თილისმა (5 თავი)
თილისმა წინადადება 5 თავი სწრაფად გავუყევი მითითებულ დერეფანს, და არც იმ სათავსოს პოვნა გამჭირვებია, რომელიც ზაქარიამ მიმასწავლა. დახმარების მოსვლას ალბათ დრო დასჭირდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე თავად მეცადა, რაც შემეძლო. ოთახში შევედი და იქაურობა მობილურის ფანრით გავანათე. სულ მალე ვიპოვნე ის, რაც გამომადგებოდა. უზარმაზარი ფოლადის „ლომი“. თუ არ ვცდები სწორედ ასე ეძახიან იმ რკინის მძიმე ნივთს. ერთი სიტყვით, ავიღე ლომი და სარდაფში დავბრუნდი. _ სცადეთ და მის ქვეშ მოათავსეთ, სულ ოდნავ თუ ასწევთ, განთავისუფლებას შევძლებ._ მიმითითა ზაქარიამ იმ სვეტის ნამსხვრევზე, რომელიც ზედ ფეხზე დასცემოდა. _ დარწმუნებული ხართ, რომ ეს სწორი საქციელია?_ ვკითხე ყოყმანით და იმის შიშით უარესი არაფერი დამეშავებინა მოსთვის ჩემდაუნებურად. _ ამაზე მეტი რაღა მომივა,თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ამდენი ხანი ფეხი უმოძრაოდ მაქვს, და მგრძნობელობაც მეკარგება მგონი თან და თან!_ უცნაურად გაეღიმა მას. _ ეს როგორ მოხდა ზაქარია? _ ვკითხე და რაც მთხოვა იმის გაკეთება ვცადე. რკინა სვეტის ქვეშ ბერკეტივით მოვათავსე და ხელებით დავეყრდენი. _ თუ შეიძლება, კითხვები მერე დამისვით!_ ჩაილაპარაკა მან. სახეზე ეტყობოდა დიდ ტკივილს ითმენდა საწყალი. ჰაერი ჩავისუნთქე და ლომის მეორე ბოლოს მაგრად ჩავეჭიდე. _ ჯანდაბა, მგონი არაფერი გამომდის!_ ამოვიოხრე, როცა მივხვდი ნამსხვრევს ძვრაც ვერ ვუყავი. _ აიწიეთ და მთელი სხეულის სიმძიმით დაეყრდენით. სცადეთ, პირველივე ცდაზე ვინ ნებდება?_ წარბი ასწია ზაქარიამ. „პირველივე ცდაზე ვინ ნებდება?!“ გაიჟღერა ჩემს გონებაში მისმა სიტყვებმა. „ვინ და მე ვნებდები!“ ვუპასუხე საკუთარ ფიქრებში. რა აზრი ჰქონდა იმის მცდელობას, რაც ისედაც თვალსაჩინოდ შეუძლებელი ჩანდა? მაგრამ უარი არ მითქვამს, ვცადე მთელი ჩემი წონა ბერკეტის გადასაწევად მიმემართა და უნდა გენახათ ჩემი გაოცება, როცა ნამსხვრევი სულ ოდნავ მოსცილდა იატაკს. ამ მცირედ მოძრაობასაც კი ზაქარიას ყრუ კვნესა მოჰყვა, თუმცა ის ის ადამიანი არ იყო „ვინც პირველივე ცდაზე ნებდება“. იდაყვებზე დაყრდნობილი გამოხოხდა საკუთარი ხაფანგიდან. გვერდზე გაიწია და წამოჯდომა სცადა. ისედაც გაფითრებულ სახეზე მთლად მკვდრის ფერი დაედო. _ მადლობა ქალბატონო ამანიტა!_ ისევ სახელით მომმართა და მე ისევ გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ჩემი სახელი იცოდა._ თუ შეგიძლიათ წყალი მომიტანეთ! თუ რთული არ იქნება ეს! მისი უცნაური და ჩემთვის უადგილო ზრდილობა ყურს მჭრიდა. სიტყვის უთქმელად გავიქეცი იქით, საითაც სამზარეულო მეგულებოდა. ნეტავ რამდენ ხანს იყო ასე? ვეკითხებოდი საკუთარ თავს და რატომღაც იმაზე ვფიქრობდი, რომ არა მაგდა ალბათ კიდევ რამდენიმე დღე ვერავინ შეამჩნევდა ზაქარიას გაუჩინარებას. და რა მოხდებოდა ამ ხნის მანძილზე? ალბათ ზაქარია, სულ ცოტა,ფეხს დაკარგავდა. წყლის ჭურჭელს და რამდენიმე პირსახოცს, ხელი დავავლე და უკან სირბილით დავბრუნდი. წყალი სულმოუთქმელად დაცალა. აშკარა იყო კარგა ხანს იყო მოყოლილი იმ ხაფანგში. მისივე მითითებით პირსახოცები მჭიდროდ მოვახვიე სისხლმდინარე ჭრილობაზე. რაღაც არტახის მაგვარის გაკეთება მაიძულა. მაიძულა ერქვა მის ზრდილობიან მოკლე მოკლე ბრძანებებს, რასაც შეკამათების გარეშე ვასრულებდი. _ როგორც სჩანს სისხლის არ გეშინიათ არა?_ მკითხა ბოლოს, როცა თავი კვლავ ჩემს გადაკეცილ ქურთუკზე დადო. _ მე ცოტა რამის მეშინია ზაქარია. _ ვუპასუხე გულწრფელად. იმას რა მათქმევინებდა სისხლის არა, მაგრამ პეპლების რომ მეშინოდა?! და კიდევ ისეთი წვრილმანი რამეების, რაც ჩამოთვლადაც არ ღირდა. სამაგიეროდ წარმოსახვით მაქციებზე სანადიროდ თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი ტყეში. _ ალბათ ნამდვილად ასეა, რადგან ასეთ დროს აქ მოხვედით. ხომ მშვიდობაა? აქ რას აკეთებთ?_ დაინტერესდა ბოლოს ჩემი სტუმრობის მიზეზით._ არ გეგონოთ არ მიხარია თქვენი დანახვა, სამწუხაროდ ასეთ მდგომარეობაში თქვენს დახმარებას ვერ შევძლებ! _ არა, მშვიდობაა, მხოლოდ ვიფიქრე, რომ თქვენთვის ახალი წელი უნდა მომელოცა!_ ავიჩეჩე მხრები. ახალი წელი არაფერ შუაში იყო, რატომღაც ეს სასახლე მიზიდავდა. ისე მსურდა აქ მოსვლა, რომ ახალი წელი მიზეზადაც კი მოვიდე. _თანაც თქვენ აქ სულ მარტო ხართ და... _ სულ მარტო._ უცნაურად ჩაეღიმა მას._ კი ასეც შეიძლება ითქვას. _ რა მოხდა აქ ზაქარია? რამ წააქცია ეს ამხელა სვეტი? თითქოს დანარჩენებს ძვრაც არ ეტყობათ, ალბათ სიძველის ამბავი არ უნდა იყოს არა?_ დავუბრუნდი ისევ მომხდარ ამბავს. _ როცა სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარდა, ეს ოთახი უწინდელი ფორმით შეინარჩუნეს, ალბათ ეს შეცდომა იყო! _ მიპასუხა მან მშვიდად,მაგრამ რატომღაც მის ხმას დამაჯერებლობა აკლდა. _ ისიც ძალიან უცნაურია, რომ ასეთ ლამაზ სასახლეს მთელი ავთენტურობა დაუკარგეს სრული ინტერიერის მოდერნიზაციით!_ გამოვთქვი საკუთარი გულისტკივილი. რადგან ალბათ სულ სხვა რამეს ველოდი მისი გარეგნული იერიდან გამომდინარე და სულ სხვა რამ დამხვდა შიგნით. _ ალბათ, როცა საუკუნე ცხოვრობ, ყველაფერი გბეზრდება და სულერთი ხდება._ კვლავ საკუთარ თავს უფრო გაეპასუხა ზაქარია, ვიდრე მე._ მაგრამ ფაქტია ქალბატონო ამანიტა, რომ არა თქვენი გაუფრთხილებელი ვიზიტი, ალბათ ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე. _ ზაქარია, რა უნდა მეკითხა, აქ გარეული ცხოველები ბუდობენ?_ გამახსენდა ჩემი ხმაურიანი მდევარი._ უბრალოდ როცა აქ მოვდიოდი, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რაღაც მომდევდა. _ რას ნიშნავს გრძნობა გქონდათ? არ დაგინახავთ?_ დავფიქრდი და თავი უარის ნიშნად გავაქნიე. ჩემი საკუთარ დაქალებს არ სჯეროდათ და ზაქარია დამიჯერებდა?! _ არა, მაგრამ სხვა ვინმე დავინახე!_ გამახსენდა ის ტიპი კოტეჯთან რომ გვითვალთვალებდა._ აქ სხვაც ქირაობს კოტეჯს? _ სხვა კოტეჯს? არა, აქ მხოლოდ ერთი კოტეჯი გვაქვს. თქვენს მეტი, რამდენიმე რადიუსში არავინაა. რაც შეეხება გარეულ ცხოველებს, დათვები და მგლები, ირმებიც, ალბათ არიან. ამიტომ ქალბატონო ამანიტა, საჭიროების გარეშე უფრთხილდით ღამით სახლის დატოვებას! სიფრთხილე ხომ არასდროსაა ზედმეტი?_ ამას რომ ამბობდა ზემოდან ხმაური მომესმა. ვიღაც მეძახდა. მივხვდი სამაშველო სამსახური ამოსულიყო და გოგოებიც მათ ამოჰყოლოდნენ. _ ამაა! სად ხარ ამაა!_ ლამის ისტერიკამდე იყვნენ მისულები. დამშვიდობებისას კიდევ ერთხელ გამაფრთხილა ზაქარიამ, რომ სახლი ღამით არ დამეტოვებინა. რატომღაც ამაზე ძალიან ნერვიულობდა, ვიდრე საკუთარ თავზე. კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება და საავადმყოფოს გზას გაუყენეს. დაგეგმილზე ადრე დავბრუნდით სახლში. მომხდარმა გოგონების განწყობა შეცვალა. წამოსვლისას ერთხელ კიდევ გავხედე სასახლეს და ხელი დავუქნიე დამშვიდობების ნიშნად. ვგრძნობდი, რომ წამოსვლა არ მსურდა, თითქოს იქ რაღაც იყო, რაც ჯერ კიდევ არ მქონდა ნანახი და ის მე მელოდებოდა. თუმცა ამაზე საუბრის დაწყება არც კი მიცდია, წარმოვიდგინე გოგოების დაეჭვებული მზერა და ხელი ჩავიქნიე, თუ ბედი იყო, ვინ იცის, ალბათ დავბრუნდებოდი კიდეც. სულ მალე სახლის გზას დავადექით. ....... გამწარებული ვყრიდი ჩემოდნიდან ყველაფერს. ვეძებდი ყველა ჯიბეში, მაგრამ ჩემს გულსაკიდს ვერსად ვპოულობდი. ბოლო ათი წელი იყო მოუხსნელად დავატარებდი თან. ჩემი თილისმა იყო, თითქოს ჩემი სიმშვიდის და კონცენტრაციის ხელშესახები ბერკეტი. ვერცხლის ჯაჭვზე დაკიდული სპირალის ფორმის პატარა ვერცხლისავე მედალიონი. წლების წინ სასეირნოდ გასულმა, სრულიად შემთხვევით ვიპოვნე ძველმანების ბაზრობაზე. რომ დავინახე ისეთი შეგრძება დამეუფლა, თითქოს ჩემი დაკარგული ნაწილი ვიპოვნე. და მიუხედავად იმისა, რომ პატარა ნაკლიც ჰქონდა, თითქოს რაღაც ნაწილი აკლდა, არც კი დავფიქრებულვარ ისე შევიძინე. _ სად ჯანდაბაში წავიღე ნეტა?_ იმიტომ მიკვირდა, რომ არასდროს ვიშორებდი თავიდან და ახლა ვხვდებოდი, რომ ჩემოდნებში მის ძებნას აზრი სრულებით არ ჰქონდა. საწოლზე ჩამოვჯექი და დავფიქრდი. ცხადად წარმომიდგა ის კადრი, როგორ ვეჯაჯგურებოდი იმ უზარმაზარ რკინას, როცა ზაქარიას დახმარებას ვცდილობდი. ალბათ სწორედ მაშინ დავკარგე. წამით ისიც კი გავიფიქრე, რომ გამიხარდა ამის გაფიქრება. ეს ნიშნავდა, რომ იმ იდუმალ სახლს კიდევ ერთხელ ვნახავდი. გადავწყვიტე ნათიასთვის ზაქარიას საკონტაქტო მეკითხა. _ რა დაკარგე? ის სიმახინჯე სპირალი? მერე? მაგის გამო იქ აპირებ დაბრუნებას?_ ისე შეიცხადა ნათიამ, რომ აშკარად მიხვდა გულსაკიდი, ცოტა არ იყოს, საბაბად მოვიდე. _ ჰოო, ხომ იცი ის მნიშვნელოვანია ჩემთვის!_ ხმაში სიბრაზე შემეპარა ბოლო დროს ძალიან მაღიზიანებდა მათი უცნაური დამოკიდებულება. რატომღაც ჩემი ყველა ქმედება უცნაურობად მიაჩნდათ. ჩემი არ სჯეროდათ, ამბობდნენ, რომ რაღაცეებს ვაზვიადებდი, მეტიც, რიმ რაღაცეები მელანდებოდა. შესაძლოა ეს ჩემი ბრალიც იყო, მაგრამ მაინც, ვერ ვხვდებოდი რატომ უჭირდათ ჩემთვის დაჯერება. ზუსტად ეს იყო მიზეზი, რატომაც დუმილი ვისწავლე. ცოტა არ იყოს, რთულია იმის მტკიცება, რაც უნებურად სრული სიმართლეა, მაგრამ მტკიცებულების გარეშე. ამიტომ ვზრდიდი უხილავ ბარიერს, ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ, მთელი ცხოვრება მიცნობდნენ და ჯერაც ვერ ეგუებოდნენ სამყაროს, რომელსაც მე საკუთარი თავის გარშემო ვქმნიდი. მათთვის ყველა ჩემი ფიქრი თუ ქმედება არარაციონალური და ფანტასტიკასთან უფრო ახლო მყოფი იყო, ვიდრე რეალობა. _ კარგი, მაგრამ ფოსტაც არსებობს ხომ იცი არა? საკურიერო მომსახურებაც და საერთოდ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ! გაიგე?_ ხმა მკაცრი ჰქონდა ნათიას. უეჭველად იცოდა ვერაფერი შემაჩერებდა, თუ იქ დაბრუნებას გადავწყვიტავდი. _ შენ სულ იმას აკეთებ, რასაც საჭიროდ თვლი ამა, და ეს ხშირად პრობლემებს გიქმნის! ჩაიწერე! ბოლოჯერ დავფიქრდი, ღირდა თუ არა ზაქარიასთან დარეკვა და ბოლოს, რა თქმა უნდა, მისი ნომერი ავკრიფე. ნაცნობმა ხმამ რამდენიმე ზარზე მიპასუხა. _ გისმენთ! _ სალამი ზაქარია, როგორ გიკითხოთ, მე ამანიტა ვარ, თქვენი კოტეჯის სტუმარი!_ მივესალმე და გულის ფანცქალით დაველოდე მის პასუხს. _ გამარჯობა ქალბატონო ამანიტა, მადლობა არამიშავს, თქვენ რამ შეგაწუხათ?_ ჩვეულად უემოციო ხმა ჰქონდა, თუმცა კვლავაც ზეზრდილობიანი. _ იცით ზაქარია, იქ სარდაფში ჩემთვის მნიშვნელოვანი ნივთი დავკარგე, ჩემი თილისმა._ ვცადე ახსნა, თუ რატომ ვურეკავდი ასე ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. _ თილისმა?_ ხმაში ინტერესი გაუკრთა. _ დიახ, უფრო სწორედ, ჩემი გულსაკიდი, ვერცხლის პატარა სპირალის ფორმის, მონეტის ზომის... _ იცით ქალბატონო ამანიტა, არ ვიცი რაზე საუბრობთ._ სიტყვის დასრულებაც არ დამაცადა, უსე შემაწყვეტინა. _ აა, არ იცით, რა სამწუხაროა, მე კი დარწმუნებული ვარ, სწორედ თქვენთან დავკარგე._ იმ წამს გადავწყვიტე, თუ მეტყოდა, რომ ვერ დამეხმარებოდა, მაინც ჩავიდოდი თუნდაც დაუპატიჟებლად. ჩემმა შინაგანმა სიკერპემ გადაწყვეტილება კვლავ ჩემს ნაცვლად მიიღო. _ მე იმის თქმა მინდოდა ქალბატონო ამანიტა, რომ მე ახლა თბილისში ვარ და.... და თუ თქვენთვის პრობლემა არაა, მსურდა თქვენთან პირისპირ მესაუბრა, ერთ მნიშვნელოვან საქმეზე, საქმიანი წინადადება მაქვს. თქვენ რომ არ დაგერეკათ თავად ვეცდებოდი თქვენთან დაკავშირებას._ ამ სიტყვებზე შევცბი. რა საქმე უნდა ჰქონოდა ზაქარიას ჩემთან? მაშინვე ამ კითხვამ გამიელვა გონებაში. იქნებ მადლიერების გამოხატვა სურდა? _ ზაქარია, არაა საჭირო, მე ... _ მისმინეთ ქალბატონო ამანიტა, მისამართს მოგწერთ და ხვალ საღამოს, თუ არ შეწუხდებით მესტუმრეთ, არ შეგაწუხებდით, თავად მოვიდოდი, რომ არა ჩემი ფეხი! სამწუხაროდ ტრავმა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. _ სწრაფ_სწრაფად მომაყარა სათქმელი მან._ საქმე სასახლეს ეხება. და თუ თქვენ ჩემი წინადადება დაგაინტერესებთ. მოკლედ გელოდებით. მითხრა, დამემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. მთელი საღამო ვფიქრობდი, რა საქმე უნდა ჰქონოდა ზაქარიას, რას ნიშნავდა, საქმე სასახლეს ეხებაო? მე საერთოდ რა შუაში ვიყავი? ბევრი ვიფიქრე, მაგრამ პასუხი ვერ მივაგენი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მეორე დღეს ზაქარია მენახა და ყველაფერი გამერკვია, თორემ ინტერესი ალბათ ბოლოსაც მომიღებდა. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


