შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თილისმა (9 თავი)


დღეს, 11:45
ავტორი ვე რა
ნანახია 67

თილისმა
#თილისმა

9
ბიბლიოთეკა
კარი შევაღე და სანამ სინათლეს ავანთებდი, უკვე ვგრძნობდი, უზარმაზარ თავისუფალ სივრცეში რომ მივაბიჯებდი. ხელის ცეცებით მივაგენი ჩამრთველს და როცა იქაურობა მკვეთრმა ნათელმა სინათლემ აავსო, გაოგნებისგან გავშეშდი. დარბაზი ჩემს ყველა წარმოსახვას სცდებოდა, ის საოცრება იყო. მაღალი ხისფერი მოჩუქურთმებული თაროები უზარმაზარ ჭერს სწვდებოდა. კედლები და კედელთშორისი სივრცეები ლაბირინთივით იყო სექტორებად დაყოფილი. წიგნები ოცზე მეტ იარუსზე იყო განლაგებული, და ისინი ერთმანეთთნ ასევე თემატურად მოჩუქურთმებული ხის კიბის პანდუსებით ერთიანდებოდა. მთელ დარბაზს გარს ერტყა ექვსი მაღალი წვერწამახული ფანჯრა, რომლებსაც ხავერდის ნაცრისფერი მძიმე ფარდები სრულად ფარავდა. გაოგნებული ვიდექი და ნაბიჯს ვერ ვდგამდი. რა იყო ეს? ახდენილი ოცნება? მაგრამ როგორ? საიდან? ვინ იცოდა, რომ ამგვარი ფანტაზია ბავშვობიდან მოყოლებული მომდევდა, რომ სიზმრადაც კი ვნახულობდი ასეთ დარბაზს. მაგრამ ჩემს სიზმარში ფანჯრებს ფარდები არ ფარავდნენ, ვიდექი ამ ოთახში წიგნით ხელში და გარეთ კი თოვდა და თოვდა. თითქოს ღია ხისფერ იატაკს ნისლივით გამოჰყვა სიმყუდროვის და ეიფორიის უცნაური ნაზავი და ფეხის თითებიდან ჩემში დაიწყო დემონივით შემოსახლება. თითები უახლოეს თაროს გადავუსვი, პირველივე წიგნი გამოვიღე გადავშალე და ჩემთვის უცნობ ენაზე დაწერილ ფერნაცვალ ფურცლებს დავყნოსე. თვალები დავხუჭე სხეულში გამჯდარი სიამოვნებისგან. წიგნის სურნელმა რეალობაში დამაბრუნა. ამ დარბაზში რამდენიმე ათასი წიგნი იყო. ნეტავ სად უნდა მეძებნა ის, რომელიც მჭირდებოდა? იქაურობა ყურადღებით მოვათვალიერე, კატალოგს ვეძებდი, რაც ყოველ უზარმაზარ ბიბლიოთეკას მოყვება, როგორც ინსტრუქცია.
_ ალბათ აქ სამუდამოდ მომინდება დარჩენა! ხვდები მაინც, რამდენად ძვირფასია შენი სიურპრიზი ჩემთვის?_ ვკითხე ჩვეულად სასახლეს. მასთან საუბარი უკვე ჩვეულებაში გადამდიოდა, და როგორც სულ პირველად, ახლაც ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მას ჩემი ესმოდა. _ ეს სიტუაცია ბელის ზღაპარს ჰგავს, ერთი ურჩხულიღა გვაკლია და ყველა პერსონაჟი სახეზეა!
საკუთარ სიტყვებზე გამეცინა. სწორედ ურჩხულიღა აკლდა ჩემს ბედნიერებას.
_ სად ვიპოვნო, ის, რასაც ვეძებ?_ ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ, როცა კატალოგს ვერ მივაგენი. მობილურს დავხედე ცხრას აკლდა წუთები. _ არადა დროა!
ავუჩეჩე მხრები და სწორედ იმ წამს, როცა ზაქარიას ნომრის აკრეფას ვაპირებდი ფანჯარასთან მდგარ მომცრო მრგვალ მაგიდაზე თვალი მოვკარი მას. გულმა მაშინვე მიგრძნო, სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა. სწრაფად მივუახლოვდი და ინტერესით დავხედე.
წიგნი ორ მტკაველზე დიდი იყო, რბილ მუქ ფერ ტყავის ყდაში გამოკრული. ძველებური ხელნაკეთი და აშკარად ხმარებისგან გაცვეთილი. გარშემო ზონარივით ეკვროდა უფრო მუქი ტყავის თოკი, მუქი ოქროსფერი დახრილი ლამაზი კალიგრაფიით გამოყვანილი ასოებით ეწერა „თოვლის ნამდვილი ამბავი“ მაგრამ, როგორც ჩანს, წიგნი დაზიანებული იყო. ფრთხილად ავიღე ხელში და დავაკვირდი. წინა ყდის კუთხეები აშკარად დამწვარი ჰქონდა, უკანა ყდაც არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში. ზონარი შემოვხსენი და გადავშალე. რაღაც ჩემთვის უცნობი კალიგრაფიის ნიმუში იყო, თითქოს მართლა ჯადოსნური ზღაპრიდან მოსულს ჰგავდა. თავფურცელი ცარიელი დაეტოვებინათ. ყოველ გვერდზე პირველი ასო მინიატურული მხატვრობის საოცარ ნიმუშს წარმოადგენდა. თუმცა სამწუხაროდ ცეცხლს არც წიგნის შიდა მხარე გადარჩენოდა. ზოგიერთი ფურცელი ბოლომდე დამწვარიყო,ზოგი ნახევრად შეეჭამა ულმობელ ხანძარს. ალბათ რომ არა წიგნის მყარი ყდა, სულ განადგურდებოდა.
_ კარგიი, საინტერესოა! იმედია მომეწონება შენი ამბავი!_ ახლა უკვე წიგნს ვუთხარი. ავიღე და სვეტებიანი ოთახისკენ გავემართე.
წესი ნომერი 20_ წიგნის კითხვა არა სამკითხველო საათში დაუშვებელია.. დაუშვებელია ამბის მონაკვეთების გამოტოვება, მოწყენილობის ან უინტერესობის გამო.
გამახსენდა მორიგი სულელური წესი, რაც წიგნის წაკითხვას ეხებოდა. ანუ თუ წიგნი ძალიან დამაინტერესებდა, სვეტებიანი დარბაზის გარდა და იმ კონკრეტული დროის გარდა ვერ წავიკითხავდი. კიდევ კარგი, რომ კითხვის სისწრაფეზე არაფერი იყო ნათქვამი.
წესი ნომერი 21_ წაკითხვის შემდგომ,მეთვალყურე ვალდებულია წიგნი კვლავ ბიბლიოთეკაში დააბრუნოს.

წესი ნომერი 22_ მეთვალყურეს ეკრძალება წიგნის გატანა სასახლის კედლებს მიღმა.

წესი ნომერი 23_ მეთვალყურეს ეკრძალება, წიგნის ფურცლების კოპირება, ფოტოს ანდაც სხვა ელექტრო მოწყობილობების საშუალებით.

მოკლედ კიდევ სამიოდე უაზრო წესი ეწერა კონტრაქტში წიგნთან დაკავშირებით და უმეტესად სულ მის სასახლიდან არ წაღებას, არ გავრცელებას და ასე შემდეგ ეხებოდა. თუმცა აზრადაც არ მომსვლია წიგნი სადმე წამეღო. ისედაც არ ვიზამდი ამას. ყოველ შემთხვევაში იმ წამს ასე ვფიქრობდი. სამზარეულოში შევიარე, ფინჯანი ჟასმინის ჩაი, რამდენიმე ბურგერი გავამზადე და თან წავიყოლე. ვიცოდი პირველამდე ასჯერ მაინც მომშივდებოდა. ამიტომ ამაყად სიზარმაცეს და შიმშილს ვარჩიე, თადარიგი წინასწარ დამეჭირა. თუმცა სამწუხაროდ არაფერი მიფიქრია იმ დისკომფორტზე, რომელსაც ცივ იატაკზე მჯდარი წავაწყდებოდი ცოტა ხანში. სვეტებიანი დარბაზი გრძელი მკრთალად განათებული დერეფნის ბოლოს იყო. ეს დერეფანი ერთი შეხედვით სასახლის დანარჩენი ნაწილის დონეზე უნდა ყოფილიყო, ანდაც ერთი დონით დაბლა. მაგრამ მას სარდაფს ვერ დაარქმევდი. უფრო მიწაში გამოჭრილ დარბაზს გავდა. უფანჯრო კედლები და საკმაოდ მაღალი ჭერი ჰქონდა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სინათლის ცხაურები სწორედ ჭერზე ჰქონდა დატანებული, აშკარა იყო,თავად დარბაზი სასახლის ქვეშ უნდა ყოფილიყო.
წიგნით და სინით ხელში შევაბიჯე სვეტებიან დარბაზში. ყველაფერი ოთახის ცენტრში მდგარ მაგიდაზე დავაწყვე და ახლაღა მიმოვიხედე დაფიქრებულმა. სად უნდა დავმჯდარიყავი, რომ იმ სამიოდე საათში წელი არ გამშეშებოდა? უკან დაბრუნება მაინც დამეზარა, გადავწყვიტე მეორე დღეს, პირველ რიგში, ამ პრობლემას გამოვასწორებდი. ამიტომ ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ პირდაპირ მაგიდაზე ავძვერი, ფეხმორთხმით დავჯექი და წინ გადაშლილი წიგნი დავიდე.
_ არა, რაღა მაინცდამაინც აქ მოგინდა ზღაპრების კითხვა ჰა?_ ბოლოჯერ დავიწუწუნე და კითხვას შევუდექი.

„ შესავალი“
მას შემდეგ, რაც ადამიანი მიხვდა, რომ საკუთარ სინამდვილეში იმ ზღვართან აღმოჩნდა, როცა რეალობა იმდენად აუტანელი გახდა, ვეღარ უძლებდა მას, ადგა და ის ზღაპრის საბურველით დაფარა. ისე ლამაზად შეფუთა საკუთარი აუტანელი ყოფა,შეცდომები, გამოუსწორებელი ნაბიჯები, სისასტიკე თუ ყველა ის გრძნობა, რისი განცდაც აღარ სურდა,ანდაც პირიქით აღარ ყოფნიდა, რომ ვერავის ამოეცნო ამ ნაამბობში სინამდვილე. რომ ვერავის დაებრალებინა მისთვის სიგიჟე, ფანტაზია დაარქვა იმას, რაც ისე ძალიან სტკიოდა, რომ იძულებული გახდა თავი ზღაპრების სამყაროსთვის შეეფარებინა. მაშ, ასე! შემოხსენით ზღაპრებს ფანტაზიის საბურველი, და ხელთ დაგრჩებათ ისეთი ბასრი რეალობა, რომ ინანებთ, ზღაპარი რატომ ზღაპრად არ დავტოვეო.“
_ არის ამაში იცი რეალობა!_ თავი ავწიე წიგნიდან და ჩაი მოვსვი. _ გოგოებსაც სულ ამას ვუმეორებ. რადგან ამბავს ზღაპარი ჰქვია, მასში ყველაფერი განა ტყუილია? მაგრამ ვინ მისმენს? ეჰ, ისიც კი არ სჯერათ, რომ ანდრე დავინახე. მაგათ არაფერი სჯერათ! ხან მეც კი ეჭვი მეპარება მგონი. კარგი, გავაგრძელოთ:

„თავი პირველი
როდესაც ვიქტორის ცოლი ტიფით დაავადდა და გადარჩენის ყველა გზა ამოიწურა, როცა გულმხურვალე ლოცვამაც არ მოახდინა სასწაული და ვიქტორმა იგრძნო, როგორ ითრევდა უიმედობის და უმწეობის ჭაობი, მაშინ პირველად სცადა, რომ დახმარება მაგიაში ეძებნა. სიამაყე გვერდზე გადადო,დაივიწყა საკუთარი პრინციპები, რწმენა, საკუთარი თავიც კი დაივიწყა და აკრძალულ ტყეს მიაშურა. იმედგაცრუებით და ბრაზითაც კი გააყოლეს თვალი თანასოფლელებმა მხრებში მოხრილ და დამარცხებულ ვიქტორს. ზურგს უკან განსჯიდნენ და ჩურჩულებდნენ:
_ ისეა სასოწარკვეთილი, რომ ყველაფერს ღალატობს, რისიც კი ოდესმე სწამდაო._ მაგრამ ვიქტორისთვის სულ ერთი იყო იმ წამს ახლობლების აზრი. მთავარი იყო მართა გადაერჩინა. ამისთვის ალბათ სულსაც კი გაყიდდა, ამის შანსი რომ მისცემოდა. რაც უფრო უახლოვდებოდა ტყის სიღრმეში ჩაკარგულ პატარა ხის ქოხს, მით უფრო იხრებოდა წელში საწყალი ვიქტორი. მხოლოდ მისმა დიდებულმა ღმერთმა იცოდა, თუ რად უჯდებოდა მას დახმარების ჯადოქრისთვის თხოვნა. რადგან ჯერ კიდევ სამიოდე თვის უკან, ერეტიკოსობაში მონაწილედ მიიჩნევდა მოხუც დარიას. სწორედ მისი ბრალი იყო, რომ სოფელს ასე სძაგდა წითური დედაბერი. შიმშილით რომ სული გასძრობოდა, ანდაც წყურვილით დამხრჩვალიყო წყაროს პირას, დახმარების ხელს არავინ გაუწვდიდა. კარგად იცოდა ვიქტორმა და გამოსდიოდა კიდეც უგონო ბრბოს მართვა.ალბათ ესეც იყო მიზეზი, რატომაც სოფლის ძველ, მიხრწნილ მღვდელს იაკობს, სწორედ მისი კანდიდატურა ჰქონდა შერჩეული. სწორედ მისთვის აპირებდა სამწყსოს გადაბარებას. ახლა კი ვიქტორი კუდიანის კართან იდგა,
მაღლა აღმართული მარჯვენით და ვერაფრით ბედავდა დაკაკუნებას. თუმცა ეს არც დასჭირვებია. ხავსით დაფარულ, მორებისგან შეკრულ, მოცუცქნულ ქოხში, რომლის სახურავზეც ცადამყვანები ხარობდნენ, დიდი ხანი იყო ვიქტორის მოსვლას ელოდნენ.
_ შემოდი!_ მოესმა შიგნიდან ხრინწგარეული ბებრული ხმა. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა კაცმა. კარი ჭრიალით შეაღო და უნდოდ შეიხედა დამხვდურ სიბნელეში.
_ შემოდი ვიქტორ, თუმცა კი დაიგვიანე!_ გაისმა ქოხის სიღრმიდან მოხუცის ოდნავ ირონიული სიტყვები._ნუთუ ასე გაგიჭირდა ვიქტორ, რომ მიკადრე?
მის სახელს ისე ხაზგასმით იმეორებდა ქალი. თითქოს ღია ჭრილობაზე მარილს აყრიდა.
_ უნდა დამეხმარო და..._ ვერაფრით აიძულა ვიქტორმა საკუთარი თავი და ვერ წარმოსთქვა მისი სახელი, ვისგანაც დახმარებას და ხსნას მოელოდა. სიამაყე ისევ ჭარბობდა მასში . _ ჩემი ცოლი,მართა კვდება. შენ კი იცი ის წმინდა ქალია, არაფერი შეუცოდავს შენს წინაშე. თანაც ორსულადაა. გევედრები....
ხმა ჩაუწყდა კაცს. მუხლებზე დაეშვა ქოხის მიწურ იატაკზე.
_ მუხლის ჩოქებზე დგომა უფრო გიადვილდება ვიქტორ, ვიდრე ჩემი სახელის წარმოთქმა? ასე გეზიზღები ვიქტორ?_ ჩაეცინა კუდიანს და სახლის კუთხიდან, სადაც ჩრდილს იყო შეფარებული ფანჯრიდან შემოპარულ მთვარის სინათლეზე გამოაბიჯა. წლში მოხრილი, თმაწითელი უსიამო სახის ქალი იყო. სწორედ ისეთი ბავშვებს რომ ზღაპრებში აშინებდნენ ხოლმე. _ ვწუხვარ, მაგრამ ვერ დაგეხმარები.
_ გთხოვ ... დარია!_ თავს ძალა დაატანა და შეევედრა ვიქტორი.
_ რომც მსურდეს, არ შემიძლია! შენი ცოლის დრო მოვიდა. მაგრამ შემიძლია ერთი სიცოცხლე შევავედრო სამყაროს ბალანსს! შენ მხოლოდ აირჩიე ვიქტორ! შენი საყვარელი ცოლი, თუ შენი პირმშო ვაჟი! არჩევანი შენზეა ვიქტორ! სამწუხაროდ სულ ესაა, რაც შემიძლია. _ ამის თქმა იყო და ღამის ცაზე ელვა გაიკლაკნა, თითქოს კუდიანის სიტყვებს წერტილი დაუსვა. ადგილზე შეხტა კაცი. ქოხის მწირი მორთულობა მოათვალიერა,რაღაცს ეძებდა, არარსებულს, თუმცა იქ ჭერის კოჭზე დაკიდული ბალახის კონების, მოზრდილი გამურული კარდალის და მისთვის გაუგებარი სანაყების თუ სხვა მსგავსი ნივთებისა არაფერი იყო, რაც ვიქტორს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა.
_ დრო იწურება ვიქტორ!_ ცაზე ისევ ავის მომასწავლებლად ელავდა. _ გახსოვს მარია ვიქტორ?
მოესმა უეცრად ავი გესლით სავსე ხმა. თავი ასწია შემკრთალმა. კარგად ახსოვდა მარია,რა დაავიწყებდა. დარიას ტყუპი და იყო. სწორედ მისი დახმარებით მიაგნეს, და ეკლესიის წინ ცოცხლად დაწვეს, როგორც კუდიანი, და ჯადოქრობაში მხილებული. თუმცა არ ეგონა ვიქტორს, რომ ამ ამბავში მის მონაწილეობაზე ვინმეს, მით უფრო დარიას, რამე ეცოდინებოდა. ფეხზე წამოხტა და კარს მიაწყდა. ავად ხარხარებდა კუდიანი.
_ ბალანსი ასეა ვიქტორ! სიცოცხლე სიცოცხლის წილ! აირჩიე ვიქტორ, აირჩიე!_ კარი გამოგლიჯა კაცმა და ღამის ტყეს შეერია.გარბოდა და არ იცოდა საით. ეცემოდა, დგებოდა და ისევ გარბოდა და მის თავზე კი განუწყვეტლივ იკლაკნებოდა ელვის ტოტები. სწორედ იმ ცეცხლს ჰგავდა, მარიას რომ მოედო და აბრიალდა. მისი წივილი ყურებში ედგა ვიქტორს.
_ აირჩიე!_ ჩაესმოდა გონარეულს. _ აირჩიე! სიცოცხლე სიცოცხლის წილ!
და რადგან მან არჩევანი ვერ გააკეთა,ეს მის ნაცვლად ბალანსმა შეძლო. ჯანმრთელ, ძლიერ, მომავლის მქონე არსებას მისცა შანსი, ხოლო სუსტი და მომაკვდავი თან წაიყვანა.
იმ ღამეს, როცა ვიქტორის ცოლმა თვალი სამუდამოდ დახუჭა, მკვდარი დედოს წიაღიდან სიცოცხლე დაიბადა. ბიჭუნა, რომელსაც იმ თავითვე ეტყობოდა, მარტივი ბედის პატრონი არ იქნებოდა.
ადამიანებს რომ შეეძლოთ, საკუთარი დანაშაულის აღიარება, ვინ იცის, იქნებ ცოდვების გამოსყიდვაც აღარ გასჭირვებოდათ ასე, მაგრამ ადამიანი რის ადამიანია, თუ საკუთარი შეცდომა სხვას არ გადააბრალა. ამიტომ ცოლის საფლავთან მდგარი ვიქტორი, ჩვილი ბიჭუნათი ხელში, ზიზღით და შურისძიების წყურვილით დაბრმავებული ჩაჰყურებდა ორმოში ჩაშვებულ ცოლის პატარა ხის კუბოს. მაგრამ საკუთარი თავი კი არა, ის არსება სძულდა, ვინც სულ ცოტა მისი პირმშო გადაარჩინა.
_გეფიცები მართა! შენს სულს ვფიცავ, რომ შურს ვიძიებ მათზე! ყველას სათითაოდ ვიპოვნი და გავუსწორდები!_ ჩაიღრინა მწუხარებისგან შეშლილმა და წყვდიადს უფლება მისცა მისი გულის ნაბზარებიდან შეეღწიათ მის სხეულში. და ეს მხოლოდ ზღაპრის დასაწყისი იყო....“
_ ჯანდაბააა!_ წამოვიძახე გაოცებულმა._ რა მაგარი რამეა! სრულიად გაყინულ ჩაის ხელი წავატანე და მოვსვი. საათს დავხედე, დრო თვალსა და ხელს შუა გაპარულიყო._ და ახლა ხვალამდე ვერ წავიკითხავ? რა სისულელეა! კიდე რიმ მინდა?
წაკითხული გვერდების რაოდენობას დავხედე და გამიკვირდა, ნუთუ ამდენ ხანში ამაზე მეტი ვერ მოვასწარი?
მოუხერხებელი ჯდომისგან გაშეშებული წელი გავმართე.
_ კარგიი! რას ვიზამ, წესი წესია!_ მაგიდიდან ჩამოვხტი. ყველაფერი კვლავ ხელში ავიღე და დარბაზი დავტოვე _ ხვალ სავარძელს მოვიტან აქ. ავეჯის გადაადგილებაზე კონტრაქტში არაფერი წერია!
წიგნი ბიბლიოთეკაში მის ადგილას დავაბრუნე. კიდევ ერთხელ აღფრთოვანებულმა მოვავლე თვალი
იქაურობას და გადავწყვიტე, მეორე დღეს რაიმე საკითხავი ჩემთვისაც შემერჩია.
_ სასაცილოა, საკითხავი სასახლისთვის და საკითხავი ჩემთვის!_ ამ ფიქრზე გავმხიარულდი. სამზარეულოში წავედი სინის დასაბრუნებლად. კითხვით დაღლილს ერთი სული მქონდა ცხელი შხაპი მიმეღო და ჩემს უზარმაზარ საწოლში შევმძვრალიყავი. ჭურჭელი სამზარეულოს კარადაზე დავდე და ის იყო იქაურობა უნდა დამეტოვებინა, რომ თვალში უცნაური რამ მომხვდა. მაგიდის კიდეზე იდგა ჩემი ყავის ფინჯანი. ჰოო, სწორედ ის გარგულიას ხელებში რომ ჩავუდე და წამოღება დამავიწყდა.
_რაოოო????_ გაოცებისგან ლამის თვალები გადმომცვივდა. ისეთი ფრთხილი ნაბიჯით მივუახლოვდი, თითქოს უზარმაზარი, თვალებ ჩასისხლიანებული კალია იყო და პირდაპირ აპირებდა თავდასხმას. _ შენ აქ რა გინდა?
ვკითხე ფინჯანს და ფრთხილად ავიღე. ეჭვი არ იყო, არაფერი მეშლებოდა. მაინც მოვბრუნდი, კარადასთან მივედი და კომპლექტის დანარჩენი ხუთი ფინჯანი მოვითვალე. გაოგნებულმა ნიჟარაში ჩავდე და კვლავ ფანჯარასთან დავბრუნდი. არ ვიცი რას ველოდებოდი ფანჯრის მიღმა, შიში სხეულში შემიძვრა.
_ არა რა ჯანდაბამ მომაფიქრა აქ მარტო გადმოკარგვა ჰა?_ ვკითხე საკუთარ თავს ნერვებმოშლილმა და ჩამოშლილი ჟალუზი ხელის სწრაფი მოძრაობით ავკეცე. ნელა თოვდა გარეთ, გარე განათება თოვლს მოყვითალო ელფერს აძლევდა. თვალები მოვჭუტე და შადრევანს გავხედე. სიბნელის მიუხედავად ვხედავდი ოთხივე თავის ადგილას იჯდა. არაფერი ამჟღავნებდა, რომ იქ ჩემს გარდა კიდევ ვინმე იყო.
_ ნაფეხურები!_ წამოვიძახე უცებ და საკუთარი გონებამახვილობით გახარებული კარისკენ გავიქეცი. არა წესის დარღვევას არ ვაპირებდი, მხოლოდ მსურდა ნაფეხურები შემემოწმებინა.კარი გამოვაღე და პარმაღზე გამოვაბიჯე. ინტერესით დავაკვირდი თოვლს. არაფერი ეტყობოდა, ეზო სრულიად ცარიელი იყო, თოვლი კი დაუხაზავი ფურცელივით სუფთა. კმაყოფილმა გავიღიმე.
_ალბათ შემოვიტანე და არ მახსოვდა!_ ავიჩეჩე მხრები._ რის შეგეშინდა შე მშიშარა?
დავცინე საკუთარ თავს.
_ შენი არ მეშინია გესმის! _ავძახე გატრუნულ სასახლეს. და სწორედ მაშინ, როცა ეზოს ზურგი ვაქციე და კარისკენ წავედი ბეჭებში მოზრდილი თოვლის გუნდა მომხვდა. სულ წამით გავშეშდი. მერე მთელი ხმით ვიკივლე დამფრთხალმა, კარი მოვიჯახუნე და სირბილით გავქანდი საკუთარი საძინებლისკენ. ოთახში ისარივით შევვარდი, საბანი ავწიე და ფეთიანივით შევხტი შიგნით.
_ არ მეშინია შენი არააა! ომი გინდაა? ომს მიიღებ მაცადე ჯერ!_ ვიქადნებოდი გაცოფებული და თან საბნიდან ცხვირის გამოყოფას ვერ ვბედავდი. თითქოს საბანი იმ მონსტრისგან დამიცავდა სასახლის გარშემო რომ დაძრწოდა .

ვე რა



№1 სტუმარი მკითხველი

როგორ გამიხარდა თქვენი დაბრუნება:) წავალ წავიკითხავ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent