სადგურის მოედანი (სრულად)
ქუჩის კუთხეში იწვა, ქვეითთა გადასასვლელიდან ასე ათიოდე ნაბიჯში, იქ სადაც გარემოვაჭრეებს ტროტუართან ერთად სამანქანო გზის ნაწილიც გადაეკეტათ... გვერდით მცირე ზომის ზურგჩანთა ედო. ცალ სახელურში ხელი გამოედო, ცალი კი ისე გადეგდო გვერდზე, თითქოს გახურებული ასფალტის ნაცვლად, რბილ საწოლში თავის ნებაზე წოლილიყო. პირველად გარე მოვაჭრეებმა შეამჩნიეს. - დედა სად დოუძინია ამ სასიკვდილეს ყურობ შენ? - შეიცხადა ერთმა. - ეგდოს მანდ, გამოფხიზლდება და წაეთრევა. - გამოსძახა მეორემ. - მაინც და მაინც ჩემი ჯიხურის წინ მოუნდება ხოლმე ყველას ყველაფერი - უკმაყოფილება ვერ დამალა ჯიხურის მეპატრონემ და კარი სანახევროდ გახსნა, რომ მძინარესთვის არ მოეხვედრებინა. გამვლელები ფეხს უქცევდნენ. ისეთებიც იყვნენ ვინც სიბრალულით უყურებდნენ, ისეთებიც ვინც ყურადღებას არ აქცევდნენ და ისეთებიც მთელი ცხოვრების ბოღმას რომ წამოსროლილ რეპლიკებს აყოლებდნენ. ის კი უძრავად იწვა და არა და არ იღვიძებდა. - სუნთქავს მაინც? - გულგრილი, მაგრამ ინტერესიანი მზერით დააკვირდა მეორე ჯიხურის მეპატრონე. - მაგას რა მოკლავს... - არ დააყოვნა იმ გარემოვაჭრემ ყოველთვის მზად რომ იყო ყველა საუბარში ჩართულიყო. მზე ზენიტში დადგა. ზაფხულის ხვატი სუნთქვის საშუალებას აღარ იძლეოდა. - არ გინდა ცივი ყავა შევუკვეთოთ? - გასძახა ერთმა კონსულტანტმა მეორეს. - მეც მინდა - თავი გამოყო მაღაზიიდან მესამემ. - ჩემთვისაც რა, უშაქრო გააკეთებიე ოღონდ ნუ გამაფშეკიებ აქ ფეხებს - თქვა უშაქრო დიაბეტის მქონე ბანანებით მოვაჭრემ და დახლს შემოსეულ ბუზებს კარდონის ქნევით დაუფრთხო სიმშვიდე. - ამოწყდი შენ და ამოითაგბაგე - დასჭექა შავებში ჩაცმულმა მეორადების გამყიდველმა ქალმა გზის მეორე მხრიდან და კიდევ ათასი წყევლა-კრულვა მიაყოლა გადასახადების ასაკრეფად მოსულ ყარაულს. - ვსიო ამას რაღა გააჩუმებს აწი - თვალები უიმედოდ აატრიალა ნაყინის ჩამომსხმელმა გოგონამ, რომელსაც მზისგან თუ ცხოვრებისგან მიმიკური ნაოჭები ასაკთან შეუსაბამოდ გაღრმავებოდა. მზე დასავლეთისკენ გადადგა, ახლა უკვე თავზე ადგა მძინარეს, ის კი ისევ არ ინძრეოდა. - რა ძინავს ამ უპატრონოს ასეთი - ჯიხურიდან გამოძვრა კონსულტანტი გოგონა და მეპატრონესთან ერთად დახლის ალაგებას შეუდგა. - კეტავ უკვე? - გასძახა მეორე ჯიხურში მომუშავემ. - ჰოო, ხალხი მაინც არ არის და ვიღას გავუჩერდე... - ჰოო, - უხალისოდ დაეთანხმა ისიც. - დღეს მკვდარი დღე იყო... - ივაჭრე რამე? - საუბარში ჩაერია იმ წუთში არსაიდან გამჩდარი კიდევ ერთი ჯიხურის მეპატრონე. - ისე რა... - აბა მე ისეთი მკვდარი სული დავაყენე გამყიდველად ეგ "ისე რაც" არ ყოფილა. - თქვა უკმაყოფილოდ და ქორისებრი მზერა ესროლა თანამშრომელს, რომელსაც ისეთი სახე ქონდა თითქოს მართლა მისი ბრალი იყო, რომ მეპატრონეს ორი კვადრატი ადგილი ჰქონდა და ისიც სანახევროდ ცარიელი. ჯიხურები ერთი მეორის მიყოლებით დაიკეტა. დაჟანგული, მორყეული ჟალუზები ხმაურით ჩამოიხურა... ხალხი შეცოტავდა... გარე მოვაჭრეებმა ყუთების აკრეფა დაიწყეს მას კი ისევ ისე გაუნძრევლად ეძინა. - იცნობთ ვინმე? - ხმამაღლა იკითხა თავს წამომდგარმა პოლიციელმა. - მაგის ცნობაღა მაკლია! - წარბი შეიკრა ალუჩის და მარწყვის მამა-სიხლად გამყიდველმა გარე მოვაჭრემ. - ასე გდია მთელი დღეა, დამიფრთხო კლიენტები - არ მშვიდდებოდა ქალი. - გამოტყვრა დილიდანვე სადღაც და მეტი ადგილი ვერ ნახა, მიეგდო აქ. - მიდი გააღვიძე! - უთხრა აშკარად ზემდგომმა თანხმლებ თანამშრომელს. ახალგაზრდა დაიხარა. - მგონი არ სუნთქავს - თქვა გაბზარული ხმით და დენდარტყმილივით წაიღო ხელი უკან. ზემდგომს აღარ გაუჭიანურებია. პულსი გაუსინჯა და უიმედოდ გააქნია თავი. პოლიციის ეკიპაჟმა შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა. სასწრაფოს მანქანა რამდენიმე წუთში მოვიდა თეთრზეწარგადაფარებული სხეულის წასაღებად. - მე რომ ვნახე სუნთქავდა... - უთხრა მეორე დღეს გამოკითხვაზე მოსულ ინსპექტორს ერთ-ერთი ჯიხურის მეპატრონემ. - რა ვიცი მე, მოვედი, იწვა, ეძინა, ყარაულად უნდა დავდგომოდი თავზე? - შეტავაზე გადავიდა ხილბოსტნით მოვაჭრე. ექსპერტიზის დასკვნაში ალკოჰოლურ თრობაზე არაფერი ეწერა, მაგრამ ერთი ლოთის ქუჩაში გარდაცვალების ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა ბაზარში. ------- - ღამის მატარებელს გაყვა ქალაქში - მოთქვამდა ცოლი - ვერავის დოუტოვე ბოვშები და რო გავყოლოდი... ექიმთან იყო ჩაწერილი იმ დილაზე, მარა მოუსწრო სიკვდილმა ამას მოუკვდა ჩემი თავი... ბავშვები გადაღმა ეზოში თამაშობდნენ თანასოფლელ ბავშვებთან ერთად, მათ ჯერ კიდევ არ ესმოდათ რას ნიშნავდა ობლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



