ათასშვიდი ქაღალდის წერილი სრულად
ივნისის თბილისი. სულთამხუთავი დღის ბოლო და საშველად მოვარდნილი სიო. მე და ჩემი ერთი ცალი, გალაქტიონის ხიდს ხელჩაკიდებულები ვუახლოვდებით. იემიმა თხელ ღაწვებზე ჩამოყრილ, ოფლით დანამულ თმას ყურზე იმაგრებს და გრილ ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავს. მისი გამჭირვალე კანი ლამპიონების ყვითელ ანარეკლს მასპინძლობს. თვალდახუჭული, ქუთუთოებს სწრაფად ათამაშებს და აბრეშუმის პატარა მარაოებს არხევს. სიოთი დამტკბარი თხელფურცელა, ვარდისფერი ტუჩებით მიღიმის და მაგეშებს. — რა სასიამოვნოა გრილი ჰაერი! — წარმოთქვამს და ღრმად ჩაისუნთქავს. არ გვცალდება. ქარიშხლად გადაქცეული სიო და ცის გაბმული გრუხუნი მეტს გვიქადის. სადაცაა ზაფხულის გიჟური წვიმა, სრულიად უდანაშაულოებს თავს დაგვესხმება. გავრბივართ. ვერის უბნის მიმართულებით მივიჩქარით. ხიდის შუაში, მდინარის ღრიალის ფონზე, ამ სიფრიფანა გოგოსავით მიამიტად ვიბადრები და ორივე ხელით ვაჩერებ. ჩემს მტკვრისფერებს მისი ლურჯი თვალები უპირისპირდებიან. — იე... — რა, ნოა? — ცოლად უნდა მოგიყვანო. ეცინება. უცებ ისე იქუხებს, ვხვდებიი — ცა წარღვნით გვემუქრება. ერთი წვეთი სახეზე გვეცემა, მეორე ხელებზე. მესამე, მეოთხე. კარგა გვარიანად გაწვიმდა. — ფაეტონით? — თან ყვირის და თან გარბის. — თუნდაც. — მეც ყვირილით მივსდევ. გრგვინვასა და თავხედურ წვიმაში ხმები ბათილდება. ირგვლივ მსხვერპლები დარბიან. უპატრონო, უმისამართო ქოლგა სტიქიის ძალას დანებებული ჩაგვიქროლებს. — და ძველებური კაბით? — თუ გინდა, მაგითაც. — არაა... — ნაბიჯს უჩქარებს და ყვირის— უბრალოდ ძველებური არა. ტრადიციული ქართული კაბა მინდა, ოქრომკედით... შენ კი ჩოხა უნდა გეცვაას. — როგორც ქალბატონი ინებებს. — რაც შემიძლია, მეც ხმამაღლა ვყვირი. — რა თქვი? — როგორც ინებებ, თქო! — აი, ეს მომწოონს. გულწრფელი კისკისით სტიქიის სიმფონიას კრავს. წვიმა არ იკლებს, იმატებს. მოწყვეტით ვჩერდები და სველ მკლავებზე ვეჭიდები. — იე... — ჰო, ნოა? — მიყვარხარ. სახეზე ნიაღვრებად მოთავხედე წვიმა, ნატიფ სხეულზე დამძიმებული და მჭიდროდ შემოტმასნილი კაბა, მანამდე კეფაზე შეკრებილი, ახლა მხრებზე ჩამოღვრილი თმა და მაინც, ახალშობილი ვარსკვლავებივით მოელვარე თვალები სიგიჟემდე მამჩატებს. — მეც მიყვარხარ... აიფონ პლუს. (ის — რეტრო იყო და მე — აიფონ პლუს გავხდი). შუბლზე მიწებებულ თმებს აქეთ-იქით ვუწევ, სველ სახეს ხელებში ვიტოვებ და უხერხულად დახრილი ფრთხილად ვკოცნი. იმ სასიყვარულო სიტყვებივით, ცხოვრებაში პირველად რომ გავაჟღერე. წამით ვჩერდები და მის მზაობას ვამოწმებ. თვალდახუჭულ, ტუჩებგაშეშებულ გოგოს უფრო თამამად და გრძნობით ვეწაფები. თითქოს თავსხმაში არც ვყოფილიყავით და უდაბნოს გვალვაში, ნანატრ და ნაოცნებარ, პეშვებით მოპოვებულ წყალს დავწაფვოდი, რომლის ერთი წვეთის დაკარგვაც კი ცოდვად ჩამეთვლებოდა. დავცლიდი, რომ დაგვცლოდა. — ნოა?! — მესმის ავბედითი, ნეტარებაში ჩამავალი ხმა. ზანტად ვიხედები უკან. იემიმა ჩემს უკნიდან იჭყიტება ფრთხილად. — მანდ ვის მალავ?.. ლილეს ხომ?! შავ ცელოფანს შეფარებული ჩემი ბედნიერების მკვლელი ახალგაზრდების ჯგუფს ტოვებს, სწრაფად მოდის და სველი პერანგით მქაჩავს. მირჩევნია მიწა გამომეცალოს, ხიდი ჩამიტყდეს და მტკვარში ჩამიტანოს, მაგრამ სხვა რეალობაზე მიწევს თვალის გასწორება. ცხვირწინ, წვიმით შელახული კარე თმით, კიდეებზე გადღაბნილი წითელი პომადით, შავტუშჩამოღვრილი თვალებით ნატალია ვაშაძე ამესვეტა: — ეს ვინ არის?! გოგონების თანაბარი გაოგნება ჩემს პარალიზებას იწვევს. — და... შენ ვინ ხარ? — იემიმას არათანაბარი ხმა ჩემს დუმილს შველის. — მე?.. მე ენის მეჯვარე ვარ. არაფრისმთქმელი მზერის პასუხად ამატებს: — ნოას საცოლეს დაქალი ვარ, გენაცვალე! ახლა გასაგებია ვინ ვარ? იემიმას ხელიდან გალუმპული ქაღალდის პაკეტი ეშვება. იქიდან, ფორთოხლები ხიდის სველ ბეტონზე მიგორავენ; ერთი გზადაგზა ღაფავს სულს, მეორე ნიაღვარს მიაქვს მტკვრისკენ, მესამე შემთხვევითი გამვლელის ფეხსაცმლის ქვეშ ისრისება — მკვეთრი ნარინჯისფერი რბილობი სველ ასფალტზე იწელება და წყლის ნაზავში ითქვიფება. ზუსტად ჩვენი გულებივით. — სავსებით... — ბოლო ამოსუნთქვასავით ნათქვამით, მოწყლული თვალებით მემიზნება იემიმა და სილას მაწნავს. ვშეშდები. ლოყაზე დარჩენილი ხელის კვალი წვიმამ ჩამორეცხა, მაგრამ გულში გაწნული სილა დღემდე ღრმავდება და ჩემსავით ქვავდება. დიახ, გავქვავდი. არ გავკიდებივარ. აზრი არ ქონდა. ან მე მეგონა ასე. არც პირველი ვარ და არც ბოლო, ვინც შეცდომა დაუშვა. მაგრამ ეს არ მამშვიდებს. ეს ყოველდღე მშლის. ნატალია მკლავზე ხელს მიჭერს: — მისმინე ნოა... მე არაფერს ვეტყვი ენის, თუ დამპირდები რომ ნანახი არაფერს ნიშნავს შენთვის. — არა, შენ მომისმინე, ნატალია — რაც აქ ნახე ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის! — ვუყვირი და ხელზე ხელს ვუკრავ, თითქოს მასთან ერთად წამების წინ დატრიალებულ ამბავსაც მოვიცილებ. ვცდებოდი. ნატალიას განრისხებულ სახეს ვხედავდი. მისი სწრაფი ნაბიჯები მესმოდა. მეგობრებთან ერთად მის წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ გაქცევასაც ვუყურე და ვიგრძენი, რომ მომდევნო სიცხიან დღეებს და კოშმარულ რეალობასაც გავიზიარებდით. ისევ ხიდზე ვრჩები გაშეშებული. საშინელი, ივნისის თავსხმა მაგრილებს. აზვირთებულ მტკვარში მოგორავე ფორთოხლებს ნელა მიჰყვება ჩემი მდორე არსი. მებრალება ისინიც და ჩვენი თავიც. მერე, ავდექი და გალაქტიონის ხიდს ვუსახსოვრე „ბედნიერი წყვილის“ დაუსრულებელი, სველი კოცნა, დამსხვრეული გრძნობის კოშკები და დაობლებული ფორთოხლები, რომლებითაც იემიმას ჩემი დაბადების დღისთვის ტორტი უნდა გამოეცხო. რადგან მომდევნო დღე იყო 2023 წლის 29 ივნისი. * * * * * * ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი. 2022 წლის მცხუნვარე ზაფხულის უკანასკნელი დღე. მატარებელზე ბოლო წუთს ამომხტარი გოგონა სწრაფად იკვლევს გზას და ზუსტად ჩემს წინ ჯდება, სარკმელთან. ლურჯი თვალებით იმ ზღვას მახსენებს, უკვე რომ მენატრება. ჭრელ კაბიანი და ატმისფერღაწვებიანი, ზღვის კარგი დარივით მამშვიდებს, თუმცა მცირე ხნით. მატარებელი ბორძიკით დაიძრა და ჩემს წინ მჯდომი აცნობიერებს, რომ მიმართულების საპირისპიროდ მოხვდა. მისი მოღრუბვლა მეხამუშება და ფეხზე ვდგები. თვალებით თან მომყვება, ხვდება რომ ადგილს ვუთმობ და უცებ წამოხტება. თავი თამამ გოგოდ მოაქვს, თუმცა სახის ფერისცვალება გასცემს. არ ვიმჩნევ. უხერხული ადგილმონაცვლეობის მერე ვსხდებით და ვეცნობი. — მე ნოა ვარ, ნოა შანდელი. მოშლილი ნათურასავით ახამხამებს თვალებს: — მე იემიმა. — რა... მიმა, უკაცრავად? იცინის. — იე დამიძახე, იემიმა შავაძე გახლავართ. გვარს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შენ თქვი და... ძალიან იბნეოდა და ვხვდებოდი, რომ ჩემი ნაცნობი გოგონებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მარტო მორიდებული კი არა, რაღაცნაირად კრიალა და ციმციმა იყო. ჩემი სოფლის იშვიათი ციცინათელასავით. — ალბათ თბილისში სწავლობ? — ცხოვრებაში პირველად მეც ვიძაბებოდი, თითქოს მის მორიდებას ვსესხულობდი. — პირველკურსელი ვარ. ახლა მომიწევს რამდენიმე წლის გატარება ქალაქში, სადაც აქამდე იშვიათად ჩავდიოდი. — წითლდება. — გილოცავ! — და შენ, ნოა? — სახელი ვითომ თამამად წარმოთქვა, მაგრამ მზისგან გახუნებული თმის ხვეულები ნერვულად გაისწორა. — მე წელს ვამთავრებ და ადვოკატი ვიქნები. — კარგი ადვოკატი სანაცნობოში საჭიროა. — გაუბედავად იღიმის და მის ქათქათა, პრიალა კბილებს ვამჩნევ. აგრძელებს: — მე კონდიტერობა მიწევდა, ბებიას ბათუმში კაფეტერია აქვს და ვეხმარებოდი. მშობლები ცოცხლები აღარ მყავს, საბრალო ბებია მარტო დარჩა... პედაგოგიურზე ჩავაბარე, დაწყებითების. — ჩემს მომავალ შვილებს ვერ მოგანდობდი, — უცებ ვთქვი. გაკვირვებული შემომხედა, მე კი დავაყოლე: — იმ პონტში, რომ ჩემი მომავალი მეუღლე შენზე იეჭვიანებდა. ძალიან ლამაზი ხარ. მაშინ არ მითქვამს, რომ გავლენიანი ოჯახის შვილი ვიყავი. არ მინდოდა, ჩემს უკან მდგარ თაობებს ან კარიერას მისი სუფთა თვალები დაემძიმებინა. რადგან თავად ობოლი იყო და თბილისშიც ალბათ, გამოცდების მერე მეორედ მიემგზავრებოდა ( ამას მოგვიანებით, თბილისის რკინიგზაზე მისი ზღვაგამოყოლილი თვალების ცეცებაზე მივხვდი). რა აზრი ჰქონდა. მე უკვე ერთს ვანიჭებდი მნიშვნელობას, მინდოდა, მთელი საგვარეულოს სიამაყე ნოა შანდელი — მისთვის მხოლოდ ნოა ვყოფილიყავი. ამის მერე აღარც გვისაუბრია. ამ უბრალოებით მდიდარ გოგონას დუმილიც უმძიმდა. ვხედავდი როგორ ცდილობდა აეცდინა მამაკაცური, შეპარვითი მზერა. ფანჯარაში იყურებოდა მხოლოდ. მივხვდი, ქათინაურმა რომ დააფრთხო. მიკვირდა - პირველივე წუთიდან ვიცოდი, რომ ყველასგან განსხვავდებოდა. იმდენად, რომ საკუთარ თავში დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა სხვებისთვის არასოდეს შემედარებინა. ქობულეთის სადგურზე მატარებელი ხმაურით გაჩერდა. გარუჯული, ზღვის აურით გაჟღენთილი მგზავრები ერთმანეთში აირივნენ, ზოგს ბარგი მძიმედ მოჰქონდა, ზოგს ატირებული ბავშვი მოჰყავდა, ერთს სოსისივით გაწელილი ტაქსა. ერთმანეთს ერწყმოდა აჭარული დიალექტი და თბილისური ჟარგონები. ჩვენი მეზობელი სკამები შეივსო და დუმილიც შემსუბუქდა. მე ისევ შეპარვით ვუცქერდი. ის კვლავ მორიდებით უღიმოდა ფანჯარას. * * * * * * წერილი 457 - ე ჰაიდელბერგი. შუაღამე. თებერვლის სუსხი. ცა ნაცრისფერ, სველ ნისლთან ერთად ჩამომჯდარა წითელ სახურავებზე. ქუჩაში უკვე იშვიათად თუ ჩნდება ვინმე. რაც მეტად მაღამდება, მით უფრო მეთოშება სხეული. თუმცა ქურთუკის შიგნით, გულთან ახლოს, საოცარ სითბოს ვმალავ მყიფე, მუყაოს კონვერტის სახით. ზემოდან კი, კომპაქტური ვინილის საკრავი — ხის კორპუსიანი, ელეგანტური რეტრო-ჩემოდანი — თოთო ბავშვივით გულში მყავს ჩაკრული. ეს გასული საუკუნის დახვეწილი, პორტატული მეგობარი, რომელიც ერთ-ერთ მივიწყებულ ანტიკვარიატში აღმოვაჩინე, ნამდვილად ჩემი ხსნაა. აჩქარებული ნაბიჯით მივიკვლევ გზას. ჩემი ფეხსაცმლის ხმა ექოდ მიუყვება ვიწრო ჩიხებს. თოვლი კი წვრილ, მწარე ნემსებად მეცემა სახეში. მაგრამ, გონებაში უკვე გათამაშებული მაქვს ის მომენტი, როცა საკრავს მაგიდაზე დავდგამ, თავსახურს ავხდი და ბლუზის ხავერდოვანი ჰანგები ოთახს გაჟღენთავს. სახლთან მიახლოებისას, უკვე გავრბივარ. ვიწრო, ხის კიბეებს სუნთქვააჩქარებული ავამთავრებ — არა დაღლილობისგან, არამედ მოუთმენლობისგან. მანსარდის კარს რომ ვაღებ, ისევ ის ცივი ჰაერი მეხება, ჯერ კიდევ დილით რომ დავტოვე. არც ქურთუკს ვიხდი და არც მძიმე ფეხსაცმელს, ისე ვუახლოვდები სავარძლებს შორის მდგარ, უფუნქციო მრგვალ მაგიდას. ხის თავსახურს ხელების ცახცახით ვხსნი. ფრთხილად ვიღებ ბილი ჰოლიდეის ხავერდოვან, სევდით დამძიმებულ და საგულდაგულოდ შერჩეულ ბლუზის ფირფიტას კონვერტიდან. ნემსის რბილი შეხება ვინილთან, წამიერი შრიალი და... ოთახი ნოსტალგიური, თუმცა დამამშვიდებელი ბგერებით ივსება. ფანჯარასთან ვდგები, რომლის მიღმაც ნეკარის ყინვაგამძლე ნისლი მიედინება. მუსიკის ჰანგებს თვალდახუჭული შევისუნთქავ და პირველად ამდენი ხნის მანძილზე, ჰაიდელბერგის სუსხიან ღამეს, ჩემი გულივით ცივი კედლები იემიმათი თბება. იქამდე, ძველი გერმანული სახლის მაღალი ჭერის ქვეშ, ისეთი სიჩუმე იდგა, რომ საკუთარი სუნთქვაც კი ხმაურით მიტევდა. ნეკარი, ფანჯრის მიღმა, თითქოს მხოლოდ იმისთვის მიედინებოდა, რომ ჩემთვის დროის მსვლელობა შეეხსენებინა. ჩემს მუხის მასიურ მაგიდაზე მხოლოდ ერთი ლამპის შუქი თამაშობდა — ადგილი ჩემი წერილების დასაწერად. ყოველ საღამოს, ვიდრე სუფთა ფურცელს დუელში გამოვიწვევ, მოსაწევად გავდივარ. ჩემი ფრანგული აივანი და მანსარდული ფანჯრები ძველი ქალაქის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩას გადაჰყურებს. სახლი, სადაც ვცხოვრობ, მეოთხე სართულზეა და ნეკარის ნაცრისფერი დინება ხელისგულივით მოჩანს. მაგრამ, როცა მდინარეს ყინვაგამძლე ნისლი ადგას, წყალი თითქოს არსად მიედინება — ის ჩემი გაჩერებული დროის იდენტური ხდება. ამ ღამით, ჰაიდელბერგის ვიწრო, კენჭებიან ქუჩებს სველი და მძიმე თოვლი ფარავს. მოპირდაპირე სახლის ფანჯრებში უკვე ჩამქრალია შუქი. მე კი ვდგავარ და სიგარეტის კვამლს ვაყოლებ ქალაქის ღამის თვლემას. ყვრიმალებს ნერვულად ვძაბავ და ჩემს სიღრმეში ვიხედები. გარეთ ყინავს და მცივა. ჯერ არ ვწერ, მაგრამ ვიცი, ფურცლამდე უფრო ვახერხებ „წერას“: ოთახში ვბრუნდები და ნელი, მოტკბო ჰანგებით ვლღვები. ძვირფასო იე, მე ისევ იმ მატარებელში დავრჩი, ორი წლინახევრის წინანდელში. მე ისევ იმ რამდენიმე საათით ვსაზრდოობ აქ, გერმანიაში, შენგან შორს. უკვე 2025 წლის ზამთრის ბოლოა და მე ისევ იქ ვარ ჩარჩენილი, რკინიგზის სადგურზე, საიდანაც დაჟინებულად ითხოვდი რომ მარტოს გაგეგრძელებინა გზა. მაგრამ, ორივეს გასაკვირად ვერის უბნამდეც მიგაცილე, სახლის მეპატრონესაც ჩავაბარე შენი თავი და ისე გამოვბრუნდი საბურთალოზე, თითქოს არაფერი. არადა, მაშინვე შეცვალე ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტები. გარეგნულად უფრო მშვიდი და ორიენტირებული გავხდი. აღარ ვედებოდი ათას ღობე-ყორეს და უაზრო გართობაზე უარს ვამბობდი. სამაგიეროდ, ჩემში თითოეული სისხლძარღვი და კაპილარი გააღვიძე. ვგრძნობდი, როგორ აჩუხჩუხდა სისხლი და მდინარესავით მგზნებარედ დაიწყო დენა ვენებში. პირველად ხდებოდა, რომ წამიერი სიამოვნება ფეხებზე მეკიდა. უბრალოდ მიხაროდა რომ ვცოცხლობდი და ვიღაც მეძვირფასებოდა. მის გამო ვიცვლებოდი და ამით, ჩემივე თავი მიხდებოდა საჭირო. შემდეგ კი... ცოლი მართლა მოვიყვანე და ის შენ არ იყავი. სრულიად გაუაზრებელი, სპონტანურად თავს გადამხდარი და ბუნდოვანი თავგადასავლის გამო. სამაგიეროდ „სტატუსის შესაბამისად“. ახლა, როცა ცნობილი მოსამართლის შვილი და გავლენიანი ადვოკატის შვილიშვილი ამ ძველი შენობის ოთახში ზის და 457-ე წერილს გონებაში წერს, იმედოვნებს რომ ფურცელზეც წარმატებით გადაიტანს. ყველაზე დიდი მართლმსაჯულება, რაც ჩამიდენია, იყო შენი გაცნობა, ყველაზე დიდი შეცდომა კი — უშენობა. * * * * * * წერილი 501-ე იე... ერთადერთი ტკბილი რაც მიყვარს, შენ და შენი ფორთოხლის კრემიანი ტორტია. სხვა ტკბილს რომ არ ვწყალობ, ეს იცი. როცა ვერის კალთაზე, ბარნოვის სახლში დაგტოვე, გულმა არ დაგთმო და მალევე მოგინახულე. გამიხარდა რომ ოთახის მეზობელიც კარგი და ალალი გოგონა შეგხვდა. როცა თინათე ფილფანი გამაცანი, ფორთოხლის კრემს აკეთებდი, ის კი შენს გამომცხვარ ბისკვიტებს ფორთოხლის წვენით ნამავდა. მახსოვს გავეხუმრე და ეხამუშა. მალევე, თავი ზედმეტად და უხერხულად ვიგრძენი ( ასეთი მძაფრი რეაქციები მხოლოდ შენთან მერეოდა), წასვლა დავაპირე და გითხარი, რომ სანდო ხელში გტოვებდი და ეს მახარებდა, მაგრამ არ გამიშვი. მერეც, თინათე ხუმრობაზე კოპების შეკვრით რეაგირებდა, უფრო დინჯი და პატიოსანი ადამიანი გამოდგა, ვიდრე მხიარული. თუმცა მეგობრულად და შრომისმოყვარედ დამამახსოვრა თავი. ორი სიტყვით კი — ნამდვილ მთის ქალიშვილად. იე... ამ საღამოს მერე შენ გეთაყვანებოდი, შენს ფორთოხლის კრემს კი ვყვარობდი. გთხოვ, დამიჯერე, რომ ერთადერთი ქალი ვინც ოდესმე მყვარებია, შენ ხარ. ჩვენს ერთად გატარებულ უკანასკნელ საღამოს, პლეხანოვზე შევხვდით. იქ სეირნობა მოგწონდა, რადგან ეს უბანი რატომღაც ძველ ბათუმს გახსენებდა და ერთ-ერთი მოკრძალებული კაფე — ბებიის კაფეტერიის სურნელს ატარებდა. მერე, როცა წამომცდა, რომ მომდევნო დღეს დაბადების დღე მქონდა, ფორთოხლები ვიყიდეთ და შენი ნაქირავები ბინისკენ გავემართეთ. ვიდრე მივიდოდით, შენს ოთახის მეზობელ თინათესაც დაურეკე, რომ გადაემოწმებინა, რა გვაკლდა ტორტისთვის. თუმცა ჩვენს ფორთოხლებს არ დასცალდათ მიზნის გამართლება. წვიმა, მერე ნიაღვრები, მერე უარესი... ნატალია. მისმა განაჩენმა გვაიძულა ცალ-ცალკე დაგვეცა ბანაკები. შენ მტკვრის იქით დარჩი, მე აქეთ. საცოლე ნამდვილად მყავდა. მაგრამ, იყო რაღაც, რაც ჩემს თავში მამართლებდა და ამიტომ თავს არ მაგრძნობინებდა დანიშნულად. ჩემო იემიმა, ჩვენგან განსხვავებით ბედმა, მე და ენი უფრო ადრე შეგვახვედრა. ჩემი სკოლელი იყო, მერე კი ჩემს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ერთი წლით უფროსი ვარ მასზე. სკოლის პერიოდში იმდენად ხმელი, მაღალი და წვეტიანი გოგო იყო, ყველა დასცინოდა და „მეტროვკას“ ეძახდა. ჰო, საზომ ერთეულად აღიქვამდა მთელი ბიჭობა. სხეულის კონტურები დაუსრულებელი ჰქონდა. ტყემლების ხელა მკერდით და ფიცარივით უხორცო უკანალით ვერავის ყურადღებას მიიპყრობდა და მითუმეტეს ჩემსას. სკოლაში ისეთ ბიჭად მიცნობდნენ, ჭკუა რომ დაეკითხებოდა. კარგად ვსწავლობდი, (არ ვისწავლიდი და ოჯახი ყველა გასართობ პრივილეგიას ჩამომართმევდა) მაგრამ ბიჭებს შორის გარჩევებში თუ სპორტში ტოლს არავის ვუდებდი. შესაძლოა იმიტომ, რომ სხვებთან შედარებით უფრო მაღალი და ტანადიც ვიყავი, გული კი ტანზე უფრო დიდი მქონდა. მომწონდა, როცა ვურტყამდი და მირტყამდნენ. თუ მეტკინებოდა, ან დამალურჯებდნენ, სამაგიეროდ გოგონების აღტაცებული მზერა მიყუჩებდა იარებს. არვიცი, გოგონებს ჩემში კიდევ, ალბათ ჩემი მზისფერი ხუჭუჭები, ოქროსფერი ჭიამაიებით დაჭორფლილი სახე და მღვრიე მდინარისფერი თვალები ხიბლავდათ. — ასე შენ აღმწერე ერთხელ, თორემ, აბა მე ასეთები სად ვიცი. კიდევ, შესაძლოა იმიტომ, და ეს უფრო მასწავლებლებსა თუ უფროსი ასაკის საზოგადოებებში, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის გავლენა-პატივისცემას ჩემს სამოძრაო არეალშიც შემოეღწია. ცხენოსნობა, ფარიკაობა, კიდევ რა არა. წყალბურთიც ძალიან მომწონდა და სკოლის ბოლო წლებში გუნდის კაპიტნობაც მოვირგე. რას არ მოვედე იმ პერიოდში. ასპარეზობებზე თან დამყავდა მთელი თუ არა, ნახევარი კლასი მაინც. შეკრული კლასი ვიყავით, ბიჭიან გოგოიანად ვმეგობრობდით. მაგრამ ენის, არც სამეგობროში ვაჭაჭანებდით და არც სხვები სწყალობდნენ დიდად. ცოტა, თავში ავარდნილი ჰქონდა თავის მოდელობა, თუმცა მაშინ სამოდელო კარიერაშიც დიდად არ ბრწყინავდა. არც საუკეთესოდ სწავლობდა და არც მეგობრობის გაეგებოდა რამე, ბავშვი იყო, ჩვეულებრივი მეტიჩარა და საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის მოზარდი. როცა ჩავაბარე და შემდეგ წელს ენისაც იქ მოვკარი თვალი, სულ სხვა გოგო წარმიდგა თვალწინ. მახსოვს, როცა პირველად დავინახე უნივერსიტეტის ეზოს კიბეებზე ამორბოდა და ირგვლივ ყველას მზერა დაატყვევა. სხეულის ფორმები მომრგვალებოდა და ახლა, როცა სიგრძეს სიგანეც გასთანაბრებოდა პროპორციებში, საოცარი სანახავი გახლდათ. როგორც შენ იტყოდი, — მოგოგმანებდა და ხეები შრიალს მოაყოლებდნენ. საჰარის ქვიშასავით მოთეთრო თმებს მოალივლივებდა, ნუშისებრი მწვანე თვალებით ამაყად იგერიებდა მოცქირალთა თვალებს. მწიფე ბაგეები ნამგალა მთვარესავით ებადრებოდა. დამყოლი ქსოვილის ბლუზა გულმკერდის ბორცვებს უკვეთდა. მოტმასნილი ჯინსები და ქუსლიანი ფეხსაცმელი ყველა სხვა გოგოზე ერთი თავით მაღალს და ამაყს აჩენდა. ჩემს კურსელებს მეტი რა უნდოდათ, ნაძლევი დავდეთ, რომ ვინც პირველი დაიმსახურებდა ამ გრძელფეხებას ყურადღებას, იმის ვალში ვიქნებოდით ყველა. ოღონდ ერთი პირობით, რომ მერე დანარჩენებსაც გავაცნობდით და თანაბარი ძალებით შევუდგებოდით მის „შებმას“. მათთვის არ მითქვამს რომ უკვე ვიცნობდი და ჩემს გულში შანსები გავიორმაგე. შემჩნეული მქონდა რომ სკოლაში ჩემდამი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ეს პრინცესა. ახლაც, მალევე მივხვდი, რომ ისევ მოვწონდი. პირველივე ჩემს დაჟინებულ მზერას, ღიმილით და მზაობით სავსე თვალებით დაჰყვა. სულ ორიოდე დღეში ენი ხელგადახვეული მივიყვანე კურსელებთან და გავაცანი. ყველა ყბადაღებული გვიყურებდა, თუ როგორ მეკვროდა მათი სათაყვანებელი ქალღმერთი, როგორ ეყრდნობოდა ჩემს ვაჟკაცურ მკლავს და როგორ დამყავდა დერეფნებში ხელკავით. თუმცა, არვიცი.. მისი შარმი რატომღაც ჩემი ინტერესის მიღმა დარჩა. ვერაფრით იმაზე მეტად ვერ შევუშვი ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ბიჭებისთვის ჩემი ძალების დემონსტრირება მოითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბიჭებს საახლოვეს არ იკარებდა და მე მისი გამორჩეული „კუმირი“ გავხდი, ერთ კვირაში ნელ-ნელა ჩამოვცილდი. ამის შემდეგ ის მირეკავდა, მეპატიჟებოდა ღამის კლუბებსა თუ სტუდენტურ გართობებზე. მე კი, ყველანაირად ვცდილობდი მიზეზები მომეძია და მისგან თავი დამეღწია. ალბათ იმიტომ, რომ გოგონები ისედაც თავზე საყრელად მყავდა. არავისთან ვაპირებდი სერიოზულ ურთიერთობას და ინტერესიც ღამიდან ღამამდე მინელდებოდა. ზედმეტად არავის ვიახლოვებდი და არც ისინი მეკიდებოდნენ მხრებზე ტვირთად. არვიცი, ალბათ დაიბოღმა. ვერ მაპატია რომ ჩვენს შორის დისტანცია მე დავამოკლე და მერე კვლავ მე გავზარდე, თორემ, ნებისმიერს ვისაც თითს დაუქნევდა, მის ფეხებთან დაიჩოქებდა. არ სურდა. მიზნად მაქცია და კიდეც მომწვდა. ისე მწარედ და სამართლიანად, როგორც ვიმსახურებდი. კალამი ხელიდან გავაგდე, ფურცელმა ადგილი იცვალა. ვწვდი და გადავხიე. ენიზე წუწუნს იემიმას რა თქმა უნდა არ შევკადრებდი. პირველი წელიწად ნახევარი ძალიან მიჭირდა ქაღალდის წერილების წერა. როცა 400 ებს მოვრჩი და 500 ებს შევუდექი — მოულოდნელად მოვდუნდი კიდეც. თითქოს გაზაფხულის რიტმმა სხვაგვარად გამომაღვიძა. ვიცი, რომ ელექტრონულად გამიადვილდებოდა, რადგან ყველანაირ ტექნოლოგიას კარგად ვეგუებოდი. მიყვარდა და ჩემი ბუნების განუყრელ ნაწილად ვთვლიდი ყველანაირ ინოვაციას. აიფონის ახალ მოდელებს გამოსვლისთანავე მყიდულობდნენ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა იემიმამდე. მისმა სისადავემ მის სამყაროსთან გამათანაბრა და იმაზე მაღლა დამაყენა, ვიდრე თანამედროვეობის სენით შეპყრობილი დავიარებოდი. ერთხელ, აუცილებლად ვიქნებოდი მზად, რომ წერილები მის სამსჯავროზე დამელაგებინა. იმედს ვიტოვებდი, ეს მასულდგმულებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სამართლიანობის პინებზე ჩემი ნაცოდვილარები აიწონებოდნენ და ჩემი სულის ცოდვის სიმძიმეს გადაწონიდნენ. მაცივრიდან ლუდის ბოთლი გამოვიღე, თავსაფარი მოვაძრე და მწყურვალივით დავეწაფე. მოსაწევად გავედი. გარეთ აგრილებულიყო, მზე უკვე დამორჩილებოდა ჰეიდელბერგის ღამისეულ ნისლს. თავიდან მიჭირდა წერილების წერა. უფრო მეტად ასეთი უაზრო და დიდი მონოლოგებით ვავსებდი ფურცლებს. მერე ზოგჯერ ვხევდი. ისე რომ, იმაზე მეტი წერილი მაქვს ჯამში დაწერილი, ვიდრე ახლა ვითვლი. თავიდან არც ვნომრავდი. დანომვრა მას შემდეგ დავიწყე, რაც უკვე გერმანიაში ჩამოვედი. ყოველთვის მჩვეოდა მოგონებების შეგროვება. მაგრამ უფრო თავმომწონეობის გამო ვნომრავდი ჩემი ერთი ღამის გოგონებს და ეს ტექნიკა მეხმარებოდა არ დამვიწყებოდა მათთან განცდილი სიამე. ახლა კი იემიმაზე მოგონენებს ვნომრავ, მისთვის დაწერილ ქაღალდის წერილებს, რომ არ დამავიწყდეს ვინ ვიყავი და რად მაქცია მან. ერთ საღამოს თვალს ებევრა და ასობით შემომეთვალა. სათითაოდ გადავნომრე, მთელი ღამე გავათენე იმის გახსენება დალაგებაში, თუ რომელი რომლის მერე მქონდა დაწერილი. მას მერე ყველას ვნომრავ. რატომ არ ვაგზავნიდი? — ვერ ვაგზავნიდი. რატომ ქაღალდზე და არა ელექტრონულად? — იმიტომ რომ იემიმა ასე იმსახურებდა. განსაკუთრებული, წარსულივით სათაყვანო და სიძველესავით საფოფინებელი გოგო იყო იემიმა შავაძე. * * * * * * N 1, 2 , 3, 10, 35 - ე წერილების მცდელობა. ცოლი მოვიყვანე — მძულხარ, ნოა შანდელო! მძულხარ, შე ლაჩარო, გატუტუცებულო არსებავ! იე... ჩემო გოგო, ჩემო... უჰ!!! დძალიან — არააა... (ვშლი და ვასწორებ). ძალიან, ოჰ, რა ძალიან მენატრები... ვიტსი — არა (ვჯღაპნი), მე ხომ ვიცი, რომ გული გატკინე! ასეთი მცდელობების მერე კალამს გვერდით გადავდებდი ხოლმე, მუშტებს ვკრავდი და ფურცელს ისეთი ძალით ვხევდი, რომ ნაფლეთები ჰაერში იფანტებოდნენ და იატაკზე ისე ეცემოდნენ, როგორც ჩემი ღირსება. საპირფარეშოში მოკალათებულს, საძინებლიდან, ჩემი ცოლის სლუკუნი ჩამესმოდა. ის ძალიან ჩუმად ტიროდა, მაგრამ თითო ამოხვნეშა ხმამაღლად, ეკალივით მესობოდა გულში. — ორმაგი მოღალატე ნოა შანდელი! — თვითგვემამდე მისული სხვასაც იგივე რეალობაში ვამყოფებდი. ყბები კბილების ტკენამდე მეჭიმებოდა. ბრაზი და სისხლი ერთნაირად მიდუღდა ძარღვებში, მერე ვცხრებოდი და ჩემში სიცარიელე ავსებდა თითოეულ უჯრედს. და მაშინ მივხვდი, რომ წერა ერთადერთი ხსნა იყო. წერილებს ძველ ფეხსაცმლის ყუთში ვინახავდი. ყუთს უჯრაში ვმალავდი, რომლის გასაღებიც მხოლოდ მე მქონდა. ეს ყუთი ჩემთვის ერთგვარი თავშესაფარი გახდა — აქ ვუფრთხილდებოდი, ვაყრუებდი და ზოგჯერ ვაშიშვლებდი კიდეც ჩემს წარსულს. სტუდენტობისას რამდენიმე წესი მქონდა, რომელთა დარღვევა არ მჩვეოდა. ერთი ეს იყო: თუ უზომოდ დალევას გადავწყვეტდი, იმ ღამით არანაირი ქალი და არანაირი სხვა გართობა არ იარსებებდა. ამიტომაც, ჩემს გონებაში ვერაფრით დავალაგე ის წარსულის ღამე, როცა უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ვიღაც ვიგინდარა თაყვანისმცემელს, ენი დაეპატიჟა. 2023 წლის ივნისი ბოლოს უახლოვდება. გამოსაშვები საღამო და დიპლომების გადაცემა. მოგვიანებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა რადისონში, რესტორან „ფილინში“ გადავინაცვლეთ და კარგა გვარიანადაც მოვილხინეთ. ბანკეტი გვიანობამდე გაგრძელდა. თუმცა, ამით არ დავკმაყოფილდით. ზოგიერთებმა „ფილინის“ ხმაურიანი, დანა-ჩანგლების წკრიალითა და ხმამაღალი სადღეგრძელოებით გაჯერებული დარბაზი უკან ჩამოვიტოვეთ. რადისონის ლიფტში, სადაც სარკეები ანარეკლს უცნაურად აგრძელებდნენ, ათიოდე კურსელი შევიკუმშეთ. სიცილი, ალკოჰოლის სუნი და გამოსაშვების ეიფორია მეათე სართულზე, „ამბერ ბარში“ ავიტანეთ. აქ კი სამყარო შეიცვალა. ნახევრად ბნელში გახვეული დარბაზი, ბარის უკანა განათება და ფანჯრებს მიღმა გაშლილი ღამის პანორამა სინათლის შუქ-ჩრდილებს ცვლიდნენ. თითქოს ქალაქი, რომელიც დაბლა, ხმაურით ცხოვრობდა, სიმაღლიდან, სრულიად უხმო, განსხვავებული ზომისა და ფორმის, მინი კუბებად დანაწევრებულიყო. კურსელების სახეები ერთმანეთში და ბედნიერ შეძახილებში ირეოდა. მე კი, ამ ნეტარებაში მყოფიც, მხოლოდ დესერტის სურნელიან იეზე ვფიქრობდი. სრულიად მოულოდნელად კი თავს ენი ჭიჭინაძე წამომადგა. ცალ ხელში ბოკალდამშვენებულმა მეორე ხელი მსუბუქად მომიცაცუნა მხარზე. უკვე კარგად შეზარხოშებული ვიყავი. ენიმ ზურმუხტისფერი თვალები შეარხია და წითლად შეღებილი ტუჩებიდან ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. ფეხზე წამოვდექი და შევათვალიერე: ძალზე მოკლე, ტანზე მოტმასნილი ბრჭყვიალა შავი კაბა ეცვა და შავი კლასიკური „ლაბუტენები“ უმშვენებდა ჩამოთლილ ფეხებს. სარკესავით აპრიალებული თმები კეფაზე გადაეჭიმა და მჭიდროდ შეეკრა. ამ ვარცხნილობითა და შავად შეღებილი, ველური კატის თვალებით ავაზას დამსგავსებოდა. ერთი კი ვიამაყე, რომ ასეთი გოგო ასე დამყოლი ხდებოდა ჩემს გვერდით, მაგრამ ჩემი იეს წყენინება, თუნდაც საწყენი ვერასოდეს გაეგო, არაფრად მიღირდა. — გემუდარები, ნოა, არ მოუშვა ჩემთან გეგა. — რა მოხდა, გაწუხებს? — ცოტა შემაბარბაცა, მაგრამ გული მყარად მედგა საგულეს. ენის თხოვნამ მამაკაცური მზრუნველობა გააღვიძა ჩემში და გეგას, რომელიც გვიახლოვდებოდა, გავძახე: — გეგა, ძმა... ენი ჩემთან იქნება ამ საღამოს. გეგამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხმა ავიმაღლე: — გეგა, დაბრუნდი შენს ადგილზე. — შევიცოდე და დავამატე: — გთხოვ! სასმლით გაბრუებულმა გეგამ ავისმომასწავებლად აათვალიერა ენი, მაგრამ ჩემთან დაპირისპირება არ უღირდა, აღარაფერი უთქვამს; ორივე ხელი მაღლა ასწია და პირდაპირ საცეკვაოდ გასწია. ენი ჩემს გვერდით დარჩა. ბარის განათება მისი კაბის ბრწყინვალებას ირგვლივ ფანტავდა. შეზარხოშებულს, მისი სუნამოს ეგზოტიკური სურნელი კიდევ უფრო მაბრუებდა. „ემბერის“ მძიმე, ხის და ტყავის ინტერიერში — ერთადერთ რეალობად ახლა მხოლოდ ენი ჭიჭინაძე და ცივი ალკოჰოლი აღიქმებოდა. — რა სულელია, ღმერთო! — თვალები აატრიალა ენიმ. — აქ რომ წამოყევი, მაშინ გესიმპატიურებოდა? — გეყოს, ნოა. აბა, შენ არ დამპატიჟე, რა მექნა? შევიბრალე: — გადამავიწყდა. — წამო, ვიცეკვოთ! — ენი, არა! მაგრამ ვიცეკვეთ, მერე კიდევ დავლიეთ. ჭიქებიდან გამღვალი ყინულის წკარუნი, ბარმენის რიტმული მოძრაობები და ჩემი გაბლარული რეფლექსები მახსოვს, თუმცა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიის“ ნომერში როგორ გამომეღვიძა გათენებულზე — ვერც იმ დღეებში გავიხსენე და ვერც ახლა, აგერ უკვე სამი წლის თავზე მახსენდება. ნომერში მუქი ფარდა სანახევროდ იყო გადაწეული. მხოლოდ თითქმის გამჭვირვალე, რძისფერი მიცავდა იმ რეალობისგან, რასაც გათენება და მზის ამოსვლა ჰქვია. ჯერ ცალი თვალი გავახილე და ნომრის ინტერიერი მუქ ლაქებად გავარჩიე. მივხვდი, რომ სახლში არ ვიყავი. მეორე თვალიც მოჭუტულად შევავლე ნომრის სისადავეს, ხის დიზაინს და გამყოფ ვიტრაჟს. ცალი ხელი ზეწრის მოსასინჯად გავაცურე და მეორეს ვერაფერი მოვუხერხე. თავი მისკდებოდა. ვცადე, თვალები ფართოდ გამეხილა, მაგრამ მზერა მიორდებოდა, თუმცა გავარჩიე: გვერდით ვიღაც სრულიად შიშველი მეწვა და ჩემს დაბუჟებულ მკლავზე ნებივრობდა. — ენი?! — წამოვჯექი. ქალი საწოლში აწრიალდა, მერე ისიც სწრაფად წამოჯდა და მკერდზე გადასაფარებელი აიფარა. — ნოა?! აქ... აქ რას ვაკეთებთ? — დაიმანჭა და მაკიაჟჩამოღვრილი, შესიებული სახე კიდევ უფრო საშიში გაუხდა. — კარგს არაფერს... — წამოდგომა ვცადე, მაგრამ თავბრუ დამეხვა და წავბარბაცდი. სასოწარკვეთილი, ბოლთის ცემას მოვყევი. ენიმ ერთხანს მიყურა და აქვითინდა. — ნოა, მამაჩემი არ მაცოცხლებს, გესმის? აქ რატომ ვართ, ვერ ვხვდები. რა უნდა მეთქვა? მე ხომ არ ვიცოდი, აქ როგორ აღმოვჩნდით, როგორ ამოვედით, რეცეფციაში როგორ დავრეგისტრირდით... არაფრის აზრზე არ ვიყავი. — ნოა, გთხოვ, თქვი რამე... — იტყვი, რომ ნატალიასთან დარჩი, რა მოხდა მერე! ჩაცმას შევუდექი. იატაკზე მიმოყრილ ტანსაცმელში ჩემები ამოვარჩიე. შავი, მჭიდრო შარვალი კუნთოვან ფეხებზე მოვირგე და მუქი ნაცრისფერი პერანგი დაუდევრად შემოვიცვი. მგონი, პერანგის ღილები სწორად ვერც შევიკარი. ბარბაცით გავემართე სააბაზანოსკენ და გზად იატაკზე დარჩენილი სასმლის ბოთლი წავაქციე, შავი სითხე იატაკზე წყვდიადივით გაიშალა და აპრიალდა. მძაგდა ჩემი სხეული, რომელიც სასმლის სუნით იყო გაჟღენთილი, მაგრამ აქ და ახლა, ნამდვილად ვერ გადავივლებდი შხაპს. მძულდა ჩემი თავიც და ის საბრალო არსებაც, საწოლში რომ ცახცახებდა და მოსთქვამდა. — მე ჩავალ, გადავიხდი და შენ მოწესრიგდი. თუ გინდა, არ აჩქარდე, დაისვენე და როცა მოგინდება, წადი. მაგრამ მე ახლავე უნდა წავიდე. — ნოა... არ დამტოვო, ნოა! მის სიტყვებს ყური აღარ დავუთმე. ნომერი და ენი დავტოვე, მაგრამ იმ ღამის კოშმარი — ვერასდროს. * * * * * * იე მიყვებოდა, თუ როგორ მოაწყო ბათუმის კაფეტერია რეტრო სტილში. თავიდან მხოლოდ ნეიტრალურ ვარდისფერ ტონში შეღებილ კედლებზე, რამდენიმე მინის ჩარჩოიანი ნახატი ეკიდა თურმე. მერე, ერთ დღესაც მეზობელს სხვენიდან ძველი „პრაიგრივატელი“ და ფირფიტები ჩამოეტანა გადასაყრელად. სწორედ ის, რომელზეც მერე იემიმა საყვარელ მელოდიებს უკრავდა და წარსულში ნეტარებით გადაეშვებოდა ხოლმე. ამის მერე, ყველა ნაცნობ-უცნობს მოჰქონდა თურმე მისთვის ოჯახში ნაზედმეტარი ძველმანები. საქმე ისე წასვლიათ, ბებიასთან ერთად, გადარჩევას ვეღარ აუდიოდნენ, ბევრს ყრიდნენ და იშვიათებს დეკორაციად იტოვებდნენ. იე ამბობდა, რომ ძველ, მრგვალ მაგიდებთან და სამფეხა, ხავერდის გადასაკრავიან სავარძლებს შორის ედგა ფოჩებიანი, აბრეშუმის ქუდიანი სანათები. ცენტრში, ჭერიდანაც ასეთივე, მოქარგულნაჭრიანი და ფოჩებიანი ჭაღი ეშვებოდა. სპეციალურად მოწყობილ თაროებზე ძველი წიგნები და საკითხავი ლიტერატურა ელაგა. ყველაზე მყუდრო კუთხეში ედგა პატეფონი და ის „პრაიგრივატელი“ რომელზეც ძველებურ, მეზობლის დისკებს უკრავდა. ეს „ძველმანების საცავი“ აბედნიერებდა და, სწორედ ეს ყველაფერი კრავდა იემიმაში იემიმას. მაშინ ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ ახარებდა ძველებური საკრავი უფრო მეტად, ვიდრე ახალი მუსიკალური ცენტრი, ან რატომ ერჩივნა გაყვითლებული წიგნი ახლად დაბეჭდილს. ახლა კი ვიცი — იემიმა ნივთებს კი არა, ისტორიებს აგროვებდა. წარსულს განძივით ეფერებოდა, გულში მშობლებივით იხუტებდა. შემომისკუპდებოდა ხოლმე, ნაქირავების მისაღებში, გაცვეთილ, კუთხეებზე ხავერდგადაცლილ ტახტზე, ფეხებს შეიკეცავდა და საკუთარ ისტორიებს მიყვებოდა. მეც წარმოვიდგენდი, რომ საღამოობით, როცა კაფეში ხალხი ცოტავდებოდა, ელა ფიცჯერალდს ჩაირთავდა. მერე, საკუთარ გამომცხვარ ტორტს პატარა ნაჭერს ჩამოაჭრიდა, ჩაის დაისხამდა და წიგნს გადაშლიდა. მეუბნებოდა, ასეთ წუთებში დრო საერთოდ ჩერდებაო. უცნაური იყო. ის ჩემს გვერდითაც ჩერდებოდა. მზერით ერთ წერტილზე გაიყინებოდა და... დღემდე არ ვიცი, იმ წამებში რა ემართებოდა — იბუტებოდა, რამე სწყინდა თუ მართლა დროში მოგზაურობდა. უყვარდა ბლუზი, ჯაზი და ბითლზი... წიგნებიდან კი, ერთხელ მეც შემაჩეჩა ხელში ფლობერის სალამბო და ცვაიგის უცნობი ქალის წერილი. გინდა თუ არა წაიკითხეო. მე, რა თქმა უნდა, ვიბუზღუნე, ამსისქე წიგნებს ვერ წავიკითხავ-მეთქი. გაეცინა და მითხრა: „ადამიანებს კითხულობ, ნოა, წიგნებისაც არ გაგიჭირდება-ო.“ მიკვირდა, როგორ შეეძლო ამ პატარა გოგოს წარსულის და ძველმანების ასე სიყვარული... ახლა კი ვიცი — უბრალოდ სჯეროდა, რომ ყველაფერს, რაც დროს გაუძლებდა, განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. ალბათ ამიტომაც გახდა ჩემთვის თვითონაც ძველი ხელნაწერივით ძვირფასი. ახალ ნივთს ისევ ახლით ჩაანაცვლებ. ძველს კი, თუ დაკარგავ, ვეღარაფრით შეცვლი, თუნდაც ზუსტად ისეთივე ასლით. ის იცინოდა და მეუბნებოდა: „წარსულის ნივთები არასოდეს ჩქარობენ. ამიტომ მათთან თავს მშვიდად ვგრძნობ-ო.“ ვფიქრობდი, იქნებ სიძველით მშობლებს შეიგრძნობდა? უბრალოებით, სამყაროს სიდიადეს. სისუფთავით — ღვთაებრივ საწყისს. არ ვაღიარებდი, თორემ ზოგჯერ მეც მსიამოვნებდა წიგნის კითხვა. განსაკუთრებით ბავშვობაში — ტომ სოიერის თავგადასავალი შთამაგონებდა. უფრო მერე, როცა იემიმას ნახვა წარმოუდგენელ ფობიად მექცა, შემიყვარდა სერიოზული ლიტერატურა. ალბათ ასე უფრო ახლოს შევიგრძნობდი დაკარგულის ფასს. მასწავლა, რომ კარგი წიგნი ადამიანს პასუხებს კი არ სთავაზობს, სწორ კითხვებს უჩენს. მეც, ვკითხულობდი ცოტას, და ვწერდი ბევრს. * * * * * * თითქმის უსულო, ცარიელი ოთახი, კიდევ უფრო მცლის. ვცდილობ სისუფთავე შევინარჩუნო, სამზარეულო მოვაწესრიგე. ამ ოთხ კედელში, თითქოს მხოლოდ მე და ლუდი ვართ რეალური. დროს უაზროდ არ ვკარგავ, ყუთში ვძვრები და იმ წერილს ვირჩევ, ლუდის ბოთლის თანხლებით რომ გადავხედავ და აუცილებლად დავხევ. 408-ე (დახეული) წერილი ჯერ კიდევ ვეგუები გერმანულ კლიმატს და მასიურ, მოუხეშო საწოლს. გამთენიისას მუხრუჭების კივილი — კოშმარული სიზმრიდან გამოყოლილი ხმაურით მაღვიძებს. ვასკვნი, რომ ცუდი სიზმარი, ცუდად წოლის ბრალია. გულის დამშვიდებას ველი და ზისმრის აღდგენას ვცდილობ. გაუთავებლად მეორდება ჩემში ხმა, რომელიც რეალურად არასოდეს გამიგონია. ვეღარ დავიძინებ, ვდგები, ერთხანს საწოლის კიდეზე ვყოვნდები. მახსენდება თბილისში დატოვებული ცოლი, მიტოვებული შენ და ჩემი განმეორებითი გაქვავება. მე მაშინაც გავქვავდი, როცა ენიმ დამირეკა. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე თავსხმა ამინდში, მეხად არ დამეცა „ნატალია ვაშაძე“. — ნოა, მისმენ? — რა გინდა. — ვეუხეშები. — უნდა შევხვდეთ, სალაპარაკო მაქვს. ისეთივე ნამტირალევი ხმა აქვს, როგორიც სასტუმროში ჰქონდა, იმ ავად გასახსენებელ დილას. — ახლა ეს რა მოიგონე, რომ მე და შენ სალაპარაკო გვაქვს, ენი. მე არანაირი საერთო არმინდა მქონდეს შენთან, გასაგებია? — ვუთიშავ. ზარი მეორდება. არ ვპასუხობ. სმს-ს მწერს. ნოა, ორსულად ვარ. ახლა არ მომწერო რამე ბანალური და სულელური, გესმის? შენგან ვარ ორსულად! შევხვდი. შევიბრალე ჩვენი დაუგეგმავი, არასასურველი მუცლის ნაყოფი. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ბავშვზე, მით უფრო მეჩვენებოდა, თუ როგორ დაიბადებოდა და როგორ დამემსგავსებოდა. როგორი ქორფა სურნელი ექნებოდა მის კანს, მის სუნთქვას; თუ როგორ უაზროდ ააფართხალებდა პატარა, უმწეო კიდურებს... და ეს უდანაშაულო არსება, რომელიც ჩემი სისხლი და ხორცი იქნებოდა, ვერ დავთმე. ამ ფიქრებმა გამაქვავა და თავს ვერაფერი მოვუხერხე. ჯერ არ დაბადებულ შვილთან დავყარე ფარ-ხმალი. ენის ოჯახში მივედი და მამამისს მისი ხელი ვთხოვე. იქამდე რა თქმა უნდა ჩემებს ვუთხარი, რომ ცოლი მომყავდა. მამაჩემს — კონსტანტინე შანდელს ჯერ ფერი დაეკარგა, ერთხანს თავგადახრილმა, წვერზე ხელის ჩამოსმით მიყურა და უცებ მკითხა: — ვინ არის, ვისი გოგოა, შვილო? — ცნობილი ექიმის შვილია, მაა. — ვისი, მაინც? — ჭიჭინაძის, ბიჭი ჭიჭინაძის ქალიშვილია. — ოჰ, ბიჭი ვინ არ იცის?! — სამზარეულოში მოფუსფუსე დედაჩემს სიამაყით გასძახებს, — ტაისია, აქ მოდი, გოგო, შენი მხოლოდშობილი ინიშნება! სამზარეულოში ჭურჭლის ლეწვის ხმა მესმის. დედა სველი ხელის ტილოზე წმენდით შემოდის ოთახში: — რას ამბობს მამაშენი, ნოა?.. აქამდე როგორ მივედით, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი? — დამშვიდდი დედა, რა... რა უნდა მეთქვა... ახლა ხომ ვთქვი... — თავმოუბმელად, ფერდაკარგული ვპასუხობ, — მოგეწონება, დეე, ლამაზი გოგოა. — ღმერთო, ახლა გადავირევი, ფოტო მანახე, სასწრაფოდ! ინსტაგრამზე ენის ფოტოებს ვძებნი და მშობლებს ვანახებ. იბადრებიან. დედას, ჩემი იდენტური თვალები უწყლიანდება. მამას ეცინება და მხარზე ხელს მირტყამს: — ნიშნობაა, ჩემო ტასო, ნიშნობა! — ომახიანად ალაპარაკდა — ახლავე დავურეკავ ნოდარს, ბიჭის ბავშვობის მეგობარია, კაცო, ყველაფერზე მოვილაპარაკებთ. თქვენ არაფერზე იდარდოთ. მართლაც, არაფერზე უდარდია არავის. სუფრა არაჩვეულებრივი იყო, ნაჩქარევი, მაგრამ ნამდვილი ქართული ტრადიციებით შემკული, ნამდვილი მამა-პაპური სადღეგრძელოებით, ხმაჩახვეული სიმღერებით და თვალცრემლიან-პირზე კოცნებიანი დალოცვებით. ენი ბედნიერი ჩანდა. მე კი — უბედური. ჩემო სათაყვანებელო იე, მეორე დღესვე მოვაჭერი შენთან, ნაქირავებში და ისე, ვითომც არაფერი სახვალიოდ გადავდე ჩემს ნიშნობაზე საუბარი. მერე, კიდევ გადავავადე, მერე კიდევ... და კიდევ, და იქამდე, ვიდრე ერთ თავსხმა ამინდში, მეხად არ დამეცა „ნატალია ვაშაძე“. * * * * * * წერილი 506-ე — ალო, ნოა! — ჰოუ!.. პაუზა. — არ მოგენატრე? სიმწრით მეცინება, მაგრამ, თავს ვთოკავ. ისიც ხომ მსხვერპლია, თუნდაც საკუთარი ეგოსი. — ენი, არ მცალია, რა გინდა, მითხარი. დუმს, მის ემოციას ეკრანის მიღმა ვგრძნობ. — არაფერი... მოგიკითხე, რა უნდა მინდოდეს. ველოდები, ვიცი, უნდა. — ისე... ხომ არ ჩამოვიდე?.. შენი ცოლი ვარ, თუ გახსოვს? — ვიცი რომ ხარ, არ დამაწყებინო თავიდან, რა. გონებით ვხედავ, როგორ უწითლდება და ენამება თვალები. — აღარ დაგირეკავ! ერთი და იგივე მომბეზრდა უკვე! მითიშავს. ასე მირეკავს, რამდენიმე დღეში ერთხელ, მერე ნანობს და თიშავს. მე კი პირველივე დღიდან ვიცი, რომ მეტის მიცემა მისთვის არ შემიძლია. იცოდა, რომ არსებობდა იემიმა შავაძე, რომელსაც ხმადაბლა ვეტრფოდი. ან ისე, როგორც ფიროსმანი აქტრისას. იმდენად მომწონდა, რომ ამ უბრალოებით გამორჩეულ გოგოს არავის ვამჯობინებდი. ის მწუხრის პეპელა იზაბელასავით გამოირჩეოდა ჩემს ირგვლივ შეკრული წრის ინდივიდებისგან. ასეთ გოგოსთან ჩემნაირი ბიჭიც კი ვერ აჩქარდებოდა. ამიტომ, არც საკუთარ თავთან, არც იემიმასთან და არც სხვა არავისთან გამოტყდომა არ მიჩქარია. თუმცა საახლობლოში მაინც ყველა ყველაფერს ხვდებოდა. ხვდებოდა თავად იეც და ენიც. თუმცა, ჭიჭინაძის ქალს ეს არ აბრკოლებდა. ჩნდებოდა იქ, სადაც მე ვიყავი, ჩემთვის საარსებო ჰაერი რომ შეეზღუდა. აი, თავად იემიმა, საერთოდ არ ინტერესდებოდა ირგვლივ არაფრით. ის ხომ, თითქოს არ ეკუთვნოდა რეალობას. როცა ჩემთან იყო, მის უძირო თვალებში მხოლოდ ერთი სამყარო იკითხებოდა — ეს სამყარო მე ვიყავი. ის მოთმინებით ელოდა მუდამ ჩემს გამოჩენას. არც მე ვალოდინებდი, მასთან და მის ოთახის მეგობარ თინათესთან ერთად ვატარებდი საღამოებს, მათსავე ნაქირავებში. ანდაც, იესთან განცალკევებული დავუყვებოდი ქალაქის რამდენიმე ქუჩას, საათობით ვსეირნობდით. არც შემოდგომის ფოთოლცვენას შეუწუხებივართ, არც ზამთრის ცივ დღეებს თუ საღამოებს და არც გაცნობიდან მომდევნო ზაფხულს, ვიდრე იმ არ სახსენებელ ღამემდე. გვქოდა მკაცრად გაწერილი სასეირნო მარშრუტი. ვერა, რუსთაველი, ხიდი, პლეხანოვი და უკან. ეს იყო იემიმა შავაძის საყვარელი მარშრუტი. მისი თბილისური ცხოვრების ბედნიერება. მე, პლეხანოვი და ჩემთვის გამომცხვარი ფორთოხლის კრემიანი ტორტი. ძვირფასო იე, დღეს მომიკითხეს, მაგრამ ის შენ არ ყოფილხარ. ნეტავ შენ ყოფილიყავი… ვიცი, ჩემი დანაშაულით გამოწვეული სხვისი უბედურება არ უნდა მახარებდეს, მაგრამ, ვგრძნობ რომ მოთმინების ფიალა აევსო. იმ ფარსით, რასაც მე და ენი ჰქვია. მე არასოდეს ვეტყვი, რომ ჩემი ცხოვრებიდან წავიდეს. არასოდეს გადავდგამ ამ ნაბიჯს, რადგან ამის უფლება არ მაქვს. ჩემს ქმედებებზე პასუხი უნდა ვაგო, თუ მინდა რომ ოდესმე შენც და ჩემს თავსაც თვალი გავუსწორო. ბოლომდე უნდა დავიტანჯო, რომ ბოლომდე მოვინანიო. მხოლოდ ამ შემთვევაში შევძლებ, შენამდე მოვიდე და თხემიდან ფეხის ტერფამდე განცდილი მოგიყვე. ყველა ჩემი ემოცია, ნაბიჯი თუ მსჯელობა აქ, ქაღალდის წერილებშია თავმოყრილი, რომ ერთხელაც ყველაფერი ჩემი გადმოსახედიდან დაგანახო. ჩემო იე, ერთხელაც მე შენთან მოვალ, შენს ფეხებთან დავდებ ჩემს სულსა და შენთვის დაწერილ წერილებს, და იქნებ, იმ დღეს მაინც, სიმშვიდე ორივემ ვპოვოთ. * * * * * * წერილი 999-ე. ვერასოდეს ვიკადრებდი, რომ მშობლებისთვის მეთქვა, ქალი შემეტენა თქო. არაფერი გამამართლებდა, რომ საძმაკაცოში მეთქვა, არაფერი მახსოვს ღამე ქალთან როგორ გავატარე და როგორ დავაფეხმძიმე თქო. შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ფერთა გამა მდიდარი იყო ქალების გარემოცვით. შეიძლება მიყვარდა კიდეც მათით თამაში თუ ტრაბახი. მაგრამ, მხოლოდ საკუთარ თავში. ისეთს არაფერს ვიკადრებდი, რაც ვაჟკაცურ სახელს შემილახავდა. — ნოა, — კარიდან ჩუმად გამომძახა თინათემ, — ერთ წამს დამელოდე. — მერე იეს შესძახა: — აფთიაქში უნდა გავიდე, მალე მოვალ! დამედევნა. ერთად ჩავუყევით დაღმართს მე და იეს ოთახის მეზობელი. შემოდგომის ფოთოლცვენის ხალიჩა ფეხქვეშ სასიამოვნოდ შარიშურობდა. — ბიჭო, სულ მინდა გკითხოთ და ვამჯობინე ჯერ შენ დაგელაპარაკო. ცოტა შევშფოთდი. ის აგრძელებს: — რა ხდება თქვენს შორის? ისე მარტივად და პირდაპირ იკითხა, თითქოს პასუხის გაცემაც ასეთი მარტივი უნდა ყოფილიყო. — არაფერი, თინი, რა უნდა ხდებოდეს, იემ გითხრა რამე? ჩემი ხელით ქოჩრის წვალებამ, თინათეც ააწრიალა: — არა, არა... და, რომ არაფერი უთქვამს და გულში იტანჯება, ამიტომ ვთქვი. — თითებს იმტვრევს. — მართლა ამბობ? — თვალები გამიბრწყინდა, თინათეს ხელი ვტაცე და დავაბზრიალე. ფეხებ ქვეშ მოფენილი ფოთლები ავშალე და ღამის მყუდროება დავურღვიე ვიწრო ქუჩის სიძველეს. — დამსვი, სულელო! — ბოდიში, თინი, მაპატიე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ... — რომ?.. — ასეთი გოგოს აფორიაქება რომ შევძელი! — ასეთი გოგოს აფორიაქება უცოდველად არ ჩაუვლის არავის! ისე შევხედე, თითქოს ახლაღა დავფიქრდი, თუ რამხელა პასუხისმგებლობა იყო ობოლი, სათუთი, ბებოს ანაბარა დარჩენილი გოგოს გულის ათრთოლება. — იცოდე, ღმერთს თუ არა, მე ვერ გადამირჩები, ნოა შანდელო, მას რომ გული ატკინო. და მერე, ცხოვრებაში ალბათ პირველად გამიღიმა ზორბა ტანის, სასიამოვნო პირისახის, ამაყმა მთის ქალიშვილმა თინათე ფილფანმა. არ იმჩნევდა, მაგრამ შევატყე, რომ გულის სიღრმეში მაინც მანდობდა იემიმას თავს. მაშინ ჯერ კიდევ არცერთმა არ ვიცოდით, რომ არ ვიმსახურებდი. ჩემო ზღვისთვალება იე, დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ მზად ვარ. მიმძიმდა ამაზე საუბარი, თუმცა რომ არ ვთქვა, ეს უფრო მძიმე იქნება. ვტყუი, რომ ვერ გავბედე და ვერ გაგანდე ჩემი იძულებითი ნიშნობის ამბავი. იმდენად ვერ ვიაზრებდი, თავს რა გადამხდა, რომ შენთვის როგორ ამეხსნა — ამის დალაგებას გადავყევი. ალბათ, სულელურად ველოდებოდი, რომ გონებაში, რაღაც თავისით გაბრწყინდებოდა და ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა. ისე კი, არ ვცდებოდი, ბოლოს მართლაც მოეფინა ნათელი, ძალიან, ძალიან გვიან. რადისონის ღამე, მხოლოდ სასმელში გარეული ნარკოტიკი იყო, უგონო მდგომარეობა და არანაირი ღალატი არ ყოფილა. იყო მხოლოდ ერთი დიდი ტყუილნარევი მახე და მის ღერძზე დატრიალებული უზარმაზარი მოვლენების ჯაჭვი. იმდენად გამოუსწორებელი და თავზარდამცემი ამბების, რომ — ბოდიში, ან სინანული ვეღარაფერს გამოასწორებდა. ერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, ვიცი, — ენის შედეგებზე არ უფიქრია. ის იმდენად იყო დაბრმავებული საკუთარი ეგოისტური გრძნობით, რომ ვერ გათვალა, თუ რამხელა მაშტაბის რეაქციებს გამოიწვევდა ერთი „უწყინარი“ ბოკალი. როცა ენი მოცეკვავეთა შორის დავტოვე და საპირფარეშოში გავედი, გეგა მასთან ცეკვით მიიჭრა და სასმელი შესთავაზა. ენიმაც გამოართვა. როცა საპირფარეშოდან დავბრუნდი, ენის მაშინვე გაეცალა. მე კი ტუჩთან მიტანილი ბოკალი ხელიდან ავართვი და ხარბად ჩავცალე. აი ასე, ენი მთვრალი იყო და მეც, მაგრამ იმ ჭიქამ ძირი მე გამაგდებინა. ასე აღმოვჩნდი რადისონის სასტუმრო ოთახში. იქ რეზიმ ამიყვანა, ჩემმა კურსელმა და მეგობარმა. ენიც, რა თქმა უნდა არ მოგვშორებია. ისეთ მდგომარეობაში, რეზის თავი შეუკავებია ჩემი სახლში მიყვანისგან. იფიქრა, გამოფხიზლდება და სახლშიც მერე წავაო. მარტო არ დავიტოვებოდი. მარტო არც ვყოფილვარ. ენის უთქვამს, მე მასთან დავრჩები და თუ უარესად იქნება სასწრაფოს გამოვიძახებ, თუ არა და, ვუპატრონებო. მიპატრონა, როგორც შეეძლო და როგორც ერჩივნა. მის ხელთ აღმოვჩნდი და ტყუილის გზა არჩია. დილით სპექტაკლი დადგა, რომ ვითომ თავადაც არაფერი ახსოვდა. ორსულობის ამბები მოგვიანებით, უკვე ამ ფერხულში ჩაბულს და მადა გაღვიებულს ახალ სპექტაკლად შემოედგა. სულ ეს იყო ჩემი შენდამი ღალატი, ჩემო ზღვისფერთვალება იე. პეპლის ეფექტი ხომ გაგიგია? — ეგ მოხდა. მაგრამ ვერანაირი წერილი ვერ დაიტევდა იმ ემოციას, რაც ამ მოგონებას მოჰქონდა ჩემთვის. ენიზე მეტს არაფერს ვიტყვოდი და დავწერდი. მაგრამ ვერც საქვაბეში დაგროვილი ორთქლის გამოშვების გარეშე დავაღწევდი თავს წარსულის ამ ფრაგმენტს. და ავქვითინდი, ყველაზე მიამიტი, ყველაზე გულაჩუყებული, ყველაზე სასოწარკვეთილი — გაბოროტებული ადამიანის ტირილით ავბღავლდი. მთელი წელი ვფიქრობდი რომ მოძალადე ვიყავი, უპასუხიმსგებლო ვიგინდარა. მთელი წლის მანძილზე ჩემი „ცოლის“ გვერძე ვწვებოდი და თავს საშინელი დანაშაულით დამნაშავედ ვთვლიდი. სიტყვებით არ გადმოიცემა, თუ რას ვგრძნობდი იემიმას წინაშე, რომელსაც ხიდის ინციდენტის შემდეგ აღარასოდეს შევხვედრილვარ. არ მგონია, იმაზე მეტი სასჯელი არსებობდეს, რაც უმისობა და უფრო მეტად ვერ ახსნილი დანაშაულით ცხოვრების გაგრძელებაა. ვერ ახსნილის არა იმიტომ, რომ ვერ გავბედე ამეხსნა. არამედ, თავი მართლა არაკაცი მეგონა და ამიტომ. ამასობაში, ამ ფარსში თითქმის წელწიადი ვიცხოვრე. თუმცა, როცა ბოლოს და ბოლოს, ვერც ენიმ გაუძლო ამ ტვირთით ცხოვრებას და ტყუილი მოინანია (რომ ფეხმძიმედაც არასოდეს ყოფილა, არა და მომეშალაო ამტკიცებდა), პირველწყარო დანაშაულიც გამოვქექე. საიდუმლოს ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად აეხადა ფარდა. ერთი კი იყო — ამით არაფერი შეცვლილა. * * * * * * წერილი 1006 - ე — რეზი. — გისმენ, ძმა. — გეგა ხომ შენი მეზობელია. რეზი ადგილზე ამოძრავდა. — შენსას არ იშლი, არა? ეგეთი არაა... — დამიჯერე რომ ეგეთიცაა და უარესიც. დაიბოღმა, ბიჭო! კიდევ უფრო მეტად ამოძრავდა, აქეთ იქით სიარულში ხელების ქნევით მიმტკიცებს თავის სიმართლეს: — მეზობელი კი არა, ჯგუფელიც არის, ფეხბურთზეც ერთად დავდიოდით. ვერ დავიჯერებ რომ რამე დაგმართა, ძმაო. მოთმინების ფიალა მევსება: — შისმინე, მაგან ენის ჭიქაში რაღაც გაურია და ისე არ წავალ ეგ არ ვათქმევინო. მე მარტო ის მაინტერესებს, ჩემთან ხარ თუ მაგასთან? ცივმა ოფლმა დაასხა. მაგრამ, არჩევანი გააკეთა. გერმანიაში წამოსვლის წინა საღამო, 2024 წლის 28 სექტემბერი. გეგა ზარს არ პასუხობს. მე და რეზი გეგას სადარბაზოსთან ვუსატკავებთ. ის გამოდის და ჩვენი დანახვისთანავე გაქცევას აპირებს. ვიჭერთ. ახლა უკვე არცერთს აღარ გვეპარება ეჭვი. — რაიყო, , სად გარბიხარ? — დაწინაურდა რეზი. გეგა ადგილზე ცმუკავს. ჩემი ჯერია და რეზის მკერდზე ვადებ ხელს. — გეგა, ვიცი რაც გააკეთე და არმინდა ყველაფერი ციხის გისოსებით დაამთავრო. — ნოას ოჯახზე გსმენია, არა? იცი რასაც ამბობს. რეზის კვლავ ხელით ვაკავებ, გეგას თვალებში ვუყურებ და ვხვდები, რომ გატყდა. — ისეთი არაფერი, მე... ის გოგო ხომ არ გიყვარს, ძმაო, მე.. მე კი... — საბალახოდ ხომ არ წაგიყვანოთ, რა მეე, ! — რეზი, მაცადე! — ფუუ, ამის! — ვერ წყნარდება რეზი. — ახლა გული ამერევა! ხელით სადარბაზოს უკან მივათრევ, რეზი ირგვლივ იყურება და მოგვყვება. გეგას თვალებში ჩამდგარი შიში უკონტროლო ხდება. — არაფერი ძმებო, ენის გაჟიმვა მინდოდა, რა... რას მეკეკლუცებოდა აბა, მაგის შნირი ვარ? აქ კი სისხლმა ყელში ამასხა და ყბაში აპერკოტი ამოვდე. იძულებით მოკვნეტილი ტუჩიდან, ჩამტვრეული კბილებიდან სისხლმა იფეთქა. გეგა იფურთხება და ყვირის: — შემეშვით, ბიჭო! ხომ არ გაგიჟდით?! — რა ჩაუყარე?! გეგამ ყველაფერი დაფქვა. — ჩავუყარე, მაგრამ ისეთი არაფერი, რაც სხვებსაც დააზიანებდა... ჩემი ალღო გამართლდა და მეტი აღარ ვალაპარაკე. კარგად ვცემე, ჩემი, იესა და ენის სახელით. ბოლოს, ორივემ დავაფურთხეთ და იქ დავტოვეთ, საკუთარ უნამუსობაში და არაკაცობაში ამოთხვრილი. ის ვისაც პურს უწილადებ, ყოველთვის არ იმსახურებს ამას. ხშირად, ვინც გვიღიმის, ცრემლსაც ის გვგვრის. და ჩემდა სამწუხაროდ, ეს ორივე გამოთქმა მხოლოდ გეგას და რეზის ამხანაგობას არ მიესადაგება. ჩემო დაუმსახურებელო, იე, ალბათ მაშინ, როცა გალაქტიონის ხიდი გადაირბინე, შენც მსგავს ფიქრებს ებრძოდი. იმ ადამიანმა, ვინც თითქმის ერთი წელი შენში სპეტაკ გრძნობებს აღვივებდა, ყველაზე ამაზრზენების ანაბარა დაგტოვა. რა დასანანია, რომ ჩემნაირებსაც და შენნაირებსაც ცა ერთნაირად დაგვნათის. ყოველდღე თავიდან დაგიწერ წერილებს, თუნდაც ასობით და თუნდაც ათასობით. ყველა მათგანში მოგიხდი ბოდიშს მაგრამ, არავითარ შემთხვევაში პატიებას არ გთხოვ. რადგან ბოდიში შენს ღირსებას აამაღლებს და ჩემი პატიება, შენს სათუთ გულს თავიდან დაფლეთს. მე არ უნდა მაპატიო. მე არ უნდა მეპატიოს შენი ტკენინება. თუნდაც არ მდომოდა, არ ვტყუოდე, თუნდაც მთელი სამყარო უსამართლოდ მომქცეოდა, მე ვიქნები შენთან ყოველთვის დამნაშავე. მთელი საღამოა, სულ იმ დღეს ვიხსენებ, როცა შევიტყვე რომ ნარკოტიკით გამთიშეს და რადისონის ნომერში უგონო მდგომარეობაში გადამიყვანეს. ვიხსენებ და გული ოდნავ მიმშვიდდება, რომ ვიცი — არ მიღალატია. ამ საღამოს განსაკუთრებით მჭირდებოდა ამის გახსენება, რომ ოდნავ მაინც გამომკეთებოდა გუნება. რომ ჩემს დაბადების დღეს — ფორთოხლის კრემიანი ტორტით შევხვედროდი. არა, ჩემო ძვირფასო იე, მე ბისკვიტს ვერ გამოვაცხობ, მზა კექსის მორთვას ვაპირებ, მაგრამ კრემის მომზადებას ახლავე შევუდგები. ვდგები, სამზარეულოში გავდივარ. იქ, სადაც ელა ფიცჯერალდის ჰანგები მიმყვება. და აიფონ პლუს-ი, რეტრო გოგოს რეცეპტით ფორთოხლის კრემის მომზადებას ვიწყებ. რეცეპტი თინათეს გამოვაგზავნინე, თან გავაკეთებინე და ვიდეოც გადავაღებინე. კადრს უკვე მეათედ ვუყურებ. ვიღებ თასს და პირველივე კვერცხი გატეხვისას ხელიდან მეშვება, მაგიდაზე იწელება, იატაკამდე აღწევს და იქ, თეთრ-ყვითელი მასა ერთმანეთში იდღლიზება. სიმწრით ვიცინი, იმდენს ვიცინი, სანამ ქვითინში არ გადამდის. იატაკზე ვეშვები და თავს ჩემს მუხლებში ვრგავ; — გილოცავ, ოცდამეხუთე დაბადების დღეს! იტირე ნოა შანდელო, იტირე, შენი დაბადების დღე არ იმსახურებს ფორთოხლებს. * * * * * * 1007-ე წერილი 2026 წლის 30 ივნისი. ამ ოთხი წლის მანძილზე, რაც გაგიცანი, და იმ ორი წლის მანძილზე, რაც გერმანიაში გადმოვბარგდი — ფინალს პირველად მივუახლოვდი. მაგისტრატურას ისეც დავამთავრებდი, მაგრამ უშენოდ, წარჩინებით — ვერასოდეს. არსებობდა ნოა შანდელი იემიმამდე — და არსებობს ნოა შანდელი იემიმას მერე. ვიყავი ჩვეულებრივი ადამიანი, ბევრის გაფუჭების სურვილით, არაფრით განსხვავებული სხვა ახალგაზრდებისგან და შენს სუფთა თვალებში ვიპოვე საკუთარი თავის უკეთესი მე. და დღეს, 1007-ე წერილის დასრულებისას, პირველად ვიგრძენი რომ არაფერს განსაკუთრებულს არ ვწერდი, მაგრამ ეს იყო ბოლო. მე ვიყავი დაცლილი, მაგრამ, შენით სავსე. ყველაფერი ნათქვამი, აღწერილი და უკვე ტყავის ჩანთაში თავმოყრილი იყო. მხოლოდ ვინილის დისკებიანი საკრავი არ დუმდებოდა, და ეს 1007-ე მედო მაგიდაზე. მის ჩანთაში მოთავსებას არ ვჩქარობდი. თითქოს, მისი დანახვა კიდევ და კიდევ მაგრძნობინებდა ამ დაცლა-სისავსით მოგვრილ შვებას. ჰაიდელბერგში ივლისამდე გავჩერდი, რადგან მთავარი ნაშრომის ჩაბარება არ ვიჩქარე. მინდოდა, იემიმასთან წარმატებული მაგისტრი და პერპექტიული ადვოკატი დავბრუნებულიყავი. ამიტომ, საბოლოო ქულებსაც დაველოდე და დროც უქმად არ გავიყვანე, ბეჭდების საქმეც წინ წავიგდე. რა ბეჭდების? — ნიშნობის ბეჭდების. შეკვეთა მქონდა მიცემული, უკვე მზად იყო და ამ დილით წამოსაღებად მივდიოდი. ვისთვის? — ჩემთვის და იემიმასთვის. ცოლი აღარ მყავდა, ენი მიხვდა, რომ მეტს იმსახურებდა, ვიდრე ქმრისგან მობეზრებულის სტატუსით შეეძლო მიეღო. ერთი წლის წინ ადგა, თავს პატივი სცა და შელახული ღირსების დასაბრუნებლად თავადაც ევროპაში გაემგზავრა. * * * * * * — იემი. — რაო, თინი? — გოგო, კი არ მინდა რამე გამოვჩხრიკო, მაგრამ... ნოა შენთან ისე არ იქცევა, როგორც ჩემთან. იემიმას თვალებში სხივი დგება, მაგრამ ტუჩის კიდეებს ძალას ატანს, რომ არ გაეღიმოს. — რა უნდა გამოჩხრიკო, თინი? მე არაფერი შემიმჩნევია და... თინათეს ეს მართლა ახარებს, რადგან ხვდება — მისი მეგობარი ამ ბიჭის თვალებშია გადასახლებული. იე თითებს იმტვრევს და ემოციის ტალღებში ეშვება. ეს თემა რატომღაც თითქმის ერთი წელია ტაბუდადებულია. ნოა არაფერს ცვლის და ისიც მხოლოდ გულში მდუმარებს. მაგრამ ახლა, როცა თინათემაც ამაზე გაბედა საუბარი, ყველაფრის გულში დატოვება ძალიან უჭირს. თვალები სულ თეთრად შეღებილი ხის კარისკენ გაურბის. იქით, საიდანაც ნოას ნაცვლად მხოლოდ ზაფხულის სიცხე ცდილობს შემოჭრას. — იე. — რა იყო, თინი? — გოგო, რა ჩემი საქმეა და... ნოას ხომ მშვიდობა აქვს? რატომ არ ჩანს ეს ბოლო დღეებია? იემიმას ბავშვური სახე სევდას გადაიკრავს. მაგრამ ემოციას თოკავს და ცდილობს ამაყი მზერა, თინათეს თვალებს თუ არა, გვერდით მდგარ ცივი ყავის ჭიქას მაინც მიაპყროს. — რა უნდა სჭირდეს, თინი? უნივერსიტეტი დახურა. ვაცადოთ ზეიმი და სად წავა, გაიხსენებს ჩვენს მყუდრო სახლს. — გოგო, ხომ იცი, შენი ხელით მირთმეულ ყავას არაფერი ურჩევნია. — ეგ ვიცი, თინათე. მაგის ნება რომ იყოს, ყოველდღე გამაკეთებინებს ფორთოხლის დესერტს. — კისკისებს და ვარდის ფურცლებიდან თეთრი მტრედებივით კბილებს აჩენს. კისკისი სახეზე ეყინება. კარის მიღმა ნაცნობი ნაბიჯების ხმა ისმის. ორივე ინსტინქტურად იხედება იქით, მაგრამ იე მაშინვე თვალს არიდებს, რადგან საკუთარი იმედის შერცხვა. — არ მელოდით? გოგოების ვიწრო სამფლობელოში თამამად ვიჭრები და თინათე ფილფანს ვარდების თაიგულს ვაწვდი. თან იემიმას ვუსწორებ თვალებს. მომწონს, როცა ვაბნევ. — რით დავიმსახურე? — ვარდების ყნოსვით მეკითხება სვანი გოგო. — მეგობარი მინდა გამოგტაცო და მოგრთამე. იემიმა ცდილობს სიხარული არ შეიმჩნიოს, მაგრამ ვერაფერს უხერხებს მოღალატე ღაწვებსა და ზღვის ორ ანარეკლს, რომლებიდანაც პაწია სიხარულის ნაპერწკლებს ფანტავს. არ მსაყვედურობს, რომ ერთი კვირით დავიკარგე. არ მებუტება, რომ არაფერი ამიხსნია. საზაფხულო კაბას ხასიათივით იცვლის და მივუყვებით გზას პლეხანოვისკენ. მერე კი უკან. — იე. — რა, ნოა? — ცოლად უნდა მოგიყვანო... — გაიღვიძე, ნოა, ჩამოვედით. შორიდან მესმის თინათეს ხმა. — დაღლილია, ეძინოს ჯერ. საჭესთან მჯდომი რეზი კიტიას ხმაა. ჩემსკენ იხედება მოკლედ და რამდენჯერმე. ხმის ამოღებას არ ვჩქარობ, გულის დაწყნარებას და ნასიზმრალის გამეორებას ვუთმობ დროს. თან ერთმანეთში ირევიან, თინათეს მონაყოლი და სიზმრად ნანახი იემიმები. ვეღარ ვარჩევ, რომელია ნამდვილი და რომელი — ჩემში გამოგონილი. — მართლა მზად ხარ, ძმა? წელში ვსწორდები და ვიზმორები. ამწვარ თვალებს ვიფშვნიტავ და სარკიდან მომზირალ რეზის თვალებს ვაწყდები. თინათეც ტრიალდება წინიდან. იგივე აინტერესებს, რაც რეზის. — რა გჭირთ თქვენ ორს. ერთმანეთს გახედეს. მე კი, ჩემს გვერდით მოთავსებულ მუსიკალურ ჩემოდანს შევხედე, — გერმანიიდან ვინილის დისკებიანად რომ წამოვიყვანე. მისი გვერდით ყოფნა მამშვიდებს. — არაფერი, სულ რაღაც სამი წელი დაგჭირდა აქ ჩამოსასვლელად. — ბათუმი, ჰაიდელბერგი... რა მნიშვნელობა აქვს, საით წავალ? კვლავ ერთმანეთს უყურებენ და გზად ამ თემას აღარ უბრუნდებიან. რავიცი, მე მართლაც გამკვირვებია, რა აზრი აქვს სამხრეთ პოლუსზე წავალ, ჩრდილოეთზე თუ ბათუმში? ცოტა ადრე თუ ცოტა გვიან? ჩემი ბოდიში ისევ ჩემთვის იქნება შვება, თორემ იემიმასთვის მოსახდენი უკვე მოხდა. * * * * * * ბათუმი... გერმანიის მშვიდი, გაწკრიალებული ქუჩების შემდეგ, აქაურობა ცოცხალ ორგანიზმს ჰგავს, რომელიც ღამით სულ სხვა რიტმით სუნთქავს. ძველი ბათუმი ჩუმ მოგონებას ჰგავს — ვიწრო, ქვაფენილიანი ქუჩები, კედლებზე შემოხვეული სურო და აივნებზე შემონახული ისტორიები; აქ თითოეულ კუთხეს საკუთარი, ოდნავ მელანქოლიური სურნელი აქვს. ამის საპირისპიროა — ახალი ბათუმი, თავისი ნეონის განათებებითა და ათასფრად მოციმციმე ცათამბჯენებით. ზღვისპირა ბულვარი მუსიკით, ხმაურით და საკუთარი ენერგიით ფეთქავს. აქ ყველაფერი ბზინავს, ჩქარობს და საკუთარი ფასადით ამაყობს. ეს კონტრასტი კი ყველაზე მეტად მაშინ იგრძნობა, როცა ძველი უბნის სიმყუდროვიდან გამოსული, უცებ ზღვისპირა ზოლისკენ ეშვები — თითქოს ისტორიასა და მომავალს შორის გაუვლელი ზღვარი გადაკვეთეო. სხვა რამესაც ვგრძნობ და მეღიმება. იეც ხომ ზუსტად ასეთია — თავისი ბათუმისფერი. ხან წარსულივით ძველი და ღრმაა, ხან მომავალივით იდუმალი, ამოუხსნელი და კაშკაშა. აქ, მის მშობლიურ ქალაქში ყველა კუთხეში მეჩვენება რომ მის ლანდს მოვკარი თვალი, მისი კისკისი ჩამესმა ან, მისმა საყვარელმა სიტყვებმა მიმახედეს: — საღამო მშვიდობისა, ნოა ბატონო. სულ რომ დილით ვენახე, ან შუადღეს, მაინც ასე მომესალმებოდა. რადგან სახუმარო თემად ექცია ეს ამბავი. მეტწილად საღამოს ვიცლიდით ერთმანეთის სანახავად, ამიტომ, დღის ყველა ნაწილში ასე მესალმებოდა და იცინოდა, თავისი მიამიტი, თამამი, საამურად მოკისკისე ხმით. ნოსტალგია ნოსტალგიად და ასე, საათობით ვიხეტიალე მთელს ბათუმში პირველ საღამოს. თუ იემიმასთან შეხვედრისთვის ფეხებს ვითრევდი, სამაგიეროდ მის ქალაქს ვაბეზრებდი თავს. რეზიმ და თინათემ დასვენება არჩიეს. მე კი, ასეთ ფიქრებში გახვეულმა ფეხის ტკივილამდე, ძალების დაცლამდე ვიხეტიალე. უამრავი სტუმარი ყავდა ბათუმს ივლისის მიწურულს. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ იემიმა შავაძეს გულს გადავუშლიდი. და მე თუ ვერა, ჩემი ათასშვიდი ქაღალდის წერილი გამიმაგრებდა ზურგს. ღამით მოუსვენრად ვიყავი. რამდენადაც გარეთ ვგრძნობდი სიცოცხლეს, იმდენად სასტუმროს ნომერში ვიგრძენი უსიცოცხლობა. უჰაერობა კონდიციონერს დავაბრალე, გამოვრთე და ფართოდ გავაღე აივნის კარი. გვიანი იყო და უკვე ქალაქსაც დაემშვიდებინა გულის რიტმი. მე კი იემიმას მონაყოლი გამახსენდა, რატომღაც კონკრეტულად ის ამბავი, რომელზე საუბარიც ყველაზე მეტად გაუჭირდა. მხოლოდ ორიოდე წინადადებით ამიღწერა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი. მშობლები ავარიით დამეღუპა, როცა ოთხი წლის ვიყავი. მას მერე, მთელი წელი ხელიდან არ გამიშვია მათი ბოლო საჩუქარი — ფუმფულა და ფითქინა ბაჭია. ვეხუტებოდი და ცრემლებით ვუსველებდიო ფაფუკ ლოყებს. ყურებიდან ვერ ვიცილებდი მუხრუჭების საზარელ ხმაურს, რომელიც სიზმრებში მეორდებოდაო. როცა დავაპირე მეკითხა, ავარიის თანაზიარი იყავი თქო, — უძირო თვალებით შემომხედა, მითხრა — მიუხედავად იმისა რომ ავარიას არ შევსწრებივარ და რეალურად ის ხმა არ გამიგონიაო. ახლა ჩემშიც იღვიძებს მსგავსი განცდა — როცა ვგრძნობ, როგორ ეგლიჯება ერთმანეთს, შეხორცებული სული და გული; თითქოს მანამდე ერთი ორგანო ყოფილიყვნენ და ახლა, რაღაც ენით აუწერელი ტკივილის ფონზე, ერთმანეთს ცილდებიან. საზარელ ტანჯვას ახასიათებს იმის წარმოსახვა, რაც სინამდვილეში არ გინახავს, მაგრამ შენი უბედურების მთავარი მიზეზი გახდა. 2026 წელი, 17 ივლისი. ბათუმის ძველი, ვიწრო ქუჩები, დეკორატიული ვარდის ბუჩქები და წარწერა ვიტრაჟზე — იემიმას კაფე. მე, ნოა შანდელი, ხელში ძველი საკრავით და მაისურის უბეში ვინილის დისკებით, ისეთი მოწიწებით შევდივარ შიგნით, თითქოს თითოეული ნაბიჯით იემიმას გულ-მკერდზე ვაბიჯებდე. ყველაფერი ისეთია, როგორც იე მიყვებოდა. კაფეტერიაში ნამცხვრების და ყავის სურნელი ტრიალებს, სტუმარი ბევრი არაა, მაგრამ ვინც არიან ეტყობათ რომ წასვლას არ ჩქარობენ. ვიტრაჟის მოპირდაპირედ, კუთხის მაგიდებზე წიგნებსაც კითხულობენ. ბლუზის საამური ჰანგები გზას მიკვალავენ. ოდნავ ჩამომრჩებიან თინათე და რეზი. ისინიც აღტაცებულები ათვალიერებენ ყველაფერს და მალევე სხდებიან ერთ-ერთ მრგვალ მაგიდასთან, ხავერდის სავარძლებზე. მე კი მენეჯერს ვეძებ. მიმტანთან საუბრისას ვამჩნევ, რომ შენობის სიღრმიდან შუახნის მამაკაცი ღიმილით მოემართება ჩვენსკენ. — ეს იშვიათი ნივთი ძალიან მომწონს! ხელს მართმევს და მეცნობა: — ალეკო შავაძე გახლავართ, ამ კაფეტერიის მეპატრონე. ახლაღა ვაკვირდები მის შავ, საგულდაგულოდ დაუთოებულ პერანს. შავ შარვალსა და პრიალა ფეხსაცმელებს. მხოლოდ თმა-წვერი აქვს თეთრი სათნო მასპინძელს. — ელენე შავაძე თქვენი ვინ არის? — სხვა ვერაფერს ვამბობ. — იემიმა მესაუბრებოდა მასზე. მათვალიერებს და სევდით ევსება სახე. — იემიმას მეგობრები ხართ, გასაგებია... — მერე თავს ხრის და სულ სხვა ადამიანივით ამომხედავს — სამწუხაროდ, ჩემმა დამ ამ ზაფხულს დაგვტოვა. ამ პასუხით ისე ვიბნევი რომ ვხვდები ვეღარაფერზე გავესაუბრები. — ძალიან სამწუხაროა... მეტს ვერაფერს ვამბობ. ის კვლავ ჩემს ანტიკვარულ საკრავს უყურებს და ვხვდები, კიდევ აპირებს რაღაცის კითხვას. საუბარს არ ვაცდი: — ძალიან გამიხარდება, თუ ამ ნივთს დაიტოვებთ. იცით, მე ასეთი ნივთისთის სახლში ადგილი არ მაქვს და თქვენს კაფეში იქნებ მოგეძებნოთ მისთვის კუთხე? — ამ ნივთს სოლიდური ფასი ექნება, ყმაწვილო. რას ბრძანებთ! — არა, არა! არც დრო მაქვს ამის და არც ნერვი, არანაირ თანხას არ ვითხოვ, უბრალოდ აქ დააბინავეთ, აი, სამი დისკიც მაქვს. გამომართვით. — ვერ ვიჯერებ. რა ვთქვა, დიდ მადლობას მოგახსენებთ, თქვენი სახელი? — ნოა, ნოა შანდელი. უცებ დაკვირვებით ამომხედა და დავიბენი კიდეც. მერე კვლავ ღიმილით ამბობს: — შანდელი... რა ნაცნობი სახელი და გვარია ნოა შანდელი... ჰო, რას ვამბობდი? უღრმესი მადლობა და ისღა დამრჩენია ფინჯანი ყავით გაგიმასპინძლდეთ, ნოა. — უარს არ გეტყოდით. — თავაზიანად ვიბადრები და მეგობრებთან ვბრუნდები. — რაო, ნოა? — არაფერი კარგი, ბებია გარდაცვლილა. თინათე თავს ხრის, თითქოს არ გაჰკვირვებია ეს ამბავი. მაგრამ, დიდად არც მაინტერესებს, იცოდა თუ არა. ახლა მთავარი ის იყო, რომ ნივთი, რომელიც უკეთეს ადგილს ვერ მოირგებდა, უკვე დავაბინავე. იემიმას კი, ალბათ, საღამოს ვნახავდი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. — კიდევ რამე კითხე? — არა, არაფერი. თინათე და რეზი ერთმანეთს უყურებენ. ისევ ვფიქრობ, რომ ორივე მათგანს მეტის თქმა და მეტის გაგება სურდა, მაგრამ, არაფერში ერევიან. ამიტომ დავდუმდით, ჩვენ-ჩვენს ფიქრებში დავრჩით და ბათუმურ ყავას შევექეცით. * * * * * * შეიძლებოდა, კიდევ უსასრულოდ გამეყვანა დრო იემიმამდე მისასვლელად, მაგრამ ასე აღარ მოვიქცეოდი. შინაგანად მზადაც ვიყავი. ნიშნებიც ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა. ერთი, რომ ათასშვიდი წერილი მქონდა მისთვის დაწერილი, მეორეც — მეგობრები აღარ დამანებებდნენ თავს და მესამე, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქმის ბოლომდე მისაყვანად — წუხელ იემიმა მესიზმრა. უბრალოდ ვერის ნაქირავებში ვიყავით, გვერდზე მომიჯდა, ფეხები ჩვეულებისამებრ შეიკეცა და მიამიტი თვალებიდან პატარა ეშმაკუნები გადმომისხა სულში. მერე კი ჩვეულებრივად გაიბუსა. როცა რამე სწყინდა და ხუთი წლის გოგოსავით იბუტებოდა, ამ დროს არარსებულ ღაბაბს ჩამოუშვებდა, ლოყებსაც გამობერავდა და მხოლოდ ერთხელ გამოაპარებდა ჩემსკენ მზერას. მერე კი, სანამ თავს არ აჯობებდა, მზერას მარიდებდა. ბოლოს კი, ვითომ არც არაფერი, ისე გააგრძელებდა ჩემთან საუბარს. მე კი, მთელი დარჩენილი საღამო ვფიქრობდი — რით გამოვიწვიე ამ ადამიანის წყენინება? ახლა ვხვდები — იმით რომ დიდხანს ვალოდინე. ვერ ვეუბნებოდი, ვერ ვაღიარებდი, რომ მზად ვიყავი ცვლილებებისთვის, რომ მისთვის, არა მარტო ოჯახს, მთელ სამყაროსაც კი დავუპირისპირდებოდი. და როცა გავბედე, ზუსტად მაშინ აღარ მქონდა ამის არანაირი უფლება. სიზმარი ასე გაგრძელდა — იე გამებუტა, თვალებში მოთამაშე ეშმაკუნები უკან გაიხმო და მზერა ჩაუქრა. ტუჩის კიდეები მოუდუნდა და ერთ წერტილს მიაშტერდა. მე კი ძველებურად აღარ ვადროვე რომ თავისთავად გადავლოდა ეს წყენა და ვკითხე: — რა დაგიშავე, იე? მან კი მომხედა და ტკივილით სავსე ხმით მიპასუხა: — არაფერი, ნოა. გიჟივით გამომეღვიძა, რადგან ამ სიტყვების მერე ის უბრალოდ გაქრა. ისევე გაილია და ჩაქვრა, როგორც მისი ლამაზი თვალები. მე კი, როგორც სიზმრად ისე ცხადში, საწოლში წამომჯდარმა ვიბღავლე: — რა არაფერი, იე, ყველაფერი, ყველაფერი არასწორად გავაკეთე! იმ ერთადერთთან, რომელთანაც არაფერი მინდოდა შემშლოდა. და ამბობ არაფერიო?! ამის მეტი რაც უნდოდა, ის ეთქვა, მაგრამ დავწყნარდი. გავიხსენე, რომ ასეთია იე — ბუტია,ბუსუნა და უთქმელი. ვერ მიხვდებოდი რა სწყინდა, რა სტკიოდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ იქ, პაწია მრგვალ თავში, თავისთვის ატრიალებდა არსაიდან მოტანილ წყენებს. მერე კი, ისევ არსაით გზავნიდა. და ჩემთვის, მუდამ გაზაფხულის მზის სხივად, ზღვის ტალღის ქაფად და კეთილი ზღაპრის სათნო პერსონაჟად რჩებოდა. მეგობრებს ვუთხარი, რომ საღამოს მზად ყოფილიყვნენ. იემიმასთან შესახვედრად მივდიოდი და მათი თანადგომა დამჭირდებოდა. არაფერი უთქვამთ, ისინი ხომ, სწორედ ამიტომ გამომყვნენ ბათუმში. ერთულებოდათ თუ უადვილდებოდათ — მეგობრობასავით მტკიცე ფიცი დამიდეს: არ მიგატოვებთო. იცოდნენ, რომ ყველაფერში ვტყუოდი, იცოდნენ, რომ ამდენი დრო არ უნდა გასულიყო იემიმამდე მისასვლელად, მაგრამ უსიტყვოდ ამყვნენ ამ სიგიჟეში. 18 ივლისის საღამოს ცხრა საათზე ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ავიღეთ გეზი. გზა თითქოს არ ჩქარობდა და ჩემსავით ჯიუტობდა. თითქოს ყველა შუქნიშანზე წითელი დაგვხდა. რეზი სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა ჩემსავით. თინათე კი, რომელიც ამას სხვა დროს სასტიკად გააპროტესტებდა, ხმას არ გვცემდა. ითმენდა კვამლსაც და ჩვენს მდუმარებასაც. ისევ მე შევეცადე სიტუაცია განმემუხტა: — ბიჭო, იეს გაუხარდება, არა ჩვენი მისვლა? სარკეში შემომხედა და თინათემ დაასწრო: — იემის თუ იცნობს კაცი, მიხვდება რომ ძალიან გაუხარდება. — მეც მასე ვფიქრობ... მასე ვიცნობ... — ვჩურჩულებ და იმ ქუჩის აღმართივით ვმძიმდები, რომელსაც ავუყევით. უცებ ყელში ბურთი გამეჩხირა, ნერწყვს ვერ ვყლაპავ, პირი მიშრება. მერე ვხვდები რომ ჰაერიც არ მყოფნის. არა იმიტომ რომ მისვლა მიმძიმს, იმიტომ რომ იე სხვაგვარად იმსახურებს შეხვედრას. რძისფერი პერანგის გულისჯიბეს ხელს ვადებ და ბეჭდებს ვამოწმებ — იქ არიან, კარგად არიან. — ბიჭო, რეზი, უნდა გააჩერო, რა! — რა?! ორივე ჩემსკენ ტრიალდება. — ჰო რა, გამიჩერე... თქვენ მიდით და ღმერთს გეფიცებით, ოც წუთში მეც მანდ ვარ. ისე ვწრიალებ, აღარ მედავებიან. მანქანიდან გადავდივარ და ქალაქში ვბრუნდები. უკან ერთხელ ვიხედები — მეგობრები მანქანაში ბრუნდებიან და გზას აგრძელებენ. მეც ვჩქარობ და სააგენტოს ნომერს ვსერჩავ. არა... მასთან ასე ვერ მივიდოდი. — ალო, ფაეტონის ქირაობა მინდა. ზუსტად ნახევარ საათში იგივე აღმართთან ფაეტონი ჩერდება, მე ხელში ქაღალდის პაკეტით და შავი ტყავის ჩანთით ზედ ვთავსდები და იმ საკრავს, წინა დღით რომ კაფეტერიაში დავტოვე, გვერდზე ვიდგავ. ასე ჯობდა. ყველაფერი მოვასწარი, ღვთის წყალობით და გზას ვადგები. აღმართს ფლოქვების თქარუნით მივუყვებით. წინ იემიმას ზღვისქაფა თვალები მიგვიძღვის მე და ჩემ თეთრჩოხიან მეფაიტონეს. ქარს აღარ მოაქვს მარილიანი წყლის სურნელი — ირგვლივ მიწისა და კვიპაროსების სუნი დომინირებს. ქვემოთ ნეონში ჩასმული ბათუმი მოჩანს. შორს, შავი ზღვა მთვარის ანარეკლს თავის ნებაზე ათამაშებს. პირველად ვამჩნევ, რომ ცათამბჯენები არ ზეიმობენ, მდუმარებენ და ქალაქს ფარულად დარაჯობენ. ნავსადგურიც კი უხმოდ ითმენს იქაურ ქაოსს და ხმაურს. და იმ ქალაქში ქვემოდ რომ ვტოვებ, სადღაც შუაში, პატარა კაფე იკეტება და ობლობას ებრძვის. ფაეტონი ჩერდება, ფლოქვების ხმა წყდება, ცხენები ფრუტუნით მემშვიდობებიან. მეფაეტონეს თავის თეთრ ჩოხას ვართმევ, ამაში ორმაგს ვუხდი და თავის გზას დავულცავ. რკინის ძველ ჭიშკარს რეზი ორივე ხელით ეყრდნობა და ნელა აღებს. დაჟანგებული ანჯამები ჩუმად, ხანგრძლივად კვნესიან, თითქოს წლების სიჩუმე დაგვერღვიოს. შიგნიდან გრილი ჰაერი და ნესტიანი მიწის სუნი გვეგება. თინათე უხმოდ შევიდა პირველი. რეზი ჩოხას მისწორებს, გერმანულ საკრავს მართმევს და ისიც შედის. მეც უკან მივდევ. ვიწრო, ბეტონით მოპირკეთებული ბილიკი ფიჭვებსა და კვიპაროსებს შორის მიიკლაკნება. ორივე მხარეს ერთმანეთის მიყოლებით იდგა თეთრი, შავი და ნაცრისფერი მარმარილოს სახლები. ზოგან ახალ ყვავილებს ვამჩნევდი, ზოგან უკვე გახუნებულ, გამხმარ გვირგვინებს, როგორც ჩემი გული იეს მონატრებას. ირგვლივ ისეთი სიჩუმე იდგა, საკუთარი ნაბიჯების ხმაც კი გვეხამუშებოდა. ნელ-ნელა აღმართს ფეხით ავუყვებით. შორიდან, მარტოს არ გვტოვებს ბათუმის ხედი — და ზღვა. ქვემოთ სიცოცხლე გრძელდება, აქ კი დრო გაჩერებულია. თინათე უცებ შეჩერდა, თვალზე ხელები აიფარა და განზე გადგა. ნაბიჯიც ვეღარ გადავდგი და არვიცი, რატომ არ მოვკდვი. ჩემს წინ თეთრი მარმარილოს საფლავი იდგა. სუფთა, სპეტაკი, თითქოს ჩვენგან განსხვავებით — ცოცხალი. შავი გრანიტის ფოტოდან ისევ ის მშვიდი, ოდნავ მორცხვი ღიმილი მიყურებს, რომელსაც ათასჯერ შევხვედრივარ და დუმილით სულაც არ მაკვირვებს. დუმილი მის სულშია. ქაღალდის პაკეტიდან ფორთოხლების ამოღებას ვცდილობ, მაგრამ ხელები მიკანკალებს და ისინი ძირს ცვივა. ერთი ჩემი ფეხებისკენ გორდება, მეორე წყვდიადში იკარგება, მესამეს რეზი იჭერს და საფლავის ქვასთან დებს. მის ცრემლიან თვალებს ვგრძნობ, სუნთქვითაც ვხვდები რომ აეტირა. ლარნაკში უკვე შემჭკნარი თეთრი ვარდებია, რომლებსაც ყოველთვე ვუგზავნიდი, — თინათე იღებს და ჩემი ახალი თაიგულით ცვლის. ისიც ქვითინებს. იქვე, ქვის პატარა სკამზე, ჩამოცვენილი ფოთლები ქარს ერთმანეთზე დაელაგებინა. ვეღარ ვსუნთქავ, ცრემლებს მუჭით ვიწმინდავ და ვცდილობ „ეს შეხვედრა“ არ ჩავშალო. ქვის მაგიდაზე საკრავს ვდგამ და დისკს ვამაგრებ. ისმის მოტკბო ჰანგები. ბილი ჰოლიდეის I'll Be Seeing You ედება ჩვენს ყურთასმენას. მუსიკა ვერ ფარავს თინათეს სიტყვებს, რომელსაც რეზის ეუნება: — მეტი აღარ შემიძლია. — გთხოვ... იეს გულისთვის... — რეზის ნაცვლად ნაწყვეტებად ვპასუხობ. იეს ქვასთან ვბრუნდები და წარწერას ვკითხულობ. იემიმა შავაძე 2004 წლის 22 სექტემბერი — 2023 წლის 28 ივლისი. თბილისური წარღვნა და საბედისწერო ავარია. მახსენდება, იემიმასავით როგორ ჩამესმოდა იმ მუხრუჭების ხმა, რომელიც რეალურად არ გამიგონია. რომელმაც ჩემი განთიადის ვარსკვლავი წყვდიადის სამარადისო მნათობად აქცია. — ჩემო ერთადერთო იე, — ვიღებ მის ბეჭედს, რომელზეც ჩემი ინიციალებია, მარილიანი ცრემლით ვაზავებ და ქვაზე ვათავსებ, — ჩემი შენდამი უსაზღვრო სიყვარულის ნიშნად, გთხოვ მიიღო ეს ბეჭედი. — მეჯვარეებო, გთხოვთ... არ იქნება არავითარი დიახ, არ იქნება არავითარი კოცნა და მილოცვები. დამტოვეთ მარტო. ისინი მტოვებენ. თინათეს ჩუმი ქვითინის ხმაც მცილდება. მე კი სტიქიური ნიაღვარივით ბოლო წამამდე დაგუბებული ვსკდები. ამოხეთქილი ემოციები იმდენად ბევრი და სხვადასხვაა, რომ ნაკუწებად ვიშლები და სათითაოდ მივყვები თითოეულს. თავს ვერ ვერევი და ნადირივით ვღმუი, ჩუმად და უსიტყვოდ, მხოლოდ ჩემს გულში. ჩამუხლული, ქვას ჩახუტებული ვითანგები და შავ ჩანთას მისავათებული ვხსნი: იქიდან ათასშვიდ წერილს ვიღებ და სავსე ხელებიდან მიცვივიან, მტოვებენ... ადრესატისკენ ქაღალდის პეპლებივით ფარფატით მიიზიდებიან. მაგრამ, თითქოს არ მცალდება ჩემს იესთან წერილობითი აღსარება. მოულოდნელად ამოვარდნილი ქარით უნდა მივმხვდარიყავი რომ გაწვიმდებოდა. მერე, როგორ გაწვიმდა. ჩემს თავზე ჯერ ქაღალდების ქარბუქი დატრიალდა, მერე კი წვიმით გაჟღენთილებმა ერთმანეთზე დაიკავეს მთელს საფლავზე ადგილი. ზოგიც ალბათ სხვებისკენაც გაცვივდნენ. საშინელი თავსხმა იმ ივლისის ღამის თქეშს იმეორებს. მაგრამ ახლა მე და იეს ნაცვლად ჩემს ნამსხვრევებს და ქაღალდის მონანიებას უტევს. აღარაფერს ვცვლი. წერილებს არ ვშველი. — ეს იეს ცრემლებია, მაშინდელი, გულში დატირებული, ნაღალატები ცრემლები და ახლანდელი, მიტევებულები. საითაც უნდა, იქით მიფანტავს საკუთრებს. თანახმა ხარ, ჩემო იე, ვიცი. თანახმა ხარ მიიღო ბოდიში და ჩემი ბეჭედი... გთხოვ, არ მაპატიო არადროს, გთხოვ, უბრალოდ მიიღე ჩემი ბოდიში... გალუმპული ვდგები, ჩემს კუთვნილ ბეჭედსაც ვიღებ, ი. და შ. გრავირებით, არათითზე ვიკეთებ და ვიბრალებ მეგობრებს, რომლებიც მანქანაში მელოდებიან. მათკენ მივემართები დაცლილი, განადგურებული და ცის ნაჟურით ნაკურთხი. "შენ ისევ მხვდები მოგონებებში." — თავსხმა წვიმაში მინავლებულად გაისმის გადაფარებულში მიტოვებული მუსიკის ტექსტი და ისიც წყდება. ბოლოს, იეს დუმილი უფრო ხმამაღლა ჩამესმის, ქარისგან დარწეულ ფიჭვებსა და კვიპაროსებს შორის რომ დარჩა. მანქანაში ვჯდები, — იე თანახმაა, — ვამბობ და იქაურობას ვტოვებთ. მერე — მხოლოდ ორი ნაცნობი სახე მანქანის წინა ნაწილში, მათთან გაზიარებული სივრცე და შვება. შვება, რომ წლების მერე მაინც მივედი ჩემს ერთადერთთან და ვაჩუქე ბეჭედი, მუსიკა და ფორთოხლები. ვერ ვიტყოდი, რომ ახლაც უმიზნოდ დარჩნენ ის მზისფერები. ამჯერად, ჩვენ ორს შორის ხიდი გადეს. მიყვარს ჩემი ქალაქი, მისი სულის გამძლეობით და აუხსნელი ხიბლით. თბილისში ყოველთვის სასიამოვნოა დაბრუნება — ის ჩემი დაბადებაა, ჩემი ტკბილი ბავშვობა. ოდნავ შესაგრძნობი, დილის გრილი სიო მახელებს. გაღიმებასაც ვახერხებ და იოსებიძისკენ ფეხით ვიღებ გეზს. სახლში მივდივარ. გზაში ვიხსენებ, რომ წინა ღამით, ვიდრე სასტუმროში ავბრუნდებოდი, წვიმამ გადაიარა. ავდექი და დაუგეგმავად, ბათუმის ზღვას მივაბარე ჩემი ნიშნობის ბეჭედი. ზღვა მას მთელი მარადისობა გაუფრთხილდება. იმაზე უკეთ, ვიდრე მე გავუფრთხილდი ჩემს ერთადერთს. გამთენიისას იქაურობა დავტოვეთ და დილის 9 ზე უკვე აქ ვიყავით. ტელეფონს ვიღებ და საერთაშორისო ზარს ვახორციელებ. — ალო... ნოა? არ მჯერა... — მესმის ჩემი ყოფილი ცოლის ეჭვნარევი, ნამძინარევი ხმა. პასუხს არ ვჩქარობ. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ნელა ვუშვებ და: — როგორ ხარ, ენი? დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


