"ჩვენს შორის ოთხი წელი" -თავი 1
ქალაქი თითქმის არ შეცვლილიყო. იგივე ვიწრო ქუჩები, ძველი აივნები და საღამოობით ეზოებში გაბნეული ბავშვების ხმაური ისევ ისე იფანტებოდა ჰაერში, თითქოს დრო აქ ნელა გადიოდა. ნინა მანქანის ფანჯრიდან უყურებდა ყველაფერს და ცდილობდა გაეხსენებინა, ბოლოს როდის იგრძნო თავი ამ ქალაქის ნაწილად. ოთხი წელი დიდი დრო არ იყო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საკუთარი თავიც ვეღარ ეცნო. როცა წავიდა, თოთხმეტი წლის იყო — ჩუმი, მოუხერხებელი გოგო, რომელსაც მუდამ დიდი ზომის მაისურები ეცვა და ხალხის თვალებში ყურებას ერიდებოდა. ახლა კი მის დაბრუნებას სხვანაირი მზერა მოჰყვებოდა ნინას ყველაზე მეტად ერთი ადამიანის ნახვის ეშინოდა. ლუკა... ბიჭი, რომელიც ბავშვობიდან ყველა პრობლემაში ეხვეოდა, ყველა ჩხუბში მონაწილეობდა და მაინც მთელი უბნის საყვარელი შვილი იყო. ბიჭი, რომელსაც მუდამ ირონიული ღიმილი ჰქონდა და ყოველთვის როცა ნინას უყურებდა, თითქოს მის ყველა საიდუმლოს იცნობდა. ოთხი წლის წინ ნინა წავიდა ისე, რომ არ დამშვიდობებია. ახლა კი ქალაქში დაბრუნებულს ყველაზე ნაკლებად სწორედ მასთან შეხვედრა უნდოდა. და მაინც, ზუსტად იცოდა — ადრე თუ გვიან, შეხვდებოდნენ... მათი დედები საუკეთესო მეგობრები იყვნენ ნინას გონება მანქანის სავარძლიდან შორს , ისევ ბავშვობაში დაბრუნდა , გაახსენდა სახლი, ეზო.. ეზოში ყოველთვის ხმაური იყო ზაფხულის საღამოების დროს ბავშვები გვიანობამდე დარბოდნენ, სკამებზე ჩამომსხდარი მეზობლები ერთმანეთის ამბებს არჩევდნენ, სადღაც ღია ფანჯრიდან კი ძველი მუსიკა ისმოდა. იმ პატარა ეზოში ყველა ყველას იცნობდა, და თუ ვინმე რამეს დააშავებდა, მეორე დღეს უკვე მთელმა ქუჩამ იცოდა. ლუკაც ყოველთვის იქ იყო. ხან ველოსიპედით დაქროდა, ხან ფეხბურთის ბურთს ურტყამდა კედელს, ხანაც რომელიმე ბიჭთან ჩხუბობდა და მერე ისე იცინოდა, თითქოს არაფერი მომხდარა. დედა ხშირად ტუქსავდა, ცოტა დამშვიდდიო, მაგრამ ლუკა იმ კატეგორიის ბიჭი იყო, რომელსაც ერთ ადგილზე გაჩერება არ შეეძლო. ნინა კი თითქმის ყოველთვის მოშორებით იდგა. ძველი საქანელის გვერდით, წიგნით ხელში, ან დედის გვერდით ჩამომჯდარი ჩუმად აკვირდებოდა სხვებს. ბავშვებთან თამაში არასდროს გამოსდიოდა. ზედმეტად მორცხვი იყო იმისთვის, რომ ვინმესთან მარტივად დამეგობრებულიყო. — ისევ მარტო ზიხარ? — ერთხელ ლუკას ხმა გაიგონა ბიჭი თავზე ადგა , ბურთით ხელში ნინამ თავი ასწია. ბიჭი მზისგან გახუნებულ მაისურში იდგა და ხელში ნახევრად გაბერილი ბურთი ეჭირა. — არ მინდა თამაში, — ჩაილაპარაკა გოგონამ. — არ მიკითხავს გინდა თუ არა! და სანამ ნინა რამეს მიხვდებოდა, ლუკამ მაჯაში ხელი მოკიდა და ეზოს შუისკენ წაიყვანა იმ დღის შემდეგ ყველაფერი თითქოს თავისით შეიცვალა. ლუკა თითქმის ყოველდღე აკითხავდა. ხან აივნის ქვემოდან ეძახდა, ხან კარზე უკაკუნებდა და დაჟინებით ითხოვდა მისგან გარეთ გამოსვლას. ნინა ხშირად ბრაზდებოდა კიდეც მასზე — ზედმეტად ხმაურიანი, ზედმეტად თავხედი და აუტანელი იყო. მაგრამ მაინც, როცა ლუკა რამდენიმე დღით სოფელში წავიდოდა, ეზო უცნაურად ცარიელი ეჩვენებოდა. ერთხელ, უბნის ბიჭებმა ნინას დასცინეს — სათვალის და მოუხერხებელი გარეგნობის გამო. ნინა ხმას არ იღებდა, მხოლოდ თავს დაბლა ხრიდა, სანამ მოულოდნელად ლუკა არ გამოჩნდა. — თქვენი თავისთვის ოდესმე სარკეში შეგიხედავთ? ნინა ყველა თქვენგანს ერთად აღებულს გჯობიათ! ახლავე დაიკარგეთ— ისეთი ტონით თქვა, რომ სიცილი მაშინვე შეწყდა. მაშინ პირველად შეხედა ნინამ სხვანაირად. იმ საღამოს სახლში დაბრუნებულმა სარკეში დიდხანს უყურა საკუთარ თავს და პირველად დაფიქრდა, იქნებ მართლა არ იყო ისეთი შეუმჩნეველი, როგორიც ეგონა. .... წვიმდა. ისეთი მშვიდი, მონოტონური წვიმა იყო, ძველი ქალაქების სუნი რომ მოაქვს — სველი ასფალტის, მტვრიანი აივნების და წლების განმავლობაში უცვლელი ქუჩების. ნინა მანქანის ფანჯარას შუბლით მიყრდნობოდა და გარეთ იყურებოდა. ყველაფერი ნაცნობი ჩანდა. მაღაზია კუთხეში ისევ იმავე ადგილას იყო. ძველი საცხობის აბრაც არ შეეცვალათ. იმ ეზოსთან გავლისას კი, სადაც ბავშვობა გაატარა, გულში რაღაც უსიამოვნოდ შეეკუმშა. ოთხი წელი. მხოლოდ ოთხი წელი გავიდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება იყო გასული. — ნერვიულობ? — ჰკითხა დედამ საჭესთან ისე, თვალები გზისთვის არ მოუშორებია. ნინამ თავი ოდნავ გააქნია. — არა. მოიტყუა. სიმართლე ის იყო, რომ ქალაქში დაბრუნების თავიდანვე ეშინოდა. ეშინოდა იმ ხალხის, ვინც ჯერ კიდევ ძველ ნინას იცნობდა — ჩუმ გოგოს, რომელიც მუდამ თავის დამალვას ცდილობდა. ახლა ყველაფერი შეცვლილი იყო. ისიც. ნინამ თავიდანვე იცოდა, რომ საღამოს ვერ გაექცეოდა. როგორც კი დაბრუნდნენ, ლუკას დედამ მაშინვე დარეკა — ისეთი აღფრთოვანებული ხმით, თითქოს ოთხი წელი კი არა, მთელი საუკუნე იყო გასული. — დღეს საღამოს უნდა ამოხვიდეთ! უარი არ მიიღება! და აი ახლა, რამდენიმე საათის შემდეგ, ნინა მაგიდასთან იჯდა და ჩანგალს თითებში ატრიალებდა, სანამ დედები სამზარეულოსა და მისაღებს შორის ფუსფუსებდნენ. სახლი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ახსოვდა. იგივე კრემისფერი ფარდები. კედელზე ისევ ეკიდა ლუკას ბავშვობის ფოტოები — ერთში ტალახიანი იდგა ფეხბურთის ბურთით, მეორეში გაბრაზებული სახით უყურებდა კამერას, თითქოს გადაღება ეზარებოდა. — ლუკა მალე მოვა, — თქვა დედამისმა. — სამსახურში იყო. ნინამ თავი დაუქნია ისე, თითქოს ეს ინფორმაცია არაფერს ნიშნავდა. სინამდვილეში მთელი საღამო იმაზე ფიქრობდა, როგორ უნდა მოქცეულიყო შეხვედრისას. თითქოს ოთხი წელი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს დაძაბულობა გამქრალიყო. კარის ხმა მოულოდნელად გაისმა. რამდენიმე წამში დერეფანში ნაბიჯებიც. — დე, მოვედი. ხმა უფრო თბილიი ჰქონდა, ვიდრე ახსოვდა. ნინამ ინსტინქტურად ასწია თავი. ლუკა სამზარეულოს კართან გაჩერდა. პირველად სწორედ მაშინ დაინახეს ერთმანეთი ოთხი წლის შემდეგ. ბიჭს შავი პერანგი ეცვა, სახელოები ნახევრამდე აეკაპიწებინა და დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს დღე ზედმეტად გრძელი გამოსვლოდა. თავიდან უბრალოდ დედას გახედა, მერე — ნინას. და რამდენიმე წამით გაჩერდა. ნინამ ვერ გაიგო, შეიცნო თუ არა მაშინვე. მაგრამ ლუკას თვალებში რაღაც ძალიან სწრაფად შეიცვალა — ჯერ გაკვირვება, მერე დაბნეულობა, ბოლოს კი ის ჩვეული სიმშვიდე, რომელსაც ბავშვობაში არასდროს ფლობდა. — ნინა? — თქვა ბოლოს. მის ხმაში ემოცია თითქმის არ იგრძნობოდა, მაგრამ მაინც აშკარა იყო, რომ ამას არ ელოდა. — ჰო, — მშვიდად უპასუხა გოგონამ. დედებმა ერთმანეთს ისეთი გამომეტყველებით გადახედეს, თითქოს წლების ნანატრ სცენას უყურებდნენ. — შეხედეთ ერთი, როგორ გაიზარდეთ, — სიცილით თქვა ლუკას დედამ. ლუკამ მსუბუქად ჩაიცინა და ქურთუკი სკამის საზურგეზე გადაკიდა. — ესეეგი დაბრუნდი... ნინამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა მხრები. იგი ისევ ისეთი იყო მშვიდი ტონით საუბრობდა, მაგრამ სიტყვებში მუდამ პატარა ირონია ჰქონდა შერეული. ლუკა მაგიდასთან დაჯდა, თუმცა ნინასკენ თითქმის აღარ გაუხედავს. დედები ძირითადად თვითონ ლაპარაკობდნენ — იხსენებდნენ ბავშვობას, ძველ ამბებს, სკოლას. ნინა დროდადრო ამჩნევდა, რომ ლუკა ტელეფონს უყურებდა. ეკრანი რამდენჯერმე განათდა. ერთხელ ბიჭმა სწრაფად უპასუხა შეტყობინებას და მერე ისევ ისე მშვიდად გადადო გვერდით. თითქოს საერთოდ არ ანაღვლებდა ეს შეხვედრა. და მაინც, როცა ნინამ წყლის ბოთლისკენ გაიწვდინა ხელი, ლუკამ ინსტინქტურად დაუჭირა, რომ არ დაქცეოდა. მხოლოდ ერთი წამი გაგრძელდა ეს მოძრაობა. მაგრამ ორივემ მაშინვე შენიშნა. ვახშამი თითქოს ჩვეულებრივად დასრულდა, მაგრამ ნინა უკვე გრძნობდა აქ „ჩვეულებრივი“ არაფერი იყო. დედებმა ბოლო ნაჭერი ტორტიც რომ დაასრულეს, ერთმანეთს ისეთი მზერით გადახედეს, თითქოს უხმოდ შეთანხმდნენ რაღაცაზე. — ჰაერზე ხომ არ გავიდეთ? ეზოში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, — თქვა ნინას დედამ ზედმეტად მშვიდი ტონით. — დიახ, დიახ, ახალგაზრდებს სახლში რა გინდათ, ჩვენ ავალაგებთ ყველაფერს— მაშინვე აჰყვა ლუკას დედა და თეფშები სწრაფად აიღო. ორივემ ისეთი არგუმენტები წარადგინა არ დაუტოვეს წინააღმდეგობის შანსი ნინას ეზო სუსტად იყო განათებული. საღამოს ჰაერი თბილი, მაგრამ ოდნავ დაძაბული. ლუკა სკამზე იჯდა, ფეხი ოდნავ წინ ჰქონდა გაწეული, ხელები ჯიბეებში და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს მთელი სიტუაცია ზედმეტად კარგად ესმოდა. ნინა ოდნავ მოშორებით იდგა. ჯერ კიდევ არ იცოდა — დაჯდომა ჯობდა თუ უბრალოდ დგომა. — აი, ასე, მარტო დაგტოვეთ, — გაისმა ლუკას დედის ხმა ,რომელმაც ნახევრად ღია ფანჯრიდან გამოიჭყიტა. — ცოტა მაინც დაელაპარაკეთ ერთმანეთს, ბავშვებო. — დედა… — ლუკამ თვალები გადაატრიალა. — უკვე ზედმეტად აშკარაა შენი გეგმა — რა არის აშკარა? — უპასუხა დედამ უდანაშაულო ტონით. — ჩვენ უბრალოდ ჰაერზე გასვლა შემოგთავაზეთ! ფანჯარა დაიხურა. ლუკამ თავი გააქნია. — არ გეგონოს, რომ ეს ჩემი იდეა იყო, — ჩაილაპარაკა ნინას გასაგონად ისე, თითქოს ბოდიშს იხდიდა, მაგრამ სინამდვილეში ირონიას მალავდა. — არც მგონია , — მშვიდად უპასუხა ნინამ. ლუკამ ოდნავ ჩაიცინა. — ანუ ასე სწრაფად დამიჯერე? — ისე შენზე კარგი წარმოდგენა ბავშვობიდანვე არ მქონდა, — იცრუა ლუკამ ხელი გულზე მიიდო, დრამატულად. — აჰჰ მეტკინა — ნუ თამაშობ, — გაეღიმა ნინას, ამჯერად ლუკამ პირველად შეხედა პირდაპირ თვალებში — შეცვლილხარ. — ცუდისკენ თუ კარგისკენ? ლუკამ თავი გვერდზე გადახარა, თითქოს გულწრფელად აფასებდა. — ჯერ ვერ გადავწყვიტე. — ყოველთვის ასე ხარ? უპასუხოდ ტოვებ კითხვებს? — როცა არ მინდა მოვიტყუო, — მშვიდად უპასუხა ლუკამ ისევ სიჩუმე. მაგრამ ამჯერად არა მძიმე არამედ უფრო მსუბუქი ამ დროს ისევ გაიღო ფანჯარა. — ლუკა, ნინა, ხომ არ გცივათ? — გაისმა ლუკას დედის ხმა. — მოიტანეთ პლედი, ერთად დაჯექით ლუკამ ხმამაღლა ამოიოხრა. — დედა შემთხვევით ოთხკარატიანი ბეჭედიც ხომ არ გიყიდია რომ დავიჩოქო ბარემ? ნინას ჩაეცინა. — დედაშენი ყოველთვის ასეთი იყო? — უარესი, — უპასუხა ლუკამ. — ახლა თავს იკავებს. ფანჯარა ისევ დაიხურა, მაგრამ ორივემ კარგად იცოდა თვალს მაინც არ აშორებდნენ. ლუკამ სკამზე ხელი გადაუსვა გვერდით. — დაჯექი, სანამ კიდევ რამე იდეა მოუვათ. — იდეა უკვე აქვთ, — ნინამ მშვიდად თქვა. — ხო, — ჩაიცინა ლუკამ. — და ჩვენ ვართ „პროექტი“. ნინა ბოლოს მაინც დაჯდა. მათ შორის დარჩა მცირე სივრცე. მაგრამ ამჯერად ეს სივრცე აღარ იყო უხერხული. უფრო რაღაც ისეთი იყო, რასაც ორივე ფრთხილად უვლიდა — თითქოს ჯერ არ იცოდნენ, რა იყო, მაგრამ არც გაფუჭება უნდოდათ. ნინა ფიქრებით ისევ წარსულს დაუბრუნდა .... ეზოში უკვე ბნელდებოდა ზაფხულის ის საათი იყო, როცა დედები ფანჯრებიდან ბავშვებს სახლში ეძახდნენ, მაგრამ არავინ ჩქარობდა ასვლას. ჰაერში გახურებული ასფალტისა და მტვრის სუნი იდგა, სადღაც შორს ძაღლი ყეფდა, საქანელა კი ქარისგან ჩუმად ჭრიალებდა. ნინა კიბეზე იჯდა და მუხლებზე დადებულ წიგნს უაზროდ დაჰყურებდა. სინამდვილეში არ კითხულობდა. ლუკა უკვე ათი წუთი იყო ეზოში ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა და ყოველ ორ წუთში ერთხელ მაინც კამათობდა ვიღაცასთან. — ბრმები ხართ? კარში გავიდა ბურთი! — არ გასულა! — თუ არ გასულა, მაშინ თვალის ექიმი გჭირდება! ნინას უნებლიედ ჩაეღიმა. ლუკა ყოველთვის ისე ჩხუბობდა, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ყოფილიყო. რამდენიმე წუთში თამაშს თავი დაანება და პირდაპირ მისკენ წამოვიდა. მაისური მხარზე ჰქონდა გადაგდებული, თმა არეული და სახეზე ისევ ის გაღიზიანებული გამომეტყველება ეწერა, რომელიც ხუთ წუთში აუცილებლად გაუვლიდა. — შენ რატო ზიხარ აქ მარტო? — ჰკითხა ისე, თითქოს ეს პირადი შეურაცხყოფა იყო. ნინამ მხრები აიჩეჩა. — არ მინდა არავისთან — შენ არასდროს არავინ გინდა... და მის გვერდით ჩამოჯდა. რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ. ლუკა ფეხით პატარა ქვას აგორებდა წინ და დროდადრო ნინასკენ იხედებოდა — ჩუმად, მალულად, თითქოს თვითონაც არ უნდოდა ამის აღიარება. — იცი რა ვერ გამიგია? — თქვა ბოლოს. — რა? — რატო გგონია ყოველთვის, რომ უშნო ხარ? ნინა მაშინვე დაიძაბა. მზერა წიგნზე გადაიტანა. — არ მგონია. — გგონია, — ლუკამ მშვიდად თქვა. — სახეზე გეტყობა ხოლმე. ნინამ წარბები შეჭმუხნა. — შენ რა, ახლა ფსიქოლოგი ხარ? — არა, უბრალოდ თვალები მაქვს, რაღაცეების შეფასება შემიძლია მათ შორის ისევ დუმილმა დაისადგურა ნინას აღარ გაუცინია. ლუკამ ცოტა ხანს უყურა, მერე უცებ ხელი წაავლო წიგნს და გვერდზე გადადო. — აი, ზუსტად ეს მაღიზიანებს. — რა? — სულ რაღაცის უკან იმალები, წიგნი, თმა, დიდი მაისურები… — ხელი გააქნია უკმაყოფილოდ. — ვერ ხვდები, რომ არ გჭირდება? ნინა უკვე გაბრაზებას აპირებდა. — შენ საერთოდ ვინ გეკითხება? — მეკითხება !— ლუკამ მაშინვე უპასუხა. ეს ისეთი ლუკა იყო — არავინ რომ არაფერს სთხოვდა , მაგრამ მაინც ერეოდა ყველაფერში. ნინამ თვალები გადაატრიალა და ადგომა დააპირა, მაგრამ ლუკამ უცებ მაჯაში მოკიდა ხელი. — მოიცა. — რა? ლუკამ რამდენიმე წამი უყურა. სრულიად უცნაური სერიოზულობით. ისეთი მზერით, რომელიც მის ასაკს საერთოდ არ ჰგავდა. — მართლა ვერ ხვდები? — ჩაილაპარაკა ბოლოს. ნინამ ვერაფერი უპასუხა. გული უკვე ძალიან სწრაფად უცემდა, თუმცა თვითონაც არ იცოდა რატომ. და მერე ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, გააზრებაც ვერ მოასწრო. ლუკა ოდნავ გადაიხარა და აკოცა. ძალიან მოკლედ. ძალიან ბავშვურად. უფრო სპონტანურად, ვიდრე გააზრებულად. მაგრამ იმდენად გულწრფელად, რომ ნინა ადგილზე გაიყინა. ლუკაც რამდენიმე წამი გაუნძრევლად დარჩა, თითქოს თვითონაც ვერ მიხვდა ბოლომდე, რა გააკეთა. მერე უცებ უკან დაიხია. — ნუ მიყურებ ასე, — თქვა სწრაფად, ისევ იმ უხეში ტონით, რომლითაც ყოველთვის ფარავდა ყველაფერს სერიოზულს. ნინა ჯერ კიდევ გაშეშებული იჯდა. — შენ… ახლა მაკოცე? ლუკამ თვალები გადაატრიალა. — იმედია შენ და არა მეზობლის ძაღლს. ნინას უნებლიედ გაეცინა. ლუკამ ეს ღიმილი რომ დაინახა, თვითონაც ოდნავ ჩაიღიმა — ძალიან პატარა, თითქმის შეუმჩნეველი ღიმილით. მერე უცებ წამოდგა. — არავის უთხრა, თორე მთელი უბანი მომკლავს — იდიოტი ხარ, — სიცილით უთხრა ნინამ. — ვიცი. და ისევ ბიჭებთან გაიქცა, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ იმ საღამოს, უკვე მეორედ , ნინამ სარკეში საკუთარ თავს სხვანაირად შეხედა. ნინას დიდხანს არ დაუძინია. ოთახში შუქი გამორთული იყო, ფანჯრიდან ქუჩის განათება შემოდიოდა და კედელზე ხის ტოტების ჩრდილები ნელა მოძრაობდნენ. ნინა ზურგზე იწვა და ჭერს უყურებდა. ხელს დროდადრო ისევ ტუჩებთან მიიტანდა, თითქოს დარწმუნება უნდოდა, რომ მართლა მოხდა. ლუკამ აკოცა. ეს აზრი იმდენად უცნაურად ჟღერდა, რომ ხან სიცილი უნდოდა, ხან საერთოდ საბნის ქვეშ დამალვა. მეორე დილით კი ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, რომ ლუკა ყველაფერს ჩვეულებრივ ხუმრობად გადააქცევდა. და ზუსტად ასეც მოხდა. ეზოში ჩავიდა თუ არა, ლუკა ბიჭებთან ერთად სკამზე იჯდა და რაღაცაზე კამათობდა. როგორც კი ნინა დაინახა, მაშინვე გაჩუმდა. მხოლოდ რამდენიმე წამით. მერე ისე გააგრძელა ლაპარაკი, თითქოს არაფერი მომხდარა. ნინას გული უცნაურად შეეკუმშა “ხომ ვიცოდი…” — გაიფიქრა თავისთვის. უკვე გასვლას აპირებდა, როცა ლუკამ მოულოდნელად დაუძახა: — ეი, წიგნების მაღაზია! ნინა შეტრიალდა. — რა? — აქ მოდი. მის ტონში ისევ ის ჩვეული უხეშობა იყო, მაგრამ ნინა უკვე ამჩნევდა — როცა ნერვიულობდა, ყოველთვის უფრო მკვეთრად ლაპარაკობდა. ნელა მივიდა. ბიჭები უცნაური ღიმილით უყურებდნენ ორივეს. ლუკამ უკმაყოფილო სახით გადახედა. — რას იყურებით? საქმე არ გაქვთ? — გუშინ სად გაქრი? — სიცილით ჰკითხა ერთ-ერთმა. — შენს აღზრდაზე ვზრუნავდი, — უპასუხა ლუკამ დაუფიქრებლად. ბიჭებმა სიცილი ატეხეს. ნინასაც გაეღიმა, მაგრამ მაშინვე იგრძნო, როგორ მიუახლოვდა ლუკა ოდნავ. საკმარისად ახლოს, რომ სხვებს ვეღარ გაეგოთ. — ისევ ისეთი სახე გაქვს, თითქოს სამყაროს დასასრული მოხდა, — ჩაილაპარაკა. — იმიტომ რომ უცნაური ხარ. — ეს ახალი ინფორმაცია არაა. ნინამ წარბები შეკრა. — გუშინდელი… — გუშინდელი არაფერი, — სწრაფად გააწყვეტინა ლუკამ. ნინას სახე მაშინვე შეეცვალა. ლუკამ ეს რომ დაინახა, თვალები გადაატრიალა და ამოიოხრა. — ღმერთო, რა დრამატული ხარ. — შენ თქვი, არაფერი იყოო. — არ მითქვამს არაფერი იყო-მეთქი, — ჩაილაპარაკა. — უბრალოდ… ნუ იქცევი ისე, თითქოს ახლა დაქორწინება მოგვიწევს. ნინას გაეცინა. ლუკამ მაშინვე იგრძნო შვება, მაგრამ რა თქმა უნდა, სახეზე არაფერი შეიმჩნია. — აი, ეს უკვე უკეთესია, — თქვა მშვიდად. ნინამ ხელი მსუბუქად ჰკრა მხარზე. ლუკამ მაშინვე დრამატულად მიიდო ხელი გულზე. — ძალადობა… მოწმეები მყავს. ბიჭებმა ისევ გადაიხარხარეს. და იმ წამში ყველაფერი ისევ ჩვეულებრივს დაემსგავსა. თითქოს არაფერი შეცვლილიყო. მაგრამ სინამდვილეში ორივემ უკვე იცოდა — რაღაც მაინც შეიცვალა. უბრალოდ ჯერ არცერთს არ შეეძლო ამისთვის სახელის დარქმევა. ლექცია დასრულდა. აუდიტორია ნელ-ნელა დაიცალა — სკამების ხმაური, ჩანთების შეკვრა, ერთმანეთში არეული ხმები. ნინა ჩანაწერებს აგროვებდა, მაგრამ გონება ისევ წარსულში ჰქონდა გაჭედილი. იმ კოცნაში. იმ ზაფხულში. და იმ ლუკაში, რომელიც ყველაფერს ხუმრობაში ფარავდა, თუნდაც ყველაზე სერიოზულ მომენტებს. — თუ კიდევ ხუთი წუთი უყურებ ფურცელს, ტექსტი თვითონ დაიწყებს ლაპარაკს. ლუკას ხმა გვერდიდან გაისმა. ნინამ თავი ასწია. ლუკა თავზე ადგა, ჩანთა ერთ მხარზე ჰქონდა გადაკიდებული — ჩავფიქრდი, — მშვიდად თქვა ნინამ. — ეგ სახიფათო პროცესია შენთვის. ნინამ თვალები გადაატრიალა და ფურცლები ჩანთაში ჩააწყო. — შენ ყოველთვის ასეთი გამაღიზიანებელი ხარ? — არა, ხანდახან მძინავს. ლუკამ მის ხელში ჩაკეცილ განრიგს დახედა. — შემდეგი აუდიტორია იცი სადაა? ნინა რამდენიმე წამი გაჩუმდა. — დაახლოებით. — ანუ არა, — დაასკვნა ლუკამ. — წამოდი. ეს არ იყო შეთავაზება ეს იყო ბრძანება დერეფანში ერთად გავიდნენ. ლუკა სწრაფად დადიოდა, ნინა კი ნაბიჯს აჩქარებდა, რომ არ ჩამორჩენოდა. — ნელა იარე, — თქვა ბოლოს. — შეგახსენებ ეს უნივერსიტეტია და არა სასეირნო პარკი, თან სათვალეც აღარ გიკეთია და წესით გზა არ უნდა გერეოდეს ! — შენ საერთოდ შეგიძლია ნორმალურად ელაპარაკო ადამიანს? ლუკამ გვერდულად გახედა. — შემიძლია. უბრალოდ იშვიათად ვთვლი საჭიროდ. ამ დროს უკნიდან გოგონას ხმა გაისმა: —ლუკა ლუკამ თვალები დახუჭა ისე, თითქოს ეს ხმა ზედმეტად კარგად იცნობდა. ნინა შეტრიალდა. გოგონა მათკენ მოდიოდა — მშვიდი ნაბიჯით, თავდაჯერებულად, თითქოს ზუსტად იცოდა, სად მიდიოდა და ვისთან. მუქი თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოშლილი, სახეზე კი ისეთი ღიმილი, რომელიც ერთდროულად თბილიც იყო და დაკვირვებულიც. როგორც კი ლუკასთან მივიდა, ბუნებრივად შეეხო მკლავზე. ძალიან ჩვეულებრივად. ისე, როგორც ადამიანები ეხებიან ერთმანეთს, როცა ერთმანეთის სივრცე უკვე დიდი ხანია იციან. — ელენე, — თქვა ლუკამ მოკლედ. მერე ნინასკენ გაიხედა. — ნინა. — ანუ ეს არის ნინა, — ელენემ მსუბუქი ინტერესით თქვა. ნინამ მაშინვე შეხედა ლუკას. — „ეს არის“? ლუკამ მხრები აიჩეჩა. — ლუკას დედა ბოლო ორი დღეა მხოლოდ შენზე ლაპარაკობს. უკვე მეცნობა სახელი. ელენეს გაეცინა. — ჩემზე? — ჰო, — ელენემ მშვიდად უპასუხა. — „ნინა დაბრუნდა“, „ნინა როგორ გაიზარდა“, „ნინა როგორი ჭკვიანი გოგოა“… უკვე მგონია, რომ პირადად გიცნობდი ნინა გაწითლდა. ლუკამ ეს მაშინვე შეამჩნია და შანსი რა თქმა უნდა, არ გაუშვა. — ვიცნობ ამ სახეს — რომელს? — როცა გინდა მიწაში ჩაძვრე. — შენ მართლა აუტანელი ხარ. — ამას დღეში საშუალოდ ოთხჯერ ვისმენ. ელენე მათ უყურებდა და ნელ-ნელა ეღიმებოდა — იმ ადამიანივით, ვინც რაღაცას აკვირდება და დასკვნებს აკეთებს — საღამოს გნახავ? — ჰკითხა ელენემ. — ალბათ, — უპასუხა ლუკამ. — „ალბათ“ - ეს პასუხი არ მიყვარს. — მაშინ სხვა ბიჭი უნდა შეგყვარებოდა ელენემ სიცილით ჰკრა ხელი მხარზე. — იდიოტი ხარ, თანაც გამორიცხულია სადაც შენ ხარ იქ სხვისი ადგილი დარჩეს — ეგ ახალი ინფორმაცია არაა. ნინა ჩუმად უყურებდა ორივეს. და პირველად დაბრუნების შემდეგ მიხვდა — ყველაზე რთული ლუკას ნახვა კი არ იყო. არამედ იმის დანახვა, როგორ აგრძელებდა ცხოვრებას მის გარეშე. საღამოსთვის ქალაქი მთლიანად შეცვლილი ჩანდა. დღის ხმაური ჩაცხრა, ქუჩებში კი ის მშვიდი ზაფხულის განწყობა ჩამოწვა, როცა ღია ფანჯრებიდან მუსიკა ისმის და ჰაერში სითბოსთან ერთად რაღაც გაურკვეველი მოლოდინიც ტრიალებს. ნინა საწოლზე დაყრილ ტანსაცმელს უყურებდა და უკვე მესამედ იცვლიდა აზრს. — ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, — ჩაილაპარაკა თავისთვის. კარებთან მდგომმა დედამ ღიმილით შეხედა. — იმიტომ რომ ნერვიულობ. — არ ვნერვიულობ. — ნინა… ნინამ ამოიოხრა. რა თქმა უნდა, ნერვიულობდა. თუმცა არა ანას დაბადების დღის გამო. და არც ახალი ადამიანების. სარკეში საკუთარ ანარეკლს გახედა. რამდენიმე წლის წინ ასეთ საღამოზე აუცილებლად დიდ მაისურს ჩაიცვამდა, თმას აიფარებდა და ეცდებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ახლა კი გარდერობის წინ იდგა და პირველად არ უნდოდა დამალვა. ბოლოს შავი, სადა კაბა აირჩია — მუხლს ოდნავ ზემოთ, თხელი მხრებით. არაფერი ზედმეტად თვალშისაცემი, მაგრამ ზუსტად ისეთი, როგორიც თვითონ მოსწონდა. თმა თავისუფლად დაიშალა მხრებზე. სარკესთან ახლოს მივიდა, ტუჩებზე მსუბუქი ბზინვარება წაისვა და რამდენიმე წამი საკუთარ თავს ჩუმად უყურა. ჯერ კიდევ უცნაური იყო საკუთარი თავის ასე დანახვა. უფრო თავდაჯერებულის. უფრო ქალის. ტელეფონი სწორედ მაშინ განათდა. ლუკა „თუ კიდევ ნახევარი საათი მოემზადები, ანა დაბერდება.“ ნინას უნებლიეთ ჩაეღიმა. „ხუთ წუთში ჩამოვალ.“ პასუხი მაშინვე მოვიდა. „არ მჯერა.“ ნინამ თვალები გადაატრიალა, ჩანთა აიღო და ქვემოთ ჩავიდა. ლუკა მანქანასთან იდგა. ერთი ხელი ჯიბეში ჰქონდა, მეორეში ტელეფონი ეჭირა ,ქუჩის განათება ნახევრად ეცემოდა სახეზე და დაღლილი გამომეტყველება კიდევ უფრო მკვეთრს ხდიდა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, ინსტინქტურად ასწია თავი. და გაჩერდა. ძალიან მოკლე წამით. მაგრამ ნინამ მაინც შეამჩნია. ლუკას მზერა თავიდან ფეხებამდე ნელა ჩამოჰყვა — არა გამომწვევად, უფრო გაუაზრებლად. თითქოს რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ეს მართლა ნინა იყო. მერე ისევ ის ჩვეული სიმშვიდე დაიბრუნა. — ვაუ, — თქვა ბოლოს მშრალი ტონით. — დედაჩემს გულის შეტევა დაემართება. ნინამ წარბი შეკრა. — ეს კომპლიმენტია? — ჯერ ვარკვევ. მაგრამ ამჯერად მის ხმაში ირონია ოდნავ სუსტი იყო. ლუკამ მანქანის კარი გაუღო. ნინა რომ ჩაჯდა, თვითონაც მეორე მხარეს მოთავსდა, თუმცა ძრავი მაშინვე არ დაუქოქავს. რამდენიმე წამი უბრალოდ ჩუმად უყურებდა საჭეს. მერე თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს საკუთარ ფიქრებს ებრძოდა. — რა? — ჰკითხა ნინამ. ლუკამ სწრაფად გახედა. — არაფერი. — აშკარად რაღაც. — უბრალოდ უცნაურია. — რა არის უცნაური? ლუკამ მანქანა დაძრა. — შენ. ნინას წარბები აეწია. — ძალიან კონკრეტული ხარ. — ადრე ყველა ცდილობდა საერთოდ არ შეემჩნიე, — თქვა მშვიდად. — ახლა პირიქით იქნება. სიჩუმე ჩამოვარდა. ნინამ ფანჯრისკენ გაიხედა, თუმცა ღიმილის დამალვა მაინც გაუჭირდა. — ესე იგი მაინც კომპლიმენტი იყო. ლუკამ ოდნავ ჩაიცინა. — ნუ მიეჩვევი. მანქანა ნელა მიუყვებოდა ღამის ქუჩებს. რადიო ძალიან დაბალ ხმაზე უკრავდა. გარეთ თბილისი ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდა — განათებული აივნები, მაღაზიებთან შეკრებილი ხალხი, მანქანების შორეული ხმაური. ნინა დროდადრო გრძნობდა ლუკას მზერას. ძალიან ხანმოკლეს. თითქოს უნებლიეს. და ყოველ ჯერზე, როცა თვითონ გახედავდა, ლუკა უკვე გზას უყურებდა. თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


