მანათობელი გრძნობა - თავი 17
გადიოდა დრო და დღეები ერთმანეთს ემსგავსებოდა. დილა მიდიოდა, საღამო მოდიოდა, და მათ შორის დარჩენილი საათები ისე იკარგებოდა, თითქოს არც არასდროს არსებობდა. ყველაფერი თავის ადგილზე იყო, მაგრამ მაინც არაფერი იყო ძველებურად. დროის სვლასთან ერთად, დემეტრეც შეიცვალა და უცნაური გახდა. მაშინ, როცა ვფიქრობდი, რომ ყველაფერი საბოლოოდ დალაგდა და როგორც იქნა, მშვიდად შემეძლო ცხოვრების გაგრძელება, ისევ ყველაფერი თავდაყირა მოექცა. ის შეიცვალა. მისი საქციელები, უმიზეზო დუმილი და დაბნეულობა მოსვენებას არ მაძლევდა. იმაზე მეტად ჩუმი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. არც ასეთი დაბნეული მენახა იქამდე. ერთი-ორჯერ ხელიდან ჭიქაც კი გაუვარდა. ვფიქრობდი, რომ რაღაც ხდებოდა. რაღაც პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ამდენად რა მოქმედებდა მასზე, ვერაფრით გავიგე. ერთი, მხოლოდ ლოდინი მრჩებოდა. ველოდი, როდის ექნებოდა საკმარისი გამბედაობა, ჩემთვის თავად რომ მოეყოლა ყველაფერი. მაგრამ ამ ლოდინში სამი დიდი თვე გაილია... იმ საღამოსაც წვიმდა. სამსახურიდან სახლში მისულს არც ჭამის თავი მქონდა და არც რაიმის კეთების. ორი დღე დემეტრე არ მენახა და ველოდებოდი, უნდა მოსულიყო. არ მოვიდა. თავს ვიმშვიდებდი, რომ საქმე ჰქონდა. რომ დრო არ ჰქონდა და ამიტომ ვერც გამაფრთხილა. მაინც ვერაფერი მოვუხერხე საკუთარ წარმოდგენებსა და ფანტაზიას. რა არ ვიფიქრე, რა არ წარმოვიდგინე. ბოლოს კი, ჭკუიდან რომ არ გადავსულიყავი, ისევ დარეკვა გადავწყვიტე. ის იყო ტელეფონი ავიღე და იმ წამსვე ვახომ დამირეკა. ცუდმა აზრებმა მოიცვა კვლავ ჩემი გონება. - ლიკა, ახლა თუ არ მიხვალ დემეტრესთან, ძალიან გართულდება ყველაფერი. ისედაც ცუდადაა საქმე და დღეს საერთოდ ვერ დავუკავშირდი. გუშინდელს შემდეგ სახლიდან არ გამოსულა. არც ტელეფონს იღებს. მე ვერ მივდივარ, იქნებ შენ მიხვიდე? - ბოლოს დემეტრეს მისამართი მიკარნახა და ის იყო უნდა გაეთიშა, ბოლოსღა მოვასწარი კითხვა, რა ხდებოდა. - მამამისი გარდაიცვალა, ლიკა. - უცებ მომიგო და მთხოვა, რაც შეიძლებოდა მალე მივსულიყავი მასთან. როცა მისი მდგომარეობა წარმოვიდგინე, გამახსენდა დემეტრეს ფსიქიკური სისუსტე და ძალიან შემეშინდა. ხომ შეიძლებოდა კვლავ პანიკური შეტევა დამართნოდა? სასწრაფოდ მასთან გავიქეცი. გზაში ათასგვარ მდგომარეობაში წარმოვიდგინე ის, მაგრამ კარი თვითონ რომ შევაღე და ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში, დივანთან, ძირს მჯდომი დავინახე...იქვე გავქვავდი. გატრუნული ვიდექი მეც და ისიც გაუნძრევლად იჯდა. თავი მუხლებზე ედო, არც გაუგია როდის შევედი. ცოტა ხანს ვერ გავბედე მასთან მისვლა. ვცდილობდი, დავმშვიდებულიყავი. ისევ ცრემლებს ვერ გადმოვყრიდი. - დემეტრე?! - მშვიდად დავუძახე. არაფერი გაუგია. მივუახლოვდი და სულ ოდნავ შევახე მხარზე თითის ბალიშები, მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, დაფრთხა და ხელი დამიკავა. რომ დამინახა შეცბა. თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა. ეტყობოდა ტირილს რომ იკავებდა. ვერ ტიროდა და ემოციების შეკავებისგან ცხვირის წვერი სულ გაწითლებული ჰქონდა. გული მომიკვდა. ისეთი ძლიერი, ისეთი უშიშარი და შეუპოვარი დემეტრე პატარა ბავშვად ქცეულიყო და ტირილსაც ვერ ბედავდა. ის უშიშარი დემეტრე, რომელიც მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა, ყველას წინააღმდეგ წასულიყო...სულ სხვანაირი იყო იმ წამს...უცხო, სევდიანი და მარტოსული. სულ ოდნავ შევეხე სახეზე, ცივი მომეჩვენა. ფერი არ ედო და სახეც და ხელებიც სულ გაყინული ჰქონდა. დამინახა თუ არა, გაუბედავად დაიწყო რაღაცის ლუღლუღი. - მამაჩემი.. - ნაწილი-ნაწილ ლაპარაკობდა. - მამა... გარდაიცვალა, ლიკა - ძლივს ამოთქვა და ცრემლი ჩამოეღვარა. - ვიცი... - თავი დავუქნიე. - გარდაიცვალა...ვერ..ვერ შევურიგდი! - ვიცი. - ვუთხარი, მის წინ მუხლებზე დავემხე და მთელი ძალით ჩავეხუტე. ცოტახანს ვერ ბედავდა შეხებას, ვერც რაიმეს თქმას. ბოლოს გახშირებულად, მშფოთვარედ დაიწყო სუნთქვა და ნელ-ნელა აეტირა, ხელიც შემომხვია და მაგრად ჩამიხუტა. - ძალიან ვწუხვარ... ძალიან...- მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. არ ვიცოდი როგორ დამემშვიდებინა...ნორმალურად ვერაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ ჩუმად დარჩენაც არ შემეძლო... - მაპატიე, რომ აქამდე ვერ მოვედი შენთან, დემეტრე...მაპატიე. - მხოლოდ ეს ვუთხარი და დავაცადე მთელი სიმწარე ამოენთხია. - ყველა რატომ მტოვებს? - გაუბედავად ამოთქვა - რა დავაშავე, ასეთი? რა? - ბრაზობდა, ჩიოდა...- რა დავაშავე?! - არაფერი, დემეტრე...არაფერი დაგიშავებია! - უკვე მეც მეტირებოდა, "რა დავაშავეს" გაგონებამ ერთიანად დამშალა. - შენ არაფერი დაგიშავე...- - ვერ მოვასწარი...ისე დამტოვა ვერც კი ვნახე...ვერც შევურიგდი და ახლა ასე როგორ ვიცხოვრო, ლიკა? მ..მე...ჰმმ...- ვეღარ ამოისუნთქა და პერანგს დაუწყო ქაჩვა. თავიდან ვერ გავიგე, მაგრამ მერე სუნთქვა რომ შეეკრა, ყველაფერს მივხვდი...პანიკური შეტევა ეწყებოდა. სუნთქვა უფრო და უფრო გაუჭირდა და შფოთვა აუვარდა. - დემეტრე! - მივაძახე და მის პერანგს ჩავაფრინდი. ხელის კანკალით ორი ღილიც ძლივს გავუხსენი, რომ როგორმე ესუნთქა...- დემეტრე, მე შემომხედე, ჩემი გესმის? - ყვირილი დავიწყე - შემომხედე! ჩემთან ერთად ისუნთქე! მიდი! - თვალებში ჩავხედე და სუნთქვით ვარჯიშებს ვუჩვენებდი. დაახლოებით სამი წუთი ვაკეთებინებდი ვარჯიშს. ძლივს მოვახერხე, მისი ყურადღება მიმექცია. ბოლოს, როგორც იქნა, ნელ-ნელა, ძალიან ნელა დაიწყო სუნთქვა, მაგრამ თავი არ დავანებე. ვარჯიშები იქამდე ვაკეთებინე, სანამ არ დავრწმუნდი, რომ კარგად სუნთქვა შეეძლო. - ღმერთო! - ერთი შევხედე და გადავეხვიე. - ძალიან შემეშინდა! - ძლივს ამოვისუნთქე. თვალებში ეტყობოდა, დაღლილი იყო... როგორღაც მოვახერხე მისი საწოლში დაწვენა, მერე მეც მივუწექი. მივიხუტე და ვუთხარი დაეძინა, ცოტა ხნით მაინც. ხელები მჭიდროდ შემომხვია, პატარა ბავშვივით მოიკუნტა და მხოლოდ მაშინ, ჩუმად აქვითინდა. - ნელ-ნელა...სულ მარტო ვრჩები...- ძლივს ამოთქვა. - მე აქ ვარ, დემეტრე! მოვკვდები, მაგრამ მარტო არ დაგტოვებ! - გახურებულ შუბლზე ვაკოცე და თმაზე დავუწყე მოფერება, რომ ჩასძინებოდა, თან სულ ვიმეორებდი, მე აქ ვიქნები, შენთან, მეთქი. რომ დავრწმუნდი, ეძინა, მხოლოდ მაშინ ამეტირა. ვერც ამას ვბედავდი ნორმალურად, რომ არ გამეღვიძებინა. ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ყურება...ვერ ვეგუებოდი დემეტრეს ასეთ გარდასახვას. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს დემეტრეს, უფრო სწორად, პატარა დემეტრეს ნაწილი იყო. იმ დემეტრესი, რომელიც მწუხარებასა და ბრაზს სხვა გრძნობების მსგავსად ვერ გამოხატავდა. ყველაფერს გააკეთებდა, ყველაფერს გადაიტანდა... მაგრამ რამდენადაც ძლიერი იყო, იმდენად უმწეო ხდებოდა მაშინ, როცა საქმე მის ბავშვობას, მის მშობლებს ეხებოდა. თვალები და ქუთუთოები სულ სველი ჰქონდა, სახეზე ფერი არ ედო. თმა არეული ჰქონდა და მძიმედ სუნთქავდა. არ ვიცოდი რა მოგველოდა ან მას, ან მე, მაგრამ იმ მომენტში, როცა ვუთხარი რომ არ დავტოვებდი, იმაზე სერიოზული და კატეგორიული ვიყავი, ვიდრე ეს ჩემს ნათქვამში ჩანდა. ერთადერთი, რაც იმ მომენტში ვიცოდი, ის იყო, რომ სანამ ეს ყველაფერი არ ჩაივლიდა კი არა, რამდენ ხანსაც საჭირო იქნებოდა, იმდენ ხანს დავრჩებოდი მასთან. აი აქ და ასე. დილით, ათი ხდებოდა, რომ ავდექი, მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა. მთელი ღამე ყარაულში გავატარე, მეშინოდა, ისევ ცუდად არ გამხდარიყო. არ ვიცოდი რა მჭირდა, მაგრამ იმ მომენტში ისე ძლიერად ვგრძნობდი თავს, როგორ არასდროს. კიდევ ბევრსაც გავუძლებდი თუ ასე იქნებოდა საჭირო. წარმოგიდგენიათ? თითქოს მე და დემეტრემ ადგილები გავცვალეთ. უკვე მე ვიყავი ის, ვინც მასზე იზრუნებდა და დაამშვიდებდა, ვინც მასთან დარჩებოდა და გაამხნევებდა. სამზარეულოში ვიჯექი, მაგიდასთან. ცივ წყალს ვსვამდი და მოუთმენლად ველოდი დემეტრეს გაღვიძებას. ისე მინდოდა მისი ნახვა, მასთან ლაპარაკი...მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ბოლო პერიოდი არც ნორმალურად ეჭამა და ძილზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი. ამიტომ რამდენად მეტსაც დაიძინებდა, მით უკეთესი იქნებოდა მისთვის. სულ ათი წუთი ვიჯექი სამზარეულოში მარტო. მერე ის იყო საუზმის გასამზადებლად უნდა ავმდგარიყავი, ახალგაღვიძებული დემეტრე რომ შემოვიდა. ჯერ შემოსასვლელ თაღთან გაჩერდა, სულ ერთი წუთით შემავლო მზერა. უხმოდ მიუჯდა მაგიდას და თითების წვალება დაიწყო. არ მიყურებდა. ცივი წყალი დავუდგი წინ და თმაში შევავლე ხელი. - დილამშვიდობის. - ხმა არ გამცა. ისევ ისე იჯდა თავჩაღუნული. უკნიდან რომ ვერაფერს გავხდი, წინიდან მოვუარე და წყალი მივაწოდე. მორიდებულად ამომხედა, ნახევარი ჭიქა დალია და ისევ ისე დაჯდა. - კარგი, თუ ლაპარაკი არ გინდა, არაუშავს. - ვუთხარი და გამოვეცალე. ხელში ხელი ჩამჭიდა და შემაჩერა. - თუ გინდა წადი...- გაუბედავად მითხრა, არც შემოუხედავს. - შენ თუ გინდა, რომ წავიდე? - ლოყაზე სულ ოდნავ შევეხე. ჯერ მე შემომხედა უხმოდ. აშკარად დაფიქრდა, რა უნდოდა და მერე ისევ მდუმარემ დამიქნია თავი, თითქოს მოერიდა იმის აღიარების, მარტო დარჩენა რომ უნდოდა. - კარგი. თუ ასე გინდა, წავალ და მანამ არ მოვალ შენთან, სანამ თავად არ მოგინდება. მაგრამ გთხოვ, თავს ნუ დაიტანჯავ კარგი? - იმედიანი მზერით გავხედე. თავი ოდნავ დამიქნია, მერე წელზე ნელა შემომხვია ხელები და მხარზე ჩამომადო თავი. - მაპატიე, რომ ესეთი მნახე. - არასდროს შეგრცხვეს იმის, რაც შენი ნაწილია, გაიგე? - არ მოვშორებივარ - სუსტი ფსიქიკა და ნერვები გაქვს და ჯერ კიდევ ტრავმირებული ხარ, მაგრამ ეს შენი ბრალი არ არის. - ბეჭებზე დავუსვი ხელი. - მე შენ ისეთი მიყვარხარ და ისეთს აგიტან, როგორიც ხარ. ეს ხომ იცი? ყველას აქვს რთული დღეები და არც შენ ხარ გამონაკლისი, მაგრამ გპირდები, დემეტრე, ესეც გაივლის! - სახეში შევხედე და კვლავ იმედიანად გავუღიმე. - ღვთის საჩუქარი ხარ! - ჩახლეჩილი ხმით მითხრა. მერე თვალები დახუჭა და სახე ჩემს ყელში ჩამალა. - მადლობა, რომ ჩემთან ხარ...დიდი მადლობა. - მარტო ახლა კი არა, ყოველთვის შენთან ვიქნები, დემეტრე. ყოველთვის! - ესღა ვუთხარი და გავჩუმდი... მალევე დავემშვიდობე და წამოვედი. არც ვურეკავდი და არც ვწერდი. არ მინდოდა, რაიმე დამეძალებინა მისთვის. ველოდი, თავად გადმოედგა ნაბიჯი სწორედ მაშინ, როცა ენდომებოდა. ვიცოდი, რამდენი რამ ჰქონდა გამოვლილი და ალბათ, ვერც წარმოვიდგენდი, რამდენად რთული და მტკივნეული შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფერი. მიუხედავად დახმარების, მის გვერდით დარჩენის დიდი სრუვილისა, მაინც მინდოდა, თვითონ გადაეხარშა ეს ყველაფერი და საკუთარი თავისთვის ეპატიებინა. ეპატიებინა ის, რომ მამამისთან საკმარისი დრო არ გაატარა; რომ დედის წასვლით გამოწვეული ტკივილი, მამობრივი სიყვარულით არ გაიყუჩა; რომ მამამისს ვერ პატიობდა სხვა ქალზე დაქორწინებას; რომ არ ხვდებოდა მას, არ ელაპარაკებოდა; დემეტრემ ვერ გაითვალისწინა, რამდენად ხანმოკლეა ადამიანის სიცოცხლე და ვერც ის მოახერხა, უკანასკელ წუთს მის გვერდით რომ ყოფილიყო. ერთადერთი მხოლოდ ის შეძლო, სულ ერთი მუჭა მიწა მიეყარა მისთვის. მაგრამ ვაი, რომ იმ ერთ მუჭა მიწამ ვერ დაიტია ვერც მისი სინანული, ვერც დანაშაულის გრძნობა და ვერც ის სიყვარული და ის მონატრება, რასაც დემეტრე დაატარებდა; დაატარებდა ჩუმად, ყველასგან მალულად და მასთან ერთად კიდევ, ღმერთმა უწყის, რამდენ რამეს... დემეტრე იმაზე დიდხანს დუმდა, ვიდრე წარმომედგინა...სწორედ ის მოხდა, რაც თავიდანვე მაშინებდა. საკუთარ თავში ჩაიკეტა და არავისთან, მათ შორის ჩემთანაც, კავშირზე დიდხანს აღარ გამოსულა. მისი საქციელები და სიჩუმე სულ უფრო უცნაური ხდებოდა; მე კი შიშით მავსებდა. შიშით, რომ მისი მარტო დატოვებით ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. დუმილში გატარებული ყოველი დღე, ყოველი საათი და ყოველი ზარით გამოწვეული იმედგაცრუება, რომ არცერთი მათგანი დემეტრესგან არ იყო, სულ უფრო ზრდიდა ჩემს შიშებს და მათში მახრჩობდა. მის დუმილს რომ ბოლო არ უჩანდა და მე მოთმინება რომ ამომეწურა, მტკიცედ გადავწყვიტე, მეტად ასე აღარ გაგრძლედებოდა. მასთან წავედი. დემეტრესთან მიმავალი ვცდილობდი საკუთარი თავი გამერთო, რომ როგორმე მთელი ჩემი მღელვარება, შიში და აუტანელი შფოთვა მომეშორებინა და სადღაც შორს გადამეგდო. მჯეროდა, რომ დემეტრე ძველებური ღიმილით გამიღებდა კარს; რომ ის კარგად იქნებოდა და მიუხედავად მთელი ტვირთისა და ტკივილისა, ძალა ექნებოდა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა. არ გამომდიოდა და ალბათ იქამდე არ მოხდებოდა ეს, სანამ მომღიმარს საკუთარი თვალით არ დავინახავდი და მერე, თვალით ნანახის უტყუარობის გადასამოწმებლად, მაჯაზე წიწკვნასაც არ ვიგრძნოდბი. ნერვიულობისგან კბილები ამტივდა და ჩემი გამხდარი, თეთრი ხელებიც ერთიანად გამეყინა. გზა კი იმაზე მეტად დაგრძელდა, ვიდრე იყო. ბოლოს, როგორც იქნა მივადექი ჩემ წინ ცათამბჯენივით ატუზულ კორპუსს და უცებ შევავლე თვალი დასარწმუნებლად, დემეტრე სახლში რომ იყო. დაუღალავად ავირბინე კიბეები და დაღლილმა, სუნთქვა რომ დავირეგულირე, გაუბედავად დავაკაკუნე შავ რკინის კარზე. კარის გაღების მოლოდინში ლამის სული დამელია, მაგრამ მერე, მოულოდნელი სანახაობით გაოგნებულს, ის მოჩვენებითი ღიმილიც დამეკარგა სადღაც, საგანგებოდ რომ ავიკარი, ნერვიულობისა და მღელვარების დასამალად. ისიც კი ვინატრე, ნეტავ, საერთოდ არ მენახა ის, რაც ვნახე და იქ მისვლაც ვინანე. დემეტრეს სულ რამდენიმე მილიმეტრით ჩამოზრდილი თმა, მოუწესრიგებელი და არეული ჰქონდა; თვალები ჩაწითლებული და ოდნავ შესიებულიც. ისეთ ცუდ ფორმაში იყო, წამით ეჭვიც კი შემეპარა, ხომ ნამდვილად სწორ ადგილას ვარ მეთქი; ხომ ნამდვილად დემეტრესთან მოვედი მეთქი; ბოლოს კი საერთოდ იმაზე დავფიქრდი, ვინ იყო ჩემს წინ მდგომი კაცი. ჩემმა დანახვამ საერთოდ არ გააკვირვა; არც ნერვი გატოკებია და იმ ღიმილზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი, გზად მომავალი რომ ვოცნებობდი. - არ შემომიშვებ? - დაბნეულმა ამოვილუღლუღე ბოლოს და სიმწრით გადავყლაპე თვალზე მომდგარი ცრემლი. ხმა არ გამცა, ჯერ გვერდზე გადგა, შემოდიო და მერე, ისევ უხმოდ გასწია სამზარეულოსკენ. მის სახლს არაფერი ეტყობოდა, იქ ადამიანი რომ ცხოვრობდა. არასდროს იყო არეული და არც საჭმლის სუნი ტრიალებდა კორიდორსა და სამზარეულოში, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. თუმცა, საჭმლის სუნი ვერც იქნებოდა, რადგან თავად ის არსად იყო. იქ ყველაფერი ხელოვნური იყო. თითქოს თითოეული ნივთი მხოლოდ ინტერიერის ნაწილს წარმოადგენდა და თავის ადგილას იყო დაწებებული. მაგრამ, რაღა დაგიმალოთ, დიდად არც მიკვირდა, მით უმეტეს, რომ ვიცოდი, სახლის პატრონს ეს დიდად არ ანაღვლებდა. სახლი კი არა, იმ მომენტში ისიც კი არ ვიცოდი, საერთოდ რა ანაღვლებდა დემეტრეს. ისეთი ცივი, ჩუმი და გაუცხოებული არასდროს მენახა. უხმოდ იდგა სამზარეულოში და ყოველგვარი კითხვის გარეშე აკეთებდა ყავას, ისიც ჩემთვის. და ამას ისე ნელა და დაძაბული აკეთებდა, როგორც პატარა ბავშვი, რომელიც ყავას პირველად აკეთებს. - ყველაფერი კარგად არის, ჰო? - ამის თქმა იყო, დემეტრეს ყავის ქილა ხელიდან გაუვარდა და მთელს იატაკზე გაიშალა. არც ამაზე ამოუღია ხმა და ქილის დავარდნაზე მეტად ის მაშინებდა, უხმოდ რომ იდგა და იატაკზე დაპნეულ ყავასა და საკუთარ ხელს თავჩაქინდრული დაჰყურებდა. - არაუშავს, ახლავე მივხე... - - არაფერია. - უცებ მომიგო, აუღელვებლად. - თავად ვიზამ. - არა, მოიცადე... - მაინც წავიწიე, მაგრამ არ დამანება. - მე თვითონ მეთქი! - სადღაც აორთქლდა მისი სიმშვიდე და ისე წამომიღრინა, ცოტა ხანს ხმის ამოღება ვეღარ მოვარხერხე. მერე, თითქოს გამოფხიზლდაო, თვალებზე აიფარა ხელი და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, ამოიოხრა. - დემეტრე... - ნელა მივუახლოვდი, თვალებში რომ ჩამეხედა და ფრთხილად ჩავჭიდე ხელი. - ... - არ შემომხედა. მდუმარედ იდგა, სამზარეულოს დახლს აყუდებული და თავი დამნაშავესავით ჰქონდა დახრილი. - რა გემართება? - მზრუვნელად ვკითხე, ჩურჩულით. - მე... - სიტყვა გაუწყდა. ვეღარაფერი მითხრა, მაგრამ სათქმელი რეალურად ძალიან ბევრი ჰქონდა. - შენ რა, დემეტრე? მითხარი. - მე... მეშინია ლიკა... - რისი გეშინია? - ისევ გაჩუმდა. მიუთმენლად ველოდები, როდის იტყოდა სათქმელს...მაგრამ ეტყობოდა, არ აპირებდა - ვხედავ, რაღაც ხდება. რაღაც გჭირს და ეს უბრალო რამ არ არის. - ძალიან გთხოვ... - ნელა მოიშორა ჩემი ხელი და განზე გადგა - იმას ნუ მოითხოვ ჩემგან, რაც იცი, რომ არ შემიძლია. - დემეტრე ... - ღრმად ჩავისუნთქე, გაურკვევლობისგან ჭკუიდან გადასულს, ყვირილი რომ არ დამეწყო და მერე გავაგრძელე - ამიხსნი რა ხდება, თუ გინდა გავგიჟდე? - ლიკა, ძალიან გთხოვ, შენ მაინც გამიგე... საკუთარ თავს ისედაც ვერ ვიტან და ნუ მაიძულებ ისეთი რამ წამოვროშო, რომ მთლად არარაობად ვიქცე. - რა სისულელეებს... - - მოდი, ერთმანეთი აღარ ვნახოთ... - გამაწყვეტინა. - რა? - დაშორება მინდა. - წამით შევამლო თვალი, მერე გვერდი ამიარა და ჩემგან ზურგშექცევით დადგა. - აცნობიერებ, რამდენად არაადეკვატური ხარ ახლა? - ჩამეცინა. მაგრამ იმის გამო არა, რომ რამე სასაცილო იყო. იმდენად არარეალური იყო ყველაფერი, სხვა რა რეაქცია უნდა მქონოდა, ვერ ვხვდებოდი. - სერიოზულად? - ცირკის მსახიობს ვგავარ? - შემომიბღვირა და იმ წამს ისეთი ცივი იყო მისი თვალები, მერჩივნა მოვმკვარიყავი და არ დამენახა. - რა გემართება? - ამეტირა... ვეღარ ვიკავებდი მეტად ვერც შიშს, ვერც გაბრაზებას და ვერც იმ ტკივილს, საყვარელი კაცის მდგომარეობა რომ მგვრიდა. მთელი ჩემი მცდელობა, დავხმარებოდი, უშედეგო იყო. - ლიკა... - მაშინებ...ძალიან მაშინებ დემეტრე. - წადი. - წავიდე? - ჰო, წადი... - ცრემლებმა გაავსო მისი თვალებიც, თუმცა რა იყო მათი მიზეზი, ვერ ვხვდებოდი — ის, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ყველაფერი კვლავ ირეოდა თუ ის, რომ მასაც, ჩემსავით, საკუთარი თავის ეშინოდა. - დემეტრე... - მეშინია, რომ რაღაცას დაგიშავებ, გესმის? საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ... არც მე ვიცი, რა მემართება! ემოციებს ვერ ვთოკავ. მეშინია, რომ ამ სიბნელეში შენც ჩაგითრევ! - ჩუმად ამოთქვა და მეტად რომ ვეღარ გაძლო, ნელა დაეშვა იატაკზე...ნელა ჩაიკეცა. - მოიცა, ნელა... - მეშინია და ამიტომ უნდა წავიდე, გესმის? - სწორედ მაშინ გადმოეღვარა პირველად ცრემლი - უნდა წავიდე... - სად უნდა წახვიდე? - მე კარგად არ ვარ... - მაგრად მიიჭირა ხელები ყურებზე და ტირილის გრძნობით შეპყრობილი, ასლუკუნდა. - მე ნორმალური არ ვარ! ავად ვარ! - რა გემართება, დემეტრე? - ნელა შევეხე ხელებზე და თვალებში ჩავხედე. საშინელი ტკივლი დავინახე. ისეთი მდუღარება იყო მათში, ისეთი ბრაზი, სინანული და სიმძიმე, შესატყვისი რომ არ მოეძებნებოდა. ნელა მივეკარი სხეულზე, გვედით მივუჯექი და თმაზე მოვეფერე. - რა გავაკეთო? როგორ გიშველო, ჩემო სიყვარულო?! რა გავაკეთო? - გული მიკვდებოდა. ასეთი დემეტრეს ნახვამ მეც გამტეხა და გამანადგურა. ყველაზე უკეთ მან იცოდა და აცნობიერებდა საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობას და იმ წამს, ჩემს მკლავებში მტირალი და მოსლუკუნე, იმაზე სუსტი ჩანდა, ვიდრე ოდესმე... მას ნორმალურად არ ვიცნობდი და ალბათ ვერც ვერასდროს შევძლებდი ამას. დემეტრე, რომელიც ყოველთვის ახერხებდა საკუთარი თავის შენიღბვას, ახლა დანგრეული და დამსხვრეული იყო. ტკივილი ნელ-ნელა ჭამდა მას და მე მისთვის ვერაფერს ვაკეთებდი. უსუსრობისა და უმწეობისგან გული მეხლიჩებოდა. მტკიოდა მისი ტკივლი და ამაზე მეტად ის, რომ ვერაფერს ვაკეთებდი დემეტრეს დასახმარებლად, რომელიც სულ მარტო იყო. მარტო დარჩენილიყო თავის სამყაროში, აუარებელ სევდასა და სიჩუმეში... და საკუთარი თავით დაშინებული, ვერც ვინმეს უღებდა კარს, დახმარება რომ ეთხოვა. რადგან კარი მაგრად იყო დაკეტილი, ის კი კარის სახელურს ვერ წვდებოდა... *** ნელა შეეპარა ჩემს თვალებს დილის სინათლე და მზის სხივი. ნაძალადევად გავახილე თვალები და გონს მოსასვლელად გარშემო მიმოვიხედე. დემეტრეს საწოლში ვიწექი, მაგრამ აი, თავად ის რომ ვერ ვნახე და მარტო აღმოვაჩინე იქ საკუთარი თავი, არ მომეწონა. მაინც გავახალისე ჩემში არსებული მეამიტი არსება, ადრე გაიღვიძა და მეც რომ არ გავეღვიძებინე, მარტო დამტოვა ოთახში, მეთქი. ავდექი, ფარდები გადავწიე და აივნის კარიც გამოვაღე, მზის სითბო შემოვიდეს მეთქი. - დემეტრე! - გავძახე ოთახიდანვე და ფეხზე ჩასაცმელად საწოლთან რომ მივედი, მხოლოდ მაშინ შევნიშნე გვერდით ბალიშზე პატარა, დაკეცილი, თეთრი ფურცელი. თავიდან დავიბენი...მერე კი იმ შიშის უკუსაგდებად, გულში სულ წამით რომ გამიკრთა, ჩავთვალე, არაფერი დამინახავს და ისევ ლაღი და ბედნიერი გავეშურე სამზარეულოსკენ. ყველაფერი ისევ ისე დამხვდა — სამზარეულოს დახლზე დემეტრეს დადებული ყავის ჭიქაც და თვითონ ის ყავაც, იატაკზე რომ ეყარა, ქილის ნამსხვრევებთან ერთად; უკვე გაყალბებულიყო ჩემი ღიმილიცა და სილაღეც. გულაჩქარებული გავედი სასტუმრო ოთახში, მაგრამ იქაც არავინ და არაფერი დამხვდა სიჩუმის, სიცივისა და ღამის ფარდებისგან ჩამობნელებული კედლების გარდა. ისევ სხვა ოთახისკენ გავწიე, უკვე დასაკრგული ღიმილით, და როცა საბოლოოდ დავიჯერე, მხოლოდ ოთახში კი არა, მთელს სახლში ჩემი მარტო ყოფნა, მხოლოდ მაშინ მივაკითხე იმ პატარა წერილს, ბალიშზე რომ დაეტოვებინა ჩემთვის ადრესატნს. ნელა დავეშვი ლოგინზე და ჯერ კიდევ იქამდე, სანამ იმ ფურცელზე დაწერილ სიტყვას, ან სიტყვებს ამოვიკითხავდი, საკუთარი თავის დამშვიდებას მოვუნდი. რამდენიმე წუთი მხოლოდ ცრემლების შესაკავებლად დამჭირდა. ცრემლების, რომლებიც ვიცოდი, მაინც დაიღვრებოდა. მერე კი, ნელა, გაუბედავად გავშალე პატარა, ოთხად დაკეცილი, თეთრი კვადრატი და მხოლოდ მაშინ შევხედე, საჭირო სიმამაცე რომ ვიპოვე ჩემში. სუნთქვა შემეკრა. საერთოდ აორთქლდა ჩემი სახიდან ყოველგვარი მიმიკა. წამში დავცარიელდი და კიდევ ერთხელ გამიცრუვდა იმედი; თითქმის მთელი ფურცელი ცარიელი იყო და იქ მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა. პატიებას მთხოვდა დემეტრე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



