაინც შემოსულიყო.
პაუზა.
-ერთხელ მაინც ეთქვა: მე ვარ შენი დედაო..
ხმა ბოლოს ოდნავ ჩაუწყდა.
მაგრამ არ მობრუნებულა.
-ახლა გვიანია. მე მისგან მკვდარი ვარ და ისიც ჩემთვის მხოლოდ მკვდრად დარჩება.
ადგა და იქაურობას გაეცალა.
სოლომონი მარტო დარჩა.
მაგიდასთან.
და პირველად, ალბათ, მიხვდა -
რომ სიმართლე ყოველთვის არ ამსუბუქებს ტკივილს.

***

იმ ღამით მილენამ ძლივს დაიძინა.
სხეული დაღლილი ჰქონდა, მაგრამ გონება არ აძლევდა მოსვენების საშუალებას.
მამასთან საუბარი ისევ და ისევ უბრუნდებოდა.
დედა.
სიმართლე.
დაგვიანებული პასუხები.
თვალები დახუჭა, მაგრამ შიგნით რაღაც მაინც არ მთავრდებოდა,
ის უცნაური შეგრძნება, თითქოს ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა.


***

მეორე დღე თითქოს ზედმეტად ჩვეულებრივ დაიწყო.
სამსახურში წავიდა, შეხვედრები ჩაატარა, რამდენიმე დოკუმენტი მონიშნა.
გარეგნულად ყველაფერი ისევ კონტროლქვეშ იყო.
ისე, როგორიც ყოველთვის.
საღამოს, ოფისიდან გამოვიდა.
ქუჩა ნახევრად დატვირთული იყო - მანქანების მოძრაობა, ხალხის ხმები, ქალაქის ჩვეული რიტმი.
ტელეფონს დახედა. მისი მძღოლი ჯერ არ მოსულიყო.
სწორედ მაშინ შავი, მუქი მინებიანი მანქანა ნელა გაჩერდა მის წინ.
მილენამ ინსტინქტურად შეხედა.
მძღოლის გასწვრივ მინა ოდნავ ჩამოიწია. უცხო კაცი იყო მომღიმარი თვალებით.
-ქალბატონო მილენა, დაბრძანდით.
ხმაში ზედმეტი არაფერი იგრძნობოდა. ზედმეტად ჩვეულებრივი იყო.
მილენა მაშინვე დაიძაბა.
-თქვენ ვინ ხართ? -ცივად ჰკითხა. -მე ჩემს მძღოლს ველოდები.
კაცმა ოდნავ გაუღიმა.
-დიახ.. ვიცით.
ეს სიტყვა უცნაურად ჟღერდა.
მილენამ მაშინვე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-ალბათ რაღაც შეცდომაა.
უნდა შემობრუნებულიყო, მაგრამ იმავე წამს ზურგს უკან მკვეთრი მოძრაობა იგრძნო.
ვიღაც ძალიან სწრაფად მიუახლოვდა.
-გამიშვით!
სიტყვა ბოლომდე ვერ თქვა.
ძლიერი ხელი მაჯაში ჩაავლეს, მეორე ხელი - მხარზე იგრძნო. მისი სხეული ძალით მიატრიალეს მანქნისკენ.
მილენამ ინსტინქტურად წინააღმდეგობა გაუწია, ფეხი ძლიერად დაარტყა ერთ-ერთს, ხელი გაითავისუფლა.
-მიშველეთ! -დაიყვირა.
ხმამ ქუჩაში გაიჟღერა, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
მეორე კაცმა მკლავები ზურგს უკან დაუჭირა.
კარი უკვე ღია იყო.
-გამიშვით! -მთელი ძალით გაიბრძოლა.
მისი ხმა ამჯერად უფრო განწირული იყო. ერთმა კაცმა პირი ხელით დაუფარა.
რამდენიმე წამში ორივე ახმახმა ძალით მოათავსა მანქანაში.
კარი მკვეთრად დაიხურა.
მილენა შუაში აღმოჩნდა. ორივე მხრიდან მამაკაცები მიუსხდნენ.
ხელებით ძლიერად ეჭირათ.
მანქანა მაშინვე მოსწყდა ადგილს.

***

რამდენიმე წამი მხოლოდ მისი სუნთქვა ისმოდა.
გული ისე უცემდა, თითქოს მკერდიდან ამოხტომას ცდილობდა.
თვალები სწრაფად დაატრიალა - კარი, ფანჯარა, წინ მჯდომი მძღოლი.
ყველაფერი გათვლილი იყო.
მშვიდად დაჯდა.
არ იყო ის ტიპი, ვინც პანიკაში ბოლომდე იძირებოდა.
-ვინ ხართ? -იკითხა ბოლოს, დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით.
პასუხი არ მოვიდა.
მხოლოდ გზის ხმა.
-რას აკეთებთ, იცით საერთოდ?
მარცხენა მხრიდან კაცმა ოდნავ დახედა.
-ვიცით.
იგივე სიტყვა.
იგივე ტონი.
მილენას თვალები ოდნავ შევიწროვდა.
-ვინ დაგავალათ?
პაუზა.
მანქანაში დაძაბულობა უფრო გაიზარდა.
და ბოლოს, წინიდან მძღოლმა სარკიდან გამოხედა.
-მალე გაიგებთ.
მანქანამ სიჩქარეს უმატა.
მილენა კი პირველად მიხვდა -
ეს შემთხვევითი არ იყო.
მანქანა უკვე დიდი ხანია ქალაქს გასცდა.
ფანჯრებს მიღმა ნაცნობი ქუჩები ნელ-ნელა შეიცვალა - ჯერ გარეუბნები, მერე ღია სივრცე, ბოლოს კი მხოლოდ გზა და გაუთავებელი მინდვრები ჩანდა.
მილენა ჩუმად იჯდა.
არ ლაპარაკობდა.
მხოლოდ ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა.
მარჯვნივ მჯდომს - ოთხკუთხედი ყბა, თითებზე ძველი ნაწიბურები ჰქონდა.
მარცხნივ - მძიმე სუნთქვა, უხეში კანი და ჩაწითლებული თვალები.
წინ - მძღოლის კისერი, დაჭიმული, თითქოს მუდმივად ფხიზლად იყო.
„ყველას სახეს დავიმახსოვრებ… ყველა დეტალს…“ -გაიფიქრა.
სუნთქვა ნელა დაარეგულირა.
პანიკა ამ სიტუციაში არ დაეხმარებოდა.

***

რამდენიმე საათი გავიდა.
დაღლილობამ თავისი ქნა. თვალები თავისით დაეხუჭა. თითქოს დაძაბულობისგან სხეულმა გამოსავალი ნახა.
როცა გაიღვიძა, უკვე ბნელდებოდა.
მანქანა ისევ მოძრაობდა.
მილენამ სწრაფად მოავლო თვალი გარემოს. უცნობი, შემაღლებული გზა. ხეები, კლდეები და სიჩუმე დალანდა.
-სად ჯანდაბაში ვარ, მეტყვით?! -ამჯერად ხმამაღლა დაიძახა. -რამდენი საათი გავიდა… ჯანდაბა! საქართველოში ვართ?
არავინ უპასუხა რამდენიმე წამი.
მერე მძღოლმა სარკიდან შეხედა.
-კი. დამშვიდდი, რძალო.
სიტყვა უცნაურად გაისმა.
მილენა გაიყინა.
-რა თქვი?.. -ჩუმად, თითქმის გაურკვევლად ამოილაპარაკა.
-სადაც მივალთ, ნახავ, -მშვიდად გააგრძელა მან, -მშვენიერი ბუნებაა, სუფთა ჰაერი. უსაფრთხოდ იქნები. მთაში ვართ.
პაუზა.
-ქმარიც იქაა. გიცდის უკვე.
მილენას თვალები გაფართოვდა.
-უკაცრავად?.. -ხმა ოდნავ ჩაუწყდა.
მძღოლმა ოდნავ ჩაიცინა.
-ჰო… ახლა ბრაზობ, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება.
მილენას უცებ ნერვიული სიცილი აუტყდა.
ხანმოკლე.
უხეში.
-სერიოზულად? -თავი გააქნია. -რა ქმარი? ვინ ქმარი?
მანქანაში რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა.
მერე მარცხნივ მჯდომმა კაცმა ირონიულად ჩაიბურტყუნა:
-არ უთხრეს?
მძღოლმა თავი ოდნავ გადააქნია.
-ეტყობა, ვერ მოასწრეს.
მილენა წინ გადაიხარა, მზერა მძღოლზე გაამყარა.
-ვინ გგონივართ საერთოდ?
-ის, ვინც უნდა იყო, -მშვიდად უპასუხა მან.
ეს პასუხი უფრო გამაღიზიანებელი იყო, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი.
მილენას თვალებში რისხვა გაკრთა.
-მისმინეთ ძალიან ყურადღებით, -დაიწყო ნელა და მკაცრად, -თუ ფიქრობთ, რომ ვიღაცის რძალი გავხდები თქვენი თამაშით, ძალიან ცუდად გაქვთ გათვლილი.
მძღოლმა აღარ გაიცინა.
-სულაც არ ვთამაშობთ. -თქვა მოკლედ.
მანქანამ მორიგი მოსახვევი აიღო.
გარემო კიდევ უფრო დამშვიდდა.
გზა ვიწრო გახდა.
-მაშინ რა ხდება? -ჩაეძია მილენა.
პასუხი არ მიიღო მაშინვე.
რამდენიმე წამში მძღოლმა ისევ სარკიდან შეხედა.
-შეთანხმება.
მილენას მზერა გამკაცრდა.
-ვისთან?
მძღოლმა პირდაპირ არ უპასუხა.
მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა:
-შენზე.
სიჩუმე.
ეს სიტყვა ჰაერში გაიყინა.
მილენამ პირველად იგრძნო -
რომ ეს უბრალოდ გატაცება არ იყო.
ვიღაცამ
უკვე გადაწყვიტა მისი ცხოვრება.

***

მთის გზა უფრო და უფრო ვიწროვდებოდა.
მანქანა ბოლოს მოწყვეტით გაჩერდა. გარშემო მხოლოდ სიჩუმე, ქარი და შორეული ტყის ხმები იყო.
ერთადერთი მომცრო სახლი იდგა იქ.
მარტო.
მილენა გადმოიყვანეს.
პირველივე წამიდან მიხვდა -
ეს ადგილი შემთხვევით არ ჰქონდათ შერჩეული.
გაქცევა აქ თითქმის შეუძლებელი იქნებოდა.
თვალებით სწრაფად შეაფასა ყველაფერი:
გზამდე მანძილი, ფერდობი, სახლის განლაგება, ფანჯრები.
„დამშვიდდი… ჯერ უნდა გაიგო რა ხდება“ -გაიფიქრა.
მაგრამ გული მაინც ძლიერად უცემდა.

***

სახლში შეიყვანეს.
კარი დაიხურა.
სავარაუდოდ მისაღებ ოთახში ნახევრად ჩაბნელებული სინათლე იდგა.
ფანჯარასთან ბნელი სილუეტი დალანდა.
ზურგით იდგა.
მაღალი ფიგურა იყო.
მილენას სუნთქვა შეეკრა.
კაცი რამდენიმე წამში ნელა შემობრუნდა.
-...იოანე…
სახელი თავისით აღმოხდა ბაგეებს.
-მილენა… -მშვიდად გაუღიმა.
მამაკაცებს ხელით ანიშნა.
-დაგვტოვეთ.
ისინიც უხმოდ დაემორჩილნენ.
კარი დაიხურა.
სიჩუმე დარჩა.
მილენა ადგილზე იდგა.
თითქოს სხეული აღარ ემორჩილებოდა.
უბრალოდ მის წინ მდგარ კაცს უყურებდა.
-რომ იცოდე როგორ მომენატრე… -იოანემ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ.
მილენამ მაშინვე უკან დაიხია.
-შენი სურნელი… -გააგრძელა მან, ნელა, თითქოს ეს ჩვეულებრივი შეხვედრა ყოფილიყო.
-მოკეტე! -მკვეთრად გაჭრა მილენას ხმამ ჰაერი. -ახლავე გამიშვი, თორემ გაგანადგურებ, იოანე!
თვალები აუგიზგიზდა.
-შენთან საერთო არაფერი მაქვს! -გააგრძელა. -ჩემი მოტაცებით და აქ გამომწყვდევით რას მიაღწევ? სულით ავადმყოფი ხარ?!
იოანემ უცნაურად გაიღიმა.
არ გაბრაზებულა.
-რომ ბრაზობ… ეგეც გულს მითბობს… -ჩუმად თქვა. -ეგეც ძალიან მომენატრა.
ხელი ნელა წაიღო მისკენ.
მილენამ მაშინვე მოიშორა.
-არ შემეხო!
ერთი ნაბიჯით კიდევ უკან დაიხია.
-რას ცდილობ? -ხმა ისევ აუწია. -თქვი!
პაუზა.
იოანემ პირდაპირ თვალებში შეხედა.
-აქ იქნები, -თქვა მშვიდად, -სანამ არ შემიყვარებ.
სიჩუმე.
-მინდა, ჩემი ცოლი გერქვას.
მილენას სახე ერთ წამში ბოლომდე გაფითრდა.
- …რა?..
-აქედან არ წახვალ, -დაამატა იგივე ტონით.
მილენას სუნთქვა გაუწყდა.
-ავადმყოფო… -ძლივს ამოილაპარაკა. -შენ ხომ ცოლიანი ხარ?! რა გინდა ჩემგან?! საბოლოოდ გაგიჟდი?!
იოანემ მხრები ოდნავ აიჩეჩა.
-რაც გინდა ის თქვი.
მილენამ ირონიულად ჩაიცინა.
-მეცოდები… მართლა მეცოდები.
ამ სიტყვაზე იოანეს თვალებში წამით რაღაც გაკრთა.
მაგრამ მალევე ისევ დაიმალა.
-ადრე გამექეცი… -თქვა ნელა. -ახლა ჩემგან ვეღარ წახვალ. ვეღარასდროს..
ირგვლივ კრიტიკული სიჩუმე ჩამოვარდა.
მილენა უყურებდა.
დიდხანს.
მერე…
უცებ შეიცვალა.
სახე დამშვიდდა.
სუნთქვა დარეგულირდა.
თვალებში ბრაზი გაქრა და რაღაც სხვა გამოჩნდა.
ცივი.
გათვლილი.
-კარგი… -თქვა ძალიან ჩუმად.
იოანე გაჩერდა.
-რა? -წარბი ოდნავ ასწია.
მილენამ ნელა გადადგა ნაბიჯი.
ახლოს მივიდა.
იმდენად, რომ მათ შორის მანძილი თითქმის აღარ იყო.
-თუ ასე გინდა… -გააგრძელა მშვიდად, -ვნახოთ რამდენ ხანს გაძლებ.
პაუზა.
იოანეს მზერა გაუმძაფრდა.
მილენამ ოდნავ გაუღიმა.
მაგრამ ეს ღიმილი სითბოს არ ატარებდა.
-ერთი რამ დაიმახსოვრე, -ჩუმად უთხრა, -მე ის გოგო აღარ ვარ, რომელიც შენგან გარბოდა.
მილენას ხმა ჯერ მტკიცე იყო, მაგრამ ყოველი სიტყვით უფრო იბზარებოდა, თითქოს შინაგანად დაგროვილი დაძაბულობა ზედაპირზე ამოდიოდა.
-მაინც ჩემი იქნები, -თქვა კაცმა მშვიდად, ზედმეტად მშვიდად, თითქოს ეს უკვე გადაწყვეტილი ფაქტი იყო და არა სურვილი.
ამ ფრაზამ მილენაში აფეთქება გამოიწვია. თვალები უეცრად გაუფართოვდა, ნაბიჯი წინ გადადგა, თითქოს სივრცის დაპყრობას ცდილობდა.
-როგორ? როგორ ვიქნები? ძალით? -ხმა აეჭრა, უკვე აღარ იყო მხოლოდ ემოცია, არამედ პროტესტი. -მაიძულებ აქ შენთან ერთად ვიყო და ნამუსი არ შეგაწუხებს? საკუთარ ცოლ-შვილს მიხედე და მე თავი დამანებე, ადამიანო!
სიტყვების დასრულებასთან ერთად მკერდზე ორივე ხელი ძლიერად დაკრა, თითქოს საკუთარ საზღვრებს ფიზიკურად იცავდა, თითქოს სხეული ცდილობდა ეთქვა ის, რასაც სიტყვები უკვე ვეღარ იტევდა.
მაგრამ იოანე არ შეცვლილა. არც გაბრაზება დასტყობია, არც რყევა. მხოლოდ მშვიდი, ცივი ყურადღებით აკვირდებოდა, რომელიც უფრო აუტანელი იყო, ვიდრე ემოცია. სწრაფად, დაუფიქრებლად მიუახლოვდა და მილენას მაჯებს ხელები ჩასჭიდა.
ეს არ იყო მხოლოდ შეჩერება; ეს იყო სივრცის წართმევა. მილენას სხეული ერთ წამში დაიძაბა, მაგრამ გათავისუფლებას ვერ ახერხება.
იოანემ ოდნავ მიიზიდა თავისკენ, ისე ახლოს, რომ მათი სუნთქვა ერთმანეთს ეფრქვეოდა.
-შენ ხარ ჩემი ცოლი. მხოლოდ შენ!
მილენა გაოგნებული დარჩა. თვალებში შიში და დაუჯერებლობა ერთმანეთში აერია. წამით თითქოს სიტყვებს ვეღარ აწყობდა, მხოლოდ ფიქრი შეეძლო, დაძაბული და მტკივნეული:
"ეს კაცი სოციოპათია… ან რამე უარესი. თავიდანვე უნდა შემემჩნია… მაგრამ ბავშვი ვიყავი…"
მისი მზერა იოანეს სახეზე გაჩერდა, თითქოს ცდილობდა იქ რაიმე ადამიანური მოეძებნა, რაღაც, რაც რეალობაში დააბრუნებდა.
იოანე კი ისევ ძალიან მშვიდად უყურებდა, თითქოს ეს შინაგანი ქაოსი მას საერთოდ არ ეხებოდა. შემდეგ ოდნავ გაიღიმა - არა თბილად, არამედ დარწმუნებით, რომელიც არაფერს ტოვებდა სივრცეში.
-დღეიდან ვერავინ დაგვაშორებს… მათ შორის შენც.
მისი მზერა პირდაპირ მილენას თვალებში იყო გატყორცნილი, ღიმილი კი არ იკლებდა - პირიქით, თითქოს უფრო მტკიცე ხდებოდა, თითქოს უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას აცხადებდა, რომლისთვისაც წინააღმდეგობას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნანიკო

ვაიმე ეს რა ავადმყოფი კაცია.მადლობა რომ დადე💗დღესაც დაგელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent