ფერფლიდან ფენიქსამდე - თავი 2
თავი 2 იმ წელს ჯერ სულიერი ტრავმა გადავიტანე, შემდეგ კი — ფიზიკური. ორი თვე ლოგინს მივეჯაჭვე. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე უცნაური გარდატეხა იყო — თითქოს გაჩერებული, უმოძრაო სხეული ჩემს შიგნით რაღაც ძველ, უხილავ მექანიზმებს ნელ-ნელა აწყობდა. როცა ტკივილისგან ლამის კედლებზე გავდიოდი, ერთადერთი, რასაც ვეჭიდებოდი, დედაჩემის სიტყვები იყო: — ზოგჯერ ღმერთი იმიტომ გვასნეულებს ფიზიკურად, რომ ჩვენი სული განკურნოს. ამ ფრაზას აკვიატებით ვიმეორებდი. ახლა, უკან რომ ვიყურები, ვფიქრობ — ჩემი მუხლი რომ არ დაზიანებულიყო, ალბათ ისევ იმავე, დამანგრეველ წრეზე ვიტრიალებდი. სამყარომ ძალით გამაჩერა, რათა გადავერჩინე იმ ქაოსისგან, რომელშიც იმ დრომდე ვცხოვრობდი. მაგრამ მანამდე... მანამდე იყო ივნისი. ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ საღამოს დაიწყო, ადამიანით, რომელიც ერთდროულად გგონია ძველი ნაცნობიც და სრულიად უცხოც. ისეთი, რომელსაც ვერც ანგელოზს დაარქმევ და ვერც ეშმაკს — რაღაც შუაში, რაც შენს ცხოვრებას დროებით გიჟური ფერებით ავსებს. ალექსი პირველად თხუთმეტი წლისამ გავიცანი, როცა უბანში, სტადიონზე ჩემს პატარა დას ვასეირნებდი ხოლმე. მაშინ ეს მხოლოდ შემთხვევითი, საბავშვო „გამარჯობა“ იყო, რის შემდეგაც ჩვენი გზები რვა წლით გაიყო. დრომ ყველა ძველი კვალი წაშალა, სანამ ერთი წლის წინ სავარჯიშო დარბაზში კვლავ არ შეგვახვედრა. კარდიოს ვაკეთებდი, როცა სარკეში ნაცნობი სილუეტი დავინახე — მუქი თმა, საშუალო ზომის წვერი, განიერი მხრები და ჩემზე ბევრად მაღალი სხეული. თვალები — მშვიდი, მაგრამ ისეთი, რომელშიც ზედმეტად დიდხანს ვერ ჩერდები; არა იმიტომ, რომ ყურადღებას გაგიფანტავს, არამედ იმიტომ, რომ რაღაცას გატკენს, თუ ზედმეტად ღრმად შეხედავ. იმ დღეს შავი ზედა ეცვა. დარბაზში შემოვიდა და პირველი მე შემომხედა. ალბათ ადამიანები ინსტინქტურად გრძნობენ იმ უხილავ მიზიდულობას, რომელიც მათ შორის იბადება, მაგრამ მანამ ვერაფერს ხვდებიან, სანამ ბედისწერა ერთმანეთს პირისპირ, მარტო არ დასვამს. ბედისწერამ კი დიდხანს არ დააყოვნა. სტუდენტობის პარალელურად სტაბილურ სამსახურს ვეძებდი. სწორედ მაშინ, სრულიად მოულოდნელად, მეტროსთან ჩემი და ალექსის ბავშვობის საერთო მეგობარი, გაბრიელი შემეფეთა. რამდენიმე საათში, სამსახურის პირობების განსახილველად, მას ხელახლა უნდა შევხვედროდი. დათქმულ ადგილას მივედი. გზის პირას გაჩერებული წითელი „ფორდის“ კარი გაიღო და წამით მეგონა, დრო გაჩერდა. მანქანიდან ჯერ გაბრიელი გადმოვიდა, მის უკან კი... ალექსი. უკანა სავარძელზე ჩავჯექი. ალექსმა სარკიდან რამდენჯერმე გადმომხედა, მერე კი ჩაიცინა: — აი თურმე ვინ ყოფილა ის მწვანე ელასტიკებიანი გოგო, დარბაზში რომ ვარჯიშობდა. — აი თურმე საიდან მეცნობოდი მეც, — გამეცინა. — ვფიქრობდი, ეს მირაა-მეთქი, მაგრამ რვა წლის შემდეგ დარწმუნებული არ ვიყავი და აღარ შეგაწუხე, — თქვა და თვალი ჩამიკრა. იმ საღამოსვე მომივიდა მისგან მეგობრობის მოთხოვნა. პატარ-პატარა გადაწყვეტილებები ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად ცვლის, ამიტომ ყველაზე მეტად სწორედ მათთან გვმართებს სიფრთხილე. მეორე დღეს ერთად ვარჯიში შემომთავაზა. თავაზიანი უარით ვუპასუხე, თუმცა დარბაზში მისულს ალექსი მაინც იქვე დამხვდა. მომესალმა, ლოყაზე მაკოცა და კიბეებზე დადგა. სარკიდან ვხედავდი, როგორ არ მაშორებდა მზერას. კარდიოს შემდეგ ფეხის ტრენაჟორზე გადავედი. წონა დავაყენე, ვარჯიში დავიწყე და უცებ მხარზე ცხელი შეხება ვიგრძენი. ისე შევხტი, თითქოს დენმა დამარტყა. ალექსმა იდუმალად ჩაიღიმა და გვერდით ჩამიარა. თვალებით ყველგან მას ვეძებდი, ის კი ჩუმად ამოეფარებოდა ხოლმე ტრენაჟორებს და როცა შემთხვევით გამოვიჭერდი, როგორ მიყურებდა, ერთმანეთს შევყურებდით და სიცილს ვერ ვიკავებდით. თითქოს იმ წამს სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვყოფილიყავით. გამოსაცვლელ ოთახში რომ შევედი, ტელეფონი განათდა: — უჩემოდ არ წახვიდე, — მწერდა ალექსი. — კარგი, ქვემოთ გელოდები. შენობიდან ერთად გამოვედით. მანქანის კარი წინასწარ გამიღო: — თქვენს შემდეგ, ქალბატონო. — ჩემითაც შემეძლო, — ჩავილაპარაკე უხერხულად. — ყოველთვის ასე იქცევი? — მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, — მომიგო და გაზს ფეხი დააჭირა. „მაკდონალდსში“ ბურგერები ავიღეთ და თბილისის ხედებზე ავედით. იქ, ქალაქის განათებების ფონზე, ბევრი ვისაუბრეთ. წარსულიც გაცოცხლდა და აწმყოც. მამამისზე მომიყვა, მათ დაძაბულ, ცივ ურთიერთობაზე. მის ხმაში რაღაც ისეთი სიმძიმე იგრძნობოდა, რამაც ჩემში უცნაური პროტესტი და მზრუნველობის სურვილი გააღვიძა. სადღაც, გულის სიღრმეში, მისი გაგება და მოფრთხილება მომინდა. ფაქტობრივად, მთელი ივნისი ალექსით იყო მოცული. ბევრს ვიცინოდით, ბევრსაც ვკინკლაობდით, მაგრამ მაშინ ყველაფერი ზედმეტად ლამაზი ჩანდა. მოგვიანებით, როცა იმ პერიოდს ვიხსენებდი, სულ ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს: რაში ან რომელ ჩვენგანში იყო პრობლემები? რატომ გადაიზარდა ეს ლამაზი ზღაპარი ემოციურ ომში, სადაც გამარჯვებული არავინ დარჩენილა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



