შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 32


11-05-2026, 11:26
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 127

რამდენიმე კვირამ გასტანა.
გარეგნულად ყველაფერი თითქოს ნელ-ნელა მშვიდდებოდა.
მილენა ისევ მუშაობდა.
შეხვედრებს ესწრებოდა, პროექტებს მართავდა, იღიმოდა კიდეც ხანდახან.
მაგრამ მისი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა.
ახლა ყველგან დაცვა დაჰყვებოდა.
ოფისთან.
სახლთან.
მანქანასთან.
სოლომონი არაფერს რისკავდა.
თავად მილენას კი ყველაზე მეტად ის ახრჩობდა, რომ თავისუფლებაც კი კონტროლს დაემსგავსა.

***

ერთ საღამოს, სამსახურის მერე, სოციალურ ქსელში შეტყობინება მოუვიდა.
„ეს მართლა შენ ხარ?..“
მილენა რამდენიმე წამი აკვირდებოდა პროფილის ფოტოს.
მერე უცებ მოედო ღიმილი.
-ნინა?..
მისი ბავშვობის მეგობარი.
ერთად იზრდებოდნენ თავშესაფარში.
ერთად დადიოდნენ სკოლაში.
ბოლო წლებში კი თითქმის აღარ ჰქონდათ ურთიერთობა.

***

ორიოდე დღის შემდეგ ნინა უკვე სახლში ესტუმრა.
მილენამ კარი გაუღო თუ არა, ორივე რამდენიმე წამი უბრალოდ ყურადღებით უყურებდა ერთმანეთს.
-მგონი საერთოდ არ დაბერებულხარ, პირიქით გაიზარდე და დამშვენდი… -გაეცინა ნინას.
-მაგას შენ მეუბნები? -ჩაიცინა მილენამ. -ექიმებს საერთოდ გეძლევათ უფლება ასე კარგად გამოიყურებოდეთ? თანაც ოცდაექვსი წელი ცოტა ხომ არ არის..
ნინა სიცილით გადაეხვია.
-მომენატრე, იდიოტო.
-მეც…
და პირველად დიდი ხნის განმავლობაში მილენამ იგრძნო რაღაც ძალიან ჩვეულებრივი.
ძველი.
თბილი.
უსაფრთხო.

***

მისაღებში დასხდნენ.
მოსამსახურეებმა ჩაი, ღვინო, ტკბილეული - ყველაფერი გამოიტანეს.
საუბარი თავიდან მსუბუქი იყო.
სკოლის ამბები.
მასწავლებლები.
პირველი შეყვარებულები.
სულელური ისტორიები.
რამდენჯერ იცინეს ისე, რომ თვალები აუცრემლდათ.

***

-მახსოვს მერვე კლასში დირექტორმა რომ დაგიჭირა სახურავზე, -იცინოდა ნინა.
-მაგას ნუ იხსენებ!
-და რომ თქვი „ვარსკვლავებს ვაკვირდებოდიო“?!
მილენას კვლავ სიცილი აუტყდა.
-არადა სიგარეტს ვეწეოდი.
ორივემ ერთდროულად გადაიხარხარა.

***

მერე საუბარი ნელ-ნელა შეიცვალა.
გაღრმავდა.
ნინამ ღვინის ჭიქა თითებში დაატრიალა.
-შენით მართლა ვამაყობ, იცი?
მილენა ოდნავ დაიბნა.
-რით?
-ყველაფრით. -პირდაპირ უთხრა. -იმით, რადაც იქეცი. როგორ წამოაყენე შენი თავი ფეხზე… მარტომ. შენი ყოველთვის მჯეროდა.
რამდენიმე წამით მილენა ჩუმად იყო.
მერე სუსტად გაუღიმა.
-შენც არანაკლებ. წარმატებულო ქალბატონო ექიმო…
ნინამ თვალები აატრიალა.
-გადაღლილი ექიმი უფრო.
-ბედნიერი ხარ?
ამ კითხვაზე ნინა ცოტა დაფიქრდა.
-მგონი… ჰო. -გაეღიმა ბოლოს. -რთულია, მაგრამ კარგი კაცია. მშვიდი. ჩემზე ზრუნავს.
მილენა ჩუმად უსმენდა.
-შენ? -მოულოდნელად ჰკითხა ნინამ. -არასდროს გიფიქრია გათხოვებაზე?
მილენა წამში დაიძაბა.
ძალიან შეუმჩნევლად.
მაგრამ ნინამ მაინც შენიშნა.
-მე… -მილენამ წყალს დახედა. -არ ვიცი. დრო არ მქონდა ალბათ.
-აჰა… -ნინამ თვალები ოდნავ დააწვრილა, მაგრამ აღარ ჩაეძია.

***

სხვა თემაზე გადავიდნენ.
საქმეზე.
მოგზაურობებზე.
ძველ ნაცნობებზე.
მაგრამ რაღაც მომენტში მილენა უცებ გაჩუმდა.
სახე შეეცვალა თითქოს გაფითრდა.
-ნამდვილად კარგად ხარ? -წარბშეკრულმა ჰკითხა ნინამ.
მილენამ ხელი მკერდთან მიიდო.
-უცებ…
სლოკინი აუვარდა.
მერე სახე მოეღუშა.
-ჯანდაბა…
უცებ წამოხტა და საპირფარეშოსკენ სწრაფად წავიდა.
ნინა გაოცებული უყურებდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა.
ფერი აღარ ედო.
ნინა ჩუმად აკვირდებოდა.
მერე მოულოდნელად ჰკითხა:
-ორსულად ხარ?
მილენა ადგილზე გაშეშდა.
-რას ამბობ, გოგო… -ნერვიულად გაეცინა. -არა… შეუძლებელია…
მაგრამ ბოლო სიტყვებზე მისი ხმა უკვე აღარ იყო დამაჯერებელი.
ნინა ექიმის მზერით უყურებდა.
-სრულიად შესაძლებელია.
მილენამ სახეზე ხელები აიფარა.
-არა… ჯანდაბა…
-ტესტი გაქვს სახლში?
მილენამ თავი ძალიან ნელა გააქნია.
ნინა ჩანთისკენ დაიხარა.
-მე მაქვს.
მილენამ თვალები გააფართოვა.
-რა?!
ნინას სიცილი აუტყდა.
-ექიმი ვარ, მილენა, თანაც ქალი..

***

ათი წუთის შემდეგ აბაზანაში იდგნენ.
მილენა კედელს მიყრდნობოდა და ხელები უკანკალებდა.
-ეს სისულელეა… -ჩაილაპარაკა. -უბრალოდ სტრესია…
მაგრამ როცა ტესტზე ორი მკაფიო ხაზი გამოჩნდა -
სამყარო თითქოს გაჩერდა.

***

მილენა გაშეშებული უყურებდა.
სუნთქვაც კი დაავიწყდა.
და შემდეგ-
ის საღამო გაახსენდა.. მთები.
იოანეს ხმა.
მისი ხელები.
წყალი.
მისი კოცნა და ვნება რომელმაც თვალისდაუხამხამებლად სძლია და ორივეს თავბრუ დაახვია.


***

-ჯანდაბა… -ჩაილაპარაკა ძალიან ჩუმად. -მე…
ხელი ინსტინქტურად მუცელზე მიიდო.
-მგონი მართლა ორსულად ვარ…
ხმა უკანკალებდა.
-იოანესგან…
ნინა ღიმილით მიუახლოვდა.
ძალიან ფრთხილად შეეხო ხელზე დასამშვიდებლად.
-ჰო… ასეა…
რამდენიმე წამი მილენა ისევ გაშტერებული იდგა.
თითქოს საკუთარ სხეულსაც ვეღარ ცნობდა.
ნინას კი უცებ გაეცინა.
-დეიდა ვხდები! -ტაში შემოჰკრა ხმამაღლა.
მილენამ უნებურად შეხედა.
და უცებ სიცილიც წასკდა.
თვალცრემლიანს.
ანერვიულებულს.
დაბნეულს.
ერთდროულად ყველაფერს გრძნობდა.
სიხარულს.
შიშს.
სევდას.
და ყველაზე მეტად-
იმას, რომ იოანე ამ ბავშვის მამა იყო.
ნინას ეს ამბავი იმაზე მეტად გაუხარდა, ვიდრე მილენა ელოდა.
პატარა ნივთი ხელში ეჭირა, მერე უცებ ხმამაღლა გადაიხარხარა და მილენას მოეხვია.
-ღმერთო ჩემო… მილენა, დედა ხდები! გჯერა?
მილენა ჯერ ისევ გაშეშებული იჯდა დივანზე.
თითები მუცელზე ჰქონდა მიკრული, თითქოს საკუთარ სხეულს პირველად გრძნობდა.
-ნინა… -ჩუმად ამოთქვა, -არ ვიცი რა უნდა ვიგრძნო.
ნინა მის წინ ჩაიმუხლა.
-ბედნიერება უნდა იგრძნო, გესმის? ეს სასწაულია.
მილენამ ნერვიულად გადაიტარა ხელი თმაზე.
-სასწაული? ეს სრული კატასტროფაა.
ნინას ღიმილი ნელ-ნელა ჩაუქრა.
-...იმ კაცისგან ხარ ორსულად?… იმ იოანესგან?
მილენამ თვალები დახუჭა.
-ჰო.
რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ.
-მიყვარდა… -ჩაიჩურჩულა ბოლოს მილენამ ძალიან ჩუმად, -მაშინაც მიყვარდა და ალბათ რაღაც ნაწილი ისევ ვერ ამოვიგლიჯე თავიდან… მაგრამ ის ცოლიანია, ნინა. შვილებიც ჰყავს. ავადმყოფური რაღაცები ქნა. ჩემი მოტაცებაც კი შეძლო… ეს ნორმალური ან საიმედო ურთიერთობა არ არის ჩემთვის.
ნინა ყურადღებით უსმენდა.
-მაგრამ ბავშვი არაფერ შუაშია, -თქვა ბოლოს მშვიდად.
მილენამ მაშინვე თავი გააქნია უარყოფოს ნიშნად.
-არა, ნინ. არ მინდა ეს ბავშვი. ვერ გავაჩენ. -ღრმად ამოიოხრა.
-იმიტომ რომ გეშინია?
-იმიტომ რომ აზრი არ აქვს! -ხმამაღლა თქვა მილენამ. -რა უნდა მივცე? რა ოჯახში უნდა გაიზარდოს? სკანდალში? სიგიჟეში? სხვის დანგრეულ ცხოვრებაში?
ნინა ჩუმად უყურებდა.
-მილენა… შენ მთელი ცხოვრება იმაზე ლაპარაკობდი, როგორ გტკიოდა დედის გარეშე გაზრდა. ახლა შენ თვითონ აპირებ-
-არ გააგრძელო! -მკვეთრად შეაწყვეტინა მილენამ.
სიჩუმე ჩამოვარდა.
ნინა ნელა წამოდგა და მის გვერდით დაჯდა.
-კარგი… არ ვიჩხუბოთ. მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვი:
როცა დღეს ტესტს უყურებდი… თვალებში შიში კი არა, სხვა რაღაცაც გქონდა.
მილენამ არაფერი უპასუხა.
იმ ღამეს თითქმის არ უძინია.

***

მომდევნო დღეებში ნინა თითქმის ყოველდღე მიდიოდა მასთან.
ხან საჭმელი მიჰქონდა, ხან უბრალოდ ჩუმად ჯდებოდა მის გვერდით და განუწყვეტლად ელაპარაკებოდა.
-აბორტი გამოსავალი არ არის… -ეუბნებოდა მშვიდად. -მოგკლავს შიგნიდან.
-და რა გავაკეთო? -გაბრაზებული პასუხობდა მილენა. -იოანეს ბავშვი გავაჩინო და მთელი ცხოვრება მასთან ვიყო მიბმული?
-შეიძლება არც იყო მიბმული.
-მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება.
ნინა ცოტა ხანს ჩუმდებოდა.
-და ისე არ გახსოვს?
ამ კითხვაზე მილენა ყოველთვის დუმდებოდა.

***

ერთ საღამოს სამსახურის მერე შეხვედრისას ნინა ფრთხილად ჩაეკითხა:
-იოანემ საერთოდ იცის?
მილენამ მაშინვე მკაცრად შეხედა.
-არც გაიგებს.
მაგრამ ნინას თვალებში ისეთი გამომეტყველება გაჩნდა, რომ მილენას რაღაც ცუდი ენიშნა.
-ნინა… რა ქენი?
ნინამ მზერა აარიდა.
-მხოლოდ დაველაპარაკე.
-მხოლოდ… რა?!
-მილენა, მას უფლება აქვს იცოდეს!
მილენა წამში წამოხტა.
-გაგიჟდი?! საერთოდ ხვდები ვის ელაპარაკე?!
-ხო, ვხვდები! და იცი რა? იმ კაცს შენ მართლა უყვარხარ.
-მას სიყვარული არ შეუძლია! -დაუყვირა მილენამ.
სწორედ მაშინ კარზე ზარი გაისმა.
ორივენი გაჩუმდნენ.
მილენას სახე ნელ-ნელა გაუფითრდა.
დაცვის წევრი შემოვიდა.
-ქალბატონო მილენა… ბატონი იოანეა მოსული. ამბობს, რომ თქვენთან უნდა საუბარი.
-უთხარით წავიდეს.
კაცი ოდნავ დაიხარა.
-არ მიდის.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
ნინამ ტუჩი მოიკვნიტა და ნერვიულად გახედა მეგობარს.
მილენა რამდენიმე წამი სივრცეში უბრალოდ ერთ წერტილს მიაჩერდა.
მერე ძალიან ნელა თქვა:
-…შემოუშვით.
-დარწმუნებული ხართ? -ჰკითხა დაცვის წევრმა.
-შემოუშვითმეთქი.
კაცი გავიდა.
ნინა უხერხულად წამოდგა.
-მილენა, მე-
-ახლა ხმა არ ამოიღო.
რამდენიმე წამში ნაბიჯების ხმა გაისმა.
იოანე მისაღებში შემოვიდა.
ორივე მაშინვე ერთმანეთს მიაშტერდა.
იოანე აშკარად დაძაბული იყო, მაგრამ თვალებში უცნაური სინაზე ედგა.
მილენა პირველად ხედავდა ასე შეშინებულს.
-მართალია? -იკითხა ჩუმად.
მილენამ არაფერი უპასუხა.
იოანე ნელა მიუახლოვდა.
-მილენა… ორსულად ხარ?
-მაგისთვის მოხვედი?
-პასუხი მჭირდება.
მილენამ მწარედ ჩაიცინა.
-ჰო. ორსულად ვარ.
იოანემ თვალები დახუჭა.
თითქოს სუნთქვა შეეკრა.
მერე ძალიან ჩუმად გაიღიმა.
-ღმერთო…
მილენა გაბრაზდა ამ რეაქციაზე.
-ასე ნუ მიყურებ.
-მაპატიე… უბრალოდ… -ხმაც კი უკანკალებდა, -ჩვენი ბავშვია.
ეს სიტყვები ოთახში მძიმედ ჩამოწვა.
მილენამ მზერა აარიდა.
-არ იქნება.
იოანეს სახე შეეცვალა.
-რას ნიშნავს?
-უკვე მივიღე გადაწყვეტილება.
რამდენიმე წამი სიჩუმე იყო.
მერე იოანე უცებ მიუახლოვდა.
-არა.
-იოანე-
-არა! -ხმამ პირველად აუწია. -არ გაძლევ უფლებას! არ მოკლა ჩვენი შვილი.
მილენა შეკრთა.
-გთხოვ, დრამა არ დაიწყო.
-ეს დრამა არ არის! -თქვა გაწყვეტილი ხმით. -ეს ჩემი შვილია… ჩვენი.
მილენას თვალებში ბრაზი აუკიაფდა.
-შენი შვილები უკვე გყავს, წადი და აღზარდე.
ამ სიტყვამ აშკარად ატკინა.
-ეს სხვაა.
-მერე შენი ცოლი? ოჯახი?
იოანე ჩუმად უყურებდა.
-შენ ყოველთვის სხვა იყავი. უფრო სწორად, მხოლოდ შენ იყავი ჩემთვის..
-მორჩი! -დაუყვირა მილენამ. -შენ ჩემი ცხოვრება არიე! გესმის? გამაცალმტვერე.. იმაზე მეტი ზიანი და დანაკარგი მომაყენე ვიდრე ეულმა ბავშვობამ და ყველაზე ბნელმა პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში... მეზიზღები!..
მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.
იოანე მის წინ ნელა ჩაიმუხლა.
ნინა გაშეშებული უყურებდა კუთხიდან.
-გთხოვ… -იოანემ ხელები ფრთხილად მოხვია მილენას მუცელზე. -ვიცი, მართალი ხარ.. ცამდე მართალი.. მაგრამ აბორტი არ გაიკეთო.
მილენას სუნთქვა შეეკრა.
-იოანე, ხელი გამიშვი.
-არ შემიძლია…
-ყველაფერი შენი ბრალია! -ხმა აუკანკალდა. -შენ გამო ვარ ამ მდგომარეობაში!
თავი მუცელზე მიადო და ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია წელზე.
-ყველაფერს გამოვასწორებ… ოღონდ მასზე ნუ იყრი ჯავრს.
მილენას თვალები აუწყლიანდა, მაგრამ ბრაზი ჯერ კიდევ ძლიერად აწვებოდა სხეულში.
-წადი.
იოანემ თავი ასწია.
-არ წავალ.
-იოანე…
-არ დაგტოვებ. ახლა უკვე ვერ.
მილენა გაშეშებული იდგა.
ნერვები ბოლომდე დაჭიმვოდა.
-იოანე… ადექი. -თქვა ჩუმად.
-მითხარი, რომ არ გააკეთებ… -ხმაჩაწყვეტით უთხრა მან. -გთხოვ. რასაც მეტყვი ყველაფერს გავაკეთებ.. ოღონდ ეს არ ქნა.
მილენამ თვალები დახუჭა.
უცებ იგრძნო როგორ გადაიღალა.
ბოლო თვეები, შიში, სიბრაზე, სირცხვილი, იოანესთან დაკავშირებული მთელი ქაოსი - ერთიანად დააწვა.
-შენ ვერ ხვდები… -ნელა დაიწყო. -ეს ბავშვი რომ გაჩნდეს, ყველაფერი აირევა. შენი ოჯახი და შვილები, ჩემი ცხოვრება და რეპუტაცია...
-ეგ ოჯახი დიდი ხანია დანგრეულია. -მკვეთრად შეაწყვეტინა იოანემ. -მხოლოდ შენ ვერ ხედავ ამას.
მილენას გაეცინა.
მწარედ.
-და ახლა რას მთავაზობ? ბედნიერ დასასრულს?
-შანსს.
პაუზა ჩამოვარდა.
იოანე ნელა წამოდგა.
ახლოს მივიდა, მაგრამ ამჯერად აღარ შეხებია.
-მილენა… პირველად ცხოვრებაში რაღაცის მართლა მეშინია.
მილენამ პირველად შეხედა ასე პირდაპირ.
იოანეს თვალები ჩაწითლებული ჰქონდა.
-მეშინია, რომ ერთ დღეს ინანებ.
-შენ რა იცი რას ვინანებ? ან რატომ განაღვლებს?
-იმიტომ რომ მეც მთელი ცხოვრებაა ვნანობ.
სიჩუმე.
-მაშინ რომ გაგიშვი…
-იოანე…
-არა, მომისმინე. -ხმა დაეძაბა. -ყოველ დღე შენზე ვფიქრობდი. ყველაფერი შენს ჯინაზე გავაკეთე. ქორწინებაც, ცხოვრებაც… და ბოლოს მაინც შენთან მოვედი. ნაძირლურად, არასწორად… მაგრამ მოვედი.
მილენას ყელში ბურთი გაეჩხირა.
უნდოდა ეყვირა, გაეჩუმებინა, მაგრამ ვეღარ ახერხებდა.
-შენ ისედაც წამართვი სიმშვიდე. -ჩუმად თქვა ბოლოს. -ახლა არჩევანის უფლებაც არ უნდა მქონდეს?
-გაქვს. -მაშინვე უთხრა იოანემ. -უბრალოდ… ნუ მოკლავ მას ჩვენი ქმედებების გამო.
ეს სიტყვები თითქოს გულში მოხვდა.
ინსტინქტურად მიიდო ხელი მუცელზე.
ძალიან პატარა იყო ჯერ.
თითქმის არარსებული.
მაგრამ უკვე რეალური.
იოანემ ეს მოძრაობა შეამჩნია და ხმას დაუწია:
-გთხოვ… ერთი შანსი მიეცი. თუ მერე გადაწყვეტ, რომ ჩემთან სიახლოვე არ გინდა, აღარასდროს მოგეკარები. მაგრამ ბავშვს ნუ წაართმევ სიცოცხლეს ჩემ გამო.
მილენა მოულოდნელად უკან შებრუნდა.
თვალებში ცრემლი ჩაუდგა, რამაც თვითონაც გააკვირვა.
-რატომ აკეთებ ამას?..
-იმიტომ რომ მიყვარხარ.
-ეს სიყვარული არაა, იოანე…
-შეიძლება. -ჩუმად თქვა მან. -მაგრამ რაცაა… ჩემში ყველაზე ნამდვილი ეგ არის.
ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა.
რამდენიმე წამის მერე მილენამ ძლივს ამოთქვა:
-წადი.
იოანე არ განძრეულა.
-მთხოვე და წავალ.
-გთხოვ.
იოანემ თვალები დახარა.
მერე ძალიან ნელა დაუქნია თავი.
-კარგი… მაგრამ არ გაქრები, ხომ?
მილენამ პასუხი აღარ გასცა.
იოანე ბოლოს კართან გაჩერდა.
უკან მობრუნდა.
-თუ გადაწყვეტ, რომ ეს ბავშვი გააჩინო… მარტო არასდროს დაგტოვებთ. არც ერთს.
და პირველად, დიდი ხნის განმავლობაში, მილენამ ვერ გაიგო - შეეშინდა ამ სიტყვების…
თუ მათი დაჯერება უნდოდა.

***

ერთი კვირა გავიდა. კარზე ზარი დილიდანვე აუტანლად გაისმა.
მილენას თითქმის არ ეძინა.
ღამე დივანზე გაატარა, ხელში ექოსკოპიის პატარა ფოტო ეჭირა. იმდენ ხანს უყურებდა, სანამ თვალები არ აეწვა.
პირველად ცხოვრებაში საკუთარ სხეულში სხვისი გულისცემა იგრძნო.
და ასევე პირველად… მართლა შეეშინდა.
დილით სახე ძლივს დაიბანა.
კარზე ზარი ისევ განმეორდა.
დაცვის წევრი უკვე ინტერკომიდან ელაპარაკებოდა:
-ქალბატონო მილენა… სტუმარია. ამბობს, რომ გიცნობთ და აუცილებლად უნდა გნახოთ.
-მოვიდეს. -დაღლილად თქვა.
რამდენიმე წამში კარი გაიღო.
მილენა ადგილზე გაშეშდა.
ზღურბლთან ქალი იდგა - მაღალი, დახვეწილი, მუქი პალტოთი. სახე მშვიდი ჰქონდა, მაგრამ თვალები… თვალები მთლიანად დაღლილი იყო.
-ანამარია… -თავისით აღმოხდა მილენას.
იოანეს ცოლმა ოდნავ დაუქნია თავი.
-გამარჯობა.
სიჩუმე.
მილენა ინსტინქტურად გაიმართა მხრებში.
-აქ რას აკეთებ?
ანამარიამ პირდაპირ შეხედა.
-ყველაფერი ვიცი.
ეს ორი სიტყვა ოთახში მძიმედ გავრცელდა.
მილენას ყელში რაღაც გაეჩხირა.
-…იოანემ გითხრა?
ქალს ირონიულად ჩაეცინა.
-იოანე? არა. იოანე არასდროს არაფერს ამბობს ბოლომდე.
ნელა შეაბიჯა სახლში.
მილენას ფეხი არ მოუცვლია, მაგრამ არც შეუჩერებია.
რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს.
მერე ანამარიამ მშვიდად დაიწყო:
-ორსულად ხარ.
მილენას თვალები გაუმკაცრდა.
-თუ აქ სცენის მოსაწყობად მოხვედი-
-რამეს მატყობ რომ სცენის მოსაწყობად მოვედი? -წყნარად შეაწყვეტინა ქალმა. -მაგის ძალა აღარ მაქვს.
პაუზა.
ანამარიამ ჩანთა დივანზე გადადო.
-იცი ყველაზე სასაცილო რა არის? -ჩუმად თქვა. -უნდა მძულდე… და საერთოდ ვერ გიძულებ.
მილენა დაიძაბა.
-იმიტომ რომ… -ანამარიამ მწარედ გაიღიმა, -შენს ადგილზე ყოფნის ყოველთვის მეშინოდა.
სიჩუმე.
-მას უყვარხარ. -თქვა ბოლოს პირდაპირ და თვალებში შეხედა.
მილენამ მაშინვე მოარიდა მზერა.
-ეს სიყვარული არაა.
-ვიცი. -მყისიერად უპასუხა ანამარიამ. -მაგრამ იოანესთვის არის.
მილენა პირველად გაჩუმდა.
ანამარია წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა.
-როცა ჩემზე იქორწინა, უკვე ვიცოდი, რომ გულით ჩემთან არ იყო… უბრალოდ მაშინ ჯერ ისევ მეგონა, დრო ყველაფერს შეცვლიდა.
ხმაში ბრაზი აღარ ჰქონდა.
მხოლოდ დაღლა.
-მერე ბავშვები გაჩნდნენ. ვიფიქრე, ოჯახი მაინც დაგვაკავშირებდა… მაგრამ ადამიანი, რომელიც გულით სხვას შენატრის, ვერასდროს გამჩნევს.. ვერც შენს ტკივილს ამჩნევს... ვერც შენს მცდელობას...
მილენა ჩუმად უსმენდა.
-და ახლა? -ხმადაბლა ჰკითხა ბოლოს.
ანამარიამ პირველად შეხედა პირდაპირ.
-ახლა შენგან შვილი ეყოლება.
ეს სიტყვები გაიყინა.
მილენამ ინსტინქტურად გადაიტანა ხელი მუცელზე.
ანამარიამ ეს მოძრაობა შენიშნა.
და ძალიან ჩუმად თქვა:
-არ მოიშორო.
მილენამ გაოცებით შეხედა.
-რა?
-არ გააკეთო ის, რასაც მთელი ცხოვრება ინანებ.
-მაგრამ შენ… -ხმა გაებზარა მილენას, -შენ ხომ მისი ცოლი ხარ.
ანამარიას თვალებში პირველად გაჩნდა ტკივილი.
-ჰო. და ზუსტად ამიტომ გეუბნები.
სიჩუმე ჩამოვარდა.
-მას ვერ შევცვლი. -თქვა ბოლოს ქალმა. -შენც ვერ შეცვლი.
პაუზა.
-მაგრამ ბავშვი არაფერ შუაშია.
მილენას თვალები აუწყლიანდა პირველად ამდენი დღის განმავლობაში.
-არ ვიცი რა გავაკეთო… -ჩუმად აღიარა.
ანამარია რამდენიმე წამი უყურებდა.
მერე მიუახლოვდა.
-იცი რა არის ყველაზე საშინელი? -წყნარად თქვა. -როცა დედა ხარ და ხვდები, რომ შიშის გამო შეიძლება საკუთარი შვილი დაკარგო.
მილენას სუნთქვა აუჩქარდა.
ანამარიამ ხელი ძალიან ფრთხილად დაადო მის ხელს.
-სანამ დროა… გადაწყვეტილება ბრაზით არ მიიღო. მხოლოდ ამას გირჩევ.
და პირველად, ძალიან დიდი ხნის შემდეგ,
მილენამ იგრძნო,
რომ მის წინ მტერი კი არა,
სხვა დაღლილი ქალი იდგა.
-ახლა კი, მშვიდობით, მილენა..


***


საღამო საშინლად მძიმე იყო.
ჯაიანების სახლში დაძაბულობა უკვე ჰაერშიც იგრძნობოდა.
ანამარია ბავშვების ოთახში ჩუმად ალაგებდა ჩემოდანს. სწრაფად, ნერვიულად. დროდადრო კარისკენ იყურებოდა, თითქოს ეშინოდა, რომ იოანე ნებისმიერ წამს შემოვარდებოდა.
ორი ბიჭი საწოლზე ისხდა.
უფროსი უკვე ხვდებოდა, რაც ხდებოდა.
უმცროსი კი დაბნეული აკვირდებოდა დედას.
-დედა… მართლა მივდივართ? -ჩუმად ჰკითხა პატარამ.
ანამარიამ გაიღიმა, მაგრამ თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
-ჰო, სანი. ცოტა ხნით.
-სად?
-იქ… სადაც მშვიდად ვიქნებით.
მის ხმაში იმდენი დაღლა და ტკივილი იყო, რომ უფროსმა ბიჭმა თავი ჩახარა რომ თვალები დაეფარა.
მას უკვე აღარ სჯეროდა სიტყვა „მშვიდობის“.

***

ანამარიამ ყველაფერი გათვალა.
იოანე არასდროს დათანხმდებოდა ბავშვების წაყვანას.
არასდროს.
ამიტომ მისი ხელმოწერა გააყალბა.
საერთაშორისო თანხმობის დოკუმენტზე.
ფრენა მეორე დღის გამთენიისას იყო.
ფიქრობდა, რომ მოასწრებდა.
მაგრამ...
მოულოდნელად კარი ისეთი ძალით გაიღო, რომ ორივე ბიჭი შეკრთა.
იოანე ზღურბლთან იდგა.
სახე გაფითრებული ჰქონდა, თვალებში კი რაღაც საშიში უტრიალებდა.
ანამარიას ხელი მაშინვე გაუშეშდა.
-…იოანე.
კაცმა ნელა დახედა ღია ჩემოდნებს.
ბავშვების პასპორტებს.
დოკუმენტებს.
ტანსაცმელს.
მერე ძალიან მშვიდად ჰკითხა:
-სად მიდიხარ?
ეს სიმშვიდე ყველაზე უარესი იყო.
ანამარიამ ღრმად ჩაისუნთქა.
-ბავშვები მიმყავს და მივდივარ. მგონი ასე ჯობია..
რამდენიმე წამი სიჩუმე იდგა.
მერე იოანემ მაგიდიდან ფურცელი აიღო.
დააკვირდა.
სახე ნელ-ნელა შეეცვალა.
-ეს რა არის?..
ანამარიას გული აუჩქარდა.
იოანემ საკუთარი გაყალბებული ხელმოწერა იცნო.
და უცებ ფურცელი ისე დაანარცხა მაგიდაზე, რომ ბავშვები შეხტნენ.
-შენ ჭკუიდან გადახვედი?! -დაიღრიალა.
უმცროს ბიჭს მაშინვე ცრემლები წამოუვიდა.
-იოანე… -ანამარია წინ გადაუდგა ბავშვებს, -დამშვიდდი.
-ჩემი შვილების ქვეყნიდან გაყვანას აპირებდი?! -ხმას ვეღარ აკონტროლებდა. -ჩემი ნებართვის გარეშე?!
-შენი ნებართვით ვერასდროს წავიდოდით! -ამჯერად ანამარიამაც უყვირა. -შენ არავის უშვებ, იოანე! არავის! ყველა ციხეში გინდა გამოამწყვდიო და მონად აქციო!..
პაუზა.
-შენ გგონია ეს ოჯახია?! -გააგრძელა აკანკალებული ხმით. -ბავშვებს შენი ეშინიათ!
კაცს ეს სიტყვები გულში მოხვდა.
რამდენიმე წამი გაშეშდა.
მერე ნელა გახედა შვილებს.
უფროსმა ბიჭმა თვალები მაშინვე აარიდა.
უმცროსი დედას იყო ფეხთან აკრული.
-ბიჭებო… -ხმას დაუწია იოანემ, -აქეთ მოდით.
არავინ განძრეულა.
-მოდი-მეთქი!
უმცროსი ატირდა.
-მამა… არ გვინდა…
იოანეს სახე დაეძაბა.
-რა არ გინდათ?
უფროსმა ბიჭმა ძლივს ამოხედა.
-დედასთან გვინდა ყოფნა. შენთან არ დავრჩებით..
სიჩუმე.
მძიმე.
გამაყრუებელი.
იოანე შვილებს უყურებდა, თითქოს მათი წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობას ვერ იჯერებდა.
-მამასთან არ გინდათ?
ბიჭმა ნელა გააქნია თავი.
-როცა ყვირი… მეშინია…
ეს უკვე საბოლოო დარტყმა იყო.
ანამარიას თვალები კვლავ აუწყლიანდა.
იოანე კი ადგილზე გაშეშეშდა.
სახეზე ბრაზი, ტკივილი და დამცირება ერთმანეთში ერეოდა.
მერე უცებ შებრუნდა და მუშტი კედელს გამეტებით დაარტყა.
ბავშვები შეიშმუშნნენ.
-ჯანდაბა!.. -დაიღრიალა.
ანამარია მაშინვე მოეხვია ორივეს.
-არ მოგცემ მათ დაშინების უფლებას!
იოანე მძიმედ სუნთქავდა. დაძაბული შემობრუნდა.
თვალები ჩაწითლებული ჰქონდა.
მერე ნელა, ძალიან ნელა თქვა:
-ვერ წახვალთ.
-იოანე…
-ვერ წახვალთ! -ამჯერად უკვე ხმამაღლა დაიძახა.
და იმ წამს ანამარია საბოლოოდ მიხვდა,
მის წინ მდგომ კაცს ცოლის დაკარგვის აღარ ეშინოდა.
ეშინოდა,
რომ სადავეები ხელიდან ეცლებოდა.
იოანე მძიმედ სუნთქავდა.
ოთახში ისეთი დაძაბულობა იდგა, რომ ბავშვებიც კი ვერ ტიროდნენ ხმამაღლა.
ანამარია ისევ ბიჭებს ეფარებოდა, რომ იოანე მისკენ გაიწია.
-ხელი აღარ დამაკარო, იოანე.
მაგრამ ეს სიტყვები თითქოს ვეღარ აღწევდა მასთან.
იოანეს თვალებში უკვე ბრაზი აღარ იყო მხოლოდ -
დამცირების, კონტროლის დაკარგვის და ეჭვის ნაზავი უფრო საშიშ რამედ ქცეულიყო.
-ვისთან გარბოდი? -ჰკითხა მოულოდნელად დაბალი ხმით.
ანამარია გაშეშდა.
-რას ამბობ?..
-ვისთან აპირებ ყოფნას?! -ამჯერად ხმამ აუწია. -ქმრის სახლიდან ქვეყნიდან ბავშვებიანად არ გარბიან უბრალოდ!
-შენ საერთოდ გაგიჟდი… -ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა.
იოანე სწრაფად მიუახლოვდა.
-რამდენი ხანია მატყუებ? მღალატობდი?
-იოანე, მოკეტე. არავინ მყავს! შენ თავში ნუ გერევი, არაკაცო!..
-მაშინ რატომ გარბოდი?! ხომ გიყვარდი, ცოტა ხნის წინ მეხვეწებოდი არ დამშორდეო. ახლა რა მოხდა? -იღრიალა.
ბავშვები ისევ ატირდნენ.
ანამარიამ ინსტინქტურად უკან დაიხია, მაგრამ იოანემ მკლავში უხეშად ჩაავლო ხელი.
-გამიშვი! მტკივა!
-მოღალატე ხარ… -კბილებში გამოსცრა მან. -წლებია ჩემს სახლში ცხოვრობ და ზურგს უკან რას აკეთებდი?
-შენთან აღარ შემიძლია ცხოვრება! ესაა სიმართლე! -დაუყვირა ანამარიამ. -ყველას ანადგურებ, იოანე!
ამ სიტყვებმა თითქოს საბოლოოდ დააბრმავა.
ქალს ხელი ძლიერად ჰკრა.
ანამარია კედელს მოწყვეტით შეასკდა. ზურგში გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო და უნებურად სახე ჩაუქრა.
ბავშვებმა შეჰკივლეს:
-დედა!
რამდენიმე წამი ყველანი გაშეშებულები იყვნენ.
თვითონ იოანეც.
თითქოს ვერ იჯერებდა, რაც გააკეთა.
მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ანამარიამ ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა და ისეთი ზიზღით შეხედა, რომ იოანეს სახე კიდევ უფრო დაეძაბა.
-ახლა მაინც დაინახე ვინ ხარ სინამდვილეში? -ჩუმად უთხრა ქალმა.
იოანე უცებ მიუახლოვდა, მაჯაში ხელი ჩაავლო და ოთახიდან თითქმის ძალით გაიყვანა.
-გამიშვი!
-გაჩუმდი!
ბავშვები უკან ტირილით მისდევდნენ.
-მამა, გთხოვ!
იოანემ კარი გააღო და ანამარია მეორე ოთახში შეიყვანა.
-იოანე, ნუ იქცევი ასე, გთხოვ…
მაგრამ კაცმა აღარ მოუსმინა.
ოთახში ძალით შეაგდო, კარი გარედან ჩაკეტა.
-აქ დარჩები, სანამ ჭკუაზე არ მოხვალ! ვერ დამტოვებ, გესმის?! -დაუყვირა.
შიგნიდან კარზე ბრახუნი დაიწყო.
-გამიღე კარი! ბავშვებთან მინდა!
იოანე კართან რამდენიმე წამი უძრავად იდგა.
ბიჭები შიშით უყურებდნენ.
უმცროსი ხმამაღლა ტიროდა.
და სწორედ იმ წამს, ორივემ იცოდა რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent