შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სახელი | თავი 1


11-07-2026, 19:10
ავტორი pinkyt
ნანახია 109

დასაწყისი


ამბობენ, ადამიანს შეუძლია სახელი შეიცვალოს. შეუძლია შეიცვალოს ქალაქი, სახლი, სამსახური, გარემო...

მაგრამ წარსულს ვერ შეცვლის.

წარსული ყოველთვის ტოვებს კვალს. ზოგჯერ — ძველ ფოტოზე. ზოგჯერ — მივიწყებულ დოკუმენტში. ზოგჯერ კი იმ სიჩუმეში, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებ და რომლისგანაც ვერასდროს თავისუფლდები.

დავით ჯაფარიძემ ეს სხვებზე უკეთ იცოდა.

თვრამეტი წლის განმავლობაში ცდილობდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ადამიანი, რომელიც ოდესღაც იყო, აღარ არსებობდა. რომ წარსული საბოლოოდ დამარხა.

მაგრამ სიმართლეს ერთი უცნაური თვისება აქვს — ის არასოდეს ქრება.

შეიძლება წლების განმავლობაში იმალებოდეს, ჩრდილში დარჩეს და ყველას დაავიწყდეს, მაგრამ ერთ დღეს მაინც ბრუნდება. ხშირად მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები.

იმ ღამეს დავით ჯაფარიძე საკუთარ კაბინეტში მარტო იჯდა.

ფანჯრის მიღმა ქალაქის განათებები ციმციმებდა, მაგიდაზე კი ძველი საქაღალდე იდო — ერთადერთი ნივთი, რომლის გადაგდებაც ვერასდროს გაბედა.

იცოდა, რომ წარსული ახლოვდებოდა.

გრძნობდა, როგორ იშლებოდა წლების განმავლობაში აგებული კედლები. როგორ კარგავდა ძალას ტყუილი, რომელსაც ამდენ ხანს ეფარებოდა.

იმ ღამეს პირველად აღიარა ის, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდა.

ზოგიერთი დანაშაული შეიძლება კანონმა დაივიწყოს. ზოგიერთი დანაშაული შეიძლება ადამიანებმა აპატიონ.

მაგრამ არსებობს დანაშაულები, რომლებსაც საკუთარი სინდისი არასოდეს ივიწყებს.

და როდესაც მათი ანგარიშსწორების დრო დგება, გაქცევა უკვე შეუძლებელია.


_____

სიკვდილის შემდეგ


მარტის დილა უჩვეულოდ ცივი აღმოჩნდა.
წვიმის შემდეგ ქალაქს ნესტის მძიმე, ოდნავ მეტალის მსგავსი სუნი ასდიოდა. დაგროვილი წყალი ასფალტს სარკედ აქცევდა — თითქოს რეალობა ორად იყო გაყოფილი.
ელენე ქავთარაძე სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და უკვე გაცივებულ ყავას თითებით ნელა ატრიალებდა. ფინჯნის კედლებზე ორთქლის კვალი თითქმის გამქრალიყო.
ლეპტოპის ეკრანზე გახსნილი სტატია თითქმის დასრულებული ჰქონდა, თუმცა ბოლო აბზაცის დაწერა მისთვის ზედმეტად ცარიელი, უინტერესო ამოცანა იყო.
რამდენიმე წუთი ეკრანს უყურებდა. თვალები მექანიკურად დაჰყვებოდა სტრიქონებს, მაგრამ აზრები სხვაგან იყო — თითქოს ერთსა და იმავე სივრცეში ჩარჩენილი დღეები ერთმანეთს ერწყმოდა და აღარ განსხვავდებოდა.
ამოიოხრა და ფანჯრისკენ გაიხედა.
გარეთ ადამიანები ჩქარობდნენ, ქურთუკებში ჩაფლულები, თავჩაღუნულები. თითქოს ყველას სადღაც აგვიანდებოდა, მაგრამ არავინ იცოდა — სად.
— მოსაწყენია — ჩაილაპარაკა თავისთვის, უფრო ჩუმად, ვიდრე სიტყვა.
ეს არ იყო მხოლოდ სტატიის შეფასება. ეს მისი ბოლო კვირების განცდა იყო. მოწყენილობა, რომელიც არაფრით ირღვეოდა.
ტელეფონის ზარმა სიჩუმე მკვეთრად დაარღვია.
ეკრანს დახედა. რედაქტორის სახელი ციმციმებდა.
— გისმენთ.
— ოფისში ხარ? — ხმა დაძაბული იყო, ჩვეულებრივზე ოდნავ სწრაფი.
— ჯერ სახლში ვარ.
— მაშინ ახლავე გაემზადე.
ელენე ოდნავ გასწორდა.
— რა მოხდა?
მეორე მხარეს მოკლე პაუზა ჩამოვარდა. ისეთი სიჩუმე, რომელიც ყოველთვის ცუდ ამბავს უსწრებს წინ.
— დავით ჯაფარიძე გარდაცვლილი იპოვეს.
სიტყვებმა ოთახში თითქოს ჰაერი შეცვალა.
ელენემ თვალები ოდნავ დაახამხამა, მაგრამ რეაქცია ბოლომდე ვერ გამოხატა, ჯერ მხოლოდ სახელი ჩაეჭედა გონებაში.
დავით ჯაფარიძე – ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადვოკატი ქვეყანაში. ადამიანი, რომლის სახელსაც ყოველთვის ამბობდნენ დარწმუნებით, თითქოს ის დაუშვებლად სტაბილური იყო.
— დარწმუნებული ხარ? — ჰკითხა ბოლოს, თუმცა ხმა ოდნავ დაბალი ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივ.
— სამწუხაროდ, კი.
— მიზეზი?
— ჯერ არავინ ამბობს არაფერს.
— პოლიცია?
— ადგილზეა. ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
— უკვე მივდივარ.
მისი ხმა გარეგნულად მშვიდი იყო, მაგრამ შიგნით რაღაც უკვე დაიძრა — უხილავი, მძიმე მექანიზმი, რომელიც ყოველთვის ერთსა და იმავე რეჟიმს რთავდა: „იპოვე სიმართლე“.
— მჭირდება სრული მასალა, ელენე.
— მიიღებ! — უპასუხა მან და ზარი გათიშა.
რამდენიმე წამი იჯდა გაუნძრევლად. შემდეგ ნელა წამოდგა. ყავის ფინჯანი ხელში აიღო, მაგრამ ისევ დადო — არ დაულევია.
ოცი წუთის შემდეგ ელენე უკვე ადვოკატის ოფისის წინ იდგა. ქუჩა გადაკეტილი იყო. ყვითელი ლენტები ოდნავ ქარში ირხეოდა, თითქოს თვითონაც არ იცოდნენ, რას იცავდნენ.
პოლიციის მანქანების წითელი და ლურჯი ნათება ნესტიან ასფალტზე ირეკლებოდა და ყველაფერს არარეალურ ელფერს აძლევდა.
რამდენიმე ტელეეკიპაჟი პირდაპირ ეთერში მუშაობდა. კამერების წინ ჟურნალისტები ცდილობდნენ ხმაურის ფონზე აზრის შენარჩუნებას.
ხალხი ერთმანეთში ირეოდა.
ცნობისმოყვარეობა, შიში და ერთგვარი უხერხული აღფრთოვანება — თითქოს ტრაგედია ყველას თვალწინ პატარა სპექტაკლად ქცეულიყო.
ყველას ერთი კითხვა ჰქონდა — რა მოხდა დავით ჯაფარიძის კაბინეტში?
ელენემ ბლოკნოტი ამოიღო და ხალხში შეერია.
— მკვლელობააო — თქვა ვიღაცამ.
— ვინ თქვა?
— არ ვიცი… ასე ამბობენ.
— გულის შეტევა იქნებაო.
— ასეთ ასაკში?
— ყველაფერი შესაძლებელია…
სიტყვები ერთმანეთში იშლებოდა, მაგრამ არსად იყო სიმართლე.
ფაქტები არ არსებობდა — მხოლოდ ვარაუდები, რომლებიც სწრაფად იძენდა სხეულს.
ელენე შენობას უყურებდა, მაგრამ სინამდვილეში ცდილობდა გაეგო, რატომ არ ტოვებდა ეს ადგილი „უბრალო შემთხვევის“ შთაბეჭდილებას.
რაღაც არასწორად იყო.
არა ხმაურით — სიჩუმით.
მის ყურადღება ერთმა მაღალმა კაცმა მიიქცია.
შესასვლელთან იდგა, ორ პოლიციელს შორის, მაგრამ მათთან კონტაქტში არ შედიოდა. თითქოს იქ საერთოდ არ არსებობდნენ.
მისი მზერა შენობის კარისკენ იყო გაყინული.
თითქოს ელოდა, რომ კარი გაიღებოდა და იქიდან რაღაც დაბრუნდებოდა, რაც არ უნდა დაბრუნებულიყო.
— ეს ვინ არის? — ჰკითხა ელენემ გვერდით მდგომ ოპერატორს.
— დავით ჯაფარიძის შვილი.
ელენემ ნელა გახედა.
ნიკოლოზ ჯაფარიძე.
მისი სახე დაღლილი იყო — არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ისე, თითქოს რაღაც დიდის ტარებას ცდილობდა, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ.
მაგრამ ყველაზე უცნაური მაინც მისი სიმშვიდე იყო.
ადამიანი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ მამა დაკარგა, სხვანაირად უნდა გამოიყურებოდეს.
ეს სიმშვიდე არ ჰგავდა მიღებას.
უფრო ჰგავდა კონტროლს.
ელენემ მზერა მოაშორა, მაგრამ შეგრძნება არ გაუქრა.
რაღაც აქ უკვე არ ემთხვეოდა.

***

საღამოს რედაქციაში დაბრუნებულმა ელენემ ჩანაწერები მაგიდაზე დაყარა.
ოთახი ნახევრად ჩაბნელებული იყო. მხოლოდ მონიტორის ცისფერი შუქი ანათებდა მის სახეს.
ოფიციალური ინფორმაცია მაინც არ არსებობდა.
პოლიცია დუმდა.
სასამართლო ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ იყო.
საქმე კითხვებით იყო სავსე და ეს კითხვები ძალიან სწრაფად მრავლდებოდა.
ელენემ ლეპტოპი გახსნა. ეკრანზე დავით ჯაფარიძის ფოტო გამოჩნდა.
ისე გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის — თავდაჯერებული, წესრიგში მყოფი ადამიანი, მაგრამ ახლა ეს წესრიგი უკვე ბზარებს აჩენდა.
ქალმა იგრძნო, როგორ გაუჩნდა ის ნაცნობი, ოდნავ უსიამოვნო დაძაბულობა მუცლის არეში — შეგრძნება, რომელიც ყოველთვის მაშინ ეწყებოდა, როცა ისტორია უფრო ღრმა აღმოჩნდებოდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
ყველაზე საშიში საიდუმლოებები სწორედ იმ ადამიანებს აქვთ, რომელთა ცხოვრებაც გარედან იდეალურად გამოიყურება.
ეკრანი ჩაქრა, ლეპტოპი დახურა.
რამდენიმე წამი ისე იჯდა, თითქოს ცდილობდა გაერკვია, რა უნდა გაეკეთებინა შემდეგ. ჩვეულებრივი რედაქციის დავალება აღარ ახსოვდა, არც სტატია, რომელიც უნდა დაესრულებინა, მხოლოდ ერთი სიტყვა ტრიალებდა გონებაში.
დავით ჯაფარიძე.
ჩანთა აიღო, სწრაფად ჩაიცვა ქურთუკი და სახლისკენ წავიდა.

***
დაკრძალვის დღე იყო, დილიდან გაემზადა და ცერემონიაზე დასწრება გადაწყვიტა.
ქარი უფრო ცივად უბერავდა.
ჯიბეში მოთავსებული ტელეფონი ახმაურდა.
უცნობი ნომერი.
ეკრანს რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ აიღო.
— გისმენთ.
სიჩუმე.ამჯერად უფრო გრძელი, უფრო მიზანმიმართული. წარბი ოდნავ შეკრა.
— ვინ არის?
პასუხი არ ყოფილა. მხოლოდ გათიშვის ხმა. ეკრანს უყურა რამდენიმე წამი. თითები უნებლიედ მოეჭიდა ტელეფონს.
— ეს უკვე უცნაურია — ჩაილაპარაკა ძალიან ჩუმად.
იმ წამს , ნამდვილად იგრძნო, რომ ეს საქმე შემთხვევით არ დაწყებულა.
დაკრძალვამდე ნახევარი საათით ადრე მივიდა.
შავი სამოსით შემოსილი ადამიანები უკვე იკრიბებოდნენ. ზოგი ერთმანეთს ჩუმად ესაუბრებოდა, ზოგი კი საერთოდ არ საუბრობდა. ყველა ცდილობდა ისე მოქცეულიყო, თითქოს ტკივილი წესის მიხედვით უნდა გამოეხატათ.
ოდნავ მოშორებით დადგა, არ იყო იქ როგორც სტუმარი. იყო როგორც დამკვირვებელი. ბლოკნოტი ხელში ატრიალებდა, ემზადებოდა დასაწერად. სასახლესთან მდგომი ნიკოლოზ ჯაფარიძე დაინახა ისე, როგორც პირველად.
სხვებისგან განსხვავდებოდა.
არ საუბრობდა.
არც თვალებში ჰქონდა ის ქაოსი, რასაც ელოდა.
უბრალოდ იდგა. შავი ქურთუკი ეცვა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და სასახლეს უყურებდა ისე, თითქოს ცდილობდა რაიმე დეტალი არ გამორჩენოდა. არა როგორც შვილი, არამედ
როგორც ადამიანი, რომელიც რაღაცას აკონტროლებდა.
ელენემ ეს შენიშნა და მაშინვე ჩაინიშნა გონებაში — ზედმეტად მშვიდია.
ცერემონია ჩუმად მიმდინარეობდა.
ადამიანების ხმა თითქოს შორიდან ისმოდა, თითქოს სიტყვები ჰაერში იშლებოდა და ბოლომდე ვერ აღწევდა ადამიანებამდე.
როცა ყველაფერი დასრულდა და ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო დაშლა, ცოტა ხანს დარჩა.
ბიჭი ერთხანს მოშორებით იდგა, შემდეგ მასთან მივიდა მამაკაცი — საშუალო სიმაღლის, მკაცრი სახითა და რიტმული ნაბიჯებით.
ოდნავ უკან გადადგა ნაბიჯი, თითქოს შემთხვევით, სმენა მათკენ მიმართა.
— ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ვთქვით, — თქვა კაცმა დაბალი ხმით, რაზეც ოდნავ თავი დაუქნია. — ახლა არანაირი პრობლემა აღარ არის, — დაამატა კაცმა.
„როგორც ვთქვით.“
უცნაურად მოეჩვენა ქალს ამ სიტყვების მოსმენა დაკრძალვის ბოლოს.
— ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა!
კაცი ცოტა ხანს გაჩერდა, შემდეგ თავი დაუქნია და წავიდა. არ იძროდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც სცენას შეუერთდა, რომელიც მანამდე უკვე დაწყებული იყო.
ქარი ოდნავ არხევდა ხეებსა და მიმოფანტულ ფოთლებს, რომელთა შრიალიც სივრცეს ავსებდა.
მიახლოება გადაწყვიტა, მაგრამ საკმარისად შორს გაჩერდა, რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
ნიკოლოზმა ხელი ჯიბიდან ამოიღო და საფლავს დახედა. მისი სახე უცვლელი იყო.
უკან არც კი მიუხედავს, მაგრამ თითქოს იცოდა, რომ ვიღაც იქ იდგა.
ნელა მოტრიალდა, ქალი ოდნავ დაიძაბა, მაგრამ მზერა არ მოარიდა.
კაცის თვალებში არაფერი ჩანდა — არც მტრული დამოკიდებულება, არც ინტერესის ნიშანი, მხოლოდ დაღლილობა.
— ჟურნალისტი ხარ. — თქვა მშვიდად.
ეს კითხვა არ იყო. შესამჩნევად თავი დაუქნია.
— დიახ.
პაუზა. ქარი გაძლიერდა.
— დღეს აქ არაფერი დაგხვდა, რაზეც შეძლებ რომ დაწერო! — დაამატა ნიკოლოზმა, ელენემ წარბი ოდნავ შეკრა.
— ჩემს საქმეს მასწავლით?
— არა. — ოდნავ მხრები აიჩეჩა.
მოკლე სიჩუმე ჩამოვარდა.
მზერა ოდნავ გვერდზე გადაიტანა, თითქოს ვიღაცას ამოწმებდა, შემდგომ ისევ ალაპარაკდა.
— ფრთხილად იყავი ამ ისტორიასთან.
— რატომ? — ელენეს ხმა ოდნავ დაბალი გახდა.
ნიკოლოზმა პასუხი არ გასცა, რამდენიმე წამი უყურა და მერე ისე მოტრიალდა, თითქოს საუბარი დასრულდა.
— ყველაფერი, რაც ხდება, ყოველთვის ზედაპირზე არ ჩანს! — თქვა მან უკვე ზურგშექცევით.
ქალაქი ნესტში ჩაძირულიყო. რედაქციაში დაბრუნდა, არსებული მწირი ინფორმაციის შესასწავლად. ზოგჯერ დეტალები უფრო ხმამაღლა საუბრობენ, ვიდრე ოფიციალური განცხადებები.
მისი ტელეფონი აზუზუნდა, შეტყობინება მიიღო უცნობი ადრესატისგან. ერთხანს უყურა, შემდეგ კი გახსნა.
„არ ეძიო იქ, სადაც პასუხი უკვე არსებობს.“
წამიერ დაფიქრდა, დაკრძალვაზე უბრალოდ არავინ აკვირდებოდა ერთმანეთს.
ვიღაც მასაც აკვირდებოდა, შორიდან, გზის ბოლოს, შავი,დაბურული მანქანა იდგა.
შევალო თვალი, თუმცა ზედმეტი ფიქრი არ დაუწყია.
რაღაცამ ამ ისტორიაში უკვე ჩაირთო.
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო — ისეთი, რომელსაც ჯერ სახელი არ ჰქონდა.

***
მეორე დილით რედაქციაში მისულს უკვე რამდენიმე ახალი დავალება ელოდებოდა, მაგრამ დავით ჯაფარიძის საქმე თავიდან ვერ ამოიგდო.
კომპიუტერი ჩართო და ძველი მასალების მოძიება დაიწყო.
ინტერვიუები.
სატელევიზიო გამოსვლები.
სტატიები.
სასამართლო საქმეები.
რაც უფრო მეტს კითხულობდა, მით უფრო ერთნაირი ხდებოდა ყველაფერი.
„პრინციპული ადვოკატი.“
„უმწიკვლო რეპუტაცია.“
„სამართლიანობისთვის მებრძოლი.“
თითქოს ადამიანები ერთსა და იმავე ტექსტს კითხულობდნენ.
სავარძელზე გადაწვა. ზედმეტად სუფთა და მოწესროგებული იყო ყველაფერი, განსაკუთრებით ისეთი ადამიანის, რომელმაც ათწლეულები გავლენის ეპიცენტრში გაატარა.
ტელეფონი აიღო და დავითის ყოფილ თანაშემწეს დაურეკა. ქალმა თავდაპირველად საუბარზე უარი თქვა, თუმცა ბოლოს შეხვედრას დათანხმდა.
რამდენიმე საათში, ქალაქის გარე უბანში მდებარე კაფეში ისხდნენ, ფინჯანი ყავის თანხლებით.
ქალი ორმოც წელს გადაცილებული იქნებოდა.
დაღლილი თვალები ჰქონდა, კარგად იცოდა რაოდენ დამღლელი საუბარი ელოდა წინ.
რამდენიმე წუთი ჩვეულებრივ თემებზე ისაუბრეს.
შემდეგ ელენე პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
— როგორი ადამიანი იყო დავით ჯაფარიძე?
ქალმა ფინჯანს დახედა.
— პროფესიონალი.
— და როგორც ადამიანი? — ქალს სახეზე წამიერად შიშმა გადაურბინა.
— ადამიანები რთულები არიან.
— ეს პასუხი არ არის.
ქალმა სუსტი ღიმილი სცადა.
— ალბათ არა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
შემდეგ კი ჩუმად თქვა:
— ზოგჯერ მგონია, რომ მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდით.
— რას გულისხმობთ?
ქალმა თავი გააქნია.
— არაფერს.
— თუ არაფერს, მაშინ ეს რატომ თქვით?
ქალმა ფანჯრისკენ გაიხედა. გარეთ უკვე ბნელოდა.
— არ ვიცი, ალბათ სიკვდილის შემდეგ ადამიანები უცნაურად გახსენდება.
დარწმუნებული იყო — ქალი რაღაცას მალავდა.
იმ ღამით სახლში დაბრუნდა დაღლილი და გაღიზიანებული.
შეხვედრამ არაფერი მისცა, ამავდროულად— ძალიან ბევრი.
კიბეზე შედგა. ჩანთაში გასაღებს ეძებდა, როცა კართან რაღაც შენიშნა.
თეთრი კონვერტი. ყოველგვარი წარწერის გარეშე.
რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. შემდეგ აიღო. მძიმე არ იყო.
შიგნით მხოლოდ ერთი ფურცელი და ფოტო იდო.
ძველი ფოტო.
რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დავით ჯაფარიძე.
ბევრად ახალგაზრდა და განსხვავებული.
ფოტოს უკანა მხარეს კი მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა:
„ის კაცი არ იყო, ვინც ყველას ეგონა”
გულისცემა გაუხშირდა. მას შემდეგ, რაც ეს საქმე დაიწყო, პირველად ხელში რაღაც რეალური ეჭირა.
თუმცა, ყველაზე შემაშფოთებელი სხვა რამ იყო. ფოტო მის კართან აღმოჩნდა, ვიღაცამ იცოდა, სად ცხოვრობდა.
ვიღაცას ძალიან სურდა, რომ გამოძიება გაეგრძელებინა.

დიდხანს იდგა კართან. კონვერტი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, ფოტოს უყურებდა.
ფოტო ძველი იყო — ამას ფერებიც მოწმობდა. კუთხეები ოდნავ გაცვეთილიყო, ზედაპირს კი ეტყობოდა წლების კვალი.
ფოტოზე ხუთი ადამიანი იდგა.
მათ შორის ერთი დავით ჯაფარიძე იყო, ახალგაზრდა, მუქი თმით, უფრო გამხდარი.
უჩვეულო იყო ის, რომ ფოტოზე ღიმოდა.
ისე ღიმოდა, როგორც ადამიანები იღიმიან მაშინ, როცა კამერის არსებობა ავიწყდებათ.
მთელი დღის განმავლობაში ნანახი ფოტოები გაიხსენა, ყველა მათგანში დავით ჯაფარიძე თითქმის ერთნაირი იყო— თავშეკავებული, ზუსტი, კონტროლირებული.
ამ ფოტოზე კი სხვა ადამიანი ჩანდა. ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ესწავლა საკუთარი თავის დამალვა.
კარი გააღო და ბინაში შევიდა. ფოტო მაგიდაზე დადო, მერე ისევ აიღო. რაღაც არ აძლევდა მოსვენებას. ვიღაც სპეციალურად ცდილობდა მისთვის რაღაც ეჩვენებინა.
მაგრამ რატომ?
და რატომ ახლა?
იმ ღამით, ძილი არ მიკარებია.
რამდენჯერმე წამოდგა და ნათურის ფონზე ფოტოს აკვირდებოდა, თითქოს პასუხი იქ იყო.
მესამედ რომ დახედა, უცნაური რამ შენიშნა, ფოტოს უკანა ფონზე შენობა ჩანდა, ძალიან ბუნდოვნად, თითქოს შემთხვევით მოხვედრილიყო კადრში.
ძველი აგურის შენობა იყო, წინ რკინის ჭიშკრით, მარჯვენა მხარეს აბრა, რომლის წარწერაც არ იკითხებოდა, მაგრამ მაინც რაღაც ჩანდა.
წამში წამოდგა და ფოტო გადაუღო, პროგრამაში ატვირთა ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მეორე დილით პირდაპირ რედაქციაში არ წასულა.
ჯერ ბიბლიოთეკაში შევიდა, ძველი გაზეთების არქივის განყოფილებაში. ადგილას, სადაც ქალაქის წარსული მტვრით იფარებოდა.
— კონკრეტულად რას ეძებთ?
— დაახლოებით 1990 წლიდან ამ დრომდე ფოტოარქივებს.
კაცმა წარბი ასწია.
— ეს საკმაოდ დიდი დროა.
— დიახ, მესმის, ძალიან მნიშვნელოვანია.
— კონკრეტულად ვისზე გსურთ?
— დავით ჯაფარიძე.
მოხუცის სახეზე რაღაც შეიცვალა, ძალიან მცირედ, მაგრამ შეიცვალა.
ელენემ მაშინვე შეამჩნია.
— იცნობდით?
— არა.
პასუხი ზედმეტად სწრაფი იყო.
— მაშინ ეს რეაქცია რატომ გქონდათ?
კაცმა სათვალე მოიხსნა, რამდენიმე წამი დუმდა.
შემდეგ ჩუმად თქვა:
— იმიტომ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.
— რას გულისხმობთ?
— მისი სიკვდილის შემდეგ უკვე მესამე ადამიანი ხარ, ვინც არქივში მოვიდა.
სიჩუმე ჩამოვარდა. იგრძნო, როგორ დაეძაბა მხრები.
— მესამე?
— დიახ.
— დანარჩენები ვინ იყვნენ?
— არ ვიცი. — მოხუცმა თავი გააქნია.
ელენე რამდენიმე წამი ჩუმად იდგა. მისი გონება უკვე სულ სხვა მიმართულებით მუშაობდა.
სხვა ადამიანებიც ცდილობდნენ, ადვოკატის საქმის გამოძიებას.
ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ არ იცოდა — ისინი ვინ იყვნენ ან რას ეძებდნენ.
დავით ჯაფარიძის წარსული მხოლოდ მას არ აინტერესებდა.
გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა, ძველი გაზეთების სუნი თან მიჰყვებოდა.
დერეფანი თითქმის ცარიელი იყო. მხოლოდ შორიდან ისმოდა ნაბიჯების ხმა, რომელიც ძველ შენობაში უცნაურად გრძელდებოდა.
ტელეფონი ამოიღო. დავით ჯაფარიძის ფოტოს კიდევ ერთხელ დახედა, შემდეგ უცნობი კონვერტიდან ამოღებული ფოტო გახსნა და ორივე სახე ერთმანეთს შეადარა.
ერთ ფოტოზე — ახალგაზრდა კაცი, თავისუფალი ღიმილით, მეორეზე — ცნობილი ადვოკატი, რომლის მზერაშიც სიფრთხილე უფრო ჩანდა, ვიდრე თავდაჯერება.
— ქალბატონო… - თავი ასწია და კართან შეჩერდა.
— ერთი წუთით. - მოხუცმა ჯერ დერეფანს გახედა, თითქოს დარწმუნდა, რომ არავინ უსმენდა.
შემდეგ ძველი, მუქი ლურჯი საქაღალდე გაუწოდა.
— წესით, ეს არ უნდა მეჩვენებინა. რამდენიმე წლის წინ აქ ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, დავით ჯაფარიძეზე კითხულობდა. ზუსტად ისე, როგორც თქვენ.
— ვინ იყო?
— არ მახსოვს.
— ან… — კაცმა მცირე პაუზა გააკეთა, — შეიძლება მახსოვს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.
— შემდეგ?
— იმ დღეს ეს საქაღალდე გავატანე. მეორე დილით უკან დააბრუნა, თუმცა ერთი ფურცელი აკლდა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
— რა ეწერა იმ ფურცელზე?
მოხუცმა თავი გააქნია.
— აღარ მახსოვს. მაგრამ მახსოვს, რომ მას შემდეგ რამდენიმე კვირაში იმ ბიჭის შესახებ გაზეთში პატარა სტატია დაიბეჭდა.
— რა სტატია?
— ავტოავარია.
ელენეს სხეულში უსიამოვნო სიცივემ გაიარა.
— დაიღუპა?
— ასე ეწერა.
საქაღალდე ნელა გადაშალა. ძველი დოკუმენტები ერთმანეთზე ეწყო. გაზეთის ამონაჭრები. სასამართლოს ცნობები. რამდენიმე ფოტოსურათი.
ერთ-ერთ გვერდზე დავით ჯაფარიძის სახელი ეწერა, მაგრამ არა ისე, როგორც ელოდა.
ეს არ იყო სტატია მის წარმატებაზე, არც ინტერვიუ.
ეს იყო ძველი სასამართლო პროცესის ჩანაწერი, თითქმის ოცი წლის წინანდელი.
დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხე მოხეული იყო.
ზუსტად იქ, სადაც საქმის ნომერი უნდა ყოფილიყო.
ელენემ წარბები შეკრა. ვიღაცას ძალიან უნდოდა, რომ ეს საქმის ნომერი აღარავის ენახა.
მან სწრაფად გადაიღო გვერდის ფოტო.
სწორედ იმ წამს ტელეფონი ახმაურდა, ისევ
უცნობი ნომერი.
— გისმენთ.
მეორე მხარეს მამაკაცის მშვიდი ხმა გაისმა.
— თქვენ უკვე იმაზე მეტს ხედავთ, ვიდრე საჭიროა.— სუნთქვა შეეკრა.
— ვინ ხართ?
პასუხად მხოლოდ ერთი წინადადება მიიღო:
— თუ სიცოცხლე გინდათ, წარსულს ნუ გააღვიძებთ.
ზარი გაწყდა. ერთხანს ტელეფონს უყურა, შემდგომ საქაღალდე მოხუცს დაუბრუნა და შენობა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
რედაქციაში დაბრუნებულს უკვე შუადღე გადასული იყო. ოთახი ჩვეულებრივზე ხმაურიანი იყო.
ტელეფონები რეკავდა. ვიღაც ხმამაღლა განიხილავდა პოლიტიკურ ინტერვიუს, ვიღაც კი რეპორტაჟისთვის ემზადებოდა.
ამ ყველაფრის ფონზე თავი უცნაურად ცარიელი ჰქონდა. ის პირდაპირ რედაქტორის კაბინეტისკენ წავიდა.
კარზე ორჯერ დააკაკუნა.
— შემოდი.
რედაქტორმა სათვალე მოიხსნა.
— აბა?
ელენემ საქაღალდე მაგიდაზე დადო.
— მგონია, რომ დავით ჯაფარიძის საქმე საერთოდ არ ჰგავს იმას, რასაც ოფიციალურად ამბობენ.
რედაქტორმა ყურადღებით შეხედა.
— კონკრეტულად?
ელენემ ყველაფერი უამბო.
ძველი ფოტო. არქივი. დაკარგული დოკუმენტი.
უცნობი ადამიანები, რომლებიც მასზე ადრე ეძებდნენ იმავე საქმეს.
და ბოლოს…ტელეფონის ზარი.
კაბინეტში სიჩუმე ჩამოვარდა.
რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა. შემდეგ სკამიდან წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა.
— ეს ამბავი არ მომწონს.
— არც მე.
— ელენე…
კაცმა პირველად შეხედა პირდაპირ თვალებში.
— თუ ვინმემ უკვე დაიწყო შენი გაფრთხილება, ეს ნიშნავს, რომ ზედმეტად ახლოს მიხვედი.
— ანუ გავჩერდე?
— მე გეუბნები, რომ ფრთხილად იყო.
— ეს ორი სხვადასხვა რამეა.
რედაქტორს უნებურად გაეღიმა.
— ყოველთვის ჯიუტი იყავი.
— იმიტომ ვარ ჯერ კიდევ ჟურნალისტი.
— და შეიძლება სწორედ ამიტომ მოხვდე პრობლემაში.
ელენემ საქაღალდე ისევ აიღო.
— სანამ ფაქტები არ მექნება, უკან არ დავიხევ.
რედაქტორმა მხოლოდ თავი გააქნია.
— იმედი მაქვს, იცი, რას აკეთებ.
საღამოს ოფისიდან გამოსვლისას ქალაქი ისევ წვიმის მოლოდინში იყო.
ელენე მანქანისკენ მიდიოდა, როცა შენიშნა, რომ ტროტუარის მეორე მხარეს ნაცნობი შავი ავტომობილი გაჩერდა.
კარი გაიღო. მანქანიდან ნიკოლოზ ჯაფარიძე გადმოვიდა. რამდენიმე წამით ერთმანეთს უბრალოდ უყურებდნენ.
ნიკოლოზი პირველი დაიძრა.
— ისევ ამ საქმეზე მუშაობთ?
— დიახ, ეს ჩემი საქმეა.
— ზოგჯერ საქმეები ადამიანებს არჩევენ.
ელენეს გაეღიმა.
— ეს ფილოსოფიური გაფრთხილებაა?
— არა. უბრალოდ ფაქტია.
რამდენიმე წამი ორივე დუმდა. ნიკოლოზმა ყურადღებით შეხედა.
— დაღლილი ჩანხართ.
— გრძელი დღე მქონდა.
— უფრო ისეთი სახე გაქვთ, თითქოს რაღაცამ შეგაშინათ.
ელენეს მზერა წამით შეეცვალა. ძალიან მცირედ, მაგრამ ნიკოლოზმა შეამჩნია.
— არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ.
— ნამდვილად?
— ნამდვილად.
ნიკოლოზმა მსუბუქად ჩაიღიმა.
— ცუდად იტყუებით.
ეს ფრაზა არ მოეწონა. არც ის, რომ კაცი ასე ადვილად კითხულობდა მის რეაქციებს.
— თქვენ კი ზედმეტად ბევრს ამჩნევთ.
— ეს პროფესიული ჩვევაა.
— იურისტების?
— ადამიანების.
ქარმა ისევ დაუბერა.
ნიკოლოზმა ბოლოს მშვიდად თქვა:
— თუ ვინმე დაგიკავშირდათ… —ელენე უნებურად დაიძაბა. — …და გთხოვეს, ამ საქმეს მოშორებოდით…
ახლა უკვე ელენემ აშკარად შეხედა.
— რა იცით?
ნიკოლოზმა პასუხი მაშინვე არ გასცა. მხოლოდ ოდნავ ამოისუნთქა.
— მამაჩემის საქმის გამოძიებას, როცა ეხება საქმე… — მისი ხმა თითქმის ჩურჩულამდე ჩამოვიდა. — მოკლედ…შენ პირველი არ ხარ.
— რას ნიშნავს, პირველი არ ვარ? — ბოლოს ჰკითხა.
ნიკოლოზმა მზერა ქუჩისკენ გადაიტანა.
მანქანები ჩუმად მოძრაობდნენ, სველი ასფალტი კი ფარების შუქს ირეკლავდა.
— იმას, რომ შენამდე სხვებიც ცდილობდნენ ამ საქმეში გარკვევას.
— ვინ?
— არ ვიცი.
— ან არ გინდა, რომ მითხრა.
— ორივე ვარიანტი შეიძლება სწორი იყოს.
მისმა სიმშვიდემ ცოტათი გააღიზიანა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს თითოეულ სიტყვას წინასწარ წონიდა, თითქოს შემთხვევით არაფერს ამბობდა.
— თუ დახმარება არ გინდა, მაშინ საერთოდ რატომ დამელაპარაკე?
ნიკოლოზმა პირველად შეხედა პირდაპირ.
— იმიტომ, რომ შენ არ გაჩერდები.
ეს კაცი ძალიან სწრაფად კითხულობდა ადამიანებს, რაც არ მოსწონდა.
— და შენ რა გინდა? — იკითხა ბოლოს.
— მინდა ვიცოდე, სინამდვილეში ვინ მოკლა მამაჩემი.
პირველად მის ხმაში გაკრთა რაღაც, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდა. არა ტკივილი. უფრო… დაღლილობა.
— პოლიციას ენდობი?
— არა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად დაასკვნეს ყველაფერი.
სიჩუმე ჩამოვარდა. ელენემ ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო. ქარი სახეზე ეცემოდა.
— ანუ ფიქრობ, რომ მკვლელობა იყო?
— ვფიქრობ, მამაჩემის სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა.
— მტკიცებულება გაქვს?
— არა.
— მაშინ მხოლოდ ეჭვია.
— ზოგჯერ ეჭვი გამოძიების დასაწყისია.
ელენემ უნებურად გაიღიმა.
— ჩემი საყვარელი ფრაზა, ყოველი გამოძიების წინ.
წამით კაცსაც გაეღიმა, იმდენად მცირედ, რომ არც კი იცოდა, მართლა გაიღიმა თუ უბრალოდ მოეჩვენა.
პირველად მისი სახე აღარ ჩანდა ისეთი გაუვალი.
მხოლოდ ერთი წამით.
და მერე ისევ ჩვეულებრივ გამომეტყველებას დაუბრუნდა.
— ფოტოს შესახებ არაფერი გითქვამს, — მოულოდნელად თქვა, რაზეც ქალი შეკრთა
— რა ფოტო?
— ის, რომელიც გამოგიგზავნეს.
რამდენიმე წამით სისხლი თითქოს გაეყინა.
— როგორ…
სიტყვა ბოლომდე ვერ დაასრულა.
ნიკოლოზმა მშვიდად გააგრძელა:
— შენს სახეზე წერია, რომ უკვე რაღაც იპოვე.
— შენ ზედმეტად ბევრს ვარაუდობ.
— და შენ ზედმეტად ცუდად მალავ გაოცებას.
ელენემ მზერა მოარიდა. უნდოდა დაეჯერებინა, რომ უბრალოდ ინტუიცია ჰქონდა, მაგრამ შინაგანად რაღაც ეუბნებოდა, რომ ეს კაცი ბევრად მეტს ხვდებოდა, ვიდრე აჩვენებდა.
— ნუ გეშინია, — თქვა ნიკოლოზმა მშვიდად. — არ გკითხავ, რა იპოვე.
— და რატომ?
— იმიტომ, რომ თუ მეტყვი, შეიძლება მეც საფრთხეში ჩამაგდო.
— და თუ უკვე ხარ?
ნიკოლოზმა ამჯერად პირდაპირ უპასუხა:
— მაშინ ეს ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე შენ გამოჩნდებოდი.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
ამჯერად არც ერთს უცდია მისი დარღვევა.
კაცთან საუბარი უცნაურად რთული იყო.
ყოველი პასუხი ახალ კითხვას აჩენდა.
და მაინც…
რატომღაც არ ჰქონდა სურვილი, საუბარი აქ დასრულებულიყო.
მალე ისევ შევხვდებით.
— ჩემი წასვლის დროა, მალე ისევ შევხვდებით!
— დარწმუნებული ხარ? — ჰკითხა ელენემ.
— ამ საქმეს თავს არ დაანებებ. — მანქანის კარი გააღო.
— და შენ? — მოულოდნელად ჰკითხა ელენემ.
— მე ძალიან დიდი ხანია ვერ ვანებებ თავს.
მანქანა ნელა დაიძრა. ელენე ტროტუარზე მარტო დარჩა. ქარი ისევ ცივი იყო.
საღამოს განმავლობაში პირველად შეაწუხა არა მუქარის ზარმა, არა ფოტომ და არა უცნობმა ადამიანებმა.
ადამიანმა, რომელიც ისე ლაპარაკობდა, თითქოს პასუხების ნაწილი უკვე იცოდა.
ღამე თითქმის არ სძინებია.
ფოტო ისევ მაგიდაზე იდო.
ოთახში მხოლოდ სანათი ენთო.
საათი სამს აჩვენებდა.
ფინჯანში უკვე გაცივებულ ყავას უყურებდა.
ხუთი ადამიანი.
დავით ჯაფარიძე.
კიდევ ოთხი უცნობი.
თითქოს რაღაც აკლდა.
თითქოს ფოტო ბოლომდე სიმართლეს არ ამბობდა.
უცებ წამოდგა.
ფოტო ხელში აიღო.
ტელეფონში გადიდებული გამოსახულება გახსნა.
ამჯერად სხვა რამემ მიიქცია ყურადღება.
ფოტოს ქვედა მარცხენა კუთხეში თარიღი ეწერა.
ძალიან პატარა.
ძლივს შესამჩნევი.
2007 წლის 18 აპრილი.
ელენემ წარბები შეკრა, თარიღი ნაცნობი ეჩვენა, სადღაც ჰქონდა ნანახი.
არქივის საქაღალდეში, იმ ძველი საქმის გვერდზე, ზუსტად იგივე თარიღი ეწერა.
მის სხეულში უსიამოვნო სიცივემ გაიარა.
ეს უკვე შემთხვევითობა აღარ იყო.

დილით ჯერ კიდევ არ იყო გათენებული, როცა სახლიდან გავიდა. ქალაქი ნახევრად ცარიელი იყო. წვიმის სუნი ისევ ჰაერში იდგა. არქივი ჯერ გახსნილი არ იყო. კართან გაჩერდა და მაშინ დაინახა, რომ ვიღაც უკვე იდგა იქ.
მაღალი მამაკაცი, მუქი ქურთუკით, ზურგით, თითქოს ელოდებოდა.
ელენეს ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, ნელა შემობრუნდა.
ნიკოლოზ ჯაფარიძე.
რამდენიმე წამი ორივე ჩუმად უყურებდა ერთმანეთს.
— თქვენ? — პირველმა იკითხა ელენემ.
— იგივე კითხვა უნდა დამესვა.
— მე აქ საქმე მაქვს.
— მეც.
სიჩუმე.
შემდეგ ნიკოლოზმა მშვიდად თქვა:
— თარიღი იპოვეთ, არა?
ელენეს სუნთქვა შეუწყდა.
— საიდან იცი?
— იმიტომ, რომ მთელი ღამე იმავე ფოტოს ვუყურებდი.
— შენც გაქვს ფოტო?
ნიკოლოზმა პირდაპირ თვალებში შეხედა.
— არა…მაგრამ ზუსტად ვიცი, რომელ ფოტოზე ლაპარაკობ.
მიწა თითქოს ოდნავ გამოეცალა ფეხქვეშ.
— ნიკოლოზ…
მისი ხმა თითქმის ჩურჩულამდე დავიდა.
— საიდან იცი იმ ფოტოს შესახებ?
ნიკოლოზი რამდენიმე წამი დუმდა.
შემდეგ ძალიან მშვიდად თქვა:
— იმიტომ, რომ ის ფოტო პირველად ათი წლის წინ ვნახე და იმ დღიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა.
ქარი ისევ უბერავდა. ძველი შენობის კედლებს ედებოდა და მერე სადღაც იკარგებოდა.
— ათი წლის წინ? — ძლივს ჰკითხა.
ნიკოლოზმა თავი დაუქნია.
— მაშინ ჯერ ბავშვი ვიყავი.
— და ფოტოზე რა ნახე?
— ის, რაც არ უნდა მენახა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ელენემ იგრძნო, რომ კიდევ ერთი კითხვა უნდა დაესვა, მაგრამ უცებ მიხვდა — ნიკოლოზი მეტს აღარ იტყოდა. მის სახეზე პირველად დაინახა დაღლილობა.
არა იმ დღის ან მამის სიკვდილით გამოწვეული —უფრო ძველი.
ადამიანის დაღლილობა, რომელიც ძალიან დიდი ხანია რაღაცას მარტო ატარებს.
— რატომ არ მითხარი ეს ადრე? — ჰკითხა ბოლოს.
ნიკოლოზმა მზერა მოარიდა.
— იმიტომ, რომ არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა შენი ნდობა.
ელენეს უნებურად გაეღიმა.
— ეს ორმხრივია.
ნიკოლოზმაც პირველად, სრულიად შეუმჩნევლად, გაიღიმა. მხოლოდ წამით, მაგრამ იმ წამმა რაღაც შეცვალა.
ალბათ იმიტომ, რომ პირველად აღარ ჰგავდა ადამიანს, რომელიც საკუთარ თავში ჩაკეტილიყო.
ქუჩაზე რამდენიმე მანქანამ ჩაიარა.
ქალაქი იღვიძებდა.
— ყავა გიყვარს? — მოულოდნელად ჰკითხა ნიკოლოზმა. ელენემ გაკვირვებით შეხედა.
— ახლა?
— დიახ. მგონია, ორივეს გვჭირდება.
— ეს შეთანხმებაა?
— უფრო... დროებითი ზავი.
უცნაური ადამიანი იყო. რამდენიმე წუთის წინ წარსულზე ლაპარაკობდა, რომელსაც აშკარად გაურბოდა, ახლა კი ისე ეკითხებოდა ყავაზე, თითქოს ეს ყველაზე ბუნებრივი რამ იყო.
— არ ვიცი, უნდა გენდო თუ არა.
ნიკოლოზმა მშვიდად უპასუხა:
— მეც.
და ისევ ის მოკლე, თითქმის შეუმჩნეველი ღიმილი.
ელენეს მოულოდნელად გაუჩნდა შეგრძნება, რომ ამ კაცს პირველად ხედავდა ნამდვილს.
არა დავით ჯაფარიძის შვილს.
არა იდუმალ უცნობს.
უბრალოდ ადამიანს, რომელსაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჰქონდა დაკარგული.
და იმ წამს პირველად გაუჩნდა სურვილი, გაეგო — რა.
— კარგი, — თქვა ბოლოს. — მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავა.
— მხოლოდ ერთი.
ორივემ იცოდა, რომ ეს „მხოლოდ ერთი“ არ იყო.
მაგრამ არც ერთს უთქვამს ზედმეტი. ისინი გვერდიგვერდ დაიძრნენ ქუჩისკენ.
მარტის დილა ისევ ცივი იყო. ჰაერში წვიმის სუნი იდგა.
პირველად გაუჩნდა განცდა, რომ ამ ისტორიამ, რომელიც სხვისი სიკვდილით დაიწყო, შესაძლოა მთლიანად შეცვალოს მისი საკუთარი ცხოვრებაც.
მან მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა:
ზოგიერთი შეხვედრა შემთხვევით იწყება, მაგრამ შემდეგ მთელი ცხოვრება გდევს უკან.


ჰაერი მძიმე იყო, მაგრამ არა წვიმისგან — უფრო დაუმთავრებელი ამბებისგან.




_____


იმედია მოგეწონებათ🤍🤍
ამჯერად, წინასგან ცოტა განსხვავებულია.
ველოდები თქვენს კომენტარებს🤍🤍



№1  offline წევრი Silent Echo

რა კარგია, ველოდები heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი pinkyt

Silent Echo
რა კარგია, ველოდები heart_eyes heart_eyes heart_eyes

დიდი მადლობა 🤍🤍 მიხარია, რომ მოგეწონათ🤍🤍

 


№3  offline წევრი Whosavesyou

ძალიან ლამაზად წერთ, დიდი მადლობა heart_eyes

 


№4  offline წევრი pinkyt

Whosavesyou
ძალიან ლამაზად წერთ, დიდი მადლობა heart_eyes

უღრმესი მადლობა 🤍🤍

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent