ბროწეულები (სრულად)განსაკუთრებით ცივი ზამთარი დამდგარიყო იმ წელს. ერთიანად თეთრად დაფარულიყო ელენე ახვლედიანის აღმართი. ქვაფენილიც კი, რომელსაც აქამდე სანატრელი მარტოობა არ ღირსებოდა, ახლა მხოლოდ ქათქათა თოვლით იყო გადაპენტილი. დამშვიდებულიყო მთელი უბანი. გარეთ გამეფებულ სიმშვიდეს ყველას სახლში დაედო ბინა. ალბათ, ჯერ არავის ეთმობოდა სითბო და მყუდროება, ამიტომაც, კაცი-შვილის ჭაჭანება არ იდგა. სულ რამდენიმე საათში დაირღვა ფანტელების ჩუმი ფარფატი. მთელს ეზო-უბანს მოედო ბავშვების ჟრიამული და წამებში დაუბრუნდა ბროწეულებს კუთვნილი სიცოცხლე და მხიარულება. ყველა ოჯახის ფანჯარა გაღებულიყო, თითქოს მონატრებულ თოვლს მხოლოდ ჰაერი კი არა, აურაც ყველაფერი ცუდისგან გაეწმინდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უბანი ყველა სეზონზე ყველაზე ლამაზი იყო თბილისში, მე მაინც გაზაფხულზე დამდგარი იასამნის, ატმისა და ბროწეულის ყვავილის მსუბუქი ნაზავი მერჩივნა ყველაფერს. თოვლის ფიფქების ნაცვლადაც, მინდოდა ვარდისფერ ნუშს ეფარფატა ჰაერში. ალბათ, ამიტომაც იყო ფანჯარასთან მდგარ ცენტრალური გათბობის ბატარეას ავკრობოდი და უხალისოდ ვუყურებდი გზაზე მოგუნდავე ბავშვებს. -რაო, დედი, მოიწყინე? - დედაჩემის ხმამ გამომაფხიზლა, რომელიც სამზარეულოში ახლახან შემოსულიყო ვაშლებით სავსე ჯამით ხელში. ჯერ კიდევ მხრებსა და თმაზე ეტყობოდა გამლღვალი თოვლის კვალი. წარმოდგენილ სუსხზე უსიამოვნოდ გამცრა ტანში. -ირმა, ასე იყავი გასული? არ გაიყინე? -ისეთი სასიამოვნო ჰაერია გარეთ, გაგიჟდები. - თქვა ირმამ და სარდაფიდან ამოტანილი ვაშლის დათლას მიჰყო ხელი. -აი, რანაირად შეიძლება ეს ყინვა გსიამოვნებდეს? - გამეცინა მე. -რანაირი ხარ, შვილო, ზამთარში მაინც არ იყო დაბადებული. - თავი უკმაყოფილებისგან გააქნია დედაჩემმა. -ზამთარში, ყინვასა და უბედურებაში რომ ვარ დაბადებული, მაგიტომაც მქვია მაგარი სახელი. - ამოვიფრუტუნე და გამათბობელს უარესად მივეკარი. -რა არ მოგწონს შენს სახელში, ნატრული? - ხითხითით და ხელების ერთმანეთზე პარტყუნით შემოვიდა ჩემი უფროსი ძმა სამზარეულოში. -მასე ნუ მეძახი! და არც შენ გქვია უკეთესი სახელი, რომ იცოდე. -რას ერჩი ოთოს? - მხრები აიჩეჩა და დედაჩემს კოხტად დაჭრილი ვაშლებიდან ერთი ცალი ააცალა. -ჰა! პეროგისთვის მინდა და დასაბან ხელებს ნუ მიტურტყლავ შიგნით! - აკივლდა ირმა. -შენი სახელი ოთოა და ჩემი ნატრული? - გამეცინა მე. - მიპასუხე, ოთარ! -ბოღმამ არ დაგახრჩოს შენ, ნელა! - სიცილში ამყვა ჩემი ძმა და ჩემი ატრიალებული თვალები დააიგნორა. -რაო, პეროგიო? -ბავშვებისთვის ვაცხობ, ხვალ სკოლის ბოლო დღე აქვთ და უნდა წავუღო. -კაი რა, ირმა, რა პონტია?! ჩვენ არ ვართ, ბავშვები? - დაიჯღანა ოთო. -გაგიკეთებ, დედა, შენც. რა დაგემართა? - გაეცინა ირმას და ახლა მე შემომაცეცა თვალები. - რამდენი წლის უნდა გახდეს ნეტა შენი ძმა, ბავშვივით რომ აღარ უხაროდეს ტკბილეული? -კარგი რა, დედა. ეგ ბებერიც ეგეთი იქნება, ოღონდ ჯუჯღუნა. -ენას ამოგაცლი, ერთხელაც იქნება.. - თვალი ჩამიკრა ოთომ და ფანჯარას მოუახლოვდა. მეზობელ სახლს შეავლო თვალი, საიდანაც უზარმაზარი ხალიჩა გადმოფინეს. აშკარა იყო ჯანხოთელებს საშინაო დღე ჰქონდათ. ალბათ, ბელამ უქმით ისარგებლა და ოჯახის ყველა წევრი აიძულა სახლის დაგვა-დასუფთავებაში მიეღოთ მონაწილეობა. -ამუშავებენ ჯანხოთას? - ბოროტულად ჩაიხითხითა ჩემმა ძმამ. -შენ იცინე და როგორ ეხმარება რატი თავისებს, ეზოდან ის ძველი და დანგრეული სკამი ვერ გაგატანინე ამდენი ხანია. ვერ ხედავ, წელი რომ სტკივა მამაშენს?! - როგორც კი შანსი მიეცა, დაუნდობლად შეუტია ირმამ ოთოს. -აუ, რა მინდოდა. - ჩაიფრუტუნა ბიჭმა. - გავიტან დედა, ამ ყინვაში რომ არ მათრევინო... შექმნილი სიტუაციისგან გამხიარულებულმა ჩამოვისხი ყავა და მესენჯერში სასურველი ობიექტი ამოვირჩიე. „გამოგიჭირა ბელამ?“ - მივწერე. „შენ რა იცი? :))“ - მიპასუხა მალევე. „ „უბორკის“ სუნი აქ მომივიდა.“ - გამეცინა მე. „დაახვიე.“ - მომივიდა პასუხი და სიცილი ძლივს შევიკავე. „რომ მიაკრიალებ მაქეთ ყველაფერს, გადმოდი ჩვენთან, ირმა ვაშლის პეროგს აცხობს.“ „ვაშლის პეროგი კი არა, იმხელა მორები მათრევინა ბელამ, ცოტა ხანში მიტირებ მემგონი.“ - მწერდა რატი. „გადმოდი მართლა, ბელასთვისაც გაგატანთ. იქნებ ყავის შესვენება მოგიწყოს.“ „ცოტა ხანში, ნატი..“ სასურველი პასუხის მიღებისთანავე ღიმილით ჩავიდე ჯიბეში ტელეფონი, მოკამათე დედა-შვილისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება და რატის მოსვლამდე ოთახს მივაშურე. ლამის ჩემს ფანჯარაშიც შემოეღწია თოვლს იმ ბროწეულის ხის ტოტების წყალობით, რომელიც ჩვენი და ჯანხოთელების სახლს ჰყოფდა. სიგიჟემდე მიყვარდა ეს ხე. როგორც მამამ მიამბო, ჩვენი უბანი თბილისის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ადგილი ყოფილა. თავის დროზე აქ კახელ ცოლ-ქმარს დაუდია ბინა. წყვილს თოთხმეტი შვილი ჰყავდა და ტრადიციად ჰქონდათ, თურმე, ყოველი შვილის დაბადებისას კაცი თითო ბროწეულის ხეს რგავდა უბანში. ამიტომაც ერქვა ამ ადგილს ბროწეულები. უკვე სისხლში გაგვიჯდა აქაურ მაცხოვრებლებს ამ ჯადოსნური ხილის სიყვარული. გარდა იმისა, რომ ყოველი ქუჩისა და პატარა ჩიხის ბოლოს თითო ხე იდგა, ყველას გვჯეროდა, რომ ეს ნაყოფი ერთმანეთის სიყვარულს, თანადგომას და პატივისცემას გვასწავლიდა. განსაკუთრებით მიყვარდა ჩემს ფანჯარასთან ამოწოწილი ბროწეულები. დაახლოებით სამიოდე მეტრო სიმაღლისას, ბროწეულის ხისთვის უჩვეულოდ დიდი და მსხვილი ტოტები ჰქონდა. გაზაფხულზე კი ისე იბუჩქებოდა, მთლიანად წითლდებოდა ჩემი ფანჯრის რაფა. ვგიჟდებოდი მის სურნელსა და არომატზე. შემეძლო საათობით ვმდგარიყავი და მეყურებინა, როგორ არხევდა გაზაფხულის გრილი სიო ნაყოფის ნაზ ყვავილებს. ეს კი არა, ჩემი ოჯახისთვისაც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა თურმე. „ლერწამა“ ჩვენი მეზობლების, როგორც უკვე ბევრჯერ ვახსენე, ჯანხოთელების ეზოში იდგა, თუმცა, ისე სწრაფად აიყარა ტანი და იმხელა გაიზარდა, რომ ნახევრად ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიჭრა. ამიტომაც ცალკე, პატარა ღობე გაუკეთეს მამაჩემმა და ჯაბა ჯანხოთელმა „ლერწამას“. რწყავდნენ, კრეჭდნენ და საკუთარი შვილივით უვლიდნენ. მეტიც, დედაჩემს წამოსცდა ერთხელ, რომ საკუთარი ძმაკაცობის სიმბოლოდაც უღიარებიათ, თურმე, სიმთვრალეში. მეცინებოდა. ჯანხოთელებისა და ჩემი ოჯახის მეგობრობის ამბავი მთელ ბროწეულების უბანს უყვარდა. უახლოესი მეგობრები ყოფილან ჩვენი დიდი პაპა-ბებია, მეგობრები იყვნენ ბებია-ბაბუაც, ტრადიცია არც დედ-მამას დაურღვევია და ბოლო თაობასაც არ გვქონდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების უფლება. ყველას ეგონა რატომღაც, რომ განუყრელები ჩემი ძმა და ჯანხოთელების უფროსი ვაჟი გახდებოდნენ, თუმცა, ოთომ 2 წლით ადრე ინება სამყაროს მოვლენა და ერთ წელს, მაგიური ძალითა და ბედისწერის ბოროტული ხითხითით მე და რატი ჯანხოთელი დავიბადეთ, 7 თვიანი სხვაობით. აქედან დაიწყო ჩვენი განუყრელობა. ერთად ვიყავით ბაღში, ერთად ვიყავით სკოლაში, უნივერსიტეტში და ყველგან, სადაც ბედისწერა შეგვყრიდა. დაახლოებით ერთი საათი დავყავი ოთახში. მოწყენილობისგან ჯერ კიდევ სამი თვის დაწყებული ნახატიც კი გადმოვიღე, იმ იმედით, რომ რამეს მივამატებდი. ალბათ, ასეც მოვიქცეოდი ქვემოდან ნაცნობ ხმას რომ არ წაერთმია ჩემი ყურთასმენა. -გავწყდი, ბიჭო, რამ მომიყვანა შაბათ-კვირას აქ? ხო ვიცოდი, რაც მელოდა? - ეწუწუნებოდა ჩემი მეგობარი ჩემს ძმას და დედაჩემის მირთმეულ ცხელ ყავას სვამდა. კიბეებზე ჩემი დანახვისთანავე მკრთალად გამიღიმა. -ისე დამპატიჟე პეროგზე, მეგონა მინიმუმ შენ მომიტანდი. -რატომ, ჩემგან პატივისცემა გაკლია? - სიცილით ვუპასუხე და მის წინ ჩამოვჯექი. -ხო, აბა? ნამცხვარს შენ არ მიცხობ, საჭმელს შენ არ მიკეთებ და პატივს ზეპირად "ზაპოი" თომაც კი მცემს. თომას ხსენებაზე მთელ ჩემს ოჯახს წასკდა სიცილი. უბნის კოლორიტი და სასმლის ფრიად მოყვარული თომასთვის ერთი ჭიქა არაყიც საკმარისი იყო, რომ მისი სიყვარული და ანგარებიანი პატივისცემა დაგემსახურებინა. -იდიოტი ბავშვი ხარ. - გამეცინა მეც და რატის დავეჯღანე. -აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო ამდენი ხანი? - სიცილში ამყვა ოთოც. მიუხედავად იმისა, რომ რატიც ბროწეულელი იყო, რამდენიმე წლის წინ ოჯახს დააბრალა, მუშაობაში ხელს მიშლით, ჩემი პირადი სივრცე მჭირდებაო და აქვე ახლოს პატარა ბინა იყიდა. ოჯახსაც დიდად აღარ გაუპროტესტებია, პირობა დადო ბიჭმა დიდხანს თავს არ მოგანატრებთო და პატიოსნად ასრულებდა კიდეც სიტყვას. -ბიჭო, რავი. მართლა სჭირდებოდა ბელას დახმარება და გადმოვედი, რა. თან ვიფიქრე, ნატასაც წავიყვან-მეთქი. ჩვენები ვიკრიბებით დღეს. -ეგ როდის გადაწყვიტეთ ვითომ? - გავიკვირვე მე. -რავი, ჩატი რო გახსნა ოდესმე და წაიკითხო შიგნით რას ვწერთ, გეცოდინება შენც. - მომახალა სარკასტულად. -მაგ თავმომწონე ღიმილის გარეშე არ შეიძლებოდა ? - დავეჯღანე მე. -რა გეშველებათ... - ჩაიცინა ოთომ და დაგვემშვიდობა, საქმე მაქვსო. დედაჩემი სამზარეულოში დაფუსფუსებდა და დიდად ყურადღებას არ გვაქცევდა, ასე რომ ერთმანეთს ისევ მე და რატი შევრჩით. -რაო? - გამიღიმა ჯანხოთელმა. -რა ხდება დღეს? - ვიკითხე და მის წინ მდგარი ფინჯნიდან მოვსვი ყავა. - სრული შემადგენლობით ვართ? -ჰო, კვაშის გარდა. - მიპასუხა და თვალი გააყოლა ჩემს ხელს,მისი ფინჯანი რომ დავაბრუნე უკან. - ჩვევად რომ გექცა, ხვდები? -რაა? - გავიკვირვე მე. -ჩემი ყავის დალევა. - გაეღიმა ისევ. -მერე რა იყო, მიჟმოტავ? -მე? პირიქით, ადვილი შესანახი ხარ და ასწორებს რა.. სიცილი ამიტყდა და საყვედურნარევი სახით გავუქნიე ხელი. ისე ოსტატურად აიცილა, თითქოს მთელი ცხოვრება ეს ეკეთებინოს. დედაჩემმა თავისთვის ჩაილაპარაკა რით ვერ გაიზარდეთო და ცოტა ხანში პეროგიანი კონტეინერით გამოგვაცილა სახლიდან. ^ ^ ^ მთელ სამეგობროს გვაინტერესებდა, როგორ გვიტევდა რატის 55 კვადრატი ბინა რვა კაცს, მაგრამ ფაქტი იყო, ასე კომფორტულად და ლაღად ვერსად ვატარებდით დროს. ერთი შეხედვით მოცუცქნული სახლი, შეძენიდან ძალიან მალევე გახდა ჩვენი შეკრების ადგილი. დიდხანს აპროტესტა რატის კაპასმა მეზობელმა - მირამ, ბინიდან გასული ხმაური, თუმცა, ჯანხოთელის მაცდურმა ღიმილმა თავისი ქნა და ბოლოს ისე შეაყვარა ქალს თავი, მისი დაყენებული ლიქიორიც კი შემოემატა სამეგობროს მიერ გაშლილ სუფრებს. როგორც ყოველთვის პირველები ავედით ბინაში პროდუქტებისა და რაღა თქმა უნდა, ირმას პეროგით ხელდამშვენებულები. -კირა სად არის? - ცნობისმოყვარეობით მოვავლე მისაღებ ოთახს თვალი. -გაბრაზებულია წუხელ რომ დავტოვე, გამოვა ცოტა ხანში. რამდენჯერმე გაბმულად დავუძახე და ღიმილისგან სახე გამეხა, როცა ოთახში ძალიან მსუქანი და ყველაზე ლამაზთვალება, სამფერა კატა გამოჩნდა. საყვედურით დაკნავლა რატის და გაბუსხული ამეტუზა წინ. -რაო კირა, მიგატოვა შენმა უხეირო პატრონმა? - გამეცინა და ჩემს წინ გადათხლაშულს მივეფერე. ერთადერთი მდედრი ვიყავი, ვისაც კირა სწყალობდა და ძალიან ვამაყობდი ამ ფაქტით. -ნუღა ეუბნები, თორე რა ბოღმაა არ იცი? - მისაყვედურა რატიმ. - იმახსოვრებს და ღამე ფეხებზე მკბენს. -მართლა? - იმხელა ხმაზე გადავიხარხარე, კატა შეხტა და გაგულისებულმა ამომხედა. -ხო, მაგარი ბოღმა ვინმეა. - ამოიფრუტუნა ბიჭმა და სპორტული მოსაცმელი გაიხადა. მის მკლავსა და მტევანს შორის პატარა, წითელი მელნით დაკოსებული ბროწეული იწონებდა თავს. პირველად რომ მოვიდა ჩემთან და მაჩვენა, დავცინე, თუმცა, ახლა ისე მესაყვარლებოდა, ვეღარც კი წარმომედგინა რატი მის გარეშე. -ისევ ჩემს ბროწეულს უყურებ? - გამომიჭირა და ღიმილით წავიდა სამზარეულოსკენ. -ხო, ძაან მელამაზება ეგ შენი ბროწეული. -შენ წარმოიდგინე და არ გაუტ**აკებია ამაზე ჯაბას. ფეხზე რომ მაქვს, იმაზე გული შემიწუხა. -მაგას თავისი შინაარსი აქვს და იმიტომ.. - დავეჯღანე და ფეხდაფეხ მივყევი უკან. -შენ ვერ ხვდებოდე რა -რას ნიშნავს, მე დამაბრალე. -ნუ მეიაზვები რა. - გამეცინა. -იაზვობა შენკენ, ნატა, თორემ ჩემთან სულ გაზაფხულია. - თვალი ჩამიკრა და პაკეტებიდან პროდუქტის ამოლაგებას შეუდგა. - სტანდარტულად? -სტანდარტულად. - გავიღიმე მე და დასახმარებლად ავიკაპიწე ხელები. როლები გვქონდა განაწილებული. ის პროდუქტს ჭრიდა, მე ვამზადებდი. იმდენად ჰარმონიულად გამოგვდიოდა ყველაფერი, რომ დროსაც ვზოგავდით და ყველაფერი საოცრად გემრიელი კეთდებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ დღეს შედარებით უგუნებოდ მომეჩვენა. ვიცოდი, ბევრი კითხვის დასმა არ მოსწონდა, თუმცა, ვერაფრით დავაოკე ჩემი ცნობისმოყვარეობა. -მარიამთან რას შვრები? უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი და უხმოდ განაგრძო პომიდვრის დაჭრა. -ალო, შენ გეკითხები. - ჩემ მიერ ნასროლი კიტრის პატარა ნაჭერი რომ ცხვირში მოხვდა, მაშინ იკადრა მხოლოდ ყურადღების მოქცევა. -გცემ! -მიპასუხე, თორემ, ვინ ვის სცემს, ვნახავთ. -აუ, რატო გიყვარს სისხლის ამოწოვა? - უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები და მზერა ამარიდა. - რადგან არ გპასუხობ, არ მინდა, ესე იგი, მაგაზე ლაპარაკი რა. -იჩხუბეთ? -დავიშალეთ. - მითხრა სასხვათაშორისოდ. -რაა? - წამოვიყვირე და მისი გაბრაზებული მზერისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,შეტევა გავაგრძელე. - რა გჭირს შენ? -ანუ, უეჭველი ჩემი ბრალია, ხო? - გაეცინა რატის. - იქნებ, იმან მიქარა? -არ მგონია, მაგ გოგოს მიექარა რამე. როგორც სხვა სამოცდა ჩვიდმეტს. -არ გრცხვენია, ნატა? - იუკადრისა წამოსროლილი არარეალური ციფრი და წყრომით გადმომხედა. - და ვაფშე და, შენ არ იყავი, რომ მომახალე გოიმიაო? -გოიმი იყო კი, მაგრამ შენ მოგწონდა. კაი, რა მოხდა, მართლა. ვერ აეწყვეთ? - დავსერიოზულდი, ცოტა ხნით თავი ვანებე სალათის მზადებას და იქვე, სამზარეულოს დახლზე კომოფრტულად მოვთავსდი. -აუ, არ ვიცი, ნატა, - უხერხულად შეიშმუშნა რატი, მზერას მარიდებდა, თითქოს არ უნდოდა მისთვის რამე შემემჩნია. ყოველთვის, როცა პირად ცხოვრებაზე ვცდილობდი მასთან საუბარს, ასეთი ხდებოდა, ჩაკეტილი. არასდროს მისწორებდა თვალს, არასდროს პასუხობდა ჩემს გაუთავებელ შეკითხვებს და ყოველთვის იყენებდა სიტუაციიდან დასაძრომად არაფრიდან გაჩენილ შანსებს. - ვერ იყო რაღაც ისე... -რას გულისხმობ, მითხარი. იქნებ გეხმარები? -ნატა, არ მევასება მაგაზე ლაპარაკი, ხო იცი? -რატი.. ვნერვიულობ უკვე, იცი შენ? - შევწუხდი გულწრფელად. -რაზე ნერვიულობ, - სიცილი აუტყდა. – „ლოვე“ რომ არ მყავს? -არაა სასაცილო. ამდენ ადამიანთან სცადო ურთიერთობა და არავისთან არაფერი გამოგდიოდეს, შეიძლება? -შენ რა იცი, ვისთან რა გამომივიდა? - ბრაზი შეეტყო ხმაზე და ახლაღა ანება თავი პომიდვრის დაჭრას. -რომ არ ვიცი, მაგიტომაც გისვამ შეკითხვებს, მაგრამ არ მელაპარაკები. -კაროჩე, არ გამოვიდა, ნატა და მორჩა. - კატეგორიული ხმა ჰქონდა. - სხვადასხვა მოლოდინები გვქონდა ამ ურთიერთობისგან და რომ მივხვდი, ვერ მივცემდი მე იმას, რაც უნდოდა, ავუხსენი. -სერიოზული ურთიერთობის მოლოდინი ჰქონდა? -ხო, დაახლოებით. -შენ რატომ არ გინდოდა სერიოზული ურთიერთობა? თავისუფალი კაცის სტატუსი გენანება? - გამეცინა. ირონიულად ჩაეცინა და ისე ამომხედა, ფილმში რომ ვყოფილიყავით, ლაზერული სხივი აუცილებლად შუბლს გამიხვრეტდა. -რა მაგარი წარმოდგენით ხარ ჩემზე?! გუშინ გამიცანი? -მაინტერესებს უბრალოდ, რატომ ვერავინ დავიდა შენ გულამდე. მგონია, რომ დახმარება გჭირდება მაგ ამბავში. ყველას ხელს კრავ. ნუთუ, არავინ არაა შენთვის სასურველი?! -არის, ალბათ. - ტუჩის კუთხე ჩაუტყდა და რამდენიმე წუთით მზერა ერთ ადგილას გაუშტერდა. - ვიპოვი ოდესმე. დაიკიდე რა! -არ დავიკიდებ, რატი. დამელაპარაკე... -ნატა, გეყოფა, დაიკიდე-თქო, ერთხელ გითხარი. - აუწია ტონს და დანა ისე მიაგდო დახლს, რომ ტარმა საშინელი ხმა გამოსცა და დივანზე მისვენებულ კირასაც კი დაურღვია კომფორტი. - რადგან არ მინდა, ე.ი არ მინდა. შენ რომ გქონდა სერიოზული ურთიერთობა, რა მოიგე? ერთიანად გავშრი. მანამდე, ჰაერში მოქანავე ფეხებიც კი გამიშეშდა წამიერად. სიმწრისგან ჩავიცინე და ვერც შევნიშნე, ისე გამეყინა მზერა. შეცბა ჯანხოთელი, მიხვდა არასწორ ადგილას რომ დამარტყა და დამნაშავესავით ჩაქინდრა თავი. -არ მინდოდა.. -კაი რა, - ჩავიფრუტუნე და დახლიდან ჩამოვხტი. - მეორე წელი დაიწყო და შანსს არ უშვებ ხელიდან ეგ თემა რომ ყელში არ ამომადინო. რა უნდა გავაკეთო, ნეტა, შენს თვალში რომ საწყალი ნატას სტატუსი აღარ მქონდეს? -რაებს ბოდავ ახლა, ხვდები მაინც? - ტონი დაეძაბა და უკან ამედევნა. - რა შუაშია, გოგო, საერთოდ ეგ. ეგრე ვფიქრობ შენზე, გგონია? -არ ფიქრობ? - ტონს ავუწიე. - ნებისმიერი თემა შეიძლება ჩემი და ლაშას ურთიერთობამდე დავიდეს? დამთავრდა ეგ, მორჩა. შეცდომა დავუშვი და ვაღიარე თავის დროზე, რატომ მაყვედრი წამდაუწუმ? -ჯერ ერთი არ გაყვედრი, წამომცდა. - არც მანდ დააკლო ყვირილს. - და შენ რომ ფიქრობ, არც მაგიტომ წამომიძახებია ეგრე. შენ გაქვს უბრალოდ იმის კომპლექსი, რომ აპატიე მაშინ, როცა არ უნდა გეპატიებინა. ათასჯერ აგიხსენი, რომ მაგის გამო შენზე წარმოდგენა არავის შეცვლია. -რას მელაპარაკები, მართლა? - ჩავიცინე ირონიულად. - არ შეგცვლია წარმოდგენა? აბა, რატომ არ მცემდი ხმას ორი კვირა, რომ გითხარი შევრიგდით-თქო? -დედას გეფიცები, შენ თუ ვაფშე რამეს ხვდებოდე ამ ქვეყნად. - ხელი აიქნია რატიმ და ზურგი მაქცია. - ანუ, შენი წარმოდგენებით, იმდენად *ლე ვარ, რომ შენზე წარმოდგენა შემეცვალა, რადგან ლაშას შეურიგდი? -ეგრეა. - შეუვალი ვიყავი მე. -დებილი ხარ და მეტი არაფერი. - ჩაეცინა და პროდუქტის დაჭრა გააგრძელა უდარდელად. -დებილიც ვარ, კი. შენ და ოთოს სალაპარაკო რომ მოგეცით და ლომის ხახაში ჩავიგდე თავი, ნამდვილად დებილი ვარ. იმედგაცრუებულმა შემომანათა თვალები. ბრაზისგან როცა უელავდა, მწვანე აღარ ეთქმოდა მის თვალებს, ხაკისფერი დაჰკრავდა და საოცრად ლამაზი იყო მაშინ. ხშირად ვეუბნებოდი, გაბრაზებული რომ ხარ, იმდენად ლამაზი თვალები გაქვს, მინდება სულ ნერვები გიშალო-თქო. სამაგიეროდ, ახლა არ მელამაზებოდა საერთოდ, ისე მეწყინა მისი სიტყვები. -ნატა, შენზე წარმოდგენა არავის შეცვლია. პირიქით, მე მაშინ შემშურდა შენი, როცა გავიაზრე რისი გაკეთება შეგიძლია სიყვარულისთვის. იმიტომ არ გელაპარაკებოდი ორი კვირა, რომ ზუსტად ვიცოდი ის გამო**რებული ისევ გატკენდა გულს და ვერ გაგიმეტე სამაგისოდ. მეორედ რომ უნდა გაგევლო ის პერიოდი და ისევ თავიდან აღგედგინა ნატა მკვდრედით, აი ეგ არ მინდოდა მოგსვლოდა. და მადლობა, ძალიან სწორად შეგიფასებია ჩემი ადამიანობა და კაცობა, თუ გგონია რომ შენთვის შეცდომების შესახსენებლად ვიყენებ შენს ტკივილს. მშვიდად დაამთავრა მონოლოგი და ისე გააგრძელა პომიდორის ჭრა, თითქოს წეღან დანა მე შემომეფშვნა ხელში. ამოვოიოხრე. იმდენად დაღლილი ვიყავი ამ თემით, ალბათ, რაღაც მომენტში მართალი იყო რატი. მე თვითონვე მკლავდა იმის კომპლექსი, რომ ჩემს ყოფილ შეყვარებულს მეორე შანსი მივეცი, როცა თვითონაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორედვე მატკენდა გულს. დარჩენილი დრო ხმა აღარ ამოგვიღია. ასე იყო ყოველთვის. დრო გვჭირდებოდა ორივეს, რომ ისევ შეგვძლებოდა ლაპარაკი. ამჯერად კარის ხმამ და შიგნით შემოსულმა ორადორმა გვიხსნა საშინლად მტკივენული და უხერხული სიჩუმისაგან. -რატიკო, სად ხარ?! - დერეფნიდანვე გავიგე ვატოს ხმა და შვებით ამოვისუნთქე. - გოგო, ნატა, შენც აქ ხარ? ფეხსაცმელები დავინახე. მარა, აბა სად იქნები?! ფეხზე წამოვდექი და ჩემს წინ ასვეტილ ტყუპებს შევეგებე. ვატო და საბა ტყუპები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის არაფერი ეცხოთ(არაიდენტური ტყუპები), მაინც სულ ერთად დადიოდნენ და ჩვენ მიერ შერქმეული საპატიო სახელი - ორადორიც ამიტომ დაიმსახურეს. -რავა ხარ, ნატატი? - ვატოს უკან საბა მოჰყვა და გულიანად ჩამიხუტა. - აუ, მირამ გამოგვიჭირა სადარბაზოში და ამას კიბეები ცოცხით ჩაახვეტინა. ხითხითებდა საბა და ძმის სახეზე მანიშნებდა თვალებით. -იდი ნა ხ**ი, რა შენ! - კბილებში გამოსცრა ბიჭმა და ტყუპს ქუდი ესროლა. - ხო გითხარი, არ თქვა-თქო?! -არ ვიტყოდი და ღამე იავნანასაც გიმღერებდი, გინდა? -იავნანა და შუბლზე ნახევარი უბნის კოცნა ათ წლამდე შენ გჭირდებოდა, შე კვე**ხო შენ! - დაეჯღანა ბიჭი და ხელი გადამხვია. - ის სადაა? ისევ პომიდორს აცლის კანს? -ერთი ეს სალათი გიჭამია, თავ-პირი უნდა დაგალეწო. - უჟმური სახით გამოვიდა რატი და ორივეს ხელი ჩამოართვა. -რა აგრესიით ვართ, რატიკო? - თვალით მანიშნა ვატომ, ამას რა სჭირსო. უხალისოდ ავიჩეჩე მხრები და იქვე ჩამოვჯექი სავარძელზე. -აა, გასაგებია. - ჩაეცინა საბას. - წააყარეთ, ხო? -დაახვიე! - დაუღრინა რატიმ. -აჰაჰა, უეჭველი წააყარეს, ბიჭო. - აჰყვა ვატოც. - რომელმა მოიგო, ეე? -ენას ამოგაცლი, კერესელიძე და იმ სალათში ვუზამ, შენ ძმას ძალიან რომ უყვარს. -დაახვიე რა, შენ! - გაბრაზდა კერესელიძე. - სულ მუშტებზე როგორ იყურები? რატის აღარაფერი უთქვამს. უხმოდ შებრუნდა სამზარეულოში. მიუხედავად ჩხუბისა, შემეცოდა მარტო წვალებისთვის და მეც უკან გავყევი. -ეს მაგარი იცით, - სიცილით აგვედევნა ვატო, - გათათხავენ, ბიჭო, ერთმანეთს და მერე მაინც ერთად დვიჟენიობენ. -კერესელიძე, რაღაც ძალიან ბევრს ტლიკინებ და ამ ძეხვს ხომ არ დაჭრიდი? - წარბები მაცდურად ავათამაშე და წინ დავუდგი საჭრელი დაფა. -დავჭრი ხო, გავერთობი მაინც. მხოლოდ საბა დაგვრჩა უსაქმოდ, რომელმაც თავი იმით გადაირჩინა, რომ კირა ჩაუსკუპდა კალთაში და მისი შეწუხება ვერავინ გავბედეთ. დაახლოებით ოციოდე წუთში კარი ისევ გაიღო. -ხალხო, მირამ მაგრად გაგვტისკა. - ქოშინით შემოვარდა ოთახში დათა და მასზე აკრული სოფოც შემოიყოლა. სოფოს ისეთი სახე ჰქონდა, მივხვდი მირას კარგად დაემუშავებინა ორივე. სიცილი ერთდროულად წაგვსკდა მე და რატის. უხერხულად გავხედეთ ერთმანეთს. -რას გერჩოდათ? - ორივე გადავკოცნე და ვკითხე სიცილით. -აუ რავი, სადარბაზო ახლახანს მოვგავე და სულ აატალახეთო. კინაღამ ცოცხით სცემა ეს. -შეყვარებულზე მანიშნა სოფომ და თვითონაც გადაიკისკისა. -რა აფერისტი ქალია, ბიჭო! - გაგულისდა ვატო, მისი შრომა წყალში რომ ჩააყარეს. - სულ თვითონ მოხვეტა, აი! -კაი, რა ქნას?! უყვარს მაგას ჩხუბი, მაგით იკვებება, მაგრამ არაა ცუდი ქალი. -უი, რა დამთხვევაა, - მხრები აიჩეჩა რატიმ და ირონიულად მომაშტერდა. - მაგონებს ვიღაცას. -შენ თავს? - ვალში არ დავრჩი. -ესენი ნაჩხუბრები არიან? - ჰკითხა დათამ ტყუპებს და დასტურის მიღების შემდეგ ჩაილაპარაკა. - გვიგულავია, აბა, დღეს. სოფომ დრო იხელთა და დამიმარტოხელა. -მშვიდობა გაქვთ? -ისე რა, - უკმაყოფილოდ ვუპასუხე. -რამე სერიოზულზე იჩხუბეთ? რომ ვიცოდე მაინც, როგორ შეგარიგოთ. - ჩაეცინა სოფოს და დაჭრილი ძეხვეულიდან ერთ ნაჭერს დაავლო ხელი. იცოდა, როგორ მოქმედებდა ჩემზე რატისთან ჩხუბი და ამიტომაც ცდილობდა აველაპარაკებინე. -ჯერ არ ვიცი, სულ ცინცხალია. -კაი, არა უშავს. ერთი ორი ჭიქა და შერიგდებით. - ხალისიანად აიკაპიწა სოფომ ხელები. - მითხარით ახლა, მე რაში დაგეხმაროთ. -თეფშები დააწყვე. - ვანიშნე კარადაზე. - კეკე სად არის? -მოვდივარო, დამირეკა. მუშაობდა დღეს და ისეთი ხმა ჰქონდა, ერთ ჭიქაში გაითიშება ახლა. -დალევა აუცილებელია? - გამეცინა მე. ჩაეცინა სოფოს. -აი, ორადორთან ერთად არ დალევის პერსპექტივას რომ განიხილავ, ძალიან მიყვარხარ მაგის გამო. ჩვენი მეგობრობა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში დაიწყო. ბროწეულების უბანს მაგიური ძალა ჰქონდა ოჯახების ერთმანეთთან დაახლოების. ჯერ კიდევ ბნელ ოთხმოცდაათიანებში, როცა გაჭირვებას ყველას სახლში ღრმად გაედგა ფესვები, ერთმანეთის იმედი აცოცხლებდათ აქაურებს. ერთ ოჯახს მაინც თუ ჰქონდა რამე ზედმეტი, მაშინ მთელი უბანი იყო მშვიდად, რადგან ყველას ყველაფერი ემეტებოდა ერთმანეთისთვის. ჩვენც ამიტომ ვიყავით ერთმანეთზე დამოკიდებული. ერთად გავიზარდეთ, ერთად გამოვიარეთ ყველა მძიმე, თუ ტკბილი პერიოდი. ვერაფერი წარმომედგინა ამ ადამიანების გარეშე. დაახლოებით ნახევარ საათში სოფოს სიტყვები გამართლდა და რატისთან გასავათებული კეკე შემოესვენა. -ისე დავიღალე, ძლივს ვდგავარ ფეხზე. თან, რანაირი ამინდია. ახლა მოუნდა თოვლი და ქარბუქი მაინც და მაინც... - წუწუნებდა ჩემი დაქალი და სოფოს მოდუღებულ ყავას სვამდა. -ქალო, შენ კიდე რა გაგიხდა?! წამოდი-მეთქი ჩემთან, რამდენჯერ გთხოვე. შენს არაბებს მაინც აღარ ვჯობივარ? - შეუტია ვატომ. -ვატატი, შენ ყოველდღიურობაშიც მეყოფი, მადლობა. - თვალი ჩაუკრა კეკემ. -ხოდა, სდიე მუჰამედას. - აიბზუა ბიჭმა ტუჩი და გაწყობილ მაგიდას რომ გადაავლო თვალი, ტაში მხიარულად შემოჰკრა. - ჰა, დავსხდეთ ახლა. გაშრა ყელი, გაშრა. მაგიდას შემოვუსხედით. როგორღაც მაინც გვერდიგვერდ აღმოვჩნდით მე და ჯანხოთელი და შევატყვე, დიდად არც მას ეხამუშებოდა ეს ფაქტი. სასაცილოდ მიბღვერდა და ცდილობდა ჩემთან ზედმეტი კომუნიკაციისგან თავი შეეკავებინა. -იჩხუბეთ? - მიჩურჩულა კეკემ, რომელიც მეორე მხარეს მეჯდა და პირის გამოტენვა სალათით უკვე მოესწრო. -რა ყველა მაგას მეკითხებით? - შევწუხდი მე. -გეტყობათ ახლა და რა გავაკეთო? -არაფერი ისეთი, მერე მოგიყვები. -ნეტა რა გაქვთ გასაყოფი, მაინც ვერ გავიგე, რა. -ამოიბურტყუნა გოგომ და საბას ჭიქა გაუწოდა სასმლის შესავსებად. -აბა, ტრადიციულად. დღევანდელ შეკრებას გაუმარჯოს. ბუჩქი, ბუჩქიი! - დაიწყო დათამ და ჭიქა ხელში ასწია. -შენ უფლის დიდებაზე არაფერი გსმენია? - შეედავა ვატო. -შენ გახარებას რა, - დაიჯღანა რატი. - მამაშენის სუფრაზე ითამადე ეგრე, მაინც მაგ „პაკალეენის“ უკეთესად გესმის. სიცილის ტალღამ გადაურა მაგიდას. -აჰ, რატიკო, ადვილად აჰყვა პამიდორს კანი, თუ რატომ მოვედით ხასიათზე? -მაგ იუმორით მოძრაობ და წუწუნებ მერე, შეყვარებული რატომ არ მყავსო. - სიცილით აიჩეჩა მხარი რატიმ. -წადი რა, კატა ჩაბანე! - გაბრაზდა კერესელიძე. -ეგ კატა შენზე სუფთაა. - არ ჩერდებოდა რატი. -ხოდა, გეწვეს საწოლში. მეტის ღირსი არ ხარ მაინც. - ბოროტულად ჩაიხითხითა ბიჭმა და სასმელი ისე გადაჰკრა, გეგონება ტეკილის მაგივრად წყალი ესხა ჭიქაში. -ბიჭო, ისე, ამ ბოლო დროს რაღაც მოწყენილობაა ბროწეულებში. - სიტყვით გამოვიდა საბა, - რაღაცა პონტია მოსახოდი, რა. -რა პონტი უნდა მოხოდო ბროწეულებში, გაფიცებ? - გაეცინა სოფოს. -რამე მეგობრობა ფართი, მაგალითად. მაგრად გავერთობით უფროს „პაკალენიაში“, ვიღადავებთ. - გააგრძელა საბამ. - ვატო, ჩამოურეკავ ძმაკაცებს? -იი, საბუნა, ყოჩაღ. - გამოაჯავრა ვატომ ძმას. -გეყოთ. - სიცილით შეაწყვეტინა კეკემ ბიჭებს. - ისე, ახლა გამახსენდა. გახსოვთ შარშანდელ რთველზე რა ამბები იყო? -ვაიმე! - გულიანად გადავიხარხარე. - დღემდე ვერ ვხვდები, ეგრე რანაირად დათვერით. -რა რანაირად დავთვერით, გოგო. - შეწუხდა დათა. - დედას ვფიცავარ, ეგეთ მკვლელ კონიაკს თემურას გარდა ვინმე თუ აყენებდეს. ორ ჭიქაში ისე „გავიტრუპე“, სოფოს ვერ ვცნობდი. -მართლა ვერ მცნობდა, ხალხო. - ამოიფრუტუნა თოლორდავამ. - დედაჩემს ეცეკვებოდა ნახევარი საათი ვალსს. მე ვეგონე.. -კიდე კაი, სხვა რამე არ გაუბედა... - ხარხარი აუტყდა ვატოს. -ვატო, ნუ ხარ იდიოტი! - უსაყვედურა კეკემ. -კაი, ა**კებ.. - სიცილი წასკდა რატის. - ეგ ამბავი რატო არ ვიცოდი?! -თერმოსას დასდევდი მაგ დროს, კუდზე ზარი უნდა შეგაბაო. - მშვიდად გავახსენე დანაშაული. -აჰაჰა, ნატი, ეგ რა გაიხსენე. - არაადამიანური ხმა ამოუშვა ვატომ. - საწყალი ძაღლი დატანჯა, სანამ არ უკბინა იმან, არ მოეშვა. -არ უკბენია, ჯერ ერთი, კბილი გამკრა. -რა კბილი გაგკრა, შე ჩემა, მოგლეჯილი ხელით დადიოდი ორი თვე. -თქვენ რატო არ გჭირდათ არაფერი, ტო? - გაუკვირდა დათას. - თქვენც დალიეთ, არადა. -რა არაფერი არ გვჭირდა, დათა. მთელი ჩემი ცხოვრების ვარწყიე მაგ დღეს. - ზიზღით დაიმანჭა კეკე. -ფუ, ნუ მახსენებ. -აივნის კიბეებზე რომ წაიქეცი, გახსოვს? - სიცილი წამსკდა, კიბეზე ორად მოკეცილი სოფოს გახსენებისას. -როგორ არ მახსოვს. მე ხო კიბეზე ვეგდე და საბა ზემოდან დამყურებდა, რას შვრებიო. - გაეცინა გოგოს, - აი, რა უნდა მექნა, გაფიცებ? კიბეებზე ვეგდე და საბა ვერ მიხვდა, რომ უნდა ავეყენებინე. -ამეყენებინე კი არა, ოცი წუთი ჩამოვდიოდი მაგ კიბეებიდან, გოგო. ზაპოი თომა ამეკიდა, მაგის "ბრაძიაგა" კეთილები რა ვთქვი, ყველა ჭიქა მასვა, ბიჭო! რას სვამს, ეგ ჩემისა, ან აქამდე ღვიძლი როგორ არ დაეშალა. -თომასთან რატო სვამდი, ბიჭო? - ჩაეკითხა რატი. -აი, ეგ არ მახსოვს. რაღაც მომენტში ვაფშე გავითიშე. ერთი ის მახსოვს, კვაში „ლერწამაზე“ რომ ავიდა და ჯაბამ კაკლის საბერტყი ჯოხით ჩამოაგდო. ისეთი ხარხარი წაგვსკდა, მე პირადად ძლივს გადავრჩი, რომ დაგუბებული კოკა-კოლა ზედ რატის არ გადავასხი. გამახსენდა, როგორ წააგო ნიძლავი კვაშიმ რატისთან და სულ გინებ-გინებით ავიდა ჩვენს ეზოში მდგარ ბროწეულის ხეზე. ეს რომ მამაჩემმა და ჯაბამ დაინახეს, ისეთი დღე აწიეს საწყალს, იქიდან ჩამოვარნის კვალი ძლივს შეუხორცდა ჩემს მეგობარს ზურგზე. სიცილის ტალღამ რომ გადაიარა, ისე დავსევდიანდით ყველა, ვერც გავიაზრეთ. -ძალიან მენატრება. ვერც ვურეკავ, მეტირება რაღაცნაირად და არ მინდა შემამჩნიოს. - წამოიწყო კეკემ. -მე ველაპარაკე გუშინ. - რამდენიმე წამიანი დუმილი რატიმ დაარღვია. -მეც ვებაზრები ხოლმე ზოგჯერ, ხშირად არ მინდა შევაწუხო, რა. - აჰყვა დათაც. -რაო, როგორ ვართო? -ჩაეკითხა ერთდროულად ორადორი. -ვერ არის კარგი მდგომარეობა რა, - ხმა გაუტყდა რატის. - მეტასტაზები წასულია ყველგან. აგრესიულ ქიმიაზეა ახლა, კურსი უნდა დაამთავროს და ისე ჩამოიყვანენ ალბათ. -როგორ უძლებს ელენე? -ცუდად. სულ გული ერევა, ენერგია თითქმის არ აქვს. მგზავრობაც ჯერ არ შეიძლება მაგისთვის. -თვითონაა საშინლად გამხდარი, - ჩავერიე მეც, - მაგის ამბავი რომ ვიცი, არაფერს არ შეჭამს ნერვიულობისგან და ელენეზე გამხდარი ეგ ჩამოვა იქიდან. -ჰო, ეგეთია. ბავშვობაშიც ეგრე იყო, არ გახსოვთ? რამეზე თუ ნერვიულობდა, რომ მომკვდარიყო ლუკმას არ შეჭამდა. -რატი... - ფრთხილად წამოიწყო სოფომ, თითქოს ძალიან სენსიტიურ თემას უნდა შეხებოდა. მივხვდი, რასაც ჰკითხავდა და პასუხის მოლოდინში დავიძაბე. - იმედი არის? -არ ვიცი. იმედი სულ არის, ალბათ. - უხალისოდ უპასუხა რატიმ. ყველა მივხვდით, რასაც ნიშნავდა ეს. -ფულის ამბავი როგორ აქვს? -დაიფიცა, მაქვსო. წინაზე რომ გავგზავნეთ, ეგ არ ეყოფოდა, შანსი არაა. უბრალოდ, კიდევ გაგზავნაც მიტყდება,თავზე გადამახევს. აქ ვიზრუნოთ მაგაზე, რომ ჩამოვლენ. -ბაზარი არაა, რატსონ. ეგრე სჯობს, რა. - დაეთანხმა ვატო. მზერა გამექცა ჯანხოთელისგან. ყბები დაჭიმვოდა და ხაკისფერი თვალები ისე უელავდა, როგორც წეღან, ჩვენი საუბრის დროს. ბრაზი ვერ დავინახე მხოლოდ, ჩაგუბებული წყალი იმედგაცრუებისა და სევდის ტალღებს ცვლიდა ერთმანეთში. ვერც ერთი ვერ ვიაზრებდით ალბათ კვაშის მდგომარეობას ისე, როგორც რატი. მეორე დედასავით იყო მისთვის ელენე. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ მას და სანდროს და ელენე დასაბამიდან იყო ამ ამბის გმირი. დაახლოებით ერთი წლის წინ დაუდგინდა მკერდის სიმსივნე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის კიბოს ახლა ხშირ შემთხვევაში შველიან, ელენეს ამბავი ასე მარტივი არ აღმოჩნდა. ძალიან გვიან გავიგეთ და ვერც მკერდის მოკვეთამ მოგვცა რამე შედეგი. იშვიათად აგრესიული ფორმა ძალიან მალევე მოედო ორგანიზმს და დაახლოებით სამი თვის წინ დედა-შვილი თურქეთში გაემგზავრა სამკურნალოდ. კვაში მარტომ გაზარდა ელენემ. მამა ადრიანად დაეღუპა. დედის მეტი არც არავინ ჰყოლია. აქა-იქ თუ მიეხმარებოდნენ მამის ნათესავები. ელენე და ჩვენ. ეს იყო მისი ოჯახი. დიდი მცდელობის ფონზე, ორადორმა მაინც შეძლო ჩვენთვის ხასიათის გამოკეთება. ელენემ, "ზაპოი" თომას გააგდებინა ხელიდან ერთი ლიტრი არაყი და კიბო მოერევაო? კარგად ჟღერდა ვატოს სიტყვები, მოგვეწონა და დავიჯერეთ, თითქოს. პირველი საათი რომ შესრულდა და ალკოჰოლის ბოლო წვეთებიც ჩაისხა ვატო კერესელიძემ კუჭში, ნელ-ნელა აიშალნენ დანარჩენებიც. -ნატი, წამოგვყვები შენ, თუ დაგრჩა იმასთან შერკინების ძალა. - მიმანიშნა სოფომ რატიზე, რომელიც ვატოს სიყვარულის შემოტევებს ვაჟკაცურად უძლებდა. -დავრჩები, - გავუღიმე გოგოს.- ავალაგებინებ ამასაც, ცოდოა. -შენ იცი, მირას პოლიციას ნუ გამოაძახებინებთ ოღონდ. - ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა კეკემ და წინ წასულ წყვილს ფეხდაფეხ გაჰყვა. -აუ, ნატა, შენ რომ მევასები?! - რატისგან უარყოფილი ვატო ახლა მე მეცა და ისეთი ძალით დამატრიალა ჰაერში, სულ რამდენიმე ჭიქით მეტი რომ მქონოდა დალეული, რატის კედლებს რამდენიმე ფერს შევმატებდი. -დასვი, ბიჭო! - შეუღრინა რატიმ. -გაა**ვი შენ! - არ დაზოგა ვატომაც და ისევ მე მომიბრუნდა. - ნატი, მართლა მაგრად მევასები, ხო იცი? -ვიცი, ვატო, მეც მევასები. -გამეცინა. -ნატრული რომ გქვია და მევასები, ეგ ხო იცი გმირობის ტოლფასი როა?! - ძალიან სერიოზული სახით მითხრა ვატომ და შუბლზე მაკოცა. -გაეთრიე რა! - გაბრაზებულმა მოვიცილე და შემთხვევით დავეჯახე უკან მდგომ რატის. ძლიერად მომიჭირა მკლავები და რომ დარწმუნდა წაქცევას გადავურჩი, მშვიდად გამიშვა ორივე ხელი. ვატყობდი, მეც ვაწყენინე და არ მინდოდა მთელი ღამე გაგვყოლოდა ბრაზი. ამიტომაც არ გავყევი დანარჩენებს. ვერაფრით გავაგდეთ ვატო. დაიჟინა, სანამ თქვენი ფეხით არ ჩამაცილებთ დაბლა, წასმვლელი არ ვარო. -ენა ჩაიგდე, თორე, მირა თუ გამოგვივარდა, შეგატოვებ, უნამუსო ვიყო. - ემუქრებოდა საბა და ძმას პირზე ხელს აფარებდა. -გამიშვი, შე აგრესორო. მუცელშიც ესე მგუდავდა, თურმე, იცოდი ნატა?! -ღმერთო, რა დავაშავე. - ბურტყუნით მოგვყვებოდა რატი უკან. ოთხად მოკეცილი შეტენა მანქანაში საბამ ვატო. -წავედით ძმდებო, თქვენ იცით, აბა! - ჰაეროვანი კოცნით დაგვემშვიდობა კერესელიძე და შიშით, ვატო უკან არ გადმობობღდესო, გიჟივით შეხტა მანქანაში. სადარბაზოსთან შევრჩით ერთმანეთს მე და ჯანხოთელი. თითქოს ამინდიც მიხვდა ჩვენ შორის ჩამოწოლილ ბურუსს და გათოვდა. უზარმაზარი ფანტელები ცვიოდა ციდან და ჯერ კიდევ დილანდელ შერჩენილ თოვლის საფარს, ახალს ამატებდა. გაყინული ფიფქები შიშველ კანზე რომ შემეხო, მაშინღა შევნიშნე მოკლე მკლავიანი მაისურით რომ ჩამოვსულიყავი ქვემოთ. -აი, სეზონის გიჟი... - წაიფრუტუნა რატიმ და მოსაცმლის გახდა დაიწყო. -არ მინდა, არ ჩავიცვამ. -არ მიკითხავს. - მომახალა მკვახედ და მოსაცმელი მხრებზე შემომაცვა. უდარდელად მაქცია ზურგი, თითქოს ვალდებულება მოიხადა. თავიდან გამახსენდა რამდენიმე საათის წინანდელი ბრაზი და ისე მომეშალა ნერვები, ახლა შესაძლებლობა რომ მქონოდა, თავსაც გავუტეხავდი. ჩუმად მივიპარე სადარბაზოს წინ მდგარ მანქანასთან. გემრიელად მოვხვეტე ზედ დადებული თოვლი და ახალგაკეთებული გუნდა პირდაპირ თავში ვესროლე. წაბორძიკდა. ძალიან ნელა შემოტრიალდა და ისეთი სახე ჰქონდა, მაშინვე სიცილი წამსკდა. -სერიოზულად? - მკითხა მშვიდად. აუღელვებლად გავაკეთე მეორე გუნდაც. -ნატა, არ ქნა. დაგერხევა. - ხმაში ღიმილი შეეპარა და თითი გამაფრთხილებლად დამიქნია. რა თქმა უნდა, ვესროლე და მოხვდა. წამებში მოსწყდა ადგილს და ამედევნა. -რატი, გთხოვ... - სიცილით გადავკვეთე ეზოს ნაწილი, თუმცა, რას გავასწრებდი. მალევე წამომეწია და პირდაპირ თოვლში ჩამაგდო. -აი, რისი ღირსი ახლა, მითხარი?! - სერიოზული სახე ჰქონდა, თუმცა, ვხვდებოდი ეცინებოდა. სანამ რამე მოიფიქრა, ხელებში მომუშტული თოვლი სახეში შევაყარე. -ნატა.. მართლა ქენი ახლა ეგ?- მკითხა შოკირებულმა. ცალი ხელით დამიჭირა და მეორე ხელით ისე წამოხვეტა თოვლი, მგონი მიწას საფარიც გადააცალა. -შენი ნებით გააღე პირი, მიდი. -ხო არ გააფრინე? - ვიუკადრისე და რაც შემეძლო მაგრად დავაჭირე ტუჩები ერთმანეთს. -აა, აღარ გვეცინება? - ახლა თვითონ აუტყდა სიცილი. - , სანამ არ გაჭმევ, არ გაგიშვებ. გააღე პირი. თავი გავიქნიე. ჩემი ორივე ხელი თავის მაჯაში მოიქცია, მეორეთი ცხვირზე წამიჭირა ხელი და ეშმაკურად აათამაშა წარბები. -წყალქვეშ რამდენ ხანს ძლებდი, გახსოვს? თვალებით ვთხოვდი გავეშვი, თუმცა, ვიცოდი შანსი არ მქონდა. მეცინებოდა ჩვენს ბავშვურობაზე. გარშემო მოვავლე თვალი არე-მარეს, რომ დავრწმუნებულიყავი ჩემს სირცხვილს ვერავინ ნახავდა და მორჩილად გავაღე პირი. -აჰა, ჯანდაბას შენი თავი. გაეცინა რატის. ჩემდა გასაკვრიად, თოვლის ძალიან მცირე ნაწილი ჩამტენა პირში და ფეხზე წამოდგა. -ადექი, მოდი. გაცივდები, ჩემი ბედი რომ ვიცი და ისევ ჩემი მოსავლელი უნდა გახდე. - ხელი გამომიწოდა და წამომაყენა. სასაცილოდ მფერთხავდა თოვლს და ბუტბუტებდა, ვინ ჩამოდის თოვლში მოკლე მკლავიანი მაისურითო. -შევრიგდით? - ეშმაკურად გავუცინე. -შევრიგდით. - გამიღიმა და ხელი გადამხვია. - ბოდიში, ცუდად გითხარი.. -მეც მაპატიე. -ხელით ჩემზე გადმოხვეულ თითებს მოვეპოტინე. -მაგარი მწარე ენა გაქვს ისე, ამოგადგღლიზავ ერთხელაც იქნება. - მითხრა წარბშეჭმუხნულმა. მშვიდად ავიარეთ სადარბაზო. ის იყო ვფიქრობდით სამშვიდობოს ვართო, რომ მეოთხზე სართულზე რატის მოპირდაპირედ მდებარე ბინის კარი გაიღო. -დაგვერხა. -წაიბუტბუტა რატიმ. -Вы с ума сошли, что ли? (გაგიჟდით თქვენ?) - გამოვარდა მირა დოინჯით. - ნუ, რა არის ახლა ეს საქციელი? წეღან დავგავე კიბეები. -მიგვანიშნა კიბეებზე ჩამოყრილ თოვლის კვალზე. -კაი რა, მირაჩკა. - გაუღიმა რატიმ. - რამდენი ადამიანი დადის ამ კიბეებზე, მაინც ატალახდება. -Заткнись! (გაჩუმდი!) - დაუცაცხანა მირამ, სიცილს ძლივს ვიკავებდი. - რას ნიშნავს, ბევრი ხალხი დადის. მაშ, ასე უნდა იყოს? -მირაჩკა, შენ თავს გეფიცები, ხვალ ისე გავასუფთავებ ამ კიბეებს, ალოკილი გეგონება. ახლა გაგვიშვი რა. - შეეხვეწა რატი და ჩასახუტებლად გაიწია. ჩემდა გასაკვირად, მირამ უფლება მისცა. ხომ ვამბობდი, მოთაფლა-მეთქი. -Ну, мерзавец! (არამზადა! ) - ღიმილი გაერია ქალს ხმაში. – Хорошо , რადგან ასე მეუბნები, გაგიშვებ. ერთი ეს მითხარით მარტო, რით ვერ დაგადგათ საშველი?! გაეცინა რატის. -რას ამბობ, მირა.. მეგობრები ვართ-მეთქი, ხო გითხარი?! -ჰმ, მეგობრები, მეგობრები... - ჩაიბუტბუტა მირამ და ნახევარი ტანით შევიდა სახლში. - ჩემს დროს მაგას სხვა რამეს ეძახდნენ. Давай, спокойной ночи.. ( აბა, ღამემშვიდობისა!) კარი ცხვირწინ მოგვიჯახუნა. ერთმანეთს გადავხედეთ მე და რატიმ და ისეთი ხარხარი აგვიტყდა, სახლში რომ არ შეგვესწრო, მეორე სერია არ აგვცდებოდა. შიგნით მოტრიალე სითბო რომ მომელამუნა, ერთიანად ავკანკალდი. -გცივა, ხო? - შემნიშნა რატიმ. - მოგიტან ახლავე ტანსაცმელს. რამდენიმე წუთით გაუჩინარდა პატარა საძინებელში და იქვე სავარძელზე მჯდომი დამტოვა. წინ კირა ამტვუზოდა. სასაცილო სახით მიყურებდა და მივხვდი, ხელში აყვანას მთხოვდა. ფრთხილად ავიყვანე კატა და კალთაში ჩავისვი. გაიტრუნა და მალევე დაიწყო ჩემთვის ძალიან საყვარელი ღუღუნი. -ყველაზე ლამაზი გოგო რომ ხარ, იცი შენ ეგ ამბავი? - ჩავჩურჩულე ფისოს და აპრეხილ ცხვირზე ვაკოცე. ოთახში შემოსულ ჯანხოთელს გაეღიმა ჩვენი დანახვისას. -ეგ მე გადმომილოცე და გამოიცვალე, შეგცივდება. დავემორჩილე, რადგან მართლა მაკანკალებდა სველი ტანსაცმლის შეხებისგან. კირას არ გაუპროტესტებია რატის კალთა, პირიქით, მთელი ტანით მიეკრო პატრონს და უფრო ხმამაღლა დაიწყო ხმების გამოცემა. ალკოჰოლი საგრძნობლად მომკიდებოდა, თუმცა, მთვრალი არ მეთქმოდა. რატის საძინებელში შევედი. მახსოვს, მე დავეხმარე დიზაინის არჩევასა და მოწყობაში. ძალიან სადა, კომფორტული და ლამაზი გამოვიდა. მომწონდა ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი. რატის მაისური და შორტი სწრაფადვე გადავიცვი. ძალიან დიდი მქონდა, თუმდა, შემოჭერილი ზონრების წყალობით არაფერი უჭირდა. არ ჩამძვრებოდა, ყოველ შემთხვევაში. უკან გასვლისას თვალი ფოტოზე გამიშტერდა, რომლიდანაც მე და რატი გულიანად ვიცინოდით. პირველი კლასის ფოტო იყო. გამეცინა, როცა გამახსენდა, როგორ გამომპრანჭა ირმამ. ულამაზესი კაბა და ფეხსაცმელები ჩამაცვა, თმა საგულდაგულოდ დამვარცხნა და კიკინებიც კი გამიკეთა. თუმცა, სულ ტყუილად. უკან მომავალ გზაზე, მე და რატიმ ისე ვიჩხუბეთ, ზოოპარკიდან გამოქცეულ ცხოველს ვგავდი. ორივე კიკინა მომგრეხვოდა და კაბა ლამის კისრამდე მქონდა ასული. სახლში კარგად მომხვდა, თუმცა, დიდად არ მანაღვლებდა, ფოტოდან ჩანდა, რა გულიანად ვიცინოდით მე და რატი. საძინებლიდან გასულს ჯანხოთელი ზუსტად იმავე პოზაში დამხვდა, როგორც დავტოვე. ჩემი დანახვისას ჩაძინებული კირა სავარძელზე გადასვა და წამოდგა. -ცოტა ხანში ავალაგოთ, რა. - შევეხვეწე. - ჩაი დავლიოთ ჯერ. -უკეთესი იდეა მაქვს. - თვალი ჩამიკრა. - ერთი ბოთლი ტეკილა საყინულეში შევაგდე, ვიღაცას გამოუღია და იქვე დევს. დაგვავიწყდა, ეტყობა. დავლიოთ, არ გინდა? -მინდა. - გამიხარდა სასმლის არსებობა. რატიმ ბოთლს, ჭიქებსა და მჟავე პომიდვრებით სასვე ჯამს დაავლო ხელი, მე ბალიშები და ლიმონით სავსე თეფში წამოვკრიფე და იქვე გამათბობელთან ჩამოვსხედით. ასე ვიცოდით. თუ მარტოები ვსვამდით, მაგიდას არასდროს ვუსხდებოდით. ასე გვეკომფორტულებოდა და ერთმანეთთან საუბარიც რატომღაც უფრო სასიამოვნო იყო. რატიმ ტეკილა ჭიქებში გაანაწილა. -ჯერ შენ. - მითხრა და ჭიქა მომაწოდა. -ჩვენ გაგვიმარჯოს. - ვუთხარი უყოყმანოდ და ჭიქა მივუჭახუნე. -გაგვიმარჯოს! - ერთი ამოსუნთქვით გადაჰკრა სასმელი, მეც მას მივბაძე. სიმწრისგან ორივეს დაგვეჯღანა სახე. რატიმ ლომინის ნაჭერი მომაწოდა,მე პომიდორი მივეცი. რამდენიმე წამით ჩამოვარდა სიჩუმე. არ მიყვარდა ასეთი პაუზები. ყოველთვის მეგონა, რომ ორი ერთმანეთისთვის ახლობელი ადამიანი ერთად ყოფნის დროს თუ დიდხანს ჩუმდებოდა, რაღაც ძალიან ცუდზე, ან უხერხულზე ფიქრობდა. დუმილი სწორედ იმ თემით დავარღვიე, რაზე ლაპარაკიც უკვე დიდი ხანია მინდოდა. -მართალი იყავი შენ. -მიყვარს, როცა მაგას ამბობ ხოლმე, - ჩაეღიმა და თავი სამზარეულოს დახლს მიადო. - თუმცა, ამჯერად რაზე? -ლაშაზე. - დავიწყე მძიმედ. - მართლა მაქვს კომპლექსი. ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, რომ მაშინ შევურიგდი, როცა არ უნდა მომეშვა ახლოს. -რატომ? -შენ იცი, რომ მეორე დაშორებაზე, ანუ ღალატზე უფრო მეტად, პირველი მეტკინა? მზერა დაეძაბა რატის და პასუხის მოლოდინში მომაჩერდა. -ჩემი თავის ყველაზე ცუდი ვერსია ვიყავი მაგ დროს. მეზიზღებოდა საკუთარი თავი. რა სიტყვებიც წამომაძახა, ახლაც მიწუის ყურში. მომახალა, შენს კარგ ტიპობას სულ ცხვირში მტენიო. იმიტომ დამშორდა ტიპი, რომ ზედმეტად ვზრუნავდი, თურმე. ჩემი საჩუქრები ეზედმეტებოდა, ჩემი ყურადღება. - სიმწრით ჩამეცინა. -შენი ყურადღება კი არა, შენ აკომპლექსებდი, ნატა. - სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, მანამ გააგრძელა. - ადამიანურად შურდა შენი. ვერ იტანდა, რომ შენ ბევრად უფრო შემდგარი, ჭკვიანი და კარგი ტიპი იყავი. შენი წარმატება კი არ უხაროდა, ძაბავდა, ბოჭავდა. -და რატო? - გავიკვირვე გულწრფელად. - საყვარელი ადამიანის წარმატება არ უნდა გიხაროდეს, განა? -ხო, მეც მანდ ვარ. ნატა, მაშინ, ეგ რომ მობრუნდა, მე მართლა მეგონა, რომ არ აპატიებდი. ძალიან მჯეროდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ საკუთარ თავს დააყენებდი პრიორიტეტად. ის მეწყინა, რომ კიდევ ერთხელ გვერდზე გააჩოჩე შენი თავი და ჯერ მასზე იფიქრე. შენს თავს ვჩიოდი, რადგან აღარ მინდოდა იგივე გამოგევლო. - მშვიდად საუბრობდა, თვალები უელავდა მხოლოდ ბრაზისგან. მარჯვენა, ბროწეულიანი ხელი ჩამოისვა ამოზრდილ წვერზე და გააგრძელა. - ეგ თვისება მე შენში მიყვარს. ყველაფრის გადადება, რომ შეგიძლია გარშემომყოფებისთვის, მაგრამ თან ძალიან ვბრაზდები. ნატა გავიწყდება ხოლმე ზოგჯერ. ჩემი ნატა. რომ აპატიე, ეგ იცი რამხელა ძალაა? ადამიანის უნარია, რომელიც ბევრს არ აქვს. სიუვარული შეგიძლია შენ... -ხო, მაგრამ შეცდომა დავუშვი.. -და ვერ პატიობ მაგ შეცდომას შენს თავს. ყველაფერში რადიკალი ხარ და იმიტომ. - ტონი დაეძაბა რატის და არტისტულად შემოჰკრა ტაში. - არა, შეცდომა არ გეპატიება, შენ ხომ ნატა ხარ, სიხარულიძე. სკოლაშიც ეგრე იყავი, გახსოვს? რა დამავიწყებს, მათემატიკის საკონტროლოში ცხრიანი რომ მიიღე, მიცვალებულის ფერით დადიოდი სკოლაში ერთი კვირა. სახლში გამტისკავენო იძახდი, არადა, რა მაგრად ეკ*დათ ირმას და სოსოს ეგ შენი ცხრიანი. ბავშვობიდანვე გაქვს ჩაყოლილი, რომ ყველაფერი უნდა გახარჯო, მაქიმუმი გაიღო, სისხლი იდინო არტერიებიდან. - ბოლო წინადადებაზე სიცილი ამიტყდა და ისიც ავიყოლიე. -ცუდია ეგ მერე? -ცუდია-თქო, ვთქვი? პირიქით, ძალიან მევასები მაგის გამო, იმიტომ რომ შენთან მოწყენა შეუძლებელია. სულ ტონუსში ხარ და მე მაგალითად, ეგ ძალიან მეხმარება. უბრალოდ, ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ გამოდის, როგორც გინდა და მაგ დროს, რომ ცოტა მოდუნდე, არაფერია, ნატა. შეცდომასაც არა უშავს. რატო, იცი? შეცდომის მერე სწორად გაკეთებულზე მაგარი მუღამი ძალიან ცოტა რაღაცას აქვს ცხოვრებაში. დამიჯერე, სხვანაირად ამაყობ მერე შენი თავით. -არა უშავს, არა? -არა უშავს. - გაეღიმა თვითონ, ბროწეულიანი ხელი ჩემსკენ წამოწია და საჩვენებელი თითით შეეხო ჩემს ლოყას. - მაგ ფოსოებზე მეტად, ძალიან ცოტა რამე მიყვარს ამ ქვეყნად. გამეღიმა და ამჯერად მე ჩამოვასხი ტეკილა ჭიქებში. -შენი ჯერია. -შეცდომებს გაუმარჯოს. - მითხრა რატიმ და პირველმა ისევ თვითონ გადაკრა სასმელი. ვგრძნობდი, როგორ მიბრუნდება სიმთვრალე. ცხელ ტალღებად მოდიოდა ალკოჰოლი ჩემს სისხლში და მალევე წამოვხურდი სახეზე. -შენ რა გაწუხებს ახლა ყველაზე ძალიან? - ვკითხე მშვიდად. -ელენე რომ იტანჯება, აი ეგ. - მითხრა უყოყმანოდ, - თერმოსა რომ დაბერდა, ეგეც. კვაშის ტკივილის წაღება რომ არ შემიძლია, ეგ საერთოდ მბრიდავს, ნატა. -ვიცი... -ხმა გამებზარა. - ვიცი და რით დაგეხმარო, ვერ ვხვდები. -ერთხელ მახსოვს, ბელა მეჩხუბა. - წამოიწყო მშვიდად, - გეოგრაფიაში, მალვინამ რომ ორიანი დამიწერა, ხო გახსოვს? - ჩამეკითხა და ჩემგან დასტური რომ მიიღო, გააგრძელა. - აი, ეგ დღე იყო ზუსტად. არ დამიმალავს რა, პატიოსნად ვუთხარი ბელას, ორიანი ავირტყი-მეთქი. ძალიან მეჩხუბა, ცალკე ჯაბამ დამიმატა და ბავშვურად ისე მეწყინა, ვიფიქრე, მეთქი სულ წავალ სახლიდან.. ჩავალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა ელიკოს ჩემოდანში და გამოვედი სახლიდან. -შტერო, სად მიდიოდი? - გამეცინა ბებიამისის ჩემოდნიანი, პატარა რატის დანახვაზე. -აზრზე არ ვარ, სად მივდიოდი, რა მინდოდა. - ეცინებოდა თვითონაც. - კვაშილავების სახლს რომ ჩავუარე, ელენემ დამინახა, თურმე. დამიძახა, სად მიდიხარო. გაგულისებულმა მივაძახე, გამაბრაზა-თქო შენმა დაქალმა. გაეღიმა. თავისი ხელით მომწმინდა ცრემლები, ნატა. შენ ხო გახსოვს, ვერ ვიტანდი ტირილს, მაგრამ ელენე რომ ჩამეხუტა, ისე მოვაღე პირი, კარგა ხანს ვერ გავჩერდი. ალადები გამომიცხო, თავისი გაკეთებულ ჟოლოს ჯემთან ერთად მაჭამა და ბროწეულის ჩაი დამალევინა. ეგრე გემრიელად ალადები ცხოვრებაში არ მიჭამია. სხვანაირი გემო ჰქონდა მაშინ მაგას. დამამშვიდა, ბევრი მეფერა და ბელასთან ისე მომიგვარა, საღამოს ტირილით მომაკითხა დედაჩემმა კვაშილავებთან. -რატი... - ცრემლები ძლივს გადავყლაპე. - არ ვიცოდი ეგ ამბავი... -არავისთვის მომიყოლია, კვაშიმაც კი არ იცის, მგონი. არ იყო მაშინ სახლში. -საოცარი ქალია. ვის, ვის და მას რომ დაემართებოდა, ვინ იფიქრებდა? - კიდევ ერთხელ გამიტყდა ხმა. თავი ჩაქინდრა რატიმ, ჩუმად მოიწმინდა ლოყაზე მომდგარი ერთადერთი ცრემლი. -რამე რომ მოუვიდეს, არ ვიცი... -არაფერი მოუვა, - გამიმტკიცდა ხმა და მასთან ახლოს მივჩოჩდი. - კაი რა, როგორ თქვა ვატომ? "ზაპოი" თომას გააგდებინა სასმელი ხელიდანო. -ხოო, გოგო, - სიცილი წასკდა ჯანხოთელს, - იცი შენ ეგ ამბავი? -არ ვიცი. -მეთერთმეტე კლასში გადაეყარა კვაში მაგ თომას, თურმე. ამას „პაძელნიკი“ არავინ ჰყავდა, მოითრია და იმდენი ასვა, კინაღამ საკუთარ ნარწყევში დაიხრჩო ეს. ხელში ერთი ლიტრა თუთის არაყი ეჭირა თომას, კვაში რომ სახლში მიათრია. გაგიჟებულა ელენე, ჯერ ხო კვაში "გატისკა", მერე თომას ესროლა ვედრო და ბონუსად ის თუთის არაყიც დაიტოვა. მთელი ცხოვრების გაქვს დალეული, აღარ გჭირდებაო. -მეღადავები? - ბოლო ხმაზე ვხარხარებდი. - აი, ცალი თვალით დამანახა ეგ სცენა, რატი. -ხო, მეც მაგაზე ვოცნებობდი კაი ხანი, კვაშიმ რო მომიყვა. -რატი, სახლზე რა უნდა ქნან? - გამახსენდა ჯანხოთელების გვერდით მდებარე სახლი, სადაც კვაშილავები ცხოვრობდნენ. ელენეს სიმსივნის გამო, მისი ბანკში ჩადება მოუწიათ. -არ ვიცი, მაგაზე ჯერ ვაფშე ვერ ვფიქრობ, ნატა. ოღონდ ყველაფერი კარგად დამთავრდეს და მაგასაც ეშველება რა. -ხო, მართალი ხარ. სახლი ნამდვილად მეორეხარისხოვანია. -შენი ჯერია.. - მითხრა ბიჭმა და სასმელზე მანიშნა. -მაგრად გამოვთვრებით, რატი. -რაღაც შენ ხმაში შიშის ტალღები იგრძნობა... - ეჭვნარევი სახით შემომხედა ბიჭმა. -ვერ მოგართვი, ბანძო. - დავეჯღანე და სასმელი ჭიქებში გადავანაწილე. -ეგრე ამბობდი ბანკეტზეც და მერე ფეხსაცმელზე დამარწყიე. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, აი მე კი მერჩივნა ადგილიდან გავმქრალიყავი. -ფუ, რა საზიზღარი ხარ. რატო მახსენებ მაგას? -კაი, კაი, ნუ აწივლდი. - გაეცინა რატის. - შენი ჯერია-მეთქი. -აუ, რატი... - გულიანად გამეღიმა, როცა მივხვდი, რაზე უნდა მეთქვა შემდეგი სადღეგრძელო. - ბროწეულების უბანს გაუმარჯოს. -ჩვენს უბანს? - მომიწონა ჯანხოთელმა. - გაუმარჯოს, ამ წმინდა ხილს გაუმარჯოს, - თქვა და მარჯვენა ხელზე ამოკაწრული პატარა ბროწეულისკენ მიმითითა, - ჩვენს ხალხს გაუმარჯოს, ყველა ქუჩას, ყველა ადამიანს, ჩემს თერმოსას გაუმარჯოს.. -თერმოსაზე დარდობ, არა? - გამეღიმა რატის მოხუცი ძაღლის გახსენებაზე. -მაგრად, - ნაღვლიანად მიპასუხა. -რამდენი წლისები ვიყავით, რომ მოიყვანე? -თექვსმეტი. ახლა რამდენისები ვართ, გახსოვს საერთოდ? - მკითხა სიცილით. -ოცდა... - ვცდილობდი ხელებზე დამეანგარიშებინა ჩვენი ასაკი, -რვა.. აუ, დავბერდით, რატი... -ჩვენ არა, თერმოსა კი. -გაეცინა და სასმელი ისევ ერთი ამოსუნთქვით დალია. ერთიანად დავლიე მეც. -კიდევ? - ჩავეკითხე მშვიდად. -რა კიდევ? -კიდევ რა გაწუხებს? -რატო გადაწყვიტე, რომ რამე მაწუხებს? - გაეღიმა რატის. -რა ვიცი, ვგრძნობ თითქოს. ამოიოხრა ბიჭმა. ცალი ხელით შესწორა შუბლზე ჩამოყრილი მოზრდილი თმა და მზერა ამარიდა. -რავი, ნატა. ბევრს ვფიქრობ ამ ბოლო დროს ყველაფერზე. -მაინც? -რავი, რაღაც პონტში მგონია, რომ ჯაბას იმედები გავუცრუე რა. -შენ ხო არ გაგიჟდი? - ვერ შევიკავე ყვირილი. - რა სისულელეებს ამბობ.. -ეგრეც არის, პრინციპში. ვიცი, რომ მაგას არასდროს მაგრძნობინებს, მაგრან შენ გგონია არ უტყდება მაგის გზა რომ არ გავარძელე?! -რა უტყდება ჯაბას, რატი, იურისტი რომ არ გამოხვედი? - გამეცინა მე. -ხო, უტყდება. უტყდება, იმიტომ რომ ვერავის გადააბარებს იმას, რასაც მთელი ცხოვრება შესწირა. რამდენჯერმე დანანებით უთქვამს, ამ ჩემს სანოტარო ბიუროს რა ეშველებაო და ყოველ ჯერზე გულზე ხინჯად მხდვება ეგ ამბავი. პროგრამირებაზე რომ ჩავაბარე და არა იურიდიულზე, მაშინაც ვხვდებოდი, რა მაგრად ეწყინა ჩემი არჩევანი. ხმა არ ამოუღია. მინდოდა ეჩხუბა, ეყვირა, მაგრამ მხარზე ხელის დაკვრით მომილოცა და ვამაყობო, მითხრა. მეორე წამს გავიდა კაბინეტში და იქიდან ლამის ერთი კვირა არ გამოსულა. ახლაც ზუსტად ვიცი, ძალიან ბევრს ფიქრობს მაგაზე. -რატი, შენ რომ იურისტი არ ხარ და მამაშენივით კაბინეტში არ გამოჯდები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჯაბას დანატოვარი დაიკარგება. შენ საერთოდ იცი, როგორი სიამაყით ლაპარაკობს ჯაბა შენზე მახოსთან? ამასწინად ეუბნებოდა, რაღაც კოდი დაწერა და ნახევარი საქართველო ამის პროგრამით მუშაობსო.. გიჟდება შენზე. შენში კი არ გაცრუებია იმედები, თვითონ რომ ბერდება და მუშაობა ისეთი ენერგიით აღარ შეუძლია, მაგას განიცდის. დამიჯერე, რატი, ჯაბას ყველაზე ძვირფასი ინვესტიცია და საჩუქარი შენ ხარ. არც კი ვიცი, ამაზე როგორ ფიქრობ, როცა კაცს ასე ეიმედები. -მე ვეიმედები? - გაუკვირდა ბიჭს. -კი, შენზე ლაპარაკობს ყველგან და უზომოდ ბევრს. შენი მიღწეული ყველა წარმატება უყვარს. -ვახ, მაგ კუთხით არასდროს მიფიქრია. -მაგ სანოტარო ბიუროს რომ მიხედავ, ეგეც იცის. არასდროს გაგიცრუებია მისთვის იმედები და იმიტომ. უჩვეულოდ თბილად გაეღიმა რატის. -ვერასდროს ვხვდებოდი, როგორ შეგეძლო ადამიანების ასე სწრაფად და ლოგიკურად დამშვიდება. აი, ისეთ რაღაცას იბაზრებ, ყველა ცუდი აზრი გაგეფანტება ადამიანს და მერე ისეთ სახეს იღებ, გეგონება ყვავილები მორწყე. -ყვავილები მოვრწყე? - გამეცინა მის შედარებაზე. -ხო, ცვეტში. - ამყვა ისიც და სითხე კიდევ ერთხელ ჩამოასხა ჭიქებში. -შენ, ნატა? შენ გაწუხებს რამე? -ნატრული რომ მქვია, ეგ მაწუხებს მაგრად. - ვთქვი სერიოზული სახით. ისეთი ხარხარი აუტყდა რატის, მირას მესამე სიზმარი დაუფრთხო, მგონი. -სასაცილოა? - გამოვცერი კბილებში. -მაგარი, - ვერ ჩერდებოდა ბიჭი, - ეგ რომ ეგრე ძალიან გაწუხებდა, არ მეგონა. -ახლა დიდად აღარ, მაგრამ კლასში სიას რომ კითხულობდნენ, ყოველ ჯერზე მინდოდა გავმქრალიყავი. -რა გინდა, არ დაგცინოდით ჩვენ.. -შენ არ დამცინოდი, რატი. - გამეღიმა მწარედ. - ორადორი უნდა გენახა შენ.. -კაი, გოგო, მაგათ ვისთვის უნდა დაეცინათ, მეცხრე კლასამდე ვატოს ეგონა რომ 4x4 - 8 იყო. -აჰაჰა, - სიცილი წამსკდა მეც, - საკონტროლოშიც ეგრე დაწერა, მახსოვს. -მაგიტომ იყო მერე, კვაშიმ რომ 24X36-ზე გადიდებული ზომით აჩუქა გამრავლების ტაბულა. -მითხარი, მარიამთან რა მოხდა. - ვიკითხე შეფარულად. უსიამოვნოდ მოეღუშა რატის სახე და ამოიოხრა. -რატომ ჩამაჟინდი? -მაინტერესებს უბრალოდ. - მხრები ავიჩეჩე. - ისეთი აღტაცებით ლაპარაკობდი თავიდან, მეგონა გიყვარდა. უცნაურად ჩაეცინა ჯანხოთელს. წამით შემომხედა და ისევ ამარიდა თვალი. ისე წამოდგა ფეხზე, თითქოს საუბრისგან თავის დაღწევა უნდოდა და ვხვდებოდი, ასეც იყო. მშვიდად მივიდა იქვე სამზარეულოს დახლთან და პირველივე უჯრიდან საგულდაგულოდ გადამალული სიგარეტის კოლოფი ამოიღო. ხელში მაცდურად შეათამაშა „სობრანიე კასტერი“. -ჯერ კიდევ თეთრი კოლოფია, რამდენი ხნისაა, ხვდები? -ჩვენი პირობა? - გამეცინა. - დავარღვიოთ? -დღეს რა დაშავდება? - გაეცინა და აივნისკენ აიღო გეზი. მორჩილად მივყევი უკან. მისაღები ოთახიდან აივნამდე ორჯერ რომ წავბორძიკდი, მაშინ მივხვდი, როგორ მომკიდებოდა სასმელი. არ მინდოდა შემმჩნეოდა და დაყენებული სახით ამოვუდექი გვერდით რატის. რატის აივნიდან მთელი რიყე ჩანდა. აქა-იქ ჩაბნელებულ ქუჩებს ძალიან მკრთალად ანათებდა თბილისის ანძა და ძალიან თუ მიაყურადებდი, მტკვირს ჩუმ გმინვასაც კი გაიგებდი. თვითონ ეწეოდა უკვე. ორივე ხელით დაყრდნობოდა აივნის მოაჯირს. ხარბად მოქაჩა სიგარეტს, თვალებმოჭუტულმა თავისივე ხელით ამოაძვრინა კოლიფიდან ერთი ღერი და მეორეთი მომიკიდა. საწყის პოზიციას რომ დაუბრუნდა, მხოლოდ მაშინ დაიწყო მშვიდად საუბარი. -არ მიყვარდა. ვერც შევიყვარებდი. რომ მივხვდი, თვითონ სხვანაირად უყურებდა მაგ ამბავს, გავჩერდი. არ მინდოდა მოტყუება... -მანამდე ვერ ხვდებოდი მაგას? ნერვულად მოისვა ხელი წვერზე. -ვერა, ალბათ. ან, არ ვიცი. რთულია ასე წინასწარ დასკვნების გაკეთება. ჩემი ბრალია, ვიცი. ესე ხდება, როცა ბევრი რაღაცის თქმა გინდა და ვერ ამბობ. -რისი თქმა გინდა და ვერ ამბობ? - შევშფოთდი მე. - მომიყევი, იქნებ დაგეხმარო. -გადმოსაცემად რთულია, ნატა. ვერ ვხვდები, როგორ აგიხსნა. -რატი... - მოუთმენლად მივაჩერდი. - რა გჭირს? -ნატა, ნუ მაწვები ეგრე. - გაღიზიანდა. - არ მიყვარს, ხო იცი. -ვახ, კაი. - ვიწყინე. - ჩემგან რაღაცების დამალვა ჩვევად გექცა შენ. არ ვიცი როდიდან, მაგრამ ეგრეა აშკარად. სახე შეჭმუხნულმა გამომხედა. ნახევრამდე ჩასულიყო მისი სიგარეტიც, ფერფლი ნაზად დაიშალა, ადგილს მოსწყდა და ფიფქებს შეერია. -ძაან დავთვერი, ნატა. - მითხრა მოულოდნელად და გაეცინა. სიცილი წამსკდა მეც. -პირველმა შენ აღიარე. - გამეღიმა და დავნებდი. - მეც ძალიან ნასვამი ვარ. გამიღიმა და მოაჯირს ზურგით მიეყრდნო. დარჩენილ ღერს კიდევ ერთი ნაპასი დაარტა და ნახევრად ჩაუტყდა ტუჩის კუთხე. ასე იქცეოდა ყოველთვის, როცა რაღაცის თქმას აპირებდა. -ვერ შევიყვარებდი. ზუსტად ვიცოდი ეგ... არც მეგონა, რომ აქამდე მივიდოდა ყველაფერი. სხვადასხვაგან ვიყავით ძალიან და თავიდან მეგონა, უბრალოდ ფლირტის იქით აღარ იქნებოდა არაფერი, მაგრამ თვითონ შემეჩვია ძალიან. მზერაც სხვანაირი ჰქონდა ბოლოს უკვე და ვერ მოვექცეოდი ეგრე.. -თვითონ ყვარებოდი და შენ არა? -ხო, რა. - მითხრა აფორიაქებულმა. სიმთვრალისგან ერთიანად არეოდა თვალები. - არაკაცები იქცევიან ეგრე. სხვისას ვერ ვიგებ, მე როგორ მექნა ეგ. თვითონ ვყვარებოდი და მე სხვა... ენა დაება და წაბორძიკდა. ბოლო წინადადება იმდენად ჩუმად და გაუგონრად თქვა, მეგონა მომესმა. თვითონაც დაბნეულიყო. სახეზე ერთიანად აალდა და დანაშაულზე წასწრებულმა ნერვულად მოისვა თავზე ხელი. -რანაირად თქვი? - სასმლისგან გათიშულმა სათქმელს ძლივს მოვაბი თავი. -ანუ, იმის თქმა მინდოდა, რომ მე ვერ შევიყვარებდი-მეთქი. შევიდეთ, მაგრად ცივა. - ერთიანად დაბნეული ეცა აივნის კარს და შიგნით შევარდა. ჯერ კიდევ გაგონილის გაანალიზებას ვცდილობდი, თუმცა, მაინც ჯიუტად გავყევი უკან. სამზარეულოს დახლთან იდგა და დარჩენილ ტეკილას ისხამდა კუთვნილ ჭიქაში. ისე გადაჰკრა, თითქოს სასმელს მაგიური ძალა ჰქონდა და მოსალოდნელი საუბრისგან გადაარჩენდა. -რა თქვი წეღან, ვერ მივხვდი. -ხო აგიხსენი, რაც ვთქვი. - გაღიზიანდა. -თვითონ ვყვარებოდი და მე სხვა, რას ნიშნავს რატი? - გამეცინა. - ვინმე გიყვარს და არ ვიცი? -მსგავსი არაფერი მითქვამს, ნატა. არასწორად გაიგე. - ჩაიცინა ნერვულად. -რა გავიგე არასწორად, ადამიანო. ეგეთი მთვრალიც არ ვარ. - მივუახლოვდი და წინ ჩამოვუდექი. - დამალევინე მეც. -აღარ გვინდა მეტი, ნატა. მთელი ბოთლი დავლიეთ ლამის. -შენ ჩემზე ერთი ჭიქით მეტი გაქვს დალეული, ეგრე არ მოსულა. - ტეკილის ბოთლი წავართვი და მისივე ჭიქაში ჩამოვასხი. ამოსუნთქვის გარეშე დავლიე ბოლო ჭიქა. ყელშივე ვიგრძენი სასმლის სიმხურვალე. -ნატა... არ დამარწყიო. - გაეღიმა თვითონ. ძალიან მიჭირდა წონასწორობის შეკავება. არც თვითონ იყო უკეთეს დღეში, ვხვდებოდი. გონებაში ერთადერთი რამ მიწუოდა. „თვითონ ვყვარებოდი და მე სხვა...“ ერთიანად დამებინდა გონება. სასმლის წვეთებმა უმოწყალოდ გათიშა ტვინის ყველა უჯრედი და თითქოს გულს მისცა იქ გამომწყვდეული ყველა შეუძლებლობის გამომჟღავნების უფლება. „თვითონ ვყვარებოდი და მე სხვა..“ „თვითონ ვყვარებოდი და მე სხვა..“ „თვითონ ვყვარებოდი და მე სხვა..“ -თვითონ ყვარებოდი და შენ სხვა გყვარებოდა? - ვერც მივხვდი ისე გამისწრო ენამ წინ. ხარბად ჩავაშტერდი თვალებში იმის მოლოდინით, რომ იქ რამეს დავინახავდი. ხაკისფრად აუკიაფდა თვალები, უძირო ბრაზი ჩაუდგა თითქოს. -გცოდნია და რაღა გინდა ჩემგან? -მცოდნია? რა მცოდნია? - გავიმეორე დაპროგრამებულივით. - ვინ გიყვარს? როდის და როგორ შემცირდა ჩვენ შორის მანძილი, ვერ გავიაზრეთ ვერც ერთმა. არარეალურ რეალობაში ვგრძნობდი თავს, სადაც მეგონა, რომ წამი-წამზე ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდებოდა და ჩამოიშლებოდა. ჯიუტად გაირინდა გარეთ ყველაფერი და მომეჩვენა, თითქოს გარეთ ფიფქების კიაფსაც კი ხმა ჰქონდა. -რას მეუბნები, ანუ? - ხმა ჩამიწყდა. -შენ რა გინდა, რომ გაიგო? - მითხრა წარბეჭმუხნულმა და ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. -ბრაზდები? -არ ვბრაზდები, გეკითხები. - მითხრა მშვიდად. -გაიწიე,რატი... - უძლურად ჩავიჩურჩულე და უნებურად მიმეხუჭა თვალები. გაირინდა თვითონაც. მეგონა დასრულდა ეს გაუგებრობად, ტუჩებზე რომ ვიგრძენი ის სიტყვები. -შენ გაიწიე, ნატა, თორემ მე უკან გზა არ დამრჩა... მინდოდა ნაბიჯის უკან გადადგმა. საშინლად მინდოდა, გვერდზე გავდგომოდი, ეს რამდენიმე წუთიანი სიგიჟე გაფუჭებული ალკოჰოლის სინდრომით დამესათაურებინა და საშინელი უხერხულობა სიცილით გამეფანტა. მინდოდა, მე და რატის რამდენიმე წუთში ამაზე მთელი ხმით გვეხარხარა და მეორე დილით ნაბახუსევით გაღვიძებულებს აღარაფერი გვხსომებოდა, მაგრამ ჯიუტად ვერ ვიმორჩილებდი ფეხებს. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემ თავს, თუმცა, ვიაზრებდი, რომ რაღაც ისეთი მომდგომოდა კარს, რაც თავდაყირა დააყენებდა ჩემს, მის, ჩვენი ოჯახებისა და მეგობრების ცხოვრებას. თვალები გავახილე. ისევ იმ მზერით მიყურებდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა იკითხებოდა მასში. მხოლოდ რაღაც დროის შემდეგ გავაანალიზე, რომ ვერ მპატიობდა უნებურად გამხელილ საიდუმლოს. წამებში შეეცვალა გამომეტყველება. ნაზად შემეხო სახეზე და ზუსტად იმ ადგილას დამადო თითები, სადაც ლოყა მეჩხვლიტებოდა. -შენ ხვალ ამ ყველაფერს ინანებ, მე კი ეს მზერა ყველაფერს მირჩევნია. გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მომეკრო ტუჩებზე. ერთიანად მოეშვა მთელი სხეული. გონება მთელი ხმით კიოდა. სახლში სირენებივით ისმოდა გამაფრთხილებელი ხმები - რომ მე ჩემი ბავშვობის მეგობრის წინ ვიდექი, ჩემი და მისი გრძნობებით შიშველი, რომ ეს ყველაფერი ილუზია იყო, რომ არ უნდა მომხდარიყო მსგავსი არაფერი, რომ ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასს წამართმევდა, მაგრამ ყველაფერი მისმა შეხებამ ჩაახშო. საკუთარი ნებით შევაგებე ტუჩები. არც მაშინ შევუწუხებივარ სინდისს, როცა მისი მკლავი ჯიუტად მომეხვია წელზე. არც მაშინ მიგრძვნია უხერხულად თავი, მთელი სხეულით რომ მიმიკრა მკერდზე. დაუმორჩილებელმა ხელებმა გაყიდა, როცა ნაზად გადამაძრო მაისური და ფრთხილად ჩამოაცურა თითები შიშველ ზურგს. არც ერთი წამით მოშორებია მისი ტუჩები ჩემსას, ჩემს კისერს, ჩემს მკერდს. ნაგავში მოვისროლე ჩემი სინდისის ხმა. ჩემი მაისურის გზას გავუყენე მისიც. -რატი... - დამნაშავესავით დამცდა მისი სახელი. -დღეს რა დაშავდება... - გაიმეორა რამდენიმე წუთის წინანდელი თავისივე ნათქვამი - სასმლის ბრალია... -შენ რომ სხვა გიყვარს, იმის არა? - ჩავეკითხე. -ვინ სხვა? - ამოთქვა და გამიღიმა. თავად ვაკოცე. აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. მას მერე ფრაგმენტებად მახსოვდა ყველაფერი. როგორ აღმოვჩნდი მის კალთაში. როგორ ვეხებოდი მის ბროწეულს ურცხვად. როგორ მიიხურა მისი საძინებლის კარი და როგორ აღმოჩნდა ორივეს გრძნობები ამ კარს მიღმა. ^ ^ ^ მეორე დილით უმოწყალო თავის ტკივილი ვერაფერს დავაბრალე. გონება და ლოგიკურობის ის მცირე ნაწილი, რაც გუშინდელ ღამეს გადაურჩა, მკარნახობდა, რომ სასმლის ბრალი იყო, ჩემი შინაგანი მე კი, ავად ყიოდა რომ სირცხვილის. თვალების გახელისთანავე ნაცნობი ჭერი ისე კომფორტულად აღარ მომჩვენებია, როგორც აქამდე. ყველაფერი მახსოვდა, ყველა წამი და ყველა შეხება, ახლა რომ სირცხვილით მიწვავდა მთელ სხეულს, გუშინ კი - ვნებასა და სურვილებს ვაბრალებდი. ამ ოთახში მარტო მეძინა ყოველთვის. მარჯვენა მხარეს, ან კირა მხვდებოდა, ან ის სიცარიელე, რომელსაც ახლა ვნატრობდი. არადა, ზუსტად ვიცოდი, ჩემს შიშველ წელზე გადმოდებული მკლავის პატრონი ვინ იყო. ჯიუტად წიოდა ჩემში სინანული. „შენ ხვალ ამ ყველაფერს ინანებ, მე კი ეს მზერა ყველაფერს მირჩევნია.“ გულის რევა ვიგრძენი. ვეცადე ფრთხილად წამოვმდგარიყავი და მხოლოდ ფეხზე ადგომის შემდეგ შევნიშნე იქვე პატარა სკამზე მჯდომი კირა, რომელიც ჯიუტად მომშტერებოდა. „შენც კირა,შენც განსმსჯი,არა?“ - გამეფიქრა მწარედ და სააბაზანოში გავვარდი. შესვლა და გულის არევა ერთი იყო. ძლივს მივაღწიე ნიჟარამდე, რომ როგორმე წყალი შემესხა სახეზე და რამით გამოვფხიზლებულიყავი. რამდენიმე წუთი ვცდილობდი საკუთარი ანარეკლის ამოცნობას სარკეში, თუმცა, არაფერი გამომდიოდა. ერთადერთი, რასაც იქ ვხედავდი, გუშინდელი ღამის ფრაგმენტები იყო. საკუთარ თავს ძლივს დავატანე ძალა და სააბაზანოდან უხმაუროდ გამოვედი. სახლში დაბუდებული სამარისებური სიჩუმეც კი გუშინდელ ღამეს მახსენებდა, თითქოს. საძინებლის კარი ჯერ კიდევ ღია იყო. შევიჭყიტე და როცა დავრწმუნდი, რატის ზუსტად იგივე პოზაში ეძინა, როგორც დავტოვე, შვებით ამოვისუნთქე. რამდენიმე წუთი მოვანდომე ჩემი ნივთების წამოკრეფას მისაღებიდან და გარეთ გავვარდი. სანამ კიბეებზე ჩავრბოდი, ერთადერთი რამ მიტრიალებდა თავში. იქამდე არ გაღვიძებოდა და არ ამდევნებოდა, სანამ იქაურობას არ გავეცლებოდი. საშინელება ხდებოდა ჩემს თავში. არ ვიყავი იმ რეალობის მისაღებად მზად, რაც ახლა დამდგარიყო. ვერ ვნახავდი. ვერც ერთ სიტყვას გავუცვლიდი, რადგან არ ვიცოდი, რა უფრო აძლიერებდა ჩემ სხეულში დაბადებულ სირცხვილის ტალღებს. გუშინ დაკარგული საკუთარი თავი, თუ, ის მწარე სიმართლე, ჩემივე ხელებით რომ ამოვგლიჯე რატის პირიდან. ^ ^ ^ მეორე დღის საღამოს კეკეს საგურამოს სახლის სამზარეულოში შემოვსხდომოდით მაგიდას მე, სოფო და სახლის პატრონი. ჯერ კიდევ საშინელი ნაბახუსევი მქონდა. თუმცა, ვეღარც გამეგო, რისთვის უნდა დამებრალებინა ის არაამქვეყნიური თავის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება. სრული და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო სამზარეულოში და თავს დავდებ, აქაურ კედლებს მსგავსი არაფერი ახსოვდათ. თხუთმეტი წუთის წინ დავამთავრე ყველაფრის მოყოლა, თუმცა, გოგონების გაოგნებული სახეებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებდი, დიდად არც ერთს ყოფნიდა საუბრის დაწყების სიმამაცე. -შემაგინეთ მაინც... - მოთმინების ფიალა ამომეწურა და წამოვიყვირე. ადგილზევე შეხტა სოფო და საშველად კეკეს მიაპყრო გადმოვარდნის პირას მყოფი თვალები. -ანუ... - შეფარვით დაიწყო კეკემ. - ცოტა გონს მოსვლა გვაცალე, პატარა ამბავი ხომ არ არის? -კიდევ გამიმეორე. - ირონიულად გავუღიმე ზურგში ლახვრის მცემელს. -მე ვიცოდი... - დასცდა სოფოს და ორივე ხელი აიფარა შეჭმუხნულ სახეზე. -რა იცოდი? -ხო, სოფო, რა იცოდი? - ჩაეკითხა კეკე. -ვიცოდი რატის გრძნობების შესახებ. - წამოიწყო სოფომ. - ანუ, ვხვდებოდი ყოველთვის რაღაცას. -ეგრე მეც მქონდა ეჭვები, მეგონა რამე დადასტურებულად იცოდი. - ამოიფრუტუნა კეკემ. -რას ბოდავთ, ხალხო? - სულ გავგიჟდი სიახლის მოსმენაზე. - მსგავს რამეზე გქონდათ ეჭვი და მე არ მითხარით? -და რა გვეთქვა? - შეტევაზე გადმოვიდა სოფო. - ეგეთი რამე როგორ უნდა გვეთქვა?! ჯერ ერთი, რა ჩვენი სათქმელი იყო და მერე მეორეც, მოისმენდი და გაიგებდი? დაიჯერებდი? თავზე დაგვამხობდი ორივეს ყველაფერს. -ჰო, მართალია. ეგეთ რამეს ვერც წარმოიდგენდი, ხო ეგრეა? ჩვენი პირიდან ნათქვამი სულ სხვანაირად გამოჩნდებოდა. -ნუ ბოდავთ! ეჭვი მაინც მექნებოდა და დავფიქრდებოდი რაღაცებზე. ახლა ეს... ახლა ეს შოკივითაა, არ ვიცი, ვერც ვხსნი... -მე ერთი რამ მაინტერესებს, - ფეხზე წამოდგა კეკე და კარადიდან გადანახული ღვინო გამოიღო. - დალევ? -მე არ დამისხა, დანახვაც არ მინდა ალკოჰოლის. -მე დავლევ, - ყავის ჭიქა გაუწოდა სოფომ. - ამაში დამისხი, ისეთ თემაზე ვლაპარაკობთ, ჩვეულებრივი არ მეყოფა. კეკემ სასმელი ჭიქებში გადაანაწილა და ადგილს დაუბრუნდა. -ანუ, პირდაპირ გითხრა, მიყვარხარო? -არა.. მე ამოვადღლიზე ლამის ძალით. მარიამზე ვლაპარაკობდით, ბევრი რამ ვკითხე და ბოლოს წამოსცდა, ვერ შევიყვარებდი, სხვა მიყვარსო... -სასწაული, თუ გინდა. - ჩაილაპარაკა სოფომ. - არა, ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა შენთან, სულ ვამჩნევდი, მაგრამ, იმას ვაბრალებდი, რომ მართლა 24 საათი ერთად იყავით. ერთ ეზოში ცხოვრობთ ლამის... -და შენ? - ეჭვით მომაშტერდა კეკე. -რა მე? - ერთიანად გამაცია კითხვაზე. - რას მეკითხები? -შენთვის არაფერი შეცვალა მაგ ინფორმაციამ? გარდა იმისა, რომ არ ელოდი და შოკია, სხვა რამეს ვერ გრძნობ? -რას მეკითხები, კეკე, ხო არ გააფრინე? - უნებურად ავუწიე ტონს. -ნუ ჩხუბობ, გეკითხები უბრალოდ. ხომ უნდა ვიცოდეთ, სად ვართ და რას უნდა ველოდეთ ამ ყველაფრიდან. ზოგჯერ ხდება ისე, რომ რაღაც წინ გიდევს და ვერ ხედავ. -ხო, აი ამდენი წელია მიყვარს რატი სხვანაირად და ვერ ვხვდებოდი. - გავგულისდი. - რა სისულელეა, არ არსებობს მსგავსი არაფერი. მაჟრიალებს რომ მახსენდება... -და ასე თუ გეზიზღება გახსენებაც კი, რანაირად მოხდა, ის რაც მოხდა? - ჩამაჟინდა კეკე. დავიბენი. -გათიშული მთვრალი ვიყავი, კეკე. ერთად რაც დავლიეთ, მაგას პლიუს ერთი ბოთლი ტეკილა... -და ნებისმიერ ადამიანთან გექნებოდა ეგეთი სიახლოვე? ბიჭებთანაც ყოფილხარ გათიშული მთვრალი. -სისულელეებს ნუ მეუბნებით ახლა! - ტონი ვერ გავაკონტროლე და ისე წამოვიყვირე, საკუთარმა ხმამ მე შემაკრთო. - რანაირად ადარებთ?! გითხარით რა იყო და როგორ. გათიშული ვიყავი-მეთქი და ისე უცბათ მოხდა ყველაფერი, ვერაფერს მივხვდი. -არ ვიცი, რა უნდა გითხრა... - ამოიოხრა სოფომ. -სად არის თვითონ, ილაპარაკეთ? -არა. გუშინ მთელი დღე რეკავდა, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი, თავი ვერ ავწიე. დღეს თქვენთან წამოვედი, არ შემიძლია მაგის ნახვა ახლა. უნდა დავლაგდე ჯერ. -იქნებ დალაპარაკება სჯობდეს? შეიძლება თვითონაც შენნაირად ფიქრობს და მარტივად მოგვარდეს ყველაფერი. -იმ სიტყვებს რა ეშველება, კეკე? - ამოვიოხრე, თან სოფოს ჭიქას დავწვდი და ღვინო ერთი მოსმით გამოვცალე. -რომ კითხო, დანახვა არ უნდოდა... -შენ არ თქვი, გათიშული მთვრალები ვიყავითო? იქნებ რაღაც არასწორად გაიგე და სულ არ უთქვამს მაგ შინაარსით. -არ ვიცი, მგონია რომ თავი გამისკდება ამდენი ფიქრისგან. საშინლად ვგრძნობ თავს. ჩემებს ვერ ვუყურებდი გუშინ თვალებში. -რა შუაში არიან, ნატა, შენები? - გაბრაზდა კეკე. - რა ესაქმებათ შენი და რატის ურთიერთობასთან. -არ არის ეგრე. შენც ხომ იცი რა ურთიერთობა აქვთ ჩვენს ოჯახებს? -აუ... - მორიდებით დაიწყო სოფომ. - მე ერთი უხერხული კითხვა მაქვს, რა. ვიკითხო? სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე ვხვდებოდი, რაღაც ისეთს მკითხავდა, მისი მოგუდვა მომინდებოდა, მაგრამ მაინც დავუკარი თანხმობის ნიშნად თავი. -კარგი იყო ? - უხერხულად გამეკრიჭა. -სოფო! - უსაყვედურა კეკემ. ისეთი გამომეტყველებით გავხედე, მიხვდა, მეტი აღარაფერი უნდა ეკითხა ჩემთვის დარჩენილი საღამო. კეკე ჩემკენ მოჩოჩდა, ორივე ხელი მაგრად შემომხვია. -კარგი ახლა... არ არის ეგეთი ტრაგიკული, როგორადაც აღიქვამ. ხდება ცხოვრებაში ეგეთი რაღაცები და გვარდება. -რა ეგეთი რაღაცები ხდება, კეკე... ხშირად თვრება ხალხი და საუკეთესო მეგობრების გვერდით იღვიძებენ ხოლმე? -და ახლა რომ ჩამოგტირის ცხვირ-პირი, მაგით შველი რამეს? - ჩაეცინა სოფოს. - მესმის, რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა ერთ ღამეში და ამდენ ინფორმაციას ვერ ხარშავს ტვინი, მაგრამ ისეთი არაფერია, რასაც ვერ გადავიტანთ. -ჰო რა! პირველ რიგში უნდა ილაპარაკოთ და მერე... კეკემ წინადადების დასრულებაც ვერ შეძლო, მოულოდნელად სიგნალის ხმა რომ მოგვესმა. გულის ცემა ისე ამიჩქარდა, მეგონა, საცაა გამიჩერდება-მეთქი. -ვინმემ იცის აქ რომ ვართ? -დათას ვუთხარი, კეკესთან მივდივარ საგურამოში-მეთქი... - გამოტყდა სოფო. -გოგო, გააფრინე? -ქალო, რა ვიცოდი მე ასეთ რამეს რომ მომიყვებოდი და თან რატის ნახვა არ გენდომებოდა? სიმწრით ამოვიოხრე. სოფოს რას ვერჩოდი, ყველაფერი ჩემი გაფუჭებული იყო. -კეკე, გადაიხედე რა ფანჯრიდან, რატია? უხმოდ წამოდგა კეკე და ფეხაკრეფით მივიდა ფანჯარასთან. ფრთხილად გასწია ფარდა და რამდენიმე წამში თავი დამიკრა. -რატია... მანქანის სიგნალს შეტყობინების ხმა მოჰყვა. „ჩამოდი.“ გამაჟრიალა. იმის წარმოდგენაც რომ ჩემგან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით უნდა მჯდარიყო და მეტიც, იმაზე გვესაუბრა, რისი რეალობაც, ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა, ჭკუიდან მშლიდა. -ნატა... - დამიძახა სოფომ. შეტყობინებას - შეტყობინება მოჰყვა. „ნატა, ნუ ამომიყვან, გთხოვ. ვიზამ, ხომ იცი.“ გული არაადეკვატურად მიცემდა. ერთიანად ამიკანკალდა სხეული და საშველად ფანჯარასთან გახევებულ კეკეს გავხედე. -კეკე, გეხვეწები! -ცოდოა... - უსიტყვოდ მიმიხვდა მეგობარი სათქმელს. -ახლა მართლა არ შემიძლია, კეკე. ადგილზე მოვკვდები. გთხოვ, უთხარი რომ ახლა არა... მორჩილად მოშორდა ფანჯარას და ისეთი სიმძიმით დაიძრა კარისკენ, მივხვდი, არც მას ულხინდა რატის გაწბილების ამბავი. -ნატა, იქნებ ცოტა ხნით გენახა.. - საცოდავად ამოიხავლა სოფომ. თავი გავაქნიე უსუსურად. -მართლა არ შემიძლია! - ხმა ჩამიწყდა, უთქმელად ავედი საძინებელში და კარი ისე ჩავკეტე, თითქოს აქ გამოკეტვა ჩემს სიმხდალეს რამით გაამართლებდა. შუქიც არ ამინთია. ქურდივით მივიპარე ფანჯარასთან და ფარდა ვიწროდ გადავწიე. რამდენიმე წუთში გაიღო ჭიშკარი და დავლანდე, როგორ მიუახლოვდა კეკე ჯანხოთელის მანქანას. რატი გადმოვიდა იქიდან, ლანდივით. წამებს გასტანა იმ სიმწარემ ახლა რომ ვგრძნობდი ყელში. უთქმელად ჩაჯდა რატი თავის მანქანაში და ისეთი სისწრაფით მოსწყდა ადგილს, თითქოს არც ყოფილა. ერთიანად მომწყდარი მივეგდე საწოლს. ჩემი დანაშაულის გრძნობა და ის კუნაპეტი სიბნელე ერთნაირად შემაწუხებელი იყო იმ ღამეს საგურამოში. ყურადღება არ მიმიქცევია კაკუნისთვის. მალევე გავითიშე. ^ ^ ^ ერთი კვირის თავზე საშინლად გადაღლილი გამოვდიოდი სამსახურიდან. უძილობას ერთიანად დაერია ხელი და ისედაც გამოფიტულს, საწოლის დანახვის მეტი, არაფერი მინდოდა. მშვიდად გამოვიარე ოდნავ ჩაბნელებული ქუჩა და პარკინგს მივადექი. ჩანთაში ისეთი გაფაციცებით ვეძებდი გასაღებს, ვერც შევნიშნე, როგორ ავუარე გვერდი ნაცნობ მანქანას. -რომ გეუბნებოდი გასაღები კისერზე უნდა ჩამოგკიდო-მეთქი, გწყინდა. ნაცნობმა ხმამ წამართვა ყური და ერთიანად გავშრი ადგილზე. ნაბიჯების ხმა მოახლოვდა და მალე წინ გადამიდგა რატის მაღალი სხეული. წამიერად ვერ ვიცანი. წვერი მოზრდოდა, უპეები ჩაშავებოდა და ტყუილი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩემზე სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა. -რატი... - წამომცდა დამნაშავესავით. -წამოდი, ჩემს მანქანაში ჩავსხდეთ. თბილა. უკან დასახევი გზა არ იყო. არც გაქცევას ჰქონდა აზრი. საკუთარმა სილაჩრემ რომ ცხვირის წვერი ამიწვა, მაშინ გავიაზრე, რამდენად დამამცირებლად შეუძლია ადამიანს მოიქცეს, ოღონდ საკუთარი კომფორტის ზონა არ დაურღვიონ. ღრმად ამოვისუნთქე და წინ წასულ რატის გავყევი. მშვიდად გამომიღო მანქანის კარი და თავადაც, სულ რამდენიმე წამი დასჭირდა ჩასაჯდომად. მართლაც ძალიან თბილოდა რატის მანქანაში. სასიამოვნო სუნამოსა და მანქანის არომატიზატორის სურნელი იდგა. სხვა დროს ალბათ, უბედნიერესი ვიქნებოდი რატის მოსვლით, მშვიდად გადავაგდებდი სავარძელზე თავს, უამრავს ვიწუწუნებდი, თუ როგორ დავიღალე სამსახურში, ბონუსად - აუცილებლად ვაიძულებდი, ჩემთვის როიალ ჩიზბურგერის მენიუ ეყიდა, მანქანას ერთიანად მოვუთხვრიდი ყველის სოუსითა და პურის ნამცეცებით და ბოლოს ძალიან ბედნიერი გადმოვიდოდი მანქანიდან. თუმცა, ახლა უხერხულობის ეკალი მიჭამდა სხეულის ყველა უჯრედს. -თავის მართლებას ვერ ვიტან, - დაიწყო მძიმედ. - ალბათ, იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებ ხოლმე იმისთვის რომ თავი სამართლებელი არ გამიხდეს. და თუ გამიხდა, ესე იგი, ძალიან შემეშალა. შენთან ყველაზე მეტი შემეშალა. ოღონდ იმ ღამეს არ ვგულისხმობ. ეგ არ იყო ჩემთვის შეცდომა... სიმწრისგან თვალები დამეხუჭა. რატი გაჩუმდა. თითქოს ჩემი რეაქცია ტანში გაუჯდაო, ისე ანერვიულდა რომ თლილი თითები საჭეზე რამდენჯერმე დაჰკრა. -ზუსტად ვერ ვიხსენებ, როდის დავარქვი სახელი ყველაფერს, რასაც ვგრძნობდი. ალბათ, ძალიან გვიან. თუმცა, მახსოვს, პირველად მაშინ გავბრაზდი საშინლად, გუგა გოცირიძემ რომ ყვავილები მოგიტანა მეცხრე კლასის ბოლო დღეს. მაშინ, ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ეგეთი პერიოდი მქონდა, დებილური. უაზროდ ვიწელებოდი და ყველაფერზე ვღიზიანდებოდი. ვფიქრობდი, ალბათ, დამცველობითი მომენტი მაქვს-მეთქი. დრო გადიოდა და ვხვდებოდი, იმაზე უფრო მეტად მედარდებოდა და მაღიზიანებდა ყველაფერი, რაც შენ გეხებოდა, ვიდრე ტყუპებს,კვაშის და დათას. დრო გადიოდა და ვიაზრებდი, რომ შენ იყავი ჩემი ღიმილის მიზეზი, მაშინ, როცა საერთოდ არ მეცინებოდა. ან პირიქით, შენ შეგეძლო ყველაზე მეტად ჩემი წყენინება, როცა სხვების აზრი ფეხებზე მე****და. უაზროდ იყავი ყველგან. ჩემს ფიქრებში, სიზმრებში, ბოლოს ოცნებებშიც. გვიან მივხვდი, რა ყოფილა... მერე იმდენი ვიფიქრე, ისიც გავითავისე სად იყავი შენ და სად - მე. ვცდილობდი ჩემებურად გამომეხატა, თუმცა, არაფერი.. შენთვის იმად ვრჩებოდი, რაც ბავშვობაში. რაღაც მომენტებში, იმდენად მძაფრი რეაქციები გქონდა ჩემს ყურადღებაზე, რომ საკუთარი თავი დავარწმუნე იმაში, დამკარგავს და ამას არ მაპატიებს-მეთქი. მერე, რაღაც პერიოდი ყველაფერი გვერდზე გადავდე და ვეტყვი-თქო, მაგრამ ლაშა გამოჩნდა. გამოჩნდა და აღარც წავიდა. ყველგან იყო, ყველგან და ყოველთვის. მინდოდა მომეგუდა, მომეკლა, მაგრამ მაგასაც სი**ვით შევეგუე. მერე დაშორდით... თითქოს არასდროს იყო ჩემთვის სწორი დრო. თითქოს, ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ აღმოჩნდა. მერე შერიგდით. მერე ისევ... მოკლედ, არ ვიცოდი, როდის შეგზიზღდებოდი ყველაზე ნაკლებად. არ არის ეს საკმარისი. ვიცი, ყველაზე სულელური თავის გამართლებაა და ამის მოსმენა ახლა ყველაზე ნაკლებად გინდა. თუმცა, ესე იყო. ყველაფერს მივცემდი, მართლა რომ მქონდეს ისეთი მიზეზი, რატომაც ვმალავდი შენგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას. თუმცა, არა, ნატა და მეზიზღება რაღაც მომენტში ჩემი თავი მაგის გამო... ხმა ჩაუწყდა. ერთიანად მოჭიმულ სხეულს ძლივს ვაკავებდი. ისე მინდოდა ახლა ჰაერის ჩაყლაპვა, ძლივს ვიკავებდი თავს, რომ გარეთ არ გავვარდნილიყავი. მორიდებით, ძლივს ჩავწიე საქარე მინა. მომბაძა მანაც. იქვე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა და ორი ღერი ამოაძვრინა. მშვიდად მომაწოდა, მეც უხმოდ გამოვართვი. პირველი ნაფასი დაარტყა თუ არა, გააგრძელა. -ის ღამე... არ ვიცი, რატომ მომინდა მაშინ თქმა. შენც ისე ჩამაჟინდი. ალკოჰოლმაც თავისი გასაკეთებელი გააკეთა და ისე მიყურებდი... ისე ლამაზად მიყურებდი,წამომცდა. ვეღარ დავაბრუნე ის სიტყვები უკან. -ანუ, არ მეტყოდი? - პირველად ამოვიღე ხმა. -არ ვიცი, გეტყოდი, თუ არა. ისე შევეჩვიე ყველაფრის მალვას, უკვე ჩემი რეალობა გახდა, თითქოს. აქ, ტვინში, მივიღე ფაქტი- ფაქტად და საკუთარ თავს დავაჯერე, რომ ეგრე უნდა ყოფილიყო. -არც საკუთარ თავზე იფიქრე, არც ჩემზე?! -ჰო, ალბათ, ეგრეა. - ირონიული ღიმილით ჩახარა თავი. - მაპატიე გულწრფელად, იმაზე მეტის უფლება მივეცი საკუთარ თავს, ვიდრე მეკუთვნოდა. -ის ღამე მხოლოდ შენი პასუხისმგებლობა არ ყოფილა, - ნაფასი ღრმად დავარტყი. - ორივემ თანაბრად მივიღეთ მონაწილეობა და საბოდიშო მაგისთვის არ გაქვს. -აბა, იმ სიტყვებს ვერ მპატიობ? -ტყუილს ვერ გპატიობ, რატი. - უნებურად ავუწიე ტონს. - არ დამიმსახურებია, 15 წელი ტყუილში ცხოვრება.. -არ გვინდა ეს ტელენოველას ფრაზები ნატა, რა, - გაღიზიანება დაეტყო ხმაში. - შენი თავისთვის რომ შეგახედა ახლა, რა ზიზღით მიყურებ, მიხვდებოდი, რაში მჭირდებოდა მე ეგ "ტყუილი". -ზიზღი რა შუაშია? არანაირი ზიზღი არ არსებობს, რატი! და თუ რამე სახე მაქვს, მარტო იმიტომ რომ იმ ფორმით არ უნდა გამეგო, როგორც გავიგე. -და როგორ გაიგე? - შემომიტრიალდა ურცხვად. -გალეშილ მთვრალს ჩუმად არ უნდა წამოგცდენოდა ეგ სიტყვები. იმას მაინც იმსახურებდა ჩვენი ვითომ მეგობრობა, რომ დავმსხდარიყავით და ადეკვატურად გეთქვა სათქმელი. -ვითომ მეგობრობა? - გაეცინა სარკასტულად. - და რას იზამდი, მშვიდად რომ მეთქვა? თავზე ხელს გადამისვამდი და მეტყოდი მეგობრობა გავაგრძელოთო? იმ წამსვე დამთავრდებოდა ეგ ჩვენი „თურმე მეგობრობა.“ -არ იქნებოდა მასე! - არ შევეპუე. - ხო, ალბათ გამიჭირდებოდა ფაქტის მიღება, მაგრამ შევეჩვეოდი ადრევე რომ მცოდნოდა. შენც გადაგივლიდა... -გადამივლიდა? - ისე გაიმეორა სიტყვები, თითქოს მისთვის დანა ჩამერტყას გულში. - რას ნიშნავს გადამივლიდა, გოგო, გრიპი კი არ შემყრია? რა გგონია, ამ დროის განმავლობაში რას ვშვრებოდი, ვიჯექი და ვქსოვდი? შენი აზრით, ყველაფერი არ ვცადე, რომ რამენაირად „ გადაევლო?“ -ყოველ შემთხვევაში, რა დასკვნაც გამომიტანე, რომ, თურმე, ერთი ხელის მოსმით დავანგრევდი ყველაფერს... ვერ ვიზამდი მაგას, რატი. თვითონ არ მეუბნები ხოლმე, ყველას ყველაფერს პატიობო? შენთვის რა ვერ უნდა მეპატიებინა? გაეცინა. ალმაცერად გამომხედა და უკანასკნელი ნაპასის შემდეგ აგრესიულად მოისროლა სიგარეტი ფანჯრიდან. -ზუსტად მე ვიყავი ყოველთვის ეგ გამონაკლისი. რატომღაც, ყოველთვის ყველაზე მეტს მთხოვდი. სხვას შეიძლება შეშლოდა, მე - არა. სხვას აპატიებდი, მე - არა. -ბოდავ... - სიმწრით გამეცინა მეც. - აი, ახლა მართლა ბოდავ... გაჩუმდა რამდენიმე წუთით. -ახლაც მაპატიებ? შემთხვევით მოხლილ სიტყვებს, დაუფიქრებლობას და უნებართვოდ ახსნილ სიყვარულს მაპატიებ, ნატა? გავშრი. -მიპასუხე... მინდოდა რამე მეთქვა, თუმცა, ხმა არ ამომდიოდა ყელიდან. -დავივიწყოთ... - ჩახლეჩილი ხმით შემეხვეწა. მის ხმაში ვედრებას ისე ვგრძნობდი, როგორც სიცივეს სხეულში. -ასე უბრალოდ? ასე მშვიდად როგორ შეგიძლია ეგ მთხოვო? -სიმშვიდეა ეს, ნატა? - სიმწრით გაეღიმა. - აქ ჯდომა, სიყვარულის ახნა და მერე იმის თქმა, დაივიწყე-თქო,რას ნიშნავს, იცი, ჩემთვის? ჯოჯოხეთი იყო ეს ერთი კვირა. წლების ნაგროვები სიტყვები რომ უნდა მიმეწებებინა ერთმანეთისთვის და შენთვის ისე მეთქვა, რომ ზიზღისგან ისე არ დაგმანჭვოდა სახე, როგორც ახლა, რა დამიჯდა, იცი? -არ არის-მეთქი ეს ზიზღი, რას ჩამაცივდი? - ვიყვირე გაგულისებულმა. -ჰო.. აბა რა. სახეში არ შემოგიხედავს ჩემთვის, რაც მანქანაში დავსხედით. -ბოდიში, რომ გაურკვევლობაში მყოფი ვერ ვაკონტროლებ ჩემს მიმიკებს... -რა უფრო მარტივი იქნებოდა შენთვის,ნატა... მოვსულიყავი და მეთქვა, ალკოჰოლის ბრალი იყო ყველაფერი და შენსავით ვნებას ავყევი-თქო? ეგ გერჩივნებოდა ? უკეთ იგრძნობდი თავს? ეგრე იყოს მაშინ. დაივიწყე ყველაფერი, რაც გითხარი. ისე გავაგრძელოთ, როგორც იყო. 15 წელია მაგას ვაკეთებ, ახლაც არ გამიჭირდება. -და ეგრე მარტივია, რატი? შეგიძლია ისე ითამაშო, თითქოს არაფერი ყოფილა? - გავოცდი. სახე წაუხდა. ღრმად ამოიოხრა და სიცილით მიადო საჭეს თავი. -რა გაცინებს? -ჭკუიდან ვიშლებოდი თითქოს. -და შენ რა გგონია სწორი? დავემალოთ ერთმანეთს? ხმა არ ამომიღია. გატრუნული და თავჩახრილი მივშტერებოდი ჩემივე ჩანთის სალტეებს, თითქოს, ის მეტყოდა ჭეშმარიტების საიდუმლოს. -ანუ, ეგეც არ კმარა? მეტი გინდა… აღარაფერი ანუ. -დრო მჭირდება, რატი. უნდა გადავხარშო ყველაფერი. მე ვერ ვარ შენსავით ძლიერი, ვერ ვითამაშებ, რომ ყველაფერი რიგზეა. -მშვიდად? შენ გგონია მე მარტივად და მშვიდად ვუყურებ ყველაფერს? - მკითხა ბრაზით. -ასე ჩანს.. ასე გამოდის. მართლა ძალიან მჭირდება დრო. ძალიან გთხოვ… -კარგი, -ხმა ჩაეხლიჩა. - ეგრე იყოს. გაძლევ დროს. -როგორ შეგეძლო? - ვერ მომითმინა გულმა. - აქამდე როგორ არ მითხარი, რატი? ეს სიჩუმე როგორ გადაიტანე? თავი ჩახარა. აღარ შემეძლო მეტი. მანქანის კარს ვეცი და გამოვაღე. ის იყო მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი, სიტყვები რომ მომაყოლა უკან. -მე ჩუმად არასდროს მყვარებიხარ, ნატა. გულით მინდოდა მისთვის შემეხედა,თუმცა, მზერა ვერ გავუსწორე. მხოლოდ კარის დახურვის დროს დროს მოვკარი თავი მის ჩახრილ თავს და აკანკალებულ მარჯვენა ხელს, რომელიც საჭეზე ედო. თითქოს მისი კანკალი გადმომედოო, ისე ამიცახცახდა სხეული, მეგონა ნაბიჯს ვერ გადავდგამდი. თავს ძალა დავატანე, რომ როგორმე ჩემი მანქანის კართან მიმეღწია. უძლურად ჩამოვწიე სახელური და თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი თუ არა, ტირილი წამსკდა. ^ ^ ^ თებერვალი ნელა და მტანჯველად მიიკლაკნებოდა. არასდროს არაფერი არ შემზიზღებია ისე, როგორც ჩემი ოთახის ფანჯარაში თავხედურად შემოჭრილი ბროწეულის ტოტები. თითქოს მისი ბრალი იყო, რომ ყველაფერი რატის თავს მახსენებდა. მიჭირდა ყველა მზერა, რომელიც რატის სახლისაკენ გამირბოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობდი მასთან დაკავშირებულ ყველას და ყველაფერს გავქცეოდი, მაინც ფეხდაფეხ დამყვებოდა მისი სურნელი. ბრაზი, აგრესია და სირცხვილი მჭამდა. ეს ყველაფერი ერთად კი იმდენად ძლიერი იყო, რომ საკუთარ მეგობრებსაც კი გავურბოდი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ გოგოებს ვნახულობდი, ისიც ცოტა ხნით. გიჟებს ჰგავდნენ ტყუპები. ხან სამსახურთან დამხვდნენ, ხან სახლთან. ვერც ერთს გაეგო, რა ბზიკმა გვიკბინა ან მე, ან რატის. იმის მაგივრად, რამე გამარტივებულიყო, ყველაფერი უფრო და უფრო იხლართებოდა. მარტის დასაწყისში ბროწეულები კვაშილავების შინ დაბრუნებამ გამოაცოცხლა. ყირაზე გადადიოდა მთელი უბანი, ვის როგორ ესიამოვნებინა ისედაც გატანჯული ოჯახისთვის. სანდრომ დარეკა. ზარის დასრულებისთანავე მივხვდი, გვერდზე რომ უნდა გადამედო ყველანაირი ეგოიზმი და მის დასახმარებლად ისე მოვქცეულიყავი, თითქოს ისევ ჰყავდა შეკრული და ლაღი სამეგობრო. იმ დღეს, დილიდან სამზარეულოში ფუსფუსებდა ირმა. -დედა, რათ გინდა ამდენი რამე? ერთ ჯერზე ხომ ვერ შეჭამენ, გაფუჭდება. -დავიწუწუნე სამზარეულოს დახლზე დახვავებული უამრავი საჭმლის დანახვაზე. -მასწავლე ახლა რა უნდათ და რა არა, - დამიცაცხანა დედაჩემმა. - დამიჭირე ერთი ეს პარკი, ჩავალაგებ კონტეინერებს. -აი, შენ რომ ამდენ რამეს აკეთებ, სხვებიც ხომ მოიტანენ და მართლა რა უნდა უყონ ამდენ საჭმელს? -გოგო, რატომ ხარ ასეთი გაუგონარი?! - მოთმინებამ უმტყუნა ირმას. - ათასი სტუმარი მიუვათ სახლში, უამრავი საფიქრალი აქვს იმ ბავშვს, საჭმელზე მაინც აღარ გადაიღლის ტვინს.. ნუ მალაპარაკებ, ნატა, ამდენს! გამომართვი და წაიღე! -კარგი ხო, კარგი.. - ჩავიდუდღუნე და კონტეინერებით სავსე ჩანთა ძლივს გადავიკიდე მხარზე. -ნატა.. -გისმენ, დედა. -ბელა იყო დილით გადმოსული. რატიზე მითხრა, საშინლად გაღიზიანებულია და სულ უხასიათოდააო. შენც მასე ხარ, გაკვირდები უკვე კარგა ხანია. რა ხდება, იჩხუბეთ? -რა დროს ეს არის, ირმა? - აქეთ დავესხი თავს. - ოღონდ გალაპარაკათ შენ და ბელას… -ჰმ, კარგი ბატონო, სულ არ ამოვიღებ ხმას! - გაიბუსხა და ზურგი მაქცია. სამზარეულოში მამაჩემი შემოვიდა. -რა აბუზღუნებს ამას? -არაფერი, მამ. გამატანინე ესენი, რა. - შევეხვეწე და ჩანთა გავუწოდე. -მანქანით მიდიხარ? -აბა, ამდენ რამეს როგორ წავიღებ?! -მიგატანინებდი. -მანქანით მირჩევნია.. კვაშის სახლამდე სულ რამდენიმე პატარა ქუჩა უნდა გამევლო და როგორც წესი, ყოველთვის ფეხით მივდიოდი, უკან კი რატის მტოვებდა მანქანით. ამიტომ გაუკვირდა მამაჩემს ჩემი გადაწყვეტილება და ირმაც დაკვესებული თვალებით მაცილებდა ფანჯრიდან. ძლივს დავქოქე მანქანა. ფეხები უკან მრჩებოდა. ამ ერთი თვის განმავლობაში ალბათ პირველად იყო, რატის ნახვაზე რომ არ მენერვიულებოდა. არავინ იცოდა რა დიაგნოზით დაბრუნდა დედა-შვილი თურქეთიდან. კვაში იქიდან ბევრს არ ლაპარაკობდა. ზარებს თავს არიდებდა და ჩვენც არ ვაწუხებდით დიდად. ახლა ერთიანად მოგვიწევდა ფაქტებთან შეჯახება და წინასწარ მტკიოდა მთელი სხეული. კვაშილავების სახლთან მისასვლელად სულ რამდენიმე წუთი დამჭირდა. ტყუპებისა და რატის მანქანა შევნიშნე. დაესწროთ მოსვლა. ძლივს გადმოვათრიე უკანა სავარძლიდან საჭმლით სავსე ჩანთა და ფეხდამძიმებული დავიძარი ეზოსკენ. კარშივე შემეგება ვატო კერესელიძე. -მოიცა, გოგო, რამე არ მოიტეხო. რამხელა ჩანთას მოათრევ?! უკან საბა მოჰყვა. ვატომ ჯერ ჩანთა გამომართვა, მერე მაისურზე წამავლო ხელი და მისკენ მიმითრია. ისეთი ძალით მეხუტებოდა, ჩემივე ძვლების ხმა გავიგე. -არ დამახრჩო, ვატო.. - გამეცინა. -მაგარი სატყეპი კი ხარ, მაგრამ მომენატრე. -რა გეცა? - ვატოსგან განსხვავებით მთლად თბილად არ შემხვედრია საბა. - რა წააყარეთ ამისთანა, იქით მხარეს ის რომაა დასაბმელი და აქეთ შენ ატეხე დეპრესია.. -აი, რა დროს ეს არის ახლა? - მოჩვენებითი ბრაზით დავუცაცხანე და წინ წავედი. სინამდვილეში ვცდილობდი დღეს ყველანაირი დიალოგი ამერიდებინა თავიდან, რაც მე და რატის გვეხებოდა. წამომეწივნენ ტყუპები. -რა ხდება, რა მდგომარეობაა? - ვიკითხე ჩურჩულით. ერთდროულად აიჩეჩეს მხრები. სახე არ უჩანდა არცერთს. დამაჟრიალა. ოთახში შესულს, კარებშივე დავლანდე ზურგით მდგარი ჯანხოთელი. ხმაურზე უკან გამოიხედა. იმაზე უარესად გამოიყურებოდა, ვიდრე მაშინ, ბოლოს რომ ვნახე. გამხდარიყო, წვერი კიდევ უფრო მოზრდოდა და კუშტი მზერით იყურებოდა გარშემო. წყლიანი, ხაკისფერი თვალები შემომანათა და ავად დამაყარა ტანზე ეკალმა. უხმოდ გადავკოცნე და ისეთი სისწრაფით შევედი ოთახში, კინაღამ დაბლა დაგებულ ნოხს წამოვკარი ფეხი. სამზარეულოდან გოგოების ხმა მომესმა. -ნატა, მოხვედი? - თბილად მკითხა სოფომ. -მოვედი, ხო... სათითაოდ გადავკოცნე კეკე, სოფო და დათა. -კვაში სადაა? -საჭმელი შეუტანა ახლახანს. შედი, მიდი. - მკლავზე დამისვა ხელი დათამ. თითქოს მიფრთხილდებოდა, ან წინასწარ მამზადებდა ნანახის გამო. ძლივს დავიმორჩილე ფეხები და საძინებლის კარზე დავაკაკუნე. -მოდი... კვაშის ხმა ვიცანი. ფრთხილად შევედი ოთახში. საწოლზე ნახევრად წამომჯდარიყო ელენე. აქამდე სავსე და ოდნავ აწითლებული ლოყები სადღაც გამქრალიყვნენ. თავზე ბროწეულებით სავსე, თეთრი წინსაფარი წაეკრა. ოდნავ გალურჯებული ტუჩებიც კი არ უშლიდა ხელს, მაინც გულიანად მიღიმოდა. -ჩემი ნატატი მოვიდა! - ხელები გამოიშვირა ჩემკენ. ლამის სირბილით მივქანდი მისკენ და ჩავეხუტე. -ელე, როგორ მომენატრე, რომ იცოდე. -ჩემო გოგო! რა ლამაზი ხარ?! აბა, ერთი დატრიალდი, შეგათვალიერო... თავისებურად ამათვალიერა და ისევ მისკენ მიმიზიდა. -ძალიან მომენატრეთ, ბავშვებო. ერთი სული მქონდა ჩემს სახლში მოვსულიყავი, რომ თქვენ მენახეთ. -აქ ხარ, ელე და აღარ გაგიშვებთ აქედან დიდხანს! - თბილად ვაკოცე ლოყაზე. -მე დავაშავე რამე? - პროტესტი გამოხატა იქვე საცოდავად ატუზულმა კვაშიმ. გამეცინა. მაშინვე მისკენ გავქანდი. ძლიერად მომხვია თვითონ ხელები. რამდენიმე წამს გაგრძელდა ჩვენი ჩახუტება, თუმცა, თითქოს ვიგრძენი, როგორ დამძიმებოდა სხეული დაღლილობისა და ემოციებისგან. -როგორ ხარ, შე ჭინკა? - გამიღიმა. საოცრად ჰგავდა კვაში ელენეს. მასავით ლამაზი, ნუშისებრი ჭრილი და ღია თაფლისფერი თვალები ჰქონდა. რომ იღიმოდა, მთლად ელენე იყო. მასავით ბავშვური სიანცე დასდევდა თან. ამჯერად სადღაც გამქრალიყო ის ეშმაკური მზერა, მე რომ ძალიან მიყვარდა. ჩამქრალი და ძალიან სევდიანი მომეჩვენა. ერთიანად ჩამომდნარიყო, აქამდე ნავარჯიშები, ტატუებით დაფარული მკლავები ახლა უღონოდ ჩამოეშვა დაბლა. მომეწურა გული. -მე კარგად ვარ, მაგრამ შენ? - ბრაზით შემოვირტყი დოინჯი. - საერთოდ არ ჭამდი იქ, თუ რა არის ეს, რას გავხარ? -მიდი, ნატა, ეჩხუბე, - ამყვა ელენე. - ლუკმას ვერ ვადებინებდი პირში. ცალკე ამან დამმართა კიბო! -დედა! - გაუბრაზდა კვაში. - რა ხუმრობაა ახლა ეს?! -კარგი, დედიკო, მაპატიე, - სიცილი ძლივს შეიკავა ელენემ. - ვერ შევაჩვიე ამ შავ ხუმრობას, რა ვქნა? -გავალ მე ცოტა ხნით, დაგტოვებთ გოგოებს. საჭორაო გექნებათ. - ჩაიდუდღუნა სანდრომ და ოთახი დატოვა. ელენეს საწოლთან ჩამოვჯექი. ჩემი ხელი თავისაში მოიქცია. ფრთხილად ვაკოცე თლილ და ლამაზ თითებზე. ისე მომნატრებოდა მისი სურნელი, უნებურად ამიცრემლიანდა თვალები. -ნატა, ახლა შენც არ დამატირო თავზე, თორემ გავგიჟდები იცოდე! -რა დატირება, ელე, არ გრცხვენია? - ვიწყინე. - მომენატრე ძალიან, ამიტომ ამიცრემლიანდა თვალები. გაეცინა და თმაზე მომეფერა. -მოვიდა საბოლოო პასუხები? შემდეგი ეტაპი რა არის? მიუხედავად იმისა, რომ თვალებში რაღაც წარმოუდგენელი, უძირო სევდა ედგა, არც ერთი წამით არ მოშორებია სახიდან ჩვეული ღიმილი. -აღარაფერი. - მშვიდად მითხრა, ოდნავ მომიჭირა ხელი. - მე ნუ მალაპარაკებ ამაზე, ნატა. გეტყვიან ბავშვები. გამცრა. -შენ მომიყევი როგორ ხარ, რა ხდებოდა აქეთ. -რა ვიცი, ძველებურადაა ყველაფერი. - მძიმედ ამოვთქვი. საშინლად მიჭირდა ლაპარაკი და ახლა მართლა მინდოდა მის კალთაში მთელი ხმით მეტირა. გონებაში ავად მიკიოდა მისივე ნათქვამი - „აღარაფერი.“ -ძველებურად? - ჩამეკითხა. - დარწმუნებული ხარ? -მოასწრეს უკვე ყველაფრის ჩაკაკვლა? -ვის რა უნდა მოესწრო? - გაეცინა ელენეს. - შენით გამოტყდი, აგერ. -არაფერი არ ხდება, ელე, ისეთი, შენს ნერვიულობად რომ ღირდეს. -რატიმ რამდენიმე სიტყვით მითხრა სტამბულში ყველაფერი. - დაიწყო მშვიდად. - დეტალები არ უთქვამს, მაგრამ ვიცი, საქმე სერიოზულად რომაა. -რა დროს მე და რატი ვართ, ელენე, კარგი რა... -ნატა, ჩემს დაავადებაზე, ნემსებსა და წამლებზე საკმარისად ვილაპარაკე. აღარ მინდა ამაზე ერთი სიტყვის გაგონებაც კი. ძალიან დავიღალე... - ოდნავ აუწია ტონს, ჩახრილი თავი ამაწევინა და ტონი დაუთბა. - თქვენზე ძვირფასი მე ვინ მყავს?! თქვენ რომ რამე გაწუხებთ, მშვიდად როგორ უნდა ვიყო? -რატი სტამბულში იყო? -მან ჩამოგვიყვანა. - თვალები აუცრემლიანდა. - ჩამოვიდა, ყველა ფორმალური პროცედურა მოაგვარა... გადაწყვეტილი გვქონდა უკვე წამოსვლა, რომ დარეკა. სანდროს აუშარდა, ხმა არ მომწონს შენიო და მეორე დღეს იქ იყო უკვე. -მართლა? - გული მომეწურა. -ჰო.. არც ტყუოდა. სამი თვეა დღეში 4 საათი სძინავს.. -უნდა ჩამოსულიყო კიდეც, - ამიკანკალდა ხმა. - აბა ჩვენ რისთვის ვართ?! -ნატა... - დაიწყო მორიდებით. - ვერასდროს გრძნობდი, რომ უყვარდი? გამაცია. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამას პირდაპირ მკითხავდა ვინმე. რატისგანაც ისე უცხოდ ჟღერდა ყველა სიტყვა, თითქოს დაივიწყა კიდეც ჩემმა გონებამ. ახლა კი ელენესგან კიდევ ერთხელ შეხსენებამ, ერთიანად დამცა თავზარი. -ელე... -ქალებს გვიყვარს ხოლმე იმის დაიგნორება, რაც არ გვინდა მართალი იყოს. თუმცა, ყოველთვის იმდენად გამოხატულად იქცეოდა, მეგონა, რომ იცოდი. -დამიჯერე, არ ვიცოდი. - გამეცინა სიმწრით. გონებაში ერთადერთი რამ მიტრიალებდა. ელენეს რომ სცოდნოდა, ის ღამე ჩემივე ნებით დავაფერთხე საკუთარ თავს, ალბათ გვარიანად გამომლანძღავდა. -ძალიან მოულოდნელი იყო? - მკითხა ღიმილით. -რაზე მიმანიშნებ, ელე? - გამეცინა მეც. - იმისკენ თუ მიგყავს საუბარი, მეც ვგრძნობ, თუ არა მის მიმართ რამეს, აქედანვე გეტყვი, რომ ბრაზის, იმედგაცრუებისა და აგრესიის მეტს - არაფერს. -ასეა საქმე? -ხო, ასეა. მთელი ცხოვრებაა ადამიანს რომ იცნობ და აქედა 15 წელი,თურმე, უყვარხარ, მგონი ცოდნის ღირსი ვიყავი რამენაირად... -ჩემო გოგო! - ხმა დაუთბა. - ბიჭები ძალიან სხვანაირები არიან. ქალი ყველაფერს გარისკავს, სასწორზე დადებს და მერე ბოლომდე იბრძოლებს მისთვის. ამათთვის ეგ ომია! მთელი ცხოვრებაა რომ იცნობთ ერთმანეთს, ზუსტად მაგიტომ ეშინოდა ის 15 წელი შენი დაკარგვის. -მაგრამ შენ ხომ იცი ჩემი ხასიათი? - თავის გამართლება დავიწყე. - რა უნდა ექნა რატის ისეთი, მისთვის რომ ვერ მეპატიებინა? -რატის ყოველთვის ყველაზე მეტს სთხოვდი, ნატა... - საყვედური შეეპარა თითქოს ხმაში. -პირი შეკარით თქვენ? - გამეცინა. - არა, რატი რომ გიყვარს ჩემზე მეტად, ეგ ვიცი უკვე, მაგრამ ახლა მაინც ველოდი ქალურ სოლიდარობას. -მე ყოველთვის შენს მხარეს ვიქნები ამ ამბავში. - გამიღიმა ელენემ. - მე უბრალოდ იმას გეუბნები, რომ მაგ ბრაზს, იმედგაცრუებასა და აგრესიას რაღაცების გადაფარვის უფლება არ მისცე. -მაგას რატომ მეუბნები? -ცუდი ვარ ალბათ, ამას რომ ვამბობ ხმამაღლა, მაგრამ შენ და რატი ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდით მე. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი შვილისთვის ხართ შეუცვლელები. წლებია მე იმას ვუყურებ, რასაც თქვენ ვერ ამჩნევდით. და ხომ იცი, განსხვავებული თვალი ყველაფერს სხვანაირად ხედავს. -და მაინც რას ამჩნევდა შენი ლამაზი თვალები? - გავუცინე და ახლოს მივეკარი. ფრთხილად მოიქცია ხელებში ჩემი თმა და ნელა დამისვა თითები. -იმას, რომ ყველას უსმენ, ყველას პატიობ, საკუთარი თავის გარდა. საკუთარი თავის და რატის... ალბათ იმიტომ, რომ.. მოულოდნელად გაჩუმდა. -რატომ? - გაფაციცებით ავწიე თავი. -საკუთარ თავზე მეტად გიყვარს. არ ვიცი, ეგ სიყვარული მეგობრულია, თუ... -ელენე, ვერაფერი გავიგე. - ბრაზით გავაქნიე თავი. გაეცინა. -გაიგებ, აუცილებლად გაიგებ. სანამ რაღაცა არ შეიცვლება აქ, ესეც დადუმდება. - მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჯერ საფეთქელზე, ხოლო მარცხენა - გულთან მომადო. ამოივიოხრე. -ნატა… რაღაც მინდა გთხოვო. - დაიწყო მორიდებით. -ადამიანი ყოველთვის გრძნობს, როდის ახლოვდება დასასრული. -ელე, არ მითხრა რა.. - ტირილი წამსკდა. -დამამთავრებინე! სხვანაირი ცხოვრება მინდოდა მე. შვილიშვილების გაზრდა, თქვენი ყურება, ბევრი სიყვარული… არ ხდება ზოგჯერ ისე, როგორც წარმოგვიდგენია. ჰოდა, დარდს თან ნუ გამაყოლებ. ამათ მოუფრთხილდი. ჩემს შვილს მიხედე და უფლება არ მისცე შიგნით დაიგროვოს ყველაფერი. რატის ჩემზე უკეთ იცნობ, მაგრამ ჩათვალე ორი შვილი მყავს. ერთნაირები არიან, ხომ იცი. ერთად გაზრდილები, ერთი ღირებულებებითა და აზროვნებით. მიხედე, რა იქნება… -ელენე! -შემპირდი, რომ მშვიდად ვიყო. მაგათ დარდს ნუ გამაყოლებ. -გპირდები! -და კიდევ ერთი. რიგრიგობით მოუსმინე! ჯერ ამას, მერე ამას… მაგრამ მაინც ამას. - წეღანდელივით დამადო თითები, ჯერ საფეთქელთან და შემდეგ ისევ გულთან. -გულს? -ჰო, გულს. ბოლოს მაინც ეს გეტყვის იმ სიმართლეს, ეს ოხერი რომ გიმალავდა წლები. ^ ^ ^ მოსაღამოვდა. ამჟამად ყველანი ელენეს ოთახში ვისხედით. ტყუპები იატაკზე ისხდნენ ერთი მეორეს მიყოლებით და უკანასკნელ ენერგიას დებდნენ თავიანთ სულელურ ხუმრობებში, რომ როგორმე ელენე გაემხიარულებინათ. -კაი, ნუ დაღალეთ! - უსაყვედურა ბოლოს დათამ. -ვინ დავღალეთ, ბიჭო, - გაგულისდა საბა, - წეღან შენ რომ გამოხვედი ოთახიდან, მის მერე ძლივს მოვიყვანეთ ქალი ხასიათზე. -ელე, გაფიცებ ყველაფერს, გამოგიჭედა ხო თავი ექსელის ფორმულებით? - აჰყვა ვატო. გულიანად კისკისებდა ელენე. -ბავშვებო, რამდენი მაცინეთ... ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ. -დედა, დასვენება არ გინდა? - ჰკითხა ღიმილით კვაშიმ. -სამი თვეა ვისვენებ, დედიკო, მეყოფა. -მაშინ გავალ, მოვწევ და დავბრუნდები. ელენემ ღიმილით დაუკრა თავი. სანდროს რატი გაედევნა, სანამ რამეს გავიაზრებდი, რატის - მე. აივანზე მოკალათებულიყვნენ პუფებში. გასვლისთანავე შემეჩეხა რატის მზერა, თუმცა, მალევე ამარიდა თვალი. სიგარეტის კოლოფიდან ორი ღერი ამოიღო და ერთი კვაშის მიაწოდა. სანდროს გვერდით მოვკალათდი თავისუფალ პუფზე. -მოდი, ნატატი.. ახლოს მივჩოჩდი და თავი მხარზე დავადე. -მომენატრე, კვაში. -მეც მაგრად მომენატრეთ ყველა და ბოდიში რა, რომ ვერ გელაპარაკებოდით ამდენს. სათითაოდ ახსნის თავი და ნერვი მართლა არ მქონდა.. -მესმის, რას მიხსნი, - გავუღიმე. - მომაწევინე, რატი, მეც! არ ელოდაო თითქოს, წამით გაოცება ჩაუდგა თვალებში, თუმცა, ისეთი სიმშვიდით გამომიწოდა სიგარეტის ღერი, შემშურდა კიდეც. მისი გაყინული თითები რომ მომედო მკლავზე, უცნაურად გამაჟრიალა მთელ ტანში. -რა ხდება? - მივუბრუნდი ორივეს. - ორი სიტყვით მითხარით... თვალი ამარიდა ჯანხოთელმა და აივნიდან გადახედა ბროწეულებს. შეგრძნება მქონდა, რომ იმაზე უფრო ღრმად იხედებოდა, ვიდრე ჩანდა. ჯიუტად დუმდა ორივე. სუნთქვა შემეკრა, როცა ლამის ჩურჩულით აღმოხდა სანდროს. -ვერაფერი. რამდენიმე თვის ამბავია... თითქოს დამბლა დამეცაო. ვიგრძენი, როგორ მომწყდა მთელი სხეული. რამდენადაც არ უნდა შემეგუებინა საკუთარი თავი წინასწარ, დადასტურებულის გაგონებამ ის უკანასკნელი ემოციაც წამგლიჯა, ასე ძალიან რომ ვებღაუჭებოდი მთელი ძალით. -კვაში... მთელი სამყაროს დარდი ჩასდგომოდა თითქოს თვალებში. სევდიანად გამიღიმა და ფრთხილად მომადო მხარზე თავი. -აქ იყავით უბრალოდ, არ მინდა მეტი არაფერი... ^ ^ ^ შუაღამე ხდებოდა ტყუპები რომ წავიდნენ და კეკე გაიყოლეს. -დათა, წაიყვანე სოფიც. - გაეღიმა კვაშის ოთხად მოკეცილი, მძინარე სოფო რომ დაინახა - დაისვენოს, მთელი დღეა ტრიალებს. -სად დასძინებია.. - გული მომეწურა. - რა საყვარელია, ყველაფერი ხეხა და წმინდა დღეს. ღიმილით შეაღვიძა დათამ სოფო და მასაც აღარ გაუპროტესტებია. დაგვემშვიდობა და დათას გაჰყვა. ელენეს ეძინა, ოთახში მხოლოდ მე, რატი და კვაში დავრჩით. -შენ რატომ არ იძინებ? - ვკითხე გაგულისებულმა. - ადამიანის ფერი არ გადევს. უძინარი და დაღლილი ხარ, წადი. მივალაგებ მეც აქაურობას და წავალ. -არ მინდა ჯერ! მოგეხმარები. -რას მომეხმარები, - კინაღამ ვუყვირე. - რათ მინდა სამი თეფშის აღებაში შენი დახმარება. წადი-მეთქი, დაისვენე. -მართალს გეუბნება, - ამ ხნის განმავლობაში პირველად გავიგე ჯანხოთელის ხმა. - დაწექი, მე დავრჩები ამაღამ. -შენც ჩვენთან ერთად იფრინე, შენ არ ხარ დაღლილი? -მე მეძინა, რომ ჩამოვედით რამდენიმე საათი. მიდი ახლა, ნუ გაჯიუტდი! უთქმელად წამოდგა კვაში. -ნატატი, ხვალ გნახავ, ხო? -მიდი, მიყვარხარ! შუბლზე მაკოცა და საძინებელს მიღმა გაუჩინარდა. ერთმანეთის პირისპირ დავრჩით მე და რატი. მშვიდად მიყურებდა, აუღელვებლად. აქამდე მასში დაბუდებული დაძაბულობა, თითქოს ჩემში აწრიალდა. მოუსვენრობისგან კუნთები დამეჭიმა. მოულოდნელად წამოვხტი ფეხზე და აივნისკენ დავიძარი. -წამოდი, მომაწევინე ერთი ღერიც... უთქმელად გამომყვა. საშინლად ყინავდა გარეთ. გამაკანკალა. იმ პუფში დავიკავე ადგილი, წეღან რატი რომ იჯდა. ახლოს არ მოსულა. სიგარეტი გამომიწოდა, თვითონაც წაუკიდა და იქვე, აივნის მოაჯირს დაეყრდნო მკლავებით. უმისამართოდ იხედებოდა ისევ. -რა საშინელი მოსასმენი ყოფილა ეს უხერხული სიჩუმე ჩვენ შორის.. -დამცდა თავისით. -უხერხულობისგან გაცრეცილი დიალოგები უფრო რთული მოსასმენია, დამიჯერე. -მაშინ, ისევ გავჩუმდეთ. ადგილიდან არ განძრეულა. ჩუმად ეწეოდა სიგარეტს. უკანასკნელი ნაფასიც დაარტყა და ჩამწვარი ღერი იქვე, უადგილოდ დაგდებულ დაცლილ ბოთლში ჩააგდო. -გახსოვს, მეორე კლასში ბელა ამბრის კიბეებიდან რომ გადმოვარდა? - დაიწყო მოულოდნელად. -როგორ არ მახსოვს.. -ძალიან ცუდად იყო. ლამის სამი კვირა იწვა სახლში. ელენესთან ვიყავი ეგ პერიოდი. არც თუ ისე დიდი ბიჭი, როგორადაც ყველა მთვლიდა. ხმას რომ არ ვიღებდი, ეგ ხომ იმას არ ნიშნავდა, რომ არ განვიცდიდი. ერთ ღამეს რაღაც საშინელება დამესიზმრა, ეგეთი კოშმარული სიზმარი მაგის მერე აღარც მინახავს მგონი. ყვირილით გავიღვიძე. ელენე დამადგა თავზე და მიმიხუტა მართლა თოთო ბავშვივით. მაშინ მითხრა, არ ინერვიულო, დედებს არასდროს არაფერი ემართებათო.. ხმა ჩაეხლიჩა ჯანხოთელს. კიდევ ერთ ღერს გაუკიდა და აწყლიანებული თვალები თამამად გამისწორა. -რა მწარედ მომატყუა, გჯერა? - ჩაეცინა და ვითომ შეუმჩნევლად გადაიტარა ხელი წვერიან ლოყაზე, ობლად ჩამოსული ცრემლი რომ მოეშორებინა. მინდოდა ხმა ამომეღო, რამით შევწინააღმდეგებოდი, რამით მენუგეშებინა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. ერთიანად მოდუნებული, გაციებული ვიჯექი ერთ ადგილას. -არასდროს მდომებია ვინმეს დასისხლიანებამდე ცემა. დაჟე, შენს ლაშაზეც არ მქონია იმხელა აგრესია, როგორიც იმ ექიმზე.. წამოსვლისას ჩუმად მითხრა, ბოლო დღეები მაქსიმალურად შეუმსუბუქეთო. ბოლო დღეებიო... ნახევრამდე ჩამწვარი სიგარეტის ღერი უხეშად ჩასრისა საფერფლეში, მოდუნებული სხეულით ერთიანად ჩაწვა პუფში და თვალები დახუჭა. -სასწაული მოხდება... - დამცდა ჯიუტად. მკრთალად ჩაეცინა თვალდახუჭულს. -არც ერთ ამბავს აქედან, ბედნიერი დასასრული არ ექნება, ნატა. - დაიჩურჩულა ყრუდ. ცივმა ეკალმა დამაყარა მთელ ტანზე. ხუთი წუთი ვიჯექი გაუნძრევლად. მერე ფრთხილად წამოვდექი, იქვე უდიერად მიგდებული პლედი მივაფარე ჯანხოთელს და ფეხაკრეფით ჩავიარე გრძელი აივანი. კუნაპეტივით ბნელ ღამეს ჯიუტად აშინებდა სავსე მთვარე. თითქოს, აღარაფერი იყო ძველებურად. ^ ^ ^ მარტიც მიიწურა. ნელ-ნელა შეეპარა ბროწეულებს სიმწვანე. ისევ აფარფატდა ჰაერში ნუშის ყვავილები. თვის ბოლოს მამაჩემმა ამაყად გამოგვიცხადა 55-ე დაბადების დღეს ვიხდიო და ლამის მთელი ბროწეულების დაპატიჟება გადაწყვიტა წვეულებაზე. როგორც ივენთების მენეჯერს, თავიდან ბოლომდე მე დამევალა ლოჯისტიკური და ტექნიკური ნაწილის დაგეგმვა. როგორ არ ვეცადე ორმოცდაათი კაცის ჩვენივე ეზოში განთავსება, თუმცა, არაფერი გამოვიდა. -ბარემ ხეებზე დასვი, ქალო! - საქმეს ამ ამბით აჟიტირებული ოთო მირთულებდა. გამოსავალიც თავადვე იპოვა. ჩემი დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, მამაჩემის დაბადების დღემ თავისი სტუმრებიანად ჯანხოთელების ეზოში გადაინაცვლა. მახოს ხათრი ვერ გავუტეხე, მართლა პატარა ბავშვივით უხაროდა და მომიწია შევგუებოდი, როგორ ბზრიალებდა მთელი ჩემი ოჯახი მეზობელ სახლში დილიდან. ჩემებიც იქ იყვნენ. ორადორი დაუზარლად ეზიდებოდა სკამებს ეზოში. სასაცილოდ დამანჭვოდა ვატოს სახე და ჩემი ძმის ბრძანებებზე ისეთ სიტყვებს ბუტბუტებდა, მეგონა, სადაცაა მოკლავს-მეთქი. -მახო ძია, მომაშორე შენი ბედოვლათი შვილი აქედან, სანამ ნეკნები გამოვუღე! - დაიყვირა ბოლოს და სავსე წყლის ბოთლი ესროლა მოხარხარე ოთოს. -რა დღეში გაქვთ სამეგობროს ნერვები. - აბურდღუნდა ისიც და სამზარეულოს შეაფარა თავი. -კვაში მოვა? - მკითხა კეკემ. -მოვალო, დაპირდა მახოს. ელენესაც მოიყვანს ალბათ. -წამოყვება, ნეტა? - ბროწეულებით დაფარული ლურჯი სუფრა გადააფარა სოფომ გრძელ მაგიდას, თავი დახარა თან, მოწოლილი ცრემლი რომ დაეფარა. -წამოყვება, - მტკიცედ ვთქვი . - იმ დღეს მეუბნებოდა, მომენატრა ბროწეულების ჟრიამულიო. მამაჩემის დაბადების დღეს არ დააკლდება, თან. ჩვენებიდან ვინ იქნება კიდე? -რატი მოვა თუ არა, ეგ გაინტერესებს? -თავისი სახლია, კეკე, მოვა, აბა რას იზამს?! - ამოვიბურტყუნე უკმაყოფილოდ. -რას მეჩხუბები... მთელი დღე მზადებაში მიილია. ბოლოს ერთმანეთზე უარესად დაქანცულები ვეყარეთ სკამებზე, სანამ ბელამ და დედაჩემმა არ წამოგვყარეს და სახლებში არ გაგვგზავნეს გასამზადებლად. კეკე და სოფო ჩემთან წავიყვანე, აქეთ-იქით სიარულით დრო რომ არ დაგვეკარგა. გოგოებმა ჩემი გარდერობიდან შეარჩიეს ტანისამოსი. თავად ხელში პირველი რაც მომხვდა, ის ჩავიცვი. შავი, სადა და ტანზე მომდგარი კაბა აღმოჩნდა, ამოღებული ყელითა და პატარ-პატარა მაქმანებით მკლავებზე. -გიხდება ეს კაბა. - მითხრა სოფომ და უდიერად დაყრილი თმა გამისწორა მხრებზე. - თმა გაგისწორო, გინდა? -არ მინდა, - გამეცინა, - ვის ვეპრანჭები? -რა ვიცი, მაინც. -წავიდეთ, ჯობია. საღამო ახალი გახურებული იყო, ჭიშკარი კვაშიმ რომ შემოხსნა. მის წინ ელენე იჯდა, ეტლში. დაუძლურებული, თუმცა, მაინც ღიმილიანი. მთელი სუფრა ფეხზე წამოიშალა, საპატიო ადგილას დასვეს დედა-შვილი. კვაშის განსხვავებულიც მიაჩეჩეს ხელში. -ნატა, მიშველე... - ჩურჩულებდა სანდრო სასოწარკვეთილი. - ვერ დავლევ მე ამას... სიცილი წამსკდა. -მაგარ რამეს გასწავლი, რასაც ვერ დალევ, საბას გადაუსხი დაცლილ ჭიქაში. მერე ვატოს უთხარი, იპარავს-თქო და დაელოდე.. კვაშის ხარხარი აუტყდა. -ჯიგარი ხარ! მალე ყველა შეზარხოშდა. დაახლოებით ის კონდიცია იყო, ლოყებზე კოცნის და სიყვარულის ახსნის ხმები ერთმანეთს რომ ცვლის. თავი ამტკივდა და ის იყო, ფეხზე წამოდგომა დავაპირე, რომ ფეხებთან ჯანხოთელების ერთგული მეგობარი დამიჯდა. საწყალი თვალებით მომაშტერდა თერმოსა. სიბერე უკვე ძვლებში გასჯდომოდა, ზოგი კბილი ჩამოვარდნოდა და ისეთი სევდიანი მზერა ჰქონდა, გული მომეწურა. ნაზად მივეფერე და მანაც შეთანხმებულივით კალთაზე დამადო თავი. ტირილი მომინდა. უნებურად გამექცა თვალი ჭიშკრისკენ, თითქოს წამი-წამზე უნდა გაღებულიყო და იქიდან 16 წლის რატი შემოსულიყო პატარა ლეკვით ხელში. -როგორ დაბერდა.. - მიჩურჩულა კეკემ. - რა წერტილი იყო, რატიმ რომ მოიყვანა. -ჰო... - გამეღიმა. მართლა ძალიან პატარა იყო. მთლიანად თეთრი და ფუმფულა. იმ ღამეს, რატიმ თერმოსა რომ იშვილა, მეცადინეობისგან გადაღლილს საწოლზე ტანსაცმლიანს მიმძინებოდა. გვერდიდან ხმაურმა გამაღვიძა. ჭიშკარი ხმაურით გაიღო და დაიხურა. რაღაც გატყდა კიდეც. შიშით წამოვვარდი მაშინ ფეხზე, ფანჯრიდან გადავიხედე და ხელში ფუმფულა ლეკვით მობანცალე რატის დანახვისას სიცილი წამსკდა. -რატი... - დავუძახე ჩურჩულით. - რას აკეთებ ამ შუაღამეს? -თერმოსას შია.. - ამომძახა და დემონსტრაციულად ლეკვიც მაჩვენა. -ვის? - გამეცინა. -თერმოსას, გოგო, თერმოსას! - ისე გაიმეორა, თითქოს ეს სახელი პირველად არ გამეგო. -ახალი ცხოველი მოათრიე? -ნატა, - დაიღრინა გაღიზიანებულმა და სიმთვრალისგან წაბორძიკდა კიდეც, - მოგათრიე შენ ამას წინათ, გათხლეშილი მთვრალი თვალებში ცხოვრებისეული გაურკვევლობით. ეს მოვაბრძანე! -თერმოსა რატო ჰქვია? -ძალიან თბილია, სულ გეკრობა და მოფერება უნდა. გულიანად გამეცინა. -ჩუმად! - დამიძახა, - ნუ დამახვიე თავზე მთელი ბროწეულები. შიგნით შედი! -წავედი მართლა, ხვალ გამოცდა მაქვს. გამაცანი მერე თერმოსა! თვალი ჩამიკრა რატიმ და თერმოსასთან ერთად გაუჩინარდა უკანა ეზოში. მას მერე 12 წელი გასულიყო. თერმოსა ბერდებოდა, ჩემსა და რატის შორის კი აღარაფერი იყო ძველებურად. ფიქრებისგან გამოფხიზლებაც ვერ მოვასწარი, ისე შემოაღო ჯანხოთელმა საკუთარი ეზოს კარი. ღია ცისფერი პერანგი და ამავე ფერის ჯინსი ეცვა. თმა საგრძნობლად შეემოკლებინა, ხოლო წვერი პირიქით - მოეზარდა. სხვანაირი მომეჩვენა, თითქოს უფრო დამშვიდებული. უცნაურმა ტაომ დამაყარა ტანზე. სულ სხვა ადამიანს ველოდი, ხელში კი - სხვა შემრჩა. -ოხ,ოხ ვინ მოსულა! - შეეგება მამაჩემი და მასთან ერთად ნახევარი სუფრაც წამოუდგა რატის ფეხზე. -მახო, ბოდიში, შემაგვიანდა ცოტა. - გულიანად მოეხვია ჯანხოთელი მამაჩემს, - გილოცავ, კიდევ 55 უნდა მოგილოცო, იცოდე! -კაი ახლა ბიჭო, 110 წელი ჩემმა მტერმა იცოცხლოს. - გაეცინა მამაჩემს. დიდი ყუთი მიაჩეჩა მახოს ხელში რატიმ. -გახსენი, მოგეწონება წესით. -რა არის, ბიჭო, ეს? ის ეშმაკის ყუთი ხომ არ მაჩუქე, ამას წინათ რომ მეუბნებოდი, გიყიდიო? მაგის არც ნერვი მაქვს შერჩენილი და არც ჭკუა, ხომ იცი? - დაიჯღანა უფროსი სიხარულიძე. -არ არის, მახო, კომპიუტერი... - გაეცინა - გახსენი ამდენ მკითხაობას! მამაჩემმა მორჩილად შეასრულა თხოვნა, წამებში შემოახია ყუთს ქაღალდი და გახსნა. შიგნით გრავირებული ნარდი დახვდა. მუქ ყავისფერ ყუთზე ლამაზად დაკოსებულიყო პატარა ბროწეული, ზემოდან კი კოხტა, შავი ასოებით წაეწერათ: "საპატიო ბროწეულელს - მალხაზ სიხარულიძეს." სიამაყისგან გაიბერა მამაჩემი, თვალები აუცრემლიანდა წამებში. -ვიფიქრე, გაგისწორდებოდა რა.. - უხერხულად მოისვა რატიმ კეფაზე ხელი. -ბიჭო... - ხმა აუკანკალდა მამაჩემს. - დიდი მადლობა, შენ გენაცვალე მე! ისე ჩაიხუტა, მეგონა რომელიმე ძვალი მაინც გადაუტყდებოდა ერთ-ერთს. ზურგზე ხელების რტყმის ხმა კარგა ხანს მესმოდა. ამასობაში, ვერ შევნიშნე როგორ მომეპარა უკან ოთო. -შენზე მეტად რომ უყვარს მამაჩვენს ეს ბიჭი, იცი ხო? -შენზე მეტადაც უყვარს, ისე, სხვათა შორის. - ამჟამად არც მე დავრჩენილვარ ვალში და თვალიც ჩავუკარი. -გველო შენ, პითონო. - აიბზუა ცხვირი. -გამეცალე! ჯანხოთელი იქვე მოისვეს უფროსმა კაცებმა. მიუხედავად იმისა, რომ საშველად სათითაოდ უხმო ბიჭებს, მაინც არაფერმა გაჭრა. ორადორის სიმთვრალის დონიდან გამომდინარე, არ მგონია, გაერჩიათ მათ წინ რატი იდგა, თუ „ზაპოი“ თომა. კვაში კარგა ხნის წასული იყო, ხოლო დათა, ქარში წვრილი ხის ტოტივით ყანყალებდა. -გოგოებო, ყავის გაკეთებაში დამეხმარეთ.. - დაგვიძახა შორიდან დედაჩემმა და ჩვენც ძალდატანებით მივაშურეთ სამზარეულოს. უკანასკნელი პარტია ყავა ჩამოვასხი და გოგონებს გავატანე სუფრასთან. სამზარეულოს ფანჯარას მივუახლოვდი, რომელიც უკანა ეზოს გასცქეროდა. ხმა მომესმა. თერმოსა წკმუტუნებდა სიამოვნებისგან. მის ფეხებთან ჩაცუცქულიყო რატი და ეფერებოდა. გამეღიმა. სანამ რამის გააზრებას მოასწრებდა ჩემი გონება, უკვე უკანა ეზოსკენ მივდიოდი. ხმაზე დაფრთხა ძაღლი, რატიმაც მკვირცხლად მოიხედა უკან. უხმოდ მივედი და ფანჩატურთან სარწეველა სკამზე ჩამოვჯექი. ყველაზე მეტად აქ მიყვარდა ყავის დალევა. მთელ ბროწეულებს გასცქეროდა ეს ადგილი. კანტა-კუნტად ჩანდა ყველა ხე, რომელზეც ბავშვობაში ავმძვრალვართ, ყველა ხეხილის ბაღი, საიდანაც ხილი მოგვიპარავს. უამრავჯერ გაგვიჭორია სამეგობროს ყველა და ყველაფერი. ლიტრობით სასმელი დალეულა და მილიონობით აბსურდული იდეა დაბადებულა. საშინლად მომინდა ხელში ყავა მჭეროდა, ჩემს გვერდით რატი მჯდარიყო და დილამდე გველაპარაკა სისულელეებზე. -სიგარეტი გაქვს? - დამცდა უნებურად. -მაქვს. ფეხზე წამოდგა, მშვიდად ამოიღო ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი, ერთი ცალი გამომიწოდა და თავადვე მოუკიდა ღერს. -აკი აღარ ვიყიდიო? -მერე სხვებს ხომ არ გამოვართმევ? -არ ყიდვის მიზანიც ეგაა, რომ სხვებს არ უნდა გამოართვა. -ამჟამად არანაირი სურვილი არ მაქვს სიგარეტისთვის თავის დანებების. - გულგრილად მიპასუხა, ჩემს მოპირდაპირედ პუფში ჩაჯდა და თავადაც გაუკიდა. -შენ აქ აპირებ რომ მოწიო, შუახნის კაცებით სავსე ეზოში? -აქ გამომსვლელი არავინაა.. მაქსისუმ ჩვენებიდან მოვიდეს ვინმე. მსუბუქად დამიკრა თავი. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. -რა ხდება შენკენ? - ვიკითხე უნებურად. ნახევრად მოჭუტული თვალით ამომხედა, მსუბუქად ჩაეცინა. -მაგის კითხვას არაფერი გეკითხა, ნატა, არ ჯობდა? -რა ვიკითხე ეგეთი? -რავიცი, არ გასკდე უხერხულობისგან, მეშინია. -რას გადამეკიდე, რატომ აიჩემე ეს ზიზღი და უხერხულობა? - დამეძაბა ტონი. ღრმად ამოიოხრა რატიმ. -რატომღაც ყოველთვის მე ვარ, ვინც არასწორად აღიქვამს სიტუაციას, ან რაღაცები ეჩვენება. არადა, ჩვენი მეგობრობის 28 წლის მანძილზე, ცხოვრებაში არ გიკითხავს შენ ჩემთვის, შენკენ ახალი რა ხდებაო... -არ გაგვიტარებია არასდროს ერთმანეთისგან შორს ამდენი დრო და იმიტომაც არ მიკითხავს. - უსუსურად ვიმართლე თავი. -ხო, მაგაშია საქმე. -რა წესია ეს გამკიცხავი ტონი, რატი? - ამოვიოხრე მეც. - რატომ გგონია, რომ მარტივია ჩემთვის ეს ყველაფერი? ისე მელაპარაკები, თითქოს მე მილხინდეს და ძალიან მსიამოვნებდეს ასე ყოფნა. -მე არ მითქვამს, რომ რომელიმესთვის რამე მარტივია. - დაიწყო მშვიდად. - იმას ვუსვამ ხაზს, რომ შენ ბევრად უკეთ გამოგდის ჩემ გარეშე ცხოვრება. -რატომ, რადგან მე არ.. - სიტყვა გამიწყდა, უხერხულობისგან ბურთი გადამეყლაპა. -დააბოლოვე, - სიმწრით გაეღიმა ჯანხოთელს, - მიდი ხო, დაამთავრე. -რატი, საშინლად ძნელია გაიგო, რომ შენს საუკეთესო მეგობარს უყვარდი, თურმე. იმ ადამიანს, რომელსაც ძმად აღიქვამ შენ და მერე საერთოდ.. -მერე საერთოდ აღმოაჩინო, რომ სექსი გქონდა იმ ადამიანთან, ვისაც ძმად აღიქვამდი, არა? - ამჯერად ირონიულად ჩაიცინა და სიგარეტი იქვე ჩაასრისა, საფერფლეში. -რატი! - შიშით მიმოვიხედე აქეთ-იქით. -ვერასდროს გაგაგებინე ჩემი სათქმელი. ალბათ, იმიტომ რომ მოსმენა არ გინდა ჩემი. ათი წუთი მომიგდე მაშინ, თითქოს ვიღაც, შენი მორიგი თაყვანისმცემელი ვყოფილიყავი. არასდროს მქონია მოლოდინი, რომ ამის გაგების მერე ადეკვატური რეაქცია გექნებოდა, ან ყველაფერი ისე გაგრძელდებოდა, როგორც ადრე. არც რამის იმედი მქონია, სიმართლე რომ გითხრა. უბრალოდ, მეგონა ზრდასრული, ადეკვატური ადამიანებივით დავსხდებოდით და იმაზე მაინც დავილაპარაკებდით, საერთოდ რა მოხდა და სად ვართ ახლა.. ნუ, გავიგე, რომ დანახვა არ გინდოდა ჩემი. გაღიზიანებდი, საკუთარი თავიც შეგძულდა იმ ღამის გამო, თუმცა, ორი თვე გავიდა, ნატა.. მე გეტყვი შენ ახლა, რატომ მარიდებ თავს. - მითხრა და მოულოდნელად წამოდგა. ფრთხილად ჩაიმუხლა ჩემს წინ და გამეტებით ჩამაშტერდა თვალებში. - გითხრა? -მითხარი.. - ხმა გამიტყდა. -რომ მიყვარხარ, იმაზე მეტად ის გეწყინა შენ, თავი მოტყუებულად რომ იგრძენი. ეგო შეგელახა, რომ რაღაც დაგიმალეს. რაღაც, რაც შენ გარდა ყველამ იცოდა. თავი გასულელებულად იგრძენი. იფიქრე, ალბათ, რამდენჯერ გამომიყვანეს შტერად, როცა მე რატის მხარზე თავს ვადებდი და ამ დროს მას სულ სხვა ფიქრები უტრიალებდა თავშიო. ყველაფერს თვალი გადაავლე და გაგახსენდა, რამდენჯერ გადაუხედავთ ბიჭებს ერთმანეთისთვის, ჩვენი შემხედვარე. ქალურად მოტყუებულად იგრძენი თავი, ნატა. ეგრეა? -ეგრეა... - ვუპასუხე დაგუბებული ხმით. -ხოდა, აქვე გეტყვი, რომ არასდროს მომიტყუებიხარ მე შენ. რამდენჯერაც შენთვის ის წყეული სიტყვა მითქვამს, იმდენჯერ მიგულისხმია. -აბა მაგდენად ბრმა გამოვდექი? მაგას მეუბნები?! ამოიოხრა. ძალიან მსუბუქად შემეყო ღაწვზე, თითქოს ჩემი რეაქციის ეშინოდა. ნაზად მომწინდა ცრემლი და გამტყდარი ხმით მითხრა. -არ იტირო. მოვა ალბათ დრო, მე და შენ რომ გულწრფელად ვილაპარაკებთ ყველაფერზე. -დრო მჭირდება, რატი. ცოტა კიდევ... აღარაფერი უთქვამს. მშვიდად წამოკრიფა მაგიდიდან მანქანის გასაღები, ტელეფონი და სიგარეტის კოლოფი. ფანჩატურიდან მოზომილი ნაბიჯებით ჩავიდა, თერმოსას წინ ჩაიმუხლა და რამდენჯერმე აკოცა. შემდეგ კი ისე გაიარა ვიწრო, ყვავილებით დაფარული ეზო, რომ წამით არ მოუხედავს უკან. ნიავი ამოვარდა. მშვიდად ირხეოდნენ ბელას ეზოში გაფურჩქნული ყვავილები. საყვედურის ჩურჩულით დამძახოდა ზემოდან ჩვენი ბროწეულის ხე. დაგუბებულ ყურებში ყრუდ აღწევდა წინა ეზოდან გადმოსული ჟრიამულის ხმა. ხმაურობდა ბროწეულები. ხმაურობდა და ღმერთმა იცოდა მხოლოდ, როგორ მჭირდებოდა ახლა სიჩუმე. ^ ^ ^ გაზაფხულის ბოლო საღამო ილეოდა. რატის დაბადების დღეც. ყოველთვის ვეხუმრებოდი, გაზაფხულის ბოლო დღეს რომ ხარ დაბადებული, იმიტომაც გიქრის განსაკუთრებულად-მეთქი. მართალიც იყო. პირველი დაბადების დღე გავიდა ისე, რომ მე მისთვის ტორტი არ მჭერია. პირველად არ ვთვრებოდით უმოწყალოდ ამ დღეს. ქვეყანაში არ იყო რატი, მე კი დაახლოებით მეოთხე საათი ხდებოდა, რაც Whatsapp-ში მისთვის გასაგზავნ ერთადერთ სიტყვას შევცქეროდი: " გილოცავ.. " დავაჭირე. რამდენიმე წუთი ვუყურებდი ტელეფონს. ნახა. იმ ღამეს პასუხი არ მიმიღია. შუაღამეს რომ გადასცდა, ნახევრად ჩაძინებული, მეზობელი ეზოდან გამოსულმა ხმაურმა შემაფხიზლა. გიჟივით ვეცი ფანჯარას, გავხსენი. ეზოში ჯაბა და ბელა დავინახე. ორივე სასოწარკვეთილი და განადგურებული ჩანდა. გული ლამის გამიჩერდა. ძლივს მოვიკრიბე ძალა და ის იყო ზემოდან უნდა დამეძახა, რომ ეზოს საერთო კარი გაიხსნა და ჯანხოთელებთან დედაჩემი აღმოჩნდა. -ბელაკო, ხო მშვიდობაა? ბელა ერთხანს დუმდა, მერე საწყლად ამოიკნავლა. -თერმოსა მოგვიკვდა ამ დილით. დავკრძალეთ... ფეხის თითებიდან წამომავალმა ჟრუანტელმა ერთიანად მოიცვა ჩემი სხეული. რაღაც ჩამწყდა. ტელეფონს ვეცი, გაუაზრებლად ავკრიფე ტელეფონის ნომერი. გულით მინდოდა დამერეკა. ვერ გავბედე. რამდენიმე წუთში ირმამ ამომაკითხა ოთახში. -დედი, თერმოსა მომკვდარა. - მითხრა შეწუხებული სახით. დედაჩემის ხმის გაგონებისთანავე ამიკანკალდა ნიკაპი. გონს რომ მოვედი, მის კალთაში მედო თავი და ვტიროდი. ყველაზე მამაცი ძაღლი იყო თერმოსა. მამაცი, კეთილი და ერთგული. სამივეში გაუმართლა რატის, მე სამივეში ვუღალატე... ^ ^ ^ ზუსტად ერთი კვირა ვებრძოდი მთელ სამეგობროს, რომ სახლიდან არ გავსულიყავი. ხან სამსახურში არეულობა მოვიმიზეზე, ხან დაღლილობა, უხასიათობაც კი მივაწერე საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ამ მიზეზით ვიკრიბებოდით ძალიან ხშირად. ბოლოს შტურმით მომივარდა კეკე სახლში, მთელი ოჯახის თვალწინ მიყვირა ყელში ამოხვედიო და სულ ძალით წამათრია თავისთან საგურამოში, აგარაკზე. ჩემ გამოჩენას სარკასტული ოვაციები და დამცინავი კომენტარები რომ მოჰყვა, მაშინ მივხვდი, ძალიან ზედმეტი მომსვლია. კვაშიც კი იქ იყო. ბიჭს ავადმყოფი დედა ჰყავდა და მასაც კი არ მოუგონებია იმდენი მიზეზი სამეგობროსგან თავის ასარიდებლად, რამდენიც მე. -მაგარი ცუდად იქცევი, შენ თავს გეფიცები რა! - აყვირდა დათა. - რა არის ეს გაქცევა და დამალვა, ან ერთისგან, ან მეორისგან?! -იმან ვაფშე ბერლინში მოხია, ტო. - აჰყვა ვატო. -გვაქვს ალბათ მიზეზი. -ძალიან კარგად ვიცით, რაც არის ეგ მიზეზი. - ამჯერად საბას მოუნდა ცხოვრებაში სულ მეორედ დასერიოზულება. - გავიგეთ, ტეხავს, რომ ეგრე მოხდა. სასტავი უნდა დაშალოთ მაგის გამო, ტო? -მოიცა, რა იცით თქვენ? - ნერვიულობისგან გამაცია. მშვიდი მზერით შემომხედეს წყვილში კეკემ და სოფომ. -სიმთვრალეში რომ გითხრა რატიმ ყველაფერი და მაგის მერე ისტერიკებში ხარ შენ, სხვა რა უნდა ვიცოდეთ? - მკითხა კვაშიმ. -შენც არანაკლებ ისტერიკებში იქნებოდი, რომ გაგეგო კეკეს უყვარხარ. -აუფ, - სიცილი წასკდა კეკეს და დათას სიგარეტი სკოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა. - ძალიან მსგავსი სიტუაციები შეადარე ახლა. -და რატომაა განსხვავებული? -გაჩერდი, ნატრული, თუ ღმერთი გწამს, - გახალისდა კერესელიძე. - და-ძმა და ძმაკუები რომ არ ყოფილხარ შენ და რატი არასდროს, ეგ ამბავი ახლა გაიგე? -კი, ვატო, ახლა გავიგე, - გავღიზიანდი და სკამიდან წინ წამოვიწიე. - გასაგებია თქვენი ბრაზი იმასთან დაკავშირებით, რომ სამეგობროს შეკრებებს თავს ვარიდებით ერთიც და მეორეც, ისევ ერთმანეთის გამო, მაგრამ, ახლა აი ეს ნიშნისმოგებითი, სარკასტული კომენტარები, თითქოს ყველამ იცოდით რატის და თურმე, ახლა ჩემი გრძნობების შესახებაც, არ მჭირდება. სიტუაცია არ დაგვილაგებია და არ მსურს ახლა ამ ამბავზე ისე საუბარი, თითქოს, მე ძალიან ბანძი ტიპი ვარ, საკუთარ თავში რომ ვერ ვერკვევი. არ არის მსგავსი არაფერი და რომც იყოს, თქვენი ძალდატანებითი აგრესია, მაგაში ვერ დამეხმარებოდა ვერაფრით! უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. -ის იქიდან გვა**ამს, ეს აქედან... - აბუტბუტდა საბა. - ჩვენ რაღა დავაშავეთ? -დაურეკე მაინც? - არ გაჩერდა დათა. -თერმოსას ამბავში. -არ მინდა ამაზე ლაპარაკი. თუ შევძლებთ, რომ სხვა რამით გავერთოთ ხომ კარგი, თუ არადა, წავალ. სიჩუმე კიდევ ერთხელ ჩამოვარდა. ბოლოს კვაშიმ მიშველა და უხერხულობა კვლავ მანდ გაფანტა. -თქვენ იცოდით „ზაპოი“ თომამ ცოლი როგორ გაიცნო? -„ზაპოი“ თომას ცოლი ჰყავს? - გაკვირვებისგან ყბა ჩამოუვარდა კეკეს. -კი, ჰყავს, - ჩაერია სოფო. - და სხვათა შორის, უკარგესი ქალია. მეცოდება ეგ ბედოვლათი რომ შეხვდა ქმრად. -ეე, რა წესია ლოთებზე ეგრე ლაპარაკი? - იწყინა ვატომ. -გაგიტყდა პაწი? - გამოაჯავრა საბამ და ხელოვნურად გადაუსვა თავზე ხელი. -ძალიანაც ნუ გაბლატავდი შენ, არ ხარ შენი ძმისგან ძალიან შორს. - ღიმილით უთხრა კვაშიმ და მის მიმართ ნაჩვენები შუა თითი გმირულად დააიგნორა. - ჰა, იცით გაცნობის ისტორია, თუ არა? -არ ვიცით, მოყევი. -ლეილას მამას უბანში მაღაზია ჰქონდა ადრე თურმე, ხოდა, თვითონ ლეილას აყენებდნენ და ესეც ვაჭრობდა რა, 90-იანებში. ერთ დღეს, ძმაკაცებთან ერთად დალია თომამ თურმე და ეზოს მხრიდან მაღაზიის სარდაფში ისე შეიპარა, ვერც გაიგო შენმა ლეილამ. მთვრალს იქ დაეძინა და საღამოს ისეთი ხვრინვა ამოუშვა, დააფეთა ქალი. სარდაფში რომ ჩავიდა და გაშოტილი დახვდა თომა, ისე სცემა, თვალი ჩაულურჯდა კაცს... -თვალს რომ ულურჯებდა, მაგ დროს შეუყვარდა? - ხარხარებდა კეკე. -ვატუ, ნახე, შენც გაქვს შანსი შენი ცხოვრების სიყვარული იპოვო. -ბიჭო, რა მაინტერესებს იცით? - დასერიოზულდა ვატო. - ოდესმე თუ დალევა შემომითავაზებია, უარი არც ერთს არასდროს გითქვამთ და მარტო მე რატო გამოვდივარ ლოთი? რამდენიმე წუთით ყველა გაჩუმდა. რეალურად მართალი იყო ვატო. ის თუ ლოთი იყო, ჩვენც მინიმუმ იგივე სტატუსს ვიზიარებდით. -არა, ახლა არის ამაში სიმართლეც... - აბლუყუნდა დათა. -ჰოდა, დაახვიეთ! - გაიჯგიმა ტყუპი. - ამ გახსენებაზე, ჩააციე კეკუნა ღვინო? უკმაყოფილებისგან თავი რამდენჯერმე გააქნია კეკემ და სამზარეულოში შევიდა. მზე ჩადიოდა საგურამოში. ვხედავდი, როგორ ჩხუბობდა ორადორი, თუ ვინ წვავდა მწვადს უკეთესად. ამასობაში დაბრუნებული კეკე როგორ წუწუნებდა, რომ მისი კიდევ ერთი ჯგუფელი გათხოვდა და პრობლემა აშკარად მასში იყო. როგორ მოთავსდა სოფო დათას კალთაში და როგორ გაიყურსა ორივე ერთდროულად. დარწმუნებული ვიყავი, ერთი საოცნებო ქორწილზე ფიქრობდა, მეორე კი თვლიდა, რომ ქორწილში ფულის გადაყრას ტროპიკული საქორწინო მოგზაურობა სჯობდა. კვაში ჩუმად იჯდა და ზედვე ეტყობოდა, რომ მისი სოციალური ბატარეა წუთებს ითვლიდა. სავარაუდოდ, უკვე 2 საათის წინ ჰქონდა აქედან დატყდომა გადაწყვეტილი. ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. გარდა ერთისა. წამით შეხვდა ჩემი და სანდროს მზერა ერთმანეთს. მკრთალად გამიღიმა. მოვიდა და ზურგიდან მომეხვია. -დაურეკე... შეუმჩნევლად ამიწყლიანდა თვალები. მის მკლავს მივეფერე და თითქოს მხოლოდ ჩემთვის გასაგებად ჩავიბუტბუტე. -რომ ჩამოვა, დავურეკავ.. ^ ^ ^ იმ დღიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე შუაღამის სამ საათზე, ჩემი და რატის საერთო სურათების თვალიერებით გადაღლილმა ტელეფონი გვერდზე გადავდე და თვალები დავხუჭე. თითქოს არ მეძინებოდა, მაგრამ ემოციებმა ალბათ თავისი ქნა. აღარ მახსოვს, როგორ გავითიშე. ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამაღვიძა. გონებაში ძლივს გადავხარშე, რომ აშკარად შაბათი იყო და წესით ასე გამეტებით არავის უნდა დაერეკა. მესამე უწყვეტ ზარზე გამწარებულმა წამოვყავი თავი და ტელეფონი ხელში ავიღე. ეკრანზე სოფოს სახისა და ციფერბლატების დანახვამ, რომელიც დილის 8 ის ნახევარს აჩვენებდა, უფრო გამაცოფა. -ნორმალური ხარ? რა გინდა შაბათს, ამ დილაუთენია? -ნატა… - სლუკუნი გავიგე და ძარღვებში სისხლი გამეყინა. წამებში გამოვფხიზლდი. -რა ხდება, სოფო ? -ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე. -ნატა, საშინელება მოხდა. -გოგო, ამოღერღე, რა ჯანდაბა მოხდა? - მოთმინება დაკვარგე. -კვაში.. -რა კვაში, სოფო.. - შევკივლე. - თქვი! -ელენე დაიღუპა. -ძლივს ამოთქვა. ერთიანად გავიყინე. მოძრაობის უნარი წამერთვა, მინდოდა რამე მეკითხა, ხმა ამომეღო, მაგრამ ხმა არ მემორჩილებოდა. რამდენიმე წუთი ვიყავი გარინდული, დაბუჟებული ენის გამოძრავებას ვცდილობდი, თუმცა, ამაოდ. ბოლოს ისევ სოფომ იმარჯვა. -გესმის, ნატა? -მესმის.. სად ხართ ახლა? -ახლა გამოვედი სახლიდან. -დამელოდე ხუთი წუთი, ჩავიცვამ და გამოგივლი. -პირდაპირ იქ მოდი,მე უკვე გამოსული ვარ. - მითხრა ყრუდ და ყურმილი დაკიდა. არ მახსოვს როგორ ავდექი საწოლიდან, როგორ გავაღვიძე ჩემები და მომხდარი ვუთხარი. ირმას ისტერიკული ტირილი აუვარდა, მამაჩემს ეჭირა ორივე ხელით და თავად თავზარდაცემული მის დამშვიდებას ცდილობდა. ორივე მკლავი მომხვია ოთომ და მიმიხუტა. გული ამომიჯდა, ცრემლების ნაკადი არ წყდებოდა. ელენეზე კეთილი მაცხოვრებელი არ ჰყავდა ბროწეულებს. ვერ იპოვიდით ადამიანს, ვისაც ის არ უყვარდა, ან მასზე აუგის თქმა შეეძლო. გარეთ გავედი. ხელის კანკალით ვიცვამდი ფეხსაცმელს. ვერაფრით შევკარი თასმა, რომელიც რაღაც მაგიური ძალებით გადაიხლართა ერთმანეთში. ჩემს წინ დაიხარა ჩემი ძმა, საკუთარი ხელებით შემიკრა ფეხსაცმელი. სანამ წამოსადგომად ძალა მოვიკრიბე, დავინახე, როგორ აინთო ერთმანეთის მიყოლებით, ლამის ყველა მეზობელ სახლში სინათლე. ეღვიძა ყველა ბროწეულელს.. ჩუმად აფუთფუთდა ოჯახებში ტრაგედია. გლოვობდა უბანი. ^ ^ ^ სულ რამდენიმე კაცი იდგა ეზოში. შესასვლელი ჭიშკარი გამიღო ოთომ და მომეჩვენა, თითქოს იმაზე დიდი ხმით დაიჭრიალა, ვიდრე ოდესმე. ფეხები ერთმანეთში მეხლართებოდა და დამეფიცება, არსად, არასდროს არ გამჭირვებია შესვლა ასე. შორიდანვე დავლანდე სახლის კიბეებთან ატუზული ორადორი. სიგარეტს ეწეოდა ორივე. უკუნ სიბნელე ჩამდგარი თვალები სადღაც სხვაგან, უმისამართოდ იყურებოდნენ თითქოს. ჩემ დანახვაზე რიგრიგობით ჩასრისეს სიგარეტი იგვე მდგარ, ღერებით გადავსებულ საფერფლეში და ერთმანეთის მიყოლებით წამოვიდნენ ჩემკენ. პირველი საბა მომეხვია, ღრმად ამოიხვნეშა და მეც ვეღარ შევიკავე ცრემლები. -როდის? - ჩახლეჩილი ხმით ვკითხე ამჯერად ვატოს, როცა მაგრად მომხვია მკლავები. -წუხელ ღამე. -წუხელ ღამე? - გული მომეწურა. - რატომ გუშინვე არ დარეკეთ? -რა აზრი ჰქონდა. თქვენ რაღას გვეწვალებინეთ. აქაურობა დავალაგეთ, მოვაწესრიგეთ და გადმოვას.. - სიტყვა შუაში გაუტყდა საბას. სინანულით იკბინა ტუჩზე და უნებურად შერცხვენილმა დახარა თავი. - გადმოვიყვანეთ... ოდნავ მივეფერე სახეზე. ვაგრძნობინე, მარტო არ ხარ-მეთქი. მკრთალად გამიღიმა ორივე ტყუპმა. მიმანიშნეს სახლისკენ, იქით არისო ყველა და მეც თითქოს ფეხებმოჭრილმა გავაგრძელე ის საშინელი რამდენიმე მეტრი, გოლგოთას გზას რომ უდრიდა ახლა ჩემთვის. -ვიზიარებ, ბიჭებო.. - უკნიდან მესმოდა ოთოს გამტყდარი ხმა. ფეხაკრეფით ავიარე კიბეები და ფართოდ გაღებულ კარში შევაბიჯე. სულ ღია იყო ეს კარი. არასდროს უმუშავია იმ რკინის საკეტს დიდის ამბით რომ დააყენა თავის დროზე კვაშიმ. „დედა, დაკეტო ეს კარი ოდესმე, ხო შეიძლება?!“ - ჩხუბობდა სანდრო. „კარგი რა, დედიკო. იმდენი ვინმე შემოდის ყოველ დღე, სულ ხომ არ ვირბენ?!“ ყურებში ჩამესმა ელენეს წკრიალა ხმა. დერეფანი სწრაფად გავიარე. მომაკვდინებელი სიჩუმე და საშინელი ტრაგედიის სუნი იდგა ირგვლივ. ზუზუნი ისმოდა სისხლის გამყინავი და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გავიაზრე, რისი ხმა იყო ეს. გაჩერება მინდოდა, თუმცა, მეძახოდნენ თითქოს... მისაღებ ოთახის შუაგულში დაესვენებინათ მაცივარი. თავთან წითელი ვარდები და ელენეს სურათი მომხვდა თვალში. გულიანად იცინოდა. ქერა თმა ჩამოჰყროდა სახეზე და ვარსკვლავებივით უციმციმებდა თვალები. რამდენიმე დარტყმა გამოტოვა ჩემმა გულმა, მწვავე ტკივილი ვიგრძენი შემდეგ. თავბრუც დამეხვა, თუმცა, იქვე მდგარ სკამს ჩამოვეყრდენი. უნებურად გავიხედე მარჯვნივ. რატი მიყურებდა შეშინებული. მივხვდი, რომ თვალებით მეკითხებოდა მოსულიყო, თუ არა. მკრთალად გავუღიმე და იძულებით გავსწორდი წელში. ზანტად მოვატარე თვალი ოთახს. კუთხეში, სკამზე იჯდა სანდრო კვაშილავა. ნელა მივედი მისკენ. ამომხედა. დაწითლებული თვალები ისე შემომანათა, თითქოს მისი ერთადერთი მშველელი ამ საშინელებისგან მე ვიყავი. ორივე ხელი შემოვატარე წვერიან სახეზე. შუბლით მუცელზე მომეყრდნო. გაიცრიცა გარშემო ყველაფერი. აზრი დაკარგა ჩემმა ყველა დარდმა და პრობლებამ. დაპატარავდა წარსულის ყველა ცუდი გამოცდილება. -ნატი... რა გავაკეთო ახლა მე? იმ წამს მოვკვდი. -ჩშშშ.. - არეულად მოვატარე მის თმაზე ხელი. ნერვულად წიკწიკებდა კედლის საათი. შევხედე და მომეჩვენა, თითქოს იღვენთებოდა. იღვენთებოდა ისიც და ყველა მყარი საგანიც, რაც ოთახში იდგა. მხოლოდ კვაში იყო ნამდვილი. კვაში და მისი ცრემლების ზღვა, მუცელს რომ მისველებდა. არ მახსოვს, რამდენი წუთი ვიდექით ასე. ვერც ვიგრძნობდი ალბათ დაღლილობას და მთელ დღეს ფეხზე მდგომი გავატარებდი, სოფო რომ არ მოსულიყო ახლოს. -კვაშ, ხალხმა მოსვლა დაიწყო... რამდენიმე წამი დასჭირდა სანდროს გონს მოსასვლელად. ფრთხილად წამოსწია დამძიმებული თავი და ფეხზე ზლაზვნით წამოდგა. ალბათ, როგორ ეზარებოდა ახლა სხვებისთვის ხელის ჩამორთმევა, უამრავი მადლობის თქმა და საკუთარი სიმწარის ყველასთვის გაზიარება. ალბათ, როგორ უნდოდა მარტო ყოფილიყო, მხოლოდ უახლოესი ადამიანებით გარშემორტმული და მშვიდად დაეტირებინა სამყაროში ყველაზე კარგი დედა. რატის გახედა. მაშინვე წამოდგა ჯანხოთელი და გაწელილი ნაბიჯებით წინ წასულ ძმაკაცს უკან გაჰყვა. ეზოში ჩამოდგნენ ბიჭები. ხალხის ნაკადმა იწყო მოსვლა. რამდენიმე წამით დავრჩი მხოლოდ ოთახში მარტო. კანკალით დავხედე შუშას. მომეჩვენა, იღიმოდა თითქოს. ნაზად გადავუსვი ხელი. -მიყვარხარ, ელე... ^ ^ ^ როგორც კი დაღამდა, მხოლოდ ოჯახი და უახლოესი მეგობრები დავრჩით სახლში. ის აუტანელი სიჩუმე და სურნელი არსად მიდიოდა მხოლოდ. ღრმად შემოჭრილიყო ყველას სხეულში და ისე კომფორტულად მოეცვა ყველა უჯრედი, თითქოს იქ იყო მისი ადგილი. კვაში საკუთარი ნებითვე გავიდა საძინებელში. მივხვდი, უკვე ჩვენც და ჩვენი სიბრალულით გაჯერებული მზრუნველობაც აღიზიანებდა. ცოტა ხანს არავის ნახვა არ მინდაო, გვითხრა და რამდენიმე საათით განმარტოვდა. არავინ ვაპირებდით სახლში წასვლას. ყველას სახეზე ეწერა დარდი, ტკივილი და დაღლილობა, თუმცა, ფეხის მომცვლელი არავინ იყო იმ ღამეს. ოთახის ერთ ბოლოში მე ვიჯექი, მეორეში რატი. კეკესთვის მოეხვია ხელი და იხუტებდა. მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა მკერდი. გაფითრებულ სახეზე კიდევ უფრო მოზრდოდა წვერი. რამდენიმე წამით შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს. თუმცა, მომარიდა მაშინვე. გაყინვოდა სახე და მთელი სხეული. უგონოდ მომინდა კეკეს ადგილას ყოფნა. იმ საშინელი ტკივილის მასთან გაცვლა, ახლა მთელ ჩემს სულს რომ მოსდებოდა. პატარა ბავშვივით მინდოდა ის მკლავი ახლა ჩემთვის ჰქონოდა მოხვეული. ამეტირა. რამდენიმე წამით ჩავხარე თავი და როცა გონს მოვედი, ჯანხოთელი კუთვნილ ადგილას აღარ დამხვდა. მხოლოდ კეკე იჯდა სკამზე. ფეხაკრეფით მივედი. -კეკე... -ამათ რა ვუშველოთ, ნატა? ლუკმა არ უჭამია არც ერთს წუხანდელიდან მოყოლებული. ღრმად ამოვიოხრე. ფეხზე წამოვდექი და კეკეს ყურთან ვუჩურჩულე. -იმ ლობიანებს შევათბობ, ნაირა დეიდამ რომ გადმოიტანა. გავუტან რატის, შენ ბიჭებს მიხედო იქნებ.. -არ შეჭამს. -შეჭამს... სამზარეულოს მივაშურე. მეზობლის ქალები ტრიალებდნენ იქ. ეგოისტურად ყველას გაყრა მომინდა იქიდან. ელენეს სამზარეულოში სხვა ვერც ერთი ქალის სუნთქვა ვერ ავიტანე. ბელას მზერა შემეჩეხა. მიმიხვდაო თითქოს, ყველას ზრდილობიანად სთხოვა რამდენიმე წუთით სამზარეულოდან გასვლა. -მადლობა, ბელაკო. - ჩურჩულით ვუთხარი. იქვე მაგიდაზე ლამაზად ჩამწკრივებული ლობიანებიდან რამდენიმეს დავავლე ხელი. კარადიდან ტაფა გამოვიღე და გასაცხელებლად გაზზე შემოვდგი. -ნატი, ბიჭებს.. -ვიცი, ბელაკო. მათთვის ვაცხელებ. -ნატა, - ყრუდ დამიძახა ბელამ. - მარტო არ დატოვო, გეხვეწები. არავის მიიკარებს. არ შეჭამს, არ დალევს. ხმასაც კი არ ამოიღებს. მოუკვდეს მაგას დედა... სხეული მომეყინა თითქოს. ყველა სიტყვა მართალი იყო. ყველაზე მეტად რატის უჭირდა გრძნობების გამოხატვა ჩვენ შორის. ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისთანაც მარტივად შეეძლო ყველაფრის გაზიარება. ვერ დავაღალატებდი. შემთბარი ლობიანი და ცხელი ჩაის ჭიქა ლანგარზე დავაწყვე და ფეხაკრეფით გავიტანე ეზოში. ზურგით იჯდა რატი. თავჩახრილი დაყრდნობოდა იდაყვით მუხლებს და სიგარეტს ეწეოდა. მაგიდაზე უდიერად მიგდებულმა ცარიელმა და სავსე სიგარეტის კოლოფებმა მიმანიშნა, ღერს ღერით ცვლიდა. ფრთხილად დავდე ლანგარი მაგიდაზე. შემკრთალმა ამომხედა, ფიქრებს მოვწყვიტე, ალბათ. -თბილი ლობიანია და ცხელი ჩაი, - წინ ჩამოვუჯექი. - საუკეთესო კომბო, როგორც შენ ამბობ ხოლმე. -არ მინდა. - ზედაც არ შემოუხედავს, ისე მიასრისა ჩამწვარი ღერი საფერფლეში და ახალს გაუკიდა. -აღარც სიგარეტი გინდა, მგონი. მერამდენე კოლოფია? -მესამე. - მითხრა უხეშად. -უნდა შეჭამო, ენერგია გჭირდება. -თავი დამანებე, ნატა, გთხოვ რა! - შედარებით შეურბილდა ტონი, თუმცა, არ მიყურებდა მაინც. -გუშინდელს აქეთ არაფერი გიჭამია. -ვჭამე. -იტყუები, - მისკენ გადავიხარე და ლანგარი წინ მივუწიე. - გთხოვ, ერთი ნაჭერი! -ნატა, გაიტანე ახლა ეს, არ მინდა-მეთქი, გითხარი. -ნუ მეჩხუბები.. - ხმა ამიკანკალდა. -მაშინ მომეშვი. არ მინდა არც ჩაი, არც ლობიანი და სხვათა შორის, არც არავისთან ლაპარაკი. - შეუვალი იყო ჯანხოთელი. ნაწილ-ნაწილ აქუცმაცებდა სიგარეტის კოლოფს. -რატომ მელაპარაკები ეგრე? - გული ჩამწყდა. იმ მომენტში გაოგნებულმა ამომხედა. თითქოს, შეურაცხყო იმ ფაქტმა, რომ მსგავსი კითხვა შევბედე. -არ მჭირდება ეგ მოჩვენებითი მზრუნველობა და მოვლა-პატრონობა. ბელამ გამოგგზავნა, ვიცი. -რა შუაშია, ბელა... - ცრემლები წამიერად მომაწვა. იმის გააზრებამ, რომ რატის აზრით, მასთან ჩემი საუბარი ნაძალადევი იყო, საკუთარი თავი შემაზიზღა. -მარტო მინდა ყოფნა და სიგარეტის მოწევა, არაფერი მეტი. -რომ ვცდილობ რამით დაგეხმარო, მოჩვენებითი მზრუნველობაა ეგ შენთვის? - გული ამომიჯდ ღრმად ამოიოხრა. ნელა მოიტარა მარჯვენა ხელი სახეზე და საზურგეს მიეყრდნო. -ეგ არის, ნატა. თებერვლის მერე არ გვილაპარაკია ნორმალურად, ივნისია ახლა. არ დავინტერესბულვართ ერთმანეთის ცხოვრებით ამდენი ხანია.. ნუ, უფრო სწორად, შენ არ დაინტერესებულხარ და მე უფლება არ მქონდა მაგის. ახლა მოვალების მოხდის და შენივე სინდისის დამშვიდების მიზნით გამოტანილი საჭმელი, არ დამეხმარება არაფერში. დედასავით რომ მიყვარდა, ის ქალი წევს შიგნით, გაციებული და ლურჯი. ამიტომ, ცდები, თუ გგონია შენთან საუბარი რამეს შემიმსუბუქებს. -რატი... -ნატა, - უნებურად აუწია ტონს. - შიგნით შედი! -შევალ, - ცრემლები მოვიწმინდე მეც და ყველანაირი ძალა მოვიკრიბე, რომ ახლა მის წინ არ დავღვენთილიყავი. - შევალ და დაგანებებ თავს, შეჭამე ოღონდ. გამწარებულმა ამომხედა. -შენ რა, დამცინი? -არ დაგცინი საერთოდ. ან ერთი ნაჭერი შეჭამე, ან ვისხდეთ ასე ერთად. არ მაქვს მე პრობლემა. გაღიზიანებას მოეცვა მისი თვალები. ღრმად ამოიოხრა მხოლოდ და გამწარებულმა ჩაიტენა ლამის ნახევარი ნაჭერი პირში. აგრესიულად ღეჭავდა და წამით არ მაცილებდა თვალს. -ჩაიც მიაყოლე! - ვუთხარი მშვიდად. მოხვრიპა სითხეც. ზლაზვნით დაამთავრა ღეჭვა და ნიშნის მოგებით შემომხედა. -საკმარისია? ფეხზე წამოვდექი. -შეგერგოს... ^ ^ ^ მთელი ღამე გავათენეთ. მხოლოდ შუაღამისას გამოვიდა ოთახიდან თვალებდაწითლებული სანდრო და იქ მყოფ, დაახლოებით ათიოდე ადამიანს რომ მოჰკრა თვალი, გაკვირვებით გადაგვატარა გაღიზიანებული მზერა. მივხვდი, წვეთი რომ არ სძინებია. საძინებლიდან გამოსულმა მძაფრმა სიგარეტის სუნმა ეჭვი გამიმყარა. ჩუმად გამოვკეტე კარი. -ამდენი ადამიანის ყოფნა საჭიროა? წადით სახლებში, დაისვენეთ! -დავრჩებით.. - საცოდავად ამოიკნავლა იქვე ატუზულმა კეკემ. -დასაჯდომი ადგილიც აღარ არის ლამის, ხალხო. წადით ყველა, დაისვენეთ. მიყვარხართ და დედაჩემს გაჰყვეთ რომელიმე უკან, ნამდვილად არ მინდა. - სარკასტულად ჩაუტყდა ტუჩის კუთხე და თვალებით გვანიშნა სუყველას ადექითო. მორჩილად წამოდგნენ ჩემი და რატის მშობლები, უკან ჩემი ძმა მიჰყვა მათ. ხოლო სულ ბოლოს, ორადორი, დათა და გოგოები გაიკრიფნენ. გაუნძრევლად იჯდა სკამზე ჯანხოთელი, არც მე ავმდგარვარ ფეხზე. კვაშიმ სათითაოდ გამოგვხედა. -მე რას მომაშტერდი? გაგიჟებულხარ, თუ გგონია მე აქედან სადმე წავალ. - კუშტად მიახალა რატიმ და მზერა ჩემკენ გადმოიტანა. -არც მე ვაპირებ წასვლას. -ნატა... -დაჯექი კვაში, ტყუილად არ დაიღალო მაგით თავი. ამოიოხრა სანდრომ. იქვე ჩამოჯდა დივანზე და ცარიელი მზერა მოატარა ოთახს. -დაცარიელდა ყველაფერი... - თითქოს გული ამოაყოლაო ამ სიტყვებს. დივანზე გადავჯექი მის გვერდით. ფრთხილად დავადებინე თავი ჩემს მუხლებზე და ვუჩურჩულე. -ელენეს სახლი, მისით, თუ მის გარეშე, ვერასდროს იქნება ცარიელი. -მართლა? -მართლა... დაიძინე ახლა. ჩვენ აქ ვართ, შენთან. თითქოს ამის გაგონება უნდოდაო, მალევე მილულა თვალები და რამდენიმე წუთში მშვიდი სუნთქვა ამოუშვა. თითქმის 24 საათი ხდებოდა, რაც არ სძინებია და ალბათ კიდევ რამდენი უძილო ღამე ჰქონია ამ დროის განმავლობაში. დაღლილობამ, ემოციებმა თავისი ქნა. გაითიშა. დავრჩით მე და ჯანხოთელი. ერთმანეთის პირისპირ. დრო გაიყინა თითქოს. მეგონა, იქ, იმ მომენტში და სივრცეში ჩავრჩით. ვფიქრობდი, აქ მოგვისწრო-მეთქი მარადისობამ. საათის წიკწიკიც გაქრა, მაცივრის ზუზუნიც და კვაშის ფშვინვაც. რატის ჩუმი ოხვრა ედებოდა გაყინულ კედლებს მხოლოდ. მინდოდა, რამეს მაინც მიენიშნებინა, რომ ეს ყველაფერი რაღაც საშინელი კოშმარის ნაწილი, იყო, თუმცა, მე მაინც ჯიუტად მესმოდა მისი სუნთქვა.. მზერა აერია რატის. სულ გაფითრდა. თვალები დამნაშავესავით გაეპარა იმ ადგილისკენ, სადაც ელენე ესვენა. მაგრად დახუჭა, თითქოს თავს არიდებდა რეალობის დამამტკიცებელ ფაქტებს. ნერვულად ჩამოისვა ხელი წვერზე და მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად დავინახე მის თვალებში გაბრწყინებული ცრემლი. ფეხზე წამოდგა, გიჟივით გაიჯახუნა კარი და ეზოში გავარდა. როგორც შემეძლო, ისე ფრთხილად გადავადებინე კვაშის ბალიშზე თავი და დავედევნე. -რატი... - დამცდა ჩურჩულით. ხმა არ გაუცია. -რატი! - გავბედე მეორედაც. -შემეშვი, ნატა! გაბზარული ხმა მთელ ტანში ავად გამიჯდა კართან აყუდებულს. შემძრა თავიდან ბოლომდე და ის უკანასკნელი ძალაც გამომაცალა თითქოს, ფეხზე რომ მაჩერებდა ახლა. ცივმა ეკალმა ამიწვა სხეულის ყველა უჯრედი. იქამდე ვიდექი გახევებული, სანამ ჩუმმა ქვითინმა არ წამართვა ყურთასმენა. ორივე ხელით მაგიდაზე დაყრდნობილი იდგა რატი. წელში ისე მოხრილი, გადატყდებაო თითქოს. ფეხაკრეფით მივედი და უკან ამოვუდექი აცახცახებულს. ორივე ხელი შემოვზვიე ზურგიდან და თავი ბეჭებზე დავადე. არც ერთს არაფერი გვითქვამს. უსიტყვო იყო ჩემი ნუგეში. რატის არა თითი ოდნავ, ძლივს შესამჩნევად რომ მოხვდა ჩემს მტევანს, ეს იყო მხოლოდ იმის ნიშანი, რომ მიიღო. მიიღო ჩემი სამძიმარი. უხმოდ შემობრუნდა. სულ რამდენიმე წამით შემომანათა ჭაობისფერი თვალები და ძლივს შესამჩნევად დამიკრა თავი. სიტყვა არ უთქვამს, ისე მაქცია ზურგი. ^ ^ ^ მაშინ ვფიქრობდი, რომ იმ 3 დღის გონებიდან წაშლა არასდროს გამომივიდოდა. საშინელ, ღია და მტკივნეულ ჭრილობად ჩამრჩა გულში კვაშის უტყვი, გაშეშებული მზერა. რატის ერთიანად გაჭაობისფრებული, ჩამქვრალი თვალები. დათა, რომლისთვისაც სოფოც კი უხილავი გამხდარიყო. ტყუპები, რომლებსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ხუმრობა კი არა - ლაპარაკიც დავიწყებოდათ. ყველა მათგანისთვის მეორე დედა იყო ელენე. ლამის კვაშისთან ცხოვრობდნენ ბიჭები მთელი თინეიჯერობა. რამდენჯერ დაუტუქსია სიგარეტის, ალკოჰოლის, აქა-იქ ჩალურჯებების გამო. რამდენჯერ მოუგვარებია მათი სულელური პრობლემები. რამდენჯერ მიუცია რჩევა გოგოებთან ურთიერთობისას. რამდენჯერ... რამდენჯერ... მომაკვდავებივით, ლანდებივით დადიოდა ყველა. დაკრძლავის დღეს, საკუთარი მხრებით გამოტანილ სასახლესთან ერთად ცხოვრებისეული სიმძიმე მოჰქონდა სანდრო კვაშილავას. ერთიანად თეთრი რატი მოჰყვებოდა ფეხდაფეხ, სულ უკან კი ტყუპები და დათა მოდიოდნენ, დასამარებული და დაფერფლილი ბავშვობით. საღამოს გასავათებული ავედი ოთახში. გონი არ მეკითხებოდა. მეგონა, ტვინი ამდენი ფიქრისა და ემოციისგან, მზეში დარჩენილი ნაყინივით ჩამოღვენთილიყო. კარზე ოთომ დამიკაკუნა. -რას აკეთებ? -მკითხა მზრუნველი ხმით. -დავწვები ახლა, დავიღალე. -არაფერი გინდა? -ძილის გარდა არაფერი, მადლობა. -გამაღვიძე, თუ რამე დაგჭირდეს. გამეღიმა. მხოლოდ ჩემს ძმას შეეძლო ერთდროულად ყველაზე გამაღიზიანებელი და მზრუნველი ყოფილიყო. ფანჯარა გამოვხსენი. ბროწეულის ხის მიღმა, ტოტების სიღრმიდან ჩანდა ჯანხოთელების ფანჩატური. მრგვალ მაგიდას შემოსხდომოდნენ ბიჭები. აქა-იქ არყის ბოთლი და ჭიქები ეყარა. კვაში ეწეოდა, ტყუპები გვერდიგვერდ ისხდნენ გატრუნულები. დათას მზერა სადღაც შორს, ყველაფრის მიღმა იყურებოდა. მხოლოდ რატის ჩამოედო თავი საკუთარ ხელებზე, მსუბუქად ირწეოდა და ღმერთმა იცის, რა იხარშებოდა მის თავში. „რა გაწუხებს ყველაზე მეტად?” “თერმოსა რომ დაბერდა ეგ, ელენე რომ იტანჯება ეგეც, კვაშის ტკივილი რომ ვერსად მიმაქვს, ეგ ვაფშე მბრიდავს, ნატა” გულში რაღაც ჩამწყდა. იმ წამს გავიაზრე, რომ ყველაფერი აუხდა, რისიც ასე ეშინოდა. ენერგია გამოცლილი მივჯექი საწოლის კუთხეში და ხმამაღალი ტირილი ამივარდა. ის დღეც გაილია. მზე ჩავიდა ბროწეულებში. საშინელი ქარი ამოვარდა შუაღამისას, გაწვიმდა კიდეც. დილით კი ისე კაშკაშებდა მზე, თითქოს წუხელ არაფერი მომხდარიყოს. ბროწეულებში ისევ გაგრძელდა სიცოცხლე, თითქოს ელენე კვლავ იყიდდა მარანელების თონეში პურს. ისევ დაეხმარებოდა ქალებს ნარდის ჩემპიონატის აღსანიშნი სუფრის სამზადისში. ისევ დაგვხვდებოდა ეზოში სამეგობროს, სავარძელში ჩამჯდარი, საქსოვი ჯოხებით ხელში და ჯერ კიდევ მძინარე კვაშის ჩხუბით წამოაგდებდა ფეხზე. მერე გემრიელ ბლინებს გაგვიკეთებდა და ცივ ყავასაც დაგვალებინებდა. გათენდა.. გათენდა და რეალობა სხვა დადგა. ისევ გაგრძელდა სიცოცხლე. მხოლოდ ჩვენს სამეგობროში დარჩა უდიდესი ნაპრალი. ის ნაპრალი, მე და რატიმ რომ გავაჩინეთ, ხოლო ელენე ახლა მის ამოვსებას ცდილობდა. ^ ^ ^ დაკრძალვიდან სრული ერთი თვე ერთმანეთს ვენაცვლებოდით და რიგრიგობით ვრჩებოდით კვაშისთან. იმ საღამოს ჩემი ჯერი იყო. სამსახურიდან პირდაპირ კვაშილავების სახლს მივადექი პროდუქტებითა და ხილ-ბოსტნეულით დამშვიდებული. თმა გაბურძგნულმა, წვერ-მოშვებულმა და საშინლად მოუწესრიგებელმა გამიღო კარი. სახის გამომეტყველების მიხედვითაც, დიდად არც უნდა გახარებოდა ჩემი სტუმრობა. -არაა საჭირო ეს მორიგეობები ხალხო, - მითხრა ნახევრად სიცილით და სამზარეულოში შეიტანა ჩემ მიერ მოტანილი პროდუქტი. - არ მოვიკლავ თავს. -ენას ამოგაცლი მაგ უაზრობის გამო, - გავბრაზდი და პარკებიდან პროდუქტი ამოვალაგე. - და მორიგეობა რა სიტყვაა? -რა ჰქვია აბა ამას? -რა ვიცი, არ შეიძლება მეგობარი მეგობართან დარჩეს? - გადავედი შეტევაზე. -კარგი ხო, კარგი, - დამნებდა სანდრო, - ნუ მიბრაზდები. აღარ ავყოლივარ. პირიქით, კარგადაც გავიტლიკე და იმ იმედით, იქნებ ყურადღება გადავატანინო-მეთქი, ჩემს სამსახურში მომხდარი ყველა იდიოტური ჭორი დავულაგე მაგიდაზე ახალდაჭრილ სალათთან ერთად. -მოიცა, - ჩაერთო კვაშიც. - ანუ, ამ ლიკომ პირდაპირ პირში მიახალა შენს უფროს გიორგის, მევასებიო? -დიახაც! -და თქვენ ზუსტად იცით, რომ ეს გიორგი გეია? - გაოცდა კვაში. -აი, ზუსტად, ზუსტად ვიცით თან! -კაი რა, ნატა, - დაიმანჭა. - რა ცუდი მომენტია ეგ... -ხო, მეცოდება ეს გოგო.. კიდევ დიდხანს გავაგრძელებდით ალბათ ჭორაობას კარზე კაკუნით რომ არ შევეფხიზლებინეთ ვიღაცას. -ელოდები ვინმეს? -არა, წესით. - მხრები აიჩეჩა თვითონაც. - გააღე, ჩემ თავს გაფიცებ. -ახლავე. კარი რომ გავაღე და ხელში რატი შემრჩა ჩემსავით დახუნძლული ხელებით, გავშრი. -ვაა, - არანაკლებ გაოცებული ჩანდა თვითონაც. - აქ ხარ შენც? დაბნეულად დავუკარი თავი. -შემოხვალ? -ხო, რავი. - მიპასუხა ბრაზით. - უკან ხომ არ გავბრუნდები. სახლში შემოაბიჯა და პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი. რამდენიმე წუთს გაგრძელდა ბიჭების მოკითხვა. -უბანში იყავი? - ჰკითხა კვაშიმ. -ნწ, სახლში. - მოკლედ მოუჭრა. -არ გშია? ახლა ვჭამეთ მე და ნატამ. -არ მინდა, ნაჭამი ვარ. იქვე, სავარძელზე ჩამოჯდა და ცალი ფეხი მეორეზე შემოიდო. -ყავას გავაკეთებ მაშინ... მადუღარა ჩავრთე. ჭიქებიც გამოვიღე და ყავაც, თუმცა, ძლივს ნაკოწიწები სიმშვიდე ისე შემომეცალა ხელებიდან, როგორც ის საშაქრე ხელში რომ მეკავა.. შაქარი ძირს მიმოიფანტა, თუმცა, ღმერთს მადლობა ელენეს საშაქარე გადაურჩა დამსხვრევას. -ნატა, მე დავასხამ. - ფეხზე წამოდგა ანერვიულებული კვაში. - მომეცი ეს.. -არ მინდა, არა, დავასხამ - ვიუარე. -რა გჭირს, რა დაგემართა? -მე დავემართე.. - ირონიულად ჩაიცინა რატიმ. - რა კითხვებს სხვამ შენ კიდე... -რაო? - გონს ვერ მოვიდა სანდრო, ხან მე შემომხედა, ხან რატის. - რა ხდება, ხალხო? -დაიკიდე. დაჯექი, ცოტა ხანს დაგელაპარაკები და წავალ მერე. -ვახ, - თავზე ხელი შემოიტარა კვაშიმ, მერე რიგრიგობით გადმოგვხედა ორივეს და კოპები შეკრა. - ბიჭო, რა მაინტერესებს, იცით? რა ვერ გაიყავით? -კვაში... -ხო, ნატა, გისმენ! გეკითხებით ორივეს, რა ვერ გაიყავით?! ოთხი თვეა ბიჭო, ოთხი დედა****ული თვეა ეს აბსურდი გრძელდება. კაი, თქვენი თავი არ გეცოდებათ, გავიგე, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, ვერ ვიგებ. დედა დავმარხე, ბიჭო, ერთი თვის უკან და თქვენ აქ ცხვირები ჩამოგიშვიათ, ეროჟებით ერთმანეთს. არ გრცხვენიათ? კეთილი ინებეთ და წესიერად მოიქეცით ამ სახლში. ან მოგვარდით, ისე რომ სხვებს უხერხულობა არ შეუქმნათ, ან ორივე დამეკარგეთ აქედან! - ერთი ამოსუნთქვით დაამთავრა კვაშიმ მონოლოგი და სიგარეტით ხელში დაიძრა ეზოსკენ. ღრმად ამოვიოხრე. იმ ადგილას დავჯექი, სადაც წეღან კვაში იჯდა და გავუსწორდი რატის. -აბა? -რა აბა? - შემომხედა გაკვირვებულმა. -არ ვილაპარაკოთ? ჩუმი ჩაცინება მოჰყვა ჩემს კითხვას. -რატომ იცინი ასე სარკასტულად? - მოთმინება დავკარგე. - რა ვთქვი ისეთი? -არაფერი, - შემომხედა და წამებში დაუსერიოზულდა სახე. - არაფერი გითქვამს სასაცილო. ძალიან მარტივი წარმოდგენა გქონია უბრალოდ ამ ყველაფერზე. ეგ მიკვირს მხოლოდ. -არაფერზე მაქვს მარტივი წარმოდგენა, პირიქით. ვიცი, ძალიან რთულად რომაა საქმე. ახნა-განმარტება და გამართლება აქვს უბრალოდ ყველაფერს, რატი. -ავხსნათ და განვმარტოთ მაშინ, - მშვიდად მიეწება სავარძელს. საშინლად მშურდა მისი, აუღელვებლად რომ ხრუპავდა ყავას და ანცად ათამაშებდა ხელში სიგარეტის კოლოფს. - მოგისმენ მე. -ძალიან რთული გადასახარში აღმოჩნდა ჩემთვის ის ფაქტი, რომ სხვანაირად მიყურებდი შენ მე. - დავიწყე მძიმედ. - რამდენი რამ გაგვივლია ერთად, რამდენი ჩხუბი-დავიდარაბა, რამდენი კარგი მოგონება გვქონია და თურმე, მე სხვანაირად ვხედავდი ამ ყველაფერს, შენ კი სხვანაირად. თუმცა, ის ღამე... - სიტყვა გამიწყდა. მაბნევდა მისი მშვიდი მზერა. - ის ღამე, საშინლად რთული გასახსენებელია, რატი.. -გახსოვს რამე? - მკითხა დაჟინებით. -მახსოვს, ყველაფერი მახსოვს, რაც საჭიროა, რომ მახსოვდეს. ეგ ღამე ჩემთვის საკუთარ თავზე კონტროლის, საკუთარი თავმოყვარეობის დაკარგვის და ყველაზე ძვირფასი მეგობრობის შეურაცხყოფის ტოლფასია. რომ მეგონა, ყველაფერს დავკარგავდი, მაგრამ ეს მეგობრობა დამრჩებოდა, ესეც გამომეცალა ხელებიდან. -და ჩემი ბრალია.. -არა, - ცრემლები მახრჩობდა. - ჩემი ბრალიცაა, ორივეს ბრალია.. -ნატა, - დაიწყო და წინ წამოიწია. - ოდესმე დაფიქრებულხარ, რომ ის სიტყვები იმ ღამეს ძალით ამომგლიჯე პირიდან? -რა? - შევცბი. -რაღაც დაინახე, რაღაც იგრძენი ჩემგან და იქამდე არ მომეშვი, სანამ არ მათქმევინე. -ანუ ჩემი ბრალია? - ჩამეცინა ირონიულად. -არა, - ამოიოხრა. - მე აქ დამნაშავეს და ბრალდებულს არ ვეძებ, ნატა. არც ის მინდა, რომელიმემ მხოლოდ იმიტომ ვიგრძნოთ თავი უკეთესად, რომ ოდნავ მეტი დანაშაული მიგვიძღვის. იმის ახსნას ვცდილობ ამდენი ხანია, რომ ის ღამე ისეთივე შოკი იყო ჩემთვის, როგორც შენთვის. ის ფაქტი არაფერს ცვლის, რომ მე შენ მიმართ სხვა გრძნობები მქონდა. მეც ისეთივე შოკი მქონდა ახალგაღვიძებულს, როგორც შენთვის. თუმცა, მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა სხვის მხრებზე არ დამიდია. მოვედი და ყველაფერი მოგიყევი. -ყველაფერი მომიყევი? - გავოცდი. - ეგ ღამე რომ არა, ისევ ისე გაგრძელდებოდა ყველაფერი, როგორც იყო. ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს დაგეგმილი გქონდა ჩემთვის გულის გადაშლა. -დაგეგმილი რამდენჯერაც მქონდა, იმდენჯერ უკან დავიხიე, რადგან მიღირდა რაღაც-რაღაცები ჩემს სიჩუმედ და ტანჯვად. მაგაზე არ გიფიქრია? -მიფიქრია, თან ძალიან ბევრჯერ! - ისევ დავიცავი თავი. - უბრალოდ, ფაქტი ერთია. უგონოდ რომ არ დავმთვრალიყავით და შენთვის ლამის იარაღი არ დამედო შუბლზე, არაფერს მეტყოდი. -და მიზეზი? - ტონს ოდნავ აუწია. - რატომ არ კითხულობ, რატომ არ გეუბნებოდი? ხომ გაიგე ახლა, ხომ ყველაფერი ცხადი გახდა და ზუსტად ის მოხდა, რის გამოც ამდენი ხანი ვინახე ეგ საიდუმლო. -ეგ არ ცვლის იმას, რომ მატყუებდი ამდენი წელი... -კარგი რა, ნატა! - მობეზრებით აიქნია ხელი. - ერთი და იგივე გაქვს ჩახვეული. თითქოს, მე ძალიან მინდოდა ლაჩარივით წყალი დამეგუბებინა პირში. მთავარი პრობლემა რაშია, იცი მაინც თვითონ? -ვერ მიგიხვდი. - დავიძაბე ერთიანად. -ხო, რაშია მთავარი პრობლემა?! ერთად რომ გვეძინა, თუ რომ მიყვარდი ამდენი ხანი? -რას მეკითხები.. - ცივმა ოფლმა დამასხა. -რომ არ მყვარებოდი, უფრო მარტივი იქნებოდა ეს ყველაფერი, ნატა? -არ აქვს ამას აზრი! - მოთმინება დავკარგე. - ვერ გაგაგებინე ის, რომ დრო მჭირდებოდა ყველაფრის გადასახარშად. რატომ არ გესმის? -მესმის! დრო კი არა, ყველაფერს მოგცემდი, ოღონდ ზიზღი არ დამენახა შენს თვალებში. ჩუ, არ გინდა ახლა, არანაირი ზიზღი არ არსებობსო და ეგეთები.. საჭირო დრო გქონდა ყველაფრისთვის, არ გყოფნიდა უბრალოდ. დროსთან ერთად იმხელა დისტანცია მოგინდა, რომ თვითონვე ჩაიკარგე მაგ ყველაფერში. ვეღარ გადაწყვიტე, ოდესმე გენდომებოდა ჩემი დანახვა, თუ არა. -არ არის ეგრე... -ეგეთი აუტანელი რომ აღმოჩნდა შენთვის ჩემი სიყვარული, ეგ ფაქტია ყველაზე მტკივნეული, ნატა... ეგეც მესმოდა, თან ძალიან კარგად. უბრალოდ, ეგოისტურად მეგონა, რომ შენთვის იმდენად ძვირფასი ვიყავი, რომ გადაწონიდა საპირისპირო გრძნობებს. პრეტენზია არ მქონია, რომ ისე გაგრძელდებოდა ყველაფერი, როგორც მანამდე. არც გაწუხებდი. სახლის კარი არ შემომინგრევია შენთვის არც ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ არაადეკვატურად მენატრებოდა შენი ხმა. არაკაცი უნდა ვიყო, ეგ რომ მექნა. თუმცა, არ დამიმსახურებია, ის რაც მივიღე. -ჩემს მდგომარეობაში არ შედიხარ შენ! - ჩავილაპარაკე ჩემთვის. ჩაეცინა. -არც შენ შეხვედი ჩემსაში. - მომახალა მაშინვე. - შენი ცხოვრების ყველა ეტაპზე შენს გვერდით ვიდექი. შენზე უგონოდ შეყვარებული გწმენდი ცრემლებს, როცა იმ ს**ს დაშორდი.. -რისი თქმა გინდა? - ბრაზმა დამიარა მთელ ტანში. -ნახევრად მკვდარი ჩამოვიყვანე ელენე სტამბულიდან. შენზე უკეთ ვის უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა აქ, - გულთან მიიდო ხელი. - თერმოსა დაიღუპა და არც მაშინ გიფიქრია, იქნებ როგორ მჭირდებოდი. დაბადების დღე ისე მომილოცე, ნებისმიერ გამვლელს რომ არ აკადრებდი ბროწეულებში. ჟრუანტელმა დამიარა. თითქოს, ყველა ეკალი ერთდროულად შემერჭო მთელ სხეულში. -ყოველთვის ყველაზე მეტს მე მთხოვდი, - არ ჩერდებოდა რატი. - ყველამ დაიმსახურა მეორე შანსი შენს ცხოვრებაში ჩემ გარდა. მე შენი გულგრილობის მეტი არაფერი მხვდა წილად. არცერთი ზარი აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩემი ტკივილის ხმა გაგეგო... ერთხელ რომ დაგერეკა. ერთხელ რომ გეკითხა, როგორ ვიყავი. ელენეს გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ლამის ხელებში ჩამაკვდა, იცოდი შენ? სუნთქვა შეწყვიტა, ნატა! კინაღამ მე მოვკვდი მის მაგივრად და იმ წამს როგორ მინდოდა შემძლებოდა შენი ნახვა. სულ რამდენიმე წამი მაინც... ვერ გავაკეთე! ვერ დაგირეკე. იმიტომ რომ ვიცოდი, ის საშინელი, ის გაყინული მზერა უნდა მეგრძნო ყველა უჯრედით. ცხოვრებაში ეგრე დამცირებულად არ მიგრძვნია თავი, როგორც საგურამოში. ჩემს გასაგდებად კეკე რომ გამოუშვი და გულგრილად დააბარე, არ მინდაო, მისი ნახვა. ვინ ვიყავი, ნატა, მაშინ შენთვის? -გაჩუმდი! -გავჩუმდი... - მითხრა წყენით, - არც აქვს აზრი ლაპარაკს. გაუფასურდა ყველაფერი. ის მეგობრობაც, შენ რომ, თურმე, ძალიან უფრთხილდებოდი. -მაგისაც არ გჯერა ახლა? - ამეტირა, - რომ მართლა ძალიან ვუფრთხილდებოდი... -მაგ მეგობრობას მე ვუფრთხილდებოდი, ნატა, - წინ წამოიწია და გამეტებით ჩამაშტერდა თვალებში. - რომ ვიცოდი, რაც მოხდებოდა, მაგიტომ. შემოგვხედე, აბა?! დაგვრჩა რამე? -დარჩა და რაც დარჩა, გადავარჩენთ... - დამცდა ტირილით. გაეცინა. -ვეღარ, - მითხრა და ფეხზე წამოდგა. - დაიკიდე, ნატა. არ მგონია, ამის მერე გაგიჭირდეს. ისე გაიარა დერეფანი, უკან არ მოუხედავს. ათი წუთი ვიჯექი გახევებული, უხმოდ. მერე კვაში შემოვიდა და საკუთარ თავს ვაიძულე, ამ ბიჭისთვის მაინც არ ვყოფილიყავი ეგოისტი. ^ ^ ^ მეორე თვე იწურებოდა ელენეს გარდაცვალებიდან. ამჯერად დათასთან სახლში შევკრებილიყავით და ვმსჯელობდით, როგორ გამოგვესყიდა კვაშის სახლი ბანკისგან. -ყველა ნაცნობ-მეგობარს ჩამოვურეკეთ მე და სოფომ, ვისთანაც ხელი მიგვიწვდებოდა. 5000 ლარია აქ. - კარადიდან ოთხად გადაკეცილი კონვერტი ამოიღო დათამ და მაგიდაზე დადო. -ჩემი ბროწეულები გავყიდე. - ჩემი წილი დავუმატე ფულს. მოულოდნელად ამომხედა რატიმ კუშტი მზერით. -ეგ ნახატი რამ გაგაყიდინა? - მისაყვედურა კეკემ. -მაგის დროა, კეკე?! -ხო, კაი, კაი.. -თქვა გაბუსხულმა და თვითონაც მიუდო შეგროვილ თანხას მომცრო ყუთი. - ეს ჩემგან. -გადადებული ფული რაც გვქონდა მე და ვატოს, აგერ გვაქვს, ძმაო. პლიუს ბროწეულელების თანხაა. სადღაც 14 000-მდეა შეგროვილი. -თქვა საბამ და მაგიდაზე რამდენიმე კონვერტი დააწყო. რატის ხმა არ ამოუღია. იდგა თავისთვის კედელს მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა. -გადავთვალოთ, აბა. - მშვიდად დაიწყო დათამ ფულის თვლა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მოუთმენლად შევყურებდით ხელებში. უკანასკნელი კონვერტიც რომ დაასრულა, მოთმინებამ უმტყუნა ვატოს. -რამდენი შეგროვდა? -აკლია. საკაიფოდ აკლია, მაგრამ ნაწილს მაინც გადაფარავს რა. -ამოიოხრა დათამ. -მე დავუმატებ დანარჩენს. - თქვა რატიმ ისე, თითქოს მზესუმზირის თანხაზე ყოფილიყოს საუბარი. -საიდან დაუმატებ მაგდენს? არ გამოგართმევს შენების ფულს, ხო იცი. - ჩაერია კეკე. -ჩემებისას არც ვაძლევ. -აბა? - ამჯერად სოფომ ჰკითხა. -მანქანას ვყიდი. წესით ხვალ უკვე გადაიფორმებენ. - მშვიდი იყო ჯანხოთელი ისევ. გავშრი. 5 წელი აგროვებდა თავისი საოცნებო პორშეს ფულს რატი. -პორშეს, ბიჭო? - წამოიყვირა საბამ. -ხო, პორშეს. ათასში ერთხელ დავდივარ მაგით, არ მჭირდება. -გაბრაზდება, ტო. არ გამოგართმევს. - დათა ნერვიულობამ აიტანა. -გაბრაზდეს, ეგეც იგივეს იზამდა და სულ ცეკვა-სიმღერით გამომართმევს. სიგარეტის კოლოფიდან მორიგი ღერი ამოაძვრინა და გაუკიდა. ზურგით დადგა ფანჯარასთან. -ბიჭო, იმენა ძმა ხარ, ტო.. - თვალები აუწყლიანდა ვატოს და გვერდით მიეტუზა. -ტირიხარ, შე ჩემა? - ღიმილი შეეპარა რატის ხმაში. -რაის ვტირივარ. თვალი ამეწვა რა.. -ტირის, ტირის. - დაადასტურა საბამ და სიცილი აუტყდა. რამდენიმე წამით შეხვდა ჩემი და რატის თვალები ერთმანეთს. საშინლად მომინდა იმ წამს მივსულიყავი და ძლიერად ჩავხუტებოდი. რომ მეთქვა, მისნაირი არავინ იყო ამქვეყნად. ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ ფიქრებს მიმიხვდა. თვალი განზრახ მომარიდა, ნახევრამდე ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და გასასვლელისკენ დაიძრა. -წავედი მე მოკლედ და თუ ხვალვე მოვაგვარე მანქანის ამბავი, საღამოსვე მივაწოდოთ ფული. ცივად მიიხურა კარი. შევკრთი, მიუხედავად იმისა, რომ კარს არანაირი ხმა არ გამოუცია. ^ ^ ^ დანაპირები აასრულა ჯანხოთელმა. მეორე საღამოს რიგრიგობით შევლაგდით კვაშილავების დაცარიელებულ სახლში უამრავი პროდუქტითა და ამ სახლის უსაფრთხოების გარანტით ხელში. თვალების ფშვნეტით გამოვიდა ჩაბნელებული ოთახიდან კვაში. -რა ამბავია, ხალხო, მთელი ბროწეულები უნდა გამოვკვებო? - ჩაეცინა სიმწრით პარკების სიმრავლის დანახვისას. -ეს ინგრედიენტებია გენაცვალე, - თვალი ჩაუკრა სოფომ. - ერთ საათში გავაკეთებ ყველაფერს და მაცივარში დავაორგანიზებ. შენი თავი რომ ვიცი, კვერცხის შეწვაც დაგეზარება. -არ მშია, სოფ. -რაღაც არც ერთს გვიკითხავს, გშია, თუ არა. - გავგულისდი მე. -ხო, კვაში. გაჩუმდი და ბიჭებს მიხედე აგერ, -რათ უნდათ ბიჭებს მიხედვა? - დაიბნა კვაში. რატიმ ჯიბიდან ამოიღო ორად გადანაწილებული კონვერტი და მაგიდაზე დაუდო სანდროს. -აქ არის ყველაფერი, რაც წესით ბანკის ვალის გასტუმრებასა და სასაფლაოს ხარჯებს მოაგვარებს. დანარჩენს დაიტოვებ, სანამ გონს მოხვალ და მუშაობას გააგრძელებ. მზერა კონვერტზე გაუშტერდა სანდროს. გულგრილად მოკიდა ხელი, ერთ ცალს ჩახედა და უდიერად უშვა ხელი. -გამოშტერდით ყველა? რა არის ეს? -არ დაიწყო ეხლა გატ***ება. - დაუყვავა საბამ. -არაფერი არ არის ისეთი.. -რა არაფერი არ არის, ბიჭო, მა**ევებ? - სარკასტულად ჩაეცინა კვაშის. - მივხედავ მე ყველაფერს. არ მჭირდება ამდენი ფული. -კვაში, გეყოფა ეხლა. მაგრად გაგვიტყდება, იცოდე! - დაიღრინა დათამ. -აიღეთ ახლა ეგ ფული, ძმურად რა. არ მინდა ეს შეწყალებები და რაღაცა დებილობები. - ტონს აუწია სანდრომ. -კვაში, რა ლაპარაკია? - გაუწყრა კეკე. სოფომ შიშისგან ხელი უშვა პარკებს და იქვე მდგარ დათას მიეტუზა გვერდით. უნებურად გავხედე ჯანხოთელს. ფანჯრის რაფისთვის მიებჯინა ორივე ხელი და მეც კი ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ზედ ძარღვები. სახე ერთიანად მოერყა და თვალები ისე გაუმუქდა, გამაჟრიალა. ვიცოდი, წამი წამზე აფეთქდებოდა. -ხო არ გამოშტერდი შენ?-პირველად აუწია რატიმ ტონს. ადგილზე გავიყინეთ ყველა. - ორი თვეა გითმენ, ბიჭო! ხოო, რას მიყურებ? ყოველ მოტანილ საჭმლის პარკზე რომ ლექციებს გვიკითხავ, რათ გინდოდათო, ხმას არ ვიღებთ არცერთი. ყველაფერზე ბავშვივით ჭუჭყუნებ. შარშანწინ კეკეს რომ მაცივარმა დაუსტუკა და იმ მომენტში ფული არ ჰქონდა, ხო მეორე დღესვე გავარდი და ზურგით მიუთრიე? ჩაგვაყენე რომელიმე საქმის კურსში? არა! რაღაც არ მახსოვს, ფულს რო გაძლევდა, გამოგერთმიოს. დედაშენი დედასავით იყო ბიჭო ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში და დავკარგეთ ყველამ. ხოდა, რაღაცა მცირედს თუ ვაკეთებთ, რომ თავი უკეთესად ვიგრძნოთ, მოწყალებაა ეგ? ამ სახლში გავიზარდეთ ყველა! აიღე ეგ ფული კვაში, მაგაზე ლაპარაკი აქ დამთავრდეს, თორემ სულ რომ ვკვდებოდე და ვიცოდე შენი მოტანილი წყალი მიშველის, ხმას არ გაგცემ არასდროს. -გამწარებულმა დაამთავრა მონოლოგი, სიგარეტს და მობილურს დასტაცა ხელი და ისე გაიჯახუნა კარი,ორადორი ერთმანეთის მიყოლებით აეკრა კედელს. რამდენიმე წამი ხმა არ ამოუღია კვაშის. უხერხული სიჩუმე იდგა მთელ ოთახში. საკუთარი სუნთქვისაც გვეშინოდა დანარჩენებს. -ვახ…. - დასცდა კვაშის როგორც იქნა. - იმენა ვედრით მა**ხა, ხო? - თქვა და სიცილი წასკდა. ზუსტად ერთ წამში გაიფანტა უხერხულობა, ჩვენც რომ ავხარხარდით. -აუფ… - იცინოდა ისევ ბიჭი. - მაგრად გამტისკა. წავალ შემოვირიგებ, თორემ ოთახში ბევრი გაბუტული დავგროვდით. ბოლო ფრაზის თქმისას, შესამჩნევად ჩამიკრა თვალი და ჯანხოთელს გაედევნა. ნახევარ საათში დაბრუნდნენ შერიგებულები, ჩუმი ღიმილით. -კიდე დაგიმატა? - იცინოდა ვატო. -მანქანა რომ გაუყიდია ამ გამოშტერებულს, როგორ არც ერთმა არ უთხარით, ხო არ გამო**ლევდიო? -კი კი, როგორ არა, - წამოიყვირა სოფოს დაჭრილი სტაფილოთი პირგამოტენილმა საბამ და მისგან მუჯლუგუნიც მიიღო. - სანამ გაყიდიდა ჩვენგან აიღო ნებართვა და.. სიცილის ტალღამ გადაგვიარა. -პორშეს დედაც არ ვატირე, რატიკო? იმენა მგელია შენი ტოიოტა! - აჰყვა ძმას ვატო. -ბიჭო, გოგოს მანქანაზე მაინც არ იჯდე, გააჩუმე ენა! - დასცინა დათამ. -ეე, რა პონტია ეს სექსიზმი? რატოა ვითომ ელანტრა გოგოს მანქანა?! - იწყინა ტყუპმა. -უბანში მარტო შენ, გეგეჭკორების უფროს გოგოს და ლალი დეიდას გყავთ, მაგრამ ძალიან კაცურად ზიხარ ხოლმე, შენ თავს გეფიცები. - ისეთი სერიოზულობით უთხრა რატიმ, სიცილი ამიტყდა. -რა ვიცი, ჩემი პირველი მანქანაც ეგ იყო. - ჩავიდუდღუნე დამნაშავესავით, თითქოს ვატოს ვღალატობდი. -ჰო ჰო, მიდი, დამასამარეთ და გამაუბედურეთ.. უჯიშოებო. ტ**აკსაც არ ჩაგადებინებთ ჩემს მანქანაში ამიერიდან. ეთრიეთ ამის ძირგამოვარდნილი “რავ ჩიტირით.” კვაშის ხარხარი აუტყდა. -ამის “რავ ჩიტირია” ძირგამოვარდნილი და შენი ელანტრა ხოდზე? -ბიჭო, გახსოვთ საბა რომ ააკაპოტა? - გაიხსენა დათამ. ხელახლა ავხარხარდით ყველა. -მკითხეთ აბა, მეცინება მაგაზე? -სრული სერიოზულობით იკითხა საბამ. - ჩლუნგი ეს.. -რას უდგები მანქანას აბა უკან? - არხეინად იკითხა ვატომ. -მოვკლავ ახლა ამას.. ბიჭო შენ გონება შეზღუდული ხარ? გაჩერებულ მანქანას ვეყრდნობოდი ჩემივე ეზოში და დამარტყი. -ვერ დაგინახე, მაგარი დაკლებული იყავი მაგ პერიოდში, შენ თავს ვფიცავარ. -ამას ახლა...! - დაიღრინა საბამ და კვაშის გადახედა, მიშველეო. ხარხარით გააშველა ორადორი კვაშილავამ. -ამ პამიდორს კანი გააცალეთ? - იკითხა მოულოდნელად რატიმ და ჩანგალი დაარჭო ერთ-ერთს შესამოწმებლად. ერთმანეთს გადახედა ყველამ. -გასაგებია, რომ გატერორებდა ნატა და პამიდვრებს გატიტვლებინებდა. უსაფრთხოდ ხარ ახლა. მოეშვი, არ გადაგცდება ის კანი.. - გათამამდა ვატო. -წინადადების რომელი ნაწილი იყო ხუმრობა? რომ ვიცოდე მაინც.. - გაეღიმა რატის. -მთლიანი! - გაბრაზდა კერესელიძე. - უჟმურო კიტრო შენ! -არ ამაყენო ფეხზე, - ისევ იღიმოდა ჯანხოთელი. - გცემ, იცოდე! არ ვიცი, მუქარის მართლა შეეშინდა ვატოს, თუ უბრალოდ დაიღალა, თუმცა, მართლა გაჩუმდა და ჩვენც მშვიდად შევძელით სოფოს მიერ გამზადებული სადილის მირთმევა. იმ საღამოს იყო პირველად რომ შევიკრიბეთ ყველა სრული შემადგენლობით და იქ დაგუბებული სევდის მიუხედავად, არავის უტირია. პირიქით, მძიმე ორი თვის შემდეგ, პირველად გაბედა ორადორმა თამამად ხუმრობა. პირველად გაეცინა კვაშის გულიანად და მეც რატომღაც პირველად და ღრმად გავიაზრე, როგორ მომნატრებოდა რატი ჯანხოთელთან ერთად ერთ ოთახში სიცილი. ^ ^ ^ ზაფხული ისე მიიწურა, ვერ გავიაზრე. უამრავი საქმე მქონდა სამსახურში. იმდენ მივლინებაში მომიწია წასვლა, რომ ფიქრისთვის ზედმეტი დრო არ დამრჩენია. აგვისტოს ბოლო ორი კვირა ანტალიაში გავატარეთ მე და გოგოებმა. დიდად არც იქ მინდოდა წასვლა და ყველა შესაძლო მიზეზი გამოვიყენე საჩემოდ, თუმცა, არაფერმა გაჭრა. ლამის ძალით წამგლიჯეს სოფომ და კეკემ ტურისტულისთვის გადასარიცხი ფული და მეც დავნებდი. მართლები აღმოჩნდნენ. ანტალია, ზღვა და ბევრი სასმელი გონების გასანიავებლად საკმაოდ კარგი საშუალება აღმოჩნდა. ცოტა დავლაგდი. არსებულ რეალობასაც შევეგუე. არ ვიცოდი, შემდეგი რა იქნებოდა. როგორ უნდა დამელაგებინა ჩემი და რატის ბოლო საუბრის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა, თუმცა, ისე აღარ ვფორიაქობდი, როგორც რამდენიმე თვის წინ. ბროწეულებში დაბრუნებულები, მაშინვე კვაშის მივადექით სახლში. ცხადია, არც არაფერი გვიკითხავს და არც ნებართვა აგვიღია. საერთო ჩატში მივიწერეთ და მხოლოდ ამ ერთი შეტყობინებით ჩავაყენეთ სანდრო საქმის კურსში, რომ რამდენიმე საათში მისი სახლის აწიოკებას ვაპირებდით. ყველას თანხმობა გვქონდა,გარდა რატისა. შეტობინება არც კი დაუსინავს ჯანხოთელს. -რა ფერი გადევთ, ქალო, რა არის ეს?! - დაიმანჭა ჩვენს დანახვაზე ვატო და სათითაოდ გადაგვკოცნა სამივე. - სიმინდი რომ ცოტა დიდხანს დაგრჩება ცეცხლზე და შეიტკუცება, ისე ხართ სუყველა! -ხიხი, ხახა, ვატატი! - გამოაჯავრა კეკემ. - რა არ მოგწონს ვითომ? -დაგეძინათ? - სერიოზულად გვკითხა საბამ. - რას მირტყამ გოგო, მართლა გეკითხები! -რუჯი უხდება ყველა ადამიანს, შეიგნეთ! - გაკაპასდა სოფო. -ძალიან კი მოგინდომებიათ ისე! - აჰყვა ბიჭებს კვაში. - თქვენა და, უკანაც ესეთი ფერი გაქვთ, თუ ის ზოლი გეტყობათ გვერდებზე? -შენ რაღამ აგაცანცარა, კვაში? - გამეცინა მე. -კაი, კაი, - ამყვა თვითონაც. - ლამაზები ხართ სამივე! მომენატრეთ! მონატრებაზე ისე უნებურად მოვატარე ეზოს თვალი, თითქოს წამი წამზე უნდა გაეხსნა რატის კვაშილავების ჭიშკარი და ძველებურად ხმაურიანად შემოვარდნილიყო შიგნით. ღრმად გამიჯდა მოლოდინი მთელ სხეულში. ვცკმუკავდი და საკუთარი ადგილი ვერ მეპოვა მაგიდის გარშემო. ხან კვაშის მივუჯექი, ხან იქვე ხეებს შორის გაფენილ ჰამაკს მივაშურე, თუმცა, ამაო იყო ყველა მცდელობა. -არ არის რატი თბილისში. - მომიჯდა გვერდით კვაში. ისე გავხედე, თითქოს ვერ მივხვდარიყავი სულში რომ შემომძვრალიყო და ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე თავად ეპოვა პასუხი. -და ჩემგან რა გინდა? - გავუცინე დაბნეულმა. -ამაღამ მიმიღებთ სტუმრად? - მკითხა ღიმილით. - მომენატრა სიხარულიძეების საამაყო თაფლის არაყი. -მერე აქამდე რას ითმენდი? მისულიყავი ოთოსთან, დალევაზე უარს ეგ არ გეტყოდა. -ოთოსთან როცა მინდა მაშინ დავლევ, - მშვიდად გამცა პასუხი. - შენთან ლაპარაკი მინდა კონკრეტულად. -კაი ბატონო, წავიდეთ აქედან ერთად. აასრულა დანაპირები. კვაშის სახლიდან სულ რამდენიმე უბანი ჩუმად გავიარეთ მე და სანდრომ. ვიცოდი, რაზეც უნდოდა ჩემთან ლაპარაკი და ჯიუტად ვწელავდი, თითქოს ყველა ნაბიჯს. მამაჩემმა ლამის თოფი გაისროლა, ისე გაუხარდა სანდროს დანახვა. ძროხა, ან გოჭი რომ გვყოლოდა, იმასაც დაკლავდა, ალბათ, შიშველი ხელებით. ჩემ ძმას კი დალევის კამპანიონი გამოუჩნდა და ისე აცუნდრუკდა, თითქოს მე მქონდა უბანში მესამე საპატიო ლოთის სახელი. (პირველი „ზაპოი“ თომა იყო, მეორე - ვატო კერესელიძე. ) -ჭამე ახლა, სანდრო, - გაუწყრა ირმა კვაშის, მის თეფშზე დაბინავებული საცოდავი მჭადისა და ყველის მეტს ვერაფერს რომ ვერ მიაგნო. - რას იკიკნები? -ვჭამ, ირმა დეიდა, გეფიცები! -არაფერსაც არ ჭამ, - გააგრძელა დედაჩემმა და ჩემი თვალების ბრიალი გმირულად დააიგნორა. - ვერ უყურებ ჩემს შვილს? მოასუფთავა თავის მხარეს ყველაფერი. დუეტში ავხარხარდით მე და კვაში, დანაშაულზე წასწრებულივით ამოიხედა ოთომ და ხმით გაუვარდა ჩანგალი. -საჭმლის დაყვედრებაღა გაკლდა, ირმა. -კიდევ რას გაყვედრი, შვილო? - გაეცინა დედაჩემს. -სასმელს! -სასმელი რომ არ დაგაყვედრო, დედი, აღარ დარმჩება არაფერი სტუმრებს რომ გამოვუტანო. გულიანად იცინოდა კვაში. ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო ისევ ლაღი და თავისუფალი სანდროს ნახვა, მომინდა რომ ჩემთან დამეტოვებინა იმ ღამეს. -ნატი, მოსაწევად გამომყვები? - მკითხა კვაშიმ მოულოდნელად, დანარჩენებს ბოდიში მოუხადა და ეზოსკენ აიღო გეზი. ნაზად არხევდა სექტემბრის მშვიდი სიო ჩვენი ეზოს ბროწეულებს. ზუსტად მის ძირში, პატარა ხის სკამზე ჩამოჯდა კვაში. კოლოფიდან ამოიღო ერთი ღერი და გაუკიდა. -შენ მოწევ? -ირმას ისტერიკების ნერვი არ მაქვს, - ვიუარე, - არ უყვარს, რომ ვეწევი. -როგორა ხარ, ნატი, აბა მომიყევი. -რა ვიცი, კარგად ვარ. - ისე ვუპასუხე, თითქოს ვერ ვხვდებოდი, რას მეკითხებოდა რეალურად. - შენ როგორ ხარ? -მე უკეთ, ვცდილობ კარგად ვიყო. სამუდამოდ ცუდად ვერ ვიქნებოდი. ელენეს გამო რა, მომკლავდა, იმ საშინელ მდგომარეობაში რომ ვენახე, როგორშიც რამდენიმე თვის წინ ვიყავი. მივხვდი მაგას. თან, ყველაზე კარგი ვარიანტი დეპრესიიდან გამოსასვლელად, სხვისაში ხელების ფათურია. - მერე რაღა ჩემსაში უნდა აფათურო? - გამეცინა საწყლად. - რა ვქნა, ჩემს ორი უახლოეს ადამიანს ერთი დეპრესია აერთიანებთ. - შენი ორი უახლოესი ადამიანიდან ერთი მე ვარ? რა საყვარლობაა?! -თემა ნუ გადაგაქვა, ჭინკა. სალაპარაკოდ მოვედი. - დასერიოზულდა და სიგარეტის ღერი გამომიწოდა. გარშემო მიმოვიხედე, რომ დავრწმუნდი დედაჩემი ფანჯრიდან არ იყურებოდა, ერთი ნაპასი დავარტყი. -რა გელაპარაკო, აბა? რა უნდა გითხრა? მეც არ ვიცი, რა ხდება. -მარიტა საბანაძე რომ მომწონდა გახსოვს? - მკითხა მოულოდნელად. -უიმე, რა ჯანდაბამ გაგახსენა ეგ ქაჯი ახლა? - სახე მომერყა ნაცნობი სახელის და გვარის გაგონებაზე. -ისე მევასებოდა, ამ ქვეყნად არავის ეყო სითამამე რომ მოსულიყო და ეთქვა, კვაში, ეგ გოგო მაგრად არ შეგეფერება და შეეშვიო. რატი, რომ რატია და ეგეც ასუსული დადიოდა, უტყდებოდა ჩემთვის პირში თქმის, ისე მქონდა წაკეტილი მაგ. და შენ რა ქენი? -მოვედი და გითხარი, მაგრად გიყენებს და თავი დაანებე-მეთქი. -და მე რა ვქენი მერე? - ჩამეკითხა დაჟინებით. -დაშორდი. -ჰო, შენი სიტყვების მერე მივხვდი, რომ მართლა ეგრე იყო. ისე დამამუშავე, სამ დღეში გავფაქტე, ვიღაცა სი**ი რაგბისტის საეჭვიანებლად რომ მიყენებდა. -რატი ვერ ხვდებოდა მაგდენს, გოგოს თვალი სხვაა. - ვუთხარი და გვერდით მივუჯექი. - რა შუაშია ახლა მარიკო, გაფიცებ ყველაფერს. -იმ შუაშია, რომ მე და შენ ფილტრი არ გვქონია არასდროს ერთმანეთთან. - შემომხედა ღიმილით. - ხო ძალიან მიყვარს კეკე და სოფკა, მაგრამ შენთან რაღაცნაირი სხვანაირად გულწრფელი ვიყავი. - ხო, ცხოვრებაში არ დამავიწყდება ჩემი ბანკეტის ნაფოფინებ კაბაზე რომ მითხარი, გასუქებსო. - ჩავიბურტყუნე სიმწრით. -ჰო, თუნდაც. -რატო მეუბნები ახლა მაგ ყველაფერს, კვაში. სიმართლე უნდა მომახალო? - ავად ჩამეცინა. -უნდა მოგახალო, ხო.. - გაეღიმა თვითონაც. - დაუშვი, მაინც ჩემი სტუმარი ხარ ამაღამ. არსად გაგიშვებენ ესენი. - მარიკო ხომ მაგრად არ გევასებოდა, გაჟრიალებდა სახელს რომ ვახსენებდი, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა მომეყვანა, იმასთან არაფერს შეიმჩნევდი. ისე ექცეოდი, რომ არ გეთქვა, ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, რომ არ მოგწონდა. - შენ გცემდი პატივს და იმიტომ. - ჰო, ეგრეა.. აბა რატის რატო გაუმწარე ცხოვრება ყველა სულიერზე, ვისთანაც რაღაც ჰქონდა? - მკითხა მოულოდნელად. გავშრი. - რა შუაშია ახლა ეგ.. -იმ შუაშია, რომ ცხვირში ადენდი ყველაფერს. ჩაცმულობა რომ ჩაცმულობაა და ცხოვრებაში მაგის გამო არავის დასცინებ, მაიც და მაინც იმ გოგოების არ მოგწონდა არაფერი. არავინ შეარგე. „იავნად“ ეღადავებოდი ყველას, პირში. - დაუნდობლად მახსენებდა სანდრო ყველაფერს. -კაი ახლა... და ეგეც რომ არ იყოს, სულ მე მიჯერებდა რატი. - უსუსურად დავიცავი თავი. -ვერავის იტანდი მაგის გვერდი, ნატა… ეგოისტურად გინდოდა არავინ ჰყოლოდა. - რაებს ბოდავ, აქეთ ვეჩხუბებოდი რატომ არ გყავს-თქო არავინ. - გავგულისდი. -ნამუსი გაწუხებდა და იმიტომ. დაფიქრდი აბა კარგად, რატის ყველაზე დიდხნიანი ურთიერთობა რომ ჰქონდა, მაშინ იყავი ყველაზე კაპასი, ყველაზე კაპარჩხანა. მაშინ დაგეწყო ქრონიკული უხასიათობა და აგრესია. ერთხელ აუშარდი, სათანადო დროს აღარ გვითმობ სამეგობროსო. არადა, მოიყვანდა ჩვენთან და სისხლს უშრობდი. - თვალს არ მაცილებდა არც ერთი წამით კვაში, მეგონა სულში მიყურებდა. -ძალიან ცილისწამებაა ახლა ეს, სანდრო. - რაღაცებს ვერ ხვდები, ნატა. ან იმდენად გეშინია საკუთარი თავის, რომ ხვდები და თავს იშტერებ. არადა, ეგეთი კონდიცია ყველაზე ძალიან შენ არ გიხდება, შენ თავს გეფიცები. ან ახლა რას აკეთებ, ვერ ვხვდები. იმის მაგიგრად საკუთარ თავში გაერკვე, ცოტა გონს მოხვიდე, ზიხარ და ცალკე შენ იტანჯები აქეთ და ცალკე ის მყავს მოსაბრუნებელი. -ვილაპარაკეთ მაშინ.. - ვუთხარი ლამის ჩურჩულით. - ფაქტობრივად მითხრა, აღარ აქვს არაფერს აზრიო. მე მეგობრის დაკარგვა არ მდომებია, კვაში. -და რა გააკეთე იმისთვის, რომ არ დაგეკარგა? - მომიბრუნა კითხვა. - კარგი, პირველი რეაქცია მესმის, ისიც გავიგე, რომ არ გინდოდა მისი დანახვა კარგა ხანს. მერე? თუნდაც, მაგ საუბრის მერე სცადე რამე? სულ ინიციატორი ვერ იქნება რატი, ნატა... ხომ აქვს ყველა კაცს რაღაც ზღვარი თავმოყვარეობის. -ახლა ყველაფერი მე დამბრალდა? - ხმა ამიკანკალდა გაგულისებულს - რა შუაშია დაბრალება, ვინ რას გაბრალებს.. უბრალოდ არ შეიძლება ასე, დაელაპარაკე მაინც. -და რა ვუთხრა? - ვეღარ შევიკავე თავი და პირველი ცრემლი მოვიწმინდე გაგულისებულმა. -არ გაქვს არაფერი სათქმელი? - სადაც თვითონ 15 წელი არ ულაპარაკია, იქ მეც მეპატიება 6 თვიანი სიჩუმე, სანდრო…ნუ მაწვებით ყველა გიჟებივით და ისე ნუ გამოგყავთ, თითქოს თქვენ ჩემზე კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება. ვიცი, რომ გული გტკივათ და გინდათ, დავლაგდეთ მე და რატი, მაგრამ ძალით გამოგონილი გრძნობები ვერ შეგვარიგებს... -ძალით გამოგონილი გრძნობები ვინ ახსენა? - გაუკვირდა ბიჭს. -აბა რა შუაში იყო შენი ორ საათიანი მონოლოგი იმასთან დაკავშირებით, რომ რატის შეყვარებულებს ვავიწროვებდი, თურმე. -ვახ, - გაეცინა კვაშის. - ძალიან მიაქციე მაგას ყურადღება... -კარგი რა, სანდრო! - მაგრად გეშლება, ნატი. არ ხარ მთლად სწორი მაგ ამბავში, რომ იცოდე. - რაში მეშლება,მაინც? თხუთმეტი წლის განმავლობაში ერთხელ ვერ შეარჩია სწორი მომენტი, მაგას მეუბნები? - ოხ, ნატა, ოხ.. - შევიდეთ შიგნით, შემცივდა. - ხმა ამიკანკალდა, ზურგი ვაქციე კვაშის. ფეხზე წამოდგა, სიგარეტი იქვე საფერფლეში ჩაასრისა და კარი გამიღო. ის იყო უნდა შევსულიყავით, მკლავში რომ ჩამჭიდა ხელი. -თაკო აბაშიძე და გუგა რამიშვილი გახსოვს? -როგორ არ მახსოვს.. - გამიკვირდა ჩვენი უნივერსიტეტელების ხსენება. -ბავშვი შეეძინათ რამდენიმე თვის წინ. -ვაა, რა მაგარია?! არ ვიცოდი. -ჰო… -ეგ კაი, მაგრამ რამ გაგახსენა ეგენი მაინც?! -იფიქრე, ნატი, იფიქრე… - თვალი ჩამიკრა უცნაურად. კვაში არაფრის დიდებით არ დარჩა ჩვენთან. სახლის მარტო დატოვება არ მინდაო, მოიმიზეზა. მივხვდი, ელენეს მერე არ უნდა იქაურობა გაციებულიყო. ისეც დაობლებულ სახლს უელენობა უფრო მეტად ეგრძნო. ძალიან მაგრად ჩავეხუტე გაცილებისას. თვითონ შუბლზე მაკოცა ოდნავ შემთვრალმა, და თავჩაქინდრული გაუყვა ბროწეულებით სავსე ვიწრო ჩიხს. ^ ^ ^ სექტემბერი ილეოდა. ნელ-ნელა ეპარებოდა სიყვითლე ბროწეულებს. ჭრელი ფოთლებით დაიფარა მთელი უბანი. ძალიან უხდებოდა შემოდგომა ყველა სახლის სახურავს, ყველა ეზოს. სამსახურში ერთ-ერთი, საკმაოდ დიდი კომპანიის კორპორატიული საღამოს პროექტი ჩამაბარეს. ბევრი არჩევანის მიუხედავად ლოკაციად - კახეთი შეირჩა. წინანდლის რედისონი მთლიანად იხურებოდა. დიდი დრო დასჭირდა სამზადისს. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, სანამ სასტუმროდან არ დამირეკეს და მითხრეს, რომ დარბაზში რაღაც კონკრეტული დეკორაციების შეტანა ვერ ხერხდებოდა. როგორც წესი სასტუმროში ორი დღის შემდეგ უნდა წავსულიყავით სამუშაო ჯგუფი, თუმცა, ჩემი ჩასვლა უფრო მალე გახდა საჭირო. -ნატა, ხმა აქვს შენს მანქანას, - მითხრა წასვლის წინ ოთომ. - ჩემით წადი, მივიყვან შენსას ხელოსანთან. -ვერ ვჯდები შენს მანქანაზე, - ვიუარე მე. - არაფერი ხმა არ აქვს ისეთი, იქამდე რომ ვერ ჩამიყვანოს. -გოგო, გამიგონე, რომ გეუბნები! არ ვიქნები დღეს მთელი დღე თბილისში, შუა გზაში არ გაგიჩერდეს! -ნუ დამთარსე! - ავკივლდი ჯიუტად. - არ მოუვა-მეთქი არაფერი. ბევრი იბუზღუნა ოთომ, მაგრამ ვერაფერს რომ გახდა, გაბრაზებულმა მიმანება თავი. დავიძარი და მშვენივრად მიდიოდა საქმე, სანამ შუა გომბორზეე რაღაც გაურკვეველი ხმები არ ამოუშვა მანქანამ. რამდენიმე წუთით ორიენტაციაც კი დავკარგე და იძულებული გავხდი გადამეყენებინა. -რა ჯანდაბა ვქნა ახლა?! - ვბურტყუნებდი ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ოთო კარგად მიმალანძღავდა, პირველს მაინც მას დავურეკე. დაახლოებით ორი წუთი ჩხუბობდა და ბოლოს მომაძახა, ქალაქიდან ვარ გამოსული, სანამ მანდ ჩამოვალ, დიდხანს მოგიწევს ყურყუტი და ისევ ბიჭებს მიმართეო. სათითაოდ ჩამოვურეკე ყველას. ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ აეწყო, ვერც ერთს მივაწვდინე ხმა. ევაკუატორის მოსვლას დაახლოებით ორი საათი სჭირდებოდა. გამვლელები უგულოდ მარიდებდნენ თვალს. ბოლოს ისე წარმეკვეთა სასო, რომ გავრისკე და ორადორს მივანდე ჩემი ბედ-იღბალი. ჰო, იმათზე მაქვს საუბარი, ერთი რომ მეორეს მანქანით დაეჯახა. -საბ, თბილისში ხარ? -კი, ნატატი, რაო? - უცნაური ხმით მიპასუხა კერესელიძემ. -მიშველე, ოღონდაც! - ხმაშიც იგრძნობოდა სასოწარკვეთა. თელავში მივდიოდი და შუა გამიჩერდა მანქანა. ბოლი აუშვა და რაღაც გაურკვეველი ხმები გამოსცა. ევაკუატორს ვერ ვიძახებ, ბიჭებს ვერ ვუკავშირდები. -აუჰ, სად ხარ კონკრეტულად? - დაიძაბა ტყუპი. -გომბორზე! - ლამის ტირილი დავიწყე. - ერთი საათია ამ დღეში ვარ. ჩამომაკითხავ? -აბა რას ვიზამ, გოგო! მანდ ხომ არ დაგტოვებ?! ბევრი იარე -არც ისე, ლოკაციას გამოგიგზავნი. -კაი, ნატი, არ ინერვიულო შენ! გამოვალ ახლავე. - დამამშვიდა ტყუპმა და გამითიშა. მომეშვა. გაჩერებულ მანქანაში ჩავჯექი და ჩემს მხსნელს დავუწყე ლოდინი. კარგად ვიცოდი, დიდად რომ ვერ ერკვეოდა ვერც ერთი ორადორიდან ტექნიკურ საკითხებში, თუმცა, მათი მანქანა მაინც მესახებოდა იმედად. დამატებით ერთი საათი ვიდექი გაუნძრევლად.დაღლილობისგან თავი მისკდებოდა. ტელეფონიც დამიჯდა თითქმის. გამიმართლა, რომ საბასთვის ლოკაციის გაზიარება მოვასწარი. ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ აეწყო. ამინდიც გაფუჭდა და ისე გაშავდა ცა, ვიცოდი მალე თავსხმა დაიწყებოდა. გულში ვლანძღავდი ყველა გამვლელს, გულგრილად რომ მივლიდნენ გვერდს. კიდევ კარგა ხანს ვიქნებოდი ასე, უკან მანქანა რომ არ მომდგომოდა. წამიერად გამინათდა თვალები და ვიფიქრე მეშველა თქო, სანამ ჯიპში ჯანხოთელების Land Cruiser-ი არ ვიცანი. ჯაბას საამაყო მანქანა იყო ეს. გიჟდებოდა რატის მამა თავის ერთგულ მეგობარზე და ჩვენ, სამეგობროსაც უამრავი კილომეტრი გაგვევლო ამით. მანქანის კარი გაიღო და იქიდან რატი რომ გადმოვიდა უზომოდ სერიოზული გამომეტყველებით, გამაჟრიალა. დაახლოებით ორი თვე ხდებოდა, რაც არ მენახა. წამოზრდილი შავი თმა არეოდა. მოზრდილი წვერი იმაზე მეტად უხდებოდა, ვიდრე ოდესმე. საკუთარ ფიქრებში გართულს, ფრთხილად დამიკაკუნა ფანჯარაზე. შევხტი. -შენ? - აღმომხდა უნებურად. დაბნეული სახე ჰქონდა თვითონაც. -ვატომ დამირეკა, მანქანა გაუფუჭდაო. -ხოო.. რაღაც მოუვიდა, ბოლი აუშვა. დაზღვევაში დავრეკე ევაკუატორზე, მაგრამ ძალიან დააგვიანდებაო... - ვუთხარი არეულმა. -ვნახავ, რა მოუვიდა.. -საბამ მითხრა მცალიაო, რომ მცოდნოდა შენ გამოგიშვებდა, არ შევაწუხებდი. - თავი ვიმართლე უსუსურად. -არაა ახსნები საჭირო. - უხერხულად მოიტარა თავზე ხელი. ქურთუკი გაიხადა და იქვე მძღოლის სავარძელზე მიაგდო უდიერად. მოკლე მკლავიანი, ნაცრისფერი მაისური ეცვა. ავად შემომხედა მისმა ბროწეულმა. გული ამიჩქარდა უცნაურად. ვერ ვხვდებოდი, მშველელმა უფრო გამახარა, თუ რატის დანახვამ ჩააქრო რამდენიმე საათიანი შფოთი. სანამ ჯანხოთელი მანქანას უკირკიტებდა,ტელეფონი ამოვიღე და კერესელიძის მიმართულებით ავკრიფე შეტყობინება. “მაგარი უსინდისო ხარ, საბა კერესელიძე.” “რა დავაშავე, შე ქალო?” - არ დაუყოვნებია პასუხს. “რატი რატომ გამოუშვი?” “გოგო, ისეთ პახმელიაზე ვარ, კახეთში კი არა, “კუხნაში” ვერ გავდივარ, ენა მაინც რომ გავისველო წყლით. ვერ ჩამოვიდოდი მანდ, ნატი.” “მეორე ბედოვლათი სად გდია?” “ხო აი, მე ვსვამდი და ეს მატყლს პუწკავდა მეორე ოთახში. 18 საათია არ გაუღვიძია, კოვზზე ვასუნთქებ 5 წთ-ში ერთხელ, რომ გავიგო, ცოცხალია თუ არა. :))” “ჩემხელა სმს-ებს კარგად მწერ და აქ ვერ ჩამოხვედი, ხო?” - გავბრაზდი. “ოქროსავით კაცი გამოვუშვი, მაზუთი მაგას უფრო უხდება ხელებზე, შენ თავს ვფიც.” “არ დაგივიწყებ ამას, კერესელიძე. :))” “ გკოცნით ორივეს. : * “ სიცილი ვერ შევიკავე. დიდხანს ეწვალა რატი მანქანას. რამდენჯერმე მთხოვა, დაქოქეო, თუმცა, მაინც და მაინც ახლა დამაღალატა ჩემმა საამაყო ჟუკმა. ხელი ჩაიქნია რატიმ. მართლაც გაშავებოდა ხელები მაზუთით. ერთმანეთში ხლართავდა თლილ თითებს. დაბნეულად მივაწოდე იქვე მიგდებული სველი ხელსახოციდან ერთ-ერთი. -არ ვიცი, ზუსტად რისი ბრალია. - დაარღვია ბოლოს სიჩუმე. - ძრავა გადახურდა სავარაუდოდ. მანამდეც ჰქონდა ხმები? -ხო, ჰქონდა. - დამნაშავესავით ვიკბინე ტუჩზე. -რატომ წამოხვედი მერე ამით? - მისაყვედურა ჯანხოთელმა. -ახლა რამე აზრი აქვს საყვედურს? -აქვს, - შემომხედა ალმაცერად. - მეორედ აღარ იზამ. -რა ვქნათ ახლა? -ჩემსას ჩავაბათ და ჩავიდეთ თელავამდე. - მიპასუხა გულგრილად. - აქ ახლოს არაფერია, თორემ შევახედებდი ვინმეს. -შენ გცალია მერე? - დამნაშავედ ვიგრძენი თავი. -არ ჩამოვიდოდი, რომ არ მეცალოს. - ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის, ისე მითხრა. გული მომეწურა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ახლა აქ ყოფნას ყველაფერი ერჩივნა. საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ აქ და ასეთ გარემოში თუ შევხვდებოდი რატის. სალაპარაკოდ ჩემი გაფუჭებული მანქანის მეტი, თემა რომ არ გვექნებოდა. მშვიდად ჩაჯდა მანქანაში, უხმოდ გადააყენა ჩემის წინ და ისე ჩააბა ტროსი, ზედმეტად არც ერთხელ შემოუხედავს ჩემთვის. ის იყო, მანქანაში უნდა ჩავმსხდარიყავით რომ კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა. სანამ მძღოლის გვერდით დავიკავე ადგილი, ერთიანად გავილუმპე. ჩემს დღეში იყო რატიც. უხმოდ მივიკვლევდით გზას წვიმაში. სიცივისგან ავკანკალდი. უნებურად გამოეპარა ჩემკენ თვალი და შემათვალიერა. -გცივა? - მკითხა, თითქოს არაფერიო. -მცივა. -ჩართული მაქვს გათბობა, დათბება ახლა. -ხო... საჭიდან ხელი არ აუღია, ისე გადაყო მეორე უკანა სავარძელზე და იქვე, უდიერად მიგდებული პერანგი გადმოიღო. -მოისხი ეს, თუ გცივა. -სველზე რა აზრი აქვს.. - ვიუარე. -მოსაცმელი გაიხადე, ნატა, - ბავშვივით მითხრა. - ეს მოიცვი. აღარ გავძალიანებიბარ, დავემორჩილე. ერთიანად სველი ჟაკეტი გავიხადე და მისი პერანგი მოვისხი მხრებზე. ავად შემიღიტინა სუნამოს სურნელმა. გამაბრუა თითქოს. რა ჯანდაბა მომდის-მეთქი ვიფიქრე და იმ წამს გაისმა მანქანაში Marcel-ის Her’s. I wanna ride your wave again Don't tell me I can just pretend I love you, but there's still a taste Don't know if you'll always be amazed ერთიანად გამიბუჟდა გაყინული სხეული. ჩემი და რატის საყვარელი ჯგუფი იყო მარსელი. ბედისწერა დამცინოდა თითქოს. მზერა გამექცა მისკენ. არეულად ათამაშებდა საჭეზე თითებს. უხერხულად ჩაახველა და მუსიკა შეცვალა. გული დამწყდა. -სად მივდივართ ჩვენ? - მკითხა უჩვეულო სიმშვიდით. -წინანდალის რედისონში. - ხმა ჩახლეჩილმა ვუპასუხე. -სასტუმრომდე მივიდეთ და მივხედავ მანქანას. -მიმიყვანე მხოლოდ, მოვაგვარებ დანარჩენს. ჩაეცინა. -დამშვიდდი, ნატა. - ირონიულად გადმომხედა. - არც ერთ ზედმეტ წამს არ გავატარებ შენთან ერთად. -რა შუაშია? - გულწრფელად მეწყინა. -შენ გამო გეუბნები, ასე რომ შეწუხდი. -შევწუხდი... - გაიმეორა მშვიდად. - არა უშავს, ჩემს შეწუხებას. არ იდარდო... საშინლად ირონიული იყო. სიტყვის თქმა ვეღარ გავბედე. მშვიდად ატარებდა მანქანას. თითქოს ჩემთან საუბარიც მოსჯილი ჰქონდა. დარჩენილი გზა ხმა არ ამოგვიღია. სასტუმროსთან გააჩერა მანქანა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა ვიღაც კაცს. შესასვლელთან ვუცდიდი. გოროზად იყურებოდა წინანდლის ბაღი. წამით არ უკვლია წვიმას. ისე ასხამდა თქეში, დამცინოდაო თითქოს. ყველაფერი ნისლში გახვეულიყო. სირბილით დაფარა რატიმ ჭიშკრიდან ჩემამდე მოსასვლელი გზა. ხაკისფრად ანათებდა მისი თვალები. -დღეს ვერაფერს ვუზამ მანქანას.. ახლა დაკეტილია ყველაფერი, ამ ამინდში თან. -არა უშავს, მივხედავ ხვალ. -წავალ მაშინ... ხვალ ბიჭებიდან რომელიმეს გამოვუშვებ და.. -არ არის საჭირო. - ხმა გამიტყდა. - ისეც გაწვალე... თავი დამიკრა. ის იყო გაბრუნებას აპირებდა, სეტყვა რომ დაიწყო. -შიგნით უნდა შეხვიდეთ! - მოგვადგა დარაჯი და სასტუმროსკენ მოგვიწოდა. -უნდა გავსულიყავი.. - დაიბნა რატი. -არ გირჩევ,მეგობარო. - ურჩია დარაჯმა. - დაბნელდება მალე, სეტყვის გამო ხილვადობა ისედაც გართულდება, რამე არ მოიწიო... აღარ იცოდა რა ექნა, რამდენჯემე შემომხედა, თითქოს ჩემს რეაქციას ამოწმებდა. -სად მიდიხარ ამ ამინდში? - რამდენიმე წუთით ძველი ნატა დაბრუნდა თითქოს. - წამოდი, შევიდეთ და დილით წადი. ყოყმანობდა, თუმცა, ამინდი მართლა უფრო და უფრო უარესდებოდა. ბოლოს მიხვდა, მართლა არ ჰქონდა სხვა გზა და ძლივს შესამჩნევად დამიკრა თავი. შესასვლელში გიჟებივით შევცვივდით. ერთიანად სველებს გაკვირვებით მოგვაშტერდა რამდენიმე წყვილი თვალი. გიჟებს ვგავდით ალბათ გალუმპულები, არეული სახეებით. მიმღებში ლამაზი, ჟღალთმიანი გოგონა იდგა. ღიმილით შემოგვეგება იქ მისულებს. -გამარჯობა, დაგეხმარებით რამით? -გამარჯობა, - მივესალმე ღიმილით. - თქვენთან რამდენიმე დღეში დიდ კორპორატიულ წვეულებას მართავს ჩემი კომპანია. მე ივენთ მენეჯერი ვარ. წესით ზეგ უნდა ჩამოვულიყავი გუნდთან ერთად, თუმცა, რაღაცები გაპრობლემდა და დღეს მომიწია თქვენთან სტუმრობა. ორი თავისუფალი ნომერი მჭირდება, ერთი გზაშივე დავჯავშნე. -თქვენი სახელი? - მკითხა გოგონამ, რომელიც რატომღაც რატის თვალიერებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე ჩემთან საუბრით. -ნატა, ნატა მქვია. რამდენიმე წუთი დასჭირდა მონაცემების გადასამოწმებლად. ბოლოს მოკრძალებული სახით ამომხედა და მითხრა. -სამწუხაროდ, არც ერთი ნომერი არ გვაქვს თავისუფალი. -როგორ, კაცო? ხომ დავჯავშნე ნომერი? - გავიკვირვე. -რადგან დროულად არ გამოცხადდით, ჯავშანი გაუქმდა ავტომატურად. უამინდობის გამო კი ნომრები გადაგვევსო. -მანქანა გამიფუჭდა, გოგონა. - გამოვცერი კბილებში. - მაგიტომ დამაგვიანდა, ქუჩაში ხო არ დავრჩები ამ ამინდში? რატი დაკვირვებით უსმინდა ჩვენს დიალოგს. -ამჯერად ვერ დაგეხმარებით. - ხელოვნურად გამიღიმა გოგონამ. სისხლი თავში მომაწვა. -ახლა მომისმინეთ... - დავიწყე და ალბათ შუაზეც გავგლეჯდი ამ თავაზიან გოგონას, რატი რომ არა. -ერთი წუთი, ნატა. - ღიმილით შემაწყვეტინა საუბარი. - ლიკა ხო? - ჰკითხა გოგოს, მანაც ღიმილით დაუკრა თავი. - ძალიან დიდი ბოდიში, ვიცი, უნდა დაგვერეკა რომ გვაგვიანდებოდა, მაგრამ ამ ამინდში უკან ვერ გავბრუნდებით. მანქანაც გაფუჭებულია და იქ ძილისთვის ცოდო ვართ ეს ახალგაზრდა ხალხი. იქნებ მოგვიხერხოთ რამე? გოგონა რამდენიმე წუთით დაფიქრდა, მერე სადღაც გადარეკა და ამჯერად ღიმილაკრული მოგვიბრუნდა. -ახალი კოტეჯი გვაქვს სასტუმროდან ცოტა მოშორებით. ჯერჯერობით სრულად კეთილმოწყობილი არ არის და ამიტომ ვერ სარგებლობენ მომხმარებლები. გამონაკლისის სახით, ის შემიძლია შემოგთავაზოთ. -დიდად დაგვავალებთ.. - გაუღიმა რატიმაც. ლიკა მაშინვე დაფაცურდა. სულ ცოტა ხანი დასჭირდა ჩვენს დასარეგისტრირებლად. დაახლოებით ხუთი წუთი, რატომღაც მხოლოდ რატის უხსნიდა სასტუმროს შიდა პოლიტიკას და კოტეჯთან დაკავშირებულ დეტალებს. მე დიდად არ ვაინტერესებდი. ბოლოს, გასაღებიც მას მიაბარა კეკლუცად და ეჭვი მაქვს, რომ წარმატებებიც მხოლოდ ჯანხოთელისთვის გაიმეტა. სტაფმა კოტეჯისკენ მიმავალი გზისთვის პატარა ტუკ-ტუკი გამოგვიყო. თავაზიანად მიგვაცილეს ჩვენს თავშესაფრამდე. გაგულისებული ვიჯექი ერთ ადგილას და თვალებიდან არ ამომდიოდა ლიკას მლიქვნელური ღიმილი. როგორც იქნა შევაღწიეთ კოტეჯში. რატიმ ჩემი ჩემოდანი იქვე დადო და თვალი არეულად მოატარა სივრცეს. -არც ისეთი კეთილმოუწყობელია. - ჩაილაპარაკა თავისთვის. -თავხედი! - ჩავიბუტბუტე ჩემთვის. -ვინ? - გაუკვირდა რატის. -ვინ და ლიკა! ჩემს სიტყვაზე რეაქცია არ ჰქონდა და თვალები რომ აუჟუჟუნე, კარგად დაფაცურდა.. რა უპასუხისმგებლობაა?! გაკვირვებისგან სახე მოერყა ჯანხოთელს. -ვინმე თავზე რომ დამკიოდეს, არც მე გავანძრევდი ხელს. - მიპასუხა მოულოდნელად. -ბატონო? - გაოცებისგან შუბლზე ამივიდა თვალები. - სად ვიკივლე? -ეჩხუბებოდი... -ღირსი არ იყო? - კინაღამ წყობიდან გამოვედი. -რატომ იყო ღირსი, - გაეღიმა ჯანხოთელს. - რა ექნა იმას, თუ აღარ დარჩა ნომრები. -შენ რა, ჩემი გაგიჟება გინდა? - ტონს ავუწიე. - მერე თუ იპოვა ალტერნატივა, ანუ იყო ხო ამის საშუალება? გაეცინა. -რა გაცინებს? -არაფერი, ნატა. - ჩაილაპარაკა თავისთვის. - სულ სველი ხარ, გამოიცვალო სჯობს. ახლაღა შევნიშნე წურწურით წყალი რომ გამდიოდა. მე კი მქონდა გამოსაცვლელი ტანსაცმელი, მაგრამ რატის შარვალი დიდად დამაიმედებლად არ გამოიყურებოდა. -შენ რას იზამ? - შევწუხდი. -ქვემოთ Gift Shop ექნებათ წესით, იქნებ ვიყიდო რამე. მითხრა და კარისკენ დაიძრა. წარმოვიდგინე, როგორ ეხმარებოდა ლიკა რატის ტანსაცმლის არჩევაში და უსიამოვნოდ გამცრა. -ხო, ლიკა დაგეხმარება არჩევაში,აუცილებლად ჰკითხე აზრი. კართან მისული ჯანხოთელი გაოცებით გამომიტრიალდა. -რას გადაეკიდე იმ გოგოს, ნატა?! - გაკვირვებული ტონი ჰქონდა, ვერაფრით მიხვდა, რა პრობლემა შეიძლება მქონოდა მიმღების თანამშრომელ გოგონასთან. -რას გადავეკიდე?! - გავიკვირვე მეც. - დაგეხმარება-მეთქი, ცუდი რა გითხარი? მხრების აჩეჩვით გავიდა ჯანხოთელი კარიდან. ერთიანად გაწუწული შევედი აბაზანაში. სველი ტანსაცმელი გაბრაზებულმა მოვისროლე ვანაში. ხელი დავავლე პირსახოცს და ცხელი წყლის ჭავლს შევუშვირე თავი. „რა ჯანდაბაა?!“ ჯიუტად ვუმეორებდი საკუთარ თავს ყოველ ჯერზე, როცა მომღიმარი გოგო მახსენდებოდა. „ეჭვიანობ..“ ავად ჩამძახა ეგომ და ერთიანად გამაკანკალა. ტემპერატურას მოვუმატე. ბოლი ამდიოდა, თუმცა, რატომღაც მაინც მციოდა. ერთი და იგივეს იმეორებდა ჩემი გული. ელენეს სიტყვები გამახსენდა, სათქმელს ბოლოს მაინც ის გეტყვისო. არაფრით მესმოდა მისი. გმირულად იგერიებდა ჩემი გონება იქიდან მომავალ ყველა ადიდებულ ტალღას. ჯიუტად ციმციმებდა მისი თვალები ყოველ ჯერზე ჩემს წარმოსახვაში, როცა ჩუმად ჩამძახოდა ალტერ ეგო, გაებიო. ვერაფერი გამეგო მაინც. წვიმას გადაეღო. ცივად გაფანტულიყო ყველა შავი ღრუბელი, მთელი ცა რომ დაეფარათ სულ რაღაც ნახევარი საათის წინ. ბინდი ჩამოსწოლოდა წინანდლის ბაღს. ^ ^ ^ ოთახში შემოსული რატი უარესად დასველებულიყო. ხელში პარკი ეჭირა. სავარაუდოდ, მაისური და შარვალი უნდა ყოფილიყო. გადასავლებად შევალო, დამიბარა და ახლადშეძენილ ნივთებთან ერთად შეიკეტა აბაზანაში. კეკემ დამირეკა. -მშვიდობაა? - მიკიოდა იქიდან. - საბამ მითხრა, მანქანა გაუფუჭდაო. -ის არ გითხრა, დასახმარებლად ვინ გამოუშვა? - ვჩურჩულებდი, არ მინდოდა რატის რამე გაეგონა. -ვაიმე, ვინ.. - დაიძაბა კეკე. - არ მითხრა, რომ რატი... -არ გეტყვი მაშინ. - გამეცინა კეკეს მიხვედრილობაზე. -ვაიმე, - შეშფოთდა გოგო. - რა ხდება მერე, ჩამოვიდე? -სად უნდა ჩამოხვიდე, კეკე.. - ხმა დამითბა, უსაყვარლესი იყო. -რა ვიცი.. ხომ არ ხოცავთ ერთმანეთს? -არა, პირიქით. ნეტა ვჩხუბობდეთ მაინც, იმედი მექნებოდა რამის. -ეგრეა საქმე? - შეწუხდა გულწრფელად. -არ ვიცი.. წავედი ახლა კე, დაგირეკავ მერე. -მიდი, დამირეკე თუ რამე დაგჭირდეს. - მითხრა და გამითიშა. ამასობაში უკვე ჩაცმული რატი გამოვიდა აბაზანიდან. მაისური აშკარად არ იყო მისი ზომა. სასაცილოდ უჭერდა მკლავებსა და მხრებზე. უხერხულად მოისვა თავზე ხელი, ჩემი მზერა რომ შენიშნა. -არ ჰქონდათ მეტი... -შევატყვე. - გამეცინა. -რა გაცინებს? - ღიმილი გაპარა თვითონაც. -არაფერი, გიხდება. მუქი შინდისფერი მაისური ისე მიჰკრობოდა ტანზე, გეგონება საცაა შემოაკსდებაო. შავი, საკმაოდ ულამაზო ფონტით წაეწერათ : I Love Kakheti -წაიღე ეგ მაისური ბროწეულებშიც, მოეწონება ხალხს.. - ვეღარ შევიკავე სიცილი. ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა თვითონაც. -ხო, მაგრად მიხდება ეს ფერი. თითქოს, ის დაძაბულობა ოთახში ჰაერიც კი რომ მოეწამლა და ორივეს გვჭამდა, სადღაც გამქრალიყო. ყველაფერი დამვიწყებოდა რამდენიმე წამით. ერთიანად მოვეშვი. პირსახოცით თავი რამდენჯერმე შეიმშრალა ჯანხოთელმა. იქვე ჩამოჯდა სავარძელზე. მობილური ამოიღო და შეტყობინების წერა დაიწყო. -მოგაცდინე რამეს? - დამცდა თავისით. -არა, - ამომხედა ცალი თვალით. - არაფერია.. -დარწმუნებული ხარ, რომ არაფერია? ამოიოხრა. -არაფერია ისეთი, შენს ნერვიულობად რომ ღირდეს, ნატა. -ჩემს ნერვიულობად რომ ღირდეს? - გამოვცერი კბილებში. - ანუ, აშკარად მოგაცდინე რაღაცას.. -არაფერია მეთქი, - თავიდან გამიმეორა. - მივდიოდი სადღაც, მაგრამ არა უშავს, გადავდე და არაფერი გაფუჭებულა ამით. -გეთქვა მერე, თუ სადმე მიდიოდი და სულ ნუ ჩამოხვიდოდი. - წამომცდა და ერთიანად წამოწითლებული დავჯექი საწოლზე. გამომხედა რატიმ. -სულ ნუ ჩამოვიდოდი, რას ნიშნავს? -ხო, რა ვიცი, ასე თუ აგირიე გეგმები.. გაოცება გაუკრთა სახეზე. -რა გინდა, ნატა, შარზე ხარ? - მკითხა ბოლოს. -არაფერი არ მინდა, - ვიწყინე. - უხერხულად ვარ ისეც და რამდენიმე სიტყვა რომ დაგცენოდა ჩემს დასამშვიდებლად, არაფერი მოგივიდოდა. -ათასჯერ გაგიმეორე ერთი და იგივე, მეტი რა გავაკეთო? ცრემლები მომაწვა. ერთი ხმის ამოღებაც და პირს მოვაღებდი შუაგულ ოთახში. მოთმინებით მომჩერებოდა რატი, თითქოს და პასუხს ელოდა ჩემგან. -ღმერთო ჩემო... - ამოიხვნეშა ბოლოს. - ვერ გავიგე ვერაფერი. ერთხანს ვისხედით გაჩუმებულები. დაბნელდა მთლიანად. ისეთი სიჩუმე იყო ირგვლივ, საკუთარი სუნთქვის ხმა გვესმოდა ორივეს. -არ გშია? - მკითხა ბოლოს მოთმინება დაკარგულმა. -არა! შენ გშია? -მე არ მშია, - მშვიდი იყო, წამით არ შეხრია წარბი. - შენზე არ ვარ დარწმუნებული მხოლოდ... -არ მინდა არაფერი.. ძლივს შესამჩნევად დამიკრა თავი და გაირინდა ისევ. აუტანელი იყო ის სიჩუმე მთელი ჩემი არსება რომ მოეცვა იმ წამს. ვკვდებოდი, ისე მინდოდა რამე სულელური თემა ჩამომეგდო და ძველებურად გველაპარაკა დილამდე. თვითონ მშვიდად სქროლავდა. მგონი, არც აწუხებდა იგივე ფიქრები, რაც მე. -უცხოებივით ვიქცევით. - საერთოდ არ ვაპირებდი არაფრის თქმას, თუმცა, გაუაზრებლად წამოვიწყე ლაპარაკი. - თითქოს, საერთოდ არ გაგვეტარებინოს მთელი ცხოვრება ერთად. ესეთი რამ რომ ადრე დაგვამრთნოდა, იმდენს ვიცინებდით... შეკრთა. არეულად ამომხედა. -ეგრეა.. -მაპატიე, თუ შეგიძლია, რომ ვერ გადავდე გვერდით ჩემი სიამაყე, როცა ასე ძალიან გჭირდებოდა ჩემი დახმარება. - ხმა გამიტყდა. - ბოდიში იმისთვის, რომ ამ შემთხვევაშიც საკუთარი დავაყენე ყველაზე წინ. მართალი იყავი, საშინელი უხერხულობა მჭამდა ყოველ ჯერზე, როცა გხედავდი და მეტიც, მაშინაც შენზე რომ მეფიქრებოდა. ბოლომდე ვერ მოვერიე თავს და ის სირცხვილიც ვერ ჩამოვირეცხე, იმ ღამემ რომ დამიტოვა მზითვად. არ დაგიმსახურებია ჩემგან ასე მოგცევა.. -არ მინდა ნატა ბოდიშები, - თვალი ამარიდა. -მაგისთვის არ მილაპატაკია მაშინ. -ვიცი, მაგრამ მინდოდა მეთქვა.მინდოდა გცოდნოდა... -მეცოდინება მაშინ. - ძალიან მკრთალად გამიღიმა. სიჩუმე ჩამოვარდა ისევ. -შეიძლება გკითხო რაღაც? - გავფანტე ისევ, თითქოს და დავალება მქონდა, ვერც ერთი წამით გაეხარა მდუმარებას. -მკითხე. -რამე კონკრეტული მიზეზი გაქვს, რის გამოც ვერ მეუბნებოდი ამდენ ხანს? მზერა გაუშეშდა რამდენიმე წამით. თითქოს, ყველაფერს ელოდა ამის გარდა. უხეშად მოისვა წვერზე ხელი და დაიწყო. -საკუთარ თავზე კარგად გიცნობ მე შენ. ყველა შენი ემოცია ზეპირად ვიცი. რამდენჯერაც მტკიცედ გადავწყვიტე, რომ გეტყოდი, იმდენჯერ რაღაც ისეთი მოხდა,რამაც ნათლად დამანახა, რომ შენთვის თავისუფლად შეიძლებოდა გავმხდარიყავი არავინ. ვიცი, ცუდად ჟღერს, მტკივნეულად, თუმცა, ეგრე იყო. -შეგეშინდა? -უშენობის? - მკითხა მშვიდად.- არა, არ შემშინებია. უშენობა არ მინდოდა, უბრალოდ. სიყვარულთან ერთად, შენს არსებობას მივეჩვიე ჩემს ცხოვრებაში. -იქნებ უბრალოდ.. -არ დაამთავრო ეგ წინადადება, ნატა. - მტკიცედ დასცდა. - ყველაფერს მშვიდად მივიღებ, ოღონდ ჩემს სიყვარულს რამე სულელური იარლიყი არ მიაწებო. -კარგი… -კიდევ გაქვს რამე კითხვა? -არა, - ამიკანკალდა ხმა. - აღარ. კარგიო, დამიკრა თავი და წამოდგა. -გავშლი ამას. - მიმანიშნა იქვე მდგარ, კრემისფერ დივანზე. თავი დავუკარი მძიმედ. რამდენიმე წუთი დასჭირდა ყველაფრის გასამართად. რომ დაასრულა, ნელი ნაბიჯებით მივიდა ჩემს საწოლთან და ერთი ცალი ბალიში აიღო. -აიღე მეორეც. რატის ორით უყვარდა ძილი, მე საერთოდ არ ვიყენებდი ბალიშს. -დარწმუნებული ხარ? -როდის იყო ბალიშზე მედო თავი. - ჩავიფრუტუნე, თითქოს მეწყინა, ჩემი ჩვევა რომ დაავიწყდა. ორივე წამოიღო, თავის ახალგაშლილ საწოლზე დააწყო. ნელა წავედი საწოლისკენ. -კარგად იქნები მანდ? - ვერ მომითმინა გულმა. - არ მაქვს პრობლემა, თუ საწოლზე გირჩევნია. -დაწექი, ნატა. კარგად მოვთავსდები. ამის თქმა იყო და დაწოლისას, დივანმა რაღაც არაადეკვატური ხმა ამოუშვა, დამჭერი რკინა ჩავარდა და რატიც ლამის შიგნით მოიყოლა. ორად მოიკეტა ჯანხოთელი. რამდენინე წამიანი სიჩუმე ჩემმა გაბმულმა ხარხარმა დაარღვია. -ჰო, მაგარი სასაცილოა, ნატა. არ დამეხმარო, მომს***ნია პატრონი... - ხმაში სიცილი შეეპარა და საცოდავად წამოიწია წინ. სიცლით მივვარდი და ძლივს წამოვაყენე მოხრილი. დოინჯშემორტყმულები ვუყურებდით ჩაწოლილ დივანს. -რატო არ აქირავებდნენ, თურმე. - გაეცინა ბოლოს რატის. -ამისთვისაც დაგვჩარჯავენ ნეტა?! - უნებურად ავყევი. -ორივე მოვთავსდებით, უზარმაზარი საწოლია. - მივანიშნე და უხერხულობის გასაფანტად გავუღიმე. - მართლა გეუბნები.. -ძირს დავწვები, თუ არაკომფორტულად იქნები. - მითხრა მშვიდად. -კაი ახლა.. დაწექი, პირველად ხომ არ გვძინავს ერთად. წარბაწეულმა გადმომხედა. -ძილი ვიგულისხმე. - გამოვცერი კბილებში. პირზე მომდგარი სიცილის შესაკავებლად ტუჩზე იკბინა და მეორე მხრიდან მოუარა საწოლს. ერთიანად აცახცახებული შევძვერი საბნის ქვეშ. მალევე ჩაიზნიქა საწოლის მეორე მხარეც. განძრევისაც მეშინოდა და რატის სუნთქვიდან გამომდინარე, ვხვდებოდი, არც მას ულხინდა დიდად. გვერდი იცვალა თვითონ. ზურგი ვაქციე მეც. ტუმბოზე მდგარ სანათს მივკარი ხელი და ერთიანად ჩამობნელდა ოთახში. მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ეცემოდა რატის ერთ მხარეს. აწრიალდა, მე გავიყურსე. სუნთქვაც შევწყვიტე წამით. ერთხანს გაგრძელდა ასე. ეგონა, ჩამეძინა.. ოდნავ წამოიწია და მოძრაობებით მივხვდი, როგორ გადაიძრო მაისური. ვიცოდი, ისე ვერ იძინებდა. სულ დავცინოდით, რომ ამბობდა საბანი რომ მაისურს ეხება, ვერ ვიტანო. თავიდან ფეხებამდე დამიარა ჟრუანტელმა. წამებში იცვალა მხარე და ზურგი მაქცია. ათიოდე წუთში მშვიდი სუნთქვა ამოუშვა. მიკვირდა, როგორ სძინავს ასეთ დროს-მეთქი. ცოტა ხანს ვებრძოლე საკუთარ თავს და ბოლოს მისკენ გადავტრიალდი. მთავრის მკრთალი შუქი ეცემოდა მკლავსა და ბეჭებზე. ალმაცერად მიმზერდა მისი ბროწეულიც, დანაშაულში გამომიჭირაო, თითქოს. უნებურად გამიელვა კადრებად თვალწინ, როგორ დავატარებდი იმ ღამეს მის ბეჭებზე ხელებს. კინაღამ სული მომეხუთა. ფრთხილად წამოვდექი და ფეხაკრეფით გავედი აბაზანში. ვერც წყლის ჭავლმა უშველა ჩემს აკანკალებულ სხეულს. თავხედურად მინდოდა უკან დაბრუნება იგივე მდგომარეობაში. პირველად გამიარა თავში იმ ღამეს აზრმა, რომ შეიძლებოდა მართალი იყო ყველა გამოსროლილი ფრაზა, რაც აქამდე ჩემს მეგობრებს მოუხლიათ ჩემთვის და მე ასე შეურცხმყოფლად მტკიოდა ყველა. საკუთარმა ფიქრებმა შემაშინა. ფრთხილად დავტაცე ბალიშს და გადასაფარებელს ხელი. ოთახის მეორე ბოლოში მდგარ სავარძელში მოვიკუნტე ოთხად და თვალი ავარიდე მშვიდად მძინარე ჯანხოთელს. სამარისებური სიჩუმე იდგა. მალე ირიჟრაჟებდა ბაღში. არ მახსოვს, როდის გავითიშე, თუმცა, დილით გაღვიძებულს ოთახში არ დამხვედრია. ტელეფონი შევამოწმე. დილის 09:45-ს აჩვენებდა საათი. შეტყობინება დამხვდა. „მანქანა სასტუმროს სტაფს მივაბარე, უკვე წაიყვანეს შესაკეთებლად. რომ დაასრულებენ, მოგიყვანენ. მე წამოვედი. წარმატებები შენს ივენთზე..“ - მწერდა ჯანხოთელი. უცნაურად მეწყინა მარტო გაღვიძება. დაბლა ჩასულს, გუშინდელმა ნაცნობმა - ლიკამ გამაჩერა. -უკაცრავად, ქალბატონო ნატა... - მიღიმოდა ნაძალადევად. - თქვენი მანქანის თაობასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა.. -დიახ, გისმენთ. -დღის მეორე ნახევარში იქნება მზად და მოგიყვანთ. მანამდე ვერ ესწრება, სამწუხაროდ.. -არსად მეჩქარება, ლიკა, - გავუღიმე გოგოს გულწრფელად. - დიდი მადლობა, პირიქით. კარგია, რომ ასეთი სერვისი გაქვთ. -არ გვაქვს მსგავსი სერვისი, თქვენა შეყვარებულმა დაიჟინა და ხათრი ვერ გავუტეხეთ. თავად წაიყვანა მანქანა, მხოლოდ მოყვანა გვთხოვა ჩვენ. -ჩემმა შეყვარებულმა? - გავიმეორე დაპროგრამებულივით. -დიახ, ბევრი იწვალა. თუმცა, საბოლოოდ მოვგვარდით. კიდევ რამეში ხომ არ გჭირდებათ ჩემი დახმარება? ხმის ამოღება ვერ შევძელი. -ქალბატონო ნატა... -არა, ლიკა.. დიდი მადლობა. ^ ^ ^ მოწყენილად შემხვდა თბილისი. კახეთის ცივი და გოროზი ხასიათი გადასდებოდა ბროწეულებს. თითქოს მიმხვდარიყო ამინდიც, დიდად რომ არ მილხინდა. ეზოში შესვლისთანავე, ჰაერიდან მომხსნეს გოგოებმა და ისე წამიღეს საგურამოში, ჩემებთან მისალმება ძლივს მოვასწარი. კეკეს მისაღებში ვისხედით ჭიქა ყავითა და მზესუმზირით მომარაგებულნი. მოუთმენლად მომცქეროდა ორივე. -ჰა ახლა, დავბერდი და შემერია ჭაღარა. - მოთმინებამ უმტყუნა სოფოს. - აღარ იტყვი, რა მოხდა? -არაფერი ისეთი.. -დავიწყე მძიმედ. - ჩამოვიდა, ისე შემხვდა, ცივად… მანქანას თვითონ ვერ უშველა და იძულებულები გავხდით სასტუმროში მივსულიყავით. ჯაბას მანქანას ჩააბა ჩემი. ისე წვიმდა, სულ გავილუმპეთ.. -რა რომანტიკულია?! - ლამის ხელებში ჩამადნა სოფო. ავი მზერა ვესროლე. -სოფო! - დაუყვავა კეკემ. -ოთახს არ გვაძლევდნენ თავიდან, ადგილები არ გვაქვსო. - იმ გოგოს ხსენებაზე უსიამოვნოდ შევიშმუშნე. - მერე რატიმ მოთაფლა და რაღაც კოტეჯში გაგვიშვეს. იქ გავათიეთ ღამე.. დილით ჩემი მანქანა წაიყვანა შესაკეთებლად. რომ გავიღვიძე აღარ დამხვდა ნომერში, შეტყობინება მომწერა მხოლოდ. -ეე მოიცა, მთავარი დეტალები რატომ გამომიტოვე? ტანში ჟრუანტელმა დამიარა წინანდალში ლამის თეთრად გათენებული ღამე რომ გავიხსენე. ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა ამეხენა ის შეგრძნებები გოგონებისთვის, კინაღამ რომ გამაგიჟა მაშინ. -რა მთავარი დეტალები, სოფო? -სად გეძინათ, როგორ გეძინათ? კეკეს გავხედე, მიშველე-მეთქი, მაგრამ ისიც ინტერესით მომჩერებოდა და აშკარად არ აპირებდა ჩემს დახმარებას. -დივანზე დაწვა თავიდან რატი, სანამ არ ჩატყდა. - გამეცინა გახსენებისას. -ჩატყდა? - ამყვა კეკე. -ჰო, ორად მოიკეცა. შემეცოდა და საწოლზე ვიწექით ორივე. - გაოცებულები მომაშტერდნენ. - ნუ იყურებით მასე, უზარმაზარი საწოლი იყო... -გეძინა? - ინტერესით მომაჩერდა კეკე. -რატომ არ უნდა მძინებოდა?! - ხელოვნურად გავიკვირვე. -რა ვიცი, დისკომფორტი არ გქონდა? -არანაირი. - მწარედ ვიცრუე. - გადავლახეთ მგონი ორივემ და არ მგონია, ამიერიდან ისეთი რთული იყოს ერთმანეთთან კომუნიკაცია. ეჭვნარევი მზერით მიყურებდა ორივე. გაკვირვებისგან სახე არეოდა სოფოს და ხან კეკეს უყურებდა, ხანაც მე. -ვერაფერი ვერ გავიგე.. -რა ვერ გაიგე, სოფო? -ანუ შერიგდით? - მკითხა კეკემ. - ილაპარაკეთ რამეზე? -არაფერზე მნიშვნელოვანზე. - ვიცრუე ისევ. - რაც შეეხება შერიგებას, მგონი რომ დროის ამბავია რა. -ნატა, - შეფარვით დაიწყო კეკემ. - კარგად ხარ ნამდვილად? რამეს ხომ არ მალავ? -რა უნდა დავმალო, კეკე?! - გავბრაზდი. - როგორც იყო, ისე მოგიყევით ყველაფერი. აღარაფერი უთქვამთ გოგოებს, თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, ბოლომდე არც ერთს არ სჯეროდა ჩემი ნათქვამი. არასდროს გამომდიოდა ემოციების დამალვა, ყოველთვის ღიად მეტყობოდა, თუ რაღაც ვერ იყო რიგზე. ამჯერადაც, მთელი სხეული შემბოჭვოდა და ისეთი დაძაბული ვაცეცებდი თვალებს, მეგონა კეფა მომძვრება-მეთქი. -კარგია, თუ დალაგდით, - დაიწყო სოფომ. - მომენატრა ძველებური საღამოები. დამნაშავედ ვიგრძენი თავი. ალბათ, რამდენი დისკომფორტი შეგვიქმნია ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი სამეგობროსთვის. ისეც ვხვდებოდი, რამხელა ანგარიშს გვიწევდნენ მე და რატის, თუმცა, ახლა მათი პოზიციიდან ყველაფრის დანახვამ, უკეთ მიმახვედრა, რომ ზედმეტი მოგვივიდა ეგოისტობა. არ იმსახურებდნენ ამას ჩვენი მეგობრები. -ბოდიში მაქვს თქვენთან მოსახდელი. ბევრი გაწვალეთ მთელი ეს დრო.. -რისთვის გვებოდიშები, შე სულელო? - დამიყვავა კეკემ. -ხო, რა ბოდიშობანა აგიტყდა? - აჰყვა სოფოც. - არაფერი გაქვს, ნატა, საბოდიშო. ისეც, გული მიკვდებოდა სევდიანს რომ გხედავდი. ვერ ვიტან შენს ცრემლებს. თუ დალაგდი, ამაზე მეტად რა უნდა გაგვიხარდეს?! დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია ჩვენთვის. -მართალს გეუბნება, - გამიღიმა კეკემ და უკნიდან შემომხვია ხელები. - ძალიან გვიყვარხარ, ხომ იცი, არა? -ვიცი, - გამეღიმა მეც. - მადლობა, რომ სულ ჩემთან ხართ! თავში წამომარტყა კეკემ. -მეტკინა, ეე! -ჰოდა, შენთვის შეინახე ეს ბოდიში და მადლობები! - მიყვირა რაზმაძემ. - აღარ დავინახო, ესეთ სისულელეებზე გეფიქროს. -კარგი ხო, უიმე! მთელი გულით მინდოდა, დარწმუნებული ვყოფილიყავი ჩემს გრძნობებსა და განცდებში. მინდოდა, სახელი მომეფიქრებინა იმ ემოციებისთვის, ახლა გულს რომ მიწიწკნიდა. მსურდა, გოგონებისთვის გამეზიარებინა ყველა სულელური ფიქრი, რომელიც სუროსავით შემოხვეოდა ტვინის ყველა უჯრედს, თუმცა, ვერც ერთ სიტყვას ვერ მოვუყარე თავი. იოგები არ მემორჩილებოდა თითქოს და მივხვდი, სანამ საკუთარ თავთან არ ჩავაბარებდი აღსარებას, მანამდე დამაღალატებდა სინდისიც. სინდისი, რომელიც გაუმხელელი გრძნობების გამო მქენჯნიდა. ^ ^ ^ დღეები დღეებს მიჰყვებოდა. კვირა კი - კვირას. სულ აორთქლდა რატი ბროწეულებიდან. ამ ექვსი თვის განმავლობაში ისედაც იშვიათად მოდიოდა, თუმცა, ახლა საერთოდ თვალით აღარ მინახავს. დედაჩემი მეუბნებოდა, თუ გვსტუმრობს, გვიან ღამე მიდის სახლში და დილით ადრე გადისო. სამეგობრო შეკრებებსაც არიდებდა თავს. თუ რამე განსაკუთრებული არ ხდებოდა, სულელურ მიზეზებს იგონებდა და არ მოდიოდა. მხოლოდ ბიჭებს ნახულობდა, ისიც ცალკე. -რეგვენი ეგ! - ლანძღავდა სოფო. - რა წესია ეს დამალვა? -ნუ ამბობ ეგრე! - ვესარჩლებოდი უნებურად. - მე თუ მჭირდებოდა დრო, ალბათ მისთვისაც საჭიროა. მალევე მივხვდი, ის შფოთვა ყოველ ღამე რომ ავად მიტევდა, მონატრება იყო. წამი არ გადიოდა, მასზე არ მეფიქრა. ოთახში არსებული ყველა ნივთი, თუ მოგონება, მის თავს მახსენებდა. ოქტომბერი იწურებოდა, მე კი მისი ხმა არ გამიგია. მსჯიდა?! თუმცა, რატომ... იქნებ, უბრალოდ ჩემს დავიწყებას ცდილობდა. ვერაფრით დავიძინე იმ ღამით. ქარბორბალასავით ვიტრიალე საწოლში და ბოლოს ყველა იმედგადაწურულმა ავიღე გვერდზე კარგა ხნის წინ გადადებული ტელეფონი. იშვიათად შევდიოდი ინსტაგრამზეც, საუკუნე იყო ალბათ არაფერი მინახავს. მაინც და მაინც იმ ღამეს გავხსენი აპლიკაცია და პირველი რაც თვალში მომხვდა, რატის პროფილზე სტაფილოსფრად მოციმციმე რკალი იყო. უიშვიათესად დებდა რატი “სთორებს.”მხოლოდ ჩვენთან ერთად გადაღებულს და მხოლოდ გოგოების ატვირთულს. ავად გამკრა გულში რაღაცამ. ინსტიქტურად დავაჭირე ხელი. ელდა მეცა. ფოტოზე რატის მარიამისთვის, სწორედ იმ გოგოსთვის მოეხვია ხელი, ვის გამოც ვიკამათეთ იმ ავბედით ღამეს. იღიმოდა რატიზე მთელი სხეულით მიკრული მარიამი. ჯანხოთელს მარჯვენა მკლავი მოეხვია უკნიდან და თამამად შესცქეროდა კამერას მკრთალი ღიმილით. სახე მომერყა. მივხვდი როგორ წამოვხურდი სახეზე. იმ წამს გაკრთა ჩემი ტელეფონიც.. სწორედ ის ფოტო გამოეგზავნა სოფოს გოგონების ჩატში და იწერებოდა: “WTF? შერიგდნენ?” ჩატი გავხსენი. “მეც ახლახანს ვნახე, აშკარად შერიგებულებს გვანან.” - უპასუხა კეკემ. “რა ჯანდაბაა? დათასაც არაფრრი უთქვამს. რა უნდა ამ გოგოსთან?” “ნატ, კარგად ხარ?” ალივით წამომიარა ბრაზმა მთელ სხეულში. რამდენჯერმე დავიწყე შეტყობინების აკრეფა, თუმცა, ხელები არ მემორჩილებოდა. “ნატა-თქო” - წერდა სოფო. “ცუდად რატო უნდა ვიყო.. პირიქით, მიხარია ასე თუა. კარგი ამბავია და დავლაგდეთ იქნებ ჩვენც.” - დაცწერე უცბათ. “ზუსტად იცი, რომ ეგრე ფიქრობ?” - მწერდა კეკე. “ხალხო, ძალიან გთხოვთ.. :დდდ” “კაი, მაშინ ჩვენც გვკიდია :))” -მოიწერა სოფომ. ტელეფონის დაბლოკვას ვაპირებდი, შემთხვევით თითი რომ გამეკრა და თაკო აბაშიძისა და გუგა რამიშვილის პოსტი შემეჩეხა. წყვილს ბავშვის ნათლობაზე გადაღებული ფოტოები ედო. უნებურად გადავათვალიერე. უსაყვარლესი ბავშვი იყო. თაკო და გუგა კი ისეთი სიყვარულით უყურებდნენ ერთმანეთს, წამით ჩემი გაჭირვება დამავიწყდა. კვაში გამახსენდა. „-თაკო აბაშიძე და გუგა რამიშვილი გახსოვს?“ „-როგორ არ მახსოვს.. „ „-ბავშვი შეეძინათ რამდენიმე თვის წინ.“ ნეტავ რატომ გამახსენა-მეთქი მაშინ, გავიფიქრე. დამეძაბა გონება, ვერაფრით ვხვდებოდი კავშირს და მერე წამით ყველაფერი განათდა. ადგილზე გავიყინე... დაახლოებით ხუთი წლის წინ დათასთან ვიყავით სახლში და ვსვამდით, კვაში რომ შემოვიდა და მე და რატის გვახარა, თაკო და გუგა ერთად არიანო. ყველა დეტალი გამახსენდა… -რას ამბობ, ძაან არ მეგობრობდნენ ეგენი? - გავიკვირვე მაშინ. -რა მოხდა მერე? - გაეცინა სოფოს. -რავი, რაღა რა მოხდა.. ბავშვობიდან ერთად მოძრაობენ. ერთი მე და რატი ვიყავით ეგრე ახლოს და მერე ეგენი. გადაბმულები დადიოდნენ სულ. აბსურდია, წარმოიდგინე ახლა მე და რატი რომ უცბათ ერთად აღმოვჩნდეთ..- ირონიულად ჩამეცინა და მეტი დამაჯერებლობისთვის ხელოვნურად გამაჟრიალა კიდეც. -და რა არის მაგაში ეგეთი ტრაგედია, ნატა? - ძალიან სერიოზული იყო კვაში. -მეღადავები ახლა შენ? - მართლა გულწრფელად გამეცინა. - არსებობს რაღაცები, რასაც არ უნდა გადააბიჯო, რა. არ შეიძლება ყველაფრის გაუბრალოება. -რა გაუბრალოება, ქალო, უყვარს იმ ხალხს ერთმანეთი. - ჩაერია მოულოდნელად დასერიოზულებული ვატო. -არა, ხო.. - მივხდი ზედმეტად რომ ჩავერიე არც თუ ისე ახლობელი ხალხის ცხოვრებაში. - გამიკვირდა უბრალოდ. ბედნიერები იქნებიან, იმედია. ახლა ვიგრძენი ყველა ის ჩხვლეტა გულში, რატის რომ სტკიოდა მაშინ. ნელ-ნელა ფრაგმენტებად ჩაიარა თვალწინ, როგორ მოიმიზეზა მაშინ ჯანხოთელმა საშინელი თავის ტკივილი და ნახევარ საათში გიჟივით გავარდა სახლიდან. ისიც ამოტივტივდა, მეორე დღეს როგორ წავიდნენ ბიჭები სამოგზაუროდ ერთი კვირით სრულიად მოულოდნელად. მივხვდი, რატომ მარიდებდა მთელი ის დრო ჯანხოთელი თავს. ალბათ, როგორ გაწვალდა, რომ როგორმე ღრმად მიემალა თავისი გრძნობები და ჩემ წინაშე კვლავ ის რატი დამდგარიყო, რომლის დანახვაც ასე მინდოდა. საკუთარი თავი შემზიზღდა. კანკალით გავიარე საწოლიდან მაგიდამდე მანძილი და ძლივს ჩამოვასხი ბოთლიდან წყალი. მხოლოდ რამდენიმე ყლუპი მოვსვი და იქვე ფანჯარაზე ჩამოვჯექი აცახცახებული. აქეთ-იქეთ ირხეოდა ჩემი და რატის ბროწეული. ჰარმონიულად მოდიოდნენ ტოტები ფანჯარასთან. წამით მომეჩვენა რომ მელაპარაკებოდა ხე. “აკი არაფერიო, ნატა?” მიჩურჩულა თითქოს. “ხომ ეს გინდოდა შენც.” არ ჩუმდებოდა წყეული. ძლივს მოვახერხე მობილურზე ნომერი ამეკრიფა, ზლაზვნით გავიდა გულის გამაწვრილებელი რამდენიმე წამი. -ნატი,რაო? -შფოთიანი ხმით მიპასუხა კეკემ. -კეკე.. -ცრემლი გამეჩხირა ყელში. - ჩემთან გადმოდი რა კე, გთხოვ, აღარ შემიძლია.. -ახლავე, ჩემო პატარა.. -თბილად ჩაილაპარაკა კეკემ და ზუსტად თხუთმეტ წუთში მის კალთაში მედო ცრემლებისგან დასველებული თავი. ^ ^ ^ ამჯერად ჩემს სამზარეულოში მოგვეწყო საგანგებო კრება. ჩემი მშობლები სახლში არ იყვნენ, ოთოს კი ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ თამამად შეგვეძლო ჩემი წუხანდელი მენტალური შემოტევა განგვეხილა. ჩუმად ვიჯექი, ერთ ადგილს მიშტერებული. მოუთმენლობისგან ადგილს ვერ პოულობდა სოფო. -უნდა დაელაპარაკო, ნატა. - მითხრა გადაჭრით კეკემ. -და რა ვუთხრა? -რასაც გრძნობ, ის. -მეც არ ვიცი, რას ვგრძნობ, კეკე. -რაღა არ იცი, ქალო. კიდეც თხუთმეტი წელი გჭირდება შენს გრძნობებში გასარკვევად? - გაკაპასდა სოფო. -ეგრე მარტივად არ არის საქმე. მთელი ცხვრება სხვანაირად ვუყურებდი მე რატის და ახლა, მას შემდეგ რაც გავიგე მისი გრძნობები, მისმა შეყვარებულის ყოლამ რომ გამაჭედინა, არ ნიშნავს იმას, რომ მეც მიყვარს. -აბა რას ნიშნავს? - გაეცინა სოფოს. -იმას,რომ შეიძლება ეგოისტობს. -გამომესარჩლა კეკე. - იმის თქმა უნდა, რომ არ არის მის გრძნობებში დარწმუნებული და არ უნდა უარესად გააფუჭოს ყველაფერი. -მადლობა, კე. - გამეღიმა. - ისე რომ აღმოჩნდეს, რომ უბრალოდ ეგოისტური მომენტი მაქვს და რატის ტყუილად ავურიო გონება, მერე რა ვქნა? -ერთი ფაქტი გავიწყდება, მგონი. - ვითომც არაფერიო, ისე აიჩეჩა მხრები რაზმაძემ. - შენი და რატის სიახლოვე არ მგონია მომხდარიყო, თავიდანვე რომ არ გქონოდა მის მიმართ რაღაც გრძნობა. -რაო? -რაო და რამდენჯერ გამომთვრალხარ, ნატა. რამდენჯერ ვყოფილვართ ბიჭების გარეშე დასასვენებლად. დაგვილევია, გვიცეკვია, გვიფლირტავია კიდეც, მაგრამ არ მახსოვს საკუთარ თავზე კონტროლი დაგეკარგოს შენ. სხვა ამბავია მანდ, აი ის ამბავი, შენ რომ სახელს ვერ უძებნი. -ყოჩაღ, კეკუ! მომეწონე. - აჟიტირდა სოფო. -ხო, რას მომშტერებიხარ?კარგი, რა ვიცი.. დაველოდოთ და რომ დაქორწინდება რატი და ბავშვი ეყოლებათ, ნათლობაში უთხარი ბარემ. მტრულად გავხედე სოფოს. მანაც კუშტად შემომხედა. -რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, ნატა. შეიძლება მართლაც ესეა, უბრალოდ, რატის სხვა დროსაც ჰყოლია შეყვარებული და მაშინ მსგავსი რეაქცია არ გქონია. არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც ეგოისტობ, უბრალოდ, მე ეგ ეგოიზმი სხვა გრძნობიდან გამომდინარე უფრო მგონია და არა იქიდან, რომ მეგობარი გენატრება. მაინც ლაპარაკი მგონია ახლა ყველაზე სწორი გამოსავალი. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, არ უყვარს რატის ის გოგო და ეს ურთიერთობაც რაღაცნაირად ფარია ახლა მისთვის. ჰგონია, რომ ყველაფერი დასრულებულია და შანსი აღარ აქვს არანაირ მცდელობას. ის რომ იცოდეს რატიმ, მცირედით მაინც გეფიქრება მასზე, ზუსტად ვიცი, წამში დაამთავრებს ყველაფერს. -და სწორია მერე ეგ? -არ არის სწორი, მაგრამ გულს ვერ ეტყვი თხუთმეტწლიანი წლიანი სიყვარული ექვს თვეში დაივიწყეო. -თავისი თავმოყვარეობა აქვს რატის. ახლა რომც დაველაპარაკო, მარიამს არ დაშორდება, მარტო იმიტომ რომ მე საყვარელი სათამაშო მომენატრა. - უიმედოდ ჩავხარე თავი. -ცუდად ლაპარაკობ, ნატა.. - მითხრა კეკემ. -ჰო.. ვერ გავიგე, რა მინდა. იმასაც ვერ ვიგებ, როგორ შემეძლო ამდენი ხანი საკუთარი თავისთვის დამემალა, თუ მართლა… -გიყვარდა? -დამასწრო სოფომ. - ხო, რას მიყურებ? თუ ეჭვი გაქვს, რომ გიყვარს, პირველ რიგში საკუთარ თავთან არ უნდა გეშინოდეს მაგის თქმის. -მაგიტომ ვამბობ, არ ვარ-მეთქი მზად ლაპარაკისთვის. -ხოდა, მაშინ იფიქრე, ნატ.. კარგად იფიქრე, ოღონდ მართლა ნუ მოაყვანინებ იმას ცოლად. მაგარი გოიმკაა.. -სოფო, კიდე ერთხელ გაიმეორებ ქორწილს და რატის ერთ წინადადებაში და ენას ამოგაცლი. გაოცებით შემომხედა ორივემ. უნებურად დავიძაბე მეც. -წამომცდა.. -და რო კითხო, არ უყვარს… - ჩაიფრუტუნა სოფომ და ბუზღუნით დაადგა ყავის მადუღარა. ^ ^ ^ საღამოს მისაღებ ოთახში ფეხებაკეცილს, მოულოდნელად დამაცხრა თავს ჩემი ძმა. -ადექი! - დამაშტერდა კუშტად. -რა გინდა? შევშინდი მისი სახის გამომეტყველებაზე. დოინჯშემორტყმული მედგა თავზე და ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა შუაზე გამგლეჯდა. -ადექი-მეთქი, ორი წუთით. დაძაბული წამოვდექი ფეხზე და გავუსწორდი. ხელი დამავლო ოთომ და სულ ძალით გამათრია სამზარეულოში. -გააფრინე შენ? - აღმომხდა გაოცებულს. - რა ბზიკმა გიკბინა, რა გინდა? ძალით დამსვა სკამზე. ხმაურიანად გამოიღო მაცივრიდან ბოთლში გადასხმული ყვითელი სითხე, თეფშზე წვრილად დაჭრილი კომბოსტოს მწნილი და წინ დამიდგა. -რა არის ეს? - ენა ჩამივარდა ლამის. -მე, შენ და თაფლის არაყი. -აუჰ.. - ჩამეცინა მე. - რა დარდი შემოგწოლია, ოთარ?! -მე არაფერი შემომწოლია, ნატრული, შენსას გავა**ნოთ. - მიპასუხა მხიარულად და არაყი ჭიქებში გაანაწილა. -აბა, ჩვენ გაგვიმარჯოს! - გადაჰკრა წამებში. - დალიე, გელოდები. მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა. მძიმედ გადავყლაპე პირველი ყლუპი და სიმწარის გასანეიტრალებლად მწნილით გამოვიტენე პირი. -მომიყევი. - ჩამომიჯდა წინ ოთო. -რა მოგიყვე? - გავიკვირვე. -კარგი ახლა, - დაიჯღანა ოთო. - არ გინდა თავის მოჩვენება. ადამიანს არ ჰგავხარ ეს ბოლო პერიოდია. რა ხდება, მითხარი. რა გჭირთ შენ და რატის? -ვიჩხუბეთ. -კაი კაცო?! - გაეცინა ოთოს. - ეგ გასაგებია, მივხვდით მთელი უბანი რამენაირად, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულია ამჟამად. ამდენ ხანს არ გაგრძელებულა არასდროს.. -მარტივად რომ გითხრა, რაღაცები ისე არ ყოფილა, როგორც მე მეგონა. -როგორ გეგონა შენ, რომ მართლა და-ძმური ურთიერთობა გქონდათ? -შენც იცოდი, კაცო? - გამეცინა ირონიულად. - ყველა რანაირად აღმოჩნდით ჭკუის კოლოფები, ვერ გამიგია. -ნატა, სულელი უნდა იყო კაცი მეორე შეყვარებული კაცის შეყვარებული თვალები ვერ გაიგო. შენ ერთი წამით მაინც რომ დაგენახა რატის დამოკიდებულება შენდამი, არ იტყოდი ახლა მაგას. -ხო, არ ვიცი... - მზერა ავარიდე ოთოს და კიდევ ერთი ჭიქა დავლიე სადღეგრძელოს გარეშე. თუ ჩემს ძმასთან გულწრფელ საუბარს ვაპირებდი, ნამდვილად დამჭირდებოდა მასზე ერთი-ორი ჭიქით ზედმეტი. -და რა ხდება ახლა, რა სიტუაციაა? დაამხე თავზე ყველაფერი? -არაფერი დამიმხია, - ვიუარე. - გრძელი ამბავია. -არსად მეჩქარება. - შეუვალი იყო ოთო. -არ ვიცი, ოთო.. თავიდან შოკი მქონდა, მერე გავიაზრე, მაგრამ ვერაფერი ვუქენი რაღაცნაირ ღალატის შეგრძნებას. მერე ისე გამოვიდა, რომ დავიშალეთ და ახლა რაღაც უზარმაზარი უფსკრულია ჩვენ შორის. -გინდა ჩემი აზრი გითხრა? - დამაკვირდა დაჟინებით. -მითხარი.. -მე არ მგონია, რომ რატის გრძნობებს ვერ ხვდებოდი შენ. -რაო? - ტონს ავუწიე ბრაზით. -მოიცა, დამშვიდდი.. იმას ვგულისხმობ, რომ ყველაფერი იცოდი გულის სიღრმეში, უბრალოდ საკუთარ თავს არ აძლევდი მაგის გააზრების საშუალებას. იმდენად ჩაბეჭდილი გქონდა გონებაში, რომ რაღაც და-ძმური ვაიბი იყო თქვენს შორის, რომ საკუთარი გრძნობების დაცვის მიზნით, ყველაფერი დააიგნორე. ეგრე ხდება ხოლმე. როცა რაღაც ეგრე ღრმად გებეჭდება გონებაში, მაგის დასაცავად ყველაფერს აკეთებ. არ მგონია, მთლად გულგრილი ყოფილიყავი რატის მიმართ შენც. -ბოდვა.. - წამომცდა გაოცებულს. -სხვა რამეებსაც ვამჩნევ ამ ბოლო დროს ისე.. - გათამამდა ჩემი რეაქციით გახარებული ოთო. - გიყვარს, ბაჩუკი? -ახლა რომ გწეპავ ამ ხელს, სათითაოდ დაგაყრევინებ მაგ ხელოვნურ კბილებს, გაიგე? - ვეღარ მოვთოკე თავი. -რა კბილებს დამაყრევინებ, შე გველო, შენი წონა ფული მაქვს გადახდილი. - ისე აიფარა ოთომ ხელი კბილებზე, თითქოს მართლა ვუპირებდი დარტყმას. -ხოდა გაუფრთხილდი. -კაი ახლა, მე რას მიმალავ ჩამოდნი ეს ფილარმონია ქალი თვალსა და ხელს შუა, ვერ ხედავ? -რა გინდა, ოთო? - მობეზრებით ავატრიალე თვალები. -სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. - ხელოვნურად დაჰკრა მაგიდას ხელი. -დათვერი, ხო? 30 წლის ასაკში შენი უმცროსი და რომ გათრობს,არაფერს გეუბნება ეგ ფაქტი? - თვალები დავიწვრილე ეჭვით. -ჯერ ეგ ერთი, 28 წლის ასაკში შენ უფროს ძმას რომ არყის სმაში ეჯიბრები და ათრობ, წესით შენ უნდა გეუბნებოდეს ეგ ფაქტი ბევრ რამეს და მერე მეორეც, შენ თუ იმაზე დარდობ ვინ რას იტყვის, დამიჯერე კარგა ხნის დაწყვილებილი ჰყავხართ მახოს და ირმას, ჯაბას და ბელას და ნახევარ ბროწეულებს კიდე.. -კაი ერთი, მართლა? -შენ თავს ვფიცავარ. - დარწმუნებით დაიქნია თავი და ლამის მთლიანი მჭადი ჩაიტენა პირში. -შენ რა რეაცია გაქვს მერე მაგაზე? - გამეცინა. -მე რა რეაქცია უნდა მქონდეს გოგო, შენ იყავი ბედნიერი და თუ გინდა მათხოვარი დამისვი აგერ. -და მნიშვნელობ არ აქვს შენთვის ვისთან ვიქნები? - გამიკვირდა. -ნატრული სიხარულიძე, ახლა იმის ამოგლეჯვას თუ ცდილობ, რატი ჯანხოთელი სიძედ მინდა-მეთქი, ვერ ეღირსები. - გაიჯგიმა ამაყად. - მარა ვაღიარებ, ხო, ერთადერთი კაცია შენ რომ გაგიძლებს და მე მაგასთან ერთად დალევა გამისწორდება. -ანუ, სიძედ გინდა? - სიცილი წამსკდა. -დაახვიე! - ბრაზი შეეპარა მაინც ხმაში. -გვიანია, ტყუილად ოცნებობ.. - ირონიულად გავუღიმე. - შეყვარებული ყავს რატის. -„ტრუხა ბაზარი“, - თავდაჯერებულად გაიქნია ოთომ თავი. -აი, რატო? -იმიტომ რომ, რამდენიმე დღის წინ წავაწყდი სადღაც ბარში. კაი ძმაკაცებივით ისხდნენ, სადღაც ჯანდაბაში იყურებოდა რატი. რა გაცინებს, გოგო, გეუბნები და დამიჯერე. აი, ნული ქიმია... -კაი რა, ოთო! ფეხზე წამოდგა ოთო. წინ ამეტუზა ისევ და მაგრად მომხვია მკლავები. -ხუმრობა იქით იყოს და მაგრად ვნერვიულობ, ნატა, იცოდე. ცხოვრებაში ასეთი მოწყენილი არ მინახიხარ მე და იცოდე, მალე დაალაგე ეს თემა. თორემ, მე თუ გადამეკეტა, ხო იცი, უნდა ვარბენინო ის საწყალი ბროწეულებში. -გაგიჟდი? - გამეცინა. -ვაფშე არ გავგიჟდი! - წამით არ შეცვლია მიმიკა. - ყველაფერი მესმის, ყველაფერს გავიგებ, მაგრამ შენ წყენინებას არ ვაპატიებ არავის. ცრემლები მომაწვა ყელში. გული ისე ამიჩუყდა, რამდენიმე სიტყვა კიდევ რომ ეთქვა ადგილზე ტირილისგან გავსკდებოდი, ალბათ. კიბეებზე ხმაური რომ გაისმა, ამან გადამარჩინა მხოლოდ. -აუ, ირმა მოდის.. - დაიწუწუნა ოთომ. - დაგვერხა. მართლაც გამოჩნდა დედაჩემი სამზარეულოში ღამის პერანგით და ძალიან გაბრაზებული სახით. -თქვენ ხმაურობთ ამ შუაღამეს? რას შვრებით, სვამთ? - შუბლზე აუვიდა თვალები ირმას სასმლის დანახვისას. – რა დავაშავე. ანგელოზივით შვილები ჰყავს ხალხს, მე ეს იდიოტები რატო მარგუნა ღმერთმა? ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, მგონი, მართლა ძალიან ნანობდა ჩვენს დედობას. ერთმანეთს შევხედეთ და-ძმამ და ისეთი ხარხარი აგვიტყდა, კიდევ კარგა ხანს მოუწია ირმას ჩვენთვის მორალის გაკვეთილების ჩატარება. ^ ^ ^ ოქტომბრის მიწურულს დათა და სოფო დაინიშნენ. ყველაზე ლამაზად სთხოვა ხელი დათამ ჩემს მეგობარს. სოფოს საოცნებო მოგზაურობაში, ბალიზე - წყალქვეშ. ახლად დაბრუნებულებს ჩვენს საყვარელ ბარში მოვუწყვეთ დახვედრა. ულამაზესი ბეჭედი ამაყად ბრწყინავდა მის არათითზე. ანათებდა სოფო ბედნიერებისგან. აქამდე ურყევი, წლების ნაშენები სიყვარული ახლა იმაზე მეტად ლამაზი სანახავი გამხდარიყო, ვიდრე ოდესმე. -რადგან ამათ დაადგათ საშველი. - აცრემლებული, მოხუცი ქალივით თვალებ გაბრწყინებული შეჰყურებდა ვატო წყვილს. - ასე მგონია, ჩემი ბავშვები დავაქორწინე. -რანაირად ჟღერს, ხვდები? - ამრეზით გახედა საბამ. -მუცელში ჰაერს რომ მპარავდი, შეგინდე და შემარგე რამე, კაცი არა ხარ? - დაუღრინა ტყუპმა ძმას. -მე კი შეგარგებ, მაგრამ სხვაგან არსად თქვა. უხერხულია.. -მომაშორეთ ეს, სანამ აბელი და კაენი გავიმეორე. -დამშვიდდით! - უსაყვედურა კვაშიმ. -მოყევი ახლა, როგორ გთხოვა ხელი! -ეს გეია მგონი, - ჩაიდუდღუნა დათამ. - დეტალები გაინტერესებს? -რატომ ვარ, ბიჭო, გეი?! - გულწრფელად ეწყინა კერესელიძეს. - მიხარია თქვენი ბედნიერება, არ შეიძლება? -ბოდიში, დათუჩა. - გამოესარჩლა სოფო მეგობარს. - მოვიდეს რატიც და მოგიყვებით. როგორც ყოველთვის აგვიანებდა რატი. თუმცა, ზუსტად ვიცოდი, მოვიდოდა. არ გამოტოვებდა მეგობრებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საღამოს. სრული ნახევარი საათი ვუსმენდით კერესელიძეების კინკლაობას და ამასობაში გაიღო კიდეც Marcel-ის (ჩვენი საყვარელი ბარის) კარი. უცნაურად მივეჯაჭვე შემოსასვლელს. რატის ვკიდე თვალი და რატომღაც ვერ აღვიქვი, როგორ შემოვიდა შიგნით ჯერ მარიამი. -აუჰ.. -კეკემ გამომაფხიზლა. უსიამოვნოდ გამცრა ტანში, როცა დავინახე როგორ ჩასჭიდა ჯანხოთელმა ხელი გოგოს ჩვენი მაგიდის დანახვისას. -აქ ამბავი აიწევააა… - ჩაილაპარაკა ვატომ. -ენა ჩაიგდე! - უბწკინა საბამ. კვაშის მზერამ სახე ამიწვა. გავუღიმე რომ რამენაირად უხერხულობა გამეფანტა. მალევე მოვიდნენ ჩვენს მაგიდასთან. გულთბილად მოგვესალმა მარიამი. -როგორ ხართ? -ვაა, მარო.. - გაუღიმა საბამ. - შენ როგორ ხარ? სახელი “მარო” უხეშად მომხვდა ყურში. რატი მთელი გულით ჩაეხუტა მეგობრებს. ორივე ლოყაზე ხმაურიანად აკოცა სოფოს და ნიკაპზე თბილად წაეთამაშა. -ხომ მყავს კრეატიული? - მიანიშნა დათაზე. -ძალიან. - გაეკრიჭა სოფო და მერე ავად შეათვალიერა რატის გვერდით ასუსული მარიამი. - გამარჯობა. -გილოცავთ! - გადაკოცნა გოგომაც. მთელი სხეული მეწვოდა მე, მეგონა მთლიანად წითელი ვიყავი. -კარგად ხარ? - მიჩურჩულა კეკემ. -უკეთესადაც ვყოფილვარ. - დამცდა უნებურად. მაგრად მომიჭირა კეკემ ხელი ხელზე. თვალს არ მაშორებდა კვაში. “დავიწვი, სანდრო. გინდა რამე?” - მივწერე საპასუხოდ. “არაფერი, სახე გაასწორე.” სიმწრით ჩამეღიმა. როგორც შემეძლო, ყალბი ღიმილი ავიკარი და რატი და მარიამი გადავკოცნე. ვიწროდ ვისხედით. რვა კაციანი მაგიდა, ავად მიმითითებდა თითქოს რომ ვიღაც ზედმეტი იყო. მე ვიყავი ეს, თუ მარიამი, ეგ იყო მხოლოდ საკითხავი. უხერხულად ჩამოწოლილი სიჩუმე, კერესელიძემ გაფანტა. -ჰე ახლა, არ დავლოცოთ წყვილი? -დავლოცოთ, დავლოცოთ! ერთმანეთის მიყოლებით დაილია რამდენიმე სადღეგრძელო. შუალედში შევეჩეხეთ მე და რატი ერთამანეთს მზერით. მკრთალად გამიღიმა, პასუხი დავუბრუნე მეც. -აბა, - წამოიწყო სოფომ. - თქვენც მოყევით ახლა, როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები? კინაღამ წყალი გადამცდა. ძლივს შევიკავე თავი, რომ არ დამეხველებინა.შეიშმუშნა რატი, ჩემკენ გამოექცა თვალი და სწრაფადვე გადახედა მარიამს, კვალი რომ აებნია. -რა ვიცი.. - სასაცილოდ გაიწელა გოგო. - რატ, მოყვები? -რატ? - დაიღრინა კეკემ ჩუმად. -გაჩერდი.. სოფომ ძლივს შეიკავა ღიმილი. -რა არის მოსაყოლი, - ცივი იყო ჯანხოთელი. - გერმანიაში გადავეყარეთ ერთმანეთს შემთხვევით. -მეგიბრებთან ერთად ვიყავი და ბარში შევხვდით. - გააგრძელა გოგომ. - გამოველაპარაკე.. მერე იქ ყოფნის დროს მივწერე რამდენჯერმე და აი ასე, როგორც ხდება ხოლმე. -გაგეკოჭა ბარემ.. - წამოსცდა ჩურჩულით კეკეს. სიცილი წასკდა ვატოს და უხერხულად შეათვალიერა დანარჩენები, ხომ არავინ გაიგოო. -რა საინტერესოა.. - ყალბად გაიღიმა სოფომ. - ალბათ, ბედია… -ვაი… - გაიწელა ისევ მარიამი. - ალბათ… -ახლა ამას მოვგუდავ! -გეყოს, კეკე. - ვუსაყვედურე. -რა გჭირს, გოგო.. - დაუცაცხანა საბამ. - უხერხულია! -შენ საქმეს მიხედე მანდ! ყურადღებიანი იყო რატი. რამდენჯერმე მივიდა ბართან, მარიამისთვის პინა კოლადა რომ მოეტანა. -რაის პინა კოლადა, - ჩხუბობდა ვატო ხმამაღლა. - დალიე, მარიამ, ლუდი.. -ვერ ვიტან ლუდს. - ზიზღით დაიმანჭა გოგო. -ვაიმე, გული… -ხელოვნურად აიტკია ვატომ მარჯვენა მხარე. - რასაა, რომ ამბობს? -შეეშვი ადამიანს, - გამოესარჩლა კვაში. - ყველა შენსავით ღორივით ხომ არ სვამს?! -ხედავ, მარიამ? რა დღეში ვარ.. შიგა და შიგ თითებზე ეთამაშებოდა მარიამი რატის. ისიც გასუსული უღიმოდა და ხარბად ეტანებოდა სასმელს. ჩემს პირისპირ ისხენენ, თითქოს მოსჯილი მქონდა მათი ყურება. გულში ავად გამკრა დაუნდობელმა წარსულმა. ალბათ, რამდენჯერ აურიდებია რატის მზერა ჩემთვის და ლაშასთვის. ნეტავ მასაც ასე უჭირდა? ალბათ მეტადაც. მე, ჯერ კიდევ ახლად გარკვეული საკუთარ გრძნობებში, მას ვედრებოდი. თხუთმეტ წელს ვუტოლდებოდი თავხედურად. სმას მოვუმატე. ისევ გამომხედა კვაშიმ, გამიღიმა. “ნუ გეშინია, არ ჩავაფრინდები თმაში.” მივწერე და გავეკრიჭე. სახე მოერყა ბიჭს. “არც მიფიქრია.. მაგრამ ახლა რომ ახსენე, შემეშინდა ცოტა.” - მიპასუხა უმალვე. სიცილი წაგვსკდა ორივეს. -გაგვაცინეთ ჩვენც.. - ეჭვნარევი, ირონიული ღიმილით შეგვავლო რატიმ თვალი მე და კვაშის. -შენი იუმორის პატრონს, არ გაგეცინება ამ სისულელეზე. - თავი დაიძვრინა სანდრომ. გამომცდელი მზერა შემავლო რატიმ. თვალები ჩაუმუქდა ხაკისფრად. მშვიდად შევხედე, თითქოს საერთოდ არ მეწვოდა მთელი სხეული. -ქორწილი როდის არის? - იკითხა მოულოდნელად მარიამმა. -მალე. აღარ გადავდებთ მეტად. - გვიპასუხა დათამ და მასზე მოკრულ სოფოს შუბლზე აკოცა. -მეჯვარე რომელია? -ნატა იქნება ჩემი მეჯვარე. - ამაყად გაიჯგიმა სოფომ. -ჰო, ასე გადავნაწილდით თავიდანვე. -მე ტყუპებიდან რომელიმეს ავირჩევ, გააჩნია რომელი უკეთ მოიქცევა. - იხუმრა დათამ. -მოემზადე, ძმაო. “სუხოი” უნდა მოგიგო.. -ეგრე ქენი. - გაეცინა საბას. მოუთმენლად ვაქანავებდი ფეხებს. საშინლად მინდოდა გარეთ გასვლა და სასმელი მოვიმიზეზე. -ბართან მივალ, ლუდს ავიღებ - გადავჩურჩულე კეკეს. - რამე გინდა? -არაფერი, წამოგყვე? -არ მინდა, იყავი. არეულ ბრბოში ძლივს გავიკვლიე გზა. გაჭირვებით მივედი ბარამდე და ლუდი შევუკვეთე. მე არ მქონდა მარიამივით სათუთი პიროვნება. ახლა, ამ მდგომარეობაში დალევა საშინლად მინდოდა. ის იყო სასმელი უნდა ამეღო, რომ გზა ვიღაცამ გადამიღობა. გველნაკბენივით შევკრთი უცნობ სილუეტში ლაშა რომ ამოვიცანი. უტიფრად მეკრიჭებოდა. -ნატა! - საკოცნელად გამოიწია და იქამდე მოასწრო ჩახუტება, სანამ გონს მოვიდოდი. - როგორ ხარ? -კარგად.. - ვუპასუხე დაბნეულმა. - შენ როგორ ხარ? იქით გავიხედე, სადაც ჩემი მეგობრები ისხდნენ. ხალხის სიმრავლის გამო, არ ჩანდა მაგიდა. -არა მიშავს.. - სიმთვრალისგან ოდნავ ბარბაცებდა. გვარიანად შემათვალიერა. - რა ლამაზი ხარ.. როგორც ყოველთვის. - სევდა დაეტყო ხმაში. -მადლობა, ლაშა. - ვუპასუხე მკვახედ. - დავბრუნდე უნდა, გამიხარდა შენი ნახვა. ხელით გამაჩერა. -შენებთან ერთად ხარ? ხომ არ გამოგყვე, მოვიკითხავდი ჩემს ძველ მეგობრებს.. -არ არის საჭირო. არ მგონია ვინმეს შენი ნახვა გაუხარდეს იქ. ჩაეცინა. -გავიდეთ ორი წუთით გარეთ, დაგელაპარაკები. -მართლა უნდა დავბრუნდე, ლაშა. არ მცალია.. -წამოვალ მაშინ მეც! - უტეხი იყო ბიჭი. ბრაზისგან გამცრა. წარმოვიდგინე, რა სანახავები ვიქნებოდით ერთ მაგიდასთან მე, ლაშა, რატი და მარიამი. აუცილებლად რაღაც მოჰყვებოდა ამას და შემეცოდნენ სოფო და დათა საღამოს ჩამწარებისთვის. -გავიდეთ, წამოდი. -უხეშად დავავლე ლუდის ჭიქას ხელი და წინ გავიჭერი. ბანცალით მომყვებოდა უკან. გარეთ გავედით თუ არა, იქვე ჩამოდგა, მცენარეებთან. სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. -მოწევ? - მკითხა და კოლოფი გამომიწოდა. -არ მინდა. -რატო? -არ მინდა და მორჩა. რისთვის გამომიყვანე, ლაშა, მეჩქარება. უნდა შევბრუნდე. სასმლისგან შეზარხოშებულს ისეც უჭირდა ლაპარაკი. თუმცა, ახლა ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს რაღაც ძალიან სერიოზულის თქმა უნდოდა და სათქმელს თავს ვერ უყრიდა. -ძალიან ვნანობ, ნატა, ყველაფერს. - დაიწყო ბოლოს ზლაზვნით. -ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან. ზიზღისგან გამცრა. ვერ ავიტანე მისი დაგვიანებული სინანული. არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა, ერთი სული მქონდა მოვშორებოდი. -მიპატიებია. - ვუთხარი გულგრილად. - შევალ ახლა, თუ დაასრულე. -ერთი წუთით, რა! - შემეხვეწა. - ნუ ჩქარობ. -ლაშა.. ძალიან დიდი ხანი გავიდა იმისთვის, რომ ბოდიშები ვისმინო. მართლა გულწრფელად მიპატიებია ყველაფერი. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. სახე ჩამოეღვენთა. მეგონა წამი-წამზე ტირილს დაიწყებს-მეთქი. -შევრიგდეთ.. - მომახალა უცებ. - მომეცი ერთი შანსი. თავიდან დავიწყე ყველაფერი. ვმუშაობ, კარგად მიმდის ცხოვრება. ახლა მაინც ვარ ღირსი შენთან ყოფნის.. ჩამეცინა გაოგნებულს. -ყოველთვის გეგონა, რომ ზემოდან გიყურებდი. თავი შენზე მეტად მიმაჩნდა. ამიტომ მიღალატე, ლაშა? თავი ჩახარა სირცხვილისგან. -შეცდომა დავუშვი.. -კარგია, რომ ხვდები შეცდომებს. - გულწრფელად ვუპასუხე. - სხვა ურთიერთობაში გამოასწორებ, მჯერა. კარგად იყავი, ლაშა. უკან გამობრუნება ვცადე, მკლავში რომ მომკიდა ხელი და საწყის ადგილას დამაბრუნა. საშინლად არ მესიამოვნა შეხება, გავიწიე, თუმცა, ვერაფრით მოვიშორე ჩაბღაუჭებული თითები. -ხელი გამიშვი. - კბილებში გამოვცერი. ვცდილობდი უხმაუროდ დავსხლტომოდი ხელიდან, საშინლად არ მინდოდა სცენის მოწყობა. არეულად ვიხედებოდი გარშემო. მზერა მეტად დაეძაბა ბიჭს. -ლაპარაკს მაინც არ ვიმსახურებ შენგან? - ტონს აუწია. -ლაშა, მეტკინა ხელი, გამიშვი-მეთქი! არაფრით მითმობდა. მოულოდნელად დავინახე, როგორ გაიღო ბარის შესასვლელი კარი და იქიდან ჯანხოთელი გამოვიდა. ავად უელავდა სახე, მუქად მანათებდა ხაკისფერი თვალები. -გაუშვი ხელი! - სახე წაეშალა ჩვენთან მოსულს. წამსვე შემიშვა ხელი ლაშამ. ირონიულად ჩაიცინა და კიდევ ერთხელ წაბარბაცდა გონარეული. ზიზღით ახედა ლამის ერთი თავით მაღალ რატის. -ეს ისევ ენა გადმოგდებული დაგდევს? - გამოსცრა ამრეზით და მე გადმომხედა პასუხის მოლოდინში. -გაჩუმდი! -რა პრობლემა გაქვს? - წინ წამოიწია რატიმ. უნებურად ჩავდექი შუაში და ორივე ხელი დავადე მკერდზე. შემომხედა. -გთხოვ.. - დამცდა ჩუმად. -არა, რატო, - მიპასუხა. - რა პრობლემა აქვს, მაინტერესებს.. -მე რა პრობლემა უნდა მქონდეს, ბიჭო. - გაიწელა ლაშა. - შენ ვინ გკითხავს ჩემს ყოფილ შეყვარებულს დაველაპარაკები, თუ არა? -არ ჰგავდა შენი ქცევა უბრალო ლაპარაკს. -აუღელვებლად უპასუხა რატიმ. ფრთხილად მომკიდა მარჯვენა ხელი მტევანზე და გვერდით გამწია. -სულ ესეთი ცოდო იყავი, - გაეცინა ლაშას. - კიდე არ გიმჩნევს, არა? - ჩემზე ანიშნა გულმოსულმა. - რა ვერ შეიგნე, რომ მაგრად კიდიხარ.. სახე აერია ჯანხოთელს. -ლაშა, გაჩუმდი! - დავიღრინე და გარშემო მიმოვიხედე იმის იმედით, იქნებ კვაშის ან ბიჭებიდან რომელიმეს მოვკრა-მეთქი თვალი. არავინ ჩანდა. - გეხვეწები, რატი. თავი დაანებე, არ ღირს. შევიდეთ. მაგრად ამოიგმინა ბიჭმა, თამამად მოვკიდე ხელი და შესასვლელისკენ დავიძარი. გამომყვა, თითქოს გადაიარა იმ ტალღამ, წამი-წამზე დარტყმას რომ გვიპირებდა. -აუჰ… - გავიგე უკნიდან. სიმწრისგან თვალები დამეხუჭა. ვიცოდი, რაღაც საშინელებას რომ მოაძახებდა ლაშა. - გეშველა? მოგ**ა უკვე, თუ ჯერ არა? ამის გაგონება იყო და მხეცივით მოსწყდა ადგილს რატი, ისე დააცხრა, მეგონა მამაზეციერი ვერ გამოგლეჯდა ხელიდან. კივილით მივვარდი და შუაში ჩავდექი. გაშველებისას ლაშას გაქნეული ხელი პირდაპირ ტუჩში მომხვდა და ინერციით გადავვარდი უკან. -ნატა… - ამან გააჩერა მხოლოდ. უმალვე მეცა ძირს დაგდებულს, შეშინებულმა წამომაყენა. იმ წამს ბიჭები გამოცვივდნენ გარეთ. დავინახე, როგორ დაავლო კვაშიმ ხელი ლაშას და სადღაც გაათრია. -კვაში.. - ჯერ კიდევ შოკირებულმა გავაყოლე თვალი. შეშინებული დამყურებდა რატი. ფრთხილად მომისვა ხელი ჭრილობასთან. -ძალიან გეტკინა? - მსუბუქად შემანჯღია. - ნატა, გამეცი ხმა! უნებურად მოვკარი მარიამს თვალი, გაურკვეველი მზერით დაგვყურებდა ორივეს. -კარგად ვარ. - წამსვე მოვედი გონს. - სად წაიყვანა? შეეშვას.. - მზერა იქითკენ გამექცა, სადაც კვაშიმ ლაშა გაათრია. ცივად შემიშვა ჯერ კიდევ ჩემს მტევანზე ჩაბღაუჭებული მარჯვენა. გაოგნებული მზერა ჰქონდა. ისე ჩაეცინა იმედგაცრუებულს, თითქოს მისთვის ზურგში დანა ჩამერტყას. გამერიდა, იქვე მდგარ მარიამს ჩაჰკიდა ხელი და ისეთი სისწრაფით დაიძრა გასასვლელისკენ, სიტყვის თქმა ვერავინ მოასწრო. -რა მოხდა? - შოკში იყო საპირფარეშოდან ახლად დაბრუნებული კეკე. ბიჭებს მივვარდი. -კვაში სად არის? გთხოვთ, უკან გაყევით რამე შარში არ გაეხვეს იმ ავადმყოფის გამო. ადგილს მოსწყდნენ ბიჭები. რამდენიმე წუთში დაბრუნდა ყველა ერთად. -რა მოხდა? - ვიკითხე შეშინებულმა. - სცემე? კუშტად გამომხედა სანდრომ. -კიდევ მაგ ს**ზე ფიქრობ? - მოთმინებამ უმტყუნა. ახლაღა მივხვდი, რატომ გავარდა რატი გამწარებული. ეგონა, ლაშა დავიცავი და მასზე ნერვიულობის გამო მქონდა მსგავსი რეაქცია. არადა, პირიქით. ჩემი მეგობრების დაცვა მინდოდა, თორემ ლაშას ბედი დიდად არ მაღელვებდა. -შენ არ იცნობ მაგას, - ვიმართლე თავი და ძლივს შეკავებული ცრემლები ერთიანად წამსკდა. - ისეთი საზიზღარია, შემეშინდა რომ მოგწევდა რამეს. მაგიტომ ვიკითხე, თორემ ჩემთის სულ ერთია მაგას რა მოუვა. მიმიხვდა სანდრო ფიქრებს, მაშინვე დაიძრა ჩემკენ და მაგრად მომხვია მკლავები. -რატი.. - აღმომხდა სლუკუნით. - სხვა რამე იფიქრა იმან, სანდრო.. -ჩუ, კაი.. - მამშვიდებდა ბიჭი. -ყველაფერი ჩავაშხამე ამათ. - ვერ ვწყვეტდი ტირილს, სოფოს და დათას ვუყურებდი სევდიანად რომ მომჩერებოდნენ. -ხალხო, მაპატიეთ.. -გაგიჟდი შენ? - მისაყვედურა დათამ და ჩასახუტებლად გამოიწია ისიც. -გტკივა ტუჩი? - შეწუხებული მომვარდა სოფო. -მტკივა, - უნებურად ვუმატე ტირილს. - ყველაფერი მტკივა საერთოდ. იმ წამსვე ჩამსვეს მანქანაში. ხელის კანკალით დავყურებდი მობილურზე აკრეფილ რატის ნომერს. ზანტად გავიდა ხმოვანი სიგნალი. გაილია რამდენიმე წუთი. პასუხი არ მიმიღია. ^ ^ ^ სოფოსა და დათას ქორწილი 26 ნოემბერს ჩაინიშნა. ქორწილი ხმამაღალი ნათქვამი იყო. ბევრი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ პატარა ცერემონია კეკესთან საგურამოში გაიმართებოდა, რომელსაც მხოლოდ ოჯახი და უახლოესი ადამიანები დაესწრებოდნენ. გიჟს ჰგავდა სოფო. დრო იმდენად ცოტა იყო, რომ ყველაფერზე ერთდროულად ფიქრმა საშინლად გამოგვფიტა სამეგობრო. რა თქმა უნდა, წვეულების მთავარი ორგანიზატორი მე ვიყავი. ჩემით მოვამზადე დეკორაციები, შევუკვეთე ფურშეტი, გავაკეთე საქორწილო მოსაწვევები და ტანსაცმლის შერჩევაშიც კი მივიღე მონაწილეობა. სამსახურის პარალელურად იმდენად ბევრ დროს ვხარჯავდი ქორწილის ორგანიზებაში, რომ ფიქრისთვის მართლა ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა. სახლში გასავათებული მივდიოდი და დაღლილობისგან გათიშულს, მალევე მეძინებოდა. რატი რამდენჯერმე ვნახე. ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. გულში ხინჯად ჩამრჩენოდა ბოლო საღამო და მისი უპასუხო ზარი. მინდოდა, ამეხსნა რატომ დავიცავი იმ ღამით ლაშა. თუმცა, არ ვიცი, ბუნებრივად ხდებოდა, თუ განზრახ არიდებდა ჩემთან საუბარს რატი,ვერც ერთხელ დავიმარტოხელე. შევეგუე ბედს. ალბათ, ასეა-მეთქი საჭირო და მეც თავით გადავეშვი საბოლოო სამზადისში. მალე მოახლოვდა ქორწილის დღეც. მთელი ნოემბერი ყინავდა. ვწუწუნებდი, რატომ ზაფხულში არ შეარჩიეთ თარიღი-მეთქი, თუმცა, რაღას ვიზამდი. ლოდინით ისედაც დაღლილ წყვილს, მეტი დაცდა აღარ სურდა. გაგვიმართლა მაინც. 26 ნოემბრის მზიანმა დილამ ყველაფერს სხვა ელფერი მისცა. მთელი თვის წვიმიან ფონზე, კაშკაშა და შეძლებისდაგვარად მცხუნვარე მზე, სასიამოვნო სანახავი იყო. წინა დღეს საგურამოში დარჩენილები და დაღლილობისგან ენერგია გამოცლილები, დილის 7-ის ნახევარზე წამოგვყარა კეკემ. -ადექით! - პანიკაში იყო რაზმაძე. - უამრავი რამეა გასაკეთებელი. დეკორაციები უნდა დავალაგოთ, მაკიაჟი, თმა.. ყველაფერი მოსასწრებია, როგორ გძინავთ ასე მშვიდად? -კეკე, ჩემი ქორწილია, თუ შენი? - ხალისობდა სოფო. -ვაიმე! - შეჰკივლა მოთმინება დაკარგულმა კეკემ. - ეგ მიკვირს მეც, პატარძალი რანაირად ხარ ასეთი აუღელვებელი? მეგონა თავზე წაგვამხობდი ყველაფერს. -კეკე, - სიმშვიდე წამით არ დაუკაგავს სოფოს, ძალიან ნაზად და ჰაეროვნად წამოდგა საწოლიდან და ჩუსტების ფრატუნით დაიძრა სააბაზანოსკენ. - საოცნებო ქორწილი მაქვს. ყველა ის ადამიანია ჩემ გვერდით, ვინც მეიმედება. რა უნდა გაფუჭდეს? ბედნიერებისგან მეღიმებოდა. ყველას თავისი საქმე ჰქონდა. ბიჭებმა უკვე აწყობილი დეკორაციები გაიტანეს ეზოში. ხელოვნური გამათბობლებიც გამართეს ტექნიკურად, რომ არ გავყინულიყავით. თავზე ვადექი უკანასკნელ დეტალებამდე და ისე დავჩხაოდი ყველას, მეგონა წამი-წამზე კეკეს ნახევრად სავსე აუზში მომისვრიდნენ. -ნუ ამომაცალე, გოგო, სული, - აწუწუნდა ბოლოს ვატო. - ისე ნუ იზამ, ეს ყვავილები ბოლოს მე დამალაგოთ გულზე. -ნუ წუწუნებ და ეს გაასწორე! - მივუთითე ყვავილების დეკორაციაზე. - ვერ ხედავ, არასწორად რომ დგას? -გაასწორე შენ კიდე, - ახლა საბა შეუჩნდა, - სანამ ჩვენ დაგვდგა მაგათ მაგივრად. სადღაც 11 საათისთვის რატიც გამოჩნდა. ის ნივთები წამოგვაწია, არავის რომ არ გახსენებია ბოლო წამამდე. -მოვიტანე ესენი, - მითხრა მშვიდად სკამებისთვის გასაკეთებელ ბანტებზე. - სად დავალაგო? -მომეხმარე გაკეთებაში, თუ შეგიძლია. მორჩილად დამიკრა თავი. უხმოდ ვაბამდით ეზოში დასალაგებელ სკამებს ბანტებს. სასაცილოდ ნასკვავდა რატი ლენტებს და ყოველ ჯერზე მეკითხებოდა, ლამაზი იყო, თუ არა. -მარტო ხარ დღეს? - ენამ წინ გამისწრო და უნებურად წამომცდა ის კითხვა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საშინლად რომ მაწუხებდა. დაბნეულმა შემომხედა. -მარიამი ცერემონიაზე მოვა. -აჰ, გასაგებია. - თავი დავუკარი. მორჩილად გააგრძელა საქმე, აღარ უთქვამს არაფერი. -რატი.. - დავიწყე ხმის კანკალით. - იმ ღამეზე მინდოდა მეთქვა. გამომცდელად შემომხედა. არ ელოდა,თითქოს ამ თემას რომ წამოვჭრიდი. თავი მიანება საქმეს და დრო იხელთა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, კოლოფი ჯერ მე გამომიწოდა. -არ მინდა, - ვიუარე. - იმ ღამეს, არასწორად გაიგე მგონი რაღაცები. -რა გავიგე არასწორად? -ლაშა არ დამიცვია. -არ დაგიცვია? - გაიკვირვა. - მისი ხელი მოგხვდა, ტუჩი გაგისკდა და შენ მაინც იმას კითხულობდი, კვაშის სად მიჰყავსო. რანაირად არ დაგიცვია? -ხოდა გიხსნი, რომ არ დამიცვია. შემეშინდა უბრალოდ. -რისი, ნატა? -რომ შარში გაგხვევდათ ორივეს, ამიტომ დავუძახე ბიჭებს და ვთხოვე კვაშის დადევნებოდნენ. -რა უნდა დაეშავებინა მაგას ჩვენთვის? - ზიზღით დაემანჭა სახე. - ან საერთოდ რა გინდოდა, გარეთ რომ გაჰყევი? -დამემუქრა, შენებთან წამოგყვებიო. უკეთესი იქნებოდა, მაგიდასთან რომ მომეყვანა? - თავი ვიმართლე. -მოსულიყო მერე! - უარესად აალდა. -იქ სცენების მოწყობის შემეშინდა. -მომისმინე, ნატ,ა, - გამეტებით ჩამაშტერდა თვალებში. - საკმარისად ბევრი ადამიანი გყავს გარშემო, მისი მუქარების რომ არ შეგეშინდეს. ტკიპაა ეგ ტიპი ნამდვილი. ერთხელ მაინც თუ დაინახა, რომ ჯერ კიდევ გაღელვებს, არ მოგეშვება არასდროს. ეგეთი იყო ყოველთვის და ვხედავ, დიდად რომ არაფერი შეცვლილა ამ დროის განმავლობაში. ახლოს გასაკარებელი არ არის. და მაგისთვის ცალკე აქვს პასუხი გასაცემი, მუქარა რომ გაბედა საერთოდ. ერთიანად არეოდა სახე. ლამის ნახევრამდე დაიყვანა ახალმოკიდებული ღერი. „ეჭვიანობს?“ გულში ავად გამკრა, ძლივს შეკავებული ღიმილი გადავყლაპე. -ვიცი ლაშას ფსიქოლოგია, რამენაირად შევისწავლე მეც. უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდა, რომ არასწორი წარმოდგენა არ გქონოდა. გირეკავდი იმ საღამოს. თვალი ამარიდა. -რატომ არ მიპასუხე? - ჩავაჟინდი. -არ მინდოდა. - მიპასუხა მკვახე. -რატომ? შემომხედა. მომეჩვენა, თითქოს ტუჩის კუთხე ჩაუტყდა ღიმილისგან. -გაბრაზებული ვიყავი შენზე. -რამ გაგაბრაზა, ლაშა რომ დავიცავი? - თამამად ვუპასუხე მზერით. -ჰო, თუნდაც. - ლაკონური იყო პასუხი. -რატომ გაბრაზდი მერე? -რა გინდა, ნატა? - მკითხა ხმა ჩახლეჩილმა. - რა გინდა რომ გიპასუხო მაგ კითხვაზე? -მე არაფერი მინდა, სიმართლე მითხარი. -გავბრაზდი და მორჩა. - მოკლედ მომიჭრა. - ყველა ემოციას არ აქვს ახსნა. -აბსოლუტურად ყველა ემოციას აქვს ახსნა, რატი. - გამეღიმა. -ჰოო? - ჩამეკითხა სერიოზული სახით. - შენს ემოციებს ამიხსნი მაშინ? -რომელ ემოციებს? - ერთიანად ამიკანკალდა სხეული. -კვაშისთან მესიჯობას, შენი და კეკეს ერთმანეთში გაცვლილ მზერებს, უხერხულ ჩახველებებს ჩემი და მარიამის დანახვაზე, შენს მძიმე ამოსუნთქვებს. - ფრთხილად წამოიწია წინ. - ამიხსნი, ნატა? ერთ ადგილას გავშეშდი. ფეხზე წამოდგა თვითონ. ხელში ჩაბღუჯული უკანასკნელი ლენტა გაკვანძა და იქვე მდგარ სკამს მიამაგრა. -ბოლოა ეს, მეტი აღარ არის. - მითხრა გულგრილად. -მადლობა დახმარებისთვის. - ესღა ვუთხარი და ნირ წამხდარი დავიძარი საძინებლისკენ, სადაც გოგოებს უკვე დაეწყოთ მზადება. ცერემონია ულამაზესი გამოვიდა. სადა, ძალიან ნაზი, თეთრი აბრეშუმის კაბა ეცვა სოფოს. ქერა, სწორ თმაზე ჩემივე ხელებით ჩავუმაგრე გრძელი ფატა. მოვარდისფრო ჩრდილები მის ღია ცისფერ თვალს უფრო კაშკაშას აჩენდა. თავად მუქი ხაკისფერი, გრძელი და ოდნავ შეხსნილი კაბა მეცვა. კაბა ოდნავ ამოღებული იყო, იგივე ფერის მოსაცმელი ზემოდან გადადიოდა მხრებზე. გვერდს ლურჯ სმოკინგში გამოწყობილი საბა მიმშვენებდა. ჯერ მე და ტყუპმა გავიარეთ ყვავილებით დაფარული დერეფანი დახლამდე. საკუთარი ხელით შემოიყვანა პატარძალი მამამ. ცერემონია კვაშიმ წაიყვანა. სტუმრების წინა რიგებში იღიმოდნენ დანარჩენები. ხელის მოწერის დროს მხოლოდ ერთხელ შეხვდა ჩემი და რატის მზერა ერთმანეთს. ერთი ფერის იყო ჩემი კაბა და მისი თვალები. ^ ^ ^ -ნატა, დავიღუპეთ! - შუა ქორწილის დროს ისტერიკით მოცული ვატო კერესელიძე ამეტუზა წინ. -რა მოხდა, ვატო? -ტეკილა თავდება, გოგო! - ლამის ყვიროდა ტყუპი. - რა გვეშველება? სიცილი წამსკდა. -სარდაფშია, ვატო. რა გაათავებდა იმდენ სასმელს? -სად სარდაფში, მე რატომ ვერ ვნახე? - ამოისუნთქვა შვებით. -არასწორ ადგილას ეძებდი ალბათ. კიბეებს რომ ჩაივლი, მარჯვენა ოთახის კარი გახსენი და იქვე, მაცივარში დევს ყველა. -ოქრო ხარ და ბრილიანტი! - უკვე გაქცეული, შუა გზიდან მობრუნდა და ყურში მიჩურჩულა. - მაგარი ლამაზი ხარ, შენ თავს გეფიცები! იმას სულ არ უხდება ის წითელი კაბა. გაკვირვებით მოვავლე თვალი არე-მარეს. წითლებში ჩაცმული არავინ მახსენდებოდა. საბოლოოდ საცეკვაო მოედანზე მოვკარი თვალი მარიამს, წითელი მოკლე კაბა რომ ეცვა და გამეცინა. არაფერი გამოეპარებოდა ორადორის თვალს. ქორწილი გახურდა. -ნატი, მეცეკვე რა! - მომვარდა ერთიანად გამომთვრალი საბა. - აუ, მაგარი ქორწილია ნატი, ჩემსასაც ხო შენ გააკეთებ? -სანამ შენ ქორწილს მოვესწრები, პენსიაზე ვიქნები გასული, საბა. -ხიხი, ხახა, ნატრული! - სასაცილოდ დამეჯღანა. -დამითმე ცოტა ხანს! - ღიმილით მოვიდა კვაში და ჩემი თავი მოხერხებულად აართვა ტყუპს. - და შენ ძმას ყურადღება მიაქციე, ყვავილების ლარნაკიდან სვამდა წეღან ტეკილას. -ღმერთო, რა ცოდვა მქონდა ასეთი! - ადგილს მოსწყდა კერესელიძე. ხარხარით ავყევით რიტმს მე და სანდრო. -მოატყუე? -ხო! - გაეცინა თავიდან. - მართლა აპირებდა, მაგრამ რატიმ დაუმალა. -რა ნაგიჟარია! -ლამაზი გამოვიდა, არა? - თვალი მოატარა ყველაფერს კვაშიმ. -მგონი კარგი გამოვიდა, ხო. - დავეთანხმე. -ჩემი ჭკვიანი და ლამაზი ხარ შენ! - ოდნავ მიმიხუტა სანდრომ. გამეცინა. -რატომ მგონია, რომ ყველა იმაზე განსაკუთრებულად მიფრთხილდებით დღეს და ზოგადად ეს პერიოდი, ვიდრე ოდესმე? გაეცინა კვაშისაც. -რა ვიცი, გული გაქვს დადაგული და გიფრთხილდები, არ შეიძლება? -შენ სად ნახე ჩემი გული? -მაგის მეტი რა მინახავს აგერ თხუთმეტი წელია, მარტივად ვცნობ. აღარაფერი მიპასუხია, მშვიდად გავაგრძელე ცეკვა. -აუჰ, - გაკვირვებით შემათვალიერა სანდრომ. - პასუხი არ გამეცი და დამნებდი, თუ ფიქრობ ჯერ? -რა მაქვს საპასუხო. ყველამ ყველაფერი იცის, მგონი. ვერ დავმალე, ალბათ, სათანადოდ. -ყველამ არა, - თმაზე ჩამომისვა ხელი. - მხოლოდ იმ ადამიანებმა, ყველაზე კარგად რომ გიცნობენ. გვიან გავიაზრე მისი ნათქვამი. ყველაზე კარგად ძალიან ცოტა ადამიანი მიცნობდა. ერთ-ერთი რატი იყო, მათ შორის. ^ ^ ^ ყველა სტუმარი წავიდა, მათ შორის წყვილის მშობლებიც. დავრჩით ისევ სამეგობრო კეკეს მისაღებ ოთახში. სავარძელში ჩამჯდარიყო დათა და კალთაში ჩაესვა ცოლი. დაქანცული სახე ჰქონდა ორივეს. ორადორი დივანზე ოთხად მოკეცილი იჯდა. კეკეს ისე ჰქონდა ქანცი გაცლილი, ზედ ხის სკამზე მისძინებოდა. რატი მაგიდას შემოსჯდომოდა და გვერდით მიძინებული მარიამის თავი ედო მხრებზე. -კვაში, აიყვანე კეკე ცოდოა. - ვთხოვე სანდროს. - დათ, სოფ, თქვენც წადით, დაისვენეთ. -შოკოლადის ტორტი რომ არ გვიჭამია ჯერ?! - ეწყინა სოფოს. -მოგიჭრი, სოფ. -არ მინდა, ვიხუმრე. ტორტის ჭამის კი არა, კაბის გახდის თავიც არ მაქვს. -ქმარი გყავს უკვე მაგისთვის! - თავი წამოყო ტყუპმა და გემრიელადაც მოხვდა უხამსი რეპლიკისთვის ძმისგან. - მეტკინა, ეე! მსუბუქად გაგვეცინა ყველას. -ბოლო ჭიქაც დავლიოთ რა! - შეგვეხვეწა ვატო. -ამის კუჭს ბოლო აქვს სადმე? - დაიფრუტუნა დათამ. - აღარ გვინდა, ძმაო, აღარ ჩაგვდის. -აი ახლა, მე ამ სადღეგრძელოს დავლევ და ვინც განსხვავებულით არ დალევს, ის იქნება ფუფლო! - სიტყვით გამოვიდა ვატო, მართლაც დააძრო რაღაც არაადეკვატური ფორმის ჭიქა პიჯაკის ჯიბიდან და ჩაახველა. - მოკლედ, ყველა ხუმრობა-ლაზღანდარობას ხართ ჩემგან მიჩვეული.. ახლა გავიაზრე, რომ ეს სადღეგრძელო დიდი ხანია არ დამილევია. ჰოდა, უნდა ვთქვა.. -ნუ დაგვტანჯე! - მოთმინებამ უმტყუნა საბას. -ჩვენ გაგვიმარჯოს. ჩვენ რა, ჩვენ რვას. დრო გადის და ვხვდები, როგორ უფერულდება დღითიდღე ურთიერთობები. ადამიანურ, ძალიან გულწრფელ მეგობრობას ვგულისხმობ. ზღვარი რომ სადღაც იშლება და აღარაფერი გაქვს დასამალი. იშვიათ ადამიანებს ვიცნობ, ვისაც ეს ყველაფერი აქვთ. ჰოდა, ღმერთს და თქვენ მადლობა, რომ ამ ადამიანების რიცხვში ვარ. ესე არ მეყვარებოდა ცხოვრება, თქვენ რომ არ მყავდეთ გვერდით. სოფკა, დათკა, ახალი კარის გაღებას გილოცავთ. ბედნიერები რომ იქნებით, ეგ 100%-იანი ვიცი და „დალშე“ ეს ექვსეული თქვენთანაა, ცხოვრების ყველა ეტაპზე. ერთხანს გაყურსულები ვისხედით. ისეთი სადღეგრძელო თქვა ვატომ, სუნთქვასაც რომ სხვანაირი მნიშვნელობა მიენიჭა იმ წამს. ისე ამიწყლიანდა თვალები, მეგონა გავსკდები-მეთქი შუაზე და კიდევ კარგი, მარტო არ ვიყავი. -ჩხუბს ვაპირებდი, რატომ გამაღვიძეთ-მეთქი, - გამოტყდა კეკე. - მაგრამ, ამან ისეთები ილაპარაკა, ეს ჭიქა რომ არ დავლიო, თავს ვერ ვაპატიებ ვერასდროს. პირველმა კეკემ დალია იმ უცნაური ჭიქიდან. მერე წყვილმა-რიგრიგობით, მერე კვაში იყო, ტყუპები, მერე მე და სულ ბოლოს რატი. იქვე მძინარე მარიამს, საერთოდ არ გაუგია, როგორ შეიკრა წრე და როგორ დაგვირგვინდა ვატოს სადღეგრძელო საბოლოო ჩახუტებით. ახლა მართლა ილეოდა საღამო. დათა და სოფო დასაძინებლად ავიდნენ. მალევე აჰყვა მათ კეკე. ტყუპებიც ზუსტად ერთ დროს გატყდნენ და კვაშიმაც ვეღარ გაძლო დიდხანს. დავრჩით ოთახში მე, რატი და მარიამი. -დავაწვენ.. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა რატიმ და მძინარე გოგო ხელში აიყვანა. მძიმედ ამოვიოხრე და ფეხზე წამოვდექი. ბოლოს დალეულ სასმელს, ხარბად დაეტოვებინა კვალი. იქვე არეულად მიყრილი ჭიქების წამოკრეფა დავიწყე, საშინლად მაღიზიანებდა გარშემო არეულობა. -ხვალ რომ ვქნათ, არა? - შევხტი რატის ხმის გაგონებაზე. ოთახში დაბრუნებულიყო. -არა. - ვუპასუხე მკვახედ. -ძალიან გვიანია, ნატა. -დაიძინე მერე, ჩემგან რა გინდა? - გავუტრიალდი უხეშად. -მარტო ხომ არ დაგტოვებ?! - გაუკვირდა ჩემი ტონი. -არ მინდა დახმარება, - გაუაზრებლად ვეუხეშებოდი სასმლისგან გათამამებული. - ადი შენ შენ შენს შეყვარებულთან. ღრმად ამოიოხრა რატიმ. წინ ამესვეტა რამდენიმე წამში. დაჟინებით მომაშტერდა. -რა გინდა? - გამიკვირდა. -რა მინდა? - გამოსცრა კბილებში. - შენ რა გინდა, ნატა? ამოვიოხრე. -მინდა, რომ ეს ჭიქები მალე ავალაგო და დავწვე, მეტი არაფერი. - ხმა ამიკანკალდა. ხელებში მწვდა. ფრთხილად დამადებინა ორივე ჭიქა და თვალი გამისწორა. სანამ რამეს იტყოდა, მანამდე დავუსხლტი ხელიდან და გასასვლელი კარისკენ ავიღე გეზი. -მოწევა მინდა.. - ბანცალით გავიარე დერეფანი და ძლიერად გამოვხსენი კარი. ნაბიჯებით მივხვდი, მომყვებოდა თვითონაც. -ნატა.. - დამაწია. - ნასვამი ხარ, არ მოწიო მეტი. ირონიულად ჩამეცინა. -როდის მერე მიშლი შენ მე მოწევას? - გავუსწორე მზერა. -წამოდი, აგიყვან კეკესთან. - მშვიდად მითხრა და ფრთხილად მომკიდა ხელი. -ვერ გაიგე შენ, რა გითხარი? - გავჯიუტდი. - მომაწევინე ერთი ღერი. ამოიოხრა. ამჯერად მორჩილად დაჰყვა ჩემს ნებას და სიგარეტს მოუკიდა. ძლიერად დავარტყი ნაფასი. ხელი არ გაუშვია ჩემთვის რატის. -რატომ არ მიშვებ ხელს? - ენის ბორძიკით ვკითხე. -დაეცემი რომ გაგიშვა. ალკოჰოლისგან გამოწვეული ტალღები ავად ამდი-ჩამდიოდა ორგანიზმში. არც მანამდე დავლიე ცოტა და ბოლო ჭიქამ სულ მთლად მომიღო ბოლო. მართლა ვბორძიკობდი, თუმცა, რატის მოჩვენებითი მზრუნველობა ისე მაღიზიანებდა, მინდოდა ჯიბრზე გამეკეთებინა ყველაფერი, რასაც მიკრძალავდა. ხელის გათავისუფლება ვცადე. უფრო მჭიდროდ მომიჭირა, ეჭვნარევი მზერით გამომხედა და ოდნავ ახლოს მოიწია ჩემკენ. -რა გჭირს, ნატა.. -რა ბანძი ბიჭი ხარ, რომ გგონია რომ მთვრალი ვარ და ვითომ მეხმარები. მოულოდნელად სიცილი წასკდა. -რა ჯანდაბა გაცინებს? -ყანყალებ, გოგო.. -მერე შენ რა? -ხელს გაგიშვებ ახლა დედას გეფიცები და არც აგაყენებ, რომ წაიქცევი. -სულ არ მჭირდება, გამიშვი. წამებში გამიშვა ხელი და ერთიანად მოვწყდი. ერთი ნაბიჯიც ვერ გადავდგი სწორად, ისე დავეცი მუხლებით. შეშინებული მომმვარდა. -იტკინე რამე? -ხელი შემაშველა და წამოყენება სცადა ჩემი. - მოდი აგაყენო. ფეხი გეტკინა? - ფრთხილად გადამიწია კაბა ოდნავ გადაყვლეფილ მუხლზე. -მეტკინა. - ერთიანად წამსკდა ცრემლები. გაოცებული მზერით შემომხედა. მოერყა რამდენიმე წუთის წინ დაყენებული მზერა. -ნატა, რა გატირებს?! -საერთოდ აღარ გიყვარვარ, რატი? სულ აღარ? - სლუკუნი ამივარდა. -რას მეკითხები, ნატა. - ხმა ჩაეხლიჩა. - როგორ შეიძლება არ მიყვარდე. -ვგრძნობ. ზედ არ მიყურებ, არც კი იმჩნევ, რომ ვარსებობ. ჩემს ხუმრობებზეც კი აღარ იცინი. მენატრები. ისე მენატრები, მეტირება. ახლაც ისე დებილურად მეტირება.. -წამოდი, დავსხდეთ სადმე. - ამოიოხრა და ფრთხილად წამომაყენა. მის მკალავებზე ჩაბღაუჭებულმა ძლივს ავუწყე ფეხი მის უზარმაზარ ნაბიჯებს. -ძალიან მცხელა, რატი. ეს უნდა გავიხადო. - კაბის ზედა ნაწილს ვეცი, რომელსაც მკლავები ეხსნებოდა. -რა უნდა გაიხადო, გოგო, ნუ გადამრიე. გაჩერდი ერთ წამს.. -ხელები გამიკავა გაოცებულმა. ცივის შეხება მესიამოვნა. -აი, ცივი გაქვს ხელები. სახეზე დავიდებ რა… -ამდენი რატომ დალიე? - მისაყვედურა და სახეზე ჩამოყრილი კულულები ყურს უკან გადამიწია. -იმიტომ რომ… იმიტომ რომ,გაბრაზებული ვიყავი. -ჩემზე? - უფრო გაოგნდა. -ჰო, რატი, შენზე. იცი რა ძნელია, თვალებში რო გიყურებ და საერთოდ არ მიმჩნევ? -რას მელაპარაკები, ძნელია? - გამოსცრა კბილებში. -ოოო, მაგას არ გეუბნები მე. ნუ წევ ამ ხელებს. -დავუჭირე მარჯვენა ხელი და ისევ სახეზე დავაბრუნე. - ძაან ლამაზი თითები გაქვს, არ იმსახურებ ესეთ ლამაზ თითებს.. ღრმად ამოიოხრა ჯანხოთელმა. შოკი და გაოცება რიგრიგობით ენაცვლებოდა მის სახეზე ერთმანეთს. -ადექი ნატა, გაითიშები ეგრე. -მეძინება ხო, ძაან მეძინება. - ვბუტბუტებდი ჩემთვის. -ავდგეთ, მოდი. - ისევ წამომაყენა. -ის ერთია, რომ ჩემში სხვა რაღაცას ეძებდი. მე კი ამას ვერ ვამჩნევდი, შეიძლება ეგ შანსი ბევრჯერ წაგართვი.ნებით თუ უნებლიედ, მაგრამ შენ მე მეგობარი წამართვი. ჩემი რატი წამართვი, ყველაზე კარგი რამ, რაც ცხოვრებაში გამაჩნდა. -ნუ ეგოისტობ, ნატა. შენთვის არაფერი წამირთმევია, მით უმეტეს, ჩემი თავი. პირიქით, იმას ვცდილობდი ერთმანეთი არ დაგვეკარგა. შენ ააშენე კედელი. -მომენტალურად დაებინდა თვალები. -ეგრე იყო, ხო. ცუდად მოვიქეცი, მაგრამ დავიბენი. როგორია ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძო და აღამოაჩინო, რომ შენს საუკეთესო მეგობართან გეძინა და მეტიც, თურმე მას წლებია უყვარხარ. შენ ხვდები რამხელა შოკი იყო? ამის ფონზე რომ ყველაფერი ამერია თავში და რაღაც შეცდომა დავუშვი, ძალიან ცუდი ტიპი ვარ მაგის გამო? -ცუდი ტიპი იცი რის გამო ხარ? მხოლოდ შენი გადმოსახედიდან რომ უყურებ ყველაფერს. აბა,თავი ჩემ ადგილას დააყენე რამდენიმე წამით. წლების მერე, ჩემთვის რაღაც ძალიან ძვირფასი მივიღე, ნაოცნებარი, ნაფიქრალი, რაღაც ძალიან ლამაზი. შენ კი უკანასკნელი ადამიანივით მომექეცი. ოცნება ოცნებდაც აღარ დამიტოვე, რეალობა – რეალობად. -ვხვდები.. -ტირილი წამსკდა. -ვხვდები და მაპატიე. პატარა ბავშვივით გეხვეწები ახლა, რომ მაპატიო და დავიჯერო არ ვიმსახურებთ ერთ შანსს?! აღარ მინდა ეს სიცივე.. დავიღალე. -შანსს ვიმსახურებთ, ალბათ, ნატა,მაგრამ შეცვლი ეგ რამეს? ჩემთან ძველებურად იქნები?იმ უხერხულობის და დისკომფორტის გარეშე?! სიმწრით ამოვიოხრე. -ადექი, დაგაწვენ. შიგნით მარიამი მელოდება. - მითხრა და სახლისკენ გაიხედა. - უხერხულია, რომ დაგვინახოს. ბრაზმა ამიწვა მთელი სხეული. ალკოჰილმა თავისი ქნა და ისევ გამისწრო ენამ წინ. -თუკი, ესე ძალიან გიყვარდი, როგორ დამივიწყე შვიდ თვეში? შეცბა. -ასეთი უნამუსო როგორ ხარ, მაგას რომ მეკითხები? -ლოგიკურ კითხვას გისვამ, რომელზე პასუხიც არ გაქვს. -პასუხი ძალიანაც მაქვს, შენს გასიებულ ეგოს რამდენად ესიამოვნება მაგის გაგონება, მაგაშია საქმე. - მიპასუხა ხმამაღლა. -ჩემი ეგო აიტანს რამენაირად მაგ ამბავს, არ იდარდო შენ. პასუხი გამეცი, მხოლოდ. - ურცხვად მივაშტერდი თვალებში. -რა ნაგლი ხარ პროსტა, არ მჯერა. - გაეცინა დამცინავად. -ამდენი უარყოფითი თვისება მქონია, და შენ მაინც ამდენი ხანი გიყვარდი. - მხრები ავიჩეჩე გულგრილად და ფეხზე ჩემით წამოვდექი. -ძალიან ერთობი, არა, მაგის გამეორებით?! - დამაწია ჩახლეჩილი ხმით. -რის გამეორებით? -რომ მიყვარდი. პასუხი აღარ გამიცია, ისე მივედი იქვე ფურშეტთან და ნახევრად ცარიელ არყის ბოთლს დავავლე ხელი. -შენ გაგიმარჯოს, რატი ჯანხოთელო. -ნატა, ნუ იქცევი სულელივით. არ დალიო ახლა ეგ! - გამაფრთხილებლად დამიქნია თითი. ყურადღება აღარ მიმიქცევია, ისე მოვიყუდე სასმელი და რამდენიმე ყლუპი მიყოლებით გადავყლაპე. -აუჰ, - წავბორძიკდი სიცილით. საკუთარ საქციელზე ზიზღით გამაჟრიალა. - ფუ, რა საშინელი, არარაობა გოგოსავით ვიქცევი, არა? - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე, სასმლის ბოთლი უდიერად მივაგდე იქვე და კაბა ავიკაპიწე, რომ როგორმე სიარული გამემარტივებინა. უკან აღარ მიმიხედავს, ისე გადავგდი რამდენიმე ნაბიჯი, თუმცა,ნელ-ნელა ვგრძნობდი, როგორ მიდუნდებოდა მთელი სხეული. ვითიშებოდი, ვხვდებოდი. წამიერად ავმსუბუქდი. სურნელი ვიგრძენი რატისი და ყველაფერმა დაკარგა აზრი, თითქოს. -გული გერევა? - მეკითხებოდა ჯიუტად. -ნატა, ცუდად ხარ? -ნწ, არა, გული არ მერევა. ცუდად ვარ, კი…შენ რომ გიყვარდი და მე რომ ვერ შევნიშნე, როცა შევნიშნე და ყველაფერი გავაფუჭე, აი მაგაზე სევდიანი ამბავი არ არსებობს ჩემთვის. გვიანია ძალიან? -ნატა… - გაოცება გაუკრთა ხმაში. -დაიკიდე.. კეკესთან დამაძინე, რა . - ამოვილუღლუღე უძლურად და გავითიშე. ^ ^ ^ -რას გავს შენი საქციელი, ნატა? ქორწილიდან რამდენიმე დღეში პირდაპირ ოთახის კარი შემომინგრია ლამის ფეხით სანდრო კვაშილავამ. გაოგნებისგან ენა ჩამივარდა ლამის. -ხოა მშვიდობა? - თავი წამოვყავი გაღიზიანებულმა. - ახლა რაღა დავაშავე? -რაღა დააშავე? - გაოცდა აქეთ სანდრო. - რა ქენი ამისთანა ქორწილში? -სანდრო, - დავიწყე მშვიდად. - დაახლოებით საღამოს თერთმეტი საათიდან, აბსოლუტურად არაფერი მახსოვს. ქრება ყველაფერი, ERROR! მანამდე არც არავინ მიცემია და არც არავისთვის მიგინებია, რა გინდა? მძიმედ ამოიოხრა კვაშიმ და იქვე საწოლზე ჩამომიჯდა. -არც ის გახსოვს რატის რა უთხარი? გველნაკბენივით წამოვხტი ფეხზე. -რა ვუთხარი? -ვახ.. რა გინდა, ნატა? პატარა ბავშვივით იქცევი, საყვარელი სათამაშო რომ წაართვეს და თამაშის უფლებას აღარ აძლევენ. -ამოღერღე, ადამიანო! - ვიკივლე მოთმინება დაკარგულმა. -კონკრეტული არაფერი ვიცი, - მითხრა სანდრომ. - უბრალოდ შეშლილი მოვარდა მეორე დღეს ჩემთან რატი. ვერ გაუგია, რა გინდა მისგან. შენ იცი, ნატა? იცი, რა გინდა? -ვიცი! - ავუწიე ტონს. - ვიცი, მაგრამ აღარ აქვს აზრი, სამწუხაროდ. შვიდი თვე დასჭირდა ჩემი შემცვლელის საპოვნელად შენ ძმაკაცს და ჩემი აღსარება ახლა უდროოა. -რა სულელი ხარ! - თავში შემოირტყა ხელი. - სულელი და ეგოისტი. -კიდევ? - გამეცინა სიმწრით. - აღარ არის მეტი სალანძღავი სიტყვა ლექსიკონში? -რატომ არ ეუბნები, თუ გიყვარს? -რატომაც არ მეუბნებოდა თვითონ. მეშინია კიდევ ერთი ჩხუბის, დამალვის, უხერხულობის. მეშინია, რომ თვეები გასტანს ის სიუცხოვე. მეშინია, რადგანარ ვარ დარწმუნებული.. უცხოა ყველა ეს განცდილი შეგრძნება რატის მიმართ ჩემთვის. ძნელია, სანდრო, ვერ ხვდები? -ვხვდები, - დამეთანხმა. -თუმცა, შენი დუმილით იმასაც რომ ურევ თავ-გზას, იცი? იმდენად დარწმუნებულია რატი იმაში, რომ შენთვის მეგობრის გარდა არასდროს არაფერი ყოფილა და არც იქნება, რომ შენი ეჭვიანობის სცენები სიყვარულისთვის არ მიუწერია. ისე აღიქვი მის მიერ ნათქვამი სიმართლე, მისი სიყვარულის ახნა, იმდენ ხანს ემალე და ისე აგრძნობინე თავი, რომ ახლა შენ მიერ გამოხატული ყველა ემოცია ეგოისტობა ჰგონია და მეტი არაფერი. ვერ დაუჯერებია, რომ შეიძლება შენც გრძნობდე რამეს. თუ არ ეტყვი, რანაირად გაიგებს? -და რა საჭიროა რომ გაიგოს, სანდრო, ამიხსნი? მართლა პატარა, ეგოისტი ბავშვივით მოვიქცე და შეყვარებულს დავაშორო? მაგით გართობა გეყოფა და ახლა ჩვენ ვიყოთ ერთად-თქო? -არაფერია იმ გოგოსთან სერიოზული. - დასცდა დამნაშავესავით. -რაა? -თვითონ მარიამის ინიციატივა იყო. -სისულელე! - ვიუარე. - თავის დროზე იმიტომ დაშორდა მარიამს, რომ მოწონებაზე ბევრად სერიოზული იყო ამ გოგოს გრძნობები. -თავის დროზე იმიტომ დაშორდა მარიამს, რომ თვითონ არ უყვარდა. არანაირი მეტი ემოცია არ ყოფილა იმისგან. - ტონს აუწია კვაშიმ. - ძალიანაც ჰკიდია მაგ შენ მარიამს რატი. ჩათვალე, რომ ორ კვირაში ერთხელ ნახულობენ ერთმანეთს. არც ცხოვრობს აქეთ ბოლომდე. ერთი თვიდან ლამის სამ კვირას ბერლინში ატარებს. რანაირად წარმოგიდგენია რამე სერიოზული მათ შორის? -აბა, - ენა დამება. - აბა, რას დაათრევდა ჩვენთან? -ეგრე დაემთხვა. და თან, ამდენი წლის მერე, ძლივს დანამდვილებით იცოდა შენგან პასუხი. აღარ ჰქონდა ცრუ და ფუჭი იმედები, რომლებსაც ჩაებღაუჭებოდა. არ ჰქონდა უფლება სხვასთან ჰყოფნის? -სხვა რომ გიყვარს და სხვასთან ხარ, ეგ არის რეაბილიტაციის ახალი ფორმა? - აღმომხდა გაკვირვებულს. -გოგო, შენ ქართული არ გესმის? - ნერვებმა უმტყუნა კვაშის. - ოთხი თვე ნორმალურად არ დალაპარაკებიხარ, თაგვივით ემალებოდი და შეყვარებული, თუ პარტნიორი რომ გაიჩინა, მაგიტომ გამოიყვანე მოღალატედ და კაცის მკვლელად? მძიმედ მოვისვი ხელები სახეზე. ქაოტურად ახლართულიყო ჩემს ტვინში ყველაფერი. რაც აქამდე ზუსტად ვიცოდი, ისიც კი აჯაფსანდალივით არეულიყო ჩემს გონებაში. -ნატა, დალაგდი. - დამიყვავა ბიჭმა. - დაჯექი და ყველა კითხვაზე რიგრიგობით უპასუხე შენ თავს. გონს მოდი, სანამ დროა ან საერთოდ შეეშვი ამ ბიჭს, ნუღა აწამებ. ^ ^ ^ რამდენჯერ მქონდა ეს სცენა თავიდან ბოლომდე გავლილი… როგორ ვუყურებდი თვალებში, როგორ ვიწყებდი რაღაც სრულიად ჩვეულებრივით, მერე უცებ ვჩერდებოდი და... და იქვე მთავრდებოდა. ყოველთვის იქვე. არ ვიცი, რისი მეშინოდა უფრო - მისი რეაქციის თუ იმის, რომ ყველაფერს დავანგრევდი. იმიტომ რომ, თითქოს, რაც გვქონდა არც კარგი იყო, არც ცუდი. ამის დაკარგვაც არ მინდოდა. მარიამი. თავიდან მეგონა კვაშის აღსარება რამეში მაინც დამეხმარებოდა. ოდნად მაინც მომცემდა სწორი გზისკენ მიმავალ ნიშნებს, თუმცა, ვერ გავბედე. რა ურთიერთობაც არ უნდა ჰქონოდათ, მესამე პირი არც ერთ შემთხვევაში არ ვიქნებოდი. საკუთარ თავს გადავაბიჯე. ის შეგრძნებები დღითიდღე რომ უფრო და უფრო მეტად ძლიერი ხდებოდა, გმირულად დავმალე სადღაც, გულის კუთხეში და ისე გავაგრძელე ცხოვრება, თითქოს არაფერი მქონდა სადარდებელი. ახალი წელი დადგა. ამ წელსაც ზუსტად ისეთივე ზლაზვნით გახოხდა იანვარი, როგორც ყოველთვის. თებერვალმაც შემოაღო კარი და ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ ღამიდან, თავიდან ბოლომდე რომ ამოატრიალა ჩემი ცხოვრება. შევეგუე. დროს მივანდოთ-მეთქი, საკუთარ თავს ვუთხარი და როგორც იქნა, პირველად ამ ერთი წლის განმავლობაში, მოვდუნდი. ^ ^ ^ -გუდაურში მივდივართ! - დამკივლა შაბათს უთენია თავზე კეკემ. -კეკე, დილის შვიდი საათია. დამეკარგე აქედან! -შანსი არ გაქვს, - შეუვალი იყო. - წინა თრიფიც იმიტომ გამოტოვე, რომ დილით ადგომა დაგეზარა. ადექი, ჩალაგდი, ნახევარ საათში დაბლა იყავი. -ვერ წამოვალ, ადამიანო! - გავჯიუტდი მეც. - თორმეტ საათზე მაქვს შეხვედრა დამკვეთთან. -შაბათს? - ეჭვნარევი სახით შემომხედა. -დიახ, შაბათს! - უკვე გავღიზიანდი და კალენდარში ჩანიშნული შეხვედრა ამაყად ავაფარე სახეზე. - აბა, გჯერა? -აუ, კაი რა! - ლამის ტირილი დაიწყო. - მერე რომ ჩამოხვიდე? -არ მაქვს ზამთრის საბურავები. - ამოვიფრუტუნე. - შემეშვი ახლა, დამაძინე. -ვაიმე! - წამოიკივლა გახარებულმა. ზედმეტად მაღალმა ნოტებმა, ლამის ყურის ბარაბნები დამიხეთქა. - რატი.. -რა რატი? - შევფხიზლდი მაშინვე. -რა და, შენი მომავალი შეყვარებული და ყოფილი ძმაკაცი მოდის ცოტა გვიან და გამოყვები იმას. -ჯერ ეს ერთიც, ეგ რაღაც იდიოტური სახელები დაივიწყე და მერე მეორეც, შენ მართლა გგონია, რომ მე რატის და მარიამს მანქანაში ჩავუჯდები? -აბა რას იზამ? - გაეცინა აჟიტირებულს. მოულოდნელად დააძრო ტელეფონი და შეტყობინება აკრიფა. - მივწერე კიდეც უკვე. -კეკე! - დავიკივლე განწირულმა. - მოგკლავ! თავ-პირის მტვრევით დაეშვა კიბეებზე, ალბათ შეეშინდა, მართლა რამე არ დამეშავებინა. ვეღარაფრით დავიძინე აფორიაქებულმა. გულში ვწყევლიდი თავს, კინწისკვრით რომ არ გავაგდე დილის შვიდ საათზე კარს მომდგარი კეკე. დაახლოებით 11:00 საათისთვის ყველამ სათითაოდ რომ ამიტეხა რეკვა, მივხვდი, ესენი თავის დამნებებლები არ იყვნენ და ბედს შევეგუე. შეხვედრის შემდეგ, პირდაპირ ოფისის კართან მომაკითხა ჯანხოთელმა. ^ ^ ^ ვეცადე ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული სახით ჩავმჯდარიყავი უკანა სავარძელზე. გამომიტრიალდა რატი. წვერი შეემოკლებინა, თმაც ოდნავ შეეჭრა. მუქი ლურჯი პოლოს ზედა და დუტის ჟილეტი ეცვა. შავი სათვალე ისე უხდებოდა, რამდენიმე წუთით სუნთქვაც შემეკრა. -უკან რატო ჯდები? -წინ მარიამი არ ჯდება? - ვიკითხე ინტერესით. -არ დაჯდება მარიამი, გადმოდი. - გულრილად მიპასუხა და თავი მიაბრუნა. -წინ მე ხო არ დავჯდები, უხერხულია. -არ მოდის მარიამი, ვახ, გადმოდი, ტაქსისტივით ხო არ ვივლი?! - გაეცინა მოულოდნელად. უცნაურად მომეჩვენა. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ასეთი ლაღი და თავისუფალი არ მახსოვს. თითქოს, ერთიანად დაეფერთხა ის დაძაბულობა, სულ თან რომ ახლავდა ჩვენს შეხვედრებს. მორჩილად გადავედი წინ. ღვედი გადავიჭირე და რატიც დაადგა გზას. ერთხანს ვებრძოდი თავს, თუმცა, ბოლოს მაინც მიმტყუნა მოთმინებამ. -რატომ არ მოდის მარიამი? -არ მითქვამს. -რატო მერე, იჩხუბეთ? - ენამ წინ გამისწრო. ჩაეცინა და გადმომხედა. -რა გაცინებს, ვერ გავიგე. უბრალოდ, წინაზე ამბობდა, ძალიან მინდა წამოსვლაო და მაგიტომ ვიკითხე. - უსუსურად დავიცავი თავი. -არ ინერვიულო შენ, უჩვენოდაც მოხვდება რამენაირად გუდაურში. -ნუ იცი ეგეთი სარკასტული კომენტარების გაკეთება. - კბილებში გამოვცერი. აღარაფერი უპასუხია. ნერვულად ვათამაშებდი ჩანთაზე ხელებს. ისე მაინტერესებდა მათი ჩხუბის მიზეზი, ცხოვრებაში პირველად ვინატრე სოფოსთან ერთად მგზავრობა. აქ რომ ყოფილიყო, დაკითხვას მოუწყობდა და იმდენს იზამდა, დეტალებში დააფქვევინებდა ყველაფერს. -ვერ ისვენებ რაღაც, რა ხდება? - შემომიბრუნდა დასერიოზულებული. -რა შემატყვე? -ხელები წაგძვრეს, ლამისაა. -წიკი მაქვს ასეთი. - თავი გავიმართლე. -ვიცი, რომ გაქვს. - დამეთანხმა. - როცა ნერვიულობ, ან რაღაც გაინტერესებს. -ვაიმე, რაში მაინტერესებს, კაცო, ან რა მაქვს სადარდებელი. ისე ვიკითხე უბრალოდ, რატომ აზვიადებ? -კაი, კაი, მე მაპატიე. - გაეცინა და ტელეფონიდან სასურველი სიმღერა შეარჩია. მანქანაში Arctic Monkey-ს Flourescent Adolescent გაისმა. ვგიჟდებოდი ამ სიმღერაზე. ჩემი და რატის მუსიკალური გემოვნება, ფაქტობრივად, იდენტური იყო. ხანდახან ვბრაზდებოდი ამაზე. მისი გამოგზავნილი სიმღერა არასდროს იყო ცუდი და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ადიქციას იწვევდა. -რაზე ჩაფიქრდი? - გამომაფხიზლა მისმა ხმამ. - გითხრა, რაზე ვიჩხუბეთ მე და მარიამმა? -ძალიან კარგ ხასიათზე ხარ, რატი.. - გავღიზიანდი მისი ირონიული ღიმილის დანახვაზე. - ხდება რამე? -რამე უნდა ხდებოდეს მაინც და მაინც? - გაუკვირდა. -რა ვიცი.. შენნაირი უჟმური ადამიანისგან მიკვირს უბრალოდ. -მე ვარ, გოგო, უჟმური? - გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა ლამის. -არ ხარ? -მე ნამდვილად არ ვარ უჟმური, - ჩაეცინა. - აი, შენ კი ხარ უნამუსო. -მადლობა დიდი, - ჩავიფრუტუნე წყენით. - და გადართე, აღარ მიყვარს ეს სიმღერა. გამეტებით დავაჭირე შეცვლის ღილაკს თითის. ხმა აღარ ამოუღია. მშვიდად მიიღო ჩემი პრეტენზია. დილის შვიდის ნახევარზე გაღვიძებამ თავისი შედეგი გამოიღო. მალევე მომწყდა კისერი და გავითიშე. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, თუმცა, რომ შევფხიზლდი, უკვე გუდაურის მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ვიყავით. გაბრუებულმა წამოვყავი თავი. -ოჰ, - გაეცინა რატის. - დილა მშვიდობის. -რამდენ ხანს მძინებია.. -ჰო, პირღიას თან. სირცხვილმა ამიწვა მთელი სხეული. იმის გაფიქრებისას, რომ პირღიას მეძინა რატისთან მანქანაში და სავარაუდოდ, დორბლიც გადმომდიოდა, ცოტა არ იყოს გამაღიზიანა. -შეგეძლო გაგეღვიძებინე. -მადლობა, არც ისეთი კარგი ხასიათი გაქვს ახალგაღვიძებულს. ძალიან თავისუფლად მელაპარაკებოდა რატი. ისე, თითქოს არ ეარსება იმ ერთ წელს ჩვენ შორის. ის პატარა მანძილი, გუდაურამდე რომ დაგვრჩენიდა მალევე დავფარეთ. კვაშის მიერ გამოგზავნილი ლოკაციის მიხედვით, დანიშნულების ადგილას ხუთიოდე წუთში ვიქნებოდით. მთლიანად თეთრად გადაპენტილიყო გუდაური. თოვლისგან დამძიმებული მთები ამაყად იმზირებოდნენ შორიდან. ქარი პერიოდულად ფანტავდა თოვლის ზედა ფენას, ჰაერში ფარფატებდნენ არეული ფიფქები და რამდენიმე წამით ყველაფერი მოძრაობას იწყებდა - მერე ისევ ჩერდებოდა, ისევ შვიდდებოდა, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს. და მაინც, ამ სიჩუმეში სიცოცხლე იგრძნობოდა. შორიდან მოდიოდა ხმები - ვიღაც ეშვებოდა დაბლა, ტრასაზე, ვიღაც ყვიროდა, იცინოდა, ეცემოდა. თუმცა, ეს ხმები არ არღვევდა სივრცეს, უბრალოდ მის ნაწილად ქცეულიყო. ორსართულიან სახლს მივადექით. მშვენიერი არჩევანი გაეკეთებინათ სოფოს და დათას. ხშირად მეცინებოდა იმაზე, რომ სოფო და დათა ამ წლების განმავლობაში მართლა სამეგობროს მშობლებად ჩამოყალიბდნენ. ყველა ფორმალური მხარე, რომელიც თრიფის, ან შეკრების ორგანიზებას მოითხოვდა, მათ კისერზე იყო. არასდროს გაუპროტესტებიათ, პირიქით, სიხარულით აკეთებდნენ ყოველთვის ყველაფერს. ეზოში შეიყვანა მანქანა რატიმ. მშვიდად შევიხსენი ღვედი და მანქანიდან გადასვლა დავაპირე. -ნატა, - დამიძახა რატიმ ყრუდ. - სანამ შევალთ, რაღაცას მოგცემ. გამიკვირდა. ერთდროულად გავხსენით მანქანის კარი. მოუარა ჯანხოთელმა ტრანსპორტს, მორჩილად მივყევი მეც. გახსნა საბარგული და იქიდან პერგამენტის ქაღალდში გადახვეული ოთხკუთხა ნივთი გადმოიღო. მომიახლოვდა და გამომიწოდა. დაბნეულმა ავხედე. -გამომართმევ, თუ სადამდე ვიდგე ასე? გამოვართვი. -გახსენი, ნატა. საყურებლად არ მომიცია. ხელის კანკალით შემოვაცალე პერგამენტის ქაღალდი ნივთს. მალევე გამოჩნდა კვასკვასა ბროწეული ტილოდან და სუნთქვა შემეკრა. ტაომ ისე ძლიერად დამაყარა ტანზე, მეგონა ათასობით ჭიანჭველა დამდიოდა ზედ. მორიდებით მიმზერდნენ საკუთარი ხელით მოხატული პატარა ბროწეულები ტილოდან. ნახატი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა ჩემი ნამუშევრებიდან და რომელიც კვაშის დასახმარებლად გავყიდე რამდენიმე თვის წინ. რატიმ დაბნეულად მოისვა ხელი მოკლედ შეკრეჭილ თმაზე. -არ მინდა, რამე ისეთი იფიქრო. - არეულად დაიწყო. - ვიცი, რომ ძალიან გიყვარდა ეს ნახატი. მგონია, რომ არავინ იმსახურებს ისე, როგორც შენ. უბრალოდ მინდოდა გქონოდა. შემთხვევით წავაწყდი და ვერ მოვითმინე.. -რატი… -მოკლედ, არაფერია ისეთი. შენ უნდა გქონდეს ეგ და მორჩა. მშვიდად მიიჭრა მანქანასთან, საბარგულში დარჩენილი, დაბარებული პროდუქტი და ჩვენი ზურგჩანთები აიღო, ჯერ კიდევ ღი კარი დახურა და ნელი ნაბიჯებით გაემართა სახლისკენ. გაშეშებულს მომაძახა. -ეგ თუ გინდა მანდ დატოვე, რომ ჩავალთ, მოგცემ. და ეგ პარკი წამოიღე, თუ შეგიძლია. აღარ დამრჩა ხელში ადგილი. აკანკალებული ხელი გადავუსვი ნახატს. სიმშვიდემ მოიცვა ჩემი სხეული. ამეტირა. ^ ^ ^ სახლში რომ შევედით, უკვე სრიალისგან დაქანცულები ეყარნენ დანარჩენები ძირს. -აჰ, მოხვედით.. - სიხარულით წამოხტა კეკე და ლამის ზედ შეგვაფრინდა ორივეს ერთად. - აბა, როგორ იმგზავრეთ? -კარგად.. - უპასუხა ჩემს მაგივრად რატიმ. - მშვენივრად გამოიძინა ნატამ. ავხედე. ჯერ კიდევ ემოციებში ვიყავი წეღანდელის გამო. ეშმაკურად ჩამიკრა თვალი. ვერ ვხდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ეჭვნარევი, ანცი ღიმილით შემათვალიერა კეკემ და თავი გამიქნია, რა ხდებაო. არაფერი, მერე გეტყვი-მეთქი ვუჩურჩულე და ზემოთ, საძინებელს მივაშურე. როგორც კი ნივთები დავაბინავე, მაშინვე ჩავედი დაბლა. ხმაურობდნენ ეზოში. ვერანდის კარი ღია დარჩენოდათ. აივანზე გავედი და გადავიხედე. გამეტებით ესროდა ვატო კერესელიძე რატის გუნდებს. ამ უკანასკნელმა გმირულად აიცილა რამდენიმე, თუმცა, საბამ უმუხთლა. ზურგიდან მიპარულმა, ხარბად ჩააყარა თოვლი ზურგში და ისეთი სისწრაფით მოსწყდა ადგილს, თითქოს ლომის გალიაში უპირებდნენ ჩაგდებას. იყვირა რატიმ, იქვე მდგარ კვაშის მიაწვდინა ხმა. -ეგ დაიჭირე! კვაშიც დაპროგრამებულივით ეცა საბას და პირდაპირ თოვლში გადააგდო. -ეე, ორი ერთზე რა პონტია?! - დაიწუწუნა საბამ. -შენ და შენი ძმა ორნი არ ხართ, თუ თვლა არ იცი? - თავზე წამოადგა ჯანხოთელი. -ტყუპები ვართ, ერთად ვითვლებით. - გაეცინა საბას. - არ დამაყარო მაგხელა გუნდა, ძმობას გაფიცებ, დავიხრჩობი. ყური არ უთხოვებია რატის. ზედ დააცალა თოვლის გროვა და ამჯერად თვითონ გაიქცა. პატარა ბავშვებს ჰგავდნენ ჩემი მეგობრები. აი, იმათ, ცოტა თავისუფლებას რომ მისცემ და ნამდვილ ნადირებს ემსგავსებიან. წამით არ გაჩერებულა არც ერთი. ღიმილით დავყურებდი ზევიდან და სოფოს მორთმეულ ყავას გემრიელად ვსვამდი. -შენ რატომ არ ჩამოდიხარ? - ღიმილით ამომძახა კვაშიმ. -იყოს, - გამეცინა. - ბავშვობაში იმდენი პატივი გაქვთ ნაცემი ყველას სათითაოდ, აღარ მინდა ახლა რატომღაც. -ჩამოდი, დაგინდობთ. - აჰყვა დათა. -აი, ყოველ ჯერზე ეგ ფრაზა მესმოდა, სხვათა შორის, და ყოველ ჯერზე ვტყუვდებოდი. რატიმ ამომხედა ქვემოდან. გაეცინა. -რა გაცინებს? -გამახსენდა ახლა, ბელასთან რომ ჩამიშვი ბავშვობაში. -ორი კილო თოვლი მაჭამე, რატი. - სიმწრისგან გამცრა, რომ გამახსენდა. -მერე დედაჩემი რას გიშველიდა? -მე რას მიშველიდა, - გამეცინა. - შენ მოგხვდა, სამაგიეროდ. სიცილის ტალღამ გადაუარა დანარჩენებს. ნელ-ნელა ბინდი ეპარებოდა თოვლით დაფარულ მთებს. იკარგებოდა დღის შუქი. თეთრი, რომელიც მთელი დღე თვალს გვჭრიდა, ახლა რბილდებოდა, იდუმალ ფერებს იკრებდა - ოდნავ ვარდისფერს, მერე იისფერს, ბოლოს კი ნაცრისფერში იფანტებოდა. მთები ისევ იქ იყვნენ - უძრავად, მძიმე თოვლით დაფარულნი, თითქოს კიდევ უფრო ახლოს მოსულიყვნენ. მათ ზურგზე ჩრდილები წაგრძელებულიყვნენ, ერთიანდებოდნენ, და შორიდან ყველაფერი უფრო ახლობელი ხდებოდა. ქარი ისევ ფანტავდა თოვლის ზედა ფენას. ფიფქები ირეოდნენ ერთმანეთში და რამდენიმე წამით თითქოს ყველაფერი მოძრაობას იწყებდა - მერე ისევ ჩერდებოდა, ისევ მშვიდდებოდა, ისე, თითქოს ეს პატარა ქაოსი არასდროს ყოფილა. და მაინც, ამ ნახევრად ბინდში სიცოცხლე არ ქრებოდა. უბრალოდ იცვლებოდა. პატარა, გაფანტული ნათებები ჩნდებოდა მთის ფერდობებზე, გზის გასწვრივ, ფანჯრებში. სუნთქავდა გუდაური ჩუმად. ^ ^ ^ მოსაღამოვებულს, დაბლა, ბუხრის ოთახში მწვადის შეწვა დაიწყეს ბიჭებმა. გოგონები სამზარეულოში ვისხედით და სოფოს ვეხმარებოდით სადილის მომზადებაში. ყოველთვის მაოცებდა სოფო. ისე შეეძლო ოც კაციანი სუფრის გაშლა, ზედმეტად არ დაიღლებოდა. პირიქით, სულ ღიღინით დაფარფატებდა აქეთ-იქით. ამჯერადაც, მთელ მაგიდაზე გაეშალა ინგრედიენტები. მე და კეკეც დავესაქმებინეთ და ჭიქა ყავით ხელში მშვიდად ჩაჰკირკიტებდა გაზზე შემომდგარ ქვაბს. -რაღაც შეცვლილი მეჩვენება რატი, არა? - წამოიწყო სოფომ. -ხო, თითქოს ძველი რატია. - დაეთანხმა კეკე მეგობარს. -ეგრეა, კი. ვერ გავიგე, რა ხდება. ჩემი ნახატი დამიბრუნა, იცით? - გამეღიმა. -რომელი ნახატი? - გაუკვირდა სოფოს. -ბროწეულები. - დამასწრო კეკემ. -ჰო.. ბროწეულები. შემთხვევით წავაწყდიო, მითხრა. მინდა, შენ გქონდესო.. -შემთხვევით წააწყდა არა, ის.. - ჩაიფრუტუნა კეკემ. - თვეები ეძებდა მაგ ნახატს, ძლივს იპოვა. გაკვირვებულმა გავხედე. -კვაშის წამოსცდა. - ამიხსნა კეკემ. რაღაც უხილავი, სითბო შეპარული ტალღები ვიგრძენი მთელ სხეულში. ღიმილმა გამიპო მთელი სახე. -ის ამება სად ყავს? - გამომაფხიზლა სოფომ წამებში. -სოფო! - დავუყვავე და გარშემო მიმოვიხედე. - არ გაიგოს, უხერხულია. -გაიგოს, კაცო. - აიმრიზა სოფო. - წინაზე პირში ვუთხარი მაგ გოგოს ტვინში უჭირს-თქო და გაეცინა. -რატო იცი ეგრე ლაპარაკი, გაუტყდება. - არ მესიამოვნა მაინც მისი საუბარი. -დამშვიდდი ერთი შენ, - დამიცაცხანა კეკემ. - ის გვითხარი, აქ რატო არ წამოიყვანა. -არ ვიცი, მეც ვიკითხე და არ მითხრა. -მოიცა, გავარკვევ ახლავე. - თავი მიანება ყველაფერს სოფომ და ისე დაიძრა ბუხრის ოთახისკენ, თითქოს რატისთვის რაღაც ძალიან უმნიშვნელო უნდა ეკითხა. -სოფო, აქ მოეთრიე! - შუა გზიდან მოვხსენი. - ახლა არ ჰკითხო, მიხვდება, რომ მე გითხარი და მაგის ყბაში ვერ ჩავიგდებ თავს. ამოიფრუტუნა და მორჩილად მობრუნდა უკან. ამასობაში სამზარეულოში ვატო ამოვიდა, შამფურებით ხელში. ეჭვნარევი სახე მოგვატარა და გვკითხა. -რა ხდება, ეშმაკის ანასხლეტებო, ვის დაეცით ბნედა ამჯერად? -ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს ნახევარი ბროწეულები და ქალაქი ჩვენთან ერთად გაჭორილი არ გყავდეს. - მიახალა კეკემ ღიმილით. -ოხ, ოხ.. ენა გაქვს ეკატერინე რაზმაძე, მტერს და ავს.. იკითხავ მერე, რატომ არ მიჩერდება არც ერთი კაციო. - მაზოლზე წიხლი დააჭირა ტყუპმა. -შენ რომ გაქვს თაფლივით ენა, რაღაც ვერ გიდგას რიგი… - არც კეკე დარჩენია ვალში. -ენა-მეთქი, გოგო. - გაოგნდა ვატო კეკეს შეტევაზე. -თქვენ მაინც არ იჩხუბოთ ახლა. -ისე, გოგო, ნატა! რატომ არ წამოვიყვანეო ის გოგო, არ გითხრა რატიმ? -აჰა, უყურე ახლა ამას. - გამეცინა. - შენღა აკლდი ამ ჭორთა ბიუროს. -შენ არ გაინტერესებს? - ჩამეკითხა სოფო ეჭვით. -რაში მაინტერესებს? -სულ არა? - გამომცდელად ჩამეკითხა კეკე. -არა-თქო, კეკე! -რამხელა ტყუილებს დაეჩვიე შენ?! -შემეშვით ახლავე! - დავიცაცხანე და ფეხზე წამოვდექი. ვატო უკან დამედევნა. - ენას ამოგაძრობ ვატო და საბას გადავცემ საზეიმო ვითარებაში, შემეშვი-მეთქი, რომ გეუბნები! ჩამომეხსნა ვატო და შამფურების რეცხვას მიჰყო ხელი. -აი, ისეთი მწვადი უნდა შეგიწვათ, ნაჭამი რომ არ გექნაბათ არსად. -ეგეთ ბლატაობას არ მოსდევს ხოლმე კარგი შედეგი, ძირითადად. - ირონიული ღიმილი აეკრო კეკეს სახეზე, კარგად ერთობოდა ტყუპის რეაქციებით. -კეკე, - დაიღრინა ვატომ. - შენ არ აღმოჩნდე ამ შამფურზე იმ ხორცის მაგივრად! -რა დღეში გაქვს ნერვები, ვახტანგ? -გოგო! -ისე, დაგიმუღამებიათ, რომ ყველას რაღარც გრძელი და ძველმოდური სახელები გვქვია? - ჩაეცინა კეკეს საკუთარ დაკვირვებაზე. - რას მიყურებთ? -რატომ ყველას? - გამეცინა. - რატის და საბას იმას ვეძახით, რაც ჰქვიათ. -დანარჩენები? ეკატერინე - ანუ კეკე, ვახტანგი - ვატო, დავითი - დათა, ალექსანდრე - სანდრო, სოფიკო - სოფო და შენ საერთოდ, ნატრული - ნატა. - ხარხარი აუტყდა კეკეს. -დეჟა-ვუ მაქვს, - დავიღრინე. - სახელზე წლებია არავის დაუცინია ჩემთვის. გაიხარე, კეკუ! -გოგო, მოყევი რა, ის ისტორია, რატომ დაგარქვეს ნატრული. -დაახვიე, კეკე! - გამოვცერი კბილებში. -მოყევი, გეხვეწები! - აჰყვა ვატოც. -რა ხდება? - შემოვიდა ამასობაში რატიც. -ნატას ვეხვეწებით, მოგვიყვეს რატომ დაარქვეს ნატრული და ცოცხალი თავით არ ამბობს. -მე მოგიყვებით მაგას, კაცო. - გაეცინა რატის და გადმომხედა. - მოვყვე? -შენ რატომ უნდა მოყვე, ვითომ? - შემეცვალა სახე. - მოკლედ, დედაჩემს მუცელი ასტკივდა იმაზე ადრე, ვიდრე ელოდნენ. ჰოდა, რომ მიჰყავდა მახოს, გზაში მანქანა გაფუჭდა. შუა ბროწეულებში გაუჩერდა. დენი რომ არ იყო მაშინ, კი მოგეხსენებათ და შუა ღამეს, შუა გზაზე მშობიარობა დაეწყო ირმას. -მერე, მერე? -ვიღაც ქალმა ჩამოიარა ბედად, ბებიაქალი აღმოჩნდა და მანქანაში ამშობიარა ირმა. -მთავარს არ ამბობს. - გაეცინა ჯანხოთელს. -იმ ქალს ერქვა, ხო, ნატრული? - ხარხარი აუტყდა კერესელიძეს. -დიახაც, ერქვა! მახოს რა ვუთხარი მე, პირდაპირ ნატა რომ ჩაეწერა დაბადების მოწმობაში, არ შეიძლებოდა? -ნატა კი არა, ნატრული ერქვა იმ ქალს. - არ მინდობდა რატი. - ეს ჩვენ ვიჩენთ კეთილ ნებას და გეძახით ნატას, თორემ.. -მაგრად გაგიმართლა ისე, ნატი.. - მზაკვრული სახე ჰქონდა კერესელიძეს. რაღაც საშინელება უნდა ეთქვა, ვატყობდი. - კიდევ კარგი ნატრული ერქვა და სახელი შევამოკლეთ, მაყვალა რომ ყოფილიყო, სად მიდიოდი? -მაკოს დავუძახებდით! - მიშველა სოფომ. -ვაიმე, - შემიღონდა უკვე გული. - მიხედეთ რა თქვენს საქმეებს, ჩემს სახელზე ისეთს ვერაფერს ვერ იღადავებთ, აქამდე რომ არ მომისმენია. -მაგარი საცემები კი არიან ისე შენი მშობლები. - მომაძახა მაინც ტყუპმა. - აი, პირველი შვილი რომ ოთარი გყავს, მეორე ხომ მაინც უნდა დაინდო? იქვე ჯამში დარეცხილი ლიმონიდან ერთ-ერთს მოვკიდე ხელი და პირდაპირ ვატოს მიმართულებით ვისროლე. გმირულად აიცილა კერესელიძემ და ხარხარით ჩაუყვა ბუხრის ოთახისკენ მიმავალ კიბეებს. ^ ^ ^ ორიოდე საათში ყველაფრის გამზადებას რომ მოვრჩით, სუფრაც გავაწყვეთ გოგოებმა. დამშეულები და დაღლილები შემოვუსხედით მაგიდას. რაღა თქმა უნდა, სასმელიც განუყოფელი ნაწილი იყო. ვატომ ლუკმის გადაყლაპვა არ გვაცადა, ისე დაგვალევინა მიყოლებით სამი ჭიქა, რაც სავსებით საკმარისი იყო ჩემი გათამამებისთვის. ჩუმად მივწერე სოფოს შეტყობინება, ჰკითხე რატის დაშორების მიზეზი-მეთქი. მასაც ეს უნდოდა. ამაყად გაიჯგიმა სკამზე და ვითომც არაფერიო, ისე დააყრანტალა იმ წამსვე. -რატიკო, ტურფა სად გყავს? ჩაეცინა რატის, მე ერთიანად წამოვხურდი სახეზე. -სოფო! - დაუყვავა დათამ. -რა სოფო, კაცო, რა გინდათ.. რა ვიკითხე ეგეთი?! -მარიამზეა ლაპარაკი? -სხვა ტურფაც გყავს ვინმე? - ჩაეკითხა კეკე. -არა, - გაეცინა რატის, - დავშორდით მე და მარიამი რამდენიმე კვირაა და უხერხული იქნებოდა მისი აქ წამოსვლა. მოულოდნელად გადმომხედა სერიოზული სახით. -უი, რას მეუბნები? - სოფომ ისე შეიცხადა, ლამის სიცილი ამიტყდა. -არა უშავს, თუ ბედია, შერიგდებით, რატ. - თვალი ჩაუკრა კეკემ. -შენ ძაან გეწყინა, ხო? - სიცილით გადაულაპარაკა რატიმ სოფოს. -მე რას მომახტით, ვერ გავიგე. -იწყინა სოფომ ხელოვნურად.-თითქოს ყველას ძალიან მოგწონდათ. -რატო, ნატა უგებდა კარგად. - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და ისევ გამისწორა თვალი. კინაღამ კოკა-კოლა გადამცდა. -ძალიან იშვიათია ისეთი ადამიანი, მე რო ვერ გავუგებ. - ვალში არც მე დავრჩი. -ყოჩაღ პატარა, მომეწონა! -შემაქო კეკემ. -სარკაზმში ბადალი არ ყავს ისე, ძლიერია. -ხო, მაგის ენა უფრო მწარეა, ვიდრე ბელას აჯიკა. - გამოვცერი კბილებში და ახლა ვატოს მივუბრუნდი. - დამისხი ერთი! -ეს მწვადი შეწვით, თუ დაწვით? - სასაცილოდ დაატრიალა დათამ ხორცის ნაჭერი. -ხო გითხარი, შე გამოშტერებულო, მეტი აღარ უნდა-მეთქი? - გაბრაზდა საბა და ძმას უსაყვედურა. -ჯერ ეს ერთიც, ეგ მწვადი დამწვარი კი არა, დაბრაწულია და მერე მეორედ, შენ მე რას მასწავლი? -რა დაბრაწული, - ჩაერია კვაში, - ბოლო თხუთმეტი წუთია ვღეჭავ და ჯერ წინ ვერ წავიწიე. სიცილი წამსკდა. -რა იყო, ნატრული, დავიკმაყოფილეთ ცნობისმოყვარეობა და გავხალისდით? ელდა მეცა. ყველას ჩაეღიმა. უნებურად გამექცა თვალი რატისკენ. ზედაც არ მიყურებდა, მხოლოდ ჩატეხილი ტუჩის კუთხით მივხვდი, როგორ ესიამოვნა მოსმენილი. -რას გულისხმობ, აბა, ვატო კერესელიძე, განამანთლე? - არ დავიხიე უკან. -აღარ მინდა ახლა, - ხელი ამიქნია ტყუპმა. - გამგებმა გაიგო. -ღირსი იყავი, ჩემი აზრით, იმ გოგომ რომ დაგახვევინა! -რაო? - სკამიდან წამოფრინდა ვატო. - ვინ გოგომ დამახვევინა? -აი იმან, კოჯორში რომ წაიყვანე პაემანზე. ხარხარი აუვარდა კვაშის. დანარჩენები ჩუმად ფხუკუნებდნენ. ნაღალატევი, შეურაცხყოფილი სახით უყურებდა ვატო ბიჭებს, ყველას სათითაოდ. -კეკუნა, ერთი უკან შემათვალიერე. ძალიან ღრმად მაქვს ლახვარი ჩარჭობილი? თავიდან ავხარხარდით. -უნამუსოებო.. - სათითაოდ უყურებდა ბიჭებს. - ამათთან რამ გათქმევინათ? ჩამაგდეს მგლების ხახაში… -კაი, ვატ, რა მოხდა მერე? გეცოდინება აწი, სად უნდა წაიყვანო გოგო დეითზე. -გოგო, შე პატარა კობრა, მაგის გამო არ დამშორებია. და სხვათა შორის, ძალიან მოეწონა ის ხედი. -რას შვრებოდით, სემიჩკას ჩუჩნიდით? - ჰკითხა რატიმ. -მათ შორის! - იყვირა ტყუპმა. -ის იცით, იმ ღამეს პატრულმაც რომ დააჯარიმა? კინაღამ გული წაგვივიდა სიცილისგან. -მაგრად აგაზავე ელანტრა, ბიჭო? -ფუ, აი, რა საშინელი ხალხი ხართ… - ეწყინა ვატოს. - არაფერსაც აღარ მოგიყვებით! -კაი გვეყო, რა არის ამდენი დაცინვა, ვერ გავიგე?! - მოჩვენებით სიბრაზით დავუცაცხანე ყველას და სკამიდან წამოვიწიე, რომ ვატოს მოვხვეოდი. -აღარ მინდა, გამლახენ უკვე. - წამომარტყა მსუბუქად ხელზე. - და ისე, სხვათა შორის, ნატრული, მეგობრის დაცინვა საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, დაბალი ემოციური ინტელექტის მაჩვენებელია. ხმით გამეცინა. -ეგ ვინ გითხრა, იმ გოგომ? -მომეშვი, ეშმაკის ხელიდან გავარდნილო… -კაი, შემირიგდი და შენთან ერთად დავლევ. - ლოყაზე ვაკოცე. -იმ კონიაკს? - თვალები გაუბრწყინდა კერესელიძეს. -რომელ კონიაკს, სანამ დაასხამ, რომ ორთქლდება? - ზიზღით დაემანჭა სახე საბას. -ნატა, არ ქნა ეგ. მოკვდები. - გამაფრთხილა კვაშიმ. -მართალს გეუბნებიან, - ჩაერია რატი. - ამის კუჭი სამედიცინო სპირტსაც აიტანს. რას ედრები.. -არ დაუჯერო, ნატატი. ამათი გჯერა და ჩემი არა? -ჯანდაბას შენი თავი, გამოიტანე, მიდი. გიჟივით ავარდა ზემოთ ვატო. სულ ღიღინით ჩამოიტანა სადღაც გადამალული, მუქი ხისფერი სითხე. -აბა, აბა.. - გაგულისდა. - ჩამოვასხათ. პირველივე ყლუპზე მივხვდი, დიდ შეცდომას რომ ვუშვებდი, მაგრამ უკან ვეღარ დავიხიე. მეექვსე, თუ მეშვიდე ჭიქის მერე ვითომ ტელეფონის შესაერთებლად ადგა რატი. უკან დაბრუნებისას თამამად ამართვა ხელიდან ჭიქა. -რას აკეთებ, დამიბრუნე! -აღარ გინდა მეტი.. -შენ რა გინდა? არ დაგარწყევ შენ, დამშვიდდი. - ჩამეცინა სარკაზმით. გაეცინა ჯანხოთელს. ეშმაკურად შემომხედა. -დარწყევის არ შეგეშინდეს, ზედმეტი სითამამე იცის ალკოჰოლმა. გამაცია. -დამიბრუნე ჭიქა, თუ შეიძლება. - გავუღიმე მშვიდად, არადა, შიგნიდან ყველაფერი ამიხურდა. - არ მეშინია სითამამის, არაფერი მაქვს დასამალი. -არა? - მკითხა და გამომწვევად გამომიწოდა ჭიქა. სანამ გამოვართმევდი, ნაზად შემეხო ხელის მტევანზე. გამაჟრიალა. - დარწმუნებული ხარ? -სავსებით… ღიმილისგან გაეხა პირი. რა გაეწყობაო, ისე აიჩეჩა მხრები და კუთვნილ სკამზე დაიკავა ადგილი. ამჯერად გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე ვატო კერესელიძე. -აღარ მინდა, ძმაო… -აბლუყუნდა გამომთვრალი. - ეს გიჟი ვინ ყოფილა… - ეჭვნარევი სახით ამათვალიერა. - დარწმუნებულები ხართ რომ არ იპარავდა? -ყველა წვეთი დალია. - ღიმილით უთხრა კვაშიმ. თავმომწონედ გავიჯგიმე სკამზე. -თუ მჯეროდეს, რომ ნატამ დაგათრო. - თავს აქნევდა საბა. -იდი ნა ***, - გადასძაზა ძმას და ბარბაც-ბარბაცით გაჰყვა დათას, რომელიც ბოლო თხუთმეტი წუთი ეხვეწებოდა ტყუპს დასაძინებლად აგიყვანო. -ნატა, შენ კარგად ხარ? - მკითხა შორიდან სანდრომ. ცერა თითი ვაჩვენე მხოლოდ, დიდად ლაპარაკის თავი აღარ მქონდა. გაეცინა ყველას. მსუბუქად წამოვდექი და იქვე ბუხართან მდგარ დივანზე წამოვგორდი. ტრიალებდა ყველაფერი. -ახლა მე.. ცოტა ხნით დავიძინებ.. როგორ გავითიშე და რამდენ ხანს მეძინა არ მახსოვს. -ნატა.. - შემაფხიზლა რატის ხმამ. - ადექი, ზემოთ აგიყვან. ნელა გავახილე თვალი. გარშემო მიმოვიხედე. აღარავინ დარჩენილიყო ოთახში. სუფრაც მაგიურად ალაგებული დამხვდა და ბუხარიც ნელ-ნელა იფერფლებოდა. -აქ დავიძინებ.. - ამოვილუღლუღე. -კეკეც ზემოთ ავიდა, - მითხრა რატიმ. - გელოდება. ბუხარიც ჩაქვრა, აცივდება მალე. ადექი, მიდი. -აი, იმ დახვეული კიბეების ამვლელი, მე არა ვარ. - თვალი მოვატარე ზემოთ ასასვლელ კიბეს და გვერდი ვიცვალე. -ვახ... - ხრინწიანი ხმით დაიჩურჩულა რატიმ. -მოდი მაშინ.. რამდენადაც შეეძლო, ფრთხილად მომკიდა ხელი ფეხებსა და წელზე და მსუბუქად ამწია. ავად შემიღიტინა რატის სურნელმა ცხვირში. სიგარეტ ნარევი სუნამოსა და მენთოლის სურნელი ჰქონდა. ძალიან ოდნავ მეხებოდა მისი წვერი ლოყაზე. -აუ, კარგი რა.. -ნუ ზუზუნებ! -ჩურჩულით დამიცაცხანა. -გასუქდი? -იოცნებე. -შეურაცხყოფილმა წამოვწიე თავი. -არ დაიძინო, აგიყვან ახლა. - მითხრა სიცილით. -არ დავიძინებ. -ამოვიბუტბუტე. - დებილობა კონიაკი იყო, დამათრო.. -სასმელმა გიქნა, თუ ბლატაობამ? -ის ცალტვინა ტყუპი ხომ მაინც დავათრე.. გაეცინა ისევ, ძალიან მსუბუქად მაკოცა შუბლზე და ტუჩები არ მოუცილებია, ისე აიარა კიბეები. ძილბურანში ვიყავი უკვე, როცა ვიგრძენი როგორ დამაწვინა საწოლზე. მხოლოდ შეხებას ვგრძნობდი, როგორ გამხადა ფეხსაცმელი და როგორ გადამაფარა ძალიან ცივი საბანი. -არ წახვიდე.. -ამოვიბუტბუტე უნებურად. - აქ დაიძინე.. რამდენიმე წამით გაჩუმდა. ვხვდებოდი, როგორ ითიშებოდა ჩემი გონება, თუმცა, გული არ მაძლევდა დაძინების შესაძლებლობას. -კეკეს მივუწვე? - გაეცინა მსუბუქად. -კეკეს რატო, მე მომიწექი. -ნასვამზე გაქვს დიდი გული შენ. -ცივი ხმით მითხრა და ჩემს საწოლთან დაიხარა. -მახვეწნინებ? - დავიჩურჩულე. სიცილი აუტყდა ისევ, ამჯერად უფრო ხმამაღლა. უკვე ღრმად ჩაძინებული კეკე შეიშმუშნა. -დავიძინოთ? - შუბლი შუბლზე მომადო და ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა. -ჰო… -ნატა.. -ყურებამდე გაეღიმა. - შენ მე გიყვარვარ, იცოდი? წამებში გამოვფხიზლდი. განგაშის სიგნალი ატეხა ჩემმა გონებამ. ხმაურიანად გადავყლაპე ნერწყვი. რატი არ იძვროდა ადგილიდან და ზუსტად ვიცოდი, არც ის მავნე ღიმილი მოშორებია სახიდან. -შენი ფეხით რომ მოხვალ ჩემთან და ხელის გულით მომიტან მაგ სიტყვებს, მერე შეიძლება შენთან ერთადაც დავიძინო. - კვლავ ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და სწრაფად წამოდგა ფეხზე. ერთიანად ამიალდა სახე. -კარაქიან და თაფლიან პურსაც გაჭმევ ჩემი ხელით, გინდა? -გავკაპასდი და ერთიანად წამოვჯექი საწოლზე. -არაა, არ მინდა. კარაქიან პურზე ბლის მურაბა მისწორდება მაგრად. ხმაურზე გამოეღვიძა ამჯერად კეკეს, წამოსწია თავი და გვარიანად დაგვიყვავა. -რა ჯანდაბა გჭირთ, დამაძინეთ.. -ბოდიში, კეკუნა. -კოცნა გაუგზავნა რატიმ და ოთახიდან ისე გავიდა, იმ ეშმაკური ღიმილით დატოვა ოთახი. რაზმაძემ არხეინად იცვალა გვერდი. სანამ ისევ მშვიდ ფშვინვას ამოუშვებდა, დრო ვიხელთე. -ვაიმე, კეკე… -ჰმ… -რატი ძალიან მიყვარს… -უიმე, - ამოიოხრა გოგომ, - ახალი ამბავი, ნატა! დამაძინე ოღონდაც. ^ ^ ^ მეორე დღეს რომ ნაბახუსევი მქონდა, ეგეთი ცხოვრებაში არაფერი განმიცდია. როგორც კი თვალი გავახილე და წამოდგომა ვცადე, ისეთი თავის ტკივილი ვიგრძენი, რომ მოძრაობა შევწყვიტე და ერთ წერტილს მივაშტერდი შოკირებული. -კეკე... - დამცდა საცოდავად. - კეკე, მიშველე.. თავზე წამომდგომოდა რაზმაძე და სიცილი ეპარებოდა სერიოზულ სახეზე. -კვდები, ხო? - გაეცინა ბოლოს. - აი, როგორ არ გითხრა? მეტის ღირსი ხარ უბრალოდ! ვატო კერესელიძეს რომ დაუჯერებ კაცი, რა გელაპარაკო? -რომ გადავდოთ ეს ლექცია-სემინარი და მომხედო, არ შეიძლება? - დავიწუწუნე საწყლად. -მაცალე ხო, ამოგიტან წამალს. რამდენიმე წუთში დაბრუნდა ოთახში კეკე. ხელში ორი აბი ტკივილგამაყუჩებელი, წყალი და რაღაც გაურკვეველი შეფერილობის სითხე ეჭირა. გაჭირვებით გადავყლაპე წამალი და მეორე ჭიქაზე მივანიშნე მეგობარს. -ეგ რაღაა? -ისპანახის და კივის სმუზია, - მიპასუხა. - დალიე ესეც, გიშველის. -რა ფერი აქვს, კეკე.. არ მინდა! -არც იმ კონიაკს ჰქონდა შესაშური ფერი, გუშინ რომ ყლურწე! დალიე ახლა, ნერვი არ მომიშალო. ის მეორე გაჭირვებულიც მეყოფა! -კარგი ხო.. - ამოვიფრუტუნე დასჯილი ბავშვივით. რომელმა მიშველა ზუსტად, ვერ ვიტყვი, მაგრამ ნახევარ საათში ჩემი თავის ტკივილი სრულიად გაქრა. შედარებით გამოვიხედე თვალებიდან და დაბლა ჩავედი. უკვე საუზმობდნენ დანარჩენები. -ვახ, ჩემს ძმას და მეგობარს გაუმარჯოს! - მომესალმა ღიმილით ვატო. - აბა, ხო იყო ბომბა? -თავი დამანებე, ვატო. - დავიჯღანე ზიზღით. - აღარასდროს აღარავის დაალევინო ეგ სითხე.. -უმადურო! თვალი მოვატარე მაგიდას. ყველა ადგილზე იყო რატის გარდა. -რატი სად არის? - ვიკითხე და ყავა პირდაპირ კეკეს ავაცალე ხელიდან. -გაიხარე.. - ჩაიფრუტუნა ჩემმა მეგობარმა და ახლის გასაკეთებლად წამოდგა. - წავიდა დილით. -სად წავიდა? -საქმე გამომიჩნდაო, - მიპასუხა კვაშიმ. - ვერ იყო რაღაც ხასიათზე. ჩუმად გავაგრძელე ყავის სმა. ერთიანად მღრღნიდა ეჭვი, სად შეიძლება წასულიყო დილით უთენია. მერე, ნელ-ნელა აღმიდგა წინა ღამის ყველა მოგონება და გამახსენდა, როგორ ვეჩურჩულებოდი რატის ჩემთან დაიძინე მეთქი. გამაჟრიალა უხერხულობისგან. -ვაიმე.. - დამცდა უნებურად. გაკვირვებული მომაჩერდა რამდენიმე წყვილი თვალი. -რა ხდება, ნატი? - მკითხა დაბნეულმა კვაშიმ. -არა.. არაფერი. - ჩავიბურტყუნე ჩემთვის და ერთიანად არეული დავიძარი საძინებლისკენ. ^ ^ ^ როგორც კი შებინდდა, დავიძარით თბილისისკენ. ნელ-ნელა ქრებოდა თოვლით დაფარული მთები. მშვიდად ატარებდა მანქანას კვაში. -სად წავიდა რატი, არ იცი? -არ ვიცი. - ისე მიპასუხა, მიმიკა არ შეცვლია. - დაურეკე, ეგრე თუ გაინტერესებს. მართლაც დავათამაშებდი თითებს ტელეფონზე. ცნობისმოყვარეობა მჭამდა. ეჭვიც მასთან ერთად. გუშინდელი ღამიდან ყოველი წამი მახსოვდა. რაღაც ძალიან სამარცხვინო, წლების წინანდელი ამბავი რომ გაგახსენდება და უხერხულობისგან გაგაჟრიალებს, ზუსტად ეგ შეგრძნება მქონდა ახლა მთელ სხეულში. -რა მოხდა? -არაფერი... -ვახ, რა უცნაური ხალხი ხართ, რა. - მოთმინებამ უმტყუნა სანდროს. - ვერაფერი ვერ გავიგე თქვენი. თბილისში რომ შევედით, უკვე გვარიანად ბნელოდა. რაღაცნაირი ღამე იდგა, მთვარიანი და მძიმე. ჰაერში მოსალოდნელი თოვლის სურნელი ტრიალებდა. ბროწეულებში შევედით. სახლის კართან გამიჩერა კვაშიმ და ნივთების გადმოტანაში დამეხმარა. ყველაფერი რომ შეზიდა ეზოში, უკან გაბრუნდა და რამდენიმე წუთში ხელში ჩემი ნახატით დაბრუნდა. -რატიმ დამიტოვა ეს. - მითხრა და ნახატი გამომიწოდა. ფრთხილად გამოვართვი. ისევ ამაყად მიმზერდნენ ბროწეულები. თითქოს, მათაც ჩემსავით დაებრუნებინათ სიმშვიდე. უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს პატრონის ხელებში. -წავედი.. - ეშმაკური ღიმილით მაკოცა კვაშიმ ლოყაზე. - ძილინებისა, ჭინკა. ეზოდან თითქმის გასული მოტრიალდა უკან. -ნატი.. -რაო? -ხანდახან ძალიან ბევრი რომ არ იფიქრო, არ შეგიძლია? თვალი ჩამიკრა გასვლისას და ხმაურით გაიხურა ჭიშკარი. უნებურად გამექცა თვალი მეზობელი ეზოსკენ. სიჩუმეს დაესადგურებინა ჯანხოთელებში. მხოლოდ პირველ სართულზე დავლანდე მკრთალი შუქი. ამოვიოხრე და სახლში შევედი. -მოხვედი, დედიკო? - მომეგება ირმა. - ეგ რა არის, რა გიჭირავს? -ჩემი ბროწეულებია.. -არ გაყიდე ეგ? - გაოცება გაუკრთა ხმაში ირმას. -დამიბრუნდა.. - გამეღიმა ისევ. - დამიბრუნეს.. გაეღიმა ირმასაც. რატომღაც არ უკითხავს ვინ დამიბრუნა ნახატი. ამართვა ხელებიდან და კუთვნილ ადგილას დააბრუნა. ჩვენთან, მისაღებში - მთავარ კედელზე. ^ ^ ^ შუაღამეს ცოტაღა აკლდა. მთელი ოჯახი მისაღებში შეკრებილიყო. რაღაც უაზრო გადაცემას უყურებდა მახო და გვარიანად ხითხითებდა. სავარძელში მჯდარი ოთო მთელი გულისყურით ჩაჰყურებდა რაღაცას ტელეფონში. ირმა ვაშლს თლიდა და სიმეტრიულად, ლამაზად ალაგებდა თეფშზე. ბოლთას ვცემდი. ვერ გავჩერდი ერთ ადგილას ვერაფრით. -დამეხვა, ნატა, თავბრუ! - ნერვებმა უმტყუნა ოთოს. ავად მიტრიალებდა გონებაში წუხანდელი ღამე. „ხანდახან ძალიან ბევრი რომ არ იფიქრო, არ შეგიძლია?“ მონოტონურად ჩამესმა ყურებში კვაშის ხმა. „დილით წავიდა რატი.“ არ ჩერდებოდა გონება.. მოულოდნელად შევუტრიალდი ირმას. -ირმა, ბლის მურაბა გვაქვს? -რაო? - გაოცდა ირმა. - რამ გაგახსენა, შვილო, ამ შუაღამეს ბლის მურაბა?! გაოგნებული მომაჩერდა მამაჩემიც. -აუ, ირმა, გეხვეწები, ახლა არ ამახსნევინო რა.. - შევეხვეწე. -მიეცი დედა, კაი საქმიესთვის უნდა. -ეშმაკურად ჩამიკრა თვალი ოთომ. -ვაიმე.. არა მაქვს,დედიკო. არ გვიყვარს ჩვენ, ხომ იცი.. შარშანდელიდან რაც დამრჩა, ეგეც რატის გავატანე სულ. -ბელას ექნება. - მითხრა ოთიმ ღიმილით. ერთხანს ვუყურეთ მე და ოთომ ერთმანეთს. მერე, თითქოს ძალიან მსუბუქად მანიშნა კარისკენ და მეც გიჟივით ავვარდი ჩემი საძინებლისკენ მიმავალ კიბეებზე. ხელში რაც მომხვდა ამოვიცვი, კისრისტეხვით ჩავიარე კიბეები და გაოგნებულ მშობლებს მივაძახე. -კეკესთან მივდივარ მე და არ დამელოდოთ. -რა სჭირს ამ გოგოს? - ამოიფრუტუნა მახომ. -დამწვარია, მახო.. - ჩაილაპარაკა ოთომ თავისთვის. -ენას ამოგაცლი! - სიმწრით ჩავილაპარაკე და გავვარდი. სირბილით დავფარე ის მცირე მანძილი ჩემი და ჯანხოთელების ეზოს რომ ყოფდა. კარი ბრახუნით შეშფოთებლმა ბელამ გამიღო. -ნატა, ხო მშვიდობაა.. - შეეშინდა ქალს. -ბელაკო, ბლის მურაბა გაქვს? ერთიანად მოერყა ბელას ღიმილისგან სახე. -რათ გინდა, დედიკო, ბლის მურაბა?! -ბელაკო.. მომეცი რა, გთხოვ. - შევეხვეწე. ნელა და აუღელვებლად წავიდა ქალი, ღია დამიტოვა სახლის კარი და სულ რამდენიმე წუთში დაბრუნდა ქილით ხელში. -ერთი ცალიღა მქონია. გაუფრთხილდი.. ღიმილით ვაკოცე ლოყაზე და გიჟივით გამოვვარდი უკან. არაადეკვატურივით ჩავხტი მანქანაში. ისე ვატარებდი, თითქოს უკან მომსდევდა ვინმე. რამდენიმე შეტყობინება მომივიდა ერთდროულად მობილურზე და მივხვდი, მთლად წესების დაცვით რომ არ მიტარებია მანქანა. მივადექი რატის ეზოს. იქვე დავპარკინგდი და ბლის მურაბით ხელში კიბეებზე გამწარებული ავვარდი. კარზე ისეთი ბრახუნი ავტეხე, დიდად არც მირას არსებობა მახსოვდა და არც დანარჩენი 50 მეზობლის. რამდენიმე წუთი ვაკაკუნე უშედეგოდ. არავინ მიღებდა კარს. ჯიბეები მოვიქექე ინსტიქტურად და მაშინ დამარტყა თავში, ჩანთა, რომელშიც რატის სახლის გასაღებს ვინახავდი, შინ დამეტოვებინა. -მაგარი ხარ, ნატა, ყოჩაღ! - ამოვიბურდღუნე და ის იყო კიბეებზე დავეშვი, რატის მიპირდაპირე სახლის კარი გაიღო. ერთიანად გამაცია ცხვირზე სათვალე ჩამოწეული მირას დანახვაზე. -ნუ, Что происходит? ( რა ხდება?) ასეთ დროს შიძლება ასე ხმაური?! - მისაყვედურა ქალმა და აქოშინებული გვარიანად შემათვალიერა. -ბოდიში, მირა დეიდა. რატის ვეძებ და.. -Он не открывает,( არ გააღებს ) - მითხრა მშვიდად. - Он не один.. ( მარტო არ არის) თავზარი დამეცა. ვერც შევნიშნე, როგორ მომერყა სახე და იმდენად გავეხვიე ჩემს ტრაგიზმში, გამომრჩა ეშმაკურად მომზირალი მირას ანცი ღიმილი. -მოიცადე, შე სულელო... - დამაწია კიბეებზე ჩასულს. - Я шучу. (ვხუმრობ.) -რაა.. მირა დეიდა.. - ხმაში საყვედურის ტონები გამერია, თუმცა, ისე მომეშვა, ბრაზიც სადღაც გაქრა. -აბა მეგობრებიო?! - უკვე გვარიანად იღიმოდა მირა. - რა ვიცი, რა ვიცი… წამით გაუჩინარდა ქალი და სანამ მე ჩამოვარდნილი ყბის თავის ადგილას დაბრუნებას ვცდილობდი, ხელში გასაღებების ჩამოსხმით დაბრუნდა. ერთ-ერთი ამოაკლო და გამომიწოდა. -Вот, держи, он дал мне на всякий случай. Сказал: если что-то случится, пусть будет у тебя.(გამომართვი, ყოველი შემთხვევისთვის მომცა. მითხრა, რამე რომ მოხდეს, შენ გქონდესო) - ის იყო უნდა გამომერთმია, რომ წამით უკან წაიღო და დამებღვირა. - ისე არ იმსახურებ… Сколько лет ты мучила этого бедного парня. ( რამდენ ხანს აწამე ეს საწყალი ბიჭი) გამეცინა. შიგნით შევიდა მირა. ცხვირწინ მომიხურა კარი. შედარებით დამშვიდებულმა მოვარგე საკეტს გასაღები. უხმაუროდ გაიღო. ჩაბნელებული ოთახიდან უკანალის ქნევით გამოვიდა კირა და ცხვირწინ ამესვეტა. ხმაურიანად დამიკნავლა რამდენჯერმე. -ჩემო პატარა.. - ამეტირა ლამის კატის დანახვისას. - რამდენი ხანია არ მინახიხარ.. მიბრაზდები? ისევ დამიკნავლა კატამ. მსაყვედურობდა თითქოს, რომ დავივიწყე. ხელში ავიყვანე და კარგა ხანს ვეფერე. ბოლოს, რომ მოვბეზრდი, კნავილით გამისხლტა ხელდან და სადღაც მიიმალა. ფეხაკრეფით შევედი რატის საძინებელში. დაუნდობლად ჩამიარა თვალწინ ამ ოთახში მომხდარმა ბოლო ღამემ. შუქი ავანთე. საშინლად მარტოსული მეჩვენა იქაურობა. საწოლზე უდიერად მიეგდო რატის მაისური. მივხვდი, სადღაც ჩქარობდა. ხელში ავიღე და სანამ რამის გააზრებას მოვასწრებდი, უკვე ზედ მეცვა. არსაიდან მოვიდა ნანატრი სიმშვიდე. მისაღებში დავბრუნდი და იქვე მდგარ სავარძელში დავიკავე ადგილი. ხელში სასაცილოდ ჩამებღუჯა ბლის მურაბა. ვიცდიდი... ვიცდიდი.. ორი საათი სრულდებოდა რატის კედლის საათზე. ბოლოს, როგორც იქნა, გაიღო კარი. სახლში ოხვრით შემოვიდა. ხმაურით მივხვდი, როგორ გაიხადა ფეხსაცმელი. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა სიბნელეში და დენის ჩამრთველს მიჰკრა ხელი. ხუთიოდე წამით ვერ შემამჩნია. მერე მობრუნდა და მისივე სავარძელში, მისივე ტანსაცმლით და ბლის მურაბით ხელში რომ დამინახა, დენნრტყამივით გადავარდა უკან. -ვახ…. -ძალიან დაგაგვიანდა, იცი? -ნატა, გული გამიხეთქე.. - ჯერ კიდევ დაზაფრული ხმა ჰქონდა. ერთანად მომატარა თვალი და გაოცება გამოეხატა თვალებში. -შენ.. შენ რა გნდა, გოგო, აქ? როდის ჩამოხვედი, ან რანაირად შემოხვედი საერთოდ. -გასაღები მაქვს, დაგავიწყდა? - იქით, თაროზე უდიერად მიგდებულ გასაღებზე ვანიშნე. ჩემს მზერას გააყოლა თვალი. -აჰჰ.. არ გადააგდე ეგ გასაღები? - ჩაეცინა ირონიულად. -არა, ისევ მაქვს, უბრალოდ დღეს სახლში დამრჩა. -აბა რანაირად გააღე კარი? -მირამ მათხოვა თავისი. - კმაყოფილი ღიმილით ვუპასუხე. -მირამ მოგცა შენ სახლის გასაღები? - ჩაეცინა გახალისებულს. -ჰო.. გამლანძღა და ისე. სიცილით ჩახარა თავი. -რატომ წამოხვედი უთქმელად? -საქმე გამომიჩნდა. - მომიჭრა მოკლედ. -ისეთი, ხვალამდე რომ ვერ მოიცდიდა? -ჰო, ისეთი ხვალამდე რომ ვერ მოიცდიდა. -ტყუი. - გამეღიმა. ტუჩის კუთხე ჩაუტყდა თვითონაც. -რა ამბავია, ნატა, ვის უნდა ოცი ათასია?! ახლობელთან ზარის უფლება მაქვს? დარბაზის დახმარებაზე ბოდიში, პიზდეცია ახლა მირას გაღვიძება. - სასაცილოდ ასწია ხელები ჰაერში. ფეხზე ავდექი, წინ ავესვეტე და ხელში ბლის მურაბა შევათამაშე. -ეგ რაღაა,მაცივარიც გამიძარცვე? -ბლის მურაბაა. -ნუთუ?! - ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. -ჰო.. ძლივს ვიშოვე, ერთადერთი ჰქონდა ბელას დარჩენილი. გაგიმართლა. -აჰა,გამიმართლა.. - გამომაჯავრა. -ჩემივე სახლიდან დედაჩემს გამოართვი ბლის მურაბა და მე გამიმართლა? -ძლივს იკავებდა ღიმილს. -ჰო.. ზუსტად ეგრეა და დედაჩემის გაკეთებულია ეს მურაბა, რომ იცოდე. -მაგას სახლში ჩემითაც შევჭამდი, რატო გაწვალდი ეგრე… მშვიდად გამომართვა ქილა, ხელში შეათამაშა. ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი. ერთი მტკაველიღა დარჩენილიყო მანძილი ჩვენ შორის. ფრთხილად გამოვშალე ხელის გული და მეორეთი მისი თითები მოვიქციე მუჭში. ნაზად დავადე ჩემს ხელის გულს. -რაო, როგორ მითხარი? ხელის გულით მომიტან სიტყვებსო.. -მახსოვს. ფხიზელი ვიყავი მე, შენგან განსხვავებით. - გაეღიმა. რამდენიმე წრე გავაკეთე ჩემს ხელისგულზე მისივე თითებით. -მართალი იყავი შენ.. ყველა ჯერზე. ყოველთვის. მაპატიე ყველა წელი, თუ შეგიძლია. ყველა უაზროდ გამოსროლილი სიტყვა, რომელიც მარტოს გადაგიყლაპია. რომლითაც ამდენი წელი გაგყინე და საკუთარი გრძნობები გამარხინე. შენ რომ დაგაბრალე ყველაფერი და საკუთარი ვერ გამხელილი გრძნობების აბდა-უბდა შენ მოგაწერე. მაპატიე, აქამდე რომ ვერაფრით მივხვდი, როგორი ლამაზი თითები გაქვს. ბოდიში, რომ აქამდე ვერ გავიგე, როგორ მესაყვარლება შენი ბუზღუნი. ისიც მაპატიე, თერმოსას და ელენეს ამბავი მარტომ რომ გადაიტანე. მიყვარხარ, ჰო.. შენ რომ ადრე ყველაფერი ჩამომითვალე, რაც ოდესმე მიკეთებია, ან მიყვარს და იმას დააბრალე, გვერდიგვერდ ვცხოვრიბთო, ნეტა მაშინვე მეთქვა, რომ მეც ვიცი, მწვანე ბულგარულს რომ ვერ იტან. რომ ალუჩის ჭამა მარილით გიყვარს და აღიარება გიტყდება. საზამთროს რომ ჩუმად პურის ატან და კიტრის და პომიდვრის სალათის წვენი შეგიძლია ხვრეპა-ხვრეპით დალიო. ნეტავ ისიც მეთქვა, რომ ძალიან მესაყვარლება ფეხის გულზე მოღუტუნებისას გული რომ მიგდის. ისიც, რომ ჯაბას ლოტოს ბილეთებს უყალბებ და იმ თანხას შენ ურიცხავ, იმიტომ რომ იცი, ისე არ გამოგართმევს. მაპატიე, მაშინ რომ არ გითხარი, რომ შენი ყველაფერი მიყვარს. მართლა მაპატიე, რატი.. გასუსული მისმენდა. რამდენიმე წამით მეგონა ყველაფერი გაირინდა ამ ქვეყნად. ერთმანეთის სუნთქვის ხმა გვესმოდა. ის მცირე მანძილიც დაფარა რატიმ, ჩემკენ რომ გადმოდგა ნაბიჯი. ნაზად მომადო შუბლი შუბლზე. -რამდენ ხანს გელოდებოდი, იცი? -და მე სულ აქ ვიყავი.. ძალიან ფრთხილად მაკოცა. დამეფიცება, რამდენიმე წამით გამიჩერდა გული. ნელა შემიცურა თმაში ხელი და რამდენიმე კულულზე ჩამომისრიალა თითები. ჰაეროვანი იყო კოცნა. მონატრებული, ოდნავ მომთხოვნიც. სულ რაღაც თხუთმეტიოდე წელს ითვლიდა, თითქოს. მშვიდად მომწყდა. ნაზად მომეფერა სახეზე. ვერ ახელდა თვალებს, ეშინოდა თითქოს, რომ საპნის ბუშტივით გასკდებოდა ნანატრი რეალობა. მეშინოდა მეც.. -აღიარე ახლა, რომ არ გქონდა არანაირი საქმე და სპეციალურად დამტოვე იქ მარტო, უშენობა რომ კარგად მეგრძნო. - დავიჩურჩულე. გაეცინა. ორივე ხელით მიმიჩოჩა მასთან ახლოს. მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში და მეც თან ჩამიყოლა. ხელით მეფერებოდა თმაზე. -მართლა საქმე მქონდა, არ მომიტყუებიხარ. დილას დამირეკა ჯაბამ 7 სააათზე. სარდაფში მილი გასკდა და იმას ვეხმარებოდი მთელი დღე. მერე თავის ძმაკაცებთან წამათრია თავის მოსაწონებლად,დათვრა და ნახევარი საათის წინ დავტოვე სახლში. იქაც ვთქვი ისე, რატომ მოვდიოდი,ბავშვებთან. -მეღადავები? - გაოცებისგან დავაღე პირი. - დამპლები, სპეციალურად არ მითხრა არცერთმა არაფერი. -ისეთი ჯიუტი ხარ, რა მაფიქრებინებდა, შენი ფეხით თუ მოხვიდოდი ჩემთან. ხვალ მინდოდა დაგლაპარაკებოდი, ვიფიქრე, ძალით გამოვტეხავ თქო.. არ გაუბრაზდე იმათ, ყველამ იცოდა შენ გარდა, რომ გიყვარვარ. შტერო შენ! -ძალით როგორ უნდა გამოგეტეხე, ერთი? - გავგულისდი ნაწყენი. -დაგაბამდი და ფრჩხილებს დაგაძრობდი.. - მითხრა სერიოზულად. - რანაირად უნდა გამომეტეხე, ნატა.. გეტყოდი უბრალოდ ყველაფერს კიდევ ერთხელ და რა ვიცი, მერეც უარი რომ გეთქვა, მიპოვიდით ალბათ სადმე „ზაპოი“ თომასთან ერთად გალეშილს. სიცილი ამიტყდა. მერე ფრთხილად მოვუსვი ხელი წამოზრდილ წვერზე და ამდენი ხნის შემდეგ პირველად გავუსწორე ღრმად თვალი. -მაპატიე? -რა გაქვა ჩემი საპატიებელი… -და შენ რონ არ გითქვამს, მიყვარხარო? ხმით გაეცინა. -რა ნაგლი ხარ, გოგო შენ! დამცინი? -არა! რატომ დაგცინი? - გამიკვირდა. ცალი ხელით ამაწვინა ნიკაპი. -მიყვარხარ, შე ჭინკა. სულ.. კიდევ ერთხელ დასწვდა ჩემს ტუჩებს. ნაზად დაატარებდა ხელებს ზურგზე. ფრთხილად წამომაყენა ფეხზე. ერთმანეთის მიყოლებით ვგრძნობდი მის ტუჩებს ყელზე, ლავიწებზე.. საკუთარი მაისური რომ გადამაძრო, მერე მკერდზეც. ამჯერად დანაშაულის შეგრძნების გარეშე ვეხებოდი მის ბროწეულს. არ მინანია არც ერთი წამი და ზუსტად ვიცოდი, არც დილით გამაღვიძებდა საკუთარი თავის ზიზღი. მოწყვეტით მოიკეტა საძინებლის კარი. ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, თითქოს. გათოვდა... ^ ^ ^ შუადღის თორმეტს აჩვენებდა საათი კარზე ბრახუნი რომ ატყდა. რატის მკლავი მქონდა წელზე სუროსავით შემოხვეული. -რატი.. -შევაფხიზლე. - კაკუნია კარზე.. -ის ორი გონებაჩლუნგი იქნება.. - ჩაიბურდღუნა ძილისგან დამძიმებულმა. - დაიკიდე.. არ მომითმინა გულმა. ძლივს გავითავისუფლე თავი და საძინებლიდან რატის მაისურის ამარა გამოვედი. სწრაფად ჩავიცვი იქვე, უდიერად მიგდებული შარვალი და კარს მივუახლოვდი. ჭუჭრუტანადან მირას სერიოზული სახე დავლანდე. სირცხვილმა ამიტანა. რანდენჯერ დავრჩენილვარ რატისთან, რამდენჯერ გამიღია მირასთვის კარი, თუმცა, ახლა სხვანაირად დამაყარა ეკალმა. მომერიდა. შეძლებისდაგვარად შევისწორე თმა და კარი ღიმილით გამოვაღე. -მირა დეიდა.. - გავუღიმე ქალს. ძველი, გაცრეცილი ჟაკეტი შემოეხვია ტანზე. ხელში დოქი ეჭირა, წითელი სითხით სავსე. წამით მომეჩვენა, თითქოს მუდამ უხასიათო მირას მკრთალი ღიმილი გაუკრთა დანაოჭებულ სახეზე. ამაყად გასწორდა წელში და ცალი ხელით ჟაკეტი მჭიდროდ მოიკრო სხეულზე. მეორე ხელით გამჭვირვალე ჭურჭელი გამომიწოდა. -Возьми, это гранатовый сок. Свежевыжатый. Угощайся. (გამომართვი, ბროწეულის წვენია, სულ ახალი. გემრიელად მიირთვით!) არაფრის თქმა არ მაცადა, ისე შებრუნდა უკან. დაბნეულმა მივაძახე მადლობა-მეთქი და თითქოს ამის გაგონება უნდოდაო მირას. მთელი ტანით შემობრუნდა და ამჯერად ნამდვილად ყურებამდე იღიმოდა. -Я точно знала, что однажды ты бы пришла. (ზუსტად ვიცოდი, რომ ერთ დღეს მოხვიდოდი) მე რას გამომაპარებთ თქვენ.. ჩვენი სართულის კიბეები მოხვეტე ხოლმე, იცოდე. დავბერდი მე, не могу больше. ( მეტი აღარ შემიძლია) საძინებელში შებრუნებულს, მოჭუტული თვალით შემომხედა რატიმ. ნამძინარევს სასაცილოდ დასიებოდა თვალები. მარჯვენა ხელით დამწვდა მკლავზე და მისკენ მიბიძგა. -რაო? - ღიმილით მაკოცა მკლავზე. -ვინ იყო.. -მირა იყო. -რა უნდოდა? -გელოდებოდიო, მე მითხრა. ბროწეულის წვენი მოგვიტანა თან. ჩაეცინა რატის. -რას იცინი? -კუდიანი.. -ჩაიფრუტუნა ჯანხოთელმა. - სულ პირველად რომ გვნახა ერთად აქ, იმ საღამოს მითხრა უყვარხარო მაგ გოგოს. გამეცინა. თითქოს ენას გაპროტესტება უნდოდა, მაგრამ გულს არა. აღარაფერი მითქვამს. ღიმილით წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. გამომყვა თვითონაც. ჩამოვასხი ბროწეულის წვენი ჭიქებში და ერთი ცალი რატის მივაწოდე. წინ ჩამოვუდექი. თითი მოვატარე მის ტატუს. -გაიკეთე შენც.. - მითხრა და ხმაურიდანად მაკოცა ლოყაზე. -რა გავიკეთო, ბროწეული? - თავი დამიქნია -რატომ, ერთი არ კმარა? -მე რომ მოგენატრები, მაგას დახედავ ხოლმე.. -რატომ უნდა მომენატრო, აპირებ სადმე წასვლას? - პატარა ბავშვივით ჩამოვეკონწიალე კისერზე. -მე არსად, შენ თუ არ გადაიფიქრე რამე. ხმით გამეცინა. -მე რა უნდა გადავიფიქრო.. შემეტენა უკვე შენი სართულის დალაგება. სიცილში ამყვა. -გამოგიძებნა მირამ საქმე? - ორივე ხელი მომხვია წელზე. -წამებში. -მირას გარეშე მიდიოდი, ხო? -ხო, როგორ არა. - ენა გამოვუყავი. - ვერ მოგართვი ჩემი წასვლა… -გოგო, შენი ძმა ხომ არ გამლახავს? - მკითხა მოულოდნელად. - ძმაკაცის და წმინდაა და ეგეთები… ხელახლა ამივარდა სიცილი. -რომელი ჩემი ძმის ძმაკაცი შენ ხარ? -არ ვარ? - გაეცინა მასაც. - ეგ ჩემი მომრევი არაა, იცოდე და არ მაცემინო.. -ჩემი ძმის არა, ჩემი იყავი.. ნუ ყოველ შემთხვევაში ეგრე მეგონა. - გულგრილად ავიჩეჩე მხრები. -შე მართლა ჭინკა… - გაეცინა და ისევ მომაწება ტუჩები. ^ ^ ^ სამჯერ თავიდან აყვავილდა ბროწეულების უბანი. სამჯერ გათოვდა ისევ.. -დედიკო, ნახე, მირა ბებომ ბლოწული მაჩუქა. კიბეებზე აქოშინებული სწრაფად შემოვარდა მისაღებში და თავისი პაწაწინა მუშტი გაშალა. ხელის გულზე წითელი, ხასხასა ბროწეულის ბრელოკი ედო. ყურებამდე გამეღიმა. რატის გავხედე, იღიმოდა ისიც. მიმიკა არ შეცვლია, ისე მიუბრუნდა ჩვენს წინ ჩამუხლულ ბავშვს. -მა, რა გითხრა, მირა ბებომ, ისიც მოუყევი დედას. -ასე მითხრა: ელენიკო, შენი დედიკო და მამიკო ძალიან მიკვალს, მაგრამ შენ ორივეს ჯობიხარო . - ენის მოჩლექვით გაიმეორა ნათქვამი. - დედიკო, მამიკო, წავიდეთ რა მალე ბროწულებში. გაგვეცინა მე და რატის დამახინჯებულ სიტყვაზე. ხელში აიყვანა რატიმ ბავშვი, მერე ჩემკენ მობრუნდა და ნაზად მაკოცა ლოყაზე. -მართლა გვჯობია, ხო? ^ ^ ^ ნამდვილი გაზაფხული დამდგარიყო უბანში. იასამნისა და ატმის ყვავილის სურნელს ჯანხოთელების ეზოში შემწვარი ხორცის არომატი შერეოდა. ამჯერად არ დაუწვავს მწვადი ვატო კერესელიძეს. -აბა, აბა… ჩამოატარეთ ღვინო. - თავისას არ იშლიდა ტყუპი. -თქვენც მოიყვანეთ, ბიჭო, ცოლები.. - გამოეჭირა მამაჩემს ბიჭები და ატერორებდა. საშველად მეძახდა კვაში თვალებით. განგებ არ მივდიოდი ახლოს. -კეკეს რატომ არ ეჩხუბები, მახო ბიძია? - გააპროტესტა ბოლოს საბამ. -კეკე ჭკვიანი გოგოა, ნებისმიერს აირჩევს, ხელი რომ დაადოს. თქვენ გაგიჭირდებათ ცოტა.. ამაყად გაიჯგიმა კეკე. სიცილი წაგვსკდა დანარჩენებს. ყველაფერი ძველებურად იყო. ორი, სამეგობროს ახლადშემატებული წევრი თამაშობდა ქვიშაში. -მამიკო, დემეტრემ თმაზე მომქაჩა.. - ტირილით ააცოცდა მამამისს ელენე. -არა უშავს, მა. თქვენ ხომ მეგობრები ხართ, აპატიე. - მიეფერა თმაზე რატი. -უი, უი.. - გაეცინა იქვე ჩამომდგარ ბელას. - დეჟა ვუ მაქვს რაღაც.. წამებში გადახედეს დათამ და რატიმ ერთმანეთს. საშველად მე მომაჩერდა ჩემი ქმარი. სიცილი წაგვსკდა მე და სოფოს მაშინვე. ხმაურობდა ჯანხოთელების ეზო. ნაზად არხევდა ბროწეულის ტოტებს ქარი და ამაყად დაგვყურებდა ფანჩატურში მოკალათებულ სამეგობროს. კიდევ ერთხელ ლამაზად ბინდდებოდა ბროწეულებში. გამოიდარაო, თითქოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



