ნიშნულები კარის ჩარჩოზე (სრულად)
ძნელი აღსადგენია როდის გაჩნდა ბზარი დედა-შვილის ურთიერთობაში. შეიძლება მაშინ, როდესაც ნენემ ცხვირის პირსინგის გაკეთება მოინდომა, დედამ კი უარი უთხრა, რადგან კერძო სკოლის ეტიკეტს არ შეშვენოდა. ან მაშინ, როდესაც ნენეს მისი საყვარელი როკ ჯგუფის კონცერტზე უნდოდა წასვლა, დედამ კი არ გაუშვა, რადგან მეორე დღეს სკოლაში იყო წასასვლელი. ნენესთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რატომ ეუბნებოდა დედა უარს, ის უბრალოდ გახდა მისი მტერი, რომელსაც მისი ენა არ ესმის. ეს ბზარი ყოველდღე იზრდებოდა, როგორც ნესტი ძველ კედელზე, შეუმჩნევლად, მაგრამ გარდაუვლად. კესანე ხედავდა, როგორ იცვლებოდა მისი შვილის ოთახის კარი: თავიდან იქ ფერადი სტიკერები და ნახატები იყო გაკრული, მერე კი გაჩნდა წარწერა „არ შემოხვიდეთ“ და ბოლოს, კარი უბრალოდ ჩაიკეტა. დედისთვის ეს ჩაკეტილი კარი ყველაზე დიდი დამარცხება იყო. ის ყოველ საღამოს ჩაივლიდა დერეფანში, ხელს სახელურთან შეაყოვნებდა, მაგრამ დაუკაკუნებლად გადიოდა, ეშინოდა იმ გულგრილი მზერის, რომლითაც ნენე ეკრანიდან მოწყვეტისას დააჯილდოებდა. გამგზავრების დილა კი ნამდვილ კულმინაციად იქცა. თბილისის აივნიდან შემოსული მტვრიანი მზე კესანეს დაღლილ სახეს ანათებდა, როდესაც ის ნენეს ჩემოდანს ებრძოდა. —ნენე, ეს ყველაფერი არ დაგჭირდება სოფელში, იქ მხოლოდ რამდენიმე დღით მივდივართ!— დაიძახა კესანემ და სცადა ჩემოდნიდან ის მასიური ჩექმები ამოეღო, რომლებსაც ნენე შუა ზაფხულშიც არ იხდიდა. —ეს ჩემი სტილია, დედა! შენ ვერ გაიგებ!— მოესმა პასუხად ოთახიდან. ნენე გამოვიდა, სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გადასახლებაში მიჰყავდათ. მან ისეთი ძალით გამოართვა ჩემოდანი დედას, რომ ოთახში მძიმე დუმილი ჩამოწვა. კესანე სამზარეულოში გავიდა და აკანკალებული ხელებით ყავა დაისხა. მას ახსოვდა საკუთარი თავი ჩვიდმეტი წლის ასაკში, ისიც ასე ებრძოდა დედამისს მოკლე ქვედაბოლოების ან ზედმეტად მკვეთრი პომადის გამო. მაშინ ფიქრობდა, რომ როდესაც თავად გახდებოდა დედა, სხვანაირი იქნებოდა — უფრო ლიბერალური, უფრო მეგობრული. მაგრამ ახლა, როცა პასუხისმგებლობის ტვირთი დააწვა, აღმოაჩინა, რომ „არა“ უფრო ხშირად ამოსდიოდა პირიდან, ვიდრე „კი“. ეშინოდა, რომ ნენე იმავე შეცდომებს დაუშვებდა, რაც მან თავის დროზე და ამ შიშმა ის ზედმეტად მკაცრ მშობლად აქცია. —ჩადი, მანქანას დავქოქავ,— უთხრა მხოლოდ, რადგან იცოდა, რომ ნებისმიერი სხვა სიტყვა ახალ ჩხუბს ან უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ნენემ არც კი შეხედა, ყურსასმენები გაიკეთა, ჩემოდანი იატაკზე გააგორა და ისეთი ხმით დახურა სახლის კარი, რომ მეზობლის ძაღლმა ყეფა დაიწყო. კესანე საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა. ნენე გვერდით ეჯდა, თითქოს ფიზიკურად აქ იყო, მაგრამ მისი სული კილომეტრების იქით, მეგობრებთან და სოციალური ქსელების ფერად სამყაროში დახტოდა. კესანეს კიდევ ერთხელ გაახსენდა ნენეს ნასროლი ფრაზა წინა ღამით: „შენ საერთოდ არ გესმის ჩემი, შენთვის მხოლოდ წესები არსებობს და არა ადამიანი!“ ეს სიტყვები დედისთვის უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური ჭრილობა. ის ხომ მთელ ცხოვრებას სწორედ ამ „ადამიანისთვის“ აშენებდა, საკუთარ ოცნებებსა და თავისუფლებაზე უარის თქმის ფასად. —წყალი გინდა?— ჰკითხა კესანემ ხმადაბლა, როცა ქალაქის ხმაური უკან მოიტოვეს. —არა,— მოუჭრა ნენემ ისე, რომ ტელეფონისთვის თვალი არ მოუწყვეტია. ეს „არა“ ჰაერში გაიყინა. კესანე ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ გადაიქცა მისი პატარა, თბილი გოგონა, რომელიც ოდესღაც მუხლებზე ეხვეოდა და ეუბნებოდა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო დედა იყო, ამ ცივ, ეკლიან არსებად. ნენე ახლა თავდაცვის რეჟიმში იყო, მაგრამ ამ თავდაცვით ის სხვებს ანადგურებდა. „ნეტავ, მეც ასეთი ვიყავი?“ — გაუელვა კესანეს. მას გაახსენდა დედამისის სახე, როდესაც ისიც ასე უხეშად პასუხობდა. მაშინ ეს გმირობა ეგონა, საკუთარი „მე“-ს დამკვიდრება. ახლა კი, საჭესთან მჯდომი, ხვდებოდა, რომ მშობლობა ყველაზე დიდი მოთმინების გამოცდაა, სადაც შენივე გაზრდილი „ბოროტება“ ყოველდღე გტესტავს, რამდენად ძლიერია შენი სიყვარული. გზაზე მზე უფრო მეტად აჭერდა. ასფალტიდან მომავალი სიმხურვალე მანქანაში აღწევდა. კესანემ კონდიციონერს აუწია, მაგრამ შინაგან სიცივეს, რომელიც შვილთან გაუცხოებას მოჰქონდა, ვერაფერი შველოდა. ის უყურებდა ნენეს პროფილს, ისეთი ნაცნობი ნაკვთები და ისეთი უცხო გამომეტყველება. მას უნდოდა ეთქვა: „ნენე, მე შენს მხარეს ვარ“, მაგრამ იცოდა, რომ ახლა ამ სიტყვებს აზრი არ ჰქონდა. ნენესთვის ის იყო მხოლოდ ადამიანი, რომელმაც ზაფხულის არდადეგები ჩაუშალა და სოფლის მტვერში მიათრევდა. —ტელეფონი გადაგიხურდება,— სცადა ისევ დიალოგის გაბმა. —მერე რა?— ნენემ პირველად შეხედა დედას, მაგრამ ამ მზერაში იმდენი ირონია იყო, რომ კესანეს სუნთქვა შეეკრა.— ჩემს ცხოვრებაზე მეტად მაინც არაფერი გადახურებულა ამ ბოლო დროს. ყველაფერი შენი დამსახურებაა. კესანემ არაფერი უპასუხა. მან იცოდა, რომ ახლა ნებისმიერი პასუხი ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა. მანქანის ფანჯრებს მიღმა ყვითელი, მზისგან გადამწვარი მინდვრები გარბოდნენ. ნენე ყურსასმენებითა და ტელეფონით ხელში ისე იყო სავარძელში ჩაფლული, თითქოს ცდილობდა საერთოდ გამქრალიყო ამ სივრციდან. მანქანაში კონდიციონერის ცივი ნაკადი და გარეთ ჩახუთული ცხელი ჰაერი ერთმანეთს ებრძოდნენ, ფანჯრის მინაზე მიდებული შუბლი კი გოგონას სითბოსგან ეწვოდა. დედა კი საჭესთან იჯდა, თვალები დაღლილობისგან ჩაწითლებოდა და გზას ისე უყურებდა, თითქოს არა სახლში, არამედ წარსულში ბრუნდებოდა, სადაც დაბრუნება არავის უხარია. კესანეს ახსოვდა დრო, როდესაც მისი შვილის სამყარო მის ხელისგულზე ეტეოდა. მაშინ ყველაფერი მარტივი იყო, ერთი ჩახუტება ნებისმიერ ტკივილს აშუშებდა. ახლა კი, შვილი მის გვერდით იჯდა — მასზე მაღალი, უცხო, მკვეთრი პარფიუმის სურნელით და ისეთი მზერით, თითქოს კესანე სხვა ენაზე ლაპარაკობდა, რომლის თარგმანიც მას აღარ აინტერესებდა. მთელი გზა სოფლამდე კესანე საჭეს ხელებს ისე უჭერდა, თითქოს ამით ცდილობდა დაშლილი ურთიერთობის ნამსხვრევების შეკავებას. ის ფიქრობდა ბებიაზე, რომლის სახლიც ახლა ცარიელი და ცივი ელოდათ. ბებია ყოველთვის ამბობდა: „შვილებს ფრთები უნდა მისცე, რომ იფრინონ, მაგრამ სახლიც უნდა დაუტოვო, რომ დასაბრუნებელი ჰქონდეთო“. კესანეს კი ეგონა, რომ მან ნენეს მხოლოდ გალია აუშენა. შვილი — ეს სამუდამოა. როდესაც კესანემ გაიგო, რომ ორსულად იყო, ქვეყნიერებაზე ყველაზე ბედნიერი გახდა. მისი ბედნიერებისგან მოციმციმე თვალები სამყაროს ანათებდნენ, მაგრამ მალევე მოვიდა შფოთი: გააცნობიერა, რომ აღარასოდეს იქნებოდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, მშვიდი გულით. დედის გული ყოველთვის ინერვიულებს, შეეშინდება... ის ყოველთვის იქნება დაკავშირებული სხვა გულთან. ამდენი წლის შემდეგაც კი მიხვდა, რომ ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდა ამ ამბავს. უყურებდა კესანე თავის თხუთმეტი წლის ქალიშვილს და ხვდებოდა, რომ ეს განცდა არასოდეს გაივლიდა. უნდა შეგუებოდა ამ შფოთთან ერთად ცხოვრებას. კესანე ჯერ იმას ვერ შეჩვეოდა, რომ მისი ქალიშვილი ასე სწრაფად იზრდებოდა. თითქოს გუშინ იყო, ბავშვთა კვებას რომ ჭამდა, დღეს კი უკვე დიეტაზეა და ნახშირწ....ბს არ ჭამს, თურმე. სულაც არ უნდა იმის გაგება, რომ მოზარდის ორგანიზმისთვის დიეტა არ შეიძლება და მისი 168 სმ_ისთვის 48 კილო ისედაც ცოტაა. —ნენე,— დაუძახა დედამ. უნდოდა, ეჩვენებინა ძველი, ნაცრისფერი თეატრი, სადაც ბავშვობაში თავადაც თამაშობდა. არც მეტი, არც ნაკლები, დოროთი გეილის როლს ასრულებდა,— ნენე!— ხმას აუწია და ხელზე შეეხო. გოგონამ ხელი ისე გასწია, თითქოს 220 ვოლტმა დაარტყა. ამ მოძრაობაში იმდენი გაუცხოება იყო, რომ კესანეს სამართებელზე გავლებულმა ფიქრმა დაუარა. —რა გინდა?— მოიხსნა ცალი ყურსასმენი და სიბრაზით შეხედა დედას. ვერც გაამტყუნებ: ყველა მისი მეგობარი ახლა თბილისშია, ლისზე სეირნობენ, ის კი სადღაც გადაკარგულში, მტვრიან სოფელში მიდის სახლის დასალაგებლად. —უბრალოდ მინდა, რომ ერთხელ მაინც მიპასუხო, როდესაც გელაპარაკები,— აენთო კესანეც,— ეს ყურსასმენები კედელია ჩვენს შორის! —ეს კედელი შენ ააშენე, როდესაც გადაწყვიტე, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც შენ გინდა,— არ ჩამორჩა ნენეც,— შენ საერთოდ არ გახსოვს, როგორია, იყო ჩემს ასაკში! ეს თქვა და ყურსასმენი ისევ გაიკეთა, თან კიდევ უფრო მეტად აუწია ხმას. Red Hot Chili Peppers_ის ბასები უკვე კესანესაც ესმოდა და გული ეწურებოდა. მანქანის სალონში მუსიკის გუგუნი და დედის მძიმე სუნთქვა ერთმანეთს ერეოდა. კესანეს უჭირდა საკუთარ სიბრაზესთან გამკლავება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მასა და მის შვილს შორის ხიდი უკვე არამდგრადი იყო. ერთი ზედმეტი სიტყვა და სულ ჩაწყდებოდა. კესანეს ამის უკიდეგანოდ ეშინოდა. საყვარელი მეუღლე ამშვიდებდა, ეუბნებოდა, რომ ასაკთან ერთად გაივლიდა ნენეს ეს მეამბოხე ხასიათი, მაგრამ კესანე იცნობდა თავის შვილს. ბოლოს და ბოლოს, თავადაც ასეთი იყო... ოდესღაც... წინა ცხოვრებაში... სანამ პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი მხრებს დაუმძიმებდა. ... ჭიშკარი სულ მთლად დაჟანგებულიყო და უსიამოვნო, მჭახე ჭრიალით გაიღო, თითქოს სახლი აპროტესტებდა დიდი ხნის დუმილის დარღვევას. კესანეს თავად მოუწია ამის გაკეთებაც, რადგან ნენეს მგზავრობისგან დაქანცულს ჩაეძინა. როგორც კი მანქანა ეზოში შეიყვანა, გოგონასაც გაეღვიძა. პირველ რიგში, ჩვევისამებრ, ტელეფონს დასწვდა. —ჯანდაბა, აქ ინტერნეტიც კი არ იჭერს წესიერად! ნახევარი ზაფხული ამ ნანგრევებში უნდა გავატარო?— არადა სულ რამდენიმე დღით იყვნენ ჩასულები და ნენემ ეს კარგად იცოდა,— ხომ შეგეძლო ვინმე დაგექირავებინა და გადაეყარა ეს ხარახურა?— ნენეს ხმაში ბრაზთან ერთად სასოწარკვეთაც ერია. —ეს ხარახურა ჩემი ბავშვობაა,— წარმოთქვა ჩახლეჩილი ხმით კესანემ, თუმცა ნენეს ეს არ გაუგია. ის უბრალოდ მანქანიდან გადავიდა და ბალახით დაფარულ ბილიკს აჰყვა. ტყუილად არ ამბობენ, ბავშვზე დიდი ბოროტება არ არსებობს ამ ქვეყნად. მან თავისი გულუბრყვილობით და დაუფიქრებლობით შეუძლია ისე გატკინოს, როგორც ვერც ერთი უფროსი ვერ გატკენს. უფროსმა იცის სიტყვის ფასი, იცის სად გაჩერდეს, რომ სხვისი სული ბოლომდე არ მოშალოს. ბავშვმა კი არ იცის საზღვრები. ის ისვრის სიტყვას, როგორც ბასრ ქვას და საერთოდ არ აინტერესებს რა კვალს დატოვებს ეს ნასროლი მშობლის გულზე. სახლში დაგუბებული, გამხმარი ბალახისა და ძველი ხის სუნი იდგა. სანამ კესანე სამზარეულოში ფუსფუსებდა, ნენემ მისაღები ოთახის დათვალიერება გადაწყვიტა, ინტერნეტი მაინც არ იჭერდა. თვალიერებისას კუთხეში მიგდებულ, მტვრიან ბუდეში ჩადებულ ძველ გიტარას მოჰკრა თვალი. გოგონამ ფრთხილად ამოიღო ინსტრუმენტი და სიმების გასწორება დაიწყო, მაგრამ გამოფიტულმა სიმმა დაძაბვას ვერ გაუძლო და იმავე წამს მწარე წკაპუნით გაწყდა. ნენემ ამოიოხრა და მის უკან დადებას აპირებდა, როდესაც ლაქგადაცილებულ კორპუსზე წვრილად ამოკაწრული სახელი შეამჩნია: „კესანე“. —დედა, შენ რა, გიტარაზე უკრავდი?— დაუძახა გოგონამ. მის ხმაში პირველად გაკრთა გულწრფელი ინტერესი. —იყო დრო...— უპასუხა კესანემ ნაღვლიანი ღიმილით და მისაღებში გამოვიდა. კართან გაჩერდა და კარის ჩარჩოს ნაზად შეეხო, თითქოს ძველ მეგობარს ესალმებაო,— შეხედე... ეს ხაზი მე ვარ, ათი წლის. ეს კი შენ ხარ, როცა პირველად ჩამოგიყვანე აქ. ბებიაშენი ყოველ ზაფხულს გზომავდა. სულ იმას ამბობდა, ისე სწრაფად იზრდება, მეშინია, ერთ დღეს ჭერს არ მიწვდეს და აქ ვეღარ დაეტიოსო. ნენეც მივიდა და დააკვირდა ძველი კარის ჩარჩოს. ფანქრის გაფერმკრთალებული ნიშნულები წლებს ინახავდნენ. ხედავდა, როგორ უახლოვდებოდა მისი და დედის სიმაღლის ნიშნულები ერთმანეთს, თითქოს დროის სხვადასხვა მონაკვეთში ისინი აქ ერთმანეთს ხვდებოდნენ. —მეგონა... მეგონა გძულდა აქაურობა, სულ გარბოდი ხოლმე,— შეხედა თვალებში დედას. ამჯერად მის მზერაში კედელი აღარ იდგა. —არ მძულდა,— უპასუხა სევდიანი ხმით კესანემ,— უბრალოდ, მინდოდა შენთვის უფრო მეტი მომეცა, ვიდრე ამ პატარა სახლს შეეძლო. და ამ სირბილში... დამავიწყდა მეთქვა, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, იმისთვის იყო, რომ ერთ დღეს შენც ასე ამაყად დამდგარიყავი ამ კედელთან. კესანემ შვილს თავზე ხელი ნაზად გადაუსვა და ოთახიდან გავიდა, ნენე კი მარტო დატოვა საკუთარ ფიქრებთან. გოგონა ხელით შეეხო დედის ათი წლის ასაკის ნიშნულს. ნენე პირველად დაფიქრდა, რომ დედა შეიძლება მისი მტერი კი არ იყო, არამედ ადამიანი, რომელსაც უბრალოდ დავიწყებოდა თუ როგორია იყო ახალგაზრდა, ლაღი და საკუთარი გზის ძიებაში დაბნეული. ... მეორე დღეს სალაპარაკოდ და მით უმეტეს, საჩხუბრად, აღარც დედას ეცალა და აღარც შვილს. მთელი დღე ყუთებს დაატარებდნენ წინ და უკან. სახლი თანდათან ცარიელდებოდა, თითქოს სუნთქვა უადვილდებოდაო. წიგნების დიდი ნაწილი გადაარჩიეს ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ჩასაბარებლად, ნაწილი კი უკვე მათი მანქანის საბარგულში მყარად იდო. ნენემ შუადღისას, სადილობისას მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ინტერნეტი არც კი გახსენებია. მტვრიან ფურცლებს შორის მოგზაურობა ბევრად უფრო საინტერესო გამოდგა: დედის ბავშვობის ფოტოების დათვალიერება, „მეგობრობის დღიურების“ კითხვა და სკოლისდროინდელი, ნახევრად დავიწყებული ამბების მოსმენა ერთგვარ თამაშს ჰგავდა. რეალურად, დახმარების ნაცვლად უფრო მეტად აფერხებდა კესანეს, მაგრამ ამ უკანასკნელს არც უფიქრია წუწუნი ან გაბრაზება, პირიქით, როგორც იქნა მის ნენესთან საუბარი დაუბრკოლებლად შეეძლო. საღამოს, ენერგიაგამოცლილები დასხდნენ დივანზე და სხვენიდან ჩამოტანილი ბოლო ყუთები დაიწყვეს წინ. ფანჯრებს მიღმა ჭრიჭინების ხმა გაძლიერდა, ოთახში კი ნათურის ყვითელი შუქი ნაზად ეფინებოდა დალაგებულ ნივთებს. —ხვალ ყველაფერს გადავაწყობთ და ზეგ შეგვიძლია დავბრუნდეთ ჩახუთულ თბილისში,— მოიწმინდა შუბლი კესანემ და დაღლილად გაიღიმა. —დე,— ნენეს ხმა ბევრად უფრო რბილი იყო, ვიდრე გუშინ, ან თუნდაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,— იქნებ ერთი-ორი დღე კიდევ გავჩერდეთ? კესანემ გაოცებულმა შეხედა და სახე გაუნათდა. —რა თქმა უნდა, შვილიკო, რამდენი ხანიც გინდა,- უთხრა და შუბლზე თბილად აკოცა. —დე, ეს ვისი ფეხსაცმელებია?— შეამჩნია ნენემ ყუთის კუთხეში მიკარგული პატარა, ვარდისფერი ფეხსაცმელები. კესანემ ისინი ხელში აიღო და მისდა უნებურად ცრემლი წასკდა. ეს არ იყო მწარე ტირილი, უფრო მეტად მოგვრილ სინაზეს ჰგავდა. ნენე დაიბნა, მიმოიხედა და იქვე დადებულ სალფეთქს წაეპოტინა. დედას მიაწოდა და აღელვებულმა ჰკითხა: —დე, კარგად ხარ? —კი, კი,— დაუქნია თავი კესანემ,— ეს შენი პირველი ფეხსაცმელია. როგორც კი გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, იმავე დღეს ვიყიდე. ზუსტად ვიცოდი, რომ გოგო იქნებოდი,— კვლავ აკოცა თავზე. ნენე გულისყურით უსმენდა, თითქოს ამბის ყოველი სიტყვა მისთვის ახალ სამყაროს შლიდა. —იცი, ეს რომ გიყიდე, მთელი ღამე არ მეძინა. ვფიქრობდი, საით წაგიყვანდა შენი პატარა ნაბიჯები. ისე ძალიან მინდოდა, მხოლოდ სწორი მიმართულებით გევლო, რომ დამავიწყდა, გზა შენ უნდა აგერჩია. მაშინაც კი, თუ ეს გზა ტალახიანი იქნებოდა. —იცი, დე... შეიძლება გზები სხვადასხვაა, მაგრამ მინდა, რომ შენც იქ იყო, სადაც მე მივდივარ,— უთხრა ნენემ და მაშინვე ჩაეხუტა. იმ წუთს ძველ სახლში სიჩუმე აღარ იყო მძიმე. ეს იყო სიჩუმე, რომელშიც ორი ადამიანი ერთმანეთის გულისცემას ისევ ისე მკაფიოდ გრძნობდა, როგორც წლების წინ. ... მესამე დღეს, გვიან ღამით, კესანე აბაზანიდან რომ გამოვიდა, დაინახა, რომ ნენე აივანზე იჯდა. ჰაერი უკვე გაგრილებულიყო და ბაღიდან ღამის ყვავილების მძიმე, ტკბილი სურნელი ამოდიოდა. —ნენე, ჩაი გინდა?— დაუძახა გოგონას. —კი, დე,— მაშინვე უპასუხა შვილმა. კესანემ გულიანად გაიღიმა. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ნენემ ასე მარტივად და თბილად უპასუხა ჩვეულებრივ კითხვაზე. რამდენიმე წუთის შემდეგ, ორი ორთქლადენილი ჭიქით ხელში გავიდა ძველ, ხის აივანზე. ნენე მუსიკას უსმენდა და ტაქტს თავს აყოლებდა. იგრძნო დედა რომ გვერდით მიუჯდა, შეხედა და ჭიქა გამოართვა. —მადლობა დე,— გაუღიმა. შემდეგ წამს კი ცალი ყურსასმენი მოიხსნა და დედას გაუწოდა. კესანემ გაოგნებულმა შეხედა, მერე კი ბედნიერმა გამოართვა და ყურზე დაიმაგრა. დასაწყისში მუსიკა მისთვის უცხო და ხმაურიანი ეჩვენა, მაგრამ მერე შვილის თვალებში ნაპერწკალი დაინახა და მიხვდა, ეს არ იყო მხოლოდ ხმაური, ეს იყო ნენეს სამყაროს რიტმი, რომელშიც მას პირველად დაუთმეს ადგილი. ... ორი დღის შემდეგ თბილისის სახლის კარი ხმაურით გაიღო. კესანეს მეუღლე, დათო, მისაღებ ოთახში იჯდა და მზად იყო „საომარ პოზიციაში“ მყოფი ცოლ-შვილის დასახვედრად. მან ხომ იცოდა, როგორი მტრულად განწყობილები წავიდნენ სოფელში. თუმცა იმან, რაც დაინახა, მოლოდინს გადააჭარბა. ნენე და კესანე ერთმანეთს ეცილებოდნენ ყუთების შემოტანაში, თან რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. —არა დე, ის დღიური აუცილებლად უნდა დავასკანეროთ და შენს მეგობრებს ჩავუგდოთ,— გადაიკისკისა ნენემ. —არ გაბედო, თორემ შენს იმ ფოტოს გამოვაქვეყნებ, პირველი ფეხსაცმელი რომ გაცვია და პირში საწოვარა გაქვს!— უპასუხა კესანემ. დათო გაოგნებული წამოდგა ფეხზე. —მოიცადეთ... თქვენ რა, ერთად იცინით? არ ჩხუბობთ?— თვალები მოჭუტა მან,— იქნებ სოფელში ვინმე ჩაანაცვლეს? კესანე, ეს ნენეა? ნენემ დედას თვალი ჩაუკრა, მერე მამასთან მივიდა, ლოყაზე აკოცა და ყურსასმენი გაუწოდა: —დამშვიდდი, მა, უბრალოდ აღმოვაჩინე, რომ დედაჩემი ოდესღაც როკ-ვარსკვლავი ყოფილა,— თქვა მან და თავის ოთახისკენ გაეშურა, ოღონდ ამჯერად კარი ღია დატოვა. დათო დაიბნა და კესანეს შეხედა. —რა მოხდა იქ?— ჰკითხა ჩურჩულით. კესანემ სხვენში ნაპოვნი პატარა ვარდისფერი ფეხსაცმელები საბარგულიდან ამოღებულ ჩანთაზე დადო და ქმარს გაუღიმა. —უბრალოდ, ერთმანეთი გავიცანით, დათო. სულ ესაა,- თან ყურიდან მეორე ყურსასმენი მოიხსნა და ქმარს დაუდო ხელზე. კესანე სამზარეულოსკენ წავიდა, რომ ყველასთვის ყავა მოედუღებინა. ისევ შფოთავდა? რა თქმა უნდა. დედის გული სხვაგვარად ვერ ისვენებს. მაგრამ ეს უკვე სხვაგვარი შფოთვა იყო, ტკბილი და იმედიანი, რადგან იცოდა, რომ როცა ნენე თავის გზაზე ნაბიჯებს გადადგამდა, ის აუცილებლად მის გვერდით იქნებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


