13 პარასკევი
თვალები გავახილე, მაგრამ ვგრძნობდი, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვიყავი. მთელიო სხეული დამძიმებული მქონდა და არ მინდოდა თბილი საწოლი მიმეტოვებინა. გვერდი ვიცვალე და საათს გავხედე - რვის ნახევარი ხდებოდა. როგორც ყოველთვის, მაღვიძარას ისევ ვაჯობე. სამკვირიანი ზამთრის არდადეგების შემდეგ, უნივერსიტეტში პირველად მივდიოდი და, როგორც ჩემნაირ ბეჯით სტუდენტს ახასიათებდა, ვწელავდი დროს მანამდე, სანამ არ გავაცნობიერე, რომ უკვე მაგვიანდებოდა. რვა საათზე წამოვხტი. სააბაზანოში შევვარდი და გამოსვლისას პუფს წამოვდე ფეხი. რა კარგი იქნებოდა, წავქცეულიყავი და ხელი მაინც მომეტეხა, მიზეზი მექნებოდა სასწავლებლის გაცდენის, მაგრამ, როდის იყო ჩემნაირ ფრიადოსან სტუდენტებს ბედი ჰქონოდათ რამეში?! მიუხედავად იმისა, რომ ნუცუბიძიდან ჯიქიამდე არც ისე შორი გზა იყო, პირველ ლექციაზე მაინც დავაგვიანე. მოწყალედ გავუღიმე ახალ ლექტორს და ჩემს ადგილას დავჯექი. ჯერ კიდევ ღრმად ვსუნთქავდი დაღლილობისგან (როგორია ფეხით ახვიდე მეხუთე სართულზე?!), რომ მეგობრის პესიმიზმით სავსე სახეს გადავაწყდი და ვკითხე: - რა მოხდა? - რომელ საათზე ადექი? - მკითხა მან. - ალბათ ესეც შინაბერაა, სახეზე ეტყობა. - ლექტორზე ვთქვი მე. არ არსებობდა დამეგვიანა და მარის ეს კითხვა არ დაესვა ჩემთვის და ასევე არ არსებობდა, მე ამ კითხვაზე მეპასუხა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გვერდიდან არ ვიცილებდი. ყველაფერი მიყვარდა მისი და ყველანაირად ვუგებდით ერთმანეთს, გარდა ერთისა: არ უყვარდა, პირველ ლექციაზე, რომ ვაგვიანებდი, მე კი ძილი ძალიან მიყვარდა. ამის შესახებ ბევრჯერ მიკამათია მასთან და ბევრჯერაც დავმარცხებულვარ, მაგრამ მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ასე იყო ჩემი საქმე. მარი ამჯერადაც მიხვდა, კითხვაზე პასუხის გაცემას რომ თავი ავარიდე და უკმაყოფილოდ შემომხედა. -რა საგანს გვიკითხავს ეს ქალი? - ვიკითხე ისევ მე. -ლიტერატურას. - გაეღიმა მას. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ხშირად ვჩხუბობდით, მარის ყოველთვის ეცინებოდა ჩემ ეშმაკურ გადახვევებზე. - დღეს ბავშვები რესტორანში მიდიან. - მითხრა მან. - წამოხვალ? -შენ თუ მიდიხარ, წამოვალ. ხინკალი გემრიელი იყო, მაგრამ მალე დედას მომზადებული ყავა მომინდა და სახლში დავბრუნდი. ჩემი ქუჩისკენ ავუხვიე თუ არა, ნაცნობი, დაჟანგული კარის ჭრიალივით გულის გამაწყალებელი ხმა მომესმა: -პრივეტ ლელაჩკა, კაკ ძელაა, ა? უჟე დაბრუნდი შკოლიდან? ეს იყო ჩემი მეზობელი ხადილა. ისეთ ასაკში იყო, რომ ვერც დეიდას დაუძახებდი, ვერც ბებიას, ამიტომ მოურიდებლად სახელით მივმართავდი ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ თათარი იყო და რომ ქართულიც მშვენივრად იცოდა, მაინც თითქმის სულ რუსულად საუბრობდა, რაც მე ძალიან მაღიზიანებდა და მის ჯიბრზე ქართულად ველაპარაკებოდი ხოლმე. თუმცა ამჯერად მხოლოდ გავუღიმე და გზა განვაგრძე, მაგრამ ის მაინც არ მომეშვა. -გძე ტვოი ნაპარნიკ ლელაჩკა? ონ ტაკოი კრასავეც. - თავისი ოქროს კბილები გამოაჩინა ხადილამ. -ვისზე მეუბნები? - საშინლად გავბრაზდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. -ტი ჩტოო, ზაბილა იო? ონ, მაღალი, ხუდოი, ჩორნა თვალებით. -ის ჩემი ჯგუფელია ხადილა, მეტი არაფერი. აიშა მომიკითხე. - მკვახედ ვუთხარი მე და სახლში შევედი. ჭორიკანა! ერთხელ მარისთან დავდე ფიცი, რომ როცა მისი უაზრო ხუმრობები ყელში ამომივიდოდა და მისი ჭორები საზღვარს გასცდებოდნენ, საჯაროდ გავლანძღავდი. დედას ვთხოვე, ყავა მოემზადებინა ჩემთვის და ტანსაცმლის გამოსაცვლელად ჩემს ოთახში შევედი. მანტო გავიხადე, ცენტრი ჩავრთე და საწოლზე არაფრისგან დაღლილი პირ-აღმა დავწექი. მუსიკა - ეს იყო ჩემი ცხოვრება, რაც მამშვიდებდა, რასაც შეეძლო ჩემი ხასიათის გამოსწორება, შეიძლება ითქვას - მისით ვსუნთქავდი. ასე მეგონა, ჩემზე მეტად მუსიკა არავის უყვარდა. თვალები დავხუჭე და გადავეშვი იმ სამყაროში, რომელსაც მე შევარქვი „ხელოვნების ქუჩა“. როდესაც იმ სიმღერას ვუსმენდი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა, ირგვლივ ქრებოდა ყველაფერი: ჩემი სამუშაო მაგიდა, ჩემი ტანსაცმლის კარადა, კომპიუტერი და ყველა ჩემი ნივთი. არსებობდა მხოლოდ მელოდია და მეორე ლელა, რომელიც ჩემ წარმოსახვაში ცეკვავდა, როცა მე დაღლილი ვიყავი. მუსიკა, რომ დამთავრდა, ტანსაცმელი გამოვიცვალე და დასვენებული ჩავედი სამზარეულოში ყავის დასალევად. მეორე, მესამე და მეოთხე დილა არაფრით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მაგრამ პარასკევი სულ სხვა იყო. პარასკევს პატივს ვცემდი, მხოლოდ იმის გამო, რომ ლექციების შემდეგ უნივერსიტეტის ცეკვის ანსამბლში რეპეტიციებზე დავდიოდი. ამის გამო მარის ბევრჯერ ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი: ნეტავ სულ პარასკევი იყოსო. ამ დღეს ყოველთვის ყოჩაღი ვიყავი და ჩემი ჯგუფელი და მეგობარი თეონა, რომელიც ჩემთან ერთად დადიოდა ცეკვაზე, მხარს მიბამდა ხოლმე მარისთან კამათისას. ჩემთვის ცეკვა არაფრით განსხვავდებოდა მუსიკისგან. ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით ნაციონალური. ბავშვობაშიც რამდენიმე წელი დავდიოდი და, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე ავყევი მის ანსამბლს. იმ დღისით დადგმული ცეკვის რეპეტიცია უნდა გვქონოდა, რომელსაც რამდენიმე კვირაში ზუგდიდის ფესტივალზე გავიტანდით და მარის ვთხოვე, ვარჯიშზე გამომყოლოდა. ბოლო ორი ლექცია გაგვიცდა, ამიტომ მე, მარი, თეონა და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი ნათია სასწავლებლის მეორე კორპუსის კაფეში შევედით დროის გასაყვანად. ტყუილად რომ არ ვმსხდარიყავით, ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ. ყოველთვის მსიამოვნებდა ამ კაფეში ყოფნა. არ ვიცი რატომ, მაგრამ აქ თავს თავისუფლად ვგრძნობდი. მიყვარდა ბევრი ახალგაზრდა რომ ირეოდა და მათი თვალიერება მსიამოვნებდა. ოთახი საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ აქ დანაყრების მსურველთა რაოდენობა ყოველთვის დიდი იყო. ცოტა ხანში გოგაც შემოგვიერთდა. სწორედ ის იყო მაღალი, გამხდარი, შავთვალება, რომელიც ხანდახან სახლამდე მაცილებდა, როცა არ ემზარდებოდა და რა თქმა უნდა ხადილას ორბისებრ თვალთახედვას არ ეპარებოდა. გოგა ოთხივე მეგობართან ძმასავით იყო, დაქალობასაც გვიწევდა და ძმაკაცობასაც. ისიც ცეკვაზე დადიოდა და სწორედ იქ გავიცანით. ძალიან მხიარული ბიჭი იყო. მის სერიოზულ საუბარს იშვიათად თუ მოისმენდით. -გამარჯობათ გოგოებო, როგორ ხართ? - გადაგვკოცნა მან. მეორე მაგიდიდან, რომელსაც მხოლოდ ორი სკამი ედო და მათი პატრონები ბუფეტთან იდგნენ, ერთი მათგანი გამოაცურა და გვერდით მოგვიჯდა. - ისევ ნამცხვარს ჭამთ არა?! დასუქდებით და მერე დაიწყებთ წუწუნს, არავის მოვწონვართო. -მე არც სიმსუქნის პრობლემა მაქვს და არც ვწუწუნებ. - ნიშნისმოგებით თქვა თეონამ. - რაო დავითმა? ამ დროს დავინახე ბუფეტიდან დაბრუნებული გოგონები, რომლებიც თავიანთ ადგილზე დახვედრილ ერთადერთ სკამს დაჰყურებდნენ და გავიგე, როგორ თქვა ერთ-ერთმა სიტყვა „იდიოტი“. დავითი ჩვენი ცეკვის მასწავლებელი იყო. ჩვენ სამმა ცეკვის მონახაზზე დავიწყეთ ლაპარაკი, მარი და ნათია კი გვისმენდნენ. ცოტა ხანში, უკანა მხრიდან გოგონების კისკისმა მთელი ოთახი დაიპყრო. ყველა გაჩუმდა იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა. ოთახში მხოლოდ მათი და მუსიკის ხმა ისმოდა. სწორედ ამ სიჩუმის დროს კაფის კარი გაიღო და სამი ბიჭი შემოვიდა. მათ ხშირად ვხედავდით ხოლმე, ალბათ ძმაკაცები იყვნენ, რადგან სულ ერთად დადიოდნენ. ორი მათგანი კუთხეში მაგიდასთან დაჯდა, ერთი კი ბუფეტთან მივიდა. ჩვენ ისევ ცეკვაზე განვაგრძეთ საუბარი. რეპეტიციის შემდეგ, დავითი რამდენიმე ბავშვს გვიტოვებდა ხოლმე სავარჯიშოდ, რაც ძალიან სახალისო იყო. თუმცა ხანდახან დამღლელიც, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს შორის მხოლოდ მოყვარულები და ზარმაცები აღმოჩნდებოდნენ. დღეს გვიან მოგვიწევდა სახლში მისვლა, ამიტომ მე, გოგამ და თეონამ კარტოფილი შევუკვეთეთ კეტჩუპით. ამ დროს დაიწყო სიმღერა, რომელიც მე ძალიან მიყვარდა. ძველი იყო და იშვიათად თუ გადავაწყდებოდი სადმე, ამიტომ მიკვირდა აქ რომ უკრავდნენ და გარდა ამისა, ამ ბოლო დროს ხშირად მიწევდა მისი მოსმენა ამ კაფეში და ეს მე ძალიან მსიამოვნებდა. ჩემმა ამფსონებმა როგორც ყოველთვის ახლაც აღნიშნეს ეს ფაქტი და გოგამ თავმომწონედ მითხრა: -ნუთუ აქამდე ვერ მიხვდი, რომ ამ სიმღერას მე ვუკვეთდი შენი გულის დასაპყრობად? - და თან ხელი დამიჭირა. ცოტაც და დაიჩოქებდა. -ღმერთო, ამას როგორ ვერ მივხვდი! - მეც გავიოცე და თავის დაკვრით მადლობა გადავუხადე. ჩვენი კარტოფილიც მოვიდა. ოფიციანტმა გოგონამ, რომელიც ძალიან მხიარული იყო და ჩემ თვალში უწყინარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა სადილი დაგვიტოვა და უკვე წასვლას აპირებდა, რომ მისი წინსაფრის პატარა ჯიბეში ცენტრის პულტი შევნიშნე და ვკითხე: -მოგწონს ეს სიმღერა? გოგონამ ეშმაკური ღიმილით შემომხედა და მიპასუხა: -კი, ძალიან. შენც? -კი, მეც. -ძალიან კარგი. - თქვა და ისევ წასვლას აპირებდა, რომ ამჯერად თავად მობრუნდა და ღიმილით შემომხედა. დავინახე, როგორ ჩააცურა წინსაფრის ჯიბეში თეთრი პატარა ხელი და იქიდან ასევე პატარა ყვითელი ფურცელი ამოიღო. - სულ დამავიწყდა, ეს შენთვისაა. -ჩემთვის? - გამიკვირდა. გამოწვდილი ფურცელი გამოვართვი და დაბნეულმა გავუღიმე. -კი, შენთვის დატოვეს. -რა არის? -წერილი, ალბათ. - მხრები აიჩეჩა მხიარულად და ბუფეტისკენ წავიდა. ვეღარ მოვასწარი იმის კითხვა, თუ ვის უნდა დაეტოვებინა წერილი ჩემთვის, რადგან გოგას და გოგონების ცნობისმოყვარე სახეებს გადავაწყდი. ნაწერს დავხედე თუ არა, კალიგრაფიამ მომხიბლა, ისეთი ლამაზი, მრგვალი ასოებით ეწერა რამდენიმე სიტყვა. შინაარს მხოლოდ მოგვიანებით მივაქციე ყურადღება. „ ნუ ჩამთვლი შენს უცნობ თაყვანისმცემლად. დღეს პარასკევია.“ გავოცდი. თუ არ ჩავთვლით ბაბიასგან გამოგზავნილ წერილებს, რომელსაც ბავშვობაში სოფლიდან მწერდა, მას შემდეგ არაფერი მსგავსი მომხდარა. -მე ამას არ დავუშვებ. - თქვა გოგამ აფერისტული უკმაყოფილებით. - შენს თავს ვიღაც მართმევს. მის ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე. ჩემი ფიქრები წერილს დასტრიალებდნენ. ვის შეიძლებოდა, რომ გამოეგზავნა? კაფეში მყოფთ თვალი მოვავლე, მაგრამ ვერაფერი და ვერავინ შევამჩნიე ისეთი, ვისზეც ან რაზეც შეიძლებოდა, რომ ეჭვი გამჩენოდა. -რას გაჩუმებულხარ? თქვი რამე. - მხარზე მიჩქმიტა ნათიამ. რა უნდა მეთქვა გარდა იმისა, რომ გაურკვევლობაში ვიყავი? ან რა იყო სათქმელი, როცა მეც არ მქონდა წარმოდგენა, ვის შეიძლებოდა წამოეწყო ეს თამაში?! ხო, ვფიქრობდი, რომ ვიღაც ჩემ გასულელებას ცდილობდა. ეს აზრი ბავშვებსაც გავანდე. -ხოო, მეტი ვერაფერი მოგივიდეს აზრად. - გაეცინა გოგას. - თქვენ, ქალებს, მართლა არ გაწყენდათ ცოტაოდენი ტვინი. -მე მგონია, რომ ვიღაც ხუმრობს. - მითხრა თეომ. -მე კი - არა. - შემომხედა მარიმ. - ეს წერილი შეინახე. დამიჯერე, ასეთს კიდევ მიიღებ. ამ ამბავმა ადრენალინი ააღელვა ჩემში. გული გამალებით მიძგერდა. მთელი შაბათ-კვირა ამაზე ვიფიქრე. ნუთუ ოცდამეერთე საუკუნეში, სადაც მრავალნაირი ტექნოლოგია მეფობდა, არსებობდა ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც ამ ყველაფერს მნიშვნელობა ჰქონდა დაკარგული?! მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებთან ჩემი პირვანდელი აზრი გამოვთქვი, გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მართლაც ყოფილიყო ვიღაც და ეს ვიღაც ან ძალიან რომანტიული იყო ან ძალიან მორცხვი, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი ბიჭებში და სწორედ ამის გამო, მაინც ვცდილობდი მეფიქრა, რომ ვიღაც მეხუმრებოდა. მიუხედავად ამისა, ბარათი მაინც შევინახე და თავს ძალას ვატანდი ამაზე აღარ მეფიქრა. თუმცა ძალიან ძნელი იყო. როდესაც პირად ცხოვრებაში რაღაც ახალი და საკუთარი ხასიათისგან განსხვავებული რამ ხდება, უგულო და უინტერესო უნდა იყოს ადამიანი, რომ ამაზე არ იფიქროს. *** დილით თვალები რომ გავახილე, წვიმის ხმა მომესმა, სახე მომეღუშა და ლამის ტირილი დავიწყე. არ მიყვარდა წვიმა, ხასიათს მიფუჭებდა. ამასთან, ვერ ვიტანდი ქოლგით სიარულს და გარეთ გასული სახლში ერთიანად გალუმპული ვბრუნდებოდი. მოღრუბლული ცა ჩემ განწყობაზე ცუდად მოქმედებდა და რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემს მომღიმარ სახეს ვერავინ დაინახავდა, როცა ასეთი ამინდები იყო. -ახალი არაფერია? - მკითხა მარიმ, როცა აუდიტორიაში შევედი და მის გვერდით მოვთავსდი. -კი. გარეთ წვიმს და სულ სველი ვარ. - ვუთხარი. -ახია შენზე.. სულ არ მეცოდები. სხვა? - მივხვდი, რასაც გულისხმობდა - წერილს - მაგრამ ვაჭიანურებდი მისი ინტერესის დაკმაყოფილებას. -კიდევ, მმმ... ხო, ხადილას უმცროსი და ჩამოუვიდა ბაქოდან. მარის გაეცინა. -არაფერია მარ, - ვუთხარი მე. - ახალი არაფერი და ძალიანაც არ მინდა, რომ იყოს. -რატომ? იქნებ... ვიცოდი მარი რაზეც დაიწყებდა ლაპარაკს და გავაჩუმე. ლექტორი გვიყურებს მეთქი ვუთხარი, მაგრამ ლექცია გამოვიდა თუ არა, მომიბრუნდა. -ასე არ შეიძლება, ლელა. - მითხრა მან. -მარტო ყოფნა მინდა და მორჩა. მარ, ჩვენ მგონი შევთანხმდით, რომ ამაზე აღარ ვილაპარაკებდით. -მისმინე. - შემომხედა მან და თითები დამიჭირა. - არ დაგიმალავ, ძალიანაც გამიხარდა, რომ ასე მოხდა. იმ ნაგავმა თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. დარწმუნებული ვარ, ის გოგოც შენნაირ ბედს გაიზიარებს. მესმის, რომ ამდენი ხნის ურთიერთობის შემდეგ, უსირცხვილოდ ღალატი საშინელებაა, მაგრამ ლელა, მის გამო დარდი არ ღირს. მით უმეტეს, რომ მას შემდეგ ნახევარ წელზე მეტი გავიდა. -არა, მარ არ ვდარდობ... -შეიძლება, მაგრამ ვიცი, რომ გულის ტკივილის რაღაც ნამსხვრევები შენში მაინცაა და მინდა, რომ თავიდან ამოიგდო. -მასზე მართლა დიდი ხანია აღარ ვფიქრობ. - შევეცადე გამეღიმა. -აბა ასე ცხვირჩამოშვებული რატომ ხარ? -რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში მიზეზი ის არაა, რაც შენ გგონია. წვიმის ბრალია. -მოიცა, გამოდის რომ მარტო და აპრილი შენს მჟავე სახეს უნდა ვუყურო? - კოპები შეკრა მან. -ხო. შაბათ-კვირას თუ არ ჩავთვლით. -იმედს ვიტოვებ, რომ ზევსი ხასიათზე მოვა, თორემ აქ მე დამეწყება დეპრესია შენს შემხედვარეს. ამ დროს დავინახეთ, რომ აუდიტორიაში ნათია შემოვარდა და გაბრწყინებული სახით ჩვენსკენ წამოვიდა. -გოგოებო. - დაერჭო ჩვენ წინ და წარბები აათამაშა. -რა მოხდა? გიორგის შეურიგდი? - ივარაუდა მარიმ. -არაა. - ხელი ჩაიქნია ნათიამ. -აბა, ნატვრის თვალი იპოვე? - მისგან ეს უფრო მოსალოდნელი იყო. -დამაცადეთ გითხრათ. - ღრმად ჩაისუნთქა მან და დაიწყო. - ესე იგი, იქით პარასკევს, მეშვიდე თვითმმართველობა აწყობს მასკარადს. არ იქნება მხოლოდ პირველი კურსი. შეგიძლიათ მოხვიდეთ პარტნიორებთან ერთად, აუცილებლად საღამოს კაბებით და ნიღბებით, რომლებიც მთელი საღამოს მანძილზე სახეზე გეკეთებათ. წვეულება იწყება ხუთ საათზე. დაგვიანებულებს აღარ უშვებენ. იქნება შამპანური და უუმაგრესი კოქტეილები. -ისე ნათ, შენგან კარგი მოლაქლაქე ჟურნალისტი დადგებოდა. - ვუთხარი მე. -ვიცი. - შეიფერა და განაგრძო. - გოგოებო, უარი არ თქვათ რაა, ძალიან ლამაზი და კარგად ორგანიზებული საღამო იქნება. როგორც მითხრეს ბევრი რამ აქვთ დაგეგმილი. ხომ იცით, სანდო წყაროები ყოველთვის მაქვს. წამოდით კარგით? - შენზე ფიქრს არ დავიწყებ. - უთხრა მარის. - შეგიძლია მარტო მოხვიდე. ვიცი, ვინც არ უნდა მოგიყვანო, გვერდით არავის დაიყენებ. შენ კი, - შემომხედა ნათიამ, თითი ტუჩზე მიიდო და ჩაფიქრდა. - გოგა უკვე იმ იდიოტმა შეაბა, ვახო თიკოსთანაა, თაზოს არ სცალია, იმ იდიოტსაც ჰყავს წყვილი. ნუ, მოკლედ, რამეს მოვიფიქრებთ, მხოლოდ წამოდით და უარი არ თქვათ. იმდენი ილაპარაკა, რომ მე და მარის საკმაო დრო დაგვიტოვა მოსაფიქრებლად. პარტნიორებზე უარი ვთქვით და შევპირდით, რომ ორივე აუცილებლად მივიდოდით. *** ხუთშაბათს აღარ წვიმდა, მაგრამ ცა მაინც მოღრუბლული იყო და მეც მოვიღრუბლე. იმ დღისით მარი ჩემთან წამოვიყვანე და საღამოც ფილმის ნახვით გავერთეთ. ვთხოვე იმ ჩემთან დარჩენილიყო. მანაც უარი არ მითხრა და მთელი ღამე საუბარში გავათენეთ. მეორე დღეს, რადგან მარი ჩემთან დარჩა, მაღვიძარამ ჩვეულებრივზე ადრე დარეკა. მომზადებისას ვზოზინობდი. ჩანთის ჩალაგებისას ერთ-ერთი რვეულიდან ყვითელი ფურცელი გადმოვარდა. ავიღე და სიტყვები გადავიკითხე. გამახსენდა, რომ ეს წერილი ერთი კვირის წინ მივიღე და რომ აღარც კი მახსოვდა. ისევ რვეულში ჩავდე. მარის არაფერი უთქვამს, მაგრამ ვამჩნევდი, სასწავლებლამდე როგორი ჩუმი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ლექციების შემდეგ კაფეში რომ შევდიოდი, ვგრძნობდი როგორ მიჩქარდებოდა გულის ცემა. მარიმ ყავა შეუკვეთა და მაგიდასთან დავსხედით. მალე გოგა და თეონაც შემოგვიერთდებოდნენ. კაფე შევათვალიერე. როგორც სხვა დღეებში, თითქმის ერთი და იგივე სტუდენტები მოძრაობდნენ. -მარ, რას ფიქრობ იმ წერილზე? - ვკითხე მეგობარს სანამ მარტონი ვიყავით. -ჩემი აზრი წინა პარასკევს გითხარი, თუმცა ვატყობ განვრცობა გინდა და ახლა მოგახსენებ. მგონია, რომ მართლაც არის ვიღაც, ვისაც მოსწონხარ. ამის სათქმელად კი ძალიან ორიგინალურ გზას მიმართა. ვფიქრობ, საინტერესო ადამიანი უნდა იყოს და არა იმ შენი ზურას მსგავსი ვულგარული. ძალიან დამწყდება გული, ჩემი ვარაუდი რომ არ გამართლდეს და ვიღაც ხუმრობდეს. -ერთი კვირა გავიდა. მართლაც რომ იყოს ვინმე, რატომ აქამდე არ გამოჩნდა? -მაგას ვერ გეტყვი. - მხრები აიჩეჩა მარიმ. - ალბათ მას თავისი წესები აქვს. მე კი ასეთი ამბები ძალიან მიყვარს. -რთული იქნება იმის მიხვედრა, ვინ შეიძლება რომ იყოს. -იცი, მე შენ ადგილას არც ვცდიდი მისი ვინაობის დადგენას, პირველი - დიდი შანსია, რომ შრომა უშედეგოდ დამთავრდეს, მეორე - ამ თამაშს ხიბლი დაეკარგება. -ხო, მაგრამ მე შენსავით აზარტული არა ვარ. - გამეცინა. -მაგრამ, ჩემგან განსხვავებით დიდი მოთმინების უნარი გაქვს. -ვაპირებდი, რომ... - სიტყვა გამიწყდა, რადგან კაფეში ისევ ის სიმღერა გაისმა, რომელიც მე მიყვარდა. როგორც ყოველთვის ყურში სასიამოვნოდ მომხვდა, მაგრამ ამავე დროს ერთმა აზრმა გამიელვა თავში. მარის შევხედე, რომელიც იღიმოდა. -შენც იმას ფიქრობ, რასაც მე? - ვკითხე. -მე არ ვიცი შენ რას ფიქრობ. - გაეცინა. -კი, მაგრამ, საიდან იცის, რომ ეს სიმღერა მიყვარს? იმავე წუთს ჩვენს მაგიდას ოფიციანტი გოგონა მოუახლოვდა და გვკითხა: -ორი ყავა თქვენი იყო ხომ? -კი. - უპასუხა მარიმ. გოგონამ გაგვიღიმა. ზუსტად ასე იღიმოდა წინა პარასკევსაც. ნუთუ კიდევ ჰქონდა წერილი ჩემთვის? არა, აღარ მინდოდა მეტი. ნეტავ უბრალოდ დაედგა ფინჯნები და წასულიყო. მოუსვენრობა შემიჩნდა. გოგონამ ფინჯნები ლანგრიდან მაგიდაზე გადმოალაგა და ჩემ წინ ყვითელი ფურცელი დადო, შემდეგ გამიღიმა და გაბრუნდა. მინდოდა გამეჩერებინა და კითხვები დამეყარა, მაგრამ მარიმ თვალები დამიბრიალა და გავჩერდი. ფურცელი ავიღე და დავხედე. იგივე კალიგრაფია იყო, ლამაზი და სასიამოვნოდ წასაკითხი „ნუ გგონია, რომ არ გიცნობ. მასკარადზე შევხვდებით. დღეს პარასკევია.“ - წავიკითხე ხმამაღლა. გამეცინა. -სისულელეა! როგორ შეიძლება მიცნობდეს ადამიანი, რომელიც თვალით არ მინახავს და არც არასოდეს მისაუბრია მასთან. ვიღაც ხუმრობს. -რატომ ბრაზობ? - წარბები აზიდა მარიმ, თითქოს რაღაცაში გამოვეჭირე. - არ ვბრაზობ. ხომ იცი, არ მიზიდავს ასეთი უაზრო ხუმრობები. წამოვდექი. მინდოდა მიმტანთან მივსულიყავი და რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ყველაფერი გამეგო, მაგრამ ისევ მარიმ შემაჩერა, სასტიკად ამიკრძალა ამის გაკეთება და მირჩია, მომავალ პარასკევს დავლოდებოდი. გამიჭირდა, მაგრამ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. მარის ბრძნულ რჩევებს ვუსმენდი და თან ოთახს ვათვალიერებდი. შემოსასვლელში მდგომ მაგიდასთან ერთი ბიჭი იჯდა, ყურსასმენები ეკეთა და რვეულის ფურცლებს უგულოდ ათვალიერებდა. მის უკან, მაგიდასთან ბიჭები ისხდნენ, მათ გვერდით კი ჩემი ცეკვის ჯგუფის გოგონები. ბუფეტთან ახლოს ის სამი ძმაკაცი იჯდა, ხშირად რომ ვხედავდით ხოლმე. ერთი მათგანი ყავას სვამდა და დანარჩენი ორის საუბარს უსმენდა. გვერდით გოგონა იჯდა და გულმოდგინედ რაღაცას სწერდა. ნუთუ ის, ვინც ეს წერილი გამომიგზავნა და ახლა აქ იყო, ერთხელ მაინც არ შემომხედავდა? არ მჯეროდა, რომ რაც ჩემ თავს ხდებოდა, შეიძლებოდა, რომ რეალურ ცხოვრებაში მომხდარიყო. თან არც ზღაპარს ჰგავდა. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა... არ ვიცნობი, მას მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო მასზე უკვე ვბრაზობდი ასე რომ ამაფორიაქა. *** სახლში მისულს ჩემი ძმა დამხვდა სოფლიდან ჩამოსული. თორნიკე ახალი წლების შემდეგ არ მენახა და მისმა ჩამოსვლის ამბავმა ძალიან გამახარა. მან დამავიწყა წერილიც და მისი უცნობი ავტორიც. თორნიკე ჩემზე ასაკითაც და ფიზიკურადაც დიდი იყო და რადგან ძალა უჭრიდა, მთელ დღეს მაწვალებდა. შაბათ-კვირა ისე გავერთე, აღარავინ და აღარაფერი მახსოვდა. ორშაბათს კი ისევ იმ წერილს გადავაწყდი და ყველაფერი თავიდან დაიწყო. *** ლექციების შემდეგ ბიბლიოთეკაში ჩავედი და დაახლოებით ორ საათამდე იქ ვიყავი. პატარა ოთახში ისე თბილოდა, რომ მოვითენთე. გარეთ, გაჩერებასთან სუსტი ქარი ქროდა, მაგრამ ნაწვიმი იყო და სითბოდან გამოსულს შემცივდა. ვიბუზებოდი. ცოტა ხანში ქარმაც უმატა და გავიყინე, ცხვირს და ყურებს ვეღარ ვგრძნობდი. ამ ყველაფერმა ძველი გაზაფხული, ის დრო გამახსენდა, როცა მე და ზურა ერთად ვიყავით. ვგრძნობდი, ის დრო ჩემთვის აღარაფერს ნიშნავდა. იმედგაცრუებამ, რომელიც გადავიტანე, ყველა მოგონება ყოველდღიურ, უაზრო სიზმრად აქცია და გულგრილი გამხადა მათდამი. სიყვარულზე იშვიათად ვსაუბრობდი, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ მჯეროდა, რომ ეს გრძნობა ადამიანს მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა სწვეოდა. მაგრამ ახლა, როცა ზურას მიმართ ზიზღის მეტს აღარაფერს ვგრძნობდი და ჩემი გული ქარივით თავისუფალი იყო, ვხვდებოდი, რომ სიყვარულთან დაკავშირებული ჩემი მოსაზრება მცდარი იყო. სახლში მისულმა მარის ვთხოვე ჩემთან გამოევლო. ხმაზე შევატყე, რომ ამ სიცივეში სულაც არ ეხალისებოდა გარეთ გამოსვა, მაგრამ მე ხომ მისთვის სიურპრიზი მქონდა?! მას შემდეგ, რაც მარის ჩემი ძმა გავაცანი, ვხვდებოდი, რომ მას თორნიკე მოსწონდა. ამის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, ჩემი მეგობარი ძალიან კარგი ადამიანი იყო, თუმცა არასოდეს მიგრძნობინებია მისთვის, რომ მის საიდუმლოს ვხვდებოდი. არ მინდოდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა და ჩემს სახლში ისედაც მორიდებულს, სულ უარი არ ეთქვა მოსვლაზე. თორნიკეზე კი ვერაფერს ვფიქრობდი. რამდენჯერ დავკვირვებივარ მას, როცა მარის ელაპარაკებოდა, ანდაც უბრალოდ დაინახავდა ხოლმე, მაგრამ საიმისოს ვერაფერს ვამჩნევდი, რომ შეიძლებოდა მარის მიმართ სიმპათია მაინც ჰქონოდა. თორნიკე ჩემზე ოთხი წლით იყო დიდი და სამსახურის შემდეგ (ფეხბურთის ბავშვთა გუნდის მწვრთნელი იყო და თავადაც თამაშობდა) უმეტეს დროს თავის საძმოში ატარებდა. ამიტომ, ძალიან იშვიათი იყო ისეთი მომენტები, რომ დავმსხდარიყავით და როგორც და-ძმას, ისე გვესაუბრა. გამომდინარე აქედან, შეპარვითაც ვერ ვახერხებდი, რომ თოკე რამეში გამომეტეხა. *** მალე კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში გაოგნებული მარი კი არ შემოვიდა, შემოვარდა. ჩანთა დივანზე დადო, მანტოს გახდა დაიწყო და თან გაბრაზებული ჩივილს მოჰყვა: -ეს ხადილაა თუ ვიღაც... არ ვიცი, ვერ ვხვდები, რატომ არ ითხოვთ თქვენ - მეზობლები მის ციმბირში გადასახლებას. ისედაც უძლებს ამ ყინვას, რომ დამდგარა აივანზე და რამისაა ლოლოები დაეკიდოს. საერთოდ რა მისი საქმეა მე როდის, რატომ და რამდენჯერ მოვალ აქ?! -რა მოხდა? - ვკითხე მე. მისი ეს ჩივილი არ გამკვირვებია, რადგან ხადილასგან ნებისმიერ დროს მოსალოდნელი იყო ყველაფერი, მაგრამ მარი ასეთი წყობიდან გამოსული ჯერ არ მინახავს და მ,ე ეს უფრო მაოცებდა. -რა მოხდა?! მიჰყვა, მოჰყვა და ბოლოს თორნიკეს შეყვარებულიც გამომიყვანა. ეგ ქალი სრულ ჭკუაზეა? მეტი საქმე არ აქვს ხო? - ხელები გულზე დაიკრიბა და გაბუსხული ჩაჯდა რბილ დივანში. გამეღიმა. ხადილას გულში პირველად და უკანასკნელად გადავუხადე მადლობა, რომ მარის ეს რეაქცია მაჩვენა, მისივე გამოგონილ ჯერ-ჯერობით ჭორზე. -ოჰ, კაი რაა, - ვუთხარი და ხელი ჩავიქნიე. - ყურადღებას ნუ მიაქცევ, ხომ იცი როგორი სცენარისტია ეგ ქალი. - შემდეგ ბუხართან ორი პუფი დავაგდე და იქ მოვეწყვეთ კომფორტულად. სრული იდილია იყო. ყავა, შოკოლადის პეჩენია, სითბო, სიმყუდროვე და ბუხარში მოგიზგიზე კოცონი, რომელიც ოთახს საოცარ ატმოსფეროს უქმნიდა. ერთხანს ჩემს უცნობ თაყვანისმცემელზე ვილაპარაკეთ, შემდეგ ზაფხულის არდადეგები დავგეგმეთ და აი, მალე მარის სიურპრიზიც გამოჩნდა. ჰოლში, კიბეზე თორნიკემ ჩამოირბინა და სტვენა-სტვენით პირდაპირ სამზარეულოში გაუხვია. იქიდან გამომძახა: -ლელ, მანდ ხარ? -ჰო, რა იყო? - მარის გავხედე. პუფიდან ოდნავ წამოწეულიყო და მომშტერებოდა. -ლუდი გინდა? -არა, ყავას ვსვამ. -რატომ არ მითხარი, შენი ძმა თუ ჩამოსული იყო? - მკითხა მარიმ. მისი თითები ერთმანეთში გაუცნობიერებლად თამაშობდნენ. -რა ვიცი, გადამავიწყდა. - მხრები ავიჩეჩე და გამეღიმა. -ვაა, ეს ვინ მოსულაა! - შემოვიდა თორნიკე, მარის გაუცინა და გადაკოცნა. გოგომ მორიდებით გაუღიმა, ისევ თავის სავარძელში ჩაჯდა და გამომხედა. თოკეც ჩვენგან ოდნავ მოშორებით სავარძელში მოთავსდა და ლუდი მოსვა. -აბა, როგორ ხარ მარი? ასე რატომ დაგვივიწყე? - ჰკითხა მას ჩემმა ძმამ და ცეცხლის შუქზე დავინახე (ოთახში სინათლე არ გვენთო), რომ გოგოს თვალი ჩაუკრა. ოხ, რა ხარ თორნიკე. გაიძვერა! ვიჯექი ჩემთვის ჩუმად და ვუსმენდი მათ საუბარს. გამოცდილი ფსიქოლოგივით ვაკვირდებოდი ჩემს ძმას, რათა მისი მარისკენ მიმართული მზერიდან რაიმე ამომეკითხა, მაგრამ არა, მისგან არაფერი მოდიოდა გარდა იმისა, რომ ხანდახან შემომხედავდა და ენას მიყოფდა. უცბად თავში ერთმა იდეამ გამიელვა. -რა გჭირს ლელა, რა მთაწმინდასავით დადუმებულხარ? - მკითხა თოკემ. მის ეშმაკურ ღიმილს შევხედე და გამეცინა. -იცით, მგონი რაღაც მოვიფიქრე. - ვუთხარი. -რა მოიფიქრე? - მკითხა მაშინვე მარიმ. ალბათ ერთი სული ჰქონდა, როდის მოაშორებდა თვალს ჩემს ძმას და მის მომაჯადოვებელ ღიმილს. -თოკე, პარასკევს გცალია? - ვკითხე. თორნიკე ცოტა ხნით დაფიქრდა და მალევე მიპასუხა კიო. - რას იტყვი, არ გინდა ჩემთან სასწავლებელში მასკარადზე წამოხვიდე? - ვთქვი და მარის დაჟინებულ სახეს გადავაწყდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. -დიდი სიამოვნებით. - უპრობლემოდ დამთანხმდა ის. ჩემი ძმა იმედებს არასდროს მიცრუებდა. - მაგრამ, რა სტატუსი მექნება იქ მე? -აი, მარის გაუწევ პარტნიორობას. გვითხრეს, რომ წვეულებაზე კავალერებთან ერთად უნდა მივიდეთ. - მარის გავხედე. როგორც ჩანდა, თანხმობის შემდეგ ყველანაირი იმედი გადასწურვოდა და ახლა უკვე წყნარად იჯდა და გვისმენდა. -თან მარის კავალერიც ვიქნები, მით უკეთესი. - მხრები აიჩეჩა ჩემმა ძმამ. - მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ შენ? -რა, მე? -შენ გყავს კავალერი? ყვითელი ფურცელი გამახსენდა და „მასკარადზე შევხვდებით.” გამეცინა და ჩემ ძმას თავი დავუქნიე. მარისგან არანაირი საყვედური არ მიმიღია ჩემი მეტიჩრობის გამო და ცოტა არ იყოს, მიკვირდა. მეგონა სულ მცირე მიჩქმეტდა მაინც, მის დაუკითხავად რომ შევურჩიე კავალერი, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია ამასთან დაკავშირებით. ალბათ გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც და იმიტომ. *** გუშინდელს მოყოლებული უცნაური წინათგრძნობა მქონდა. რასთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული, ვერ ვხვდებოდი. მასკარადზე აღარ ვფიქრობდი, ვიცოდი, რომ იქ უნდა მენახა ჩემი უცნობი თაყვანისმცემელი. ხო, მას ასე მოვიხსენიებდი, მიუხედავად იმისა, რომ თავად მითხრა „შენს უცნობ თაყვანისმცემლად ნუ ჩამთვლიო“. წვეულებაზე გავიგებდი მის ვინაობას. ნუთუ ასე მალე აპირებდა თავის გაცემას? არც ისე ორიგინალური იდეების მქონე ყოფილა, როგორც მარის წარმოედგინა, თუმცა ვერავინ ივარაუდებდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო იქ. იქნებ სულაც არ აპირებდა მოსვლას? მოიცა, თავად რომ არ მივსულიყავი და იმ უცნობისთვის გეგმები ჩამეშალა?! მაგრამ ისიც რომ მაინტერესებდა ვინ იყო?! იქნებ ნიღაბში ვერ ვეცნე? ხმამაღლა გამეცინა. როგორ არა, ის მე მშვენივრად მიცნობდა. მე კი ვერა. პარასკევი საღამოსთვის ალბათ დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი ნიღაბს შეიძენდა, რომ მისი სახე არ დამენახა. დიახ, ის ნიღბით დაიცავდა თავს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩემთან შეხვედრა. *** იმედები არ გამცრუებია. მზეს არ გავუნებივრებივართ, მაგრამ არც წვიმდა და გამიხარდა. ლექციების შემდეგ თორნიკემ მანქანით გამოგვიარა და მე და მარი საყიდლებზე წაგვიყვანა. ჩემი წუნიაობის გამო დიდხანს ვიარეთ. ბოლოს იმ მაღაზიაში შევედით, რომელსაც მანამდე ხუთჯერ მაინც ჩავუარეთ. სწორედ იქ ვნახე მუქი ზურმუხტისფერი კაბა, რომელსაც მხრებიდან დაყოლებული სახელოებამდე იმავე ფერის ბრჭყვიალა ზოლი ჰქონდა გაყოლებული. დანახვისთანავე მოვიხიბლე. იქვე ვიყიდე შავი დაბალყელიანი ჩექმა და ასევე შავი ნიღაბი. *** მეორე დღეს სასწაული მოხდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე დავარქვი - მზე გამოვიდა. უკვე თერთმეტი საათისთვის გარეთ სითბოს სურნელი ტრიალებდა. აუდიტორიაში შემოჭრილი მზის სხივები ჩემს მერხზე ეცემოდნენ და კარგ ხასიათზე მაყენებდნენ. არასოდეს მყვარებია გრაციოზული ვარცხნილობები და მკვეთრი მაკიაჟები, ამიტომ წვეულებისთვის ჩემი ისედაც სწორი თმა, რომელიც წელამდე მწვდებოდა, გვერდით გადმოვიყარე და მაკიაჟიც მსუბუქი გავიკეთე. ჩემს კაბას, რომელიც მუხლს ოდნავ ზემოთ მადგა, ისედაც ამშვენებდა ორი ბრჭყვიალა ზოლი და არ მინდოდა რამეთი უფრო მეტად შესამჩნევი ვყოფილიყავი. მე და მარი თითქმის მზად ვიყავით. დედა თორნიკესთან გავიდა. საათს დავხედე. ხუთის ნახევარი იყო. ხუთზე იქ უნდა ვყოფილიყავით. -აბა! - მოგვესმა თორნიკეს ხმა, რომელიც იმ წამს ჩემს ოთახში შემოვიდა და მომენტალურად შედგა. მაშინ შევამჩნიე მარის დაბნეული მზერა და უხერხული ღიმილი. დავინახე ასევე, როგორ მოსწყვიტა ჩემმა ელეგანტურმა ძმამ თვალები ჩემს მომხიბვლელ მეგობარს და ეცადა ნათქვამი ხუმრობაში გაეტარებინა. - ოთახი ხომ არ შემეშალა? -არაა, რატო? - გამეცინა მე. -მგონი სამოთხის კარი შევაღე და ჩემთვის სიკვდილი ჯერ ადრეა. - თქვა თორნიკემ და მოგვიახლოვდა. - დაიკო, ულამაზესი ხარ! - ლოყაზე მაკოცა მან. - მარი, მშვენიერი ხარ. ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ამ საღამოს პარტნიორობას მე გაგიწევ. მჯერა, რომ ყველა ბიჭი ჩემ ადგილას ყოფნას ინატრებს. - კიდევ ერთი თვალის ჩაკვრა. აშკარად მარისთვის განკუთვნილი კომპლიმენტი უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩემთვის. -გეყოფა თორნიკე, ნუ აჭარბებ. - გაიღიმა მორცხვად მარიმ. ჩემს მეგობარს ტანზე ოდნავ მომდგარი ნაცრისფერი კაბა ეცვა, რომელსაც მკერდის ქვეშ შავი ატლასის ლენტი შემორტყმოდა და გულის მხარეს ლამაზად იყო გაბანტული. კაბას მოკლე მკლავი ჰქონდა, ამიტომ მარის ლამაზ თეთრ ხელებს ასევე შავი ხელთათმანები ამშვენებდნენ. დედაჩემის მიერ ლამაზად ჩაწნული თმა წინ გადმოეგდო და ბოლოს უხერხულად ფრჩხილებით ივარცხნიდა. თორნიკე მანტოების ჩაცმაში დაგვეხმარა და იმ დღისით უკვე მეორედ წავედით სასწავლებლისკენ. *** დარბაზში შესვლისთანავე ათასგვარი სუნამოს სურნელი მეცა. ჰაერი საშინლად იყო მოგუდული. აბსოლუტურად ყველას ნიღაბი ეკეთა სახეზე. როგორც ჩანდა იმ წესს, რომ ნიღბები მთელი საღამოს მანძილზე არ უნდა მოგეხსნა, სტუდენტები კარგად ასრულებდნენ. რა თქმა უნდა ეს ჩემი უცნობი თაყვანისმცემლისთვის ხელსაყრელი იყო დამთხვევა. პარასკევი იყო და ალბათ ერთ ყვითელ ფურცელს კიდევ მივიღებდი მისგან. მაგრამ აქ ერთი პრობლემა იყო. მან არ იცოდა, რომ მე ძმასთან ერთად ვიყავი მოსული არ მინდოდა, რომ თორნიკეს ეს ყველაფერი გაეგო. არ ვიცოდი რა რეაქცია შეიძლებოდა ჰქონოდა, ამიტომ მთლიანად მარის იმედზე ვიყავი. ჩემი მეგობარი ხელკავით გავიყვანე გვერდით და ნიღაბი შუბლზე ავიწიე. -რა მოხდა? - მკითხა მან. მოუთმენლობა მაწუხებდა, რადგან მოსვლიდან უკვე ოთხი საათი გავიდა, წერილი კი აგვიანებდა. არც მისი ავტორი ჩანდა და რატომღაც მე ეს მაღელვებდა. ვგრძნობდი, რომ გული დამწყდებოდა, ეს ყველაფერი ხუმრობა რომ ყოფილიყო და ეგრეთწოდებული თამაში დასრულებულიყო. -საშინლად დამცხა მარ. - შევჩივლე მას. - თან ძალიან დავიღალე. -ხომ არ გეშინია? - გამიღიმა. -არა, უბრალოდ ლოდინი მაწუხებს. -გინდა ჰაერზე გავიდეთ? ცოტას დამშვიდდები. აქ დუღს ყველაფერი. -კი, მინდა, ცოტა ხნით გავიდეთ, მაგრამ ჯერ თორნიკეს ვუთხრათ. მალე ვალსი დაიწყება და არ მინდა ჩემს ძმასთან ერთად ცეკვა ჩაგიშალო. - თვალი ჩავუკარი მას. -ლელა, გეყოფა! - ნიღბის ქვეშ მაინც შევნიშნე მისი შეკრული კოპები. - წავალ ვეტყვი თორნიკეს. დერეფანში გავედით და გვერდით, პირველივე აუდიტორიაში შევედით, ფანჯარა გამოვაღე და თაროს დავეყრდენი. გარეთ ოდნავ წვიმდა და ოთახში სუფთა ჰაერი შემოიჭრა. ღრმად ჩავისუნთქე და მარისკენ შემოვბრუნდი. -მარ, ვფიქრობ დღეს თორნიკეს არ გადაუჭარბებია. - ვუთხარი. -რაზე ამბობ? - გაუკვირდა მას და გვერდით ამომიდგა. -ძალიან ლამაზი ხარ. არ მესმის, რატომ არ გყავს თაყვანისმცემლები. მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი, ხელიდან არ გაგიშვებდი. - გამეცინა. -ასე ფიქრობ? აი მე კი შენნაირი ხასიათის ადამიანს არ შევიყვარებდი. ძალიან ცვალებადი ხარ. -ეს იმიტომ, რომ ერთფეროვნება არ მიყვარს. აი ახლა, ეს სიტუაცია მართობს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ვღელავ და არც კი ვიცი რა მოხდება. -გგონია, სიტყვას გატეხავს? -რა გითხრა... მაგრამ იქნებ ასეც სჯობდეს... -შენ რა, თავს ხრი? ლელა, მე შენ ასეთს არ გიცნობ. ბიჭმა როგორ უნდა დაგაბნიოს? - გამეღიმა. თითქოს თორნიკეს შემხედვარე, მთელი დღევანდელი დღე თავად არ აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით. არა, მე მასავით სუსტი არ ვიყავი. -ნუ გეშინია მარ. არაფერსაც არ ვხრი. - სახეზე ნიღაბი მოვირგე. - მთავარია მან გადმოდგას ნაბიჯი და ნუ მალოდინებს. ახლა კი წავიდეთ. ყელი გამიშრა, რამეს დავლევ. - ხელი ჩავკიდე ჩემს მეგობარს და ისევ დარბაზისკენ წავედით. ნეტავ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, მაშინაც ასე მხნედ და გაბედულად თუ ვიქნებოდი? მარი თორნიკესთან დავტოვე და ფურშეტისკენ წავედი. ჭურჭლის მაგიდიდან ლიმონათის ჭიქა ავიღე და ფორთოხლის წვენი ჩამოვისხი. მობრუნებისას კი ვიღაცას იდაყვით დავეჯახე. -უკაცრავად. - ცალყბად მოვუხადე ბოდიში სტუდენტს და წვენი მოვსვი. -არაფერია. - თქვა მან. დარბაზს გადავხედე. ალბათ შუბლზე მეწერა სიტყვა „გელოდები“. მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდოდა, რომ არ მოსულიყო. უფრო ზუსტად, დღეს არა. მერჩივნა მეწუწუნა, ტყუილად მენერვიულა, ლოდინით გავმწყდარიყავი, მაგრამ დღეს არ მენახა. უცბად ჩემ გვერდით მდგომის ხმა მომესმა, მაგრამ მუსიკის და უფრო უყურადღებობის გამო, სიტყვები ვერ გავარჩიე. მისკენ მივბრუნდი და ვკითხე: -რამე მითხარით? -კი, - თქვა მან. საბედნიეროდ მუსიკას დაუწიეს. - მაინტერესებდა, წვეულება თუ მოგწონდათ. მისი ხმა სასიამოვნოდ ჩამესმა და გადავწყვიტე ჩემი უცნობი თაყვანისმცემლის მოლოდინში, მასთან საუბარი გამება. -ალბათ სხვა დროს უფრო მომეწონებოდა. - ვუთხარი. აღარაფერი უთქვამს. გამიკვირდა, ჩემს მრავალმნიშვნელოვან პასუხს რომ არ ჩაეძია, ამიტომ თავად ვკითხე: -აქაური სტუდენტი ხართ? მან მხოლოდ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და შევნიშნე, რომ გაეღიმა. -ალბათ თქვენც, ხომ? -კი. - ვუპასუხე. მხოლოდ ახლა გადავწყვიტე შემეთვალიერებინა ჩემ გვერდით მდგომი და თვალები მალულად გავაპარე მისკენ. გამიკვირდა, სხვა ბიჭებივით ძალიან რომ არ იყო გამოპრანჭული. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ბოლო წამს გადაწყვიტა წვეულებაზე წამოსვლა. შავი შარვალი და პერანგი ეცვა. მისი ერთი ღილი ალბათ სიცხის გამო ყელთან შეეხსნა და სახელოები იდაყვებამდე სახელდახელოდ აეკეცა. სახეზე ძალიან ლამაზი ნიღაბი ეკეთა. შავი იყო და მხოლოდ მარცხენა თვალის გარშემო ლაპლაპებდა ოქროსფრად. მაგრამ ნიღაბი ცოტა დიდი იყო. წარბებს, ლოყებს, ცხვირს, თითქმის ზემოთა ბაგესაც უფარავდა. უცბად ისევ მისი ხმა მომესმა და თვალთვალი შევწყვიტე. გავოგნდი, როცა სახელით მომმართა, მაგრამ მალევე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. -ლელა, - თქვა მან. ჯიბიდან პატარა ყვითელი ფურცელი ამოიღო და გამომიწოდა. - ეს შენია. გადავწყვიტე დღეს პირადად მომეცა შენთვის. ის იყო, ჩემი უცნობი თაყვანისმცემელი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არავინ ხუმრობდა, ის მართლაც არსებობდა და ახლა ჩემ წინ იდგა. ხმას ვერ ვიღებდი. ჭიქა მაგიდაზე დავდგი და ფურცელი გამოვართვი. საშინლად მაწუხებდა ჩემი პატარა ნიღაბი. მისკენ თვალი გავაპარე და ბაგეებზე ღიმილი შევნიშნე. ფურცელი მაგრად დავიჭირე, ყელში მოწოლილი ბურთი, რომელსაც "ღელვა" ერქვა, ერთიანად გადავყლაპე და თამამად შევხედე ნახევრად დაფარულ სახეში. - ესე იგი მართლაც არსებობ. - ვუთხარი მე. - ვიცოდი, არ დაიჯერებდი და ამიტომ გადავწყვიტე, სიმართლეში დამერწმუნებინე, მით უმეტეს, რომ მასკარადი დაემთხვა. - თქვა მან და გამიღიმა. - ჩათვალე, რომ დამარწმუნე. - ძალიან კარგი. - მხრები აიჩეჩა მან. გაკვირვებისგან ლამის პირი დავაღე. ნუთუ სხვა არაფრის თქმას, არაფრის გაკეთებას არ აპირებდა? გავბრაზდი, მაგრამ არ შევიმჩნიე და ისევ მე მივმართე: - სხვას არაფერს მეტყვი? - მე ჯერ გამოჩენასაც არ ვაპირებდი. - თქვა მან. - აბა როდის? - თავის დროზე. - ისევ გაიღიმა. ინტერესი მკლავდა მისი სახე მენახა, რადგან მისმა სტილმა და ფიზიკურმა აღნაგობამ მომხიბლა, მის ხმის ტემბრზე რომ არაფერი ვთქვა. ვატყობდი, რომ სულაც არ იყო ისეთი მორცხვი და რომანტიული, როგორიც მეგონა. - კარგი. ჩემი სახელი იცი, მეც მინდა ვიცოდე შენი. - ვუთხარი. თუ მის სახელს გავიგებდი, იმედის რაღაც ნაპერწკალი გამიჩნდებოდა, რომ მის ვინაობას დავადგენდი, მით უმეტეს, რომ ჩვენი სტუდენტი იყო. - სხვა რამ მკითხე. - თქვა. ჩემი გეგმა ჩაიშალა. ამ დროს მარის მოვკარი თვალი, რომელიც ჩემსკენ იყურებოდა. მისი მოუსვენრობა მანიშნებდა, რომ ჩემთან საუბარი სურდა და ნებართვას მთხოვდა. მე ოდნავ თავი დავუქნიე და ისიც ჩემსკენ წამოვიდა. ეს ყველაფერი ალბათ უცნობმაც შენიშნა და მოულოდნელად ჩემი ხელი თავისაში მოიქცია. შევკრთი და სახეში შევხედე. - იმედია პრობლემებს არ გიქმნი. - მითხრა მან. - არა. - დაბნეულმა გავიქნიე თავი. - შენი მეგობარი დიდი ხნით წამართმევს შენს თავს? ჩვენს ხელებს დავხედე, მისი ხელი ჩემსაზე ოდნავ მუქი იყო. - არა. - ისევ მოკლედ ვუპასუხე და ხელი ნელა გამოვაცურე. - ერთი წუთით. - ვუთხარი მე და მარისკენ წავედი. ღრმად ჩავისუნთქე და მარის მკლავში ვწვდი. - ის არის? - მოუთმენლად მკითხა. - კი. - ვუპასუხე. - მერე? - რა მერე? - რა რა მერე, რა გითხრა? სახელი გაიგე? - არა. - რა გჭირს ლელა? - გაეცინა მარის. სუნთქვა მიჭირდა. ოთახში ჰაერი ძალიან მოიგუდა და დამცხა. ამ ყველაფერს ჩემი მღელვარებაც ერთვოდა და ცოტა არ იყოს თავს ცუდად ვგრძნობდი. - არაფერი. - ვუთხარი მე. - კარგი, - მარი მიხვდა რომ ლაპარაკის თავი არ მქონდა.- თორნიკემ დაგინახა, წამოსვლას აპირებდა, მაგრამ შევაჩერე. ვუთხარი მისი ცეკვის ჯგუფელია და ალბათ ზუგდიდის კონცერტზე საუბრობენ მეთქი. - მადლობა მარ. - იმ წუთას მასზე მეტად არავინ მიყვარდა. - ახლა მალე ვალსი დაიწყება. - ამაზე არ ვფიქრობ. - სამაგიეროდ ის ფიქრობს. - თვალებით მანიშნა უცნობზე. - შენ რა იცი? - გამიკვირდა. - კარგი, მე თორნიკესთან მივალ. წარმატებები ლელ. - ლოყაზე მაკოცა ჩემმა მეგობარმა და წავიდა. როგორ იმედებს ვუცრუებდი საკუთარ თავს?! არა, მე არ მივცემდი ამ უცნობს იმის ნებას, რომ საკუთარი მესთვის მეღალატა. წელში გავსწორდი, თმა შევისწორე და მისკენ გავემართე. მისული არ ვიყავი, რომ ვალსის ჰანგები გაისმა და მანაც საცეკვაოდ გამიწვია. მის გამოწვდილ ხელს ხელი შევაგებე და ცეკვაზე დავთანხმდი. წელზე ხელი მომხვია და მიმიკრა. ვეცადე ცოტა უკან დამეხია, მაგრამ არ გამომივიდა. ოდნავ ირხეოდა და იღიმოდა. ვერაფერს ვეუბნებოდი, ენა ჩამივარდა და ის მხნეობა ცოტა ხნის წინ რომ მეძალებოდა, სულ დავკარგე. მიუხედავად იმისა რომ უხეშობა არ მახასიათებდა და ასე მოქცევაც მიჭირდა, გადავწყვიტე ცოტა მკაცრად მივდგომოდი მას და ვუთხარი: - იცი, ალბათ ჯობდა სულ არ მოსულიყავი. - რატომ? - მკითხა მან და მწვანე თვალები შემომანათა, რომლებიც შავი ნიღბიდან იმზირებოდნენ. - რა აზრი ჰქონდა? ჩუმად ხარ, არაფერს მეუბნები, სახეს არ მაჩვენებ, სახელიც კი არ მითხარი. - კარგი, თუ ასეა შემიძლია წავიდე, თანაც ახლავე. - არა! - რამის წამოვიყვირე და ჩემი რეაქცია რომ გავაანალიზე, შემრცხვა. ჩემი მკაცრი მიდგომის გეგმაც ჩაიფუშა. სისხლი მიდუღდა. მასთან ასე სიახლოვემ ამაფორიაქა. საოცრად მიმზიდველი აღნაგობა ჰქონდა, შეუძლებელი იყო ამისთვის ყურადღება არ მიგექცია. გულის ცემამ მიმატა და სუნთქვა მიჭირდა. სულ რამდენიმე წამით შემძულდა მუსიკა. უკვე ოცნებად მექცა, ვალსი მალე დასრულებულიყო. ეს წუთიც დადგა და მან ხელი გამიშვა, მეც განზე გავდექი. - კარგად ცეკვავ. თუმცა შენ ხომ მოცეკვავე ხარ. - მითხრა მან. - მადლობა. - ვთქვი და თავი დავხარე. მინდოდა მისგან თავი დამეღწია. ჩემი პატარა ხელჩანთა მაგიდიდან ავიღე და აქამდე ხელში შემორჩენილი ყვითელი ფურცელი ჩავდე. მობილურს დავხედე და საათი გადავამოწმე. ხო, სწორედ დროს მოვიმიზეზებდი და წავიდოდი, არ მგონია თორნიკეს უარი ეთქვა. - მგონი დროა წავიდე. - ვთქვი მე და შევხედე. - უკვე გვიანია. - გვიანია? - გაიკვირვა მან და მაგიდიდან თავისი შამპანურის ბოკალი აიღო. - ვფიქრობ მიზეზი სხვა უნდა იყოს. - დარჩენას აზრი ააქვს? შენთან შეხვედრამ მხოლოდ შენს არსებობაში დამარწმუნა. - სხვა რაში გინდა რომ დარწმუნდე? მე შენ მომწონხარ და არ მგონია ეს ერთჯერადი გატაცება იყოს. - კარგი, და ეს თამაში რაღა საჭიროა? - ხიბლს მატებს. არ მეთანხმები? თუ შენ ის უფრო გერჩივნა, მობილურზე შეტყობინება მოგსვლოდა ბანალური ტექსტით "თქვენი გაცნობა შეიძლება"? - და რატომ გგონია რომ ანონიმური ბარათების გამოგზავნა შედეგს გამოიღებს? - რა ვიცი, ოპტიმისტი ვარ. - მხრები აიჩეჩა მან და გამიღიმა. სცენისკენ გავიხედე. ჩემი სასწავლებლის პოეტები ლექსებს კითხულობდნენ. - შენი ძმა არ ჩქარობს, შენ რატომ გეჩქარება? - მკითხა მან. გავოცდი, საიდან იცოდა, რომ ძმასთან ერთად ვიყავი მოსული?! - დავიღალე. - ვიცრუე მე. - არ გეტყობა. - ვცდილობ არ შევიმჩნიო. - თუ ასეა, კარგად გამოგდის. - შენ რა დამცინი? - არ მომეწონა მისი მოკლე-მოკლე პასუხები, უნდობლობით რომ იყვნენ გაჟღენთილნი. თუმცა მე ხომ ვცრუობდი?! - რას ამბობ, არც მიფიქრია. - ცოტა დასერიოზულდა ის. - რატომ ცდილობ ჩემგან გაქცევას? გარკვეული დროის მანძილზე, მხოლოდ დღეს გეძლევა ჩემი ნახვის შანსი. - გამოდის, რომ ყვითელი ბარათების კოლექცია მექნება? - მოჩვენებითი ცინიზმით ჩავიღიმე. - კარგი რა ლელა, არ გიხდება ეს ტონი. შენ ხომ ასეთი არ ხარ. - შენ მე არ მიცნობ, არაფერი იცი ჩემს შესახებ. - ვფიქრობ, რომ ერთი წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ შორიდან გამეცანი. კარგად გიცნობ და ვიცი, რომ ცინიკოსი არ ხარ. ეს უკვე ზედმეტი იყო. - მაპატიე, მაგრამ შენთან ლაპარაკი აღარ მინდა. - მე შენ არ გიჭერ, თუმცა არ მინდა, რომ წახვიდე. - აუტანელი ხარ შენი საზოგადოებით! ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო იყო შენი ეგრეთწოდებული გაცნობა. - მივაძახე მე და სანამ გამოვბრუნდებოდი დავინახე როგორ ჩაეღიმა და შამპანური მოსვა. ჩქარი ნაბიჯით წავედი. მარის ნახვა მინდოდა, მინდოდა მასთან ამომენთხია ის სიბრაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წუთში დამიგროვდა. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეყვირა. შორიდან დავინახე მარი და თორნიკე, მაგრამ მათთან მისვლა გადავიფიქრე. აღელვებული ვიყავი და არ მინდოდა ჩემს ძმას ეს შეემჩნია. თან ისე შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში, რომ ვერ გავბედე ასეთი სასიამოვნო სიტუაციის ჩაშლა. გასასვლელი კარისკენ გავეშურე, რომ ჩახუთული დარბაზიდან გამეღწია. იდიოტი. თავი ვინ ჰგონია? მიცნობს ხომ? ასე ეგონოს. ერთ რამეში კი მართალია, ცინიკოსი მე არ ვარ, თვითონ კი სავსეა ცინიზმით. თვითკმაყოფილი ნარცისი! ჰგონია შევეხვეწები?! არა. ჯობდა არ მოვსულიყავი და სახლში მშვიდად გამეტარებინა საღამო. დერეფანში გავედი და ისევ იმ აუდიტორიაში შევედი, ცოტა ხნის წინ მარისთან ერთად რომ ვიყავი. ფანჯარასთან მივედი და ღამის ცივი ჰაერი ხარბად შევისუნთქე. ღმერთო! რა უიღბლობაა. ყველა ახლაა ბედნიერი და მხიარული, როცა მე სიბრაზისგან რამისაა გავსკდე. მეშვიდე სართულიდან ქუჩას გადავხედე. აქა-იქ წვიმის წვეთები ცვიოდა და ლამპიონების შუქზე ნაძვების სველი წიწვები ბზინავდნენ. ნეტავ კარგად მოვიქეცი ასე რომ წამოვედი? რას იფიქრებდა ჩემზე? მაგრამ არა, ჩემთვის სულ ერთია, რაც უნდა ის იფიქროს. მეც ამოვიგდებ თავიდან. თითქოს ეს საღამო არც არსებობდა. არ ღირს იმაზე ფიქრი, როგორ გიბნევს თავ-გზას ვიღაც უცნობი. შემცივდა და სხეულზე ეკალმა დამაყარა. ჩემი მანტოც თორნიკეს მანქანაში დავტოვე. ახლა იქ ჩასვლა არ ღირდა, მით უმეტეს რომ ლიფტი არ მუშაობდა. ფანჯრის დასახურად წავიწიე, რომ უცბად ორპირმა ქარმა დაუბერა და თმა ამიფრიალა. შემოვბრუნდი და დავინახე ის, ჩემი უცნობი თაყვანისმცემელი. ხელები გულზე დაეკრიფა და მიყურებდა. როგორ მომაგნო?! ძლივს დამშვიდებული ისევ გავბრაზდი, აქამდე სახეზე შემორჩენილი ჩემი შავი ნიღაბი მოვიძრე და ხელჩანთის გვერდით, მაგიდაზე მივაგდე. - აქ რას აკეთებ? - ვკითხე გაოგნებულმა. - ვიცოდი, რომ არ წახვიდოდი. დამშვიდდი? - გამიღიმა მან და ჩემსკენ წამოვიდა. - არ მომიახლოვდე! - ვიყვირე უცბად და უკან დავიხიე. - კარგი. - ხელები ოდნავ მაღლა ასწია და გაჩერდა. - ნუ გეშინია, კარგად ხარ? - შესანიშნავად! - გაბრაზებულმა ჩავიცინე. - წადი, არ მინდა შენთან ლაპარაკი. - რატომ ბრაზობ? - მეკითხები კიდეც? - მისი სიმშვიდე მაღიზიანებდა. - რატომ გამომყევი, რა გინდა? - ეს საღამო მე მეკუთვნის და ჩემი გეგმებიდან რაღაც კიდევ დამრჩა შესასრულებელი. - ისევ ჩემკენ წამოვიდა. - რა გეგმები, არ მომიახლოვდე მეთქი! - მის შესაჩერებლად ხელი წინ გავწიე, თითქოს ეს რამეს მიშველიდა. - შენ რა, მართლა გეშინია? - მკითხა მან და ჩემი გაწვდილი ხელი დაიჭირა. - რა სისულელეა. - ამოვილუღლუღე მე. - მგონი ზედმეტი მომივიდა, - გაიღიმა მან და ჩემს ხელს თავისი მეორე ხელი გადაუსვა. - არ მინდა გეგონოს რომ ცუდი ადამიანი ვარ. - რა საჭიროა ამის თქმა? - რომ ცუდი შთაბეჭდილება არ შეგექმნას ჩემზე. მისმა შეხებამ უარესად ამაღელვა. ხელზე მეფერებოდა და ეს მე შინაგანად მაფორიაქებდა. ვგრძნობდი რაღაც განსხვავებულს და სასიამოვნოს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩემმა რეაქციამ გამაცოფა. რატომ განვიცდიდი ამ ყველაფერს? ვიღაც უცნობს რატომ უნდა მოეხდინა ასეთი გავლენა ჩემზე? ამიტომ ვცდილობდი ამისთვის ყურადღება არ მიმექცია. მისი სრულიად განსხვავებული ტონი, რომლითაც ბოლო სიტყვები მითხრა, ადრინდელზე სასიამოვნო იყო, მაგრამ, არ მინდოდა, რომ მას ეს შეემჩნია და მაინც გაბრაზებულმა, ვითომ-და უხეშად ვუთხარი: - ასე დაგეწყო ჯობდა. შევნიშნე რომ ბაგეზე ღიმილმა გადაურბინა. - ლელა, ვიცი რომ ბუტია არ ხარ. ხო, კარგი, ჩემი თამამი საუბარი არ მოგეწონა, მაგრამ ახლა ამის გამოსწორებას ვცდილობ და მოდი გამიღიმე, კარგი? ხმა არ გავეცი და უბრალოდ შევხედე. მისი მუქი წაბლისფერი თმა ნათურის მკრთალ შუქზე ბზინავდა. ვცდილობდი წარმომედგინა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი სახე მთლიანობაში, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ჩემმა სიჩუმემ ალბათ დააბნია და მითხრა: - არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდა, კარგი, მაშინ მე წავალ. - ხელი შემიშვა და შებრუნებას აპირებდა რომ წამოვიყვირე: - არა! შემომხედა. - ვერ გეტყვი მეწყინა მეთქი, უფრო გავბრაზდი, მაგრამ მირჩევნია ცოტა ხნით მაინც დარჩე. - ვეცადე გამეღიმა. ვაღიარე, რომ მასთან შედარებით, გაცილებით სუსტი ვიყავი. სხვანაირად შეიძლებოდა არ შემეჩერებინა და წასვლის უფლება მიმეცა. - დარწმუნებული ხარ? - მკითხა მან. - არ მინდა... - დარწმუნებული ვარ. - შევაწყვეტინე. სიჩუმე ჩამოვარდა. არ ვიცი, რატომ არაფერს ამბობდა. ღრმად ჩაისუნთქა, ფანჯრის რაფას ზურგით მიეყრდნო და მიყურებდა. დავიბენი. სახე მიხურდა. მეგონა სულ წითელი ვიყავი. უცბად მოვიფიქრე რა შეიძლებოდა მეკითხა, რომ ეს უხერხული სიჩუმე დამერღვია - რაღაც გეგმაზე ლაპარაკობდი. - ვუთხარი მე. - ხო, - გაეღიმა მას. - მაგრამ, არ ვიცი... მეშინია, კიდევ არ გამიბრაზდე. ანუ მისი გეგმის ყველა პუნქტი ჩემ წინააღმდეგ მეტყველებდა. წარბი შევკარი, ასეთი რა უნდა ყოფილიყო?! - კარგი, კიდევ ერთ დარტყმას ავიტან. - ვუთხარი და მოვემზადე. - ეს დარტყმა სულაც არ იქნება. ვფიქრობ, რომ პირიქით, - ჩაიხითხითა მან. - მთავარია, შემდეგ მე არ მივიღო დარტყმა. გაკვირვებულმა შევხედე. მეგონა რამეს იტყოდა, მაგრამ არა. ფანჯარას მოშორდა და იმდენად ახლოს მოვიდა, რომ მისმა სუნამოს სურნელმა ისევ სასიამოვნო გრძნობდა გამიჩინა და თავბრუ დამახვია. სანამ ბოლომდე დავიბნეოდი, მინდოდა უკან დამეხია, მაგრამ არ მაცადა, წელზე ხელი მომხვია და მიმიკრა. ნუთუ გაბედავდა და მაკოცებდა? ამის ბოლომდე გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, რომ მისი ტუჩები ჩემსას მიეწებნენ. მის მკლავებში მოქცეულისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძნელი იყო, თუმცა ამაზე არც მიფიქრია. გულის ცემამ მიმატა, შინაგანად ვიწვოდი, მისი კოცნა იმდენად სასიამოვნო იყო. თითქოს აზროვნების უნარი დავკარგე. სხეული მომიდუნდა და ხელის განძრევაც არ შემეძლო. ვგრძნობდი, ჩემ გარშემო ყველაფერი ტრიალებდა. ყოველი წამი ერთი საათით იწელებოდა და ფანჯრიდან შემოსული ცივი ქარი სხეულზე მალამოსავით მელამუნებოდა მის ხელებთან ერთად. ვნებისგან გაბრუებულმა, როგორც იქნა შევძელი, მისი მკერდიდან ხელი ავიღე და სრიალა თმაში შევაცურე. მეგონა ბუმბულს ვეფერებოდი, ისეთი რბილი თმა ჰქონდა. გაუცნობიერებლად თითები ნიღბის თასმას ჩავავლე, მან კი ხელი სწრაფად დამიჭირა და მისი ტუჩები ჩემსას მოსცილდნენ. ვინანე ჩემი საქციელი, თვალები გავახილე და რეალობას დავუბრუნდი. მის თვალებს შევხედე, მეგონა გამიბრაზდებოდა მისი სახის ნახვა რომ დავაპირე, მაგრამ ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ეშმაკურმა ღიმილმა ბაგეები გაუხსნა და თეთრი მწყობრი კბილები გამოუჩინა. - მირჩევნია ისევ დარტყმა მივიღო, ვიდრე ახლა ჩემი სახე ნახო. - მითხრა მან. დაბნეულს გამეღიმა. _ შენს გეგმებში კიდევ არის რაიმე პუნქტი? - ვკითხე მე და ჩემს დამნაშავე თითებს დავხედე. - არა, სამწუხაროდ ეს ბოლო იყო და... - ამოიოხრა მან. - დროა დაგემშვიდობო. - რატომ? - მალე შენი ძმა დაგიწყებს ძებნას. - გამიღიმა მან ხელზე მაკოცა და საათს დახედა. მარი და თორნიკე! აღარც მახსოვდა რომ აქ მათთან ერთად ვიყავი, რომ საერთოდ ჩემს სასწავლებელში მასკარადზე ვიყავი. - და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საღამოს შენც ჩემსავით ისიამოვნე. ვეცადე მკაცრი სახე მიმეღო, მაგრამ რამდენად გამომივიდა არ ვიცი. მომიახლოვდა, თმა გადამიწია და სახეზე მომეფერა. სასიამოვნოდ დამბურძგლა და თვალები ცოტა ხნით დავხუჭე. ენა ჩამივარდა. - კარგი, წავედი მე. - თქვა მან, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ზურგი შემაქცია. იმის ძალაც არ მქონდა რომ სიტყვა დამედევნებინა, თითქოს ნარკოტიკით ვიყავი გაბრუებული. - მომავალ წერილამდე, ლელა. ტკბილ ძილს გისურვებ. - თქვა და აუდიტორიიდან გავიდა. ფანჯრიდან შემოსულმა ორპირმა ქარმა გამომაფხიზლა ქანდაკებასავით მდგარი. ოთახის კარს მივაჩერდი და ყველაფერი ერთად დამიტრიალდა თავში, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა. აქ იყო, სახელიც კი ვერ გავიგე, მაკოცა... მაკოცა და წავიდა. ბოლო სიტყვამ ბრაზი გამიღვიძა. როგორ, მხოლოდ მან გაიტანა თავისი? კარისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი. და დერეფანში გავედი, მაგრამ იქ არავინ იყო. ნაბიჯს ავუჩქარე და კიბემდე მივედი, გადავიხედე, მაგრამ ბნელოდა და ვერაფერი დავინახე. იმედგაცრუებული აუდიტორიაში დავბრუნდი, სადაც აღელვებული მარი დამხვდა. ჩემი დანახვისთანავე მომიახლოვდა და მკლავში ხელი წამავლო. შეშინებული იყო - ლელ, სად იყავი? ღმერთო, როგორ შემეშინდა მხოლოდ შენი ნიღაბი და ხელჩანთა რომ დამხვდა აქ. რა მოხდა? - მომაყარა ერთიანად ჩემმა მეგობარმა. - არაფერი. - ვთქვი და გამეღიმა. დავინახე ისევ დაძაბული სახე როგორ დაუმშვიდდა, მომღიმარი რომ დამინახა. ალბათ მიხვდა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო როგორც მას ეგონა. უცბად ერთი აზრი მომივიდა. იქნებ ფანჯრიდან მომეკრა მისთვის კიდევ ერთხელ თვალი? მარის ხელი შევუშვი და ფანჯარასთან მივირბინე. კი, მიუხედავად სიბნელისა, მაინც დავინახე, როგორ გადაირბინა ასფალტზე და მანქანაში ჩაჯდა. თვალები მოვჭუტე და მხედველობა დავძაბე, რომ როგორმე მანქანის ფერი ან მოდელი გამერჩია, მაგრამ სულ ტყუილად. წარუმატებლობის მიუხედავად მარისკენ ღიმილით მოვბრუნდი, რომელიც მომლოდინედ მიყურებდა. - რომელი საათია? - ვკითხე მას. - თორმეტი ხდება. თორნიკე გეძებდა. დღეს როგორმე მოვითმენ, მაგრამ ხვალ ყველაფერი დეტალურად უნდა მომიყვე. - გაიცინა მან. - რა თქმა უნდა. - ვუთხარი. ჩემი ხელჩანთა და ნიღაბი ავიღე, მეგობარს ხელი ჩავკიდე და დარბაზისკენ წავედით თორნიკეს სანახავად, რომ სახლში დავბრუნებულიყავით. მასკარადზე დარჩენას ჩემთვის უკვე აზრი აღარ ჰქონდა. *** გზაში დაღლილობა ვიგრძენი, რომელიც ემოციური უფრო იყო, ვიდრე ფიზიკური. მარი სახლში მივიყვანეთ და წამოვედით. გზაში თორნიკე ცეკვაზე და ჩემს "ცეკვის ჯგუფელზე" მელაპარაკებოდა. ორშაბათს ზუგდიდში მივდიოდით. ვცდილობდი საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა, მაგრამ ჩემი ეჭვიანი ძმა მაინცდამაინც ამ "ჯგუფელს" იყო ჩაციებული. არ ვიცი, ალბათ დავარწმუნე, რომ ის მართლაც ჩემთან ცეკვავდა, რადგან, როგორც იქნა შემეშვა. მეღირსა! ჩემს ოთახში შევედი. ფეხსაცმელი და მანტო გავიხადე და საწოლზე მივესვენე. ერთხანს კედელზე მოხატულ ვიოლინოს გასაღებს შევყურებდი, რომელიც პატარა წითელი ნათურის ფონზე ღვიძლისფრად ბრჭყვიალებდა, შემდეგ კი თვალები დავხუჭე და ჩემს სხეულზე ისევ მისი ხელები ვიგრძენი, ბაგეებზე მისი ტუჩები. გონებაში კი მისი სუნამოს სურნელი მიტრიალებდა. მწვანე, მოელვარე თვალები, ხავერდოვანი კანი, რბილი, პრიალა წაბლისფერი თმა, ვგრძნობდი, ეს ყველაფერი ისევ ჩემს სიახლოვეს იყო. ხო, ინტერესი მკლავდა, მინდოდა მცოდნოდა მისი სახელი, მენახა მისი სახე, მაგრამ ამ ყველაფრის არცოდნა მის ორიგინალურ გეგმას მართლაც რომ ხიბლს მატებდა. ავყვებოდი თამაშში, მთავარია ეს თამაში დაუსრულებელი არ ყოფილიყო. უცბად ყვითელი ფურცელი გამახსენდა. საწოლიდან წამოვხტი, ხელჩანთა გავხსენი და გადაკეცილი პატარა ბარათი ამოვიღე. გადავშალე და გამეცინა. ფურცელი ცარიელი იყო. ყველაფერი პირადად მითხრა, რისი დაწერაც აქ შეიძლებოდა, მაგრამ იმ საოცარ და დაუვიწყარ წუთებს წერილით ვერასდროს მაჩუქებდა. ყვითელი ფურცელი დანარჩენებთან ერთად დავდე, ტანსაცმელი გავიხადე და დავწექი. მარი. ხვალ მისთვის ყველაფერი უნდა მომეყოლა. შევძლებდი კი ამას? ძალიან დიდ პატივს ვცემდი და მიყვარდა, დღეს ალბათ ის რომ არა, ვერაფერს გავხდებოდი, მაგრამ ყველაზე მთავარს და მნიშვნელოვანს, იმ განცდას ვერ გავანდობდი, რაც მისმა კოცნამ მაგრძნობინა. ალბათ დადგებოდა დღე, როცა ყველაფერს ვეტყოდი, მაგრამ ახლა არა. მინდოდა ეს საიდუმლო, ეს თავდავიწყების წუთები მხოლოდ ჩემი ყოფილიყო და ჩემში ეცოცხლა. ასეც მოხდა. მთელი ღამე ტკბილად მეძინა, როგორც მან მისურვა. დილით თორმეტ საათზე კი მარიმ გამაღვიძა და გამომაფხიზლა. ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედით ყავის დასალევად. თორნიკე ვარჯიშზე იყო, დედა სამსახურში. "ყველაფერი" მოვუყევი ჩემს დაქალს, მაგრამ აშკარა უნდობლობა გამოსჭვიოდა მისი თვალებიდან. მიუხედავად ამისა, არაფერი უთქვამს და მეც ჩუმად ვიყავი. შემდეგ დავაყარე კითხვები მასკარადის საღამოზე, თუ როგორ ატარებდნენ დროს ის და თორნიკე უჩემოდ, მაგრამ ისეთ მოკლე-მოკლე პასუხებს მცემდა, რომ ვხვდებოდი, ამის უკან დიდი მოსაყოლი ამბავი იმალებოდა, ამიტომ ახლა სინდისი აღარ მქენჯნიდა, კოცნის ამბავი რომ დავუმალე. მარის წასვლის შემდეგ ჩემს ოთახში ჩავიკეტე და დროის გასაყვანად ცენტრი ჩავრთე. მანამდე ვუსმენდი სანამ სახლში დაბრუნებულმა ჩემმა ძმამ არ მომიკაკუნა კარზე - გამოდი, სანამ მანდ გაგუდულხარო. სამზარეულოში ჩავედი. თორნიკე მაგიდას მისჯდომოდა, ხელში ჩანგალი დაეჭირა და მიცდიდა. - დედა სად არის? - ვკითხე მე და სუფრას მივუჯექი. - მაღაზიაში, წვენისთვის ჩავიდა. - მომახალა. გამიკვირდა მისი ტონი. - რა მოხდა? - გავხედე. - არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?! - გაიკვირვა მან და სკამის საზურგეს მიეყრდნო. ხმა აღარ გავეცი, მაგრამ მივხვდი, რაღაც არ ასვენებდა. დედაც მოვიდა, წვენი მაგიდაზე დადო და ცოტა დაგვიანებულ სადილს შევუდექით. - ლელ, ზუგდიდში როდის მიდიხარ? - მკითხა მაიკომ. - ოთხშაბათს დე, რატო მკითხე? - არა არაფერი. - წვენი მოსვა დედამ. - რა ცეკვა გაგაქვთ? - ოსური. -გავუღიმე. - კარგია, ლამაზი ცეკვაა. - მითხრა დედამ. გამეცინა. მგონი ამათ პირი ჰქონდათ შეკრული. - რაღაც ავისმომასწავებლად მეჩვენება თქვენი უცნაური სიწყნარე.- ვთქვი მე. - მართალია, გეჩვენება, საყვარელო. - გამიღიმა დედამ. ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. - ლელა, - თქვა დედამ. - არ გინდა შენს თაყვანისმცემლებზე დაგველაპარაკო მე და შენს ძმას? ესეც მათი ავისმომასწავებელი სიწყნარე. გაბრაზებულმა თორნიკეს გავხედე, არაფრისმთქმელი, ანგელოზური სახით მიყურებდა. „შპილკა", ჩამიშვა დედასთან. - რომელ თაყვანისმცემელზე? - ვიკითხე და არაფერი შევიმჩნიე. - შენ უკეთ იცი რომელზეც.- მითხრა მაიკომ - ასეთი არავინაა, დედა!!! - ბოლო სიტყვა განსაკუთრებით მკაცრად ვთქვი და ჩემს ძმას თვალებში შევხედე. ის ისევ ჩუმად იყო და წყნარად მიირთმევდა. - გემრიელი სადილი იყო. მე ჩემს ოთახში ვიქნები. ხვალამდე მკვდარი ვარ. - ვთქვი და კიბეს ავუყევი. სანამ ოთახში შევიდოდი, მაიკოს სიცილი გავიგე. *** ეს დღე და კვირა ისე დამთავრდა, ჩემს ენატანია ძმას ხმა არ გაუცია ჩემთვის. არც მე ველაპარაკებოდი. რატომ უნდა შემომერიგებინა მე, როცა დამნაშავე ის იყო?! ეგოისტი. სასწავლებელში მარის მოუსვენრობა შევატყვე. აღელვებული იყო, არც ერთ კითხვაზე ნორმალურ პასუხს არ მცემდა. იმ დღისით პირველად მოხდა, რომ სემინარზე მოუმზადებელი მოვიდა. ცუდად ვიყავიო, თავი ასე იმართლა და მეც ვაფიქრებინე, რომ დავიჯერე, რადგან ვხვდებოდი, რომ ჩემი შეკითხვები აწუხებდა. ვაცადე თავის თავში გარკვეულიყო, არ მინდოდა რამე დამეძალებინა. ვიცოდი, სათქმელს დღეს თუ არა ხვალ მაინც მეტყოდა. ვერც ნერვიულობას ვატყობდი, არც გახარებული ჩანდა, მისი სახის გამომეტყველებიდან ვერაფერს ვხვდებოდი. შევთავაზე, ხვალ ზუგდიდში წამომყოლოდა მაგრამ მითხრა რაღაც საქმე მაქვსო და მეც აღარ ჩავაცივდი. მისი უარი არ მწყენია. ალბათ მისთვის ასე ჯობდა. გამოვემშვიდობე და სახლში წავედი. ამინდის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, ჩემი ძმა სახლში უნდა ყოფილიყო. მართალი აღმოვჩნდი, ამ ქარიან დღეს თავი სახლისთვის შეეფარებინა. ბუხართან იჯდა, ხელში პულტი მოემარჯვებინა და ტელევიზორს უყურებდა. ჩანთა დივანზე დავდე, მანტო გავიხადე და ჩამოვჯექი. დიდხანს ვისხედით ასე, ვატყობდი რომ ხმის ამოღებას არ აპირებდა. როგორც იქნა გამომხედა და თან კოპები შემიკრა. ვეღარ მოვითმინე და მკვახედ ვკითხე: - თორნიკე, დავაშავე რამე? არაფერი მიპასუხა. - გეყოფა რა! - გავბრაზდი. - მეოთხე დღეა პატარა ბავშვივით იბუტები. რა გინდა ვერ გავიგე. - რა მინდა? - შემომხედა მან. - მოღალატე ხარ! - შენ კი ჩამშვები! - მივახალე. - რა საჭირო იყო დედასთან იმ უაზრობაზე ლაპარაკი? - უაზრობაზე? - წამოდგა. - რატომ არ მეუბნები, ვინ არის ის ტიპი, თუ მართლაც უაზრობაა და შენთვის არაფერს ნიშნავს?! - მე უკვე გითხარი ცეკვის ჯგუფელია მეთქი! - კიდევ ერთხელ ვიცრუე. აბა ხომ არ მოვუყვებოდი რა მოხდა სინამდვილეში?! - მაგ შენს ჯგუფელს სახელი და გვარი არ აქვს? - შენთვის ამას რა აზრი აქვს? - როგორ, თუ რა აზრი აქვს?! ხვალ ეგეც მოდის? - არა. - ვიცოდი, რომ ეს პასუხი დაამშვიდებდა. ასეც მოხდა. - ის არ ცეკვავს ოსურში. - ძალიან კარგი. -პულტი დივანზე მიაგდო და ისევ პუფში ჩაჯდა. - ეჭვიანი ხარ თორნიკე. - ვუთხარი და გამეღიმა. - არაფერიც. მე შენი ძმა ვარ და გამიხარდება, თუ დამაფასებ და ოდესმე შენს ცხოვრებაზე რამეს მეტყვი. - რამე რომ იყოს აუცილებლად მოგიყვებოდი. - კიდევ ერთი ტყუილი. - ყავას დალევ? - ვკითხე. - დავლევ. - მითხრა და მასაც გაეღიმა. სამზარეულოში შევედი და ყავის მომზადებას შევუდექი. გადავწყვიტე მისთვის ზუგდიდში წამოყოლა შემეთავაზებინა. ვფიქრობდი, უარს არ მეტყოდა, თუ რა თქმა უნდა თავისუფალი იქნებოდა. ფინჯნები ავიღე და მასთან გავედი. - თოკე, ახლად შერიგებულზე რაღაც მინდა შემოგთავაზო. - ვუთხარი. - გისმენ. - გაიღიმა და ყავა მოსვა. - არ გინდა ხვალ ზუგდიდში გამომყვე? - კარგი იქნებოდა, მაგრამ... ნუთუ უარს მეუბნებოდა?! - რა მაგრამ? - რაღაც საქმე მაქვს. - მითხრა. რაღაც საქმე? ეს სიტყვები დღეს უკვე მოსმენილი მქონდა. ხო, მარიმაც ასე მითხრა, რაღაც საქმე მაქვს და ვერ წამოვალო. აქ რაღაც ამბავი იყო. აღარ ჩავაცივდი და მასთან ერთად ტელევიზორის ყურება დავიწყე. *** რვის ნახევარზე დელისის მეტროსთან ვიყავი. მშრალი ამინდი იყო, მაგრამ საშინლად ციოდა. სამაგიეროდ ტრანსპორტში კი არ თბილოდა - ცხელოდა. თავიდან კარგ ხასიათზე ვიყავი. ბავშვებთან ერთად ვერთობოდი, მაგრამ მალე სითბომ მომთენთა, მოვეშვი და მოვიწყინე. გზა ჯერ კიდევ დიდი იყო., ამიტომ ჩემს ადგილას დავჯექი, ყურსასმენები მოვირგე და თვალები დავხუჭე. გადავეშვი ფიქრთა სამყაროში. გაბრუებული ვიყავი. როგორ შეიძლებოდა იმ დღის თავიდან ამოგდება, მისი ტუჩების დავიწყება?! ამის გაფიქრება იყო და მის მკლავებში მომინდა ყოფნა. ყველაფერი გავიხსენე, ყოველი სიტყვა, ყველა მისი მოძრაობა, თითოეული გაღიმება. ყველაფერს გავიღებდი, ახლა მის გვერდით სულ რამდენიმე წამით რომ ვყოფილიყავი. ფიქრებში წასულს ჩამეძინა. არ ვიცი რამდენი ხნით მეძინა, მაგრამ თეომ რომ გამაღვიძა უკვე ადგილზე ვიყავით მისული. კონცერტზე პირველი ადგილი ავიღეთ და გახარებულები წამოვედით. ნაწვიმი იყო და ავტობუსი ნელა მოდიოდა. სახლში დილის ექვს საათზე მივედი. - ყავა მინდა. - წუწუნით ჩავედი ახალგაღვიძებული სამზარეულოში და სკამზე დავესვენე. - გამაყუჩებელთან ერთად. - გაიცინა თორნიკემ. - გვითხარი, როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ? - პირველი ადგილი ავიღეთ. - ჩავიბურტყუნე. - გეტყობა, როგორ გიხარია. - გაეცინა დედას. - ჩემთვის სიხარულის წუთებმა ზუგდიდშივე გაიარეს. თორნიკეს შევხედე, იჯდა და იღიმოდა. - შენ რა ქენი, მოაგვარე "რაღაც საქმე?" - ვკითხე მას. - კი, მოვაგვარე. - გამიცინა და თვალი ჩამიკრა. ახლა მინდოდა მომისმენდა იმავე შეკითხვაზე რა პასუხს გამცემდა მარი და თან როგორი განწყობით. მარტის ბოლო დღე იყო და ამ გიჟმა თვემ თავი არ დაგვავიწყა. საშინელი ქარი ქროდა და წვიმდა. საბედნიეროდ, ბუხართან მჯდომი ამ ყველაფერს ვერ ვგრძნობდი, თორნიკემ ტელევიზორს კომპიუტერი შეუერთა და თითქმის მთელი დღე „ქაუნთერს“ ვთამაშობდით. კარგ ხასიათზე ვიყავი იმის, მოლოდინში, რომ ხვალ მისგან კიდევ ერთ წერილს მივიღებდი. მეორე დღეს მარი სასწავლებელში არ იყო. რომ დავურეკე მითხრა, თბილისში არ ვარო. ლექციების შემდეგ კაფეს მივაშურე. ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში ისე შევედი. ერთხანს შევდექი და გარემოს თვალი მოვავლე. მაგიდებთან სრულიად განსხვავებული საზოგადოება დავინახე. მხოლოდ კუთხეში იჯდა ის მარტოხელა ბიჭი , მუდამ ყურსასმენები რომ ეკეთა. თავისუფალი მაგიდისკენ წავედი და ჩამოვჯექი. მხოლოდ ახლა დავინახე ის სამი ძმაკაცი, ხშირად რომ ვხედავდი ხოლმე. ბუფეტთან იდგნენ, ალბათ რამე შეუკვეთეს და ისინიც მაგიდისკენ გაეშურნენ. ისევ მარტოხელას გავხედე. ახლა დავფიქრდი და დავასკვენი, რომ მასაც ჩემსავით უყვარდა მუსიკა, რადგან მუდამ ყურსასმენებით დადიოდა. გამეცინა. ხომ შეიძლებოდა ის ყოფილიყო ჩემი უცნობი თაყვანისმცემელი? შევათვალიერე. არა, ის ძალიან გამხდარი და მაღალი იყო, თმაც ძალიან პატარა ჰქონდა, თითქმის ახლად ამოსული. არანაირად შეიძლებოდა ის ყოფილიყო. ბუფეტს გავხედე, ნაცნობი მიმტანი იდგა და მიღიმოდა. გოგონამ სამზარეულოში შეირბინა და ფინჯნით ხელში ჩემსკენ წამოვიდა. გული ამიძგერდა მისი ლამაზი კალიგრაფიის, მის მიერ დაწერილი სიტყვების ნახვის მოლოდინში. - გამარჯობა. - გამიღიმა გოგონამ და ფინჯანი მაგიდაზე დადო - გამარჯობა. - მივესალმე მეც და მომლოდინე თვალებით შევხედე. იმედი არ გაუცრუებია. პატარა ჯიბიდან ყვითელი ფურცელი ამოიღო და ფინჯნის გვერდით დადო. ზურგი შემაქცია და წავიდა. ხელები ნერვიულად მოვისრისე, თითქოს თითები ხაფანგისთვის უნდა მიმეშვირა. ფურცელი ავიღე და დავხედე. "ლელა, ეს ჩემი ბოლო წერილია. შენი კოცნა არასდროს დამავიწყდება." გონება გადამეკეტა. ვიფიქრე, რაღაც შეცდომით გავიგე მეთქი და წერილი ხელმეორედ წავიკითხე. ეს რა იყო, ბოლო ბარათი? უკანასკნელად მწერდა? ავნერვიულდი, ყელში რაღაც გამეჩხირა. თვალები დამებინდა, ვერც კი მივხვდი როგორ ჩამოგორდა ლოყაზე ცრემლი და ტუჩებზე დასრიალდა. კი, მაგრამ რატომ? გაერთო? ეს არც გართობას ჰგავდა, არც გასულელებას. ერთი კოცნის გამო დასჭირდა ერთი თვე? გაქვავებული ვიჯექი. ხელი მძიმედ ავწიე და დასველებული ლოყა მოვიწმინდე. რა უნდოდა ჩემგან? მხოლოდ გრძნობებზე თამაში? გულში რაღაც ჩამწყდა. უეცრად ზიზღი და სიბრაზე ერთმანეთს შეეჭიდნენ და ვერც ერთი ვერ მარცხდებოდა. მობილური და ეს წყეული წერილი ავიღე, ჩანთა გადავიკიდე და ჩქარი ნაბიჯით გავედი კაფედან. გაჩერებასთან არ ვიყავი მისული, რომ ავტობუსიც გაჩერდა, სწრაფად ავედი და დავჯექი. სულელი ვიყავი, გულუბრყვილო. როგორ შეიძლებოდა ეს ზღაპარი დამეჯერებინა? პატარა ბავშვივით ფრთები შევისხი. ვეღარ ვიტანდი ჩემ თავს. ყველაფერს თავიდანვე სწორედ ვფიქრობდი, მაგრამ მისმა... მისმა კოცნამ გადამარწმუნა. ახლა მხოლოდ ჩემს ოთახში გამოკეტვა მინდოდა. მინდოდა მარტო ყოფნა და... არა ტირილი არა! მის გამო ცრემლსაც არ დავღვრიდი. სახლში რომ შევედი მისაღებში ჩემი ძმა დავინახე. დივანზე იჯდა და ცალი ფეხი რბილ ტაბურეტზე ჩამოედო. რომ დამინახა საწყალი ბავშვივით შემომხედა. ყველანაირად შევეცადე ჩვეულებრივი სახე მქონოდა, რომ ჩემი უხასიათობა არ შეემჩნია. - რა მოხდა? - ვკითხე მას ჩანთა და დივანზე მივაგდე. - ფეხი ვიღრძე. - მითხრა მან და ისე შემომხედა, რომ სხვას ჩემს ადგილას გული აუჩუყდებოდა. - ფეხბურთზე? - ხო ვარჯიშის დროს, პენალტზე ვიღრძე. - სერიოზულია? - არა, გიომ ექიმთან წამიყვანა. რაღაც მალამო გამომიწერა დღეში ორჯერ. - დედამ იცის? - კი, ვუთხარი. ამოვიოხრე. - ჭამე რამე? - ვკითხე. - არა, არაფერი. - კარგი, ავალ, გამოვიცვლი ტანსაცმელს და რამეს მოვამზადებ. - ლოყაზე ვაკოცე ჩემს უიღბლო ძამიკოს და მაღლა ავედი. თითქოს დღევანდელი მოულოდნელი დარტყმა არ მეყოფოდა, ახლა თორნიკეს ვუსრულებდი ყველანაირ სურვილს. ხან მაღაზიაში გამაგზავნა, რამდენჯერმე თავის ოთახში რაღაცეები მაძებნინა, ხათრით "ქაუნთერი" ვეთამაშე. ვცდილობდი ჩემი უხასიათობის მიზეზზე არ მეფიქრა, მაგრამ ისე მქონდა გული გასიებული სიბრაზისგან, რომ ცრემლები მახრჩობდა. - ლელა! - ჩამესმა თორნიკეს ხმა. - რა მოხდა? - შევხედე. - ერთი საათია გეძახი. რა გჭირს? - არაფერი. რა გინდოდა? - შეგიძლია წყალი მომიტანო? როგორ არ შემეძლო მაგრამ ჩემი ნერვებიც უკვე პიკს აღწევდა. წამდაუწუმ აქეთ-იქით სირბილმა დამქანცა. კიდევ კარგი ის რაღაც მალამო თვითონ წაისვა. იჯდა გაჭიმული ფეხით და ხან რას მთხოვდა ხან რას. - მადლობა დაიკო. - მითხრა სიცილით და წყალი მოსვა. რა კარგ ხასიათხე იყო. ამოვიოხრე. ამ დროს დედა შემოვიდა და მოგვესალმა. მანტოს იხდიდა, რომ სამზარეულოში ტელეფონმა დარეკა და მის საპასუხოდ წავიდა. - ლელა! - გამომძახა იქიდან. - შენ გეძახიან საყვარელო. ზანტად წამოვდექი და ტელეფონისკენ ფეხის თრევით წავედი. ყურმილი ავიღე და ჩაწყვეტილი ხმით ვთქვი: - გისმენთ. - მაპატიე. - მომესმა ხმა. მაშინვე ვიცანი, ის იყო. უცბად გამოვფხიზლდი და სუნთქვა შემეკრა. ტელეფონს მეორე ხელიც ჩავავლე მაგრამ ვერაფერი ვთქვი. - შემდეგ პარასკევამდე ასე ვერ დაგტანჯავდი. დავიბენი, ვერ ვხვდებოდი, რას ამბობდა. ის უკვე აღარ მაინტერესებდა საიდან გაიგო ჩემი ტელეფონის ნომერი, ახლა იმაზე ვბრაზობდი, როგორ გაბედა და დამირეკა იმ წერილის შემდეგ. - რა გინდა? - უხეშად ჩავძახე ყურმილში. პასუხამდე ჩუმი ხითხითი მომესმა. - ის წერილი საპირველაპრილო ხუმრობა იყო და ამის თქმას შემდეგ პარასკევს ვაპირებდი, მაგრამ როცა შენი სახე დავინახე, ვეღარ მოვისვენე და დაგირეკე. ვერ წარმოიდგენ როგორ მენატრება შენი შეხება. - ხმის ტემბრზე მივხვდი რომ გაიღიმა. - არ გამიბრაზდე, ღამემშვიდობის. - თქვა და ზარი გაითიშა. როგორც იქნა ყველაფერი გადავხარშე და მივხვდი რაც მოხდა. იქვე, კედელზე გაკრულ კალენდარს გავხედე. რომელზეც მსხვილი, შავი შრიფტით ეწერა "1 აპრილი, პარასკევი". გამეცინა. ერთიანად სიხარულით ავენთე. მხოლოდ ერთი რამ გავიფიქრე, რომ ის საღამო მისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩემთვის. ტელეფონი დავდე და მისაღებში კი არ გავედი, გავფრინდი. - ვინ იყო?- მკითხა დედამ. - ცეკვის ჯგუფელი. - ვთქვი და სავარძელში მოვკალათდი. - ცეკვის ჯგუფელი არა? ახლა სახლშიც გირეკავს?! - წამოიყვირა თორნიკემ და ფეხზე წამოდგა. ჩემს სრულიად უვნებელ ძმას გავხედე, გაკვირვებისგან რაღაც არაბუნებრივი ბგერები აღმომხდა და ენის ბორძიკით ვუთხარი: - შე... შენი საქმე არ არის მე ვინ დამირეკავს. - ვინაა მითხარი, თორემ სასწავლებელში ამოგაკითხავ! - გააფრინე?! - ახლა უკვე გავბრაზდი. - რა ურთიერთობა გაქვს მასთან? - ძალიან გაინტერესებს?! მაშინ ჯერ შენ მითხარი, რა ურთიერთობა გაქვს მარისთან?! - შეკრთა, მაგრამ არ დაბნეულა. - რა სისულელეა, არანაირი. - ხო-და, შენც ნუ ლაპარაკობ სისულელეებს, ის უბრალოდ ჩემი ჯგუფელია. როგორ მოხდა, ჩემს ძმას სიტყვაში ვაჯობე. ჩუმად იდგა და თითები დაემუშტა. ამაყად დედას გავხედე, რომელიც იღიმოდა და თავს იქნევდა. - გეყოფათ ბავშვებო, - გვითხრა მან და ლოყაზე მაკოცა. - თორნიკე, შენს დას შინაბერას ნუ დატოვებ. - რაც უნდა ის ქნას! - ხელი აიქნია მან და კიბისკენ წავიდა. - საბოლოოდ წაგებული მაინც შენ დარჩი დღეს. ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო დაიკო. - "მალამო" ხელში შეათამაშა მან და სტვენა-სტვენით კიბეს აუყვა. მშვენიერია! უიღბლო ჩემი ძმა კი არა მე გამოვედი. დღეისათვის საკმარისი იყო, საკმაოდ მწარედ გამასულელეს, დასვენება მჭირდებოდა. დედას გამოვემშვიდობე, ოთახში ავედი და მუსიკა ჩავრთე.ჩანთიდან ყვითელი ბარათი ამოვიღე და დანარჩენებთან ერთად მოვათავსე. ჩემში ბედნიერება ღვიოდა. *** ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ორშაბათი სამშაბათი და ოთხშაბათი მარიმ სასწავლებელი გააცდინა. ის ისევ არ იყო თბილისში. როგორც მითხრა სოფელში ბებიასთან ჩასულა. დაუჯერებელი იყო, მარი არასოდეს აცდენდა სასწავლებელს იმ უმნიშვნელო მიზეზის გამო, რომ ბებია ენატრებოდა. მატყუებდა? მარისგან ტყუილი? არ ყოფილა ასეთი ფაქტი და ახლა რა ხდებოდა?. თორნიკესაც ვერაფერს ვატყობდი. ვგრძნობდი, რაღაცას მიმალავდნენ და ცოტა არ იყოს მწყინდა, მიუხედავად იმისა, რომ არც მე ვიყავი მათ მიმართ მთლად გახსნილი. და აი, ხუთშაბათს სასწაული მოხდა და ლექციებზე სასწავლებელში ლექციების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივედი, მარიც იქ დამხვდა. ჩემს გადასაკოცნად წამოდგა, მაგრამ მე ჩანთა მაგიდაზე ჩამოვდე და დავჯექი. მისი სახე არ დამინახავს. ისიც ჩამოჯდა.ქურთუკის ჯიბეებში ჩავიწყე გაყინული ხელები და კარისკენ გავიხედე. ალბათ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ახლა გაღიმებული ვეღარ მივუბრუნდებოდი. - ლე, როგორ ხარ? - მკითხა მან. - მადლობ, კარგად. შენ? - მეც კარგად. - მარგო ბებო როგორ არის? - გავხედე მას და უცბად ვინანე ჩემი საქციელი. მარი საშინლად აღელვებული მეჩვენა, თითებს ერთმანეთში ურევდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ჩემთვის რაღაცის თქმა სურდა და დაწყება უჭირდა. - ლე, იცი... მე სოფელში არ ვყოფილვარ. - მითხრა და თავი დახარა. ამას ისედაც ვხვდებოდი, ასე რომ დიდად არ ავღშფოთებულვარ. - ხოო? აბა სად იყავი? - ვკითხე. - აქ, თბილისში. ამოვიოხრე, მისკენ შევბრუნდი და თვალებში შევხედე. - კარგი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც-რაღაცეებს ვხვდები, მაინც მოგიწევს ყველაფრის ახსნა თავიდან ბოლომდე. - ხო, ამას ვაპირებ... - თავი დამიქნია და ნაღვლიანი თვალებით შემომხედა. - მაგრამ ახლა დრო არ მეყოფა. - მოვიცდი, ოთხი ლექცია მალე დამთავრდება. - გამეღიმა. საშინლად გაიწელა მოლოდინში ოთხი საათი. მოუსვენრობა ჩემი მეგობრისგან მეც გადმომედო. ლექციებს არც კი ვუსმენდი. ვფიქრობდი იმას მეტყოდა თუ არა მარი, რასაც მე ველოდი და რა რეაქცია მექნებოდა მე.ლექციები რომ გამოვიდა, დავიცადეთ მანამ, სანამ აუდიტორია ბავშვებისგან დაიცლებოდა რომ საუბარი დაგვეწყო. გამათბობელთან მივედი და თითები მივუშვირე, მარიც ჩემთან მოვიდა. - გისმენ. - ვუთხარი. არ მინდოდა, მაგრამ მაინც მკაცრად გამომივიდა. - ლელ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ. გამიკვირდა ასე რომ დაიწყო და მოვისმინე ის, რასაც ველოდი. მარიმ აღიარა, რომ ჩემი ძმა მოსწონდა და ამისთვის ბოდიშიც კი მომიხადა. თურმე იმიტომ არაფერს მეუბნებოდა ამის შესახებ, რომ ეგონა ვერ გავუგებდი და დამკარგავდა. მის სიტყვებს ვუსმენდი და თავი პორტუგალიურ სერიალში მეგონა, მაგრამ მარი იმდენად ღელავდა, რომ მისი სათქმელის სხვანაირად გადმოცემა ალბათ შეუძლებელი იყო. მივხვდი, ნელ-ნელა ბოლოსკენ მიდიოდა და გაჩერებაც ისევე უჭირდა, როგორც დაწყება - მაგრამ მარ, შეგეძლო ეს ყველაფერი ამაზე ბევრად ადრე გეთქვა. - ვუთხარი. არაფერი მიპასუხა. დასჯილი ბავშვივით თავდახრილი იდგა. - და ახლა რატომ მითხარი? რამე შეიცვალა? - იცი, იმ საღამოს... - თითქოს ხმა ჩაუწყდა. - მარ, კი არ შეგჭამ. - ვუთხარი, რომ ცოტა დამშვიდებულიყო. მან ღრმად ჩაისუნთქა და შემომხედა. - მასკარადზე თორნიკემ მითხრა, რომ... მან მე... დავიტანჯე მეც და ისიც. გავბედე და მისი სიტყვები მე დავამთავრე. - გითხრა, რომ უყვარხარ. გაოცებულმა შემომხედა. - მართალი ვარ თუ არა? - ვკითხე. - მართალი ხარ. - თავი დამიქნია. ამოვიოხრე და გამეცინა. - მერე? რა სახე ჩამოგტირის რძალო? ახლა შენ კი არა ჩემი უსინდისო ძმა უნდა ტიროდეს. - ვუთხარი მე. - მაპატიებ? - ჯერ კიდევ მორიდებულმა გამიღიმა ჩემმა მეგობარმა. - გაგიჟდი? რა უნდა გაპატიო? - გავუცინე და მოვეხვიე. - მხოლოდ იმას ვერ გაპატიებ, შენს გრძნობებს რომ მიმალავდი. ნეტავ თვითონ რას მეტყოდა, ოდესმე იმ ვნებიანი საღამოს ამბავს რომ მოვუყვებოდი? ალბათ ჩემზე უარესი რეაქცია ექნებოდა და არც გავამტყუნებდი. ცოტა ხნით კიდევ ველაპარაკე. მინდოდა ბოლომდე დამერწმუნებინა, რომ კი არ ვბრაზობდი, პირიქით - მიხაროდა. გაჩერებამდე საუბრით ჩავედით. ვეხუმრებოდი და ვუცინოდი, რომ უხერხულობა დაეძლია. შემდეგ ჩემმა ავტობუსმა ჩამოიარა და მარის დავემშვიდობე. სახლში კი ჩემი ძმა მელოდა, მას იმაზე მეტის თქმა მოუწევდა, ვიდრე მარიმ მითხრა. *** როგორც მეგონა, თორნიკე შინ არ დამხვდა. ვისადილე და ხვალინდელი სემინარისთვის კონსპექტები ვისწავლე. შემდეგ ლეპტოპი ჩავრთე და დროის გასაყვანად ჩემს ფოსტას და facebookს ვესტუმრე გადასამოწმებლად. იმეილზე ყველა შეტყობინება წავშალე და ფილმი ჩავრთე. თორნიკეს მოსვლა გავიგე, სამზარეულოდან სტვენის ხმა ამოვიდა. ეტყობოდა კარგ ხასიათზე იყო. კომპიუტერს შევეშვი და მისაღებში ჩავედი, დივანზე ჩამოვჯექი და დავუცადე, როდის გამოვიდოდა ჩემი ძმა. ცოტა ხანში მარგუნა ეს ბედნიერება და ლუდით ხელში გამოჩნდა. - ვაა, ლელა! - გამიღიმა უდარდელად და ჩემ წინ ჩამოჯდა. - მოხვედი სკოლიდან? მის უკბილო ხუმრობას არ ვუპასუხე. - რა იყო, ორიანი მიიღე? - ისევ გაიღიმა. - უსინდისო ხარ! - მივახალე. - შეიძლება მართალიც ხარ. ამიხსენი რატომ? - შეგიძლია ახლა მაინც მომიყვე ყველაფერი? - წინ გადავიხარე პასუხის მოლოდინში. - რა უნდა მოგიყვე? - ისევ მასულელებდა. - კარგად იცი, რაც. გაიღიმა და ლუდი მოსვა. ეს უკვე აღიარება იყო. - გაწითლებაღა გაკლია. - გამეცინა და დავეჯღანე. - შენ რატომ არაფერი მითხარი? მარი რამის ნერვიულობით ხელებში ჩამაკვდა. - მან გადაწყვიტა, მითხრა მე ვეტყვიო. - და შენც უპრობლემოდ დათანხმდი. - მის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ დაიკო. - უყურე ამას?! - შევიცხადე. - რამდენი ხანია, რაც თვალი დაადგი? - შენი საქმე არაა. - გაიცინა და ენა გამომიყო. - ნუ მეტყვი, მარი მეტყვის. და შენ აღარც არაფერს გკითხავ სიძე კაცო. - ასე ნუ მეძახი. - თითი დამიქნია. - მული როდის გავხდები? - გამეცინა. - შენ რომ გათხოვდები, მერე. - მაგას არ გაღირსებ სიძე კაცო. - ლელა, დაგერხა. - ჩემმა ძმამ ლუდის ქილა მაგიდაზე დადო. - ცუდი არაფერი მითქვამს, სიძე კაცო. - ახლა უკვე სპეციალურად გავიმეორე და ჩემი ძმაც წამოხტა, ხელები ჩამავლო და ზურგზე გადამიკიდა. - თოკე დამსვი! - ვიკივლე. - თოკე გთხოვ, თავბრუ მეხვევა!!! - არაფერი მოგივა. - მიპასუხა და განაგრძო ჩემი წვალება. - თოკე გთხოვ, გთხოვ, გთხოვ! - გიჟივით ვკიოდი და ზურგზე ხელებს ვურტყავდი. როგორც იქნა შემიწყალა და დამსვა. - ასე აღარ დამიძახო იცოდე! - გაიცინა. - კარგი, შევთანხმდით. - მუცელზე მოვუღუტუნე მას და ჩემს ოთახში ავედი. გახარებული ვიყავი, გულის გარშემო რაღაც თრთოდა. სასიამოვნო განწყობაზე დავდექი. ეს სწორედ იმ სიახლის ბრალი იყო, რომელიც დღეს გავიგე. ხვალ კი, ხვალ პარასკევია იყო. ამ დღემ წინა კვირა გამახსენა და ის ბრაზი დამეუფლა, რომელიც მაშინ განვიცადე. მართალია, მისი საქციელი კეთილი ხუმრობა და ტყუილი იყო, მაგრამ წყენა მაინც არ მივლიდა. ვხვდებოდი, რომ პატარა ბავშვივით ვიქცეოდი, მაგრამ თავს ძალას ვერ ვატანდი. შურისძიების წყურვილმა იჩქეფა ჩემში. გამეცინა ეს რომ გავიფიქრე. არ მინდოდა ჩავლილი ფაქტი უპასუხოდ დამეტოვებინა. ბოლო წერილის შინაარსს გადავავლე თვალი. ასე არაა?! ძალიან მაინტერესებდა, რას იგრძნობდა, როცა ხვალ კაფეში არ მივიდოდი, და საერთოდ, სასწავლებელსაც გავაცდენდი. ან როგორ შეძლებდა ჩემთან დაკავშირებას. შურისძიების ეს ფორმა არ იყო მთლად ურიგო, მაგრამ მე შევძლებდი კი მომავალ პარასკევამდე მოთმენას? ამან დამაფიქრა და ყოყმანი დავიწყე. დარწმუნებული ვიყავი, ვერ მოვისვენებდი, თუმცა ჩემი თავის გამოცდა არ მაწყენდა, ამიტომ გადავწყვიტე ხვალ სასწავლებელი გამეცდინა, მისი წერილი არ მიმეღო და ჩემს უცნობ თაყვანისმცემელზე შური ასე მეძია. იმ ღამით არაჩვეულებრივად მეძინა. დილით კი მარის შეტყობინებამ გამაღვიძა. მწერდა რატომ არ მოხვედიო. ვუთხარი, ლექციების შემდეგ ჩემთან გამოევლო. ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი, თოკე საუზმობდა. - დილამშვიდობის სიძე კაცო. - მივესალმე და კეფაში წამოვცხე ხელი. - შევთანხმდით ჩვენ მგონი. - დამიბღვირა მან. - ხო კარგი არ იტირო. - გავუცინე. ყავა მოვიმზადე და ძამიკოს გვერდით მივუჯექი. - დღეს სახლში ხარ, თუ მიდიხარ? - ვკითხე. - სახლში ვარ. და შენ რატომ აცდენ სასწავლებელს? - შემომხედა. - რა ვიცი, ასეთ ხასიათზე გავიღვიძე. თავი გაიქნია და ჩაი მოსვა. - ძამიკო, დღეს ვინც არ უნდა დამირეკოს სახლში არ ვარ, კარგი? - თუ ის ისევ სახლში დარეკავდა, ამითაც ვერაფერს გახდებოდა. მე კი არც ერთ ზარს არ ვუპასუხებდი. თორნიკემ კოპებშეკრულმა გამომხედა. - იმ შენს ცეკვის ჯგუფელთან გაქვს პრობლემა? - არა და ნუ დაიწყებ ახლა. - აბა ეს რა თხოვნაა, ვერ გავიგე. - წელში გასწორდა. - კარგი რა თოკე, უბრალოდ სასწავლებელში იციან რომ სოფელში ვარ. - ვიცრუე. - ხოო? - აშკარად დაეჭვდა. - ხო. - მეც ჯიუტად ვუთხარი. ეს პრობლემაც მოვაგვარე. ვისაუზმე და ტელევიზორს ჩავუჯექი. მალე მარიც მოვიდა და ხან რაზე ვისაუბრეთ ხან რაზე. თოკე და მარი ერთად ისხდნენ. მე მათ წინ ვიჯექი და ცოტა არ იყოს ვეჭვიანობდი, მაგრამ რომელზე არ ვიცი. მარი ჯერ კიდევ მორცხვობდა და თოკე ამაზე ბევრს ხუმრობდა. ცოტა ხანში მეგობართან განვმარტოვდი და მოვუყევი ყველაფერი. სისულელე გააკეთეო მითხრა მან. ამას მეც ვხვდებოდი, მაგრამ ჩემს საქციელს მაინც არ ვნანობდი. მოგვიანებით სახლში მარტო დავრჩი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და ძალაუნებურად ფიქრებმა წამიღო. ნეტავ რა რეაქცია ჰქონდა მას, როცა კაფეში ვერ მნახა? ჩემი საქციელის ყველაზე უარესი შედეგი ამომიტივტივდა თავში. ხომ შეიძლებოდა ამის გამო არც მომავალ პარასკევს და არც შემდეგ, წერილი აღარასდროს გამოეგზავნა და ჩემი უაზრო საქციელის გამო ჩე მიმართ ინტერესი დაკარგვოდა? საშინლად გავბრაზდი საკუთარ თავზე. იდიოტი ვარ, ეს რამ გამაკეთებინა?! ამის გამო უარი რომ ეთქვა ყველაფერზე? ვგრძნობდი, ამას ვერ გადავიტანდი, რადგან ახლა უკვე მე მაინტერესებდა ის და ვხვდებოდი, რომ მისი დაკარგვოდა არ მინდოდა. როგორღაც მოვახერხე და თავი დავიწყნარე. არ მინდოდა წინასწარ პანიკაში ჩავარდნა. იმედის ერთი პროცენტი დავიტოვე და ცოტა დამშვიდებული გულის გადასაყოლებლად ლეპტოპს მივუჯექი. ფოსტა გავხსენი, რადგან ერთ ერთი საიტის დავიწყებული პაროლი მინდოდა მენახა და წერილებში ერთი ახალი გზავნილი დამხვდა. ადრესატს დავხედე და სახელი და გვარი ამოვიკითხე. ვიღაც გიგა გასვიანი მწერდა. წერილი გავხსენი და კითხვა დავიწყე. " გეგონა ჩემს გაბრაზებას შეძლებდი? მაინც მოგაგენი ვერსად გამექცევი. ხომ იცი, დღეს პარასკევია... (იმედია არ იფიქრებ, რომ ეს ჩემი სახელი და გვარია) " გავოცდი. მაგრამ ეს ემოცია სიხარულმა გადაფარა. რა თქმა უნდა აქ ჩემი პოვნა იოლი იყო, მე ხომ მეილზე ჩემი სურათი მედო. ის ისევ ძველებურად ფიქრობდა ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა შურისძიებამ შედეგი ვერ გამოიღო, მე მაინც ბედნიერი ვიყავი. იმაზე ფიქრი, რომ ჩემ მიმართ შთაბეჭდილება არ შეცვლია, მახარებდა. არ ვიცი, როდემდე მოვითმენდი მის უნახავად, მაგრამ ახლა ყურადღების მოკრება მჭირდებოდა. ორშაბათს მეორე სემესტრის პირველი შუალედური გამოცდები იწყებოდა და მომზადება უნდა დამეწყო, ამიტომ მთელი შაბათ-კვირა მეცადინეობას დავუთმე. ის სიზარმაცე, რომელიც აქამდე გვერდიგვერდ დამყვებოდა, ახლა შვებულებაში უნდა გამეშვა.დაიწყო გამოცდების კვირა. მე და მარი ბევრს ვხალისობდით, ლექტორი რომელიმე ჯგუფელს "შპარგალკას" რომ გამოუმზეურებდა ხოლმე. ვუსმენდით წუწუნს იმ ბავშვებისგან, რომლებსაც არ ჰქონდათ საამისო მდგომარეობა. ზოგს ვეხმარებოდით შეძლებისდაგვარად, სამაგიეროდ მადლობასაც ვერ ვიღებდით. *** პარასკევს ლექციები არ გვქონდა. ლექტორმა წინასწარ გაგვაფრთხილა, რომ გვიცდენდა, ამიტომ ბარათისთვის სასწავლებელში სპეციალურად მომიწევდა ასვლა, ეს არაფერი იყო, ცეკვაც ხომ მქონდა. თან დიდი ხნის უნახავ გოგასაც ვნახავდი, უკვე მესიჯებით რომ მიკლებდა. გვიან ავდექი და სააბაზანოს მივაშურე. ისე მესიამოვნა ცხელი წყალი, რომ გამოსვლა აღარ მინდოდა. სულ მოვდუნდი და სასიამოვნო განწყობაზე დავდექი. ფანჯრიდან გავიხედე და კიდევ უფრო კარგ ხასიათზე დავდექი. მზე ანათებდა და ირგვლივ სხივებს ასხივებდა. არც ქარი ქროდა, მხოლოდ სუსტი სიო ათამაშებდა ხის წვეროებს. არაჩვეულებრივი განწყობით გავედი სახლიდან. მეგონა დავფრინავდი. ირგვლივ ყველაფერს ვარდისფერ ფერებში ვხედავდი. გაძვალტყავებული უბნის ძაღლი ქათქათა ლაბრადორად აღვიქვი, ძირს დაცვენილი დამჭკნარი ფოთლები მობიბინე მწვანე ბალახად, მეზობლების სახლები - უზარმაზარ კოშკებად, შიშველი ხეები კი - ბამბის ნაყინის გუნდებად. მაგრამ გარემოებამ არ მაცადა ალისას როლის მორგება, უცბად ბოროტი ჯადოქრის ხმა მომესმა: - ლელაჩკა, მილაია, კაკ ძელიშკი, ა? - გამომძახა ხადილამ თავისი მდიდრული აივნიდან. - უკეთესად წარმოუდგენელია, ხადილა! - გავძახე მე. - ახ ტი ხულიგანკა შენა! - გადმოყარა ოქროს კბილები. - პაჩემუ ტი აგვიანებ შკოლაში? - დღეს ლექციები მიცდება. კარგად ხადილა კარგაად! - ვუთხარი და გაჩერებისკენ წავედი. კაფე სავსე იყო. ოთახს თვალი მოვავლე და კუთხეში მდგარ მაგიდასთან შევნიშნე ერთი თავისუფალი ადგილი, დანარჩენებზე კი გოგონები ისხდნენ. ჩანთა შევისწორე და მათკენ წავედი. - შეიძლება დავჯდე? - ვკითხე მათ. - კი. - მითხრა ერთ-ერთმა და სკამიდან ჩანთა აიღო. ჩამოვჯექი და ოთახს გადავხედე. უცნობი და ნაცნობი სახეები ირეოდნენ ერთმანეთში. გოგა ჯერ არ ჩანდა და მომავალი ნახევარი საათი (სანამ ცეკვა დაიწყებოდა) ვიმედოვნებდი, რომ არც გამოჩნდებოდა, რადგან, მიუხედავად ჩემი კარგი განწყობისა, მისი ხუმრობების თავი არ მქონდა. ბუფეტისკენ გავიხედე და დავინახე ოფიციანტი გოგონა მიცინოდა. ხელი დამიქნია და სამზარეულოში შევიდა. მისი ლამაზი და მხიარული სიცილი იმაზე მეტყველებდა, რომ ჩემთვის წერილი ჰქონდა. მე კი მის შემცვლელს ყავა შევუკვეთე და ადგილს დავუბრუნდი. სანამ ჩემი ყავა მზად იქნებოდა, ნიკაპით ხელის გულს დავეყრდენი და ოთახის თვალიერებას მოვყე: ყურსასმენებიანი მარტოხელა ბიჭი არ ჩანდა, კაფეს შემოსასვლელში ჩემი ცეკვის ჯგუფელები ისხდნენ, მათ წინ კი ის სამი ძმაკაცი იჯდა ხშირად რომ ვხედავდი ხოლმე. ერთ მათგანს ბუსუსა თმაზე თეთრი ქუდი ჩამოეფხატა და ალბათ ვიღაცას აჯავრებდა, დანარჩენი ორი კი მას უყურებდნენ და იცინოდნენ. მათ შემხედვარეს მეც გამეცინა. ჩემს წინ ლექტორები ისხდნენ, მათ გვერდით კი მაგიდა გათავისუფლებულიყო. გადაჯდომა დავაპირე მაგრამ ოფიციანტი გოგონა დავინახე და შევნიშნე, რომ ლანგარზე მხოლოდ ყავის ფინჯანი არ იდო. გოგონა მომიახლოვდა, გამიღიმა და როგორც დიდი ხნის მეგობარმა, ისე მკითხა: - გამარჯობა, როგორ ხარ? - მადლობ, კარგად. შენ? - გავუღიმე და მომლოდინე სახით შევხედე. - მეც კარგად. ეს შენი ყავა. და კიდევ ესეც. - თქვა და როგორც ყოველთვის სასწრაფოდ გაბრუნდა. მაგიდას დავხედე. ყავის ფინჯანთან ერთად წითელი ვარდი იდო. სულ ერთი წამით ჩემს გვერდით მჯდარ გოგონებს შევავლე თვალი, რომლებსაც გაოცებულებს ეღიმებოდათ. ვარდი ავიღე და დავყნოსე. მისმა ნაზმა სურნელმა ის ტკბილი საღამო და მისი სუნამოს სურნელი გამახსენა. ოთახს თვალი მოვავლე, მაგრამ საეჭვო ვერავინ და ვერაფერი შევნიშნე. თუმცა, იქნებ არც იყო აქ? ყვითელი ფურცელი ავიღე და სიტყვები ამოვიკითხე: " გილოცავ, თუმცა შეგვეძლო, ეს დღე უკეთ აღგვენიშნა. ვიცი შენც გენატრები და იცი, მგონი..." მგონი რა? რისი თქმა უნდოდა ნეტავ? დავიბენი, მაგრამ ჯერ ისევ ვარდის სურნელით ვტკბებოდი და ამაზე ფიქრი არ მინდოდა. რამდენიმე წუთით გამოვეთიშე ამ სამყაროს და ვოცნებობდი ეს ვარდი უჭკნობი ყოფილიყო. თუმცა მას ისედაც შევინახავდი დღევანდელი დღის სიმბოლოდ. დღეს ხომ სიყვარულის დღე იყო და მისი პირველი საჩუქარი ჩემი საყვარელი ყვავილი - ვარდი იყო. საათს დავხედე, უკვე გვიანი იყო, ცეკვაზე ათი წუთით დამაგვიანდა. ჩანთას ხელი დავავლე და კაფედან გიჟივით გავვარდი. შაბათ-კვირა მარისთან გავატარე. შაბათს მისი დაბადების დღე იყო და ნაცნობებთან ერთად კარგად გავერთეთ. წვეულება ძალიან მომიხდა. ჩემი განწყობა სულ უფრო უკეთესობისკენ მიდიოდა და მეშინოდა, საბოლოოდ რაიმე ცუდი არ დამხვედროდა წინ. კვირამ ჩვეულებრივ ჩაიარა, თუმცა ერთფეროვნება ერთმა სატელეფონო ზარმა შეცვალა. მამამ იტალიიდან დაგვირეკა და გვითხრა რომ მალე ჩამოვიდოდა. თაზო ორი წელი არ გვენახა, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვუკავშირდებოდით ხოლმე, ამიტომ ყველას ძალიან გვენატრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდით როდის დადგებოდა მისი ნათქვამი „მალე“, მაინც შეგვეძლო ლოდინის დაწყება. ვიმეტიჩრე. დედასთან მარის და თორნიკეს ამბავი "წამომცდა". მიუხედავად იმისა, რომ მაიკოს ჩემი ძმის არჩევანი არ დაუწუნებია, თორნიკე მაინც გამიბრაზდა. დედას სახლში არ ყოფნით ისარგებლა და "ჩემი ადგილი მიმიჩინა". სხვის საქმეში ცხვირს არ უნდა ჰყოფდეო.თავი ვერც იმით ვიმართლე, რომ ის სხვა კი არა ჩემი ძმა იყო და დღეს თუ ხვალ დედა ამ ამბავს მაინც გაიგებდა. პატარა კამათის შემდეგ მაინც შემირიგდა და ყავის მომზადება მთხოვა. *** პარასკევს რომ გავიღვიძე, პირველი, რაც ჩემ სმენას ჩასწვდა იყო საშინელი ქარის ხმა. ცივმა დღემ ხასიათი წამიხდინა. ასეთი კარგი ამინდების შემდეგ, ჩემთვის ეს ქარიშხალი ნამდვილი კატასტროფა იყო. ისევ თბილად უნდა ჩამეცვა და მობუზულს მევლო. თუმცა გული მაინც თბილად მქონდა, დღეს ხომ პარასკევი იყო?! ლექციაზე დამაგვიანდა და ჩემმა ლექტორმაც როგორც ყოველთვის ეს ფაქტი უკომენტაროდ არ დატოვა. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მარის გვერდით მივუჯექი და მივებუზე. საშინლად მეძინებოდა და ეს სამი ერთი და იგივე ლექცია მომბეზრდა. არც ცეკვის თავი მქონდა. მხოლოდ წერილს ველოდი მოუთმენლად. ახლა ვიგრძენი, რომ ერთი კვირა შუალედი წერილებს შორის ძალიან დიდი დრო იყო და მალე ალბათ ეს თამაში დამღლიდა. მოულოდნელად გული ამიჩქარდა და ამ წუთას ყველაფერი ერთად შემზიზღდა. მარის უფრო მჭიდროდ მივეკარი, მან კი ალბათ იუცხოვა და გაკვირვებული ღიმილით შემომხედა. - რა გჭირს ლელ? - ჩურჩულით მკითხა. - არაფერი, მცივა. - ალბათ არ მომიტყუებია, რადგან სიცივე უხასიათობის ერთ-ერთი მიზეზი იყო. მესამე ლექციას და ლექტორის წიკვინა ხმას უკვე წყობიდან გამოვყავდი. და საათს თვალს არ ვაშორებდი. ლოდინი და ჩემი ნერვები პიკს აღწევდა. ასე მეგონა ამ ჩაკეტილ სივრცეში წლობით ვიყავი გამოკეტილი და გამოვიდა თუ არა ლექცია, მარის ხელი ჩავკიდე და კაფეში წავათრიე. იქ სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა. ნაცნობი გარემო და სახეები, მუსიკა და რაც მთავარია ჩემი "ფოსტალიონის" მუდამ მომღიმარი სახე. ამ ყველაფერმა ცოტა გონზე მომიყვანა. მე და მარი მაგიდას მივუსხედით. მარიმ ჰოთ-დოგი და ყავა შეუკვეთა. ახლა მართლაც დიდი სიამოვნებით შევჭამდი რამეს. კაფეში საკმაოდ თბილოდა და ქურთუკები გავიხადეთ. -წერილს ელოდები? - ღიმილით შემომხედა ჩემმა მეგობარმა. - კი. - დავიმორცხვესავით. - ნეტავ როდის აპირებს გამოჩენას? - არ ვიცი, მეც ველი მაგ დღეს. - მასკარადზე რამდენადაც მოვასწარი მისი შეთვალიერება, ალბათ ცუდი გარეგნობის არ უნდა იყოს ხომ? - ალბათ არა. - რა თქმა უნდა, ის მშვენიერი იყო. ასე მეგონა და დარწმუნებულიც ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახის ნახევარზე მეტს არ ვიცნობდი. - როგორ გგონია ლელ, შენ და ის... - აღარ დაამთავრა მარიმ და სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა. - მარ კარგი რა. - ამაზე არ მიფიქრია და მისთვის ამიტომაც არ მქონდა პასუხი. ჯერ ვერც წარმომედგინა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მომავალში. - როცა ინკოგნიტო სააშკარაოზე გამოვა, მგონი ეს ყველაფერი ამით არ უნდა დამთავრდეს. - მითხრა მან. - მარ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი. - ახლა სიყვარულს გაურბიხარ? ეს არ ვარგა ლელ... მისთვის პასუხის გაცემა არ დამცალდა. მიმტანი გოგონა მოვიდა ჩვენი ჰოთ-დოგით და ყავით ხელში. ლანგარი მაგიდაზე დადო და პატარა თითები შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიცურა, ნაცნობი ფერის ფურცელი ამოიღო და გამომიწოდა, ლანგარი გაათავისუფლა და გაბრუნდა. გამეღიმა და ჩემს მეგობარს შევხედე, რომელიც წინ გადმოხრილიყო და ელოდა, როდის გავიცნობი წერილის შინაარსს. დავხედე ფურცელს და ლამაზ კალიგრაფიას თვალი გადავავლე: " მეც შენსავით მალე მომბეზრდება ალბათ, მაგრამ მოდი ვნახოთ, როდემდე გავძლებთ ასე." კიდევ კარგი ისეთი არაფერი ეწერა, რომ მარის რაიმე ეჭვი აეღო. მე კი ველოდი წინა წერილში შეწყვეტილ სიტყვებს დაასრულებდა. მარის გაეცინა და ყავა მოსვა. - ამ წერილიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე. - თქვა მან და ჰოთ-დოგი აიღო. - რა დასკვნა? - შევხედე მას. - ეგ ბიჭი შენზე სერიოზულად ფიქრობს, და... - თითი ასწია, როცა მიხვდა, რომ შეწინააღმდეგებას ვაპირებდი. - ახლა მაინც ნუ მოიქცევი ბავშვურად. როგორი უარიც არ უნდა მითხრა, მაინც გეტყვი, რომ მარტო ყოფნა შენზე ცუდად მოქმედებს. გამეღიმა და აღარაფერი მითქვამს. მარი თავის ბავშვობის დროინდელ მეგობარზე მიყვებოდა, რომელთანაც ერთხელ ჩხუბი მოუვიდა და მას შემდეგ აღარ უნახავს. მეც ვუსმენდი და თან ყავას მივირთმევდი. უცბად ჩემი ყურადღება მიმტანი გოგონას კისკისმა მიიქცია და ბუფეტისკენ მივიხედე. გოგონა იმ სამ ძმაკაცს ესაუბრებოდა და მათთან ერთად იცინოდა. მალევე მოვაცილე თვალი და ისევ მარის შევხედე, მაგრამ მისი სიტყვები აღარ მესმოდა. გონებაში ისევ მათზე ვფიქრობდი. მოულოდნელმა სურვილმა შემიპყრო, ის ბიჭები ახლოდან მენახა. არ ვიცი რატომ მომინდა ეს, ალბათ იმიტომ, რომ მინდოდა მათში, ანდაც სხვა ვინმეში ამომეცნო ის. ისევ გავხედე ბუფეტს მაგრამ ისინი იქ აღარ იყვნენ, თუმცა შორს აღარ იქნებოდნენ წასულნი. - მარ, - ფინჯანი მაგიდაზე დავდე და წამოვდექი. - დამელოდე, ახლავე მოვალ. ჩემმა მეგობარმა გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ მე ჩქარი ნაბიჯით გავედი კაფედან და ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო. დერეფანი გავიარე და გარეთ გავედი. დავინახე, რომ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. კიბე ჩავირბინე და გზას გავხედე, მაგრამ მხოლოდ მანქანის ფერი დავინახე, მეტი ვერაფერი. ნეტავ რომ არ წასულიყვნენ რას გავაკეთებდი? მივიდოდი და სამივეს სათითაოდ დავაკვირდებოდი? ვერაფერსაც ვერ ვიზავდი. ამას ახლა მივხვდი, როცა უკვე გარეთ ვიყავი. შემცივდა, შემოვბრუნდი და კიბეებს ავუყევი. ამას აღარასდროს გავაკეთებ, აღარასდროს! დაველოდები იმ დღეს, როცა თვითონ მოვა. ამ წუთას მელაპარაკებოდა მარი, მე კი ისევ ბავშვივით მოვიქეცი. - ლელა, როგორ ხარ სიხარულო? - მომესმა ზურგიდან თითქოს ნაცნობი, მაგრამ ტონშეცვლილი ხმა. შემოვბრუნდი. ჩემს წინ ჩემი ყოფილი შეყვარებული - ზურა იდგა.უემოციოდ შევხედე, არაფერი მითქვამს. ძალიან მციოდა და ხელებს ვისრესდი. - რატომ ხარ ჩუმად? დავიჯერო, ვერ მიცანი? - მის სახეზე ცინიკური ღიმილი შევნიშნე და ზიზღი დამეუფლა. - შენს სახეს რა დამავიწყებს. - ვუთხარი მე და შევბრუნდი. მისი დიდხანს ცქერა არ მინდოდა. ან აქ საიდან გაჩნდა? რა უნდოდა? - მოიცა, მოიცა. - მითხრა, მკლავში ხელი ჩამავლო და უხეშად მომაბრუნა. - ხელი გამიშვი! - ვუთხარი კოპებშეკრულმა და მკლავი ავიქნიე. - რატომ ასე უხეშად ლელა? მე ხომ შენს სანახავად მოვედი?! - ტყუილად დაგიკარგავს დრო. - რატომ, ხომ გხედავ და გელაპარაკები? - მითხრა და უცნაურად შემათვალიერა. ჩამეცინა. ეს იყო მისი ნამდვილი სახე. რატომ ადრე ვერ ვამჩნევდი, რომ სანამ ის მე გულს მატკენდა, ყველაფერი უმტკივნეულოდ დამემთავრებინა?! გადავწყვიტე უხეშად მივდგომოდი. სხვანაირ ტონს არც იმსახურებდა. - რაო ზურა, შენმა ნამდვილმა სიყვარულმა მიგატოვა, თუ ისიც ჩემსავით მიაგდე? - არა ჩემო კარგო, ჩვენ ისევ ერთად ვართ. - თქვა მან. - არ გინდა სადმე გავისეირნოთ? - შენ მე ვინ გგონივარ?! - ჩემი... - დიდი ხანია, მე შენი აღარ ვარ! - გავაჩერე. თვალები გზისკენ გამექცა და ისევ ისინი დავინახე, სამი ძმაკაცი. კიბეზე ამოვიდნენ და შენობაში შევიდნენ. - კარგი რა ლელა, თავის გამოდება საჭირო არაა. - იმდენად აგდებულად მითხრა რომ სურვილი გამიჩნდა მომეკლა. - აქ არ უნდა მოსულიყავი, ზურა. შენნაირი ამაზრზენი ადამიანი არ დადის. - ვუთხარი მე. ისევ წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ახლა მხარზე ჩამავლო ხელი. - შემეშვი! - ვუყვირე და ხელი ვკარი. რამდენიმე წამით ირგვლივ მიმოვიხედე. არავინ ჩანდა. მხოლოდ გაჩერებასთან იდგა ოთხი გოგო და ლაპარაკში იყვნენ გართულნი. - რატომ მეჩხუბები ლელა, შენთვის ცუდი არაფერი მითქვამს. პირიქით, მინდა, რომ გასიამოვნო, შენ კი უარს მეუბნები. - რა, შენი გოგო ვერ გაკმაყოფილებს? - მე შენ მინდიხარ. - მითხრა - გოგა, წადი აქედან სანამ წყობიდან გამოვსულვარ. - კარგი რა, დაწყნარდი. მოდი გავისეირნოთ, სადმე შევიდეთ, ცოტა დავლიოთ და შემდეგ იქნებ შენც მოგინდეს ჩემთან ერთად ღამის გატარება? სისხლმა ტვინში ამასხა. - ნაბიივარი ხარ ზურა! - მივაძახე. იქნებ ეს ზედმეტი იყო, მაგრამ ახლა თვითონ უარეს შეურაცხყოფას მაყენებდა. - რა თქვი? - კოპები შეკრა და დასერიოზულდა. - ხარ მეთქი! წადი აქედან! სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ გამარტყა. თან იმდენად ძლიერად, რომ შენობის კედელს რომ არ მივჯახებოდი, ალბათ დავეცემოდი. ამას არ ველოდი. გაოგნებამ უცბად გადამიარა, თითები გახურებულ ლოყაზე მივიდე, რომელიც საშინლად მტკიოდა და ზურას გავხედე. ხელები დაემუშტა და დაჟინებით მიყურებდა. ამის მოთმენა შეუძლებელი იყო. უპასუხოდ ვერ დავტოვებდი. ხელებში ძალა მაწვებოდა. მისკენ გავიწიე და საპასუხოდ მთელი ძალით დავარტყი. - როგორ გაბედე გოგო! - მიღრიალა და შევნიშნე, რომ იმ ოთხმა გოგომ ჩვენსკენ მოიხედა. მან ისევ ჩემსკენ გამოიწია, მაგრამ მარის შეძახილმა შეაჩერა: - ლელა! - გაოცებული მოგვშტერებოდა მარი. - შე ნაგავო! - გამოსცრა მან და ვერც კი მოვასწარი დანახვა, როდის გაჩნდა ჩვენს შორის და საშინელი ტკაცანის ხმა მომესმა. - შენ რას ერევი სხვის საქმეში?! - გაცეცხლებულმა შეხედა ზურამ ჩემს მეგობარს. - შენგან განსხვავებით, მე ლელას არასოდეს მივატოვებ და ყოველთვის დავიცავ. - ცინიკურად გაუღიმა მარიმ მას. - წადი აქედან ზურა, - ვუთხარი მე. - აღარ გაბედო ჩემთან მოსვლა. ზურამ ორივეს გადმოგვხედა და ზიზღნარევი სახით გაუჩინარდა. მარი ჩემსკენ შემობრუნდა, მომვარდა და მომეხვია. - კარგად ხარ ლეე? - მკითა და თავზე მაკოცა. - კი. - ვუთხარი უემოციოდ. - ნაგავი! ღმერთო, ეს როგორ გაბედა?! წამოდი, შიგნით შევიდეთ, გაყინული ხარ. და სულაც, ჯობია სახლში წავიდეთ. - ცეკვა მაქვს. - ერთი გაცდენით არაფერი მოხდება. დავიჯერო ახლა ამის განწყობაზე ხარ? მხოლოდ ამ კითხვის შემდეგ გავაანალიზე რა დამემართა. ყელში რაღაც გამეჩხირა და არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი, რომ არ ავტირდი. მარი მეხვეწებოდა, სახლამდე მიგაცილებო, მაგრამ უარი ვუთხარი, კარგად ვარ და თვითონ წავალ მეთქი. ჩემს ოთახში ჩაკეტვა და ტირილით გულის მოოხება მინდოდა. სახეზე ალბათ ფერი არ მედო. ხელები გაყინული მქონდა. ჩქარი ნაბიჯით მივუყვებოდი ჩემს ქუჩას. ნეტავ თორნიკე სახლში არ ყოფილიყო. შეამჩნევდა ჩემს მკვდარივით სახეს და მისი ეჭვების თავი არ მქონდა. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. - ლელაჩკა, ლამაზო, პაჩემუ ტი ხოძიშ ადნა?- გადმომიყარა კბილები ხადილამ. - აბა ვისთან ერთად უნდა მოვდიოდე. - კოპებშეკრულმა გავძახე. - ეეხ. ტი ჩტო, დაგავიწყდა? ონ, ჩორნაგლაზამი... - ხადილა დამანებე რა თავი, არ მაქვს შენი ნერვები! - დავუყვირე და დავინახე შეცბუნებული ქალი ტუჩაბზუებული რომ შევიდა ოთახში. არ გამიმართლა, ჩემი ძმა სახლში იყო. მისთვის არც კი შემიხედავს. სასწრაფოდ ავირბინე კიბეები, ოთახში შევედი და კარი ჩავკეტე. ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები თავისით გადმოეშვნენ კალაპოტიდან. თავი ბალიშში ჩავდგე რომ თორნიკეს ჩემი ტირილის ხმა არ გაეგო, მაგრამ დავინახე, რომ ტელევიზორს უყურებდა და ალბათ ჩემი სახლში მოსვლა ვერც გაიგო. ჩემი თავი მძულდა ზურაზე მეტად. მე მივეცი იმის საშუალება, რომ ჩემთვის დაერტყა. მაგრამ ვცდილობდი თავი იმით დამეწყნარებინა, რომ ზურა არაკაცი იყო. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ამის გამო დიდხანს ტირილი არ ღირდა. მე მას დამსახურებულად მოვექეცი და რაც მთავარია ვაგრძნობინე, რომ მარტო არ ვიყავი და ყოველთვის დამიცავდა ვიღაც, რომ სუსტი არ ვიყავი და თავის დაცვა შემიძლო. ამიტომ ვამჯობინე ეს ამბავი მალე დამევიწყებინა. მით უმეტეს, რომ დღეს მეშვიდე წერილი მივიღე მისგან. გამეღიმა და ცრემლები შევიმშრალე. თითქოს ყოველი წუთი გაქრა იმ უსიამოვნებისა, რომელიც დღეს გადამხდა, მაგრამ ლოყაზე რომ ხელი გადავისვი, ტკივილი ვიგრძენი. კარზე ჩუმი კაკუნი მომესმა. - ლელა, რა მოხდა? - თითქოს მორიდებული ტონი იგრძნობოდა თორნიკეს ხმაში. ამ წუთას სურვილი გამიჩნდა, მაგრად ჩავხუტებოდი ჩემს ძამიკოს, მაგრამ ახლა ნამტირალევი თვალებით ვერ დავენახვებოდი. - არაფერი თოკე, რა უნდა მომხდარიყო? - ვეცადე ცოტა მხიარულად შემებრუნებინა კითხვა. - ხომ კარგად ხარ? - ისევ მკითხა. ამას ხომ ვერაფერს გამოაპარებ! - მშვენივრად, შენ? - შესანიშნავად. - ხმაზე შევატყვე, რომ ჩემმა პასუხმა დაამშვიდა. - ერთია რომ მშია, თორემ მეტი კი არაფერი. შენ გელოდი, ერთად ვისადილოთ. - კარგი თოკე, დამელოდე, მალე ჩამოვალ. შაბათ-კვირა მარისთან ერთად გავატარე, თორნიკე დავპატიჟეთ და კინოში წავედით. თითქმის მთელმა კვირამ ერთფეროვნად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით ხუთშაბათს. უკვე გაჩერებასთან ვიდექი სასწავლებელში მივდიოდი, რომ ნათიამ დამირეკა. გამიკვირდა რა უნდოდა, მით უმეტეს რომ სულ რამდენიმე წუთში ისედაც ვნახავდი. ვუპასუხე, მაგრამ ისე სწრაფად და ემოციურად ლაპარაკობდა, რომ ბოლოს მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ჩემთვის რაღაც ახალი ამბავი ჰქონდა. ლექციაზე დავაგვიანე და რადგან მისგან შორს ვიჯექი, ვერაფრით მოახერხა ამ ამბის თქმა. როგორც ჩანდა ფურცელზე დასაწერადაც ძალიან დიდი იყო, თორემ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. როგორც იქნა გამოვიდა ლექცია და თეოსთან ერთად ჩემთან და მარისთან მოვიდა. - ლელ, გადავირიე, არ ვიცი, რა ვთქვა. - დაიწყო ნათიამ და წამწამები ააფახუნა. როგორც ჩანდა თეომ უკვე ყველაფერი იცოდა. - არა, ამ ქვეყნად კიდევ არსებობენ გმირები და რაინდები. - თქვა მან. - თქვენ რა, სერიალის მოყოლას აპირებთ? - გაეცინა მარის. - რა მოხდა? - ვკითხე მე და გამეღიმა. - დილით მე და თეო მეტროსთან ვიდექით, ჩვენთვის ვჭორაობდით, რომ უცბად ავტობუსი გაჩერდა და იცით ვინ ჩამოვიდა? - შემომანათა ნათიამ თავისი ლურჯი თვალები. - ვინ? - ვინ და ზურა. კოპები შევკარი. მათ ყველაფერი იცოდნენ რაც წინა პარასკევს მოხდა და ხვდებოდნენ რამდენად მძულდა ის, ამიტომ გამაბრაზა იმ ფაქტმა, რატომ მელაპარაკებოდნენ თეო და ნათია მასზე ასე გაბრწყინებული თვალებით. - ასე ნუ გვიბღვერ ლელ, - თემო ჩანთიდან თავისი ციფრული ფოტოაპარატი ამოიღო. - ხომ იცი, რა გრძელი ხელები მაქვს? შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. - მითხრა მან და აპარატი გამომიწოდა. ეკრანს დავხედე. ხო, ეს ზურა იყო, მაგრამ ასეთს არ ველოდი. ორივე თვალი დალურჯებული და ლოყა და ქვედა ტუჩი გახეთქილი ჰქონდა. ასე ვთქვათ კარგად იყო დამუშავებული. ჩემსავით გაკვირვებულმა მარიმ თვალები ააწიპწიპა. - არა, მე კი დავარტყი, მაგრამ... - ცალი წარბი აზიდა მან. - მეც, მაგრამ... - ვთქვი და კიდევ ერთხელ დავხედე სურათს. არა, ეს ჩემი და მარის ნაკვალევი არ იყო. - მიეზღოო, მიეზღოო! - წაიღიღინა ნათიამ და თეძოები აათამაშა. ალბათ ნათია მართალი იყო. ჩემთან დიდგულად მოჰქონდა თავი, მაგრამ არც ისეთი ძლიერი იყო, რომ თავისი სქესის ადამიანისთვის ასევე გაეწია წინააღმდეგობა. არა, სულ ოდნავადაც არ შემცოდებია, მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად იყო ნაცემი. არ იყო სიბრალულის ღირსი. ალბათ დამსახურებულად მიიღო ეს ყველაფერი, რადგან უმიზეზოდ ამ ქვეყნად არაფერი ხდება. იმ დღისით კარგ განწყობაზე ვიყავი, იმდენად კარგზე, რომ ხადილას ბოდიშიც კი მოვუხადე უხეშობისთვის. გახარებულმა ქალმა გულში ჩამიკრა. დილით ფანჯრიდან რომ გავიხედე, დავინახე ღრუბლებიდან მზის სხივებს რომ გამოეყოთ თავები. არც ქარი ქროდა და დილის კვალობაზე საკმაოდ თბილოდა, ამიტომ თხლად ჩავიცვი. ლექციების შემდეგ მე თეო ნათია და მარი კაფეში ჩავედით. მაგიდასთან რომ მოვთავსდით, მაშინ შევნიშნე, რომ ჩემი ფოსტალიონი არ ჩანდა. შეკვეთების მისაცემად ბუფეტთან მე მივედი, რომ იქიდან სამზარეულოში შემეჭყიტა, მაგრამ არც იქ იყო. ნუთუ დღეს წერილს ვერ მივიღებდი? არც ჩემი საყვარელი სიმღერა ჟღერდა. რა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო? იქნებ ავადაა და ვერ მოვიდა? ან აგვიანებს? იქნებ სულაც აღარ მუშაობს ააქ? ავღელდი. გოგონებმა შემამჩნიეს, მაგრამ ამის ნამდვილი მიზეზი არ გამიმხელია, თუმცა ალბათ ხვდებოდნენ, რომ წერილი აგვიანებდა და ჩემი მოუთმენლობაც მატულობდა. საათს წამდაუწუმ ვუყურებდი. მალე ცეკვა მეწყებოდა და მე და თეო წავიდოდით. წერილი კი არ ჩანდა. უკვე წასვლის დრო მოვიდა. არ ვბრაზობდი, უბრალოდ გული დამწყდა და ახლა უფრო საშინლად მომინდა მისი ნახვა. კაფედან ფოიეში გამოვედით და დავინახე, როგორ შემოვარდა შენობაში მხიარული მიმტანი და დამინახა თუ არა ჩემსკენ გამოიქცა. მისი დანახვისთანავე გულიდან წუხილი მომეხსნა და გოგონებს ღიმილით გადავხედე.გოგონა ჩემს წინ გაჩერდა, სირბილისგან დაღლილი ძლივს სუნთქავდა. გაეცინა, სული მოითქვა და ყვითელი ფურცელი ხელზე დამიდო. - ბოდიში, რომ გალოდინე, - მითხრა მან. - მისი ბრალი იყო. თქვა და მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, კაფეში შევარდა. გახარებულმა თვალი გავაყოლე და შემდეგ ფურცელს დავხედე. - წაიკითხე, წაიკითხე! - მიჩქმიტა მკლავზე თეომ. ნაწერს დავხედე. " შენს შეურაცხყოფას, მით უმეტეს შენზე ხელის აწევას ვერავის ვაპატიებ. იმედია კარგად ხარ. ' - ეწერა იქ. - არ არსებობს. - პირი დააღო ნათიამ. - უკომენტაროდ დავტოვებ. - თქვა მარიმ. ის იყო, მან სცემა ზურა. კი, მაგრამ საიდან გაიგო, რა მოხდა ერთი კვირის წინ? ეს ხომ მხოლოდ მე, მარიმ ნათიამ და თეომ ვიცოდით? გოგასთვისაც არ გვითქვამს, გვეშინოდა მასაც არ გაეწია ზურაზე. ალბათ დაგვინახა, სხვა ვარიანტი არ არსებობდა, მაგრამ იქ ხომ არავინ იყო მაშინ, იმ ოთხი გოგოს გარდა?! თუმცა, ჩემთვის სულ ერთი იყო. მან მე დამიცვა და გულის სიღრმეში მიხაროდა. ესე იგი მისთვის რაღაცას ვნიშნავდი, რადგან ჩემი იმ მდგომარეობაში დანახვა ვერ აიტანა. - ლე, - შემანჯღრია თეომ. - გამოფხიზლდი. ამაზე სახლში იფიქრე, ახლა ცეკვა გვაქვს. - ხო, ხო. - გამეღიმა, ფურცელი შევინახე და კიბეს ავუყევით... ჩემმა ცეკვის მასწავლებელმა ყველა შენიშვნა დღეს მომცა, რაც კი მთელი იმ დროის მანძილზე არ მიმიღია, რაც მასთან დავდიოდი და მართალიც იყო. გამოთიშული ვიყავი ამ სამყაროს, უაზროდ ვიღიმოდი და ფიქრებში წასულს, ხან ჯგუფელების მოჯლუგუნებს გამოვყავდი, ხან მასწავლებლის შენიშვნებს. ბავშვები დამცინოდნენ: ანგელოზს გავხარ, ფრთებიღა გაკლიაო. არც თორნიკეს დაუკლია სახლში. თურმე ჩემთვის რაღაც უკითხავს და ვერ გავიგე. - ლელა! - დამიძახა მან. - ჰო. - გავხედე მე და რომ მივხვდი, პირველად არ მეძახდა, გამეღიმა და დივანზე მოვიკუნტე. - რა იყო გოგო, პლანი მოგაწევინეს ჯგუფელებმა? - გაიცინა თორნიკეს. - არაა. - ისეთი ტონით ვუთხარი, რომ ახლა ჩემს თავს თვითონ ვუწოდე იდიოტი. შაბათ-კვირა არაფრისთვის დამითმია გარდა ჩემი ფიქრებისა. ოთახში გამოვიკეტე და საწოლზე მიწოლილი მასკარადის საღამოზე ვფიქრობდი. თვალდახუჭულს მეღიმებოდა, რადგან ვგრძნობდი ყოველივე იმას, რაც მაშინ განვიცადე. ვგრძნობდი მის ხელებს. მის ტუჩებს, ქარს, რომელიც მაშინ ფანჯრიდან შემოდიოდა. ეს იყო დაუვიწყარი საღამო, რომელიც მუდამ იარსებებდა ჩემში. ასეთი უსაქმური შაბათ-კვირა არასდროს გქონიაო, მითხრა დედამ. მე კი სულაც არ ვფიქრობდი ასე. მარი რომ ყოფილიყო ჩემთან მხარს დამიჭერდა. ამ ორმა დღემ მალევე გაიყოლა უკან მომდევნო ორი დღეც, მაგრამ რატომ შევადარე ჩემი თავი მარის? ის შეყვარებულია, მე კი - არა. არანორმალური იყო ის აზრი, რომ შეიძლებოდა უცნობის მიმართ რაიმე გრძნობა გამჩენოდა, გარდა ინტერესისა, თუ ვინ იყო. იმ პარასკევს კაფე თითქმის ცარიელი იყო და ძალიან გამიკვირდა, რომ ნაცნობს ვერავის ვხედავდი. გარდა ჩემი ორი ცეკვის ჯგუფელისა. ყავა შევუკვეთე და ჩემი ადგილიდან ისევ ბუფეტს გავხედე, ნაცნობი მიმტანი გოგონა ფუსფუსებდა. ის ხომ მაინც შემეძლო მისი სახელი გამეგო? სულ რომ არაფერი შუამავლის როლს ასრულებდა. ამაზე გამეცინა. სიმღერას ვუსმენდი და შევყურებდი მის მომღიმარ სახეს, რომელიც თანდათან მიახლოვდებოდა. - გამარჯობა. - მომესალმა ის და ყავა მაგიდაზე დამიდო. - გაგიმარჯოს. - გავუღიმე. - აი, ეს შენ. - ფურცელი ყავასთან დადო და გაბრუნებას აპირებდა, რომ შევაჩერე. - ერთი წუთით. - ვუთხარი. გოგონა შემობრუნდა და შემომხედა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე მისი ლამაზი, ოდნავ გამობუშტული ტუჩები, პატარა საყვარელი ცხვირი და თაფლისფერი თვალები.. - შეიძლება შენი სახელი გავიგო? - ვკითხე. - ჩემი კიი. - გამიღიმა ეშმაკურად. -ქეთი მქვია. - სასიამოვნოა ქეთი, მე... - ვიცი, ლელა. - მითხრა მან. ხო, თუმცა სულ დამავიწყდა, რა თქმა უნდა ეცოდინებოდა. - კიდევ ერთი კითხვა მაქვს. - გისმენ. - დიდხანს აპირებს ასე გაგრძელებას? - ცოტა სერიოზულად გამომივიდა. - რა გითხრა? - მხრები აიჩეჩა. - მე მხოლოდ წერილები მომაქვს. სხვას ვერაფერს გეტყვი. ახლა კი ბოდიში. არც კი შეუნიშნავს რომ დავსერიოზულდი, ისევ მხიარულად მიპასუხა და ბუფეტისკენ წავიდა. ღრმად ჩავისუნთქე და ყვითელ ფურცელს დავხედე. არ ვიცი რატომ, მაგრამ სიბრაზე დამეუფლა და წერილის წაკითხვა გავაჭიანურე. ცეკვამდე ჯერ კიდევ ნახევარი საათი მქონდა დრო. ყავას ვწრუპავდი და ამობრუნებულ ფურცელს დავყურებდი. ეს უკვე მეცხრე იყო და ამ თამაშ-თამაშში ორი თვე გავიდა. უკვე ორი თვე იყო რაც უცნობი-ნაცნობი მყავდა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი. ერთადერთი რაც მასზე ვიცოდი იყო ის, რომ ჰქონდა საოცრად ლამაზი მწვანე თვალები და პრიალა წაბლისფერი თმა, და, რომ მის სუნამოს სურნელს მილიონიდან გამოვარჩევდი. ყავის ფინჯანი მაგიდაზე დავდე და წერილი გადმოვაბრუნე, " დღეს ვერ გნახე. არაუშავს, როგორმე გავძლებ ორშაბათამდე. იმედია, მომდევნო პარასკევი სასწავლებლის გაცდენის მიზეზი არ იქნება." - ეწერა იქ. მომდევნო პარასკევი? რიცხვი მალე გადავითვალე. 13 მაისი - ეს ხომ ჩემი დაბადების დღე იყო. გამეღიმა. ყველაფერი იცოდა ჩემზე, ყველაფერი. არა რა თქმა უნდა სასწავლებელს არ გავაცდენდი. ნაწერს კიდევ რამდენჯერმე გადავავლე თვალი. ბედნიერი ვიყავი. ნეტავ რატომ აჭიანურებდა ასე? ეს თითო-თითი კვირებიც ისე მიიზლაზნებოდა, რომ ალბათ მალე ნევროზს გამიჩენდა. შაბათ-კვირა დავიქანცე. ცეკვის რეპეტიციაზე მასწავლებელმა ვარჯიშში გამწყვიტა, წუთით არ დავმჯდარვარ. ორშაბათს ძლივს ავდექი. მთელი დღე მეგონა ნემსებს მირჭობდნენ ძვლებში, ისე მტკიოდა კუნთები. თითქოს ეს არ მეყოფოდა, ორი ლექცია შეუჩერებლივ ვწერეთ. ეს ის კონსპექტი იყო, რომელსაც ბიბლიოთეკაში ვერ დავამუშავებდით. მშვენივრად ვუახლოვდებოდი ჩემს დაბადების დღეს. დაღლილ-დაქანცული, ძალაგამოცლილი, განწყობადაკარგული და უხალისო, ან რა უნდა გამხარებოდა ოცდაერთი წლის ვხდებოდი. ხუთშაბათს დედამ წინადადება შემომთავაზა, შემეძლო სახლში გადამეხადა დაბადების დღე და მეორე დღეს სახლი მე დამელაგებინა, რადგან თვითონ სამსახურში იქნებოდა. ან გადამეხადა რესტორანში და დაღლილს მთელი მომდევნო დღე ძილში გამეტარებინა. მე არც ერთი ვარიანტი არ მინდოდა. მერჩივნა საერთოდ არ აღმენიშნა ეს დღე და მხოლოდ მისი წერილის მოლოდინში ვყოფილიყავი, მაგრამ რადგან ჩემი მეგობრები წვეულებას და გართობას ელოდნენ, მე რა თქმა უნდა მეორე ვარიანტი ვარჩიე. პარასკევს დილით ჩემს თავს შთავაგონე, რომ დღეს ყველაფრის უფლება მქონდა და მეპატიებოდა აბსოლუტურად ყველაფერი, ამიტომ დღე ლექციაზე დაგვიანებით დავიწყე. კიბეზე ავდიოდი და წარმოვიდგინე 15 წუთით დაგვიანებულს, როგორ მიღიმის ჩემი წიკვინა ლექტორი, მიკრავს გულში და გაჭიანურებული, თუმცა ტკბილი ტექსტით მიდღეგრძელებს მომავალს. მეოთხე სართული ილევა. ამ ყველაფრის ფონზე კი სკამებიდან წამომდგარი ჩემი მომღიმარი ჯგუფელები ტაშს მიკრავენ. ნათიას ხელში ტორტი უკავია და ლამაზ თვალებს მიჟუჟუნებს. მარის და თეოს კი ფერადი წვეტიანი ქუდები ახურავთ, დანარჩენებს ბუშტები უკავიათ და ყველას ერთი სული აქვს, როდის გადამკოცნის. და აი, მივედი ამ ჩემს მხიარულ აუდიტორიასთან, დავაკაკუნე და კარი შევაღე. - უკვე აღარ გელოდით ქალბატონო. - შემომხედა თავისი ცივი ცისფერი თვალებით ლექტორმა. - დაბრძანდით, დაბრძანდით! ჩემი ადგილისკენ გავემართე და თან ჯგუფს მოვავლე თვალი. რამდენი პესიმიზმით სავსე ღიმილი მომჩერებოდა. დავჯექი და მარის შევხედე მოციმციმე თვალებით. ჩემი ერთადერთი მეგობარი ხომ ჩემს გვერდით იყო. მას არასოდეს დავავიწყდებოდი. - რას მომჩერებიხარ ლელ? - შემომხედა მარიმ და გამიღიმა. ღიმილი სახეზე შემაშრა. - მეე? არა, არაფერს. - თავი გავიქნიე და ჩანთაში რვეულს და კალამს დავუწყე ძებნა. ჩემს გაკვირვებას და გაბრაზებას საზღვარი არ ჰქონდა. ნუთუ არავის ახსოვს რომ დღეს დაბადების დღე მაქვს? მარისაც კი! მობილური ავიღე და კალენდარს დავხედე. არა დღეს ნამდვილად 13 მაისია. აბა ამ ხალხს რა სჭირს? მთელი ლექცია ჩუმად ვიჯექი და ველოდი, როდის გავახსენდებოდი ვინმეს. დამთავრდა თუ არა პირველი ლექცია, მარი მომიბრუნდა. - ლელ, - შემომხედა ღიმილით. ალბათ გვიან გაახსენდა, რომ დღეს ჩემი დღეა. ჩემი საყვარელი მეგობარი, რა თქმა უნდა ვაპატიებდი, პირველმა მან რომ არ მომილოცა. - შეგიძლია ქსეროქსზე ჩამეგზავნო? - მითხრა მან. აქ ის მომენტი განვიცადე, მხიარული მუსიკის დროს კასეტის ლენტი რომ ჩაიხვევს ხოლმე. - კი ჩაგეგზავნები მარ. - ვუთხარი, რვეული და ხურდა ფული გამოვართვი. აუდიტორიიდან გამოვედი და კიბეს ჩავუყევი. არა, მაინც ვერ ვხვდები, რა დავაშავე. ახლა ესენი ღირსნი იყვნენ, რომ წვეულებაზე გართობა შემეთავაზებინა? თეოზე და ნათიაზე არაფერს ვამბობ, მაგრამ მარი? ნუთუ მასაც დაავიწყდა? არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ ამას. კონსპექტის ქსერო ასლი გავაკეთე და ახლა უკვე ყოველგვარი წარმოდგენების გარეშე ავიარე ხუთი სართული, აუდიტორიის კარი შევაღე და: - გილოცააავ! - დაიძახა ორმოცმა ხმამ ერთად. თეოს და ნათიას ხელში უზარმაზარი თაფლისფერი დათვი ეკავათ, რომელსაც კი არ ჩაეხუტებოდი, ჩაგეხუტებოდა, იმხელა იყო. გაოგნებულმა პირი დავაღე და მომღიმარ ჯგუფელებს მოვავლე თვალი. - ლელ, - მოცუნცულდა ჩემთან მარი და მომეხვია. - გილოცავ ჩემო კარგო დაბადების დღეს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. უფალი გფარავდეს. - მადლობა მარ, დიდი მადლობა. - გავუღიმე მარის და დათუნიასკენ გავეშურე. უღრმესი მადლობა გადავუხადე ყველას ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის, დათუნიასთვის და უჩვეულო სიურპრიზისთვის და ყველა რესტორანში დავპატიჟე. თუმცა სანამ გართობას დავიწყებდი, ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი კაფეში მელოდა, რომელსაც მოუთმენლად ველოდი. ყვითელი ფურცელი და ლამაზი კალიგრაფიით მოხაზული თბილი სიტყვები, ეს იქნებოდა ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მათ შორის, რასაც კი დღეს მივიღებდი. ლექციები რომ გამოვიდა, თორნიკეს ვთხოვე მანქანით ამოსულიყო და დათუნია საწოლში წაეღო, მარიც მას გაჰყვა და ვუთხარი ცეკვაზე საქმეს მოვაგვარებ და მეც მალე მოვალ მეთქი. ქეთიმ კაფეში შესული რომ დამინახა, დაჯდომა აღარ მაცადა, გამიღიმა და ხელით თავისკენ მიმიხმო. მეც მივედი და მოვიკითხე: - როგორ ხარ? - მადლობა, კარგად. გილოცავ დაბადების დღეს. - მითხრა. - დიდი მადლობა. - გავუღიმე. - იცი, დღეს შენთვის მხოლოდ წერილი არ მაქვს. - მხიარულად დააფახუნა ლამაზი წამწამები. - კიდევ რაა? - გამიკვირდა. ქეთი შებრუნდა. პატარა უჯრა გამოაღო და იქიდან მოგრძო, წვრილი შავი ხავერდის კოლოფი ამოიღო, რომელსაც ზემოდან ყვითელი ფურცელი ეკრა და შუაში ოქროსფერი ბანტით იყო შეკრული. გამომიწოდა. - ეს რა არის? - ვიკითხე და ქეთის შევხედე. - არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა მხიარულად. - უფლება არ მომცა, რომ მენახა, ძალიან ეგოისტია. მაგრამ არ უთხრა რომ ეს გითხარი. გამეცინა და პატარა კოლოფი გამოვართვი. - აი იქ, თავისუფალი ადგილია, შეგიძლია დაჯდე და მშვიდად ნახო. - მითხრა და სამზარეულოში შებრუნდა. ერთხანს გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. შემდეგ ოთახს მოვავლე თვალი. ნაცნობი სახეები შევნიშნე, ისინი, ვისაც ყოველთვის ვხედავდი. წერილი არ წავიკითხე. ეს კი ალბათ საჩუქარი იყო, არც ის ვნახე და ორივე ჩანთაში ჩავიდე. გამეღიმა იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლებოდა ის ახლა აქ იყო და ჩემს რეაქციას აკვირდებოდა. ჩანთა შევისწორე და ჩქარი ნაბიჯით გავედი კაფედან. მინდოდა მისი საჩუქარი წყნარ და მყუდრო ადგილას მენახა. სახლში რომ შევედი თორნიკე და მარი დავინახე. ჩემი მეგობარი პუფში იჯდა, ცემი ძამიკო კი დივანზე, მას მარის თითები დაეჭირა და ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ. დამინახა თუ არა, თორნიკე წამოდგა და გამიღიმა. ალბათ საუბარი შევაწყვეტინე. - მოხვედი ლელა? - მკითხა მან. - ხო, რა იყო სიძე კაცო, არ მელოდი? - ჩანთა მოვიხსენი და დივანზე ჩამოვჯექი. თოკე ჩემსკენ წამოვიდა. - აბა, აბა! - ზედაც არ შევხედე. - ხომ არ დაგავიწყდა დღეს რა დღეა? - ვთქვი და ჩემს ფრჩხილებს დავხედე. მარის გაეცინა და პუფიდან წამოდგა. - რა ქენი? მოაგვარე საქმე? - მკითხა. - კიი, ყველაფერი არაჩვეულებრივადაა. - მისი საჩუქარი გამახსენდა. - მე მგონი საუბარში ხელი შეგიშალეთ... ჩემთან ავალ. ვიცი რომ უჩემოდ არ მოიწყენთ. - და სანამ რამეს მეტყოდნენ, მე უკვე მაღლა ვიყავი. კარი გადავკეტე, საწოლზე ჩამოვჯექი და ჩანთიდან კოლოფი ამოვიღე.მაგრამ სანამ გავხსნიდი, ზედ მიკრული ყვითელი ფურცელი მოვაცალე და ნაწერს გადავხედე: " გილოცავ, დღეს ხომ შენი დღეა. იმედი მაქვს ეს პატარა საჩუქარი მოგეწონება და გამიხარდება, თუ ატარებ." - ეწერა იქ. წერილი კიდევ ერთხელ გადავიკითხე და მხოლოდ შემდეგ დავხედე შავ ხავერდის კოლოფს. ოქროსფერი ბანტი გავხსენი, როთის იყო შეკრული და თავი ავხადე. კოლოფში ოდნავ მსხვილი ჯაჭვის ოქროსფერი სამაჯური იყო გაშლილი, რომელსაც შუაში ორი ნიღაბი ეკიდა. ერთი პატარა და სულ შავი იყო, მეორე ცოტა დიდი, ისიც შავი იყო, მხოლოდ მარცხენა თვალის ირგვლივ ოქროსფრად ელავდა. სამაჯური ამოვიღე და ახლოდან დავაკვირდი. ძალიან ლამაზი და ძვირფასი იყო.ამ ნიღბებმა მასკარადის საღამო გამახსენეს. ასეთი ნიღბები ხომ ჩვენს სახეებს მალავდა. ეს სამაჯური ჩვენი პირველი, დაუვიწყარი და იდუმალი შეხვედრის სიმბოლო იქნებოდა და რა თქმა უნდა ხელიდან არასოდეს მოვიცილებდი. ხელზე შევიბი, სარკესთან დავდექი და ხელი გულზე დავიდე. ძალიან ლამაზი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი. ამ სამაჯურს ხომ ისიც შეეხო, მას ეკავა ხელში და მისი გემოვნებით იყო შერჩეული. კარზე კაკუნი გავიგე, მარი იყო. გავუღე და შემოვიდა. - რას ჩაკეტილხარ? - გაიცინა მან და საწოლზე ჩამოჯდა, მეც გვერდით მივუჯექი. - შეხედე. - ვუთხარი და ხელი მისკენ გავწიე. - ლელ, რა ლამაზია. - გაოცებულმა ხელი ჩამავლო და თითი გადაუსვა ნიღბებს. - ვინ... არ მითხრა რომ მან... - ხო, წერილთან ერთად დამიტოვა. - გამეღიმა. - ლელ ძალიან ორიგინალურია. მაოცებს მე ეგ ბიჭი. - კმაყოფილმა თავი დაიქნია. - წერილი? - ისეთი არაფერი, უბრალოდ მომილოცა. - კარგი, მიდი მოემზადე და წავიდეთ. ხომ იცი ხუთზე იქ უნდა ვიყოთ. - მითხრა მან და გავიდა. როგორ არ მინდოდა იქ წასვა. მერჩივნა ოთახში ვყოფილიყავი ჩემს საჩუქართან ერთად და არაფერი მეკეთებინა. მალე დაბლა ჩავედი. როგორც ვფიქრობდი, თორნიკეს არ გამოჰპარვია ჩემს ხელზე ახალი ნივთი. - ოჰო, - კოპებშეკრულმა გამომხედა. - ეგ ვინ გაჩუქა? - თვალით მანიშნა სამაჯურზე. - არავინ. - ვუთხარი მე. - აბა მაგის ფული ვინ მოგცა, ბანკი გატეხე? - გაიკვირვა. - რა ფული რა ბანკი, ჩემით ვიყიდე. - არაფრად ჩავთვალე მისი ნათქვამი და პუფში ჩავჯექი. - შენ რა, მაბოლებ? - მოვიდა, ხელი დამიჭირა და სამაჯურს დააკვირდა. - ეს ოქროა და მითხარი ვინ მოიქცა. - ოქრო არა ბრილიანტი. - არ ვაგრძნობინე, რომ სრულიად მართალი იყო და ხელი ავიქნიე. - ჩინურ მაღაზიაში ვიყიდე სამ ლარად. მარის ჩუმი ფხუკუნის ხმა მომესმა. - ლელა! - არ მენდო ჩემი ძმა. - თოკე დღეს ჩემი დღეა. - შევახსენე და მგონი გაჭრა. - კარგი, კარგი. - თქვა და თავი გაიქნია. შემეშვა, მაგრამ ვიცი ეჭვი მაინც გულს უღრღნიდა. ძალიან მხიარული საღამო მქონდა. ჩემი ოცდამეერთე დაბადების დღე არაჩვეულებრივად ავღნიშნე მეგობრებთან და ჯგუფელებთან ერთად. ბევრი ვიცეკვე, ვიმღერე და დავლიე. სახლში ძალიან გვიან არ დავბრუნებულვარ. პირველი ხდებოდა ჩემი საწოლიდან რომ გავხედე საათს. დაქანცული ვიწექი და გრილ საწოლს გახურებული სხეულით ვათბობდი. მუხლები მიბჟუოდა ბევრი ცეკვისგან. ვგრძნობდი როგორ მიმძიმდებოდა ქუთუთოები და გადაღლილს ალბათ მალევე ჩამეძინა. პარასკევს ლექციები რომ გამოვიდა, ნათიამ მე , თეო და მარი აუდიტორიაში დაგვტოვა. მალე მოვალ აქ დამელოდეთო და სადღაც გაქრა. რამდენიმე წუთში დაბრუნდა და ლურჯი თვალები ეშმაკურად ჩაგვიჟუჟუნა. - აბა, რა ხდება? - ჰკითხა მას თეონამ. - რა და... - დაიწყო. - ესე იგი გოგოები, ახლა თვითმმართველობიდან მოვდივარ, ბოლო დეტალები დავაზუსტე. ხო, თვითმმართველობა ორი დღით მიდის ბორჯომში, მაგრამ თავისთვის, არ ახმაურებს. ხო-და მე, როგორ მისი ერთ-ერთი წვრს უფლება მაქვს ორი კაცი წავიყვანო, მაგრამ სამზეც არ იქნება პრობლემა. აბა რას იტყვით? - მოგვაჩერდა პასუხის მოლოდინში. - მაგარია! - წამოიძახა თეომ და ტაში შემოჰკრა. - თქვენ? - შემოგვხედა მე და მარის ნათიამ. - არ ვიცი... - ყოყმანით თქვა მარიმ. - ჩემი ძმის ნებართვა სჭირდება. - გამეცინა მე. - ლელა! - კოპები შემიკრა ჩემმა მეგობარმა. - დარწმუნებული ვარ უარს არ გეტყვის, თუ თვითონაც წამოვა. - ჩავიფხუკუნე. - მოვაგვარებ მე მაგ საქმეს, ოღონდ თქვენ უარი არ თქვათ. - გვითხრა ნათიამ. - როდის მიდიხართ? - ვიკითხე. - იქით შაბათ-კვირას. - კიი, წამოვალ რატომაც არა?! თან თუ თოკეც წამოვა პრობლემა არ იქნება. ახლა კი, - გამეღიმა. - უნდა წავიდე, კაფეში მეჩქარება. - გოგონებს გამოვემშვიდობე და მეორე კორპუსის კაფისკენ დაღმართს დავუყევი.კაფეში სასიამოვნოდ გრილოდა. ქეთიმ მითხრა ცოტა ხნით დამელოდეო და მეც ცარიელი მაგიდისკენ გავემართე. ჩანთა მოვიხსენი, ჩამოვჯექი და ოთახი მოვათვალიერე და დავინახე ის ყურსასმენებიანი ბიჭი, რომელიც უკვე დიდი ხანი იყო არ მენახა, მაგრამ ახლა ყურსასმენები აღარ ეკეთა და ლამაზ შავგვრემან გოგონასთან ერთად ხელგადახვეული ბუფეტისკენ მიდიოდა. მის სახეზე პირველად ვხედავდი გაბრწყინებულ თვალებს და მომღიმარ ბაგეებს. ქეთიმ ჩემთან მოირბინა და სანამ ფურცელს მომცემდა შემომხედა და გამიღიმა. - ლელა, შეიძლება რაღაც გთხოვო? - კი, როგორ არა. - ვუთხარი და მისი სახის გამომეტყველებაზე გამეცინა. - შეგიძლია მაჩვენო რა გაჩუქა? მითხრა თან ექნებაო. - კი, რა თქმა უნდა. - ვუთხარი და ხელი წინ გავიწვდინე. ქეთი ზურგში მოიხარა და სამაჯურს დააკვირდა. - ვაიიი, რა ლამაზიაა, - თქვა მან. - ახლა მივხვდი რატომ არ უნდოდა, შენამდე ვინმეს ენახა. გამეცინა. - კაი ლელ, აი ეს შენი წერილი, მე გავიქეცი. წერილი ავიღე და ლამაზ კალიგრაფიას თვალი გადავავლე: " დღითიდღე მიჩნდება სურვილი მოვრჩე ამ ყველაფერს. ალბათ მალე მნახავ, მით უმეტეს რომ ვიცი, შენც დაიღალე." მალე, მალე, მალე. როდის დადგებოდა ეს მალე?! ცოტაც და ალბათ ერთ დღეს მოთმინებადაკარგული კაფეში ვიყვირებდი გამოჩენილიყო. შაბათ-კვირა მისი ნახვის საშინელმა სურვილმა შემიპყრო.მთლიანად ამ აზრზე ვიყავი მიჯაჭვული, სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ყურადღებას არავის ვაქცევდი და არც არავინ მატანდა ძალას. სახლში ჩემი გარეგნობის მოჩვენება დაძრწოდა. ორშაბათს თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. ქუჩაში, ტრანსპორტში, თუ სასწავლებლის დერეფნებში. ვიცოდი, რომ მას ვერანაირად ვიცნობდი, მაგრამ ამით გულს ვიოხებდი. სამშაბათს მარიმ მეჩხუბა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ნარკომანს გავხარ, რომელიც ყველგან კოკაინს ეძებსო. მე რა შუაში ვიყავი? ჩემი ავადმყოფობის მიზეზი ის იყო. რაც უფრო მეტს ვცდილობდი, ამ მდგომარეობიდან თავი დამეღწია, მით უფრო მეტად ვიფლობოდი. არა, რომ არ მენახა ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი, მაგრამ როგორ? როგორ შეიძლებოდა მასთან დაკავშირება? ხო, იმ მეილზე მივწერდი ადრე რომ თვითონ მომწერა, მაგრამ ნახავდა კი იქ ჩემს გზავნილს? უცბად ქეთი გამახსენდა. რა თქმა უნდა, მე შემეძლო წერილი დამეწერა და ქეთისთვის გამეტანებინა მასთან, ეს არაჩვეულებრივი აზრი იყო. ოთხშაბათს ლექციების დასრულებისთანავე, ისე რომ მარისთვისაც არაფერი მითქვამს, კაფეში შევედი და ქეთის თავზე დავდექი. - სალამი ლელ, რა მოხდა? - ალბათ შემატყო სახეზე არანორმალურს რომ ვგავდი. - რაღაც უნდა გთხოვო და გეხვეწები უარს ნუ მეტყვი, კარგი? - მუდარით შევხედე. - ასეთი რა არის, რო? - გაკვირვებული მიყურებდა და ცოტა თავის მოთოკვა ვცადე. - შეგიძლია, რომ მას ჩემი წერილი გადასცე? - ლელა... - ყოყმანი დაეტყო სახეზე. - არ ვიცი, მე არ ვიცი შენ... მივხვდი რაც იფიქრა და დავამშვიდე. - ნუ გეშინია, შენს თვალთვალს არ ვაპირებ. ამას არ ვიკადრებ, შენც პატივს გცემ, მასაც და ჩემს თავსაც. - მაშ კარგი. მომეცი. - ახლავე დავწერ, ახლავე. - ვთქვი გახარებულმა, მაგიდასთან დავჯექი, ჩანთიდან ფურცელი და კალამი ამოვიღე და წერას შევუდექი: " ბატონო ინკოგნიტო, ალბათ დროა მორჩეთ თქვენს დაუსრულებელ თამაშს და იფიქროთ იმაზე, თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე. იმედია იკადრებთ და ახლო მომავალში ჩემს ნახვას მოისურვებთ, მანამ სანამ მე თვითონ მაქვს ამის სურვილი." ყოველი ჩემი ტკბილი სიტყვა, მისი ნახვის სურვილი თუ გამუდმებით მასზე ფიქრი ასეთი უხეში სიტყვებით გადმოვეცი. წერილი გადავიკითხე და არაფერი შემიცვლია. ქეთის გადავეცი და დავემშვიდობე. ამაზე პასუხს კი ალბათ ზეგ, პარასკევს მივიღებდი. ხუთშაბათი გაიწელა, თუმცა , რადგან წერილი მას უკვე წაკითხული ექნებოდა, მე მშვიდად ვიყავი. პარასკევს კი სამი ლექცია გამოვიდა თუ არა მე და მარი კაფეში ჩავედით, ყავა შევუკვეთეთ და მაგიდასთან დავსხედით. - დღეს უკვე მერამდენე წერილს იღებ? - მკითხა მარიმ. - მეთერთმეტეს. - გამეღიმა მე. - წარმოიდგინე, უკვე სამი თვეა ვიღაც უცნობთან გაქვს ძალიან უცნაური ურთიერთობა. - ამას ნაკლებად ჰქვია ურთიერთობა მარ. - სხვას ვერაფერს დავარქმევ. აბა მიმოწერა? - ცალმხრივი. - გამეცინა. - ხო, მართალი ხარ. - მასაც გაეცინა. - ძალიან უჩვეულოა არა? ოდესმე იფიქრებდი, რომ შენს მოხიბვლას ვიღაც ასეთი ორიგინალური ხერხით დააპირებდა? - არა, ვერ წარმოვიდგენდი და ხანდახან მგონია, რომ ჩემს მოთმინებას ამოწმებს. მე კი ნერვები აღარ დამრჩა. - მესმის შენი, მაგრამ შენს ადგილას ყოფნას ნამდვილად არ ვინატრებდი. - მადლობა გამხნევებისთვის. - დავეჯღანე მას. და აი ჩემი მიმტანიც გამოჩნდა ორი ფინჯანი ყავით ხელში.წერილი გადმომცა, მომიკითხა და წავიდა. ფურცელი ავიღე და თვალი გადავავლე: " ყველაფერი გასაგებია, იმაზე მალე შევხვდებით ვიდრე შენ გგონია." გამეცინა, მაგრამ ეს ჩემი რეაქცია იყო. გაკვირვებულმა შემომხედა მარიმ, რომელსაც წერილი წაეკითხა და მკითხა: - რა არის გასაგები, რაზე ამბობს? დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი საშინელი რისხვა დამატყდებოდა თავს, მაინც თქმა ვარჩიე. - წერილი გავატანე ქეთის მასთან. - ვუთხარი და რეაქციის მოლოდინში გავინაბე. - რა წერილი? - დაიბნა მარი. - ისეთი არაფერი, მივწერე მალე მორჩი ამ უაზრობას შენი ნახვა მინდა მეთქი. - შენ გაგიჟდი?! - მომახალა გაბრაზებულმა. - ლელ, ეს რატომ გააკეთე? - კარგი, გთხოვ, ნუ გამიბრაზდები. არც ისეთი რკინის ნერვები მაქვს, როგორც შენ გგონია. - ეს არაფერ შუაშია. აუცილებელი არ იყო მისთვის გეთქვა რომ ნახვა გინდა. ცოტა თავის დაფასება არ გაწყენდა. - დავიღალე ამდენი ლოდინით. ცოტა ხნის წინ მითხარი შენი მესმისო. - ხო, მაგრამ ეს მაინც არ უნდა გაგეკეთებინა. დღეს იქნება თუ ხვალ გამოჩნდება. - ხო მაგრამ მე მაინც არ ვნანობ. - ლელ, რამე ხდება და მე არ ვიცი? - დაეჭვდა მარი. - რა უნდა ხდებოდეს, არაფერი. - იმედია არაფერს მიმალავ. ძალიან მინდოდა ყველაფერი მეთქვა მისთვის, მაგრამ ენა ამის საშუალებას არ მაძლევდა - არაფერს გიმალავ მარ და ძალიან გთხოვ არ გამებუტო თორემ, გეფიცები დეპრესია დამეწყება. - გავბრაზდი, მაგრამ გაბუტვას მართლა არ აქვს აზრი. ჯიუტი ხარ და მაინც ვერაფერს შეგაგნებინებს ადამიანი. - გაეღიმა. - ასე ჯობია. - მეც გავიღიმე რომ სიტუაცია განმუხტულიყო. ნეტავ თავს გამოიაშკარავებდა, თუ ისევ ინკოგნიტოდ მეჩვენებოდა? ყველაზე საინტერესო ის იყო, სად აპირებდა შეხვედრას, თუ ისევ უცნობის სტატუსის შენარჩუნებას აპირებდა. ძალიან რთული იქნებოდა ასეთი ადგილის შერჩევა. აბა ისევ ნიღბით ხომ არ მოვიდოდა? ყოველ შემთხვევაში ეს მისი პრობლემა იყო. მთელი კვირა შეუძლოდ ვგრძნობდი თავს და ცეკვის მასწავლებელი გავაფრთხილე რომ არ ვიქნებოდი. პარასკევს ლექციებზე არ ვყოფილვარ, მხოლოდ მისი წერილის გამო მივედი კაფეში. ოთახში არ იყო ბევრი ხალხი, რამდენიმე მაგიდა თავისუფალიც კი იყო. ქეთის ვთხოვე რაც შეიძლებოდა მაგარი ყავა გაეკეთებინა ჩემთვის, რადგან ცოტა არ იყოს თავი მტკიოდა. ოთახის კუთხეში მდგარ მაგიდასთან ჩამოვჯექი და იქ მყოფ ახალგაზრდებს მოვავლე თვალი. კართან ახლოს ორი გოგონა იჯდა და ლაპარაკობდა. მათ გვერდით კი ის ნაცნობი სამი ძმაკაცი იყო. ერთი ხუჭუჭთმიანი როგორც ყოველთვის ლაზღანდარობდა და დანარჩენ ორს აცინებდა. მათ შემხედვარეს მეც მომინდა ოხუნჯობა და გოგას მივწერე, სანამ ცეკვა დაეწყებოდა კაფეში შემოსულიყო. უარი არ უთქვამს. ქეთისაც გამოჩნდა ჩემი ყავით ხელში, ფინჯანი დადო და წინ ჩამომიჯდა - ქეთი, არ შეგიძლია სულ ცოტა რამ მითხრა მასზე? - მორიდებით ვკითხე. - მაინც რა გინდა, რომ გაიგო? რა ვიცი რამე მითხარი. ვიცი, რომ მის ვინაობას მაინც არ გამიმჟღავნებ. სენ საიდან იცნობ მას? - ამასაც საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ გეტყვი იმას, რომ ძალიან კარგი ადამიანია. ხანდახან ძალიან სერიოზული, ხან კი იუმორით სავსე. უმეტეს წილად კი ნეიტრალურია მათ შორის. საინტერესო და ნიჭიერი ადამიანია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი... ჩემი მეგობარია. - ჩაიცინა. - მინდა გითხრა, რომ სერიოზულად შეყვარებული არასოდეს ყოფილა. გატაცებებიც იშვიათად ჰქონია. ეს პირველი შემთხვევაა, რომ გოგომ დააინტერესა. თუმცა ტაყვანისმცემლებს არ უჩივის. საბრალო გოგოებს აწვალებს და მასზე შეყვარებულები, უცბად მისი მტრები ხდებიან. ეს არ გამკვირვებია, გარკვეულ წილად მეც მაწვალებდა. - კიდევ რას მეტყვი? - ვკითხე. - კიდევ... - ქეთი მზად იყო ამგვარი, მისი აზრით წვრილმანი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბები მოეყოლა, მაგრამ ბიწების მაგიდიდან ხმა მოგვესმა. - უკაცრავად გოგონა, თქვენ ერთი წუთით თუ შეიძლება? - ქეთის ეძახდა ის ხუჭუჭთმიანი ბიჭი, ცოტა ხნის წინ რომ მაიმუნობდა. - გიჟები. - გაეცინა მას. - ჩემი ნაცნობები არიან. - აი ეს შენ და მე წავედი. - წერილი დამიდო მაგიდაზე ქეთიმ და მათთან წავიდა. ფურცელი ავიღე მაგრამ დახედვაც კი ვერ მოვასწარი, კაფეში გოგა შემოვიდა. არ მინდოდა წერილით ხელში ვენახე, ამიტომ სასწრაფოდ შევინახე და ჩემს დიდი ხნის უნახავ, მუდამ უდარდელ მეგობარს მაგრად მოვეხვიე და ვაკოცე. - როგორ ხარ ლელ? შენი დაბადების დღის შემდეგ არ მინახიხარ. შენ ჩემი მომაჯადოვებელი ღიმილის ღირსიც კი არ ხარ. საერთოდ გადაიკარგე და ინტერესისთვისაც არ მკითხულობ. - ბოდიშის მოხდას ვიცი აზრი არ აქვს, მაინც არ მაპატიებ.- გავუღიმე და დაჯდომა შევთავაზე. - ყავას სვამ? - მკითხა. - ერთი წუთით მეც შევუკვეთავ და მერე გავაგრძელებ შენს ლანძღვას. - გოგა ბუფეტთან მივიდა, მეორე მიმტანს შეკვეთა მისცა და დავინახე შემობრუნებისას როგორ დაეჯახა მხრით სამი ძმაკაციდან ერთ-ერთი. კოპები შევკარი, არ მომეწონა ეს ამბავი, რადგან აშკარად დავინახე, რომ შემთხვევითი არ იყო. გოგას ამაზე რეაქცია არ ჰქონია, პირიქით ეგონა თავისი ბრალი იყო და ალბათ ბოდიშსაც მოუხდიდა, მაგრამ გავიგე როგორ უხეშად უთხრა იმ შარიანმა: - წინ იყურე, ბიჭო! - და ბუფეტთან მივიდა. გოგამ უკმაყოფილოდ თავი გაიქნია და ჩემთან დაბრუნდა. - შარზეა ეს ხალხი. - მითხრა მან და ჩაიცინა. სანამ ის ცეკვაზე ავიდოდა, მოვასწარით რამდენიმე წუთით საუბარი. გოგას მხიარულმა ტონმა კარგ ხასიათზე დამაყენა. სახლში მისვლისთანავე გავხსენი ჩანთა და წერილი ამოვიღე. უკვე მეთორმეტე იყო და ეს მოწმობდა, რომ უკვე მესამე თვეა ვიღაც უცნობი თავ-გზას მირევდა. მინდოდა თუ არა მასზე ვფიქრობდი. ხანდახან საშინლად მინდებოდა მის გვერდით ყოფნა და ვერ ვხვდებოდი რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს. ამდენი ხნით ლოდინი მკლავდა და სულს მიფორიაქებდა იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, როცა ის გამოჩნდებოდა. წერილს დავხედე და სიტყვები ამოვიკითხე. " სულ ცოტაც. შენს მოთმინების ბოლო წამებს ვითვლი." გავბრაზდი. ჩემი წყობიდან გამოყვანა კარგად ეხერხება. ჩემი მოთმინების ბოლო წამებს ითვლის, თვითონ კი მშვიდად მითვალთვალებს. ნეტავ როდის აპირებდა შეხვედრას, რომ ყველაფერი პირადად მეთქვა?! რა თქმა უნდა ამ შაბათ-კვირას ვერ მოვახერხებდი რადგან ბორჯომში ვიქნებოდი, მაგრამ თუ დღეს გამოჩნდებოდა და შეხვედრას მთხოვდა, არც დარჩენაზე ვიტყოდი უარს. ისე დაღამდა მისგან არაფერი მსმენია, აქედან გამომდინარე, მომდევნო ორი დღეც უნაყოფოდ ჩაივლიდა. ვიბანავე, პატარა ზურგჩანთაში ხვალისთვის საჭირო ნივთები და ცოტა ტანსაცმელი ჩავალაგე და რადგან ჯერ ადრე იყო ფილმს ვუყურე. ფილი იმდენად დაძაბული და ექსტრემალური იყო, რომ ჩემში ადრენალინი დაგროვდა და შევწუხდი, ამ მოზღვავებულ ენერგიას რომ ვერ გამოვყოფდი. ეს ადრენალინი ბორჯომ-პარკის 'ამერიკული მთებისთვის" შემოვინახე და დასაძინებლად მოვემზადე.დილის შვიდის ნახევარზე დელისის მეტროსთან მდგარ ავტობუსთან ვიცდიდით მე და ჩემი ძამიკო. ჩვენგან მოშორებით კი თვითმმართველობის ხალხი ირეოდა. მათ შორის ის ხუჭუჭთმიანი და მისი შარიანი ძმაკაციც შევამჩნიე, გუშინ გოგას რომ "შემთხვევით" დაეჯახა. იქ თავმოყრილი ახალგაზრდებიდან ნათია გამოძვრა და ჩვენთან მოირბინა. - აბა, როგორ განწყობაზე ხართ? - შემოგვხედა თვალების ციმციმით მე და თორნიკეს. - გადასარევ ხასიათზე ვარ. - გამეღიმა. - მარის ველოდებით. როდის გავალთ? - ზუსტად არ ვიცი. წესით შვიდ საათამდე უნდა მოვგროვდეთ. თეო უკვე გზაშია, ნახევარზე მეტნი აქ ვართ. თორნიკე მობილურით ხელში გვერდით გავიდა, ალბათ მარის ურეკავდა. ამით ვისარგებლე და ჩემს ძამიკოს ახალი ეჭვები რომ არ გასჩენოდა, სანამ ის მობილურზე ლაპარაკობდა, ნათიას ვკითხე. - ნათ, აი ის, ხუჭუჭთმიანი, მწვანე სპორტული რომ აცვია, იცი ვინ არის? - სანდრო? მეორე კორპუსის თვითმმართველობაშია. რატო მეკითხები? - ცნობისმოყვარედ შემომხედა. - და ის მეორე შავი მაისური რომ აცვია? - შენ წარმოიდგინე ჯერ არ ვიცი. სანდროს მეგობარია, თუ არ ვცდები. რატომ მეკითხები ლელა? - გამიმეორა ნათიამ. - ისე, უბრალოდ. - მხრები ავიჩეჩე მაგრამ ვიცოდი, რომ ჩამაცივდებოდა. - რას მასულელებ ახლა, პატარა ბავშვი ხომ არ გგონივარ? - მგონიხარ კი არა - ხარ. - გამეცინა. - უბრალოდ მაინტერესებდა. მიზეზი არ მაქვს. - რომელიმე მოგწონს? - ჩამჟუჟუნა ლურჯი თვალები. - ნათ, გეყოფა ახლა! - კოპები შევუკარი. - ხო, კარგი კარგი. წავედი მე ისევ იქით. - ტუჩები აიბზუა და წავიდა. - ახლადახმაურებულ ქუჩას მოვავლე თვალი და ჩემს წინ მდგარ ლურჯ ავტობუსს შევხედე. ლამაზად იყო მოხატული და შავად, ოდნავ ჩაბურული შუშებიდან ლურჯი სავარძლები და იქ ასული ახალგაზრდები მოჩანდნენ. ავტობუსს ზემოთ ავხედე და დავინახე, რომ სახურავზე პატარა საბარგული დაემაგრებინათ ზედ კი შავი მოტო მიებათ. როგორც დავინახე ძალიან ლამაზი იყო. მარი და თეოც მოვიდნენ. რამდენიმე წუთში კი ყველა ადგილზე იყო. რვის ნახევარი ხდებოდა ბორჯომის გზას რომ დავადექით. ტრანსპორტი ძალიან კომფორტული იყო და სავარძელში თავს კარგად ვგრძნობდი. წინა მხარეს ბიჭები ლუდს სვამდნენ და კარტს თამაშობდნენ. უკან კი გოგოები მღეროდნენ. საკმაო ხმაური იყო იმისთვის, რომ დავღლილიყავი. ყურსასმენები მოვირგე და ფანჯარას თავი მივადე. დიდხანს ვიყავი ასე. მის წერილებზე ვფიქრობდი. იმ თორმეტ წერილზე, რომლებიც ჩემს ოთახში მარტონი იყვნენ. იმედი მქონდა იმის, რომ ეს ორი დღე მალე ჩაივლიდა, თან ისე, რომ მისი გახსენების საშუალება არ მექნებოდა. ვიგრძენი, რომ გულის ცემამ მიმატა. არ ვიცოდი ეს რისი ბრალი იყო. იმის, რომ ამდენი ხნის შემდეგ უცხო ქალაქში მივდიოდი, იმის, რომ მოლოდინი მაწუხებდა, თუ იმის, რომ უცნობის არსებობას ჯერ ვერ შევგუებოდი? არა ეს უფრო მისი ნახვის სურვილით იყო გამოწვეული. ღრმად ჩავისუნთქე და თვალების დახუჭვას ვაპირებდი, რომ ჩემს გვერდით სავარძელზე თორნიკე ჩამოჯდა. გადავხედე და გავუღიმე. რაღაც მითხრა მაგრამ ვერ გავიგე, ყურსასმენები მოვიძრე და ვკითხე: - რა მითხარი? - რა გჭირს მეთქი. - გამიმეორა მან. - არაფერი. - ვუთხარი და გვერდით გავიხედე. - რა არაფერი, თავ-პირი ჩამოგტირის. - მითხრა მან და უფრო ახლოს მოიწია. - ხმაურმა დამღალა თოკ, მეტი არაფერი. - შეიძლება, მაგრამ მაინც არ მგონია, ეს ნამდვილი მიზეზი იყოს. - თოკე, კარგი რაა. - მის ჩაციებაზე გამეცინა. - რატომ არაფერს მეუბნები? - რასთან დაკავშირებით? - არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა მან. - რომ მეტყვი გავიგებ. თუმცა რაღაც ეჭვები მაქვს. - რა ეჭვები? - ისევ გამეცინა. - რა და, იმ შენმა ცეკვის ჯგუფელმა... - თოკე, - გავაჩერე. - ეგ ცეკვის ჯგუფელი თავიდან ამოიგდე. ნუ ამოიჩემე ასე უაზროდ. - კარგი, - დამიქნია თავი. - შევეშვათ ამ ცეკვის ჯგუფელს. დარწმუნებული ვარ ვიღაცაზე ფიქრობ. - ნუ დაიწყებ ახლა. - ხელი მხარზე ვკარი და ყურსასმენების გაკეთება დავაპირე მაგრამ, ჩემმა ძმამ წამართვა. - და უფრო მეტიც, მგონი შეყვარებული ხარ. - მითხრა და თვალი ჩამიკრა. - რა თქვი? - ყველანაირად ვეცადე გაოცება გამომხატვოდა სახეზე, რადგან მისმა ნათქვამმა კი არ გამაოცა, ამაღელვა და ამაფორიაქა. თორნიკეს ხმამაღლა გაეცინა. - რა გაცინებს? - კოპებშეკრულმა ვკითხე. - ძალიან ხელოვნური გაკვირვება იყო და ის მაცინებს. - უკვე თავი მომაბეზრე, სისულელეებს ლაპარაკობ თორნიკე. - არ მგონია, - წამოგდა ის და სავარძლის სახელურს დაეყრდნო. - მაგრამ მაინც გირჩევ დაიკო, არჩევანში არ შეცდე. შენი ღიმილის ღირსი ბევრი არაა. - გამიღიმა, ცხვირზე თითი დამადო და ავტობუსის წინა მხარეს ბიჭებთან წავიდა. ესღა მაკლდა. ჩემს თავაში დაეჭვებული და ჩაფიქრებული დამტოვა ჩემმა ეჭვიანმა ძამიკომ. არ მინდოდა ამაზე ფიქრი. მობილური ჩანთაში დავტოვე და გოგოებთან გადავედი უკანა მხარეს, რომ გული გადამეყოლებინა. როცა ბორჯომში შევედით, ახალგაზრდები ჩაჩუმდნენ და ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა. თვითმმართველობას პარკისკენ მიმავალ გზაზე, სანაპიროს მარჯვენა მხარეს სასტუმროში დაეჯავშნა ადგილები. ივნისის პირველი რიცხვები იყო და კურორტს ჯერ არ ჰყავდა ბევრი დამსვენებელი. მე მარი, თეონა და ნათია ერთ ოთახში მოვთავსდით. თორნიკე არ ვიცი ვისთან ერთად იყო, როგორც მოგვიანებით გავიგე, რამდენიმე ბიჭი გაუცნია და მათთან ერთად დაბინავებულა. ცოტა ხანში იქვე ახლოს ვისადილეთ და შემდეგ ყველა დაიშალა. თორნიკე იმ ბიჭებთან ერთად წავიდა. გოგოებმა კი ვამჯობინეთ დაღამებამდე სასტუმროში დავრჩენილიყავით, მის წინ მორაკრაკე მდინარე ბორჯომულას ხმაურისთვის გვესმინა და სუფთა ჰაერით დავმტკბარიყავით. გარეთ ცხელოდა, მაგრამ მდინარის პირას ამას ვერ ვგრძნობდი. გრილი ნიავი გაშლილ თმას მიფრიალებდა და სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა, გრძნობა, რომელსაც მასკარადის საღამოს განვიცდიდი. არაფერზე ვფიქრობდი. სულის სიმშვიდეს ვგრძნობდი. გოგონები იქვე ისხდნენ და საუბრობდნენ, ღრმად შევისუნთქე სუფთა ჰაერი და მათკენ შევბრუნდი. - ბავშვებო, დღეს საღამოს რა გეგმები გვაქვს? - ვიკითხე. - არანაირი, - თქვა ნათიამ. - "უფროსობას" რაიმე კონკრეტული არ დაუგეგმავს. - მაშინ ჩვენ წავიდეთ სადმე. - თქვა თეომ. - აქ, ზემოთ პარკში ღია ბარია, თუ გინდა იქ ავიდეთ. - შემოგვთავაზა ნათიამ. - მარტო ჩვენ? - იკითხა მარიმ. ჩამეცინა, ალბათ უნდოდა, რომ თორნიკეც წამოსულიყო. - ხო, აბა? ზედამხედველები არ გვჭირდება. - შევხედე და ენა გამოვუყე. ალბათ მიმიხვდა, ტუჩები აბუსხა და გაჩუმდა. - მოკლედ, გადავწყვიტეთ? - წამოდგა ნათია. - ხო, ამ საღამოს იმ ბარში ავიდეთ. - ვთქვი მე. - მაშ წავალ და მზადებას დავიწყებ. - ნათ, ჯერ ექვსი საათია. - გაიცინა თეომ. - კარგი რა! თითქოს არ მიცნობდე. - თმა შეისწორა მან და სასტუმროსკენ გაემართა. გადავწყვიტეთ დღეს მხოლოდ ბარს დავჯერებოდით და ხვალ დღისით დაგვეთვალიერებინა ბორჯომი, რა თქმა უნდა რასაც მოვასწრებდით. ცხრა საათი ხდებოდა სასტუმროდან რომ გამოვედით და პარკისკენ გზას ფეხით ავუყევით. ქუჩაში ახალგაზრდები მომრავლებულიყვნენ, ალბათ დღის სიცხეს ემალებოდნენ და ღამის სიგრილეს ელოდნენ გასართობად. პარკში საკმაოდ ბევრი ხალხი ტრიალებდა. აქა-იქ ლამპიონები ენთო და ნახევრადგანათებულ სკვერებს კარგად ვერც ვარჩევდით. ნაცნობი რომ შეგვხვედროდა ვერ ვიცნობდით. ბარიდან, რომელიც შემაღლებულ ადგილას გაემართათ დინამიკების ბასების ხმა ისმოდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით, მუსიკა ურო იკვეთებოდა. კიბეს ავუყევით და ბარში ავედით. საკმაოდ მოზრდილ ადგილას ათიოდე პეფსის ქოლგიანი მაგიდა იდგა, წინ ბარი იყო მოთავსებული, გვერდით ოდნავ შემაღლებულზე კი დიჯეის გაემართა თავისი კარაოკე. გოგოებმა ლუდი და ჩიფსები შეუკვეთეს, მე კი ცივ ყავას დავჯერდი. - მომწონს ეს ადგილი. - თქვა თეომ. - კარგად ვგრძნობ თავს. - მეც, მიუხედავად იმისა, რომ ხმაურია. - დაეთანხმა მარი. - არა, რაღაც მაინც აკლია. - მოათვალიერა ბარი ნათიამ. - მე ვიცი რაც, უფრო სწორედ ვინც. - ვუთხარი. - ვინ? - წარბები აზიდა მან. იცოდა რასაც ვიტყოდი. - ვინ და გიორგი. - ლელა, შემეშვი, ნუ მახსენებ. - რატომ? სინანულის გრძნობა გიჩნდება? - გადავწყვიტე გამებრაზებინა. - მე არაფერ შუაში ვარ. - თქვა და ჩიფსი ჩაახრამუნა. - რა თქმა უნდა, გიომ იცის უაზრო ეჭვიანობა და უმიზეზოდ ჩხუბი. - მე ასეთი არ ვარ! - წამოიწია სკამის საზურგეს მიყრდნობილი ნათია. ეს უკვე ჩემი ჩანაფიქრის შედეგი იყო. ამის თქმა იყო და ყველამ თავისი აზრი გამოთქვა ნათიას ხასიათზე. მე კი ვიჯექი და მომკილი შედეგით ვტკბებოდი. მისი გაბრაზება ერთ-ერთი გასართობი საშუალება იყო ჩვენთვის, რა თქმა უნდა ამას ცუდი განზრახვით არ ვაკეთებდით. მისი საყვარელი ბუზღუნი და გაბუტვა მოგვწონდა. მიუხედავად ამისა, მისი შემორიგება ძალიან იოლი იყო. უკვე მისი დაწყნარება დავიწყეთ რადგან ცოტა არ იყოს და შორს მოგვივიდა შეტოპვა, მალე ნიანგის ცრემლებს გადმოაფრქვევდა, რომ ჩემმა მობილურის ზარმა შემაფერხა. ეკრანს დავხედე, უცხო ნომერი იყო. ცალ ყურზე თითი მივიჭირე რადგან მუსიკის ხმა ხელს მიშლიდა და ვუპასუხე: - გისმენთ. - საღამომშვიდობის ლელა. - მომესმა მობილურიდან ნაცნობი ხმა. დავიბენი. მივხვდი ის იყო, მაგრამ მაინც ვკითხე. - ვინ ხარ? - ის, ვისი ნახვაც ასე ძალიან გინდოდა. - თქვა მან. გული ამიჩქარდა. - ვინაა? - მომაშტერდნენ გოგოები. არ ვიცოდი რა მეთქვა, ვერაფერი მოვიფიქრე. და რადგან მათი კითხვა უპასუხოდ დავტოვე, ყველა მიხვდა ვინც მირეკავდა და ცნობისმოყვარე თვალებით დამიწყეს ცქერა. არა, ასე ლაპარაკს ვერ შევძლებდი. გოგოებს ხელით ვანიშნე ერთი წუთით გავალ მეთქი და მათგან ოდნავ მოშორებით, ბარის მოაჯირთან მივედი. - ჩუმად რატომ ხარ? - მკითხა მან. - შენს ზარს არ ველოდი. - ვუთხარი. - დარწმუნებული ვარ არც ჩემს ნახვას ელი ახლა. - არა რა თქმა უნდა, თბილისში არ ვარ. - არც მე ვარ თბილისში. - ხმის ტემბრზე შევატყვე, რომ გაეღიმა. - ვერ ვხვდები ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს. - სულ ავირიე. - ახლა რომ გითხრა შემხვდი მეთქი, მოხვალ? - კი, მაგრამ, როგორ? - გამიკვირდა და დავიბენი. - მოხვალ? - გამიმეორა. - კი. - ვუპასუხე ავტომატურად. - მაშინ შენს მეგობრებს ცოტა ხნით დაემშვიდობე, რომ არ ინერვიულონ. - მითხრა მან. გავოგნდი. ნუთუ ის აქ იყო? მობილური ჩამოვწიე და გოგოებს მივუბრუნდი. - გოგოებო, ცოტა ხნით უნდა წავიდე. - კი, მაგრამ სად? - გაკვირვებული წამოდგა მარი. -ის აქ არის და... ყველა ერთად მომაშტერდა. - ახლა ნურაფერს მკითხავთ, მალე მოვალ. - ვუთხარი მათ და ისევ მობილურს მივუბრუნდი. - გისმენ. - კარგი. ახლა კიბეზე ჩამოდი. - ეს სრული მოულოდნელობა იყო. ის მე მხედავდა და იმაზე ახლოს იყო ვიდრე მეგონა. მექანიკურად გადავდგი ნაბიჯები და კიბეზე დავეშვი. - ახლა მარჯვნივ გამოყევი ბილიკს. - მივყევი. - პატარა ვერანდას ხედავ? - მკითხა. - კი. - ვუპასუხე. - ხო-და აქ ვარ. - მითხრა და მობილური გათიშა. ცოტა ხნით გავჩერდი. დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში ვიყავი მისგან. პატარა ვერანდას გავხედე, რომელიც ჩაბნელებულ ადგილას იდგა და მის გარშემო არც ერთი ლამპიონი არ ანათებდა. უკან გაბრუნება მომინდა, რადგან შიშის გრძნობა დამეუფლა, მაგრამ რისი მეშინოდა არ ვიცოდი. მობილური გავანათე და პატარა ბილიკს გავყევი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ვერანდას, გულის ცემა უფრო მატულობდა. ღრმად ჩავისუნთქე და ვერანდაზე ავედი. ვხედავდი მხოლოდ მისი სხეულის მონახაზს, რომელიც მოაჯირს მიყრდნობოდა და ალბათ მიყურებდა. ჩვენ მხოლოდ ორი ნაბიჯი გვაშორებდა ერთმანეთს, რადგან ვერანდა ძალიან პატარა იყო. ამ უხერხული სიჩუმის გამო სრულიად შევიბოჭე. დავინახე, როგორ მომიახლოვდა, ხელი დამიჭირა რომელშიც მობილური მეკავა და ჯერ კიდევ განათებული ტელეფონი გამომართვა. - თავს დავიზღვევ სინათლისგან, ხომ არ გეწყინება? - მითხრა მან და ჩემი მობილური ჯიბეში ჩაიდო. - როგორ ხარ ლელა? - მკითხა მან. მისი ხმა სასიამოვნოდ ჩამესმა ყურში. ნაცნობი ტემბრის მოსმენამ განწყობა შემიცვალა. ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. - კარგად. - ვუთხარი. - შენ? - მე ძალიან კარგად. - კარგად იქნები აბა რაა! მშვიდად უყურებ როგორ მეკარგება მოთმინება. - არ გქონია კარგი ნებისყოფა. - როდემდე უნდა დარჩე ასე უცნობად?- არ მივაქციე მის ნათქვამს ყურადღება და დიდი ხნის ნანატრი შეკითხვა დავუსვი. - ალბათ ძალიან ჩაგითრია ამ თამაშმა. - შენ წარმოიდგინე, არა, ლელა. - თქვა და მომიახლოვდა. მაშინვე მისი სუნამოს სურნელი მეცა და სუნთქვა შემეკრა. ვიგრძენი როგორ შემეხო მისი თითები ხელებზე და ნელ-ნელა მკლავებამდე ჩაცურდნენ. ცივმა და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ალბათ აინტერესებდა მეკეთა თუ არა მისი ნაჩუქარი სამაჯური. - მიხარია, რომ თან გაქვს, იმედია მოგეწონა. - მითხრა. - კი, და ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ ასეთი ძვირფასი... - ასეთ წვრილმან და უმნიშვნელო თემაზე საუბარი არ მინდა. - მაშ მე მინდა, რომ შენი სახე ვნახო. - ეს მხოლოდ ცნობისმოყვარეობაა? - მითხრა და ხელები შემიშვა. - მინდა, რომ ასე იყოს, მაგრამ არა. - მეც არ ვიცი ეს რატომ ვთქვი. - ეს კარგია, თან პირველი აღიარებაა შენგან. - სახელი მაინც მითხარი. - შევნიშნე, როგორი მუდარა იგრძნობოდა ჩემს ხმაში და შემრცხვა. გაჩუმდა, ალბათ ფიქრობდა. მინდოდა მისი ნდობა მომეპოვებინა და ვუთხარი: - გპირდები, გამოძიებას არ დავიწყებ, უბრალოდ მინდა ვიცოდე, რა გქვია. - კარგი. მითხრა მან. - მჯერა შენი. - ცოტა ხნით ისევ გაჩუმდა და თქვა: - რატი მქვია. - რატი, - გამეღიმა და გავიმეორე, ისე, რომ არც მომრიდებია. - კარგი სახელია. - ზურას ჯობია, ხომ? - ჩაიხითხითა, მომიახლოვდა და ლოყაზე მომეფერა. იმ ლოყაზე, რომელზეც ზურამ დამარტყა. პასუხი არ გავეცი და გავინაბე. ვტკბებოდი, მისი თითები ჩემს ლოყაზე რომ დასრიალებდნენ.მაგრამ გონებაში ის დღე ამომიტივტივდა, როცა ზურას ვეჩხუბე. თვალწინ დამიდგა როგორ დამარტყა ზურამ და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძლიერი ვიყავი, ახლა სისუსტე ვიგრძენი. ძალიან ვეცადე, მაგრამ თავის მოთოკვა არ გამომივიდა. თვალები დავხუჭე, ერთი ნაბიჯი გადავდგი და მთელი ძალით ჩავეხუტე. იმ წამს არ მაინტერესებდა, რას იფიქრებდა ის, ის არა - რატი. ვიგრძენი როგორ შემეხო მისი ერთი ხელი მხრებზე, მეორე კი თავზე მეფერებოდა. ვცდილობდი არ მეტირა, არ მინდოდა მას ჩემი ცრემლები ენახა, ისედაც ძალიან სუსტი ვიყავი მასთან შედარებით. ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი და ამან ყველაფერი დამავიწყა. ალბათ მალე გული ამომიჯდებოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი და ამის გამო სულ ავცახცახდი. - კარგი ლელა, დაწყნარდი, გთხოვ. - ჩუმად მითხრა და მისი ტუჩები ჩემს შუბლს შეეხო. - მაპატიე, ეს შენთვის არ უნდა გამეხსენებინა. - არაფერია. - ჩაწყვეტილი ხმით ვთქვი და მისი მკერდიდან თავი ავიღე. - დაწყნარდი? - მკითხა და დამაცქერდა.მეც შევხედე, დაძაბული ვუყურებდი, მაგრამ მის თვალებში შორიდან არეკლილი ლამპიონის შუქის და მისი სხეულის კონტურების მეტს ვერაფერს ვარჩევდი. - კი. - დავუქნიე თავი. - კარგია, - ხმაზე შევატყვე, რომ გაეღიმა. - გინდა გავისეირნოთ? გახალისება არ გაწყენდა. ჩამეცინა. გასეირნება ალბათ მართლაც კარგი იქნებოდა. ნუთუ ჩემი რეაქციის გამო ფარ-ხმალს დაყრიდა და სახეს მიჩვენებდა? გამიკვირდა, როცა მოულოდნელი შეკითხვა დამისვა: - სიჩქარის ხომ არ გეშინია? არ ვიცი ეს რა შუაში იყო, მაგრამ მაინც ვუპასუხე. - არა, არ მეშინია. - ეს მომწონს. - შემაქო. - მაშინ წავიდეთ. - თქვა და ხელი ჩამკიდა. - სად? - მაინტერესებდა რას აპირებდა. - არ მენდობი? - გენდობი, მაგრამ... - არ მინდოდა მეგობრებს გაუფრთხილებლად მოვშორებოდი და მენერვიულებინა. - ნუ გეშინია, სულ ცოტა ხნით მოგიტაცებ და ისევ დაგაბრუნებ. რატი კიბეზე ჩავიდა და მეც უკან მივყევი. იმ ბილიკს გავუყევით საიდანაც მოვედი და დავინახე იქვე მდგარი მკრთალ შუქზე მოლაპლაპე შავი მოტო. ეს ხომ ის იყო ავტობუსის საბარგულზე რომ ვნახე? - შენია? - ვკითხე და მაშინვე ტუჩზე ვიკვნიტე. რა იდიოტური შეკითხვა იყო. - კი. - ჩაეცინა და ჩაფხუტი აიღო. ეს ადგილი ვერანდასთან შედარებით უფრო ნათელი იყო, მაგრამ მის სახის ნაკვთებს მაინც ვერ ვარჩევდი. ყველაფერი კარგად ჰქონდა გათვლილი, ამიტომ მის თვალიერებას საბოლოოდ ვანებე თავი. - მობრძანდი. - მითხრა და ხელი გამომიწოდა. მის თავაზიანობაზე გამეცინა. მის გამოწვდილ ხელს ჩემი თითები ჩავჭიდე, მოტოს მივუახლოვდი, ცალი ფეხით გადავალაჯე და დავჯექი. - ამის მორგებაში დაგეხმარები. - თქვა და ჩაფხუტით ხელში მომიახლოვდა. - არ მინდა. - უკან გავწიე თავი. - როგორ არ გინდა. - მითხრა და ჩაფხუტი ძალით ჩამომამხო თავზე. მოტოზე თვითონაც დაჯდა. - ხელები მომხვიე. თითქოს ცოტა ხნის წინ არ ვეხუტებოდი. ახლა მომერიდა ამის გაკეთება. ჩემს გაუბედავობას აღარ დაელოდა, ხელები უკან გამოსწია, ჩემს მკლავებს ჩაავლო და ზურგზე მიმიკრო. თითები აქსელერატორებს ჩასჭიდა და მოტო ადგილს მოსწყდა. მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს გავცდით თუ არა სიჩქარეს მოუმატა. გავიარეთ "პატარა პარკი", თეთრი ხიდი და გავედით ძველი ბაზრის ქუჩაზე, სადაც ყველაზე ცოტა მოძრაობა იყო. იქვე შემოუარა ცენტრს და მოედნის გზას დაადგა. გზა სწორი იყო და საშუალებას აძლევდა სწრაფად ევლო. ხელები მაგრად მქონდა ჩაჭიდული და სუნთქვაშეკრული მივკვროდი. ვგრძნობდი ყელიდან მუცლამდე რაღაც დაფრინავდა, ეს იყო ადრენალინი, რომელსაც ახლა გადაჭარბებული სიჩქარის საშუალებით გამოვყოფდი. უკან მოვბრუნდით და ისევ თეთრ ხიდზე გადავედით მაგრამ იმ გზით აღარ წავსულვართ საიდანაც მოვედით. ხიდიდან მარჯვნივ გადაუხვია და ცოტა ხანში შეჩერდა. მოტოდან ჯერ თვითონ გადავიდა და შემდეგ მეც მომეხმარა. - სად ვართ? - ირგვლივ მიმოვიხედე. არემარეს მხოლოდ ერთი ლამპიონი ანათებდა და ისიც ჩვენგან შორს იყო. ჩვენს გვერდით მატარებლის რელსები გადიოდა, იქვე კი ხიდი იყო გაბმული. - დღე ძალიან ლამაზია ეს ადგილი, აქვე კლდიდან პატარა წყარო ჩამოდის.- თქვა მან და ხელი ჩამჭიდა. - წამოდი ხიდზე გავიდეთ. უჩუმრად გავყევი. ხიდზე ავედით მაგრამ ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. - არ შეგეშინდეს, ქანაობს. - გამაფრთხილა მან. ცოტა ხნით ჩავჩუმდით, შემდეგ მკითხა - როგორ გრძნობ თავს? - კარგად. - გამეღიმა, - მაგრამ მგონი თავბრუს მახვევს და ჯობია გადავიდეთ. უარი არ უთქვამს, ფიცრულიდან ჩამოვედით და იქვე მდგარ სკამზე ჩამოვსხედით. - ეს ყველაფერი შენი იდეა იყო? - წერილები ვიგულისხმე. - კი. ქეთისთვის რომ დამეჯერებინა. თეთრ ცხენზე ამხედრებულს მნახავდი, წითელი ვარდებით ხელში. - გაეცინა. - კარგი გოგოა ქეთი. - ვთქვი მე. - მოდი იმაზე დამელაპარაკე, რისთვისაც ჩემი ნახვა გინდოდა. - მითხრა. - უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, ძალიან ნუ გაწელავ ამ ყველაფერს. - დავიბენი. ეს ერთი მიზეზი იყო. იმას ვერ ვეტყოდი, რომ მის სიახლოვეს მინდოდა ყოფნა, რომ მისი სურნელი და შეხება მენატრებოდა. - მხოლოდ ამის გამო და მეტი არაფერი? - რისი მოსმენა გინდა ჩემგან? - მეგონა სულ ცოტათი მაინც მოგენატრებოდი. - მითხრა და ჩემი თითები თავისაში მოიქცია. გავჩუმდი, სიტყვებს ვერ ვპოულობდი. რა თქმა უნდა მენატრებოდა მაგრამ თქმას ვერ ვბედავდი. შიში იყო ეს თუ რიდი, არ ვიცი, თუმცა იმედი მქონდა, რომ ჩემი სიჩუმე მას ყველაფერს ეტყოდა. - რატომ ღელავ? - მკითხა. - არ ვღელავ. - ვთქვი და წამოვდექი. რა თქმა უნდა ვიცრუე, მის გვერდით ასე ახლოს ყოფნა მაფორიაქებდა. როგორ მინდოდა მისი სახის ნახვა, მაგრამ მას, როგორც შავ ჩრდილს ისე ვხედავდი. ჩუმად იყო, არ ვიცი რატომ. მისი ჩუმად ყოფნა კი მეხმარებოდა, რომ დავმშვიდებულიყავი და მის სიახლოვეს შევჩვეოდი. ვილაპარაკებდი ახლა ამინდზე, სპორტზე, ქიმიურ პროცესებზე, ნებისმიერ თემაზე, ოღონდ მე არ შემხებოდა. ჩემზე საუბარი არ მინდოდა. გამეცინა. ქეთის მონაყოლი გამახსენდა მასზე. ალბათ ეს სისულელე იყო, მაგრამ არაფერს დავეძებდი, მაინც ვკითხე: - თურმე გოგოების წვალება გყვარებია. - მხოლოდ მათი, ვინც იმსახურებს. - ჩაეცინა. - მე რით დავიმსახურე?- - მე შენ არ გაწვალებ. - ასე ფიქრობ იმიტომ, რომ შენ არ იღლები თამაშით. - მთლად ასეც არაა. გამიხარდა ქეთიმ შენი წერილი რომ მომცა. მით უმეტეს მისმა შინაარსმა გამახარა. - მაინც რამ? - რომ ჩემი ნახვა გინდოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემმა ცდამ შედეგი გამოიღო. - რატომ ხარ ასე დარწმუნებული? - ჩამეცინა. - ასე რომ არ იყოს, ახლა მე და შენ აქ არ ვიქნებოდით. როგორ თავდაჯერებულად ლაპარაკობდა. ხო ის მართალი იყო, როგორც არ უნდა უცნაური და შეუძლებელი ყოფილიყო, მის მიმართ რაღაც დაუგეგმავს და უჩვეულოს ვგრძნობდი. - როგორ გიყვარს სიჩუმე. - მითხრა მან. მეც არ დავაყოვნე: - შენ კი თამაში. - შანსს არ ვუშვებდი ხელიდან, ეს არ შემეხსენებინა. - ეჰ, ლელა, ლელა, - წამოდგა და მომიახლოვდა. ძალიან ახლოს იყო ჩემთან და მიყურებდა. ცოტა დამშვიდებული მისმა სიახლოვემ ისევ ამაღელვა. - იცი, ამ თამაშ- თამაშში... - შეჩერდა, მე კი მისი სიტყვების მოლოდინში გული ამიჩქარდა. - მგონი შემიყვარდი. არ ვიცი რა მომივიდა, როცა ეს სიტყვები მოვისმინე. ხმა ჩამიწყდა ისედაც ჩაჩუმებულს. რა უნდა მეთქვა? ეს შეუძლებელია თავი სიზმარში მგონია მეთქი? - რას ამბობ?..- ვთქვი და გვერძე გავიხედე. მინდოდა გავმდგარიყავი მისგან მაგრამ ფეხს ვერ ვდგავდი. უცბად მისი თითები ვიგრძენი ჩემს ნიკაპზე, რომლებმაც გახურებული სახე თავისკენ მიმატრიალებინეს. ვიგრძენი მისი ხელი ჩემს წელზე, რომელმაც მის მკერდს მიმაკრა. თავში მისი ნათქვამი ბოლო სიტყვა მიტრიალებდა და მისი სურნელით გაბრუებული, ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი სიტყვა "შემიყვარდის" შინაარსს და ძალას. - შენ არაფერს მეტყვი? - თქვა და მისი სუნთქვა ვიგრძენი. რატის თითები ნიკაპიდან ჩაცურდნენ და გზა ჩემს კისრამდე გაიკვლიეს. სულმთლად მოვდუნდი და მეტყველების უნარი დავკარგე. მისთვის პასუხი არ გამიცია. ვერ მივხვდი, როგორ, გაუცნობიერებლად კისერზე ხელები მოვხვიე და მის ტუჩებს დავეწაფე. მის თმას ჩავავლე ხელი, მინდოდა ის ნიღაბი ჩამომეგლიჯა, რომლითაც ღამე უფარავდა სახეს თავისი სიბნელით, მაგრამ მასკარადის საღამოსგან განსხვავებით ვერანაირ თასმას ვერ მივაკვლიე. თმას ხელი შევუშვი და მის ალერსში ჩავიძირე. ვიგრძენი, როგორ დაუბერა ძლიერმა ქარმა. თბილი თითები ჩემს მკლავებს მოეხვივნენ და უცბად მისი ტუჩები ჩემსას მოსწყდა. თმა გადავიწიე, მაგრამ ქარმა ისევ ამიწეწა. - ლელა, - ჩამესმა ხავერდოვანი ხმა. - მითხარი რამე. - დრო მჭირდება. - ვთქვი და თავი დავხარე. ჩემს თავში უკვე გარკვეული ვიყავი, მის მიმართ რაღაც სასიამოვნოს ვგრძნობდი და არ ვაპირებდი მისთვის უარის თქმას. ეს კი იმიტომ ვუთხარი რომ ვიფიქრე ამით მაინც ვაიძულებდი მალე გამოჩენას. - კარგი, - თქვა მან და ჩაიხითხითა. - დრო, ეს წვრილმანია, მით უმეტეს, რომ ვიცი ეს არ გჭირდება. გავოცდი. - ყველაფერი ისე არაა, როგორც შენ ფიქრობ. - ვეცადე ცოტა სერიოზული სახე ჰქონოდა ჩვენს საუბარს. - მოდი, რაღაცას გკითხავ. - თქვა მან. - ჩემს მიმართ ინტერესი გაგიჩნდა? არ ვიცი ეს რატომ მკითხა, მაგრამ მე მაინც გულახდილად ვუპასუხე. - კი. - მე რომ ახლა გავქრე, გული ხომ დაგწყდება? ალბათ გავგიჟდებოდი, გულის ტკენა მსუბუქი ნათქვამი იყო. - კი. - ვუპასუხე. - შენს პასუხგაუცემლად ვიცი, რომ ჩემს გვერდით ყოფნა გსიამოვნებს. გავჩუმდი. თავიც კი არ დამიქნევია თანხმობის ნიშნად. მანი ისევ მკითხა. - ხომ ასეა? - კი. - აი, ხომ ხედავ, ყველაფერი ისე ყოფილა, როგორც მე მინდა. - მოულოდნელად ზეცა განათდა და დაიქუხა. - მაგრამ, შენ თუ გინდა ასე იყოს, დროს საკმარისზე მეტს მოგცემ. ხელზე წვეთი დამეცა. საშინლად გავბრაზდი. ასეთი ნებისყოფა საიდან ჰქონდა? ნუთუ კიდევ აპირებდა დამალობანას თამაშს? - სულ არ გაინტერესებს, როგორ ვგრძნობ თავს ყოველი პარასკევის მოლოდინში! - ოდნავ ხმას ავუწიე და განზე გავდექი. ახლა ჩემი დრო იყო. კიდევ ერთი წვეთი დამეცა ლოყაზე. - შენ თითქმის ყოველ დღე მხედავ, მითვალთვალებ. მე კი დავიღალე თვალების აქეთ-იქით ცეცებით. - ლელა! - გაეცინა მას. - როგორი ფეთქებადი ყოფილხარ?! - მე არ მეხუმრება! ან ახლავე მიჩვენებ სახეს, ან არა და... - მემუქრები? საინტერესოა, რას იზამ სახე რომ არ გიჩვენო? - შენს წერილებს აღარ მივიღებ! - და შენ შენი სიტყვების გჯერა? - ისევ იცინოდა. - რა თქმა უნდა! მე მართლა აღარ შემიძლია რატი, დავიღალე! მსხვილმა და ხშირმა წვიმის წვეთებმა უცბად დამისველეს სახე. წასვლაზე არც ვფიქრობდი, სანამ მასთან საუბარს არ დავამთავრებდი. მომიახლოვდა, ჯერ კიდევ მშრალ წელზე სველი ხელები მომხვია და მიმიკრა. - გეყოფა, რატი. - ვუთხარი და მისგან თავის გაღწევა ვცადე, მაგრამ მისმა ბაგეებმა წინააღმდეგობის უნარი დამაკარგვინეს. თავსხმა წვიმაში ჩემი მობილურის ხმა გაისმა და რატიმაც ჩემი განთავისუფლება გადაწყვიტა, თუმცა სრულიად არა. - გაბრაზება გიხდება. - მითხრა მან. - ჩემი ტელეფონი რეკავს. - მაგრამ ჩემთან ჩხუბზე მეტად კოცნა ჭრის. ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის გითხარი. - მობილური ამოიღო და ეკრანს დახედა. - მარი გირეკავს, გინდა ვუპასუხო? - ჩაიხითხითა. არაფერი მითქვამს, განათებული მობილურისკენ გავიწიე, მან კი ხელი მაღლა ასწია. - მორჩი სისულელეებს. - მობილური წავართვი და ვუპასუხე. - ხო მარი... თეთრ ხიდთან... არა, ნუ ღელავ, მალე მოვალ... დაწყნარდი, რა გჭირს? დიდი ხანია მიხვედით? კარგი, მალე მოვალ. - გავთიშე ტელეფონი და ჯიბეში ჩავიდე. - წავიდეთ, თორემ გაცივდები. - მითხრა და მოტოსკენ წავიდა. - თითქოს ძალიან გაღელვებდეს. - მივყევი უკან. - ეგ მეორედ აღარ გაიმეორო. - მის ხმაში სიმკაცრე ვიგრძენი და გაჩუმება ვამჯობინე. ამჯერად ჯერ თვითონ დაჯდა მოტოზე და შემდეგ მე. - მომხვევ ხელებს, თუ ისევ მე გაიძულო? მოტო სასტუმროსთან ოდნავ მოშორებით ბნელ ადგილას გააჩერა. მე გადმოვედი და მისკენ შევბრუნდი. - წადი, არ მინდა ავად გახდე. ვიცი, რომ გაბრაზებული არ ხარ. თუ არაფრის თქმა არ გინდა, არც ეს მეწყინება. - გაეცინა. - მადლობა. - ვუთხარი. - რისთვის? - რომ მოხვედი. - ამით ყველაფერი ვუთხარი, ხელი გავუშვი და უკან დავიხიე. - კარგად, რატი. - გამეღიმა. - ღამემშვიდობისა ლელა. ნელა წამოვედი და სასტუმროს კიბეებიდან იმ ადგილს გავხედე, სადაც ის დავტოვე, აღარავინ ჩანდა. ღრმად ჩავისუნთქე და სასიამოვნო განწყობით ავუყევი კიბეებს ჩემი ოთახისკენ.საათს დავხედე ღამის პირველი ხდებოდა. კარი შევაღე და დავინახე მარი, რომელიც სავარძელში მოუსვენრად წრიალებდა, ერთ საწოლზე კი თეოს და ნათიას ეძინათ. დამინახა თუ არა მარიმ თავიდან-ფეხებამდე სველი, წამოხტა და მომვარდა. - სად ხარ აქამდე ლელა?! - ჩუმად მაგრამ მკაცრი ტონით მომახალა. - ვერც კი მივხვდი, დრო როგორ გავიდა. - გავუღიმე და სველი მაისური გავიძრე. ჩემმა კარგმა განწყობამ ის უფრო გააბრაზა. - ხომ უნდა გაგეფრთხილებინე? რა უპასუხისმგებლობაა! - თორნიკე მოვიდა? - ისევ არ მივაქციე ყურადღება მის გაბრაზებას. პირსახოცი ავიღე და სხეულის გამშრალებას შევუდექი. - შენ რომ გელაპარაკები არ გესმის?! - მარის შევხედე. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. გამეცინა. - რატომ თეოს და ნათიას არ მიბაძე? - ვკითხე უდარდელად. - კარგი, - თავი დამიქნია. - თუ გინდა, ნუ დამელაპარაკები. ალბათ ტყუილად ვინერვიულე. - საწოლს თხელი საბანი გადააძრო, დაწვა და ზურგი შემაქცია. ხმას არ იღებდა, ნაწყენი იყო ჩემზე და მეც გარკვეულწილად დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. თმა შევიშრე და მეც მალე მივუწექი გვერდით. - მარი, - ვთქვი ჩურჩულით, მაგრამ ხმა არ გამცა. დარწმუნებული ვიყავი არ ეძინა. - მარი, იცი მან სახელი მითხრა. - მართლა? - მაშინვე გადმობრუნდა ჩემსკენ. - რა ჰქვია? - რატი. - გამეღიმა. - ხომ კარგი სახელია? - ძალიან. - დამცინა. - კიდევ რაო? - არაფერი ისეთი. - აბა, მთელი სამი საათი ჩუმად იყავით? როდის აპირებს გამოჩენას? - მალე, მაგრამ როდის მოვა ეს მალე არ ვიცი. გვიან დავიძინეთ. მარი უამრავ შეკითხვას მისვამდა და მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. მეორე დღეს ადრე ავდექით და საუზმის შემდეგ დავიწყეთ ბორჯომის დათვალიერება. პარკში მოვილხინეთ, საბაგიროს ავუყევით, ეკლესიაში სანთელი დავანთეთ, ეშმაკის ბორბლიდანაც გადმოვხედეთ მთელ ხეობას. უკვე აღარ ვფიქრობდი მასზე. ველოდებოდი იმ მალეს, რომელსაც ის შემპირდა. საღამოს რესტორანში შეიკრიბა ყველა. ცოტა დავლიეთ და შეზარხოშებულები დავადექით თბილისის გზას. სასმელის გამო თავბრუ მეხვეოდა, ამიტომ გართობას, ჩემს სავარძელში წყნარად ჯდომა ვარჩიე. თვალები დავხუჭე და გავიხსენე წუხანდელი ღამე. ვფიქრობდი მხოლოდ მასზე და ამან შავი მოტო გამახსენა. თვალები გავახილე, ის აქ იყო, ავტობუსში. ფანჯრის შუშა გავწიე, წამოვდექი, თავი გარეთ გავყავი და სახურავს ავხედე. მოტო იქ აღარ იყო, ესე იგი თვითონაც არ იქნებოდა აქ. ჩემს ადგილს დავუბრუნდი და მივჩუმდი. სახლში გვიან მივედით, დედას ეძინა, ასე, რომ ჩვენი მისვლა არ გაუგია. მთვრალი და-ძმა ხელიხელგადახვეულები ავუყევით კიბეს და ჩვენს ოთახებში დავბინავდით. ტანსაცმელი გავიხადე და დავწექი. ვუყვარვარ, ვუყვარვარ, ვუყვარვარ! სულ ეს სიტყვა მიტრიალებდა თავში და გაბრუებულს თვალები მელულებოდა. არ მინდოდა ძილი, მინდოდა მასზე მეფიქრა, მაგრამ სასმელმა თავისი გაიტანა და ჩამეძინა. დილით დიდხანს ვიწრიალე საწოლში. სასწავლებელი გავაცდინე. მარიც სახლში იყო და საღამოსთვის ჩემთან დავიბარე. შემდეგ სააბაზანოში შევედი და სხეული ცხელ შხაპს მივანდე. როგორც იქნა გამოვაღწიე ჩემი ოთახიდან და კიბეებს ჩავუყევი. სამზარეულოში თორნიკე იჯდა და საუზმობდა. - დილამშვიდობისა დაიკო. - ხელის მაგივრად ჩანგალი ასწია და გამიღიმა. - სალამი თოკე. - მივესალმე და გვერდით მივუჯექი. - ყავა ცხელია, შეგიძლია დაისხა. - მადლობა. - ყავა ჩამოვისხი და პირველი ყლუპი მადიანად შევსვი. - ნაბახუსევი? - მკითხა და გაეცინა. - არა, ცოტა თავი მტკივა. - ხო, ეგ მაგის ბრალია. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. - აბა, როგორ გაერთე ჩემი სასწავლებლის ხალხთან ერთად. - ვკითხე ჩემს ძამიკოს და გავუღიმე. მაინტერესებდა მისი შთაბეჭდილებები, თან სასაუბრო თემაც ვიპოვე. - რა გითხრა, გართობით კი გავერთე, მაგრამ ბევრი სულელიც გყავთ. - გაეცინა. - ალბათ გოგოებს გულისხმობ. - შევნიშნე. - ხო. - მარიმ არ გაგიგოს. - ენა გამოვუყე. - მე ის მიყვარს. - დასერიოზულდა და კიტრის ნაჭერი ჩაახრამუნა. - ვიცი და გეხუმრე, სიძე კაცო. - მხარზე წავარტყი ხელი. - კიდევ რას მეტყვი? - რამდენიმე ბიჭი გავიცანი, მართლაც რომ მაგრები არიან. - ხოო? - გავიკვირვე. - ხო, მათთან ძმაკაცობა ღირს. - თავი დაიქნია. - სტადიონზე დავპატიჟე სათამაშოდ. ამ შაბათს აქაც მოვლენ. - ასე „ჩაუბრატდი“ უკვე? - ვკითხე და ყავა მოვსვი. - მომიყევი მათზე. - რა მოგიყვე, - მხრები აიჩეჩა მან. - ორი თქვენს თვითმმართველობაში ყოფილა, ორი - არა. ბორჯომში სანამ ჩავიდოდით ავტობუსში ჯოკერს ვთამაშობდით. შემდეგ თქვენს რამდენიმე გოგოს ნერვები მოვუშალეთ. - ჩაიხითხითა და დააყოლა. - ეგ მაგარი იყო.. რომ ჩავედით ერთ-ერთს სახლი ჰქონდა, ნიკას და მასთან წავედით. ვუსმენდი თორნიკეს ლაპარაკს და თან ყავას მივირთმევდი.მაინტერესებდა მისი ამბები და არ ვაწყვეტინებდი, მისი სასიამოვნო ხმა კი წამალივით მოქმედებდა ჩემს თავის ტკივილზე. - ნიკამ მითხრა, სწავლას რომ დავამთავრებ, აქ უნდა ჩამოვიდე დასასვენებლად და შენც გეპატიჟებიო. ხო, ის მეორე კიდევ ძალიან მაგარი ტიპი იყო, გოგოს ისე ეღადავა, რამის გააწეწინა. საწყალი, ცოტაც და თმას დაიწიწკნიდა. - ჩაეცინა ჩემს ძამიკოს. - თან ძალიან მაგარი მოტო ჰყავს, შავი, შენც ხომ დაინახე. ამის გაგონებაზე ყავა ყელში წამივიდა, ვეღარ ამოვისუნთქე და ხველება ამიტყდა. - რა მოგივიდა?! - წამოხტა თოკე და კისერში ფრთხილად დამარტყა ხელი. - არაფერი, - ვთქვი და დავახველე. - სასულეში გადამცდა. - კარგად ხარ? - მკითხა დაბნეულმა. - კი, კი. - გავუღიმე, რომ დამშვიდებულიყო. - გააგრძელე შენი ამბები. - ვუთხარი და აცრემლებული თვალები მოვიწმინდე. - კარგი. - თოკე ჩამოჯდა და საუზმობასთან ერთად მოყოლაც განაგრძო. - ხო, იმ მოტოზე მეც ვიჯექი, მომეწონა ძალიან, მამა ჩამოვიდეს და შეიძლება მეც ვიყიდო მერე. ამ ბიჭს კი... - რატი ჰქვია. - წამომცდა უნებურად, რადგან შავი მოტოს ხსენების შემდეგ მისი სახელი მიტრიალებდა თავში. - შენ რა იცი?! - შემომხედა გაკვირვებულმა. - მე... ნათიამ მითხრა. - ვიცრუე და ყავის დასალევად თავი დავხარე რომ თოკეს ჩემი აღელვება არ შეემჩნია. - ააა, - თქვა დაეჭვებულმა. - აბა შემომხედე? შევხედე და ვეცადე ჩვეულებრივი გამომეტყველება მიმეღო, მაგრამ რამდენად გამომივიდა არ ვიცი, მას კი სიცილი აუტყდა. - რა იყო? - კოპები შევუკარი. - არაფერი არაფერი. - თავი გაიქნია და წამოდგა. - ჩემი პროგნოზი არ ტყუის. - ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს სულელობ. - არ მომეწონა მისი ნათქვამი. - ამ საღამოს მარი მოვა. - ვიცი, - თქვა და კიბეს აუყვა. - მე სტადიონზე მივდივარ, მე და მარი ერთად მოვალთ. შეყვარებული ხარ ლელა, აღიარე, შეყვარებული ხააარ! გამეცინა. თორნიკეც კი გაიცნო და ამის შესახებ არაფერი უთქვამს. უფრო მეტიც , ამ შაბათს ჩემთან მოვიდოდა სტუმრად. იმ დღისით მოუსვენრობა შემიჩნდა. ჩემს ოთახში ვწრიალებდი. თორმეტი წერილი ავიღე და სათითაოდ გადავიკითხე. არასოდეს მომბეზრდებოდა მათი თვალიერება. მომდევნო დღეს მთელი ლექცია სადღაც სხვაგან დავფრინავდი. არც ერთი სიტყვა არ გამიგია ლექტორის საუბრიდან, თუ არ ჩავთვლით მარის "გამოფხიზლდის". მეორე დღეს სასწავლებლიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, მამამ რომ დარეკა და გვითხრა, რომ მომდევნო ორშაბათს ჩამოვიდოდა ორი თვით. სიხარულისგან ვხტუნავდი და ახლა უკვე რატის გამოჩენასთან ერთად მამასაც ველოდი. მივხვდი, რომ ავად ვიყავი. ჩემს ავადმყოფობას კი "რატი" ერქვა. იმ აზრს, რომ მასზე შეყვარებული ვიყავი ახლოს არ ვიკარებდი, რადგან ეს შეუძლებლად მიმაჩნდა. არ ვიცი, შეიძლებოდა თუ არა ვნებ უფრო სერიოზულ გრძნობას დაეჯაბნა. კიდევ ერთი პარასკევი გადენდა. მეც დაუზარელად წამოვხტი საწოლიდან, მოწესრიგებისთვის ცოტა დრო დამჭირდა და ადრე გავედი სახლიდან. აუდიტორიაში ჩემი რამდენიმე ჯგუფელი იჯდა. მივესალმე მათ და ჩემს ადგილას დავჯექი. როგორც ჩანდა თვითმმართველობის ჩუმი ექსკურსიის ამბავი გაეგოთ და ამაზე საუბრობდნენ. ნათია შემოვარდა და მახარა გიორგის შევურიგდიო. მივულოცე. კიდევ ერთი ბედნიერი წყვილი. თეთრი შურით მშურდა მისი. მე კი დღეს მისგან კიდევ ერთ წერილს ველოდი. კაფეში მარტო მომიწია ყოფნა, მაგრამ ეს არ მადარდებდა, პირიქით, მერჩივნა გვერდით არავინ მყოლოდა, რადგან მის წერილში რაიმე იმედისმომცემი რომ არ წერებოდა, რაც მის გამოჩენამ მაუწყებდა, ალბათ გავგიჟდებოდი. კაფე სავსე იყო და ოთახი ხმაურს აეტანა. ირგვლივ მიმოვიხედე და ბუფეტთან ახლოს დავინახე ერთი თავისუფალი ადგილი. იქით გავემართე და უცხო გოგონებს მაგიდის ნაპირას ჩამოვუჯექი. ჩანთა არ მქონდა მოხსნილი, რომ თავზე ქეთი დამადგა თავისი მხიარული ღიმილით. - ლელა, როგორ ხარ? სად დაიკარგე? - მადლობ, კარგად, შენ როგორ ხარ ქეთი? - მეც გავუღიმე. - მადლობ, მეც კარგად. ინებებ რამეს? - მხოლოდ წერილს. - გამეცინა. - კარგი, მაშინ ყავაზე მე დაგპატიჟებ. წერილი თან არ მაქვს, ცოტა ხნით დამელოდე. ახლავე მოვალ. - თვალი ჩამიკრა და ბუფეტისკენ გაიქცა. ჩამოვჯექი სკამზე და ოთახს თვალი მოვავლე. შუა მაგიდასთან დავინახე მელომანი, ის სულ ყურსასმენებით რომ დადიოდა ხოლმე, ისევ იმ ლამაზ გოგონასთან ერთად იყო. სხვა ნაცნობი არავინ შემიმჩნევია ჩემ წინ, ორი მაგიდის მოშორებით მსხდარ იმ ხუჭუჭთმიანი სანდროს და მისი შარიანი ძმაკაცის გარდა. ახლა გამახსენდა, რომ ისინიც იყვნენ ექსკურსიაზე. ამ შარიანს დავაკვირდი, თმის ფერი და სტილი მგონი რატის უგავდა, თვალის ფერს კი შორიდან ვერ ვარჩევდი. ნუთუ შეიძლებოდა, რომ ის ყოფილიყო ჩემი უცნობი თაყვანისმცემელი? ნეტავ რა ერქვა? გადავწყვიტე მისი ვინაობა ქეთისთვის მეკითხა. თუ ეს ბიჭი რატი არ იყო ხომ უპრობლემოდ მეტყოდა, თუ ის იყო ხომ დაიბნეოდა. ამის გაფიქრება იყო და ისიც გამოჩნდა. - აი ყავა და წერილი. - თქვა მან და ორივე მაგიდაზე დადო. გაბრუნებას აპირებდა, რომ შევაჩერე. - ქეთი. - რა მოხდა? - მობრუნდა. - რაღაც უნდა გკითხო. - გისმენ. - ისინი, სულ კუთხეში რომ სხედან ხომ შენი მეგობრები არიან? - კი. - მიპასუხა უდარდელად. - ხუჭუჭთმიანს სანდრო ჰქვია ხომ? - კი. - აი მას, თეთრი მაისური რომ აცვია, რა ჰქვია? - მაას? - გახედა ბიჭებს და შემდეგ ისევ მე შემომხედა. - მას... და უცბად ვიღაც ქალმა ქეთის დაუძახა და ხელი შემიშალა. - მეძახიან ლელ, უნდა წავიდე. - გამიღიმა როგორც ყოველთვის და ბუფეტისკენ გაეშურა. უკმაყოფილოდ ტუჩებაბზუებული ყავას და წერილს მივუბრუნდი. ორად გადაკეცილი ფურცელი გავშალე და სიტყვები ამოვიკითხე: " ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ იმედია, დღეს ცუდი არაფერი მოხდება. მიყვარხარ ლელა!" ჟრუანტელმა დამიარა ეს რომ წავიკითხე. უკვე მეორედ მეუბნებოდა ამ სიტყვას. კიდევ ერთხელ გადავიკითხე წერილი გამეღიმა. ახლა მივხვდი, რომ მეც მიყვარდა ის, როგორც არ უნდა უცნაური და შეუძლებელი ყოფილიყო. ხო, მისი მხოლოდ სახელი ვიცოდი, მხოლოდ ორჯერ მყავდა ნანახი , თითქმის არ ვიცნობდი, მაგრამ მე ის მაინც მიყვარდა და ეს გრძნობა იმდენად ძლიერი იყო, რომ თავის მოთოკვას უკვე ვეღარ ვახერხებდი. დამშვიდებას ვცდილობდი, მაგრამ არ გამომდიოდა. ვერც ადგილიდან ვიძროდი, რომ ამ ოთახს გავცლოდი. არა, უმისოდ დიდხანს ყოფნა გამიჭირდებოდა, ალბათ გავგიჟდებოდი. გადავწყვიტე მისთვის კიდევ ერთი წერილი გამეგზავნა ქეთის ხელით, რომელშიც ყველაფერს ვეტყოდი და გამოჩენას ვაიძულებდი.. ჩანთიდან რვეული ამოვიღე და შუა გვერდზე გადავშალე. კალამი მოვიმარჯვე და დავფიქრდი. სანამ პირველ წინადადებას დავალაგებდი, შევნიშნე სულ ბოლო მაგიდიდან ის შარიანი რომ წამოდგა, სულ ცოტა ხნის წინ რომ რატის ვადარებდი და ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა. მის თვალის დევნებას შევეშვი და გონების მოკრება ვცადე. თავში სიტყვები ამომიტივტივდა, ჰაერი ხარბად შევისუნთქე და დასაწერად მოვემზადე, მაგრამ კალამი ფურცელს ვეღარ შევახე, რადგან მისი სუნამოს სურნელი მეცა. გავშრი. ხო, ეს რატის სურნელი იყო, მაგრამ ახლა ხომ იმ შარიანმა ჩამიარა გვერდით? ნუთუ ისიც მისნაირ სუნამოს ხმარობდა? არა, არ მინდოდა, რომ ეს ასე ყოფილიყო. კალამი დავაგდე და შემოვბრუნდი. დავინახე, როგორ გავიდა კაფედან და კარი გაიხურა. ვერც კი მივხვდი, როგორ წამოვხტი სკამიდან და დავედევნე. არ მაინტერესებდა, რას იფიქრებდა, მე ის ახლოდან უნდა მენახა. კაფედან გავვარდი, სულ რამდენიმე მეტრი გავირბინე და უკვე გარეთ აპირებდა გასვლას, რომ დავეწიე. - რატი! - დავუძახე, მკლავში ხელი ჩავავლე და მოვაბრუნე. ერთხანს გაკვირვებულნი მიმზერდნენ მისი მწვანე თვალები, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები მუქ წაბლისფერ თმას ალაპლაპებდნენ, ნიავი კი, რომელიც კარიდან უბერავდა მის სუნამოს სურნელს მაფრქვევდა. მოლოდინით შევყურებდი და ხმას არ ვიღებდი. ველოდი მის რეაქციას ჩემი საქციელის მიმართ და ამ ლოდინით რამის გული გამისკდა. უცბად მისი ლამაზი სახიდან გაკვირვება გაქრა და ღიმილი გადაეფინა. ცოტა ხნით თავი დახარა, შემდეგ მომიახლოვდა და ჩაიცინა. ხელი ჩამჭიდა, შემომხედა და მითხრა: - შენ მე მაჯობე, მე რატი ვარ. ყველანაირი დაძაბულობა, მღელვარება და მოუსვენრობა გაქრა ჩემგან. მხნეობა მომემატა, გავუღიმე და ვუთხარი: - მე კი - ლელა. დასასრული 2011 წელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


