მანათობელი გრძნობა - თავი 16
- მოდი ახლა ჩვენ წავალთ და მართლა გავიღვიძებთ! - თავზე დაგვჩერებოდნენ ეზოში, საქანელა სკამზე მსხდომ მე და დემეტრეს ვახო, თამო და ელენე. გარშემო მიმოვიხედე, მე და დემეტრეს თურმე საქანელა სკამზე გვეძინა წინა ღამით. თავში იჯდა, მე მასზე ვიყავი მიყუდებული და პლედი მეფარა. ისე საგულდაგულოდ გავეხვიე დემეტრეს პლედში, თავი და ბოლო ძლივს ვიპოვე, მისგან რომ გავთავისუფლებულიყავი. - გავიცინოთ, ვახო? - ცალყბად მიუგო დემეტრემ. მერე შემომხედა, ჩაიცინა და თავზე მაკოცა - დილამშვიდობის. ის დღე ისევ იქ დავრჩით. ელენეს და ვახოს თხოვნით. ყველა არ დარჩა, რომ გაიგეს უფროსები მოდიანო, ქალაქისკენ აიღეს გეზი. ზოგი სამსახურში გავიდა, ზოგმა საქმე მაქვსო და მოკლედ დავრჩით ისინი, ვინც უსაქმურები ვიყავით. ჩვენ, მე და დემეტრე, ჩვენივე თავის უფროსები ვიყავით. ასე რომ, რამდენ ხანსაც გვენდომებოდა, "შვებულება" იქამდე გაგრძელდებოდა. საღამოს ელენეს მშობლები მოვიდნენ. მოკლედ, მაინც ტრადიციულ სუფრამდე მივიდა საქმე. კაცები და ქალები გავიყავით. ისინი საუბრობდნენ, ნარდს და დომინოს თამაშობდნენ, როგორც საერთოდ სჩვევიათ ლოდინის რეჟიმში. ჩვენ კი სამზარეულოში ვიყავით, საქმეები დანაწილებული გვქონდა და ჭორაობა-მზადებაში გაგვყავდა დრო. - მისმინე, ახლა შენ მითხარი - მომიბრუნდა ელენეს დედა. ასე სამოც-სამოცდახუთ წლამდე იქნებოდა, თუმცა რომ არ მცოდნოდა, ალბათ ვერ მივხვდებოდი. მოვლილი, დახვეწილი, კოპწია ქალბატონი გახდათ. - ქორწილში რომ გნახე მარტო იყავი, ისევ მარტო დადიხარ? - დანა აიქნია ზემოთ-ქვემოთ და გასუფთავებული ბულგარული წიწაკა მომაწოდა. ჩამეცინა და ის იყო უნდა მეპასუხა. დემეტრე შემოვიდა, მაღაზიაში ჩავდივართ და რამე ხომ არ გინდაო, თან ისე გამაფრთხილა მალე მოვალო, თითქოს დავინტერესებულიყავი, ან ამის ვალდებულება ჰქონდა. მერე ელენეს დედას ზრდილობიანად გაუღიმა და წავიდა. - ძნელი სათქმელია... - მხრები ავიჩეჩე. - გასაგებია, გასაგებია! - გაიღიმა, მეორე ბულგარული წიწაკა გადმომაწოდა და თან, ისეთი მზერა მოაყოლა, ცოტა არ იყოს, შემრცხვა. - მინდა გითხრა, ძალიან კარგი ბიჭი ჩანს! - თავი გადააქნია. - კარგია, დედა, კარგი! ერთი დაგანახა მისი თვალები ამას რომ ხედავს. დაფრინავს ბიჭი! - ონკანი გამორთო ელენემ და ჩვენს დიალოგში ჩაერთო. - ეტყობა...ეჰ, გოგოებო, რა კარგები ხართ...ყველაზე კარგი ასაკი გაქვთ ახლა, ყველაზე კარგი! - ნამდვილად! - ჩავიცინეთ მე და ელენემ. - ისე ლიკა, არ ვამტყუნებ იმ ბიჭს, რომ დაფრინავს, ჯერ ისე რა გოგო ხარ და მერე რა კარგი ჩაცმა იცი! - ამხედ-ჩამხედა. - ამხელა ქალს, ასე ჩაცმა მომანდომე. - არადა დიდად არც არაფერი გამომარჩევდა. მიდი სიგრძის ბურგუნდისფერი კაბა მეცვა — შავი, დიდი კოპლებით დაფარული. ფენა-ფენა იყო შეკერილი და ბოლოები ისეთი უსწორმასწორო ჰქონდა, თითქოს ვიღაცას განზრახ ზოგან მოკლედ, ზოგან კი გრძელად გაეჭრა. ფეხზე უბრალო შავი ბათინკები მეცვა. თმა ნახევრად მქონდა შეკრული — ზედა ნაწილი ლენტით დამემაგრებინა, დანარჩენი კი, თავისუფლად ჩამოშლილი, მხრებზე მეფინა; მოკლედ, ჩემი სტილის კვალობაზე, შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივად მეცვა. - კიი, ნამდვილად კარგი სტილი აქვს! - აღნიშნა ეკამ და ვაშლის მოზრდილი ნაჭერი გამომიწოდა. - აქვს რა! - მდორედ ამხედა თამომ. - შენ არ გეკითხებით! - მიუგო ორივემ ერთად. - რა პროფესიის ხარ შენ? ივენთ მენეჯერი ხომ? - დიახ, ღინისძიებებს ვგეგმავ და ვაფორმებ. - დავინტერესდი. - შენი ქორწილი იქნება ზღაპარი. - ამაზეც ჩამეცინა და თითქოს გულიც ამიჩქარდა. - არა, ჯერ არ ვაპირებ...- ვერც მოვასწარი დასრულება დემეტრეს ხმა რომ მომესმა. - რას არ აპირებ? - დაინტერესებულმა იკითხა, სასხვათაშორისოდ. - ის, რასაც ქალები ლაპარაკობენ, კაცის საქმე არ არის, ახალგაზრდავ. - დამცინავად უთხრა ნანამ და თვალი ჩამიკრა. - ატმის იოგურტი მოგიტანე, ჭამე - ჩამჩურჩულა, მხარზე მაკოცა და გარეთ გავიდა. გამეღიმა, ისიც კი იცოდა, ნაყინი რომ არ მიყვარდა. ნანას სახე რომ დავინახე, უფრო გამეღიმა. ერთი შვებით ამოვიოხრე, ყველაფერი კარგად რომ იყო და საქმეს შევუდექი. სანამ სუფრა გაიშლებოდა გარეთ გავედით. ძალიან კარგი, მზიანი ამინდი იყო. ფოტოებიც გადავიღეთ, ცოტა ვილაპარაკეთ, ყავაც დავლიეთ და ვითამაშეთ. მე მაყურებელი გახლდით, როგორ აგებდა დემეტრე მეორე ხელ დომინოს ელენეს მამასთან და სვლა კვლავ რომ არ მომეწონა და სასხვათაშორისოდ ვუთხარი, ეგ ქვა მეორე ბოლოში რომ დაგედო, ოცდახუთს დაიწერდი, მეთქი. - შენ რა, თამაშობ? - მომიბრუნდა ელენეს მამა და სათვალის ქვემოდან ამომხედა. - არა მხოლოდ დომინოს...- დავუღიმე და მხრები ავიჩეჩე. - დემეტრე, აბა დასვი ერთი... - ხელით ანიშნა და ქვები აურია. დემეტრემაც ინტერესით შემომხედა, ადგილი დამითმო და დაბალი სკამით გვერდით მომიჯდა. სამიდან ორი ხელი მოვიგე და მესამესაც მოვიგებდი, ნანას მეოთხედ რომ არ დაეძახა, სუფრასთან მოდითო. - კარგი გოგო ხარ, კარგი! - თითით მანიშნა და დემეტრეს თვალი ჩაუკრა. დემეტრემ კი თავმომწონედ გადმომხედა და მე ჩამიკრა თვალი. მსგავსი შეკრებები და ტრადიციული სუფრები, თავისი ყანწებით, სადღეგრძელოებითა და დროგამოშვებითი სიმღერით, ძალიან ლამაზი ყოფილა. მანამდე ვერ ვხდებოდი ასეთი საღამოების ფასს. ყველა ისეთი სიყვარულით იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, ისეთი გულწრფელები იყვნენ, წამით ისიც კი ვინატრე, ნეტავ სულ ამ გარემოში ვტრიალებდე, მეთქი. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. ყველამ დავლიეთ ცოტ-ცოტა, მაგრამ რა თქმა უნდა, კაცებმა ბევრად მეტი. სუფრის ერთმხარეს მსხდომი ქალები სულ არ უსმენდნენ კაცების ლაპარაკს, მაგიდის მეორე მხარეს რომ იყვნენ ჩამწკრივებულნი და ათასგვარ თემებს არჩევდნენ. დემეტრეს სახეს კარგად ვხედავდი, სპეციალურად ისეთ ადგილას გამოიჭიმა, ჩემი სახე კარგად რომ დაენახა. ელენეს მამის ლაპარაკი კი არა და არ წყდებოდა...ისე სიამოვნებდა სადღეგრძელოს თმა და ბიჭებთან ბაასი, ეტყობოდა, ასე კარგად დიდი ხანი რომ არ გაეტარებინა დრო. მის გვერდით მჯდომი დემეტრე კი თან მის გაუთავებელ საუბარს უსმენდა, ჭიქით ხელში, თან მე შემომხედავდა ხოლმე და მიღიმოდა. გვიანობამდე ვისხედით. მოხუცებმა დაიძინეს და სუფრასთან ისევ ახალგაზრდები შემოვრჩით, ჩაითა და ყავით, პლედებში გახვეულნი. რა თემას აღარ ვარჩევდით. მე და დემეტრეც გვერდიგვერდ ვისხედით და ერთი პლედი გვქონდა გადაფარებული, დემეტრეს მხარზე ხელი ჰქონდა გადახვეული და ლოყით იყო ჩემზე მოყუდებული. მიკვირდა და ამაზე მეტად მშურდა კიდეც, თითქმის შეუმჩნეველი სიმთვრალე რომ ჰქონდა. ერთადერთი, ცოტა ძნელად აღიქვამდა ნათქვამს და თუ კარგად არ აუხსნიდი ვერ იგებდა. ბოლოს, სასაუბრო რომ აღარაფერი გქვონდა და ჩვენს მთავარ ფიგურას, თამოს, მაგიდაზე ჩამოეძინა, ოთახებში გადავნაწილდით და დავიშალეთ. დილით ადრე გამეღვიძა. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მძინებია, თამოს გადამკიდე, რომელსაც თავისი წილი საწოლი არ ეყო და თელი ღამე ჩემზე ეძინა. შვიდის ნახევარი იქნებოდა, ვეღარ გავძელი და ავდექი. მხრებზე შალი მოვიხვიე და გარეთ გამოვედი. ეწვიმა წინა ღამით. სუსხიანი და ნისლიანი დილა იყო. ცოტა ხანს გარეთ დავრჩი წვიმის სუნისა და სინესტის შესაგეძნობად და ახალი სეზონის დასაწყისით გახარებული გავემართე ცხელი ჩაის დასალევად; ის იყო დაბლა უნდა ჩავსულიყავი, კიბის თავთან მდებარე ოთახიდან დემეტრე რომ გამოვიდა, თან სვიტრს იცვამდა პერანგზე და თან თვალებს იფშვნეტდა. - დილამშვიდობის - დაამთქნარა. - ასე ადრე როდიდან დგები? - იკითხა გაკვირვებულმა. ლოყაზე ამბორიც არ გამომიტოვა. - ვის რას ეკითხები? - დამცინავად მივუგე და ავხედ-ჩავხედე. - რას გავხარ?! - რამდენი დავლიე გუშინ არ გახსოვს? თავი მისკდება. - ისევ დაამთქნარა. - ყავა არ გინდა? თან ცივა... - თუ შენ გამიკეთებ, მინდა. - მითხრა და უკან გამომყვა. ფინჯანი წინ დავუდგი, მე კი ჩემი თაფლიანი ჩაით წინ დავუჯექი. ცალ ხელისგულს თავჩამოდებული, თვალებ დახუჭული მძიმედ სუნთქავდა. - მოდი ჩემთან...- დაიბუზღუნა და გაბრუებულმა ამომხედა ქვემოდან. გვერდით მივუჯექი და მაგიდაზე დადებული თავზე მოფერება დავუწყე. - არ მინდა წასვლა. - დავიწუწუნე. სოფელი ყოველთვის განსხვავებულ და განსაკუთრებულ ადგილად ითვლებოდა ჩემთვის. ზოგადად სოფელი, ძალიან მიყვარდა და ჩემი ხომ მით უმეტეს. - თან ასეთ ამინდში სოფელში ყოფნა, იცი, როგორ მიყვარს? - ჩემზე მეტად? - თვალებდახუჭული მელაპარაკებოდა. - რა შუაშია? შენ რა, ისევ მთვრალი ხარ?- გავუცინე. - მგონი კი. - გეტყობა. - წამოიწია და ისევ გადამხვია ხელი. ისევ ისე მიმიხუტა და მაშინ ის ადგილი უფრო მყუდრო გახდა, ვიდრე წვიმასა და ნისლში ჩაკარგული სოფელი. ეს იმაზე ბევრი იყო ჩემთვის, ვიდრე ოდესმე ვინატრებდი. - ასეთს პირველად გხედავ, ძალიან საყვარელი ხარ.. - გინდა? - ყავა მოსვა და მეც შემომთავაზა. არა მეთქი, ვანიშნე. მარტოობითა და სიწყნარით განებივრებულებმა დიდხანს ვლაპარაკობდით. ნუ, უფრო მე ვლაპარაკობდი და ის მისმენდა. უკვე კარგად იყო. შუა დღემდე გავჩერდით სოფელში, მერე ყველამ ვისაუზმეთ და ერთად გამოვუყევით გზას. როგორც ველოდი მთელი კვირა არ წყდებოდა ჩვენი შეკრების განხილვა. წასულებმა ინანეს კიდეც რომ არ დარჩნენ და საგანგებოდ მოითხოვნენ კიდევ ერთხელ შეკრებას. თუმცა მათთვის უკვე აღარც ვახოს ეცალა და აღარც თხუთმეტი მარტი იქნებოდა მომავალ წლამდე. გზამ დუმილში გაირბინა. თითქოს ყველანი ისევ იმ ეზოში დავრჩით, იმ სუფრასთან, იმ წვიმის სუნში გახვეულ საღამოსთან. მე ფანჯარაში ვიყურებოდი და ნისლში გახვეულ მთებს თვალს ვერ ვაშორებდი — რაღაცას ვტოვებდი იქ, თუმცა რას ზუსტად ვერ ვხვდებოდი. ქალაქში დაბრუნებისთანავე ყველა ისევ თავის რიტმს დაუბრუნდა, თუმცა იმ დღის სიმსუბუქე ბოლომდე არ გამქრალა — თითქოს მუდმივად თან დაგვყვებოდა. წვიმების სეზონი ოფიციალურად დაიწყო. რამდენიმე დღეს გადაუღებლად იწვიმა. იმ საღამოსაც ცივი, სუსხიანი ამინდი იყო. ფანჯრებს წვეთები უწყვეტად ეხეთქებოდა, ოთახს კი მხოლოდ მაგიდის სანათი ანათებდა. დივანზე ფეხმორთხმით მოკალათებული, წიგნს ვკითხულობი, დემეტრე კი იატაკზე, დივანთან ახლოს ჩამომჯდარიყო, ზურგით ჩემს მუხლებს მოყრდნობილი. ხელში რაღაც საბუთები ეჭირა, მაგრამ აშკარა იყო — დიდი ხანია აღარ კითხულობდა. - უკვე მეხუთედ გადაშალე იგივე გვერდი - ჩავილაპარაკე. ოდნავ ასწია წარბი და ქვემოდან ამომხედა. - მითვალთვალებ? - შენზე დაკვირვება საჭირო არც არის, ყველაფერი ზედ გაწერია. - არაფერი მითხრა. სიჩუმე იდგა ოთახში, მხოლოდ წვიმის წვეთები ხმა ისმოდა. ბოლოს მეც დავხურე წიგნი და დაღლილობისგან თავი დივნის საზურგეზე გადავაგდე. - იცი, ბავშვობაში მეგონა, რომ ვინც მეყვარებოდა, იმასთან სულ საინტერესო საუბრები მექნებოდა. - და? - შენთან ზოგჯერ საერთოდ არ ვლაპარაკობ ხოლმე. - უკმაყოფილო ხარ? - პირიქით, და ცოტა უცნაურია უბრალოდ. -ჩამეცინა. დემეტრემაც გადმოაგდო თავი უკან, ისე რომ ჩემთვის ეყურებინა. ისიც იღიმოდა. - ჩემთან ჩუმად ყოფნა გიყვარს? - ჰო. - თავი დავუქნიე. არაფერი უთქვამს. ნელა ასწია ხელი და თავისი თეთრი, ლამაზი თითები ჩემსაში ნაზად გადახლართა. თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, ნამდვილად ჩემთან რომ იყო. ცოტა ხანს ასე იჯდა, ჩუმად. ისე აკვირდებოდა ჩემს სახეს, ჩემს თვალებს, ტუჩებს, თითქოს მათ შესწავლას, დამახსოვრებას ცდილობდა. მერე წამოდგა, სამზარეულოში გავიდა და იქიდან რამდენიმე წუთში ორი ჭიქით დაბრუნდა. - ჩაი? - მოვსვი და უგემურობისგან სახე დავმანჭე - უშაქროა! - იმიტომ რომ სახლში შაქარი არ არის. - გუშინ იყო. - ჰოდა, გუშინ ლამის მთელი ქილა ჩაყარე.-შეურაცხყოფილი სახით გავხედე. - ეს ბრალდებაა? - არა, ფაქტია. - ჩაეცინა - რომ შაქრის მანიაკი ხარ. - გამეცინა. - ბავშვობაშიც ტკბილი მიყვარდა ჩაი. ბებიაჩემი მეუბნებოდა, ბოლოს სისხლის ნაცვლად შაქარი გექნებაო. - როგორი ბავშვი იყავი? - ინტერესით გადმომხედა. - რატომ გაინტერესებს? - ხომ უნდა გადავწყვიტო, მშვიდი იყავი თუ აუტანელი? - მხრები აიჩეჩა. - მეორე. - ეჭვიც არ მეპარება. - მართლა საშინელი ბავშვი ვიყავი. ყველგან ვძვრებოდი და მუხლები სულ გადატყავებული მქონდა, ხოლმე. ერთხელ, სხვათაშორის, ხეზე ავედი და ვეღარ ჩამოვედი. - დემეტრეს ჩაეღიმა. - რამდენი ხანი იყავი იქ? - ალბათ, ორი საათი. - და მერე? - პაპაჩემმა ჩამომიყვანა. თან მთელი გზა მეჩხუბებოდა და ბოლოს დამცინა კიდეც ბებიაჩემთან. - დემეტრე ჩუმად მისმენდა... ისეთი სახით, თითქოს მართლა ცდილობდა იმ პატარა ლიკას წარმოდგენას, რომელზეც ვუყვებოდი. - დარწმუნებული ვარ, ბევრს ლაპარაკობდი. - მითხრა დარწმუნებით. - ძალიან ბევრს. - ახლაც ბევრს ლაპარაკობ. - უბრალოდ შენ ხარ ზედმეტად ჩუმი და, რა თქმა უნდა, ასე ჩანს. - თავი ვიმართლე. - არა, შენ მართლა ბევრს ლაპარაკობ. - გამიმეორა - მაგრამ - დაამატა მშვიდად, - როცა გაბრაზებული ხარ, უცებ ჩუმდები. - ანუ მაკვირდები? - წარბი ავუწიე. - მომწონს და იმიტომ. - კიდევ რა იცი ჩემზე? - ძალიან გაინტერესებს? - იკითხა, თითქოს არ უნდოდა მოყოლა, თუმცა ჩემს ცნობისმოყვარეობას რომ ვერაფერი მოუხერხა, სხვა გზა აღარ დარჩა. - როცა ნერვიულობ, ბეჭედს ატრიალებ თითზე. - ინსტინქტურად დავხედე ხელს და თითქოს მხოლოდ მაშინ გავიაზრე, დემეტრეს ნათქვამი რომ მართალი იყო. მის თვალებში კმაყოფილებამ გაიელვა. - კიდევ, ფილმის ყურებისას ყოველთვის წინასწარ ცდილობ გამოიცნო რა მოხდება და მერე ბრაზდები, თუ სწორად ვერ გამოიცანი. - იმიტომ რომ ცუდად დაწერილი ფილმები მძულს. - და მაინც ბოლომდე უყურებ. - კიდევ მითხარი! - გავხალისდი და მის მოსასმენად მოვკალათდი. - ამ ყველაფრის გარეშეც რომ მიყვარხარ, ხომ იცი? არ გჭირდება იმის ცოდნა, რას ვიტყვი შენზე და რას არა. - და ყველაზე მეტად რა გიყვარს ჩემში? - რა გინდა რომ გითხრა? - ჩაილაპარაკა და როცა მიხვდა, ვერ მომიშორებდა, ნაძალადევად გააგრძელა - ის, რომ შენ სხვებს არ ჰგავხარ? მაშინ ხომ იტყვი, და თუ არ იტყვი, ხომ მაინც გაიფიქრებ, რომ ეს მოძველებული და გაცვეთილი პასუხია? კი ასე იზამ - წარბი ასწია - მაგრამ მართლა ასე რომაა ამ სიმართლეს რა ვუყო? - სახე მომიახლოვდა და პირდაპირ თვალებში მომაჩერდა - ძალიან ბევრი მიზეზის გამო შემიყვარდი მე შენ. - მაინც? - არ ვჩერდებოდი. - იმიტომ შემიყვარდი, რომ ყველაზე არანორმალური ვინმე ხარ, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. - ანუ? - რამდენადაც ჩამოყალიბებული ქალი ხარ, მაინც იმდენად გაუწონასწორებელი, ფეთქებადი და ემოციური ხარ. - ჩაეღიმა - იცი, ხანდახან არ მესმის, როგორ შეგიძლია იყო ერთდროულად ზრდასრული ქალიც და მეამიტი გოგოც, ბავშვური საქციელებითა და ხასიათით...შენი ყოველი ქმედება, ყოველი ნაბიჯი და სიტყვა გამოცანაა ჩემთვის და ყოველ ჯერზე შენს კიდევ ერთ ვარიანტს მიჩვენებს. მაჩვენებს რამდენად ცვალებადი შეგიძლია იყო. - და მე იგივე კითხვა მაქვს! - გავუმეორე - ყველაზე მეტად რა მოგწონს ჩემში? - მე შენში ყველაფერი მომწონს. - ჩემს მოსაშორებლად ნუ მეუბნები მაგას! - მე მართლა ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ და თუ რაღაცას ვამბობ იმას ტყუილად არ ვამბობ. როცა გეუბნები, რომ შენში ყველაფერი მომწონს, ესე იგი ასეც არის. - მაგალითად? - მომწონს, როცა თვალის არიდებას არ ცდილობ იმ მომენტში, როცა ჩემს მზერას შეამჩნევ. - ისევ ისე მომანათა მზერა - მაგრამ ისიც მომწონს, როცა გრცხვენია და თვალს ვერ მისწორებ. კიდევ ერთხელ, მომწონს შენი ცვალებადი ბუნება...სიამიამიტე...შენი მუსიკისადმი დამოკიდებულება... მომწონს ის, რომ პირდაპირ გამოხატავ, როცა ვიღაც არ მოგწონს და მათ ზურგს უკან არ ლაპარაკობ. ძალიან მომწონს შენი სიარულის მანერაც, დიდ და ნელ ნაბიჯებს რომ დგამ... ყველაზე მეტად ის მომწონს, თმას დაუდევრად რომ იკრავ ხოლმე და ალაგ-ალაგ კულულები რომ გაქვს ჩამოკონწიალებული. - ჩაეღიმა - ამ დროს იმდენად საყვარელი ხარ ხოლმე, ჭკუიდან გადაგყავარ. - სულ ოდნავ შეათამაშა თავის თითებში ჩემი კულული. - ვგიჟდები იმ ფაქტზე, ჩემს სურნელზე რომ ჟრუანტელი გივლის და ძალიან მომწონს, როგორც ვმოქმდებ შენზე. - თავხედო! - მხარზე დავარტყი და დავემუქრე, ასეთი რაღაცებს ნუ ამბობ, თორემ ჩემი ხელით მოგკლავ, მეთქი. არ მისმენდა. - მომწონს შენი ხუთ ადგილას გახვრეტილი ყური... - უკვე თავად აგრძელებდა მოყოლას და ყოველჯერზე ისეთ რამეს იტყოდა, გული გახეთქვაზე მქონდა. - შენი გრძელი კისერიც, და წყვილი ხალიც კისერზე...შენი პატარა, თხელი და სწორი თითები...შენი სურნელი...და საერთოდ ყველაფერი...მაგრამ იცი რა? - რა? - მე მაინც შენი სული მიყვარს სხეულზე მეტად. *** იმ წვიმიან საღამოს, ხმაურიან ქალაქში, სადაც ფანჯრებს წვიმის წვეთები შეუჩერებლად ეხეთქებოდა და ქუჩის განათებები ნისლში იკარგებოდა, სახლში საუცხოო სიმყუდროვე სუფევდა და ამ სიმყუდროვეს, დემეტრეც უფრო ძლიერს ხდიდა. თითქოს მთელი ქალაქი გარეთ დარჩა, თავისი აჩქარებული რიტმითა და ხმაურით, ჩვენ კი იმ პატარა სივრცეში, წვიმის ხმასა და ერთმანეთის სუნთქვას შორის, ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდით ერთმანეთის თვალების გარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


