ორიგამი არქივიდან VI (მეორე წიგნის დასასრული) ****** „გარიგება“ გოგოლაძის ოთახიდან გამოსული ისე იყო ანერვიულებული და გაღიზიანებული ძალიან უჭირდა სახეზე უემოციო ნიღბის მორგება. თინათინი სამზარეულოში ფუსფუსებდა, ეტყობოდა მხოლოდ თავის შესაქცევად, რადგან რაც სავანელი იხილა მათი სახლის ზღურბლზე მოსვენება დაეკარგა. ჯერ გოგონას დალილავებუმა სახემ შეაშინა, მაგრამ კითხვა იუხერხულა. შემდეგ კი, შვილის საძინებლიდან გოგონების მოგუდული კამათის ხმა შემოესმა. დიასახლისი ეჭვობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. დედობრივი ინსტიქტი რაღაც ცუდს კარნახობდა და გულდამძიმებული ელოდებოდა, როდის მორჩებოდნენ საუბარს. თინათინმა, როგორც კი, ელი ჰოლში გამოსული შეამჩნია ჩაის ტილო მაშინვე მაგიდაზე მაიგდო და გოგონას გამოეგება. - ელ... შვილო, ყველაფერი რიგზეა? სახეზე შეშფოთება ეწერა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგონას შესიებული ლოყა და გახეთქილი ტუჩი. გული მოეწურა, ნუთუ ნაძირალა მამამისმა შვილზეც აღმართა ხელი? პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ, ყველამ ყველაფერი იცოდა ერთმანეთზე. დიასახლისის კითხვაზე გოგონას სახე უფრო მოექუფრა. ავტომატურად გადაიტანა წერილებით სავსე ყუთი მარცხენა ხელში და იღლიაში ისე ამოიჩარა, თითქოს წართმევას უპირებდნენ. - სიმართლე გითხათ, თინა დეიდა, არც ისე, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, სიტუაცია დალაგდეს. - ელ... - თბილი ხელი მიადო გოგონას ლოყაზე - რა დაგემართა სახეზე, შვილო? გოგონას პირველად მოეფინა პირქუში ღიმილი ტუჩებზე. - თქვენ მეორე უნდა ნახოთ, უარესად გამოიყურება! - ხუმრობა სცადა, მაგრამ რომ შეამჩნია ქალს ფერი დაეკარგა, მაშინვე დასერიოზულდა - არაფერი, ნუ ნერვიულობთ, თანაკლასელთან შელაპარაკება მომივიდა. არაფერი სერიოზული. - თანაკლასელთან? - ეჭვი შეეპარა თინას - ელ... ხომ იცი, რომ აქ მეორე სახლი გაქვს? შვილივით მიყვარხარ, რაც არ უნდა დაგჭირდეს... - ყველაფერი რიგზეა, თინა დეიდა - შეაწყვეტინა და თავს გაღიმება აიძულა - გმადლობთ მხარდაჭერისთვის, ვაფასებ და გარწმუნებთ, რომ არაფერია სანერვიულო. დაგტოვებთ, ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, დილაუთენია მოგადექით. უკვე მივდივარ. - ელ... - გოგონას წინ გადაეღობა. გული კიდევ უფრო დამძიმებოდა დიასახლისს. გუმანით ხვდებოდა, რომ სავანელი რაღაცას ბოლომდე არ ეუბნებოდა - სიმართლეს მეუბნები? გოგონას თვალებში ჩახედა. ელმა კი გულ-მკერდში ყრუ ტკივილი იგრძნო. რა ექნა? „პანდორას ყუთისთვის“ თავი მოეხადა და ქალისთვის გული გაეხეთქა? თინას, რომ გაეგო რას აკეთებდა ნიცა მშობლების ზურგსუკან... სახე მოუთვალიერა ანერვიულებულ ქალს და ენას კბილი ძლიერად დააჭირა. - თინა დეიდა... - წამოიწყო ხმადაბლა - მეზიზღება ტყუილი. ჩემს სახეზე ნუ ინერვიულებთ, არაფერი სერიოზული არ მომხდარა. რაც შეეხება ნიცას... შელაპარაკება მოგვივიდა. იცით, რომ თქვენი შვილი ძალიან მიყვარს, მაგრამ ხანდახან ჩვენც კი ვერ ვთანხმდებით ხოლმე. არაუშავს, ყველაფერი დალაგდება. ახლა, კი მაპატიეთ, მართლა მეჩქარება. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. ქალს თავაზიანად გაუღიმა და სანამ დიასახლისი რამის თქმას მოასწრებდა, სწრაფად დატოვა გოგოლაძეების სახლი. დანაშაულის შეგრძნება შიგნიდან ჭამდა. თავს საშინლად გრძნობდა, რომ თინათინს სიმართლე დაუმალა. სერიოზულად იყო საქმე, ნიცამ დიდ შარში გაყო თავი და არ იყო დარწმუნებული, თუ მოცემულ სიტუაციაში ადეკვატური დახმარების შეთავაზება შეეძლო. სწორი იყო, ამხელა პასუხისმგებლობის მხრებზე აკიდება? წყეულ არეშიძეს ნიცასთვის რამე რომ დაეშავებინა, როგორ შეეხედა თინათინისთვის თვალებში? გაცოფებულს, ველურმა ჟინმა წამოუარა, წერილებით სავსე ყუთი ნაკუწებად ექცია. ფიქრებში გართულმა გზად იმ წყაროს ჩაუარა, სადაც არეშიძე ნიცასთვის წერილებს ტოვებდა. წამით შედგა და წარბშეკრული ქვის ლოდს მიუახლოვდა. შემოუარა და ყურადღებით დაზვერა. შეამჩნია წყაროს უკანა მხარეს დატოვებული ღიობი. იმდენად დიდი იყო, გაუკვირდა კიდეც, რომ მანამდე ყურადღება არ მიუქცევია. თავისუფლად შეიძლებოდა შიგნით მომცრო ჩანთის დატოვება. თვალები ეშმაკურად მოეწკურა, გონებაში გიჟური აზრი მოუვიდა. მხოლოდ ჩაფიქრებულის განხორციელება დიდ დავიდარებას მოითხოვდა. თუმცა... თუ გეგმა იმუშავებდა... არეშიძეს კარგ თავის ტკივილს გაუჩენდა! პირქუშად გაეღიმა და უკან გატრიალდა. სანამ სახლში დაბრუნდებოდა, გზად სხირტლაძეს გაუარა. კარი დედამისმა გაუღო, როგორც კი ელს მოჰკრა თვალი სახე გაუბრწყინდა და გოგონა მაშინვე შიგნით შეიპატიჟა. სავანელმა ბოდიში მოუხადა, რეზისთან მაქვს საქმე, თუ შეიძლება შევაკითხავო და ქალს ჩამოეხსნა. სხირტლაძეს ყურზე უზარმაზარი ყურსასმენები მოერგო და უზარმაზარი კოდის წერით იყო დაკავებული. ელის მისვლა ვერც კი გაიგო, სანამ გოგონა მის გვერდით არ ჩამოჯდა. ბიჭი შეკრთა და მაშინვე მოიძრო ყურსასმენები. - ელ! აქ რას აკეთებ? - რას წერ? - თავით ანიშნა შავ-მწვანე ეკრანზე. - პირად აპლიკაციას, ისეთი არაფერი... - სწრაფად ჩახურა გვერდი და გოგონას მიუტრიალდა - თუ ისევ ორიგამიზე საკითხავად მოხვედი, უნდა გაგაფრთხილო, რომ არაფერი არ მაქვს. დიდი ალბათობით, საქმის ნომერი, რომელიც ფურცელზე ფიგურირებდა ციფრულ ბაზაში არასოდეს შეუყვანიათ. - სამწუხაროა... - ტუჩი მოიკვნიტა - მაგრამ, მე შენთან სხვა საქმეზე მოვედი. - სხვა საქმეზე? - წელში გასწორდა, მწვანე თვალებს ინტერესი დაეტყოთ - კიდევ რამე მოიპარე დანაშაულის ადგილიდან? გავიგე, მეორე გვამი უპოვიათ. რა გჭირს სახეზე? - ძალიან სასაცილოა! - სახე ჩამოუგრძელდა გოგონას - არაფერი არ მჭირს. ერთი ეს მითხარი. სერიოზული ჩანაწერი, რომ ჩაგივარდეს ხელში, შეძლებ ისე შეაგდო ინტერნეტში, რომ „იუზერის“ ვინაობა ვერავინ გაიგოს? სხირტლაძე მდუმარედ მიაჩერდა სტუმარს. თითები ერთმანეთს გადააჭდო, მუცელზე დაიკრიფა და სავარძელზე გადაწვა. რბილი სავარძელი სუსტი ჭრიალით გადაიზნიქა უკან. - ჩემს დღეში არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ასე იქნებოდა მოწყურებული შარსა და უბედურებას! ამჯერად რა მოხდა, ელ? - ჯერ არაფერი, მაგრამ მოხდება. ჰოდა, გეკითხები, არსებობს შანსი ინტერნეტში ისე მოხვდეს კონკრეტული ვიდეომასალა, რომ წყარო ვერ დადგინდეს? - სიმართლე გითხრა, 100% ანონიმურობის გარანტიას ვერავინ მოგცემს. მათ შორის საუკეთესო ჰაკერიც. ინტერნეტში არასდროს არაფერია ბოლომდე დაფარული. 100% ინკოგნიტოდ დარჩენა გამორიცხულია. შემიძლია აგიხსნა რა როგორ ხდება, მაგრამ შენთვის უფრო თეორიული ბოდვა იქნება და მაინც ვერაფერს გაიგებ. ელი მუხლებს დაეყრდნო და ჩაფიქრდა. ის რაც გეგმაში ჰქონდა, სხვანაირად ვერ იმუშავებდა. გარისკვა მოუწევდა. - მისმინე, არ ვიცი, რამდენად დამთანხმდები, მაგრამ შენს იქით გზა არ მაქვს. ამ დღეებში ვეცდები მნიშვნელოვანი ვიდეო მოგაწოდო. პირდაპირ ინტერნეტ სივრცეში უნდა მოხვდეს! - გამჩენი არ გასვენებს? - ხმას ერთი ტონით აუწია - ამჯერად რა მოიფიქრე?! რატომ ეტენები სახიფათო საქმეებში? ხვდები, რომ შეიძლება ეს ყველაფერი შენთვის ძალიან ცუდად დასრულდეს? - ჩემი ჩარევის გარეშეც ცუდად დასრულდება! ვცდილობ, საქმე ისე შემოვაბრუნე, გამარჯვების შანსი მქონდეს! - წესიერად გამაგებინე, რას გულისხმობ? - როცა ჩანაწერით დავბრუნდები, მერე აგიხსნი. იმედი მაქვს, უკან არ დაიხევ. აქ მხოლოდ იმის საკითხავად მოვედი, შეიძლება თუ არა, შენი იმედი მქონდეს? სხირტლაძემ იდაყვები სკამის სახელურზე დაალაგა და გადაჯვარედინებულ თითებს ნიკაპი ჩამოაყრდნო. მზერა გამჭოლი და იდუმალი ჰქონდა. ცვილის ნიღბის მსგავსი სახე, სავანელს საშუალებას არ აძლევდა, მისი მიმიკებიდან რაიმე მაინც ამოეკითხა. წყნარად იჯდა და ელოდებოდა, მასპინძელი, როდის ამოიღებდა ხმას. - სანაცვლოდ რაღაც მჭირდება... - მაგალითად? - წარბი შეიკრა. პირობის წაყენებას არ ელოდა. - იცი, ვის ეკუთვნოდა შენი ბინა, შენი მშობლების გადმოსვლამდე? - ელმა პასუხად მხრები აიჩეჩა - გივი ჭკადუას, პოლიციელი იყო ჩვენს ქალაქში. სანამ აქედან თბილისში არ გადაბარგდა. ნუ, ასე ამბობენ, რომ იქ წავიდა. ელს სარდაფში ნანახი ათასი ხარახურა მოაგონდა, რომელიც მის ოჯახს არ ეკუთვნოდა. ესე იგი, ბინის ყოფილი მეპატრონე პოლიციელი იყო? - ეე... - დაიბნა და თვალები აახამხამა - და, მე რით შემიძლია შენი დახმარება? - რამეს მაინც დატოვებდა, სახლიდან გადაბარგებისას. ლესელიძე ყველგან ყრანტალებდა, რომ დილაუთენია მოუსვა ცოლთან და ახალ დაბადებულ ჩვილთან ერთად. სწრაფად ჩაულაგებია ბარგი და აუხვევია. ავეჯისთვის ხელიც კი არ უხლიათ, ტანსაცმელები წაიღეს და წავიდნენ. მას შემდეგ აქ არ გამოჩენილან. ვფიქრობ, მისი ბევრი ნივთი დარჩა, ყოველ შემთხვევაში დარჩებოდა, თუ შენებმა ნაგავში არ მოისროლეს. მათი ნახვა მინდა. სავანელი დაფიქრდა. წელში გასწორდა და მზერა რეზიზე გადაიტანა. - რაში გჭირდება? - შენ, არ მისვამ ზედმეტ კითხვებს. მე, შენ. შეთანხმება ასეთია. გაწყობს? - სარდაფში რაღაც ნივთებია, ძველისძველი და ჩვენი ნამდვილად არ არის. შეგიძლია პირადად დაათვალიერო, რაც გაინტერესებს. მხოლოდ უნდა შევამოწმო, მამაჩემმა საკეტი ხომ არ გამოცვალა, ბოლოს სარდაფის კარის გასაღები ავწაპნე. თუ გაღებას შევძლებ დაგირეკავ და მოდი. ოღონდ ღამით უნდა მოვაგვაროთ ეგ ამბავი. დღისით შეიძლება თავზე წაგვადგეს. - მე კი პირიქით მგონია, - წინ გადმოიხარა და ელის მსგავსად მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო - მაპატიე, მაგრამ ხშირად შემიმჩნევია, რომ მამაშენი ღამით სახლში არ მოდის. ვფიქრობ, დღისით უფრო უსაფრთხო იქნება. ასეთ დროს სარდაფში ჩასვლა თავი აზრადაც არ მოუვა. ელი ერთხანს დაფიქრდა. ბოლოს თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და შეთანხმება დადეს. - ჰო მართლა... - რეზიმ ელის ფეხებთან მდებ ცისფერ ყუთს დახედა - ეგ რაღა ჯანდაბაა? სამახსოვროდ, გვამს კიდური მოაჭერი „ადამს“? სავანელმა თვალები გადაატრიალა. სხირტლაძეს სიცილისგან მხრები აუთამაშდა... ****** „ცხოვრება მარტივია, მას ჩვენ ვართულებთ, ადამიანები - კონფუცი.“ „ზოლიანი მუხუდო“ სახლში რომ დაბრუნდა, ჯერ მხოლოდ, დილის ათი საათი ხდებოდა და უკვე საშინლად გამოფიტულად გრძნობდა თავს. მთელი ღამის უძინარი ფეხზე ძლივს იდგა. იმედი ჰქონდა, ერთი-ორი საათით წავუძინებ ძალების აღსადგენად, მერე კი შუკვანს გავუვლიო, მაგრამ სამზარეულოში გადაშლილმა სცენამ მთელი დღის გეგმები შეუცვალა. ხმები ჰოლში შემოესმა. წარბშეკრულმა ფეხსაცმელები გაიხადა, ცისფერი ყუთი კომოდზე შემოდო, თავისი მოსაცმელი ზედ გადააფარა და სამზარეულოს მიაშრა, საიდანაც დისკუსიის ხმა გამოდიოდა. - რა ხდება აქ? დაბღვერილმა, მოულოდნელ სტუმრებს თვალი მოავლო - სულას ორი და (ასმათის ჯერ ვერ მოეღწია), მამიდა და ბიძაშვილი, სავანელების სამზარეულოში შეკრებილიყვნენ. გურანდა სამზარეულოს მაგიდას უჯდა და ჩაწითლებულ თვალებს იწმენდდა. დამხვდურებმა მზერა ახალმოსულზე გადაიტანეს. - ელ! სულას დეიდაშვილი, დარეჯანა (დარიკო), პირველი წამოიჭრა ფეხზე და გაღიმებულმა გოგონა მკლავებში მოიქცია. ელმა აშკარა უკმაყოფილებით, თავი უკან გასწია. ოი, როგორეზიზღებოდა, როდესაც ეხებოდნენ! დარიკო, ელზე ცხრა წლით უფროსი იყო, მაგრამ მის გვერდით მუდამ პატარა გოგონად გრძნობდა თავს. მოზარდს ასაკისთვის შეუფერებლად დინჯი და მკაცრი ხასიათი ჰქონდა. თან ისეთი სიტყვა-პასუხი ახასიათებდა, ზრდასრულ ადამიანს შეშურდებოდა. ყოველთვის პირდაპირ ამბობდა სათქმელს, რაც ხშირად უკმაყოფილებას იწვევდა ნათესავებში. დარიკოს არასოდეს ჰყოფნიდა გამბედაობა, მშობლებს დაპირისპირებოდა. სავანელს კი, აღრენილი სულას შეკავება შეეძლო, მაშინ როცა ახლოს მიკარებას ვერავინ უბედავდა. მოზარდი სანათესაოს „უხუცესებსაც“ კი აგრეხდა რქებს. მათი ატანა არ ჰქონდა და დარიკოს მშვენივრად მოეხსენებოდა მიზეზი - რაც სულამ „აურია“, მათი სახლის კარი, ყველამ გამოიხურა. არავინ ინტერესდებოდა მისი ცოლ-შვილის ბედით. ათასში ერთხელ, თუ დაურეკავდნენ გურანდას და ზედაპირულად მოიკითხავდნენ - „ახალი რა არის, შენკენ, გური?“, თორემ ძველი ათიანზე იცოდნენ! აქედან გამომდინარე, როცა იშვიათად ერთ მაგიდაზე მოხვდებოდნენ, მოზარდი დაუფარავი სიძულვილით აქილიკებდა, მათ პირფერულ „სიყვარულს“ და „რაც არ უნდა მოხდეს, შენს გვერდით მიგულე, სულა!“. მიუხედავად იმისა, რომ დარიკო ამის ხმამაღლა თქმას ვერასოდეს გაბედავდა, მშვენივრად ესმოდა ელის და ხვდებოდა რა ჯოჯოხეთშიც უნდა ეცხოვრათ ყოველდღიურად. ერთადერთხელ გახდა შემსწრე, როგორ გააფრინა სულამ და სასადილოდ გამზადებული მაგიდა, არაფრის გულისთვის ყველას თავზე დაამფხო. მაშინ, როცა შეშინებულ დარიკოს ერთიანად აცახცახებდა და ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები, მის წინ მჯდარი ელი, აუჩქარებლად შეექცეოდა სულას მიერ დაწუნებულ შემწვარ კარტოფილს და ცდილობდა გოგონას სახეზე არ გასცინებოდა. გურანდა კი, მაგიდაზე დაღვრილ სოუსს წმენდდა აკანკალებული ხელით და სტუმარს ებოდიშებოდა. იმ ერთ საღამოს სულ სხვა თვალით შეხედა „სავანელების ყოველდღიურობას“ და პირველად გაუგო ელს... დარიკოს უზომოდ უყვარდა გოგონა, ის ერთადერთი იყო მის გარემოცვაში, რომელსაც სიყალბის ნატამალი არ გააჩნდა. ყოველთვის, როცა შესაძლებლობა მიეცემოდა ხოლმე, სავანელს გულში იკრავდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა თავიდან მოიშორებდნენ. - გეყოფა!... ჩაიბურტყუნა და გოგონა ფრთხილად მოიცილა სხეულიდან. - გამაგებინებთ, რა ხდება? მრავლობითში კი იკითხა, მაგრამ მზერა დედამისზე გადაიტანა. ნამდვილად რაღაც მოხდა. გული მტკივნეულად შეეკუმშა. თუ სულამ, ისევ გააფრინა და დედამისს ხელით შეეხო... ხელები დაემუშტა. დაფიცებული ჰქონდა, შენი ბოლო და უკანასკნელი იქნებაო. ყველაზე უარესისთვის მოემზადა. - მამაშენი, პოლიციის მანქანის გატაცებისთვის დაიჭირეს! - უპასუხა გურანდამ გაწვრილებული ხმით. - ა? - თვალები აახამხამა, ხომ არაფერი მომეყურაო. ერთი ეგ იყო, შეკრული მუშტები უნებურად მოუდუნდა - რისთვისო? - მთვრალმა, პოლიციელს მანქანა მოპარა და დაუმტვრია. დაიჭირეს და ციხე ემუქრება! - გაიმეორა ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ელს სხეული ერთბაშად მოუდუნდა, მეტიც ისეთი საოცარი სიმსუბუქე იგრძნო, გეგონება ათასი კილო მოხსნეს მხრებიდანო. კარის ჩარჩოს ხელით მიეყრდნო, თავი ჩახარა და სიცილი აუტყდა. მარჯვენა ხელის ორი თითით თვალებს ისრესდა და თავშეუკავებლად იცინოდა. შეკრებილებმა ერთმანეთს გადახედეს. ვერცერთს ვერ გაეგო, რა იყო მომხდარში სასაცილო. ბოლოს, როცა სავანელი ცოტა დაწყნარდა, წელში გასწორდა და ისევ დედამის გაუსწორა თვალი, რომელიც დაბნეული მისჩერებოდა შვილს. - რომელმა იდიოტმა დატოვა საპატრულო მანქანა უყურადღებოდ? თან გასაღებით შიგნით? - ეს ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, - ჩაერთო საუბარში სულას ერთ-ერთი და, ნათია. - უკაცრავად? - ელს სახიდან ღიმილი წამში გაუქრა და გამანადგურებელი მზერით გახედა მამიდამისს - და რა არის, თქვენთვის, პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი? - ელ! - გურანდა დაიძაბა. - რა, ელ? რა, ელ?! - ხმაში სუსხი გამოერია - რისთვის მოეხირნენ? სვავები ცაზე მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა გვამის სუნს იკრავენ. ჯერჯერობით ყველა ცოცხალია და აქ რა დაგრჩენიათ, ვერ გავიგე?! - ელ, შეწყვიტე! - გურანდას სახეზე ჭარხლისფერი ედო. დანარჩენებიც არ გამოიყურებოდნენ უკან. შეურაცხყოფილი სახეებით ერთმანეთს უყურებდნენ. პირველმა დარიკოს დედამ მოიბრუნა პირში ენა. - არ, ვიცი, შვილო, ჩვენდამი საიდან გაქვს, ამხელა სიძულვილი, მაგრამ... - თქვენი შვილი არ ვარ, ქალბატონო! - შეაწყვეტინა ცივად - რაც შეეხება სიძულვილს... მხოლოდ მაშინ ჩნდებით ჩვენს სახლში, როცა რაღაც ხდება. როცა გურანდა გაშორებას აპირებს და შიშით კვდებით, რომ არანორმალური მამაჩემი თქვენი მოსავლელი გახდება! მეკითხებით, კიდეც საიდან ამხელა სიძულვილი?! რისთვის მოხვედით? გული შეგტკივათ? უკაცრავად, ვისზე?! საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერი გაინტერესებთ! არცერთს!!! - ელ... - დარიკომ ხელი გაიწოდა, გოგონასკენ, მაგრამ სავანელმა უხეშად აუკრა. - ნუ, მეხები! - შეუღრინა წყობიდან გამოსულმა - თქვენი ნათესავი თუ გედარდებათ, მიდით და გადაიხადეთ გირაო! გამოაშვებინეთ ციხიდან! აქ რისთვის მოხვედით?! არ გვჭირდება თქვენი „ემოციური მხარში დგომა“. თქვენ გარეშე გაგვაქვს თავი ყოველდღე და გავიტანთ ბოლომდე! - ელ, არ ხარ მართალი... - ისევ სცადა ბედი მამიდამისმა. - ფიქრობ?! - წაისისინა გესლიანად - სად არის დედაშენი?! მამაშენი?! სად არიან შენი მშობლები?! რატომ ერთხელ, ერთადერთხელაც არ დაინტერესებულან თავიანთი ვაჟის ჯანმრთელობით?! იქნებ, კვდება?! იქნებ, იმდენად გააფრინა, რომ ოჯახი ამოხოცა და მერე თავიც მოიკლა?! იცი, რომ შენმა არანორმალურმა ძმამ, კინაღამ ბებიაჩემი გამოასალმა სიცოცხლეს?! სად ხართ, მაშინ, როდესაც რეალურად ხართ საჭირო?! - ჯანდაბაში! მაშინვე ყველა თქვენგანის სახლის კარი იკეტება, სულას სიგიჟე კი მხოლოდ გურანდას პრობლემა ხდება! - მოვედით, რომ... - წამოიწყო ისევ სულას მამიდამ, მაგრამ წამში ჩააწყვეტინეს ხმა. - ფეხებზე , რისთვის მოხვედით! - წლების ნაგროვებმა ბოღმამ ყელში ამოასხა. შავი თვალები ბოროტად უელავდა - მოკლედ გეტყვით, არავის არაფერში სჭირდებით! გაიხურეთ კარი და საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ! გეყოფათ, დედაჩემის ტვინის ჭამა! - ელ... - გურანდა შვილს მაჯაზე შეეხო - საიმონს სძინავს, დე. შეაშინებ. თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. უეცარი ამოკიდან გამოფხიზლდა. დედამისს თვალებში შეხედა და თავი დაუქნია. მკერდი მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა. ზურგზე გადაუსვა ქალს ხელი და ბოროტი მზერა ისევ ნათესავებზე გადაიტანა. სულას მეორე დას, ნესტანს, საერთოდ არ ამოუღია ხმა. ენაჩავარდნილი ჩუმად იჯდა სკამზე და ყველას თვალს არიდებდა. - მოშორდით ჩემი სახლიდან! - ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით თქვა - და არცერთის ფეხი არ ვნახო ზღურბლს გადმობიჯებული, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ... ვაშლის ხიდან ნაყოფი შორს არ ვარდება, ხომ იცით?! დაამატა ავად, და მამიდამისს, ნათიას, გაუშტერა მზერა, რომელიც გოგონას გაფართებული თვალებით მისშჩერებოდა. სულას მამიდა უხმოდ იცრემლებოდა. ნესტანი კი სკამზე წრიალებდა, ერთი სული ჰქონდა იქაურობას გასცლოდა. დარიკოს ტუჩები უკანკალებდა. სავანელისგან მოშორებით იდგა და ძალიან უნდოდა გოგონას მოხვეოდა, მაგრამ მიკარებას ვერ ბედავდა. - დე... - გურანდამ რაღაცის სათქმელად გააღო პირი, მაგრამ ელმა მხარზე დაადო ხელი. - ყელში მაქვს ეს ცირკი... მართლა... - მობეზრებულმა სამზარეულოს თვალი მოავლო - მოშორდით აქედან! ნუ მაიძულებთ, სახლიდან ძალის გამოყენებით გაგყაროთ! - დედა, წამოდი! - დარიკო დედამის ჩააფრინდა იდაყვში და მოქაჩა - წავიდეთ. ყველანი წამოიშალნენ. გურანდას თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ ელისდა გასაკვირად ხმა არ გაუღია. უხმოდ იწმენდდა თვალებს და მზერა ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. სავანელმა ცერად გადახედა დედამისს და გულში გაიფიქრა - ნეტავ თავად რამდენჯერ გასჩენია იგივეს გაკეთების სურვილიო. სულ ბოლოს დარიკომ ჩაუარა გვერდით ელს, წამით მოზარდზე შეაჩერა მზერა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, თავი ჩახარა და თავისებს მიჰყვა უკან. კარის გაჯახუნების ხმამ აცნობათ, რომ არასასურველმა სტუმრებმა ბინა დატოვეს. - ასე არ უნდა მოქცეოდი, დე. - ჩახლეჩილი ხმით უთხრა შვილს, როცა მარტონი დარჩნენ - მათი ბრალი არ არის. - ცდები დედა, - მოღლილი ჩამოჯდა დედამისი წინ - დიდი ხნის წინ უნდა გამეპანღურებინა ყველანი სახლიდან. ბებიასა და ბიძაჩემების გარდა არავის არაფერში ადარდებს ჩვენი ბედი. შენი უბედურებით ტკბობის უფლებას კი აღარ მივცემ, მხოლოდ იმიტომ რომ „სხვანარიად არ გამოდის“. თუ რომელიმე ისევ გაბედავს ჩვენს სახლში ფეხის შემოდგმას, ასეთი ზრდილობიანი აღარ ვიქნები. - ასეთი ხასიათი ჩემგან არ გაქვს... - წარბი აზიდა გურანდამ. ელს ჩაეღიმა. - მარტო შენი შვილი არ ვარ, როგორც არ უნდა მინდოდეს. გურანდას სახე ისევ მოეღრუბლა. სულა მოაგონდა და თვალები ისევ აეცრემლა. - მამაშენის ციხეში ყოფნა არ იზამს, დე... - ხმაში ცრემლი გამოერია - ცუდად არის. მართლა ავად არის. იქ უარესს დამართებენ. მერე კი, მართლა ვეღარაფერს ვუშველით. ელს ხელისგულზე ნიკაპი დაეყრდნო და დედამისს უხმოდ აკვირდებოდა სახეზე. ამოუცნობი ემოციები დაცურავდნენ ნახშირივით შავ სფეროებში. - გულწრფელად მითხარი, მართლა გჯერა, რომ სულას უშველი? - სანამ ადამიანი ცოცხალია, ცდად ყოველთვის ღირს. - უპასუხა გურანდამ და შვილს ლოყაზე მიეალერსა - შენ არ გახსოვს მამაშენი, როგორი იყო თავდასხმამდე. იდეალური არასოდეს ყოფილა, ეჭვიანი ხასიათი აქვს, მაგრამ... მაგრამ ყოველთვის ვუყვარდით, დე. - მაპატიე, რომ ამას გეუბნები, მაგრამ ილუზიებში ცხოვრობ, დედა. ეჭდები იმას, რაც იყო, მაგრამ არ შეგიძლია მიღება იმის რაც დღეს გვაქვს. მას აღარაფერი ეშველება და ეს თვითონაც იცის... გელოდები, როდის გაუსწორებ თვალს რეალობას და ძალიან დიდი იმედი, მაქვს რომ შენი სიჯიუტე რომელიმე ჩვენგანს ფატალურ შედეგამდე არ მიიყვანს... ****** „ბარონი“ სულას დაპატიმრებამ ელს დროებითი სიმშვიდე მოუტანა. ნათესავებთან კონფრონტაციის შემდეგ, საძინებელში გავიდა, „პანდორას ყუთი“ საწოლის ქვეშ შეაგდო და მოქანცული დასაძინებლად მიწვა. ბოლოს ასე ღრმად და გემრიელად როდის ეძინა, არც კი ახსოვდა. თვალი რომ აახილა საღამოს ექვსი საათი ხდებოდა. როდესაც ტელეფონს დახედა კინაღამ საწოლიდან გადმოვარდა. მაშინვე წამოფრინდა და აბაზანაში გავარდა თავის მოსაწესრიგებლად. გზად დედამის ჩაუქროლა, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა. ადვოკატს ეძებდა სულას ციხიდან დასახსნელად. საიმონი კი, თავის სკამზე იჯდა და ვახშამს შეექცეოდა. დის დანახვაზე დიდი, შავი, ბრდღვიალა თვალები იმედით ააჭყიტა, მაგრამ ხელების გაპარჭვა ვერ მოასწრო, ისე ჩაურბინეს გვერდით. სამაგიეროდ მხიარულად ახითხითდა, როცა ელი სიჩქარეში, აბაზანის ზღურბლს წამოედო და წყევლა-კრულვას მოჰყვა. კბილები სწრაფად გაიხეხა და ჭუჭყიანი ტანისამოსი გასარეცხების კალათაში ჩაუძახა. უკან მოკლემკლავიანი მაისურისა და საცვლის ამარა გამოვიდა. საიმონმა მაშინვე დრო იხელთა და პატარა ჭიაყელასავით გაიწელა დისკენ. - დაიი! - ქვეშაფსია! ძმა ხელში აიტაცა და სახე დაუკოცნა. საიმონი გულიანად ახითხითდა და გოგონას კისერზე მოეხვია. პაწია ფეხები მუცელზე შემოაჭდო და ტკიპასავით მიეკრა, რომ ემანდ ისევ ძირს არ დაესვათ. - რატომ არ გამაღვიძეთ? მთელი დღე ქარს გავატანე! - ისე ღრმად გეძინა, შემეცოდე, - გურანდა ხვნეშით მიუჯდა მაგიდას - ადვოკატი ვიშოვე. მამაშენის საქმეს მიხედავს, მაგრამ ბევრს ითხოვს. არ ვიცი, მაღაზიიდან ამოღებული ფული, თუ გვეყოფა. - და უბრალოდ, რომ დატოვო სადაც არის და ჩვენ მშვიდად ცხოვრების საშუალება მოგვცე, არა? - ელმა საიმონს ცხვირზე ნაზად უკბინა. ბავშვს სახე დაემანჭა და ორჯერ დააცემინა. სავანელს გაეცინა. - მამაშენს უპატრონოდ ვერ დავტოვებ, ჩვენს გარდა არავინ ჰყავს. - და ვინ უთხრა პოლიციელს მანქანა აახიეო?! ზრდასრულმა ადამიანმა საკუთარ ნამოქმედარზე პასუხი უნდა აგოს! არ უნდოდა თავისუფლებაზე და იყოს ახლა ოთხ კედელში. შენ, რატომ უნდა მოაკლო შენს შვილებს საჭმელი, რომ მისი ჩასვრილი გამოასწორო?! გურანდა დადუმდა. ელსაც აღარ გაუგრძელებია საუბარი. საიმონი ისევ სკამზე დააბრუნა უკმაყოფილოდ აყუყუნებული და საძინებელში გავიდა ჩასაცმელად. გარდერობიდან სწრაფად აარჩია მოსახერხებელი სამოსი. თბილი კაპიუშონიანი ბლუზა გადაიცვა და ტელეფონს წამოავლო ხელი. მისდა გასაკვირად არავის მოუწერია და არც დაურეკავთ. კონტაქტებში შუკვანის ნომერი ამოარჩია და გადარეკა. არავინ უპასუხა. კიდევ ერთხელ სცადა დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. გაღიზიანებულმა ტელეფონი ჯიბეში შეინახა და ოთახიდან გავიდა. - დედა, მე კიტასთან ვიქნები. თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე. - ძალიან არ დააგვიანო. - მიაძახა სადარბაზოში გამოსულს. ელმა კარი გამოიხურა და კიბეებზე დაეშვა. გარეთ გამოსულს ცა მოღრუბლული დახვდა. წვიმას აპირებდა. თავზე კაპიუშონი წამოიფარა და აჩქარებული ნაბიჯით გაუდგა გზას. ის იყო ჩიხში შეუხვია, რომ ადგილზე გაიყინა. უზარაზარი ლითონის ნაგვის ურნაზე არც მეტი არც ნაკლები ავალიანი შემომჯდარიყო. გვერდით მჯდარ შავი ლამაზა კატას, აუჩქარებლად ეფერებოდა პრიალა ბეწვზე. - უბნის ინსპექტორად გადმოხვედი, ავალიანი? - წარბები მაღლა აზიდა გაკვირვებულმა - წარამარა ფეხებში მებლანდები! - თუ შენს შეყვარებულთან მიიჩქარი, სულ ტყუილად. სახლში არ არის. - შუკვანი, არ არის ჩემი შეყვარებული! - შეუსწორა მექანიკურად - და რა იცი, რომ სახლში არაა? პირად მდივნად, როდის მერე დაგნიშნა? - აქეთ, რომ მოვდიოდი, თვალი მოვკარი, როგორ ჯდებოდა მანქანაში ძმაკაცებთან ერთად. ელს თვალები უნდობლად მოეწკურა. ჯიბეში ხელი ჩაიყო და ტელეფონი ამოაძვრინა. კიტას გადაურეკა და აპარატი ყურზე მიიდო. ავალიანი ღიმილით მისჩერებოდა მოსაუბრეს, თან კატას ყურის ძირებში ეფერებოდა. ბეწვიანი კმაყოფილი კრუტუნებდა და სიამოვნებისგან თვალებს ლულავდა. სავანელი გაღიზიანდა, როცა ავტომოპასუხემ ისევ ჯიუტად აცნობა, ოპერატორთან დაკავშირება ვერ ხერხდებაო. რატომ გამორთო ტელეფონი? თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, რატომ არაფერი უთხრა, ელს?! როდის აქეთ იყო, რომ ერთმანეთს რამეს უმალავდნენ? მერე სავანელს მოაგონდა, რომ შუკვანს არც ბინის დაკარგვაზე დაუძრავს სიტყვა. რომ არა სოფოსთან კამათი და გაბრაზებულ გულზე წამოსროლილი საყვედურები, ეტყოდა კი საერთოდ? ხვდებოდა, რომ ბინის პრობლემის მოგვარებას ცდილობდა. იცნობდა მეგობარს, ზედმეტად ამაყი და ჯიუტი იყო, ამ საქმეში ელი გაერია. გაწბილებულმა ტელეფონი ჯიბეში შეინახა. ბიჭისთვის ზედ არ შეუხედავს, წასასვლელად შებრუნდა, მაგრამ ავალიანის სიტყვებმა შეაჩერეს. - რა გესაქმება, კახაძესთან? - ყბადაჭიმული ისევ ბიჭისკენ შებრუნდა. - და შენ, საიდან იცნობ? „დელავერში“ დამეგობრდით? - ჰკითხა ღვარძლიანად. - ჩვენ უფრო დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს... - ლურჯი თვალები გამომწვევად წამოენთო - ძალიან დიდი ხნის... - გასაგებია... თავი დაუქნია და უცნაურად გაეღიმა. თავი ჩახარა და ბიჭს ორი ნაბიჯით მიუახლოვდა. ლითონის ნაგვის ურნის წინ შეჩერდა და თითქოს რაღაცაზე გამალებული ფიქრობსო, ერთხანს დადუმდა, შემდეგ თავი ასწია და ნახშირივით შავი თვალები მოსაუბრის ლურჯ სფეროებს გაუსწორა. - თუ ვცდები შემისწორე... - წამოიწყო მშვიდად - არეშიძეს დანა დაარტყი... შეგეძლო მოგეკლა, მაგრამ მსუბუქად დაჭერი, რადგან ერთი თვეც არ გასულა, ტიპი სკოლაში მობრუნდა უკან. შემდეგ კი, ისევ ვერ შეიკავე თავი და ყველას თვალწინ გაუსწორდი. როცა დანა გაუყარე... შეშინება გინდოდა, მაგრამ საკითხავია, თავად არეშიძის თუ... - თავი გვერდით გადახარა - თუ, მამამისის? შევამჩნიე, რომ პატარა „ბიჭებთან“ არ „მეგობრობ“. შენ მსხვილ თევზებს უტრიალებ. ამიტომ დაწანწალებ „დელავერში“? მიხეილ არეშიძის გამო? მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არ არის, ხომ ასეა? თავად ახსენე, კახაძე. ეს ორი კი, უხეშად რომ ვთქვათ, ერთ განავალს ჭამს ერთი თასიდან. მიჩნდება ლოგიკური კითხვა, ავალიანი... რა იყო... კანალიებზე ნადირობ? ავალიანი ასეთ შეჯამებას არ მოელოდა. სახეზე გაკვირვება და აღფრთოვანება ეწერა. სავანელი დაკვირვებით შეათვალერა, კატას თავი ანება და წინ გადმოიხარა. მოკეცილ ფეხზე ხელი გაშალა და გოგონას მწველი მზერით მიაჩერდა. - იცი, ელ... - წამოიწყო ხმადაბლა - სამწუხაროდ, თუ საუბედუროდ, ერთ ენაზე ვსაუბრობთ. სავანელმა ბიჭს სახე მოუთვალიერა. იმდენად ახლოს იდგა მოსაუბრესთან, მის საფირონებში საკუთარ ანარეკლს ამჩნევდა. ავალიანიც ხარბად შესცქეროდა გოგონას, მანამდე მისი მსგავსი არავინ შეხვედრია. წესიერად არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა იმ წამს, როცა ნახშირივით შავი სფეროების სიღრმეებში იცქირებოდა, მათში მონათესავე სულს ხედავდა. თითები აეწვა ისე მოუნდა შეხება, მაგრამ გული მტკივნეულად შეეკუმშა. ხელი მომუშტა, რომ ცდუნებას გამკლავებოდა და ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა. - ესე იგი, სწორად მივხვდი... - წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა ელს. - შეამჩნევდი, რომ კახაძე, შენით დაინტერესდა. - თემა შეცვალა - ხვდები, რომ ამას კარგი არაფერი მოჰყვება? - არ გკითხავ, საიდან იცი-მეთქი, - თვალები მოეწკურა - სულელური კითხვა იქნებოდა. შენ ხომ უთვალთვალებ? ის კი, ხშირად დგას თავისი იდიოტური მანქანით ჩემს უბანში. ამიტომ პატრულირებ ახლომახლო? ავალიანს არაფერი უთქვამს. მსხვილ ტუჩებზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა. ელმა ესეც თავისი თეორიის დასტურად მიიღო და წელში გასწორდა. მოსაუბრეს სულ სხვა თვალით შეხედა. მართლაც ჰქონდათ, რაღაც საერთო... - მხოლოდ, ერთი რამ ვერ გავიგე... - ნუთუ? ისედაც გამაკვირვე, შენი დაკვირვებულობით. პატარა გოგონას კვალობაზე, ტვინი სხვანაირად გიმუშავებს. ელმა მოწყალებით გადახედა. ბიჭს გაეცინა, მის მუქ საფირონებს, კი სითბო ჩაუდგათ. დაუფარავი ინტერესით შესცქეროდა მოზარდს, რომელმაც მასზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა. - მითხარი... - წამოიწყო სავანელმა - რა გინდოდა, მკვლელობის ადგილზე? რაში გჭირდებოდა ორიგამი? ატმოსფერო წამში შეიცვალა. ორ შორის დაძაბულობა თითქმის ხელშესახები გახდა. ავალიანი ისევ მოიქუფრა. გამოხედვა სუსხიანი და პირქუში გაუხდა. ელმა მარტივად შეამჩნია მასში მომხდარი უეცარი ცვლილებები და თვალები კიდევ უფრო დაუვიწროვდა. - ეს კი ის თემაა, რაზეც საუბარი არ გინდა... - თავისივე კითხვას თავადვე უპასუხა. - გასაგებია, არ გეძიები. ავალიანს დაძაბული მხრები მოუდუნდა. ყბაზე დაჭიმული კუნთი ოდნავ შეერხა, სავანელს მზერა მოარიდა და განზე გაიხედა. ენას ღეჭავდა მდუმარედ. - აქ რას აკეთებ? - თემა შეცვალა ელმა, როცა მიხვდა წინ მჯდომი სიტყვის თქმას არ აპირებდა - კახაძე უბანში არ დამინახავს. რისთვის მოხვედი? - შენი ნახვის იმედი მქონდა. - უპასუხა მოულოდნელად და გოგონას თვალი გაუსწორა. - და რა მიზეზით? - დაეჭვდა. - რაღაც მაქვს სათქმელი... - ჰოდა, გისმენ! - წელში გასწორდა და ყურადღებად იქცა. - შენს მეგობარს... - წამოიწყო და წამწამებს ქვემოდან გახედა მოსაუბრეს - ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს არეშიძესთან! ეს ავადმყოფური კავშირი უნდა შეწყდეს, სანამ ღრმად შეუტოპავს წუმპეში! ელს წამში დაედო მკვდრის ფერი. კი მაგრამ, საიდან გაიგო ავალიანმა? დაინახა, როგორ ხვდებოდა ნიცა არეშიძეს? რას ნიშნავდა „ზედმეტად ახლო“ ურთიერთობა? ნიცამ, ბოლომდე სიმართლე არ უთხრა? სისხლმა ტვინში აასხა. - შენი სახიდან გამომდინარე, ვხვდები რომ ამის შესახებ უკვე იცოდი... - დღეს დილას გავიგე... ახლოს არ გაეკარება! გამორიცხულია, მაგის საშუალება მივცე! - ვიცოდი, რომ ჩაერეოდი... - თავი დაუქნია - გასაფრთხილებლად მოვედი. ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც გგონია, ელ. წარმოდგენა არ გაქვს, ვინ არის სინამდვილეში არეშიძე. მან უკვე აარჩია მსხვერპლი და უკან არაფერზე დაიხევს, სანამ თავისას არ მიიღებს. - რას გულისხმობ? - ნერვებისგან ხელისგულები გაუოფლიანდა. - არეშიძეს გეგმა აქვს. შენი სულელი მეგობარი კი, მხოლოდ ამ გეგმის ნაწილია. - გარკვევით ილაპარაკე! რა გეგმაზე საუბრობ? ავალიანი ნაგვის ურნიდან ჩამოხტა. შავი კატა კი ადგილიდან არ განძრეულა, ინტერესით მისჩერებოდა ორს. ბიჭი სავანელს წინ აესვეტა, ყოველი შემთხვევისთვის მიმოიხედა და რომ დარწმუნდა, ჩიხის კედლების გარდა, ორს არავინ უსმენდა ხმადაბლა განაგრძო საუბარი: - არეშიძე პატარა გოგონებით ვაჭრობს, ელ! ჭორად გაიგებდი, ბორდელში რომ ქალები ჰყავს, არცერთი არ მუშაობს იქ თავისი ნებით და ეს მითი სულაც არ არის! სხვადასხვა ქვეყნებიდან ჰყავს გატაცებული. ზოგს სწორედ ისე დაახვია თავბრუ როგორც შენს მეგობარს. ზოგს კარგ სამსახურს ჰპირდებოდა. ატყუებდა, რომ სამოდელო სააგენტო ჰქონდა და უცხოეთში დასაქმებას სთავაზობდა. თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის გამოუცდელი ბავშვები, მარტივად იჯერებდნენ მის ტყუილებს. გზად პასპორტებს ართმევდა და უცხო ქვეყანაში ცხვრებივით ერეკებოდა. მისი ალფონსები ტყვეებს სასტიკად ექცეოდნენ - აუპატიურებდნენ, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ! რამდენიმე მათგანმა წამებას ვერც კი გაუძლო და დაიღუპა, სანამ „საქონელს“ საქართველოსში ჩამოზიდავდნენ. არეშიძე ხორცშესხმული სატანაა, რომელიც სხვის შვილებს იპარავს და სექსუალურ მონებად ყიდის! გგონია, „დელავერი“ მისი ერთადერთი ბუნაგია? ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია მოდებული შავი ჭირივით! - შენ... - გაშტერებული უსმენდა ბიჭს. ყელი ისე საშინლად გაშრობოდა, ბგერების წარმოთქმა უჭირდა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა - საიდან იცი ეს ყველაფერი? - თბილისში მასზე საქმეა აღძრული, რომელსაც ბიძაჩემი უძღვება. გამოძიებას არ ახმაურებენ. არეშიძე ზედმეტად ჭკვიანი და გაიძვერაა. ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ. „დელავერში“ კი იმიტომ დავდიოდი, რომ გოგონებთან გასაუბრების საშუალება მქონოდა. დაცვა კლიენტურას აკონტროლებს. პატარა ქალაქია ყველა ყველას იცნობს. თუ ხვდებიან, რომ შეიძლება კონკრეტულმა პიროვნებამ პრობლემა შექმნას, დაწესებულებაში არ უშვებენ. თუ ვინმე მაინც დაიგრძელებს ენას, უყოყმანოდ აქრობენ. - და შენ მთავარი გამომძიებლის „შვილი“ შიგნით რანაირად შეგიშვეს? - ბიძაჩემს იცნობენ, მაგრამ მის „შვილს“ არა. აქ ახალი გადმოსულები ვართ. ერთად არსად ვჩნდებით. ბევრმა არც კი იცის, როგორ გამოვიყურები. „დელავერში“ უარი ამიტომ არ მითხრეს. თან სკოლის ასაკის ვარ, მათთვის საფრთხეს არ წარმოვადგენ. ერთი ეგ იყო საბუთები, რომ გამიჩხრიკეს ასაკის შესამოწმებლად, მეგონა დავიწვებოდი. - მაგრამ? - გამიმართლა, იმ მოზვინულ ტიპს გვარისთვის არც დაუხედავს ნორმალურად, მხოლოდ ასაკს უყურებდა. ან შეიძლება შეამჩნია კიდეც, მაგრამ აზრზე ვერ მოვიდა. როგორც უკვე გითხარი ბიძაჩემი ქალაქში ახალია. პოპვარსკვლავი არ არის, ყველა იცნობდეს. - და ბიძაშენმა იცის, რომ ცეცხლს ეთამაშები? - ჰკითხა გაფითრებულმა. - ეს ახლა ყველაზე ნაკლებად უნდა გადარდებდეს. - მრავალმნიშვნელოვნად აზიდა წარბები - შენს მეგობარს სერიოზული პრობლემა აქვს და თუ რამეს არ მოვიფიქრებთ, უბრალოდ რამდენიმე დღეში, კვირაში, ან თვეში უკვალოდ გაქრება. მის ასავალ-დასავალს კი ვერავინ ვერასდროს გაიგებს და თუ არეშიძე იყნოსებს, რომ გოგონა მისი კლანჭებიდან დახსნას მოინდომებს... მაშინვე მოქმედებაზე გადავა. ელს ცივმა ოფლმა დაასხა. იცოდა, რომ მიხეილ არეშიძე საშიში კრიმინალი იყო, მაგრამ რეალურად წარმოდგენაც არ ჰქონდა, რითი იყო დაკავებული. თითქოს სამყაროს ხმა გამოურთესო, ყურები დაუგუბდა და ტვინში წივილმა იმატა. თვალები დაეხუჭა. სულელი, ნიცა! სულელი, გოგო! წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა შარში გაყო თავი! ელი, გულისრევამდე მიჰყავდა წარმოსახვას, რომ შეიძლებოდა ოდესმე ნიცას „დელავერის“ გოგონების მსგავსი ბედი შემთხვეოდა - სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელი. - რას იგულისხმე, როცა მითხარი „მოვიფიქრებთო“? - ალბათ, არ ფიქრობ, რომ მარტო თავს გაართმევ არეშიძის მსგავს პირანიას, მაშინ როდესაც თბილისის მთელი სამმართველო თავს ვერ მოსდის, მაგ ნაბიჭვარს! - და რა, ორი სკოლის მოსწავლე მარტივად „გავაგორებთ“? - იკითხა სარკასტრულად. - შეგვიძლია ვცადოთ, ან უბრალოდ უფლება მივცეთ, მორიგი მსხვერპლი თვალწინ აგვაცალოს! - უპასუხა გამომწვევად - პლუს ამას, ნიცა რაიმეს მაინც გეტყოდა, რაც შეიძლება გამოგვადგეს. სულ მცირე დეტალიც კი შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს. - ბიძაშენი ვერ დაგვეხმარება? - წამოაყენა უფრო რეალური კანდიდატურა. - პოლიცია გამორიცხე ამ საქმეში, ელ! როგორ ავადმყოფურადაც არ უნდა ჟღერდეს მხოლოდ „კონტაქტისთვის“ არეშიძეს ციხეში არავინ გაუშვებს. მისი ადვოკატები წამში შეუკერავენ პირს საქმეს. მერე კი... მერე სიტუაცია მართლა დამძიმდება. შენს მეგობარს ისე გააქრობს, ვერავინ აზრზე ვერ მოვა და ვერც ვერავინ ვერაფერს დაუმტკიცებს! „მოულოდნელობის ეფექტი“ ჩვენი ერთადერთი შანსია. სავანელი წარბშეკრული ჩაფიქრდა. ნიკაპზე ნერვიულად მოისვა ხელი. ნიცას წერილები ჯერ კიდევ ჰქონდა სახლში. შეეძლო პოლიციისთვის ეჩვენებინა. ეს პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა, იმისა, რომ პედოფილი პატარა გოგონას „ეჩალიჩებოდა“, მაგრამ... ავალიანი ერთ რამეში არ ტყუოდა. ქალაქის პოლიციის განყოფილება ყურებამდე ნეხვში იჯდა. ერთი მერცხლის ჭიკჭიკი, კი გაბრიელ ავალიანის სახით, შავი ღრუბლებით მოქუფრულ ქალაქში გაზაფხულს ვერ მოიყვანდა! - იდეა მაქვს, მაგრამ ეს დიდი ხნით ვერ შეაკავებს - ყოყმანით ახედა ბიჭს. - ნებისმიერი საშუალება მისაღებია, ცოტახნით ყურადღება, რომ გადავატანინოთ, დანარჩენი გზაში გამოჩნდება. გისმენ! ელმა ავტომატურად მიმოიხედა. გამუდმებით ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ უხილავი სტალკერი შორიდან უთვალთვალებდა. უსიამოვნო შეგრძნებამ კისერზე კანი აუბურძგნა. ინსტიქტი მთელი ხმით ჩაჰკიოდა სიფრთხილეს. ჩაახველა, ბიჭს ახედა და თავისი გეგმა გაანდო, რომელიც ჯერ კიდევ დილას მოუვიდა თავში აზრად. ავალიანი რაც უფრო მეტს ისმენდა, მით უფრო უღრმავდებოდა წარბებს შორის ნაოჭი. სავანელმა თხრობა, რომ დაასრულდა, ცოტახნით დუმილი ჩამოწვა ორს შორის. - მართალი ხარ, ეს მას დიდხანს ვერ შეაკავებს - ფიქრიანად მოისრისა ნიკაპი - თუმცა... ბიძაჩემს პრეტექსტი ექნება, ცოტა ხნით თავისთან „დაიტოვოს“, მაგრამ ხვდები, რომ შენი გეგმა შენს მეგობარს უშუალო დარტყმის ქვეშ აყენებს? არეშიძე მიხვდება, რომ მოუწყეს! - სხვა გამოსავალს თუ ხედავ, ყურადღებით გისმენ! ავალიანი წამით დადუმდა. ფიქრიანად მოავლო თვალი ჩიხს. სახეზე ეწერა, რომ არანაირი იდეა არ მოსდიოდა გონებაში. დოინჯშემორტყმული ქვედა ტუჩს კბენდა ნერვიულად. მზერა შავ კატაზე გაუშტერდა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მშვიდად იჯდა ბუნკერზე და ლამაზი მწვანე თვალებით ინტერესით შესცქეროდა ორს. ბოლოს გაღიზიანებულმა ისედაც გადაჩეჩილი თავი უარესად აიჩეჩა და მზერა სავანელზე გადაიტანა. - თუ გვინდა შენს გეგმას აზრი მიეცეს... ჯერ კახაძე უნდა ჩამოვიშოროთ გზიდან. მარჯვენა ხელის გარეშე მოქმედება გაუჭირდება. ეს ყველაფერი კი, მარტივი არ იქნება. დიდ საფრთხეში ვიგდებთ თავს, ჩვენი გეგმა თუ ჩაფლავდება გაგვაქრობენ! ელმა თავი ჩახარა. მამამისმა ციხეში ამოჰყო თავი, რაც ერთს ნიშნავდა მხოლოდ - ის კახაძესთვის ვალის დაბრუნებას ვერანაირი გზით ვერ შეძლებდა. მელოტი უკვე დაემუქრა ელს, რომ თუ სულა ვალს არ დაუბრუნებდა, პასუხს მის ოჯახს მოსთხოვდა! რა უნდა ექნა? დედამისი მორიგი დარტყმის ქვეშ დაეყენებინა? თუ საკუთარი თავი? მშვენივრად ახსოვდა მელოტის ავადმყოფური მზერა, როგორი თვალებით უყურებდა და ზიზღისგან ტანზე ეკლებმა დააყარეს. ვერ იჯდებოდა უქმად და ვერ დაელოდებოდა, როდის გადავიდოდა მტერი შეტევაზე. კახაძისგან თავდასხმა კი, მხოლოდ დროის საკითხი იყო და მეტი არაფერი... თავი ასწია და პირქუშად წარმოთქვა: - ჰოდა, ისე ვქნათ, რომ ჩვენი გეგმა არ ჩაფლავდეს! სასწორზე ძალიან ბევრი დევს... ამბობენ კატებს ძლიერი ინტუიცია, შესანიშნავი სმენა და ადამიანების ემოციების იდეალურად აღქმის უნარი აქვთო. ამჩნევენ ისეთ დეტალებს, რაც ხშირად ადამიანის თვალისთვის უხილავი რჩება... შავმა „ბარონმა “ , მოუთმენლად აათამაშა კუდი. მხოლოდ ის ერთი სულიერი იყო შემსწრე ორის სახიფათო გეგმის. ჭროღა მწვანე თვალებს ხან ერთს მიანათებდა ინტერესით, ხან მეორეს. შავი დრუნჩით ჰაერს ყნოსავდა - გრძნობდა ბეწვიანი, რაღაც ძალიან ცუდი უნდა მომხდარიყო... *ბარონი* - ბარონ ჰუმბერტ ფონ ჯიკინგენი, Studio Ghibli-ს ანიმაციური ფილმის პერსონაჟი. ბარონი არის ანთროპომორფული (ადამიანის თვისებების მქონე) კატის ფიგურა, რომელიც დღისით ანტიკვარიულ მაღაზიაში ჩვეულებრივ ქანდაკებად დგას, ხოლო ღამით ცოცხლდება. ****** „საბედისწერო შეცდომა“ ელი მეორედ რომ გამოჩნდა, გოგოლაძეების კარის ზღურბლზე იმავე დღეს, ასმათი სერიოზულად ანერვიულდა. ხვდებოდა, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა, თან კითხვის ეშინოდა. - ელ... - გვერდით გადგა და გოგონა სახლში შეუშვა - დედი, გამაგებინე რა ხდება? არ დამიმალო, შვილო... ნიცა არაფერს, მეუბნება, ოთახიდან არ გამოდის! აღარ ვიცი რა ვიფიქრო. - მაპატიე, თინა დეიდა, რომ სადარდებელი გაგიჩინეთ. ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო. ხომ იცი, შეგიძლიათ მენდოთ. - ვიცი, შვილო, ვიცი, მაგრამ ჩემი თავქარიანი შვილი მედარდება. მითხარი, რამე შარში გაეხვა, ხომ ასეა? დილის აქეთ გული მოუსვენრად მიცემს. - ყველაფერი რიგზეა... ყველანაირად გაურბოდა ამ ორი სიტყვის წარმოთქმას, მაგრამ სხვანაირად უკვე აღარ შეეძლო. ჯერჯერობით პირში წყალის ჩაგუბება არჩია. შეხედავდა, თუ სიტუაციაზე სრულიად დაკარგავდა კონტროლს, სხვა გზა არ დარჩებოდა. ნიცას მშობლებს სიმართლეს ეტყოდა, ისევ და ისევ ნიცას დასაცავად! - ნიცა თავის ოთახშია? - კი, შეგიძლია შეხვიდე. ეს კი უთხრა, მაგრამ სტუმარს შეწუხებული მზერა გააყოლა და შუბლშეჭმუხნულმა გულის მხარეს მკერდი დაიზილა. ელმა მაშინვე მეგობრის ოთახში შეაჭრა. ნიცა ისევ საწოლში იწვა. საბანი ნიკაპამდე აექაჩა. ცხვირის წვერიდან კი ცრემლი წვეთავდა. თვალებდასიებულს ეტყობოდა, მეგობრის წასვლის შემდეგ ბლომად ეტირა. - ელ... გოგონამ როგორც კი სავანელი შეამჩნია მაშინვე წამოჯდა საწოლზე, თვალები კი ცრემლებით აევსო. - ნიცა... - სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა - ყურადღებით მომისმინე რასაც ახლა გეტყვი! - ელ, რა ხდება... - შიშისგან ტუჩები აუცახცახდა. - ამჯერად დიდ შარში გაყავი, თავი, პრინცესა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დაგიცვა, მაგრამ უნდა დამეხმარო. - ელ, რას ლაპარაკობ??? - კიდევ უფრო მოეღრიცა ტუჩები და ცხელი ცრემლები გადმოსცვივდა - ვიცი, რომ ანგელოზი არ არის, მაგრამ... - არა, ნიცა, შენ ვერ ხვდები რას გეუბნები! - ნიცამ ისევ გააღო პირი, რაღაცის სათმქელად მაგრამ ელმა ხელის აწევით შეაჩერა - არ გამაწყვეტინო! ის მანიაკი საშიში ტიპია, შენი ასაკის გოგონებს სექსმუშაკებად ყიდის! სიმართლეს მხოლოდ იმიტომ გიმხელ, რომ ვხედავ ვერ იაზრებ პრობლემის სერიოზულობას! შენში მხოლოდ სარფიან გარიგებას ხედავს! ისე გაგაქრობს, შენი მშობლები შენს კვალსაც ვერ მიაგნებენ! - ელ, რას მეუბნები???? - მდუღარე ცრემლები აწვიმდა ტირილისგან შეშუპებულ სახეზე. - სიმართლეს! - გამოსცრა კბილებში - არ მომატყუო, მითხარი, გარდა წყაროსა, სხვანაირადაც ხომ არ ეკონტაქტები? ტელეფონზე გირეკავს? - არა... არა - თავი გააქნია მაშინვე - მითხრა, რომ ძალიან სახიფათო იქნებოდა ორივესთვის. მხოლოდ წერილებს მიტოვებს ხოლმე წყაროზე, მე კი ვპასუხობ და ჩემს შეტყობინებასაც იგივე ადგილზე ვდებ ხოლმე. ესაა და ეს. - ახლა შემოგარტყამ! - ბრაზმა აუწვა გულმუცელი - ვის წერდი ღამით, როცა შენთან დავრჩით? - რა? - დაბნეულმა წამით ტირილიც კი შეწყვიტა და თვალები აახამხამა. - დაგინახე, გვიან ღამით ვიღაცას სწერდი ტელეფონზე! გინდა დამაჯერო, რომ მარტო იმ იდიოტურ და ავადმყოფურ წერილებს გიგზავნის?! ნიცა, ნუ მატყუებ! სავანელს ისეთი სახე გაუხდა გოგოლაძეს გვარიანად შეეშინდა. დამფრთხალმა ფეხები მოიკეცა და ხელები ძლიერად შემოაჭდო. სამალავი მოამზადა, რათა სახე მუხლებში ჩაერგო და მეგობრის მწველ მზერას გაქცეოდა. - მხოლოდ რამდენჯერმე მომწერა... - ამოიკნავლა გაუბედავად და მოიკუნტა. - მხოლოდ რამდენჯერმე... - გაიმეორა გესლიანად - და მხოლოდ გაკოცა, არა? გოგოლაძეს წამში გაუქრა სიწითლე და სახეზე მიწისფერი დაედო. ელმა გოგონას თვალებში ცხოველური შიში ამოიკითხა. - გყოფნის სინდისი, თვალებში მიყურებ და მატყუებ, ნიცა... - თავი გააქნია და წელში გასწორდა. სხეულში სიცარიელე იგრძნო, თითქოს ყველა ორგანო აუორთქლდა - ვხედავ, რომ შენ უბრალოდ ჩემი არ გჯერა. - მჯერა, რომ ჩემთვის მხოლოდ კარგი გინდა... - ამოიჩურჩულა აცახცახებულმა - მაგრამ... ელ, ბევრი ვიფიქრე... ადამიანი, რომელიც შენ ამიღწერე... საერთო არაფერი აქვს იმ მამაკაცთან, ვისაც მე ვიც... სავანელს თვალზე ბინდი გადაეკრა. ხელიც კი შემართა, რომ გემრიელად შემოელაწუნებინა გოგოლაძისთვის, მაგრამ ჰაერში გაუშეშდა. ვერ შეძლო... არ შეეძლო... სულას არ ჰგავდა! თუმცა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა ნიცასთვის, რომ ხმა ჩაეკმინდა. შიშით გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა წინ მდგომ მეგობარს და გული ფეთიანივით უცემდა. სავანელის ასეთი სახე არასოდეს ენახა. - რას იზამ? - ჰკითხა ხმააკანკალებულმა. ცრემლები ნიკაპზე წვეთავდნენ - დამარტყამ, ელ? როგორც მამაშენი ურტყამს დედაშენს? ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ირონიულია პირდაპირ, რომ ყველაზე დიდ ნგრევას არასოდეს აქვს ხმა, მაგრამ შედეგი... ხშირად მომაკვდინებელია. ორს შორის რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გატყდა. ელს ნიცასგან განსხვავებით სახეზე არაფრისმთქმელი გამომეტყველება შეჰყინვოდა. ხელი დაუშვა და მშვიდად მიუახლოვდა წინ მჯდომს. ნიცა კედლისკენ გახოხდა და ხელები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოიხვია ფეხებზე. დამფრთხალ ჩიტს ჰგავდა, რომელიც მტაცებელს მოემწყვდია კუთხეში და წუთი წუთზე წირვას გამოუყვანდა. - არა, არ დაგარტყამ ნიცა, - ხმა ისეთი მშვიდი ჰქონდა, თავადვე გაუკვირდა - მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებ, შენზე ხელს არასოდეს ავწევ. გიყურებ და ვხედავ, რომ ჩემი გეშინია... არადა იმ კაცის უნდა გეშინოდეს, რომელიც ოთახს გიმზადებს კლიენტებისთვის! - თუ იცი, მაინც რას ბოდავ?! - გაწიწმატდა გაცეცხლებული. - ვიცი... - გაეღიმა ცივად და ხელებით მუხლებს დაეყრდნო. თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. - ვიცი რაც მოგელის და ასე არასოდეს გაგიმეტებ, როგორც არ უნდა მატკინო გული. წელში გასწორდა და ოთახს თვალი მოავლო. ნიცას ტელეფონი საწოლის გვერდით პატარა ტუმბოზე შეამჩნია. დაიხარა, ხელი წამოავლო და ჯიბეში ჩაიდო. გოგოლაძე გადაფითრდა. - არც კი გაბედო! - მაშინვე წამოიჭრა ფეხზე და სავანელს წინ აესვეტა - ახლავე დამიბრუნე! - შენ მგონი დაგავიწყდა ვის ელაპარაკები! - ისეთი სახით შეხედა გოგოლაძემ უნებურად უკან დაიხია - ტელეფონი თან მიმაქვს! ჯერჯერობით მე მექნება. დაგიბრუნებ, როცა დრო მოვა, მაგრამ შენ გამო არა, დედაშენი მეცოდება! შენ გარეშეც ბევრი პრობლემა აქვს, დამატებითი ხარჯები კი არაფერში სჭირდება. ასე, რომ არ ვფიქრობდე შენ თვალწინ ვაქცევდი ნამსხვრევებად! - არ გაქვს უფლება! - სიბრაზისგან ერთიანად აჭარხლდა. - მაქვს. მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრად გთვლი. - მეგობრად მთვლი და ჩემს ცხოვრებაში ასე უხეშად ერევი?! რა უფლება გაქვს გადამიწყვიტო, ვისთან მქონდეს კავშირი და ვისთან არა?! ზედმეტის უფლებას აძლევ შენს თავს! ელი ისე მისჩერებოდა გოგოლაძეს, თითქოს პირველად ხედავდა ცხოვრებაში. უყურებდა გოგონას, რომელიც გამორჩეულად უყვარდა მეგობრებში და ყურებს არ უჯერებდა რასაც ისმენდა. სიბრაზეზე მეტად ენით აუწერელმა იმედგაცრუებამ შეუგუბა სული ყელში. ტუჩები ზიზღით აუთრთოლდა. - ასე როგორ დაეცი, ნიცა... მხოლოდ ეს უთხრა, მაშინვე შეტრიალდა და კარი ისე გაიხურა უკან აღარ მიუხედავს. აცახცახებული გოგოლაძე მარტო დატოვა ოთახში. თინათინი მაშინვე სამზარეულოდან გამოეგება, მაგრამ გოგონას სახე, რომ დაინახა გული გადაუქანდა. სავანელი ისე იყო გაბოროტებული თავის მოჩვენების ძალა არ ჰქონდა, ქალს უემოციოდ მიუგო - ნახვამდისო და კარი გამოიხურა. სუფთა ჰაერზე რომ გამოვდა მაშინღა ამოისუნთქა. ყელში მობჯენილ ემოციებს კი გასაქანი მისცა და მთელი ძალით ამოკრა წიხლი იქვე მდგარ ნაგვის ურნას. ცარიელი ლითონის ყუთი ყრუ ბრაგვანით გადაყირავდა და მაწანწალა კატა დააფრთხო. მძიმედ სუნთქავდა. სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელი. ნიცას ტელეფონი ამოიღო და გამორთო. სწორედ მაშინ, როდესაც სავანელი მძიმედ მიუყვებოდა სახლისკენ გზას. ნიცა გოგოლაძე დედის ტელეფონზე სწრაფად კრეფდა ზეპირად დამახსოვრებულ ნომერს. თითები ავადმყოფივით უცახცახებდა. გაფითრებული ბოლთას სცემდა ოთახში და მოუთმენლად იცდიდა როდის უპასუხებდნენ. - გისმენთ? - რამდნიმე ზუმერის შემდეგ, ყურმილიდან მამაკაცის ბოხი ხმა მოისმა. - ნიცა ვარ... - უპასუხა ხმის კანკალით - სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ, რაღაც უნდა გითხრა... ****** „დანის პირზე“ ღამის ათი საათი ხდებოდა. ელმა ქუჩაში მიმოიხედა და რომ დარწმუნდა, უბანში არავინ ჭაჭანებდა, მანქანის კარი გამოაღო და შიგნით ჩაჯდა. ავალიანი საჭეს მიჯდომოდა, თავზე კეპიანი ქუდი ჩამოეფხატა. შეამჩნია, რომ ბიჭიც სულ შავებში გამოწყობილიყო, მის მსგავსად. - დაგაგვიანდა! - შეაგებეს პირქუშად. - დედაჩემს ძლივს დავეხსენი. მოვატყუე, შუკვანთან სამეცადინოდ მივდვივარ-მეთქი. - და ასე გვიან „მეგობართან“ სამეცადინოდ გიშვებს? - წარბები მაღლა აზიდა გაკვირვებულმა. - შენ ცხვირს მიხედე, იაგამი! - მიუგო ცივად. - ვინ ჯანდაბაა ეს „იაგამი“? - ბურტყუნით დაძრა მანქანა. დანარჩენი ერთი საათის განმავლობაში ელი მძღოლს გზას კარნახობდა საით უნდა წასულიყო. კახაძის მანქანაზე მიმაგრებულმა GPS-მა, რომელიც ისევ ავალიანისგან მიიღო, იდეალურად შეასრულა თავისი დავალება. წარმატებით უთვალთვალებდა მელოტის ყოველ ნაბიჯს. როცა ვერცხლისფერმა სედანმა ქალაქგარეთ აიღო გეზი, ორმა ერთმანეთს გადახედა. წარმოდგენა არ ჰქონდათ საით მიდიოდა კახაძე და სიმართლე ითქვას გრძელ მანძილზე მოგზაურობისთვის სულაც არ იყვნენ მზად. ელმა შვებით ამოისუნთქა, როცა წითელი წერტილი, ტყის კორომში შეჩერდა. - გაჩერდა! ვის ხვდება, ასეთ დროს, ასეთ ადგილზე? - წარბშეკრულმა ბიჭს გადახედა. - დიდი ალბათობით, ტყეში პაემანზე არავის დაპატიჟებდა. ჯობია მანქანა მოშორებით დავტოვოთ და გზა ფეხით გავაგრძელოთ. თუ შეგვამჩნია, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ასეც მოიქცნენ. მანქანა მაღალ ბუჩქებთან შეაჩერეს. ხის ტოტებით დამალეს და სწრაფად გაუყვნენ ტყის ვიწრო, უსწორმასწორო ბილიკს. თხუთმეტი წუთი შეუსვენებლივ ირბინეს. ორივე მძიმედ ქოშინებდა, როცა GPS-ზე მონიშნულ ადგილს მიაღწიეს. შუა ტყეში, გაშლილ მინდორზე ორი მანქანა გვერდიგვერდ გაჩერებულიყო. სიბნელეს ფარების მკვეთრი შუქი ანათებდა. ელი და ავალიანი ხეებს ამოეფარნენ და შორიდან მიაჩერდნენ სანახაობას. ოთხ მამაკაცს მეხუთე დაეჭირათ და დაეკოჭათ. პირაკრული ტყვე, რაღაცას გაუგებრად ზმუოდა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. იდგნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. აშკარა იყო, ვიღაცას ელოდნენ. - ეი! - მუჯლუგუნი მიჰკრა ელს - სად არის, კახაძე? - მისი მანქანა აქაა. საიდან უნდა ვიცოდე, სად ჯანდაბაშია თვითონ? გადამცემი სედანს აქვს აკრული, მელოტს კი არა! სიტუაცია, სულ სხვა ტორით წავიდა. ასეთ რამეს არ ელოდნენ. დაფიქრება ვერც მოასწრეს, შორიდან მანქანის ხმა რომ მოისმა. მინდორზე შავი მერსედესი გამოჩნდა და ვერცხლისფერი სედანის გვერდით შეჩერდა. კარი გაიღო და სალონიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა. ელმა მელოტი მაშინვე იცნო, მაგრამ მეორე... თვალები მოეწკურა. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო, მაგრამ ნაცნობი სახე კი ჰქონდა. ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. დარწმუნებული იყო, რომ სადღაც ჰყავდა ნანახი! - შენ ალბათ, ხუმრობ! - ასისინდა სიბნელეში ავალიანი - შეუძლებელია! - ჩშშ! - ახლა თვითონ უთავაზა მუჯლუგუნი - გააფრინე?! ხმას გაიგებენ და დავიწვებით! ახალმოსულები ტყვეს მიუახლოვდნენ და ისე შემოერტყნენ გარს, როგორც ტურები საკბილოს. სავანელმა მაშინვე ტელეფონი ამოაძვრინა, ვიდეოგადაღებაზე ჩართო და წინ გადაშლილი სცენის ჩაწერა დაიწყო. - ჩიტმა ამბავი მომიტანა, გოგიტას ჭიკჭიკი დაუწყია ძაღლებთანო... კახაძე დაკოჭილის წინ ჩაიმუხლა და მტაცებელი ცხოველივით მიაჩერდა კლანჭებში მომწყვდეულ მსხვერპლს. სახეგაქვავებულმა თავით ანიშნა დამქაშებს. ერთ-ერთმა, ტყვეს, პირიდან სახვევი მოაძრო. მამაკაცსს ხველა აუტყდა და ზიზღით შეხედა მელოტს, შემდეგ მის გვერდით მდგომზე გადაიტანა ირონიული მზერა და ღვარძლიანად გამოსცრა კბილებში. - ვიცოდი, რომ არეშიძის იყავი, ჭკადუა! მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ საკუთარი... აღარ დაასრულებინეს, მამაკაცმა, რომელსაც ჭკადუა უწოდეს, წიხლი ამოსცხო მუცელში. ტყვემ დაიგმინა და უკან გადავარდა. ტკივილისგან წამით სუნთქვა შეეკრა და ხრჩობის მსგავსი ხმა ამოუშვა ყელიდან. კახაძეს პირქუში ღიმილი მოეფინა სახეზე. ელმა თვალები აახამხამა... ჭკადუა... ჭკადუა... სადღაც გაიგონა ეს გვარი. ეცნობოდა... რეზი! რეზიმ უთხრა, შენი ბინის ყოფილი პატრონი გივი ჭკადუა იყოო. პოლიციაში მუშაობდაო... ელი გადაფითრდა. მზერა მომარჯვებული ტელეფონიდან შეკრებილებზე გადაიტანა. - ვფიქრობდი, რომ ფული გჭირდებოდა. ხომ ამისთვის მოხვედი ჩემთან? - ჩაცუცქული კახაძე გვერდით გადაწეული თავით მიაჩერდა ტყვეს - მარტივი დავალება მოგეცი. მანქანა ერთი პუნქტიდან, მეორე პუნქტში უნდა გადაგეყვანა. ზედმეტად ცხვირი არაფერში არ უნდა ჩაგეყო! Პირდაპირი ინსტრუქციები მიიღე, მაგრამ გმირობა მოინდომე და შეხედე, რა დამართე შენს თავს! აქედან ცოცხალს ვერ გაგიშვებ. - ნაბ’იჭვრებო! - სისხლი ამოაფურთხა - ოჯახებს აუბედურებთ! გაიგებენ, რას აკეთებთ! ვინმე მაინც გაბედავს, თქვენზე ხელის აღმართვას და მწარედ მოგეზღვებათ! თუ გგონია, რომ ვედრებას დაგიწყ... კახაძე წელში გაიმართა, იარაღი შემართა და დაუფიქრებლად დაუშვა სასხლეტს. ყურისწამღებად იგრიალა პისტოლეტმა. ძლიერმა ექომ, ხის ფოთლებიც კი შეარხია ტყეში. ელს მოულოდნელობისგან კინაღამ ტელეფონი გაუვარდა ხელიდან. ავალიანმა ჩუმად შეიგინა. მკვლელობის მოწმეები გახდნენ! ადამიანი ძაღლივით მიაკლეს ტყეში! რომელიმეს რომ შეემჩნია, ხეებს მიღმა ორი სკოლის მოსწავლე იმალებოდა, უყოყმანოდ გამოუყვანდნენ წირვას! ერთმანეთს გაფართოებული თვლაებით გადახედეს. უსიტყვოდ შეთანხმდნენ - იქიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეცოცხათ! ელმა ტელეფონი ჯიბეში შეინახა. მინდორთან მეტისმეტად ახლოს იმყოფებოდნენ. ესმოდათ, შეკრებილები რომ მსჯელობდნენ, გვამი როგორ მოეშორებინათ თავიდან. ავალიანმა ფრთხილად გადადგა ერთი ნაბიჯი უკან. ელიც მის კვალს მიჰყვა. ხუთი მეტრიც არ ჰქონდათ გავლილი, რომ უეცრად ტყის სიღრმიდან მცირე ფაჩუნი მოესმათ. ორივე ადგილზე გაქვავდა. - რა ხმა იყო? - აჩურჩულდა ავალიანი. - ალბათ, რამე ცხოველია... - ჩურჩულითვე უპასუხა ელმა - ავახვიეთ აქედან, სანამ... - ჩშშ! - გააჩუმა ავალიანმა და მთელი სხეულით დაძაბულმა, უკუნში ჩაფლულ ტყეს მიაყურადა. ფაჩუნის ხმა განმეორდა. ძალიან ჰგავდა ადამიანის ფრთხილი ნაბიჯების ხმას. შეშინებულებმა თვალები დააჭყიტეს და ხის ტანს აეკვრნენ. ორ წამში ხის ტოტი ისე ხმამაღლა გატკაცუნდა, რომ უკვე ეჭვი აღარ იყო, ტყის სიღრმეში ვიღაც იმალებოდა. თუმცა, ყველაზე უარესი ის იყო, რომ მინდორზე საუბარიც შეწყდა. ელმა უკან მიიხედა და გული გადაუქანდა. ექვსი წყვილი თვალი მათკენ იყურებოდა. - რა ხმა იყო? - იკითხა კახაძემ. - ცხოველი იქნებოდა, - უპასუხა ერთ-ერთმა, ელის მსგავსად. მელოტმა მაშინვე მასზე გადაიტანა ბასრი მზერა. - დარწმუნებული ხარ?! თავსაც დადებ?! იდიოტებო, შეამოწმეთ! - დასჭექა გაცეცხლებულმა. ელი და ავალიანი მიხვდნენ, რომ საქმე ცუდად იყო და ადგილს მოსწყდნენ. აზრი აღარ ჰქონდა სიფრთხილეს, ტყეში რომ შემოსულიყვნენ, ორივეს ყურებით დაიჭერდნენ. მათმა ფეხის ხმამ მდევარი მიახვედრა, რომ ცხოველს სულაც არ მისდევდნენ და ყვირილით გამოუდგნენ. ელს გული ყელში მოაწვა და მთელი ძალით მოცოცხა ტყის სიღრმეში. სიბნელეში ერთმანეთი მარტივად დაკარგეს. სავანელმა ვერ დაინახა საით გაიქცა მისი მეწყვილე, მაგრამ ამაზე არც უფიქრია, დამფრთხალი ცხოველივით, ანგარიშმიუცემლად მიიწევდა წინ. ბუჩქებს და ძირს გაწვენილ ხეებს, კატასავით ახტებოდა. უკან წამით არ მიუხედავს. სიბნელეში გადაადგილება ძალიან ჭირდა. რაც უფრო ღრმად შედიოდა, მით უფრო უკუნი და გაუვალი ხდებოდა ტყე. ერთი არასწორი მოქმედება და დაიჭერდნენ! ადრენალინი ტვინში ურტყამდა. ყურებს გუგუნი გაჰქონდათ. ზურგსუკან ხმები ახლოვდებოდა. ფანარის ხუთ წყვილი შუქი კი, მის წინ, ხეებზე ათამაშდა. მიხვდა, რომ ეწეოდნენ და დაუფიქრებლად გადაახტა მოზრდილი ხის ტანს. დაშვებისას კი, მიწა სველი აღმოჩნდა, ცუდად დახტა, მოსრიალდა და კოჭი გადაუბრუნდა. მწვავე ტკივილმა მთელი ორგანიზმი მოიცვა. ყრუ გმინვა აღმოხდა. წელში გაჭირვებით გასწორდა და ნაბიჯის გადადგმა სცადა, მაგრამ ტკივილმა ელვასავით დაუარა კიდურებში. ჩაიკეცა. ყვირილის ხმები ახლოდან მოისმოდა, მდევარს ორმოცდაათი მეტრიღა აშორებდა სავანელის სამყოფელამდე. ელმა ისევ სცადა გაქცევა. წამოდგა და მოუხერხებლად დაეყრდნო მარჯვენა ფეხს, მარცხენას საცოდავად მიათრევდა. სულ რაღაც ორი წუთი... ორი წუთიღა დარჩენოდათ და არასასურველ მოწმეს ხელში ჩაიგდებდნენ, როდესაც უეცრად ძლიერი ხელი ცხვირპირზე აეფარა და ქვასავით მტკიცე სხეულმა ბნელში შეითრია. შეშინებული აფართხალდა და ხელის დაკბენა სცადა, მაგრამ ყურში ცხარედ ჩასჩურჩულეს. - მშვიდად! ნუ ფართხალებ! ხმას გაიგებენ! თვალები აახამხამა. ხმა ეცნო. ცხვირის ნესტოებს ზღვისა და თბილი ქვიშის სურნელი მისწვდათ. "იაგამი!" გაუელვა გონებაში და ერთდროულად მოეშვა. ფართხალი შეწყვიტა და ორივე თაგვივით გაისუსა. მდევარმა, ფანრებით ხელში, მათ სამალავს ჩაურბინა და მალე მიეფარა თვალს. პირიდან ხელი მოაშორეს. მიმოიხედა. მერეღა მიხვდა, სად იმალებოდნენ. ხის ტანში გაჩენილ, უზარმაზარ ფუღუროში შეეთრია ბიჭს. პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ მაშინვე დამუწა. ლაპარაკისა და ფეხის ხმა ახლოვდებოდა. ელი მთელი ტანით დაიძაბა, ავალიანმა გოგონას წელზე მოხვია ხელი და მკერდზე მიიკრა. სუნთქვაც კი შეწყვიტეს. - ესღა მაკლდა! - ცოფებს ყრიდა კახაძე - ვინც არ უნდა ყოფილიყო, თუ ცოცხალი გააღწევს ტყიდან, სერიოზულ შარში გავეხვევით! - ღამეა, ბნელა. ფანრის გარეშე, შორს ვერ წავიდოდა! - მოისმა შედარებით ბოხი ხმა. - შექების ღირსია შენი ოპტიმიზმი, გივი! - ნერვიულად გაეცინა მელოტს - იმედი მაქვს, მართალი ხარ და საქმეს დროზე მოვრჩებით. დასაკარგი დრო არ მაქვს! გოგიტას გამო, პრობლემები შეიქმნა. წარმოდგენა არ მაქვს, რა პასუხი გავცე, კლიენტს! - მე, ნუ მეკითხები, კახა! შენ ჩაისვარე საქმეში. ჩემს ნაცვლად სხვა, რომ დახვედროდა განყოფილებაში, ხვდები რა ამბავი დატრიალდებოდა?! მეორედ ასეთი ჩავარდნა სამარის კარამდე მიგვიყვანს ორივეს! - სოლიდურ თანხას, სწორედ იმიტომ იკუჭავ ჯიბეში, რომ მსგავს გართულებებს მიხედო! - შეუღრინა მელოტმა - ასე, რომ ნუ მევაჟნიაკები და შენი გასაკეთებელი გააკეთე! ამ ინციდენტის შესახებ კი, არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს! მის ყურამდე თუ მივიდა, ძვირად გადაგვახდევინებს შეცდომისთვის. - გადაგვახდევინებს? - ირონიულად გაუსვა ხაზი მრავლობით ფორმას - შენს შეცდომაზეა საუბარი, კახა! მე ჩემი საქმე გავაკეთე და გადაგირჩინე! მამაკაცები ორის სამალავთან შეჩერებულიყვნენ და გაცხარებით დაობდნენ. ელი და ავალიანი ისე გამალებით აყურადებდნენ, წამით სულ დაავიწყდათ, როგორ სახიფათო სიტუაციაში იმყოფებოდნენ. - სავანელს რას უპირებ? ბევრი იცის! - უცებ შეცვალა თემა ჭკადუამ - თითებზე ვერც კი ვითვლი იმდენჯერ მივიდა განყოფილებაში ჩვენების მისაცემად. მაგრამ ან სულ მთვრალია, ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არის. ამიტომ არავინ აღიქვამს მის სიტყვებს სერიოზულად. თუმცა, ეს სულაც არ მაძლევს მშვიდად ყოფნის საბაბს! - ეგ, მკვდარი სული, ისეთ მდგომარეობაშია, ჩემი მიხმარების გარეშეც მოუღებს თავს ბოლოს. სიმართლე ითქვას, მართობს კიდეც, როგორ ტივტივებს წუმპეში! ახლა ვეღარ არის ისეთი ქედმაღალი და ამპარტავანი, როგორც ადრე! - მორჩი! - შეუტია ჭკადუამ - სკოლის მოსწავლე ხომ არ ხარ?! შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას! გამიფრთხილებიხარ, კახა! თუ საქმემ გაჟონა, შენს განავალს მე არ მოვწმენდ! - ასე ძალიან თუ გაშინებს ლოთი ნარკომანი, თავად გამოუყვანე წირვა! თუ ხელების გასვრა არ გინდა? შენი, პირადი დაქირავებული მკვლელი ხომ არ გგონივარ? ჩემთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ქალაქში თუ რამეს ყური მოკრა და იმეორებს, შორს ვერ წაიყვანს ეგ ბოდიალი. თუ გეწვის, თითს თქვენზე რომ იშვერს? ელს გული ისე გამეტებით უძგერდა, საკვირველიც კი იყო, რომ იქვე, რამდენიმე მეტრში მდგარ მოდავეებს, მისი ხმა არ ესმოდათ. სისხლი სახეზე მოსწოლოდა. ყურებს გუგუნი გაჰქონდათ. უკანასკნელი ძალებით ცდილობდა საღი გონება შეენარჩუნებინა და რაც შეიძლებოდა მეტისთვის მოეკრა ყური. მამამისზე ლაპარაკობდნენ! რა იცოდა სულამ?! რის სათქმელად მივიდა პოლიციაში, მაგრამ არავინ მოუსმინა?! რა აკავშირებდა მამამის, ამ ორ კანალიასთან?! რაღაც ძალიან ბინძურში ერიათ ხელი, მაგრამ ელი ვერაფრით ხვდებოდა რაზე საუბრობდნენ. დიალოგის ნაგლეჯებიდან რთული იყო, რაიმე კონკრეტული აზრის გამოტანა. - ნუ გავიწყდება, კახა, რომ ძალიან ბევრი ვიცი! რქებით ნუ მომაწვები, თორემ იმაზე მეტს დაკარგავ ვიდრე, მოიგებ! ერთ ნავში ვსხედვართ და იმის მტკიცება, ვინ უფრო სწრაფად ჩაიძირება, მისი გადაყირავების შემთხვევაში, სასაცილოა! რადგან შედეგი ერთი იქნება! ერთხანს ორივე დადუმდა. ელი ნერვებისგან ერთიანად ცახცახებდა. ბიჭი გოგონას აღელვებას სხეულზე გრძნობდა და კიდევ უფრო მჭიდროდ იკრავდა გულზე. სავანელი კი მის შეხებას ვერ აღიქვამდა. გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა ორს სამალავიდან და მხოლოდ შავ კონტურებს არჩევდა. სიბნელეში მათი სახის გარკვევით გარჩევა ძალიან ჭირდა. ორივეს ფანარი ძირს დაეშვა და მდუმარედ გაჰყურებდნენ ჩაბნელებულ ტყეს, საიდანაც მათი ხალხის ხმები ყრუდ მოისმოდა. - ვინც არ უნდა ყოფილიყო ტყეში, უკვე გაიქცა, რახან შენი ძაღლები პოვნას ვერ ახერხებენ, - გაღიზიანდა ჭკადუა - შეცდომა, შეცდომაზე მოგდის, კახა! მიკვირს კიდეც, რანაირად დაგნიშნა არეშიძემ თავის მარჯვენა ხელად! მელოტი მოსაუბრის სიტყვებმა ისე გააბრაზეს, მაშინვე იარაღი იძრო ქამრიდან და პირდაპირ გულში დაუმიზნა წინ მდგომს. ავალიანს სავანელის წელზე შემოხვეული ხელი დაეჭიმა. უნებურად კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა მკლავებში მომწყვდეული. - შენ მე რიგითი პეხოტა, ხომ არ გგონივარ, გივი? - წაისისინა ხმადაბლა - სიტყვებს დაუკვირდი, ძაღლო! რახან შენთან ინტერესი გვაქვს, ეს უფლებას არ გაძლევს ენა დაიგრძელო. აქვე დაგანთხევინებ ტვინს და ვერც ვერავინ გაიგებს, რა მოხდა. შენი ცოლ-შვილი გვამსაც ვერ იპოვის, კუბოში ჩასადებად! ცხოველები გამოგხრავენ, ისე რომ ძვლების გარდა არაფერი დარჩება, მიწაში ჩასაყრელი! ჭკადუას წარბი არ შეხრია. ერთი დახედა მისკენ მიშვერილ პისტოლეტს და ტუჩებზე ცივი ღიმილი გადაეფინა. უშიშრად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი მოსაუბრისკენ. ახლა იარაღის ლულა, პირდაპირ მკერდზე ებჯინებოდა. - უცნაური ამბები ხდება, შენს პატარა ქალაქში! - ისე ხმადაბლა ალაპარაკდა, ფუღუროში მიმალულებმა ყურები ცქვიტეს, ყველაფერი რომ გაეგონათ - ძალიან უცნაური... გავიგე, შენი ნაცნობები გამოუფატრავთ. მოსამძიმრება მინდოდა, მაგრამ იმდენი მოხდა... ელი ისე იყო აღელვებული ინსტიქტურად წინ წაწევა სცადა, რომ უკეთ მიეყურადებინა, მაგრამ საბედნიეროდ ავალიანმა დროზე დაიჭირა. - რას მიედ-მოედები, გივი? - ყინულივით სუსხიანი ხმა ჰქონდა მელოტს. - ოხ, კახა... კახა... - თავი გააქნია ჭკადუამ - შენ მართლა ფიქრობ, მომხდარი მკვლელობა შემთხვევითი ანგარიშსწორება იყო? განყოფილებაში სერიულ დანაშაულზე საუბრობენ. ვარაუდობენ, რომ „მონარქი“ ისევ მოკლავს! - ვინო? - გაუკვირდა კახაძეს. - შენ, რა ტელევიზორსაც არ უყურებ? - გაღიზიანდა ჭკადუა - მკვლელს ზედმეტსახელი უწოდეს, ორიგამის გამო, რომელიც დანაშაულის ადგილზე დატოვა. - რა ორიგამი, რას ბოდავ?! მელოტს ეტყობოდა, მართლა არაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია სხვა არაფერზე საუბრობდა, კახაძეს არაფერი სმენია „მონარქის“ ორიგამისა და იდოტური პეპლის შესახებ! უფრო სწორად არ დაინტერესებულა! ”ბიზნესით“ იმდენად იყო დაკავებული, მოსაწყენი ქალაქის, ძალით გაბერილი სენსაციური ჭორებისთვის არ სცხელოდა. მოკლულების ვინაობაც მოახსენეს, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მსგავსი ნაცნობი ათიათასი ჰყავდა და ყველა ფეხებზე ეკიდა. თუმცა, როცა ეს თემა ჭკადუამ წამოჭრა, პირველად შეეპარა აუხსნელი შიში და მოუსვენრობა იგრძნო. რა გამორჩა? - შენ, რა ქალაქში არ ცხოვრობ? - გავიგე, რაღაც მკვლელობებზე, მაგრამ რა შუაშია ჩვენთან? რა ორიგამი, რას ლაპარაკობ? - მეორე გვამთან ორიგამი იპოვეს, ძველი არქივის ფურცლისგან იყო დამზადებული. იცი, რა ეწერა შიგნით? კახაძეს ეტყობოდა სულ აებნა თავგზა. გადაავიწყდა კიდეც რისთვის უმიზნებდა პისტოლეტს მოსაუბრეს და იარაღი დაუშვა. - რა ეწერა?! - ჩაეკითხა გულდამძიმებული. ჭკადუამ ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩაიყო და პეპლის ორიგამი ამოაძვრინა. ელმა პირზე აიფარა ხელი. ყვირილი ყელში გაეჩხირა. გივის იდენტური პეპელა ეკავა ხელში, როგორიც ავალიანს მისცა. ჭკადუამ ორიგამი კახაძეს გადაუგდო. მანაც ავტომატურად დაიჭირა ჰაერში და ფანარის შუქზე წარბშეკრულმა შეათვალიერა. გაყვითლებული პერგამენტი მრავალჯერ გახსნა-დაკეცვისგან ისე დაზიანებულიყო, გადანაკეც ადგილებში ნელ-ნელა იხეოდა. - შენ საიდან გაქვს? - გაფართოებული თვალებით გახედა მოსაუბრეს. - ამისთვის, მართლა სოლიდურად მოგიწევს გადახდა! - თავით ანიშნა, მის მარჯვენაში მოქცეულ ორიგამიზე - განყოფილებაში თუ იყნოსეს, რომ მტკიცებულება საცავიდან გაქრა... ან თუ, მიხვდებიან, რას უკავშირდება ეს მკვლელობები... უბედურება დატრიალდება! და... მოხდა ის რასაც სავანელი არ ელოდა. ავალიანმა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, უცნაურად გაყუჩებული ისმენდა საუბარს... უეცრად, გოგონა უხეშად ჩამოიშორა გზიდან. ხის ტანიდან მოჩვენებასავით გამოხტა და ზვავით დაეტაკა ჭკადუას. ძირს წააქცია და ცხოველივით აყმუვლებულმა მუშტები სახეში დაუშინა. გაშტერებული კახაძე უეცარ თავდასხმას არ ელოდა და მოქმედებაც დააგვიანა. სანამ პისტოლეტიან ხელს შემართავდა და მთელ მჭიდს, ჭკადუას მუცელზე მოქცეულ, გაცოფებულ ავალიანს დააცლიდა, სამალავიდან მეორე დევნილი გამოიჭრა და ხის ტოტი გამეტებით შემოსცხო სახეში. მელოტი კვნესით დაეცა ძირს. ხელიდან ფანარი და იარაღი გაუვარდა. ელის ადრენალინით აგზნებული ორგანიზმი კოჭილს ტკივილს ვერც კი გრძნობდა. მაშინვე კახაძის ფანარსა და პისტოლეტს ეძგერა, სანამ ცხვირზე ხელებმიჭერილი მელოტი წამოდგომას მოახერხებდა, ელმა იარაღის კონდახი საფეთქელში შემოჰკრა. მამაკაცსს თავი გვერდით გადაუვარდა და უხმოდ გაირინდა. გაჩეხილი ცხვირიდან სისხლმა ზანტად გამოჟონა და წვეთებად შეერია ბალახებს. სავანელმა მაშინვე მიმოიხედა და თავიანთი სამალავის ახლოს, ავალიანი დალანდა - ამოკშო მყოფი, შეუსვენებლივ უბრაგუნებდა მუშტებს ძირს გართხმულ ჭკადუას. მამაკაცი არ ინძრეოდა. - ეი! მაშინვე ბიჭს მიეჭრა და მსხვერპლისგან მისი მოცილება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ბიჭმა უხეშად აუკრა ხელი და ისევ ძლიერად მოუქნია მუშტი ჭკადუას, რომელსაც სახე ისე დასისხლიანებოდა და დასახიჩრებოდა, ნაკვთები აღარ გაირჩეოდა. - შეწყვიტე-მეთქი, მოკლავ! ელი მეორედ ჩააფრინდა მკლავებში, მაგრამ ისევ გვერდით მოისროლეს - ამჯერად წინაზე უფრო უხეშად! ძირს დაცემისას, იდაყვი მტკივნეულად მოექცა სხეულის ქვეშ და ტკივილისგან დაიკვნესა. გაცოფებული მესამედ წამოიჭრა ფეხზე, კეტს ხელი წამოავლო, რომელიც მანამდე კახაძეს უთავაზა სახეში და ავალიანს გამეტებით შემოსცხო ბეჭებში. ბიჭმა ტკივილისგან დაიკვნესა და ძირს გართხმულ ჭკადუას ზედ დაემფხო. ელს აკანკალებული ხელებიდან კეტი გაუვარდა. ავალიანს მივარდა, ბეჭებში ჩააფრინდა და უსულო სხეულისგან მოაშორა. - აზრზე მოდი! - ცხარედ ჩასძახა ყურში - დაგავიწყდა, რომ მარტონი არ ვართ? სადაცაა ამათი ამალა თავზე დაგვეცემა! ვინ იცის, იქნებ, ხმაური გაიგეს კიდეც! წუთი წუთზე აქ გაჩნდებიან! აქედან, თუ არ დავახვევთ, ძაღლებივით ჩაგვხოცავენ! ავალიანი მძიმედ სუნთქავდა და ერთიანად ცახცახებდა. ეტყობოდა უჩვეულო ტრანსში იყო. რეალობას ან ვერ აღიქვამდა, ან საერთოდ არ ადარდებდა, ის რასაც ჩაჰყვიროდნენ. სავანელს ნერვები მოეშალა და მთელი ძალით შეანჯღრია ძირს მწოლიარე. - ადექი, ფეხზე! დავახვიეთ-მეთქი, აქედან! ბიჭს იდაყვში ჩააფრინდა და საკვირველი ძალით ფეხზე წამოაგდო. გული ისე უცემდა, ცოტაც და ნეკნებს გამოანგრევდა. ჩაშავებულ ტყეს მიაყურადა. ეჩვენებოდა, თუ ჩამიჩუმი არ ისმოდა? - ჯანდაბა! - წაიჩურჩულა გულგახეთქილმა - გესმის? - არაფერი მესმის! - უპასუხა არაამქვეყნიური ხმით. - ხოდა, შარში ვართ! უეჭველად ჩვენი ხმა გაიგეს! ელის სიტყვების დასტურად, წუთიერ დუმილს შორიდან შეძახილები მოჰყვა. ფანრის რამდენიმე შუქი კი, მათ მხარეს ხეებზე ათამაშდა. მდევარმა მიმართულება იცვალა და ტყის სიღრმიდან, უკან მოიწევდა. ავალიანი გამოფხიზლდა. - დავახვიეთ! წამოიძახეს ერთხმად და საპირისპირო მიმართულებით მოცოცხეს. ელს მტკივანი კოჭი აწუხებდა, მაგრამ შიში ტკივილზე მძაფრი აღმოჩნდა. წარმოდგენა არ ჰქონდა სად მირბოდნენ. ავალიანს გოგონასთვის მაჯაში ჩაევლო ხელი და თან მიაპრონწიალებდა. ორს ერთად სირბილი უჭირდათ, მაგრამ ბიჭს ხელი წამით არ გაუშვია. თხუთმეტი წუთი ირბინეს შეუსვენებლივ და როცა ელს გონებაში გაუელვა - ნამდვილად დავიკარგეთო! ავალიანმა ვიწრო ბილიკზე გამოიყვანა, რომელიც, სულ რაღაც ორას მეტრში, მათი მანქანისკენ მიიკვლევდა გზას. შავი „ბეემვე“ ბუჩქებიდან გამოხსნეს. სალონში ჩახტნენ და საბურავების წივილით გაეცალნენ იქაურობას. ბიჭი საკვირველი მოხერხებულობით მართავდა მანქანას, რომელიც ტყის ოღრო-ჩოღრო გზაზე ღმუილით მიქროდა! სავანელმა ღვედი გაჭირვებით შეიკრა და სალონის ზედა სახელურს ძლიერად ჩაეჭიდა. არცერთი არ იღებდა ხმას. მანქანა მომდევნო აღმართზე რომ აფრინდა, უკანა ხედვის სარკეში ადევნებული სედანი შეამჩნიეს. - ფუ, შენი! - გაშმაგებულმა ავალიანმა საჭეს გაშლილი ხელი დასცხო. - მოგვდევენ?! პასუხად, გიჟური სისწრაფით მიმავალ „ბეემვეს“, უკნიდან ნასროლი ტყვია დაეწია და გვერდითა ხედვის სარკე მოაგლიჯა. სავანელი მთელი სხეულით შეკრთა. - მოგვდევენ! საკუთარივე კითხვას გასცა პასუხი. სავარძელში ჩაიმალა და კიდევ უფრო ძლიერად ჩააფრინდა ზედა სახეულრს. - მაგრად მოეჭიდე! ცივად მიუგო ავალიანმა. სიჩქარის გადამრთველი მეექვსეზე მომართა და მთელი ძალით დასცხო ფეხი გაზის პედალს. მანქანამ მშიერი მხეცივით დაიღმუვლა და ელვის სისწრაფით გავარდა წინ. ელმა თვალები დახუჭა. ცოტაც და გული აერეოდა. ვერ იტანდა მანქანით სწრაფად სიარულს. „ბეემვე“ კი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბნელში მიფრინავდა! მდევარს თუ ვერა, გზად გადმორბენილ ცხოველს შეეძლო ორივეს მოკვლა. ერთი პატარა შეცდომაც საკმარისი იქნებოდა და ისე დაიმტვრეოდნენ, მათ სხეულებს დაჭ....ტილი ლითონიდან ვერავინ გამოათრევდა. - სიჩქარეს მოუმატეს! ცოტაც და დაგვეწევიან! - დაიღრინა გვერდით, განერვიულებულმა ავალიანმა. სავანელს წამით არ გაუხელია თვალი. ტვინმა რეალობის აღქმა, საერთოდ შეწყვიტა. სხეულით მანქანაში იჯდა, მაგრამ გონება ვერაფრით ეწეოდა მიმდინარე მოვლენებს. თითქოს ეძინა და ძილში კოშმარს ხედავდა. სჯეროდა, რომ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა გამოღვიძებოდა, მაგრამ საუბედუროდ კოშმარი დროში იწელებოდა, სავანელი კი ვერაფრით იღვიძებდა. მორიგმა ტყვიამ, რომელიც ამჯერად უკანა საქარე მინას მოხვდა და ჩაამსხვრია ყოველგვარი ილუზიიდან გამოაფხიზლა. თვალები ჭყიტა და უკან მიიხედა. ვერცხლისფერი სედანი გიჟური სისწრაფით ეწეოდათ. თუ რაიმეს არ მოიფიქრებდნენ, იმდენად მოუახლოვდებოდათ, რომ მდევრებს მათი მიზანში ამოღება არ გაუჭირდებოდათ და ორივეს უყოყმანოდ ჩაცხრილავდნენ. ელმა სწრაფი მზერა ავალიანზე გადაიტანა. მიტკალივით გაფითრებულს, ენით აუწერელი ყურადღება ეხატა სახეზე. მაქსიმალურად კონცენტრირებული ცდილობდა არაფერს დასჯახებოდა. სიჩქარეში სულ სხვა მოსახვევში შეუხვიეს. რაც უფრო წინ მიიწევდნენ, გზა უფრო ხვეული და ველური ხდებოდა. სავანელმა ღრმად ჩაისუნთქა. სხვა გამოსავალი არ იყო! აკანკალებული ხელით ქურთუკის შიდა ჯიბიდან მოპარული პისტოლეტი გამოაძვრინა. ავალიანმა სწრაფი მზერა ესროლა გოგონას და გაოცებისგან თვალები დაუმრგვალდა. - სროლა იცი? - ჰკითხა სწრაფად. - თეორიულად კი. პრაქტიკა ჯერ არ მქონია! - ჰოდა, ახლა გექნება! - მიუგო ცივად - დამცველი მოხსენი, მიზანში ამოიღე და სასხლეტს დაუშვი! - გენიოსი ხარ! თავად როგორ ვერ მოვიფიქრე! შეუღრინა გაფითრებულმა. ხელები უკანკალებდა. დანას მიჩვეული იყო. მუდამ თან ატარებდა. საკუთარი მშობლისთვის მოღერებაც კი მოასწრო, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღი?... ეს სულ სხვა კალიბრის „სათამაშო“ იყო. შერცხვა, მაგრამ შიში იგრძნო. ლითონი, რომელიც მარჯვენას უმძიმებდა, თითქოს გარანტიას აძლევდა, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში, მიზანს მოხვედრილი, აუცილებლად მოსპობდა სიცოცხლეს. ეს არ იყო, დანის ცივი პირი, სხეულზე მიბჯენილი, მსხვერპლს ჯერ, რომ აფრთხილებდა - უკან დაიხიე, სანამ გვიანი არ არისო! ლულის ბოლოდან აალებული ტყვია, წამში მოკლავდა. - ელ! გამოფხიზლდი! - შეუყვირა ავალიანმა - ესროლე, სანამ ჩაგვცხრილეს! სადაცაა ქალაქში შევალთ! იქ კი, დიდხანს ვერ ვირბენ! ან ჩვენთვითონ ავიჩეხებით გზაში, ან დაგვეწევიან და ამოგვხოცავენ! სავანელს ცივმა ოფლმა დაასხა. აკანკალებული თითებით სწრაფად მოხსნა დამცველი, იარაღი გადატენა და სავარძელზე შეტრიალდა. მიზანში ამოღება გაუჭირდა. ოღრო-ჩოღრო გზაზე მანქანა ისე ხტუნავდა, წონასწორობის შენარჩუნება შეუძლებელი იყო. - შეანელე! ასე, შენ უფრო გაგიხვრეტ შუბლს! შეუყვირა გვერდით მჯდომს. ავალიანმა მოუსმინა. სიჩქარეს უკლო. ვერცხლისფერი სედანი კი, წამში წამოეწიათ. თავდამსხმელებმა დრო იხელთეს, ფანჯრებიდან ორი გადმოეკიდა, პისტოლეტებით ხელში. ელმა უყოყმანოდ დაუშვა სასხლეტს. პირველმა გასროლამ ისე იგრიალა სალონში, წამით ორივეს ყურთასმენა წაერთვა. გასროლის ინერცია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა სავანელს კინაღამ იარაღ გაუვარდა ხელიდან. ტყვია ბრმად გაიჭრა ბნელში და უკუნში ჩაიკარგა. შეშინებული თავდამსხმელები მაშინვე სალონში მიიმალნენ. ცეცხლის გახსნას არ ელოდნენ. სავანელს ძარღვებში ადრენალინი მოაწვა. იარაღიან ხელს მარცხენა მიაშველა. ძლიერად მოუჭირა თითები კონდახს და სასხლეტს უფრო თამამად დაუშვა. მეორე... მესამე... მეოთხე... იფიქრა, რომ სამუდამოდ დაყრუვდა. სედანმა რეტიანი ფრინველივით დაიწყო რვიანების ხაზვა, რომ მისკენ გახსნილი ცეცხლისთვის თავი აერიდებინა. მაგრამ მეხუთე ტყვიამ სასწაულებრივად უწია საქარე მინას. კოორდინაცია დაკარგა, გზიდან გადავარდა და ხრამში თავდაღმართზე დაეშვა. - მოვარტყი! - იყვირა გაოცებულმა - მოვარტყი! ავალიანმა სწრაფად გახედა უკანა ხედვის სარკეს. მდევარი გამქრალიყო. გამეტებით დაამუხრუჭა და დროულად შეაშველა ხელი გოგონას, სანამ ინერციით უკან გადავარდებოდა და საქარე მინას მტკივნეულად მიენარცხებოდა. ორივე ქოშინებდა. გაფართოებული თვალებით ჯერ ერთმანეთს მიშტერებოდნენ, შემდეგ მანქანიდან გადმოცვივდნენ და ხრამის კიდესთან მიირბინეს. მათგან კარგა მოშორებით, უფსკრულში რაღაც ბოლავდა. სიბნელეში არაფერი გაირჩეოდა. ორ წუთში კი, კვამლში ცეცხლის ენა გამოიკვეთა. ნელ-ნელა გაფართოვდა, აგიზგიზდა და შემდეგ გამაყრუებლად იფეთქა. ორივე შეკრთა. - როგორ ფიქრობ... - ხანგრძლივი სიჩუმე ელმა დაარღვია და მზერა ბიჭზე გადაიტანა - შიგნით გამოიწვნენ? - არ ვიცი... - უპასუხა პაუზის შემდეგ - ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს! უპასუხა ღვარძლიანად და გადააფურთხა. სანახაობას ზურგი აქცია და აღუღუნებული მანქანისკენ პირველი გაემართა... როდესაც, ნაფრონტალი, შავი „ბეემვე“ ქალაქში ბრუნდებოდა - ქალაქგარეთ, ტყის კორომში, კახაძეს მისი თანმზარხველები ასულიერებდნენ. მელოტმა თვალები რომ აახილა, ჯერ ვერ მიხვდა სად იმყოფებოდა. ცხვირის მწველმა ტკივილმა კი, ნელ-ნელა მოგონებები აღუდგინა და ზმუილით წამოჯდა ნამიან მიწაზე. ერთ-ერთმა ხელი შეაშველა, რომ წამოეყენებინა, მაგრამ გაღიზიანებულმა ხელი აუკრა და დამოუკიდებლად, გაჭირვებით გასწორდა წელში. თავბრუესხმოდა, ნიკაპზე ღვარად მოჟონავდა სისხლი. გვერდით გაიხედა. ერთ-ერთი მისი ქვეშევრდომი ძირს გართხმული უგონო სხეულისკენ ჩაცუცქულიყო და პულს უსინჯავდა. - ცოცხალია? - იკითხა ცივად. - ჯერჯერობით... - უპასუხა შეშინებულმა და უფროსს გაფართოებული თვალებით ამოხედა - მაგრამ, სასწრაფოდ საავადმყოფოშია წასაყვანი. - სად არის ის ორი?! დაიჭირეთ? - ბიჭები დაედევნენ... - ფეხზე წამოდგა და უფროსს შიშით მიაჩერდა - რამდენჯერმე დავურეკეთ, მაგრამ დაკავშირებას ვერ ვახერხებთ... კახაძემ კბილები გააღრჭიალა და ბრაზით ათუხთუხებულმა ღვარძლიანად გადააფურთხა. - კაცი არ მერქვას, ის ძუკნა სავანელი, მთელი ევროპის მეძავად თუ არ ვაქციო! - დაინახეთ თავდამსხმელები?! - თვალები გაუფართოვდათ ქვეშევრდომებს. - მხოლოდ ერთი. ის მეორე ვინ იყო, არ ვიცი, სიბნელეში სახე ვერ გავარჩიე! მაგრამ ის ერთიც საკმარისია ჩემთვის! სახეზე ბოროტი ღიმილი გადაეფინა. უნდა ეღიარებინა, საქმის ასე შემოტრიალებას არ ელოდა. რა ესაქმებოდა იმ ლაწირაკს ტყეში?! როგორ გამოჰყვა უკან, რომ ვერაფერი შეამჩნია?! რანაირად დააჯდა მოზარდი კუდზე?! ეს ყველაფერი იმდენად აბსურდულად ეჩვენებოდა, დაჯერება უჭირდა. საქმე გართულდა! ჭკადუასთან მისი საუბარი მოისმინეს! მომხდარს ორი არასასურველი მოწმე ჰყავდა! არეშიძეს ყურამდე, რომ მისულიყო ტყეში დატრიალებული ინციდენტი, უყოყმანოდ გამოუყვანდა წირვას! ეგ არაფერი, როცა სავანელამდე მიაღწევდა, ათქმევინებდა ვინ იყო ის მეორე. შემდეგ კი, გადაწყვეტდა როგორ მოეშორებინა ორივე თავიდან!... თავი მეოცე „დუმილი ზოგჯერ ერთადერთი სიმართლე, რომელსაც ვუძლებთ - ფრანც კაფკა“ ავალიანმა მანქანა მესხეთის ქუჩაზე, გარაჟებთან, მოფარებულში შეაჩერა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ღამის თორმეტი საათი ხდებოდა. ტყეში მომხდარის შემდეგ, ორივე ჯერ კიდევ შოკში იყო. ბიჭმა ძრავი გამორთო და სავარძელს მიესვენა. ელს ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი და ენას ღეჭავდა. ემოციები რომ ჩაუცხრათ, მერეღა დაფიქრდა რაში გაყო თავი და მომხდარი მეორე ტალღად დაეტაკა ფსიქიკაზე. - დაგინახეს? - ამოიჩურჩულა თვალებგაფართოებულმა და ბიჭს გახედა - დაინახეს შენი სახე? - არ ვიცი... - ავალიანმა სახეზე ხელი ჩამოისვა და თვალები ფართოდ დააჭყიტა. - რა ბზიკმა გიკბინა?! - გამოსცრა კბილებში - რისთვის დაეტაკე, იმ ტიპს?! გააფრინე?! ხვდები რა შარში გაგხვიე ორივე?! კახაძემ დიდი ალბათობით დამინახა! სიბნელე იყო, მაგრამ ვეჭვობ დამინახა! რომ არ მოგშველებოდი, ტვინს მიგასხმევინებდა! სულ დაკარგე ჭკუა?! შენს გამო ყურებამდე განავალში ვარ! ბიჭს ხმა არ გაუღია. თვალები დაეხუჭა და სახე ხელებში ჩარგო. სავანელს იმედგაცრუება და ბრაზი კიდევ უფრო მოეძალა. სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, ადამიანისთვის, რომელსაც არც კი იცნობდა ნორმალურად! - კიტა არ ცდებოდა, რომ მეუბნებოდა, სამკურნალო ხარო! ალბათ, მართლა ვარ... წაიჩურჩულა უფრო თავისთვის და გული მოეწურა. გამოვლილის შემდეგ, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ახლო მეგობარი საუკუნეების წინ ნახა. უცებ ისე მოუნდა მის გვერდით ყოფნა, როგორც არასდროს. - მაპატიე... - ამოიჩურჩულა ბოლოს ავალიანმა - თავი დავკარგე, ეგ არ უნდა მექნა... - რატომ გაცოფდი ასე, ორიგამის დანახვაზე? რა გაკავშირებს მკვლელობებთან? დაეტაკა გაღიზიანებული, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილი მიიღო. ავალიანმა მზერა მოარიდა და განზე გაიხედა. ქვედა ტუჩს კბენდა კბილებით. ელს ნერვებმა უმტყუნეს და მომუშტული მარჯვენა ძლიერად დასცხო წინა პანელს. - არ გაბედო, გაჩუმება! - შეუყვირა - დღევანდელის შემდეგ ვიმსახურებ შენგან სიმართლეს! - არა, ელ... - უპასუხა ხმადაბლა - ამ ამბისგან თავი შორს დაიჭირე, სანამ შენც უფსკრულში ჩაგიტანს... - დამცინი? - გაშრა - თუ ვერ შეამჩნიე, გეტყვი, რომ უკვე უფსკრულში ვარ! გამაგებინე მაინც, რისთვის გავყავი თავი გაუყოფელში?! ისევ დუმილი... სავანელს თვალები ეჭვით მოეწკურა. წამით დაფიქრდა, გონებაში სწრაფად გადახარშა მოსმენილი, გამოტოვებული ადგილები ერთმანეთს დაუკავშირა და ფანტაზიამ ისე შორს წაიყვანა, წამით მეტყველების უნარი წაერთვა. ძალიან ნელა გადაიტანა მზერა გვერდით მჯდომზე. - შენ... - ხმა ჩაუწყდა. ტუჩები მოილოკა და თავს აიძულა საუბარი გაეგრძელებინა - მითხარი, ავალიანი ბიძაჩემიაო... რა მოუვიდათ შენს მშობლებს? ავალიანს სახეზე ამოუცნობი ემოციები დასთამაშებდნენ. რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩაიყო და ორიგამი ამოაძვრინა. ელს უსიტყვოდ გაუწოდა. დაბნეულმა სავანელმა პეპელა გამოართვა და ყოყმანით შეატრიალა ხელში. ეს სწორედ ის იყო, რომელიც ბიჭმა მისგან „გამოისყიდა“ GPS-ის გადამცემის სანაცვლოდ. - გაშალე. - უთხრა ჩურჩულით. სავანელი დაემორჩილა. ორიგამი გაშალა და წარბშეკრულმა გაცვეთილ პერგამენტს თვალი მოავლო. თითქოს თავიდან ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შეამჩნია, მაგრამ შემდეგ... დაეჭვებულმა ფურცელი ლამპიონის შუქზე შემართა და ქვედა ტექსტში ამოიკითხა ის, რაც მანამდე შეუმჩნეველი რჩებოდა შეუიარაღებელი თვალით. ავალიანს გაცვეთილი ბეჭდური ასოებისთვის ფანქარი გადაეტარებინა, რაც ტექსტს წასაკითხად გასაგებს ხდიდა. გოგონას ხელები აუკანკალდა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გაფართოებული თვალებით გვერდით მჯდომს გადახედა. ავალიანი დაკვირვებით მისჩერებოდა სავანელს და მის რეაქციას აფასებდა. მოულოდნელად ელმა მანქანის კარი გააღო და გადავიდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ მაგრამ ანგარიშმიუცემლად ჩიხისკენ გააბოტა. კოჭლობდა. გადაბრუნებული კოჭი ყოველი ფეხის გადადგმისას მტკივნეულად ახსენებდა თავს. ავალიანიც უკან მიჰყვა. საღამოს გრილი ჰაერი სახეში სცემდა ორივეს. ნიავს თან მსხვილი წვეთები მოჰქონდა შორიდან. წვიმას აპირებდა. სავანელმა ჩიხში შეუხვია. გარესამყარომ მაშინვე იყუჩა, თითქოს ჩიხი ცოცხალი ორგანიზმი ყოფილიყო, რომელიც სუნთქავდა და თავის წიაღში არავის და არაფერს უშვებდა მდუმარებისა და სიწყნარის გარდა. ლამპიონის სუსტად მბჟუტავი სინათლე, ლითონის ნაგვის ურნას ეცემოდა. ელი შედგა და თვალები დაეხუჭა. ორი თითით საფეთქელი დაისრისა. მსხვილმა წვეთებმა იმატეს... - შეუძლებელია... - წაიჩურჩულა ხმადაბლა. - გაგაფრთხილე... - ბიჭის ცხელი სუნთქვა კისერზე იგრძნო და კანი აებურძგნა - გითხარი, ამაში არ ჩაერიო-მეთქი! ელი შეტრიალდა და ზურგსუკან ატუზულ ავალიანს თვალი თვალში გაუყარა. მუქი საფირონები აღელვებულ ოკეანეს დამსგავსებოდნენ. მათში ჩახედვისას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს აბობოქრებული ტალღებს მისი წალეკვა და ოკეანის ბნელ სიღრმეში ჩათრევა სურდათ. ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. - შეუძლებელია! - გაიმეორა უაზროდ. ავალიანი გოგონას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ელს უკან აღარ დაუხევია. გახევებული იდგა და ბიჭს თვალებში უყურებდა. წვიმამ იმატა. მათ შორის მანძილი იმდენად შემცირდა, ერთმანეთის სუნთქვას ბაგეებზე გრძნობდნენ. ბიჭს თითის ბალიშები აეწვა. ცხოვრებაში პირველად მოუნდა პირი გაეღო და ვიღაცისთვის თავისი ბნელი საიდუმლო გაემხილა. „პანდორას ყუთისთვის“ თავი მოეხადა და მთელი სიბინძურე გადმოენთხია. თვალებში უყურებდა მოზარდს, რომელმაც დაუფიქრებლად ჩაიგდო თავი საფრთხეში, მისი ტყავის გადასარჩენად და ემოციებს ებრძოდა. უჭირდა ნდობა. მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, როგორ უჭირდა ხმის ამოღება. მიუხედავად იმისა, რომ ნახშირივით შავ თვალებში ნანატრ თავშესაფარს ხედავდა, ვერაფრით სძლია თავს. თავი ნელა გააქნია და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. სავანელი არ განძრეულა. არც არაფერი უთქვამს, მხოლოდ უყურებდა და იცდიდა. ავალიანმა მეორე ნაბიჯი გადადგა უკან, გოგონას თვალი მოსწყვიტა, გატრიალდა და წავიდა. ელი მარტო დარჩა ჩიხში. ქანდაკებასავით გაშეშებულს, სახეზე გამეტებით აწვიმდა. მარჯვენაში მომწყვდეული პეპელა ხელისგულს უწვავდა. ყბადაჭიმული კიდევ დიდხანს მისჩერებოდა ბნელს, რომელმაც იაგამს პირი უყო და მარტო დატოვა თავის ფიქრებთან... ****** „ხანდახან წუთიც საკმარისია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი დაკარგო!“ სახლში დაბრუნებულმა ბინის კარი რომ შეაღო და ჰოლში დედის გაკეთებული ვახშმის სურნელი ეცა, თავი უცხო სხეულად იგრძნო. მექანიკურად დაიხარა ფეხსაცმელების გასახდელად. ტანსაცმლიდან ბინძური წყალი წკაპაწკუპით წვეთავდა იატაკზე. მისი ტვინი ალტერნატიულ რეალობაში გაჭედილიყო, რომელსაც ის იყო კარი მიუხურა. - ელ?! გურანდას ხმა თითქოს გვირაბის ბოლოდან ჩაესმა. თავი ასწია. დედამისის აღელვებულ სახეს ბურუსში ხედავდა, თავში კი ერთი აზრი უკაკუნებდა ჩაქუჩივით - თუ კახაძემ მისი სახე დაინახა, მის წინ მდგომ ქალს, რომელიც შეშფოთებით ათვალიერებდა შვილს - სასიკვდილო საფრთხეში აგდებდა! - ელ! რა გჭირს? - ისევ შორიდან ჩაესმა დედის ხმა და თვალები აახამხამა. - არაფერი, წვიმდა და დავსველდი. საკუთარი ხმა არ ეცნო. ისე უცხოდ ჟღერდა, ეჭვიც კი შეეპარა, სიტყვები ნამდვილად მის ბაგეებს, თუ მოსწყდნენ. - ფერი არ გადევს! გალურჯებული ხარ! რა მოხდა?! - ელ? მამაკაცის ხმამ მთლად დააკარგვინა რეალობის შეგრძნება და გამოშტერებული მიაჩერდა მისაღები ოთახიდან გამოსულ მამამისს. თვალები მოისრისა, მაგრამ სულა არსად გამქრალა. წარბშეკრული ისევ ზღურბლზე იდგა და შვილს მკაცრად მისჩერებოდა. - აქ რას აკეთებს? - სულელურად ჰკითხა დედამისს. - გირაო გადავიხადეთ და გამოუშვეს. - უპასუხა გურანდამ და შვილს ლოყაზე მოუსვა ხელი - დე, რა სახე გაქვს?! ცუდად ხარ? - სად იყავი ასე გვიან?! - სულას ღრენამ ნელ-ნელა რეალობაში დააბრუნა. დაჭიმული ორგანიზმი მაშინვე თავდაცვით რეჟიმში მოიმართა. ერთ ეგ იყო, მთელი დღის გამოვლილი სტრესის შემდეგ, თავი სუსტად იგრძნო და თავბრუ დაეხვა. შებარბაცდა და ფეხსაცმელების კარადას ჩაეჭიდა, რომ არ დაცემულიყო. - ელ! - დაპანიკდა გურანდა და მაშინვე ხელი შეაშველა შვილს - რა გემართება?! - წავიდეთ აქედან! - ამოიჩურჩულა და დანისლული მზერა დედას მიაპყრო - გეხვეწები, დედა. წავიდეთ აქედან! საიმონს ხელი მოჰკიდე და გავეცალოთ აქაურობას! - დე, რას ლაპარაკობ! მოხდა რამე? - მე ვის ველაპარაკები, კი მაგრამ?! - მოთმინება ამოეწურა სულას და მთელი ხმით იღრიალა. ელს შეაჟრჟოლა. კბილს კბილი ისე დააჭირა ყბა ეტკინა. - სულა, მორჩი ყვირილს! ცუდად არის, ბავშვი! - პირველად შეუტია ქმარს. - დედა... - ჩურჩულს აგრძელებდა ელი და მთელი ძალით ეჭიდებოდა კარადას, რომ ადგილზე არ ჩაცურებულიყო - გემუდარები, წამომყევი! ბებიასთან წავიდეთ. მერე რამეს მოვიფიქრებ! გეხვეწები! - მე თქვენ გაჩვენებთ... სულას ღრენას, რაღაცის შხუილის ხმა მოჰყვა. დედა-შვილს მილიმეტრებით ასცდა და კედელს მიეხალა. გურანდას საყვარელი ყვავილების ლარნაკი ნამსხვრევებად იქცა. ქალს შიშისგან კივილი აღმოხდა და ელს მთელი ტანით გადაეფარა. - რას აკეთებ, სულ შეიშალე?! - უყვირა ქმარს - რამ გაგასულელა?! ეგ რომ ბავშვს მოხვედროდა, ხომ მოკლავდა ადგილზე?! - როგორ მიბედავთ დაიგნორებას?! - აღრიალდა გაცოფებული - გეკითხებით და პასუხს არცერთი არ მცემთ! გატყობთ, საერთოდ დაკარგეთ პატივისცემა და მე თქვენ გასწავლით, როგორ უნდა... - დედა... - შვილის ჩურჩული მოესმა ზურგს უკნიდან - გემუდარები, გამომყევი! წამოდი ჩემთან ერთად! - რას ჩურჩულებს მანდ?! - უარესად გააფთრდა სულა და ერთი ნაბიჯი გადმოდგა წინ - ვის ველაპარაკები, მე?! - დედა, გთხოვ, დედა... - მე შენ გასწავლი, როგორ უნდა შენს ჭკუაზე სიარული... ჯიქურ გამოემართა ელისკენ. შოკში მყოფი გურანდა კი ადგილზე გაიყინა. ერთი ეგ იყო, ხელები გაშალა და შვილის წინ ფარივით აღიმართა, მაგრამ ელი მკლავს ქვემოთ გაუძვრა დედამისს და წინ გადაუდგა ზვავით წამოსულ მამას. - ერთი ნაბიჯიც და ტვინს დაგანთხევინებ! გაისმა ყრუ ჩხაკუნი. პისტოლეტის ლულა, სრულ მზადყოფნაში, მამის გულს უმიზნებდა. სულა მოულოდნელობისგან ადგილზე გახევდა. დამრგვალებული თვალებით ჯერ იარაღს მიაჩერდა, შემდეგ კი ნელა გადაიტანა მზერა შვილზე, რომელიც უემოციო, ცივი თვალებით მისჩერებოდა. - ხელი უკვე გავავარჯიშე, - მოახსენა მშვიდად - აღმოვაჩინე, რომ სროლა არც ისე ცუდად გამომდის. უყოყმანოდ დავუშვებ სასხლეტს, შენ უბრალოდ მიზეზი მომეცი! გაგაფრთხილე! ერთხელ კიდევ აღმართავ ხელს დედაჩემზე და მოგკლავ-მეთქი! კიდევ ერთი ნაბიჯი... - საიდან გაქვს პისტოლეტი?! - შეცვლილი ხმით იკითხა სულამ. ეტყობოდა ძლიერ შოკში იყო, რომ სახეზე მხოლოდ უკიდურესი გაოცება ეხატა. - ელ! - გურანდას გაწვრილებული ხმა ჩაესმა ყურში - ელ, რას აკეთებ! რად გინდა იარაღი?! არ გამასულელო, საიდან გაქვს! დე, დაუშვი, ნუ მაშინებ! - მოდიხარ, თუ არა ჩემთან ერთად? - ჰკითხა უემოციოდ. - დე, ნუ სულელობ. - გეკითხები! - ხმა გაუმკაცრდა - მოდიხარ, თუ არა ჩემთან ერთად-მეთქი?! - დე, სად უნდა წამოვიდე! ესაა ჩვენი სახლი, მამაშენი... - ავადმყოფი ფსიქოპატია, რომელიც საბოლოოდ წირვას გამოგიყვანს! - დაასრულა ცივად, ისე რომ სულასთვის თვალი არ მოუშორებია. - დე, გეყოფა, გეხვეწები, იარაღი დაუშვი, დავილაპარაკოთ. ყველაფერი მოგვარდება... - ყელში ამომივიდა, ეს ბოდვა! თვალის კუთხიდან ცრემლმა გამოჟონა. ელში რაღაც გატყდა. ჯერ ძლიერად გაიბზარა, შემდეგ კი შუაზე გაიხლიჩა მტკივნეულად. ყველანაირი გრძნობა ორგანიზმიდან გაეპარა. დარჩა მხოლოდ ინსტიქტი და ცივი, გაყინული გონება... - საიმონ! - დაიყვირა ხმამაღლა. - ელ, დაანებე ბავშვს თავი! - ატირდა გურანდა. - საიმონ! - კიდევ უფრო ხმამაღლა იყვირა. მისაღები ოთახიდან ყრუ ბრაგვანი გაისმა, რასაც პაწია ფეხების ტყაპა-ტყუპის ხმა მოჰყვა. საიმონი ჰოლში გამობაჯბაჯდა. - დაი! - აჭყლოპინდა სახეგაცისკროვნებული და დისკენ გამოექანა. სულა შეირხა, მაგრამ ელმა მაშინვე შემართა იარაღი. - გაბედე და ბავშვს თითი დაადე, უყოყმანოდ ჩაგცხრილავ ადგილზე! სულა გაქვავდა. საიმონმა მამამისს გვერდი აუარა და დისკენ გამოქანდა ხითხითით. - ბავშვს თბილად ჩააცვი, შენ თუ დარჩენა გინდა, შენი ნებაა, მაგრამ ჩემი ძმა ამ საგიჟეთიდან მიმყავს! - ცივად მიუგო დედამისს, ისე რომ სულასთვის თვალი არ მოუშორებია. - ელ... - აზრს არ შევიცვლი! - ლამის იყვირა - ბავშვი მიმყავს-მეთქი! ახლავე! ჩააცვი, თორემ შესცივდება, გარეთ წვიმს! - დაიი! - საიმონმა მკლავები მაღლა გაიშვირა, ხელში ამიყვანეო. - დედა, არ გამაცოფო! არ ვხუმრობ, ჩააცვი-მეთქი, ბავშვს! გურანდამ საიმონი ხელში აიყვანა. ბავშვი ატირდა. დისკენ იწევდა გაშლილი ხელებით. აქვითინებულმა სწრაფად გაიყვანა ბავშვი საძინებელში. ელი და სულა მარტონი დარჩნენ ჰოლში. - ვინ მოგცა იარაღი? - წაიჩურჩულა მამაკაცმა. - შენი მეგობრისგან ვითხოვე - მიუგო ცივი სარკაზმით. - საკუთარ მამას მართლა ესვრი? - იკითხა სულამ ხმადაბლა. - დიდი სიამოვნებით! - გამოსცრა ღვარძლით - თავად მთხოვე, შენგან დედაჩემი და ჩემი ძმა მომეშორებინა, გახსოვს? თუ გონებიდან ამოგიფრინდა? სულამ დუმილით უპასუხა. ელს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. კბილები გააღრჭიალა. მთელი არსებით ებრძოდა თვალზე მოწოლილ ცრემლს, რომელიც ჯებირის გადმოლახვალს ლამობდა. - დედაჩემს სამსხვერპლო ცხვარივით გიტოვებ! - წაიჩურჩულა ხმაჩახლეჩილმა - თმის ღერიც რომ შეერხეს, დავბრუნდები და ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს! ასეთი იქნება, ჩვენი ისტორიის დასასრული! მართლა მოგკლავ! სიამონის თავი მაქვს დაფიცებული, წირვას გამოგიყვან! სულა ისევ დუმდა. ისეთი თვალებით მისჩერებოდა შვილს, ელს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რაზე ფიქრობდა მისი ავადმყოფი ტვინი. ათ წუთში გურანდა უკან დაბრუნდა შეფუთნული საიმონით და ხელში პატარა ჩანთით. - საიმონისთვის ტანსაცმელი და პამპერსები ჩავდე. ხვალამდე ეყოფა, ხვალ კი მოგაკითხავთ. ბებიასთან წადი, რომ დამშვიდდები, ვილაპარაკოთ. ელმა ბავშვი გამოართვა. ასლუკუნებულმა საიმონმა დას ყელზე მოხვია ხელები და გულზე მიეხუტა. სავანელმა მხოლოდ მაშინ დაუშვა იარაღი, როცა დედამისმა კარი გაუღო. ბოლოჯერ შეხედა თვალცრემლიან გურანდას, რომელსაც სახეზე ფერი დაჰკარგვოდა, თვალებში კი სხივი ჩაქრობოდა. დედის ზურგსუკან მისაღები ოთახის ზღურბლზე სულას სხეული მოჩანდა. ავი სულივით აყუნცულიყო სახლში, რომლისგანაც ასე უნდოდა გაქცევა. გულმა ძლიერად შემოსცხო ნეკნებს და სუნთქვა შეუკრა. - დედა... - ბოლოჯერ წარმოთქვა მუდარით - გამომყევი... - ხვალ ვილაპარაკოთ, დე - გაუღიმა ქალმა და თვალზე ეული ცრემლი ჩამოუგორდა - ისიც განერვიულებულია, კოშმარი გამოატარეს. ორივე დაწყნარდებით... ელს თვალები დაეხუჭა. მიხვდა, ვერაფრით დაარწმუნებდა დედამისს და არამიწიერი ბრაზი იგრძნო. მძვინვარებამ ვენებში სისხლი აუდუღა. რატომ არავინ უსმენდა?! რატომ ვერ ხედავდნენ აშკარა საფრთხეს?! ასე რამ დააბრმავა ყველა?! დაუმშვიდობებლად აქცია ზურგი მშობელს და კიბეებზე დაეშვა. არ გაუგია როდის მიიხურა კარი გურანდამ. ყურებს გუგუნი გაჰქონდათ. იარაღი საიმონის ზურგჩანთაში ჩატენა, ბავშვი მკლავებში შეისწორა და მეორე სართულზე, ტაბატაძის კარზე დააკაკუნა. ზღურბლზე ქალბატონი მზია გამოჩნდა. გოგონა ბავშვით ხელში, რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა. - ელ? ხომ მშვიდობაა? - გიორგი სახლშია? მისალმებით თავი არ შეუწუხებია, ისე იყო განერვიულებული საუბარს ძლივს ახერხებდა. ქალის ზურგსუკან ნაბიჯების ხმა გაისმა. გაკვირვებული გიორგი დედამისს ამოუდგა გვერდით და მეგობარს გაფართოებული თვალებით მიაჩერდა. - ელ? რა ხდება? - გიო... გთხოვ, ლილისთან წამიყვანე... თავი ოცდამეერთე „ნამეხარი კოშკი“ „როცა ადამიანი მიდის, სამყაროს ერთი კუთხე ბნელდება და ჩვენ ვსწავლობთ იქ სიარულს, სადაც სინათლე აღარ ბრუნდება“ შემზარავია იმაზე ფიქრი, როგორ ახასიათებს ცხოვრებას თავზე ჩამონგრევა. თითქოს ყველაფერი ფარატინა კარტით იყოს აწყობილი, ანდაც დომინოს კენჭებით. იქვე ჩასაფრებული ბედისწერა კი, მხოლოდ ამას ელოდება, შენს მიერ ერთ არასწორ გადადგმულ ნაბიჯს, რომ კენჭს წკიპურტი მისცხოს. დანარჩენი ძალდაუტანებლად ხდება - ყველაფერი რისიც გჯეროდა, რისიც გწამდა, რაც გიყვარდა და გაიმედებდა აგორებული ზვავის ქვეშ ექცევა და უფსკრულისკენ მიექანება. დიახ, შემზარავია იმის გააზრება, რომ ასეთ დროს არანაირ მიწიერ, ან ღვთიურ ძალას არ შესწევს ნგრევის შეჩერება. სანამ ზვავი უფსკრულს არ მიაღწევს, არ დამშვიდდება ბუნება... როდესაც ღამის ორ საათზე გიორგი ტაბატაძის მანქანა ლილის ჭიშკართან შეჩერდა, სწორედ მაშინ ჰკრა ბედისწერამ წკიპურტი დომინოს კენჭს და მყინვარწვერიდან უზარმაზარი ზვავი ჩამოიშალა. როცა თავსხმაწვიმაში, გაფითრებულმა ლილიმ შვილიშვილს გამოაკითხა ქოლგით ხელში და ატირებული გულში ჩაიკრა - სულა სავანელი, თვალზე ბინდგადაკრული, ცოლს ზურგიდან მიეპარა და მუცელში დანა გაუყარა. მეორე დილას, კი ლილი მენაბდის ჭიშკარს, გაფითრებული შუკვანი მოადგა. პირში ენას ვერაფრით ატრიალებდა. სახეზე ცრემლები აწვიმდა და ტუჩები უცახცახებდა. შეშინებული ლილი მკლავებში ეძგერა ბიჭს და ძლიერად შეანჯღრია - გამაგებინე, რა ხდებაო?! სვანმა, ძლივს ამოთქვა, სულამ გურანდას დანა დაარტყა, სავადმყოფოშია და მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდიაო. ამას რომ ამბობდა, არ შეუმჩნევია სახლიდან გამოსული ელი, რომელმაც როგორც კი ბიჭის სიტყვებს მოჰკრა ყური მკერდში მწველი ტკივილი იგრძნო. თვალთ დაუბნელდა და ადგილზე ჩაიკეცა გულწასული. ლილი მენაბდის ყელმა კი ისეთი კივილი ამოუშვა, ნუკრიმ და შოთიმ გაიგონეს თავიანთ ოთახებში და გულგახეთქილები გამოცვივდნენ გარეთ. ნანახმა კი ორივე გააქვავა ადგილზე - შუკვანი ელის უგონო სხეულს ტირილით იხუტებდა გულზე. ლილი კი არამიწიერად გაჰკიოდა - ვაი, ჩემო უბედურო, შვილოო... რეამინაციის პალატაში მწოლიარე გურანდა სიკვდილს ებრძოდა. ექიმები ხელს არ ჰკიდებდნენ მომაკვდავს. ირწმუნებოდნენ - ვერ გადარჩებაო. პაციენტი დაგვიანებით მიუყვანიათ საავადმყოფოში. ბევრი სისხლი დაუკარგავს უბედურს, გადასხმას აზრი არც აქვსო - უმტკიცებდნენ გურანდას ძმებს, რომლებიც რეკორდული სისწრაფით გაჩნდნენ დასთან. როცა მთავარი ქირურქგი შოთიმ კედელს მიახეთქა და დაემუქრა, ჩემი და თუ ვერ გადარჩება, არც შენ გაცოცხლებთო, შეფუცხუნებულმა სანიტრებს გადახედა და უღრიალა - რას დაყუდებულხართ, გაინძერითო! საქმე უფრო გართულდა, როცა გურანდას იშვიათი ჯგუფის სისხლი აღმოაჩნდა, რომელიც საავადმყოფოში იმჟამად ფიზიკურად არ ჰქონდათ. ნუკრიმ და შოთიმ მთელი ქალაქი ფეხზე დააყენეს და ერთ საათში, გურანდასთვის სისხლის გადასასხმელად, ქალაქის სამხედრო ნაწილიდან ჯარისკაცების არმია მოადგათ. ექიმები, ექთნებთან ერთად გაფართოებული თვალებით მისჩერებოდნენ სანახაობას. საავადმყოფოს ისტორიას არ ახსოვდა ასეთი სურათი. ერთი ქალის გადასარჩენად, მთელი ქალაქი იბრძოდა. არც კი იცნობდნენ მომაკვდავს, მაგრამ ვისაც კი ყურად მიეღო, უმწეოს დახმარება სჭირდებაო, არავინ დაიზარა მოსვლა. საავადმყოფოს მოსაცდელში ხალხის ტევა არ იყო. არავინ აქცევდა ყურადღებას კუთხეში მიყუჟულ გოგონას, რომელსაც სახე მუხლებში ჩაერგო და ცხოვრებაში პირველად, გულმხურვალედ ლოცულობდა, დედის გადასარჩენად. გვერდით მეგობარი მისჯდომოდა, მისთვის ხელი გადაეხვია და სახეზე უხმოდ ჩამოსდიოდა ცრემლები. შუკვანი, მას შემდეგ, რაც ლილის ააკითხა ცუდი ამბით, სავანელს გვერდიდან არ მოშორებია. გოგონა უცნაურ ტრანსში იყო. თითქოს ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მის გარშემო. ენით აუწერელ ტკივილს ისე ჩაეთრია უფსკრულში, გარშემო სიბნელის გარდა ვერაფერს ხედავდა. ერთ საღამოს კი, კედლის საათის ტიკტიკით გაღიზიანებულს ნერვებმა უმტყუნეს - საათს ეძგერა და გაცოფებულმა იატაკს დაანარცხა. შეშინებული ექთნები გვერდზე გახტნენ. მაგრამ როცა მიმოიხედეს და დაინახეს, ვინ იყო „დამნაშავე“, სევდიანად ჩახარეს თავები. ერთ-ერთმა მედდამ ხელის კანკალით იწყო ნამსხვრევების აკრეფა იატაკიდან. კრიჭაშეკრული შუკვანი სავანელს მისჩერებოდა და სახეზე ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები. მეგობარს ვერ სცნობდა. მასთან კონტაქტი შეუძლებელი გახდა იმ წუთიდან, როცა გონდაკარგულმა ბებიის ეზოში აახილა თვალი. გურანდას ოპერაცია გაუკეთეს. რაღაც სასწაულით გადარჩა, მაგრამ მისი მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩებოდა. ექიმები ოჯახის წევრებს ვერ აიმედებდნენ. ამბობდნენ - ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებსო. უსასრულოდ იწელებოდნენ წუთები, შვება კი არავის ეღირსა. თითქოს ასაფეთქებლად გამზადებულ ნაღმზე ისხდნენ და არავინ იცოდა, როდის ამოიწურებოდა წამზომი... სულას ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. როდესაც ცოლი დაუჭრია, შეშინებია და საავადმყოფოს ნაცვლად მამიდამისთან წაუყვანია, თვითონ კი გაქცეულა. გურანდა, სულას ნათესავებმა მოიყვანეს საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ არამიწიერად ეშინოდათ ლილის რეაქციის, თავს ვერაფრით აიძულეს იქაურობას გასცლოდნენ. სულ რომ მენაბდეს ადგილზე ამოეწყვიტა ყველა, მომაკვდავ რძალს მარტოს არაფრის დიდებით არ დატოვებდნენ. გამწარებულ დედას, სულას ნათესავებისთვის ჯერ არ სცხელოდა, გამწარებულს შვილის მდგომარეობა უმძიმებდა გულს და უკრავდა სუნთქვას. დანარჩენი ყველაფერი მოიცდიდა... დროებით... გურანდას დაჭრიდან მეექვსე დღე გადიოდა, როდესაც ექიმი პალატიდან გამოვიდა და მოსაცდელში ჩამომჯდარ ელს უთხრა - შეგიძლია დედა მოინახულოო. გოგონამ მძიმედ ასწია თავი. ისეთი საშინელი შესახედი იყო, კაცს გული გადაუტრიალდა. ადამიანისა არაფერი ეტყობოდა. ფაიფურივით თეთრს თვალები ავადმყოფურად ჩაშავებოდა და ლოყები ჩასცვენოდა. პალატაში მწოლიარე გურანდა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, უფრო უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე მისი გოგონა, რომელმაც მხოლოდ ორჯერ დატოვა საავადმყოფო ნახევარი საათით, რათა ტანსაცმელი გამოეცვალა. სკამზე გაშეშებულ მოზარდს არაფერი ეტყობოდა ცოცხალის. ნახშირივით შავ თვალებს სხივი მოკვდომოდათ. ისეთი უაზრო მზერით მიაშტერდა, ექიმს ეჭვი შეეპარა, თუ გამიგო ნათქვამიო. მხსნელად შუკვანი მოევლინა, რომელმაც მამაკაცს თავი დაუქნია და მადლობა გადაუხადა. ექიმი გაეცალათ და ორი მარტო დატოვა. - ელ... - სვანს მუდმივი მდუმარებისგან ხმა ჩახლეჩოდა - გურანდას ნახვა არ გინდა? გოგონას ხმა არ გაუღია. არც გაჰკვირვებია. მომხდარიდან სიტყვა არ დაუძრავს. არავის დალაპარაკებია. იჯდა თავისთვის ჩუმად და შეშლილი მზერით ადევნებდა თვალს რა ხდებოდა მის გარშემო. განერვიულებულმა სვანმა სახეზე ხელი ჩამოისვა, მაგრამ სანამ რაიმეს თქმას მოასწრებდა ჯიბეში ტელეფონი აუზუზუნდა. ეკრანს რომ დახედა, წარბი შეეკრა. - ახლავე მოვალ. გოგონას თავზე აკოცა, წამოდგა და გაეცალა. მარტო დარჩენილმა ელმა ველური მზერა ესროლა პალატის კარს. ხელები ციებიანივით აუცახცახდა. თავს ვერაფრით აიძულა ზღურბლის გადაკვეთა. არ შეეძლო... უბრალოდ, არ შეეძლო... გურანდა, ხომ მისი მიზეზით იწვა შიგნით?!... თავი მძიმედ ჩახარა, თვალები დახუჭა და ნაცნობ, მორევში ჩაიძირა... თავი ოცდამეორე „ზოგჯერ სიკვდილიც შვებაა...“ ღამის ათი საათი სრულდებოდა ტაქსის მძღოლი, თემური ლესელძე, მუშაობას რომ ასრულებდა. პატარა ქალაქში თითქმის ყველა სუპერმარკეტი დაეკეტათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხალხის ნაკადიც შეთხელებულიყო ქუჩებში. სანამ სახლისკენ გააგორებდა ძველისძველ ფორდს, ერთი ღერი სიგარეტის მოწევა გადაწყვიტა. მანქანის ფანჯარას ჩაუწია, რადიო საყვარელ არხზე მომართა, ძველისძველ ქართულ მუსიკას ხმამაღალზე აუწია და ნეტარებაში მყოფმა სიგარეტს გაუკიდა. სუსტად მბჟუტავი ლამპიონები ძლივს ანათებდნენ უკუნ ბნელში ჩაფლულ ქუჩას. სამარისებულ სიჩუმეში ფორდიდან მომავალი ძველი ქართული მუსიკა, ასფალტზე დახეული ფლოსტების ფრატა-ფრუტის ხმას ახშობდა. ბნელ ქუჩას მუქი სილუეტი არეული ნაბიჯით მიუყვებოდა. სულისმოსათმქელად დრო და დრო ჩერდებოდა, შემდეგ კი, ისევ აგრძელებდა გზას. სიარული აშკარად უჭირდა, ფეხები ერთმანეთში ებლანდებოდა და მხოლოდ, რაღაც სასწაულით არ იქცეოდა ცივ ასფალტზე. მარჯვენა ხელში თითქმის ცარიელი არყის ბოთლი ჩაებღუჯა. გაძვალტყავებულ სახეს, რომელსაც მკვდრის ფერი დასდებოდა, ცხიმისგან გაზეპილი თმა უფარავდა. დახეთქილ ტუჩებზე ენას ზანტად იტარებდა. გაფშეკილ სხეულზე გრძელი, საშინლად ბინძური სარაფანი, სველი ტილოსავით ჩამოკონწიალებოდა და საცოდავად უქანავებდა ყოველი ფეხის ნაბიჯის გადადგმისას. მხრებზე ჭუჭყისგან ფერდაკარგული კარდიგანი მოესხა. ნამტირალევს, თვალის უპეებზე, ჩამორეცხილი მაკიაჟის კვალი აჩნდა. ფლოსტების ფრატუნით აუარა გვერდი ლესელიძის ძველ ფორდს. თემური, ტელეფონის სქროლვით იყო დაკავებული. ახალგაზრდა და მიმზიდველ გოგონებს ათვალიერებდა, სოციალურ ქსელში. ლაიქებისგან თავს იკავებდა, თამარას რომ შემთხვევით მისი მოწონებული პოსტი ენახა, დააკლავდა კიდეც ეკრანზე. ამიტომ განცხრომაში მყოფს არ შეუმჩნევია მოჩვენებასავით გვერდით ჩავლილი ქალი, რომელსაც მთელი ქალაქი კარგად იცნობდა... სოფო შუკვანს პატარაობიდანვე რთული ცხოვრება ჰქონდა. დედამ ახალშობილი საავადმყოფოში მიატოვა და უკან აღარასდროს მიუხედავს. თვრამეტ წლამდე ბავშვთა სახლში გამოკეტილი, ერთი ფიქრით ათენებდა და აღამებდა, რომ არასასურველი ნაყოფი, დედამისმა ძაღლივით მიაგდო ბედისანაბარად, რაც მის თვითშეფასებაზე კრიტიკულად აისახა მომავალში. ბავშვებთან საერთო ენას ვერ პოულობდა. დაკომპლექსებულს, მუდამ მარტო ერჩივნა თამაში. პატარა ასაკიდანვე გაუუცხოვდა სამყაროს. იქიდან გამომდინარე, რომ გარეგნობითაც დიდად არ გამოირჩეოდა, ხშირად ხდებოდა თანატოლებისგან ბულინგის მსხვერპლი. ოდნავ კეხიან ცხვირსა და უსწორმასწორო კბილებზე დასცინოდნენ. ტანით დაბალსა და გაჩხინკულს ძალა და გამბედაობა არასოდეს ჰყოფნიდა, თანატოლებისგან თავი დაეცვა. ერთი ასაკოვანი აღმზრდელი ჰყავდა, რომელიც განსაკუთრებული სითბოთი ეპრობოდა სოფიკოს. ლამარა მუდამ ეუბნებოდა, ცხოვრებაში მთავარი გარეგნობა არ არის, მნიშვნელოვანია აქ რა დევსო - გულზე ადებდა დამჭკნარ ხელს და თბილად უღიმოდა. დროთა განმავლობაში ისწავლა, საკუთარ თავში დადებითი თვისებებისა და უნარების შემჩნევა. აღმოაჩინა, რომ თვლა კარგად გამოსდიოდა. ციფრები მისთვის თავსატეხს არ წარმოადგენდნენ. როდესაც ბოლოს და ბოლოს თავშესაფარი დატოვა, ბუღალტრის კურსი გაიარა და ცხოვრების აწყობა ნულიდან დაიწყო. მარტივი არ ყოფილა, მაგრამ უფლის წყალობით გზადაგზა კეთილი ადამიანები ხვდებოდნენ, რომლებიც სოფიკოს წინსვლაში ხელს უწყობდნენ. გოგონას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დამოუკიდებელ ქალად იქცა, რომელსაც საკუთარ თავზე ზრუნვა შეეძლო. მიუხედავად კარიერული წარმატებისა, სოფოს გულში გაბატონებული სიცარიელე შიგნიდან ჭამდა. როცა სამსახურიდან დაბრუნებული ოთხ კედელში მარტოდმარტო რჩებოდა, არნახული შიში იპყრობდა. თითქოს ისევ ის პატარა გოგონა იყო, ბავშვთა სახლიდან, ბნელ ოთახში გამოკეტილი. ასეთ დროს სუნთქვა უძნელდებოდა. წამოდგებოდა ხოლმე და ბინაში უაზროდ იწყებდა ბოდიალს, სანამ ფანჯრებიდან მზის შუქი არ შემოიპარებოდა. მხოლოდ მაშინ მილულავდა ხოლმე თვალებს, დაღლილი და გამოფიტული. თაყვანისმცემლები არ ჰყავდა, რაც მხოლოდ მისი გარეგნობის ბრალი სულაც არ იყო. სოფოს ჩაკეტილი და უკარება ხასიათის გამო მამაკაცები ერიდებოდნენ. მათ თვალში მერყევ, კომპლექსიან და უხასიათო ქალად ხასიათდებოდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა - სოფო სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩაში თავს დაესხნენ. მისი გაძარცვა უნდოდათ და ჩანთის წართმევა დაუპირეს. შეშინებულმა ქალმა ბოლო ხმაზე მორთო კივილი. მის ბედზე კი, იქვე ახლოს ირაკლი შუკვანი პატრულირებდა, მეწყვილესთან ერთად. ქალის კივილზე პოლიციელები მაშინვე დასახმარებლად მოცვივდნენ. ირაკლის მეწყვილე დამფრთხალ მძარცველს გამოუდგა. თავად შუკვანი კი, შეშინებულ ქალთან დარჩა. ასე დაიწყო მათი რომანი. ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში კი, ბევრი რამ შეიცვალა. სოფომ ბუღალტერობას თავი ანება და მესტიის სამშობიარო კლინიკაში დაიწყო მედდად მუშაობა. ირაკლი შუკვანმა კი, გაცნობის ორი წლის თავზე შეყვარებულს ხელი სთხოვა. ეიფორიაში მყოფი ქალი უყოყმანოდ დასთანხმდა მამაკაცსს და წყვილმა მალე იქორწინა. თითქოს ყველაფერი ზღაპრულად აეწყო. ახლად დაქორწინებულმა წყვილმა მესტიაში სახლი შეიძინა. სოფოს უკვირდა საიდან ჰქონდა, ამდენი ფული მის ქმარს. პოლიციელის ხელფასი იმ პერიოდში კაპიკები იყო. ირაკლიმ მეუღლე დაამშვიდა - ოჯახისგან მერგო მემკვიდრეობით სახლი და ის გავყიდეო. ისე იქორწინეს, რომ სოფოს არც ირაკლის ოჯახი უნახავს თვალით და არც მათი სახლი. მეუღლემ აუხსნა ოჯახიდან მხოლოდ და მხოლოდ მამა დამრჩა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს და ძალიან დამავალებ, ამ თემაზე თუ კითხვებს არ დამისვამო. სოფოს საკუთარ ტყავზე ჰქონდა გამოცდილი, რას ნიშნავდა „კარგი ურთიერთობის არ ქონა მშობლებთან“ და არ ჩასძიებია. ცხოვრებაში პირველად ჰქონდა საკუთარი ოჯახი. სახლი და მეუღლე, რომელიც ცოლზე ყურებამდე იყო შეყვარებული. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ... ქალი ვერაფრით ერეოდა ძველ კომპლექსებს. იმდენად მიუჩვეველი იყო ნორმალურ ყოფას, რომ გამუდმებით ეშინოდა მისი დაკარგვის. სოფიკოს შიშები გაუათმაგდა, როცა ქორწინებიდან ერთ წელიწადში ირაკლის ქცევებში ცვლილებები შეამჩნია. მამაკაცი ხშირად ბრუნდებოდა სახლში გულჩათხრობილი და გაღიზიანებული. როცა ქმარს ეკითხებოდა, რა გჭირსო - თავიდან იშორებდა და დასაძინებლად მიდიოდა. ასე გაგრძელდა რამდნიმე დღე, სანამ ქალს არ ამოასხა და უკან დაბრუნებულ ქმარს ეჭვიანობის სცენა მოუწყო - მითხარი, ვისთან დადიხარო! ირაკლიმ აფოფრილ ცოლს ერთხანს უყურა, შემდეგ კი სახე ხელებში ჩარგო და სოფოს გასაკვირად აქვითინდა. გაშტერებული ქალი პირდაღებული მიაჩერდა ქმარს - ასეთ რეაქციას არ ელოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, კი როცა შუკვანი ცოტა დამშვიდდა, მეუღლეს ყველაფერი უამბო... იმ საღამოს სოფოს ბედი რადიკალურად შეიცვალა... არა, მაშინ, როდესაც ქმრის ნაამბობი მოისმინა - არამედ მაშინ, როცა დახმარებას დაპირდა... ჩასაფრებულმა ბედისწერამ ისევ წკიპურტი მიჰკრა დომინოს კენჭს და ორი ადამიანის ცხოვრება ნანგრევებად აქცია - იმ წყეული საღამოდან, ერთ წელიწადში ირაკლი შუკვანი უკვალოდ გაუჩინარდა. სოფო კი მესტიიდან, საკუთარი სახლიდან, გვიან ღამით გაიპარა დამრგვალებული მუცლით და თავი პატარა ქალაქს შეაფარა, სადაც, რამდენიმე თვის შემდეგ, მისი პატარა ბიჭუნა, კიტა, მოევლინა სამყაროს. სოფო, ხელში ახალშობილით, მარტო დარჩა. წამით სისუსტემ სძლია და გადაწყვიტა ბავშვი ისევე მოეშორებინა თავიდან, როგორც ის მოიშორეს ბავშვობაში, მაგრამ ვერ შეძლო. მოაგონდა ჯოჯოხეთური ბავშვობა თავშესაფარში და ადამიანურმა სინანულმა არ მისცა იგივეს გაკეთების უფლება. ასე შერჩა ხელში ბავშვი, რომელიც ვერასდროს შეიყვარა. მეტიც, მოგვიანებით შვილის მიმართ აუტანელი სიძულვილი იგრძნო, რადგან პატარა კიტა გაჭრილი ვაშლივით დაემგვანა მამამის... ირაკლის, მამაკაცს, რომელმაც ქალს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია... სოფო ფლოსტების ფრატუნით მიუყვებოდა ჩაბნელებულ ქუჩას და წარსულზე ფიქრობდა. დღე არ გასულა მესტიაზე არ ეფიქროს. სასმელში ახრჩობდა ცოდვებს, რომლებიც სიცოცხლეს სწოვდნენ ყოვედღიურად. გამბედაობა არ ჰყოფნიდა თავი მოეკლა. ზედმეტად მხდალი იყო ასეთი ნაბიჯისთვის. განა, რად ღირდა მისი ცხოვრება? - ერთი დიდი უსასრულო კოშმარი იყო, რომელსაც დასრულება არაფრით ეღირსა! თვალები დახუჭა და ადგილზე შექანდა. ყურებში ისევ ის საზიზღარი, ნაცნობი ხმები აჩურჩულდნენ, რომლებიც უკვე წლები იყო სიცოცხლეს უწამლავდნენ. პატარა ბავშვივით მიიდო ყურები ხელზე, მაგრამ ხმები ვერაფრით ჩაახშო. ჩურჩული უფრო და უფრო ძლიერდებოდა, რასაც ჭკუიდან გადაჰყავდა. - არ მინდოდა... - მიმართა ცარიელ სივრცეს - არ მინდოდა, გეფიცებით, არ მინდოდა... მაპატიეთ... ყურმებმა გუგუნს უმატეს. სოფოს მდუღარე ცრემლები გადმოსცვივდა სახეზე. არეული ნაბიჯით გააგრძელა გზა. ტროტუარი გაიარა და წყლის არხს მიუახლოვდა, რომელიც ჩანჩქერივით ჩაედინებოდა ხევში. გამოუსადეგარ ქალაქის მერიას, მილიონჯერ მიმართეს მაცხოვრებლებმა, ჯებირები შეეკეთებინათ. სკოლიდან წამოსული ბავშვები ხშირად დადიან წყლის არხის ტროტუარით და შეიძლება ვინმე ხევში გადაიჩეხოსო! გავაკეთებთო - პირობა დადეს დიდი ამბით, მაგრამ აგერ უკვე მესამე წელი ხდებოდა, თითი არავის გაუნძრევია. სოფო შუკვანი მორღვეული წყლის არხის ჯებირთან იდგა და სახიფათოდ ქანაობდა წინ და უკან. ბოლო დროს ისე ხშირად წვიმდა, სანიაღვრე არხში წყლის დიდი ნაკადი მიედინებოდა და ხევში ეშვებოდა ჩანჩქერივით. ქუჩარში სულიერი არ ჭაჭანებდა, რომ ვინმეს შეემჩნია მთვრალი ადამიანი. მაწანწალა კატასაც კი არ გადაურბენია ქუჩაზე. მთელმა ქალაქმა თვალი დახუჭა და ყური მოიყრუა. მხოლოდ სოფო შუკვანის თავში ტრიალებდა არამიწიერი ქაოსი, რომელსაც ვერაფრით ჩააწყვეტინა ხმა. როდესაც ქალის მოდუნებული სხეული ხევის უფსკრულში მიფრინავდა ნაჭრის თოჯინასავით, სულ რაღაც ორმოცდაათ მეტრში თემური ლესელიძემ ტელეფონის სქროლვას თავი ანება, ერთი ამოიოხრა, ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა და მანქანა დაქოქა. ძველი ფორდი მშვიდად გაგორდა სახლისკენ. სოფოს სხეული კი, მწარედ დაენარცხა ხევის კლდიან ფსკერს. ქალმა ადგილზე განუტევა სული, გონებაში ქაოსმა კი, როგორც იქნა იყუჩა... თავი ოცდამესამე „დასასრულის დასაწყისი“ რაც შუკვანს ტელეფონზე დაურეკეს, მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. საკუთარ ტკივილში ჩაძირულ ელს, არც კი შემჩნევია მეგობრის უცნაური გაუჩინარება. მეშვიდე დღეს თავი ასწია და საღამოს, როცა საავადმყოფოდან მისი ყველა ნათესავი გაიკრიფა (მხოლოდ შოთი დარჩა ელთან ერთად, რომელიც საავადმყოფოს ბუფეტში ჩავიდა საჭმლის მოსატანად), ძალა მოიკრიბა და წამოდგა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა პალატისკენ და კართან გაიყინა. ცხოვრებაში ასე არასდროს არაფერი გასჭირვებია. სხეული ისე ემძიმებოდა, თითქოს ფოლადისა ყოფილიყოს. მძიმედ ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და სახელურს დაექაჩა. კარი შეაღო და შიგნით შევიდა. პალატაში შუქი ჩაექროთ. ფანჯრიდან შემომავალი სავსე მთვარის შუქი პირდაპირ გურანდას საწოლს ეცემოდა. დედამისი უამრავ მილსა და აპარატზე შეერთებინათ. რთულ მოწყობილობებში ახლართული ქალი ძლივს მოჩანდა საწოლში. ძირს ბოთლები დაედგათ, რომელშიც მილების დაბოლოებები მოეთავსებინათ. რაღაც საზიზღარი და ამაზრზენი წვეთავდა თითოეულ მათგანში. ელმა გულზე მუშტი მიიდო. მკერდში აუტანელი ტკივილი იგრძნო და სუნთქვა შეეკრა. მთელი ეს დღეები სწორედ ამ სურათს გაურობდა, თავის ნამოქმედარს, რომელიც დედამისი ლამის სიკვდილამდე მიიყვანა. განა შესაძლებელი იყო უფრო მეტად დამსხვრეოდა სული? - არადა დაემსხვრა. ბნელში გაეფანტა და სამუდამოდ დაიკარგა. არ იცოდა რა მოხდებოდა, ერთ თვეში, ერთ წელში, ერთ საუკუნეში, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული იყო - მომხდარს თავს არასოდეს აპატიებდა! რამდენ დღესაც არ უნდა ჩაევლო, რამდენი მზეც არ უნდა ამოსულიყო ცის კაბადონზე, როგორი ჭრელი ფერიც არ უნდა მიეღო ცხოვრებას, ელისთვის სამუდამოდ ჩამოწვა ბნელი. ქვეცნობიერმა მტკივნეულად მოაგონა ბოლო განშორება. დედის უკანასკნელი ღიმილი... როგორი შიშით უყურებდა შვილს... რამხელა ტკივილი ედგა თვალებში... მის უკან კი სატანა იდგა, ეშმაკი, რომელიც ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა, რომ მისი თავი წაერთმია სამუდამოდ. მან კი რა ქნა? ასე უბრალოდ დაუთმო... სამსხვერპლოდ ცხვარი შეატოვა და კარი გაიხურა... პირში ენა გაღეჭა და ყბა აუცახცახდა. თვალზე მოწოლილმა ცრემლებმა ჯებირები გადმოლახეს და მდუღარე ნაკადულებად დაეშვნენ ლოყებზე. ქვეცნობიერი მაზოლზე წიხლს აჭერდა და ბოლო შეხვედრის კადრს გაფუჭებული ფირივით უტრიალებდა გონებაში - ისევ და ისევ, შეუჩერებლად. თითქოს არ ჰყოფნიდა მისი ტანჯვა, უფრო მეტი იარის მიყენება სურდა, მიუხედავად იმისა, რომ არ დარჩენია სულზე ადგილი, სადაც ბასრი პირი არ ჩაერჭო ღრმად. ძლივს გადადგა ერთი ნაბიჯი წინ. ქვასავით მძიმე სხეული კიდევ უფრო დაუმძიმდა. ვერ შევძლებ მიკარებასო გაიფიქრა შიშით და ამ აზრმა შეაძრწუნა - უნდა ენახა, ბოლოჯერ, უკანასკნელად უნდა ეგრძნო დედის სურნელი, შემდეგ კი... შემდეგ კი, გააკეთებდა იმას რაზეც ეს დღეები გამუდმებით ფიქრობდა. უკანასკნელად უნდა ენახა ქალი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. პირობა უნდა მიეცა... უნდა ეთქვა... ღმერთო, როგორი სულელური და ბავშვური ეჩვენა ეს მიზანი იმ წამს. პირობა? სიტყვები? ეს ყველაზე უმნიშვნელო იყო რისი გაკეთებაც მისთვის შეეძლო და იმავდროულად ერთადერთი. მანამდე თუ ყბა უცახცახებდა, ახლა მთელი ტანით კანკალებდა. უხაროდა, რომ გურანდას ეძინა და ვერ ხედავდა. ვერაფრით შეძლებდა დედის თვალებში ჩახედვას, მომხდარის შემდეგ, მოკვდებოდა და ვერ შეძლებდა... პირობა მისცა, დაგიცავო! უთხრა, შენს გვერდით ვიქნებიო და... და... რა გააკეთა? მარტო მიატოვა კარის ზღურბლზე, ავ სულთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო! მაგრამ ამან ვერ შეაჩერა! ძმას ხელი მოჰკიდა და დედა სასიკვდილოდ გაიმეტა... თავი გააქნია არანორმალურივით. ჩაბნელებულ ოთახში მისი კბილების კრაჭუნის ხმა გარკვევით გაისმა. სახეზე მდუღარე ცრემლები აწვიმდა უხმოდ. უცებ ისე ბინძურად იგრძნო თავი, პალატაში ყოფნა იუხერხულა. იქაურობას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გასცლოდა. დედისთვის ჰაერი არ უნდა მოეწამლა! თავს კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა აიძულა. გურანდას მიუახლოვდა და მუხლებაკანკალებული ქალისკენ დაიხარა. ძალიან ფრთხილად, ნაზად აკოცა შუბლზე და ყურში ხრინწიანი ხმით უჩურჩულა: - ამისთვის ყველას მოეკითხება! პირობას გაძლევ... ბოლოჯერ შეისუნთქა დედის სურნელი რომლსაც სიტკბო დაკარგვოდა. ქალის მუდამ სურნელოვანი კანი და თმები მედიკამენტების სუნად ყარდა. შვილის უკანასკნელი ცრემლი დაეცა გურანდას ბალიშზე. ძილბურანში მყოფმა გურანდამ თვალები, რომ აახილა გასასვლელი კარი უკვე ჩუმად იხურებოდა. იმ საღამოს შემდეგ, აღარასდროს უნახავს დედა-შვილს ერთმანეთი... ****** „ტიკ-ტაკ... ტიკ-ტაკ“ პალატიდან გამოსულმა ელმა დერეფანი გაიარა და კიბეებს ჩაუყვა თავჩახრილი. ნაბიჯებს დგამდა, მაგრამ სხეულს ვერ გრძნობდა. მისი გონება სადღაც ასტრალში დაკარგულიყო. საერთოდ ვერ აღიქვამდა რეალობას. გარშემო ყველაფერი ისეთი ბუნდოვანი და გადღაბნილი იყო ტვინთან ერთად ფეხიც ერეოდა... პირველ სართულზე ჩასულმა თვალის კუთხით შოთი შეამჩნია. გადამწვარმა გონებამ დააფიქსირა, რომ ბიძამისმაც შეამჩნია და მისკენ გამოემართა კაფეტერიაში ნაყიდი ვახშმით ხელში. - წამოდი, ვჭამოთ! ეს დღეებია პირში ლუკმა არ ჩაგიდია, დაეცემი სადღაც! მიუხედავად იმისა, რომ შოთი ხელის ერთ გაწვდენაზე იდგა, მამაკაცის ხმა შორიდან ჩაესმა. თითქოს უზარმაზარი გვირაბის ბოლოს იდგა და სიტყვები ექოდ აღწევდნენ ტვინამდე. - არ მშია, - უპასუხა ჩვეულისამებრ, ყურებში წივილმა იმატეს. შოთის ფიგურა ბურუსმა მოიცვა. ჩაახველა და თავი გააქნია - სახლში წავალ, ტანსაცმელს გამოვიცვლი. - ელ... - ბიძამისმა იდაყვში წაავლო ხელი და შეაჩერა - კარგად ხარ? საშინლად გამოიყურები. სახე მოუთვალიერა ფაიფურივით გაფითრებულს. ახლა უფრო ავადმყოფურად გამოიყურებოდა, ვიდრე ბოლო დღეებში. მამაკაცს ნერვიულობა შეეპარა. დისშვილის თვალებში რაღაც უცხო ამოიკითხა და გული შეუქანდა. - ელ... - კარგად როგორ ვიქნები, შოთი... - ბიძამის ხელი გააშვებინა - სახლში უნდა წავიდე... - ასე გვიან? მარტო? ღამის ათი საათი ხდება. წამოდი, მე, გამოგყვები. - არა! - თავი ასწია და მტკიცედ გაუსწორა მზერა. მხედველობა დაეწმინდა, მაგრამ გონებაში აშლილმა აურზაურმა ლამის დააყრუა. ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა - მარტო მინდა ყოფნა. თან... შორსაც არ ვცხოვრობთ. არ არის საჭირო. - ელ... - დროებით... გვერდი აუქცია და ისე, რომ თვალი არ გაუსწორებია ბიძამისისთვის გასასვლელს მიაშურა. წარბშეკრულმა შოთიმ მზერით გააცილა დიშვილი. საკუთარ თავს ებრძოდა. გრძნობდა, რომ მარტო წასვლის საშუალება არ უნდა მიეცა, მაგრამ ელი მუდამ თავისებური იყო. დამოუკიდებელი. არავისგან ითხოვდა ხელის შეშველებას. იცოდა, რომ რთულ პერიოდს გადიოდა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალება მისცა. თავი ჩახარა, ამოიოხრა და მძიმე ნაბიჯით აუყვა კიბეებს. მეორე სართულზე შეჩერდა. სასადილოში ნაყიდ საჭმელს ღვარძლით დახედა და თვალებში ცრემლი აემღვრა. ჩაახველა, სახე მოიწმინდა და კიბეებს აუყვა მესამე სართულისკენ. გზად, საჭმლით სავსე ყუთი ნაგვის ურნაში მოისროლა... ****** „მაპატიე, საიმონ...“ ყოველ ჯერზე, როცა ელი მესხეთის ქუჩაზე ბრუნდებოდა, მუდამ გვიანი იყო. სპეციალურად არჩევდა ასეთ დროს, რომ რაც შეიძლება ნაკლებ მეზობელს მოხვედროდა თვალში. არავისთან საუბარი არ უნდოდა. სახლში მობრუნება, კი სადაც, სულამ დედამისი კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა სულს უხუთავდა. იმ წყეულ ბინაში ათ წუთზე მეტხანს ვერ ჩერდებოდა. სწრაფად იცვლიდა ტანსაცმელს და უკან გამორბოდა. ამჯერად, განსაკუთრებული სიმძიმით მიიწევდნენ ნაბიჯები მესამე სართულისკენ. მკერდში გულს უზარმაზარი ლოდის წონა მომატებოდა. ხელის გულები გაუოფლიანდა. თავისი სახლის კარს რომ მიუახლოვდა, შეყოყმანდა. თვალები დახუჭა. კბილს კბილი ძლიერად დააჭირა და კარი შეაღო. მისაღებ ოთახში შუქი ენთო. სამზარეულოდან ქვავების ხმაური მოისმოდა. წამით გიჟურმა აზრმა გაუელვა თავში, რომ მომხდარი მხოლოდ მისი შეშლილი გონების მოგონილი იყო და სინამდვილეში არაფერი მომხდარა. გურანდა სამზარეულოდან გამოეგებებოდა და ისევ უსაყვედურებდა დაგვიანებისთვის. წარმოდგენილი სურათი საპნის ბუშტივით შეასკდა სახეში, როდესაც ოთახიდან ლილიმ გამოყო თავი. ელის დანახვისას კი სახეზე მკრთალი ღიმილი მოეფინა. - ელ... კარგია, რომ მოხვედი. საჭმელი გავაკეთე, მოდი, ცოტა შეჭამე. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. თავი ჩახარა და ფეხსაცმელების გახდა დაიწყო, რომ ხელები რამით დაეკავებინა. თვალის კუთხეზე მომდგარი ცრემლი უჩუმრად მუხლზე შეიწმინდა და წამოდგა. - საიმონს სძინავს? - იკითხა ხმადაბლა. - ნახევარი საათის წინ ჩაეძინა. ბოლო დროს ძალიან ჭირვეულობს. სულ წუწუნებს. გურანდას ითხოვს... მოხუცს ხმა ჩაეხლიჩა და სახე მიატრიალა, რომ შვილიშვილისთვის ცრემლები დაემალა. ელის ყელში მობჯენილმა ბურთმა ზომაში იმატა. ბებიას გვერდი აუქცია და საძინებელში გავიდა. ოთახი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მის კედლებს შიგნით სულაც არ მომხდარიყოს საშინელება. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც იმ საღამოს დატოვა, სანამ ავალიანს ჩაუჯდებოდა მანქანაში. კარადას მიუახლოვდა, გამოაღო და ტანსაცმელებს თვალი მოავლო. სპორტული, შავი ზედა და ქვედა გამოაძვრინა. სამოსი საწოლზე მიყარა და გარდერობის კარი მიხურა. შეამჩნია, რომ ხელები უკანკალებდა და მუშტად შეკრა. ყურები ისევ დაუგუბდა, წივილმა იმატა. თვალები დაეხუჭა და გარდერობს მიეყრდნო, რომ არ დაცემულიყო. ცხვირ-პირზე სისველე იგრძნო. ხელი მოისვა, ხელის ზურგი კი სისხლით მოეთხვარა. წამით არ აღელვებულა. აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. იმ წამში სამყაროს შეეძლო მთლიანად ჩამოქცეულიყო, სავანელს კი წარბიც არ შეუტოკდებოდა. ხელის ერთი მოსმით გადაიძრო ბინძური ზედა და შეიცადა სანამ სისხლდენა შეუწყდებოდა. ცხვირზე ორი თითი წაიჭირა, თავი წინ გადახარა და საწოლზე ჩამოჯდა. ეზიზღებოდა უქმად ყოფნა. ასეთ დროს ტვინს საშუალება ეძლეოდა ნელა და აუჩქარებლად გაეგრძელებინა მისი წამება. ყველა შეცდომა და არასწორი გადაწყვეტილება შეეხსენებინა, რომელიც თითოეულ უჯრედს ცეცხლს უკიდებდა. სავანელის სულსა და სხეულს ავი დემონები დაპატრონებოდნენ. მის არსებაში აღარ იყო უფლის ადგილი... თვალები მოჭუტა და თავი გააქნია. ვეღარ გაჩერდა. რომ იგრძნო სისხლდენა შეუჩერდა, ფეხზე წამოიჭრა და ახალი ტანსაცმელი ტანზე მოირგო. დაიხარა და საწოლის ქვეშიდან შავი სამგზავრო ჩანთა გამოაძვრინა. გახსნა და გადაქექა. იპოვა რასაც ეძებდა. კიტას ნაჩუქარი დანა ბლუზის ჯიბეში ჩაიცურა და წელში გასწორდა. ოთახს ბოლოჯერ მოავლო მზერა და ისე გავიდა უკან აღარ მიუხედავს. - ელ... მოდი, გელოდები! - გამოსძახა სამზარეულოდან ლილიმ. ძალა მოიკრიბა. ღრმად ჩაისუნთქა და სამზარეულოს ზღურბლს მიუახლოვდა. შიგნით არ შესულა. ვერაფრით გადაკვეთავდა იმ ოთახის საზღვარს სადაც, სულამ გურანდას დანა დაარტყა! არ შეეძლო! გამორიცხული იყო შიგნით შესულიყო! ლილიმ ყველაფერი მიალაგა და დაასუფთავა, მაგრამ ელისთვის... მთელი სამზარეულო სისხლში ბანაობდა. - ლილი... - წამოიწყო ჩახლეჩილი ხმით. ბოლო დროს იშვიათად საუბრობდა და ხმა ლამის დაკარგა - უნდა წავიდე... - ა? ვახშმის მზადებაში გართულს ჯერ ყურადღება არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის, მაგრამ როდესაც ქალმა წინადადების მნიშვნელობა გაიაზრა სოუზით სავსე ქვაბისკენ გაწვდილი ხელი ჰაერში გაუშეშდა და შვილიშვილს წარბშეკრულმა მოხედა. - ისევ საავადმყოფოში ბრუნდები? ასე გვიან? გეჭამა მაინც რამე, ეშმაკს ჰგავხარ, შვილო! მოკვდები მშიერი! - არა... - საუბარი იმაზე მეტად გაუჭირდა, ვიდრე წარმოიდგენდა - მე... ცოტახნით გოგონებთან დავრჩები. აქ... აქ ყოფნა არ შემიძლია, ცუდად ვხდები... - ელ... - ქალი გადაფითრდა. სამზარეულოს ტილო მაგიდაზე მიაგდო და გოგონასკენ წამოვიდა - ელ, ვიცი რომ რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება. დედა, მალე ფეხზე დადგება! ხომ იცი? ექიმმა თქვა, ყველაზე უარესმა უკვე ჩაიარაო, ახლა მხოლოდ დროა საჭირო... საპასუხოდ მხოლოდ თავი დაუქნია. ისევ გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი. მოხუცისთვის თვალის გასწორება უჭირდა. საერთოდ ვერცერთი ოჯახის წევრს ვეღარ უსწორებდა თვალს. - ცოტა... ცოტა დრო მჭირდება. ნუ შემეხმიანებით, მე თვითონ მოვალ, როცა მზად ვიქნები... - საიმონი? - მოხუცს თვალები აუწყლიანდა - ბავშვს სჭირდები, ელ. ჩემთან კი ჩერდება, მაგრამ შენთან მშვიდად არის. ელს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ლილიმ უზარმაზარი დანა გაუყარა გულში. თვალზე ცრემლი მოადგა. კბილი კბილს ძლიერად დააჭირა, რომ თავი შეეკავებინა. - მაპატიე, რომ ასეთ დროს მარტო გტოვებ... მე... მე... აქვითინებულმა ლილიმ შვილიშვილი გულში ჩაიკრა. ბეჭებზე ხელი ნაზად დაუსვა და ყურში დამამშვიდებელ სიტყვებს ეჩურჩულებოდა. ქვად ქცეული სავანელი არცერთ წინადადებას არ იკარებდა გულთან. არ იმსახურებდა გამხნევებას. არ იმსახურებდა დამშვიდებას... ყველაფერი იმის შემდეგ რაც მოხდა... და რაც მოხდებოდა... ქალის სიახლოვე ცოცხალი ცეცხლივით აეწვა კანზე. სწრაფად ჩამოშორდა. - საიმონს დავემშვიდობები და წავალ. - ხვალ, რომ წახვიდე? - შეეხვეწა მოხუცი - უკვე გვიანია, სირცხვილია, ამ შუაღამეს ვის მიადგები კარზე? - მელოდებიან. - მოიტყუა და მოხუცს ზურგი აქცია. გურანდას საძინებელში შევიდა. საიმონი დედის მხარეს იწვა ლოგინში და მშვიდად თვლემდა. მთელი დღის თავშეკავებულობა სადღაც გაქრა, წამში აორთქლდა და სავანელის თავდაცვითი ბარიერისგან აღარაფერი დარჩა. ცხელმა ცრემლებმა სახე დაუსველეს. აკანკალებული მუხლებით კი გაჭრვებით მიუახლოვდა მძინარე ძმას. მომხდარის შემდეგ, თითი არ დაუკარებია მისთვის. არ შეხებია, ხელში არ აუყვანია, თვალებში არ შეუხედავს, მისთვის ერთხელაც კი არ გაუღიმია. იჯდა საავადმყოფოს მოსაცდელში მკვდარი ყვავილების ვენოკივით და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ვერც ახლა შეძლო შეხება, მიუხედავად იმისა, რომ არამიწიერად უნდოდა ბოლოჯერ ეგრძნოთ თითებს ბავშვის ნაზი კანი. მძინარე ბავშვის წინ მუხლებზე დაეშვა და თავჩახრილი ჩუმად, უხმოდ ატირდა. მთელი სხეული ციებიანივით უცახცახებდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ცოტაც და ადგილზევე დაიშლებოდა უამრავ მოლეკულად. - მაპატიე, საიმონ... - ამოიტირა ჩუმად - მაპატიე, ჩემ გამო კინაღამ დედა დავკარგეთ. მაპატიე, რომ ასეთ დროს მარტო გტოვებ... მაპატიე... ოდესმე... როცა გაიზრდები... იქნებ... იქნებ მიხვდე, რომ სხვა გზა არ მქონდა. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დაგპირდე... აღარასდროს აღარავინ აღარ ჩაგაგდებთ საფრთხეში, არც შენ და არც დედას. ამაზე მე ვიზრუნებ მდუღარე ცრემლები წკაპაწკუპით ეცემოდნენ გაპრიალებულ იატაკს. პატარა საიმონს ღრმად ეძინა. სიტყვა არ გაუგია დის საუბრიდან. მისი პაწია გული მშვიდად ფეთქავდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ხელის ერთ გაწვდენაზე მისი საყვარელი ადამიანი დაჩოქილიყო და ემშვიდობებოდა. არ იცოდა პატარა სავანელმა, რომ იმ ღამის შემდეგ ვეღარასდროს იხილავდა დას... ****** „დავალება“ სახლიდან წამოსულმა, გეზი მაშინვე კახაძის სახლისკენ აიღო. მტკიცედ დგამდა ნაბიჯებს. სხეული გიტარის სიმივით დასჭიმვოდა. კურპივით შავ ჩაზე ღრუბლები მოგროვდნენ და სავსე მთვარე მუქ ნაცრისფერ ნისლში გახვიეს. არსაიდან ძლიერი ქარი ამოვარდა. შორიდან კი ქუხილის ხმა მოისმა. შტორმი ახლოვდებოდა ისევ... მიმოიხედა და რომ დარწმუნდა გზაზე მანქანა არ მოდიოდა, ქუჩაზე გადაირბინა. თავზე კაპიუშონი წამოიფარა და სწრაფი ნაბიჯით გააგრძელა სიარული. ოც წუთში უზარმაზარი მუხის ხის ქვეშ იდგა და შორიდან უთვალთვალებდა კახაძის სახლს. მუჭში დანა ჩაებღუჯა. ისევ იგრძნო ადრენალინის მოზღვავება, რომელმაც ბოლო კვირას ჩამკვდარი ორგანიზმი უცხო ენერგიით გამოაფხიზლა. მანამდე არასოდეს მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება. არასდროს არავის მისდგომია კარზე მტკიცე განზრახვით სიცოცხლე მოესპო ადამიანისთვის. ხის ჩრდილს გამოეყო და ქუჩა მოათვალიერა. უკვე გვიანი იყო. კაციშვილი არ ჭაჭანებდა გარეთ. კახაძის სახლში კი შუქი არ ენთო. არ იცოდა შინ იყო თუ არა. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ მისდევდათ მანქანით უკან, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ შიგნით მელოტი არ იჯდა. მხოლოდ სამნი იყვნენ. ორი შავ „ბეემვეს“ ესროდა. დიანახა მათი სახეები, როცა მანქანას გადმოეკიდნენ. მესამე კი საჭეს მართავდა. კახაძე მათ შორის არ იყო! იქიდან გამომდინარე, რომ ვერცხლისფერი სედანი ხრამში აფეთქდა, სახლის წინ არანაირი მანქანა არ იდგა. ბევრი არ უფიქრია. დაიხარა. მოზრდილ ქვას ხელი წამოავლო და ფანჯარას გაუქანა. სამარისებულ მდუმარებაში ხმამაღალი ლეწვის ხმა გაისმა, რასაც ქუხილი მოჰყვა და წამში გადაფარა ხმაური. შეიცადა. ოთახში შუქი აანთეს. ტუჩებზე პირქუში ღიმილი გადაეფინა. სულ მალე მთავარი კარის საკეტი გადატრიალდა და კიბეებზე ღამის პერანგში გამოწყობილი მელოტი დაეშვა. გაცოფებულმა თვალები დააცეცა დამნაშავის პოვნის იმედით. გატეხილი ცხვირი შეებინტა. სახე შეშუპებოდა და თვალის უპეები ჩაშავებოდა. ელს მისმა მონგრეულმა სიფათმა ენით აუწერელი სიამოვნება მოჰგვარა, კიდევ უფრო დიდი კმაყოფილება იგრძნო, როცა გაიაზრა, რომ კახაძის შერემონტებული სახე მისი ნახელავი იყო. მელოტმა კიდევ რამდენჯერმე მიმოიხედა და ვერავინ რომ ვერ დალანდა ჭიშკარი გააღო და ფეხშიშველი გზაზე გამოვიდა. ელი კიდევ რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა მამაკაცს. სიბნელეში მისი გარჩევა შეუძლებელი იყო. კატასავით ჩუმად და ფრთხილად გადაადგილდებოდა. როდესაც კახაძემ სახლში შებრუნება დააპირა, მომენტით ისარგებლა და ზურგსუკან აესვეტა მოჩვენებასავით. ზურგში დანის დარტყმა არ იკადრა. უნდოდა თვალებში ჩაეხედა, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა. - სიზმრები, ხომ არ დაგიფრთხეს, ნაბ’იჭვარო?! - წაისისინა ავად. მელოტი ჯერ ადგილზე გაიყინა, შემდეგ კი უცებ შემობრუნდა. გულის ერთ დარტყმაში რამდენიმე რამ მოხდა ერთდროულად - ელმა მარჯვენა მოიქნია და კახაძეს ნეკნებში დაატაკა დანა, რასაც მამაკაცის ყმუილი მოჰყვა. მისმა მოქნეულმა ხელმა კი გოგონას სახეში უწია. როგორც ჩანდა, ნაძირალა შემზადებული იყო. ელმა ლოყაზე მწვავე ტკივილი იგრძნო. მამაკაცის ბასრმა დანის პირმა სახის ნაწილი გაუგლიჯა. ავტომატურად უშვა ხელი დანას და უკან დაიხია. სისხლის უხვმა ნაკადმა დააფრთხო. ბლუზა სწრაფად ეჟღინთებოდა სისხლისგან. კახაძე შებარბაცდა და კვნესით ჩაიკეცა ასფალტზე. ნეკნებში გაყრილი დანის ამოღება ვერ გაბედა. სუნთქვა უჭირდა. შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. დანისლული თვალებით ამოხედა სავანელს და მწარედ გამოსცრა კბილებში. - ეს შენი უკანასკნელი მცდელობა იყო... - წაისისინა - შემდეგ ჯერზე, როცა ერთმანეთს შევხვდებით, უკანასკნელი ადამიანი ვიქნები, ვისაც შენი თვალები იხილავს! ელმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. გაშლილი ხელი ლოყაზე მიიჭირა. თითებს შორის სისხლმა გამოჟონა. თავბრუსხვევა იგრძნო. ბოლო დღეებში ფატალურ მდგომარეობაში იყო. სისხლის დაკარგვამ კი კიდევ უფრო დაასუსტა. იგრძნო, ძალა როგორ ეცლებოდა ფეხებში და გაქცევა გადაწყვიტა. - დაგელოდები... მიუგდო ჩახლეჩილი ხმით და არეული ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. კახაძე, ასფალტზე მჯდარი, ერთხანს მძიმედ სუნთქავდა. ბოლოს მზერა დანაზე გადაიტანა. ფერდზე მოზრდილი წითელი ლაქა გასჩენოდა. გულის რევა იგრძნო. კბილი კბილს ძლიერად დააჭირა და ფეხზე წამოდგა. სახლში გაჭირვებით შებარბაცდა, ისე იყო გაცოფებული პირველ რიგში რაც მოიმოქმედა - ტელეფონს წამოავლო ხელი და ვიღაცასთან გადარეკა. მეორევე ზუმერზე უპასუხეს: - კახა... - საავადმყოფოში ხარ? - ცივად გააწყვეტინა. - ჰო. - ის ც მანდ არის? - ჰო. - გონზეა? - კი. არაფერი მოუვა, ცოტა სახე აქვს შერემონტებული. - ტელეფონი მიაწოდე! ყურმილში ფაფხური გაისმა. ორ წუთში კი კახაძეს მძიმე ხვნეშის ხმა შემოესმა ტელეფონში. - რა გინდა? - შეუღრინეს მეორე მხრიდან. - კარგია, რომ მეკითხები! - თითოეულ ბგერაში ღვარძლი გამოსჭვიოდა მელოტს - ახლა შენს ბინძურ ტრაკს ასწევ და იმას გააკეთებ რასაც გეტყვი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს დაემშვიდობე!... ****** „პეპელა“ ნაგვის ბუნკერზე მჯდარს, ცალი ფეხი მოეხარა და მკლავი მუხლზე შემოედო. მზერა კედლის ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. მოკლე თმაზე ნაზი სიო ელამუნებოდა. ჩაბნელებულ ჩიხს სუსტად მბჟუტავი ერთადერთი ლამპიონი ძლივს ანათებდა. გზატკეცილზე მოსიარულე მანქანების ხმა შორიდან სწვდებოდა ყურთასმენას. მოპირდაპირედ მდგარ სანაგვეში მაწანწალა კატა, ან ვირთხა იქექებოდა. სუსტი ფაჩუნი ისმოდა. ჟოლოფის დაჟანგული მილიდან ბინძური წყალი წვეთავდა. კუპრივით შავ ცაზე სავსე მთვარე ჭახჭახებდა. ვარსკვლავებს კი მოეწყინათ და ბრწყინვალება დაეკარგათ. მხოლოდ იუპიტერი აკვირდებოდა ინტერესით ფიქრებში გართულს. ქვედა ტუჩი კბილებში მოექცია. თითებში მომწყვდეული ორიგამი მის ყველა კითხვას თუ ვერა, უმთავრეს მაინც პასუხობდა. დრო და დრო შეხედავდა, იმედოვნებდა, რომ ფანქრით გადასწორებული ტექსტი შეიცვლებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო მკვეთრად ელავდნენ ასოები. მანამდე რომ გაეგო სიმართლე, ნეტავ რას იგრძნობდა? თუმცა, ამას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა? ახლა, საერთოდ, რამეს ჰქონდა კი, მნიშვნელობა? კედელს თავი მიადო და თვალები დახუჭა. სულ რამდენიმე წამი დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. ჯიბეში ნელა ჩაიცურა მარცხენა ხელი. სანთებელა ამოიღო და გააჩხაკუნა. მკვეთრად აელვარდა ცეცხლის ენა ბნელში. ბევრი აღარ უფიქრია. უყოყმანოდ მიუშვირა ორიგამის ფრთას. საიდუმლო, რომელიც ჯერაც ვერ გაერკვიათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა განყოფილებაში, მის თითებში აუჩქარებლად იფერფლებოდა. ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს დააშორა. ალმოდებული ნაგლეჯი ფრიალით დაეშვა ნამიან ასფალტზე. ტუჩი ირონიულად აეპრიხა. - ეს რატომ გააკეთე? თავი მძიმედ ასწია და ხმის მიმართულებით გაიხედა. ჩიხის კუთხესთან, იაგამი ბეტონს მიყრდნობოდა. ტერფი კედლისთვის მიებჯინა და მშვიდად აბოლებდა სიგარეტს. სახეზე ჩამოფხატებული კაპიუშონიდან ამოღამებული თვალები მოუჩანდა. - რამდენი ხანია, რაც შორიდან მითვალთვალებ? - დიდი ხანია. ნახევრად ჩამწვარი ღერი წკიპურტით მოისროლა. თვალი მიადევნა, როგორ ჩავარდა ნამწვი გუბეში და ელისკენ აუჩქარებლად დაიძრა. მიახლოებულს მზერა გოგონას სახისკენ გაექცა. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა. - რა დაგემართა? ბიჭს მიშტერებულმა გვიან გაიაზრა კითხვა. ნიკაპზე ჩამოწუწული სისხლი უგულოდ მოიწმინდა. ახლაღა გაახსენდა ფართოპირიანი იარა, ლოყას რომ უმშვენებდა საზიზღრად. კახაძეზე მეორედ თავდასხმა, არც ისე გონივრული იყო. ჯიბეში დანა აღმოაჩნდა იმ ნაბიჭვარს! - შეცდომის ბრალია. - გულგრილად უპასუხა. - რომელი შეცდომის? - თავი გვერდით გადახარა - მოკვლა, რომ სცადე და არ გაგიმართლა, თუ ამ წამს, სამხილი რომ გაანადგურე, იმის? - სხეულზე იარებს ეშველება, იაგამი, მაგრამ სულზე იარებს რა მოვუხერხოთ? ელს ცივად გაეცინა. ცოტა გაღიზიანდა კიდეც. როგორ ვერ შეამჩნია? როგორ ახერხებს აჩრდილივით გადაადგილებას, რომ ყოველთვის გვიან ხვდება მის მოახლოებას? - სულზე იარებს, არაფერი შველის. - ნარკოტიკები არ შველის. - შეუსწორა. ყურადღებით მოუთვალიერა ჩაცვენილი თვალები. - ნარკომანი არ ვარ, ელ. - მკლავები მაჩვენე! - ერთმანეთს მზერა გაუსწორეს. - გტკივა? ავალიანი შეყოყმანდა, თუმცა, მაინც ასწია ხელი და ნელა, ძალიან ნელა შეეხო ღია ჭრილობაზე. თითებზე დაიხედა, რძისფერი კანი სისხლით მოთხვროდა. იცოდა, რომ სისულელეს ჩაიდენდა. მიხვდა! როგორც კი ბიძამისმა აცნობა, რა შეემთხვა ელის დედას, მაშინვე კახაძის სახლისკენ მოუსვა კისრის ტეხით. იცდიდა, დღეები იცდიდა, იცოდა, რომ ადრე თუ გვიან მიაკითხავდა და ასეც მოხდა! მაგრამ დააგვიანდა! - არ ვიცი, ვერ ვგრძნობ. - მხრები აიჩეჩა - თემას ნუ ცვლი! - ელ, არ გინდა. - უკან დაიხია. - რა, არ მინდა? - ინტერესით შეკრა წარბი და ბუნკერიდან ჩამოხტა. - ახლოს არ მოხვიდე! შეუტია მკაცრად და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. ლურჯ თვალებს პირველად დაეტყოთ მღელვარება. - გგონია, ნარკოტიკები მაგ ურჩხულს ხმას ჩააწყვეტინებს?! - სისინებდა თვალებანთებული და მისკენ მოზომილ ნაბიჯებს დგამდა. ბიჭი უკან იხევდა - გგონია თავს ასე უკეთ იგრძნობ?! - უკან დაიხიე-მეთქი! ტონში მუქარამ გაიჟღერა. ელს წარბი არ შეხრია. ჯიქურ მიეჭრა. მაჯაში ხელი წაავლო და სახელო აუწია. გაოგნებულს წამით ყველაფერი გადაავიწყდა და თვალებგაფართოებულმა სწრაფად ახედა გაფითრებულ ბიჭს. - აბა? დაწყნარდი? - ხელი გამოგლიჯა და დასახიჩრებული მკლავი სახელოში დამალა. - ეს... - წაიჩურჩულა - ეს ხომ... გაწამებდნენ? - გაჩუმდი! - გამოსცრა კბილებში - დაივიწყე რაც ნახე! - თვალები ასეთ დღეში უძილობისგან გაქვს? - საკუთარ თავზე გაბრაზდა, ჩემით როგორ ვერ მივხვდიო. - კოშმარებს ხედავ... - შორს დაიჭირე თავი, ამ საქმისგან! რამდენჯერ უნდა გითხრა?! - მითხარი... - თვალებით ბურღავდა - ეს ყველაფერს ცვლის! მითხარი, რა მოხდა სინამდვილეში? - რატომ არ ჩამიშვი? - ჩაგიშვი? - ზიზღით მოეღრიცა ტუჩები - მილიარდი მიზეზი მაქვს მაგისთვის. - ერთი მითხარი. - თვალებში ჩააცქერდა. - შენი მესმის. სამარისებური მდუმარება ჩამოწვა. ყველა პასუხს ელოდნენ ლურჯი საფირონები, ყველას, ამის გარდა... - გესმის? - ცივად გაეღიმა - შენ არაფერი გესმის, ელ! - არაფერი მესმის? - კბილი კბილს გაუსვა. თვალები აუწყლიანდა, მაგრამ თავის მოთოკვა შეძლო. არ უტირია - შენი დედაც, მოსე! ლამის საკუთარი დედა შევიწირე! ნუ მეუბნები, რომ რამე არ მესმის! გასაგებია, მისამართი შემეშალა... სანამ ბიჭი რამის თქმას მოასწრებდა. ზურგი აქცია და უკან მოუხედავად გაეცალა ჩიხს. გაიღიზიანებულმა ბრაზით მოკუმა ტუჩები და ჯავრი ურნაზე იყარა. წიხლი ამოსცხო და გადააყირავა. თავზე ნერვიულად გაისვა ხელი. დოინჯი შემოირტყა და ოხვრით ჩახარა თავი. იმ დღეს პირველად მიმართა სახელით... პირველად... საკუთარ თავს ებრძოდა. მხოლოდ ღმერთმა იცოდა, როგორ გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ხმადაბლა შეიგინა და გოგონას გამოუდგა. გარაჟებთან წამოეწია და მკლავში ხელი წაავლო. - ხელები მომაშორე-მეთქი! - უყვირა წყობიდან გამოსულმა. - რას აპირებ? საით გაგიწევია?! - კიდევ უფრო ძლიერად ჩააფრინდა იდაყვში და თავისკენ დაქაჩა - არ გეყო, რაც კახაძესთან შეგემთხვა?! კიდევ რა, იდიოტური აზრები გიტრიალებს თავში?! - ხელები მომაშორე, ავალიანი, თორემ... - თორემ, რა?! - ძლიერად შეანჯღრია - გააფრინე?! იცი რას ჰგავხარ?! სარკეში ჩაიხედე?! რის მიღწევას ცდილობ? ამ გზით, მხოლოდ საფლავისკენ მიისწრაფი. ხვდები ამდენს?! დედაშენმა საკმარისი გამოიარა! აზრზე მოდი, ელ! სავანელს თავბრუდაეხვა. უეცრად საშინელი გულისრევა იგრძნო და შებარბაცდა. ავალიანმა ყვირილი შეწყვიტა და გოგონას ხელი შეაშველა. - ეი... მაჯებში ჩაავლო ხელი და თავისკენ შეაბრუნა, მაგრამ ელი მის სახეს ვერ ხედავდა. გარშემო ყველაფერი გაიდღაბნა. ისევ დაუწყეს ყურებმა წივილი. ძლიერი გულის რევა იგრძნო, მაგრამ ცარიელმა კუჭმა ვერაფერი ამოიღო. გონებაში ხმები გაძლიერდნენ და ავალიანის შეშფოთებული ლაპარაკი ჩაახშეს. საერთოდ არ ესმოდა ბიჭის ხმა. - ელ... რა გემართება... ნუ მაშინებ! გოგონა ხელში აიტაცა და დაფეთებულმა მიმოიხედა. იქვე ხის სკამი შეამჩნია და სწრაფი ნაბიჯით მისკენ გაემართა. სავანელი ძირს დაუშვა და მისი გაფითრებული სახე ხელებში მოიქცია. ჭრილობას საზიზღრად დაეღო პირი. აშკარად ბევრი სისხლი დაკარგა. - ელ... სასწრაფოს გამოვუძახებ. ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, როცა ხელი აუკრეს. აპარატი გაუვარდა და ქვას დაეცა ეკრანით. ყრუ მსხვრევის ხმამ პატრონი მიახვედრა, რომ მისი გამოყენების იმედი აღარ უნდა ჰქონოდა. - გაგიჟდი?! - თვალები ჭყიტა ავალიანმა. - არავის დახმარება არ მჭირდება! ამოიბურტყუნა გაბრუებულმა და თავი გააქნია, რომ გონს მოსულიყო. უეცარმა შეტევამ გადაუარა. ნელ-ნელა ძალებს იკრებდა. მზერა დაეწმინდა და ავალიანის გაბრაზებული სახეც მკვეთრად გამოიკვეთა. - შენ, არ ხარ ნორმალური! - თავი გამანებე! თვალები ორი თითით მოისრისა და ფეხზე წამოდგომა დააპირა, რომ ავალიანი ისევ მაჯაში ჩააფრინდა. - საით გაგიწევია? - არაა შენი საქმე! - ხელი აუკრა. - იმის შემდეგ, რაც ერთად გამოვიარეთ... არ მოგცემ უფლებას... - და ვინ თქვა, რომ ნებართვას შენგან ვითხოვ?! - გაღიზიანებულს ცეცხლი წაეკიდა - რა გამოვიარეთ? ერთი უაზრო, იდიოტური ექშენი ღამით ტყეში და ამიტომ თვლი, რომ უფლება გაქვს მიმითითო, როგორ მოვიქცე?! შენს საქმეს მიხედე! მე კი მომშორდი! თავი დამანებეთ ყველამ... მხარი უხეშად გაკრა, თავზე კაპიუშონი წაიფარა და არეული ნაბიჯით გაუდგა გზას შეუცნობელისკენ... ეპილოგი „ეგზეკუცია“ „ვისაც აქვს ცხოვრებაში რაიმე, რისთვისაც ღირს ცხოვრება, ყველაფერს გაუმკლავდება - ფრიდირიხ ნიცშე.“ იმ საბედისწერო დღეს გადაუღებლად წვიმდა. თითქოს ცას ჩამოქცევა აქვს გადაწყვეტილიო - მსხვილი წვეთები გამეტებით ასკდებოდნენ დედამიწას. მტკვარი სახიფათოდ ადიდებულიყო. შავი ტალახიანი წყალი აგრესიულად მიაპობდა აბობოქრებულ ტალღებს. მდინარე შემზარავი სანახავი იყო. ცოცხალ ორგანიზმს დამსგავსებოდა, რომელსაც გზად ყველაფრის განადგურება ჰქონდა გადაწყვეტილი. ვინ იცის, იქნებ ასეც იყო?! იქნებ, საბოლოოდ გააშმაგა ადამიანის ბილწმა ბუნებამ?! პატარა ქალაქი ცოდვებს ვეღარ იტევდა. ყოველ კუთხე-კუნჭულში სიკვდილი დაიძურწებოდა შავი ანაფორით და შესაძლებლობას ეძებდა მორიგი დაკარგული სული ჩაეკრა გულში. ქარიშხლით შეშინებული მაცხოვრებლები სახლებში შებუდრებულიყვნენ და ფანჯრებიდან უცქეროდნენ გაგიჟებულ ამინდს. გარეთ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მაწანწალა ძაღლსაც კი ვერსად მოჰკრავდით თვალს. უკლებლივ ყველას თავშესაფარი მოეძებნა. ერთი მოზარდის გარდა, რომელიც დაკარგული სულივით მიეხეტებოდა ხალხისგან დაცლილ ქუჩაში. ერთიანად გალუმპულს თავი ჩაეხარა. უმისამართოდ მიჰყავდათ ფეხებს, წინ, ყოველგვარი გეგმის გარეშე. გონებაში ისეთ ქაოსს დაესადგურებინა, ქარიშხლის ღრიალი და გამაყრუებელი ქუხილი, მის ყურთასმენამდე ვერც კი აღწევდა. სიცივისგან ერთიანად გათოშილი გაყინულ კიდურებს ვერ გრძნობდა. ვერც მწვავე ტკივილს აღიქვამდა ლოყაზე. ღრმა ჭრილობა ქუთუთოდან ყბის ძვლამდე გასდევდა. ნაბიჭვარმა კახაძემ სამუდამოდ დაასახიჩრა! სასწაულებრივად გადარჩა. მილიმეტრითაც, რომ აეცილებინა - მარცხენა თვალს დაკარგავდა. თავისი სიცოცხლე არაფრად ედარდებოდა, მხოლოდ იმაზე ეწურებოდა გული, რომ თავდასხმამ უნაყოფოდ ჩაუარა. პისტოლეტში ტყვიები აღარ ჰქონდა. იმ ღამეს, ტყეში, მთელი მჭიდი ადევნებულ სედანს მიაცალა. ჰო... მამამისს ცარიელი მჭიდით ემუქრებოდა. სულას კი ეჭვიც არ შეჰპარვია... ვერ იფიქრებდა, რომ ატყუებდა, რადგან არცერთი მისი სიტყვა არ ყოფილა ხუმრობა! იმ ღამეს მამამისის მიმართ იმხელა სიძულვილს გრძნობდა ხელი არ აუკანკალდებოდა ისე ესროდა ტყვიას. ადგილზე მოუღებდა ბოლოს! ნანობდა კიდეც, რომ ყველაფერი ასე არ მოხდა. სულა ადგილზევე, რომ ჩაეკლა გურანდა ჯანმრთელი და საღსალამათი იქნებოდა! ახლა არ იწვებოდა პალატაში ათას მილზე შეერთებული! ნეტა, დროის უკან დაბრუნება შესძლებოდა! ისე ნატრობდა, ამას როგორც არასდროს არაფერს! ნეტავ, შესძლეობა იმ წყეული ღამის უკან დაბრუნება! სულას წირვას გამოუყვანდა! მოკლავდა, რადგან სხვანაირად დედამისი მისგან არ წავიდოდა! გაცოფებულს ღრენა აღმოხდა ყელიდან. ნაბიჯს აუჩქარა. დამაბრმავებლად იელვა, რასაც ყურისწამღები ქუხილი მოჰყვა. ისეთი საშინელი ხმა იყო, თითქოს ზეცა გაიბზარა და შუაზე გადატყდაო. მიწა შიშით შეზანზარდა. სავანელი წამით არ აქცევდა ყურადღებას ბუნების გამაფრთხილებელ ნიშნებს, ჯიქურ მიიწევდა წინ, საკუთარ ღვარძლში ჩაფლული. ვერც კახაძის მოკვლა შეძლო! გაცეცხლებულ გულზე თავდასხმამ ფატალურად ჩაუარა - კინაღამ თავად გამომეშვიდობა სიცოცხლეს. განა, ადარდებდა?! მეტიც, მისთვის სიკვდილი შვება იქნებოდა, მაგრამ არაფრით მოშორდებოდა ამ წუთისოფელს, სანამ კახაძე და მამამისი დედამიწას ამძიმებდნენ! აღარასდროს დაუშვებდა, რომ მის ოჯახს საფრთხე დამუქრებოდა! სანამ ორივეს სამარეში არ გაისტუმრებდა, სიკვდილის უფლება უბრალოდ არ ჰქონდა! მხოლოდ ესღა დარჩენილიყო მისგან, მოსიარულე გვამი, ავი სული, რომელსაც შურისძიება სწყუროდა! ვერც კი გაიაზრა, როგორ მიიყვანეს ფეხებმა ხიდთან. ატალახებული მტკვარი გიჟური სისწრაფით მიაპობდა ტალღებს. წყლის დგაფუნი ყველა სხვა ხმას ახშობდა გარშემო. უნებურად შეჩერდა და თვალი მდინარეზე გაუშტერდა. ერთ გიჟურ წამს ისიც კი იფიქრა ხიდის მოაჯირზე შემომჯდარიყო... ისევ დამაბრმავებლად იელვა. სავანელის ზურგსუკან, სინათლე არსაიდან გამოჩენილ ფიგურას დაეცა. შავ საწვიმარში გახვეული, მოზარდს მტაცებელი ცხოველივით უახლოვდებოდა. წყლის გამაყრუებელ დგაფუნში ელს ფეხის ხმა არ გაუგია. მხოლოდ მაშინ გამოეღვიძა ინსტიქტს, როცა უცნობი ელს ზურგსუკან აესვეტა. სავანელმა ნელა მოსწყვიტა მზერა აბობოქრებულ მტკვარს და თავი აუჩქარებლად შეატრიალა გვერდით. გაჩეხილი ლოყიდან სისხლი მდორედ მოჟონავდა ყელზე. წვიმის წვეთებს უერთდებოდა და ტანსაცმელში იკარგებოდა უკვალოდ. ისევ დამაბრმავებლად იელვა და ორის სახე გარკვევით გაანათა... კიტა შუკვანი ეულად იჯდა გაცვეთილ სავარძელში. არყის ნახევრად გამოცლილი ბოთლი ეკავა ხელში და დროდადრო იყუდებდა. გამოღებული ფანჯრიდან შემოჭრილი ქარიშხლის ღრიალი, სამარისებულ სიჩუმეს არღვევდა, თეთრ ფარდას აფრიალებდა და წვიმის მსხვილი წვეთებით ასველებდა რაფას. ყოველი გაელვებისას სვანის გაფითრებული სახე იკვეთებოდა ბნელში. თვალწინ გამუდმებით ერთი სურათი ედგა - პროზექტურაში დასვენებული დასახიჩრებული გვამი, რომელშიც დედამისი ძლივს ამოიცნო. დაცემისას თავის ქალა და სახე ისე დაჭ....ტოდა, სახის ნაკვთების გარჩევა, თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. თავადვე გაუკვირდა, მაშინვე რომ იცნო დედამისი. ტანსაცმელს შეავლო თვალი, იგივე ჩალაქავებული სარაფანი ეცვა ბოლოს, როცა იჩხუბეს და სოფო სახლიდან წავიდა. მოაგონდა უკანასკნელი სიტყვები, რაც გამწარებულზე მიაძახა, სანამ დედამისი კარს გაიჯახუნებდა: „ნეტავ, მოკვდებოდე, რომ დავისვენო! დედის გარდა, ყველაფერი შეიძლება გიწოდოს კაცმა! მეზიზღები! მრცხვენია, რომ შენი შვილი მქვია!“ ვერაფრით იფიქრებდა, რომ ამ სიტყვებით დასრულდებოდა მათი, უბედური თვრამეტწლიანი თანაცხოვრება. საკუთარ არსებაში დაკარგულს, ვერაფრით გაეგო რას გრძნობდა. არც იცოდა, რა უნდა ეგრძნო. მათ შორის დედა-შვილური სიყვარული არასოდეს ყოფილა. სოფო, კიტას ძაღლივით ექცეოდა. უყვიროდა, სიყვარულის ნაცვლად სიძულვილს აჩვენებდა. სცემდა, სანამ პატარა იყო და თავის დაცვა არ შეეძლო. სახეში ბოთლიც კი ესროლა, რამაც წარუშლელი კვალი დაუტოვა წარბთან. ლოთობდა და მის გაუბედურებულ ცხოვრებას ერთადერთ ვაჟს აბრალებდა. ახლა კი, როცა სოფომ სამუდამოდ მიატოვა წუთისოფელი, რა უნდა ეგრძნო? - სევდა? რისთვის? განა რა დაუტოვა? არც ერთი თბილი მოგონება არ შემოუნახა გონებამ, თვრამეტწლიანი თანაცხოვრებიდან! ერთი ტკბილი სიტყვა არ ახსოვდა ქალისგან, რომელმაც შობა და ახლა... როცა მოკვდა, სინანული უნდა ეგრძნო? უნდა ტკენოდა? არყის ბოთლი მოიყუდა. რამდენიმე მოზრდილი ყლუპი მოსვა და სველი ტუჩები ხელის ზურგით შეიწმინდა. თუ ყველაფერი ასე მარტივად იყო, რას აკეთებდა ჩაბნელებულ ბინაში მარტოდმარტო? რატომ მეგობრის გვერდით არ იყო, როცა ასე ძალიან სჭირდებოდა მისი მხარდაჭერა? რატომ პროზექტურიდან, უბრალოდ ელთან არ გაემართა პირდაპირ? ფეხებმა ბინაში დააბრუნეს, რომელიც დედამისმა არყის გამო გაუყიდა. ბინაში, რომელიც მას აღარ ეკუთვნოდა. იმ ოთხ კედელში, რომელიც მისთვის საიმედო თავშესაფარი არასოდეს ყოფილა. ფეხებმა ძაღლივით მოიყვანეს ბუნაგთან, რომელსაც წლებმა ინსტიქტად მიაჩვიეს, სიყვარულის ნაცვლად. ამის გამო თავი კიდევ უფრო დიდ არარაობად იგრძნო. ენით აუწერელმა მრისხანებამ ყელში ბოღმად ამოასხა. გაცოფებულმა არყის ბოთლი კედელს გაუქანა. შუშა ზათქით შეელეწა კედელს. დარჩენილი არყის წვეთებმა უგემოვნო, გაცვეთილი შპალერი დაასველეს. მინის ნატეხები კი ძირს მიმოიფანტა. სვანმა სახეზე ხელები აიფარა. რა მიზეზით სტკიოდა სული ასე ძალიან? ეს არ იყო გლოვა! არ ჰყვარებია სოფო! მაშინ რა აწამებდა ასე გაუსაძლისად?! საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობა? ის ხომ დაობლდა? ქვეყნად აღარავინ და აღარაფერი გააჩნდა. არც მშობლები, არც ნათესავები და არც სახლ-კარი! ეული იყო, ტყეში მიტოვებული მგლის ლეკვივით. ასეთი ტვირთის სიმძიმეს კი ვერავინ გაიგებს, ვისაც არ გამოუცდია. შეუცნობელი მომავლისადმი შიში... ნებისმიერ ძლიერ ადამიანს გადატეხავს ხერხემალში იმაზე ფიქრო, რომ უზარმაზარ პლანეტაზე მარტო დარჩა... სრულიად მარტო... ამ ორმა სიტყვამ ექოსავით დაუარა სხეულში და თითოეულ უჯრედს მიასკდა მტკივნეულად. სახეზე აფარებული თითები ცრემლებმა დაუსველეს. გარეთ სვანის გრძნობებს აყოლილი, ქარიშხალი ბობოქრობდა. ძლიერი ქარი ხეებს ტოტებს ალეწავდა. სადღაც შორიდან, ყრუდ მოისმოდა მანქანის სიგნალის ხმა. ალბათ რომელიმეს ხე დაეცა, ან გაცილებით უარესი რამ მოხდა. არ აინტერესბდა, არ ადარდებდა. დაე, მთელი სამყარო ჩამოქცეულიყო. არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა. ნახევარ საათიანი მდუმარების შემდეგ, როცა უხმო ტირილით გული იჯერა, ცნობიერში სავანელის სახე ამოუტივტივდა. მოაგონდა, როგორ ისხდნენ ჩიხში, ნაგვით გარშემორტყმულნი და მწარედ იცინოდნენ თავიანთ ყოფაზე. მაშინ გოგონამ თვალებში ჩახედა და უთხრა - არ აქვს მნიშვნელობა, რა გველის წინ, ერთი დაიმახსოვრე, მარტო არ ხარ, მუდამ შენს გვერდით ვიქნებიო. გული მოეწურა. გოგონას სიტყვები ჭრილობაზე მალამოსავით მოეცხო. სულში მადლიერება იგრძნო. ენით აუწერელი მადლიერება. მწუხარებამ და შიშმა იმდენად დააბრმავა, დაავიწყდა კიდეც, რომ სულაც არ იყო ისეთი ეული, როგორც ამას გაღიზიანებული ქვეცნობიერი უხატავდა. დაუფიქრებლად წამოიჭრა ფეხზე. ნასვამს ფეხი ერეოდა, მაგრამ წამით არ შეჩერებულა. გარეთ სამყარო იქცეოდა, ის კი ისე გავარდა თავსხმა წვიმაში ქურთუკიც არ მოუცვამს მხრებზე. ჯერ სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას, შემდეგ კი სირბილზე გადავიდა. სავანელი უნდა მოეძებნა, გულში უნდა ჩაეკრა და ეთქვა, რომ მიუხედავად იმ კოშმარისა, რომელშიც ერთად გაიჭედნენ, იმედის სხივი ჯერ კიდევ არსებობდა. უნდა ეარსება! სამყარო უცნაურად იყო მოწყობილი. ადამიანები, როდესაც ფიქრობდნენ, რომ მთელი ცხოვრება თავზე ექცეოდათ, იქვე, მათ გვერდით უხილავი ძალა, ახალი გზის გაკვალვას იწყებდა. რაღაცის დასასრული, ყოველთვის რაღაცის დასაწყისია... ღირს ბრძოლა, როცა იმედი ჯერ კიდევ არსებობს. სწორედ ამ იმედისკენ მიისწრაფოდა შუკვანი. ერთადერთი ხელჩასაჭიდისკენ, რომელსაც მისი შველა შეეძლო... მაშინ, როდესაც თავსხმა წვიმაში, შუკვანი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ქალაქის მთავარი საავადმყოფოსკენ, სავანელთან შესახვედრად - ამ დროს, ელისთვის უცხო პიროვნებას ყელში წაეჭირა ხელი და ხიდის მოაჯირისკენ მიათრევდა. სავანელი ფართხალებდა და დასხლტომას ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით შეძლო. მამაკაცის ღონიერ მარჯვენას კატის კნუტივით ჩაევლო მოზარდისთვის. ელმა უკანასკნელად გაიბრძოლა, მაგრამ თავი მაინც ვერ დაიხსნა. ვერც ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. ყურში რაღაც უჩურჩულეს და სანამ გოგონა სიტყვების გააზრებას მოასწრებდა, ადიდებულ მტკვარში უღმერთოდ მოისროლეს. ტალახიანმა წყალმა ისე შთანთქა მოზარდის სხეული, თითქოს ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლი ყოფილიყო. საწვიმარში გახვეული უცნობი ერთხანს იდგა და მისჩერებოდა ადგილს, სადაც წამი წინ გოგონა გაუჩინარდა. ბოლო წუთამდე მიშტერებოდნენ ნახშირივით შავი თვალები, სანამ ტალახიანი წყალი უყოფდა პირს. ეს მზერა... ეს გამოხედვა, კუბოს ფიცრამდე ემახსოვრებოდა. მარჯვენა ხელი საშინლად აუკანკალდა. შემდეგ, თითქოს გონს მოეგოო, ნერვიულად მიმოიხედა - ხომ არავინ დამინახაო, მაგრამ მეორედ მოსვლაში ვერაფერი გაარჩია. თავი დახარა, რომ ცივი წვიმის წვეთებისთვის სახე მოერიდებინა და აჩქარებული ნაბიჯით მოშორდა იქაურობას. თავდამსხმელმა ვერ შეამჩნია სავანელის ტელეფონი, რომელიც გოგონას ჯაჯგურში ჯიბიდან ამოუვარდა. დაცემისას აპარატს ეკრანი დაბზაროდა. გამეტებით აწვიმდა ზედ. ვიღაც ჯიუტად ცდილობდა აბონენტთან დაკავშირებას. ზარი ზარზე შემოდიოდა. უპატრონოდ დარჩენილი ტელეფონი ყრუდ ზუზუნებდა ასფალტზე. ბოლოს რეკვა შეწყვიტა. ეკრანმა ჩაქრობაც ვერ მოასწრო, რომ ზედაპირზე გოგონების ჯგუფური ჩატი გამოისახა: ლიზა: „სად ხართ, ხალხო? რატომ ვერავის ვუკავშირდები?“ ანა: „მე ვერ გპასუხობ, ოთახში ჩემი ბიძაშვილია და ყურს მოგვადებს.“ ლიზა: „ელი სად არის? რატომ, არ იღებს ტელეფონს?“ ანა: „შუკვანს დაურეკე, ელი მთელი კვირაა ტელეფონს არ პასუხობს.“ ლიზა: „ჩემს ზარებს პასუხობს! მაგრამ დაკავშირებას ვერ ვახერხებ! ან ნიცა სად გაქრა?“ ანა: „ა? რას ნიშნავს გაქრა? სახლში იქნება, შუა ღამეა!“ ლიზა: „საქმეც ეგაა, რომ სახლში არ არის. მშობლებისთვის უთქვამს ელთან მივდივარო საავადმყოფოში! მეც აქეთ წამოვედი, ცოტა პროდუქტები მოვიტანე, მაგრამ გურანდასთან არც ელია და არც ნიცა! სად გაქრნენ?!“... მეორე დღეს, მტკვარმა, სავანელის ზედა გამორიყა ბუჩქებში... ექვსი წლის შემდეგ ფსიქიატრიული კლინიკის ბაღში მზიან ზაფხულს, ყვავილების მახასიათებელი სურნელი და ჭრელაჭრულა ფერები გაძარცვოდა. მაღალი ბეტონის გალავანი, რომელიც შენობას გარს შემორტყმოდა, მთლიანად სუროს დაეფარა - ბინადრებისთვის თვალის ასახვევად, რათა თავი ტყვედ არ ეგრძნოთ. გალავნის თავზე განლაგებული პრიალა, დახრილი პანელები უხილავ ბარიერს ქმნიდნენ. მათზე ხელის მოჭიდება და გადაძრომა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ბაღში გაკვალული ბილიკები რბილი რეზინის საფარით დაეფარათ, მატისებრი ზედაპირი ნაბიჯების ხმას ახშობდა და გარემოს არაბუნებრივად აყრუებდა. აქა-იქ მიმოფანტული მძიმე თეთრი მაგიდები და სკამები მიწაში ჩაებეტონებინათ, რათა პაციენტებს მათი დაზიანება, ან ერთმანეთისთვის სროლა ვერ მოეხერხებინათ. გარშემო ყველაფერი უძრავი და ცივი იყო, როგორც ამ ადგილის მკაცრი წესრიგი. ფოთლოვანი ხეებისთვისაც კი შეეზღუდათ თავისუფლება - დაბალი ტოტები უმოწყალოთ მოეკვეთათ, რათა მათზე აცოცების სურვილი არავის გასჩენოდა. შენობის ფასადი მთლიანად სარკისებრი, ტყვიაგაუმტარი მინებით დაეფარათ. უზარმაზარი შუშები მცხუნვარე მზის შუქს თვალიმომჭრელად ირეკლავდნენ, კლინიკის შიგთავსს კი წარმატებით უმალავდნენ გარესამყაროს. ფანჯრები არ იღებოდა. შენობაში ჰაერი ფილტრის მეშვეობით მიეწოდებოდა, რაც პალატებში სპეციფიკურ, სტერილურ სუნს ამძაფრებდა. პერიმეტრზე თეთრ ხალათებში გამოწყობილი სანიტრები, ცვილის ფიგურებივით განლაგებულიყვნენ და ფხიზლად ადევნებდნენ თვალს მანიით შეპყრობილ პაციენტებს. მობილიზებულნი, მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში დაუყონებლივ ჩასარევად. სიმართლე ითქვას, ასეთი შემთხვევები სულაც არ წარმოადგენდა იშვიათობას... ჟღალთმიანი, ხუჭუჭა მამაკაცი, შინაგან შფოთვას აყოლილი, შეუჩერებლად გადი-გამოდიოდა ბაღში. სწრაფი ნაბიჯით აღწევდა ბილიკის ბოლოს და შემდეგ, მკვეთრი მოძრაობით უკან ბრუნდებოდა. ყურთან მოცახცახე ხელით, რაღაცას გაუთავებლად ბურტყუნებდა. ჭაღარა, თმაგაწეწილი ქალი ბეტონის სკამს უჯდა და უკვე ორი საათი იყო ერთ წერტილს მიშტერებოდა. მისგან განსხვავებით, გვერდით მჯდომი მეზობელი, რიტმულად ირწეოდა წინ და უკან. თითებს იგრეხდა და გაშტერებულ, უემოციო ქალს რაღაცას ებურტყუნებოდა. საკმაოდ უცნაურ კონტრასტს ქმნიდნენ დანარჩენი პაციენტების ფონზე, რომლებიც იოტისოდენა ინტერესს არ იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ. თითოეული მათგანი, თავის ჰალუცინაციასა და დეპრესიაში იყო ჩაძირული. რბილი ბამბის ღია ნაცრისფერ შარვალსა და მაისურში გამოწყობილი გოგონა, ფანჯარასთან იდგა და ბაღს დანისლული მზერით გასცქეროდა. ნახშირივით შავ სფეროებს ყოველგვარი ემოცია გაპარვოდათ სიღმრეებიდან - შემაძრწუნებელ სიცარელეს დაესადგურებინა ფსკერზე. გამომშრალი ბაგეები ალაგ-ალაგ დახეთქოდა. ლოყაზე კარგახნისწინანდელი შეხორცებული ჭრილობა მოუჩანდა, რომელიც თვალის უპიდან ყბის ძვლამდე გასდევდა და მთლიანად მარცხენა მხარეს უმახინჯებდა. მოკლედ შეჭრილი, ყორანივით შავი თმა მხრებამდე სწვდებოდა. განვლილ წლებს გოგონას სახის ნაკვთები სკალპელის სიზუსტით გამოეთალათ. მკვეთრად გამოყვანილი ყვრიმალები და ყბის ძვლები სასტიკ იერს სძენდა ახალგაზრდას. მკვდარ მდუმარებას ოთახის კუთხეში მჯდარი, სარწეველა სკამით მოქანავე კარიო არღვევდა. ლპობაშეპარულ თითებში საყვარელი ტაროს კარტი ეჭირა და ზანტად ჩეხავდა. დროდადრო გოგონას გამოხედავდა, რომელიც კარგა ხანი იყო ერთ ადგილზე დაყუდებულიყო ცვილის ფიგურასავით და რაღაცას დაჟინებით მიშტერებოდა. - კიდევ რამდენ საათს აპირებ ფანჯარასთან ზომბივით დგომას? - სიჩუმე დაარღვია კარიომ და ბანქო ენერგიულად აჩეხა - ცოტაც და იმ შეშლილებს დაემგვანები, ბაღში რომ ბორიალობენ მთვარეულებივით! ჩვეულისამებრ ცივი დუმილით უპასუხეს. კარიოს სახე ჩამოუგრძელდა. - ეეელ... - რიტმულ რწევას მოჰყვა სკამზე - ხომ იცი, რომ დუმილით თავიდან ვერ მომიშორებ? გეყოფა! მომბეზრდა მარტოს საკუთარ თავთან საუბარი! იცი, როგორი დამღლელია წლობით ჩუმად ჯდომა? შეიძლება გაგიჟდე კაცი! ბოლო სიტყვებში ირონია გამოურია და მელასავით გამოხედა ქანდაკებასავით გაქვავებულს. - მერე, ხმა ჩაიწყვიტე! - მიუგდო ავად. სავანელს მშვიდ სახეზე უეცრად ქარიშხალი აეშალა. სხივდაკარგულ შავ თვალებს ბრაზი და სიძულვილი ჩაუსახდლათ. - რა, ხასიათზე ხარ?! - სახე დაეღმიჯა უკმაყოფილოდ - ერთადერთ ხმის გამცემს ასე უგულოდ ექცეოდე, გაგონილა? ელი ამჯერად პროვოკაციას არ აჰყვა და ენას ძლიერად დააჭირა კბილები. წამისწინანდელი აგრესია გაუქრა. დამშვიდდა. ისევ უემოციო ნიღაბმა დაუჩრდილა დასახიჩრებული სახე. კარიომ ის იყო პირი გააღო რაღაცის სათქმელად, რომ პალატის კარი გაიღო და ზღურბლზე თეთრ ხალათში გამოწყობილი ექთანი გამოჩნდა. ხელში პაწია, სილიკონის გამჭვირვალე ჭიქა ეკავა. შიგნით ორი მოზრდილი ვარდიფსერი აბი მოჩანდა. - ელისაბედ, წამლის დროა. - გამაგებინე ოღონდაც, რატომ გეძახის ელისაბედს? კარიომ ქანაობას თავი ანება და გოგონას ხითხითით გამოხედა. ყოველ ჯერზე ართობდა ექთნის შემოსვლა და ყოველ ჯერზე ერთი და იმავეს ეკითხებოდა. ალბათ იმედი ჰქონდა სავანელს წყობიდან გამოიყვანდა, რაც ექთნისთვის გატეხილი ცხვირითა და ჩამტვრეული კბილებით დასრულდებოდა. წარსულში, უკვე ჰქონდა მსგავს ინციდენტს ადგილი. კარიომ კი იხალისა, მაგრამ სავანელი ჩადენილისთვის სამაგალითოდ დასაჯეს - მთელი ერთი კვირა საწოლზე მიაბეს ძლიერი თასმებით. ელმა მტრულად გახედა სანიტარს. ეზიზღებოდა წამლები! მათი მიღების შემდეგ, თავს სუსტად, გაბრუებულად და მძიმედ გრძნობდა. გონებას სქელი ბურუსი ეფინებოდა და უცნაურ ტრანსში აგდებდა. თავიდან უარი რომ თქვა მიღებაზე, საჭირო წამლები ნემსით შეუყვანეს ვენაში. გაგიჟდა, ბევრი იყვირა და წიხლიც სთხლიშა ცხვირში ერთ-ერთ სანიტარს. როცა გატეხილი ცხვირიდან სისხლმა იხუვლა ველური სიხარული იგრძნო. გიჟივით აუტყდა სიცილი წითელმა, ბლანტმა სითხემ, რომ მოთხვარა გამაღიზიანებლად გაპრიალებული იატაკი. იქამდე იცინოდა, სანამ ნელ-ნელა საკუთარივე ქვეცნობიერში არ ჩაიძირა. იქ აღარ არსებობდა არანაირი ხმა, გამაყრუებელ სიჩუმესა და სიბნელეს მოეცვა სამყარო. თუმცა, არსებობას არ წყვეტდა. გრძნობდა საკუთარ სხეულს, საკუთარ თავს, არსებობას, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. სწორედ ეს აგიჟებდა - ჩუმი, მდუმარე წყვდიადი! აშინებდა უკუნში დაკარგვა. იქ არაფერი იყო, არაფერი რისთვისაც სიცოცხლე ღირდა. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ხელები მოემუშტა. მზად იყო კბილებით გამოეჭრა ყელი, თუ ახლოს მოვიდოდა წყეული დედაკაცი. ენით აუწერელი ზიზღი და აგრესია იგრძნო ქალის მიმართ. სანიტარმა მტრული მზერა, რომ დაიჭირა შედგა. იცნობდა ამ გამოხედვას. ჭკუა იხმარა და უკან დაიხია. - ელისაბედ, ნუ გაართულებ... - წარბები აწკიპა გამაფრთხილებლად - სტუმარი გყავს. თუ ისევ მაიძულებ დაცვას დავუძახო, მნახველს ვერ მიიღებ! უნდობლად შეხედა სანიტარს. წამიერი ყოყმანის შემდეგ, თვალებიდან ბინდი გადაეყარა და ხელი მორჩილად გაუწოდა. ქალმა თვალით გაზომა გოგონა, აშკარად ეშინოდა ნაბიჯის გადადგმის. ბოლოს მაინც დაიძრა მისკენ და სილიკონის ჭიქა ხელის გულზე დაუდო. ელმა, მაშინვე ხახაში გადაუშვა ორი ვარდისფერი აბი და ჭიქა ოთახის კუთხეში მოისროლა. პირი დააღო და ენა აჩვენა, რათა ექთანი დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად გადაყლაპა. - ხედავ? რთული არაფერია... - გაუღიმა - ახლავე სტუმარს მოგიყვან. რა წამსაც ქალი ოთახიდან გავიდა, მაშინვე ტუალეტისკენ მოუსვა. ფოლადის უნიტაზს გადაეყუდა, ორი თითი ჩაიდო ხახაში და გული აირია. მწირი საუზმე, რაც დილით ჭამა. მთლიანად ამოიღო. სწრაფად ჩარეცხა და სენსორული ონკანის ქვეშ პირის ღრუ გამოირეცხა. სახე შეიმშრალა და ისევ ოთახში გავიდა, რომ სანიტარს არაფერი შეემჩნია, მაგრამ სანამ სკამთან მიირბენდა თავბრუდაესხა და წაბარბაცდა. ოთახის კუთხიდან კარიოს ხითხითი მოისმა. - ამატორივით შეგისრულა! მათ ვერ გააცურებ, ელ! - ექოდ ჩაესმა ხრინწიანი ხმა - აბები, რომელსაც გაძლევენ, ნერწყვთან შეხებისას მომენტალურად ლღვება და ორგანიზმი მაშინვე ითვისებს. გულის არევას აზრი არ ჰქონდა. მხოლოდ მშიერი დარჩი! - არა... ოღონდ ეს, არა! - აბუტბუტდა. თავბრუსხვევა გაძლიერდა. ოთახი უცნაურად გაიწელა. კარიოს მოხითხითე ფიგურამ მისტიური ფორმა მიიღო. თვალები აახამხამა და თავი გააქნია. არ უშველა ყურები დაუგუბდა, ფეხები კი მოემჩვარა. კიდევ კარგი, რომ სკამთან ახლოს იდგა, თორემ ძირს გაიშლებოდა. მძიმედ ჩამოჯდა და თავი ჩახარა. წყეული წყვდიადი ისევ ახლოვდებოდა. - გესმის ჩემი?... ორმაგ ექოდ ჩაესმა ვიღაცის ხმა. შეხება იგრძნო მკლავზე და გაღიზიანდა. ხელის აკვრა სცადა, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მძიმე წყალში იდგა და ხელის მოძრაობას ვერაფრით ახერხებდა. თავი ასწია და ახალმოსულს შეხედა. შავგვრემანი მამაკაცი, დიდი შავი თვალებით შეშფოთებით შესცქეროდა. რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ მისი ნათქვამიდან აზრი ვერ გამოჰქონდა. სიტყვებს წარმოთქმისას გზაში ეკარგებოდათ აზრიც და მნიშვნელობაც. თვალები კიდევ უფრო ფართოდ დააჭყიტა. თეთრ მრგვალ მაგიდაზე მამაკაცის ხელი გასრიალდა და მის თითებს შეეხო. ძლიერად მოუჭირეს ხელი. თუმცა, რეალურად თვითონ ვერაფერს გრძნობდა, გარდა უაზრო აბსურდული სიცარიელისა. - ელ... - აჩურჩულდა გაბრიელი, თან თვალს აპარებდა ოთახის კუთხეში აყუნცული სანიტრისკენ. გოგონასთან მარტოს არასდროს ტოვებდნენ - თავს როგორ გრძნობ? იცი ვინ ვარ? მცნობ? გამომძიებელი შეშფოთებული უთვალიერებდა სავანელს აჭრილ სახეს. დანაშაულის გრძნობა შიგნიდან ჭამდა. ყოველ ჯერზე, როდესაც გოგონას აკითხავდა, ერთი და იმავე მდგომარეობაში ხვდებოდა - დანისლული, სხივჩამქრალი თვალებითა და უაზრო, უმეტყველო მზერით, რეალობისგან გამოთიშული. - რატომ არის ასეთ მდგომარეობაში? - შეწუხებული მიუტრიალდა ექთანს. - ესმის კი, საერთოდ რას ველაპარაკები? - დამამშვიდებლების ქვეშ ვამყოფებთ, - უპასუხა მშვიდად - წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან მიკარება შეუძლებელია. აგრესიული და სახიფათოა! - რამეს აშავებს? - კიდევ უფრო შეწუხდა გამომძიებელი. - ჩვენს ერთ-ერთ სანიტარს ცხვირი გაუტეხა. კიდევ ერთს ნეკნი ჩაუმტვრია. - ნეკნი ჩაუმტვრია? - წარბები მაღლა აზიდა და ეჭვით გადახედა გოგონას - კი, მაგრამ როგორ? შეხედეთ, როგორ გამოიყურება! სულის ერთი შებერვაც კმარა, მის წასაქცევად! - ნუ გიკვირთ. როდესაც პაციენტს ფსიქოზის ეპიზოდი აქვს, ტვინი "გადარჩენის რეჟიმში" მუშაობს და ორგანიზმს ადრენალინის კრიტიკული რაოდენობით გამომუშავებას აიძულებს. ასეთ დროს სხეული თავის კუნთოვან პოტენციალს 100%-ით იყენებს, როცა ჩვეულებრივ მდგომარეობაში მხოლოდ 30-40%-ით მოიხმარს. წარბშეკრულმა თვალები აახამხამა, ქალის სამედიცინო ბოდიალიდან ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ აღარ ჩაეძია. მზერა ისევ სავანელზე გადაიტანა. დაბინტულ მაჯებს რომ დახედა სახე მოექუფრა. - რა დაემართა? - ხელებზე ანიშნა სანიტარს. - ერთ-ერთი ეპიზოდის დროს, თვითმკვლელობა სცადა. კბილებით დაიჯიჯგნა ვენები. მას შემდეგ მარტოს აღარ ვტოვებთ, ან თუ მარტოა სპეციალურ ხალათს ვაცმევთ, რომ ხელების მოძრაობა ვერ შეძლოს. მისივე უსაფრთხოებისთვის. გამომძიებელს თვალები დაეხუჭა. სახეზე ხელი ჩამოისვა და მძიმედ ამოიოხრა. მზერა ისევ ელზე გადაიტანა, რომელიც არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მის წინ ცვილის ფიგურასავით იჯდა. სხეულის გარეგანი ნიშნები ეფექტურად დუმდნენ შინაგან ქარიშხალზე, რომელიც ყველაფერს ანგრევდა და ლეწავდა ქვეცნობიერში. სავანელი ბუნდოვნად ხვდებოდა, რომ მამაკაცი სანიტარს ესაუბრებოდა, მაგრამ მისთვის სულერთი იყო! სულში აფუთფუთებულ აგრესიას ჰქონდა მხოლოდ მნიშვნელობა, რომელიც შიგნიდან ჭამდა და ანადგურებდა. წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან მოდიოდა ეს ქარიშხალი, მაგრამ ისეთი ძლიერი იყო, რომ არა ძლიერმოქმედი მედიკამენტები ატომური ბომბივით იფეთქებდა. გამომძიებელი ფეხზე წამოდგა. გოგონას შულბზე აკოცა და მხრებდამძიმებული პალატიდან გავიდა. სანიტარმა ცბიერი მზერა გადაიტანა სავანელზე. ჩაიღიმა და მამაკაცს უკან მიჰყვა. ელი მარტო დარჩა ოთახში... საკუთარ დემონებთან ერთად. ****** „მონარქის დაბრუნება“ საღამოს ყველა ერთ დიდ ოთახში შეკრიბეს. რვა საათისთვის ტელევიზორის ყურების უფლებას აძლევდნენ. ეს ფორმალურად, თორემ არცერთი პაციენტი არ აქცევდა ყურადღებას ჭერში დაკიდებულ პლაზმურ ტელევიზორს. ძირითადად უაზროდ დაბოდიალობდნენ, ან სავარძლებზე ისხდნენ არაფრისმთქმელი გამომეტყველებით. ელი მაგიდას უჯდა და დაჟინებული მზერით მიშტერებოდა შავთმიან ქალს, რომელიც ოთახის მეორე ბოლოდან თვალს არ აშორებდა. გრძელი თმა სახეზე უწესრიგოდ ჩამოჰყროდა. სქელ კულულებში ბოროტად მოელვარე შავი თვალები და დახეთქილი ტუჩები მოუჩანდა. ისეთი ფერმკრთალი იყო, იფიქრებდით ორგანიზმიდან სისხლი პირწმინდად აუორთქლდაო. დრო და დრო თავს გვერდით გრეხდა და ჩაყვითლებულ კბილებს რიტმულად აკაწკაწებდა. წამით არ აშორებდა თვალს სავანელს. ელს პირქუში ღიმილი დასთამაშებდა ფერმკრთალ სახეზე. - როგორ გიყურებს... - ახითხითდა გვერდით მჯდარი კარიო - რა უნდა, რას გადაგეკიდა? სავანელმა ისევ უპასუხოდ დატოვა კითხვა. მაგიდის ქვეშ ხელები დაემუშტა. მარჯვენა ფეხს ნერვიულად ათამაშებდა. სანიტარი ოთახში შემოვიდა და ტელევიზორი სხვა არხზე გადართო. საინფორმაციო საგანგებო რეპორტაჟს გადმოსცემდა. სანიტარმა წარბი შეიკრა და ხმას ოდნავ აუწია. - ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში მარჯანიშვილის გამზირზე, საკუთარ ბინაში გვამი აღმოაჩინეს. მამაკაცს გულმკერდზე ოცდახუთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. შემთხვევის ადგილზე პეპლის ფორმის ორიგამი იპოვეს. გამოძიება დეტალებს არ ახმაურებს. მთავარი გამომძიებელი, მილენა სარანგიძე... - ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა! - დაბღვერილმა ექთანმა მაშინვე სხვა არხზე გადართო - სულ შეიშალნენ! მანიაკიღა აკლდა თბილისს! მაგრამ ელი ქალს აღარ უსმენდა, თვალებანთებული ტელევიზორს მიშტერებოდა. ექვსი წლის შემდეგ, პირველად იგრძნო რაღაც... რაღაც უსასრულო სიცარიელის გარდა... სიცილისგან მხრები აუთამაშდა... ბოლოს ახარხარდა. ოთახში შეკრებილი პაციენტები გოგონას ხმამაღალმა სიცილმა გააღიზიანა. კუთხეში მჯდარი შავთმიანი ქალი, რომელიც მთელი ეს დრო ელს არ აშორებდა ბოროტ თვალებს ველურივით წამოიჭრა ფეხზე და მისკენ კივილით გამოქანდა, მაგრამ სავანელამდე ვერ მოაღწია. ერთ-ერთმა ექთანმა ქალი დროულად დაიჭირა და ძირს დასცა. პაციენტი მთელი ხმით გაჰკიოდა და ადგილზე ბრდღვინავდა, რომ თავი დაეხსნა, თან მტრულ მზერას არ აშორებდა სავანელს. ელი წინ გადაიხარა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და გახალისებული გვერდით გადახრილი თავით მიაჩერდა მის წინ იატაკზე გართხმულ ქალს, რომელსაც ახლა უკვე ორი სანიტარი აკავებდა, მესამე კი ნემსს მოარბენინებდა დერეფნიდან. - ისევ უნაყოფოდ ჩაგიარა მცდელობამ, სოფიო? ჰკითხა ღიმილით. ქალმა გააფთრებით იკივლა და ხელები გამოფარჩხა გოგონასკენ, თითქოს შორიდან მოსწვდებოდა და თვალებს გამოთხრიდა. სავანელი უსუსურად მოფართხალეს სიამოვნებით შესცქეროდა და სიცილისგან მხრები უთამაშებდა... პ.ს. მეგობრებოოო, ეს ნაწილიც გავედით ბოლოში!! პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვინც ბოლომდე მომყვა და ნაწარმოები ბოლო წერტილამდე წაიკითხა. <3333333333 აუცილებლად გამიზიარეთ შთაბეჭდილებები, ყველას რეაქცია მაინტერესებს ;დდდდ <3 <3 კარგი ამბავი მაქვს, მესამე ნაწილი უკვე დაწყებულია და კარგი ტემპით მივდივარ წინ, ასე რომ დიდხანს არ გალოდინებთ არ ინერვიულოთ ^_^ <3 <3 <3 დიდი იმედი მაქვს, რომ ნაწარმოები მოგეწონათ და ფორმა არ დამიკარგავს. დიდი შესვენების შემდეგ ხელახლა კლავიატურასთან მიჯდომა მარტივი არ ყოფილა. მეშინოდა კიდეც, რომ ისე კარგად არ გამომივიდოდა ამბის გადმოცემა, როგორც ადრე... შეფასებები თქვენთვის მომინდია. მიყვარხართ, გაფასებთ! ბევრი ჩახუტება და კოცნა ჩემგან. როგორც ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით თქვენი პაზლების ქურდი!! <3 <3 <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


