თილისმა (6 თავი)
თილისმა #თილისმა 6თავი წესები მთელი ღამე ფიქრში გავატარე, ვცდილობდი ოდნავ მაინც მივმხვდარიყავი, რა სურდა ზაქარიას ჩემგან. ეს მიპატიჟება ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა. არაფერი უთქვამს, ოდანავადაც არ მიუნიშნებია, რას შეეხებოდა ჩვენი საუბარი. ამაო ფიქრით დაღლილმა თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე. უცნაური სიზმარი მესიზმრა იმ ღამეს. ისევ სასახლეში ვიყავი, თუმცა იქაურობა სიბნელის ნაცვლად ნათელი ოქროსფერი სინათლით იყო სავსე, გარშემო ბევრი უცნობი ადამიანი ირეოდა. თითქოს ბურანიდან ისმოდა მათი საუბარი, სიცილი, ბროლის ჭიქების წკარუნი. გაოცებული ვათვალიერებდი იქაურობას, ახლა სასახლე სწორედ ისეთი იყო, როგორც მე წარმომედგინა, ზღაპრულ ჩუქურთმებში ჩაფლული, ნათელი, საოცარი, მშვიდი და ბედნიერი განწყობით სავსე. ისე გადმომედო ეს სიზმრისეული განწყობა, ისე მოედო ჩემს სევდიან გულს ის მხიარული ხმები, რომ ვერც კი ვგავიაზრე ისე ამიტანა ჰაეროვანმა ეიფორიამ. კიბის გვერდით უზარმაზარი სარკე ჩემს სხეულს ირეკლავდა, ყვითელი ჰაეროვანი მატერია ისე ბრწყინავდა ჩემს ტანზე, რომ რომელიღაც ზღაპრულ დედოფალს ვგავდი. ბედნიერებისგან სახე მინათებდა მაღალი ჭაღებიდან გადმოღვრილ ოქროსფერ სინათლეს მზესავით ირეკლავდა ჩემი თვალების ცის ფერი, თითქოს მე კი არა, ახლა ვიღაც სრულებით სხვა ადამიანი ვიყავი, ვინც მხოლოდ გარეგნულად მგავდა. საკუთარი ანარეკლის ყურებით გართულმა შევამჩნიე, რომ უეცრად ყველა, როგორც ერთი კიბისკენ შეტრიალდა, მეც მათ მზერას გავაყოლე თვალი და კიბის თავში ის დავინახე.... უფრო სწორედ, არ დამინახავს, მხოლოდ ვიგრძენი, ჭაღების ბრჭყვიალს მიღმა მისი სახე გარკვევით არ ჩანდა, მხოლოდ ჩემმა აჩქარებულმა გულისცემამ, სიხარულის და მყუდროების უსაზღვრო შეგრძნებამ, რომელსაც ის იწვევდა, მაფიქრებინა რომ ის ვიპოვნე... თვალები გავახილე და მოგვიანებით გავიაზრე, რომ ტუჩებზე სიზმრიდან გამოყოლილი ღიმილი მქონდა შერჩენილი. _ ეს რა სასიამოვნო სიზმარი იყო?_ ვკითხე საკუთარ თავს. ჯერაც ვგრძნობდი იმ სიმშვიდეს, რაც მისმა დანახვამ მომიტანა. რამდენი წელი იყო ასეთი რამ აღარ მეგრძნო.ისევ დავხუჭე თვალები და სიზმარში დაბრუნება ვცადე. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახე არ დამინახავს, უეჭველად ვიცოდი, ის იყო. ეჭვი წამითაც არ შემპარვია. სხვას ვის შეეძლო ჩემთვის ამგვარი ნეტარების მოგვრა? თუმცა დაძინების მცდელობა მცდელობად დამრჩა და დილამდე ძილიც აღარ გამკარებია. დილით უცხო მხიარულ ხასიათზე ავდექი ფეხზე. მუსიკა ჩავრთე, ლამის ცეკვა_ ცეკვით გავემართე სააბაზანოსკენ. ნუთუ ამდენად მენატრებოდა, რომ მხოლოდ სიზმარში მისი წამიერი გაელვებაც მეყო სიხარულისთვის?! ახლა აღარც ზაქარიასთან მოსალოდნელი შეხვედრა აღარ მძაბავდა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი თითქოს, თითქოს ვგრძნობდი, რომ მასთან შეხვედრა რაღაც ახლის დასაწყისის საწინდარი იქნებოდა. კიბეები სულმოუთქმელად ჩამოვირბინე და ატალახებულ, თოვლგამღვალ ქუჩას თავდაჯერებულად გავუყევი უახლოესი გაჩერებისკენ. ავტობუსის ლოდინში კვლავ მისი ხატება ამედევნა. ვცდილობდი ის წამი წარმომედგინა, როცა მის სახეს ავტობუსის ფანჯარაში მოვკარი თვალი. შემდეგ ვცადე სიზმრისეული ლანდისთვის მომერგო მისი სახე,მისი ღიმილი, მისი თვალები. ეს ფიქრი, თუ ოცნება მაბედნიერებდა. ზაქარიას მოცემულ მისამართზე სრულებით ჩვეულებრივი, ახლად აშენებული, თანამედროვე კორპუსი დამხვდა. შენობას გაუგებარი იმედგაცრუებით ავხედე, ნეტავ რას ველოდი? ალბათ მთის სასახლიდან გამოყოლილი აურა თუ მოქმედებდა ასე?! ჯერაც საახალწლო განათებებით მორთულ მაღაზიის მაღალ შუშებში საკუთარ გამოსახულებას მოვკარი თვალი. მივუახლოვდი და როგორც საინტერესო უცხოს ისე დავაკვირდი. ჩემი ფერადი ნიღბის მიღმიდან დიდი სევდიანი თვალები მიმზერდა. იმას ვისაც ახლა ვაკვირდებოდი, არაფერი ჰქონდა საერთო სიზმრისეულ ლანდთან. რატომღაც, ჩემი დილანდელი განწყობიდან გამომდინარე მეგონა, კვლავ მხიარულ, ლაღ ქალს დავინახავდი, მაგრამ შევცდი. ახლა ცისფერ, უფრო მონაცრისფერო თვალებში ბურუსივით დაბუდებულიყო ღრმა სევდა, იმდენად ღრმა, რომ ამ უცნაურ მოქუფრულ სევდისფერ ოკეანეს ფსკერიც კი არ უჩანდა. საკუთარ გამოსახულებას გავუღიმე, ტუჩის კუთხეები ისე უცნაურად ამეპრიხა, ღიმილის ნაცვლად ცარიელა ირონია შემრჩა ხელთ. რაა ღიმილი თუ თვალები არ იღიმიან? თეატრალურ სევდიან გრიმასას გავდა ჩემი სახე. თითქოს საკუთარი თავი სიბრალულით მიმზერდა იმ ფერადი ვიტრინიდან. _ ნუ გებრალები! არაფერში მჭირდება ეს!_ სწრაფად მოვსხიპე ყალბი ღიმილი და საკუთარ თავს შევუბღვირე. _ გული მიგრძნობს, მალე რაღაც მოხდება! აი ნახავ! ნახავ, ყველაფერი როგორ შეიცვლება! საჩვენებელი თითი მუქარით მოვუღერე. და ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ როცა საკუთარ ანარეკლს ზურგი ვაქციე და სადარბაზოსკენ წავედი, ის უკან არ გამომყოლია, არამედ იმ შუშაში დარჩა სამუდამოდ გამომწყვდეული. მუქი ნაცრისფერი კარის წინ ვიდექი, დასაკაკუნებლად ხელ აღმართული და უკანასკნელად ვორჭოფობდი. იქნებ ახლავე სიტყვის უთქმელად გავბრუნებულიყავი უკან. იქნებ ყველა სიახლე არ ღირდა ცდად? შევიკეტებოდი ისევ ჩემს მყუდრო თავშესაფარში, დაცულად და უსაფრთხოდ ვიქნებოდი, ვერავინ და ვერაფერი მოაღწევდა ჩემამდე და იმ მყიფე სიმშვიდეს ვერ დამირღვევდა, რომელსაც, მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, როგორი წამებით მივაღწიე. ნეტავ რა მელოდა იქ, ამ მუქი კარის მიღმა? რატომ მქონდა ასეთი უცნაური მოლოდინი? ხელი უნებურად კისერზე დაკიდული გულსაკიდისკენ წავიღე, ასეთ მომენტებში, როცა ეჭვი მიტანდა, ის ერთგვარ გრავიტაციის წერტილის როლს ასრულებდა ხოლმე და რეალობაში მაბრუნებდა. ყურადღების და სურვილების კონცენტრაციაში მეხმარებოდა,მისი მუდმივი სიგრილე მამშვიდებდა. ახლა კი თითები სიცარიელეს რომ მოებღაუჭნენ შევკრთი. სიცარიელე! აი ეს იყო ის, რაც მკლავდა! არა, დრო იყო სიახლეების მოსმენა მაინც მესწავლა. ხელი ავწიე და კარზე მტკიცედ დავაკაკუნე. კარი ასაკოვანმა ქალმა გამიღო. შავი უნიფორმა ეცვა, თმა უნაკლოდ გადაევარცხნა უკან. ასაკით ალბათ ზაქარიას დედად თუ ეკუთვნოდა. ჩემი ვინაობა ვუთხარი და მან სახლში შემიპატიჟა. სახლის ინტერიერი სასახლის მცირე მოდელს წარმოადგენდა თითქოს. არაფერი ზედმეტი, არაფერი პომპეზური, არაფერი, რაც ოდნავ მაინც დამეხმარებოდა, რომ ზაქარიას ვინაობა, ანდაც სტატუსი განმესაზღვრა თუმცა მიუხედავად აქ გამეფებული მკაცრი მინიმალიზმისა, ამ სახლსაც ეტყობოდა გემოვნებიანი დეკორატორის ხელი. ზაქარია მისაღებში ფართე კომფორტულ დივანზე იჯდა. თაბაშირიანი ფეხი, საიდანაც რამდენიმე რკინას გამოეყო თავი, პატარა ყავისფერ მყარ პუფზე დაედო, ჩვეული სიმშვიდის მიუხედავად ჩამუქებულ თავლის უპეებზე აშკარად ეტყობოდა გადატანილი ტკივილის კვალი. _ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩენს სახლში ქალბატონო ამანიტა!_ მომესალმა და ჩვეულად წამოწევა სცადა. მისთვის სტუმრის და მით უფრო ქალის წინაშე მისალმებისას ჯდომა, როგორც სჩანს მთლად სასიამოვნო არ უნდა ყოფილიყო. ხელის ოდნავი მოძრაობით შევაჩერე. მივესალმე და სწრაფად დავჯექი მოპირდაპირე დივანზე, რათა ის ფეხზე ადგომის არასაჭირო მცდელობისგან გამეთავისუფლებინა. _ როგორ ხართ ზაქარია? ვატყობ იმაზე მეტად დაშავდით, ვიდრე მეგონა!_ ვუთხარი, რაც შემეძლო ზრდილობიანად. ჭკვიანი ნაცრისფერი თვალებით ისე უცნაურად შემომხედა, თითქოს შიგ სულში მომიფათურა უცნაურად გრძელი ხელები. წამით მაკვირდებოდა და მეც ღირსეულად ვცდილობდი მისი გამჭოლი მზერისთვის გამეძლო. უცნაური ადამიანი იყო ზაქარია, ამას ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით. ენაწყლიანი და სიტყვაუხვი რომ არ იყო ამას თქმაც არ უნდოდა, მაგრამ ვერაფრით გაიგებდა კაცი მისი თვალების ამოუცნობი სინათლიდან, მაგალითად იმას, კეთილი იყო ის, თუ პირიქით _ ბოროტი. რას ფიქრობდა შენზე, როგორ გაფასებდა, რას ეძებდა, როცა მზერას არ გაშორებდა. რთული იყო მასზე წარმოდგენის შექმნა. ამიტომ ამის მცდელობას აზრიც არ ქონდა. _ დიახ, როგორც ხედავთ, საკმაოდ დავშავდი. იმდენად მაინც, რომ უახლოესი რამდენიმე თვე აქ მომიწევს დარჩენა. არადა სასახლეს ვჭირდები!_ მიპასუხა მან და გამაოცა იმით, რომ სასახლე ისე მოიხსენია, როგორც სულიერი._ ამიტომ თქვენთან ერთი წინადადება მაქვს. შესაძლოა ცოტა გაგაოცოთ იმან, რის თქმასაც ვაპირებ, მაგრამ როცა ბოლომდე მომისმენთ, იქნებ დაგაინტერესოთ კიდეც. მხოლოდ თავი დავუქნიე, არაფერი მიპასუხია. ვხვდებოდი, ერჩივნა არ დაშავებულიყო და არც ამ „საქმიანი წინადადების“ აუცილებლობა დამდგარიყო მისი დღის წესრიგში. _ მოგეხსენებათ სასახლე ერთობ მიყრუებულ ადგილას დგას. მით უფრო ახლა, როცა იქ დიდთოვლობაა, ძალიან ჭირს მისთვის ყურადღების მიქცევა. მე კი..._ ხელი უიმედოდ გაშალა დაშავებული მუხლისკენ._ ამიტომ ვეძებთ სასახლის მეთვალყურეს. _ მეთვალყურეს?_ ვკითხე გაოცებულმა. კარგად ვერ ჩავწვდი მისი სიტყვების აზრს. _ დიახ, არ ვიცი სხვაგვარად ამას როგორ ვუწოდო. ისეთ ადამიანს, ვინც იქ დარჩება გამოზაფხულამდე, უკეთეს შემთხვევაში იქამდე, სანამ მე არ შევძლებ დაბრუნებას. ამიტომ კონტრაქტი, რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში ხელს მოვაწერთ, ალბათ ნახევარი წელი მაინც დაავალდებულებს დაინტერესებულ მხარეს იქ ცხოვრებას._ ამიხსნა მან. _ ანუ თქვენ გინდათ, რომ მე ნახევარი წლით იმ სასახლეში ვიცხოვრო?_ გაოცებისგან კინაღამ ხმამაღლა დავუსტვინე, დროზე მივხვდი ზაქარიას ეს ძალიან გააოცებდა და თავი შევიკავე. _ დიახ. და ამასთან ერთად გარკვეული წესებიც იქნება. _ დაამტა მშვიდად. _ წესები?_ ჩავილაპარაკე გაოცებულმა. _ დიახ, არც თუ ისეთი რთული, თუმცა იქნებ ცოტა უცნაური! _ მაგალითად?_ წამძლია ინტერესმა. _ მაგალითად არანაირი ცხოველები და მცენარეები სასახლეში!_ მტკიცედ თქვა ზაქარიამ. _ კიდევ? _ არანაირი სტუმრები, არაუმეტეს ორი ადამიანისა 24 საათით. _ აჰაა?!_ ჩავილაპარაკე გაოგნებულმა. _ იმხელა სასახლეში სტუმრების ასეთ მწირ რაოდენობას რით განსაზღვრავთ?_ ვკითხე გაკვირვებულმა. ორი კი არა ორმოცი კაციც მშვენივრად მოთავსდებოდა იქ. _ მას მყუდროება უყვარს!_ მიპასუხა ზაქარიამ და სწრაფად დაამატა._ სასახლეს ასეთი წესები აქვს. _ და რატომ ფიქრობთ, რომ ეს სამუშაო მე შემეფერება?_ დავუსვი მთავარი კითხვა. _ თქვენ ის მოგეწონათ ხომ ასეა? ინატრეთ კიდეც იქ ცხოვრება!_ თვალიც კი არ დაუხამხამებია მას ისე მიპასუხა._ ამას გარდა, ჩვენ თქვენზე მცირედი გავიკითხეთ და სრულებით გვაკმაყოფილებთ. _ ჰოო?_ ვკითხე თვალმოჭუტულმა. ცოტა არ იყოს, არ მეპიტნავა, რომ ჩემს ზურგს უკან ჩემზე ინფორმაცია მოიძია. _ დიახ! თქვენ მწერალი ხართ, ზუსტად ექვსი თვე გაქვთ, სანამ რედაქციას წიგნს ჩააბარებთ, და ვფიქრობ სასახლის მყუდროება, სილამაზე, აურა ყველაფერი დაგეხმარებათ ამ სამუშაოს შესრულებაში. ეს ადგილი თქვენზეა ზედგამოჭრილი._ მდუმარედ ვუსმენდი. იყო მის საუბარში რაღაც ქედმაღლური, რაღაც ისეთიც, რასაც ბოლომდე არ ამბობდა, თუმცა იმ პერსპექტივამ, რომ იმ ადგილას დაბრუნებას, სამყაროსგან მოწყვეტას და სიჩუმით და მარტოობით ტკბობას შევძლებდი, სწორედაც რომ, აღმაფრთოვანა. _ მაგრამ რა საჭიროა ასეთი მკაცრი კონტრაქტის დადება? როგორც თქვით, რამდენიმე გაუგებარი წესის შესრულება? _ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა, თუმცა თქვენი ანაზღაურება, რომელიც არც კი გიკითხავთ ჯერ, ვფიქრობ ჩვენ უფლებას გვაძლებს ცოტა მეტად არაორდინალურები ვიყოთ კონტრაქტის პირობების შედგენისას._ დივანზე დადებული რვეული აიღო, კალმით რაღაც დაწერა და მომიტრიალა. როცა მის მიერ ფურცელზე დაწერილ ციფრს შევხედე თავი აღარ შემიკავებია და გაოცებით დავუსტვინე. _ ახლა თქვენ ხუმრობთ?_ ვკითხე თვალებგამოჭყეტილმა._ და რა უნდა გავაკეთო იქ ასეთი, რომ ამად ღირდეს? _ უბრალოდ სასახლეს ღირსეული კომპანიონობა უნდა გაუწიოთ ქალბატონო ამანიტა. სულ ესაა რაც ჩვენ თქვენგან გვსურს ამ ეტაპზე!_ მე რომ მეტად დაკვირვებული, ყურადღებიანი და ფრთხილი ვყოფილიყავი, მის სიტყვებს ყურადღებით დავუგდებდი ყურს, მაგრამ ეტყობა ყველაფერი სწორედ ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა. _ არ ვიცი ზაქარია, იმდენი კითხვა მიტრიალებს ახლა თავში. და რა უნდა ვჭამო იქ ამ ხნის განმავლობაში?_ ამ კითხვაზე ზაქარაიამ ღიმილი ვერ შეიკავა. _ ყველაფრით, რაც სასახლეში თქვენს კომფორტულად ცხოვრებას დასჭირდება, ჩვენ უზრუნველვყოფთ. თქვენ კი კარგად დაფიქრდით, აწონ დაწონეთ სანამ უარს იტყვით. დასაფიქრებლად სამი დღე გაქვთ. კონტრაქტის პირობებს უკეთ გაეცანით, წესებს გადახედეთ და გვითხარით, რომელიმე მათგანი ძალიან რთულად ამ გაუგებრად თუ მოგეჩვენებათ. სამი დღის შემდეგ, თუ თანახმა იქნებით, კონტრაქტს ხელს მოვაწერთ და თქვენ სასახლეში თქვენს სამსახურს შეუდგებით._ როცა ზაქარაიას დავემშვიდობე და კონტრაქტის ასლით სახლში დავბრუნდი, ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა არ იყო. და მაინც რატომ მე? ეს კითხვა მახრასავით მიჭამდა გონებას. და რამე რომ მომხდარიყო იქ? მაგალითად ზაქარიას უბედური შემთხვევის მსგავსი? ან გინდაც უბრალოდ კიბეზე რომ დავგორებულიყავი? ან ის დათვი თუ რაღაც ცხოველი თავს დამსხმოდა? ან ისევ შუქი რომ გამორთულიყო? ან ან ან უამრავი ან მიტრიალებდა თავში. ვიჯექი და წინ დადებულ კონტრაქტის ფურცლებს თვალგაშტერებული დავცქეროდი. _ თქვენ ხომ მწერალი ხართ, იქ კი სწორედ სათქვენო გარემოა, სიმშვიდე, სიწყნარე, ლამაზი ხედები..._ ჩამესმოდა ზაქარიას დათაფლული ხმა და გონებას მირევდა. _ თანაც თქვენი ანაზღაურება... რომელიც ჯერ არც კი გიკითხავთ.... _ ჯაბდაბას ზაქარია შენი თავი!_ წამოვიძახე გაცეცხლებულმა. _ ხომ ვცხოვრობდი ჩემთვის მშვიდად! საიდან მოიგონე ახლა ეს სასახლე? ჯანდაბა, ჯანდაბა! ვჯაჯღანებდი ჩემთვის და წამიდან წამზე იზრდებოდა ჩემში იქ დაბრუნების სურვილი. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და წინ დაწყობილ ფურცლებს ხელი დავავლე... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


