ცეცხლთან თამაში ნაწილი5
ნოე ცოტა ხანში კარები გაიღო და ლინდა გამოვიდა. საოცრად მომხიბვლელი იყო, წითელი კაბითა და შავი ტოპით; თმები ლამაზად დაეყენებინა და მისი დიდი ყავისფერი თვალები ელვარებდა. არ ვიცი, ეს გოგო რას მიშვებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მიცემდა გული ყოველ მის დანახვაზე. თვალი გამიშტერდა, მან კი ხელი ამიფრიალა და ფიქრებიდან გამომიყვანა. — სად დაფრინავ, კოვბოი? — სიცილით მითხრა. — არაფერია, უბრალოდ ჩავფიქრდი, თუ მზად ხარ, წავიდეთ, — ვუთხარი მე. — თვალთ ხომ არ დაგაკლდა? ვერ ხედავ, რომ მზად ვარ? — მაშინ წავიდეთ, — ჩავილაპარაკე და წინ წავედი, ის კი უკან მომყვებოდა. არ ვიცი, როგორ უნდა გამეძლო მთელი საღამო მისი სილამაზისთვის ისე, რომ არ მეკოცნა მისთვის. არა ერთი გოგო მინახავს, მაგრამ ასეთი არსად. მანქანაში, ის სიმღერა, რომ იმღერა, შოკში ჩამაგდო. როგორ შეიძლება ამ გოგოში ამდენი შრე იდოს? სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა ეს სითამამე; მივხვდი, რომ ეს მისი ხასიათის ერთგვარი გამოხატულება იყო. კავალაში ძალიან კარგი ზღვისპირა ბარები იყო მუსიკალური ფონებით. ერთ-ერთში მივედით, სახელწოდებით „Beach Bar“. საღამოობით, როგორც ყოველთვის, ხალხით იყო სავსე. შიგნით შევედით და იქვე ახლოს დავიკავეთ ადგილი. ლინდას გავხედე — თვალები ცნობისმოყვარეობისგან უციმციმებდა, როგორც ჩანს, აქაურობა მოეწონა. ბარში ხმამაღალი მუსიკა იყო ჩართული და რაც მომწონდა, ის იყო, რომ აქ არ იყო მხოლოდ ბერძნული სიმღერები; რადგან ტურისტული ადგილი იყო, დიჯეი სხვადასხვა ჰიტებსაც რთავდა. ცოტა ხანში ჩვენთან ოფიციანტი მოვიდა და გვკითხა, რას შევუკვეთავდით. ვუთხარი, რომ ორი კოქტეილი და ნამცხვარი მოეტანა. — აბა, აქაურობა, როგორ მოგწონს ქალბატონო? — ვკითხე მე. — ძალიან მომწონს. იმედია, სხვა ადგილებსაც მაჩვენებ, რადგან მინდა ყველაფერი მოვასწრო, სანამ აქ ვარ. — თქვენს განკარგულებაში მიგულეთ, — გავეკრიჭე. ბარმენმა სასმელი და ნამცხვარი მოგვიტანა და ჩვენც შევუდექით. უცნაური იყო ეს ყველაფერი, თითქოს პაემანზე ვიყავით წამოსულები. ჰმ, საინტერესოა, შემდეგ რა მოხდება. ლინდას ისე მოეწონა კოქტეილი, რომ უკვე რამდენჯერმე შეუკვეთა; ვატყობდი, რომ ნელ-ნელა სასმელი ეკიდებოდა და უფრო ენერგიული ხდებოდა, იცინოდა. უეცრად „ლამბადა“ ჩაირთო და ლინდა საცეკვაოდ გაემზადა. — საით? — გაოცებულმა ვკითხე. — საცეკვაოდ! ამას ვერ გამოვტოვებ, — სიცილით მითხრა. — იცი, რაზეა „ლამბადა“? — რავი, საცეკვაო და ენერგიული სიმღერაა. — არა, გარედან ასე ჩანს, მაგრამ სიტყვები, რასაც მომღერალი მღერის, ნოსტალგიური და სევდიანია, — მითხრა მან. — საინტერესოა, რას მღერის? — დაკარგულ და აუსრულებელ სიყვარულზე, რომლებმაც ვერ შეძლეს ერთად ყოფნა. სიმღერა ყვება ამბავს სანაპიროზე ნაპოვნ ლამაზ რომანზე, რომელიც იქვე დასრულდა, — მითხრა მან რაღაცნაირი, სევდანარევი ხმით და საცეკვაოდ გავიდა. საინტერესოა, აქამდე არ დავინტერესებულვარ ამ სიმღერის შინაარსით, მეგონა, უბრალოდ საცეკვაო სიმღერა იყო, მაგრამ ახლა, როცა მისი არსი გავიგე, რატომღაც ამ სიმღერას სულ სხვანაირად აღვიქვამდი. ლინდას ვუყურებდი — ისე კარგად მოძრაობდა და ჰყვებოდა სიმღერის რიტმს, რომ იფიქრებდი, მოცეკვავე იყო. თან სიმღერას აყოლებდა ხმას თავისთვის. მალე სხვებიც შეუერთდნენ და ყველამ დაიწყო ცეკვა, მხიარულად, ლაღად. ცოტა ხანში ის ნოსტალგიური რიტმები შეწყდა და ახლა „ლამბადას“ უფრო ენერგიული ჰანგები გაისმა და ლინდაც უფრო ენერგიული გახდა. სწრაფად დაიწყო ტანის რხევა, თან იღიმოდა. ვხედავდი, რამხელა სიამოვნებას იღებდა ცეკვის დროს და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. ღმერთო ჩემო, ეს გოგო თანდათან უფრო მაგიჟებდა! ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა ერთ წუთში იყო მშვიდი და მეორე წამს ასეთი გიჟიური და ცეცხლოვანი. არა, მართლა ძალიან კარგად მოძრაობდა, თითქოს ზუსტად იცოდა, როგორ ეცეკვა, საოცარი იყო. თვალს ვერ ვაშორებდი, თან მეღიმებოდა მის სილაღეზე. ვგრძნობდი ჩემში, როგორ იზრდებოდა ის ცეცხლი, რომელიც ასე მწვავდა შინაგანად. წარმოუდგენელი იყო, ეს წითელი კაბა და შავი ტოპი ხომ საერთოდ ვნებიანს ხდიდა მას. არ ვიცი, დედაჩემმა რა ჩაიფიქრა, მაგრამ გული მიგრძნობდა, ამ ორ კვირაში ბევრი რამ შეიცვლებოდა, ოღონდ ჯერ არ ვიცი, სასიკეთოდ თუ პირიქით. არ მინდოდა მომავალზე ფიქრით თავი დამეტვირთა, მინდოდა ყოველი წუთით დავმტკბარიყავი. როდესაც „ლამბადა“ მორჩა, ვიფიქრე, აი, ახლა მოვა და დაჯდება-მეთქი, მაგრამ მისი თავგადასავალი ბარში ამით არ დასრულებულა. Enrique Iglesias-ის „Bailamos“ რომ ჩაირთო და ახლა ამაზე დაიწყო ცეკვა, აი, ამან სულ გადამრია. ამას ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა ჩემი გული. ჩემთან მოვიდა ცეკვა-ცეკვით, ჩემი ქუდი აიღო და თავზე დაიფარა, თან ეღიმებოდა. ამ სიმღერით სულ მთლად დააგვირგვინა, ახლა სულ სხვა ტემპით დაიწყო ცეკვა. სანამ ეს ცეკვაში იყო გართული, დავინახე, ვიღაც ტიპი როგორ მიუახლოვდა. ნამდვილად ვერ დავუშვებდი, ვიღაც შეხებოდა მას, ამიტომ პირდაპირ მისკენ წავედი. — უკაცრავად, მეგობარო, მაგრამ ის ჩემთან არის, — ვუთხარი მას სრული სერიოზულობით და ისიც იმ წამსვე წავიდა. შემდეგ მისკენ შევბრუნდი, წელზე ხელი მოვხვიე და ჩემსკენ მოვაბრუნე. ჩემმა ამ ჟესტმა ცოტა არ იყოს დააბნია, მაგრამ იმდენად იყო გატაცებული ცეკვაში, რომ არაფერი უთქვამს. ჩემთან უფრო ახლოს მოვიზიდე და მასთან ერთად დავიწყე ცეკვა. ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით. ჩვენი ცეკვა იყო გრძნობებით სავსე, ვნებით გაჟღენთილი. ეს გოგო რაღას არ მაკეთებინებს, უკვე მეორედ ვცეკვავდი მასთან ერთად. სახე ახლოს მივიტანე მასთან, სადაცაა უნდა მეკოცნა, რომ პირზე ხელი ამაფარა და ჩურჩულით მითხრა: Tonight we dance, (ამაღამ ჩვენ ვცეკვავთ,) I leave my life in your hands. (ჩემს ცხოვრებას შენს ხელებში ვტოვებ.) Te quiero, mi amor... (მიყვარხარ, ჩემო სიყვარულო...) ღმერთო, ეს რა იყო ახლა? უნდა, რომ სულ გადამიყვანოს ჭკუიდან. ისე მოძრაობდა ჩემს ირგვლივ, რომ გონებას მაკარგვინებდა. ძალიან ვნებიანი იყო, ვგრძნობდი, რომ სადაცაა მოთმინება მიმტყუნებდა, რადგან მისი კოცნის სურვილი სულ უფრო იზრდებოდა. ჩემში არსებული ცეცხლი სულ უფრო იზრდებოდა და მწვავდა შინაგანად. არა, მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, სწრაფად ჩავკიდე ხელი და გარეთ გავიყვანე, ბარიდან ცოტა მოშორებით, იქ, სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და ზღვა. ირგვლივ ღამის სიჩუმე ჩამოწოლილიყო, მხოლოდ ზღვის შრიალი ისმოდა. მას ანთებული თვალებით გავხედე; ვნახე, რომ არც ის იყო კარგ დღეში, ღრმად სუნთქავდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. — ლინდა, მაპატიე, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, — დახშული ხმით ამოვთქვი, მასთან ახლოს მივედი, თვალებში ჩავხედე და მის ტუჩებს მთელი გრძნობით დავეწაფე. თავიდან გამიძალიანდა, მაგრამ შემდეგ ისიც ამყვა. ეს კოცნა უფრო მწველი და ვნებიანი გახდა, რადგან ვერც ერთი ვერ ვჩერდებოდით. ბოლოს ისევ ჩავხედე თვალებში და მის თვალებში გაოცებასთან ერთად ცრემლები ირეოდა, თითქოს სადაცაა იტირებდა. ვერ გავიგე, რა მოუვიდა, ასე უცებ სულ დავიბენი. — ლინდა, რა დაგემართა? — არაფერი, ალბათ სასმლის ბრალია, — მითხრა და თავი ამარიდა. — გთხოვ, სასტუმროში დავბრუნდეთ. — კარგი. აღარაფერი აღარ ვუთხარი, რადგან ვხვდებოდი, რომ ახლა არ იყო ამის დრო, მაგრამ ხვალ აუცილებლად დაველაპარაკები ამაზე. რატომ შეიცვალა ასე უცებ, ვერ ვიგებდი. სასტუმროში რომ მივედით, უხმოდ შევიდა თავის ნომერში და ჩაიკეტა. ჩემს ნომერში შევედი, თავი მოვიწესრიგე და საწოლზე წამოვწექი. ვფიქრობდი დღევანდელ საღამოზე, გონებიდან არ ამომდიოდა მისი ცეკვა ბარში. არ ვიცი, სასმლის ბრალი იყო, რომ ასეთი ენერგიული იყო, თუ ისედაც ასეთი იყო, უბრალოდ მე არ ვიცოდი მისი ეს თვისებები. დავფიქრდი და მივხვდი, რომ მასზე თითქმის არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ მწერალია. ** ლინდა კავალაში ჩამოსვლიდან მხოლოდ ერთი დღეა გასული და უკვე მოვასწარი სიგიჟეების ჩადენა. ღმერთო, არ ვიცი, რა დამემართა. ბარში დალეული კოქტეილების ბრალი იყო თუ სხვა რამის, მაგრამ იმდენად ჩავიძირე იმ ატმოსფეროში, რომ სიტუაციას ვეღარ ვაკონტროლებდი. მთელი ცეკვის განმავლობაში ნოეს მზერას ზურგზე ვგრძნობდი. არ ვიცი, სწორად მოვიქეცი კი, რომ გამოვყევი უცხო კაცს, რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობ. ვიცი, რომ მას ჩემთან სიახლოვე უნდა და ამას არც მალავს, რაც ერთდროულად ნერვებს მიშლის და უცნაურ შეგრძნებებს იწვევს ჩემში. დღეს ბარიდან რომ გამიყვანა და მაკოცა, რატომღაც მეც ავყევი. კოცნის შემდეგ თავი უცნაურად ვიგრძენი და ემოციები იმდენად მომეძალა, რომ თვალზე ცრემლი მომადგა. არ მომწონს ეს ყველაფერი. არ მინდა გრძნობები გამიჩნდეს და მივეჯაჭვო — მე ხომ აქ მხოლოდ დროებით ვარ. გარდა ამისა, ის მე არ მიყურებს, როგორც პიროვნებას, მას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს. არ ვიცი, რით დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ არ მინდა შემიყვარდეს, ვიცი, მერე გამიჭირდება განშორება. თუმცა, მისი ყოველი შეხება უფრო მეტად მიზიდავს და მაიძულებს, ამ ცეცხლში მეც დავიწვა. მეორე დღეს თავის ტკივილმა გამაღვიძა. არ უნდა დამელია ამდენი კოქტეილი. სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარი თავი ვერ ვიცანი: არეული თმები და ჩაცვენილი თვალის უპეები... გული შემიწუხდა. აბაზანაში შესვლას ვაპირებდი, რომ კარზე კაკუნი გაისმა. ვიფიქრე, ალბათ, სანიტარია და დასალაგებლად მოვიდა-მეთქი, მაგრამ ზღურბლზე ნოე შემრჩა. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. — აქ რას აკეთებ ამ დილაუთენია? — წამოვიძახე მე. — რაღა დროს დილაა, უკვე შუადღეა, ქალბატონო, — მხრების აჩეჩვით მითხრა მან. — რა მნიშვნელობა აქვს, რისთვის მოხვედი? — უნდა ვისაუბროთ, — თქვა სერიოზულად. — მაინც რაზე? — წუხანდელზე, ჩვენს კოცნასა და შენს მოულოდნელ ცვალებადობაზე. — მე არ მინდა ამაზე საუბარი, გთხოვ, წადი, — ვუთხარი და ოთახში შევბრუნდი. ისიც უკან მომყვა და ზუსტად წინ ამესვეტა. — ლინდა, თავს ვერ ამარიდებ. უნდა ამიხსნა, რა დაგემართა გუშინ! — რა გინდა, ნოე? რას ჩამაცივდი? ხომ გითხარი, გუშინ სასმლის ბრალი იყო, კოცნაზეც რომ აგყევი და ისიც, რომ ცრემლი მომეძალა! — ნერვიულად წამოვიძახე. — სასმლის ბრალი იყო, არა? დარწმუნებული ხარ? არც ისეთი ნასვამი იყავი, რომ არ გცოდნოდა, რას აკეთებდი. მე უფრო ის მაინტერესებს, რატომ გქონდა ასეთი რეაქცია, — მკითხა და პირდაპირ თვალებში ჩამხედა. — არ მინდა ამაზე საუბარი. საერთოდ, შენ რატომ გადარდებს ეს? — უბრალოდ ვცდილობ გავიგო, რა გემართება. — არაფერიც არ მემართება! საერთოდაც, ხვდები, რომ შეყვარებული კაცივით იქცევი? — დავუყვირე ნერვებმოშლილმა. ნოე უფრო ახლოს მოვიდა და თავისი მუქი თვალებით ჩემს სულში შეღწევა სცადა. მერე მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა. — ესე იგი, ამბობ, რომ სასმლის ბრალი იყო ის კოცნა? — ეშმაკურად ჩაეღიმა. — კი. — დარწმუნებული ხარ? — აბსოლუტურად! — კარგი, — მითხრა და სახე ტუჩებთან ძალიან ახლოს მოიტანა. ვიგრძენი, როგორ დავიძაბე და გული ამიჩქარდა. ღმერთო, ნუთუ კოცნას აპირებდა? გავქვავდი, გაუნძრევლად ვიდექი და მოლოდინით სუნთქვაშეკრული, მაგრამ მან უცებ ჩაიცინა. — შენ ამბობ, რომ სასმლის ბრალი იყო, მაშინ რატომ მოემზადე საკოცნელად? — კვლავ ჩაეცინა და განზე გადგა. — რა?! შენ ეს სპეციალურად გააკეთე? — კარგი, მე წავედი და გაემზადე, ქალაქში გავიდეთ, — ვითომც არაფერი, ისე მითხრა. გამწარებულმა ბალიში ავიღე და მთელი ძალით ვესროლე. — გაეთრიე ჩემი ოთახიდან! შენი დანახვაც კი არ მინდა! — დავუყვირე. — კარგი, — ჩაილაპარაკა და სიცილით გავიდა. იდიოტი, კრეტინი, სუფთა ხეპრე! ვერ ვიტან! ნერვებმოშლილი ბოლთას ვცემდი ოთახში. რამდენის უფლებას აძლევს თავს? კიდევ რომ დამცინის... მაცადე, ბატონო ნოე, თუ არ გაგიმწარო ყოველი დღე! თავი მოვიწესრიგე და გადავწყვიტე, ოთახიდან გავსულიყავი — არ ვაპირებდი იმ ვირის გამო ჩაკეტილი ვყოფილიყავი. სასტუმროს ფოიეში რომ ჩავედი, ნოე იქ დამხვდა; სავარძელზე წამოსკუპებულიყო და იღიმოდა. თავხედი! — ვიღაცას ჩემი დანახვა აღარ უნდოდა? — მკითხა მან. — შენი დანახვა ახლაც არ მსიამოვნებს, მაგრამ შენ გამო ოთახში გამოკეტვას არ ვაპირებ. ასე რომ, წავიდეთ, — მივახალე მკვახედ და გარეთ გავედი. უკან მისი ჩაცინება გავიგონე. ქალაქის ძველ მხარეს წავედით. ნოეს თქმით, იქ ბევრი ისტორიული ნაგებობა და ქანდაკება იყო. მართლაც საინტერესო სანახაობა დაგვხვდა: ნახევრად ჩამონგრეული სკულპტურები, ძველი ტაძრები... ყველაფერს კამერით ვაფიქსირებდი და ისე გავერთე, რომ სულ დამავიწყდა დილით მომხდარი ინციდენტი. ბოლოს სანაპიროსთან მივედით. ნოემ თქვა, ეს ყველაზე უკაცრიელი ადგილიაო, რადგან ხალხი უმეტესად ცენტრალურ პლიაჟზე მიდიოდა, რომელიც დაბინძურებული იყო. აქ კი წყალი მართლაც კამკამა და სუფთა აღმოჩნდა. საბედნიეროდ, საზაფხულო ბიკინი შიგნიდან მეცვა, ამიტომ პირდაპირ წყალში შევედი. ნოე მოშორებით იდგა და მაკვირდებოდა. ცოტა ხანში მანაც შემოცურა, მოულოდნელად მოვიდა და წყალი შემასხა. — რას აკეთებ? — წამოვიძახე გაოგნებულმა. — ცოტა გავერთოთ, — გამეკრიჭა და გააგრძელა წყლის შესხმა. — მოიცა, ახლა გაჩვენებ სეირს! — დავიყვირე და მეც მთელი ძალით შევაშხეფე წყალი, თან ისე მოხერხებულად, რომ პირდაპირ თვალებში მოხვდა. — ააა, ქალბატონო, ომი გინდა? — მხიარულად წამოიძახა და ჩემსკენ წამოვიდა. წყალში ბრძოლა ნამდვილ თავგადასავალს დაემგვანა. პატარა ბავშვებივით ვწუწავდით ერთმანეთს და გულიანად ვიცინოდით. იმ წუთას თითქოს ყველა პრობლემა გაქრა. ნოე ისეთი სხვანაირი იყო, ვერც იტყოდი, რომ დილით ნერვები მომიშალა. სანამ ფიქრებში ვიყავი გართული, მან მოულოდნელად ჰაერში ამიტაცა და ზღვაში გადამიშვა. — ნოე, რას აკეთებ, დამსვი! — ვყვიროდი, როცა მხარზე მომისვა. — არა, — მითხრა და წყალში ჩამაგდო. ამ საქციელის გამო შური უნდა მეძია, ამიტომ ვითამაშე, თითქოს წყალში ვიძირებოდი და ჩავყვინთე. რამდენიმე წამში ნოემაც ჩაყვინთა და ჩემი ძებნა დაიწყო. ისე მოვიქეცი, თითქოს გონება დავკარგე. ნაპირზე გამომიყვანა და გონზე მოსაყვანად გულის მასაჟის გაკეთება დამიწყო. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ გამცინებოდა, მაგრამ ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და ავხარხარდი. ის კი გაოგნებული მიყურებდა. — შენ... მომატყუე? — გამწარებულმა წამოიძახა. — ეს ჩემი პატარა შურისძიება იყო, აბა რა გეგონა, შეგარჩენდი წყალში ჩაგდებას? — სიცილით ვუთხარი. — აი, ახლა მართლა ვეღარ გადამირჩები! — დაიყვირა და ჩემსკენ გამოიწია. მივხვდი, რომ მართლა ვეღარ გავექცეოდი, ამიტომ ზღვისკენ გავიქეცი, ისიც უკან ამედევნა. უეცრად ფეხი ამიცურდა და რომ უნდა წავქცეულიყავი, ნოემ თავისი ძლიერი მკლავები შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა. ეს ის მომენტი იყო, როცა სიტყვები ზედმეტი გახდა. ორივე ერთმანეთს ვუყურებდით, სუნთქვა გვქონდა გახშირებული, გული ისე სწრაფად მიცემდა, დარწმუნებული ვიყავი, ნოესაც ესმოდა მისი ხმა. ახლა მის თვალებში აღარ იდგა ის თავხედი კაცი, დილით რომ ნერვები მომიშალა. თითქოს სულ სხვა, უფრო ღრმა ადამიანი იდგა ჩემს წინ. მან სახე დაასერიოზულა და მითხრა: — დროა, ვისაუბროთ. — რაზე? — იმაზე, რაც შენს თავს ხდება. ლინდა, სიმართლეს რატომ არ უსწორებ თვალს? — რა სიმართლე, ნოე? — დაბნეულმა ვკითხე და თმა გადავიწიე. მან ოდნავ მოადუნა ხელები, მაგრამ არ გამიშვა. — სიმართლე ის არის, რომ შენ გეშინია ჩემი, ხომ ასეა? ოღონდ არა იმის, რაც ჩვენ შორის ხდება, არამედ იმის, რაც ჩემს გამო საკუთარ თავში აღმოაჩინე. შენ გეშინია ამ გრძნობების, — თქვა და თვალებში ჩამხედა. თავის არიდება ვცადე, მაგრამ სახეზე ხელები მომხვია და მაიძულა, მისთვის შეგვეხედა. — რა სისულელეა! საიდან მოიტანე? მსგავსი არაფერია! — წამოვიძახე მე. მან ხელები შემიშვა, თუმცა არ განძრეულა. — თუ ასეა, მითხარი, რატომ რეაგირებ ჩემს შეხებაზე ასე? იმიტომ, რომ საკუთარი გრძნობების გეშინია. არ გინდა აღიარო, რომ შენც ისევე გიზიდავ, როგორც მე. რამდენიც არ უნდა გაურბოდე, მაინც ჩემკენ მოიწევ. — ასე დარწმუნებული რატომ ხარ? — იმიტომ, რომ ეს ასეა... ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ, ცოტა პატარა გამოვიდა, მაგრამ ამჯერად ასე იყოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



