პირობითი სიყვარული (თავი 16)
მაისის ბოლოა. თბილისის საღამო ჰაერში აყვავებული იასამნის სურნელით, მზისგან გახურებული ასფალტის სითბოთი და რაღაც გაურკვეველი, ტკბილი სიმშვიდითაა გაჟღენთილი. სახლშიც იგივე განწყობაა ხმაურიანი, ცოცხალი და სრულიად არაფორმალური. მისაღებში სანდრო დივანზეა გაშხლართული, ფეხები მაგიდაზე აქვს შემოდებული, ხელში ლუდის ბოთლი უჭირავს და რაღაცას ხალისით ყვება. ბათუ სავარძელში ზის, ზურგით ფანჯარასთან, და სანდროს რეპლიკაზე ოდნავ იღიმის ისეთი ღიმილით, მხოლოდ ახლობლებმა რომ იციან. სანდრომ ბოთლი მაგიდაზე დადო, თვალი ბათუს გაუსწორა და კითხვით შეხედა. -მოკლედ, ბიჭო, მოახლოვდა შენი დაბადების დღე და რას აპირებ? ისევ ის ოფიციალური "პონტები" თუ რამე ადამიანური?-ბათუმ მხრები აიჩეჩა, თითქოს ეს ამბავი საერთოდ არ აღელვებდა. მაგიდაზე ნინას ნაყიდი ხილის თეფში იდო, თითი გააყოლა ალუბალს, მერე სანდროს შეხედა. -რესტორანში ვაპირებ რამის გაკეთებას.-მშვიდად უთხრა.-თქვენ და კიდევ რამდენიმესთან ერთად. არაფერი ზედმეტი. უბრალოდ ახლო წრე რა.-სანდრომ გაიცინა. -ეგ წრე უკვე მესამე წელია იზრდება, ბათუ. ეტყობა, რაღაცებს სწორად აკეთებ. ნინამ და ელენემ სამზარეულოდან ყავის ჭიქებით ხელში გამოაღწიეს. ორივეს რაღაცაზე ეცინებოდათ, აშკარად თავიანთი, გოგოშკური თემები ჰქონდათ. -რას გეგმავთ?-იკითხა ნინამ და ბათუს გვერდით სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა. -დაბადების დღეზეა საუბარი, ნინა.-უპასუხა სანდრომ.-ბათუ რესტორნით შემოიფარგლება, როგორც ყოველთვის.- ნინამ ბათუს გახედა, ბიჭმა თვალი ჩაუკრა, მერე ნინას მუხლზე ხელი დაადო. ამ პატარა შეხებაში იმდენი რამ იყო, თითქოს მთელი სამყარო მათ გარშემო ბრუნავდა. -მოდი, ელენე, ავიდეთ, ყავა ზევით დავლიოთ, თორემ ესენი ისევ თავიანთ "ბიზნეს-საქმეებს" დაიწყებენ.-თქვა ნინამ და ადგა. ნინას ოთახში შესულებს მაშინვე დახვდათ მაისის სითბო. ფანჯარა ნახევრად იყო ღია, სარკმლიდან იასამნის ტოტები მოჩანდა. ელენე საწოლზე წამოწვა, ნინა სარკის წინ დადგა და თმა გაისწორა. -ხედავ, ნინა?-თქვა ელენემ და ჭერიდან მზერა გოგონაზე გადაიტანა.-ბათუ როგორ შეიცვალა. როცა გიყურებს, თითქოს მართლა ხედავს რაღაცას, რაც ადრე არ არსებობდა. ნინამ სარკეში თავის ანარეკლს შეხედა. -იცი, ყველაზე მეტად ის მიკვირს, ასე ბუნებრივად რომ მოვიდა ეს ყველაფერი. არც გააზრება დამჭირვებია, არც დაძალება. ახლა უბრალოდ მგონია, რომ ჩემი სახლი აქ არის. აქ, ამ სახლში, მასთან ერთად. -დაბადების დღეზე რას აპირებ? რამე გაქვს მოფიქრებული?-ჰკითხა ელენემ და ინტერესით მიაჩერდა. ნინამ გაიღიმა. -ბათუს საჩუქარი რთული თემაა, იცი, რომ ყველაფერი აქვს. მინდა რამე ისეთი იყოს, მარტო ჩვენ ორს რომ გვესმოდეს. -აუ, რა საყვარლები ხართ.-ელენემ მხარზე ხელი მოუთათუნა.-მართლა... არ მეგონა, თუ ოდესმე ბათუს ან შენ ასეთს გნახავდით.-ოთახში დუმილი ჩამოწვა, მხოლოდ გარედან შემომავალი საღამოს თბილისის ხმაური ისმოდა. -ელე, უტასთან რა ხდება?-ეკითხება ნინა ინტერესით.-ბოლო დროს ისეთი ჩუმია, თითქოს რაღაცას მალავს, ან უბრალოდ... იცვლება. ელენეს სახეზე მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა და თვალები აუციმციმდა. ერთი წამით დადუმდა კიდეც, თითქოს სიტყვებს ეძებდა, მერე კი ამოიოხრა და ფანჯარას მიაშტერდა. -უტასთან?-იმეორებს ელენე და მხრებს იჩეჩს.-თვითონაც ვერ ხვდება, რა ემართება. თითქოს რაღაც ახალს ეძებს. თუმცა, იცი, ნინა... სიმართლე გითხრა, მართლა ძალიან მომენატრა. ეს დღეები, რაც მივლინებაშია, საშინლად დამაკლდა.-ელენემ ტელეფონს დახედა, სადაც ბიჭისგან არანაირი შეტყობინება არ არის, და ცოტა მოწყენილი სახით ამოიოხრა.-მივლინებამდე სულ ერთად ვიყავით, წვრილმანებზეც კი ვჩხუბობდით, მერე ისევ ვრიგდებოდით... ახლა კი, როცა დისტანციაა, მივხვდი, რომ ის ხმაურიც კი, რაც მასთან ერთად იყო, მენატრება. წარმოიდგინე, ჩუმად ვარ და მაკლია ის ადამიანი, ვინც გაჩუმებას არასდროს მაცდის.-ნინამ საწოლზე მისკენ მიიწია და მხარზე ხელი დაადო. -ეგ ალბათ იმიტომ, რომ მიეჩვიე. როცა ვიღაც შენი ცხოვრების ნაწილი ხდება, მისი არყოფნა სიცარიელეს ტოვებს, რომელიც ვერაფრით ივსება. -ზუსტად.-უპასუხა ელენემ და გაიცინა.- საშინელებაა, როცა ხვდები, რომ შენი ბედნიერება ვიღაცის ყოფნაზეა დამოკიდებული, თუნდაც ეს „ვიღაც" უტა იყოს თავისი თავნება ხასიათით. უბრალოდ... მართლა ძალიან დამაკლდა ეს დღეები. ველოდები, როდის დაბრუნდება, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელი დამიგროვდა. -ნინა, ხელმოსაწერი საბუთებია ოფისში და ცოტა ხნით გავალთ მე და სანდრო.-მისაღებიდანვე ასძახა ბათუმ გოგოს. ოთახიდან გოგოები გამოვიდნენ და დერეფნის მოაჯირს დაეყრდნენ. ნინამ ზემოდან გადმოხედა ბათუს, რომელიც უკვე პიჯაკს ისწორებდა და მანქანის გასაღებს თითზე ათამაშებდა. -კარგი, ოღონდ ძალიან არ დააგვიანო.-ჩამოსძახა ნინამ. -აუ, გამიყოლებთ სახლში?-ჰკითხა ელენემ მორიდებით და ბიჭებს გადახედა. ნინამ მაშინვე უჩმიტა მხარში და გაკვირვებულმა გადახედა. -სად მიდიხარ, ქალბატონო?-წასჩურჩულა ნინამ.-ჯერ ხომ არ ვაპირებდით დაშლას? -აუ, დეიდაშენს კითხე ეგ, დამღალა რა, ხუთჯერ დამირეკა უკვე, სად ხარო.-უპასუხა ელენემ.-თან, მართლა მეზარება მერე ტაქსით ბოდიალი. ბარემ გავყვები ბიჭებს, გზად ვარ მაინც. -აუუ, კარგი რაა, კიდევ ცოტა ხანს დარჩენილიყავი.-დაიწუწუნა ნინამ. -წავიდეთ, აბა რა!-უკვე სანდროც უერთდებოდა ქვემოდან ძახილს.-ელე, შენს სადარბაზოსთან "დრიფტით" მიგიყვან, თუ გინდა. -სანდრო, შენს დრიფტს დეიდაჩემკს ინფარქტი აკლია ზუსტად.-უთხრა ნინამ სიცილით და გოგოებმა კიბეებზე ჩასვლა დაიწყეს. შემოსასვლელში ნამდვილი აურზაური ატყდა. ბათუ კარებთან იდგა და ნინას ელოდებოდა, რომელიც კიბის ბოლო საფეხურზე შეჩერდა. სანდრო და ელენე უკვე გარეთ გადიოდნენ და რაღაცაზე კინკლაობდნენ. -აბა, წავედით ჩვენ! ნინა, ჭკვიანად, ბევრი არ იმეცადინო, ტვინი არ აგიფეთქდეს.-დაემშვიდობა სანდრო. ბათუ ნინასთან მივიდა, ერთი ნაბიჯით მოუახლოვდა და მხრებზე ხელები დაადო. -მართლა არ დავაგვიანებ. საბუთებს ხელს მოვაწერ, სანდროს დავტოვებ და ეგრევე აქ ვარ.-თქვა მან და ისევ ისე, თავისი ტრადიციისამებრ, შუბლზე ნაზად აკოცა.-კარი ჩაკეტე, კარგი? -ვიცი, ბათუ, ბავშვი კი არ ვარ.-გაეღიმა ნინას. კარი გაიხურა და სახლში უცებ საოცარი სიჩუმე ჩამოწვა. ნინა ცოტა ხანს იდგა ასე, მერე შემობრუნდა და მისაღებში შევიდა. იქვე, მაგიდაზე მიმოფანტულ წიგნებსა და კონსპექტებს გადახედა. ერთი მძიმედ ამოიოხრა, მაისის საღამო ფანჯრებიდან ეპატიჟებოდა, მაგრამ გამოცდები არ იცდიდნენ. სამზარეულოში გავიდა, ყავა ახლიდან გაიკეთა, ჭიქა ხელებში მოიქცია, რომ სითბო ეგრძნო, და თავის კუთხეში, მაგიდასთან დაჯდა. -კარგი, ნინა, ათი გვერდიც და მერე დავისვენებ.-უთხრა საკუთარ თავს და პირველივე ფურცელი გადაშალა. ოთახში მხოლოდ საათის წიკწიკი და ფანჯრიდან შემოსული ღამის ნიავის ხმა ისმოდა, რომელიც ხანდახან ფურცლებს მსუბუქად აფრიალებდა. ნინა ნელ-ნელა ჩაეფლო კითხვაში, თუმცა ქვეცნობიერად მაინც ეზოში მანქანის ხმის გაგონებას ელოდა. რამდენიმე წუთში სიჩუმე კარზე მკვეთრმა, მოუთმენელმა კაკუნმა დაარღვია. ნინამ კონსპექტებიდან თავი აიღო და ოდნავ გაეღიმა. გაიფიქრა, რომ ბათუს ან სანდროს ალბათ ისევ გასაღები ან ტელეფონი დარჩათ. სკამიდან მსუბუქად წამოდგა, თმები ხელის ერთი მოძრაობით შეისწორა და შემოსასვლელისკენ გაემართა. -ამჯერად რა დაგრჩ..?-სიტყვა ჰაერშივე გაუწყდა. კარი ბოლომდე არც ჰქონდა გამოღებული, რომ ღიმილი სახეზე შეახმა. ზღურბლზე ბათუ კი არა, ვატო ამილახვარი იდგა. მისი დანახვა ცივი წყლის გადასხმასავით იყო. ვატო აშკარად მთვრალი ჩანდა, სხეული ოდნავ უთამაშებდა, თვალები კი ჩასისხლიანებული ჰქონდა და მზერა ებნიდებოდა, თითქოს ნინას სახეზე ფოკუსირება უჭირდაო. ჰაერში მაშინვე დატრიალდა ალკოჰოლის მძაფრი სუნი, რომელმაც იასამნის ნაზი არომატი წამში ჩაახშო. ნინას სხეულში შიშის ტალღამ დაუარა. პირველი ინსტინქტი კარის სასწრაფოდ მიხურვა იყო, მაგრამ ვატო უფრო სწრაფი აღმოჩნდა. სანამ ნინა მთელი ძალით მიაწვებოდა სახელურს, ამილახვრის ძლიერმა მკლავმა და წინ გამოწეულმა ფეხმა კარი შუა გზაზე გააჩერა. -ასე მალე მიშვებ უკან?-ჰკითხ ვატომ და ურცხვად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შემოიჭრა სახლში. ნინამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია. გულისცემის რიცხვი კრიტიკულ ზღვარს გადასცდა, პულსი ყელში ურტყამდა და სუნთქვა გაუძნელდა. იგრძნო, როგორ გაეყინა აქამდე თბილი ხელები. სახლში, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მისი სიმშვიდის ცენტრი იყო, ახლა საფრთხე პირისპირ ედგა. ვატო ზანტად შემოვიდა, კარი ზურგს უკან ფეხით მიხურა და ნინას ისეთი მზერით მიაშტერდა, თითქოს ზუსტად იცოდა, რომ ბათუ აქ არ იყო. ნინა ხვდებოდა, რომ ამ წუთას სრულიად მარტო იყო ამ ადამიანთან, რომლის არაპროგნოზირებადი ქცევა ყველაზე მეტად აშინებდა. ნინა ინსტინქტურად უკან-უკან იხევდა, სანამ ზურგით მისაღები ოთახის ცივ კედელს არ მიეკრა. ვატო თითქმის მტაცებლური სიმშვიდით მოაბიჯებდა, მისი მძიმე ნაბიჯების ხმა ოთახში საზარლად გამოსცემდა ექოს. ნინამ იგრძნო, როგორ აუკანკალდა თითები, მაგრამ გონება მაინც აამუშავა და მიხვდა, რომ ერთადერთი შანსი ტელეფონი იყო. სწრაფად გადასწვდა იქვე, ჟურნალების მაგიდაზე დადებულ მობილურს. ეკრანი ძლივს გაანათა, რომ ვატომ ერთი ნაბიჯით გადაჭრა მათ შორის დარჩენილი მანძილი. მისმა დიდმა, უხეშმა ხელმა ნინას მაჯა ისე დაუფარა, რომ გოგონას ტკივილისგან აღმოხდა. -ვისთან რეკავ, ძვირფასო?-ჩაესმა ვატოს დაბალი, ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი ხმა.-ბათუ გგონია აქ შენი მხსნელი?-ვატომ ერთი მოძრაობით გამოგლიჯა ტელეფონი, თითქოს სათამაშო ყოფილიყო, და მთელი ძალით მოისროლა კუთხეში. მინის მსხვრევის ხმამ ნინას გული გაუჩერა. ვატო არ ჩერდებოდა. მან ნინას მკლავში ხელი ჩაავლო და ისე ძლიერად მოუჭირა, რომ გოგონას თვალწინ ყველაფერი აერია. იგრძნო, როგორ ეჭიმებოდა კანი და როგორ ეპარებოდა ლურჯი ფერი მის მკლავს ამილახვრის თითების ქვეშ. -გამიშვი! ხელი გამიშვი, ნაძირალავ!-ნინამ ხმაში მთელი თავისი შიში და ბრაზი ჩააქსოვა, მაგრამ ხმა მაინც უთრთოდა. -რა იყო, ბათუს შეხებაზე უკეთესი რითია?-ვატომ სახე ახლოს მიუტანა, მისი თვალები ველურად ელავდნენ.-მისი სათამაშო გახდი და გგონია, ვინმე ხარ?- ნინამ მთელი ძალით ჰკრა ხელი მკერდზე, რამაც ვატო წამით დააბნია. ეს წამი საკმარისი აღმოჩნდა გოგონა სამზარეულოსკენ გაიქცა. ფეხები ეკეცებოდა, მაგრამ გადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი იყო. სამზარეულოში შესულმა პირველივე, რაც ხელში მოხვდა, მძიმე, ლითონის ხილის დანა, დახლზე დადებული ნაკრებიდან ამოაძრო და ვატოსკენ გაიშვირა. -ნაბიჯი არ გადმოდგა!-ნინას ხელი უკანკალებდა, მაგრამ დანას მყარად ჩაბღაუჭებოდა. პულსი ყელში ურტყამდა, თვალებში კი ცრემლები ედგა, რომლებსაც გადმოსვლის უფლებას არ აძლევდა.-ერთ ნაბიჯსაც თუ გადმოდგამ, გეფიცები, არ დავფიქრდები! ვატო კარებში შეჩერდა, სახეზე ირონიული, საზარელი ღიმილი გადაეფინა. ნინას გამომწვევი მზერა და დაჭიმული სხეული აშკარად ართობდა. -ოჰ, ნახეთ ერთი... კბილების ჩვენება დაგიწყია.-თქვა მან და ნელა, ძალიან ნელა დაიწყო მისკენ სვლა.-აბა, ვნახოთ, რამდენად შორს წახვალ...-ნინა ძლივს იმაგრებდა თავს, რომ იქვე არ ჩაკეცილიყო, მაგრამ დანას მაინც არ უშვებდა. სამზარეულოს ნათურის შუქზე მისი გაფითრებული სახე და აკანკალებული, უკვე დალურჯებული მკლავი მკვეთრად ჩანდა. ვატოს მისი ღიმილი უფრო გაფართოვდა, ოღონდ ეს არ იყო სიცილი, ეს იყო რაღაც ავადმყოფური კმაყოფილება. -დაგვიანებულია, ნინა.-წამოიწყოვატომ და ნაბიჯი წინ გადმოდგა, სრულიად არაფრად აგდებდა მის მუქარას.-შენი საყვარელი ქმარი ახლა ალბათ სადმე გზის პირას გდია და სულს ღაფავს. მკვდარია, ხვდები?-ნინას სუნთქვა გაუჩერდა. დანა ჰაერში გაუშეშდა, თითქოს სხეულმა დამორჩილებაზე უარი თქვაო. თვალები გაუფართოვდა, რომლებიდანაც ცრემლები უკვე უკონტროლოდ, ნაკადულივით სცვიოდა და გაფითრებულ ლოყებზე ეღვრებოდა. -რას... რას ბოდავ?-ხმა ჩაუწყდა, მხოლოდ ჩურჩული ამოსდიოდა ყელიდან.-გაეთრიე აქედან, ვატო... იტყუები, ვიცი, რომ იტყუები! -ვიტყუები?-ვატომ გადაიხარხარა, ეს ხმა სამზარეულოს კედლებს საზარლად მოედო.-ეგ საბუთები, რომლებზეც ასე გაქანდა, უბრალოდ სატყუარა იყო. ჩემი ბიჭები კი გზაზე ელოდნენ. ერთი მკვეთრი მოძრაობა საჭეზე, ერთი მძლავრი დარტყმა და... ბათუ და მისი ერთგული ძაღლი, სანდრო, ახლა ალბათ ლითონის გროვაში არიან გაჭედილები. ავარია მოუვიდათ, ნინა. უბედური შემთხვევაა, ვერავინ ვერაფერს დაამტკიცებს.- ნინამ იგრძნო, როგორ გამოეცალა მიწა ფეხქვეშ. სამყარო მის გარშემო ტრიალებდა. წარმოიდგინა ბათუ, მისი თბილი მზერა, სულ რაღაც წუთების წინ შუბლზე რომ აკოცა... და ახლა ის სადღაც ცივ ასფალტზე, სისხლში დაცლილი წარმოიდგინა. ტკივილმა გული გაუგლიჯა, მაგრამ დანას ხელი მაინც არ გაუშვა, პირიქით უფრო მაგრად ჩაბღაუჭა, თითქოს ეს ლითონის ნაჭერი მისი ერთადერთი კავშირი იყო რეალობასთან. -არ მჯერა... არ მჯერა შენი!-იყვირა ნინამ, თუმცა მის ხმაში სასოწარკვეთა უფრო მეტი იყო, ვიდრე ძალა.-ბათუ მოვა... ის ყოველთვის მოდის! შენ კი ამისთვის პასუხს აგებ!-ვატო ისევ მიუახლოვდა. ახლა უკვე იმდენად ახლოს იყო, რომ ნინა მისი სუნთქვასაც გრძნობდა. -ვინ მოვა, ნინა? მკვდრები არ ბრუნდებიან.-ჩასჩურჩულა მან და ხელი ნელა წაიღო დანისკენ.-ახლა კი მე და შენ დავრჩით. მხოლოდ მე და შენ.-ნინას მუხლები აუკანკალდა, ზურგით სამზარეულოს ნიჟარას მიეკრა, გასაქცევი აღარსად იყო. ცრემლები მზერას უბინდავდა, მაგრამ ვატოს ველურ, გამარჯვებულ თვალებს მაინც ხედავდა. ნინას თვალწინ ყველაფერი აიბნა. ბათუს სიკვდილზე ფიქრმა გონება გაუთიშა, მაგრამ სხეული მაინც ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოდა. ვატომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მის სახეზე გამარჯვებული მტაცებლის ღიმილი იკითხებოდა. ნინამ მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა და დანა სასოწარკვეთით მოიქნია, თუმცა ვატომ, რომელიც მისი ყოველი მოძრაობისთვის მზად იყო, მაჯაში ხელი ელვისებურად ჩაავლო. ამილახვრის ძლიერმა მკლავმა ნინას ხელი ჰაერშივე გაუშეშა. ბიჭმა მაჯაზე ისე ძლიერად მოუჭირა, რომ გოგონას თითები თავისით გაიხსნა. დანა ძირს არ დავარდნილა, ვატომ ის მოხერხებულად გამოართვა, მაგრამ ამ ბრძოლაში, დაძაბულობისა და ვატოს უხეში მოძრაობის გამო, ბასრი პირი ნინას შიშველ მკლავს ჩამოესვა. სიცივემ და მჭრელმა ტკივილმა წამით დააგვიანა, მაგრამ მერე ნინამ დაინახა, როგორ გაიხსნა კანი და როგორ გადმოიღვარა იქიდან მუქი, წითელი სისხლი. წვეთები თეთრ იატაკზე მძიმედ დაეცა. ოთახის ტკბილი სურნელი რკინის უსიამოვნო სუნმა ჩაანაცვლა. ნინასთვის სისხლი ყოველთვის სიკვდილთან და დასასრულთან ასოცირდებოდა. ახლა კი, როცა ეგონა, რომ ბათუ აღარ იყო, საკუთარი სისხლის დანახვა ბოლო წვეთი აღმოჩნდა. თავბრუ დაეხვა. სამზარეულოს კედლებმა რწევა დაიწყეს, ვატოს ფიგურა ბინდში გაეხვია და მისი ხმა სადღაც ძალიან შორს, წყალქვეშა ექოსავით გაისმა. -რა იყო, პატარავ... სისხლის შეგეშინდა?-ვატოს ირონიული ტონი ნინას აღარ ესმოდა. გოგონას მუხლები მოეკვეთა. სამყარო ნელ-ნელა გაშავდა. გონება ბოლოჯერ შეეცადა რეალობის ჩაბღაუჭებას, მაგრამ სიცარიელემ სძლია. ნინა უღონოდ დაეშვა იატაკზე, სიბნელეში კი მხოლოდ ბათუს სახე და ის ბოლო კოცნა გაჰყვა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ასეთი რეალური იყო. ვატო დანის პირს დასცქეროდა, ნინა კი მის ფეხებთან უგონოდ იწვა. სახლში საზარელი სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ ნინას მკლავიდან დაცემული სისხლის წვეთების ხმა არღვევდა. ვატო ნინას უგონო სხეულთან ჩაიმუხლა. დანა იქვე ეგდო. სისხლის დანახვაზე სიმთვრალემ თითქოს უკან დახია და სახეზე შიშნარევი გაოგნება გამოეხატა, მას ნინას ფიზიკური განადგურება არ უნდოდა, მხოლოდ მისი გატეხვა და ბათუსთვის დარტყმის მიყენება სურდა. ხელი გაუწოდა, რომ შეხებოდა, მაგრამ სწორედ ამ წამს სახლის კარი ისეთი ძალით გაიღო, რომ კედელს შეასკდა. ბათუ სამზარეულოს ზღურბლზე გაქვავდა. ერთი წამით ოთახში ჰაერი გაიყინა. ბათუს მზერამ წამში დააფიქსირა სურათი: იატაკზე დაგდებული ნინა, მისი სისხლით დასვრილი მკლავი და ვატო, რომელიც მასზე იყო გადახრილი. იმ წამს ბათუს თვალებში რაღაც საბოლოოდ გაწყდა. მანამ, სანამ ვატო წამოდგომას მოასწრებდა, ბათუს მძიმე დარტყმა ყბაში მოხვდა. ამილახვარი ბურთით მოცელილივით გაფრინდა და სამზარეულოს კარადას ზურგით შეასკდა. ბათუ ზემოდან დაახტა. მას არც იარაღი სჭირდებოდა და არც დანა, მხოლოდ შიშველი ხელები. -შენ მას შეეხე შე სი*ო?-ბათუს ხმა არ ჰგავდა ადამიანისას. ეს იყო დაბალი, საზარელი ღრენის მსგავსი ბგერა. მან ვატოს საყელოში ხელი ჩაავლო, თავი იატაკზე დაარტყმევინა და სახეში მუშტების სეტყვა დააყარა. ყოველი დარტყმა იყო გამანადგურებელი, გათვლილი და სასიკვდილო. ვატო თავის დაცვას ცდილობდა, მაგრამ ბათუს იმ მომენტში ვერაფერი შეაჩერებდა. ის სცემდა მას დაუნდობლად, მანამ, სანამ ვატოს სახე სისხლიან მასად არ იქცა. -ბათუ, გაჩერდი, მოკლავ!-სანდრომ, რომელიც მას მოჰყვა, ძლივს შეძლო მისი მოცილება, მაგრამ ბათუმ ისეთი ძალით მოიშორა მეგობარი, რომ სანდროც კედელს მიენარცხა. ბათუ ვატოს ისევ მიწვდა, ფეხზე წამოაყენა და მთელი ძალით მუცელში ჩაარტყა, მერე კი სახით ნიჟარის კიდეს მიახეთქა. ამილახვარი უგონოდ დაეშვა იატაკზე, მაგრამ ბათუ მაინც არ ჩერდებოდა, სანამ სისხლიანი ხელები არ დაულურჯდა. უცებ, ნინას სუსტი ამოხვნეშა გაისმა. ეს ერთი ბგერა საკმარისი აღმოჩნდა. ბათუ წამში გაშეშდა. ვატო იქვე დააგდო, როგორც უსულო ნივთი და ნინასთან მიიჭრა. სისხლიანი ხელები ტანსაცმელზე სწრაფად შეიწმინდა, რომ გოგო არ დაესვარა, და ისე ფრთხილად აიყვანა ხელში, თითქოს ფაიფურის ყოფილიყო. -ნინა, შემომხედე.-მისი ხმა ახლა სინაზისგან თრთლდ, რაც წამის წინანდელ გააფთრებასთან უცნაურ კონტრასტს ქმნიდა. მან ნინა გულზე მიიკრა, მისი სისხლიანი მკლავი თავის პერანგს მიაჭირა, რომ სისხლდენა შეეჩერებინა. ბათუს თვალებიდან ცრემლი გადმოვარდა არა შიშისგან, არამედ იმის გააზრებისგან, რომ ამ სამყაროში მისთვის ყველაზე სანუკვარი, თითქმის დაკარგა. -სანდრო, ეს ნაგავი აქედან გაათრიე.-გასცა ბრძანება და ვატოსკენ არც კი მიუხედავს.-თუ კიდევ ერთხელ დავინახავ, რომ სუნთქავს, ჩემი ხელით დავასრულებინებ სიცოხლეს. ჯერ სასწრაფო გამოიძახე. ახლავე!- ბათუ იატაკზე იჯდა, ნინა ხელში ეჭირა და მის გაფითრებულ სახეს თავისი სველი ლოყით ეხებოდა. იმ წამს იგრძნობოდა, რომ ბათუ არ იყო უბრალოდ კაცი, ის იყო ნინას პირადი ჯოჯოხეთიც და სამოთხეც, რომელიც მზად იყო მთელი სამყარო გადაებუგა მისი ერთი ნაკაწრის გამო. ნინა ნელ-ნელა გონს მოდიოდა, თითქოს ღრმა, ბლანტი წყლიდან ზედაპირზე ამოტივტივდაო. პირველი, რაც იგრძნო, ბათუს სხეულის სიმხურვალე და მისი გულისცემა იყო, მძიმე, აჩქარებული და თითქოს მთელ სხეულში მოდებული. თვალები გაახილა და მზერა მაშინვე ბათუს ხელებზე მიეყინა. ბიჭის მტევნები დასიებული და სისხლით ჰქონდა დაფარული ვატოს სისხლით. ნინას სუნთქვა შეუგუბდა, წამით ისევ ის საზარელი სურათი წარმოუდგა, სადაც ვატო მას ბათუს სიკვდილს ახარებდა. -ბათუ...-ამოთქვ გოგონამ და მთელი ძალით ჩაებღაუჭა მის პერანგს.-ცოცხალი ხარ... მითხრა, რომ... მითხრა, რომ მოკვდი.- ბათუმ ნინა უფრო მაგრად მიიკრა მკერდზე, თითქოს სურდა საკუთარი სხეულით დაეფარა და დაეცვა ყველაფრისგან. მისი სახე, რომელიც წამის წინ მკვლელისას ჰგავდა, ახლა უსაზღვრო ტკივილმა და სინანულმა დაფარა. -აქ ვარ, ნინა. აქ ვარ და არსად წავალ.-ჩასჩურჩულა მან და გოგონას შუბლი თავის ლოყას მიაჭირა.-მაპატიე... მაპატიე, რომ მარტო დაგტოვე. ჩემი ბრალია.- ამ დროს სამზარეულოს კუთხიდან ვატოს ხრიალი გაისმა. სანდრო მას მკლავებში სწვდა და უხეშად მიათრევდა გასასვლელისკენ. ბათუს სხეული წამით ისევ დაიჭიმა, თვალებში ის ველური ცეცხლი აენთო, მაგრამ ნინას სუსტმა შეხებამ შეაჩერა. -ნუ უყურებ.-უთხრა ბათუმ და ნინას თავი თავის მხარზე მიაყრდნობინა, რომ მას ვატოს დასახიჩრებული სახე არ დაენახა.-სანდრო, გაეთრიეთ აქედან! სანამ გონება საბოლოოდ არ დამიკარგავს, მოაშორე ჩემს თვალებს!- სანდრომ ვატო გარეთ გაათრია. სახლში მხოლოდ ბათუს მძიმე სუნთქვა და ნინას სლუკუნი დარჩა. ბათუ ფრთხილად დაიხარა, ნინას დაჭრილ მკლავს დახედა და დაინახა, როგორ ეპარებოდა სილურჯე მის კანს იქ, სადაც ვატო უჭერდა. ბიჭმა კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს, რომ ძვლების ტკაცუნი გაისმა. -გტკივა?-ჰკითხა მან და სისხლიანი ხელებით ძალიან ფრთხილად, თითქოს ეშინოდა, რომ მისი შეხებაც კი ატკენდა, ჭრილობის ირგვლივ მოეფერა. -ახლა აღარ.-ნინამ თავი ასწია და ბათუს თვალებში ჩახედა. იქ დაინახა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს ენახა, ნამდვილი შიში.-შენ ხელები... ხელები გტკივა.- ბათუმ საკუთარ სისხლიან მუშტებს დახედა და მერე ისევ ნინას შეხედა. -ეგ არაფერია. მთავარია, რომ სუნთქავ. მეგონა, რომ...-ხმა გაუწყდა. ბათუ ადგა და ნინა მისაღებ ოთახში გაიყვანა, დივანზე ფრთხილად დააწვინა. თვითონ იქვე, ხალიჩაზე ჩაიმუხლა, მისი ხელები თავის ხელებში მოიქცია და გაუჩერებლად უკოცნიდა თითებს, თითქოს ამით ცდილობდა იმ საშინელების წაშლას, რაც გოგონამ გადაიტანა. -გეფიცები, ნინა,-თქვა მან დაბალი, მტკიცე ხმით.-ეს იყო ბოლოჯერ, როცა ვინმემ შენზე ხელი აღმართა. ვინც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს... ამას არავის ვაპატიებ. სასწრაფო დახმარების ბრიგადა სახლში ხმაურით შემოვიდა. ლურჯი შუქები ფანჯრებში რიტმულად ანათებდა, რაც სხვებისთვის მშვიდ ღამეს სრულიად არარეალურ ელფერს სძენდა. ორი ექიმი ჩანთებით ხელში მაშინვე მისაღები ოთახისკენ გაეშურა, სადაც დივანზე ფერწასული ნინა იწვა, ბათუ კი ისევ მის გვერდით, ხალიჩაზე მუხლმოყრილი იჯდა და გოგონას ხელს არ უშვებდა. ბიჭი აკვირდებოდა ყოველ მოძრაობას, რომელსაც ექიმები აკეთებდნენ. ექიმმა ფრთხილად გახსნა ნინას სისხლიანი მკლავი. -ჭრილობა ღრმა არ არის, მაგრამ გაკერვა დასჭირდება.-თქვა მან და ნინას შეხედა, რომელიც ისევ კანკალებდა.-ახლა დამამშვიდებელს გაგიკეთებთ, რომ შოკმა გადაგიაროს.-ნინამ იგრძნო ნემსის ჩხვლეტა და რამდენიმე წუთში სხეულში სასიამოვნო სიმძიმე ჩაეღვარა. შიში, რომელიც აქამდე ყელს უჭერდა, ნელ-ნელა გაუფერულდა. მზერა დაებინდა, მაგრამ მაინც ბათუს ეძებდა. ბიჭი მაშინვე მიუახლოვდა, როგორც კი ექიმებმა ხელის შეხვევა დაასრულეს. -ყველაფერი კარგადაა, ნინა. დავიძინებთ და რომ გაიღვიძებ, ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი სიზმარი იქნება.-ჩასჩურჩულა მან და თმაზე მოეფერა. ექიმებმა წასვლამდე ბათუსაც გადახედეს. -თქვენს ხელებსაც სჭირდება მიხედვა. ძვლები ხომ არ გაქვთ გატეხილი?- ამე არაფერი მჭირს.-მოკლედ მოუჭრა ბათუმ და ნინას გვერდით დაჯდა.-მთავარია, ის იყოს კარგად. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.-ნინას დაჟინებული მოთხოვნით მაინც შეამოწმა ბათუმ ხელები. როცა სახლში ისევ სიჩუმე ჩამოწვა და ექიმები წავიდნენ, ბათუმ გოგო ფრთხილად აიყვანა და საძინებელში აიყვანა. გოგონა უკვე ნახევრად მინაბული თვალებით უყურებდა. წამალმა თავისი ქნა რეალობა შორდებოდა. -არ დამტოვო.-ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა ნინამ. -არასოდეს.-უპასუხა ბათუმ, მის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა და გოგონას ჯანმრთელი ხელი თავის დასიებულ მტევნებში მოიქცია. იმ ღამეს ბათუს არ დაუძინია. ის იჯდა სიბნელეში, უყურებდა ნინას მშვიდ სუნთქვას და გონებაში მხოლოდ ერთ რამეს იმეორებდა: ვატო ამილახვარმა სიკვდილს ხელიდან მხოლოდ იმიტომ გაასწრო, რომ ნინას იმ მომენტში ის უფრო სჭირდებოდა, ვიდრე შურისძიება. მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



