შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემპიონი (ნაწილი 13)


9-05-2026, 23:37
ავტორი თინათინი10
ნანახია 375

თვითმფრინავი ნელა დაეშვა,
ფანჯრიდან გადაშლილ ქალაქს მარიამი გაშტერებული უყურებდა..
ღამის საუდის არაბეთი ზემოდან საერთოდ არ ჰგავდა ჩვეულებრივ ქვეყანას - ოქროსფერი შუქებით მოციმციმე უდაბნო უფრო იყო, რომელშიც ვიღაცას თითქოს ბრილიანტები დაებნია.. ცათამბჯენები ვარსკვლავებივით ანათებდნენ..შორს, სიბნელეში კი უსასრულო უდაბნო ჩანდა,
მარიამმა ფანჯარას შუბლი მიადო.
- ღმერთო... რა ლამაზია.. - ირაკლი გვერდიდან აკვირდებოდა,
მის თვალებში პირველად ხედავდა ასეთ ბავშვურ აღფრთოვანებას.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება საუდის არაბეთში, უდაბნოს ვარდო -
მარიამმა გახედა.
- უკვე მომწონს აქაურობა.
- ჯერ არაფერი გინახავს.
აეროპორტიდან გამოსვლისთანავე ცხელი ჰაერი შეასკდათ..მარიამი მაშინვე გაჩერდა.
- აქ ჰაერიც კი სხვანაირია.. - ჰაერში ძვირადღირებული სუნამოს, ყავის და სანელებლების სუნი ტრიალებდა,
ყველაფერი ბრწყინავდა..
მარმარილო, ოქროსფერი განათებები, მდუმარე მდიდრული ხალხი..ქალები ძირითადად შავ აბაიებში იყვნენ გახვეულები, მხოლოდ თვალები უჩანდათ..კაცები კი თეთრ ეროვნულ სამოსში დადიოდნენ..მარიამი გაშტერებული იყურებოდა აქეთ-იქით.
- მგონია რომ ფილმში ვარ - ირაკლიმ მისი ჩემოდანი აიღო.
- ახლა კარგად მომისმინე, აქ თბილისივით ვერ მოიქცევი!
- მაგალითად?
- მაგალითად ხმას დაუწევ, ნაკლებად იყვირებ და ნაკლებად გაიპრანჭები! და კაცებს ასე აღარ შეხედავ! - მარიამმა წარბი ასწია.
- როგორ? ძალიან ეშხიანები არიან არაბები.. უბრალოდ ვაკვირდები.. და რა პრობლემაა?
- უბრალოდ აქ ვინმემ რამე სისულელე რომ გითხრას, ნახევარი ქალაქის დავლეწვა მომიწევს შენს გამო! თანაც აქაური კაცები საშიშები არიან, ასე რომ გვერდიდან არ მომშორდები!
- შენ მართლა ჩემი ქმრის როლში ნუ შეიჭრები!
- მარიამ.. მე უბრალოდ გაფრთხილებ.. - მანქანით ქალაქში შედიოდნენ..მარიამი ფანჯრიდან გაშტერებული უყურებდა ყველაფერს..ერთ მხარეს თანამედროვე გიგანტური შენობები იდგა, რომლებიც თითქოს ღრუბლებს ეხებოდა..მეორე მხარეს კი ძველი ბაზრები, ვიწრო ქუჩები და არაბული წარწერები ჩანდა. ქალაქი თითქოს ორ სამყაროს შორის იყო გაჩხერილი..თანამედროვე და უძველესი..იდუმალი..
- რა ლამაზია... - ჩუმად თქვა.. ირაკლიმ თვალი გააყოლა.
- ამ ქვეყანას უცნაური სიჩუმე აქვს...
გარედან ცივია, მაგრამ თუ ერთხელ მის საიდუმლოს მიუახლოვდები... მერე ვეღარ ივიწყებ - მარიამმა გახედა.
- შენსავით ყოფილა, გარედან ცივი, მაგრამ როცა უახლოვდები სხვანაირია.. - ღიმილით უთხრა მარიამმა, ირაკლიმ რამდენიმე წამი უყურა, შემდეგ მასაც გაეღიმა.. მარიამი ყოველთვის ახერხებდა ირაკლის მკაცრ სახეზე ღიმილი მოეფინა.. სასტუმროში დაბინავდნენ..მეორე დილას ირაკლიმ მისი ქალაქში წაყვანა გადაწყვიტა..მარიამი ოთახიდან გამოვიდა და ირაკლი მაშინვე გაშეშდა..თეთრი თავისუფალი პერანგი ეცვა, რომელიც ერთ მხარეს მხარზე ოდნავ ჩამოცურებოდა, ფართო ღია შარვალი..გაშლილი თმა..დიდი სათვალე..ზედმეტად ლამაზი იყო იმისთვის, რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო, ირაკლიმ ნელა მოავლო თვალი..
- არა!
- რა არა?
- ასე ვერ გახვალ.
- რატომ?
- იმიტომ რომ ყველა შენ შემოგხედავს.
- მერე მიყურონ - უდარდელად თქვა მარიამმა, ირაკლი მიუახლოვდა.
- მარიამ... აქ კაცები ისე არ იყურებიან როგორც თბილისში.
- ანუ?
- ანუ არ მომწონს - მარიამმა სიცილით გადაიწია თმა.
- შენ მგონი მართლა ძალიან შედიხარ როლებში - ირაკლიმ უცებ შავი თხელი მოსასხამი, აბაია გაუწოდა
- ეს ჩაიცვი ' მარიამმა აბაიას ისე შეხედა, თითქოს შეურაცხყოფა მიაყენეს.
- ამას არ ჩავიცვამ!
- ჩაიცვამ!
- არა!
- მარიამ.
- ირაკლი! ეს რომ ჩავიცვა დავიბრაწები! გარეთ ისედაც ცხელა!
- ღმერთო... -მარიამი უკვე იცინოდა, თითქოს მთელი კოშმარი საქართველოში დატოვა.. ბოლოს მაინც ჩაიცვა აბაია, მაგრამ განზრახ ნახევრად ღიას ტოვებდა..ირაკლი ყოველ ორ წუთში უსწორებდა.
- დახურე!!
- მცხელა.
- დახურე!
- ვერ ვსუნთქავ!
- მარიამ!
- კარგიიი!.. - ძველ ბაზარში რომ შევიდნენ, მარიამი საერთოდ გადაირია..ოქროს მაღაზიები, ფერადი ქსოვილები, სუნელები..
აღმოსავლური მუსიკა..აქლემები..
ყავა პატარა ჭიქებით..
- ღმერთო, ეს ადგილი ნამდვილი ჯადოსნობაა! - უკვე მეხუთე დახლთან იდგა და ყველაფერს ეხებოდა, ირაკლი უკან დასდევდა.
- ამას ხელი არ მოკიდო..
- იქ არ წახვიდე...
- მარიამ! მოიცა
- რა იყოოო?
- სად მიდიხარ საერთოდ?!
- იმ კაცს შევხედე და მგონი გველი ჰყავს!
- არ მაინტერესებს გველი! აქ მოდი!- მარიამმა სიცილით გახედა.
- შენ რა საყვარელი ხარ როცა ნერვიულობ - ზუსტად ამ დროს ორ არაბ მამაკაცს მარიამისკენ გაექცა თვალი..ირაკლი მაშინვე მის წინ დადგა.
- საკმარისია, სახლში მივდივართ..
- რაა? რატო?
- იმიტომ რომ აქ ნახევარი ბაზარი უკვე შენ გიყურებს.
- მერე რა? - ირაკლი დაიხარა და ჩუმად უთხრა:
- იმიტომ რომ ახლა მართლა ვიღაცის ცემა მომინდება.. - მარიამი რამდენიმე წამი უყურებდა, შემდეგ ღიმილი ნელა შეეპარა სახეზე.. ირაკლიმ ხელი ჩაავლო და ძალით წამოიყვანა
- საკმარისია.. მალე ძალიან სიცხე იქნება.. ექსკურსია საღამოს გაგრძელდება! - მკაცრად თქვა და წინ წავიდა, მარიამი უკან მიჰყვა. ჩუმი ღიმილით..

საუდის არაბეთის ღამე სხვა რაღაც იყო…არა უბრალოდ ლამაზი, არამედ საშიში სილამაზის მქონე. ქალაქი ოქროსფრად ანათებდა, ცათამბჯენები თითქოდ ცას სწვდებოდნენ, ქვემოთ კი ძვირადღირებული მანქანები ჩუმი მტაცებლებივით დაცურავდნენ ქუჩებში. ჰაერში არაბული სუნამოების, ზღვისა და ფუფუნების სურნელი ირეოდა..მარიამი უზარმაზარი სარკის წინ იდგა.
შავი, სხეულზე მოტმასნილი კაბა ეცვა, ზურგი თითქმის მთლიანად ღია ჰქონდა, თეძოსთან ღრმა ჭრილი მიჰყვებოდა, ხოლო მბზინავი ქსოვილი ყოველ მოძრაობაზე ცეცხლივით ელავდა, მუქი თმა ტალღებად ჩამოშლოდა მხრებზე.
ირაკლი კართან იდგა და რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა.
- არა! მე რა გითხარი?! - მარიამმა წარბი აზიდა.
- საღამო მშვიდობის ძვირფასო მეუღლევ
- ეგ კაბა არ მომწონს.
- ოჰ, დაიწყო… - სიცილით შეტრიალდა მარიამი
- რატომ? ზედმეტად ლამაზი ვარ?
- ზედმეტად ვულგარულია.
- და შენ ვინ რა მერე? - ირაკლი მიუახლოვდა, თვალები ნელა ჩააყოლა მის შიშველ ზურგს და ყბა დაეჭიმა.
- ამას ვერ ჩაიცვამ გარეთ.
- რატომ? არაბეთის პრინცესებს კონკურენციას გავუწევ?
- მარიამ! - მის ხმაში სიმკაცრე გაერია, ისეთი, რომელსაც შეჩვეოდა უკვე..მარიამმა თეატრალურად ამოიოხრა.
- კარგი… კარგი… ბოროტო ქმარო… -
რამდენიმე წუთის შემდეგ საძინებლის კარი ისევ გაიღო, ამჯერად ირაკლიმ სიტყვები საერთოდ დაკარგა..მარიამს თეთრი, ჰაეროვანი კაბა ეცვა.. მუცელთან ნაზად აჩენდა კანს, ხოლო კაბაზე დატანილი პატარა თეთრი ვარდების ორნამენტები სინათლეში ცოცხლდებოდნენ. თხელი ქსოვილი მოძრაობისას ირხეოდა, თითქოს თავად ქარი აცეკვებდა.
- ლამაზია… მაგრამ ვფიქრობ ჯობია აბაია შემოიფარო მაინც.. - ძლივს თქვა ირაკლიმ..მარიამმა ეშმაკურად გაუღიმა.
- ანუ იმას მაინც აღიარებ რომ ლამაზია..
- კი, ლამაზია.. მაგრამ სჯობს სხეული დაფარო.. თორემ ძალიან ლამაზია.. მართლა უდაბნოს თეთრ ვარდს ჰგავხარ.. - ძალიან ახლოს მიუახლოვდა, მარიამს თითქოს მართლა სურნელოვანი ვარდის სურნელი ჰქონდა..ირაკლიმ ხელები აბაიასკენ წაიღო, შავი აბრეშუმივით რბილი აბაია მხრებზე მოახურა და ფრთხილად გაუსწორა.
- ირაკლი, სუნთქვაც უნდა ამიკრძალო?
- წესებია - შემდეგ ჰიჯაბიც აუფარა,
მარიამს მხოლოდ თვალები დაუტოვა ღია და ზუსტად მაშინ… ირაკლი გაჩერდა..ეს თვალები..შავი ქსოვილის მიღმა მხოლოდ მისი მზერა ჩანდა - ეშმაკური, იდუმალი, საშიში..ისეთი, კაცს ჭკუას რომ დააკარგვინებდა..მარიამმა სიცილი ძლივს შეიკავა, მერე კი ჰიჯაბი მოიძრო.
- სახეს არ დავიფარავ.
- სახის დაფარვას არც ვაპირებდი, უბრალოდ გაგიკეთე..
- აბა მზად ხარ ჯადოსნური საუდის არაბეთით დატკბე?
- ერთი სული მაქვს! - ღამის ქალაქში გავიდნენ..ოქროსფერი ცათამბჯენები, შუშის შენობები, პალმებით განათებული ქუჩები… ყველაფერი არარეალური ჩანდა.
- ეს ქალაქი ნამდვილია საერთოდ? - ჩუმად იკითხა.
- აქ ფულით შეუძლებელი რაღაცები ხდება.
- მომწონს უკვე.. - ვახშამი ცათამბჯენის სახურავზე გამართულ რესტორანში ჰქონდათ..ქვემოთ მთელი ქალაქი ანათებდა..მარიამი აბაიაში იჯდა და გაღიზიანებული იყურებოდა ირგვლივ.
- მოიცა… - წარბები შეკრა
- შენ ხომ მითხარი, აქ მკაცრი წესებიაო?
- მერე?
- მაშინ ესენი რატომ არიან ნახევრად გახდილები?! - იქვე მჯდომ უცხოელ გოგოებს გახედა მოკლე კაბებში..ირაკლიმ ყავა მშვიდად მოსვა.
- იმიტომ რომ ტურისტული ზონაა - მარიამმა პირი დააღო.
- ანუ მომატყუე?! - უცებ აბაია გადაიძრო.
- მარიამ!
- არ მაინტერესებს! თაღლითო! - თეთრი კაბა განათებაში უფრო ლამაზად გამოჩნდა..მამაკაცების მზერები წამებში მიეწება..ერთმა არაბმა ღიმილით დაუკრა თავი,
მარიამმაც გაუღიმა..მეორემ კომპლიმენტი უთხრა არაბულად.
- რას ამბობს? - ინტერესით გახედა ირაკლის.
- არ ვიცი, ვერ გავიგე!
- მითხარი!
- ამბობს, რომ მთვარეს ჰგავხარ - მარიამმა კმაყოფილმა გაიღიმა,
ირაკლის სახე კი ნელ-ნელა დაეძაბა.
- ძალიან იღიმი მათთან.
- მერე ცუდს რას ხედავ მაგაში?
- არაფერს..

შემდეგ ზღვისპირა თეთრ ვილებში წავიდნენ..მარიამი აუზთან იდგა და ჰორიზონტს უყურებდა.
- მგონია, ზღაპარში ვარ… - ქარი თმას უწეწავდა, ირაკლი ჩუმად უყურებდა
და პირველად დაფიქრდა, რომ მარიამის ბედნიერ სახეს ზედმეტად მიეჩვია.
საღამო უკვე ქალაქს ოქროსფრად ეფინებოდა..ცათამბჯენების მინები მზის ბოლო სხივებს ირეკლავდა, ქუჩებში კი ძვირადღირებული მანქანების ხმა ერთმანეთში ირეოდა..მარიამი და ირაკლი ნელა მიდიოდნენ სანაპიროსთან ახლოს, როცა უცებ რამდენიმე სპორტულმა მანქანამ მათ გვერდით ჩაიქროლა.
ფერად განათებებში მანქანები ელავდა — შავი Lamborghini, ვერცხლისფერი Ferrari, წითელი G-Class…
- ღმერთო, ეს რა სიგიჟეა - ირაკლი მშვიდად უყურებდა.
- ახლა თავში რაღაც აზრები მომდის!-
მარიამი უკვე მანქანებისკენ მიდიოდა.
- ირაკლი, მოდი ვიქირაოთ რა… გთხოოვ
- არა, მეზარება
- კარგი რაა, ერთი ცხოვრება გვაქვს.. წამოდიი გავერთობით, რა უჟმუტი და უხასიათო ხარ! - მარიამი ერთ-ერთ მანქანასთან გაჩერდა და ირაკლის გახედა.
- გეშინია? - ირაკლიმ წარბი შეკრა.
- რისი?
- რომ მოგიგებ - რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა ირაკლი, მერე ნელა ჩაიღიმა.
- კარგი, წავედით! - გამოწვევა მიიღო,
მარიამი მაშინვე წითელი მანქანისკენ გაიქცა.
- ეს ჩემია!
- არა, ეგ ზედმეტად საშიშია შენთვის!
- ზუსტად ამიტომ მინდა! - ირაკლი უკან მიჰყვებოდა და თავისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა:
— მე მართლა შევიშალე ჭკუიდან ამ გოგოს რომ ავყევი…
მანქანები იქირავეს..წითელი და შავი G კლასები გიჟებივით მიქროდნენ გვირაბში.
- ვერ დამეწევა! - იცინოდა მარიამი.
- გიჟია! რა სწრაფად მიდის!
- შენ ვერ მომიგებ უჟმურო! - მანქანიდან მისი სიცილი ისმოდა,
ირაკლის მიუხედავად გაბრაზებისა… თავადაც ეცინებოდა..
- ვერ დამეწევი! - დაუყვირა მარიამმა ფანჯრიდან.
- ჯერ ფინალამდე მივიდეთ! გაჩვენებ რომ ყველაფერში ჩემპიონი ვარ! - მარიამმა გაზს მიაჭირა, მანქანა წინ გავარდა..რამდენიმე წამით მართლა ეგონა, რომ იგებდა..სახეზე გამარჯვებული ღიმილი დაეფინა, მაგრამ შემდეგ…შავი მანქანა გვერდიდან აესვეტა, ირაკლიმ მოულოდნელად მოუმატა სიჩქარეს და ბოლო წამებში გაასწრო.
- არააა! - იყვირა მარიამმა სიცილით,
ფინიშთან ირაკლი უკვე გაჩერებული დახვდა..მანქანიდან მშვიდად გადმოვიდა, სათვალე მოიხსნა და გამარჯვებული სახით მიეყრდნო კარს..მარიამიც გადავიდა თავისი მანქანიდან, მარიამი ახლოს მივიდა. - ძალით მოგაგებინე რომ იცოდე! -
მარიამმა თითი მკერდზე მიადო.
- უბრალოდ შემეცოდე, შენი თავმოყვარეობა დავინდე.
- რა კეთილი ხარ.
- ვიცი! - შემდეგ ძვირადღირებულ საიუველირო მაღაზიას მოჰკრა თვალი, სადაც საათები და ბრილიანტები ბრწყინავდნენ.. ირაკლიმ თხელი ოქროს ყელსაბამი აიღო..მარიამს კისერზე თავად გაუკეთა..მისი თითები კანს შეეხო.
- შენს სილამაზეს ეს მოუხდება..
- ძალიან ძვირია..
- ნუთი ჩემმა "ცოლმა" არ დაიმსახურა - მარიამს გაეღიმა..
საღამოს პარაშუტით აფრინდნენ,
ქალაქი ზემოდან ოქროს ნაპერწკლებს ჰგავდა..მარიამი სიცილით ეკვროდა ირაკლის.
- ხელი არ გამიშვა!
- ვერ მოგიშორე და აქ გაგიშვებ? - ქარი მათ შორის ქროდა..მზერებს კი ერთმანეთს უცვლიდნენ..

ღამით უზარმაზარ იახტაზე აღმოჩნდნენ..მუცლის ცეკვები, ცეცხლები, მუსიკა, ზღვის სუნი…
მარიამი აღფრთოვანებული უყურებდა მოცეკვავე ქალებს.
- ღმერთო, როგორ აკეთებენ ამას?!- ცოტა ხანში თავად ცდილობდა მოძრაობების გამეორებას.
- ნუ იცინი!
- არ ვიცინი…უბრალოდ..კატასტროფა ხარ.
- აი ნახე კარგად ვისწავლი ამ ცეკვას! - ცოტა ღვინოც დალია..უკვე ნახევრად მთვრალი იყო.
- არ მინდა წასვლა… - ბუტბუტებდა
- აქ მინდა ცხოვრება… საკუთარი იახტა მინდა… - ირაკლიმ ხელი მოკიდა.
- წავედით.
- სასტიკი ხარ.
- ზედმეტს სვამ.. დღეისთვის საკმარისია, ხვალ გავაგრძელოთ ექსკურსია

სასტუმრომდე ძლივს მიიყვანა..
მარიამი ქუსლებზე ძლივს დადიოდა,
ოთახში რომ შევიდნენ, ირაკლი მის წინ ჩაიმუხლა და ფეხსაცმლის გახდა დაუწყო..მარიამი ზემოდან უყურებდა..ძალიან ახლოს იყვნენ..
ირაკლი სწრაფად წამოდგა.
- დაიძინე - გასვლა დააპირა, მაგრამ მარიამმა ხელი მოკიდა.
- ჰაბიბი რას ნიშნავს? - ირაკლის გაეღიმა.
- ძალიან ლამაზი სიტყვაა.
- მაინც? რას ნიშნავს?
- საყვარელს ნიშნავს… ძვირფას ადამიანს - მარიამი ჩაფიქრდა.
- ჰმ… მომწონს - წამოდგა და მიუახლოვდა..ირაკლი ინსტინქტურად უკან დაიხია, როცა მარიამი ასე უახლოვდებოდა, აზროვნება ეკარგებოდა.
- ხვალ სად წამიყვან?
- დაისვენე… ხვალ კიდევ უფრო ლამაზი დღე გველოდება - ფრთხილად გავიდა ოთახიდან.. მარიამი კი საწოლზე იჯდა და ეშმაკურად იცინოდა..
დაახლოებით ორ საათში ირაკლის კარზე კაკუნი გაისმა..ნახევრად მძინარემ კარი გააღო..კართან მთლიანად შავში გახვეული მარიამი იდგა..სახეც დაფარული ჰქონდა,
მხოლოდ თვალები უჩანდა..
იდუმალი..მოხატული, საშიში..
ირაკლიმ თვალები ფართოდ გაახილა
- შენ კიდევ არ გძინავს?!
- ვერ ვიძინებ.
- მე მეძინება, მარიამ.
- თუ მე არ მძინავს, ვერც შენ დაიძინებ - შემდეგ ჩუმად დაამატა:
- მინდა ჩემი ახალი ნიჭი გაჩვენო.
- რა ნიჭი?
- უკვე იცი როგორი ნიჭიერი მსახიობი და მხატვარი ვარ… ახლა გაიგებ როგორი მოცეკვავეც ვარ -
არაბული მელოდია ოთახს მოეფინა, თითქოს ქვიშის ქარიშხალივით ნელა ტრიალებდა კედლებს შორის,
მარიამმა აბაია ბოლომდე ჩამოისრიალა სხეულიდან, ირაკლი გაიყინა..წითელში იყო გახვეული,
ცეცხლისფერში..მუქი თმის ფონზე კოსტიუმი კიდევ უფრო მკვეთრად ელავდა - მკერდთან და წელზე ოქროსფერი ორნამენტები ჰქონდა დატანილი, პატარა ბროლები ყოველ მოძრაობაზე ინთებოდნენ.. გამჭვირვალე, ჰაეროვანი ქსოვილი მხრებიდან ეშვებოდა, ხოლო თეძოებზე ოქროს მონეტები რბილად წკრიალებდნენ..ხელებზე წითელი, თხელი ქსოვილი შემოეხვია, რომელსაც მოძრაობისას ჰაერში დაატარებდა. კისერზე და დეკოლტეზე მბზინავი სამკაული ეფინა, შუბლზე კი არაბული სტილის ვერცხლისფერი თავსაბურავი ჰქონდა ჩამოშლილი, მაგრამ ყველაზე საშიში მაინც მისი თვალები იყო..შავი, გრძელი წამწამებით დამძიმებული მზერა…
ნახევრად მთვრალი, ეშმაკური, მაცდური..მარიამმა ნელა ასწია ხელები, მუსიკას აჰყვა..თეძოები რბილად აამოძრავა, მერე უფრო სწრაფად… ოქროს მონეტების ხმა ოთახში გაიფანტა. წითელი ქსოვილი ჰაერში ტრიალებდა, სხეული კი თითქოს საერთოდ არ ემორჩილებოდა მიწას. ირაკლი ხმას არ იღებდა, უბრალოდ იდგა კართან, გაშეშებული.. მზერა მარიამს ჰქონდა მიჯაჭვული ისე, თითქოს თვალის დახამხამებისაც ეშინოდა რამე არ გამორჩენოდა..მარიამი მისკენ ნელა დაიძრა ცეკვის დროს..შიშველი ფეხები რბილად ეხებოდა იატაკს, წითელი კოსტიუმი ოქროსფრად ბრწყინავდა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში..მერე მოტრიალდა, თმა ჰაერში აიფრიალა..ირაკლის ყელში რაღაც გაეჩხირა, მარიამი უკვე თამაშობდა მის ნერვებზე..ყოველ მოძრაობაში გამოწვევა იყო, მიუახლოვდა ძალიან ახლოს.. თეძოები მუსიკის რიტმზე აამოძრავა მის წინ, მერე ზურგი შეაქცია და ისევ ნელა შეტრიალდა. თვალები წამით დახუჭა, ხელები თმაში შეიცურა და ირაკლის გახედა..ის კი ისევ ჩუმად იდგა, მაგრამ თვალებში ყველაფერი ეწერა..სუნთქვა დაუმძიმდა, ყბა დაჭიმული ჰქონდა..თითები ნერვიულად მოუჭირა ერთმანეთს, მარიამს გაეღიმა..მოეწონა მისი ასეთი მდგომარეობა..მერე ისევ დატრიალდა - წითელი ქსოვილი ცეცხლივით აჰყვა მოძრაობას..იმ წამს ირაკლის მართლა მოეჩვენა, რომ ოთახში ერთადერთი სინათლე მხოლოდ მარიამი იყო..
ირაკლიმ უცებ შეაჩერა. მაჯაში ხელი ძლიერად, მაგრამ ფრთხილად ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა..მუსიკა ისევ ჩუმად უკრავდა ოთახში, ფანჯრიდან შემოსული ქალაქის ოქროსფერი განათება კი მარიამის სხეულს ეცემოდა და კანს აბრეშუმივით უბრწყინავდა..რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა, სუნთქვა გაუხშირდა.
- რას აკეთებ?.. - დაბალი, ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა.
- რას ცდილობ მარიამ?.. - მარიამმა თვალები ნელა ასწია მისკენ, ისევ იმ ეშმაკური მზერით უყურებდა, რომელიც ირაკლის ჭკუიდან შლიდა.
- შენთვის ვისწავლე ეს ცეკვა… - ჩურჩულით უთხრა.
- არ მოგეწონა?.. - ირაკლის ყბა დაეჭიმა, მარიამი კიდევ უფრო მიუახლოვდა..მათი სხეულები თითქმის ეხებოდა ერთმანეთს, ტუჩი ნელა მოიკვნიტა..ზუსტად ისე… თითქოს განზრახ ანადგურებდა მის მოთმინებას..ირაკლის მზერა ინსტინქტურად მის ტუჩებზე გადავიდა, შემდეგ ისევ თვალებში..
მარიამის თითები მის სხეულს შეეხო,
ნელა, აუჩქარებლად.
- რაღაც არ ჰგავხარ შენს თავს… - მაცდურად გაუღიმა.
- ჩვეულებრივ უფრო თავდაჯერებული ხარ ხოლმე - ირაკლიმ მწარედ ჩაიცინა.
- შენ წარმოდგენაც არ გაქვს რას მიკეთებ.
- იქნებ მაქვს?.. - სიჩუმე ჩამოვარდა,
მხოლოდ მათი სუნთქვა ისმოდა..
ირაკლი უფრო დაიხარა, მარიამის სურნელი თავბრუს ახვევდა..მათი ტუჩები უკვე იმდენად ახლოს იყო, რომ ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ..მარიამს თვალები ნახევრად მიეხუჭა, ირაკლის ხელი წელზე უფრო ძლიერად მოეჭირა,
კოცნამდე სულ ერთი წამი რჩებოდა..ერთი მოძრაობა, ერთი სისუსტე, მაგრამ ირაკლი უცებ გაჩერდა..თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და შუბლი შუბლზე მიადო.
- ჯანდაბა… - ჩუმად ჩაილაპარაკა.
- ასე ძალიან შორს შევტოპავთ..



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ხოო, უცნაური ცვლილებები იყო მოვლენების, სიურპრიზი იყოო , ძალიან კარგი ისტორიაა , კარგად ჩანს ადამიანი სადამდე მიჰყავს სიხარბეს და ძალაუფლებას ,ისე რომ სხვისი ცხოვრების ნგრევა არაფრად უღირს ... საინტერესოა ,როგორ განვითარდება მოვლენები.. და რას მოუტანს ირაკლის და მარიამს ეს ალიანსი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent