შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერფლიდან ფენიქსამდე - თავი 3


21-07-2026, 16:47
ნანახია 0

ალექსის გვერდით ყოფნა უცნაურ სიმშვიდეს მაძლევდა, მაგრამ იმავე დროს — მძიმე დანაშაულის შეგრძნებასაც. სულ მქონდა განცდა, რომ რაღაცას სასტიკად არასწორად ვაკეთებდი. წინა ურთიერთობა სულ ახალი დასრულებული იყო, როცა ჩემს ცხოვრებაში ალექსი შემოიჭრა. ძველი კოშმარები ჯერ კიდევ ჩემში ცოცხლობდნენ, გონებას მიფანტავდნენ და რეალობის სწორად აღქმის საშუალებას არ მაძლევდნენ.

მომდევნო კვირებში წითელი ხიდი ჩვენს ადგილად იქცა — იქ მივდიოდით ხოლმე ყოველთვის, როცა ქალაქის ხმაურს გაქცევას ვამჯობინებდით. ერთი თვე მირაჟად ქცეულიყო — მის გვერდით წარსული მავიწყდებოდა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა და წარსული უკან დაბრუნდა. ფიქრებმა განსაკუთრებით შემიპყრო. სახლში დედაჩემთანაც ვიჩხუბე და ნერვები პიკზე მქონდა. ალექსმა რომ მომწერა, ვეცადე ჩვეულებრივად მეპასუხა, მაგრამ მან მაშინვე იგრძნო ჩემი შეცვლილი ტონი.

— მირა, რა გჭირს? — მოვიდა შეტყობინება.

— რომ გნახავ, მერე გეტყვი, — მივწერე და ტელეფონი გადავდე.

ვერ მოითმინა. ხუთ წუთში ჩემი სადარბაზოს წინ ძლიერად დაამუხრუჭა და მანამ არ შეწყვიტა ფარების ციმციმი, სანამ ქვემოთ არ ჩავედი.

წითელ ხიდთან რომ მივედით, მანქანიდან მაშინვე გადავედი. ცივი ჰაერი მჭირდებოდა, რომ გონს მოვსულიყავი. ყოველ ჯერზე, როცა ალექსთან შეხვედრის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი, სარკეში საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. იმ გოგოს ნაცვლად, რომელიც მასთან ერთად იცინოდა, სარკიდან ისევ ის მსხვერპლი მიყურებდა, რომელსაც წინა პარტნიორისგან მხოლოდ ყვირილი, ღალატი და ატირებული ღამეები ახსოვდა. როგორ უნდა ამეხსნა ეს ალექსისთვის? როგორ უნდა ვყოფილიყავი მასთან, როცა ჩემი ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოშუშებულიყო?

ალექსი მანქანიდან გადმოვიდა, გვერდით დამიდგა და თვალს არ მაშორებდა.

— რა გჭირს, მირა? რა ხდება, მეტყვი ბოლოს და ბოლოს?

— ვიფიქრე და... ჯობია, ურთიერთობა შევწყვიტოთ.

— რატომ? ასე უცებ რა მოხდა?— უცებ არ მომხდარა, რამდენიმე დღეა ამაზე ვფიქრობ. უბრალოდ, არ ვიცი, როგორ აგიხსნა, რა ხდება ჩემს თავს. შინაგანად სრული ქაოსია, ალექს. ათასი შიში მაქვს, რომელთა გაკონტროლებაც არ შემიძლია. მეშინია, რომ შენც მატკენ. ამ ყველაფრის ფონზე როგორ უნდა შევძლო შენთან ყოფნა?

ალექსი ცოტა ხანს ჩუმად იყო, მდინარის ხმაურს უსმენდა. შემდეგ ნელა გამოიწია, მხრებზე ხელი მომკიდა და თავისკენ შემატრიალა.

— შეძლებ. ნორმალურია, რომ გეშინია. ყველას გვაქვს წარსულის მოჩვენებები, მაგრამ ამის გამო უკან ხომ არ უნდა დავიხიოთ? ერთად გავუმკლავდებით.

— ჩემთან მარტივი არ იქნება, ალექს. კარგად დაფიქრდი.

— მზად ვარ, ასეთი მირაც მივიღო., — თქვა მშვიდი, დარწმუნებული ხმით.

წამით მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ორივე ველოდებოდით, ვინ დაარღვევდა მას პირველი. ალექსმა ხელი ნაზად ჩამომისვა ყელზე, თითები თმაში შემიცურა, ჩემკენ გადმოიხარა და მაკოცა. ეს არ იყო უბრალო კოცნა, ეს დაპირებას ჰგავდა. ისე დავიბენი, გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ მაშინვე მანქანაში ჩავჯექი. გზაში აღარაფერი გვითქვამს. სახლთან რომ გამიჩერა, ძლივს დავემშვიდობე და სადარბაზოში ავირბინე. 

მასთან საუბარმა თითქოს მართლა დამამშვიდა, მაგრამ გულის სიღრმეში ეჭვი მაინც მღრღნიდა: ნამდვილად ღირდა მისი ნდობა, თუ ესეც მორიგი ილუზიის დასაწყისი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent