შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 33


გუშინ, 10:55
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 15

იოანე გარეთ გაავებული გავიდა. ნახევრად დაცლილი ვისკის ბოთლი ხელში ჩაებღუჯა. სახლში კი მძიმე სიჩუმე ტრიალებდა - ისეთი, რომელიც ჩხუბის შემდეგ რჩება.
რამდენიმე წამი შუბლზე ხელი მოიჭირა, არ ინძრეოდა.
-ჯანდაბა...
მერე ნელა წამოდგა, შიგნით შევიდა და კართან ჩაცუცქულ მოქუფრულ ბავშვებს დახედა.
ორივე ბიჭი იატაკზე იყო, ერთმანეთს აკრულები. თვალები ტირილისგან შეშუპებოდათ.
იოანეს შეხედეს.
არა შიშით.
ამჯერად ბრაზით.
იმხელა ბრაზით, რაც ბავშვებს იშვიათად შეუძლიათ.
იოანეს სახე დაეძაბა.
თვალები მაშინვე დახარა.
მზერას ვერ უსწორებდა.
კარი ფრთხილად გააღო. ანამარია მაშინვე ზღურბლთან გაჩნდა, რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა ამ სცენას.
მერე მშვიდად შეხედა კაცს:
-სალაპარაკო გვაქვს.
იოანემ ყელი ძლივს ჩაიწმინდა.
-…ჰო, გვაქვს.. მაპატიე..
ქალს გზა დაუთმო.
ანამარია წინ წავიდა. ბიჭები ადგილზე დარჩნენ და მამას მომლოდინედ მიაჩერდნენ.
იოანემ ბავშვებს შეხედა და ხელით ანიშნა.
-თქვენ აქ დარჩით… მალე ამოვალ. დედას დაველაპარაკები..
ხმა დაღლილი ჰქონდა.

***

კიბეს ქვემოთ სართულისკენ ჩაუყვნენ, მალევე კაბინეტში იყვნენ.
კარი დაიხურა.
რამდენიმე წამი არც ერთი იღებდა ხმას.
ანამარია ფანჯარასთან შეჩერდა.
იოანე მაგიდასთან დადგა, მაგრამ დაჯდომას ვერ ბედავდა.
ბოლოს ქალმა ჩუმად თქვა:
-მილენას შესახებ ყველაფერი ვიცი.
სიჩუმე.
იოანეს მხრები ოდნავ დაეძაბა.
-…ანა… მომისმინე მე...
-არ მოიტყუო. -შეაწყვეტინა მშვიდად. -ძალა აღარ მაქვს მაგ შენი ტყუილების მოსასმენად.
მის ხმაში ყვირილი არ იყო.
არც ისტერიკა.
და სწორედ ეს იყო ყველაზე მძიმე.
იოანემ წამით თვალები დახუჭა.
-მინდოდა მეთქვა…
-როდის? -მწარედ გაეცინა ანამარიას. -მას მერე რაც მოიტაცე? თუ რაც შეგიყვარდა? თუ როცა უკვე შენს ბავშვს გააჩენდა?
იოანე გაშეშდა.
ანამარიას თვალები აუწყლიანდა, მაგრამ თავს აკონტროლებდა.
-იცი ყველაზე მტკივნეული რა არის? -ჩუმად ჰკითხა. -წლები ვფიქრობდი რომ პრობლემა მე ვიყავი. -თითი მკერდზე მიიდო და ცრემლიანი თვალებით გახედა.
იოანემ თავი ასწია.
-...ასე არ ყოფილა.
-მართლა? -სევდიანად გაეღიმა. -მე კი ღამეებს ვათენებდი ფიქრში, თუ რატომ მიყურებდი ისე, თითქოს სახლში საერთოდ არ გინდოდა ყოფნა… რატომ ცარიელდებოდა შენი თვალები ჩემთან. ღამით სხვა ქალის სახელს რატომ ბოდავდი ჩვენი ქორწილების პირველ ღამესაც კი..
პაუზა.
-მაგრამ თურმე უბრალოდ… სხვა გიყვარდა. მე შენი გული ვერასდროს მოვიგე.. ვერ დაგავიწყე.. ის კი არა მე ვყოფილვარ სხვა...
იოანემ მზერა აარიდა.
ეს დუმილი უკვე პასუხს ჰგავდა.
ანამარიამ ცრემლები მოიწმინდა.
-მის ჯინაზე მომიყვანე ცოლად? -იკითხა ბოლოს.
იოანემ მძიმედ ამოისუნთქა.
-თავიდან… ვცდილობდი ყველაფერი დამესრულებინა.
-და მე რა ვიყავი მაგ დროს შენთვის? -ხმაში ტკივილი გაუკრთა. -შემცვლელი თოჯინა?
-არა.
-მაშინ რა?
იოანე პირველად მართლა დაიბნა.
რამდენიმე წამი ხმას ვერ იღებდა.
-ვფიქრობდი, თუ ნორმალურ ცხოვრებას დავიწყებდი… შენთან და ბავშვებთან ერთად, ყველაფერი გაივლიდა..
ანამარიამ თავი ნელა დაუქნია.
-ჰო.. ვიცოდი.. ვიცოდი, სადღაც, შენი გულის სიღრმეში მაინც ის რომ ცხოვრობდა..
სიჩუმე ჩამოვარდა.
მძიმე.
დაუნდობელი.
-მაგრამ ყველაზე საშინელი იცი რა არის, იოანე? -თქვა ჩუმად. -რომ მიუხედავად ყველაფრისა… მაინც მიყვარდი.
იოანეს სახე შეეცვალა.
ანამარიამ მწარედ ჩაიცინა.
-ხომ სასაცილოა?
-ანამარია…
-არა, გამაგონე. -ახლა პირდაპირ თვალებში უყურებდა. -იმ კაცზე ვიყავი შეყვარებული, რომელსაც სულ უმიზეზოდ ვამართლებდი. რომ მლანძღავდი და მცემდი, ყველას წინ გიცავდი. თავს რომ მარიდებდი ბავშვებს ვეუბნებოდი, მამათქვენი უბრალოდ დაღლილიათქო.
იოანეს ყელში რაღაც გაეჭედა.
-მაგრამ შენ უბრალოდ სასტიკი იყავი ჩემ მიმართ. გძულდი.. გძულდი იმიტომ რომ ვერ შემიყვარე და ამის გამო საკუთარი თავი შეგძულდა...
ეს სიტყვები პირდაპირ გულზე მოხვდა.
დიდხანს არცერთი საუბრობდა.
მერე იოანემ ძალიან ჩუმად თქვა:
-არ მინდოდა ყველაფერი აქამდე მოსულიყო.
ანამარიას გაეცინა.
ამჯერად თითქმის ცივად.
-ყველაფერი ზუსტად აქამდე მოდიოდა.
პაუზა.
-შენივე შვილებს შენი ეშინიათ, იოანე.
ეს უკვე საბოლოო განაჩენივით გაისმა.
იოანემ თვალები დახარა.
პირველად ვერ შეეწინააღმდეგა.
ვერაფერი უარყო.
ანამარია ნელა მიუახლოვდა მაგიდას.
-დავშორდეთ.
სიტყვა მშვიდად და მტკიცედ წარმოთქვა. თვალებში მხოლოდ დარწმუნებული მზერა ედგა.
იოანემ თვალები დახუჭა.
თითქოს ამას ელოდა.
-ბავშვებს მოგიყვან ხოლმე, -გააგრძელა ქალმა. -მამობას არ წაგართმევ… თუ თავად არ იტყვიან უარს შენზე.
იოანეს სახის ნაკვთები დაეძაბა.
მაგრამ მხოლოდ თავი დაუქნია.
-კარგი.
ანამარიას თვალები ისევ აუწყლიანდა.
ამდენი წლის შემდეგ,
ყველაფერი ორი ადამიანის დაღლილი თანხმობით დასრულდა.
იოანემ ბოლოს დამნაშავის მზერით შეხედა და ძლივს ამოთქვა:
-მაპატიე.
ანამარიამ დიდხანს უყურა.
-გპატიობ. მე ახლაც გპატიობ.. და ეს ბოლოა.
მერე შემობრუნდა და კარისკენ წავიდა.
იოანე მარტო დარჩა, იმ სახლში, სადაც პირველად იგრძნო,
რომ ოჯახი საბოლოოდ დაკარგა.


***


თბილისში უკვე შემოდგომის სურნელი იდგა.
წვიმის შემდეგ ასფალტი სველი და მუქი ჩანდა, ჰაერი კი ცივი, მაგრამ არა უსიამოვნოდ. ისეთი სიცივე იყო, რომელიც ადამიანს აფხიზლებს.
მილენა ოფისიდან გამოვიდა და ჩანთა მხარზე შეისწორა.
სამუშაო დღე საშინლად დამღლელი ჰქონდა. ორი შეხვედრა, გაუთავებელი ზარები, ჟურნალისტები, პარტნიორები… და ამ ყველაფრის ფონზე მუდმივი დაძაბულობა, რომელიც ბოლო დროს მის სხეულს აღარ ტოვებდა.
კიბეები ჩაიარა და ქუჩისკენ გაუხვია.
სწორედ მაშინ შენიშნა,
მოპირდაპირე მხარეს, შავ მანქანას მიყრდნობილი იოანე მომლოდინედ როგორ იდგა.
ხელები ჯიბეებში ჩაეწყო.
მუქი პალტო ეცვა.
უბრალოდ წინ იყურებოდა.
მილენას ინსტიქტურად ნაბიჯი შეუჩერდა.
-ჯანდაბა… -ჩუმად ამოთქვა.
ერთი წამით იფიქრა, ვითომ ვერ შეამჩნია და ისე აევლო გვერდი.
მაგრამ იოანეს მზერა ისეთი დაჟინებული იყო, შეუძლებელი ჩანდა მისი უგულებელყოფა.
ბოლოს ქუჩა გაღიზიანებულმა გადაკვეთა.
-აქ რას აკეთებ?
იოანემ ოდნავ გაუღიმა.
-გელოდებოდი.
-მართლა? -მწარედ ჩაიცინა მილენამ. -და ეს უკვე ნორმალურად უნდა მივიღო?
-შენთან ლაპარაკი მინდოდა.
-ამისთვის კი ტელეფონი არსებობს.
-როცა გირეკავ, არ მპასუხობ.
-ამიტომაც არ გპასუხობ, იოანე.
სიჩუმე.
მან მაინც არ მოაშორა თვალი.
მილენას ყველაზე მეტად ეს აღიზიანებდა -
როგორ უყურებდა.
თითქოს სამყაროში სხვა აღარაფერი არსებობდა.
-კარგი, ახლა მორჩი? -მკვეთრად ჰკითხა. -წავედი.
უნდა შებრუნებულიყო, მაგრამ იოანემ მშვიდად დაუძახა:
-დღეს ჭამე საერთოდ რამე?
მილენა გაშეშდა.
შეცბუნებული მიაჩერდა.
-რა?
-დილის მერე ყავა სამჯერ დალიე და არაფერი გიჭამია. ასე უფრთხილდები შენ თავს?
-მზვერავიც დამიყენე უკვე? რას მითვალთვალებ ადამიანო, რა გინდა? შენღა მაკლდი..
იოანემ მხრები აიჩეჩა.
-მე შენზე ვნერვიულობ.
-ჰოდა მოეშვი, მშვენივრად ვარ, სანერვიულო არაფერია.
-ვერ ვეშვები. სულ შენზე ვფიქრობ.
ეს ისე თქვა, თითქოს საერთოდ ვერ ხვდებოდა რამდენად ავად ჟღერდა ქალისთვის.
მილენამ ღრმად ამოისუნთქა.
-მგონი ფსიქიური დახმარება გჭირდება.
იოანემ მაშინვე ჩაიცინა.
დაღლილად.
-ალბათ.. ნაწილობრივ შენი დამსაუხრებით..
მალე წვიმის პატარა წვეთები ისევ წამოვიდა.
მილენამ სახე განზე გასწია გაღიზიანებულმა.
-კარგი, წავედი.
-მე წაგიყვან.
-არა.
-მილენა-
-არა! -ამჯერად ხმამაღლა უთხრა. -რატომ არ გესმის სიტყვა „არა“?
იოანე რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა.
მერე ძალიან მშვიდად თქვა:
-იმიტომ რომ მთელი ცხოვრება შენგან მხოლოდ ეგ სიტყვა მესმოდა. და ნახე სადამდე მოვედით...
პასუხმა მილენა წამით დააბნია.
სახეზე უჩვეულო ემოციამ გადაურბინა, მაგრამ მალევე ისევ გამკაცრდა.
-და მაინც ვერ ისწავლე.
შეტრიალდა და წავიდა.
იოანე კი ისევ იქ დარჩა.
წვიმაში.
უყურებდა, როგორ შორდებოდა.

***

მეორე დილით მილენა ოფისში შევიდა თუ არა, მიმღებში უზარმაზარი თეთრი შროშანების თაიგული დახვდა.
თვალები მაშინვე მოჭუტა.
-არა… არა, არა, არა…
მიმღებმა გოგომ ღიმილით გამოხედა.
-ძალიან ლამაზია…
მილენამ თაიგულს ბარათი ააძრო.
„დღეს მაინც ჭამე.“
იოანე.
-ღმერთო… -თავზე ხელი გადაისვა.
-გავიტანო? -დამფრთხალმა ჰკითხა გოგომ.
მილენა რამდენიმე წამი აკვირდებოდა ყვავილებს.
მერე გაბრაზებულმა აიქნია ხელი:
-დიახ. აქედან მოაშორეთ.
მაგრამ მთელი დღე მაინც იმ ბარათზე ეფიქრებოდა.

***

რამდენიმე დღის შემდეგ, გვიან საღამოს, ისევ ოფისში დარჩა სამუშაოს დასასრულებლად.
უკვე თითქმის ყველა წასული იყო.
ფანჯრებს მიღმა ქალაქი ციმციმებდა.
ბოლოს როცა მორჩა და გარეთ გავიდა, ცივი ქარი დახვდა.
და კაცი ისევ იქ იყო. მთლიანად შავებში, თითქოს აჩრდილი.
ამჯერად სკამზე ხელებ დაყრდნობილი იდგა.
მილენას უკვე ნერვიულად გაეცინა.
-ეს უკვე ავადმყოფობაა.
იოანემ სიგარეტი გადააგდო.
-ჩაჯექი. სახლში მიგიყვან.
-მძღოლი მყავს.
-ათი წუთია აქ დგახარ და ჯერ არ მოსულა.
მილენამ ტელეფონს დახედა.
ჯანდაბა.
იოანე მიუახლოვდა.
-ცივა.
-მერე?
ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მოახურა.
მილენამ მაშინვე მოიშორა.
-ხელი არ შემახო.
იოანეს სახე წამით დაეძაბა.
მაგრამ არ გაბრაზებულა.
მხოლოდ თავი დაუქნია.
-კარგი.
ეს „კარგი“ უცნაურად ჟღერდა.
ძალიან მშვიდად.
მილენამ პირველად იგრძნო, რომ იოანე თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა.
მერე უცებ ჰკითხა:
-რატომ იქცევი ასე?
-რას გულისხმობ?
-ამ ყველაფერს.
იოანემ რამდენიმე წამი ხმა არ ამოიღო.
მერე თვალებში შეხედა.
-მინდა ისევ შეგიყვარდე.
ჰაერი თითქოს დამძიმდა.
მილენას გული უცნაურად აუძგერდა.
-საერთოდ იცი სიყვარული რა არის? -ჩუმად ჰკითხა და მზერა მოარიდა.
იოანემ მწარედ ჩაიცინა.
-შენ რომ დაგკარგე, ალბათ მერე გავიგე..
მილენა გაშეშებული უყურებდა.
იოანე ახლოს მივიდა.
იმდენად ახლოს, რომ ქალმა მისი სუნთქვა იგრძნო.
-შენს გარეშე ყველაფერი უაზრობა გახდა ჩემთვის.
-მაგრამ მე შენ აღარ გენდობი.
-ვიცი.
-და მაინც არ მანებებ თავს.
იოანემ ნელა დაუქნია თავი.
-ვერ..
ქალის თვალებში ბრაზი და რაღაც უფრო რთული ერთდროულად ირეოდა.
სწორედ ეს აშინებდა ყველაზე მეტად.

***

სახლში უჩვეულო სიჩუმე იდგა.
მილენა მისაღების დიდ ფანჯარასთან იდგა და ქალაქის განათებებს უყურებდა. უკვე გვიანი იყო. ქვემოთ მანქანების იშვიათი ხმაური ისმოდა, ცაზე კი წვიმის მძიმე ღრუბლები ნელა კიაფობდნენ.
ხელები მკერდზე ჰქონდა შემოხვეული.
ბოლო დღეებში თითქმის აღარ ეძინა.
ორსულობა ჯერ ისევ დაუჯერებელ რეალობად ეჩვენებოდა. ზოგჯერ დილით გაღვიძებულს რამდენიმე წამით ავიწყდებოდა კიდეც, მერე ინსტინქტურად მუცელზე იდებდა ხელს და ყველაფერი თავიდან უბრუნდებოდა.
იოანე.
ბავშვი.
ქაოსი.
კარზე ზარის ხმა გაისმა.
მილენამ თვალები დახუჭა.
არავის ელოდებოდა.
მეორედ დარეკეს.
ნელი ნაბიჯით მივიდა და კარი გააღო.
იოანე იდგა.
მუქი პალტო ეცვა, თმა წვიმისგან ოდნავ დასველებოდა. დაღლილი ჩანდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რამდენიმე ღამე არ ეძინა.
ორივე რამდენიმე წამი უხმოდ უყურებდა ერთმანეთს.
-მარტო ხარ? -ჩუმად ჰკითხა ბოლოს.
-მნიშვნელობა აქვს?
იოანემ მზერა მოარიდა.
-რომ ვიცოდე ახლავე უნდა წავიდე თუ არა.
მილენას უცნაურად ეტკინა ეს სიტყვები.
ძველი იოანე არასდროს იკითხავდა შეიძლებოდა თუ არა დარჩენა.
კარი უფრო ფართოდ გააღო.
-შემოდი.
კაცმა უხმოდ შეაბიჯა სახლში.
სველი პალტო გაიხადა და საკიდზე გადაკიდა. მილენა ისევ შორიახლოს იდგა, თითქოს ზედმეტად ახლოს მისვლა აშინებდა.
-ჩაი გინდა? -იკითხა ბოლოს.
იოანემ პირველად ახედა პირდაპირ.
-თითქმის დამავიწყდა როგორი ხარ ამ აგრესიის გარეშე ჩემ მიმართ.
-უბრალოდ ჩაი შემოგთავაზე.
-მაგისთვისაც მადლობელი ვარ.
მილენას არაფერი უთქვამს.
სამზარეულოში გავიდა.
წყლის დუღილის ხმა ოთახში გაიფანტა.
იოანე ჩუმად აკვირდებოდა.
როგორ მოძრაობდა.
როგორ ისწორებდა თმას ყურის უკან.
როგორ ცდილობდა მშვიდად ყოფნას.
მერე მისი მზერა შეუმჩნევლად მუცელზე გაუჩერდა.
მილენამ ეს იგრძნო.
-ასე ნუ მიყურებ, -მკვეთრად თქვა.
იოანე დაიძაბა.
-როგორ?
-თითქოს უკვე გეკუთვნის რაღაც.
სიჩუმე.
-მილენა… -ნელა დაიწყო, -არ მინდა მტრებივით ვიცხოვროთ.
მილენამ ჩაის ფინჯანი წინ დაუდგა.
-მაგრამ ზუსტად ეგ ვართ.
იოანე რამდენიმე წამი ჩუმად იყო.
-მაშინ მომეცი საშუალება, რამე შევცვალო.
მილენა ნელა შემობრუნდა.
-შეცვლა? -მწარედ გაეცინა. -საერთოდ ხვდები რა გააკეთე ჩემს ცხოვრებაში?
იოანემ თვალები დახარა.
-ყოველდღე.
-არა, ვერ ხვდები. იმიტომ რომ რომ ხვდებოდე… ახლა აქ არ იდგებოდი.
იოანე მისკენ წავიდა.
მილენა ინსტინქტურად დაიძაბა, თუმცა უკან არ დამხტარა.
-ვიცი, რომ ვერ მაპატიებ ყველაფერს, -ჩუმად თქვა მან, -მაგრამ მაინც ვერ გთმობ.
-მაშინ ეგ სიყვარული არაა.
-შეიძლება.
-ეს აკვიატებაა.
იოანემ სუსტად გაიღიმა.
-და მაინც შენთან მოვდივარ ყოველთვის.
მილენამ მზერა აარიდა.
გული ისევ გამალებით უცემდა მის გვერდით.
სძულდა ეს საკუთარ თავში.
-რატომ მოხვედი? -იკითხა გადაღლილი და სუსტი ტონით.
იოანემ დიდხანს აღარ უპასუხა.
მერე ჯიბიდან პატარა საქაღალდე ამოიღო და მაგიდაზე დადო.
-...მზად მაქვს საბუთები.
მილენამ წარბები შეკრა.
-რისი?
-განქორწინების.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
მილენა გაუნძრევლად უყურებდა.
-ანამარია ბავშვებთან ერთად წავიდა, -გააგრძელა იოანემ მშვიდად, -და მეც აღარ ვაპირებ ტყუილში ცხოვრებას.
მილენას ყელში რაღაც გაეჭედა.
-და ახლა რას ელოდები? -ხმა ოდნავ ჩაუწყდა.
იოანე პირველად მიუახლოვდა ისე ფრთხილად, თითქოს მისი შეშინების ეშინოდა.
-რომ ოჯახი მქონდეს შენთან.
მილენას გაეცინა.
დაღლილად.
-ოჯახი? ჩვენ?
-ჰო.
-მართლა გგონია, რომ მე და შენ ნორმალური ურთიერთობა შეგვიძლია?
იოანემ თვალებში შეხედა.
-არ ვიცი.
პაუზა.
-მაგრამ პირველად ცხოვრებაში რაღაცის ისე არ მეშინია, როგორც შენი დაკარგვის..
მილენა გაჩუმდა.
იოანე უფრო ახლოს მივიდა.
-ცოლად გამომყვები?
ეს კითხვა მშვიდად თქვა.
უბრალოდ.
ყოველგვარი თეატრალურობის გარეშე.
და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა უფრო მძიმე.
მილენას სუნთქვა შეეკრა.
-იოანე…
-არ გთხოვ დღესვე მიპასუხო.
არ პატიებას გთხოვ.
არც სიყვარულს.
ხმა ოდნავ გაუტყდა.
-მხოლოდ შანსი მომეცი.
რომ ერთხელ მაინც ნორმალურად მოგებყრო და გიყვარდე.
მილენას მოულოდნელად თვალები აუწყლიანდა.
იმიტომ რომ პირველად ხედავდა კაცს, რომელიც მის დამორჩილებას არ ცდილობდა.
უბრალოდ ეშინოდა.
და ეს ბევრად უფრო საშიში იყო.

***

თანხმობა არ თქვა.
იოანეს თვეები დასჭირდა, რომ საერთოდ დაეჯერებინა რომ შეიძლებოდა ოდესმე მისთვის „კი“ ეთქვა.
თავიდან მილენა ყოველთვის გაურბოდა ამ თემას.
ხან დუმილით.
ხან ირონიით.
ხან პირდაპირი უარით.
მაგრამ მერე ნელ-ნელა რაღაც შეიცვალა.
იოანე პირველად აღარ ცდილობდა მის გატეხვას.
არ აძალებდა.
არ ითხოვდა დაუყოვნებლივ პატიებას.
უბრალოდ საჭირო დროს ყოველთვის მის გვერდით იყო.
ექიმებთან დაჰყავდა.
ღამეებს უთენებდა, როცა ოდნავ შეუძლოდ ან სუსტად ხდებოდა.
ხანდახან უბრალოდ იჯდა და უსმენდა, როგორ ლაპარაკობდა მილენა თავის შიშებზე.
და ყველაზე უცნაური ის იყო -
იოანე ამჯერად მართლა გულით უსმენდა.
ერთ საღამოს, როცა აივანზე ისხდნენ და ქალაქის განათებებს უყურებდნენ, იოანემ მოულოდნელად ჰკითხა:
-… დარჩები?
მილენამ დიდხანს არაფერი თქვა.
მერე ნელა შეხედა.
-ძალიან რთული ადამიანი ხარ, იოანე.
იოანეს გაეცინა.
-ვიცი.
-ზოგჯერ შენი ისევ მეშინია.
კაცს ღიმილი მაშინვე გაუქრა.
-მაგას შევცვლი.
-მარტო სურვილი არ კმარა.
-შევძლებ.
მილენა ჩუმად აკვირდებოდა.
რამდენიმე თვის წინ ასეთ სიტყვებზე უბრალოდ იცინებდა.
ახლა კი პირველად უნდოდა დაეჯერებინა.
-და თუ ვერ შეძლებ? -ჩუმად ჰკითხა.
იოანე მის წინ ჩაიმუხლა.
-მაშინ წახვალ. და აღარ შეგაჩერებ.
მილენას სუნთქვა შეეკრა.
იოანემ ხელი მუცელზე დაადო.
ძალიან ფრთხილად.
-მინდა შენთან ოჯახი მქონდეს. შორს შენ და ახლა უკვე ჩვენი ბავშვის ყოფნას ვეღარ ავიტან..
მილენას უცებ თვალები აუწყლიანდა.
იმიტომ რომ პირველად ეს სიტყვები მისგან საშინლად აღარ ჟღერდა.


***

დადგა დღეც, რომელსაც გულში ორივე დიდ ხანს ელოდა..
ქორწილი საბერძნეთში გადაიხადეს.
პატარა კერძო კუნძულზე.
სადაც მხოლოდ ზღვის ხმა, თეთრი ქვიშა და ქარში მოძრავი პალმები იყო.
ცერემონია სანაპიროზე მოეწყო.
ირგვლივ ყველგან თეთრი ყვავილები ეწყო.
მზის ჩასვლისას ოქროსფერი შუქი წყალს ეცემოდა და ყველაფერი თითქმის არარეალურად ლამაზი ჩანდა.
ხალხი საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ მაინც მხოლოდ ვიწრო წრე -
ოჯახი.
სანაცნობო.
უახლოესი მეგობრები.
რამდენიმე მნიშვნელოვანი ადამიანი.
და ფოტოგრაფი.
მილენა ფეხშიშველი მიდიოდა ქვიშაზე.
თეთრი, ჰაეროვანი კაბა ეცვა.
ქარი თმას უწეწავდა.
იოანე კი უბრალოდ უყურებდა.
და გრძნობდა სუნთქვა როგორ უძნელდებოდა.
ალექსანდრემ გვერდიდან ჩუმად ჩაიცინა.
-ასე თუ გააგრძელე, დღეს შენს ცრემლებსაც ვნახავთ.
იოანემ მზერა ვერ მოსწყვიტა მილენას.
-გაჩუმდი.
სოლომონი ცოტა მოშორებით იდგა.
როცა ცერემონიამდე იოანე ცალკე გაიყვანა, სახე სრულიად სერიოზული ჰქონდა.
რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა.
-ჩემი შვილი ყველაფერზე მეტად მიყვარს, -თქვა ბოლოს მშვიდად. -და თუ კიდევ ერთხელ ატკენ გულს… ვერავინ დაგიცავს ჩემგან.
იოანემ თავი დაუქნია.
-ვიცი..
-არა. ბოლომდე არ იცი.
სოლომონი ახლოს მივიდა.
-მილენა გარეგნულად უკვე ძლიერი ქალია… მაგრამ შინაგანად ბევრად უფრო დაუცველი და მგრძნობიარეა, ვიდრე სხვებს ჰგონიათ.
იოანეს სახე დაეძაბა.
-გულს აღარ ვატკენ.
სოლომონი დიდხანს აკვირდებოდა.
თითქოს ამოწმებდა, რომ თავი დაერწმუნებინა.
-მართლა გიყვარს?
იოანეს გაეცინა.
დაღლილად.
-იმდენად, რომ ზოგჯერ საკუთარი თავიც მძულს ამის გამო. მის გარეშე არ შემიძლია.. წლებია ასეა...
პირველად, სოლომონს თვალებში ოდნავი სიმშვიდე გამოუჩნდა.
-მაშინ ეცადე ამ სიყვარულმა არ გაანადგუროს.


***

ცერემონია დაიწყო.
მილენა იოანეს წინ გაჩერდა.
გრძნობდა ქარი მის ფატას და გაშლილ თმას ელამუნებოდა.
იოანე კი ისე უყურებდა, თითქოს ვერ იჯერებდა, რომ ეს მართლა ხდებოდა.
როცა მის თითებს თითები მოხვია და ბეჭედი გაუკეთა, ხელები თვალშისაცემად უკანკალებდა.
მილენას მაშინვე გაეღიმა.
-ნერვიულობ?
-შენთან? ყოველთვის.
მილენას სიცილი აუტყდა.
რამდენიმე წამში უკვე ცოლ-ქმარი იყვნენ.
წამშივე ტაში გაისმა.
ვიღაცამ ხმამაღლა შეჰყვირა.
ირგვლივ ზღვის ტალღები ნაპირს ეხეთქებოდა.
მილენა უცებ იოანეს მიუახლოვდა, ხელები კისერზე შემოხვია და თვალებში ღიმილიანი მზერა შეანათა.
-მიყვარხარ…
იოანეს სახე მთლიანად შეეცვალა.
თითქოს სამყაროში ყველაფერი ერთ წამში გაჩერდა.
-მეც… მეც… -ამოილაპარაკა თითქმის დაბნეულმა.
მერე უცებ ხელში აიტაცა და დააბზრიალა.
ირგვლივ ყველამ სიცილი დაიწყო.
-მოიცა, იოანე! -სიცილით უყვირა მილენამ. -დამსვი, გვიყურებენ! გიჟებივით ვიქცევით!
-მოიცა რა, მილენა… -იოანე ხმამაღლა იცინოდა. -დღეს პირველად ვარ ბედნიერი! რამდენი წელია ეს მინდა.. მაინც ჩემი გახდი..
და სანამ ვინმე რამეს მიხვდებოდა, ხელში ატაცებულ მილენასთან ერთად პირდაპირ ზღვისკენ გაიქცა.
-იოანე!!
ტალღებში შერბოდნენ.
უხვად მოლივლივე გრილი წყალი ორივეს ასველებდა.
რამდენიმე წამში ბალანსი დაკარგეს და სიცილით ქვიშაზე დაეცნენ.
იოანე ზემოდან მოექცა, მილენა კი გაუჩერებლად იცინოდა.
მერე ერთმანეთს დაეწაფნენ.
-ბავშვებო, გაგიჟდით?! -უკნიდან ალექსანდრეს ხმა გაისმა.
ამაზე ორივეს უფრო ხმამაღლა გაეცინა.
-თქვენ შვილს პირველად ხომ არ ხედავთ, მამა?! -დაუყვირა მილენამ სიცილით.
მუსიკა, ზღვა, მათი აშკარა ბედნიერება და ბევრი სიცილი…
იმ დღეს ყველაფერი მართლა მსუბუქი და სახალისო იყო.
თითქოს არც ტკივილი არსებობდა.
არც წარსული.


***

ღამის ბოლოს ორივე საბოლოოდ განმარტოვდა.
მათი ვილა პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა.
ღია ფანჯრებიდან მარილიანი ჰაერი შემოდიოდა.
მილენა აივანზე იდგა, ემოციებისგან დაცლილი, მაგრამ მაინც უჩვეულოდ დაძაბული, როცა უკნიდან იოანეს ცხელი ხელები იგრძნო, რომელიც წელზე შეუცურდა.
ნელა და მშვიდად მიეკრო ზურგით.
-ჩემი ცოლი ხარ… -ჩუმად უთხრა.
მილენას გაეღიმა.
-ჯერ კიდევ უცნაურად ჟღერს.
იოანემ კისერში აკოცა.
-შენი სუნი მიყვარს... მთელი ცხოვრება ამას ველოდებოდი.
მილენა მისკენ ნაზად შემობრუნდა და ხელები კისერზე შემოხვია.
დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს.
ამჯერად ყოველგვარი შიშის ან დაძაბულობის გარეშე.
მერე იოანემ ხელში აიყვანა და ოთახისკენ წაიყვანა.
იმ ღამეს პირველად არ ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ ომი.
მხოლოდ სიყვარული.
დაღლილი.
რთულად მოპოვებული.
მაგრამ ნამდვილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent