სასიამოვნო საფრთხე (სრულად)
*** არაჩვეულებრივი დრო გავატარე გუშინ. ჩემი დაბადების დღე და სასწავლებლის ოთხი კურსის დახურვის აღსანიშნავი ბანკეტი ერთმანეთს დაემთხვა. არც კი მჯერა, ნუთუ ამდენ სწავლას და გამუდმებულ ნერვიულობას ბოლო მოეღო?! ახლა გიდი ვარ. ერთი წელი დავისვენებ და შემდეგ მაგისტრატურასაც გავივლი. კვალიფიკაციას ავიმაღლებ. ამ ოთხ წლიან შრომას რაიმე აზრი ხომ უნდა მივცე? არ მინდა ჩემს ოჯახს და ჩემს შესაძლებლობებს იმედი გავუცრუო. კარგია ჩემები რომ წავიდნენ. ცოტა ხნით თბილისში ვიქნები მარტო, შემდეგ კი სოფელში წავალ რამდენიმე კვირით. მომენატრა იქაური გარემო, ძველი ავეჯი და მათი სურნელი, იქაური მეზობლები. რამდენი წელია არ მინახავს ისინი. ღმერთო, მთელი ერთი წელი თავისუფალი ვარ, რა ბედნიერებაა! ამ სასიამოვნო ფიქრებიდან, მადუღარის წრიპინმა გამომიყვანა. გამომრთველ ღილაკს თითი დავაჭირე და ყავა ფინჯანში დავისხი. ღუმელიდან გასათბობად შედებული პიცის ნაჭერი გამოვიღე და მაღალ სკამზე დახლთან დავჯექი. მარმარილოს ზედაპირზე მოულოდნელად თვალი გამიშტერდა. თავი გავიქნიე და საუზმეს შევუდექი. ბებიასგან მსმენოდა, რომ თვალის გაშტერება თვალების გადაღლამ შეიძლება გამოიწვიოსო, თან აქვე დაამატებდა ხოლმე, ცუდის ნიშანიაო. დახლზე პულტს გადავწვდი და ჩართულ ტელევიზორს ხმა ავუწიე. საათს გავხედე, თორმეტი იყო. საინფორმაციო გადაცემაში ჟურნალისტი ახალ ამბებს გვაუწყებდა. რაღაც დანაშაულზე საუბრობდა. "..... დაიაური, 25 წლის, ბრალი ედება წერეთლის ნომერ ... -ში მცხოვრებ ზურაბ ჭანიაზე თავდასხმაში. დაზარალებულმა მოასწრო მიემართა სამართალდამცავებისთვის, მაგრამ თავდამსხმელი მათ მოსვლამდე მიიმალა. ზურაბ ჭანია ამტკიცებს, რომ ალბათ მისი გაძარცვა უნდოდათ. გაბრიელ დაიაური მისი ძველი ნაცნობია და მასზე თავდასხმის მიზეზს ვერ ასახელებს..." ვერ ვიტან საინფორმაციო გამოშვებებს, ამიტომ სხვა არხზე გადავრთე და რომელიღაც გასართობ შოუს გადავაწყდი, რომელმაც არაჩვეულებრივ განწყობაზე დამაყენა. კალენდარს გავხედე, დღეს 10 ივლისია, თუმცა მიუხედავად სულისშემხუთველი სიცხისა, მაინც მომინდა გარეთ წანწალი და მაღაზიებში გავლა. მით უმეტეს, რომ მაცივარიც შესავსები მქონდა. ამიტომ, საუზმე სწრაფად მოვათავე, ტანსაცმელი გამოვიცვალე, მანქანის გასაღები და მობილური ავიღე და ლიფტში არ შევსულვარ, მეხუთე სართულიდან სწრაფად დავეშვი კიბეზე. სადარბაზოდან გავედი თუ არა, ჩემს მეზობელ ქალბატონ მერის მოვკარი თვალი, რომელიც იქვე მზესუმზირას ყიდდა. - დღემშვიდობისა მერი ბებო, როგორ ბრძანდებით? - მივესალმე მას. ამ ქალის მიმართ დიდად კეთილგანწყობილი ვიყავი და როგორც საკუთარი ბებო ისე მიყვარდა. - ღმერთმა დაგლოცოს შვილო, - გამიღიმა მან. - საით გაგიწევია ჩემო ლამაზო? - პროდუქტების საყიდლად. - ვუთხარი და ავტოფარეხის კარი გავაღე. - პატარები როგორ არიან? - მოვიკითხე მისი შვილიშვილები. - ღვთის მადლით კარგად, ნაიკო. წადი შვილო წადი, ლაშას ვეტყვი და ის დახურავს. - ჩვენი უბნის ინსპექტორზე თქვა მან. - მაგრამ ფრთხილად იყავი, ნელა იარე და სახლში მალე დაბრუნდი. - აუცილებლად მერი ბებო. - დილით საინფორმაციოს ვუყურე. ქვეყანაზე რა არ ხდება, სიფრთხილე გმართებს. მით უმეტეს, რომ შენსავით ლამაზ გოგოს თაყვანისმცემელიც ბევრი ჰყავს, მოშურნეც და მტერიც. ყურადღებით იყავი ნაიკო. - მადლობა, მერი ბებო რჩევისთვის, კარგი ადამიანი ხართ. - მივირბინე მასთან და ლოყაზე ვაკოცე. - ლაშას მადლობა უთხარით ჩემგან. საყიდლებზე გავრბივარ და საღამოსთვის მოვალ. ხო მართლა, ხომ იცით ჩემები დილით ადრე წავიდნენ ესპანეთში. - ვიცი შვილო ვიცი. - კარგით მერი ბებო, წავედი მე. - ვუთხარი მას, ჩემს პატარა ჯიპში ჩავჯექი და დელისიდან საბურთალოც ქუჩას ჩავუყევი, რადგან ამ მხარეს ნაკლები შუქნიშანი შემაწუხებდა, ვიდრე ყაზბეგზე. *** საღამოს ძალიან დაღლილი დავბრუნდი სახლში. პროდუქტებით დატვირთული შევედი მისაღებში და სამზარეულოს მივაშურე. იქიდანვე დავიწყე ტანსაცმლის გახდა, რომ სასწრაფოდ აბაზანაში შევსულიყავი და ცივი შხაპით მეშველა ჩემი თავისთვის. შხაპმა გამომაფხიზლა, სასიამოვნოდ გავგრილდი და პროდუქტების ჩემს დიდი მაცივარში შელაგება დავიწყე. ახლა შევნიშნე, რომ ტელევიზორი ჩართული დამიტოვებია და ხმას ავუწიე. ისევ საინფორმაციო გადიოდა და როგორც მივხვდი, ისევ იმ ბოროტმოქმედზე საუბრობდნენ. სასწრაფოდ გადავრთე და მუსიკალურ არხებს მივაშურე. მუსიკას ავყევი და ცეკვა-ცეკვით იატაკზე დაყრილ ჩემს ტანსაცმელს ვკრეფდი. თანდათან ბინდდებოდა და მეც თვალებზე მოწოლილ სიმძიმეს ვგრძნობდი. ცოტა ხნით მაინც ჩემს ლეპტოპს მივუჯექი, ტურიზმთან დაკავშირებულ სხვადასხვა გვერდებს ვესტუმრე და საინტერესო შემოთავაზებებიც აღმოვაჩინე, მაგრამ ღამემ და დაღლილობამ თავისი გაიტანეს და დაწოლისთანავე დამეძინა. *** ასე ტკბილად დიდი ხანი იყო არ მძინებოდა. ღამის თორმეტ საათზე დაწოლილმა დილის თერთმეტ საათზე გავახილე თვალები. ცოტა ხნით კიდევ ვინებივრე საწოლში. სამოთხეში მეგონა თავი. ჩემს ხუთოთახიან ბინაში, რომელიც მეტრო დელისთან მდებარეობდა, სამარისებური სიჩუმე სუფევდა. ნელ-ნელა ადგომაც დავიწყე. საწოლი ავალაგე, მოვწესრიგდი და საუზმეც მივირთვი. სახელდახელოდ სალათიც გავაკეთე და მაცივარში შევინახე. შემდეგ დაბლა ჩავირბინე, მერი ბებოს გამოველაპარაკე და ისევ სახლში დავბრუნდი. სანამ ჩემი მშობლები და ძამიკო ესპანეთში წავიდოდნენ, ჩემს ბებიასთან და ბაბუასთან, მეგონა მარტო ყოფნა გამიჭირდებოდა. მამასაც ასე ეგონა,თანაც აფიქრებდა ის ფაქტი, რომ 23 წლის შვილი, თან გოგო, მარტო უნდა დავეტოვებინე... მაგრამ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი. საკუთარ თავთან ერთად მარტო ყოფნა, საშუალებას მომცემდა, მომავალ გეგმებზე წყნარად და დალაგებულად მეფიქრა, რაც ჩემი ხმაურიანი ოჯახის ხელში შეუძლებელი იყო. აი ისინიც! მობილურის ხმა გაისმა ოთახში, მამა რეკავდა. - ხო მამა... კარგად, თქვენ?... არაფერს, წიგნს ვკითხულობდი, როგორ არიან ბებია და ბაბუა?.... მომიკითხე და ჩამიკოცნე... ცოტა ხანში ბაღში ვაპირებ გოგოებთან ერთად ჩასვლას... ნუ გეშინია მამა, არ მიჭირს, თავს კარგად ვგრძნობ... ხო, მეც არ მეგონა... ხო, ფრთხილად ვარ... კარსაც ვკეტავ... ავტოფარეხსაც... კარგი მამა, მე დაგირეკავ შემდეგ, მიყვარხართ, კარგად. მობილური გავთიშე, დივანზე დავწექი და თავლები დავხუჭე. ცოტა ხნით ასე ვიყავი, სანამ ისევ მობილურმა არ დარეკა. ჩემი მეზობელი თამუნა იყო, რომელთან ერთადაც ვაპირებდი ბაღში ჩასვლას. საღამოს ცხრის ნახევარი ხდებოდა და გარეთ სასიამოვნოდ გრილოდა. თამუნასთან ერთად დაახლოებით საათნახევარი დავყავი სამეზობლოში. ვისაუბრეთ, უფრო სწორედ კითხვებს მისვამდა ჩემს სასწავლებელთან დაკავშირებით და მეც ვპასუხობდი. მოგვიანებით ძილი მოვიმიზეზე და სახლში ერთად ავედით, ის ჩემზე ორი სართულით ქვემოთ ცხოვრობდა. *** მართალი არ მეძინებოდა, მაგრამ, მაინც დაწოლა ვარჩიე. ისევ ჩართული ტელევიზორი გამოვრთე და ჩემს საძინებელში ნელი ნაბიჯით წავედი. გამეღიმა. ჩემი ძამიკო გამახსენდა. ახლა ის რომ აქ ყოფილიყო, ვინ დამაძინებდა ასე ადრე?! საწოლს თხელი ნაცრისფერი საბანი გადავაძრე, ბალიშები დავაწყვე და სააბაზანოში გავედი კბილების გასაწმენდად. შემდეგ ღამის მოკლე შორტები და მაისური ჩავიცვი და დავწექი. რა შეიძლება, რომ გავაკეთო ხვალ? არა, მარტო სადმე წასვლა არ მინდა. იქნებ თამუნას ვუთხრა და აკვაპარკში წავიდეთ? ხო, ეს კარგი აზრია, თან ცოტა გარუჯვაც არ მაწყენს, თან დროს მშვენივრად გავიყვან, ზეგ კი სოფელში წავალ. გვერდი ვიცვალე და ფანჯრიდან მთვარეს გავხედე. იმდენად ლამაზი იყო თავის ნაცრისფერ ღრუბლებთან ერთად, რომ თვალი გავუშტერე. მის გარშემო ვარსკვლავები ბრწყინავდნენ და ჩემზე ჰიპნოზივით მოქმედებდნენ. დიდხანს ვიყავი ასე და ვგრძნობდი, ნელ-ნელა თვალები მეხუჭებოდა. ირგვლივ ყველაფერი შემსუბუქდა, ნისლში ჩაიძირა, რომ საიდანღაც, ძალიან შორიდან ზარის ხმა ჩამესმა. ყურადღება არ მივაქციე, რადგან ძალიან მინდოდა, რომ ეს სიზმარი ყოფილიყო და ამ სასიამოვნო ბურანიდან გამოსვლა არ დამჭირვებოდა... მაგრამ ხმა ისევ განმეორდა, თანაც ამჯერად უფრო გაბმულად. თვალები გავახილე და საწოლზე წამოვჯექი, არ ვდგებოდი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ არ მელანდებოდა. ზარი კვლავ განმეორდა. წამოვდექი და ჰოლისკენ გავემართე. შუქი ავანთე და საათს გავხედე. თორმეტის ნახევარი ხდებოდა. ვინ შეიძლება იყოს ასეთ დროს? სათვალთვალოში გავიხედე, მაგრამ ვერავინ დავინახე, გარეთ შუქი არ ენთო. დავეჭვდი და ეს ეჭვები რომ გამექრო, ხმამაღლა ვიკითხე: - ვინ ხარ? - სმენა დავძაბე. პასუხმა რამდენიმე წამით დააგვიანა, მაგრამ შემდეგ გავიგე. - ლაშა ვარ. - ლაშა? უბნის ინსპექტორი. რა უნდოდა ამ დროს აქ? ცოტა ხმაშეცვლილი მეჩვენა, მაგრამ ჩამკეტი მაინც გადავატრიალე და კარი გავაღე. - ვინ ხარ! - გაოგნება და კივილიც კი ვერ მოვასწარი, რომ ვიღაც მეცა, პირზე ხელი ამაფარა და კედელს მიმახეთქა. ვკიოდი, მაგრამ მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, ვუძალიანდებოდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. გაღებული კარი ფეხით მიხურა და უცბად გადაკეტა. *** - დაწყნარდი! - ჩაიჩურჩულა მან. ყურადღება არ მიმიქცევია, შეშინებული თავის გათავისუფლებას ვცდილობდი. შიშისგან გული ამიჩქარდა და საფეთქლები ამეწვა. თითები დავმუშტე და მთელი ძალით მხრებზე, მკერდზე, სახეში დავუწყე ცემა. უცბად პირიდან ხელი მომაშორა, ხელები შემიბოჭა და როგორც კი საკივლელად მოვემზადე, ლოყაზე რაღაც ცივი ვიგრძენი. სუნთქვა გამიხშირდა, ხმა ვეღარ ამოვიღე, ვგრძნობდი, რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა. თვალები დავხარე და შავი იარაღი დავინახე, რომელიც ლოყაზე მებჯინებოდა. - იცოდე, ხმას ამოიღებ და ვსო! - ისევ დაიჩურჩულა მან. პირი გავაღე, მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. ყელში რაღაც გაიჩხირა, გაიბერა და მახრჩობდა. - წაიღე რაც გინდა და წადი! - ამოვთქვი როგორც იქნა, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ კანკალებდა სხეულთან ერთად ხმაც. ჩაეცინა, შემდეგ შუბლი შეკრა და მითხრა: - მე არაფერი მჭირდება! - აბა რა გინდა, ვინ ხარ? - აღელვებულმა, იმის შიშით, რომ რამეს დამიშავებდა ხმას ავუწიე. - დაწყნარდი მეთქი! - გამიმეორა მკაცრად და იარაღი უფრო მჭიდროდ მომაბჯინა. კედელს ავეკარი. ტუჩები მებრიცებოდა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, არ მეტირა. - ვინ ვარ და შენი მომავალი მდგმური. ვერაფერს მივხვდი და არაფრისმთქმელი, შეშინებული თვალებით ჩავაცქერდი შავ, ამღვრეულ და ამასთანავე ზიზღით და სიშმაგით სავსე თვალებს. - ხელს გაგიშვებ, - თქვა მან. - იმ შემთხვევაში, თუ სისულელეებს არ ჩაიდენ. გასაგებია?! ხმა არ ამომიღია, მხოლოდ თავი დავუქნიე. - ჭკვიანი გოგო ხარ! - მითხრა და ცოტა ხანში ხელები გამითავისუფლა. კედელს მოვშორდი, მაგრამ მუხლები მეკვეთებოდა და თავის შემაგრებას ვცდილობდი. იდაყვში გახურებული ხელი ჩამავლო და წინ წასამძღვარებლად მიბიძგა. მისაღებ ოთახში შუქი ავანთე და გავჩერდი. შიშით გავხედე ჩემს ბინაში შემოჭრილს და შევნიშნე, სახე ნერვიულობისგან დაძაბვოდა. შუბლზე ოფლის წვეთები უბზინავდნენ და შავი პრიალა თმის ღერებს, რომლებიც შუბლზე ჩოლკასავით ჩამოშლოდა სისველისგან წვეტები გაეკეთებინათ. - აქ დაჯექი და არ გაინძრე! - გამოსცრა მან და დივანისკენ ხელით მიბიძგა. ჩამოვჯექი, ფეხები ავიკეცე და მოვიკუნტე. თვითონ კი ფანჯრისკენ წავიდა, ჟალუზი იარაღით გასწია და რამდენიმე წამი ასე დაჰყო. შევნიშნე, რომ მარჯვენა ხელს კარგად ვერ ხმარობდა და მარცხენას გამუდმებით მასზე იკიდებდა. ფანჯარას მოშორდა, ჯიბიდან მობილური ამოიღო, რამდენიმე ღილაკს დააწვა და ტელეფონი ყურთან მიიტანა, ცოტა ხანში კი ალაპარაკდა: - ლევან! სად ხარ? რა თქვი?! თქვენ რა გაგიჟდით?! ახლავე მოშორდით მაგ სახლს! როგორ თუ რატომ?! - ხმას აუწია მან და უცბად მობილური ყურიდან მოიშორა. - ფუ, ამის!... - გამოსცრა და გამომხედა. - შენი მობილური მჭირდება. - ის... ის... - ენა დამება. - ჩემს ოთახშია, მაგიდაზე. - ვთქვი და წამოვიწიე. - არ გაინძრე მეთქი, გითხარი! მე თვითონ ავიღებ. რომელ ოთახში?! - მანდ. - თვალებით ვანიშნე. - კარი ღიაა. - სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ ის უკვე ჩემი ოთახისკენ მიდიოდა. რა ვქნა? რა გავაკეთო? როგორ მოვახერხო პოლიციაში დარეკვა? რა უნდა თუ ჩემს გაძარცვას არ აპირებს? იქნებ სამალავი სჭირდება? ალბათ. ღმერთო, საიდან მეცნობა, სად უნდა მყავდეს ნანახი... ოთახიდან გამოსული ისევ ვიღაცას ელაპარაკებოდა, ამჯერად ჩემი მობილურით. - არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემს გამო თქვენც შარში გაეხვეთ, ამიტომ აიღეთ ყველაფერი და მანდედან გაქრით. სად? სადაც გინდათ. ოთხივე ცოტა ხნით თბილისს მოერიდეთ... კარგი... მე თვითონ დაგირეკავ. - მობილური გათიშა, შუშის მაგიდაზე დადო, ჩემს წინ გრძელ დივანზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. შეშინებული შევყურებდი. თვალებზე ბინდი გადამკვროდა, ეს ალბათ უარყოფითი ემოციის და მოულოდნელობის ბრალი იყო. ჩუმად შევათვალიერე. მოუწესრიგებელი იყო. მუქი მწვანე მკლავებიანი მაისური იდაყვებამდე აეკეცა. მარჯვენა მხარეს შავი დიდი ლაქა ემჩნეოდა, არ ვიცი შეიძლება მაისურის გაფორმებაც იყო. ღია ჯინსის შარვალი მუხლთან გახეოდა და მთლიანად მტვერში იყო ჩაფლული შავ კედებთან ერთად. ღრმად ჩაისუნთქა, იარაღი მაგიდაზე დადო, ხელები მუხლებზე ჩამოაწყო და შემომხედა. სასწრაფოდ თვალი მოვაცილე, მისმა მზერამ შიშის გრძნობაც მომიმატა და მღელვარებაც. მოგრძო შავი თმა ოდნავ ასწეწვოდა და რამდენიმე დღის მოშვებული წვერი მკაცრ, ცივ იერს სძენდა.. - ნუ გეშინია... - შედარებით რბილი ტონით მითხრა, მაგრამ სახის გამომეტყველება არ შეცვლია. - არაფერს დაგიშავებ. - რა გინდა ჩემგან?! - ისევ ვნერვიულობდი, დაწყნარებას არც ვცდილობდი. - შენგან არაფერი. - აბა რატომ შემომეჭერი სახლში?! - აღელვება ვერ დავფარე და წამოვიწიე. - ასე იყო საჭირო! - კოპები შეკრა და წელში გასწორდა. - წყნარად იჯექი მანდ. - ვინ ხარ საერთოდ! - მორჩი კითხვების დასმას და გაჩუმდი! - ღრიალს ცოტაღა აკლდა. ვგრძნობდი ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ამის დაფარვას ცდილობდა, ამიტომ ვამჯობინე გავჩუმებულიყავი, რომ ჩემთვის არაფერი დაეშავებინა. ადვილი მისახვედრია, ის დამნაშავეა და იმალება, მაგრამ რატომ და როგორ აღმოჩნდა მაინცდამაინც ჩემს სახლში? ამას აუცილებლად ვკითხავ, მაგრამ არა ახლა. გაღიზიანებულია, იქნებ ცოტა დამშვიდდეს. ნეტავ რამდენ ხანს აპირებს აქ ყოფნას? დავინახე, როგორ ასწია მარცხენა ხელი, მარჯვენა მხარს ფრთხილად შეახო და ოდნავ დაიზილა. ალბათ სტკიოდა, რადგან შეხებასთან ერთად სახე დაემანჭა. *** დაახლოებით ორი საათი ჩუმად ვისხედით. შემდეგ ტელეფონი აიღო და ისევ დარეკა: - სად ხართ?... ძალიან კარგი, მანდ იყავით რამდენიმე დღით. მე? - თქვა და მე შემომხედა, ცოტა ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ გააგრძელა. - არ ვიცი, ალბათ რამდენიმე დღე ვერ მოვახერხებ გამოსვლას. ჯერჯერობით საშიშია. სიტუაცია რომ ცოტა ჩაწყნარდება, შემდეგ თქვენი დახმარება დამჭირდება... ხო, მაგრამ ის თავისას მაინც მიიღებს! - შევნიშნე, როგორმა ზიზღმა გადაურბინა სახეზე, რამდენიმე წამით ისევ მე გამომხედა და განაგრძო. - კარგი ლევან, აქ დამირეკეთ თუ რამე ახალს შეიტყობთ. - მობილური გათიშა და დივანზე მიაგდო. ისევ შემომხედა, შემათვალიერა და მითხრა: - შეგიძლია შენს ოთახში შეხვიდე და თუ შეძლებ ძილი განაგრძო, თუ აქ ყოფნა გირჩევნია, მაშინ გამოიცვალე. მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ საღამურებით ვიყავი და უხერხულად შევიშმუშნე, ფრთხილად წამოვდექი და ჩემი ოთახისკენ გავემართე. - მოიცადე! - წამოდგა და ოთახში ჯერ თვითონ შევიდა, უკაბელო სახლის ტელეფონი გამოიტანა, მთელი ძალით ისროლა და კედელს მიანარცხა. მოულოდნელობისგან შევხტი და დავიყვირე: - რა გააკეთე! - გამოსაცვლელად ზუსტად ერთი წუთი გაქვს. ერთ წუთში თუ არ გამოხვალ, მე შემოვალ. - თქვა მშვიდად და ისევ დივანზე ჩამოჯდა. - რაღას უცდი, 50 წამი დაგრჩა. ავადმყოფი! ჩქარი ნაბიჯით შევედი ოთახში და როგორც არასდროს ისე სწრაფად გამოვიცვალე ტანსაცმელი. ინტერნეტით დახმარების თხოვნაზე ფიქრიც არ ღირდა. რამდენიმე დღე მომიწევდა ამ ბოროტმოქმედთან ყოფნა. ღმერთო, ასეთი რა დავაშავე? ვინმე რომ მოვიდეს? დეიდა, ან თამუნა? ან გოგოები? ამაზე ფიქრი არ დამცალდა. იმაზე ფიქრით, რომ მალე ის ნაძირალა შემომივარდებოდა, სწრაფად გავედი ოთახიდან. - უკვე შემოსვლას ვაპირებდი, სამი წამი გადასცდა. - უკაცრავად. - ვთქვი მისი ცინიზმით გაღიზიანებულმა და დივანს დავუბრუნდი. *** ღამე ფხიზლად გაატარა. არ მიყურებდა, ერთხელაც კი არ შემოუხედავს ჩემთვის. მთელი ღამე მშვიდად იჯდა და ფიქრობდა. არავის დაურეკავს, არც არაფერზე გაბრაზებულა. მე კი მაინც მეშინოდა. იატაკზე მიმოფანტულ ტელეფონის ნამსხვრევებს დავყურებდი და ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, როგორ გამეთავისუფლებინა თავი ამ ერთი შეხედვით ველურისგან, რომელიც ახლა მოთვინიერებულივით იჯდა. მთელი ღამე მასთან ერთად გავათენე. იმის შიშით, რომ ადგილიდან ფეხი არ უნდა მომეცვალა, წყურვილის გრძნობაც კი ჩავკალი. შიშის გამო ძილიც სადღაც გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ოთახში ორი სულიერი ვისხედით, ირგვლივ მაინც სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო. *** მალე გათენდა, მაგრამ დილას არაფერი შეუცვლია, პირიქით - ჩემს სურვილს, რომ ეს ყველაფერი სიზმარში ნანახი ყოფილიყო, ხაზი გადაუსვა და რეალობის წინ დამაყენა, რეალური საფრთხის წინ. დავინახე, როგორ წამოდგა, იარაღიც აიღო და ფანჯარასთან მივიდა, ჟალუზი გასწია და ქუჩას გადახედა. ხო, ღამითაც მეშინოდა, მაგრამ მისი უმოქმედობა მაინც მამშვიდებდა. ახლა კი, ამოძრავდა თუ არა ის, ჩემში, შიგნითაც ყველაფერი ათრთოლდა. ვგრძნობდი, ახლა რომ მისთვის რამე მეთქვა, ხმა ამიკანკალდებოდა, ამიტომ რამდენიმე საათი შინაგანად დამშვიდებას დავუთმე. არ ვიცი რამდენად გამომივიდა, რადგან მისი თითოეული მიხვრა-მოხვრა, ქმედება თუ მიმიკები, კიდევ უფრო მეტ შიშს იწვევდა ჩემში. ნუთუ ასეთი სუსტი ვიყავი? ნეტავ სხვას ჩემს სიტუაციაში, რამდენად შეიპყრობდა შიშის გრძნობა? არა, ეს უნდა დამეძლია, როგორმე უნდა დამეძლია, თორემ ეს გამაყრუებელი სიჩუმე, კიდევ უფრო მამძიმებდა ემოციურად. უკვე საღამო ხანი იყო, რომ ისევ დივანზე მიმწყვდეულმა, ძალა მოვიკრიბე და ვკითხე: - არაფერს იტყვი? - ვეცადე ხმა გამეკონტროლებინა, რომ ბზარი არ გასჩენოდა. - მაინც რისი მოსმენა გინდა?! - ოდნავ მოიხედა უკან და შემდეგ მობრუნდა. მის სახეს რომ შევხედე, ვინანე საერთოდ რატომ ამოვიღე ხმა, მაგრამ ახლა უკან დახევას აზრი აღარ ჰქონდა. - ვიქონიო იმედი, რომ კიდევ ვიცოცხლებ, თუ წინასწარ შევეგუო ბოროტმოქმედის ხელით სიკვდილს? - თვალები მივაბჯინე მის არეულ სახეს. - უკვე გითხარი, არაფერს დაგიშავებ მეთქი და მეასედ ნუ გამამეორებინებ! - ბოდიში, - ჩავიბუტბუტე აღელვებულმა და ხელები აკეცილ ფეხებს შემოვხვიე. - კიდევ ერთი კითხვა მაქვს. შემომიბღვირა. - მაინცდამაინც ჩემი სახლი ლატარიით მოიგე, თუ ვინმემ მოგასწავლა? - ვკითხე ცინიკურად და ამან თითქოს შიშის რაღაც ნაწილი დამაძლევინა. - იუმორის გრძნობა ნამდვილად გაქვს, მაგრამ ახლა არა მგონია ამის ადგილი იყოს... და შენთვისვე გირჩევ ჩუმად იჯდე იქ, სადაც ხარ! გავჩუმდი, აღარაფერი მითქვამს. ან რა აზრი ჰქონდა ლაპარაკს? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, როგორც ის მოისურვებდა. და კიდევ ერთი მდუმარებით სავსე ღამე გავლიე ბანდიტთან ერთად. წინა ღამის ნათევს თვალები საშინლად დამძიმებული მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ფხიზლად ყოფნას ვცდილობდი, მაინც მთვლემდა. რამდენიმე საათში კი დაკეცილი ჟალუზებიდან სინათლე შევნიშნე და საათს გავხედე. 8 იყო დაწყებული. საშინლად მტკიოდა ზურგი ჯდომისგან. უკვე აღარ მაინტერესებდა რას მეტყოდა, წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი. - რას აკეთებ?! - ფანჯარას მოშორდა, რომელთანაც მთელი ღამე იდგა და ცას უყურებდა, ქუჩას ზვერავდა თუ ფიქრობდა ვერ ვხვდებოდი, და უკან გამომყვა. - დავიღალე ჯდომით. - გავხედე და შევეცადე სახეზე რაც შეიძლებოდა მეტი ზიზღი გამომსახოდა. - შეიძლება წყალი დავლიო? რამდენიმე წამი დაჟინებით მიყურებდა, თითქოს მართლაც იმაზე ფიქრობდა, მოეცა თუ არა წყლის დალევის უფლება. შემდეგ მოეშვა, შებრუნდა და ისევ ფანჯრისკენ წავიდა. - ოღონდ ფოკუსების გარეშე! - თქვა ზურგშექცეულმა. მაცივრიდან წყალი გამოვიღე, ჭიქაში ჩამოვისხი და როგორც ერთი კვირის მოწყურებულმა ისე დავლიე. დახლიდან პულტი ავიღე და ტელევიზორი ჩავრთე. შევნიშნე, როგორ შეხედა მოულოდნელად რიტმული სიმღერით ახმაურებულ დიდ მონიტორს და ისევ ფანჯარას მიუბრუნდა. ცოტა ხნით ასე ვიჯექი, პულტს ხელში ვატრიალებდი. ისევ ძილი მერეოდა, თვალები დამძიმებული მქონდა. გადავწყვიტე ცივი წყლით სახე გამეგრილებინა. პულტი დავდე და სააბაზანოში შევედი. ჩამკეტი ავწიე, ცივი წყალი ხელებში ჩავიგუბე და სახეზე შევისხი. თითქოს მომენტალურად მომეხსნა ლოდები თავლებიდან. ნიჟარას დავეყრდენი და სარკეში ჩემს თავს მივაშტერდი. რამდენიმე წამი არ იყო გასული,რომ სააბაზანოს კარი გაიღო და სარკეში ის დავინახე. სველ სახეზე ხელები გადავისვი, მისკენ შევბრუნდი და ნიჟარას ავეკარი. დამფრთხალი და გაბრაზებული იყო. იარაღს ჩაბღაუჭებოდა და გაცეცხლებული თვალებით მიცქერდა. ცოტა ხანში დაწყნარდა, სახე დაუმშვიდდა. ალბათ ტელევიზორის ხმის გამო ვერ გაიგო, როგორ გამოვედი სამზარეულოდან და ეგონა გავიპარე. სულელი ვარ, ამაზე არც მიფიქრია, თორემ უპრობლემოდ მოვახერხებდი გაქცევას. - უნდა გეთქვა, გამოსვლა თუ გინდოდა! - მაინც მკაცრი ტონი შეინარჩუნა. - სუნთქვის ნებართვაც ხომ არ გთხოვო?! - დავუბღვირე, პირსახოცი ავიღე და სახე გავიმშრალე. - გამოფხიზლება მჭირდებოდა. - გაბრაზებულმა პირსახოცი მივაგდე, აბაზანიდან გასვლისას მხარზე მივეჯახე და ისევ სამზარეულოში შევბრუნდი. ისიც მომყვა. - მე შენთვის ღამის გათევა არ დამიძალებია! - ხო, აბა რაა... როგორი მარტივია, სახლში ვიღაც ბანდიტი შემოგივარდეს, შენ კი მიდი და დაიძინე მშვიდად, ვითომც აქ არაფერი. - მე ბანდიტი არ ვარ! - უსიამოვნოდ შემომხედა. - ხო, მალე 12 საათი გახდება და პრინცად გადაიქცევი. - ახლა შენი ბავშვური სისულელეების თავი არ მაქვს. როცა ჩუმად ხარ უკეთესია. ასე, რომ გაჩუმდი და რაც გინდა ის აკეთე, გარდა გამონაკლისებისა - იცი, რასაც ვგულისხმობ! - თქვა და ჯერ ისევ იატაკზე დაყრილ ტელეფონის ნამსხვრევებზე მიმანიშნა. - ხო, კიდევ, შეგიძლია დაიძინო, როგორ მარტივად ან რთულადაც არ უნდა მოგეჩვენოს, კიდევ ერთ შანსს გაძლევ. რომელ ძილზე იყო ლაპარაკი?! სამზარეულოს დახლთან ვიჯექი და მთელი დღე დაჟინებით ვუყურებდი. მინდოდა მივარდნოდი, ხელი მეკრა და იმ ფანჯრიდან გადამეგდო, რომელსაც ამდენი ხანი არ შორდებოდა. *** ვხედავდი, როგორ იზელდა დროგამოშვებით მარჯვენა მხარს. ნეტავ რა სჭირდა? ან რა აწუხებდა? რატომ იმალებოდა, რა დააშავა? უცბად თავში რაღაცამ გამიელვა... ღმერთო, ეს ხომ ისაა, ვისზეც გუშინწინ საინფორმაციოში ლაპარაკობდნენ?! კი, ისაა. სურათს სულ რამდენიმე წამით მოვკარი თვალი, გამახსენდა, ნამდვილად ის არის. ვინანე, რატომ არ მოვისმინე ჟურნალისტს მაშინ... დავინახე, როგორ მოშორდა ფანჯარას, იარაღი მაგიდაზე დადო და დივანზე ჩამოჯდა. მე მის ზურგს უკან ვიყავი და შევნიშნე, როგორ ძალაგამოცლილმა დადო თავი დივანის საზურგეზე. გავიდა რამდენიმე წუთი, ნახევარი, ერთი საათი, ის კი არ განძრეულა, თავიც კი არ აუღია. სკამიდან ჩამოვედი, ფეხაკრეფით შემოვუარე დივანს და დავხედე. ეძინა. ერთი ხელი მუცელზე ჩამოედო, მეორე კი უღონოდ დაეგდო დივანზე. სახე დასწყნარებოდა და სულ არ ჰგავდა იმ განრისხებულ და შემზარავ ბოროტმოქმედს, რომელიც გუშინ წინ შემომივარდა სახლში. მშვიდად სუნთქავდა, ალბათ ღრმად ეძინა. ახლა საუკეთესო შანსი მეძლევა გავიქცე, ვერსად დავრეკავ, მობილური ჯიბეში უდევს. მაგრამ უცბად რომ გაიღვიძოს? მერე რა გავაკეთო? ისევ მას დავხედე, ფრთხილად მივუახლოვდი, დავიხარე და მაისურზე დამჩნეულ ლაქას დავაკვირდი. ეს სისხლის ლაქა იყო, ხო, სისხლის, რომელიც იმდენად ჩამჯდარიყო მატერიაში, რომ ძნელად გაირჩეოდა, თანაც უკვე შემშრალიყო. სისხლის პატარა ლაქები წვრილ ზოლად ხელზეც ეტყობოდა. უცბად თვალები გაახილა. წელში გასწორება ვერც კი მოვასწარი, ყელში მწვდა და დივანზე დამაგდო. - რას აპირებდი?! - გამოსცრა ჩუმად და მის შავ თვალებში თითქოს ცეცხლი აინთო. - არაფერს. - ამოვიხრიალე, როგორც შემეძლო. - გამიშვი. - როგორ არაფერს, აბა ასე რას მომშტერებოდი?! - გამიშვი გთხოვ, მტკივა. - უფრო ჩამიწყდა ხმა და სიმწრისგან თვალებიდან ცრემლები გადმომიგორდა. არ ვიცი, ალბათ ამან იმოქმედა და ხელი შემიშვა. ერთხანს დივანზე მოკუნტულს მიცქერდა, შემდეგ კი თვალები დახუჭა, საფეთქლები მოისრისა და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად თქვა: - მაპატიე. არაფერი ვუთხარი. არ ველოდი მისგან პატიების თხოვნას. ის ხომ ბოროტმოქმედია და შეეძლო ეს კიდევ გაემეორებინა, რატომ მიხდიდა ბოდიშს?! - მაპატიე, ასეთი რამ აღარ განმეორდება, უბრალოდ ძალიან დაძაბული ვარ. - თქვა და პატარა დივანში ჩაჯდა. რამდენიმე წუთით ჩუმად ვისხედით. ყელზე ისევ მის თითებს ვგრძნობდი და ხელებს ვისვამდი, თითქოს მათი მოშორება მინდოდა. შემომხედა და მითხრა: - ვწუხვარ, რომ შემოგეჭერი. - დამერწმუნე მე უფრო. - არ შემეძლო არ მეთქვა. - მაგრამ, მოულოდნელად, როგორც საუკეთესო შანსი ისე გამოჩნდი და... - ყურადღება არ მიაქცია ჩემს სიტყვებს. - ლაშას იცნობ? - ვკითხე უბნის ინსპექტორზე. - ვინ ლაშას? - ვისი სახელითაც მესტუმრე. - არა, - ცოტა ხნით გაჩუმდა და შემდეგ მოკლედ მომიყვა რატომ გადაწყვიტა ჩემს ბინაში შემოჭრა. - აქვე ჩემი ნაცნობი ცხოვრობს, მეგონა სახლში იქნებოდა, მაგრამ მითხრა სოფელში ვართო. აღარ ავუხსენი სიტუაცია, დაღლილი ვიყავი და ფარდულის უკან ჩამოვჯექი დასასვენებლად. ცოტა ხანში შენ გამოჩნდი და მოვისმინე, რასაც ელაპარაკებოდი იმ ქალბატონს, გარეთ მზესუმზირას რომ ყიდდა. ლაშას სახელიც მაშინ გავიგე და... ვისარგებლე. ვუსმენდი გაოცებული და მიკვირდა. ის საერთოდ არ ლაპარაკობდა, ისე, როგორც შეიძლებოდა, რომ ბანდიტს ესაუბრა: უხეშად, ჟარგონებით. თანაც ბანდიტი არ შეიწუხებდა თავს ახსნა-განმარტების მიცემით. ის კი გამართულად, მშვიდად და ამასთანავე სასიამოვნო ხმით საუბრობდა. მაგრამ ის ხომ ბოროტმოქმედად იყო შერაცხული? ვგრძნობდი, რაღაც ისე არ იყო. - არავის შეშინება და შეწუხება არ მინდოდა, ამას არც ვგეგმავდი, მაგრამ სამწუხაროდ ასე გამოვიდა. - იმ კაცის გაძარცვა რატომ გინდოდა? - მაინც ვკითხე, მინდოდა გამერკვია რა მოხდა. - ვინ კაცის გაძარცვა? - გაუკვირდა. - საინფორმაციოს მოვკარი ყური... - აჰ, ასე თქვა?! - ჩაიცინა, მაგრამ მისი სიცილი სიძულვილის უფრო იყო, ვიდრე, სიხარულის. ცოტა ხნით თავი ჩახარა, შემდეგ შემომხედა და მითხრა: - მისი გაძარცვა კი არა, მოკვლა მინდოდა. იმდენად ძლიერი სიძულვილით იყო ეს სიტყვებო გამოთქმული, რომ ტანში გამცრა. თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე, არ მინდოდა მისთვის შემეხედა. ერთხანს ვინანე კიდეც ეს კითხვა რომ დავუსვი. - რატომ? - ავტომატურად ვკითხე. - ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს. არ მინდა ამაზე საუბარი. - ალბათ ცდილობდა დაფარვას, მაგრამ სახეზე ძალიან დიდი ტკივილი გამოესახა. მიხვდა, რომ ამის დაფარვა არ გამოუვიდა, ადგა და ისევ ფანჯარასთან მივიდა. მიუხედავად ყველაფრისა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მის მიმართ ნდობა გამიჩნდა. მინდოდა ეს მისთვის მეგრძნობინებინა და ვუთხარი: - თუ გულის გადაშლას გადაწყვეტ, შეგიძლია მენდო. გაკვირვებულმა მოიხედა ჩემსკენ, ერთხანს ასე მიყურა, შემდეგ უხალისოდ გაიღიმა და მითხრა: - დიდი, მადლობა, მაგრამ ამას არ ვიმსახურებ. - მაგრამ მაინც. - არ მოვეშვი. - ორი დღეა არაფერი გიჭამია, ჩემი ბრალი იქნება ცუდად რომ გახდე, ამიტომ რამე ჭამე. ჩათვალე, რომ მე აქ არ ვარ. თემას თავი აარიდა. მეც აღარაფერი ვუთხარი, მაგრამ მისმა ნათქვამმა გამახსენა, რომ კუჭი მართლაც ცარიელი მქონდა. ათი ხდებოდა და მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რომ მართლაც მშიოდა. წამოვდექი და სამზარეულოში შევედი. ტაფა გაზქურაზე დავდგი და ზეთი დავასხი. სახელდახელოდ ლორის ნაჭრები კვერცხთან ერთად შევწვი. როგორი უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, გადავწყვიტე ვახშამზე დაუპატიჟებელი სტუმარიც მიმეწვია, ამიტომ ულუფა ორად გავყავი. დარწმუნებული ვარ მასაც ეშიება, თანაც ძალიან, მაგრამ არ გამიკვირდება ვახშამზე რომ უარი მითხრას. ულუფა თეფშებზე გავანაწილე და ზემოდან მაიონეზი მოვასხი, პური დავთალე, ჭიქებში წვენი ჩამოვასხი და ვფიქრობდი, როგორ შემეთავაზებინა მისთვის ვახშამი. მისგან მოშორებით დავდექი და ვუთხარი: - ალბათ შენც გშია, შეგიძლია, დამეწვიო. შემომხედა და გაეცინა. - იყოს, ნუ შეწუხდები. - თქვა მან. - უკვე შევწუხდი. - ვუთხარი და პატარა მაგიდას გავხედე, რომელიც ორ კაცზე იყო გაშლილი. - შენ რა, ბანდიტთან ერთად აპირებ ვახშმობას? - მკითხა. - არა, პრინცთან. - ვუთხარი მე და გავუღიმე. *** ნელა და მორიდებით მიირთმევდა საჭმელს, რამაც უფრო მეტად გამაკვირვა. მთელი ვახშმის მანძილზე არაფერი უთქვამს, არც მე ამომიღია ხმა. როცა ჭამას მოვრჩით და მაგიდას ვალაგებდი, მაშინ მკითხა: - რატომ არ გაიპარე? - როდის? - გავხედე მას. - როცა ჩამეძინა. შენ ხომ ამის შანსი გქონდა? - არ ვიცი. - ვუთხარი ცოტა ხნის შემდეგ. მართლა არ ვიცოდი, ეს რატომ არ გავაკეთე, მაგრამ უცბად მიზეზი მოვიგონე: - იქნებ არ გეძინა და ჩემი ფაქტზე გამოჭერა გინდოდა?! - მართლა მეძინა. დღეს მეოთხე დღე ღამდება, რაც თვალი არ მომიხუჭავს და თავი დავდე თუ არა გავითიშე. მეოთხე დღე?! გაკვირვებისგან ლამის პირი დავაღე და თანაც ძალიან შემეცოდა. იმ ხნის მანძილზე, რაც ის აქ იქნებოდა, ალბათ თვალს ვერ მოხუჭავდა იმის შიშით, რომ მე მას დავასმენდი. მის ადგილას წარმოვიდგინე თავი და უფრო მეტი სიბრალული ვიგრძენი. - კარგი, - ამოიოხრა მან. - იმედია დღესაც არ გაათენებ. - არ ვიცი. - ვუპასუხე და თავი დავხარე. - მისმინე, - წამოდგა ის სკამიდან. - არ ვიცი რამდენი დღე მომიწევს აქ დარჩენა და არ მინდა ამის გამო პრობლემები შეგიქმნა. უბრალოდ ნუ გამცემ, მეტს არაფერს მოვითხოვ შენგან. გარწმუნებ, ამით ცუდს არაფერს ჩაიდენ და სინდისი არ შეგაწუხებს. - ცოტა ხნით გაჩუმდა და შემდეგ დაამატა. - ვახშმისთვის დიდი მადლობა, შენზე უკეთეს ტყვეს ვერც კი ვინატრებდი. - თქვა და მისაღებისკენ წავიდა, მობილური ამოიღო, ისევ იმ ლევანთან დარეკა და საუბარი წამოიწყო. *** მე არ ვუსმენდი. დასვრილი ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შევაწყვე, სამზარეულოს ფანჯარასთან მდგარ პატარა, რბილ სავარძელში ჩავჯექი და ფიქრებს მივეცი თავი. მას იმ კაცის მოკვლა უნდოდა, ადამიანის მოკვლა! რატომ? რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე? ალბათ მიზეზი აქვს, კი მაგრამ რა უნდა იყოს ამისთანა, რომ ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდეს საფრთხეს? ალბათ სერიოზულად აქვს ამის გაკეთება განზრახული, თუ არადა ის ახლა ძებნაში არ იქნებოდა. სწორედ ამის გამო მაშინებს მისდამი გაჩენილი ნდობის გრძნობა. ახლა ის ადამიანი ცოცხალია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. " ის ტავისას მაინც მიიღებსო" გუშინ წინ თქვა ტელეფონზე ლაპარაკისას. დღეს თუ ხვალ ის მაინც ჩაიდენს დანაშაულს და ახლა თუ არაფერში მიუძღვის ბრალი, მალე მაინც გახდება ბოროტმოქმედი. ერთი კითხვა დამებადა მაგრამ, არ ვიცი რატომ. ნუთუ შეიძლება რაიმე გამართლება ჰქონდეს მის განზრახვას? მომეჩვენა, რომ რადგან ეს კითხვა დამებადა, ვიმედოვნებდი, რომ ოდესმე მის უდანაშაულობას შევიტყობდი. გამიელვა თუ არა ამ აზრმა, სხეულზე ეკალმა დამაყარა. წინ ჩამოყრილი თმა გადავიწიე და თავი გავიქნიე, მინდოდა ეს ფიქრები თავიდან ამომეყარა. დამნაშავეა ის თუ არა, ეს ცემი საქმე არ არის, ეს მისი ცხოვრებაა და თვითონ აგებს პასუხს თავის საქციელზე. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ადმიაინის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს ეხება, მე მაინც ვერაფერს გავაწყობ. *** საათს გავხედე, თორმეტი იყო დაწყებული. თითქოს საათმა მაუწყა, რომ საშინლად მეძინებოდა. მას გავხედე, არაფერი ეტყობოდა ოთხი დღის უძილობის. ჩაფიქრებული იჯდა დივანზე, ხელები მუხლებზე ჩამოეწყო და ჩემს მობილურს ატრიალებდა. სახეზე სიმკაცრე გამოსახოდა. შუბლს სიბრაზის ორი ზოლი უსერავდა. ტუჩები მაგრად მოემუწა, თითქოს ერთმანეთზე სამუდამოდ დაწებებულიყვნენ. ერთ ადგილს მიშტერებოდა და ნელა სუნთქავდა, ამას მისი მხრების მოძრაობა მანიშნებდა. უცბად ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. ვგრძნობდი, როგორ მიდუნდებოდა სხეული, თითქოს ჰაერში დავეკიდე. მსიამოვნებდა ეს გრძნობა და არ ვინძრეოდი, მეშინოდა არ მიმეტოვებინა ჩემი ეს მდგომარეობა. მაგრამ ბაჩომ არ მაცადა. ჩემთან მოირბინა, ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა. ნერვები მომიშალა მისმა საქციელმა, მყუდროება დამირღვია. ჩემი ძამიკოს ზურგზე მოგდებულმა დედას გავხედე, რომელიც ბართან იდგა, ფორთოხალს ჭრიდა და მიღიმოდა. - ბაჩო დამსვი! - ვუთხარი დაბნეულმა. გამიკვირდა, რომ დამსვა. მას ეს არასდროს გაუკეთებია პირველივე თხოვნაზე. სამზარეულოდან გავედი და მისაღებ ოთახს მოვავლე თვალი. - მამა. - თენგო პატარა დივანზე იჯდა ფეხი-ფეხზე გადაედო და ტელევიზორს უყურებდა. - რა მოხდა ნაია? - გამიღიმა მან. - რა დაბნეული სახე გაქვს? კი, მაგრამ მის ადგილას ხომ ის იჯდა? ჩაფიქრებული, დამწუხრებული. ბაჩო, დიანა, თენგო - ისინი ხომ ესპანეთში წავიდნენ 4 დღეს წინ? აქ რას აკეთებენ? მგონი ჭკუიდან ვიშლები. ახლა ვარ სიზმარში, თუ ის ვნახე სიზმარში, როგორ შემომივარდა უცნობი სახლში, როგორ მწვდა ყელში, როგორ გამიღიმა გაკვირვებულმა, როცა ვახშამი შევთავაზე. ჩემს ოჯახის წევრებთან ყოფნაც და მასთან გატარებული 3 დღეც იმდენად დამაჯერებელი და რეალური ჩანდა, რომ მიჭირდა გარკვევა, რომელი მათგანი ვნახე სიზმარში. თუ ახლა მართლა ჩემები იყვნენ ჩემს გვერდით და მე უბრალოდ გაბრუებული ვიყავი, ეს მახარებდა, მაგრამ, ვგრძნობდი, მაინც გული მწყდებოდა. ალბათ ეს სიგიჟეა, მაგრამ ვწუხდი, რომ იმ სიზმრიდან გამომაფხიზლეს, რომელშიც ის ვნახე. თითქოს კიდევ მინდოდა იმ შიშის გრძნობა, ის დაძაბულობა, მღელვარება, ნერვიულობა განმეცადა, რასაც იმ სიზმარში, ბოროტმოქმედის გვერდით ყოფნისას ვგრძნობდი. უცბად ისვე ბაჩო მეცა, თავისი ცისფერი თვალებით მომაშტერდა, ხელები მხრებზე ჩამავლო და შემარხია. - ბაჩო რას აკეთებ? - გაბრაზებულმა კოპები შევუკარი, მაგრამ ის არ მომეშვა. - გაიღვიძე, ნაია. - მითხრა ჩემმა ძმამ და კიდევ შემანჯღრია. - მღვიძავს, შემეშვი! - დავუყვირე. - არა არ გღვიძავს. - თქვა და უფრო ძლიერად შემარხია. - ბაჩო, თავი დამანებე! - დავიყვირე ისევ, თვალები გავახილე და დავინახე ის. თავზე დამდგომოდა და მიყურებდა. მელოდებოდა, როდის გამოვფხიზლდებოდი. თვალები მოვისრისე და ახლა გავარჩიე, რომელი იყო რეალობა და რომელი სიზმარი. - რა მოხდა? - ვკითხე და წამოვდექი. ჯერ ისევ გაბრუებული ვიყავი. - წუხელ მამაშენი გირეკავდა. - ჩამესმა მისი ხმა და ამან კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ რეალურად მის წინ ვიდექი. - რამდენიმე წუთის წინ კიდევ დარეკა. ალბათ ნერვიულობს. რაიმე მოიფიქრე, დაურეკე და დაამშვიდე. - მისმა საუბარმა და ასეთ რისკზე წასვლამ კიდევ უფრო გამაოცა. გამოწვდილი მობილური გამოვართვი, ცოტა ხნით ჩავფიქრდი, შემდეგ ნომერი მოვძებნე და ტელეფონი ყურთან მივიდე. - მაგრამ გთხოვ... - შემომხედა მან სერიოზული სახით. მივხვდი რასაც მთხოვდა. მობილურში მამაჩემის აღელვებული ხმა გაისმა. *** - მამა... დაწყნარდი, კარგად ვარ... უბრალოდ წუხელ ღრმად მეძინა და ვერ გავიგე შენი ზარი. წეღან კი სააბაზანოში ვიყავი... მაპატიე, რომ განერვიულეთ. სახლის ტელეფონზე ?- შევხედე მას. მინდოდა დანაშაულის გრძნობა გაღვიძებოდა, მაგრამ არ ვიცი გამომივიდა თუ არა, რადგან გამომეტყველება არ შესცვლია. - ხაზები ყოფილა არეული, რამდენიმე დღე დასჭირდება გასწორებასო, ასე თქვეს. ხო მამა, დანარჩენი ყველაფერი რიგზეა... გუშინ მე და თამუნა აუზზე ვიყავით გასარუჯად. - ისევ მას გავხედე და შევნიშნე სიცილის შეკავებას როგორ ცდილობდა. - ხო მამა, მშვენივრად ვერთობი, ვერც კი წარმოიდგენ. კარგი კარგი.... მომიკითხე ყველა, მე თვითონ დაგირეკავ მერე, მიყვარხართ. - მობილური გავთიშე და მას დავუბრუნე. - მალე ალბათ ანგარიში ამოიწურება. - ვუთხარი და სააბაზანოსკენ წავედი გამოსაფხიზლებლად. მას ხმა არ ამოუღია, არც გუშინდელივით დამდევნებია უკან. ალბათ ნელ-ნელა ნდობა უჩნდებოდა ჩემს მიმართ. ონკანი მოვხსენი, ხელებში ცივი წყალი დავიგუბე და სახეზე შევისხი, მხოლოდ მესამე მუჭამ იმოქმედა და გამომაფხიზლა. ნეტავ ვიცოდე რას წარმოადგენს. რატომ უნდა იმ კაცის მოკვლა? ხო, ეს მე არ მეხება, მაგრამ... მაწუხებს ის ფაქტი, რომ ვენდობი იმ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ მეოთხე დღეა იძულებით ვუყურებ და ხანდახან შიშის გრძნობა მეუფლება, რომ ის ძებნილია მკვლელობის მცდელობისთვის. ამავდროულად არ ვიცი რატომ, მაგრამ მაღელვებს მისი ბედი. მინდა, რომ რაღაცით დავეხმარო, არ მინდა რომ პოლიციამ ჩაიგდოს ხელში. ჩემი ფიქრებიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, რომ ჩვეულებრივ, ზრდილ და კეთილ ადამიანს, ერთ დღეს შეემთხვა ისეთი ამბავი, რამაც ამ საშინელი განზრახვისკენ უბიძგა, რომ მისი გული ზიზღით, გონება კი შურისძიებით აავსო. მისდამი კეთილგანწყობა კი მისმა გულწრფელმა საუბარმა და მის სახეზე ხანდახან აღბეჭდილმა სევდამ შემიქმნა. ნეტავ ნორმალური იქნებოდა, რომ მისთვის დახმარება შემეთავაზებინა? ალბათ არა. არც ერთი ადამიანი ჩემს ადგილას ასე არ მოიქცეოდა. პირიქით შეშინებული სულ იმას შეეცდებოდა, როგორმე ხმა პოლიციამდე ან დამხმარე პირამდე მიეწვდინა, ანდაც გაქცეულიყო. ვაღიარებ, პირველი რამდენიმე საათი მეც ამ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ამ წუთას არც შიშს ვგრძნობ მისდამი და არც გაქცევის სურვილი მაქვს. რა გავაკეთო?! რამდენჯერ დავუსვი ეს კითხვა უკვე ჩემს თავს. ნეტავ თუ მომიყვება რა მოხდა სინამდვილეში? ღრმად ჩავისუნთქე, კბილები უცბად გამოვიხეხე, სახე გავიმშრალე და სააბაზანოდან გავედი. სამზარეულოს ბარს მიყრდნობოდა, ცალი ხელით მარჯვენა მხარს იზელდა და სახეზე დაფარული ტკივილი ესახებოდა, ტელევიზორი დაბალ ხმაზე ჩაერთო და საინფორმაციო გადაცემას უსმენდა. დამინახა თუ არა, მხრიდან ხელი ჩამოიღო და ისევ ტელევიზორს შეხედა. ნამდვილად აწუხებს მხარი, თან მის მაისურზე სისხლის ლაქა... იქნებ დაჭრილია? არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ გავბედე, რომ მისთვის ეს კითხვა დამესვა. არადა მართალი რომ ვყოფილიყავი? როდემდე შეძლებდა მოთმენას, ჭრილობა რომ გართულებოდა? სიჩუმე მან დაარღვია. - გამიხარდა, რომ წუხელ დაიძინე, მაგრამ არ გერჩივნა ეს შენს ოთახში გაგეკეთებინა? - არ დამიძინია, - შევუსწორე მე. - ჩამეძინა. - ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გეძინა. - ცოტა ხნით თავი ჩახარა, შემდეგ კი დაღლილი სახით შემომხედა. - ვგრძნობ ჩემს დანაშაულს შენდამი, ასე რომ შემოგივარდი სახლში, ამიტომ არ მინდა, კიდევ უფრო დამნაშავედ ვიგრძნო თავი, ჩემს გამო რომ შენს თავს რაიმე შეზღუდვები დაუწესო. მისი საუბრით კიდევ ერთხელ გაოცებულმა, ხმა ვერ ამოვიღე. ერთ ადგილზე გაშეშებული მივშტერებოდი. - მაგრამ შენიც მესმის... - ოდნავ ჩუმად განაგრძო საუბარი. - სახლში შემოჭრილ ვიღაც ბანდიტის გარემოცვაში, თავს ვერ მოიტყუებ და თავისუფლად ვერ იქნები, სხვა, ჩვეულებრივი დღეების მსგავსად. მაგრამ, შენ მაინც სცადე, მე ყველანაირად შეგიწყობ ხელს. - შევეცდები თავი არაფერში შევიზღუდო. - როგორც იყო ხმა ამოვიღე და შემდეგ დაბალი ხმით დავაყოლე. - მთავარია მენდო. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ისევ მან დაარღვია. - გენდობი, - თქვა და შეუმჩნევლად გაიღიმა. - მაგრამ არ გაგიკვირდეს ხანდახან თუ გაგაკონტროლე, ეს ბანდიტებს სჩვევიათ. - ნიშნისმოგებით მითხრა მან და სიტყვა "ბანდიტი" გამოკვეთა. არ ვიცი ეს ხუმრობით თქვა თუ არა, მაგრამ მე მაინც გამეღიმა. - კარგი, - განაგრძო მან. - რადგან ჩემი ნდობა დაიმსახურე, ჩემგან პირველი ნებართვა - სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის უფლება მოიპოვე. - ეს რას ნიშნავს? - კარგად ვერ მივუხვდი. - მინდა, რომ ეზოში ჩახვიდე და მეზობლებს დაენახვო. სამი დღეა არავის უნახიხარ და ჯობია გაიგონ, რომ სახლში ხარ და არაფერი გიჭირს. " - მოწყალე ბანდიტი." - გავიფიქრე ჩემთვის. - და რა გავაკეთო დაბლა რომ ჩავალ? - ვიკითხე. - რა ვიცი, რამე მოიფიქრე, მაგრამ... - ისევ "მაგრამ" დაამატა. - ვიცი! - ვთქვი და კუშტად შევხედე. საათი პირველის ნახევარს აჩვენებდა. ნუთუ ამდენი მეძინა? - კარგი. - თავი დაიქნია. მგონი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ჩემმა მობილურმა დაიწკრიალა. - ხო, ლევან... - უპასუხა მან. - ჯერჯერობით კარგად... მანდ რა ხდება?... ბალუ თბილისში დაბრუნდა? რატომ?... ხომ იცით, რომ ეს საშიშია? არ უნდა მიგეცათ წამოსვლის უფლება... მაგას სხვა დროსაც მოაგვარებდით... იმედია... გამაგებინე, ბალუ რომ დაბრუნდება... ფრთხილად იყავით. - თქვა და გათიშა. - ყველაფერი კარგადაა? - ვკითხე აღელვებულს. - ალბათ კი, მე ვაბუქებ ყველაფერს. - თავი გაიქნია, მისაღებში გავიდა და დივანზე ჩამოჯდა. მივყევი, მაგრამ არ დავმჯდარვარ, კედელს მივეყრდენი. - შენ არ გეძინა წუხელ? - შევხედე მას. - რამდენიმე წუთით ჩამთვლიმა. - ისე მიპასუხა, თითქოს საერთოდ არ აღელვებდა ის, რომ უკვე რამდენიმე დღეა ნორმალურად არ სძინებია. არ ვიცოდი რა მეთქვა, არ მინდოდა ამის გამო მისდამი სიბრალული გამომემჟღავნებინა. წვერმოშვებულ სახეზე ხელი მოისვა, ღრმად ჩაისუნთქა და ამომხედა. - ასე რატომ მიყურებ? - მკითხა ინტერესით. - როგორ? - დავიბენი. - არ ვიცი, თითქოს გეცოდები. - არა ცდები. - სასწრაფოდ უარვყავი, რომ სიმართლე დამემალა. - აბა? შეკითხვაზე წავუყრუე და ვუთხარი: - ჩავიცვამ და დაბლა ჩავალ, მარკეტში. - კარგი. - თავი დამიქნია მან, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ პასუხით კმაყოფილი არ იყო. *** ჩემს ოთახში შევედი, ფეხსაცმელი ჩავიცვი, საფულე ავიღე და მისთვის აღარაფერი მითქვამს, ისე ჩავედი ეზოში. არ მესიამოვნა ჩემი გრილი ბინიდან თაკარა მზეზე გამოსვლა, ჰაერი საშინლად მოგუდული იყო. მერი ბებოსაც ადგილი შეეცვალა და ხეივნის ჩრდილში დამჯდარიყო მეზობლებთან ერთად. დამინახა თუ არა თავისთან მიხმო. - ნაია, შვილო, - შემომხედა დაბნეულმა, მაგრამ მაინც ღიმილიანმა. - მეგონა სოფელში წახვედი, ამდენი დღე რომ არ გამოჩნდი. ცუდად ხომ არ ხარ? რატომ არ ჩამოდიოდი ეზოში? - არა მერი ბებო, - მეც გავუღიმე და დავიწყე ტყუილების ფანტვა. - ახლა არამიშავს, ცოტა თავის ტკივილი მაწუხებდა და თან მარტო ვამჯობინე ყოფნა, მზეს მოვერიდე. - ხოდა წადი სოფელში შვილო, რა გინდა ამ ჩახუთულ ქალაქში? იწვის ყველაფერი, იქ დაისვენებ სუფთა ჰაერზე... - კი, წასვლას ვაპირებ მაგრამ ცოტა ხნით მაინც აქ დავრჩები, პატარა საქმეები მაქვს. - გავუღიმე მას, ჩემთვის კი გავიფიქრე " ბანდიტის საქმე მაქვს გამოსაძიებელი." - შენებს ხომ არ დაურეკავთ, როგორ არიან? - კი ცოტა ხნის წინ მამას ველაპარაკე, კარგად არიან... კარგით მერი ბებო, გავალ ახლა მარკეტში, თორემ ძალიან ცხელა. - წადი შვილო წადი... თავს გაუფრთხილდი... - დამადევნა სიტყვა მან. ნეტავ კიდევ რამდენი ტყუილის თქმა მომიწევდა? მარკეტში შევედი, დიდხანს არ გავჩერებულვარ, რაღაც-რაღაცები ვიყიდე და სწრაფად გავემართე ჩემი კორპუსისკენ. ახლა ვიგრძენი, როგორ მინდოდა დაბანა. ცოტაც და ამ სიცხისგან ავყროლდებოდი, მიუხედავად ჩემი გრილი ოთახებისა. როგორმე რამე უნდა მომეხერხებინა, მაგრამ რა, ან როგორ? ან იქნებ ჩემს მდგომარეობაში ამაზე ფიქრი არც კი ღირდა? *** როდესაც ჩემი სახლის ურდული დავწიე, მაშინ მივხვდი, რომ იმ დროის მანძილზე, რაც გარეთ ვიყავი, გაქცევაზე არც კი მიფიქრია. კარი დავკეტე, სამზარეულოში შევედი და ნაყიდი ნივთები მაგიდაზე დავაწყვე. ოთახი მოვათვალიერე, მაგრამ ის არსად ჩანდა. იქნებ აბაზანაში იყო? ალბათ. გაზიანი წ....ბი მაცივარში შევაწყე და ნაყიდ ნივთებს თავისი ადგილი მივუჩინე. შემდეგ მაცივრიდან ჩემი რამდენიმე დღის წინ გაკეთებული სალათი გამოვიღე და დავყნოსე, გამიკვირდა, ისევ ისეთი მადისაღმძვრელი სურნელი ჰქონდა, მაგრამ სალათი ისევ მაცივარში დავაბრუნე, ბარის მაღალ სკამზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე. გავიდა ხუთი, ათი წუთი მაგრამ ის არ ჩანდა. ხომ არ წავიდა? პირველად სწორედ ეს გავიფიქრე, წამოვდექი და მისაღებში გავედი. აი ისიც. დივანზე იწვა და თოთო ბავშვივით ეძინა. იარაღიც და ტელეფონიც გვერდით მაგიდაზე ეწყო. ერთხანს ვუყურებდი. ფეხები დივანზე არ ელაგა. ესეც კიდევ ერთი ფაქტი რამაც გამაოცა. დივანი თეთრი ტყავის იყო და ალბათ დასვრას მოერიდა. ახლა საუკეთესო შანსი მქონდა მებანავა. ადგილს ელვის უსწრაფესად მოვწყდი, ჩემს ოთახში შევვარდი, პირსახოცი და გამოსაცვლელი ტანსაცმელი ავიღე და სასწრაფოდ აბაზანას მივაშურე. ჩემი მხრიდან ეს იყო რეკორდი. ოც წუთში ყველაფერი მოვამთავრე, მაგრამ ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ იქიდან ცოცხალი გამოვედი, რადგან სველ მეტლახზე ფეხი რამდენჯერმე ამიცურდა. სააბაზანოდან ჩუმად გამოვედი. მას ისევ ეძინა და ალბათ კიდევ დიდხანს არ გაიღვიძებდა. ჩემს ოთახში შევედი და პირადი ჰიგიენის ჩანთა გავხსენი, ჩემი საქმე დავასრულე, და გამოსვლისას დავინახე, რომ მას უკვე ეღვიძა. უკან დავიხიე, თმა ისევ სველი მქონდა. არა, ახლა ფენის ჩართვა სისულელე იყო, პირსახოციც სააბაზანოში დავტოვე. ჯანდაბა ჩემს თავს! - გავიფიქრე და გავედი. კარის დახურვის ხმაზე მოიხედა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ისევ მიბრუნდა. - შეგიძლია წყალი დამალევინო? - მკითხა ცოტა ხნის შემდეგ. გაოგნებულმა შევხედე, როგორც იყო გამოვერკვიე და ვუთხარი: - თავს უკვე ისე გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, შეგიძლია წყალიც თავად დალიო. ერთხანს გამომცდელად მიყურებდა, შემდეგ სამზარეულოში გავიდა, მაცივრიდან ბოთლი გამოიღო და დალია. - როგორ გეძინა? - გავხედე მას მალულად. - ბოდიში, რომ თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. - გამიღიმა. - არაუშავს, შენ ხომ ჩემი მდგმური ხარ?! - მეც გავუღიმე. ცოტა ხნით გაჩუმდა და შემდეგ მითხრა: - ხო, მაგრამ მე ჩემი "ხაზეიკას" სახელიც კი არ ვიცი. გამეცინა. - ნაია ჰქვია შენს "ხაზეიკას". - ვუთხარი. - ჰმ, წყლის ნიმფა... - ჩაილაპარაკა მან. - რა თქვი? - ვერ მივუხვდი. - ხო, არ იცი შენი სახელი რომ წყლის ნიმფას ნიშნავს? - გაეცინა. - არა, არ ვიცოდი... და შენ საიდან იცი? - შენ მართლა ქუჩის ბანდიტი გგონივარ? - ისევ იღიმოდა. - კარგი... - აღარ განვავრცე. - შენ მგონი გაბრიელი გქვია არა? - როგორი პოპულარული გავმხდარვარ, არადა ცნობადობაზე არასოდეს მიოცნებია. - გაიქნია თავი. - შეგიძლია გაბო დამიძახო. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. - მოკლედ, ხაზეიკა ნაია... შემიძლია კიდევ რამდენიმე წუთით დავიძინო? ამაზე უარს როგორ ვეტყოდი? ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა. - რა თქმა უნდა. - ვუთხარი. - დიდი მადლობა. - თქვა და ისევ დივანზე დაწვა. ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა უკვე მეგონა, რომ ეძინა მითხრა: - მე შენ გენდობი. რა თქმა უნდა ჩემს სველ თმას შეამჩნევდა და იმასაც მიხვდებოდა, თუ რატომ იყო ის სველი, მაგრამ როგორც ჯენტლმენმა, არ შეიმჩნია და არც მე მაგრძნობინა. *** მის ცქერას თავი ვანებე, ჩემი ოთახის გავლით აივანზე გავედი, მაგრამ ცხელოდა და დიდხანს ვერ გავჩერდი. ისევ ოთახს დავუბრუნდი რა უნდა მეკეთებინა, სანამ მას ეძინა? მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცოდი, რას გავაკეთებდი, როცა გაიღვიძებდა. აუცილებლად მოვაყოლებდი იმ ამბავს რაც შეემთხვა. *** სამზარეულოში რამდენჯერმე გავედი, მაგრამ მას ეძინა. საკმაოდ დიდი დრო გავიდა. სააბაზანოდან რომ გამოვედი საათს გავხედე, საღამოს ათი იყო დაწყებული. ჩემს ოთახში ვაპირებდი დაბრუნებას, რომ მობილურის წკრიალი გავიგე, ტელეფონს მივუახლოვდი. მეგონა ხმაური გააღვიძებდა, მაგრამ იმდენად ღრმად ეძინა, რომ მისი ხმა არ ესმოდა. ერთხანს ასე ვიდექი და ვყოყმანობდი, შემდეგ კი მობილურს დავწვდი, ფრთხილი ნაბიჯებით ჩემს ოთახში შევირბინე და ტელეფონს ვუპასუხე. - შენ ვინ ხარ? - მომესმა შეშფოთებული და ამავდროულად მკაცრი ხმა. - მე... მე... - არ ვიცოდი რა მეწოდებინა ჩემი თავისთვის, ჩემივე მდგომარეობის გამო და შემდეგ სიტყვები ერთმანეთს მივაყარე. - მითხრა დიდი ხანია არ მძინებიაო, შუადღისას დაიძინა, ახლა კი მობილურის ხმა ვერ გაიგო, არ მინდოდა გამეღვიძებინა და მე გიპასუხეთ. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. - გაბოს შენზე არაფერი უთქვამს. უნდა გენდო? - ხმაში ყოყმანი იგრძნობოდა, თუმცა უკვე მშვიდი იყო. - კი, გაბოც მენდობა. - ღმერთო, რას ვლაპარაკობდი. - კარგი. - ხმა უფრო დამშვიდდა. - მხარი როგორ აქვს? - მკითხა. - მხარი? - გავიმეორე მისი კითხვა, მაგრამ უკვე მივხვდი რასაც გულისხმობდა. - ხო, რა არ გითხრა, რომ მხარშია დაჭრილი? ან თვითონ ვერ შენიშნე? - არ უთქვამს, მაგრამ ვხვდებოდი. - უკვე ათი დღე ინება რაც ასეა. თვითონ გადაიხვია, სისხლის დენა შეიჩერა, მაგრამ ტყვია ისევ სხეულში აქვს. ასე დიდხანს ვერ "გაქაჩავს", გაურთულდება. რადგან ასე გენდობა, იქნებ როგორმე დაეხმარო. - ყველანაირად შევეცდები. - პირობა მივეცი. - გავაღვიძო? რადგან დარეკეთ ალბათ რამე გქონდათ სათქმელი. - არა, ეძინოს, ხვალ დილით დაველაპარაკები. - თქვა და გათიშა. ახლა ისღა დამრჩენია დაველოდო, რა რეაქცია ექნება დაუპატიჟებელ სტუმარს, როცა გაიგებს, რა ჩავიდინე, რომ მის საქმეში დაუკითხავად ჩავერიე. ალბათ მთელ იმ მოთმინებას და ზრდილობას, რასაც ჩემს მიმართ იჩენდა ჯანდაბაში გაისტუმრებს და... არა, არც კი მინდა იმაზე ფიქრი, რა შეიძლება მოხდეს შემდეგ. დილით ნაყიდი ბარათი მობილურში შევიყვანე და ანგარიში შევავსე. მისაღებში გავედი და მობილური ადგილზე დავაბრუნე. მას ისევ ეძინა. სამზარეულოს მივაშურე, რათა ჩემი შიმშილის გრძნობა ოდნავ მაინც ჩამეცხრო. *** მას არ ვიცი, მაგრამ მე მთელი ღამე ისე მეძინა, რომ თვალი არ გამიხელია. არც კი ვიცი ასეთი მშვიდი და უშფოთველი ძილი ჩემს მდგომარეობაში ნორმალური იყო თუ არა, მაგრამ ამაზე ფიქრით თავს არ ვიწუხებდი და მგონი არც ეს იყო ნორმალური. *** დილის ათი საათი ხდებოდა საძინებლიდან პირდაპირ სააბაზანოს მივაშურე, საქმე მალე მოვამთავრე და მხოლოდ გამოსვლისას შევნიშნე გაბო, დივნის სახელურზე ჩამომჯდარიყო და მიყურებდა. წუხანდელი ამბავი გამახსენდა და თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ჩამოვარდნილი, გამაყრუებელი სიჩუმის დასარღვევად სააბაზანოს კარი ხმაურით დავხურე და შევიშმუშნე.იქნებ მის ნაცნობს ჯერ არ დაურეკავს მისთვის და ამიტომ იყო გაბრიელი ასე მშვიდად? უხერხულობის ნიშნად ჩავახველე და ვუთხარი: - არ გშია? გუშინ არაფერი გიჭამია. - დილა მშვიდობისა. - თქვა და გამიღიმა. - დილა მშვიდობისა. - მეც ვუთხარი, ზურგი ვაქციე და სამზარეულოში შევედი, რომ მისი უცნაური ღიმილისგან გამოწვეული ჩემი უკმაყოფილო სახე დამემალა. - ხო, შიმშილს რაც შეეხება, - განაგრძო. - არ მინდა... - არ ვწუხდები. - შევაწყვეტინე და მისკენ შევბრუნდი, სახის გამომეტყველება არ შესცვლია. - ყველაფერი წუხელ მოვამზადე და საერთოდ, ზედმეტად მორცხვი და თავშეკავებული ხარ... - ბანდიტის კვალობაზე არა? - დაასრულა თვითონ ჩემი სიტყვა. მე თავი დავუქნიე. - ხო. - დამეთანხმა (?). - ზედმეტად კეთილი ვარ. - ადგა და ისიც სამზარეულოში შემოვიდა. - წესით, ძალიან უნდა გავბრაზებულიყავი, წუხელ ლევანის ჩემს მაგივრად რომ უპასუხე ტელეფონზე და ახლა ასე მშვიდად კი არ უნდა გელაპარაკებოდე, თვალებიდან ცეცხლის ნაპერწკლებს უნდა ვყრიდე. რატომ? იმიტომ რომ როგორღაც მოახერხე და ეგ შენი პატარა ცხვირი, მაინც ჩაყავი სხვის საქმეში, საქმეში, რომელიც შენ არანაირად არ გეხება. მისმა არაბუნებრივად მშვიდმა ტონმა შემაშინა. მეგონა მოულოდნელად იფეთქებდა და საკადრის პასუხს მაგებინებდა, მაგრამ მე ის მიკვირდა, რომ ამ შიშის და მომავალი განაჩენის მიუხედავად, ჩემს საქციელს მაინც არ ვნანობდი. - მაშინ ვერ ვხვდები,რატომ არ ბრაზობ? - ვუთხარი და უჯრიდან ორი თეფში გამოვიღე. - ამისთვის ორი მიზეზი მაქვს. პირველი - იმიტომ, რომ იცის გეყოფა, რა მდგომარეობაშიც ხარ ჩემს გამო და მეორე - ზედმეტად გენდობი და მენდობი. გამეღიმა. არაფერი მითქვამს, მხოლოდ წამით შევათვალიერე მისი სახე და სუფრის გაშლას შევუდექი. დასვენებული ჩანდა. ეტყობა გუშინდელმა მთელი დღის ძილმა ზედმეტად არგო. *** საუზმემ სრულ მდუმარებაში განვლო, როგორც წინათ. მე კი გეგმას ვაწყობდი, როგორ მეთქვა, რომ მისი ამბავი მაინტერესებდა. ჭამას მოვრჩით. სანამ მე მაგიდას ვალაგებდი, ის საინფორმაციოს უყურებდა - ალბათ ელოდა, იქნებ რაიმე ეთქვათ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ამბავზე. საქმეს რომ მოვრჩი მეც მისაღებში გავედი და პატარა დივანში ჩავჯექი. ერთხანს ჩუმად ვიჯექი, შემდეგ კი გამბედაობა მოვიკრიბე და ვკითხე: - მხარი ძალიან გტკივა? ალბათ ამ კითხვის დასმას ჩემგან ელოდა, ლევანთან საუბრის შემდეგ, ამიტომ ძალიანაც არ გაჰკვირვებია. - ავიტან როგორმე. - მიპასუხა, მაგრამ სახეზე უსიამოვნება დაეტყო. - როდემდე? - როდემდეც საჭირო იქნება. - ისეთი მტკიცე ტონით თქვა რომ გავჩუმდი და აღარაფერი მითქვამს. რამდენიმე წუთით ჩუმად ვისხედით და ტელევიზორს უხმოდ შევყურებდით. ის ალბათ ფიქრობდა, არ ვიცი რას, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა. შემდეგ ისევ თვითონ შემომხედა და მითხრა: - ჩემს დაჭრილ მხართან დაკავშირებით, ლევანის დახმარებას დაპირებიხარ. - კი, ვუთხარი შევეცდები დავეხმარო მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს, შენ ამ შანსის გამოყენებას არ აპირებ. - გამაცანი შენი გეგმა, იქნებ გადავიფიქრო. ვინმე საიმედო ქირურგი გყავს? - ჩაეღიმა მას. - საიმედო ქირურგი ახლა ესპანეთშია. მე კი, მისმა შვილმა, პრაქტიკულად გამოუცდელმა და არაპროფესიონალმა, შემიძლია ტყვია ამოგაცალო. - ჰაჰ, არა მადლობა. - თავი გაიქნია მან. გავბრაზდი და შუბლი შევკარი. - ტყვიას არ ვიცი როგორ ამოვიღებ, მაგრამ ჭრილობა ორჯერ უკვე გამიკერავს, ასე რომ ჩემს თავში დარწმუნებული ვარ. - ვთქვი და გავჩუმდი. აშკარად ფიქრობდა დამთანხმებოდა თუ არა. მე კი ამასობაში ორი პირობა მოვამზადე, რომლებსაც თანხმობის შემთხვევაში წავუყენებდი. პირველზე არ ვიცი რა რეაქცია ექნებოდა, ამაზე მეც ვყოყმანობდი და არანორმალურად მეჩვენებოდა, ხოლო მეორეზე არ ვიცი, საერთოდ პასუხს გამცემდა თუ არა. ისევ ამ პირობებზე ვფიქრობდი, რომ შემომხედა. - კარგი, არ ვიცი ამას როგორ აპირებ, მაგრამ იმედი მაქვს, საოპერაციო მაგიდაზე არ დამტოვებ. - მითხრა. ესეც ასე, ახლა ჩემი პირობების დრო მოვიდა. - მე მზად ვარ პირველი ოპერაცია ჩავატარო არასპეციალური ხელსაწყოებით, თან ნარკოზის გარეში, მხოლოდ ორ შემთხვევაში. გაოცებულმა შემომხედა. - არა ერთ, არამედ ორ შემთხვევაში? - მკითხა. - დიახ. - თავი დავუქნიე. - კარგი გისმენ. - პირველი, - ვთქვი და ჩემი ძმის ოთახში შევირბინე, იქიდან სუფთა მაისური, შარვალი და წინდები გამოვიტანე და დივანზე დავყარე. - იმედი მაქვს შენს ჩვეულ მორიდებულობა არ გამოიჩენ და აბაზანით ისარგებლებ, პირსახოცსაც გამოგიტან, თორემ მალე ჩემი სახლი არასასიამოვნო სურნელით გაიჟღინთება. - ამაზე გამეცინა. - და მეორე - მომიყვები იმ ამბავს, რომელიც შენ გადაგხდა. ისევ გაკვირვებული მომჩერებოდა. მისი გადასახედიდან რომ ვთქვა, მეორე პირობა პირველზე გაცილებით იოლი შესასრულებელი იყო. ყოყმანი რომ შევატყვე, დავუმატე. - ტყვია დაგტანჯავს, დიდხანს მაინც ვერ გაუძლებ, აუცილებლად გაგირთულდება, უკვე მეშვიდე დღეა ვხედავ, როგორ გაწუხებს. მე გულხელდაკრეფილი ველოდი, როდის მეტყოდა რამეს. ერთხანს ჩაფიქრდა, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა, შემომხედა და მითხრა: - რომლით დავიწყო? გავიმარჯვე!!! - რა თქმა უნდა ამით. - ცერა თითით აბაზანაზე ვანიშნე. შემდეგ ისევ ჩემი ძმის ოთახში შევედი და ორი პირსახოცი გამოვუტანე. მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი, ალბათ გავგიჟდი. ეს ყველაფერი ხელებში მივაჩეჩე და აბაზანამდე მივაცილე. - დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი? - მკითხა მან. - გადაფიქრება არ მჩვევია. - ვუთხარი და აბაზანის კარი მივუხურე. *** სანამ ის აბაზანაში იყო, მე სადილს ვამზადებდი და ჩემს საქციელზე ვფიქრობდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ყველაფერში ცუდს ვერაფერს ვხედავდი. ახლა ერთი სული მქონდა გამეგო მისი ამბავი. და თუ მისი მონათხრობიდან დავასკვნიდი, რომ ის სრულიად შემთხვევით იქცა ასეთად, უკვე დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ მისდამი გამოჩენილ ყურადღებას არ ვინანებდი. თუმცა, ეს ჩემთვის სულ ერთი უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევით უნდა მესარგებლა და პოლიციისთვის მიმემართა, ან გავქცეულიყავი, მაგრამ მე ასე არ ვიქცეოდი და უარესი, ამაზე არც კი ვფიქრობდი. უცბად კარზე ზარი დარეკეს და ამან ფიქრებიდან გამომიყვანა. ნეტავ ვინ იყო? დანა, რომლითაც კარტოფილს ვთლიდი, მაგიდაზე უნებურად დავაგდე და კარისკენ წავედი, სათვალთვალოდან კი ლაშა დავინახე, ჩემი უბნის ინსპექტორი. გულის ცემამ მიმატა. რა უნდა გამეკეთებინა? კარი არ გამეღო? არა ეს არ ივარგებდა. რომ შემოსულიყო, რა უნდა მეთქვა? აბაზანიდან შხაპის ხმა გამოდიოდა. ძალა მოვიკრიბე, ღრმად ჩავისუნთქე და კარი გავაღე. სწორედ ამ დროს გავიგე, რომ შხაპის ხმა შეწყდა. გულს ოდნავ მომეშვა. - ლაშა, - გავუღიმე ინსპექტორის ლურჯ ფორმაში გამოწყობილ, წარმოსადეგ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ღია ცისფერი თვალების ციმციმით მიყურებდა. - გამარჯობა ნაია. - მომესალმა და ქუდი მოიხადა. - გაგიმარჯოს. რამე მოხდა? - ვცქმუტავდი მღელვარებისგან და წამდაუწუმ უკან ვიყურებოდი. მისაღებში მდგარ მაგიდაზე გაბოს იარაღი იდო. - არაფერი, უბრალოდ ქალბატონმა მერიმ მითხრა, რომ ცუდად ყოფილხარ და მოსაკითხად ამოვედი ცოტა ხნით, ხომ იცი "პოსტს" დიდხანს ვერ ვტოვებ. - როგორ უყვარს გაზვიადება მერი ბებოს. საგანგაშო არაფერი მჭირდა, ცოტა თავის ტკივილი მაწუხებდა, ახლა უკეთ ვარ ლაშა, მადლობა მოკითხვისთვის, ყურადღებიანი ხარ და ვაფასებ. - უჩვეულო სისხარტით მივაყარე სიტყვები ერთმანეთს და თან იდიოტივით ვიღიმოდი. იმედია გაბოს ჩვენი საუბარი ესმოდა და ჯერ აბაზანიდან არ გამოვიდოდა. - ძალიან კარგი, მიხარია თუ უკეთ ხარ. - გამიღიმა ლაშამ. - ხომ არაფერი გჭირდება? - არა, მადლობა. უი, ლაშა მაპატიე სახლში რომ არ გეპატიჟები, ოთახებში არეულობაა, დალაგება გადავწყვიტე სანამ სოფელში წავალ და ... - არაუშავს არაუშავს. - თქვა მან. - მაშ კარგი, ჩემს "პოსტს" დავუბრუნდები, ნაია. - მერი ბებოს გადაეცი, რომ ჩემზე ნუ ნერვიულობს, კარგად ვარ. - აუცილებლად. - ისევ გამიღიმა, უკან დაიწია და ლიფტი გამოიძახა. - ნაია, ხომ იცი, რამე თუ დაგჭირდება არ მოგერიდოს. - დიდი მადლობა, თუ დამჭირდები არ მომერიდება. - მეც თავაზიანად გავუღიმე. ერთი სული მქონდა, როდის შევიდოდა ლიფტში, რომ კარი დამეხურა და ჩამერაზა. ეს წუთიც მალე დადგა. გამოვემშვიდობე უბნის ინსპექტორს, სახლში შევბრუნდი და ჩემი საქმე გავაგრძელე. რამდენიმე წუთში კი სააბაზანოს კარის ჩამკეტის ხმა გავიგონე. იქით გავიხედე და დავინახე გაბო... სულ სხვანაირი... *** ხო, ეს გაბრიელი იყო, მაგრამ სულ არ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც უკვე ექვსი დღე იყო, ვუყურებდი. ის უფრო ჟურნალიდან გადმოხატულ მსახიობს თუ მოდელს ჰგავდა. თმებიც ოდნავ სველი ჰქონდა და შუბლზე დაუდევრად ეყარა. პირიც გაეპარსა და სახე უფრო ნათელი უჩანდა. ტუჩებიც უფრო გამოკვეთოდა. მაისური არ ეცვა და ოდნავ დაკუნთული ტანი აბრეშუმივით უპრიალებდა. ჩემი ძმის შარვალიც ზუსტად მორგებოდა. ამ წამიერ თვალიერებაში გართული, მისმა ხმამ გამომაფხიზლა. - მაპატიე ასე რომ ვარ, მაისური არ ჩავიცვი, ჭრილობიდან სახვევი მოვიხსენი და არ მინდოდა დასვრილიყო. - ხო... - ჩავიბუტბუტე ამ მშვენიერებით დამტკბარმა და მხოლოდ ახლა შევნიშნე მარჯვენა მხარზე ნატყვიარი. მაისური, რომელიც ხელში ეკავა, სკამზე გადაკიდა და იქვე ჩამოჯდა. - შენს ძმასთან ვალში ვარ. - თქვა მან და გამიღიმა, მე კი სუნთქვა შემეკრა, ახლა ღიმილიც კი სხვანაირი ჰქონდა. ვერ ვხვდებოდი, ასეთ მიმზიდველ ბიჭს რა ესაქმებოდა იმ გაბოსთან, რომელსაც აქამდე ვხედავდი. ვცადე თავი ხელში ამეყვანა და თვალი მოვაცილე. - როგორც ჩანს სტუმარი გვყავდა. - თქვა მან. - ლაშა იყო, უბნის ინსპექტორი. სახლში არც შემოსულა, მალევე წავიდა. - ვუთხარი. - ხო, ვიცი, ყველაფერი მესმოდა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. გაზქურაზე ტაფა დავდგი და ზეთი დავასხი. კარტოფილი სწრაფად დავთალე და ტაფაზე დავყარე. ხანდახან თვალი მაინც გამირბოდა მისკენ და ვხედავდი, როგორ მათვალიერებდა. ნეტავ რას ფიქრობდა? - ასე რატომ მიყურებ? - ვკითხე და ნაფცქვენები პარკში ჩავყარე, მისთვის არ შემიხედავს. - როგორ ასე? - მკითხა საოცარი ხმით. თითქოს აბაზანამ ხმის ტემბრიც შეუცვალა. ახლა ასე რამ ამაღელვა? ის ხომ უკვე მეექვსე დღეა რაც აქ არის და მსგავსი აქამდე არაფერი ყოფილა, რა დამემართა? - რა ვიცი, რაღაც უნდობლად. ხომ არ გგონია, რომ ლაშასთან ჩუმად ჩაგიშვი? - აზრადაც არ მომსვლია, ნუთუ მაქვს მიზეზი ასე ვიფიქრო? - თავი ოდნავ გვერდზე გადახარა. შუბლი შევკარი. - მართალია, სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი. - გაეღიმა. მე ისევ თვალი მოვარიდე. მაფორიაქებდა. ჯობდა ასე აღარ ვმდგარიყავი. ჩემს ოთახში შევედი, მალევე გამოვბრუნდი და მაგიდაზე თან წამოღებული ნივთები დავაწყვე. - ეს საოპერაციო ხელსაწყოებია? - ალმაცერად დახედა მან ჩვეულებრივ ნემსსა და ძაფს, წარბების კორექციისთვის განკუთვნილ პინცეტს, რომლითაც ტყვიას ამოვიღებდი, სპირტს, ბამბას, დოლბანდს და სამედიცინო ლეიკოს. - სხვა არჩევანი არ გაქვს. - წარბი ავზიდე. - ხო, როგორც ჩანს ასეა. - ამოიოხრა. - კარგი დავიწყოთ. - არა, ჯობია დაწვე. ტყვიას რომ ამოვიღებ, დაგუბებული სისხლი ამოხეთქავს და დაწოლილს უფრო ადვილად შევაჩერებ. - როგორც ჩანს, არც ისე არაპროფესიონალთან მაქვს საქმე. - დამცინა (?). ჩაიღიმა და მკითხა სად დავწვეო. მე დივანზე მივუთითე და მანაც დამიჯერა. *** ტყვიის ამოღება არც ისეთი რთული იყო ჩემთვის, მაგრამ მისთვის... ვხედავდი, როგორ მთელი ძალით მოემუჭა თითები და ხელებზე ძარღვები დაბერვოდა. სანამ სისხლის დენა ოდნავ მაინც შეუჩერდებოდა, ჭრილობას ნაჭერი დავადე და ცოტა ხნით დავიცადე - ყვირილს ვერა, მაგრამ გირჩევ მელაპარაკო. ტკივილს გულზე ნუ დაიხვევ. გაკერვა ამაზე გაცილებით იოლი გადასატანი იქნება, მაგრამ მაინც... - იმედი მქონდა, ცოტა დავამშვიდე. - რამდენ ხანში დაამთავრებ გაკერვას? - მკითხა. - მაქსიმუმ ათ წუთში. აღარაფერი უთქვამს. ჭრილობა არც ისეთი ღრმა იყო, ამიტომ ოთხი ნაკერი დავადე. თვითონ მასაც ვატყობდი, რომ ამ პროცესს უფრო უმკლავდებოდა, ვიდრე ტყვიის ამოღებას. ძაფი გადავჭერი და ჭრილობის გარშემო კანი სპირტიანი ბამბით მოვუწმინდე. შემდეგ რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდი დავადე და ლეიკო გადავუჭირე. - მორჩი? - მკითხა, როდესაც წამოვდექი და სისხლიანი ბამბების და ნაჭრების აკრეფა დავიწყე. - კი, მოვრჩი. - გავუღიმე გამამხნევებლად. წამოდგომა დააპირა, მაგრამ გავაჩერე. - ჯობია რამდენიმე წუთით იწვე. თითქოს არაფერი მითქვამს, მაინც წამოდგა, სამზარეულოში გავიდა და ჩემი ძმის ლურჯი მაისური ჩაიცვა. - მადლობ ნაია, - მითხრა. - იმედია ოდესმე უკეთეს სიტუაციაში შევხვდებით და ამ ვალს აუცილებლად გადავიხდი. პასუხის ნიშნად მხოლოდ გავუღიმე. შემდეგ ვისადილეთ, როგორც ყოველთვის ჩუმად. სადილისთვის მადლობა გადამიხადა და ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა. მე კი რამდენიმე საათის განმავლობაში სამზარეულოდან ვუთვალთვალებდი. მოგვიანებით გამახსენდა, რომ მას მეორე პირობა ჰქონდა შესასრულებელი. მეც მასთან გავედი, სავარძელში გაბოს წინ ჩამოვჯექი, მაგრამ არაფერი მითქვამს. უხმოდ შევყურებდი, ვცდილობდი აღელვება ჩამეცხრო და ჩემს სახეზე მხოლოდ მოლოდინი ყოფილიყო აღბეჭდილი. არ ვიცი რამდენ ხანს, მაგრამ რამდენიმე წუთი ასე მდუმარებაში დავყავით. საათის ისრები საღამოს რვას აჩვენებდნენ. ნეტავ რაზე ფიქრობდა? სახეზე ისეთი სევდა გამოსახოდა, რომ ამან ჩემზეც იმოქმედა. - როგორ ხარ? - დავარღვიე სიჩუმე. - თუ მხარს გულისხმობ, ყველაფერი რიგზეა. - მითხრა და ამოიოხრა. შემომხედა. შავ წყლიან თვალებში სიმშვიდე ჩამდგარიყო, სევდიანი სიმშვიდე. - დაახლოებით ორი წლის წინ, ერთი წლის დამთავრებული მქონდა სასწავლებელი და თავისუფლებით ვტკბებოდი. - როგორც ჩანს ამბის მოყოლა დაიწყო, თურმე არ დავიწყებია და ალბათ ამდენი ხანი ამაზე ფიქრობდა. აღელვებულმა ხელები მოვიფშვნიტე და მოსასმენად მოვემზადე, წამიერი დუმილის შემდეგ კი გაბომ განაგრძო. - პატარა, არც ისეთი შეძლებული ოჯახი მქონდა, მაგრამ ძალიან თბილი და ყველასთვის საყვარელი. მე, ჩემი და - სოფო და დედაჩემი მშვიდად ვცხოვრობდით. მყავდა საუკეთესო მეზობლები და მეგობრები, მეგობრები, რომლებიც ახლაც გვერდში მიდგანან. ჩემი და მდივნად მუშაობდა საკმაოდ პრესტიჟულ ადვოკატურაში, ძალიან ნიჭიერი იყო, ჩემზე ორი წლით უფროსი. დედას კი თავისი საცხობი ჰქონდა, ტკბილეულის შეკვეთებს იღებდა. მამა ჯერ კიდევ ბავშვობაში დამეღუპა, კარგად არც კი მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე პატარა ვიყავი, ადრიდანვე დავიწყე ოჯახზე ზრუნვა. დედას ყველანაირად ვეხმარებოდი. ჩემს დასაც, როგორც უფროსი ძმა ისე ვედექი მხარში. უმაღლესში ჩაბარებისთანავე დავიწყე მუშაობაც, მინდოდა ჩემი თავი თავად მერჩინა. ხელფასიც კარგი მქონდა და არც სწავლაში მეშლებოდა ხელი. მთელი ოთხი წელი ფინანსებთან დაკავშირებით დედა არ შემიწუხებია. ჩემი და უკვე მუშაობდა. ცოტა ხნით შეჩერდა. ალბათ ძალიან უჭირდა წარსულის გახსენება. ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო. - სწორედ აქ შეიქმნა პრობლემა. ჩემს დას თავისი უფროსი შეუყვარდა - ზურაბ ჭანია. - ეს სახელი და გვარი მეცნო. - სოფოზე ათი წლით იყო უფროსი. ჩვენთვის ეს ამბავი არ დაუმალავს, პირიქით, ისიც კი გვითხრა, რომ მასაც ვუყვარვარ და ბედნიერები ვართო. მათი ურთიერთობა თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა. რამდენჯერმე შევხვდი კიდეც ჩემს სასიძოს. - დავინახე როგორი ცინიზმით თქვა ბოლო სიტყვა. - სახეზე ეწერა რა კაციც იყო. პირველივე შეხვედრის დღიდან უნდობლობა გამიჩნდა მის მიმართ. სოფოსთანაც ვცადე დალაპარაკება, ვურჩიე კარგად დაფიქრებულიყო და მოეცადა, მაგრამ მისმა შეყვარებულმა იმდენად დაახვია თავბრუ ჩემს დას, რომ არც კი მისმენდა. მალე დაინიშნნენ კიდეც და ქორწილისთვის დაიწყეს მზადება. დედა მსაყვედურობდა, ზურას ცივად ნუ ელაპარაკები, რა არ მოგწონს მისი, მშვენიერი ბიჭია, თავისი ბიზნესი აქვს, პატიოსანია და რაც მთავარია შენი და მართლა უყვარსო. ვცდილობდი დედასთვის და სოფოსთვის ანგარიში გამეწია, მაგრამ არც ისე კარგად გამომდიოდა. ქორწილი ორ თვეში უნდა ჰქონოდათ. იმ ზაფხულს მე და ჩემი მეგობრები ბათუმში წავედით დასასვენებლად ერთი თვით. დედა და სოფო კი ბათუმში აპირებდნენ წასვლას მთაში. წასვლიდან ერთ კვირაში დავრეკე სახლში და ჩემები მოვიკითხე, მითხრეს, რომ მომდევნო დღეს აპირებდნენ სოფელში წასვლას. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი ვცდილობდი მათთან დაკავშირებას, მაგრამ არც მობილურზე მპასუხობდნენ და არც სახლის ტელეფონზე. ვერც სასიძოს ვუკავშირდებოდი, ტელეფონი მასაც გამორთული ჰქონდა. შემდეგ როგორც იყო მობილური ჩართო და მითხრა, რომ ჩემი წასვლის შემდეგ თურქეთში იყო მივლინებით და ბოლო რამდენიმე დღე ვერც თვითონ უკავშირდებოდა სოფოს. ახლა ქუთაისში იყო ისევ საქმის გამო და ორ დღეში ჩავიდოდა მათთან. მე კი მოუსვენრობა შემიჩნდა. ვეღარ დაველოდე ამ ორი დღის გასვლას და იმ დღისითვე დავბრუნდი თბილისში, რომ მაშინვე წავსულიყავი სოფელში. საკუთარ ბინაში ვცხოვრობდით და გამიკვირდა, რომ კარი დაკეტილი არ დამხვდა. ვიფიქრე ალბათ ჩქარობდნენ და დაავიწყდათ მეთქი. კიბეზე ავირბინე, რომ ჩემს ოთახში ბარგი დამეტოვებინა, რომ შესასვლელში ჩემი დის საზაფხულო ფეხსაცმელები დავინახე, სამი წყვილი ხელუხლებლად იდო. მისაღების კარიც ღია დამხვდა. შევედი, ჩანთები იქვე დავაწყვე და სოფოს საძინებელს მივაშურე. ტანსაცმლის კარადა ღია დაეტოვებინა და იქვე იდო პატარა ტანსაცმლით ნახევრად სავსე ჩემოდანი. შევცბი, ცივმა ოფლმა დამასხა. ისინი სოფელში არ წასულან. დედას რამდენჯერმე დავუძახე, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. შიშისგან დაზაფრულმა ჩავირბინე პირველ სართულზე და მისაღებ ოთახში შევედი. დედას კიდე რამდენჯერმე დავუძახე, მაგრამ ამჯერად უფრო ხმამაღლა და შეშინებულმა. მეორე ოთახში შევვარდი და უეცრად ისეთი საშინელი სუნი მეცა, რომ ლამის გული ამერია. დავინახე, რომ სარდაფში ჩასასვლელი კარი ღია იყო და ეს გულისამრევი, მყრალი სუნიც იქიდან ამოდიოდა. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე, ცხვირზე ავიფარე და სარდაფში ჩავედი... გაბო გაჩერდა, რადგან ხმა გაებზარა. ლამაზი სახე ერთ ადგილს მიშტერებოდა. დივნის სახელურზე დადებული ხელი მოემუშტა, თითქოს რაღაცას მთელი ძალით უჭერდა. გაქვავებული იჯდა, თითქოს არც სუნთქავდა. დაახლოებით ვხვდებოდი რასაც იტყოდა შემდეგ და საშინლად ავღელდი, გული ამიჩქარდა, ვცდილობდი ემოციები მომეთოკა. ვხვდებოდი ეს ამბავი როგორ საზარლად მთავრდებოდა. - გაბო... - მინდოდა მეკითხა, ხომ კარგად ხარ მეთქი, მაგრამ გამაწყვეტინა. ალბათ შეძლო, როგორღაც თავი ხელში აიყვანა, ამჯერად უკვე მე შემომხედა და მტკიცე ტონით განაგრძო, თუმცა რაც უფრო აგრძელებდა მოყოლას, მით უფრო მეტად ემატებოდა სახეზე ზიზღი და მღელვარება. - იქ იყვნენ... ორივე უსულოდ იწვა ბეტონის იატაკზე. რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ ეს სიტუაცია მწარე რეალობად აღმექვა. ალბათ არაა საჭირო იმის მოყოლა, რას ვგრძნობდი მაშინ და როგორ გადავიტანე პირველი წუთები. სოფოს ორჯერ გულში და ერთხელ მუცელში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა დანით, დედას კი გულში. ალბათ ჩემი ღრიალის ხმაზე შემოვიდნენ მეზობლები, დიდი ბრძოლის შემდეგ მომაცილეს ცივ სხეულებს და გარეთ გამიყვანეს. არ ვიცი, ვინ შეატყობინა ზურას ეს ამბავი, მეორე დღეს უკვე იქ იყო. ჩემი ოთახიდან მესმოდა მისი ხმა, გამძვინვარებული დათვივით ღრიალებდა და იგინებოდა. შემდეგ ჩემს ოთახში შემოვიდა, მომეხვია და ატირდა. იმაზე ცივად შევხვდი, ვიდრე მანამდე. დედას და სოფოს სხეულები იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ მეორე დღესვე დავასაფლავეთ. პირველი დღის შემდეგ ცრემლი აღარ გადმომვარდნია თვალიდან, სამაგიეროდ გულზე მაწვა იმხელა ტკივილი, რომ თვითმკვლელობაც კი ვცადე... წარმოგიდგენია? რა აზრი ჰქონდა ჩემს ცხოვრებას, მხოლოდ ისინი მყავდნენ, სხვა ქვეყნად არავინ გამაჩნდა. სრულიად მარტო დავრჩი იმ სახლში, სადაც ყოველი კუთხე და ნივთი მათ თავს მახსენებდა, და უფრო მეტად ვიტანჯებოდი. კიდევ კარგი ეს სისულელე არ ჩავიდინე. როგორც მოგვიანებით პოლიციასთან ერთად გავარკვიე, დედა და და მძარცველებმა მომიკლეს. როდესაც დედას ოთახი დავათვალიერეთ, მისი ოქრო იქ აღარ იყო. არც სოფოს ეკეთა თითებზე ის ორი ზურას ნაჩუქარი ოქროს ბეჭდები, რომლებსაც არ იშორებდა. შეამოწმეს ასევე სოფოს და დედას მობილური ტელეფონები, რომლებშიც ჩემი და ზურას უამრავი ნარეკი იყო დაგროვებული. თვითონ ზურა კი დასაფლავების შემდეგ აღარ მინახავს. სოფლის სახლი გავყიდე და აქვე საბურთალოზე ვიყიდე ერთ ოთახიანი ბინა. ჩემი სახლი კი დავკეტე და წამოვედი იქიდან. აღარ შემეძლო ყოველდღე იქ გაჩერება. მეგობრები რომ არა, ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი. მათმა მხარში დგომამ და სამსახურში დაბრუნებამ მომიყვანა ცოტა გონს. თვეში ორჯერ მაინც ვაკითხავდი მათ საფლავებს და შავ ქვაზე გამოსახულ თბილ სახეებს საათობით შევყურებდი... ხან ისე ძალიან მინდოდა მათთან ერთად ყოფნა... - ისევ გაჩუმდა. - გაბო... - ხმა ჩამიწყდა და ჩავახველე. - ღმერთო, ეს საშინელებაა... ძალიან ვწუხვარ... - არ შემეძლო არ მეთქვა, თან ჩემს უხმო ცრემლებსაც ნება მივეცი გზა გაეკვლიათ. - ამ ორი კვირის წინ კი, დედას და სოფოს დაკრძალვის წლისთავი ახალი გასული იყო, რომ ერთ ჩემს კლასელს შევხვდი, საუკუნე იყო არ მენახა. სახლში მივიპატიჟე და შეხვედრა აღვნიშნეთ ჩემს მეგობრებთან ერთად. ბავშვობა გავიხსენეთ და უეცრად ისეთი კითხვა დამისვა, რომ შევცბი. მკითხა, გავიგე შენი და გათხოვილა, როგორ არისო. ჩემი და ჩემს ყველა კლასელს იცნობდა და მასაც ამიტომ ახსოვდა. ვინ გითხრა მეთქი ვკითხე და აი რა მიამბო: დაახლოებით შარშან ამ დროს გალში ვიყავი დისშვილის ნათლობაზე და იქ შევხვდი ვიღაც ტიპს, გვარად ჭანია იყო, მაგრამ სახელი აღარ მახსოვსო. უგონოდ იყო მთვრალი და თვითონაც არ იცოდა რეებს ბოდავდაო. მითხრა ერთ თვეში ცოლი მომყავს და ყველას გეპატიჟებით ქორწილშიო. სწორედ მან ახსენა შენი სახელი და გვარიც, თან შენს დასაც ხომ ვიცნობ და სხვა გაბრიელ და სოფო დაიაურები მე არავინ მეგულებოდაო. ზურას გალში ყოფნის რიცხვები ზუსტად იმ დღეებს ემთხვეოდა, როდესაც სოფოს და დედას სხეულები სარდაფში ეყარა და როცა მე ჩემმა სასიძომ დამაჯერა, რომ თურქეთში იყო და ამიტომ ჰქონდა ტელეფონი გამორთული, როცა მას შეეძლო ჩემს სახლში მისვლა და გარკვევა, თუ რატომ არ პასუხობდნენ დედა და სოფო მობილურს და სახლის ტელეფონს, როცა ის გალში დროს ატარებდა და მშვენივრად იცოდა რა ხდებოდა ჩემი ოჯახის თავს. - ღრმად ჩაისუნთქა, სახეწაშლილმა შემომხედა და დაასრულა. - ახლა კი შენ შეგიძლია დამისახელო ერთი მიზეზი მაინც, თუ რატომ არ უნდა მოვკლა ზურა ჭანია, რომელმაც მხოლოდ გაძარცვის მცდელობაში დამდო ბრალი?! რა უნდა მეთქვა? შეძრული ვიყავი მისი ამბით. იმ უგულო ადამიანის საქციელით, რომელმაც ორი უდანაშაულო ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. და გაბო? ვხვდებოდი, როგორ სტკიოდა სული, გული კი სავსე ჰქონდა შურისძიების სურვილით, იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ოჯახის გარეშე დატოვა. რა თქმა უნდა მკვლელს საკადრისი პასუხი უნდა ეგო თავის საქციელისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი მართლმსაჯულების ხელით უნდა მომხდარიყო. - რატომ ხარ ჩუმად? - მკითხა მან. მეც ჩემს ფიქრებს მოვცილდი და მას შევხედე. - არ ვიცი რა გითხრა, გარდა იმისა, რომ შენმა ნაამბობმა შემძრა და მესმის შენი, ვხვდები რასაც განიცდი... - ამას უკვე შევეგუე. - გამაწყვეტინა სიტყვა და ჩემდა გასაკვირად გამიღიმა. - ნუ ღელავ, ვხედავ როგორ აგაფორიაქა ჩემმა ამბავმა. შენგან ნუგეში საჭირო არაა, ისიც საკმარისია, რომ ჩემი გესმის. - კი, მესმის, მაგრამ არა იმ მხრივ, რომ... - უცბად ჩემმა მობილურმა დაიწკრიალა. გაბო წამოიწია, მაგიდიდან ტელეფონი აიღო და უპასუხა. - ხო ლევან.... რა თქვი? - წამოიყვირა და ადგილიდან წამოვარდა. მეც ავღელდი, ალბათ რაიმე ცუდი მოხდა. დივანზე აკეცილი ფეხები დაბლა ჩამოვაწყვე და დავიძაბე. - როდის?... სად არის ახლა?... ვინაა მასთან?... კარგი მე მივალ. თავად გადავწყვეტ რას ვიზამ! - ხმას აუწია გაბომ. ცოტა ხნით გაჩუმდა და შემდეგ იკითხა: - შენ სად ხარ?... ერთი წუთით მაცადე, რამეს მოვიფიქრებ. - თქვა მან და მობილური გათიშა. - რა მოხდა? - ვკითხე დაბნეულმა. - გიორგი დაჭრეს. - გამოსცრა მან და დივანზე დაეშვა. - მობილურს არ პასუხობს, არ ვიცით როგორაა. მხოლოდ ის ვიცით რომელ საავადმყოფოშია. - კი, მაგრამ ვინ დაჭრა? - ვინ და იმ ნაბიჭვრის ხალხმა. - კი, მაგრამ შენს მეგობრებს რას ერჩის?! - იმას, რომ მეხმარებიან. - ახლა რას აპირებ? - გიორგი უნდა ვნახო, საავადმყოფოში წავალ. - ლევანი მივიდეს, შენთვის საშიშია. - ვურჩიე. - ჩემი მეგობრებიც ისეთივე საფრთხეში არიან, როგორც მე ნაია. საინფორმაციოში, რომელსაც შენ უყურე, იმის ნახევარიც არ თქვეს, რაც იქ იყო. ის საინფორმაციო დადგმული სპექტაკლი იყო და მეტი არაფერი. - მომიყევი, რა მოხდა. - ვთქვი ჩუმად, მაგრამ იმ წამს მივხვდი, რომ ახლა ამის დრო არ იყო. - მოგიყვები, მაგრამ ახლა არა. ახლა გიორგი უნდა ვნახო. - მხოლოდ იმისთვის გინდა მისი ნახვა, რომ გაიგო როგორაა? - უცბად რაღაც გეგმა დავსახე. გაბომ კოპები შეკრა. - მთავარი მიზეზი ეგაა, თან მინდა გავიგო, რატომ წამოვიდა თბილისში. - თქვა და წამოდგა. იარაღი ზურგს უკან ჩაიდო, თავისი მობილური აიღო და კარისკენ წავიდა. - გაბო! - დავუძახე მე და დივანიდან ავდექი. გაბომ მოიხედა. რამდენიმე წამით ვდუმდი, ჯერ კიდევ ჩემს იდეაზე ვფიქრობდი. ბიჭი მომლოდინე სახით მიყურებდა. ერთი ხელი ურდულისთვის ჩაევლო. - საავადმყოფოში მე წავალ. - რას ამბობ, ნაია! - ჩაიცინა გაბრაზებულმა, შებრუნდა და საკეტი გადასწია. - გაბო, გაბო, მოიცადე, მართლა გეუბნები! - მივირბინე მასთან და ხელებში ჩავაფრინდი. - ხვდები რას ამბობ? - შემომხედა გაცოფებულმა. - სრულიად. - დავუქნიე თავი. - ჩემმა აქ ყოფნამ ძალიან ცუდად იმოქმედა შენზე. - თქვა და კარი გამოაღო. - გაბო, მომისმინე. - ხმას ავუწიე, ხელი მკლავში ჩავავლე და თითქმის ძალით შევიყვანე ოთახში. - მე მართლა შემიძლია იქ წასვლა. შენი მეგობარი ახლა მარტო არ იქნება. საავადმყოფო პოლიციით იქნება სავსე. მე არავინ მიცნობს, შენ კი გიცნობენ. - შენ ისიც გეყოფა ის დღეები რომ წაგართვი. შენ აქ არაფერ შუაში ხარ. ვაფასებ შენს საქციელს, ნაია, - თქვა და მხრებზე თითები ჩამჭიდა. თვალებში ჩამაცქერდა. - ამ ექვს დღეს შენ იმხელა დახმარება გამიწიე, რომ არ ვიცი ოდესმე ვალის დაბრუნებას შევძლებ თუ ვერა. ძალიან კეთილი და სანდო ადამიანი ხარ ნაია. და სწორედ ამიტომ, საფრთხეში არ ჩაგაგდებ. ჩათვალე, რომ ჩემი აქ ყოფნა კოშმარული სიზმარი იყო. ახლა მე მინდა, რომ გაიღვიძო და ჩემი წასვლის შემდეგ შენი ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს. გესმის? - და თუ მე არ მინდა? - არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი იდეა ავიკვიატე და ახლა ყველაფერს გავაკეთებდი, რომ დახმარებაზე უარი არ ეთქვა. გაბომ ხელები შემიშვა და წეღანდელი მადლიერებით სავსე სახე მოეღუშა. - ახლა უკვე ჯიუტობ. - თქვა მან. - არა, უბრალოდ ვცდილობ შენი თანხმობით ის ვალი გაგასტუმრებინო, რომელიც ჩემთან და ჩემს ძმასთან დაიდე. შეუმჩნევლად ჩაეღიმა და ჩაფიქრდა. - თუ გგონია, იმდენად სუსტი ვარ, რომ საავადმყოფოში წასვლას და უკან დაბრუნებას ვერ შევძლებ? - დავუმატე მე. - სწორედ ამას ვფიქრობდი. - უადგილოდ იხუმრა. - გაბო დრო გადის. - შუბლი შევუკარი. - შეცდომას დავუშვებ, ვიცი. - თავი გაიქნია მან. - მითხარი, რომელ საავადმყოფოშია? - რესპუბლიკურში. - აქვე ყოფილა, თან მე მეტი შანსი მაქვს იქ შესვლა-გამოსვლის. - რას გულისხმობ? - შემომხედა ინტერესით. - ეს უკვე ჩემი საქმეა. - ვთქვი და ჩემს ოთახში შევედი, კედები ჩავიცვი და გამოვედი. ათი საათი ხდებოდა. ტუმბოდან მანქანის გასაღები ავიღე და გაბოსკენ შევბრუნდი. ისეთი სახე ჰქონდა, რომ მალე უნდა წავსულიყავი, თორემ გადაიფიქრებდა. - ესე იგი, ვკითხო, რატომ ჩამოვიდა თბილისში ხომ? - ვკითხე მას. - ხო, და თავადაც დაგაბარებს ალბათ რამეს. - კარგი. - დავუქნიე თავი და კარისკენ წავედი. - ნაია, - დამიძახა მან. მივბრუნდი. - ფრთხილად იყავი. საპასუხოდ გავუღიმე და გაბო სახლში მარტო დავტოვე. *** მანქანიდან რომ გადავედი, მხოლოდ მაშინ დავუფიქრდი ჩემს საქციელს. სწორედ ვიქცეოდი კიი? ღირდა, თავი საფრთხეში ჩამეგდო სრულიად უცხო ადამიანის გამო? რადგან ამას ვაკეთებდი, ალბათ ღირდა. ახლა უკან დახევის დრო არ იყო. ხელს ისიც მიწყობდა, რომ დედა სწორედ აქ - გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მუშაობდა ქირურგად და შემეძლო მისი რომელიმე თანამშრომლის დახმარებით შემეღწია გიორგის პალატამდე, თუ რა თქმა უნდა იქ შესვლა პოლიციის გამო გამიჭირდებოდა. ფართო, განათებულ კორიდორში შევაბიჯე და მაშინვე მოვკარი თვალი ორ მორიგე პოლიციელს. ერთი მეორეს მითითებით წიგნაკში რაღაცას ინიშნავდა. ღრმად ჩავისუნთქე და პირდაპირ დედას კაბინეტისკენ წავედი. მცველებს არც კი შევუმჩნევივარ, მათ გვერდი ავუარე და მესამე კარი შევაღე. ბედმა გამიღიმა. - ნაია? - წამოდგა სავარძლიდან სრული, სიმპათიური წაბლისფერთვალება ქალი და მომეხვია. - აქ რას აკეთებ, თან ამ დროს? - ქალბატონო ია, თქვენი დახმარება მჭირდება. - ვუთხარი სწრაფად და პასუხის მოლოდინში მივაშტერდი. - კი ბატონო, მაგრამ რა მოხდა? ვინმეს რამე დაუშავდა? - კი... არა... მოკლედ, პაციენტის ნახვა მინდა. - სულ ავირიე. - მერე რა პრობლემაა? - გამიღიმა ქალმა და მხრები აიჩეჩა. - საქმე იმაშია, რომ მე იმ დაჭრილის ნახვა მინდა, ის ორი პოლიციელი რომ იცავს. - შენ მასთან რა საქმე გაქვს ნაია? - შეცბა ქალი. - ძალიან გთხოვთ, ახლა ახსნის დრო არ მაქვს. დაახლოებით 10-15 წუთი დამჭირდება, შეიძლება უფრო ნაკლებიც. - მათ კითხე, თუ შეგიშვებენ... - სიტყვა გაწყვიტა იამ. ალბათ ჩემი გამომეტყველებიდან ყველაფერს მიხვდა. - აჰ! გასაგებია... მაგრამ... - ძალიან გთხოვთ... იქნებ როგორმე... - სახეზე ალბათ მუდარა გამომესახა. ქალი ცოტა ხნით ჩაფიქრდა, შემდეგ შებრუნდა, მაგიდის უჯრიდან ერთჯერადი ნემსი და ამპულა ამოიღო და კართან მივიდა. - კარგი ნაია, - მითხრა მან. - მე ჩემსას ვცდი. აქ იდექი და ყური დაუგდე. თუ ყველაფერი გამოვიდა, აქედან მეხუთე პალატაში შემოდი. - კარგით. - დავუქნიე თავი და გასულს თვალი გავაყოლე. კარი ოდნავ ღია დავტოვე და დავინახე, როგორ შევიდა პალატაში ია. ის ორი პოლიციელიც ალბათ იქ იყო, რადგან კორიდორში მხოლოდ ექთნები დადიოდნენ. რამდენიმე წამში ოთახიდან დარაჯები გამოვიდნენ და ნელი ნაბიჯით გარეთ გავიდნენ. სასწრაფოდ გამოვედი კაბინეტიდან, ჩქარი ნაბიჯით შევედი პალატაში და კარი დავხურე. - ვუთხარი წამალი უნდა გავუკეთო და სხვა წვრილი პროცედურები ჩავუტარო, დაახლოებით 15 წუთი დამჭირდება და შეგიძლიათ ივახშმოთ და დაისვენოთ ცოტა ხნით მეთქი. უპრობლემოდ დამთანხმდნენ. მე გავალ და რაც შეიძლება სწრაფად დაამთავრე შენი საქმე. - მითხრა იამ და კარისკენ წავიდა. - მადლობთ. - დავადევნე სიტყვა მას და შავგვრემან ახალგაზრდას შევხედე, რომელსაც წვეთოვანი ედგა და ფართო მხარზე, დაახლოებით იქ, სადაც გაბოს ჰქონდა ჭრილობა დოლბანდი ედო. - შენ ვინ ხარ? - მკითხა ინტერესით და საწოლიდან წამოიწია. *** ლიფტის ჩამოსვლას აღარ დაველოდე და კიბეს სირბილით ავუყევი. კარი დაკეტილი იყო და ზარი დავრეკე. რამდენიმე წამში გაბო გამოჩნდა, ოთახში შევედი და სულის მოსათქმელად ცოტა ხნით ჩამოვჯექი. - რა მოხდა? - მკითხა გაბომ. სახე ნერვიულობისაგან შეშლოდა. მოუთმენლად ელოდა, როდის გავცემდი კითხვაზე პასუხს. - ნაია, რას გაჩუმებულხარ, რამე მითხარი! - მაცადე. - ვუთხარი და ბოლოჯერ ამოვისუნთქე. - შენი მეგობარი კარგადაა. მხარშია დაჭრილი, მაგრამ სერიოზული არაფერია. - ძალიან კარგი. - დაძაბული უცბად მოეშვა და დივანზე ჩამოჯდა. - გაბო, - ვუთხარი და გვერდით მივუჯექი. - გიორგიმ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე მითხრა შენს საქმესთან დაკავშირებით. მომიყვა რის გამოც მოუწია თბილისში ჩამოსვლა. - რა მოხდა? - შემობრუნდა ჩემსკენ და ალბათ გაუცნობიერებლად ხელი მკლავში ჩამავლო. მისმა ამ საქციელმა ცოტა არ იყოს შემაცბუნა, მისი ხელის სიმხურვალემ შინაგანად ამაღელვა და ტანზე დამბურძგლა. სუნთქვა შემეკრა და დავიბენი. ენა ჩამივარდა. ეს ყველაფერი წამიერად მოხდა. ჯობდა, საუბარი გამეგრძელებინა, არ მინდოდა ჩემი ეს რეაქცია გაბოს შეემჩნია, თან ისეთი მომლოდინე სახით მიყურებდა, რომ დაყოვნება ცუდი იდეა იყო. ხელის განთავისუფლება ვცადე, მაგრამ იმდენად ძლიერად მიჭერდა, რომ ვერ შევძელი. მეორედ ცდას აზრი აღარ ჰქონდა და მეც განვაგრძე. - გიორგისთვის თანამშრომელს დაურეკავს და უთქვამს, რომ რაღაც კვალზე გასულან და მისი აქ, თბილისში ყოფნა იყო საჭირო. - რა კვალზე? - გამაწყვეტინა მან. - ალბათ იცი, რომ იმ ამბის შემდეგ ყველა ლომბარდს აკონტროლებდნენ. გუშინ წინ თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში ერთი ბეჭედი ჩაუბარებიათ. აღწერით იმ ერთ-ერთ ბეჭედს ემთხვევა, რომელსაც შენი და ატარებდა. აქვთ ასევე იმ ბეჭდის დროებითი მფლობელის ფოტორობოტიც, ლომბარდის მფლობელის აღწერით შედგენილი და ახლა მას ეძებენ. გაბოს ჩაეცინა და თავი გაიქნია. - ჩემთვის სიმართლე უკვე დადგენილია ნაია, - თქვა მან. - ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს რა და რამდენ სამხილს იპოვიან მკვლელის ვინაობის დასადგენად. დედაჩემის და ჩემი დის მკვლელი ზურა ჭანიაა და მორჩა. ის ჩემი ხელით უნდა დაისაჯოს და არა მოსამართლის მიერ მისჯილი რამდენიმე წელით. - ამას ნუ ამბობ გაბო... - ამაზე კამათი არ მინდა. - გამაწყვეტინა სიტყვა. - გიორგის იმის შესახებ არაფერი უთქვამს სად და რა სიტუაციაში ესროლეს? - არა. ვკითხე მაგრამ მითხრა, გაბოს ვნახავ და თავად ვუამბობო. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, ხელს კი ისევ არ მიშვებდა. მინდოდა ამ მდგომარეობიდან თავი დამეღწია, რადგან ჩემში, შიგნით რაღაც ღვიოდა, რაღაც სასიამოვნო და ამავდროულად მოუსვენარი შფოთავდა და სასწრაფოდ ჩემს წინ მჯდარისაგან შორს ყოფნას საჭიროებდა. - კარგი გაბო, აჯობებს დავისვენოთ, უკვე გვიანია. თანაც დასვენება ჩემზე მეტად შენ გჭირდება. დღეს ემოციურადაც და ფიზიკურადაც დამღლელი დღე გქონდა. - გამეღიმა. - თან ხომ არ დაგავიწყდა, ახალი ნაოპერაციები ხარ. გაბოსაც გაეღიმა. - ხო, - თქვა და თავი დაიქნია. - დასვენება არც შენ გაწყენდა. ბოლო დღეებია ძილის გრაფიკს გირღვევ. - ჩათვალე, რომ გაპატიე. - ასე იოლად? - ხო, ეს ძალიან იშვიათ შემთხვევათაგანია. - ესე იგი ჩემთვის დიდი პატივია და თავს ბედნიერ ადამიანად უნდა ვგრძნობდე? - გაეცინა. - რა თქმა უნდა. - მეც შევიფერე და რადგან მან ხელები მოადუნა, ჩემი მკლავიც ფრთხილად გავითავისუფლე. - მაშ ასე, - წამოვდექი. - მე ჩემს ოთახში შევალ. ხო მართლა, შეგიძლია ჩემი ძმის საძინებელში დაიძინო. დაისვენე გაბო, ძილინებისა. - დავემშვიდობე და ჩემი ოთახის კარი შევაღე. - ნაია, - დამიძახა გაბომ, მეც მოვბრუნდი. - დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. საპასუხოდ გავუღიმე და ჩემს ოთახში შევედი, საღამურები ჩავიცვი და დავწექი. ჯერაც ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. ჩემს გარდა სახლში იყო ადამიანი, უცხო, თავისი პრობლემებით, სერიოზული პრობლემებით, რომელთა მოგვარებაშიც ჩემი წვლილი შემქონდა. ვხვდებოდი, რომ ეს ძალიან საშიში იყო, მაგრამ თითქოს თავის კონტროლი დავკარგე და გაბოს ცხოვრებაში ჩავეშვი. იმაზეც კი არ ვფიქრობდი, რომ საკუთარი ხელით ვითხრიდი სამარეს, დამნაშავედ შერაცხულის დახმარების გამო. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი გაბოს წასვლით და მადლობის თქმით არ დასრულდებოდა. არა, იმიტომ, რომ ყველანაირად ვეცდებოდი მის დახმარებას სადამდეც და როგორც შევძლებდი. იქნებ სწორად არ ვიქცეოდი, ვცდებოდი, ან ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა უკვე აღარ შემიძლო. იქნებ მეცადა და გაბოს ზურა ჭანიას სიკვდილით დასჯა გადამეფიქრებინებინა? და დამერწმუნებინა, რომ ეს საქმე მართლმსაჯულებისთვის მიენდო? შევძლებდი კი ამას? ჩემი უდარდელი ცხოვრება, ერთმა კარის გაღებამ სრულიად შეცვალა. *** დილით ახალგაღვიძებულმა ფანჯრიდან შემოჭრილ მზის სხივებს შევავლე თვალი. იმდენად ფერადი მეჩვენა ისინი, რომ თავი ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა. თან გუშინდელი დღეც გამახსენდა და კიდევ უფრო სიზმარში ნანახს დაემსგავსა ყველაფერი. რამდენიმე წუთით საწოლში ვინებივრე. შემდეგ ჩავიცვი და საათს გავხედე, 9 ხდებოდა. საძინებლიდან გავედი და მისაღებ ოთახს მოვავლე თვალი. გაბო დივანზე იჯდა და უხმოდ მოციმციმე ტელევიზორს უყურებდა. - დილა მშვიდობისა. - მივესალმე მე. - დილა მშვიდობისა. - მოიხედა უკან და თვალი შემავლო. - რა ხდება? - ვკითხე საუბრის წამოსაწყებად. - გაურკვევლობაა, რაც ყველაზე მეტად მძულს. დივანს შემოვუარე და მის მოპირდაპირე მხარეს სავარძელში ჩავჯექი. - უმოქმედობამ დამღალა. - ჩაილაპარაკა მან. - უმოქმედობა შენს სიტუაციაში კარგია. საშუალება გექნება, დაფიქრდე. - თვალი მივაბჯინე მის ცივ სახეს. - რაზე უნდა დავფიქრდე? - იცი რაზეც: შენს განზრახვაზე და შედეგებზე, რომლებიც მას მოჰყვება. - ჩემთვის სულ ერთია, რა მოხდება შემდეგ! - არა, არ არის სულ ერთი. ალბათ საღი გონებით არ გიფიქრია ამაზე, თორემ ამ უაზრო გადაწყვეტილებას არ ჩაეჭიდებოდი. - ძალიან გთხოვ, ნაია... - მონიტორს გახედა მან. - ხო, ვიცი, რომ ეს ჩემი საქმე არაა, ბოდიში. - ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ აზრი არ აქვს იმაზე კამათს, რაც უკვე გადაწყვეტილია. - ცდები! გადაწყვეტილება ბოლო წამამდე ცვალებადია, მაგრამ შენ არც კი გინდა ამაზე ფიქრი. - არ ვეშვებოდი. - ნაია, გეყოფა კარგი?! - წყობიდან გამოსულმა გამომხედა. - კარგი, მაგრამ არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს მანამ, სანამ შენს განზრახვას სისრულეში მოიყვან. შეიძლება შემდეგ ინანო. - ცოტა ხნით გავჩუმდი, არც მას ამოუღია ხმა. ვიცოდი, ჩემს სიტყვებზე დაფიქრდებოდა, მაგრამ არ ვიცოდი, ექნებოდა თუ არა ამ დაფიქრებას რაიმე აზრი. სიტუაცია სასწრაფოდ უნდა განმუხტულიყო, ამიტომ წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი. - ახლა რამეს მოვამზადებ და ვისაუზმოთ, ძალიან მშია. გაბო მარტო დავტოვე თავის ფიქრებთან. მე კი საუზმის მომზადებას შევუდექი, თან კიდევ ერთხელ დავუფიქრდი ჩემს მდგომარეობას. გადავწყვიტე დღეს მასთან ამ თემაზე აღარ მეკამათა. აჯობებდა თავად გაეანალიზებინა ყველაფერი. *** ვისაუზმეთ როგორც ყოველთვის მდუმარებაში და მაგიდის ალაგების შემდეგ ჩემს ოთახში შევედი. რამდენიმე საათით მასთან არ გავსულვარ. საღამოს 7 საათი ხდებოდა დაგვიანებული სადილისთვის რომ გამოვედი და სანამ სამზარეულოში შევიდოდი, გაბოს მოვკარი თვალი, ფანჯარასთან იდგა და ჟალუზებიდან ქუჩას ათვალიერებდა. სამზარეულოსკენ წავედი, რომ კარზე ზარი გაისმა. ადგილზე გავშეშდი და გაბრიელის მზერას გადავაწყდი, ჩემსკენ მობრუნებულიყო და დაძაბული მზერით მიყურებდა. ავღელდი. - რა ვქნა? - ჩურჩულით ვკითხე მე. - ნახე ვინ არის. - ჩუმად მითხრა, მაგიდიდან იარაღი აიღო და ჩემს გვერდით კედელს მიეყრდნო. კართან მივედი და სათვალთვალოში გავიხედე. არავინ ჩანდა. შემეშინდა და უკან გაბოსთან დავიხიე. - ვინ არის? - მკითხა. - არ ვიცი, არ ჩანს. ზარი ისევ განმეორდა. ისევ კარს მივუახლოვდი და სათვალთვალო შევამოწმე. - გიორგი? - ჩავილაპარაკე გაკვირვებულმა და მაშინვე საკეტი გადავწიე. ზღურბლზე გაბოს მეგობარი გიორგი იდგა. - გამარჯობა. - მითხრა მან და ჩემს უკან პატარა კორიდორი შეათვალიერა. - გამარჯობა, შემოდი. - ვუთხარი და უკან გავიხედე. კარი დავხურე და მობრუნებულმა დავინახე, გაბო მეგობარს მოეხვია და მოიკითხა. - აქ საიდან გაჩნდი? - ჰკითხა მას. - შენი მეგობრის მისამართი ექიმს ვკითხე. - თქვა ოდნავ ხრინწიანი ხმით ჩასხმულმა ახალგაზრდამ და მე შემომხედა. "მეგობარზე" ღიმილი ვერ შევიკავე. - საშიში არაა აქ რომ ხარ? - ჰკითხა გაბომ და მანაც მე გამომხედა. - არა, ნუ გეშინია. ბიჭებს ვუთხარი მისაღებში შევიდეთ მეთქი და ოთხში შევიპატიჟე. - ასე მალე გამოგიშვეს? - ჰკითხა გაბომ. - წამოვედი. იქ წოლით დრო ტყუილად იკარგებოდა. უკვე კარგად ვარ. შენ როგორ ხარ, მხარი როგორ გაქვს? - ჰკითხა გიორგიმ გაბოს, როცა დივანზე ჩამოსხდნენ. მეც მათ წინ სავარძელზე დავჯექი. - კარგად. ნაიამ ტყვია ამოიღო. - მართლა? - გაკვირვებულმა გამომხედა პოლიციელმა. - ხო, ნიჭიერი ტყვე მყავს. - გაეღიმა გაბოს. - არა მხოლოდ ნიჭიერი. - დაამატა გიორგიმ და მალევე თემა შეცვალა. - აუცილებლად უნდა მენახე, სალაპარაკო გვაქვს. - კიდევ რამე შეიცვალა? - სახე მოექუფრა გაბოს. - არაფერი იმის გარდა, რასაც გუშინ ნაია გიამბობდა, მაგრამ გაბო... უნდა გაჩერდე, გესმის? - ისევ თავიდან ნუ დაიწყებ! - ჩაილაპარაკა გაბომ და ძმაკაცს შუბლი შეუკრა. - მისმინე, საქმე სერიოზულადაა... - არც მე ვერთობი გიო! - გააწყვეტინა გაბომ მას. - გგონია მსიამოვნებს ასე უქმად რომ ვარ უკვე ერთი კვირაა? გგონია მსიამოვნებს ის უდარდელად რომ დააბიჯებს ქუჩებში? გგონია არ მეზიზღება თავი იმის გამო, რომ ჩემს პრობლემებს ჯერ კიდევ სხვებს ვახვევ თავს? ხო, პირველად არ გამიმართლა და მოულოდნელად მესროლეს, მაგრამ მეორედ ასე აღარ მოხდება, მეორედ უკვე ყველაფერი დასრულდება. - საერთოდ არ გესმის რას ლაპარაკობ! - ხმას აუწია გიორგიმ. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა. თავი ზედმეტად ვიგრძენი. სავარძლიდან წამოვიწიე და ჩავილაპარაკე: - მე დაგტოვებთ და თქვენ ისაუბრეთ. - არა ნაია, დარჩი. - გამომხედა გაბომ. - ჯობია გავიდე, შენ კი გონებას უხმე და ნუ აიკვიატებ ბავშვივით უაზრო ახირებას. - ცივად მივახალე და ჩემი ოთახისკენ წავედი. სანამ საძინებელში შევიდოდი გიორგის სიტყვები გავიგე "ეს გოგო მართალიაო" და კარიც მივხურე. აივანზე გავედი, არ მინდოდა მათი საუბრის მოსმენა. მზე ისევ აცხუნებდა და კანს მიწვავდა. ჩრდილისკენ გავიწიე და მოაჯირს იდაყვებით დავეყრდენი. ცა ნარინჯისფერ და ცისფერ ფერებში არეულიყო და ხმაურიან, მოფუსფუსე ქალაქს დაჰყურებდა თავზე. მსუბუქი ცხელი სიო ხანდახან გაითამაშებდა ჩემს აივანზე და მხრებზე მეფერებოდა. მისი გადარწმუნება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. დრო სჭირდება ყველაფერს, დრო კი გარბის და გაბოც ფეხდაფეხ მისდევს მას. ნუთუ მართლა ვერ ხვდება ეს ჯიუტი არსება რა მოჰყვება თავის საქციელს? გონება დაუბინდა შურისძიებამ. ნეტავ მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა? მე? ნეტავ მე რას გავაკეთებდი? რთულია ამის თქმა როცა არ ხარ მსგავს სიტუაციაში. დაახლოებით ორი საათი მარტო ვიყავი და ვაცდიდი მეგობრებს ესაუბრათ, ხელის შეშლა არ მინდოდა, მაგრამ ოთახში მარტო ყოფნამ დამღალა. რატომღაც იმედი საერთოდ არ მქონდა, რომ პოლიციელი გაბოს გადარწმუნებას შეძლებდა, მაგრამ იმედი მქონდა იმისა, რომ მათი საუბარი დასაფიქრებელი იქნებოდა. მისაღებში რომ გავედი, ორივე ფანჯარასთან იდგა. გაბოს დასჯილი ბავშვივით დაეხარა თავი, გიორგი კი ქუჩას გაჰყურებდა. კარის ხმაურზე ორივემ მე შემომხედა. - არ მინდოდა ხელის შეშლა. - ჩავილაპარაკე და ისევ ოთახში დავაპირე დაბრუნება. - არა ნაია დარჩი, მგონი დავასრულეთ ჩვენ. - თქვა გიორგიმ. გაბომ ამოიოხრა, წამიერად შემავლო თვალი და მეგობარს ჰკითხა: - ბიჭებმა რა უნდა ქნან? - ჯერ-ჯერობით მცხეთაში იქნებიან, მაგრამ იქ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიხვიდე, ჩვენი ხალხი უთვალთვალებს. - შენ? - მე რა? მე საქმეში ვარ და გამოძიებას ვეხმარები. ყველაფერი ნელა, მაგრამ ნაყოფიერად მიდის და იმედია წყალს არ აგვიმღვრევ. ეს არც შენთვის იქნება კარგი და არც ძიებისთვის. - პირიქით, ყველაფერი სწრაფად დასრულდება, ჩემთვისაც და თქვენთვისაც შედეგიანად. - ზურგი აქცია გაბომ მეგობარს და სამზარეულოსკენ წავიდა. - არჩევანს არ მიტოვებ, - უკან მიჰყვა გაღიზიანებული გიორგი მას. - მირჩევნია ძარცვის მცდელობის ბრალდებით დაგაპატიმრო ჩემი ხელით და რამდენიმე წელი გაატარო "ზონაზე", მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ დაგიმტკიცდება, ვიდრე მკვლელობის მუხლით და სამუდამოდ ჩაგსვა, რაც ნამდვილად დაგიმტკიცდება! გაბოს ცინიკურად გაეცინა. - შენ რა ჭანიასთან ერთად მიპირებ "ზონაზე" გაშვებას? კარგი იყოს ასე, მე კანონს მაინც არ გავურბივარ. მაგრამ, რა გგონია, იქ ცოცხალს დავტოვებ? - მორჩა! - სერიოზულად აენთო გიორგი. - მე მეტი აღარ შემიძლია. მოხვალ გონს? მოხვალ, არადა როგორც გინდა ისე მოიქეცი. ფაქტია, მე შენს გადარწმუნებას დიდი ხანია ვცდილობ. კარგად იცი, თუ დაგიჭირეს, მე ბევრიც რომ ვეცადო, შენს დახმარებას ვეღარ შევძლებ. - დახმარებას არც ვითხოვ! - წყალი ჩამოისხა გაბომ და დალია. - გაბო, ყოველთვის გონიერი და წინდახედული იყავი და ვერ ვხვდები, ახლა რამ დაგაბრმავა ასე ადამიანო?! - ვერც მიხვდები გიო, იმიტომ, რომ შენთვის არ მოუკლავთ დედა და და! - იღრიალა წყობიდანგამოსულმა და ჭიქა, რომელიც ეკავა მარმარილოს დახლზე დაახეთქა. შემეშინდა და ინსტინქტურად პირზე ხელი ავიფარე. ცოტა ხნით აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა. ოთახში გაბოს გამალებული ქშენა ისმოდა. - თავი აკონტროლე, ძალიან გთხოვ. - თქვა გიორგიმ მშვიდად. - ეგ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ისინი აღარ არიან, სამწუხაროდ. მაგრამ შენ ცოცხალი ხარ, შენ მომავალი გაქვს, რომელიც შენს ხელშია და ნუ შეღებავ მას შავ-თეთრ ფერებში. მინდოდა მათთვის მეთქვა დამშვიდდით მეთქი, მაგრამ ჩემი კომენტარის გაკეთება ჯერ-ჯერობით ზედმეტად მეჩვენებოდა და ამიტომ ვდუმდი. - კარგი, - ამოიოხრა გიორგიმ. - ჯობია ახლა წავიდე, სანამ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმებულა, რაც ძალიან არ მინდა. - რას აპირებ? - ჰკითხა გაბომ. - კონკრეტულს არაფერს. სამსახურში მივდივარ, ორი დღე საავადმყოფოში ყოფნისას გამიცდა. ახალ მასალებს გადავხედავ. - გიორგიმ მაგიდიდან თავისი მობილური აიღო და კარისკენ წავიდა, მეც თან გავყევი და საკეტი გავხსენი. - ბოდიში ნაია. - მითხრა მან. - ცოტა ზედმეტი მომივიდა. შენ არაფერ შუაში ხარ, ცოტა თავი უნდა მომეთოკა, უცხო გარემოში. - არა ნუ ღელავ. ზედმეტი შენ არა, მას მოუვიდა. - ჩავილაპარაკე მე. - ხო, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. - მომესმა ზურგიდან გაბოს ხმა. მივიხედე. შუბლშეკრული გვიცქერდა. არაფერი ვუთხარი, ცოტა ხანში მაინც მარტონი დავრჩებოდით. გიორგიმ უხმოდ შეგვავლო თვალი ორივეს, დაგვემშვიდობა, შეგეხმიანებიო გაბოს უთხრა და წავიდა. კარი ჩავკეტე და მობრუნებულს გაბო იქ აღარ დამხვდა, სადაც იდგა. სამზარეულოში შევედი და ვახშმისთვის დავიწყე მზადება. ჩუმად ვუთვალთვალებდი თაღიდან და ვხედავდი, როგორ მოუსვენრად მიმოდიოდა ოთახში, ტელევიზორს უაზროდ რთავდა სხვადასხვა არხებზე. ვფიქრობდი ბარემ ცხელ გულზე დავლაპარაკებოდი, თუ მეცადა, სანამ დამშვიდდებოდა? ანდაც, იქნებ საერთოდ აღარ ღირდა მასთან საუბარი. ვხვდებოდი, ვერაფერს გავაწყობდი, რადგან კარგად დავინახე, რომ ჩემზე ბევრად ახლო ადამიანმა, მისმა მეგობარმა პოლიციელმა ვერ გადააფიქრებინა და მე რის გაკეთება შემეძლო? არადა საქმე მართლაც სერიოზულად იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მინდოდა ამ ადამიანს სისულელე ჩაედინა და ის მაღიზიანებდა, რომ ამ დროს მე ძალა არ მყოფნიდა მის წინააღმდეგ წავსულიყავი. - ნაია, - მომესმა თითქმის ჩურჩულით ნათქვამი ჩემი სახელი. ვერც კი გავიგე, როდის მომიახლოვდა გაბო. - მართლაც არაფერი მამართლებს შენთან. არაფერი ვუთხარი, მხოლოდ თვალი შევავლე და ჩემი საქმე განვაგრძე. - წყობიდან გამოვედი. გიორგის არ ესმის ჩემი, ან არ უნდა რომ გამიგოს... ახლა უკვე მე გამოვედი წყობიდან და სიტყვა გავაწყვეტინე. - აქ გასაგები არაფერია! გიორგი შენი მეგობარია და მას თუ არა, სხვას ვის უნდა ესმოდეს შენი? ნუთუ ვერ ხვდები, რომ ყველაფერს, რასაც ის გირჩევს, შენს სასიკეთოდ გირჩევს? რატომ არ გინდა, რომ გაიაზრო და გაიგო? გასაგებია, რომ ძალიან სამწუხაროა და ძნელია, როცა ორ ძვირფას ადამიანს კარგავ, ისიც გასაგებია, რომ მკვლელის საკუთარი ხელით მოკვლის სურვილი გახრჩობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნორმალურია ამ სურვილის განხორციელება. იმაზე დაფიქრებულხარ, როგორ მიიღებდნენ ამ შენს გადაწყვეტილებას სოფო და დედაშენი? როგორ გგონია, გაახარებდათ ის ფაქტი, რომ შენ მთელი ცხოვრება გისოსებს მიღმა უნდა გაატარო ამაზრზენ დამნაშავეებთან ერთად, მაშინ, როდესაც შეგიძლია მომავალი წარსულზე ლამაზი და ბედნიერი გქონდეს?! ნუთუ იმის გამო, რომ დედა და და დაგეღუპა, უამრავ ლამაზ წუთზე, საათზე და დღეზე უნდა თქვა უარი?! გაბო, ისინი აღარ არიან, გესმის? ამას ვერაფერი შეცვლის, იმ ჭანიას სიკვდილი შენებს ვერ გააცოცხლებს, შენ კი ცხოვრებას აგირევს. - ვგრძნობდი თითოეული ძარღვი როგორ მეჭიმებოდა. სერიოზულად გავღიზიანდი. ის კი შუბლშეკრული იდგა ჩემს წინ, ხელები დახლზე დაეწყო და თითები მოემუშტა. ღრმად ჩავისუნთქე, თვალებში მივაშტერდი და ვუთხარი: - შენს მომავალზე და მეგობრებზე იფიქრე გაბო, მათზე, ვისაც უყვარხარ და შენი ბედნიერება სურთ. დამნაშავეს კი ის დასჯის, ვისაც ეს ავალია, ჯერ კანონი და შემდეგ უფალი. ერთხანს უხმოდ მიცქერდა. მისი სახის გამომეტყველებიდან მივხვდი, რომ ჩემი ასეთი აფეთქება არ ესიამოვნა და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ სხვის ცხოვრებაში ვაფათურებდი ხელებს. თავი გავიქნიე და ბიჭს ზურგი ვაქციე. - მაპატიე. - ვუთხარი და ნიჟარასთან მივედი პომიდვრის გასარეცხად. მაგრამ შემდეგ ვინანე, ეს სიტყვა არ უნდა წამომცდენოდა. ამით იფიქრებდა, რომ უკან მიმქონდა თითოეული ჩემი სიტყვა, ეს კი ასე არ იყო. მხარზე შეხება ვიგრძენი და სხეული ამითრთოლდა. ვერ მივხვდი ამას რატომ აკეთებდა. არ მივბრუნებულვარ, მხოლოდ ავხედე და ამღვრეულ შავ თვალებს გადავაწყდი. - თითოეულ შენს სიტყვას ვაფასებ ნაია. ერთი კვირა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სრულიად უცხო ადამიანის მიმართ უდიდესი ნდობა გამჩენოდა. ამ ყველაფერზე, რაც შენ მითხარი, იმაზე ბევრად მეტჯერ მიფიქრია, ვიდრე შენ გგონია; და პატიება არ არის საჭირო, პირიქით, მადლობა გულწრფელობისთვის და ვწუხვარ იმის გამო, რომ არ შემიძლია შენი იმედების გამართლება. *** მეშვიდე დღე გათენდა. მხარი ვიცვალე საწოლში და ცერად გავხედე ფანჯრიდან შემოჭრილ მზეს სხივებს, რომელთა უმრავლესობასაც რძისფერი ფარდები აკავებდნენ. სიბრაზე მახრჩობს. კი მაგრამ რატომ? ღმერთო რატომ ვბრაზდები და საერთოდ, რაში მაინტერესებს რას გააკეთებს ძებნილი გაბრიელი? ეს ხომ მისი ცხოვრებაა და თითოეული მისი გადადგმული ნაბიჯიც მისი მოსაზომი და გასათვალისწინებელია. რატომ მინდა, რომ უდანაშაულო გამოვიდეს ამ საქმიდან? არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ უცბად დაატყდა თავს ეს უბედურება და სრულიად ჩვეულებრივი, სუფთა ადამიანი ახლა უფსკრულის პირასაა. ის კი ახლოს არავის იკარებს ხელის წასაშველებლად. ნუთუ უნდა რომ გადაიჩეხოს და იქ განაგრძოს დარჩენილი სიცოცხლის წლები? ეს ხომ სიგიჟეა, სრული არანორმალურობა. თუმცა კი ბატონო, მოიქცეს ისე, როგორც უნდა, მოკლას ვინც და რამდენიც სურს, თუ უნდა შემდეგ მოკლულთა თავის ქალების კოლექციაც გააკეთოს. მორჩა! მე გვერდზე გავდექი. აღარანაირ გადარწმუნებას ის ჩემგან აღარ მოისმენს და იმასაც ვნანობ, რაც აქამდე გავაკეთე. გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის არ აპირებს გადაფიქრებას და რა იქნება შემდეგ, მე არ მაინტერესებს, ყოველ შემთხვევაში ვეცდები, ამაზე აღარ ვიფიქრო. საერთოდ ვინ ვარ ახლა მე მისთვის? ერთი ჩვეულებრივი ტყვე და არაფერი მეტი. ნდობას, ოპერაციით, თუ საავადმყოფოში წასვლით დახმარების გაწევას მან ხაზი გადაუსვა გუშინდელი გადაჭარბებული სიჯიუტით. არასოდეს ვყოფილვარ მოსაბეზრებელი ადამიანი და არც ახლა ვაპირებ ამას. ის შეგონება, რომელიც გუშინ მასთან წყობიდანგამოსულმა წარმოვთქვი, სრული შეცდომა იყო ჩემგან, ის რჩევები კი, რომლებიც მისთვის მიმიცია - დამწვარი ფურცლიდან ამოკითხული სიტყვები. უარყოფილი რჩევის ვარგისიანობას მაშინ ხვდებიან, როცა ყველაფერი მთავრდება და სინანული იპყრობთ. მე კი ამის შემდეგ ჩუმად ვიქნები. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მისი წასვლის შემდეგ, არ მინდა, რომ რაიმე ცუდი შევიტყო მასზე. *** ღრმად ჩავისუნთქე და საწოლიდან სპორტული საცვლების ამარა ენერგიულად წამოვდექი. ფანჯარასთან მივედი, ფარდა გავწიე და მწველ მზის სხივებს სხეული მივაგებე. თვალები დავხუჭე და ამოვიოხრე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი სოფელი გამახსენდა. რომ არა გაბრიელი, ახლა სწორედ იქ ვიქნებოდი, პრობლემებისგან თუ საფრთხისგან ძალიან შორს, ხეივნის ჩრდილში ყავას დავლევდი და ჩიტების ჭიკჭიკს მოვუსმენდი, უკანა ეზოში კაკლებზე გაბმულ ჰამაკში ვინებივრებდი და ჯეინ ეარს წავიკითხავდი, ჩემს პატარა აუზს ავავსებდი, საღამოს მეზობლებთან ვიჭორავებდი ან ხის მორზე ჩამოვჯდებოდი და მზის ჩასვლას ვუცქერდი, დედას ქოთნის ყვავილებს მოვუვლიდი. ღმერთო, როგორ მომინდა ახლა იქ ყოფნა! მზის ცხელმა სხივებმა სხეული დამწვა და ფარდა გავწიე. ისეთი ძალაგამოცლილი მოვბრუნდი, თითქოს მართლაც სოფელში ვყოფილიყავი და მისი ვიწრო ქუჩები ფეხით მომევლო. სარკეში ჩემს ანარეკლს მოვავლე თვალი და ჩავიცვი. რა პოზიცია დავიჭირო მასთან? არა, არ მინდა მსახიობობა, როგორც აქამდე, ისეთივე რეალური ვიქნები ახლაც. კარი გამოვაღე და ოთახისკენ არც გამიხედავს, პირდაპირ სააბაზანოში შევედი, პირი დავიბანე და გამოვედი. გაბო მობილურზე საუბრობდა და როგორც ჩანდა ამთავრებდა კიდეც, რადგან მის ბოლო ფრაზას მოვკარი ყური: - ძალიან კარგი ლევან, როგორც იქნა. დავფიქრდები და შეგეხმიანები. - თქვა და გათიშა მობილური. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს საუბარი ჩემი გამოჩენის გამო შეწყვიტა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და სამზარეულოში შევედი. - დილამშვიდობისა. - მითხრა მან. ალბათ მისთვის რაიმე სასარგებლო მოხდა. სახე გახსნოდა, გუშინდელთან შედარებით სრულ კონტრასტს ქმნიდა. არც ამას მივაქციე ყურადღება. ახლა ხომ ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო?! - დილა მშვიდობისა, ჩაის დალევ? - ვკითხე და ელექტროჩაიდანი გამოვრთე. გახარებული სახე წამის მეასედში შეეცვალა. დასერიოზულდა. ალბათ ჩემმა ჩვეულებრივზე ცივმა ტონმა იმოქმედა. ყურადღებით მათვალიერებდა და ჩემს მიმიკებს აკვირდებოდა. მისმა საქციელმა დამღალა და უხეშად ვუთხარი: - გეყოფა! - ეს არ მინდოდა ნაია. - სახე არ შესცვლია ისე მითხრა. - არაფერი შეცვლილა. - ფინჯნებში შაქარი და ჩაი ჩავყარე. - შენ შეიცვალე. - შენთვის ახლა მთავარი ისაა, რომ შენი გადაწყვეტილება არ შეიცვალოს. მე კი ყურადღებას ნუ მომაქცევ, მე არაფერი მეხება შენი ცხოვრებიდან. - ცდილობ თავი დამნაშავედ მაგრძნობინო. - ეგ არ მჭირდება. არაფერს ვცდილობ და აღარც ვეცდები ამიერიდან. - ვხვდები რასაც გულისხმობ და ეგ კარგია. შინაგანად ავფეთქდი ამ სიტყვებზე და ვიგრძენი, როგორ მომაწვა სისხლი საფეთქლებზე. ზურგი ვაქციე და დასამშვიდებლად ღრმად ჩავისუნთქე. არა, ამაზე პასუხი არ უნდა გამეცა, თორემ ვიჩხუბებდით. მე კი სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება მინდოდა. ადუღებული წყალი ფინჯნებში დავასხი, კოვზით მოვურიე და ერთი მათგანი დახლზე დავდგი მის წინ. - მიირთვი. - ვუთხარი მე. მაგიდას მივუჯექი და ჩაი მოვსვი. თავის ფინჯანს დახედა და ისევ მე შემომხედა. - ეს სპექტაკლი არ მომწონს! - ახლა უკვე დამიბღვირა. - სპექტაკლი ის იქნებოდა, გაღიმებული რომ გამოვსულიყავი ჩემი ოთახიდან და საერთოდ, მოდი, მოვრჩეთ ამაზე საუბარს. თანაც, მგონი ჩემმა გამოჩენამ ხასიათი გაგიფუჭა, აჯობებს ოთახში დავბრუნდე. - არ მინდა ამის თქმა მაგრამ ზედმეტი მოგდის ნაია. - ჩემსკენ წამოიწია ის. - მშვენივრად ხვდები, რა მდგომარეობაშიც ვარ და ახლა შენი უადგილო ცინიზმი სიტუაციას ამძიმებს. მე კი არ მინდა გუშინდელი დღე განმეორდეს, გესმის? - კარგი, ბოდიში ჩემი არსებობისთვის. - სახე ავარიდე მას. - ახლავე შენს ოთახში შედი! - თითქმის მიბრძანა და წყობიდანგამოსული თვალებით კარისკენ მიმითითა. მეც უსიტყვოდ ავდექი და ფინჯნით ხელში ნელი ნაბიჯები გადავდგი. - ჩაის შაქარი თუ აკლდება, აი იქ დევს. - ვთქვი მე და სამზარეულოდან ჩემს ოთახში შევედი. ფინჯანი ტუმბოზე ჩამოვდე და საწოლზე ჩამოვჯექი. ასეთი ცინიკოსი არასოდეს ვყოფილვარ. რა დამემართა? არა, ასე არ შეიძლება. ნაია, თავი ხელში უნდა აიყვანო. ეს არ ჰგავს სტაბილურ ურთიერთობას, ეს უფრო რინგს ჰგავს, რომელზეც ვერც ერთი მოწინააღმდეგე ვერ ბედავს ჩხუბის დაწყებას. გამოსავალი მხოლოდ ერთშია. მის გადაწყვეტილებას უნდა შევეგუო. მაგრამ არა, ეს სისულელეა, ამის გაკეთება არ მინდა, ვერაფრით შევეგუები. ხო, ის ჩემთვის უცხოა, არაფერს წარმოადგენს, მისი საქმე მე არ მეხება, მაგრამ მისი ხელით ადამიანის სიკვდილს ვერ შევეგუები. უბრალოდ, ახლა დიდი ნებისყოფა მჭირდება, რომ თუ კიდევ მოგვიწევს ამაზე საუბარი, მე არ შევეწინააღმდეგო. საწოლიდან წამოვდექი და მტკიცე ნაბიჯებით დავბრუნდი სამზარეულოში. ბართან მის პირისპირ ჩამოვჯექი და ვუთხარი: - მომიყევი რა მოხდა იმ დღეს, როცა დაგჭრეს. ეჭვით შემომხედა. ალბათ არ ელოდა ასე უცბად თუ დავბრუნდებოდი უკან, თან ასეთი წინადადებით. ჩუმად იყო. მისი შავი თვალების ელვარება მაღელვებდა. ამავდროულად კი შინაგანი სიმშვიდე ვიგრძენი. ვერ მივხვდი, ეს რა იყო, მაგრამ ახლა ყველანაირი გრძნობა და ემოცია უკანა პლანზე გადავწიე. ახლა მხოლოდ ის მაინტერესებდა, რას მიამბობდა. - იქნებ არც ღირს... - გაბო, დაიწყე! - სიტყვა გავაწყვეტინე მას. ამოიოხრა, თავი გაიქნია და დახლს დახედა. ცოტა ხნით დუმდა. ალბათ ფაქტებს ქრონოლოგიურად ალაგებდა და დეტალებს იხსენებდა. შემდეგ კი დაიწყო: - ჩემი კლასელის ნახვიდან მეორე დღესვე წავედი ჭანიასთან და იარაღი წავიღე, ლევანის წავართვი. მახრჩობდა მისი მოკვლის სურვილი, მაგრამ მანამდე უნდა გამეგო, რატომ გააკეთა ეს, რა დააშავეს დედაჩემმა და ჩემმა დამ. სახლში დამხვდა. როცა კარი გამიღო, თავი ვერ შევიკავე და სახეში დავარტყი. გაოგნებული მიყურებდა ის , თითქოს საბაბი არ მქონოდა ასე მოპყრობის. მაისურის საყელოში ვწვდი და ოთახში შევათრიე. მხოლოდ ერთ რამეზე ვიყავი ორიენტირებული და ვეღარ გავაცნობიერე, რომ კარი ღია დავტოვე. გამალებით ვურტყამდი, ის კი წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა. შემდეგ შევეშვი, დივანზე დავაგდე და დასისხლიანებულ სახეში იარაღი დავუმიზნე. - მითხარი რა დაგიშავეს! - ვიღრიალე. - რა გინდა, რას აკეთებ?! - თვალებს აცეცებდა ის და დახეთქილ ტუჩებზე ხელებს იდებდა. - შე , ვერ ხვდები არა?! მალე ზღვევ, მაგრამ, მანამდე უნდა მითხრა, რატომ მოკალი ისინი?! მეგონა უარყოფას და თავის მართლებას დაიწყებდა, მაგრამ ასე არ მოხდა ნაია. შენც გიკვირს ხომ მოულოდნელად გადაიხარხარა და წამოდგომა სცადა, მაგრამ იარაღი მივაბჯინე და ნება არ მივეცი. - რა მნიშვნელობა აქვს მიზეზებს. ისინი ხომ უკვე ძვლებიღა არიან?! - შემომხედა ავად. გულზე საშინელი ტკივილი მომედო. ვერ ავიტანე მათი ასე მოხსენიება. - მოგკლავ შე , მოგკლავ! - ვიღრიალე და მთელი ძალით დავარტყი სახეში.. - ამოთქვი, რა დაგიშავეს სოფომ და დედამ?! - მართლა გაინტერესებს? კარგი, გეტყვი. იმ დღისით გავიღვიძე და მივხვდი, რომ სულაც აღარ მინდოდა მისი ცოლად მოყვანა. ზედმეტად ყურადღებიანი იყო და თავს მაბეზრებდა. მივედი თქვენს სახლში. სოფო სარდაფში იყო და იქვე მოვახსენე ჩემი გადაწყვეტილება. ისიც ვუთხარი რომ ვიცოდი, ახლა უამრავ კითხვას დამისვამდა, ისტერიკები დაეწყებოდა, პანიკას ატეხდა და ამ უვადო პრობლემებს, მისი მოკვლა მერჩივნა. იცი როგორი გაოგნებული სახე ჰქონდა? შეიძლება იცი კიდეც, რადგან სწორედ მაშინ დავარტყი დანა და ის გაოგნებული სახე მიეყინა. სწორედ მაშინ გამოჩნდა მეორე პრობლემა - დედაშენი, თუმცა ისიც მალევე მოვაგვარე. სულ ეს იყო, დაკმაყოფილდი? - ისევ გადაიხარხარა. - შემდეგ შენს დაიკოს ჩემი ნაყიდი ბეჭედი მოვაძრე, დედაშენის ოქროც წავიღე და ძარცვის იმიტაცია შევქმენი. ჭკვიანი ვარ, არა? - მძორი ხარ შენი დედაც!.. - უნდა ამესროლა, რომ ვიღაცამ დამასწრო და მხარში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. შევბრუნდი და დავინახე, იქ ვიღაც იდგა, იარაღი დაეჭირა და ისევ ცდილობდა სროლას, მაგრამ ტყვია გამოლეოდა. დაუფიქრებლად ვესროლე სამჯერ და ტყვია მეც გამომელია. მან კი კედელს ამოფარება მოასწრო. ისევ ჭანიას მივუბრუნდი, ვუთხარი ცოცხალს არ დაგტოვებ მეთქი და წამოვედი. ეს ყველაფერი ორი კვირის წინ იყო. ჭანიას ხალხთან ერთად პოლიციაც მეძებდა და ახლაც მეძებენ. შემდეგ კი შენთან აღმოვჩნდი. ნაია, გესმის? დედა და და იმის გამო დავკარგე, რომ იმ ნაბიჭვარმა იმ დღისით ასეთ ხასიათზე გაიღვიძა, რომ ცოლი აღარ უნდოდა. და ეს ყველაფერი დეტალებში მოვისმინე... - კარგი, - ვუთხარი ჩაწყვეტილი ხმით. - კიდევ ერთხელ ვწუხვარ, შეგიძლია გაჩერდე. - ის ფსიქოლოგიურადაა დაავადებული ნაია! - აფორიაქდა გაბო. ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ ცდილობდა თავის გაკონტროლებას. დარწმუნებული ვიყავი ემოციები გულზე აწვებოდა. ვინანე ეს ამბავი რომ გავახსენე. - ჩემი ბრალია, მაპატიე. - ჩავილაპარაკე და სინანულით შევხედე. - არაფერია, მე მაინც ვაპირებდი მოყოლას. მინდოდა ესეც გცოდნოდა, იმიტომ, რომ მე შეიძლება... - უცბად გაჩერდა. - რა გაბო? - არაფერი, - თავი გაიქნია. - უბრალოდ, მინდოდა რომ გცოდნოდა. - კარგი. - აღარ ჩავაცივდი, ისედაც აღელვებული იყო, ამას შემდეგ ვკითხავდი. - დამშვიდდი და ეს დალიე, ჯერ კიდევ ცხელია. - პირდაუდებელ ჩაიზე ვანიშნე და გავუღიმე. მინდოდა სიტუაცია განმუხტულიყო და საუბრის თემა შევცვალე. ისე გამოვიდა, რომ შევრიგდით. დღემ მშვიდად ჩაიარა. არც სატელეფონო ზარი ყოფილა ჩემს მობილურზე. შუა დღისას ვისადილეთ, ვახშამი კი აღარც გამხსენებია, გაბო თავის მეგობრებზე მიყვებოდა. არასერიოზულ საკითხებში ისეთი მხიარული აღმოჩნდა, რომ გაოგნებას ვერ ვმალავდი. გვიანი იყო ერთმანეთს რომ გამოვემშვიდობეთ და ძილს მივეცით თავი. *** წინა ღამისგან განსხვავებით კარგად მეძინა, ალბათ იმიტომ, რომ შედარებით მშვიდად ვიყავი. დილით თვალები რომ გავახილე, რატომღაც გამეღიმა, ჩემი წუხანდელი სიზმარი გამახსენდა: ჩემს საწოლთან ვიღაც იდგა და მძინარეს მიცქერდა. შემდეგ მომიახლოვდა, ჩემს ხელზე უნდოდა შეხება, მაგრამ თითქოს ვერ გაბედა, უკან დაიხია და გაქრა. ძალიან ცხადი იყო და ცოტა ხნით ამაზე ფიქრმა წამიღო. ნუთუ ჩემს ქვეცნობიერში რაღაც მსგავსი იმალებოდა? მაგრამ მე ხომ ამგვარზე არაფერზე მიფიქრია? სიზმრებს იშვიათად ვხედავდი და თითოეული მათგანი დასამახსოვრებელი იყო ხოლმე, ამიტომ ამეკვიატა ამაზე ფიქრიც. ავდექი, ჩავიცვი და სააბაზანოში გავედი. მინდოდა გამოვფხიზლებულიყავი და ცივ წყალს დიდ ხანს ვისხამდი სახეზე. შემდეგ კბილებიც გამოვიხეხე და მისაღებში გამოვედი. ოთახს თვალი მოვავლე, სიცარიელე იყო და იმ წამს დანაკლისი ვიგრძენი. სამზარეულოში შევიხედე, არც იქ იყო არავინ. ადგილს მოვწყდი და ჩემი ძმის ოთახისკენ გავიქეცი, მაგრამ ვიცოდი, იქ არავინ დამხვდებოდა, რადგან მიუხედავად ჩემი თხოვნისა - გაბოს იქ დაეძინა, მაინც არ შედიოდა. მართალი აღმოვჩნდი, ოთახი ცარიელი იყო, სახლში მარტო ვიყავი. ის წავიდა... რატომ? ჯერ გავბრაზდი, შემდეგ გული დამწყდა და ისევ მისაღებ ოთახში გამოვედი, დივანზე ჩამოვჯექი და ჩავფიქრდი... ამიტომ უნდოდა თავისი ამბის დამთავრება, რომ ის წასვლას აპირებდა. მაგიდაზე ფურცლის ნაგლეჯს მოვკარი თვალი, სასწრაფოდ დავწვდი და სიტყვებს გადავავლე თვალი: " - ასე აჯობებს წასვლა ნაია, უკეთეს სიტუაციაში თუ შევხვდით, მადლობას აუცილებლად გადაგიხდი." - ეწერა იქ. *** რამდენიმე დღის წინ, როცა სამზარეულოში ჩამეძინა, მეგონა, რომ გაბრიელი, მისი ზარი შუა ღამისას, მისი ჩემს სახლში შემოჭრა და განრისხებული სახე სიზმარში ვნახე. და ახლაც... დივანზე ფეხმორთხმით ვიჯექი, ყავას ვსვამდი და დღის უკანასკნელ საინფორმაციო გამოშვებას უინტერესოდ ვუსმენდი. ისევ სიზმარში ნანახი მეგონა მასთან გატარებული ერთი კვირა. სახლში ისეთივე სიჩუმე იყო, როგორც მის მოსვლამდე, ისევე მშვიდად ვიყავი, როგორც მანამდე და ლამის მართლა დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე წამიანი სიზმარი იყო. ლამის, იმიტომ, რომ ჩემს წინ მაგიდაზე ფურცლის ნაგლეჯი იდო, რომელიც რეალობაში მარწმუნებდა. რატომ ჩათვალა, რომ ასეთი წასვლა უკეთესი იყო? რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ჩემი რჩევა ერთხელაც არ გაუთვალისწინებია, გარდა საავადმყოფოში წასვლისა. ახლაც ისევე მოიქცა, როგორც თავად სურდა. ადამიანი ყველაზე რთული და პრობლემური არსებაა. თუ გინდა, რომ გაუგო, მის ერთ-ერთ ხასიათს მაინც უნდა იცნობდე, მე კი 7 დღეში რაღაცა დოზით შევისწავლე გაბო. მივხვდი, რომ დედამიწაზე უჯიუტესია ჯიუტებს შორის, ამაყია ამაყებს შორის, მაგრამ მისი მაინც არ მესმოდა. ან როგორ გინდა გაუგო იმ ადამიანს, რომელსაც უნდა, რომ მკვლელი გახდეს? უნდა, რომ იმ მშრალ, შავ-თეთრ კედლებს შორის იცხოვროს, რომელსაც ციხე ჰქვია?! ნეტავ წინასწარ რომ ეთქვა წასვლის შესახებ მის გადარწმუნებას თუ შევეცდებოდი? არა ალბათ, რადგან შედეგი წინასწარ მეცოდინებოდა. თვალები დავხუჭე და მისი უკანასკნელი მზერა გავიხსენე: თბილად გამიღიმა და ძილინებისა მისურვა. ახლა მივხვდი, რატომ იყო უკეთესი ასე წასვლა. ალბათ არ უნდოდა, რომ ერთმანეთს ნაწყენები ან ნაჩხუბრები დავშორებოდით. ჭკვიანური სტრატეგია იყო მისი მხრიდან... მაგრამ, მე მაინც გული დამწყდა... კიდევ ერთხელ გადავიკითხე ფურცლის ნაგლეჯი, ყავის ფინჯანი მაგიდაზე დავდგი და დივანზე მივწექი. ხო, მშვიდად ვიყავი, მაგრამ ეს ძალიან უცნაური სიმშვიდე იყო. გონება არ ჯავრობდა, თითქოს შეჰგუებოდა კიდეც მოულოდნელად გამოჩენილის მოულოდნელად წასვლას, სამაგიეროდ გული ძგერდა სულ სხვა ნოტაზე, მაგრამ ჯერ მე თვითონაც ვერ ვერკვეოდი, რა იყო ეს. გონებაში უცბად უამრავმა კითხვამ მოიყარა თავი: რა მოხდა ისეთი, რამაც უცბად წასვლა გადააწყვეტინა? რას მოიმოქმედებს? იქნებ თავისით გადაიფიქროს ჭანიას მოკვლა? თვითონ ხომ არაფერი დაუშავდება? რა ელის შემდეგ? და ბოლოს, ნეტავ თუ ვნახავ კიდევ ოდესმე? რატომღაც ამის იმედი მქონდა. ღმერთო ჩემო, ეს იმედი საიდანღა გაჩნდა? რატომ უნდა მინდოდეს მისი ნახვა კიდევ ერთხელ? მორჩა ნაია! გაბრიელის თქმისა არ იყოს: ეს საშინელი სიზმარი იყო, ის წავიდა და ჩემი ცხოვრებაც ჩვეულებრივ რიტმს უნდა დაუბრუნდეს. ***' მაგრამ ეს ასე არ მოხდა. იმ ღამით ჩვეულებრივ, მშვიდად მეძინა. დილით ადრე ავდექი, ვიბანავე და ვისაუზმე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ტელევიზორს გულს ვერ ვუდებდი. მამას დავურეკე და მოვიკითხე ჩემი ოჯახი, უკვე დიდი ხანი იყო ისინიც არ შემხმიანებიან. ბაჩოსთან საუბარმა გამამხიარულა, მაგრამ მისი მუხტი მხოლოდ რამდენიმე წუთით გამყვა. ისევ ავფორიაქდი, არ ვიცოდი, რა მჭირდა, მაგრამ მაგიდაზე შემორჩენილ ფურცლის ნაგლეჯს რომ მოვკარი თვალი, მივხვდი, ისევ მასზე ვფიქრობდი და სწორედ ეს მაფორიაქებდა.. მიუხედავად ამისა, ფურცელი არ გადავაგდე, თვალი მოვარიდე და მობილურს დავწვდი. - სალამი თამო, როგორ ხარ? - დავურეკე ჩემს მეზობელს. - ნაია? - მომესმა გაკვირვებული ხმა. - მეგონა ცოცხალი აღარ იყავი. კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? - მადლობ, არამიშავს. თამო დღეს რაიმე საქმე ხომ არ გაქვს? - არა, რატომ მეკითხები? - საყიდლებზე ვაპირებ წასვლას და შეგიძლია გამომყვე? - რა თქმა უნდა შემიძლია, ამას თხოვნა არ სჭირდება. - მითხრა სიცილით გოგომ. გამიხარდა. - მაშინ ერთ საათში გამოგივლი და მზად იყავი, კარგი? - კარგი ნაია, გელოდები. ესეც ასე, დღეს როგორმე გავიყვან. ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადამეტანა. არ მინდოდა მოუსვენრობის ეს სტადია გამძაფრების გზას დასდგომოდა. ყველაფერი ნებისყოფაზე იყო დამოკიდებული და არ მინდოდა ჩემი თავისთვის მეღალატა. წარსულის ადგილი წარსულშია, ნებას არ მივცემდი მას აწმყო ემართა. თამუნამ იმედები გამიმართლა. საყიდლებზე ნება არ მოუცია სხვა რამეზე მეფიქრა. ისეთი მხიარული და რაღაცა დოზით ბავშვური იყო, რომ მისი საქციელი მართობდა და მამხიარულებდა. საღამოც მასთან და მეზობლებთან ერთად გავატარე. თურმე ერთ კვირაში ჩემს უბანში ბევრი რამ მომხდარიყო. საკმაოდ გვიან ამოვედი სახლში. და ისევ დაიწყო. მაგიდისკენ თვალის ერთმა გაპარებამ გონებაში ისევ ყველაფერი აურია. ჩემს ოთახში შევედი, ტანსაცმელი გავიხადე და დავწექი. დიდი მონდომებით დავხუჭე თვალები, უნდა დამეძინა, რომ ჩემი თავისთვის ფიქრის საშუალება არ მიმეცა, მაგრამ... ღმერთო ჩემო, რა ჯანდაბა მჭირდა? თითქმის მთელი ღამე გავათენე. თავში ერთადერთი კითხვა მიტრიალებდა: ნეტავ რას აკეთებდა ახლა გაბო? ხო, მისი ბედი მაღელვებდა, კი, მაგრამ, როდემდე? ის ხომ წავიდა. იმის შანსი, რომ ვნახო და გავიგო მისი მდგომარეობა, არ არსებობს. არაფერი ვიცი მის შესახებ, არც საცხოვრებელი, არც ტელეფონის ნომერი... ტელეფონის ნომერი?! უცბად საწოლიდან წამოვიწიე, უკვე დილის 6 საათი ხდებოდა. მას ხომ გიორგიც და ლევანიც ჩემს მობილურზე ურეკავდნენ? მათი ნომრები ხომ მაქვს? ტუმბოს გადავხედე, ჩემი მობილური იქ არ იდო. გიჟივით წამოვხტი და მისაღებ ოთახში გავვარდი, მაგიდიდან მობილური ავიღე და დარეკილი და შემოსული ზარები შევამოწმე. თამუნას და მამას ნომრის გარდა არაფერი იყო. გაბოს ყველა ზარი ამოეშალა. - იდიოტი! - ვიყვირე საშინლად გაბრაზებულმა და ლამის მობილური ვისროლე. - რა იდიოტია, რა იდიოტი! - ვდუდღუნებდი გულმოსული და ჩემი საძინებლისკენ მივაბიჯებდი. რა თქმა უნდა ასეც იქნებოდა. ის ხომ წავიდა და არაფერი არ დატოვა გარდა წერილისა. ის ისედაც სწუხდა რომ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა და ყოველდღიურობას მომწყვიტა და ახლაც, ალბათ არ სურდა დიდხანს გაგრძელებულიყო მომავალი მკვლელის და ჩემი ურთიერთობა. არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა, მაგრამ დილით დაღლილმა გავიღვიძე. საუზმის შემდეგ თამუნას დავურეკე და კინოში წასვლა შევთავაზე. გოგოს გაუკვირდა, დღის სეანსზე რამ გადააწყვეტინა კინოში წასვლაო, მაგრამ დამთანხმდა. ღმერთო ჩემო! ამ გოგოს ჩემი ემოციების გასაკონტროლებლად ვიყენებდი და ამის გამო ჩემი თავი მძულდა. თავად რატომ არ შემეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა, ასეთი რა მჭირდა? როგორც კინოდან წამოსვლის შემდეგ თამუნამ მითხრა, ფილმი ძალიან ამაღელვებელი და ექსტრემალური ყოფილა, მე კი მსახიობებიც არ მახსოვდა. ამან გამაცოფა. ჩემს ოთახში მშიერი ძუ ლომივით ვბორგავდი. ერთი დღე სრულ მოუსვენრობაში გავლიე. მეორე დღეს ამ მოუსვენრობამ მთელი ჩემი გონება და სხეული მოიცვა. მესამე დღეს საჭმელიც კი არ გამხსენებია. მეოთხე დღეს უკვე ნერვები მღალატობდა. მამას ზარს ისე უხეშად ვუპასუხე, რომ თენგო მეჩხუბა. მეხუთე დღეს საწოლიდან არ ავმდგარვარ, რა აზრი ჰქონდა. ვეღარაფერზე ვფიქრობდი, საშინლად მინდოდა მისი ამბის გაგება. მასთან გატარებულმა შვიდმა დღემ ერთად მოიყარა თავი ჩემს გონებაში. შიში, აღელვება, გაბრაზება, ის გრძნობა, რაც გაბოს ხელში ჩაჭიდებისას ვიგრძენი, ერთმანეთში აირია და სისხლს შეუერთდა. ჩემს ძარღვებში ახლა მხოლოდ მისი სახელი ჩქეფდა. მეექვსე დღე - ეს უკვე პიკი იყო, ჩემი სახლი მძულდა. ფანჯრისკენ გახედვა მას მახსენებდა, ის ხომ თითქმის სულ იქ იდგა, ქუჩას ზვერავდა და ფიქრობდა ხოლმე. დივანზე ვჯდებოდი და მეგონა ისიც ჩემს გვერდით იჯდა, ტელევიზორის პულტი ეკავა და არხებს უაზროდ ათვალიერებდა. ჩემს მობილურს მოვკრავდი თვალს და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს წუთი-წუთზე ლევანი დარეკავდა. დავიღალე. ეს მიჩვევა იყო, საშინელი მიჩვევა, რომელიც უკვე მმართავდა და მაშინებდა. ჩემს სახლს უნდა გავცლოდი, თანაც სასწრაფოდ. და უცბად გამახსენდა ჩემი სოფელი. თითქოს შვებით ამოვისუნთქე და წამიერი შვება ვიგრძენი. ეს ისე მესიამოვნა, რომ დაუყოვნებლივ მომინდა იქ წასვლა. საათს გავხედე. ღამის ათი საათი ხდებოდა. ჩემს ოთახში შევედი, კარადიდან მოზრდილი ჩემოდანი გამოვიღე, საწოლზე დავაგდე და გავხსენი. - სიმშვიდე და გარემოს შეცვლა გჭირდება ნაია! - ვუთხარი ჩემს თავს და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე. ამან მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა. შემდეგ ვიბანავე და საგრძნობლად დამშვიდებული დავწექი დასაძინებლად. ემოციურად დაღლილს თვალები მელულებოდა. ფანჯრიდან ნამგალა მთვალე მოჩანდა. ისეთი თეთრი იყო, რომ დიდხანს ვუყურე. მაგრამ ბჭყვრიალა ვარსკვლავებმა ჩემზე თითქოს ჰიპნოზივით იმოქმედეს და ქვეცნობიერის სამყაროში მომისროლეს. მაგრამ, ეს რა იყო?... შორიდან, ძალიან შორიდან ზარის ხმა ჩამესმა და რამდენიმე წამიანი ძილისგან გამომიყვანა. არა, არ მინდოდა, რომ ეს ცხადი ყოფილიყო. რამდენიმე დღის უძილოს, ახლა საშინლად მინდოდა ძილი, მაგრამ ზარი განმეორდა, ამჯერად უფრო გაბმულად და თანაც რამდენჯერმე ერთად, თითქოს ვიღაცას ეჩქარებოდა. ბურანიდან საბოლოოდ გამოვედი, თავი წამოვწიე და მობილურზე საათს დავხედე. ღამის 3 საათი სრულდებოდა, თურმე ჩემი ჩაძინება წამიერი არ ყოფილა. დეჟა-ვუ განვიცადე. ასე ერთხელ უკვე მოხდა. ძილის დროს ზარი ჩამესმა, არ ვდგებოდი საწოლიდან, მაგრამ მისმა განმეორებამ მაიძულა კარი გამეღო და სწორედ მაშინ მეცა იარაღით ვიღაც ბანდიტი, რომლითაც ახლა შებოჭილი ვიყავი. ღმერთო ჩემო! გული ერთიანად ამიჩქარდა. ვერც კი მივხვდი, როგორ წამოვვარდი საწოლიდან, საძინებლიდან გავედი და კარებს ვეცი. სათვალთვალოში არც კი გამიხედავს, საკეტი გავწიე და კარი გამოვაღე. ჩემს წინ ვიღაც მშვიდად იდგა და არ იძვროდა. ცალი ხელი მუცელზე მიეჭირა, ცალით კედელს ეყრდნობოდა და თავი ჩაეღუნა. ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა ყველაფერი. მომლოდინედ შევყურებდი და ველოდი ზღურბლს იქით მდგარის ქმედებას. მხრების მოძრაობაზე შევატყვე, რომ სუნთქვა გაუხშირდა და რამდენიმე წამში ნელა ასწია თავი. დასისხლიანებული სახიდან ნაცნობმა შავმა თვალებმა შემომანათეს. წითლად შეღებილი ხელით კი, რომელსაც მუცელზე იჭერდა, მხარზე დამეყრდნო. - გაბო! - წამოვიყვირე შეშინებულმა და ძალაგამოცლილს ხელი შევაშველე, რომ არ წაქცეულიყო. *** სახლში შევიყვანე და კარი დავკეტე. სულ ავირიე და თავგზა ამებნა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მთლიანად მე მეყრდნობოდა და ფეხებს ძლივს ამოძრავებდა. მძიმე იყო და ძლივს ვიჭერდი. ჩემი ოთახისკენ წავიყვანე, საწოლს საბანი გადავაძრე და მისი იქ დაწოლა დავაპირე, მაგრამ შემეწინააღმდეგა. - არა, ნაია არ გინდა... დავსვრი. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ მითხრა მან. - გაბო, ამჯერად მაინც გაჩუმდი და ნერვებზე ნუ მშლი! - შევუღრინე და თითქმის ძალით დავაწვინე. - მაპატიე... მაპატიე... - უაზროდ ისროდა სიტყვებს და თვალებს ლულავდა. - რა უნდა გაპატიო? - ვკითხე და მის დაგლეჯილ, დასვრილ და დასისხლიანებულ მაისურს დავეჯაჯგურე გასახდელად. - აქ არ უნდა მოვსულიყავი. - აქედან არ უნდა წასულიყავი გაბო! - მაისურის გახდაში თვითონაც დამეხმარა, ცალი ხელით გაიძრო და ისევ საწოლზე მიწვა უღონოდ. გავშრი. მუცელზე მტკაველის ზომის ჭრილობა ჰქონდა და მთელი სხეული დალურჯებოდა. - ასეთი რა მოხდა! - ჩავილაპარაკე მე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. სახეზე დავხედე, თვალები დაეხუჭა. - გაბო! - დავუძახე და მისკენ დავიხარე, მაგრამ ხმა არ ამოუღია. - გაბო! - კიდევ ერთხელ მივმართე და სახეზე ხელები მოვკიდე. იმ წამს შემეშინდა, მაგრამ მისი მკერდის მშვიდმა მოძრაობამ მიმახვედრა, რომ ის ცოცხალი იყო და ან გონება დაკარგა, ან უბრალოდ ჩაეძინა. წელში გავსწორდი და კიდევ ერთხელ შევათვალიერე, საშინლად გამოიყურებოდა. გული მტკიოდა მის შემხედვარეს. გადაღლილი და გაწამებული იყო. სასწრაფოდ წამოვდექი, შორტი და მაისური ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. ჯამი წყლით ავავსე, ნაჭრები ავიღე და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი.. საწოლზე, მის გვერდით ჩამოვჯექი და ჯამი ტუმბოზე დავდე, ნაჭერი დავასველე და სახეზე წავუსვი. სისხლში ჩამჯდარი მტვერი ძნელად ეცლებოდა. ვფრთხილობდი, არ მინდოდა გამეღვიძებინა. წყალი რამდენჯერმე გამოვცვალე, ჭრილობები კარგად უნდა გამეწმინდა, რომ შემდეგ დამემუშავებინა. სახე, ტანი და ხელები შეძლებისდაგვარად მოვბანე. მუცელზე ჭრილობას რომ ვუყურებდი, მეშინოდა. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მის გაკერვას შევძლებდი. ახლა დახმარებისთვის კი ვერავის მივმართავდი. ისევ ჩემით უნდა მეცადა. გამიჭირდებოდა, მაგრამ თავს გავართმევდი, უბრალოდ ცოტა დიდი დროს წაიღებდა. *** ჭრილობის გაკერვა რომ დავასრულე, უკვე თენდებოდა. გამიხარდა, რომ ისეთი საშინელი ტკივილის მიუხედავად, როგორიც ეს პროცესი იქნებოდა, გაბო გონს არ მოსულა. ჭრილობას დოლბანდი დავადე და მძინარე სხეულს ზეწარი დავაფარე. კიდევ ერთხელ შევათვალიერე ლამაზი, მაგრამ დალურჯებული ნაკვთები და სამზარეულოში გავედი. ჩემმა მეორე ოპერაციამ საშინლად დამძაბა. თითოეული ძარღვი დაჭიმული მქონდა, ხელები და კისერი მტკიოდა. ცოტა უნდა მოვშვებულიყავი. ყავა გავიკეთე და მისაღებში დივანზე მივწექი. როგორც ჩანს სიტუაცია გაუარესებულია. ალბათ გაბოს გეგმები ჩაეშალა. ეს ერთის მხრივ მახარებს, მაგრამ მე ხომ ჯერ არ ვიცი ის უკვე მკვლელია, თუ არა. რა მოხდა ნეტავ? რატომ აღმოჩნდა გაბო მარტო? რატომ არავინ იყო მის გვერდით? დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რაც ახლა მას გადახდა თავს, ჩუმად არ ჩაივლიდა. აქედან გამომდინარე კი, მე გაცილებით დიდ საფრთხეში ვარ ახლა, ვიდრე ერთი კვირის წინ ვიყავი. მაშინ მე დაზარალებულად ვითვლებოდი, იმიტომ, რომ ბანდიტი თავად შემოიჭრა აქ და ჩემს სახლს აფარებდა თავს, ახლა კი მას ჩემი სურვილით ვმალავ და მეც ისეთივე დამნაშავე გამოვდივარ, როგორადაც ის ითვლება. თუმცა ის ხომ არაფერ შუაშია, ის ხომ უდანაშაულოა? რა თქმა უნდა თავისი განზრახვა უკვე თუ არ განახორციელა. რა მოხდებოდა შემდეგ? არ ვიცი, ამის გასაგებად გაბოს გონს მოსვლას უნდა დავლოდებოდი. მიუხედავად ყველაფრისა, მიხაროდა რომ ის ისევ აქ იყო. *** ჩემთვის მომზადებული ყავა აღარც გამხსენებია, ფიქრებში წასულს ჩამეძინა. ცოტა ხნით, მაგრამ კარგად მეძინა. საკმაოდ დასვენებულმა გავიღვიძე. კისერი და ხელები აღარ მტკიოდა. აბაზანაში შევედი, გამოვფხიზლდი და მისაღებში საათს შევხედე. დღის პირველი საათი სრულდებოდა. ფეხაკრეფით წავედი ჩემი ოთახისკენ და კარი ფრთხილად შევაღე. იატაკზე მის ფეხსაცმელს მოვკარი თვალი და ჩამეღიმა. მშვიდად სუნთქავდა, ალბათ ისევ ეძინა. კარის გამოხურვა დავაპირე, რომ მისი ჩაწყვეტილი ხმა მომესმა: - ნაია. - დამიძახა მან. - მეგონა გეძინა, - ვუთხარი და ოთახში მსუბუქი ნაბიჯებით შევედი. - თავს როგორ გრძნობ? ღრმად ჩაისუნთქა, ოდნავ მაღლა აიწია და თავი საწოლის საზურგეს მიადო. - უმადურ ადამიანად. - მიპასუხა. - ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ, ახლა კი მხოლოდ შენი ჯანმრთელობა მაინტერესებს. - ვუთხარი სერიოზულად და საწოლის თავისუფალ მხარეს ფეხმორთხმით დავჯექი. ყურადღებით შემათვალიერა, ისე, როგორც სჩვეოდა და მე უხერხულად ვიგრძენი თავი. ამ წუთას მივხვდი, თურმე როგორ მენატრებოდა მისი მზერით გამოწვეული ჩემი შინაგანი ფორიაქი. - მე კი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ეს, თუმცა მაინც დიდი მადლობა ამისთვის. - მუცელზე დაიხედა მან. - შეგიძლია მაჩვენო? გაბომ ზეწარი გადასწია. დოლბანდს დავხედე, რომელიც ნახევრად სისხლიანი იყო. - ამას გამოვცვლი და უნდა შეგიხვიო. - წამოვდექი მე და ტუმბოზე დაწყობილ ნივთებთან დავიწყე ფუსფუსი. - ნაია, საჭირო არაა... - დაიწყო მან, მე კი მაშინვე გავაწყვეტინე. - ახლავე გაჩუმდი! - იმდენად მკაცრად გამომივიდა, რომ მეც გამიკვირდა. ჩემს საქმეს რომ მოვრჩი, საწოლს შემოვუარე და მის წინ შევჩერდი. - ახლა უნდა ადგე. ვიცი, მტკივნეული იქნება, მაგრამ როგორმე უნდა გაუძლო, დაგეხმარები. - ზეწარი გადავხადე, ხელი დავუჭირე და ფრთხილად წამოვაყენე. რამდენჯერმე დაიკვნესა და წელში მალევე გასწორდა. სუნთქვა შემეკრა. იმდენად ახლოს აღმოვჩნდი მასთან, რომ მისი სუნთქვა სახეზე მომელამუნა. არ არსებობდა მასაც არ ეგრძნო ამ ერთი შეხედვით უხერხული, მაგრამ სასიამოვნო სიტუაციის მუხტი, ისე მიცქერდა, მაგრამ როგორღაც თავი ხელში ავიყვანე, ოდნავ უკან დავიწიე და მისი მუცლიდან საფენის მოცლას შევუდექი. ფრთხილად მოვაშორე, შემდეგ სპირტით მოვწმინდე, ახალი საფენი დავადე და დოლბანდით მთელი წელი შევუხვიე. - შეგიძლია დაწვე, ოღონდ ფრთხილად. - ვუთხარი. აღარ შემეწინააღმდეგა, დაწვა და ზეწარი დავაფარე. - ძალიან გტკივა? - ვკითხე. - ავიტან. - ჩაილაპარაკა. - რომ გეკითხები მიპასუხე! - შევუბღვირე. - ასეთი მკაცრი არ მომწონხარ. - ეცადა გაეღიმა. - არცაა აუცილებელი მოგწონდე. გგონია ისევ შენი ტყვე ვარ? არა, ახლა სიტუაცია შემობრუნდა, მოგწონს შენ ეს თუ არა. ცოტა ხნით უხმოდ მიყურებდა. არ ვიცოდი რაზე ფიქრობდა, მისი სახის გამომეტყველებიდანაც ვერაფერს ვკითხულობდი, შემდეგ კი მითხრა: - აქ მოდი. - და ხელი საწოლზე დადო. იმხელა ნერწყვი გადავყლაპე, ლამის დავიხრჩვე. წეღანდელი უხერხული სიტუაციის გამო, მისგან შორს ყოფნა მინდოდა, ის კი თავისთან ახლოს დაჯდომას მთხოვდა. დაბნეულმა გადავდგი ნელი ნაბიჯები და იმ ადგილას დავჯექი, სადაც ცოტა ხნის წინ ვიჯექი. - ნაია, - თქვა და მოულოდნელად ერთი ხელით ჩემი თითები დაიჭირა. ლამის ხელი გამოვგლიჯე, რადგან ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს თითებზე ცეცხლი მომედო. - მშვენივრად იცი, რასაც ვფიქრობ იმაზე, მე რომ აქ ვარ. იცი, როგორ არ მინდოდა შენი ცხოვრების არევა. მეგონა ჩემი წასვლით ეს ყველაფერი გამოვასწორე, მეგონა მალე დაგავიწყდებოდა ჩემი აქ ყოფნის დღეები, მაგრამ, ახლა თავადაც ხედავ, მე ისევ ყველაფერი ავურიე. არ მინდოდა ისევ შენთან მოსვლა, არ მინდოდა იგივე განმეორებულიყო, მაგრამ თვითონაც არ ვიცი რატომ მოვიქეცი ასე. მისი უკანასკნელი სიტყვები ისე მოეხვნენ ჩემს გულს, რომ აღარ მისცეს თანაბრად ძგერის საშუალება. ეს იმას ნიშნავდა, რომ გაურკვევლობა როგორც მე, ისე მას აწუხებდა. მაგრამ ჩემი ფიქრები უკუვაგდე. არ მინდოდა წინასწარი ვარაუდები ამეკვიატებინა. ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სულ სხვაგვარად ყოფილიყო?! ჩვენს ხელებს დავხედე და კიდევ უფრო გაძლიერდა შინაგანი სიმხურვალე. არ მინდოდა მისი გაშვება, მინდოდა, რომ თავად გაეთავისუფლებინა ჩემი თითები. - სწორედ მოიქეცი, რომ აქ დაბრუნდი გაბო, ყველაფერი დანარჩენი კი დაივიწყე. ბოლოსდაბოლოს შეიგნე, რომ შენი დახმარება მინდა მიუხედავად იმისა, გჭირდება შენ ეს თუ არა. - ვუთხარი მე. - ამას რატომ ამბობ ნაია? ხომ იცი, რომ ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც მე გადავწყვიტე. რატომ გინდა, რომ შემდეგ გული გეტკინოს? - ესე იგი აზრი არ შეგიცვლია. არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ხელი შემიშვა, რაც თანხმობის ნიშანი იყო. - ძალიან გტკივა? - გავუმეორე ცოტა ხნის წინ დასმული კითხვა. - კი. - მიპასუხა ჩუმად. - რამეს მოვამზადებ, ჭამე და შემდეგ ტკივილგამაყუჩებელს მოგცემ. - არ გინდა ნაია, აქ დარჩენას არ ვაპირებ. - გაგიჟდი ხომ?! - წყობიდან გამომიყვანეს მისმა სიტყვებმა. - შენს თავს შეხედე. სად ან როგორ შეძლებ ასე წასვლას? ვერ დაინახე, წეღან საწოლიდან ძლივს რომ ადექი? გაბო, რადგან აქ მოხვედი, ესე იგი ასეც უნდა ყოფილიყო. ახლა კი მაცადე გავაკეთო ის, რაც შემიძლია და რაც საჭიროა. გაიგე ბოლოსდაბოლოს რომ შენზე ვნერვიულობ და მაშინაც საშინლად ვღელავდი, როცა წასული იყავი!... - სიტყვა უცბად გავწყვიტე. მის გაკვირვებულ სახეს ზურგი ვაქციე და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გავედი. სამზარეულოში შევედი, დახლს იდაყვებით დავეყრდენი და სახე ხელებში ჩავრგე. - ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! - ჩავიბუტბუტე ჩემს თავზე გულმოსულმა. მომიწევს ახლა არასასურველ კითხვებზე პასუხის გაცემა. უტვინო ხარ ნაია, დაუფიქრებელი! ყველაფერი სწრაფად მოვამზადე, არ მინდოდა გაბოსთვის ფიქრის საშუალება მიმეცა. არ მინდოდა ჩემი სიტყვები გადაეხარშა და მიმხვდარიყო, რომ მისდამი რაღაც უჩვეულოს ვგრძნობდი, იმიტომ, რომ ჯერ თავადაც არ ვიცოდი რა იყო ეს. გამომდინარე აქედან, ვერც მის კითხვებს გავცემდი პასუხს. ჩემი სწრაფად მომზადებული სადილი საძინებელში შევიტანე და გაბოს წამოჯდომაში დავეხმარე. - მე გავალ, როცა დაამთავრებ დამიძახე. - ვუთხარი და სწრაფად შევბრუნდი. ახლა უკვე მას გავურბოდი, მინდოდა თავიდან ამეცილებინა ის, რაც ადრე თუ გვიან მაინც იქნებოდა. - არა ნაია, აქ იყავი. - თქვა და მომლოდინე სახე მომაბჯინა. ისევ ავფორიაქდი. ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი, შემდეგ კი კართან მდგარ სკამზე ჩამოვჯექი. - მგონი აქ უფრო კომფორტული იქნებოდა. - მითხრა და მის გვერდით საწოლის თავისუფალ ადგილზე თვალით მანიშნა. ისე გამიღიმა, რომ გავბრაზდი და მკვახედ ვესროლე. - აქაც კარგად ვგრძნობ თავს. მხრები აიჩეჩა და ჭამას შეუდგა, როგორც ყოველთვის ჩუმად. ჭამის დროს ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის. მეც იშვიათად ვაპარებდი მისკენ თვალს, არ მინდოდა თავი უხერხულად ეგრძნო. როცა სადილი დაამთავრა, სამზარეულოდან წყალი შემოვიტანე და ორი აბი გამაყუჩებელი მივეცი. შემდეგ ჩემი ოთახიდან გამოვედი და დიდხანს აღარც შევსულვარ, იმავე მიზეზის გამო. არ მინდოდა იმ თემაზე საუბარი, რაც მელოდა. თუმცა არც ასე ივარგებდა. გაბო ცუდად იყო, ყურადღება სჭირდებოდა და მარტოს დიდხანს ვერ დავტოვებდი. ღამის ათი საათი ხდებოდა ფრთხილად შევაღე ოთახის კარი, ვიფიქრე ეძინებოდა, მაგრამ ეღვიძა. შუქი ავანთე და ნელა შევაბიჯე. - როგორ ხარ?- ვკითხე ისე, თითქოს პირველად ვხედავდი. - მადლობ, უკეთ ვარ. - როგორც იქნა ნორმალურ პასუხს ვეღირსე მისგან. - ძალიან კარგი. - გავიღიმე და ცოტა ხნით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. - სად მიდიოდი? - მკითხა მან და ფანჯარასთან კუთხეში მდგარ ჩემოდანზე მიმანიშნა. - სოფელში. აქ ყოფნა აღარ შემეძლო. - ბოლო სიტყვები ისე ჩუმად ვთქვი, მე ძლივს გავიგე. - რატომ? - რა რატომ? - რატომ აღარ შეგეძლო აქ ყოფნა? ღმერთო ჩემო ნაია, შენი თავის მტერი ხარ! - შენზე ვფიქრობდი და იმიტომ. - აღარ დავმალე. ცოტა ხნით გაჩუმდა. ისევ ისე მითვალთვალებდა, როგორც სჩვეოდა და რასაც მე წყობიდან გამოვყავდი. მეგონა ჩემს მოულოდნელ პასუხს განავრცობდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ალბათ შემდეგისთვის შემოინახა. - და მე ისევ ჩაგიშალე გეგმები, როგორც პირველად, როცა თამუნასთან ერთად აპირებდი წასვლას გასარუჯად. - თქვა მან. მიუხედავად იმისა, რომ ამ პასუხზე უნდა გავბრაზებულიყავი, მე სულელივით გამეცინა. მასაც გაეცინა და მაშინვე სახე დაემანჭა, ალბათ ჭრილობა ეტკინა. - არაუშავს. ჯერ ზაფხულის გასვლა ადრეა. არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. - მართალი ხარ. მე არც იმას ველოდი რაც შენგან მოვისმინე. ლამის გული გამიჩერდა. ღიმილი სახეზე შემაშრა. - გაბო, ეს ნორმალური იყო. - თავის დაძვრენა ვცადე. - არა, არა. მე ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. - ცდები, შენ ამისთვის ყველაფერი გააკეთე, თუმცა გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც... და მე ძალიან სუსტი აღმოვჩნდი. - იქნებ ორივე ვართ ამაში დამნაშავე? - ამომხედა დაღლილი თვალებით. - რას გულისხმობ გაბო? - იმას, რომ მიუხედავად ჩემი მცდელობისა, მეც დავუშვი ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, ყოველ შემთხვევაში ახლა მაინც, როცა ასეთ სიტუაციაში ვარ. არ ვიცოდი რა მეთქვა. ნელა მივუახლოვდი საწოლს და თავისუფალ ადგილას ჩამოვჯექი. - ერთადერთ გამოსავალს ვხედავ, - ვთქვი მე. - მოდი შენი სიტუაცია დავივიწყოთ და მოვლენებს მივყვეთ. - კი, მაგრამ ნაია, ვერ ხვდები, რომ ცხოვრებას გირთულებ? - შუბლშეკრულმა გამომხდა. - გამუდმებით საფრთხეში ხარ, როცა ჩემს გვერდით ხარ! - თუმცა ჩემთვის ეს საფრთხე სასიამოვნოა, როცა შენს გვერდით ვარ. - გამეღიმა, მას კი ჩემგან განსხვავებით სულ სხვა რეაქცია ჰქონდა. სანამ რამეს იტყოდა, ჩემი მობილურის ზარის ხმა მომესმა. ტუმბოს გადავწვდი, ტელეფონი ავიღე და ეკრანს დავხედე. უცხო ნომერი იყო. - გისმენთ. - ვუპასუხე მე. - ნაია, - მომესმა ნაცნობი, მაგრამ აღელვებული ხმა. - გიორგი ვარ. - გიორგი? - გამიკვირდა და გაბოს შევხედე. ისიც წამოიწია და საწოლის საზურგეს მიეყრდნო. - გაბო როგორ არის? - მკითხა პოლიციელმა. - არც ისე კარგად. კი მაგრამ როგორ მიხვდი რომ აქ იქნებოდა? - ამას დიდი გენიოსობა არ სჭირდებოდა. ნაია, - ხმაზე ვატყობდი ბიჭი ჩქარობდა. - დრო არ მაქვს ყველაფრის ასახსნელად. ახლავე უნდა მოშორდეთ შენს სახლს, გესმის? ჩქარა, აიღეთ რაც შეიძლება დაგჭირდეთ და დატოვეთ შენი სახლი. სადაც გინდათ იქ წადით, მაგრამ მაგ ადგილიდან რაც შეიძლება შორს. ხვალ დღის მეორე ნახევარში დაგიკავშირდებით, თქვენს ადგილსამყოფელს მეტყვით, მოვალ და იქ აგიხსნით ყველაფერს. გასაგებია? - კი, გავიგე. - კარგი, თქვენ იცით, ახლა უნდა წავიდე. - თქვა გიორგიმ. მობილური გავთიშე და გაბრიელს შევხედე. მეგობრის საუბარი მასაც მოესმინა და ახლა თვალებით ვეკითხებოდით ერთმანეთს რა უნდა გაგვეკეთებინა. *** მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, გაბომ არ დამანება და ჩემი პატარა ჯიპის საჭესთან თვითონ დაჯდა. არ ვიცი რატომ მივეცი ამის ნება, მაგრამ ერთის მხრივ არც შევეწინააღმდეგე. ისეთი აღელვებული ვიყავი, მანქანის მართვისთვის ნებისყოფა არ მეყოფოდა. ღამის 2 საათი იყო დაწყებული თბილისიდან რომ გამოვედით და მთავარ მაგისტრალს დავადექით. ჩემს წინა დღის ჩალაგებულ ჩემოდანს გაბოსთვის საჭირო წამლები დავამატე და წამოვიღე. საბედნიეროდ ნივთების მოგროვებაში დრო არ დამიკარგავს. მანქანა მშვიდად და საშუალო სიჩქარით მიჰყავდა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ უარესად ნერვიულობდა, ვიდრე აქამდე. სალონში გამეფებულ სიჩუმეს ფანჯრიდან შემოსული ქარის ხმა არღვევდა. ფიქრისგან გაღიზიანებულს, ეს ხმა კიდევ უფრო თავს მატკიებდა და შუშა თითქმის ბოლომდე ავუწიე. სავარძელი ოდნავ უკან გადავწიე და მოშვებული მივწექი. ცოტა ხნით თვალები დავხუჭე და ჩემს ახალ მდგომარეობას ჩავუფიქრდი. რატომ მოგვიწია წამოსვლა ასე სასწრაფოდ ჩემი სახლიდან? ნეტავ რა მოხდა და რას გვეტყვის გიორგი? ალბათ გაიგეს, რო გაბო იქ იმალებოდა... კი, მაგრამ საიდან? თუმცა ფაქტია, ახლა იმ ჭანიასაგან თუ პოლიციისგან მეც იგივე საფრთხე მელის, რაც გაბოს. მაგრამ რატომღაც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოგვარდება, ყოველ შემთხვევაში ამის დიდი სურვილი მაქვს, მით უმეტეს ახლა, როცა... თვალები გავახილე და გაბრიელს შევხედე. საჭეს მარცხენა ხელით მართავდა, მარჯვენა კი სიჩქარის გადამრთველზე უღონოდ ჩამოედო. გზას დაძაბული გაჰყურებდა და ღმერთმა უწყის რაზე აღარ ფიქრობდა. დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავს გმობდა, მეც რომ გავერიე ამ საქმეში, ახლა ყველაზე მეტად ეს ადარდებდა. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამაზე ფიქრს ვერ მოვაშორებინებდი თავიდან. - როგორ ხარ? - ვკითხე ჩუმად. ჩემს კითხვაზე გაბრაზებულს ჩაეცინა და თავი გააქნია. - გაბო, ჭრილობაზე გეკითხები, როგორ გაქვს?- სიმკაცრე გამერია ხმაში. - მშვენივრადაა. - ჩაიბუტბუტა. ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ნარინჯისფრად განათებულ მაგისტრალს გავხედე. გზაზე მანქანები ერთეულებად თუ მოჩანდნენ. შემდეგ ხელზე თითები ჩავჭიდე და ოდნავ მოვუჭირე. - ჩემზე ნერვიულობას მორჩი კარგი? - ვუთხარი. ორი წამით შემომხედა, თვალებში ჩამაცქერდა და შემდეგ ჩვენს ხელებს დახედა. ამჯერად თვითონ მოიქცია ჩემი თითები ხელში და მითხრა: - ამას ნუ მთხოვ ნაია, ჩემი ბრალია ახლა აქ რომ ხარ... - არა არა, გაჩუმდი გთხოვ, გაჩუმდი. - გავაწყვეტინე მე. არ მინდოდა ათასჯერ მოსმენილის კიდევ ერთხელ მოსმენა. - გაბო, სამუდამო არაფერია, არც კარგი, არც ცუდი. არასასურველი სიტუაციიდან გამოსავალს ყველა პოულობს და არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. - ხედავ ნაია? "ჩვენ" და არა მე! ეს მე უნდა მომეგვარებინა, მე და არა ჩვენ! შენ აქ არაფერ შუაში ხარ! - არ მიყვარს ეს სიტყვები, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდი გთხოვ. მეც გავჩუმდი. თავი ისევ სავარძელს მივადე და მისი ხელის სიმხურვალე ბოლომდე შევიგრძენი. ეს იმდენად სასიამოვნო იყო, რომ რამდენიმე წუთით ისიც კი დამავიწყდა, რატომ მივდიოდით სოფელში. ტანზე მბურძგლიდა მისი შეხებისას და ეს ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებდა. გავბრუვდი და ისევ თვალები დავხუჭე. არ მინდოდა სხვა რამეზე ფიქრი. ცერა თითს მის თითებზე ვასრიალებდი და ამას ისე ვაკეთებდი, თითქოს მიჩვეული ვიყავი და ეს პირველად არ ხდებოდა. ჩვენი ურთიერთობა ახლა ისეთ ეტაპზე იყო, როდესაც უთქმელად ვაცნობიერებდით იმ ახლად წარმოშობილ პატარა და იქნებ არც ისე პატარა გრძნობებს, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ განვიცდიდით. ჩემი მხრიდან ეს მიჩვევა იყო, ამ ადამიანის მიმართ საშინელი მიჯაჭვულობა, რომელიც როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, სულ რაღაც 7 დღეში გაჩნდა და თავისი ძალა მომდევნო ერთმა კვირამ მაჩვენა. და ეს ის ერთი კვირა იყო, რომელმაც თავი ბნელ ოთახში ჩაკეტილად მაგრძნობინა, ცხოვრებაში პირველად ჩემს თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, მაკლდა ის რაც თავიდან მაშინებდა და მაღელვებდა, ირგვლივ ვერაფერი იქცევდა ჩემს ყურადღებას და ამ ყველაფერს ერთადერთი სახელი ერქვა. გაბრიელს მალულად გავხედე და ჩემდაუნებურად გამეღიმა. არ მინდოდა ეს დაენახა და ისევ დასერიოზულება ვარჩიე, მაგრამ მე და გამართლება?! სწორედ ამ დროს შემომხედა. ამან კიდევ უფრო მეტად გამაცინა, თავი გავიქნიე და ფანჯარას გავხედე, საიდანაც ძალიან შორს, პატარა დასახლება მოჩანდა. - ძალიან მაინტერესებს რაზე ფიქრობდი. - თქვა და თვითონაც ჩაეღიმა. - იმაზე, რომ ამჯერად ჩემი გეგმების ჩაშლა არ გამოგივიდა. სოფელში მაინც მივდივარ, თანაც მარტო არა. - ვიცრუე, მაგრამ არ მინანია. არა, იმ ყველაფერს ვერ ვეტყოდი, რაზეც ვფიქრობდი, ყოველ შემთხვევაში ახლა. - ხო, მაგრამ არა მგონია იქ ჩემზე ფიქრს თავი დააღწიო. შენ ხომ სწორედ ამას გაურბოდი შენი სახლიდან? - ნიშნისმოგებით მითხრა მან და გზას გახედა. - ახლა მეც იქ ვიქნები. - მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო. ამჯერად ეს სასიამოვნო პროცესი იქნება. - წარბები ავზიდე მე. გამიკვირდა ასე თამამად რომ ვთქვი ეს ყველაფერი. ისევ გამიღიმა მაგრამ არა ისე, როგორც წეღან. სახეზე სევდამ გადაურბინა და არაფერი მიპასუხა. - გაბო, ვიცი რასაც ფიქრობ, - ვუთხარი. - და მიუხედავად შენი გადაწყვეტილებისა, არ ვაპირებ რაიმე ავუკრძალო ჩემს თავს, მით უმეტეს, რომ ჩემთვის ეს სასიამოვნოა და ამავეს გირჩევ შენც. - იოლია თქმა ნაია, იმიტომ, რომ ჩემი თვალით არ უყურებ ამ ყველაფერს. - და არც მინდა რომ ვუყურო. უბრალოდ იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. ახლა კი აქ გადაუხვიე და პირდაპირ წადი. - გზა ვაჩვენე მე და დანარჩენი მანძილი, სანამ სახლამდე მივედით, არც ერთს სიტყვა არ დაგვცდენია. *** შევეცადე რაც შეიძლებოდა უხმაუროდ გამეღო ჭიშკარი, არ მინდოდა ღამით მიმექცია მეზობლების ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახლი სოფლის ბოლოს, მეზობლებისგან საკმაოდ შორს იყო. მანქანა ავტოფარეხში გავაჩერეთ და სახლში შევედით. შუქი ავანთე და ირგვლივ მიმოვიხედე. ისეთი სიმყუდროვე იყო, რომ ერთიანად დავმშვიდდი. ნაცნობმა, მონატრებულმა გარემომ მოგონებები აღმიძრა და რამდენიმე წამში გაირბინეს ჩემს თვალწინ აქ გატარებულმა ლამაზმა წლებმა. შემდეგ სტუმარს მივუბრუნდი და ვუთხარი: - კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს მეორე სახლში. - გავუღიმე გაბოს და აივნიდან ჩემოდანი შემოვიტანე. - რა სიტყვათა ირონიაა. - ჩაილაპარაკა მან და ოთახს თვალი მოავლო. - დაიწყე ისევ ხომ? - გავხედე შუბლშეკრულმა. - რა დავიწყე? - გაიკვირვე, ვითომ ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი. - სისულელეები. - იცი ნაია, შენთან ყოფნის ის პირველი 7 დღე ჯობდა. მაშინ ამდენს არ ბრაზობდი. - მაშინ ჯერ კიდევ მქონდა იმის ნებისყოფა, რომ ემოციები მომეთოკა. ახლა ამას შეუძლებელს ხდი. - გინდა თქვა რომ ეგ ჩემი ბრალია? - გაიოცა. ესეც ცინიკოსი გაბრიელი. ახლა რომ არ გავცლოდი, ლამაზ პატარა თმაში ვწვდებოდი ალბათ. - ძალიან გთხოვ, ჩემს ნერვებსაც გაუფრთხილდი. და საერთოდ, შენ ახლა უნდა იწვე. ისიც გეყოს, მთელი გზა დაძაბული რომ იჯექი საჭესთან. - კარგად ვგრძნობ თავს. - როგორ დავიჯერო, რომ ტკივილგამაყუჩებელმა ამდენი ხნის შემდეგაც ძალა არ დაკარგა? - ეჭვის თვალით გავხედე. - მოგწონს, რომ მივლი?. - გაეცინა მას. - ხო ძალიან სასაცილოა. ჩემი ძმის ოთახში ავალ, ზეწრებს გამოვცვლი და დაწექი. უნდა დაისვენო. - ზურგი ვაქციე მას, აივანზე გავედი და მეორე სართულზე ასასვლელ კიბეს ავუყევი. მეორე სართულის აივანზე ცოტა ხნით შევჩერდი, მოაჯირს ხელის გულებით დავეყრდენი და ჰაერი ხარბად შევისუნთქე. ირგვლივ ჭრიჭინების გამაყრუებელი ხმა ისმოდა და აქა-იქ ციცინათელებიც ანათებდნენ. რა კარგი იქნებოდა ახლა ყოველგვარი პრობლემების და იძულების გარეშე რომ ვყოფილიყავი აქ. მშვიდად და უდარდელად დამესვენა... გაბოსთან ერთად. გამეცინა. ორი წამით მთვარეს შევავლე თვალი, შემდეგ გასაღებით კარი გავაღე და შიგნით შევედი.. ბაჩოს ოთახში შევაბიჯე და შუქი ავანთე. ამ წუთას ისე ვიგრძენი უმისობა, რომ ყელში რაღაც გამეჩხირა.. თურმე ძალიან მომნატრებია ჩემი უფროსი, მაგრამ გადარეული ძამიკო. ღმერთო ჩემო, ისინი ხომ ერთ კვირაში ჩამოვიდოდნენ? მოგვარდებოდა კი მანამდე გაბოს პრობლემები? შევძლებდით ერთ კვირაში თბილისში მშვიდობით დაბრუნებას? ესეც ახალი პრობლემა. გადავწყვიტე მომდევნო დღეს დამერეკა მათთვის და გამეგო რას აპირებდნენ. კარს მოვშორდი, კარადა გამოვაღე და ახალი ზეწრები გამოვიღე, საწოლი გავშალე და ზეწრების გამოცვლა დავიწყე. - ლამაზი ეზო გაქვს. - მომესმა გაბოს ხმა ზურგიდან და შეშინებული შემოვბრუნდი. ვერც კი გავიგე, როგორ შემოვიდა ოთახში. - გული გამიხეთქე. - გამეცინა. - ხომ ხედავ, ყველანაირად ვცდილობ კომფორტი შეგიქმნა. - ღია კარში შედგა ის და ჭრილობაზე ხელი დაიდო. - როდემდე უნდა გააგრძელო შენი თავის დადანაშაულება იმაში, რაც ახლა ხდება?! - ხო ნაია, რაც ახლა ხდება ჩემი ბრალია. მე არ ვგულისხმობ ჩემს პრობლემას, ამაზე არც კი ვნერვიულობ, მე შენი ამჟამინდელი ყოფა მადარდებს. - გაბო, მოდი რა შევთანხმდეთ, რომ ამაზე აღარ ვიკამათებთ. რაც მოსახდენი იყო მოხდა. მთავარია მე არ ვნანობ არაფერს. - სამაგიეროდ მე ვნანობ და ნუ ცდილობ დამარწმუნო იმაში, რომ ყველაფერი რიგზეა. - შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ყველაფერს ისე აბრუნებ, რომ საუბრის სურვილი მიქრება, დავიღალე. - ამ გარემომ ჩემი სოფელი გამახსენა. - ჩაილაპარაკა ისე, თითქოს ჩემს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია. - ერთხელ აუცილებლად წაგიყვან იქ. თემის ასე რადიკალურმა ცვლილებამ გამაბრაზა. - ხო, ალბათ ძალიან კარგი იქნება. - ვთქვი და მის წინ ავიტუზე. - შეგიძლია გამატარო? ჩემს ოთახში უნდა შევიდე. არაფერი მიპასუხა, არც განძრეულა, ჩვეულად მომაჩერდა შავი, მოელვარე თვალებით და ერთხანს ასე მათვალიერა. - გაბო, გამიშვებ თუ არა? - ვთქვი წყობიდანგამოსულმა. მისმა საქციელმა ატმოსფერო საშინლად დაძაბა. ნახევარი ნაბიჯით მომიახლოვდა და ჩვენ შორის არსებული მანძილი სულ უმნიშვნელო გახდა. ხელი ასწია და ლოყაზე მომეფერა. ისეთი მსუბუქი და ამაღელვებელი იყო ეს შეხება, რომ შიგნით საოცარი რამ ვიგრძენი. გული გამალებით აძგერდა და დამშვიდებას არც კი ცდილობდა, მით უმეტეს, რომ ამის საშუალებას არც აძლევდნენ. მისი თითები ყელზე ჩამოცურდნენ და სანამ ისევ ლოყაზე დაბრუნდებოდნენ, ყურთან მისი ცხელი სუნთქვა მომელამუნა. თავს ძლივს ვაკონტროლებდი. თან მიკვირდა გაბოს საქციელი, ის ხომ ყოველთვის შორს იჭერდა ჩემგან თავს? ახლა კი იმდენად ახლოს იყო, რომ მისი ხშირი სუნთქვით გამოწვეულ მკერდის მოძრაობას ვგრძნობდი და სისხლი მიდუღდა. მეორე ხელიც ასწია, ჩემი სახე თითებში მოიქცია და ცხვირით ლოყაზე მომეფერა. ღრმად ჩავისუნთქე, მის მკლავებს ჩავეჭიდე და კიდევ უფრო ახლოს მივიწიე. ვხვდებოდი, როგორ მეცლებოდა თანდათანობით ძალა და მე არაფერს ვაკეთებდი ენერგიის შესანარჩუნებლად. სულ ოდნავ, ძალიან მკრთალად ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება ჩემს ბაგეებზე და შემდეგ ჩუმად თქვა: - არა, არა... - სახეზე თითები ჩამომისვა, წინ ჩამოყრილი ჩემი თაფლისფერი თმა გადამიწია და გვერდზე გადგა. - წადი ნაია. თავი საშინლად ვიგრძენი. ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი ერთ ადგილას და კარის სახელურს მივჩერებოდი. ზურგიდან მისი ხშირი სუნთქვა მესმოდა, მაგრამ მისთვის არც კი შემიხედავს. ადგილს მოვწყდი და ჩქარი ნაბიჯით გავედი. მოპირდაპირედ ჩემს ოთახში შევვარდი და კარადას ვეცი, ახალი ზეწრები გადმოვყარე და საწოლზე დავყარე. ჯერ კიდევ თავიდან არ ამომდიოდა განვლილი წამები, ჯერ კიდევ ვგრძნობდი სახეზე მის ცხელ სუნთქვას და ყველაფერ ამას წყობიდან გამოვყავდი. არა, როგორმე თავიდან უნდა ამომეგდო, თორემ ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდი თანდათან ნებისყოფას. საბანს ხელი დავავლე და ზეწარს ისე ძლიერად მოვქაჩე გადასაძრობად, რომ გაიხა. - ჯანდაბა! - რამის ვიყვირე და მოთმინებადაკარგულმა საბანი მოვისროლე. თითები თმაში შევიცურე და თვალები დავხუჭე, დამშვიდდი, დამშვიდდი, დამშვიდდი... ვუმეორებდი ჩემს თავს და ღრმად ვსუნთქავდი, სულ რამდენიმე წუთი მჭირდებოდა, რომ მღელვარება ჩამეცხრო და ეს წუთი ნელ-ნელა იწყებოდა, მაგრამ უცბად ვიგრძენი როგორ ჩაეჭიდნენ ჩემს მკლავს თითები და სწრაფად მიმაბრუნეს. - გაბო... - ჩავილაპარაკე მე, მინდოდა მეთქვა ნუ მაწვალებ მეთქი, მაგრამ არ მაცადა, თავისკენ მიმიზიდა და ვნებიანად მისწვდა ჩემს ტუჩებს. თითქოს ერთიანად იჩქეფა ჩემში სისხლმა და საფეთქლებზე მომაწვა. თითოეული ძარღვი, ჩემი სხეულის ყველა უჯრედი იწვოდა. სუნთქვა შემეკრა და ერთი წამით მეგონა, რომ გული გამიჩერდებოდა, მაგრამ შემდეგ იმდენად აჩქარდა, რომ მეც ამიყოლია. ხელები კისერზე შემოვხვიე და მაისური ერთი ხელის მოსმით გავაძრე. მის თმას ჩავებღაუჭე და მთელი ძალით მივეკარი. - ფრთხილად! - წამოიძახა მან და უკან დაიხია. თვალები გავახილე და დავინახე, სახე შეეკრა და ხელი მუცელზე მიედო. ჭრილობა ვატკინე. - მაპატიე. - ამოვილუღლუღე შეწუხებულმა და პირზე ხელი ავიფარე. გაბოს გაეცინა. წელზე ხელი მომხვია, ისევ თავისკენ მიმიზიდა, სახე ჩემს თმაში ჩარგო და კისერზე მისი ცხელი ტუჩები ვიგრძენი, რომლებიც მხარს ჩამოუყვნენ, ყელზე აცოცდნენ და ტუჩებისკენ გაიწიეს. ერთიანად მისით შევიბოჭე. გონება ვეღარაფერზე ფიქრობდა. ახლა მხოლოდ სხეული გრძნობდა და სხეულივე ფიქრობდა. არ არსებობდა პრობლემა, ნერვიულობა, შიში, ღელვა. ყველაფერი გაქრა, მხოლოდ ვნება იყო და ვიყავით ჩვენ. მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადმოდგა წინ, რამაც უკან დახევა მაიძულა, ხელით ოდნავ მიბიძგა, თავი ვერ შევიკავე და საწოლზე დავვარდი. გაბო ისევ ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ვიგრძენი, როგორ ჩაცურდნენ მისი ხელები თეძოებზე, როგორ წაეტანნენ ჩემს ჯინსის შარვალს და ვერც კი მივხვდი, როგორ გაქრა ტანსაცმელი ჩემი სხეულიდან. *** ძალიან ნელა გავახილე თვალები, ტკბილი ძილიდან გამოსვლა მიჭირდა. ქუთუთოები მძიმედ ავწიე და თეთრად შეღებილ კედლებს მოვავლე თვალი. ფრთხილად ვიცვალე გვერდი და ჩემს თითებზე ჩაჭიდებულ ხელს დავხედე, ხელს, რომელიც მთელი ღამე მეფერებოდა და ახლაც არსად არ მიშვებდა. გამეღიმა და თვალწინ წუხანდელმა ვნებიანმა წუთებმა გამირბინეს. ხელს თვალი გავაყოლე, გაბოს შევხედე და გულმა რიტმულად იწყო ძგერა. მშვიდად სუნთქავდა. მკერდსა და სახეზე ჯერ კიდევ აჩნდა დარტყმისგან დამჩნეული სილურჯეები. მაგრამ ის, რომ ის ჩემს გვერდით, ასე ახლოს იყო სხეულზე სასიამოვნო ეკალს მაყრიდა... და ამ წუთას მისი სწორი და პატარა ცხვირი, გრძელი წამწამები, სწორი წარბები, მკაცრი, ოდნავ გამობურცული ტუჩები, მისი თლილი თითები, მისი მხრები და ხავერდოვანი კანი შემიყვარდა, შემიყვარდა ჩემს გვერდით მყოფი და ვიგრძენი როგორ ავივსე ამ გრძნობით. ირგვლივ ყველაფერმა დაკარგა აზრი, მივხვდი რამდენად ძვირფასი იყო ის ჩემთვის.. სიამოვნებისგან ღრმად ჩავისუნთქე და გაბოს ფრთხილად შევუშვი ხელი. თითები სახისკენ წავიღე და შევცბი. ერთი ხელი წითელი მქონდა. დავიზაფრე, იმ წუთას ვერ მივხვდი ეს რა იყო. წამოვიწიე და ჩემი სხეული შევათვალიერე, მუცელი სულ მთლად სისხლიანი მქონდა. შეშინებული წამოვხტი და საწოლს დავხედე, ისიც წითელი იყო. ადგილს მოვწყდი, კარადიდან თხელი ხალათი გამოვიღე, მოვიცვი და ჩაჩუმებულ გაბოს მივვარდი. - გაბო! - დავუძახე მას და სახეზე ხელები მოვკიდე. - რა მოხდა ნაია? - ჩაიბუტბუტა ჯერ კიდევ ბურანში მყოფმა. - გაბო, კარგად ხარ? - ცუდად რატომ უნდა ვიყო? - თვალები გაახილა და გამიღიმა. - გაბო გეყოფა რაა, ჭრილობა გაგეხსნა. - ვუთხარი და ზეწარი მუცლამდე ჩამოვუწიე. - არაუშავს. - წამოიწია და ისევ გამიღიმა. მე კიდევ გავბრაზდი. - ჩაიცვი, მე ახლავე მოვალ. წყალს გადავივლებ უცბად. ოღონდ ფრთხილად იყავი, კარგი? - მივაყარე სიტყვები ერთმანეთს და აბაზანისკენ სირბილით გავეშურე. *** ჭრილობა თავიდან გავკერე და შევუხვიე. ოთახი მივალაგე და გაბოს ვუბრძანე საწოლიდან ცოტა ხნით მაინც არ ამდგარიყო. - მაშინ შენ მოდი აქ. - მითხრა მან და ხელით თავისკენ მიმანიშნა. საწოლზე დავეშვი, თავი მის მკერდზე დავდე და მივეხუტე. თავი ასე უსაფრთხოდ და მშვიდად არასოდეს მიგრძნია. ის ენერგია და მუხტი, რაც გაბრიელისგან მოდიოდა, თანდათან მავსებდა და შინაგანად მაძლიერებდა. ეს ალბათ იმ ახალი გრძნობის ბრალი იყო, რასაც მის მიმართ განვიცდიდი. სამი კვირა - ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთ მცირე დროში შემყვარებოდა ეს ადამიანი? კი, ალბათ შესაძლებელი იყო რადგან მე მიყვარდა მისი სუნთქვა, მისი თითოეული თვალის დახრა, მოძრაობა, სახის გამომეტყველება, ღიმილი, რომელიც ხანდახან მაღიზიანებდა და მისი სიჯიუტეც კი. მეშინოდა ერთადერთი რამის, ეს იყო იმედგაცრუება. არა, მე არ ვგულისხმობ გაბოს გრძნობებს, რადგან ვამჩნევდი და ვგრძნობდი ჩემდამი მის თბილ დამოკიდებულებას. ეს სიტუაციიდან გამომდინარე იმედგაცრუება იყო. ახლა ადრინდელზე მეტად არ მინდოდა ვინმეს ან რამეს გაბო საფრთხეში ჩაეგდო, არ მინდოდა მისგან შორს ყოფნა და ყველაფერი ეს მის გადაწყვეტილებასთან იყო დაკავშირებული. ღრმად ჩავისუნთქე და გაბოს მაისურს ჩავებღაუჭე. არ მინდოდა მომავალზე ფიქრი, აწმყო მსიამოვნებდა და ბედნიერი ვიყავი. არ მინდოდა მომავალზე დარდს ახლანდელი სიმყუდროვე დაერღვია. - არ გშია? - ვკითხე მას, ნიკაპით მკერდზე დავეყრდენი და თმაზე მოვეფერე. - წესით უნდა მშიოდეს, მაგრამ არა. - გამიღიმა. - შენ? - მე ძალიან. მარკეტში წავალ და რამეს ვიყიდი, მაგრამ ახლა არა, ცოტა ხანში. - სოფლისგან ცოტა შორს ვართ არა? - ხო, თხუთმეტი წუთი მაინც მჭირდება მარკეტამდე რომ მივიდე, მაგრამ არაუშავს. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მინდოდა წუხანდელ ღამეზე რამე ეთქვა, მაგრამ თავად არ შემეძლო მისთვის კითხვა დამესვა ამაზე. - ნაია, - დაიჩურჩულა მან და თითები თმაში შემიცურა. - იცი, მივხვდი, რატომაც დავბრუნდი შენთან. მიზეზი ის არის, რომ შეგეჩვიე, და ეს ძალიან მაშინებს. - რატო გაბო? - ისევ იქიდან გამომდინარე, რაც ჩემს თავს ხდება. მეშინია იმიტომ, რომ მიუხედავად ამ შეჩვევისა და იმ სასიამოვნო გრძნობისა, რაც შენთან მაკავშირებს, ჩემს გადაწყვეტილებას ვერ ვცვლი. - დრო კიდევ გაქვს ამაზე დასაფიქრებლად, ვნახოთ რას გვეტყვის გიორგი. - რაც არ უნდა თქვას ნაია. ახლა მიზეზი მეტი მაქვს. წამოვიწიე და მის წინ დავჯექი. - არ მინდოდა, რომ ეს კითხვა დამესვა შენთვის, მაგრამ ახლა ვხვდები რომ საჭიროა. მომიყევი გაბო რა მოხდა მას მერე, რაც წახვედი. - სიკვდილს ერთ ნაბიჯზე გამოვასწარი... თუმცა არ ვიცი, იქნებ ეს ჯობდა კიდეც. - ხელი ჩამჭიდა მან. - არ მინდა დაწვრილებით იმის მოყოლა, რაც იქ მოხდა, შედეგს თვითონაც ხედავ. - ჭრილობაზე დაიხედა მან. - თუ გახსოვს, სანამ წავიდოდი, წინა დღისით ლევანის ველაპარაკე. ჭანიას თბილისის გარეუბანში კერძო სახლი აქვს. ბიჭები უთვალთვალებდნენ. ვიცოდი იქ ხშირად მიდიოდა. მინდოდა იმ სახლში დამემარტოხელავებინა და ის რვა დღე ამას ველოდი. ხაფანგი დამიგეს. ალბათ იცოდნენ, რომ ამ ხერხს ადრე თუ გვიან მივმართავდი და მივედი თუ არა იქ, გამომიჭირეს. ხუთი დღე იქ ვიყავი. ეგონათ, რომ საგულდაგულოდ ვიყავი ჩაკეტილი, მაგრამ ასე არ იყო... ორიოდე წუთით დამტოვეს მარტო, და მეც ამით ვისარგებლე... გამიჭირდა ჭრილობის გამო, მაგრამ ფანჯრიდან მოვახერხე გადმოხტომა... არ ვიცი შენამდე როგორ მოვედი... არც ის ვიცი რატომ გააჭიანურა ჭანიამ ჩემი მოკვლა, მით უმეტეს მას შემდეგ რაც გავიგე. იცი ნაია, რაც აქამდე ვიცოდი ტყუილი ყოფილა. მას სოფო იმ უბრალო ფსიქოპათური ახირების გამო არ მოუკლავს, მიზეზი უფრო სერიოზული იყო. ჭანიას, გარდა ადვოკატურისა, შემოსავლის სხვა წყაროც აქვს - არაკანონიერი. არ ვიცი როგორ, მაგრამ თურქეთიდან მოპარული ტექნიკა შემოაქვს და ყიდის აქ. გარდა ამისა ფულს ათეთრებს და ამით ერთობა... სოფომ ეს ყველაფერი შემთხვევით გაიგო, როცა თავის "უფროსთან" კაბინეტში აპირებდა შესვლას სამსახურის საქმეზე. ალბათ ჭანია და თავისი მეწყვილე, თუ არ ვიცი ვინ, საკმარისზე ჩუმად ვერ ლაპარაკობდნენ და სოფომ ყველაფერი მოისმინა. ჩემმა დამ შეცდომა დაუშვა... მაშინვე უთხრა რაც გაიგო, სამსახურშივე ეჩხუბა და წამოვიდა... ის ნაბაიჭვარი მოგვიანებით დადევნებია უკან. ჩემს დას აღარ უნდოდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება და იმითაც კი დაემუქრა, რომ არ გაჩუმდებოდა და დაასმენდა. ჭანიას ალბათ შეეშინდა, იცოდა, რომ ჩემი და ნათქვამს ყოველთვის ასრულებდა, ხოდა... მოკლედ დედა ალბათ ჩხუბის ხმაზე ჩავიდა სარდაფში, სადაც ისინი იყვნენ... - კარგი. - ჩავიჩურჩულე მე და ჩაჭიდებულ ხელზე თითები მოვუჭირე. - გაბო, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს? არაფერი მიპასუხა. ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ ცდილობდა თავის დაწყნარებას. ცოტა ხნით ვაცადე და შემდეგ ვუთხარი: - ახლა მით უმეტეს ეს საქმე პოლიციას უნდა მიანდო გესმის? ეს მათ უნდა გამოიძიონ. დარწმუნებული ვარ ჭანია საკადრისად აგებს პასუხს. ძალიან გთხოვ გაბო, დაფიქრდი. - მუდარით შევხედე მას. თვალი მომარიდა და ხელიც შემიშვა. ლამის გავგიჟდი. - გაბო ვერ ხვდები რას აკეთებ? - ხმას ავუწიე, მაგრამ თავის გაკონტროლება ვცადე და შედარებით რბილად განვაგრძე. - არ მინდა, რომ რასაც ახლა ვიტყვი, სიტყვების უაზროდ ფანტვა იყოს. გაბო დაფიქრდი. ის რაც შენს საქციელს მოჰყვება, საშინლად მატკენს გულს... არა, გულის ტკენა კიდევ რბილადაა ნათქვამი. ვერ ხვდები, რომ ჩემთვის სულ ერთი არ ხარ? გინდა, რომ ის სასიამოვნო გრძნობა, რასაც ჩემს მიმართ განიცდი გისოსებს მიღმა გამოკეტო? გაბო, ხომ იცი, რომ ადამიანის მკვლელობა ორი-სამი წლით არ ისჯება? მით უმეტეს თუ ის განზრახაა ჩადენილი. მე არ მინდა, საშინლად არ მინდა, რომ შენთან გატარებული დღეები მხოლოდ მოგონებები იყოს. არ მინდა წუხანდელ ღამეს ტკბილი სიზმარი ერქვას... მაგრამ როგორც ჩანს შენთვის ეს ყველაფერი სულ ერთია. დავინახე, როგორ შეკრა შუბლი, საწოლიდან წამოდგა და ოთახის შუაში შეჩერდა. - ამას არ უნდა ამბობდე ნაია. ჩემს თავზე მეტად შენზე ვღელავ და არც შენ ხარ ჩემთვის სულ ერთი. გახსოვს, რომ გითხარი არ მინდა გული დაწყდესთქო? სწორედ ამას ვგულისხმობდი. - მაგრამ შენ ხომ ყველაფრის შეცვლა შეგიძლია, შეგიძლია, რომ ჩვენს ურთიერთობას პრობლემები არ შეუქმნა, უბრალოდ შენ ეს არ გინდა. - მე არ მინდა, რომ ის ცოცხალი დადიოდეს, ნაია. - ანთებული თვალები მომაბჯინა მან. - ჯანდაბას ჭანია! - გავბრაზდი. - მესმის რომ მან შენთვის საყვარელი ადამიანები მოკლა, მაგრამ ეს წარსულში იყო, ახლა კი მისი სიკვდილით დასჯა ჩვენს გრძნობებს ფუჭს გახდის გაბო! - მე ეგ მესმის... - არა, არ გესმის! - გავაწყვეტინე და საწოლიდან მეც წამოვხტი. - შენ ისიც არ გესმის, როგორი მნიშვნელოვანი გახდი ჩემთვის, არ მინდა, რომ მკვლელი იყო, არ მინდა! - დავიყვირე, სახეზე ხელები ავიფარე და ზურგი ვაქციე. არ მინდოდა ჩემი ცრემლები ენახა. შინაგანად ყველაფერი მტკიოდა. მინდოდა მეყვირა, ხმამაღლა მეყვირა, რომ ის ტკივილი გამედევნა, რომელიც ჩემში ბუდობდა. ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა, ხელები მომხვია და ჩამეხუტა. ავქვითინდი, თავი მის მკერდს მივადე და მაისურს ჩავეჭიდე. - მაპატიე. - მითხრა ჩუმად და თავზე მაკოცა. თავი გავიქნიე და მოვცილდი. სარკესთან მივედი და ცრემლების მოწმენდა დავიწყე. - არ ვიცი, არ ვიცი გაბო რატომ გინდა ცხოვრების გართულება, მით უმეტეს ახლა, როცა შანსი გაქვს წარსული დაივიწყო და ბედნიერი იყო... დავიღალე შენი გადარწმუნებით. - სარკეში ჩემს ზურგს უკან მისი სხეულიც აირეკლა. თავისკენ შემაბრუნა, მთელი სხეულით მიმიკრო და ჩემს ტუჩებს მისწვდა. კანქვეშ დატრიალებულმა ვნებამ თითქოს გააფერმკრთალა წყენა და გულისტკივილი, მაგრამ ეს მხოლოდ წუთიერად. ცოტა ხნით მისი ტუჩების და ხელების სიმხურვალეს მივენდე და დავივიწყე წეღანდელი კამათი, რომელიც არაფერს ცვლიდა. სახეზე თითები ჩამოვუსვი და ჩავიბუტბუტე. - მარკეტში წავალ და რამეს ვიყიდი. - მალე დაბრუნდი. - მითხრა მან და ნაღვლიანად გამიღიმა. საფულე და მობილური ავიღე და ფართო ეზოს გავლით ვიწრო ქუჩას დავადექი. *** სახლში საკმაოდ დატვირთული მოვედი. საბედნიეროდ ნაცნობი ერთადერთი მოხუცი ნანი ბებო შემხვდა, რომლის შვილიშვილებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. ქალმა მომიკითხა და გამიხარდა, რომ მითხრა ბავშვები ქობულეთში არიან დასასვენებლადო. ახლა გამიხარდა თორემ სხვა დროს მათთან ერთად კარგ დროს ვატარებდი ხოლმე. პროდუქტები სამზარეულოში შევიტანე. მტვრები უცბად გადავწმინდე და ჩემს საძინებელში დავაპირე ასვლა, რომ ფანჯრიდან გაბოს მოვკარი თვალი. სამზარეულოს ფანჯრიდან მთელი უკანა ეზო მოჩანდა, სადაც ყვავილების ბაღი იყო, კაკლების ქვეშ ჰამაკი და იქვე საქანელა ეკიდა, მოშორებით რკინის მრგვალი მაგიდა და რკინისავე ექვსი სკამი იდგა. კაკლების გვერდით კი ხის გრძელი მორი ეგდო, რომელსაც სკამის დანიშნულება ჰქონდა. ამ ადგილიდან ხშირად მინახავს მზის ჩასვლა და ამოსვლა. სწორედ ამ ხის მორზე იჯდა გაბო. უკანა ეზოში გასასვლელი სამზარეულოს კარი გამოვაღე და პატარა აივანზე გავედი. - გაბო მოვედი! - დავუძახე მას. ნახევარი ტანით შემობრუნდა და გამიღიმა. - სადილს მოვამზადებ და დაგიძახებ, ან თუ გინდა მოდი. - კარგი. - მიპასუხა მან და შებრუნდა. სამზარეულოში შევედი და სადილის მომზადებას შევუდექი. აღარ მინდოდა ჩვენს კამათზე ფიქრი, მობილურში მუსიკები ჩავრთე და ვეცადე გავმხიარულებულიყავი. გაბოს კი აღარ დავაძალე შემოსვლა. ალბათ ფიქრობდა, ეს კარგია. სანამ სადილს მოვამზადებდი დრო ექნებოდა ფიქრისთვის და იმედია ეს რამე შედეგს გამოიღებდა. შემდეგ კი შევეცდებოდი მის გამხიარულებას, მანამ მაინც, სანამ გიორგი მოვიდოდა და ახალ ამბავს გვეტყოდა. მაინტერესებდა რატომ მოგვიწია თბილისიდან წამოსვლა. *** დაახლოებით ერთ საათში ყველაფერს მოვრჩი, აივანზე გავედი და ისევ მორზე მჯდომს დავუძახე. - გაბო სადილი მზადაა, მოდი ვჭამოთ. - და სამზარეულოში შევბრუნდი, მაგიდა გავაწყვე, მაგრამ ის არ ჩანდა. ფანჯრიდან გავიხედე, ისევ იქ იჯდა და არ იძვროდა. რამდენიმე წუთით კიდევ დაველოდე, მაგრამ რომ შევატყვე ადგომას არც აპირებდა, გარეთ გავედი. მწვანე ბალახით მოფენილი ეზო გავიარე და მის გვერდით, მორზე ჩამოვჯექი. - რადგან მუჰამედი არ მიდის მთასთან სასადილოდ, მთა თვითონ მივიდა მიზეზის გასარკვევად მუჰამედთან. - ვუთხარი და სახეზე მივაცქერდი. - სულელო. - მითხრა მან და გამიღიმა. თავი მხარზე ჩამოვადე და ჩემს წინ გაშლილ ყვავილნარს გადავხედე. შორს, ლურჯად მოჩანდა მაღალი მთები, რომლებსაც თავზე შავი ღრუბლები ეხურათ ქუდად. - თუ ჩემს მომზადებულ სადილს გაურბიხარ, დარწმუნებული იყავი იმაში, რომ არ მოიწამლები.- ისევ ვეხუმრე. - ვიცი, ამაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დავრწმუნდი. - აბა რა ხდება? მეგონა დაივიწყებდი ჩვენს კამათს. - მეც ასე მეგონა, მაგრამ იოლი არაა ნაია. ორად ვარ გაჭრილი და არ ვიცი როგორ მოვიქცე. მინდა, რომ დაგიჯერო და თან სიძულვილიც მახრჩობს. - დაივიწყე, ცოტა ხნით მაინც დაივიწყე ეს გთხოვ, მანამ მაინც, სანამ რაიმე ახალი გამოჩნდებოდეს. მინდა, რომ აქ მხოლოდ მე, შენ და ჩვენი სითბო ვიყოთ და მეტი არაფერი. შეხედე, ირგვლივ ისეთი სიმშვიდე და სილამაზეა, და იმდენად ჩემი მგონია ეს ყველაფერი, რომ მხოლოდ შენ თუ გაგიყოფ, სხვას არავის. - წამოვდექი და ხელები თითებზე ჩავჭიდე. - წამოდი, ვისადილოთ, თორემ გაცხელებულ საჭმელს თავდაპირველი გემო ეკარგება. აღარ გაჯიუტებულა, წამომყვა და სადილს შევუდექით. ამჯერად ტრადიცია დაარღვია და ჭამისას მელაპარაკებოდა. მითხრა, რომ გიორგის დაურეკა და ჩვენი ადგილსამყოფელი აცნობა. პოლიციელს უთქვამს, რომ დღეს საღამოს ნაცვლად, ხვალ ამ დროს გვესტუმრებოდა. გაბოსთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ ვღელავდი იმაზე, თუ რა ამბავს ჩამოიტანდა მისი მეგობარი. როდესაც მან დამირეკა, ისეთი აფორიაქებული ხმა ჰქონდა, რომ შიშმა შემიპყრო და მისი რაღაც ნაწილი აქამდეც მომყვა. *** სადილის შემდეგ ისევ ბაღში გავედით და გაბოს იმდენი ვეწუწუნე, რომ საქანელაზე დავსვი. არ ვიცი რა დამემართა, პატარა ბავშვივით გავჭირვეულდი. ჩემი ქცევა გაბოს ართობდა და დამცინოდა, მაგრამ დავსვი თუ არა საქანელაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ახირება იყო, ახლა მე დავცინე. ეს სერიოზული ბიჭი იმდენად სასაცილოდ გამოიყურებოდა ხის საქანელაზე, რომ ვეღარ გავჩერდი, მუცელზე ხელები მივიჭირე და მწვანე ბალახზე ხარხარით გავგორდი. - შენი დასაცინი გავხდი, ხომ? - მომესმა გაბოს სიტყვები და თავზე წამომადგა, ხელები კოჭებზე ჩამავლო, ჰაერში ამზიდა და დამაბზრიალა. განწირული კივილი წამოვიწყე და ვემუდარებოდი დავესვი. თავი რომ არ დამანება, შევახსენე ჭრილობა არ გაგეხსნას მეთქი და ამან გაჭრა. შემდეგ ჰამაკში ჩავსხედით, გაბოს ვთხოვე გაჩუმებულიყო, მობილურს დიქტოფონი ჩავურთე და ესპანეთში მამასთან დავრეკე. - ნაია, როგორ ხარ დედიკო? - თენგოს ნაცვლად მომესმა დიანას ხმა. გაბო სმენად იქცა და მის მსახიობურ გამომეტყველებაზე გამეცინა. - კარგად დეე, თქვენ როგორ ხართ? - მოვიკითხე ისინი. - კარგად ვართ შვილო. რა ხდება სახლში, ხომ მშვიდობაა? - კი დე. ახლა სოფელში ვარ, გუშინ ჩამოვედი, თბილისში ძალიან ცხელოდა. - კარგად მოგიფიქრებია ძალიან. მანდ როგორ არიან მეზობლები? - სიმართლე გითხრა, ჯერ არავინ მინახავს. მარკეტში ვიყავი, მაგრამ ნანი ბებოს მეტი არავინ შემხვედრია. - ნაია, მარტო ყოფნა ხომ არ გიჭირს? ჩვენ შეიძლება ერთი კვირით კიდევ მოგვიწიოს დარჩენა. გაბოს გავხედე, რომელიც უხმოდ, პირის მოძრაობით ამბობდა - " არა დედიკო, არ გვიჭირს". მხარზე ხელი მივარტყი და დედას ვუპასუხე. - არა დეე, თავს მშვენივრად ვგრძნობ. არც იმაზე იდარდოთ დარჩენა თუ გიწევთ. ბაჩოსგან რაც უფრო დიდხანს დავისვენებ, მით უკეთესი ჩემი ნერვებისთვის. - რაო რა ილაპარაკე ამ წუთაას? - მომესმა ჩემი ძმის ხმა. ალბათ დედას მობილური წაართვა. გაბომ ბაჩოს ხმა რომ გაიგო ხელოვნურად დასერიოზულდა. გამეცინა. - მაგაზე არ იდარდო დაიკო, რომ ჩამოვალ ერთიანად აგინაზღაურებ. - ღმერთო, ჭკუა როდის უნდა მოგემატოს გადარეულო, 26 წლის ბებერი ხარ უკვე. - სხვათა შორის, რომ იცოდე დაიკო, ჩემნაირ ბებრებზე ოცნებობს ესპანეთის მდედრთა წარმომადგენლობა. - გადასაშენებელი მუსუსი ხარ, ძმაო. - გავიცინე მე. - თბილისიდან რატომ, წამოხვედი, ვინმე გივარდებოდა სახლში? - მკითხა ბაჩომ და მე ლამის პირი დავაღე. გაბოს გავხედე, რომელსაც პირზე ხელი აეფარებინა და იცინოდა. შემდეგ ცერა თითი აბზიკა, ჩემს ძმას ნათქვამი მოუწონა და დამშვიდება დაიწყო, რადგან ჭრილობა ეტკინა. გულმოსულმა ჩემს ძმას ვუთხარი: - შენი საქმე არაა! - აუ დაიკო, მოკლედ იუმორში ხომ ნული ხარ, სამაგიეროდ ფრიადოსანი ხარ ბუზღუნში რა. - თქვა მან და გაიცინა. - ხო, მაგარი ხარ, მაგარი. მორჩი ახლა ჩემს დაცინვას და დასერიოზულდი ცოტა. - ნუ გეშინია, მომავალ სასიძოს ისეთი სერიოზული გავეცნობი, რომ მგონი აქეთ მეხვეწებოდე, ხანდახან მაინც გაუცინეო. გაბოს ისევ უხმო სიცილი აუტყდა. - თავი მომაბეზრე ბაჩო! ბებია და ბაბუა სახლში არიან? - არა, მამა წაიყვანეს სადღაც. - კარგი. მომიკითხე ისინი და დამიკოცნე. "ნერვა" ხარ მაგრამ მაინც მიყვარხარ. - თავს არ მოგანატრებ დაიკო. ხომ იცი, ჩვენ რომ ერთად ვისვენებთ, სოფელში როგორი ჰარმონია სუფევს ხოლმე?! - ჩაიხითხითა მან. - ბავშვი ხარ, კარგად იყავი გაკოცე. - ვუთხარი მას და გავუთიშე. - შენს ძმას დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. - გამომხედა გაბრიელმა და გამიცინა. - ხო, დარწმუნებული ვარ კარგად გაუგებთ ერთმანეთს. საერთოდ პლიუსი და მინუსი ყოველთვის თანხმდებიან. - წარბაწეულმა შევხედე მას. საღამოს ხის მორზე გადავინაცვლეთ და მზის ჩასვლას ვუყურეთ. ეს პროცესი ბევრჯერ მქონდა ნანახი, მაგრამ ასეთი მშვენიერი არასოდეს ყოფილა. ცეცხლისფერი სხივები მთებზე გადაშლილიყო და გარემოს მეწამულისფერი დასდებოდა. მყუდრო და რომანტიული ატმოსფერო შეიქმნა. გაბოს მივეხუტე და მისი სუნთქვის რიტმს ავყევი. როდესაც მზე სულმთლად მიიმალა, დასაძინებლად ავედით, მაგრამ ძილი დიდი ხნით გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ მე უარზე ვიყავი და გაბოს ჭრილობას ვუფრთხილდებოდი, მან ეს არაფრად ჩააგდო. გავფრთხილდებიო დამაიმედა და მელიასავით მომეპარა, ცხელი ტუჩებით კისერი დამიკოცნა და შემდეგ ბაგეებს მისწვდა. თხელი კაბა ხელის ერთი მოძრაობით გამაძრო და მხურვალე ხელები ჩემს სხეულზე დაასრიალა. ვინ გაუძლებდა ამ ყველაფერს და ვინ წავიდოდა მისი ალერსის წინააღმდეგ? მხოლოდ უგრძნობი ქალი. მე კი საკმარისზე მეტად მგრძნობიარე ვიყავი. ფიქრებს შევეშვი და ხელებს მივენდე, რომლებმაც კიდევ ერთი ვნებიანი ღამე მაჩუქეს. *** დილით ჭრილობაზე სახვევი კიდევ ერთხელ გამოვუცვალე. შემდეგ ვისაუზმეთ და უკანა ეზოში გავედით. ხის მორზე ჩამოვსხედით და თავი მხარზე ჩამოვადე. გაბრიელი არაფერს ამბობდა, მაგრამ ვგრძნობდი, ის ჩემზე მეტად ღელავდა. ნეტავ როდემდე უნდა გაგრძელებულიყო მალვა, დევნა, ზიზღი, ეჭვები... ვდუმდით და თითქოს მხოლოდ გიორგის ველოდებოდით, რომ ეს დუმილი დაერღვია. წუთები მიიზლაზნებოდა და მოთმინებაზე საშინლად მოქმედებდა. სიჩუმეში მისი მობილურის ხმა გაისმა. გიორგი რეკავდა. ის უკვე სოფელში იყო და ჩვენი ზუსტი ადგილსამყოფელი გვკითხა. იოლად მოგვაგნო. სახლში შევბრუნდით და უკანა ეზოში რკინის მაგიდასთან ჩამოვსხედით. მოკითხვის შემდეგ გაბომ იკითხა: - გიო, იმედია ახლა მაინც გვეტყვი, რატომ მოგვიწია თბილისიდან წამოსვლა. - მოდი ჯერ იმას გეტყვით, რომ ამ საქმეს გამომთიშეს. - ორივე შეგვათვალიერა პოლიციელმა. - ჩემს გამო. - ჩაილაპარაკა გაბომ. - ასე ჯობია გაბო. ეჭვი მქონდა, რომ მითვალთვალებდნენ და ამიტომ გირჩიეთ თბილისიდან წასვლა. გუშინ ბოლო დეტალები შევათანხმე უფროსთან და შენს საქმეს შევეშვი, ვიცი რასაც ფიქრობ, - გაეღიმა გიორგის. - ნუ გეშინია, სამსახურიდან კი არ წამოვსულვარ. გაბომ თავი გაიქნია, გიორგიმ მე შემომხედა. - ისევ ჭირვეულობს ხომ? - რა ვიცი, რა ვიცი. - ყოყმანით ვთქვი. პოლიციელს გაუკვირდა. - ზეწოლას ნუ ახდენთ ჩემზე! - დაგვიბღვირა გაბომ. - ხომ ხედავ, მე არაფერს ვამბობ, შენ კარგად იცი რასაც ვფიქრობ. - ვუთხარი მე. - კარგი, კარგი. - სკამის საზურგეს მოშორდა გიორგი და ხელები მაგიდაზე დააწყო. - ერთი წუთით მე მომისმინეთ. გაბო, ხომ იცი, ერთი წლის წინანდელი საქმე დახურული არ იყო და ლომბარდებს ვამოწმებდით. გუშინწინ, სანამ ნაიას დავურეკავდი, ის ტიპი ავიყვანეთ, რომელმაც ლომბარდში შენი დის ბეჭედი ჩააბარა და ჭანიას კვალზე გავედით. - როგორ? - იკითხა გაბომ. - ის ტიპი აზრზე არ იყო ბეჭედი საიდან მოდიოდა. მან თქვა, რომ ვალები ჰქონდა და ბოლო დროს ძალიან აწუხებდნენ მევალეები. იფიქრა ძმისგან ისესხებდა ნაწილს მაინც და სწორედ ძმას მიუცია ორი ბეჭედი და უთქვამს, არაფერი მკითხო, გაყიდე და ვალები გაისტუმრეო. ამ ტიპის ძმა კი ჭანიას ხელქვეითია, უკვე სამი წელია. ასე, რომ ჭანია ხაფანგთან ძალიან ახლოსაა, დღეს ან ხვალ საქმეს აღძრავენ და იმედია ხელიდან არ დაუსხლტებათ, ძალიან გაიძვერაა ის . გაბო, შენზე ძალიან ვნერვიულობდი. შენი გეგმების შესახებ არასდროს არაფერი ვიცი. ლევანი რომ არა, დღესაც არაფერი მეცოდინებოდა. - დაგავიწყდა, რომ პოლიციელი ხარ? - თქვა გაბომ. - პირველ რიგში კი შენი მეგობარი. კარგი, ახლა კი მინდა, რომ ყველაფერი მომიყვე, რა მოხდა იქ. მართალია შენს საქმეც აღარ ვიძიებ, მაგრამ დახმარება მაინც შემიძლია. - გიო, პოლიციელის დახმარება არ მინდა, ამას პირველად არ გეუბნები და შენსას რატომ არ იშლი?! გიორგი რამდენიმე წამით გაჩუმდა. მეგობარს დაჟინებით შესცქეროდა. მე რომ იქ არ ვყოფილიყავი, ალბათ დაარტყამდა კიდეც და მართალიც იქნებოდა. შემდეგ თქვა: - კარგი, მაშინ როგორც ძმაკაცს, ისე მომიყევი. სანამ გაბო დაიწყებდა, მე წამოვდექი: - დაგტოვებთ და ისაუბრეთ, მეორედ აღარ მინდა ამ ყველაფრის მოსმენა. სამზარეულოში შევალ და სენდვიჩებს მოგიმზადებთ. უხმოდ დამიქნიეს თავი და ერთმანეთს შეხედეს. ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას, სამზარეულოში შევედი და მაგიდასთან მჯდომებს ფანჯრიდან გავხედე. ღმერთო ჩემო, ამ ამბავში ერთ-ერთი მთავარი გმირი ვარ, მინდა მე ეს თუ არა. ყოველთვის მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ მაყურებლის როლი მინდოდა, არა იმიტომ, რომ არსებული საფრთხის მეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ კულისებში გაბოც ჩემს გვერდით ყოფილიყო. პურის თხლად დაჭრა დავიწყე. კიდევ კარგი ჩემებმა ერთი კვირით კიდევ გადადეს ჩამოსვლა. იმედია ორ კვირაში ყველაფერი კარგად დამთავრდება. სენდვიჩები მოვამზადე მაგრამ გარეთ არ გავსულვარ. დაახლოებით ერთი საათი კიდევ ვაცადე, თუმცა იმედი ისევ არ მქონდა, რომ გიორგი გაბრიელთან რამეს გახდებოდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ გაბომ მითხრა "მინდა დაგიჯეროვო", ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. იქნებ ჩვენს გრძნობებს, მის გადაწყვეტილებაზე რაიმე გავლენა მოეხდინა?! სენდვიჩები სალფეტკებში გავახვიე, თეფშებზე დავდე და ეზოში გავედი. - არ ვიცი რომელი ბედის ვარსკვლავი უღიმის შენს ძებნილს, - ამომხედა გიორგიმ. - მაგრამ ფაქტია, ის ვარსკვლავი მაგრად მუშაობს. სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. - სამაგიეროდ ჩემს ბედის ვარსკვლავს ჩასთვლიმა. - ჩავიბუტბუტე მე და სენდვიჩები ბიჭებს წინ დავუდე. - მიირთვით. - საინტერესოა, მაგას რატომ ამბობ? - გამომხედა გაბომ. - რატომ? ყველაზე შეუგნებელი და ჯიუტი არსება მიზის გვერდით, რომელიც თავად წყვეტს, როდის უნდა ესმოდეს ჩემი და როდის უნდა ჰქონდეს დახშული ყურთასმენა. ეს ყველაფერი ბედმა გადაწყვიტა. - ნაია, სულაც არ მეცინება. - დამიბღვირა მან. - არც მე მითქვამს გასაცინებლად. - არ გინდათ, - ჩაერია გიორგი. - მე ყველანაირად ვეცდები არ მოხდეს ის,რაც ამ პატივცემულს სურს. და იცოდე, ახლა არაფერი თქვა, თორემ სიჯიუტე შენზე მეტად შემიძლია, თუ მოვინდომებ. - უთხრა გაბოს პოლიციელმა, სენდვიჩი აიღო და ჩაკბიჩა. - მადლობა ნაია, დღეს არაფერი მიჭამია. გიორგის გავუღიმე და გადავწყდი თუ არა გაბრიელის მზერას, ღიმილის სურვილი გამიქრა. - ასე ნუ იქცევი ნაია. - წამოიწია ის და ხმას აუწია. - დაწყნარდი თუ შეიძლება და სენდვიჩი ჭამე! - მზერა მოვაცილე მას. - ცინიკოსი ხარ! - შენ კიდევ კერკეტი კაკალი! - არ დავუთმე. - ნუ ბავშვობთ. - ისევ ჩაგვერთო გიორგი. - რასაც თქვენ აკეთებთ, სიტუაციას უფრო ართულებს. ჩხუბით ვერაფერს გააწყობთ. - ეგ ამან გაიგოს, მე მშვენივრად ვხვდები. - ვთქვი. - არ მინდა ასე ნაჩხუბრები დაგტოვოთ, მაგრამ სხვა გზა არაა, თბილისში მალე უნდა დავბრუნდე. - გიო, შენი ეჭვი იმის შესახებ, რომ გითვალთვალებენ საშიში არაა? მით უმეტეს ახლა, როცა საქმეში აღარ ხარ. - იკითხა გაბომ. - შენ გეტყობა ვერ მიმიხვდი. "ჩემებზე" კი არა, ჭანიას ხალხზე ვფიქრობ, თუმცა თქვენთვის ორივე საშიშია. - არც ერთი არაა საშიში ნაიასთვის, ის ჩემი მძევალია... - არა, თანამზრახველი. - შევუსწორე მე. - შენ ფიქრობ ასე, პოლიციამ კი ისე უნდა იფიქროს, როგორც მე ვამბობ. - მოკლედ ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა. ვეცდები ახალი ამბები გაგაგებინოთ, მიუხედავად იმისა, რომ არ გაინტერესებს.. - თქვა გიორგიმ. - მე დამირეკე ხოლმე. - ვუთხარი პოლიციელს. - ღმერთო ჩემო, შენ ჩემზე ჯიუტი ხან ნაია! - წამოდგა გაბო და ზემოდან შუბლშეკრულმა დამხედა. - შემეშვი გაბო. - ჩავილაპარაკე და ისევ გიორგის მივუბრუნდი. - კარგი? - კარგი. - თქვა მან და ცეცხლზე ნავთი დაასხა. შემდეგ წამოდგა, ზურგიდან იარაღი ამოიღო და მაგიდაზე დადო. მის დანახვაზე ტანში უსიამოვნოდ გამცრა. - ამას დაგიტოვებთ, ყოველი შემთხვევისთვის. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. - გაბო, - წამოიწყო ისევ გიორგიმ. - მე უკანასკნელად გირჩევ, მოდი პროკურატურაში და გამომძიებელს ყველაფერი უამბე. ამით "აკიდული" ძარცვის ბრალდებაც მოგეხსნება და ჭანიაც მაგრად გაებმება იმ ინფორმაციით, რასაც შენ ფლობ. დამიჯერე, მისი სიკვდილით დასჯა თავიდან ამოიგდე. ამას ახლა მხოლოდ შენთვის არ ვამბობ. - თქვა პოლიციელმა და თვალები ჩემსკენ გამოექცა. ყველაფერს მივხვდი. გაბომ კი არაფერი უპასუხა, როგორც ყოველთვის. *** იმ ღამით გაბოს ვუთხარი ჩემი ძმის საძინებელში დაეძინა. ისიც არ შემეწინააღმდეგა და ბაჩოს ოთახში გავიდა. მასზე გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ვიმჩნევდი. მარტოობა ხომ საუკეთესო საშუალებაა იფიქრო ყველაფერზე, რაც არ გასვენებს და მე ეს სწორედ მისთვის გავაკეთე. მინდოდა თავისი მეგობრის სიტყვებზე ეფიქრა. თუმცა რამდენჯერაც ამის საშუალება მივეცი არაფერი გამოვიდა, მაგრამ მე მაინც არ ვეცემოდი მუხლებზე. იმედი ხომ ბოლო წამს კვდება?! გვიან ჩამეძინა. მარტო დარჩენილი რაზე აღარ ვფიქრობდი. არ მეგონა ასე თუ იქნებოდა, მაგრამ მის გარეშე დაძინება გამიჭირდა. ახლა მის ალერსსაც შევეჩვიე. *** დილით 11 ხდებოდა, ზანტად წამოვიწიე საწოლიდან. გამოფხიზლებას დიდხანს მოვუნდი. ცივმა წყალმაც კი ვერ მიშველა. სამზარეულოში ყავა მოვიმზადე და საუზმის გაკეთებასაც შევუდექი. გუშინდელი საუზმის შემდეგ მე და გაბოს არაფერი გვეჭამა და მე პირადად ძალიან მშიოდა. ამასაც რომ მოვრჩი, მისაღებ ოთახში გამოვედი და დივანზე ჩამოვჯექი. საათის ისრები პირველს აჩვენებდნენ. ვითომ ისევ სძინავს? არა მგონია. გარეთ გავედი და კიბეს ავუყევი. კარზე დავაკაკუნე და ოთახში თავი შევყავი. გაბო მობილურზე საუბრობდა. - მაინტერესებდა გეღვიძა თუ არა. - ვუთხარი და თვალებით მობილურზე ვანიშნე ვინ არისთქო. - ლევანია. - თქვა მან. - საუზმე მოვამზადე, სამზარეულოში დაგელოდები. - მალე ჩამოვალ. - მითხრა და საუბარი განაგრძო. მე ისევ სამზარეულოში ჩამოვედი, გაზქურაზე ჩაიდანი დავდგი და პურის დათლა დავიწყე, რომ ნაბიჯების ხმა მომესმა. ალბათ ჩამოვიდათქო ვიფიქრე და კარს გავხედე, რომლის სახელურიც სწრაფად დაიწია, კარი გაიღო და ზღურბლიდან ცისფერმა, მხიარულმა თვალებმა შემომანათეს. - ბაჩო?! - ამოვთქვი მე და ხელიდან დანა გამივარდა. *** - დაიკო, როგორ ხარ? - გაიცინა მან. ზურგჩანთა იატაკზე დააგდო და შემომხედა. - ხომ გითხარი თავს არ მოგანატრებთქო. სიურპრიზი გაგიკეთე. ხმა ვერ ამოვიღე და მაგიდას ცალი ხელით დავეყრდენი. ვიგრძენი როგორ მომიდუნდა მუხლები, ცოტაც, და ალბათ ჩავიკეცებოდი, რომ არა ისევ ბაჩო. - რა იყო, რას მომშტერებიხარ? ვიცი, რო ლამაზი ვარ. - გადაიხარხარა, ჩემსკან გამოქანდა, ზურგზე მომიგდო და დამაბზრიალა. იმის ძალაც არ მქონდა, რომ მეყვირა. ერთხელ ამოვილუღლუღე დამსვითქო და მანაც ადგილზე დამაბრუნა. - რა გჭირს გოგო? რომ მცოდნოდა ჩემი დანახვა ისე გაგიხარდებოდა, რომ დაგადებილებდა, უფრო ადრე ჩამოვიდოდი. - ისევ გადაიხარხარა. ახლა რა მეშველება? რა გავაკეთო? სადაცაა გაბო ჩამოვა. - კი, მაგრამ როდის... გუშინ წინ ხომ იქ იყავი... აქ, როგორ... - ერთმანეთში ამერია სათქმელი. - ხო-და ჩემო დაიკო, იმ დღისით სულ რაღაც ორ საათში წამოვედი. გუშინ ჩამოვედი და თბილისში ვიყავი. დღეიდან კი არ მოგაწყენ. - ისევ შემომცინა და გაზზე მდგარი ჩაიდანი გამორთო. " - ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება ჩემს თავს? რა, რა უნდა ვუთხრა ჩემს ძმას? ამ გადარეულს და გიჟს როგორ უნდა ავუხსნა ყველაფერი?" - ნაია, ნუ გამასულელებ ახლა, რა გჭირს? მოაშორე ეგ "როჟა" თორემ კანტუზი დამემართა ამდენი სიცილისგან. - არ აჩერებდა თავის მწარე ენას ბაჩო. - არა, უბრალოდ ასე ადრე არ გელოდი და... არ მეგონა, რომ... - სიტყვა გამიწყდა, რადგან სამზარეულოს კარი გაიღო. - ნაია, შეგიძლია ტკივილგამაყუჩებელი მომცე? - შემოვიდა გაბო და შედგა. ღმერთო ძალა მომეცითქო გავიფიქრე და ორივეს შევხედე. დავინახე, როგორ შეეცვალა სახე ჩემს ძმას. სიცილი სადღაც გაქრა და მის სახეზე აქამდე არნახულმა გამომეტყველებამ დაიკავა ადგილი. - ნაია, ვინ არის ეს ტიპი?! - თვალი არ მოუცილებია მისთვის, ისე მკითხა. არა, ეს კითხვაც არ იყო, მისი ხმა საზარლად ჩამოკრულ ზარს ჰგავდა. - ბაჩო, თუ დამაცდი, ყველაფერს აგიხსნი. - მივუახლოვდი ჩემს ძმას და ღონიერ მხარზე ხელი ჩამოვადე. - ვინაა მეთქი! - იღრიალა მან. შევხტი და უკან დავიხიე. ვერც კი მივხვდი, როგორ დამისველდა სახე ცრემლებით. შემეშინდა. - ნაია, დაწყნარდი. - შემომხედა გაბომ. მის ხმაში საოცარი სითბო და მორჩილება ვიგრძენი. ბაჩო ადგილს მოსწყდა, გაბოს ეცა და მაისურის საყელოში სწვდა. - ვინ ხარ მეთქი ბიჭო, აქ საიდან გაჩნდი! - იღრიალა მან. ლამის გული გამისკდა. ბაჩოს მივვარდი და მისი შეჩერება ვცადე. გაბო წინააღმდეგობას არ უწევდა. უმოქმედოდ იდგა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. ბაჩო კი მთელი ძალით ანჯღრევდა მას და ღრიალებდა. - ბაჩო, გაუშვი გთხოვ, გაუშვი! - ვყვიროდი მე. - გადი აქედან ნაია! - არ ეშვებოდა გაბოს ბაჩო. - ბაჩო გეხვეწები, გთხოვ,გაუშვი. დაჭრილია გესმის? ის დაჭრილია, შეხედე! - დავიყვირე, გაბოს მაისური ავუწიე და სახვევს დავხედე. ბაჩომაც დახედა მის მუცელს, შემდეგ ჯერ გაბოს შემდეგ მე შემომხედა. ოთახში მისი ხშირი სუნთქვა ისმოდა. ნელა შეუშვა მის მაისურს ხელები და უკან გადგა. შემდეგ ისევ მე მომიბრუნდა და განრისხებული თვალებით მომაჩერდა. - იცოდე, ამის აქ ყოფნის ძალიან დამაჯერებელი მიზეზი უნდა მითხრა ნაია! - თქვა და თითი გაბოსკენ გაიშვირა. ჩემი ძმა ასეთი არასოდეს მინახავს. - დამაჯერებელი მიზეზის მოფიქრება არ მჭირდება. მე სიმართლის თქმას ვაპირებ და შენი გონიერების იმედი მაქვს. - თავდაჯერებული და მტკიცე ტონით ვუთხარი. - ვნახოთ დაიმსახურებ თუ არა მაგას. - მითხრა მან. - ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობ, ბაჩო! - შევუტიე აქეთ. - საქმე იმაზე გაცილებით სერიოზული და განსხვავებულია, ვიდრე შენ მოგივიდა თავში. - ნაია, გეყოფა. - მომესმა ზურგიდან გაბოს მშვიდი ხმა და მკლავზე მისი თითების სიმხურვალე ვიგრძენი. - შენს ძმას მე დაველაპარაკები. ბაჩომ მასზე გადაიტანა გაცოფებული მზერა. - არც ერთ შემთხვევაში! - გავაპროტესტე. ვგიჟდებოდი, ასეთ სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა. - ნაია, გთხოვ, ახლა ბავშვივით ნუ მოიქცევი. მის ადგილას მეც ასეთი რეაქცია მექნებოდა. - რომელიმე ამიხსნის რა ხდება აქ?! - წყობიდანგამოსულმა თქვა ბაჩომ. ღრმად ჩავისუნთქე და ჩემს ძმას გავხედე. - პირველ რიგში გაიცანი, ეს გაბოა, გაბო, შენ კი უკვე მიხვდი ვინცაა ეს. - ვთქვი სწრაფად. - მშვენიერია, ხელიც ხომ არ ჩამოვართვათ ერთმანეთს? - ცინიკურად ჩაიცინა ბაჩომ. - ბაჩო, შეგიძლია ოდნავ მაინც დამშვიდდე? ასე ვერაფრის ახსნას ვერ მოვახერხებ, მით უმეტეს, რომ სალაპარაკო ძალიან ბევრი გვაქვს. - მე მოკლე და კონკრეტული ახსნა მჭირდება. - ეს შეუძლებელია. - ჩაერია ჩვენს საუბარში გაბო. - იმას, რაც ჩემს თავს ხდება და რამაც ნაია აზარალა, ორი სიტყვით ვერ ვიტყვი, ამიტომ თუ ახსნა გვიწევს, თავიდან ბოლომდე უნდა მოგვისმინო. ბაჩო ერთხანს უხმოდ შემოგვყურებდა ორივეს. მის ხორბლისფერ სახეზე სიბრაზე და გაოგნება ირეოდა. - დაიწყეთ. - გამოსცრა მან ბოლოს. - ასე არა. - ვთქვი მე, კარი გამოვაღე და ბიჭებს ვუთხარი მისაღებში გასულიყვნენ. დივანზე ჩამოვსხედით მე და გაბო ერთად, ბაჩო კი ჩვენს წინ. საუბარი გაბრიელმა დაიწყო. მშვიდად, აუჩქარებლად და დალაგებულად ლაპარაკობდა. მის საუბარში ხანდახან მეც ვერთვებოდი, რომ გაბოს ზოგიერთი წინადადება ჩემი ძმისთვის განმემარტა, ან შემესწორებინა. ჩვენმა ახსნა განმარტებებმა დაახლოებითი ერთ საათს გასტანა. ბაჩო ყურადღებით გვისმენდა და მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა დაგვისვა. სახეზე ვატყობდი, რომ თავის შეცდომას ხვდებოდა, გაბოს აქ ყოფნა მას სულ სხვა მიზეზის გამო ეგონა, იმას კი, რასაც ჩვენ ვუამბობდით, არ ელოდა. ალბათ სწორედ ამან იმოქმედა, რადგან ის ისეთი აღელვებული და განრისხებული აღარ იყო, როგორც პირველ წუთებში და მეც ცოტა დავმშვიდდი. როდესაც საუბარი ბოლოსკენ წავიდა, ლაპარაკის ტემპმაც იკლო და ბოლოს დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა. გაბო მე მიყურებდა, მე ბაჩოს შევცქეროდი, ბაჩო კი ჩვენ ორივეს გვზვერავდა. ცოტა ხანში დუმილი მან დაარღვია, ცისფერი თვალები გაბოს მიანათა და თქვა: - გარეთ გავიდეთ! - და წამოდგა. - ბაჩო... - წამოვიწიე მე და ჩემს ძმას მუდარის თვალებით შევხედე. - რას აკეთებ, კარგი რაა... - ნუ ერევი ნაია. - მითხრა გაბომ და წინ წასულ ჩემს ძმას მიჰყვა. სამზარეულოს გავლით უკანა ეზოში გავიდნენ და რკინის მაგიდასთან შეჩერდნენ. მე სამზარეულოში დავრჩი და მათ საუბარს ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს. ვხედავდი მხოლოდ მათ მიმიკებს და ჟესტებს, სიტყვები არ მესმოდა. სხეული ერთიანად მიცახცახებდა. გული ამოვარდნას მქონდა. კი მაგრამ რა საჭირო იყო ეს? განა რა უნდა ეთქვათ ერთმანეთისთვის ისეთი, რასაც ჩემთან ვერ იტყოდნენ? დაახლოებით 15 წუთი გავიდა. საუბრისას ხან ორივე ღელავდა, ხან ორივე მშვიდად იყო, ხან ერთი ნერვიულობდა და მეორე ურეაქციოდ იყო, ხანაც ერთმანეთს მიაბჯენდნენ თვალებს და არ იძროდნენ. ამ დროს მე ვიძაბებოდი და მინდოდა მთელს ხმაზე მეღრიალა. უცბად დავინახე, რომ ბაჩომ მთელი ძალით მოიქნია მუშტი და გაბოს სახეში დაარტყა. შევხტი და წამოვიყვირე. გაბო მაგიდას დაეყრდნო და ცალი ხელი ტუჩზე მიიდო. ადგილს მოვწყდი, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და გარეთ ვაპირებდი გავარდნას, რომ ისევ შევჩერდი. დავინახე, როგორ გაუწოდა ბაჩომ მარჯვენა მას და გაბომ ხელი ჩამოართვა, ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს და სახლისკენ წამოვიდნენ. თავიდან ვერ მივხვდი ეს რა იყო, შემდეგ ვიფიქრე, ჯანდაბას ბიჭების პრინციპებითქო და გამეცინა. მათი სახეებიდან გამომდინარე, რომლებიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდნენ, ვგრძნობდი, რომ ომი დამთავრდა და ყველაფერი რიგზე იყო. ორივე სამზარეულოში შემოვიდა. ჯერ კიდევ აღელვებულმა შევხედე მათ. გაბოს ტუჩიდან სისხლი სდიოდა. გული მომიკვდა, ესღა აკლდა ყველაფრის შემდეგ. ბაჩოს შუბლშეკრულმა გადავხედე და თვალებით მუქარა გავუგზავნე. - ნუ მიბღვერიხარ დაიკო და მიეცი ამას ტკივილგამაყუჩებელი, თორემ მოკვდა კაცი. - ჩაიცინა ბაჩომ. *** საუზმე გავაწყვე და სამივე მაგიდას მივუსხედით. თავს უხერხულად ვგრძნობდი. ჩვენს სამში თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ მე მაინც რაღაც გაურკვევლობა მაწუხებდა. საუზმეს მშვიდად და აუღელვებლად მიირთმევდნენ და თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ისე გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს ბაჩო და გაბრიელი. განა რა ილაპარაკეს გარეთ ისეთი, ან რაზე შეთანხმდნენ, რომ ჩემი ძმა მოთვინიერებული ლომივით იჯდა და მადიანად ილუკმებოდა. იმან სულმთლად გამაოცა გაბოს რომ ჰკითხა: - კიდევ გტკივა ჭრილობა? - არა, ძალიან აღარ. - თავი გაიქნია გაბომ. - და ტუჩი? - გაიცინა ბაჩომ. - ეგ აღარც მახსოვდა. ბაჩომ მე გამომხედა და გაიცინა. - დაიკო, თუ გინდა შენი თეფშიც მე მომეცი. გაციებული საჭმელიც მომეწონება, ისე მშია. მისმა ხმამ თითქოს გამომაფხიზლა მათი შემყურე, ჩემს ძმას დავუბღვირე და შეციებული საუზმის ჭამას შევუდექი. *** სანამ მე სამზარეულოში ვტრიალებდი, ისინი ისევ უკანა ეზოში გავიდნენ და რკინის მაგიდასთან ჩამოსხდნენ. ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მათი ასეთი რადიკალური ცვლილება, ბაჩოს შეგუება იმასთან, რაც აქ ხდებოდა, ჩემთვის დაუჯერებელი იყო. ვერაფრით ვხსნიდი მის ასეთ გარდაქმნას. მათი სერიოზული სახეებიდან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ გაბოზე საუბრობდნენ. ვცდილობდი საქმე მალე მომემთავრებინა, რომ მათთან მალე მივსულიყავი. ყველაფერს რომ მოვრჩი, გარეთ გავედი და ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი მათ, სკამზე ჩამოვჯექი, საზურგეს ბოლომდე მივეყრდენი და ჩემს წინ მსხდომთ შევხედე, რომლებსაც არაფრისმთქმელი სახეები ამკობდათ. - ნაია, შეგიძლია ეგ ჯაშუშური მზერა მოაშორო? - გამომხედა ბაჩომ. - კი, შემიძლია მხოლოდ მაშინ, თუ ამიხსნით რა ხდება. - ვუპასუხე კატეგორიულად. - რა უნდა ხდებოდეს? - მხრები აიჩეჩა მან. - მსახიობობ თუ მართლა ასე იოლად შეეგუე ბაჩო? - ეჭვის თვალით გავხედე. - კი, მაგრამ შენც ეს არ გინდოდა? - გაიკვირვა. - შენი და შარზეა. - გადაულაპარაკა გაბომ ბაჩოს. - ნამდვილად. - დაეთანხმა ისიც. - და იცი, მიკვირს, იმიტომ, რომ იცის რაც მოჰყვება ხოლმე მის ასეთ ხასიათს. გამეცინა როცა წარმოვიდგინე, როგორ ვგდივარ ყვირილით ძალაგამოცლილი მიწაზე და როგორ გაუთავებლად მიღიტინებს ჩემი არანორმალური ძმა. მე კი სიცილი და ყვირილი უკვე ტირილში გადამდის. - მაინც რამ მოგაფიქრებინა აქ ადრე ჩამოსვლა? - ვკითხე მას. - რა, გინდოდა ამ დეტექტივში მხოლოდ შენ გეთამაშა ჩვენი ოჯახიდან? მართალია შენ არავინ დაგკითხებია, როცა სცენარს ადგენდნენ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი როლი მაინც გერგო. - თქვა და გაბოს გადახედა. - არც მე ვარ სცენარის ავტორი. - ჩაილაპარაკა მან. - შეიძლება, თუმცა ვფიქრობ ეპილოგი მაინც შენი შესადგენია. - და-ძმა რაღაცით გავხართ ერთმანეთს. - შუბლი შეკრა გაბომ. - ხო, ორივე ძალიან საყვარლები ვართ. - თვალები ააწიპწიპა ბაჩომ და გადაიხარხარა. გაბოსაც გაეცინა. - დაიკო, კარტი გვააქვს? - მგონი კი, რამ გაგახსენა? - გამიკვირდა. - მიდი მოიტანე, დიდი ხანია არ წაგიგია, ცოტას გავმხიარულდებით. - ხელები მოიფშვნიტა მან. - ბაჩო კარგი რაა... - მაინცდამაინც არ მომეწონა მისი იდეა, ალბათ გაბო სულაც არ იყო ამის განწყობაზე. - ნუთუ გეშინია? აა, არა მივხვდი რაშიცაა საქმე. სტუმართან წაგების გერიდება. ჩამეცინა. ბაჩოს სწორედ გაბოს ხასიათზე მოყვანა ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ წამოვდექი და კარტის მოსატანად წავედი. ყველანაირად ვეცდებოდი გაბოსთვის ცოტა ხნით მაინც დამევიწყებინა თავისი პრობლემები. მინდოდა თავი ისეთ ადამიანად ეგრძნო, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ნეგატიური ფიქრებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მეუცნაურებოდა ის, რომ ბიჭებმა საერთო ენა ასე უცბად იპოვეს, ეს ფაქტი მაინც მახარებდა. იმედი მქონდა ბაჩოსთან ურთიერთობა რაღაც კვალს მაინც დატოვებდა გაბოს ფიქრებზე და ეს მის გადაწყვეტილებაზეც იმოქმედებდა. კარტი ვიპოვე და ეზოში დავბრუნდი. სკამზე რომ ჩამოვჯექი და მათ გადავხედე ჩამეცინა. - რა გაცინებს? - მკითხა ბაჩომ. - ჩარლის ანგელოზებს გავხართ: მომაჯადოვებელი სახეებით და ფარული ჩანაფიქრებით. - ავიხსენი. - ხო-და გვიფრთხილდი. - ბაჩომ ორი თითი ჯერ თვალებთან მიიტანა, შემდეგ კი ჩემსკენ გამობზიკა "თვალს არ მოგაშორებო." გაბოს შევხედე. - ითამაშებ? - ვკითხე, - რატომაც არა. დიდი სიამოვნებით დაგამრცხებდი. - გამიღიმა. - თქვენი სახით სრული იდილიაა ჩემს გვერდით. - დავიწუწუნე და "დურაკა" დავარიგე. გადავწყვიტეთ 5 ხელი გვეთამაშა, ყველაზე მეტჯერ წაგებული კი დანარჩენი ორისაგან ნებისმიერ თითო სურვილს შეასრულებდა. *** სამი ხელი მე წავაგე, ერთი გაბომ და ერთი ბაჩომ, ასე, რომ ვინ იცის რა სურვილების შესრულება მომიწევდა. თამაშის დროს გაბოს ვერ ვცნობდი. სულ სხვანაირი იყო, ისეთი მხიარული და სასაცილო, რომ ახლა მივხვდი რატომ თქვა: 'შენს ძმას დიდი სიამოვნებით გავიცნობდიო". მათთვის რომ შეგეხედათ, იტყოდით ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენო. ის ერთი ხელი, რომელშიც გაბომ წააგო, მე მომაგებინა, რამაც ჩემი ძმის პროტესტი გამოიწვია და გაბო საყვედურებით აავსო. მიუხედავად ამისა, ისინი აშკარად შეთანხმებულად მოქმედებდნენ. - გამარჯვებულის როლში ყოფნა ყველაფერს ჯობია. - თავმომწონედ თქვა ბაჩომ. - მით უმეტეს, რომ წაგებულს შენს დაკრულზე აცეკვებ, ხომ ასეა? - გადახედა გაბოს. - ასეა, თან როცა მოგებულის სურვილი წაგებულისთვის არასასიამოვნოა. - რა ბავშვები ხართ. - ვთქვი გულმოსულმა. - დაიკო, არ გამაბრაზო თორემ შემდეგ სურვილიც შესაბამისი იქნება. გაბოს გავხედე. - მე რატომ მიყურებ? - წარბები აზიდა მან. - ანალოგიურის თქმა შემიძლია მეც. - იცი დაიკო, უამრავი სურვილი მომდის თავში და არ ვიცი, რომელზე შევჩერდე. - არ დამინდო ბაჩო, რაც ყველაზე რთულია ის ამოირჩიე. - თავს რატომ გვაცოდებ ნაია? - გამიღიმა გაბომ. - ხომ იცოდი, რომ წააგებდი, არ იცი თამაში. - ხო, ხო, სუსტი ვარ, დაჩაგრული, წაგებული ვარ. მეტყვით სურვილებს თუ არა? - ხედავ როგორ ეჩქარება? - გადახედა გაბომ ჩემს ძმას. - მიდი, შენ გითმობ პირველს. - თქვა ბაჩომ. - არა, ჩემსას შემოვინახავ სხვა დროისთვის. - თავი გაიქნია გაბრიელმა. - კარგი, როგორც გინდა. დაიკო, - გამომხედა ჩემმა ძმამ. - სარდაფში შენ ჩახვალ არაყზე, თუ მე ამოგიტანო? - წინ წამოიწია ის მომაჯადოვებელი ღიმილით. - გაგიჟდი ხომ? - შევხედე გაბრაზებულმა. - არა, - თავი გაიქნია მან. - ჩემი დაბადების დღის შემდეგ მთვრალი არ მინახიხარ. - მშვენიერი იდეაა. - მოიწონა გაბომაც. - ბაჩო, ხომ იცი, რომ არაყს არ ვსვამ? - ახლა უკვე სვამ. - მის მაგივრად მიპასუხა გაბომ. - ნუთუ ასეთი მარტივი სურვილი კიდევ უფრო უნდა გავამარტივო? - ვითომ ჩაფიქრდა ბაჩო. - მაინც როგორ? - ვკითხე. - 10 ჭიქას 6-მდე დავიყვან. და თუ ექვსს ზედიზედ დალევ, რაშიც მე ეჭვი მეპარება, შანსს გაძლევ შური იძიო ჩემზე და ათს თავად დავლევ. "მოსულა"? გამეღიმა. - "მოსულა". - ვუპასუხე მე. - პოპკორნი არ გვაქვს? მშვენიერი სანახაობა გველის წინ. - ჩაიცინა გაბომ. ბაჩო წამოდგა და სარდაფისკენ გაემართა, რომელშიც სახლის წინა ნაწილიდან უნდა ჩასულიყო. მეზიზღებოდა არაყი, მაგრამ ჩემს ძმას რომ 10 ჭიქა არ დაელია, ვერ მოვისვენებდი. - ნუ ხარ ასეთ ხასიათზე. - გამიღიმა გაბომ. - წაგებულები ყოველთვის ასეთ ხასიათზე არიან. - ვუპასუხე. - სულელო, ბუტია თუ იყავი არ მეგონა. - არც ვარ გაბო. - გავუღიმე. - უბრალოდ არ ვარ ახლა არყის დალევის ხასიათზე, მაგრამ ჩემს ძმას აუცილებლად დავათრობ. - ასეთი უფრო მომწონხარ. ხელები მაგრად ჩავჭიდე და მის შავ თვალებს შევხედე. სულ სხვანაირი იყო, მათში სევდა აღარ ჩანდა, მისი ადგილი სიმშვიდეს და სილაღეს დაესადგურებინათ. აღარც სახის ნაკვთები ჰქონდა დაძაბული და რატომღაც გაბო ამ წუთას იმაზე მეტად ლამაზი მეჩვენა, ვიდრე აქამდე ვფიქრობდი, რომ იყო. მინდოდა მოვხვეოდი, მაგრად მოვხვეოდი და მთელი სხეულით შემეგრძნო მისი არსებობა, კიდევ ერთხელ შემესუნთქა მისი გამაბრუებელი სურნელი, მომესმინა მისი სუნთქვა, მეგემა მისი ტუჩების გემო., მაგრამ ჩემი ძმა ამჟამად "მურმანის ეკალის" როლს თამაშობდა თავისივე ხსენებულ დეტექტივში. დაახლოებით ორი წუთით უხმოდ ვუცქერდით ერთმანეთს და რატომღაც ვფიქრობდი, რომ მასში რაღაც შეიცვალა. როგორ მინდოდა ამ წუთას მისი აზრების წაკითხვა, სამწუხაროდ ამის ნიჭი არ მქონდა და არც კითხვის დასმას ჰქონდა აზრი, ბაჩო მალე დაბრუნდებოდა და საუბარს გაგვაწყვეტინებდა. თითები კიდევ უფრო მოვუჭირე მის ხელებს და ვცადე ამით დამეკმაყოფილებინა ჩემი სურვილები. გაბომ სახეზე ჩამომისვა თითები, როგორც სჩვეოდა და რაც მე ძალიან მსიამოვნებდა, გამიღიმა და თქვა: - მიყვარხარ, ნაია. - და ხელები შემიშვა. მეგონა ეს სიტყვები ჩემი სურვილების გამოძახილი იყო, მაგრამ მათ რეალობაში ჩემმა პულსის აჩქარებამ დამარწმუნა. ღრმად ჩავისუნთქე და ჩემს წინ მჯდომს მივაჩერდი. ენა რატომღაც არ იძვროდა, არაფერს ამბობდა. გაბო კი მშვიდად იჯდა და ისევ მიღიმოდა, თან ჩემს უკან აპარებდა თვალებს. - როგორ დავიჯერო, რომ არ ელოდი ნაია? ეს ხომ მოსალოდნელი იყო? - ჩაიჩურჩულა მან და მზერა მოახლოებულ ბაჩოზე გადაიტანა. - რა იყო მოსალოდნელი? - იკითხა ჩემმა ძმამ, უნიკალური სმენის პატრონმა. - ის, რომ შენი და წააგებდა, რატომღაც არ ელოდა. - გაიცინა გაბომ ისე, თითქოს რამდენიმე წამის წინ უმნიშვნელო რამ ეთქვას და ჩემთვის გონება არ აერიოს. იმ წუთას ისიც კი დამავიწყდა, რომ 6 ჭიქა არაყი უნდა დამელია. რატომ მითხრა მაინცდამაინც ახლა, როცა ჩემი ძმა თვალს არ მაცილებდა და ყოველ ჩემს მიმიკას კომენტარს უკეთებდა?! ველოდი, რა თქმა უნდა ველოდი, მაგრამ ახლა არა... და მისმა ამ მოულოდნელად ნათქვამმა იმდენად ამაფორიაქა და დამაბნია, რომ ისიც კი დამავიწყდა თავი ხელში რომ უნდა ამეყვანა. - ნაია, - მომესმა ჩემი სახელი. - გელოდები დაიკო. ბაჩოს ხმაზე ინსტინქტურად დავხედე მაგიდას, სადაც პატარა გამჭვირვალე ჭიქით არაყი იდო. არ შემიხედავს არც ერთისთვის, ჭიქა ავიღე და გამოვცალე. ექვსივე ჭიქა ისე გამოვცალე თითქოს წყალი ყოფილიყოს, რადგან მთელი ჩემი გონება თავს სიტყვა "მიყვარხარს" დასტრიალებდა. ჭიქების რაოდენობა არც კი დამითვლია. ჩემს ძმას რომ მოენდომებინა, 10 ჭიქას ისე დამალევინებდა, ვერც გავიგებდი. - კიდევ გინდა? - გავიგე გაბოს ხმა და მას შევხედე. - ჭიქას ხელს არ უშვებს შეხედე! - სიცილით გახედა ჩემს ძმას. - დაიკო, ნუ "გაბასიაკდები". მოლოდინს გადააჭარბე, ყოჩაღ. და შენ ამბობდი, არაყი არ მიყვარსო. კარგი, ახლა ჩემი ჯერია. მე ბაჩოს მოტანილი ვაშლი ავიღე და ჩავკბიჩე, მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ყელი საშინლად მეწვოდა და ვაშლი მეამა. ბაჩომ ათივე ჭიქა დალია და დამანჭული სახით შემომხედა. - განანებ ნაია. - შენი სურვილი იყო, დაგავიწყდა? - გამეცინა მე. *** მოსაღამოვდა. არაყმაც მალევე გაიდგა ორგანიზმში ფესვები და მთელი ჩემი სხეული საშინლად მოადუნა. კარგ ხასიათზე დავდექი და ღმერთმა იცის რაზე აღარ ვლაპარაკობდი. ბაჩო ანეკდოტებს ჰყვებოდა, რომლებზეც სიცილისგან ვიბჟირებოდით. თითოეულის დასრულების შემდეგ მე კიდევ ახალს ვითხოვდი, გაბო კი აჩერებდა, ალბათ სიცილისგან ჭრილობა სტკიოდა. გავიხსენეთ ბავშვობის ამბებიც. გაბომ გვიამბო: - 7 წლის ვიყავი, დედამ მე და სოფო სოფელში წაგვიყვანა ბებია-ბაბუასთან. მათ სახლის უკან დიდი ბოსტანი ჰქონდათ, მიყვარდა ხოლმე იქ ხეტიალი. ერთხელ ბებიამ გამაგზავნა, ბაბუას დაუძახე, ვისადილოთო. წავედი და კარიდან დავინახე, რომ ბაბუა ბოსტნის ბოლოში იდგა. ხელში მოზრდილი კიტრი მეჭირა. მეც ვიყოჩაღე, მაინტერესებდა მივაწვდენდი თუ ვერა კიტრს ბოსტნის ბოლომდე და ყოველგვარი დამიზნების გარეშე ვისროლე. ის უშველებელი კიტრი კი, ვანო ბაბუას, რომელსაც ხელში პატარა ურიკა ეკავა და მოჰყავდა, პირდაპირ შუბლში მოხვდა. გაოგნებულ კაცს ურიკა ხელიდან გაუვარდა და მიწაზე დაეცა. მე სიცილი ამივარდა, ბაბუა კი წამოდგა, "შე ღმერთძაღლოო" დამიყვირა და დამედევნა. ამის გამო ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. გაბოს ამ "სნაიპერის" თვისებაზე მე და ჩემმა ძმამ ბევრი ვიცინეთ. შემდეგ ერთმანეთს ხელი გადავხვიეთ და ვინ იცის რამდენი სიმღერა ვიმღერეთ. გაბო დაგვცინოდა და ფეხარეულ და-ძმას საძინებლამდე გვაცილებდა. მე ერთი ოთახის კარი გავაღე, გაბოს ვუთხარი აქ დაიძინეთქო, ჩემს ოთახში შევლასლასდი და მივწექი თუ არა საწოლზე, ჩამეძინა. *** თვალები რომ გავახილე, ჯერ კიდევ ბნელოდა. გაჭირვებით გადმოვაბრუნე თავი და საათს დავხედე - ღამის 4 საათი სრულდებოდა. თვალები ისევ დავხუჭე და გონებაში რამდენიმე საათის წინანდელმა გიჟურმა წუთებმა გამირბინეს. გამეცინა და სახეზე ხელები გადავისვი. გამახსენდა ისიც, რომ იმ დროს გაბო სულ სხვანაირი იყო და მან მე მაშინ რაღაც მითხრა, რაღაც სასიამოვნო და რაზეც აუცილებლად უნდა გვესაუბრა, მაგრამ როდის? სად? ბაჩო ამაში ხელს გვიშლიდა. თავში ერთმა აზრმა გამიელვა, გაბოს გავაღვიძებდი და დაველაპარაკებოდი. წამოვდექი, თხელი, ატლასის ხალათი ჩავიცვი, ოთახიდან გავედი და ბაჩოს ჩუმად შევხედე. ისე ეძინა, იფიქრებდი ერთი კვირა ვერ გაიღვიძებსო. შემდეგ ჩემი საძინებლის გვერდითა ოთახს მივაყურადე, ურდული ფრთხილად დავწიე და კარი შევაღე. გავოცდი, იქ არავინ ჩანდა, საწოლი ხელუხლებელი იყო. გამოვბრუნდი და ჩქარი ნაბიჯით გავედი აივანზე, კიბეებს დავუყევი და ეზოს ბოლოს თვალი მოვკარი, რომ რაღაც ანათებდა. იქ იყო, ბალახზე იჯდა და მობილურს აწვალებდა. მისკენ გავემართე, ნელა მივუახლოვდი და მის გვერდით ჩამოვჯექი. გაკვირვებულმა შემომხედა. - აქ რას აკეთებ? რატომ არ გძინავს? - მკითხა. - იგივე შემიძლია გკითხო მეც. - გავუღიმე. არაფერი მიპასუხა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ ვთქვი: - ჩვენ სალაპარაკო გვაქვს ხომ? შეუმჩნევლად დამიქნია თავი. - იმაზე, რაც გითხარი. - და რამაც სრულიად დამაბნია. - სამაგიეროდ, არაყი დალიე უპრობლემოდ. - გაიცინა. - ხო. - მეც გამეცინა. - გაბო... - ნაია, არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა ეს რომ გითხარი. - გამაწყვეტინა. - არა, ჩემს გრძნობებში ეჭვი არ მეპარება, მიყვარხარ ნაია, მაგრამ ეს კიდევ უფრო ცვლის სიტუაციას უარესობისკენ. - ცდები გაბო. ამან ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს უკეთესობისკენ. და სწორედ მოიქეცი, რომ არ დამიმალე, მე ეს უნდა მცოდნოდა. - არ ვიცი რა გავაკეთო, ნაია, შენს გვერდით ყოფნაც მინდა და იმ ნაბიჭვრის მოკვლაც. ამის დავიწყება უბრალოდ არ შემიძლია, გესმის? - შეგიძლია. შენ საკმაოდ ვერ ინდომებ გაბო. მითხარი, არის რამე, რამაც შეიძლება, რომ გადაგაფიქრებინოს? - ალბათ არის, უბრალოდ მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ეს. ნაია, შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა კარგად ვგრძნობდი თავს ცოტა ხნის წინ შენთან და ბაჩოსთან ერთად. დამიჯერებ რომ გითხრა, იმ წუთას არაფერი მახსოვდათქო? - ვიცი გაბო, დაგიჯერებ. - გავუღიმე. - იმიტომ, რომ მე მაგას მივხვდი. მიხაროდა და ამავდროულად გული მწყდებოდა იმის გამო, რომ ორჭოფობას დაიწყებდი. მაგრამ ცვლილება მაინც არის, ნუთუ ვერ ხედავ? - რას გულისხმობ ნაია? - მკითხა. - როდესაც თბილისში ვიყავით, მიმტკიცებდი, რომ შენი გადაწყვეტილება უცვლელი იყო, ახლა კი შენი სიმტკიცე შეირყა, სურვილები ორად გაიყო და ეს დიდ პროგრესად მიმაჩნია. მე ეს ნაწილობრივ მიმშვიდებ გულს. - ვუთხარი, ხელი ჩავჭიდე და თავი მხარზე ჩამოვადე. - მიყვარხარ, გაბო. - ჩავიჩურჩულე და მთვარეს გავხედე. ლოყაზე მისი თითები ვიგრძენი, მომეფერა და თქვა: - საშინელება ვარ! - მაგრამ მაინც მიყვარხარ. - ხომ ხედავ, როგორ გაწვალებ?! - მე მაინც მიყვარხარ. გაეცინა. - ნაბახუსევის ბრალია რომ "ჩაიხვიე"? - არა, იმის, რომ მიყვარხარ!. - გამეცინა. - ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გული არ გატკინო. - ეს სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, გაბო. - თავი ავიღე მისი მხარიდან და თვალებში შევხედე. - ვიცი ნაია. - გამიღიმა მან, ჩემი სახე თითებში მოიქცია და ტუჩებს მისწვდა. ამ წამებს მონატრებული, გავინაბე. *** ცოტა, მაგრამ მშვიდად მეძინა. რატომღაც არც გაღვიძების შემდეგ ვფიქრობდი იმ პრობლემებზე, რომლების გამოც ვიყავი სოფელში. საუზმეც სტვენა-სტვენით მოვამზადე და ბიჭები სამზარეულოში შევიპატიჟე. გუშინდელ ჩვენს სიგიჟეებს ვიხსენებდით და ვხალისობდით, რომ ჩემმა მობილურმა დარეკა. გიორგი იყო. - გისმენ გიორგი. - ვუპასუხე მე. - როგორ ხართ? - მკითხა მან. - აქ ცვლილებაა, მაგრამ კარგად ვართ. - რა ცვლილება? - გაუკვირდა. - ჩემი ძმა ჩამოვიდა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. რამე მოხდა გიორგი? - გაბოს გავხედე. აშკარად ეტყობოდა, რომ მეგობრის ზარი არ ესიამოვნა. ჩემი ძმა კი კითხვის სახით შემომცქეროდა. - მოხდა. მართალია საქმეში აღარ ვარ, მაგრამ მაინც ყველაფერს თვალს ვადევნებ. დღეს ჭანიას დაკავების ორდერი გამოწერეს, მაგრამ ის გაქრა. არსად არაა, არც სამსახურში, არც სახლში, არც გარეუბანში, სადაც გაბო ჰყავდა. აორთქლდა. - ფიქრობ, რომ გაიგო რაც ელოდა? - ალბათ. - მაგას ყველგან თავისი კაცი ჰყავს. აქედანაც გაჟონავდა ინფორმაცია. ეძებენ, მაგრამ არსად არაა. ამიტომ დაგირეკეთ, ფრთხილად იყავით. - ვეცდებით. - ჩავიბუტბუტე. - სოფელში ვინმე უცხო ან საეჭვო თუ შენიშნეთ, აუცილებლად გამაგებინეთ, კარგით? - კარგი გიორგი, მადლობა. - კარგად ნაია. ბიჭებს ყველაფერი ავუხსენი. ცოტა ხნით ამაზე ვისაუბრეთ, შემდეგ მაგიდა ავალაგე და ცოტა ხნით ეზოში მაგიდასთან კარტი ვითამაშეთ. შემდეგ სახლში შევბრუნდით და ბაჩომ კიდევ ერთი თამაში შემოგვთავაზა "სახელებზე". უნდა დაგვესახელებინა ნებისმიერი ასო და ამ ასოზე რიგრიგობით გვეთქვა ადამიანის სახელები. წაგებული ლუდს მოიტანდა მარკეტიდან. ბავშვებივით ავყევით ამ თამაშს და ეს ისეთი სახალისო აღმოჩნდა, რომ დიდხანს აღარ დავანებეთ თავი. გაბო იმდენად უცნაურ და უცხო სახელებს ამბობდა, რომ მე და ბაჩოს პირველად გვესმოდა. როცა ვეუბნებოდით, რომ ის გვატყუებდა, სიმართლის დასამტკიცებლად ნათქვამი სახელივით უცნაურ და საეჭვო ამ სახელის წარმოშობის ისტორიას გვიყვებოდა. როდესაც ჩვენ ვიტყოდით: - გაბო, პირველად გვესმის ეს სახელი, საიდან მოიტანე? გულუბრყვილოდ და თან დამაჯერებლად გვპასუხობდა: - ჩემს მეზობელს ერქვა სოფელში. ამაზე მე და ჩემი ძმა ვბჟირდებოდით სიცილისგან, რადგან ბოლოს ისე გამოვიდა, გაბოს სოფელში მეზობლად ყველას საკმაოდ უცნაური და საეჭვო სახელები ერქვათ. როდესაც ასოს დასახელების ჩემი დრო დადგა, ვთქვი "მ" ასე ბგერა. ქართულიდან დაწყებული, რუსულით, ესპანურით, იტალიურით, თურქულით გაგრძელებული და ამერიკულით დამთავრებული, ყველა სახელი ჩამოვთვალეთ რაც კი გვსმენოდა. ცოდნის მარაგი რომ ამოგვეწურა, გაბოს ჯერი დადგა. ცოტა ხნით ჩაფიქრდა და თქვა: - მურმანდუხტი. მე და გაბოს სიცილი აგვიტყდა და როცა სული მოვითქვით, მე ვკითხე: - არ მითხრა, რომ ესეც შენს მეზობელს ერქვა სოფელში. - არა, არ ვამბობ. - თავი გაიქნია გაბომ. - აბა ვის? - მეზობელს, ოღონდ თბილისში. - აუ ნაია, აზრზე ხარ ეს როგორ გვაბოლებს? - წამოიწია ბაჩო. - იქნებ პატივი დაგვდო და ამ სახელის ისტორიაც გვიამბო? - რა ისტორია ამას სჭირდება, მურმანის და გურანდუხტის ნაჯვარია. - თქვა გაბომ და თავის ნათქვამზე თვითონაც გაეცინა. მიხვდა, რომ ტყუილში ვიჭერდით. - კარგი. მაშინ ისიც აგვიხსენი გოგოს სახელია ეს თუ ბიჭის. მურმანი ბიჭისაა, გურანდუხტი ქალის და მისი ნაჯვარი ვის უნდა დაარქვა? - გეის. - აუტყდა სიცილი გაბოს. რა თქმა უნდა მას აღარ დავუჯერეთ და წავაგებინეთ. თუმცა მაინც არაფერი გამოვიდა. გაბომ თავი საკმაოდ მოხერხებულად დაიძვრინა. - დაგავიწყდათ რომ ნაიასთან ერთი სურვილი მაქვს? ხო-და, ვინაიდან და რადგანაც ამჟამად რომ ავხტე, ჩემს ჯიბეში ხურდაც არ დაიჩხარუნებს, ჩემი სურვილია, ნაიამ გამიუქმოს წაგებულის სტატუსი და ამაში თავისი ძმაც დაარწმუნოს. სხვა რა გზა გვქონდა?! - ჩამეყარა ამდენი შრომა წყალში. - დაიწუწუნა ბაჩომ. - მსოფლიოში არსებული სახელები ჩამოვთვალე და ერთი ქილა ლუდი ვერ მოვიგე. ეს უსამართლობაა. ეჰ, წავალ მარკეტში და ისევ მე მოვიტან. მე საათს დავხედე, უკვე საღამოს ცხრა იყო დაწყებული და ბინდდებოდა, სანამ ბაჩო მოვიდოდა დაღამდებოდა კიდეც. გაბოს გავხედე და მის გამომეტყველებაზე გამეცინა, რადგან მის სახეზეც იგივე სურვილი იკითხებოდა, რაც ჩემსაზე. სავარძლიდან წამოვხტი და ისეთი ინერციით მოვკალათდი მის მუხლებზე, რომ ლამის დივანი გადავარდა. ჩემს ამ საქციელზე ორივეს გაგვეცინა. მის ტუჩებს ვწვდი, ცოტა ხანში კი ისევ წამოვხტი და მუცელზე ხელი მოვისვი. - მშია. - და საცოდავის გამომეტყველება მივიღე. - მე კი უკვე დავნაყრდი. - ჩაიღიმა გაბომ. - გამოდის, რომ გაუმაძღარი ვყოფილვარ. - ცალი წარბი მაღლა ავზიდე. გაბომ გადაიხარხარა და მალევე შეჩერდა. ჭრილობა სიცილში ხელს უშლიდა. - სამზარეულოში გავალ, რამეს მოვამზადებ. - ვთქვი მე, გაბოს მსახიობურად გავეპრანჭე და სამზარეულოსკენ გავემართე. კარი დავხურე, შუქი ავანთე და უცებ ერთ ადგილს მივეყინე. ჩემს წინ სამი უცხო ადამიანი იდგა. ერთს იარაღი ჩემსკენ მოემართა, მიღიმოდა და ტუჩზე თითის მიდებთ მანიშნებდა ჩუმად იყავიო. *** ასეთი შემთხვევა ერთხელ უკვე მქონდა, თითქმის გამოცდილი ვიყავი, თან მივხვდი ვინც იყვნენ და რაც უნდოდათ. ამიტომ სულაც არ გამითვალისწინებია მათი რჩევა, რომ გავჩუმებულიყავი და მთელ ხმაზე ვიყვირე: - გაბო! იარაღმომარჯვებული ჩემს ასეთ საქციელს არ ელოდა, სახე უკმაყოფილოდ დამანჭა, მკლავში მწვდა და იარაღი თავზე მომადო. სწორედ ამ დროს შემოვარდა ჩემს ყვირილზე გაბრიელი და ერთი წამით ადგილზე შედგა. უცნობებს თვალი მოავლო, როცა სიტუაცია გააანალიზა, მთელ ხმაზე იყვირა და ჩემსკენ წამოიწია. - გოგოს ხელი გაუშვი შენი დედაც!... ჩემს თავს იარაღის ლულა კიდევ უფრო მჭიდროდ მიებჯინა. - ადგილზე დარჩი გაბრიელ! - თქვა მან, ვისაც ჩაბღაუჭებული ვყავდი. - თორემ ხომ იცი, ახლაც ისევე არ გამიჭირდება სროლა, როგორც ერთი თვის წინ ჭანიას სახლში. უკან მდგარი ერთ-ერთი მათგანი გაბოს მიუახლოვდა, იარაღი კისერზე მიაბჯინა და მხარზე უბიძგა. - გადი! - თქვა ჩემს უკან მდგარმა და ხელი მკრა. მისაღებ ოთახში გავედით და მე და გაბო დივანზე დაგვსხეს. - ჯიბიდან მობილური ამოიღე და მაგიდაზე დადე! - უთხრა გაბოს. გაბომ ბრძანება შეასრულა. მას გავხედე, ერთიანად ქშინავდა იმის გამო, რომ ვერაფერს აკეთებდა. - შენც! - შემომხედა კაცმა. - მე არ მაქვს. - ვუთხარი და დავუბღვირე. ჩემი მობილური ეზოში, მაგიდაზე იდო. - გაჩხრიკე! - უბრძანა ერთ-ერთ მათგანს. - არ მაქვს მეთქი! - ვიყვირე, მაგრამ ის ვიღაც მაინც მომიახლოვდა და წამომაყენა. - ხელი არ ახლო ! - იღრიალა გაბომ, ადგილიდან წამოვარდა და მთელი ძალით დაარტყა სახეში. კაცი დავარდა. სამიდან უფროსი კი გაბოს ეცა და მუცელში წიხლი ჩააზილა. - გაბო! - ვიყვირე და მისკენ წავიწიე მაგრამ არ მაცადეს, მოშორებით დივანზე დამსვეს და იარაღი მომაბჯინეს. გაბრიელს ტკივილისგან სახე დაემანჭა, ორივე ხელი მუცელზე მიიჭირა და დივანზე უღონოდ დაეცა. - უი ბოდიში. ეს ის ჭრილობა ხომ არ არის, ჩემი დანისგან რომ დაგრჩა? არ მინდოდა გტკენოდა. - მსახიობური სიბრალული გამოესახა კაცს სახეზე და ცინიკურად ჩაეცინა. - სად არის თვითონ? სად არის შენი არაკაცი უფროსი?! - გამოსცრა სიმწრისგან გაბრიელმა. - ხვალ გესტუმრება, ასე ძალიან მოგენატრა? უცნაურია, მან ხომ დედიკო და მშვენიერი დაიკო მოგიკლა? - მოკეტე! კარგად ვიცი რაც გააკეთა და შეხსენება არ მჭირდება! ის ამისთვის პასუხს აგებს, აუცილებლად! - ზედმეტმა ამბიციებმა არ გაგაბრუონ გაბრიელ. იცოდე, საშინელი გრძნობაა იმედგაცრუება. - ვიცი. საშინლად ვნანობ, რატომ წამოვედი ჭანიას სახლიდან ისე, რომ ტვინი არ გაგასხმევინე! კაცმა გადაიხარხარა და ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. დაძაბული ვიჯექი. უცნაური იყო, მაგრამ არ მეშინოდა. ერთადერთზე ვფიქრობდი - როგორ დავხმარებოდი გაბოს. ვხედავდი, მის ცისფერ მაისურზე დამჩნეული სისხლის პატარა ლაქა როგორ დიდდებოდა და მე ამის შემხედვარეს გული მისკდებოდა. ორი წამით შემომხედა და მის თვალებში იმხელა სიმტკიცე და სიძლიერე დავინახე, რომ ამან კიდევ უფრო გამამხნევა. - მშვენიერ დაჩას გამოჰკრავდი ხელს, სიკვდილი რომ არ გელოდეს წინ. - თქვა კაცმა და ოთახს მოავლო თვალი. ამაზე არც ერთს გაგვიკეთებია კომენტარი. - მესამე სადაა? - გვკითხა ბაჩოზე. არც ამჯერად ამოვიღეთ ხმა. - არაუშავს, მოვა და შემოგვიერთდება. - თქვა მან, გაბოს გვერდით, დივნის სახელურზე ჩამოჯდა და სადღაც დარეკა: - ხო, ყველაფერი რიგზეა... ახლა მესამეს ველოდებით შინ არ დაგვხვდა... შენ? როდის ჩამოხვალ, ხომ არ შეცვალე დრო?.. მანდ რა ხდება, სიმშვიდეა?... კარგი, იცოდე გაბო გელოდება. - ჩაიცინა კაცმა და მობილური გათიშა. - ჩემს უფროსს არ გაუმართლა. ჩემმა ძმამ ბევრი იყბედა და ახლა ზურას ეძებენ... მაგრამ არაფერი გამოუვათ. - მაგასაც ვნახავთ!- ჩავილაპარაკე მე. - ოჰ! საიდანღაც ნოზის ხმა მომესმა. - შემომხედა კაცმა, ტუჩები ჩემსკენ გამობზიკა და თვალი ჩამიკრა. გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. - მოკეტე! - გამოსცრა გაბომ და მრისხანე თვალებით ახედა უფროსს. ამ დროს გაბოს მობილურმა დარეკა, ყველამ მას დავხედეთ, მაგრამ მის ასაღებად ჩემს მეტი არავინ გაწეულა. - ხელი! - დაიყვირა უფროსმა. ჩემს უკან მდგარმა ხელი მხარში ჩამავლო და ადგილზე დამაგდო. - მოდი ქალს ნუ ვენდობით. თუ კაცი დაუფიქრებლად მოქმედებს, ქალს შეუძლია მსოფლიო დაიპყროს. არ მეთანხმები გაბრიელ? შენ უპასუხე, მხოლოდ მშვიდად, ყოველგვარი სიტყვის გადაკვრების გარეშე, თორემ შენი ნოზი კუდში დაიჭრება. გაბომ მობილური აიღო და უპასუხა: - ხო ლევან... არაფერი, მშვიდობაა, თქვენ სად ხართ?... ძალიან კარგი... ჭრილობა კარგად მაქვს... არა, გიორგისგან ახალი არაფერი ისმის. იმ ნაბიჭვარს დღეს თუ ხვალ მაინც ვნახავ. - გამოსცრა გაბომ და ცოტა ხანში მეგობარს დაემშვიდობა. - აბა რაა, რა თქმა უნდა ნახავ. - თავი დაიქნია უფროსმა. გაბოს მობილური წაართვა და ჯიბეში ჩაიდო. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ბაჩო შემოვიდა. მივბრუნდი და ჩემს ძმას შევხედე. კაცმა, რომელიც ჩემს უკან იდგა იარაღი მისკენ მიმართა და გადატენა. ბაჩომ მე და გაბო შეგვათვალიერა და მოჰკრა თუ არა თვალი გაბრიელის გაწითლებულ მაისურს, სახე შეეკრა და უფროსს შეხედა. პარკი, რომელშიც ლუდი ეწყო იატაკზე დააგდო და მისკენ გადადგა ნაბიჯი. ისიც წამოდგა და იარაღი მომართა. - ეს რა ბობოქარი ხალხი შეკრებილხართ, როგორი უშიშრები. - თავი გაიქნია მან. - მაგრამ ტყვია რომ ამ ყველაფერს ერევა, ამას რატომ ვერ ხვდებით? - ლაჩრებო! - გამოსცრა ბაჩომ. - ტყვიის იქით გზა არ გაქვთ. დადე ეგ იარაღი და მაჩვენე რა შეგიძლია. - მუშტები შეკრა ჩემმა ძმამ. - ბაჩო, არ გინდა... - მუდარით გავხედე მე. - რინგზე რომ ვიყოთ აუცილებლად დაგთანხმდებოდი, ახლა კი აჯობებს შენს ლამაზ დაიკოს დაუჯერო. - პიდარასტო! - დაიყვირა ბაჩომ და უფროსს დაარტყა სახეში. ის კი უცბად მოვიდა გონს და იარაღი შუბლზე მიაბჯინა. - ბაჩო! - ვიყვირე და ადგილიდან წამოვიწიე. - ერთი ადგილი დააყენე, თორემ მაგ ძალას, ასე რომ გეძალება ერთ წამში დაგიცხრობ. უფროსმა ხელის ზურგით მოიწმინდა ტუჩიდან გადმოდენილი სისხლი და ბაჩოც გაბოსთან დასვა. შემდეგ კარისკენ წავიდა და ბაჩოს დაგდებული პარკიდან ერთი ქილა ლუდი ამოიღო, გახსნა და ჩემს ძმას უთხრა: - მხოლოდ იმიტომ არ მოგკლავ, რომ ლუდი მოიტანე. ვგიჟდები, ისე მიყვარს! - გაიცინა და ქილა მოიყუდა. - რაზე შევჩერდით? - გადახედა გაბოს. - ხო, ზურას არ გაუმართლა მეთქი... - ჯერ არგამართლებები წინ აქვს. ის აქაა ჩამოსასვლელი. - უთხრა გაბომ. - აქ რომ ჩამოვა, არ იცი როგორ გაუმართლებს. როგორც იქნა მოგიშორებს თავიდან. თან აქაა ეს მშვენიერი ქალბატონიც. - გამომხედა მე. - ხომ იცი, ერთი წლის წინ საცოლე დაეღუპა და ახლა შენი გაცნობა ძველ ტკივილს დაავიწყებს. - მოჩვენებითი თანაგრძნობით თქვა მან და ლუდი მოსვა. - სამეტყველო აპარატი აკონტროლე, ბიჭო! - დაიღრიალა ბაჩომ. - ნუ უსმენ გთხოვ. - გავხედე მას. - ღმერთო ჩემო, ვდნები რა ხმა აქვს. გაბრიელ, გაბრიელ, როგორ მშურს შენი, ალბათ საწოლში სასწაულებს ახდენს... გაბო დივნიდან წამოვარდა, უფროსს ეცა და გამალებით დაუშინა სახეში მუშტები. - გაბო, არ გინდა გთხოვ, შეეშვი, თავი დაანებე. - ვყვიროდი, მინდოდა შემეჩერებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. კაცი, რომელიც ჩემს უკან იდგა, გაბოს ეცა, მოაბრუნა და სანამ გაბო რამეს მოიმოქმედებდა, მუცელში იარაღის ტარი დაარტყა. შიშისგან ვიკივლე და ავტირდი. ხელები მუცელზე მივიჭირე, თითქოს ჩემთვის დაერტყათ. შიგნით მეც რაღაც დამეწვა. მთელი სხეული მეტკინა და ძალა გამომეცალა. გაბო მუხლებზე დავარდა. ვხედავდი, როგორ წვეთავდა მისი მაისურიდან სისხლი. ბაჩო მის დასახმარებლად წამოიწია მაგრამ მის თავთან მდგარმა კაცმა იარაღი მიაბჯინა და ჩემმა ძმამ ადგილიდან დაძვრაც ვერ მოახერხა. ცრემლებით სავსე თვალებიდან ძლივს ვხედავდი რა ხდებოდა ჩემს თვალწინ. გაბო ცალი ხელით იატაკს დაყრდნობოდა, ცალს კი მუცელზე იჭერდა. ოთახში ჩამოვარდნილ სიჩუმეში მისი გამალებული ქშენა ისმოდა. - ამის დედაც! რატომ არ მაქვს შენი მოკვლის უფლება! - იყვირა "უფროსმა" და ფეხი დივნს მიარტყა. - დასვი თავის ადგილზე! - გასცა ბრძანება. ერთ-ერთო გაბოს სწვდა, წამოაყენა და დივანზე დააგდო. გაბომ თავი დივანის საზურგეზე გადააგდო და თვალები მაგრად დახუჭა. გული დამიმძიმდა, როცა მის სახეს შევავლე თვალი, ლამაზი ნაკვთები ტკივილისაგან დამანჭვოდა. *** ღამე საშინლად გაიწელა. ყველა ჩუმად იყო, მხოლოდ რამდენჯერმე თუ გაისმა "უფროსის" მობილურის ხმა და შემდეგ მოკლე-მოკლე საუბარი. ერთმანეთს არ გვაკარებდნენ. ცალ-ცალკე ვისხედით და არ გვქონდა უფლება სიჩუმე დაგვერღვია. არაფერი მომდიოდა თავში. ვერ ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა დაგვეღწია თავი ამ სიტუაციიდან. მართალია ჩემი მობილურის არსებობა მათ არ იცოდნენ, მაგრამ მას მაინც ვერ გამოვიყენებდი. ის გარეთ იდო, მაგიდაზე. ბაჩოსაც წაართვეს თავისი ტელეფონი. იარაღი კი, რომელიც გიორგიმ დაგვიტოვა სახლის მეორე სართულზე იყო. არანაირი შანსი არ გვქონდა. ვისხედით და ჭანიას ჩამოსვლას ველოდით. რაც დრო გადიოდა აქამდე არ არსებული შიში ნელ-ნელა მეღვრებოდა გულში. ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში, როცა ჩვენ ვერანაირად დავიცავდით ერთმანეთს ან საკუთარ თავს, ჭანია გაბოს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოკლავდა. მინდოდა ამაზე ფიქრი თავიდან ამომეგდო, მაგრამ არ გამომდიოდა. თუმცა თავის ხელში აყვანას მაინც ვახერხებდი. ახლა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის დრო არ იყო. ვერც იმ ღამით და ვერც მეორე დილით ვერ მოვიპოვე იმის ნებართვა, რომ გაბოს ჭრილობისთვის მიმეხედა. სიტუაციას ისიც ამძიმებდა რომ ჩემი ძმა ხშირად გამოდიოდა წყობილებიდან უფროსის ლაპარაკზე. მეშინოდა მისთვის რამე არ დაეშავებინათ. მათ ჩემი და ბაჩოს მოკვლა თავისუფლად შეეძლოთ. ჭანია არ ჩანდა. დღე ნელ-ნელა იწურებოდა და ფანჯრებიდან შემოსული მზის სხივები თანდათან ქრებოდა. ოთახში არსებული ატმოსფერო უცვლელი იყო. ჯდომისგან დავიღალე. აღარ შემეძლო მისი ყურება, რადგან ვგრძნობდი მისი ტკივილი როგორ მფიტავდა შინაგანად. საფრთხე რაც უფრო მატულობდა, მით უფრო მიყვარდა ის. *** ახალი დაღამებული იყო, უფროსის მობილურის ხმა რომ გაისმა. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ კი გვახარა: - ზურა ხუთ წუთში აქ იქნება. - და ხუთ წუთში ნახავ შენი უფროსის სიკვდილს. - გამოსცრა გაბომ. გულჩაწყვეტილმა გავხედე მას და თვალებიდან ცრემლები გადმომიგორდა. - ოცნების უფლება ნამდვილად გაქვს, ვერ დაგიშლი. - ჩაიცინა უფროსმა და კარიდან გაიხედა. სიჩუმეში შორიდან მოღწეული ქვაღორღილის ხმა მომესმა, რომელზეც მანქანა მოდიოდა და ეს ხმა მალევე ავტომობილის კარების დახურვის ხმამ შეცვალა. ჩემმა ისედაც აჩქარებულმა გულის ცემამ, ტემპს უფრო უმატა და ჰაერის შესუნთქვის უფლება აღარ მომცა. მიუხედავად ამისა, მაინც მზად ვიყავი ნებისმიერი გზით თავიდან ამეცილებინა თითოეული ჩვენგანის სიკვდილი. რამდენიმე წუთში კი ოთახში ზურა ჭანია შემოვიდა, საშუალო სიმაღლის გამხდარი კაცი და ცივი ნაცრისფერი თვალები იქ მყოფთ მოგვავლო. *** - საღამო მშვიდობისათ. - მშვიდი ღიმილით მოგვესალმა შემოსული და მზერა გაბრიელზე შეაჩერა. ერთხანს უხმოდ უცქერდა, შემდეგ დივანზე ჩემს გვერდით დაჯდა, ცერად გამომხედა და ისევ ბიჭებს შეავლო თვალი. - ამ სოფელში ისეთი სილამაზეა, რომ სიცოცხლე მოგწყურდება. რა ბედის ირონიაა, არა?! - თქვა ოდნავ ხრინწიანი ხმით. მისმა ისეთმა ტონმა, თითქოს არაფერი ხდებოდა, გამაღიზიანა და გაბოს შევხედე. დაჟინებული მისჩერებოდა ჩემს გვერდით მჯდომს და ჩქარა სუნთქავდა. დასისხლიანებული მუშტები მუხლებზე დაეწყო და მაგრად შეეკრა. ბაჩო კი მათ აკვირდებოდა და სიტუაციას ზვერავდა. ჭანიამ უფროსს შეხედა და ჰკითხა: - ვასო, რა გჭირს სახეზე, როდისღა მოასწარი? - ბიჭებთან ცოტა წავკამათდი, არაფერია. - ზურგი გვაქცია მან. - ხო, რა ვიცი კარგად კი ხარ დალილავებული. - ჩაიცინა ჭანიამ და ისევ გაბოს შეხედა. - აბა რას მეტყვი გაბო, როგორ ხარ? - შენი მოკვლის სურვილი ჯერ კიდევ მაქვს! - რა საოცარი დამთხვევაა, იგივეს თქმას ვაპირებდი მეც. - გაიკვირვა ზურამ. მისი ცინიზმით მოთმინება მელეოდა. - მერე რას უცდი შენი დედაც!... - შეიგინა გაბომ. - ბოლო დროს ძალიან მომილბა გული და მინდა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებით დატკბე. უკანასკნელ სურვილებს ხომ არ ჩამოთვლიდი? საბოლოოდ გამოვედი წყობიდან. - ერთადერთი სურვილი, რაც ახლა მას ამოძრავებს - შენი სიკვდილია, მაგრამ მე ამას არ დავუშვებ. - ვთქვი მე. - გაბო, ხომ არ გწყინს ეს გოგო მე რომ მესარჩლება? - მდიდარი ფანტაზია გაქვს არაკაცო! მე არ მინდა გაბო ციხეში იტანჯებოდეს, თორემ შენს ბინძურ სულს ჯანდაბამდე გზა ჰქონია! - ხმას ავუწიე. დავინახე, როგორი გაბოროტებული თავლებით შემომხედა ჭანიამ და მოულოდნელად სახეში დამარტყა. ბიჭები დივნიდან წამოცვივდნენ. გაბოს შეჩერება მაშინვე შეძლეს, მაგრამ ბაჩომ მაინც მოასწრო ჭანიასთვის მუშტის დარტყმა და შემდეგ მასაც მოუწია ადგილზე დაბრუნება. - გული მიგრძნობს, დღეს მხოლოდ ერთი არ შეეწირება ტყვიას! - გამოსცრა მან და თვალები დააბრიალა. - მართალია, შენც უკან მომყვები ! - იღრიალა გაბო, ჭანიამ კი არაფერი უპასუხა, ფანჯარასთან მივიდა და ცოტა ხნით სიბნელეს გაუშტერა თვალი. ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. მე ჯერ კიდევ გაბუჟებულ ლოყაზე მედო ხელი. გაბო მიყურებდა და ვხედავდი, როგორ მთხოვდა თვალებით პატიებას. ვიცოდი, რაც არ უნდა მომხდარიყო ახლა აქ, ყველაფერში თავს თავს დაადანაშაულებდა. შეიძლება ის მართალიც ყოფილიყო, მაგრამ არ მინდოდა რომ მას ასე ეფიქრა. თითოეულ ჩემს სიტყვასა და საქციელზე მევე ვაგებდი პასუხს. შემდეგ ბაჩოს გავხედე. ისიც მე მომჩერებოდა და მის სახეზე გარკვევით ვკითხულობდი სიტყვებს: " ხმა აღარ ამოიღო!" ვხედავდი ჩემს ძმას სახე არეოდა. დავინახე, როგორ შეათვალიერა ჩვენს სახლში შემოჭრილი 4 არაკაცი, მათი იარაღი და ოთხივეს გამუდმებით ზვერავდა. მგონი რაღაცას გეგმავდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა შეიძლებოდა მოეფიქრებინა ბაჩოს, ჩვენ ხომ სრულიად უმოქმედონი და უიარაღო ვიყავით?! - გაბრიელ, - გაისმა სიჩუმეში ჭანიას ხმა, ფანჯარას მოშორდა და ისევ ჩემს გვერდით ჩამოჯდა. - იცი ახლა ფიქრებმა გამიტაცეს და რაღაც გამახსენდა, რაც შენთვის არ მითქვამს. როცა სოფიკო ბოლოს ვნახე... ღმერთო ჩემო, მივხვდი რასაც აკეთებდა ეს ნაგავი, ვეღარ მოვითმინე და ისევ ვიყვირე: - გაჩუმდი, გესმის? არაფერი თქვა! ის არ გყოფნის რაც გააკეთე? რატომ ახსენებ მას დას, და საერთოდ, მისი სახელის წარმოთქმას როგორ ბედავ?! - ნაია, ნუ ერევი, გაჩუმდი! - შემომიბღვირა ბაჩომ. - დაუჯერე შენს ძამიკოს მშვენიერო, თუ მისი სიცოცხლე რამედ გიღირს. - თქვა ჭანიამ და ისევ გაბოს მიუბრუნდა. - რას ვამბობდი? ხო, როცა სოფიკო ბოლოს ვნახე, აი მაშინ, როცა სარდაფში ვიჩხუბეთ და დანა დავარტყი, იმდენად მებრძოლი სულის იყო, რომ მიუხედავად იმისა, იცოდა მოკვდებოდა, მაინც მეწინააღმდეგებოდა. ახლა მეცინება ამას რომ ვიხსენებ, მაგრამ იცი მისი ბოლო სიტყვები რა იყო? ჩემი ძმა ადრე თუ გვიან ყველაფერს გაიგებს და ამას არ გაპატიებსო. სიმართლე გითხრა მაშინ ძალიან შემეცოდა. ჩვენ ხომ რამდენიმე წელი ერთად ვიყავით და ის იმდენსაც ვერ მიხვდა, რომ მისი ძმა ვერაფერს გახდებოდა ჩემთან. იცი, საოცარი სანახაობა იყო მისი ბოლო ამოსუნთქვა, მისი უკანასკნელი ცრემლები, რომლებიც ცისფერი თავლებიდან გადმოიღვარნენ და ლამაზ ლოყებზე დაგორდნენ. გაბო შენი და იმ წუთას მშვენიერი იყო და მაშინ ერთი წამითაც არ მინანია ჩემი საქციელი, რადგან საშუალება მომეცა ეს მშვენიერება მენახა. ასეთი შანსი კიდევ რომ მომეცეს, დამერწმუნე იგივეს მოვიმოქმედებ. ვუყურებდი გაბოს და თავისით გადმოდიოდნენ თვალებიდან უხმო ცრემლები. გული მისივდებოდა მის შემხედვარეს. მუშტები იმდენად მაგრად შეეკრა რომ ხელები უცახცახებდა. დაძაბული შესცქეროდა ერთ ადგილს და ცოტაღა აკლდა, რომ წყობიდან გამოსულიყო. მე ამ წუთას მივხვდი, რატომ ვერ შევძელი მისთვის ჭანიას სიკვდილით დასჯის გადაფიქრება. მივხვდი, რადგან ახლა უკვე მეც დაუფიქრებლად გამოვკრავდი თითს მის შუბლზე დამიზნებულ იარაღს. - მიხარია, რომ ასე მშვიდად შეხვდი ამ ყველაფერს, გაბო. საერთოდ არ ღირს იმაზე დარდი და გაბრაზება, რაც უკვე იყო. ხომ მართალი ვარ ლამაზო? - გამომხედა მე. - მართალი სოფო იყო იმაში, რაც გითხრა. - იცი სითამამით გავხარ მას და მე შინ მომწონხარ! - ნაიას შეეშვი , თორემ ფეხებზე მკ,იდია რა მომივა, ტვინს გაგასხმევინებ! - გამოსცრა გაბომ. - შენ ამის შანსი ორჯერ უკვე გქონდა... - მესამედ აღარ გაგიმართლებს! - არა! - თქვა ბაჩომ და ოდნავ წინ წაიწია. - აქ არავინ მოკვდება და თუ გაბოს მართლაც არ გაუმართლებს, შენ მაინც ჩაგსვამენ! - ძალიან სასაცილოა, ნუთუ ჩემი შემდგომი გეგმები შენ ჩემზე უკეთ იცი? - შენი გეგმები ! მე მხოლოდ ის ვიცი, რომ უეჭველი გაატარებ შენს დამპალ ცხოვრებას დამპალ ციხეში! - და მაინც რატომ ხარ ამაში ასე ძალიან დარწმუნებული! - ჩაიცინა ჭანიამ. - იმიტომ, რომ გაბო თუ ვერა, მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჭანიამ გადაიხარხარა და მალევე დასერიოზულდა. - შენ ძალიან დიდი თავის ტკივილი ხარ, იცი? - თქვა მან. - ვიცი, მთელი ცხოვრებაა ამას მეუბნება ჩემი და. - ამჯერად ამას მე გეუბნები და შენდა სამწუხაროდ, ჩემი ციხეში ჩასმის გეგმების ჩაშლა მომიწევს., რომელსაც ასე საგულდაგულოდ აწყობ. - არაფერი გამოგივა! - ჩაიცინა ჩემმა ძმამ ცინიკურად და თვალები დააბრიალა. ჭანია ერთხანს ჩუმად იყო და დაჟინებით მისჩერებოდა ჩემს ძმას. გული რაღაც საშინელებას მიგრძნობდა და ბაჩოს თვალებით ვემუდარებოდი აღარაფერი ეთქვა. - ვასო, გაიყვანე ეს და მოიშორე თავიდან! - გამოსცრა ჭანიამ და დივნის საზურგეს მიეყრდნო. *** ბაჩოს ჩაეცინა და სანამ ის ვასო მიუახლოვდებოდა, თვითონ წამოდგა. ამ საშინელებისაგან თავბრუ დამეხვა და რამდენიმე წამით ვერაფერი ვთქვი. "ბაჩო...ბაჩო..." - ვბუტბუტებდი ჩემთვის და სიტუაციას, რაც ჩემს თვალწინ იშლებოდა უემოციოდ შევყურებდი. გაბო ფეხზე წამოიჭრა და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის იარაღი დაემიზნებინათ, მაინც მთელ ხმაზე ყვიროდა: - ბაჩოს თავი დაანებე შე ! ის არაფერ შუაშია გესმის? მას არაფერი ეხება. ის ჩემს გამო აღმოჩნდა აქ. - დაჯექი! - მშვიდად თქვა ჭანიამ. - შენი დედაც, ბაჩოს თავი დაანებე! უთხარი შეეშვან გაიგე? უთხარი შეეშვან! - ღრიალებდა გაბო, მაგრამ ბაჩო უკვე აღარ იყო ოთახში. ის და ვასო გარეთ გავიდნენ. ორი წუთით გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა და ამ სიჩუმეში საზარლად გაისმა იარაღიდან ორჯერ გასროლის ხმა. - ბაჩო! - ვიყვირე მთელ ხმაზე და ავღრიალდი. შიგნით რაღაც ჩამწყდა, სული ამტკივდა. სხეული ვეღარ დავიმორჩილე და მთელი ძალით დავეტაკე ჭანიას. - შე არაკაცო, შე ნაგავო, მკვლელო! - ვყვიროდი და უმოწყალოდ ვიქნევდი ჩემს სუსტ მუშტებს, რომლებიც მას ვერაფერს დააკლებდნენ. ვიღაცამ შემაჩერა, დივანზე ძალით დამაბრუნა და კისერზე იარაღი მომადო, იარაღი, რომლისაც უკვე აღარ მეშინოდა. ხელი ავიქნიე და კისრიდან მოვიშორე, სახე ხელებში ჩავრგე და ავტირდი. არაფრის მოსმენა, არაფრის თქმა და გაკეთება არ მინდოდა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო სუნთქვასაც შევწყვეტდი. გონებაში ყველაფერი აირია, დაბნელდა და ნათლად ერთადერთს, ბაჩოს წეღანდელ მომღიმარ სახეს ვხედავდი, რომელიც ახლა უკვე აღარ არსებობდა. " - ჩემი ძმა, ჩემი აუტანელი, ჩემი გადარეული..." ვდუდუნებდი გულში და თითოეული გაფიქრებული სიტყვა ცრემლად იღვრებოდა ღაწვებზე. - ვიზიარებ ლამაზო, - მომესმა ჭანიას ხმა. - ერთი წლის წინ მეც მომიკლეს საცოლე მძარცველებმა. - მოკეტე ! - იღრიალა გაბომ და ჭრილობაზე დაიდო ათრთოლებული ხელები. *** ნახევარ საათზე მეტი გავიდა სრულ მდუმარებაში. ოთახში მხოლოდ ჩემი ქვითინი ისმოდა. ჭანიას ლუდი გაეხსნა და მშვიდად, აუჩქარებლად სვამდა. გაბო ჩუმად იჯდა. უკვე დიდი ხანი იყო ვუყურებდი მას, მაგრამ თვითონ ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის. მისი მესმოდა, ყველაფრის მიუხედავად მესმოდა და ვიცოდი რასაც გრძნობდა ახლა ის, სახეზე ყველაფერი ეწერა. მას ხომ ათასჯერ მაინც ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი, რომ არ უნდოდა ჩემი ამ საქმეში გარევა. არ უნდოდა თავისი პრობლემების გამო ვინმე ოდნავ მაინც დაშავებულიყო.. მე კი გავჯიუტდი, არ შევეშვი. ის დამპირდა, რომ ყველაფერს გავაკეთებ გული არ გეტკინოსო, მაგრამ ვერ მოახერხა. ვიცოდი, რომ ის ამას ჩემზე მეტად განიცდიდა და მინდოდა დამემშვიდებინა. ამჯერადაც მინდოდა, უხმოდ თვალებით მეთქვა, რომ მე ის ისევ უზომოდ მიყვარდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, ის დანაშაულის გრძნობის გამო არ მიყურებდა. უდარდელად მჯდარ ჭანიას მიშტერებოდა და ყოველ წამს ველოდი, რომ აფეთქდებოდა. - რატომ ჩამოხვედი აქ? - გამოსცრა გაბომ. ჭანიამ ჩაქინდრული თავი ასწია და გაბოს მიაბჯინა მზერა. - შენს მოსაკლავად რა თქმა უნდა. - მერე რაღას ელოდები შე ?! მე ხომ აქ ვარ, უიარაღოდ, არ გეწინააღმდეგები. მეტი რა გინდა მითხარი! - ერთი წუთით. - თქვა მან და ჩემს უკან იარაღჩაბღაუჭებულს გახედა. - ზაზა გადი ნახე რას აკეთებს ამდენ ხანს ვასო გარეთ. ალბათ ძალიან სიამოვნებს გვამის ცქერა. - ჩაიცინა და ისევ გაბოს მიუბრუნდა. ის ზაზა კი გარეთ გავიდა. - იცი გაბო რატომ ვაჭიანურებ ამ ყველაფერს? ვფიქრობდი. არ ვიცი რა ვუყო ამ მშვენიერ ქალბატონს, როცა შენ მოგკლავ. - თითს არ დაადებ! ნაია არაფერს გააკეთებს, ის ჩუმად იქნება. - გაბო, შენი და ბაჩოს გარეშე არაფერი დამრჩენია აქ. - ვთქვი და ტირილისგან დასიებული თვალებით შევხედე მას. - ნაია, გაჩუმდი! - დამიყვირა მან. - ხედავ? შენი გოგო გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა. - არა გაიგე?! შენ წახვალ და ის დაგივიწყებს, გეუბნები არაფერს გააკეთებს! - არ ვიცი, არ ვიცი. ადამიანია და მისი ბუნება. ხომ იცი, ქალი ეშმაკის მოციქულია, როგორ ვენდო? იცი რას ვფიქრობ? შენამდე ის ხომ არ მომეკლათქო?! - არ გაბედო, არ გაბედო ! - წამოიწია გაბო. - ოხ კარგი რა გაბო, არ გინდა ნახო სიკვდილის წინ დაღვრილი ცრემლები? ისე, როგორც მე ვნახე. თან შეხედე შენს ნაიას, როგორი ლამაზი თვალები აქვს. - ჭანიამ ზურგიდან იარაღი ამოიღო, წამოდგა, დივანს შემოუარა და ზურგიდან ჩემსკენ დაიხარა, თმა გადამიწია და ყელზე ცივი იარაღი ვიგრძენი. გულმა გამალებით იწყო ძგერა, გაბოს თვალს არ ვაცილებდი და გულმოდგინედ ვათვალიერებდი მის განრისხებულ, მაგრამ მაინც ლამაზ ნაკვთებს. ცრემლები თავისით მიცვიოდნენ თვალებიდან. - უყურე გაბრიელ, მშვიდად უყურე და არ გამოტოვო არც ერთი წამი, არც ერთი მისი მოძრაობა. - თქვა ჭანიამ და იარაღის გადატენვის ხმა გავიგე. - მიყვარხარ! - ჩავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე. - ნაია! - გავიგე გაბოს ღრიალი, რომელსაც ორი გასროლის ხმა მოჰყვა... მაგრამ მე ცოცხალი ვიყავი. თვალები გავახილე, დივანიდან წამოვხტი და უკან მივიხედე. - ბაჩო! - თითქმის ერთდროულად წამოვიყვირეთ მე და გაბომ. ჩემს ძმას ერთ ხელში იარაღი, მეორეში კი ჩემი მობილური ეჭირა და თავდაჯერებული ღიმილით წარბებს ათამაშებდა. ასეთ შეუფერებელ და დაძაბულ ადგილასაც კი არ კარგავდა იუმორის გრძნობას. ერთ წამში მივხვდი მის ჩანაფიქრს. ოთახს თვალი მოვავლე. გაბოსთან მდგარი იარაღმომარჯვებული ტიპი უგონოდ ეგდო იატაკზე. ფეხში დაჭრილი ჭანია კი ხელიდან გავარდნილი იარაღისაკენ მიბობღავდა. - შენი დედაც!... - გამოსცრა გაბომ და მისკენ გავარდა. იატაკზე გართხმულს ხელი ჩაავლო, გადმოაბრუნა, ზემოდან მოექცა და გამალებით დაუშინა სახეში მუშტები. - გაბო, შეეშვი გთხოვ, არ გინდა! - ვიყვირე და მის შესაჩერებლად გავიწიე მაგრამ ჩემმა ძმამ ხელები მომხვია და შემბოჭა. - აცადე. - მითხრა მან. გაბო მთელ ხმაზე ღრიალებდა და უმოწყალოდ იქნევდა მუშტებს. ჭანია ცდილობდა შეწინააღმდეგებას და ისიც იქნევდა ხელებს, მაგრამ ძალა ნელ-ნელა ეცლებოდა და გონებას კარგავდა. გაბო კი ვეღარ ჩერდებოდა და შემეშინდა, შემეშინდა ხელში არ შემოჰკვდომოდა. ბაჩო მიმიხვდა და მითხრა: - ნუ გეშინია დაიკო, არაფერი მოუვა. თითქოს დავუჯერე მას, მაგრამ შიშმა მიმატა, როცა დავინახე, როგორ გადასწვდა გაბო იქვე დაგდებულ იარაღს და ზურას შუბლზე მიაბჯინა. ჭანია მძიმედ სუნთქავდა და ძლივს ახელდა თვალებს. - რა ბედის ირონიაა, არა? - თქვა გაბომ და იარაღი გადატენა. *** სუნთქვაშეკრული ვუყურებდი ჭანიას შუბლზე მიბჯენილ იარაღს, რომელიც დაჭიმულ ხელს ეკავა. გაბო ანთებული თვალებით დაჰყურებდა ზემოდან და მზად იყო სასხლეტისთვის თითი გამოეკრა, მაგრამ ვხედავდი რაღაც აბრკოლებდა და ვიცოდი რაც იყო ეს "რაღაც" - დღეები, რომლებიც ჯერ თბილისში, შემდეგ კი ჩემთან და ბაჩოსთან სოფელში გაატარა. გრძნობა, რომელსაც ჩემს მიმართ განიცდიდა, პირობა, რომელიც ჩემთან დადო. მაგრამ როგორც ჩანდა, ეს არ იყო საკმარისი, რადგან მას მაინც იარაღი ეჭირა ხელში. ბაჩოს მკლავებიდან განვთავისუფლდი და გაბოსკენ წავიწიე. რამე უნდა მეთქვა, როგორმე უნდა შემეჩერებინა. - გაბო, შენ ხომ დამპირდი?! - ვთქვი და ვიგრძენი, როგორი მუდარა იგრძნობოდა ჩემს ხმაში. მას კი არც შემოუხედავს. რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი, არ მინდოდა, რომ გაბრიელი დამეფრთხო და მასთან საკმაოდ ახლოს მივედი. - გულს ნუ მატკენ გაბო, გთხოვ. მიყვარხარ! - ჩავიჩურჩულე და ჩქარი სუნთქვისაგან ათრთოლებულ მხარზე ხელი ჩამოვუსვი. იმის გამო, რომ გაბოს ჭანიას სიკვდილზე უარის თქმა მოუწია, გამწარებულმა იღრიალა და იარაღი მოისროლა. ფეხზე წამოვარდა და ნახევრად გონზე მყოფ ჭანიას, რომელსაც სახე დასისხლიანებოდა, ზემოდან დასძახა: - ამ ადამიანებს უმადლოდე, რომ ცოცხალს გტოვებ, ! - მუცელში მთელი ძალით ამოარტყა ფეხი და ხელის ზურგი შუბლზე მოისვა. ჭანიამ ტკივილისაგან ერთი ამოიგმინა და გვერდზე გადაბრუნდა. გაბო შემობრუნდა, სისხლიანი ხელები მომხვია და თავზე მაკოცა. მეც მთელი ძალით მოვეხვიე და თვალები დავხუჭე. დამთავრდა, ყველაფერი დამთავრდა, ისე, როგორც მე მინდოდა, როგორც ჩემსა და გაბოს საერთო გრძნობას აწყობდა. სისხლი დაიღვარა, მაგრამ არავინ მომკვდარა და მე ეს მამშვიდებდა. გაბო მთელი ძალით მიკრავდა. ალბათ ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ ასეთი შანსი - შური ეძია ბოლოსდაბოლოს, ხელიდან გაუშვა. სიმწრისაგან ჯერ კიდევ უცახცახებდა ღონიერი მხრები. - დამშვიდდი გაბო, ყველაფერი კარგადაა. - ჩავჩურჩულე და ლოყაზე ვაკოცე. - მთავარია შენ ხარ კარგად. - მითხრა და სახეზე მომეფერა. ბაჩო მოგვიახლოვდა და გაბოს მხარზე დაარტყა ხელი. - სწორი არჩევანი გააკეთე. - უთხრა მას და გაიღიმა. შემდეგ მე შემომხედა, თვალი ჩამიკრა და მზერა იატაკზე გართხმულ ჭანიაზე გადაიტანა. მისკენ წავიდა, მაისურში ჩაბღუჯა, ძალით წამოაყენა და დივანზე დააგდო. - ორ-სამ წუთში მშობლებს ჩაგაბარებ. გეტყობა, რომ აღზრდა გაკლია. მანამდე ჭკვიანად იყავი და არ იტირო. - უთხრა მას. - ყველაფერი ამით არ დასრულებულა! - ჩაილაპარაკა თვალებდასიებულმა ჭანიამ და სამივეს მოგვავლო დასისხლიანებული სახე. - რა თქმა უნდა, წინ ისეთი თავგადასავლები და საოცრებათა ქვეყანა გელის, რომ თვით ალისასაც კი შეშურდება. - ჩაიცინა ბაჩომ. იმ წუთას პოლიციის სირენების ხმა მოგვესმა და ფანჯრებიდან პროჟექტორების და ფანრების ციმციმს მოვკარით თვალი. რამდენიმე წამში კი ოთახში გიორგი და დაახლოებით ათი შეიარაღებული პოლიციელი შემოვიდა. ყველაფრის ახსნა ჯერ-ჯერობით ბაჩომ ითავა. ჭანია დააკავეს. რამდენიმე პოლიციელი ეზოში გავიდა ბაჩოსგან ნაცემი ორი თავდამსხმელის მოსასულიერებლად. საბედნიეროდ სასწრაფოც აქ იყო და გაბოს დაკითხვა გადაიდო. პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს და რა თქმა უნდა მეც თან გავყევი. ის, რომ გადაწყვეტილება შეცვალა მისთვის ძალიან რთული შესაგუებელი იყო და ეს სახეზე დიდხანს ეტყობოდა, მაგრამ ჩემი მის გვერდით ყოფნა და მასთან საუბარი ძალიან ბევრ რამეს ცვლიდა. *** ამ საშინელი ამბიდან ერთი წელი გავიდა, ჩემი და გაბრიელის ქორწინებიდან კი ერთი თვე. აბაზანაში სარკის წინ ვიდექი და ჩემს ანარეკლს ვუცქერდი. ვცდილობდი ყველაფერი დეტალურად გამეხსენებინა, დაწყებული ჩემს სახლში შემოვარდნილი ბანდიტით, დამთავრებული ჩემს თითზე ჩამოცმული ნიშნობის ბეჭდით. ყველაფერმა ერთ წამში გამირბინა თვალწინ. ის დაძაბული ერთი კვირა, რომელიც თბილისში გაბოსთან ერთად გავატარე, ის სამი ბედნიერი დღე, რომელიც ბაჩომ და გაბომ გამატარებინეს სოფელში და რომელიც ჭანიას დაკავებით დასრულდა, ახლა სახეზე ღიმილს მგვრიდა. თითოეული განცდა იმ დღეებიდან ჩემში ისევ იმდენად ცოცხლობდა, თითქოს ერთი წუთის წინ განმეცადოს. მიუხედავად შიშისა, დაძაბულობისა, საფრთხისა, რომლებიც მაშინ არსებობდა, მე მაინც მიყვარდა ის დღეები, მიყვარდა გაბრიელის გამო, იმ ძლიერი გრძნობის გამო, რომელიც მასთან მაკავშირებდა. გაბომ ტკივილი დაძლია. ჩვენ ახლა იმ სახლში ვცხოვრობდით, სადაც მისი დედა და და დაიღუპნენ, მაგრამ ჩვენ ეს ხელს არ გვიშლიდა იმაში, რომ ბედნიერები ვყოფილიყავით. გაბოს მზერიდან, მისი ქცევებიდან, მისი გულწრფელი სიტყვებიდან ვგრძნობდი, რომ ის ტრაგიკული ფაქტი, რაც ამ სახლში მოხდა, მასზე აღარ რეაგირებდა. მე მიყვარდა ეს ადგილი, მიყვარდა აქ არსებული თითოეული ნივთი, კუთხე, სურნელი, რადგან აქ ჩვენ ვცხოვრობდით და რადგან ამ სახლს მალე კიდევ ერთი წევრი შეემატებოდა. გამეღიმა. სველი სახე შევიმშრალე და კიდევ ერთხელ დავხედე ორსულობის ტესტს. ხელი მუცელზე მოვისვი და უჩვეულო გრძნობით ავივსე, ისეთი თბილი გრძნობით, რომელიც აქამდე არასოდეს განმეცადა. ტესტი იქვე დავდე და საძინებელში დავბრუნდი, საწოლში მონებივრე გაბრიელისკენ გავეშურე და მის ტუჩებს დავეწაფე. - ნაია, რა გჭირს? - გამიღიმა მან. - მეე? არაფერი, რა უნდა მჭირდეს? - მხრები ავიჩეჩე, თავი მის კალთაში ჩავდე და ქვემოდან ავხედე. - შენი ახლანდელი კოცნა სულ არ ჰგავდა იმათ, რომლებსაც მე აქამდე ვიცნობდი. - ვითომ? - ცალი თვალი მოვჭუტე. - მთავარია არ მითხრა, რომ მათგან განსხვავებით უარესი იყო. - არა, უფრო ნაზი. ჩავიკისკისე და ვუთხარი: - შეიძლება, იმიტომ,რომ მომავალი რამდენიმე თვე ყველაფრის ნაზად გაკეთება მოგვიწევს. - რაო? - გაკვირვებულმა თქვა გაბომ. - ეს რას უნდა მივაწეროთ? - იმას, რომ მალე პატარა ბაჩო ან სოფიკო გვეყოლება. - ვთქვი და გავიღიმე. - შე სულელო! - გაიცინა გაბომ და ცხვირზე თითი ჩამომკრა. მაგრამ შემამჩნია, რომ გამომეტყველება არ შემცვლია, დასერიოზულდა და თვალები აენთო. - მოიცა, შენ... შენ ამით იმის თქმა გინდა რომ... რომ... - აირია ის და თვალები ჩემი მუცლისკენ გააპარა. კალთიდან თავი ავიღე, მისი სახე ხელებში მოვიქციე და ჩავჩურჩულე: - ხო გაბო ხო, ფეხმძიმედ ვარ. რამდენიმე წამით ურეაქციოდ იჯდა და მგონი არც კი სუნთქავდა. მისი მესმოდა, ამ ამბავს გაანალიზება სჭირდებოდა. შემდეგ ერთიანად ჩაისუნთქა ჭარბი რაოდენობის ჰაერი, ხელში ამიტაცა, საწოლზე დამაწვინა და ზემოდან მომექცა. - შენს გვერდით უბედნიერესი ადამიანი ვარ, ნაია. ამ წუთას არ ვნანობ და მიხარია კიდეც, რომ ერთი წლის წინ დიდ საფრთხეში ჩაგაგდე. - მითხრა გაბრიელმა, შემდეგ დაბლა ჩაცურდა, მაისური ამიწია და მუცელზე მაკოცა. დასასრული 2010 წელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


