შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თილისმა (7 თავი)


დღეს, 17:48
ავტორი ვე რა
ნანახია 106

თილისმა
#თილისმა
7

წესი ნომერი შვიდი

1. სასახლეში აკრძალულია ცხოველების შეყვანა._ არაფერი ისეთი, მე ცხოველი არ მყავდა, მაგრამ მაინც რას აშავებდნენ ცხოველები?
2. სასახლეში აკრძალულია ქოთნის მცენარის შეტანა._ არც ესაა პრობლემა. ის ორიოდე კაკტუსიც კი მავიწყდებოდა ხან, ფანჯრის რაფაზე რომ მედო.
3. სასახლეში აკრძალულია სტუმრების მიღება, მათი წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და საათების გარდა._ ეს წესი მხოლოდ სიჯიუტის გამო ავითვალწუნე.
4. სასახლეში აკრძალულია ფანჯრის დამცავების აწევა. მით უფრო დილის 6 დან საღამოს 6 მდე._ ანუ როგორც კი მზე ამოვიდოდა ჩვენ უნდა ჩავბნელებულიყავით? ჯანდაბას, დღის განათებაც მეყოფოდა.
5. მზის ჩასვლის შემდეგ აკრძალულია სასახლის დატოვება. ნებისმიერი მიზეზით._ რა სისულელეა?! ანუ ექვსის მერე სასახლის ნებაყოფლობითი პატიმარი უნდა ვყოფილიყავი?!
6. მეთვალყურე კვირაში სამი ღამე აუცილებლად უნდა დარჩეს სასახლეში. და სასახლეში გაათიოს ღამე._ აბა სად უნდა დავრჩე იმ მიყრუებულში? სულელური წესი.
7. კვირის სამი დღე მეთვალყურე ვალდებულია საღამოს ცხრიდან ღამის პირველ საათამდე აღნიშნულ ოთახში იკითხოს კონკრეტული წიგნი ხმამაღლა._რაო? წიგნი უნდა ვიკითხო, თან ხმამაღლა? რა სისულელეა?
8. ყავა მეთვალყურემ მიირთვას მხოლოდ სამზარეულოში._ კიი, ზუსტად მაგას ვფიქრობ! ძალიან გაიგებთ სად დავლევ ყავას! თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე. არა ეს წესი მაინც რომელ შერეკილს მოუვიდა თავში?!
9. მეთვალყურემ თავი არ ჩაიგდოს ისეთ საფრთხეში, მით უფრო თუ მიზეზი მისი კომპეტენციის ანდაც მოვალეობის ზღვარს სცდება._ ეს კარგია! საკუთარ უსაფრთხოებას მივესალმებოდი.
10. მეთვალყურეს აკრძალული აქვს სასახლის მარცხენა ფრთაში არსებულ დარბაზებში შესვლა, ნებისმიერი მიზეზით. კატეგორიულად._ ოჰო, ნეტავ რას მალავენ იქ? ამას გავარკვევ, აუცილებლად.
11. იმ შემთხვევაში, თუ სასახლის საკუთრებაში არსებული კოტეჯი დროებით გასხვისდება. კოტეჯის სტუმრებს არ ეძლევათ სასახლის მონახულების უფლება. _ ესეც უცნაური წესი იყო. ყველა ინტერესიან ადამიანს გაუჩნდებოდა სასახლეში სტუმრობის სურვილი. და რა დაშავდებოდა ახლოდან თუ ნახავდნენ მას?
და ამის გარდა იყო კიდევ რამდენიმე ერთმანეთზე უარესი სულელური აკრძალვა, რაც უმეტესად იმას გულისხმობდა, რომ მეთვალყურე მაგარი უჟმური, არაკომუნიკაბელური, არასტუმართმოყვარე, უინტერესო და მოსაწყენი ვინმე უნდა ყოფილიყო. თავი ავწიე და საკუთარ სახეს შევხედე სარკეში. პრინციპში სწორედ ისეთი, როგორიც მე ვიყავი,თუ ინტერესს არ გამოვაკლებდი ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს. კონტრაქტი დავხურე და დავფიქრდი. და მაინც რა იყო აქ ასეთი რთული? ექვსი თვე სრულ სიწყნარეში, სიმყუდროვეში და საოცარ ბუნებაში ვიცხოვრებდი. უამრავი დრო მექნებოდა, რომ ის საქმე მეკეთებინა, რაც მსურდა. ანუ მეწერა და მეწერა. ხელს არავინ შემიშლიდა. და თუ უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ წესებს არ დავარღვევდი, ალბათ არავითარ გაუგებრობაში არ ამოვყოფდი თავს. კონტრაქტი ჩანთაში ჩავაგდე და ნატოსთან წავედი.
_სასწრაფოდ ვიკრიბებით!_ მივიწერე საერთო ჩატში._ თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს. კითხვები არ დაუსვამთ, ნახევარ საათში ყველა ნატოსთან მოგროვდა. მაინტერესებდა რას იტყოდნენ ამ ყველაფერზე. იქნებ მათგან მაინც მომესმინა რაიმე, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარებოდა.
ფანჯრიდან ვიხედებოდი და უკვე დამღვალ თოვლტალახს სინანულით ვუყურებდი. სულ ეს იყო ზამთარი? ნეტავ გაზაფხულამდე კიდევ თუ ითოვებდა, ალბათ კი, მაგრამ ასე გამეტებით აღარ. და არა მარტო გაზაფხულამდე, ვინ იცის, იქნებ კიდევ რამდენიმე წელი არ მოსულიყო ასეთი უხვნალექიანი ზამთარი. აი იქ კი... ჰოო, იქ ალბათ კიდევ დიდხანს დარჩებოდა თოვლი. თვალები დავხუჭე და თოვლიანი ნაძვნარი ისე ცხადად დავინახე, რომ ლამის ჟრუანტელმა დამიარა, ისე მომინდა იქ დაბრუნება.
_ ეს რა უაზრობაა!_ გამომაფხიზლა მაგდას ხმამ და მათკენ შევბრუნდი. მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ, შუაში ედოთ კონტრაქტის ასლი და სერიოზული სახეებით კითხულობდნენ.
_ რა არ მოგეწონა? _ გამეცინა მის შეჭმუხნულ წარბებზე. მაგდა ჩვენს შორის ყველაზე ლამაზი გოგო იყო. და პრინციპში სარგებლობდა კიდეც ამ სილამაზით. ბუნებრივად ჩალისფერი თმა ყურს უკან გადაიწია და თაფლისფერი ლამაზი თვალები შემომანათა.
_ აი ეს, მეშვიდე წესი! რას ნიშნავს წიგნის კითხვა კონკრეტულ ოთახში?
_ არ ვიცი._ ავიჩეჩე მხრები.
_ რა სულელური ახირებაა?_ კვერი დაუკრა ნათიამ._ თუ იქ არავინაა, ვის უნდა უკითხო წიგნი?
_ ალბათ თავად სასახლეს!_ გაეცინა ხატიას. ზოგჯერ საკუთარ სულელურ ხუმრობაში საინტერესო თეორიებსაც გამოთქვამდა ხოლმე. დავფიქრდი და მართლაც, რა ჯანდაბად უნდა მეკითხა ცარიელ სახლში წიგნი.
_ ვფიქრობ და ვერაფრით ვხვდები,ანუ სერიოზულად აპირებ ამ გაუგებარ კონტრაქტზე ხელის მოწერას?_ნინა, როგორც ყოველთვის, სკეპტიკურად იყო განწყობილი ჩემი გადაწყვეტილების მომართ.
_ სამაგიეროდ კარგად იხდიან!_ სცადა კარგი მხარე მოენახა ნატამ.
_ უბრალოდ რატომ შენ? რატომ მაინც და მაინც შენ! სრულიად უცხო ადამიანს რატომ ანდობენ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს?_ იკითხა მაგდამ.
_ მნიშვნელოვანს? კაი რაა, უბრალოდ სასახლის დარაჯი უნდა იყოს!_ ხელი აიქნია ხატიამ და ხელფასის აღმნიშვნელ არცთუ ხელწამოსაკრავ ციფრებს დააშტერდა.
_ დარაჯი კი არა მეთვალყურე!_ ჩავილაპარაკე მე და ზაქარიას სახე გამახსენდა._ იცით ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ იქ, პირველად შეხვედრისას მიცნო!
_ საიდან უნდა ეცნე?_ მაგდა მართლა სერიოზულად უდგებოდა ხოლმე ისეთ რამეებს, რასაც ხელმოწერით დადასტურება სჭირდებოდა. ამ დროს გადამეტებით დაკვირვებული და კირკიტა ხდებოდა.
_ თქვენთვის ერთი რამ არ მითქვამს,_ მოულოდნელად თქვა ნათიამ. _ როცა სახლის ქირაობის თაობაზე ზაქარიას მივწერე, მთხოვა ჩვენი სურათი გამეგზავნა.თქვა რომ აინტერესებდა, ვის უშვებდა სასახლში.
_ და ამას ახლა გვეუბნები ისე შეიცხადა ნინომ, თითქოს როცა ადგილზე ჩავიდოდით ყველას არ გვნახავდა ჩვენი მასპინძელი. რა აზრი ჰქონდა ამას როდის გააკეთებდა, პირდაპირო შეხვედრისას, თუ რამდენიმე დღით ადრე სურათზე.
_ ასეთი უაზრობა თუ გსმენიათ?_ გაიოცა ნატომ. _ პირველად მესმის მოქირავნეს ფოტოს გაგზავნას სთხოვდნენ.
_ ანუ, გამოდის ზაქარიამ ზუსტად იცოდა, ვის უშვებდა საკუთარ სახლში?_ მაგიდაზე თითები ააკაკუნა მაგდამ.
_ არ ვიცი, არ მიფიქრია, თუ ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა._ მხრები აიჩეჩა ნათიამ.
_ იცით, არ მგონია ის სასახლე ზაქარიას ეკუთვნოდეს!_ ჩავილაპარაკე დაფიქრებით_ ისე უცნაურად საუბრობს, რომ...
დავფიქრდი და გამახსენდა ასე რაც მაწუხებდა, როცა მას ვესაუბრებოდი.
_ ის სულ მრავლობითში საუბრობს, ჩვენი სტუმარი, ჩვენი კონტრაქტი, ჩვენი პირობები._მივბრუნდი და მათ დაფიქრებულ სახეებს გადავხედე._ ზაქარიამ თქვა, რომ მას ხალხმრავლობა და ხმაური არ უყვარს.
_ ვის მას?_ ლამის ერთ ხმად მკითხეს.
_ არ ვიცი, იმ წამს მაგაზე არ დავფიქრებულვარ, ახლა რომ ვიხსენებ, ვხვდები, ძალიან უცნაურად მელაპარაკა. თქვა, რომ ჩემზე ინფორმაცია მოიძიეს და მათ სტანდარტებს, თუ მოთხოვნილებებს სრულებით ვაკმაყოფილებ.
_ ახლა არ გადამრიო!_ აიქოჩრა ნინა_ რა სტანდარტებს? შენ სულ გაგიჟდი არა? და ამის მერე ფიქრობ, რომ იქ უნდა წახვიდე?
_ ეს ... უბრალოდ ძალიან საინტერესოა!_ ვუპასუხე და ისევ ფანჯრისკენ მივბრუნდი. ქუჩას გადავხედე და გულისცემა თითქოს შემიწყდა. ის იქ იდგა. ტალახიან თოვლ შემხმარ ტროტუარზე, იდგა და პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
_ ნათია!_ ხმა არ ამომივიდა ყელიდან. თვალს არ ვაშორებდი, ვიცოდი, როგორც კი მზერას მოვაშორებდი, მაშინვე გაქრებოდა._ ნათია მოდი!
_ რა იყო?_ მიპასუხა, მაგრამ მათთან კამათს ვერ მოსწყდა.
_ მოდი აქ!_ დროზე!_ ვიყვირე გონს მოსულმა. დავინახე, როგორ ჩამიკრა თვალი და როგორ გამიღიმა. თითქოს ეს ისეთი ბუნებრივი ქცევა იყო, თითქოს სულ ასე ხდებოდა ამ გაურკვევლობით სავსე ათი წლის მანძილზე. ახლა სიხარულის ნაცვლად ბრაზმა ამავსო. ის არ მეჩვენებოდა! ის ისეთივე რეალური იყო, როგორც მღვრიე ტალახი ქუჩებში.
_ რა ხდება?_ მოირბინა ნათიამ და ფანჯარას გადახედა. სწორედ იმ მომენტში მაქცია ზურგი, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ნელი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას.
_ მითხარი, რომ ხედავ! მითხარი, რომ შენც ხედავ მას!_ მკლავში ჩავაფრინდი ნათიას და შევაჯანჯღარე.
_ ვის? რა გჭირს?_ ფანჯარა გამოაღო და ქუჩას გადახედა.
_ ანდრე! გაჩერდი ანდრე!_ დავუძახე, რაც შემეძლო ხმამაღლა. ამდენი ხნის შემდეგ პირიდან მისი სახელი ისე უცნაურად ჟღერდა. ისე უცხოდ და თან ისე ჩვეულად. მაგრამ მე მას ვეძახდი, ანუ ის ნამდვილად იქ იყო. ამის გაცნობიერებისას შვებით ამოვისუნთქე. მაგრამ ის არ გაჩერდა, სახელის გაგონებისას წამით შედგა. სულ ოდნავ მოაბრუნა სახე და გეფიცებით ვიგრძენი, როგორ ჩაეღიმა. შემდეგ ვითომ აქ არაფერი ისე დაუყვა დაღმართს. წყენამ, სიბრაზემ და გაურკვევლობამ ამიტანა. მან გაიგონა, მაგრამ არ გაჩერდა. ის იყო, მაგრამ არ გაჩერდა. ყველაფრის მიუხედავად, ვეძახდი, მაგრამ ის არ გაჩერდა.
_ ანდრე, შე არაკაცო!_ ჩემ ნაცვლად ახლა უკვე ნათია კიოდა.
_ ის იყო! ახლა გჯერა ჩემი?_ გოგოები ფანჯარას მოაწყდნენ._ ის იყო! ნამდვილად ის იყო!
გავიმეორე მე და იქვე კედელთან ჩავჯექი.
_ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი!_ ისე ჩამესმა ნათიას სიტყვები, თითქოს ურო მომხვდა თავში._ მე მხოლოდ მისი ზურგი დავინახე!
_ ამას როგორ ამბობ? აბა რატომ ეძახდი?_ ბოლო ხავსს მოვებღაუჭე მე.
_ არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ მსურდა ეს სიმართლე ყოფილიყო! და თუ მართლა ის იყო, ახლა მართლა არაფერი მესმის. რას აკეთებს? რატომ გეთამაშება ასე უგულოდ?_ მიპასუხა მან და ფანჯარა დაფიქრებული სახით დახურა. _ ვფიქრობ, არა ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ უნდა წახვიდე!
_ შანსი არაა!_ ისე შეიცხადა ნინამ, თითქოს სასიკვდილო ეშაფოტზე მაგზავნიდა ნათია.
_ მას ეს უკვე გადაწყვეტილი აქვს! ჩემი სიტყვები დიდად ვერაფერს შეცვლიდა. და ის მართალია, უნდა წავიდეს!_ ჯიუტად გააქნია თავი ნათიამ. _ არ მომწონს, რაც აქ ხდება, არაა ეს ნორმალური! წავა ცოტა ხნით, დაფიქრდება, დამშვიდდება და დაბრუნდება. სხვა თუ არაფერი მოჩვენებებისგან მაინც დაისვენებს!_ ბოლო სიტყვები ხუმრობის საფარველში გარია, მაგრამ მე კარგად მივხვდი რას ამბობდა და რატომ.
იმ საღამოს, როცა ზაქარიას ნომერი ავკრიფე, ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ სასახლეში დაბრუნება მინდოდა. მე იმდენ ხანს მივდევდი ლანდებს, რომ როცა მათაც გადაწყვიტეს ჩემთან თამაში, ცოტა შემეშინდა კიდეც. და ის სიბრაზე, რასაც ვთრგუნავდი და ვერ განვიცდიდი მისი წასვლის წამიდან, ახლა ასმაგი ძალით მივსებდა გულს. თუ არ ვცდებოდი, გამოდიოდა, რომ მან ეს უბრალოდ იმიტომ გააკეთა, რომ ასე სურდა! და ახლაც დაბრუნება მხოლოდ საკუთარი სურვილიდან გამომდინარე მოისურვა. ახლაც მეთამაშებოდა, ახლაც გონს მირევდა, ახლაც მაკარგვინებდა საღ აზრს. ვერ ვხვდებოდი ამას რატომ აკეთებდა. მაგრამ ახლა მე მასთან შესახვედრად მზად არ ვიყავი. ალბათ დიდი მოლოდინის და იმედგაცრუების შემდეგ დრო მჭირდებოდა ახალ რეალობასთან შესაგუებლად. ეს მარტო ჩემი ბრალი არ იყო, მას შეეძლო პირდაპირ მოსულიყო, აეხსნა, დამლაპარაკებოდა, მაგრამ არა, ის საკუთარ ამ გაუგებარ თამაშს აგრძელებდა და მე არ ვიცოდი, რისი მიღწევა სურდა ამით.

სახლის კარი კვლავ იმ მოხუცმა, მკაცრსახიანმა ქალმა გამიღო. თავი დამიკრა და სახლში უსიტყვოდ შემატარა. ზაქარია ისევ უწინდელ პოზაში იჯდა. თუმცა სახეზე ახლა ნაკლებად ეტყობოდა ტკივილის კვალი.
_ აბა, რა გადაწყვიტეთ ქალბატონო ამანიტა!_ მკითხა სალამის და უემოციო მოკითხვის შემდეგ._ თანახმა ხართ ჩვენს შემოთავაზებაზე?
_ სანამ ჩემს გადაწყვეტილებას გაგაცნობდეთ, მინდა რამდენიმე კითხვას უპასუხოთ!_ ვუთხარი და მის ემოციას დავაკვირდი. თავს კარგად ფლობდა, არაფრით გასცემდა საკუთარ ფიქრებს და გრძნობებს.
_გისმენთ!_ მიპასუხა და სახეზე შემომხედა. თითქოს მასაც სწორედ იმის დანახვა სურდა, თუ რას ვფიქრობდი მე ამ ყველაფერზე.
_ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ: „ჩვენს შემოათავაზებს“? რატომ საუბრობთ მუდამ მრავლობითში?_ ზაქარიამ ცალი წარბი ოდნავ ასწია მაღლა და სახეზე ფარულმა მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა.
_ უბრალოდ ჩვევაა, წლების მანძილზე შეძენილი და ძვალსა და რბილში გამჯდარი.
_ და თუ მხოლოდ ჩვევაა, გამოდის სასახლე სრულებით ცარიელია ახლა? და იქ სრულებით მარტო ვიქნები?_ ვაგრძელებდი ერთი შეხედვით უაზრო კითხვების დასმას. ზაქარია წამით დაფიქრდა. საკუთარ ნატკენ ფეხს დახედა და ისეთი ღიმილით მიპასუხა, სევდიანი უფრო რომ ეთქმოდა.
_ ნამდვილად, თქვენ ერთადერთი ადამიანი იქნებით სასახლეში!_ თვალები ეჭვით მოვჭუტე და დავფიქრდი, ღირდა თუ არა ასეთი კითხვების დასმა და თავის სულელად გამოყვანა._ მაგრამ მაინც არ მასვენებს ერთი წესი ზაქარია!
_ რომელი ქალბატონო ამანიტა?_ ისე შემომხედა უეჭველად იცოდა, რასაც ვკითხავდი
_ წესი ნომერი შვიდი._ ვუთხარი მტკიცედ და თვალი გავუსწორე.
_ ჩათვალეთ, რომ სასახლის მეპატრონის უბრალო ახირებაა! _ მიპასუხა თვალის დაუხამხამებლად.
_ ზაქარია! დავიჯერო თქვენ ყველას, ვისაც კოტეჯის დაქირავებას ანდაც სასახლეში ცხოვრებას აპირებს წინდაწინ ფოტოს აგზავნინებთ?_ ვიფიქრე რომ კუთხეში მივიმწყვდიე, თუმცა ამჯერადაც შევცდი.
_ სასახლე ზედმეტად ძვირფასია მისი პატრონისთვის, ამიტომ სურს დარწმუნდეს, რომ იქ ადეკვატურ ადამიანებს უშვებს და არა ვინმე შეურაცხადებს.
_ და ამას მხოლოდ ფოტოს მეშვეობით ხვდება?
_ თვალები ქალბატონო ამანიტა, თვალები სულის გასაღებია! თორემ მხოლოდ სახელით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ ერთი პატარა შხამიანი სოკო ხართ, საშიში და სახიფათოც კი!_ გავჩუმდი და გაოცებით ავხედე. მიყურებდა უცნაური მზრუნველი ღიმილით, თითქოს მეც არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიყავი, ვიდრე ის სასახლე. მიყურებდა და ვგრძნობდი იმაზე მეტს ხედავდა ჩემს თვალებში, ვიდრე მე ამას ვისურვებდი. იშვიათად ხდებოდა, რომ ვინმე ჩემი უცნაური სახელით ინტერესდებოდა, იშვიათად ხდებოდა, რომ სახელს მიღმა ცდილობდნენ ჩემს დანახვას.
_ და მაინც!_ ვუთხარი ბოლოს ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ._ ყავას იქ დავლევ, სადაც მომესურვება და ამას ვერავითარი წესი ვერ ამიკრძალავს!
საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად ავწიე მაღლა. ზაქარიას გაეცინა.
_ სწორედ მაგის იმედი მაქვს ქალბატონო! თქვენც ხომ იცით, ზოგიერთი წესი იმისთვისაა, რომ დაარღვიონ!_ კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ და როცა სახლში ვბრუნდებოდი იმას ვფიქრობდი, რომ გულიდან რაღაც მძიმე ტვირთი მოვიცილე. გასამაზადებლად სამი დღე მქონდა, დიდად არაფრის წაღება არ იყო მნიშვნელოვანი. ჩემი ნოუთბუკი, თბილი სამოსი, პირადი ნივთები, და სულ ეს იყო.
გოგოებს გამოვემშვიდობე და რადგან მანქანის მართვა არ ვიცოდი, ზაქარიას გამოგზავნილი მანქანით გავუდექი გზას.
დეჟავიუს გრძნობამ ამიტანა, როცა ქალაქის გამქრალი ზამთრისა და კვლავ თოვლის ჯადოსნური საზღვარი გადავკვეთე. ისევ ისე ბარდნიდა, თითქოს მას შემდეგ, რავ იქაურობა დავტოვეთ, წამითაც არ გადაეღო თოვას. უკვე ბინდი წვებოდა გზაზე, როცა ნაძვნარი დაიწყო. ერთი საათიც და სასახლეს მივადგებოდით. მოლურჯო თეთრისა და ჩამობინდული მწვანე ნაძვების კონტრასტი იმდენად დაუჯერებლად ლამაზი იყო, თვალს ვერ ვაშორებდი. ვერც სურათი ვერც ნახატი ვერ აღწერდა და გადმოცემდა ფერების ამგვარ შეხამებას, და ეს მუჭის სიმსხო ფანტელებიც ისეთი გამეტებით ცვიოდა. თავი ფანჯრის მინას მივადე და მოდუნება ვცადე. მგზავრობით დაღლილი ადვილად წამიღო ძილმა. მოულოდნელად ძლიერმა ბიძგმა გამომაღვიძა. მანქანა მოცურებულიყო და რომ არა მძღოლის ოსტატობა, ალბათ გზისპირა ხრამში გადავეშვებოდით ფრენით. შიშისგან კარის სახელურს მოვეჭიდე. მანქანა ხრამის პირას იდგა, იმდენად ახლოს, რომ გადახედვაც ვერ გავბედე.
_ რა მოხდა, რა დაგვემართა?_ ვკითხე მძღოლს ხმის კანკალით.
_ არ ვიცი ქალბატონო, გზაზე რაღაცამ გადაგვირბინა! მას ავარიდე და..._ თავი ურწმუნოდ გადააქნია მძღოლმა, თითქოს თავად არ სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა. _თქვენ აქ იყავით! დამელოდეთ!
კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა. მანქანას მოუარა და წინა მხრიდან ინტერესით დააკვირდა. ფარების მკვეთრ შუქზე დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები. მანქანაში რა გამაჩერებდა, ჩემი თვალით რომ არ მენახა, რას უყურებდა ასეთი შეძრწუნებული სახით? უკან მარჯვენა მხარეს, ჩემს საყვარელ ადგილას ვიჯექი. სწორედ ამ მხრით იდგა მანქანა ხევის პირზე. გვერდით სავარძელზე გადავძვერი, კარი გავაღე და გადავედი. გზაზე დაფენილ თოვლზე ღრმად ეტყობოდა მოცურების კვალი. მანქანას მოვუარე და მძღოლის გვერდით დავდექი.
_ ეს რა ჯანდაბაა?_ აღმომხდა გაოგნებულს. მანქანის ცხვირი ოთხგან ძლიერად გაფხოჭნილიყო, მივუახლოვდი და დაზიანებულ რკინას ინსტიქტურად დავადე ხელი. თითქოს დათვის კლანჭების კვალი იყო, მაგრამ თუ ნაფხოჭნის ზომით ვიმსჯელებდით, უზარმაზარი დათვი უნდა ყოფილიყო.
_ არ ვიცი ქალბატონო, გთხოვთ მანქანაში დაბრუნდით, მე მკაცრი ინსტრუქცია მაქვს. დაღამებამდე უნდა მიგიყვანოთ სასახლეში და თავად უკან დავბრუნდე. ორი წამით მაცადეთ, ვნახავ რამდენად მძიმეა დაზიანება და გზას გავუდგებით._ აშკარად ვერ იყო ხასიათზე, თითქოს შეშინებულიც კი ეთქმოდა. მივხვდი აღარაფერს მეტყოდა, ჩქარობდა საკუთარი დავალების შესრულებას. სანამ ის მანქანის გამართულობას ამოწმებდა მე მოცურების კვალს გავყევი. ჯერ ისევ რიჟრაჟი ებრძოდა ღამეს. ფარები მოყინულ თოვლს ჯადოსნურად აბრჭყვიალებდნენ. იმ ადგილიდან სადაც მანქანა იდგა დაახლოებით ათ მეტრში უცნაური რამ ვიპოვნე. გაოგნებულმა მობილური ამოვიღე და ფოტო გადავუღე. უზარმაზარი ნაკვალევი იყო, ფეხი იმ კვალში ჩავდგი და ნერვიულად ჩამეცინა. ეს არსება ჩემზე ალბათ სულ ცოტა ერთი მეტრით მაღალი უნდა ყოფილიყო. იქაურობა მოვათვალიერე,ისევ ნაცნობმა შიშმა ამიტანა. ისეთმა, როგორც ახალი წლის ღამეს რომ სასახლეში მივდიოდი. იქ ვიღაც იყო, დათოვლილი ნაძვების მიღმიდან მზვერავდა და მითვალთვალებდა.
_ მზადაა ქალბატონო, მოდით წავიდეთ!_ მომესმა მძღოლის ხმა. შიშისგან და სიცივისგან აკანკალებული მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით გავემართე, თითქოს მას რომ სურვებოდა გავექცეოდი სადმე?!
მძღოლს კითხვებს ვუსვამდი, მაგრამ მას ან საუბარი არ სურდა, ან მართლა არაფერი იცოდა. ან რა უნდა ცოდნოდა? ალბათ მგელი ან დათვი იყოო, დამამშვიდა. დიდთოვლობისას დამშეული ნადირი გზებზე გამოდისო. მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას არაფერი საერთო ჰქონდა გარეულ ცხოველთან. მობილურს ბლოკი მოვხსენი და ფოტოს დავხედე, არა ნაფეხურის ზომა ბევრად აღემატებოდა ყველაფერს , რისი წარმოდგენაც მე შემეძლო.
როცა ბოლო აღმართზე ავუხვიეთ და სასახლის ქონგურები გამიჩნდა, ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს სახლში დავბრუნდი. თუ ავი გავაქნიე და აბეზარი ფიქრები თავიდან გავყარე. მე ისედაც ყველაფრის გაზვიადება მჩვეოდა. ალბათ ახლაც ჩემი ფანტაზია მეთამაშებოდა. როგორც მაშინ , როცა სკოლის მოსწავლე ბანაკიდან არარსებულ არსებას ავედევნე ტყეში.
მძღოლმა ბარგი შემატანინა, დამემშვიდობა და უკან გაბრუნდა. სასახლეს ავხედე და დავაკვირდი. ისე დამყურებდა, როგორც მყინვარწვერი პატარა კენჭს. მაღალი, ზვიადი, მიუწვდომელი და იდუმალი. მაგრამ რაც არ უნდა უცნაური ყოფილიყო, მისი სიახლოვე მამშვიდებდა, თითქოს არ არსებობდა საფრთხე, რომლისგანაც მას ჩემი დაცვა არ შეეძლო. ისეთი გრძნობა მოქონდა, რომ მე აქ უსაფრთხოდ ვიყავი. თავი გვერდზე გადავხარე, მხიარულად ავხედე და მივესალმე:
_ გამარჯობა სახლო!

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent