წითელი სახლის ლანდები (თავი XI)
მესტიაში ერთადერთი ბარი, სადაც გემრიელად დალევა და მუსიკის მოსმენაც კი შეიძლებოდა, რაიონის ცენტრში იდგა, ძველი დუქნიდან ცოტა მოშორებით. დაბალი, ქვის შენობა, რომლის კარნიზზეც ჭირხლი ჯერ არ დამჯდარიყო, მაგრამ ღამის სიცივე უკვე კარგად იგრძნობოდა. ფანჯრებში მკრთალი, ყვითელი შუქი ციმციმებდა და კვამლის სქელი ბოლქვები ვიწრო ბუხრის მილიდან პირდაპირ ვარსკვლავებში იფანტებოდა. სულ სხვა აურა სუფევდა შიგნით. დაბალ ჭერზე ჩამობმულ, გამურულ ძელებზე ჯორის აღვირები და ხარის რქები ეკიდა, კედლებზე კი მოხუცი მონადირეების ძველი სურათები დაეკიდებინათ, დამპალ ჩარჩოებში გამომწყვდეული. ბუხართან ცეცხლი ტკაცუნებდა მშვიდად, ორი მოხუცი ნარდს თამაშობდა კუთხეში და დროდადრო ერთმანეთს აგინებდა ხმამაღლა, თითქოს ეს დავა მათი ცხოვრების ერთადერთი გადასაწყვეტი საკითხი ყოფილიყოს. ასე გაჰყავდა ცხოვრება ორივეს, საათივით ზუსტად. ძველი რადიოდან, თაროზე რომ შემოედოთ ჭურჭლის გვერდით, ძველი, კარგად მივიწყებული სიმღერები იმ სამყაროდან ჟღერდა თითქოს, სადაც დრო ძალიან ნელა გადიოდა. კასიანა კარებში შემოვარდა ქარიშხალივით, რაღაცამ შემოაგდო თითქოს. კაცის ტანსაცმელი ეცვა, როგორც ყოველთვის - მამაკაცური ტყავის ქურთუკი მოეგდო მხრებზე, ალბათ კაკისი, ჩალისფერი კულულები დაუდევრად ჰქონდა შეკრული, ერთი ცალი ჩამოვარდნოდა მხოლოდ შუბლზე და განიერ ჯინსებში დაემალა გრძელი ფეხები. -ედიკო, გენაცვალე, როგორ გიკითხო? - გადასძახა ზღურბლიდანვე ხუმრობით, ხმა ხალისით ჰქონდა სავსე. ბუფეტთან მდგარმა, გამხდარმა, ჭაღარათმიანმა მამაკაცმა თავი ასწია და კასიანა რომ შერჩა ხელში, მოცინარი, ღიმილი მოეფინა სახეზე. უყვარდა, ეს გოგო. -კასიანა ჯაჭვლიანო, - მიმართა სიყვარულით, - შუაღამეს მარტო რომ დახეტიალობ, თუ იცის ბაბუაშენმა? - ჭაღარა თმაზე გადაისვა ხელი და ჭიქა წინასწარ დაუდგა კასის ბართან. იცოდა, რომი რომ უყვარდა ძალიან. ჯაჭვლიანი არ იყო კასიანა. ჯაჭვლიანი ლენა იყო, თვითონ ჯერ ისევ ვასილის გვარს ატარებდა, გელოვანს, მაგრამ მოსწონდა, ასე რომ მიმართავდნენ სვანები, - რამე ხომ არ გიჭირს? -ბაბუაჩემს სძინავს, ედიკო, არ ვენაღვლები, - მოხტუნავე ნაბიჯით მიუახლოვდა დახლს და ხის სკამზე ისე შემოხტა, ცხენზე ჯდებოდა თითქოს, - შენ, ხომ იცი, კარგად ვარ, სანამ ჩემი ჯიბე ცარიელი არ არის და შენი ბოთლი სავსეა. -ორივეს შეგვაქვს წვლილი, შენს ბედნიერებაში, - გაეცინა ედიშერს და რომი ჩამოუსხა ცალი ხელით, - ლენტი ჯერ კიდევ მკლავზე გაქვს შებმული? -ჰო, - წითელ ლენტს დახედა მაჯაზე კასიმ, - მეორე ნახევარს უნდა მისცეო, გადაირია ბაბუაჩემი. მე კიდევ, ჯერ არავის შევხვედრივარ ისეთს, ვისაც გადავცემდი, - ბავშვურად აბუზღუნდა ის. -არ იდარდო, გენაცვალე, შეხვდები ვინმეს, - გაუცინა ედიშერმა, - მთავარია მიიღო, როცა მოვა. -მე ვინ ამიტანს, ედიკო? - ეხუმრა კასიანა, მაგრამ გადაირია ედიშერი. -რას ამბობს ეს ბავშვი, დავით? - გასძახა ბართან მჯდომ მოხუცს ედიშერმა, მთელი დიალოგი რომ მოესმინა უნებურად, - სარკე თუ გაქვს შენ, სახლში, კასიანა? პირველი ჭიქა თითქმის ერთბაშად გამოცალა, ისე, წყალი დაელია თითქოს. ედიშერს არ გაკვირვებია. კასი ზოგადად არ სვამდა, მაგრამ თუ სვამდა - გემრიელად. ხელახლა ჩამოუსხა კაცმა, ულაპარაკოდ. ბოლომდე გაუპილპულა ჭიქა კეთილგანწყობის ნიშნად. -ხომ ის გოგოა, გუშინ დოღი რომ მოიგო? - იკითხა დავითმა, არც ისე ჩუმად და არც ისე ხმამაღლა. -ეგ არის, ეგ. - გაუხარდა ედიშერს, რომ იცნეს კასიანა. ისე უხაროდა თვითონ, კედელზე ჩამოკიდებულ მონადირეებს, კასის ფოტოს მიუკიდებდა გვერდით მალე. წინასწარ იცოდა, ერთ თეთრსაც რომ არ გადაახდევინებდა იმ საღამოს. -ნახევარი თავის სიგრძით! - დაუზუსტა კასიმ, - დაუსხი ედიშერ, დავითს ჩემს ხარჯზე. კიდევ ერთი ჭიქა სულმოუთქმელად გადაკრა კასიანამ. ესიამოვნა დავითს. ახლა უფრო მოეწონა. გადაწყვიტა, რომ ნამდვილად იმსახურებდა გუშინ მოგებას. -მაგარი გოგოა, - გადმოსძახა უკანა მაგიდიდან ბებერმა ხვედიამ, ტოვჯიბუას რომ უგებდა ნარდში, - მაგაზე ამბობენ სოფელში, ისე ცხოვრობს, თითქოს ღმერთმა ორჯერ გადაწერა მისი ბედი და ერთხელ, დამატებით, საჩუქრად მისცაო. ეგრეა, ეშმაკის ფეხო? -კარგი გამონათქვამია, ხვედია, - გაეცინა კასის, უკვე მოჰკიდებოდა ორი ჭიქა რომი, - ედიკო, ჩაწერე, ხვალამდე დამავიწყდება. -სად ჩავწერო, ბარის კედელს ხომ არ მივაწერ? - გამხიარულდა ედიშერი. -გულის კედელს მიაწერე, ედიკო. -შენ გენაცვალე, მაგრად იჯირითაო გუშინ, მეც მომივიდა ამბავი, - ჩაერია მეორე მოხუცი, ტოვჯიბუას რომ ეძახდნენ, ცხვირზე სათვალე ჩამოსწია და კასი შეათვალიერა საგულდაგულოდ, - გოგოს თუ ნატრობ, ასეთი უნდა ინატრო, გაუმართლა ბებერ მგელს, ჰა, კასიანა? სმენოდა კასის მასზე, დიდებული მხედარი რომ იყო ახალგაზრდობაში. კაკი უყვებოდა ხშირად მათზე. -ხვედია, ტოვჯიბუა, - ჩაერია ედიშერი, სახეზე ცოტა დაღლილი ღიმილით, - ორმოცი წელია ერთმანეთს ატყუებთ, ვინ მოიგო, ვინ წააგო, იმ საბედისწერო დღეს დოღში. ერთხელ და სამუდამოდ, გაგვიცხადეთ, ვის ცხენს ჰქონდა უპირატესობა? -ჩემს ცხენს, ცხადია, - ხელი მაღლა ასწია ხვედიამ. -ტყუილს ამბობს, - შეედავა ტოვჯიბუა, - ჩემი ხახუშა, ორმოცდაათი წლის წინ, მთელს ხეობაში პირველი იყო, ეს კაკისაც ახსოვს. -კაკი რომელსაც ეძმაკაცებოდა უფრო მაგრად, იმისი ცხენი იქნებოდა უფრო მაგარიც. ასე ხდება ჯაჭვლიანებში. - ბაბუამისის მოყოლილ ისტორიებზე გაეღიმა კასიანას, მიკერძოებული რომ იყო ყოველთვის და არც მალავდა ამას. -კაკის თვალები ისე ხედავენ, როგორც აწყობთ, - გაეცინა ედიშერს. მესამე ჭიქა რომი უფრო ნელა დალია, თუმცა არა იმდენად ნელა, რომ ედიშერის თვალს გამორჩენოდა რამე. -ხვალ ცხენს რომ ვერ მოახტები, მე ნუ დამზრახავ, - შენიშნა კაცმა, ხელი ჭიქასთან შეაჩერა, ორჭოფობდა, ჩამოესხა თუ არა კასისთვის მეოთხეც. -კარგი, რა, ედიკო. - ლურჯი თვალები შეანათა კასიმ. -ეშმაკის ფეხო. - გაეცინა ედიშერს. გარეთ ღამემ შუადღის სითბოს ბოლო ნაფლეთებიც შთანთქა, ჰაერი ცივდებოდა, სოფლის ქუჩები ცარიელდებოდა. ბარის შიგნით კი, პირიქით, სულ უფრო თბებოდა - ცეცხლისა და ალკოჰოლის ორთქლის შერეული, თბილი ჰაერი ნელ-ნელა ავსებდა პატარა, დაბალჭერიან ოთახს. -მოგვიყევი, დოღის ამბები, ეშმაკის ფეხო, - გამოელაპარაკა უკნიდან ტოვჯიბუა, - მოხუცები ვართ, ვერაფერს ვხედავდით შორიდან. თარაშ ილდანს რომ წაართვი ტიტული, კარგია? -თარაშ ილდანს რომ წავართვი, ტიტული, ეგ არის ამ ამბავში ყველაზე კარგი. - თვალი ჩაუკრა სასაცილოდ ტოვჯიბუას. -ამ გახსენებაზე, - ჩაერთო ხვედია, - მაგ ბიჭს რაღაც აწუხებს. არ მომდის თვალში, ამ ბოლო დროს. -რას ამბობ, ხვედია? - ვერ გაუგო ძმაკაცს ტოვჯიბუამ. -ჯერ არასდროს არ ყოფილა ისე, კაცს ვინმე ჩავარდნოდეს გულში ამ სოფელში და მე არ შემემჩნიოს სულ პირველს. -ეს რას ნიშნავს? - ოდნავ დაიძაბა ედიშერი. იცოდა, ქალივით ჭორაობა რომ უყვარდა ხვედიას. -ეს ნიშნავს, - ჩაერია ტოვჯიბუა, - რომ ხვედია უკვე დაგვითვრა. -ტყუილს ვამბობ ხოლმე? - გაწითლდა მოხუცი, - შენც კარგად იცი, ედიშერ, თარაშ ილდანს, პაწაწინა ბიჭობიდან, არასდროს არავისთვის შეუხედავს ისე, როგორც ვიღაცას უყურებს, ამ ბოლო დროს. -ვის? - კასიმ ვერ გაიგო, რატომ შეეხუთა სუნთქვა წამით. -ეს ჩემი საიდუმლოა, - ჩაეხუტა ხვედია უკნიდან და ისევ ნარდის ქვების ტრიალს მიუბრუნდა, ძმაკაცმა რომ დაქაჩა ქურთუკზე, - თანაც, შენ საკმარისად მთვრალი ხარ ახლა, ხვალ რომ აღარ გახსოვდეს იმისთვის. -ტლიკინა ხარ, ხვედია. - გაბრაზდა ტოვჯიბუა. -ეს ჩემი მეორე სახელია. კასის სახე შეეცვალა ოდნავ, ცისფერ თვალებში, სუსტ ცეცხლის შუქზე, ერთი წამით რაღაც ახალი, გაუგებარი ბზინვარება გაუკრთა. -ამათ არ მოუსმინო, ეშმაკის ფეხო, დაბერდნენ და ჭკუა გამოეცალათ. - ყურადღება გადაიტანა ედიშერმა სასწრაფოდ. -შენ დღეს ძალიან ბრძენი ხარ, ედიშერ. - შეაქო ტოვჯიბუამ. -მე ყოველთვის ბრძენი ვარ, უბრალოდ, რომის შემდეგ, ხმამაღლა ვაფრქვევ. -მეც ასე ვარ! - თავი მოიწონა ხვედიამ. -შენ პირიქით, სულელდები, ხვედია, - გაუსწორა მეგობარმა, - ეს განსხვავებაა, ჩვენ ორს შორის. მთელი ბარი სიცილ-კისკისში ჩაიძირა, კასის ცისფერი თვალები კი, ცოტა ხნით, ჭიქის ბადესთან გაშტერდა. მეოთხე ჭიქა კასიანას უცნაურად შეუმსუბუქდა ხელში, ისე, თითქოს ცარიელი ჭურჭლისთვის მოეკიდა ხელი. ედიშერს არც ეს გამორჩენია. -კასიანა, - თქვა ცოტა უფრო სერიოზულად, - ეს მეოთხეა. მეხუთე უკვე ჩემი პასუხისმგებლობა იქნება. -შეეშვი, კაცო, ედიშერ, - გადაუძახა ხვედიამ, - შეარგე ბავშვს გართობა. -ხვედია, ტოვჯიბუა, თქვენს პატივსაცემად. - მეოთხე ჭიქა მოსვა და სასაცილოდ დაიმანჭა. ორივე მოხუცმა ხმამაღლა გადაიხარხარა და ჭიქებიც, ცხადია, ჰაერში ააწკრიალეს. გარეთ, ვიწრო ქუჩა მთლიანად ჩაყლაპა ღამემ. ბარის ფანჯარას მიელურსმა კასის თვალები. ლამპიონის მკრთალ შუქზე, თარაშის მაღალი ფიგურა გამოიკვეთა. საძოვრებიდან მოდიოდა, ეტყობოდა, მხრებზე ჯერ კიდევ თივის გოდორი ეკიდა და აღვირისთვის ჩაეკიდა გრძელი თითები. კასის გაჯავრებული ბავშვის ღიმილი გადაეფინა სახეზე. გამხიარულდა წამში, სასწრაფოდ წამოხტა, ხელი ფანჯარას მიაწება და მთელი ხმით დაუყვირა შუშაზე: -თარაშ! თარაშ ილდანო! შეჩერდა თარაში, ცხენი მშვიდად მიაბა ფიცარს და ფანჯარას მოხედა გვერდულად. კასის სახე იცნო შუშის მიღმა და მისი მელოდიური ხმა, ნაზად რომ აპობდა ღამის ჰაერს. შორიდანაც ამჩნევდა მის ნასვამ მზერას, ოდნავ ბინდგადაკრულს ზღვისფერ თვალებზე. ბარში შემოვიდა, მძიმე ნაბიჯებით. -რას აკეთებ ამ ბუდეში თერთმეტ საათზე, ბავშვო, - კოპები შეკრა მან და კასი აათვალიერა დაკვირვებით, სასმლისგან რომ ჩასწითლებოდა თვალები ოდნავ და ნაზი ღიმილი დასთამაშებდა სავსე ტუჩებზე, - რომ დაგსდევენ, ხომ არ დაგვიწყებია? კასის მართლა აღარ ახსოვდა, მამამისის ცხოვრება მთელი თავისი დიდებულებით ახლა მისი პრობლემა რომ გამხდარიყო ასე არსაიდან. -ნუ გამიფუჭებ, ახლა, ხასიათს, - თვალები გადაატრიალა მან, - ვსვამ, დამიჯექი მოდი, თორემ ჭკუიდან იშლება აქ ედიკო. თარაშმა ვერ დაიჯერა წამით, 65 წლის ედიშერს ედიკოს რომ ეძახდა ეს ბავშვი. ედიშერს გადახედა ღიმილით და ხის სკამზე ჩამოჯდა, კასის გვერდით. ჭიქა დაუდგა ედიშერმა, გამოკითხვის გარეშე, თითქოს ეს ჩვევა წლების ისტორია ყოფილიყოს. -არ დალევ? - ჭიქა მიუწია კასიანამ, როცა შეამჩნია, ორჭოფობდა თარაში. -ერთს, - თქვა თარაშმა, - ვიღაც მაინც იყოს ფხიზელი. არა, ედიშერ? - ბარს მოავლო თვალი, ტოვჯიბუა და ხვედია ერთმანეთს ასკდებოდნენ სიმთვრალისგან. -მოსაწყენი ხარ. - ენა ბავშვურად გამოუყო კასიმ. -შენი მხიარულებაც გვეყოფა, ამ საღამოს. - გაუღიმა ოდნავ. მოსწონდა ასეთს რომ ხედავდა. ბედნიერს. კასი შესამჩნევად შებორძიკდა სკამზე და მაგიდას ჩასჭიდა ნატიფი თითები. -ედიშერ, - გადასძახა თარაშმა, - წყალიც ჩამოუსხი ერთი, ამ ბავშვს. -წყალს ვინ დალევს, ღვინის ქვეყანაში, - აღშფოთდა კასი, - წყალი ცხენს რომ ჩამოუსხა, ის აღარ დააკარებს პირს. -ცხენს ჭკუა მოეკითხება, - გამოაცხადა თარაშმა, ეცინებოდა თან, - იცის, როდის ეყოფა. -სულ არ სჭირდება ცხენს ჭკუა, პატრონი როცა ჰყავს წესიერი. - მე დავლევ, შენ მომხედეო, ასე ითარგმნებოდა კასის სიტყვები. -მიდი და მოუგე, ახლა, სიტყვაში! - გამხიარულდა ედიშერი, - პატრონების ხარისხზე თუ ვიმსჯელებთ ... -არ იქცევი პასუხისმგებელ პირად, ედიშერ, ნუ გეშინია. - დაამშვიდა თარაშმა, რომ მას არ მოუწევდა ბარის ნაადრევად დაკეტვა და კასიანას მიტანა ჯაჭვლიანების წითელი აგურის სახლამდე. ამოისუნთქა ედიშერმა. ვერ ჩახედავდა კაკის თვალებში, ასე რომ გამოათრო მისი შვილიშვილი. კასი ხვედიას ეთამაშებოდა უკანა მაგიდაზე ენის გასატეხებით და ედიშერს ესაუბრებოდა თარაში ხმადაბლა. -სულ იმარჯვებს! - გადაირია მთვრალი ხვედია. -ვიმარჯვებ, - სკამზე დაბრუნდა კმაყოფილი, - ნახევარი თავის სიგრძით! - მხარი მიჰკრა თარაშს მსუბუქად. გაეღიმა ილდანს. ლაღი იყო იმ საღამოს კასიანა. საერთოდ, უფროსებთან ურთიერთობა უკეთ გამოსდიოდა ყოველთვის. -მახსოვს. - თავი დაუქნია ილდანმა. -სულ ასე იქნება, - გაეცინა კასის, - სულ ნახევარი თავით წინ ვიქნები შენზე. თარაშს ძალიან ორაზროვნად მოეჩვენა ეს ნათქვამი. ან - არც მოეჩვენა. -მერე, თარაშ, მერე? - საუბრის გაგრძელება სთხოვა ედიშერმა. კასიმ არ იცოდა, რაზე საუბრობდნენ. აღარ გაუგრძელებია ილდანს, - ხედავ? სულ ასეა. იტყვი, ორ წინადადებას და ჩუმდები მერე, თითქოს ფასიანი იყოს შენი სიტყვა და ზედმეტს ხარჯავდე. -ვიცავ, ჩემს სიტყვას, - გაეღიმა თარაშს, - როგორც ცხვარს, ჩემი ღობის მიღმა. ორაზროვანი მოეჩვენა კასიანას ეს ნათქვამი. ან - არც მოეჩვენა. -ჩემზე ამბობს, - დაუზუსტა კასიმ ედიშერს, - მე ვგონივარ ცხვარი. -შენ ცხვარიც ხარ და მგელიც, სიტუაციურად. - გაამხნევა ედიკომ. -ამას კომპლიმენტად მივიღებ, ედი. ხვედიამ და ტოვჯიბუამ, ნარდის დაფასთან, თითქმის ერთხმად გადაიხარხარეს და ერთმანეთს დაუწკრიალეს შუშის ჭიქები. -ედიშერ, - გადმოსძახა ტოვჯიბუამ, - ეს ორი ჩვენს თავს არ გაგონებს, ორმოცი წლის წინ? -ორმოცი წლის წინ ... ეჰ ... ხმაურით ვიცავდით სიყვარულს, - ცხვირით ჩაიცინა ხვედიამ, ნოსტალგია შემოსწოლოდა 7 ჭიქა ჭაჭის შემდეგ, - ახლა კი, ალკოჰოლით ვმალავთ. -შენ ამ საუბარში არ ერევი, ხვედია! - ღიმილით გადაულაპარაკმა თარაშმა ცნობილ ჭორიკანას. -არც ჩაერევა, - დაეთანხმა ედიშერიც, - ეს, ჩემი ბუდის კანონია, იმას ჩავრევ, ვისაც მომინდება. რომი კიდევ ერთხელ ჩამოასხეს. ამჯერად ედიშერმა კასის ჭიქაში მხოლოდ ერთი წვეთი ჩაასხა, ხუმრობდა თითქოს და თან არც. -ეს რა არის? - გაბრაზდა კასი, ჭიქა შუქზე შეათვალიერა, - ჩემი ჭიქა ცარიელია, ედიშერ! -შენი ჭიქა სავსეა, კასიანა! - სწრაფად მოუჭრა გზა ედიკომ. -ფიცრულზე ბუცეფალი მიგიბამს, ბავშვო, - დასჩურჩულა თარაშმა, - უკან წასვლას როგორ აპირებ, რვიანები უნდა ხაზო? კასის მოეჩვენა წამით, რომ ძალიან უხდებოდა სვანური აქცენტი თარაშის მელოდიურ ხმას. -მე ცხენზე მთვრალიც კი ვჯობიარ ბევრს ფხიზელს. - თითი ჰაერში დაატრიალა კასიმ. გადაიხარხარა თარაშმა. -ეს გამონათქვამიც მივაწერო კედელს, - გაიცინა ედიშერმაც, - ეშმაკის ფეხო? -ეს ჩემი ანდერძია, ედიშერ - ხელები ცისკენ აღმართა, - "კასიანა ჯაჭვლიანი, მთვრალიც კი, ბევრ ფხიზელს სჯობია." თარაშს გულში გაჰკრა რაღაცამ, დედამისის გვარის გაგონებისას. -ეს ეპიტაფიაზეც კარგად ჟღერს, - ჩაილაპარაკა ტოვჯიბუამ. -ჩვენ ჯერ არ დაგვჭირდება ეპიტაფია, - უცბად გაბრაზდა თარაში, ხმა შეეცვალა ელვის სისწრაფით. ბარში სიჩუმემ იმეფა წამით, ცეცხლის ტკაცუნის გარდა, არაფერი გაისმოდა სხვა. -ვხუმრობ, თარაშ, - ხმა შეურბილდა კასის, ხელი მხარზე დაადო მხიარულად, - პირდაპირ რატომ იგებ, გასვანდი? -სხვა სახუმარო თემა, ვერ იპოვე, ბავშვო? - წარბი აუწია სასაცილოდ, - სიტყვებს მოფრთხილება უნდა. -მართალს გეუბნება, ეშმაკის ფეხო. - დაეთანხმა ედიშერი. -ფასიც ხომ არ დავადო, შენსავით? - კასი სარგებლობდა, მთვრალი რომ იყო იმით და არაფერს ეუბნებოდა თარაში, თორემ ტყავს გააძრობდა ალბათ, სხვა შემთხვევაში. უკან, ტოვჯიბუა და ხვედია ისევ იმაზე კამათობდნენ, ვისმა ცხენმა გაიმარჯვა დოღში 50 წლის უკან. -ხედავ? - გადაულაპარაკა კასიმ თარაშს, - ორმოცდაათი წელი გავა და ჩვენც ასეთები ვიქნებით, 70-ის. მე ისევ გეტყვი, რომ ნახევარი თავის სიგრძით გაჯობე და შენ მიპასუხებ, რომ გახსოვს. თარაშს გაეღიმა. ნოსტალგია მოაწვა უნებური. ამ დღის, ამ საღამოსი. ესიამოვნა, კასიმ 50 წლის შემდეგაც რომ წარმოიდგინა საკუთარი თავი და ეუცნაურა კიდეც წამით. დაფიქრდა, სად იქნებოდა მართლაც, 50 წელიწადში. იქნებოდა თუ არა, საერთოდ. -ისე სწრაფად გახდები 70-ის, უკან მოხედვას ვერ მოასწრებ, ეშმაკის ფეხო, - დაიცვა თავი ტოვჯიბუამ. -რას ამბობ, ტოვჯიბუა, - შეიცხადა კასიმ, - გვაცადე, წინ დიდი დრო გვაქვს. -ესეც ალკოჰოლის კიდევ ერთი კანონია, ყველას ჰგონია, დრო ბევრი აქვს. -ალკოჰოლის კი არა, ახალგაზრდობის კანინა ეგ, ტოვჯიბუა. - თავი დაუკრა სევდით ედიშერმა. თარაშმა ეს სიტყვები დინჯად შეიწოვა, ხმა არ ამოუღია დიდხანს. მისმა ხელმა ჭიქასთან ერთად ოდნავ შეანელა მოძრაობა. -ჩემი ცოლი, ჩემი ნადია, მე რომ მეკუთვნის. - თბილად გააყოლა თვალი ხვედიამ ცოლს ფანჯრიდან. მაწვნის ქილები მოეკიდა ზურგზე ნადიას და სახლისკენ მიდიოდა აჩქარებით. -შენ გეკუთვნის, ხვედია? - გაეცინა კასიანას. -მე მეკუთვნის, მე კიდე იმას, - გაუღიმა ხვედიამ, - რა გაცინებს, ეშმაკის ფეხო, შენ ვისღა ეკუთვნი? -ცას და მიწას. - კოცნა გაუგზავნა კასიანამ. -რომელს უფრო? - არ დანებდა ხვედია. -ცას უფრო, ვიდრე მიწას. - უპასუხა თარაშმა, კასის ნაცვლად. -ესეც შენი დიაგნოზია? -ეს ჩემი წუხილია, ბავშვო. - ოდნავ დიდხანს მოუვიდა კასიანას, თარაშის თვალებში ყურება და სწრაფად ჩაერთო ედიშერი: -ლექსივით ჟღერს, - თქვა მან. -ალკოჰოლის ბრალია, - მიუთითა თარაშის ჭიქისკენ კასიმ, - მე რომ დამილია. -შეგერგოს. - გაეცინა ილდანს. -ეს იმას ჰგავს, ვინმეს პური რომ მოჰპარო და მადლობა გადაუხადო მერე. - მართლა ბრაზობდა კასიანა. გარეთ, ვიწრო ქუჩაზე, ცხენების თქარათქური გაისმა, ორი-სამი ხმა შორიდან, გაღიზიანებული და გახალისებული ერთდროულად. ედიშერმა თავი ასწია, ფანჯარას მიხედა. -სტუმრები გვყავს! - გაიღიმა მან. კარები მაგრად, ხმაურით გაიღო და ცივმა ჰაერმა, ერთბაშად რომ შემოვარდა ბარში, ცეცხლის ალიც კი შეარხია წამით. ნინას სიცივისგან ასწითლებოდა ლოყები, სქელ შალში გახვეულიყო ანიკაც. უკან ბასა მოსდევდათ, გიოს, ნიკოს და ლაშასთან ერთად. მოკლედ, იქ იყვნენ, სრული შემადგენლობით. -აქ არის! - თქვა ანიკამ და ხელები გაშალა დემონსტრაციულად, - ხომ გითხარით. -მთელი სოფელი გამოვირბინეთ, საათზე მეტია გეძებთ, - დას მიუახლოვდა ნინა და მარჯვენა მხირდან ჩამოუჯდა ხის სკამზე, დაღლილი, - ბატონო ედიშერ, ერთი ჭაჭა, თუ შეიძლება? -ნინა, ნუ მეძახი მეთქი ასე, რამდენჯერ გთხოვე? - მოიღუშა ედიშერი. ძალიან მოხუცად აგრძნობინებდა თავს ნინა. აი, ედიკო კი, ზედგამოჭრილი იყო მისთვის. -რას აკეთებ? - მხარზე ხელი ჩამოადო ანიკამ. -ვსვამდი, - მხრები აიჩეჩა კასიმ, - რატომ მეძებდით? -ლაშა ხოზრეს გადაეყარა, ასე უთხრა ცენტრში კასიანა დავინახე, თოფს თხოულობდაო. -რასო? -თოფს, თოფს. -თოფი რად მინდოდა, ნინა, - ვერაფერი ვერ გაიგო კასიმ, - რომი მინდოდა, რომი. ეს ორი სიტყვა რით ჰგავს ერთმანეთს? -ალბათ, იმით, რომ ორივეში ოთხი ასოა და ხოზრე ყრუა! - დაუდასტურა ნინამ. ბიჭებიც იქვე ჩამოსხდნენ და სასმელი შეუკვეთეს ედიშერს. დიდხანს საუბრობდნენ ხმადაბლა, ხუმრობდნენ, სვამდნენ, ღიღინებდნენ. იმდენი ქნეს, თარაშსაც ძალით ასხამდნენ პირში სასმელს. -ახლა ვითამაშოთ! - გამოაცხადა ნიკომ. -მე გასწავლით, ერთ ძველ თამაშს, - ჩაერია ედიშერი, - თითოეული ერთ სიმართლეს ჰყვება საკუთარ თავზე. თუ მოყოლა არ უნდა, სვამს. -ედიშერ, ასე შენ გამდიდრდები, ჩვენ გამოვთვრებით. - მხრები აიჩეჩა გიომ. -მერე, მაგაშია არსი, რომ კი არ გამოთვრეთ, გაეხსნათ ერთმანეთს, - გადმოსძახა უკნიდან ტოვჯიბუამ, - რომ დადიხართ ქვათა და კლდეთ. -არ არის, ცუდი იდეა, - დაფიქრდა ლაშა, - მე დავიწყებ. ხან და ხან, დოღის დროს, ცხენიდან სპეციალურად ვვარდები, მარიამს რომ შევეცოდო. - მიაყარა უცებ. -რატომ? - გადაიხარხარა კასიმ, - რად გინდა, რომ ებრალებოდე მარიამს? -იმიტომ, ჩემო კასი, რომ მარიამს თუ შეეცოდე, შეუყვარდები კიდეც უთუოდ. ასე მუშაობს მაგისი ტვინი, რა ჩემი ბრალია? -გეთქვა, მარიამი რომ მოგწონდა, - გადაირია ანიკა, - გიშველიდით რაღაცას! -აი, - გამოეხმაურა ტოვჯიბუა, კმაყოფილიყო იყო საკუთარი თავით, - ხომ ხედავთ, უკვე რაღაც ახალი იცით ერთმანეთზე. -ჩემი რიგია, - თქვა ნიკომ, ხელი ასწია, - წინა წელს, აჩრდილს საკვები მოვპარე ღამით, ჩემი ცხენი ცოტა მჭლედ რომ გამომეჩინა შეჯიბრებამდე. -იმიტომ უყვარხარ ალბათ, - გაეცინა თარაშს, - ასე ძალიან. -რა მექნა, - აბუზღუნდა ნიკო, ბინდი გადაჰკვროდა თაფლისფერ თვალებზე სიმთვრალისგან,- კასი რომ არა, შენ მოიგებდი ამ წელსაც. -ჩემი რიგია, - წამოიყვირა ნინამ, - პირველ საღამოს, აქ რომ ჩამოვედით, მთაში, ვოცნებობდი ქალაქში გამგზავრებაზე. ახლა იმას ვნატრობ, რომ აღარასდროს მომიწიოს უკან დაბრუნება. -ეგ ჩვენი სიმართლეც არის, ნინაჩკა, - ლოყაზე აკოცა ნიკომ, - ჩვენც ვოცნებობთ მაგაზე. -არ ამატიროთ! - ანიკა ზედმეტად მთვრალი აღმოჩნდა სენტიმენტებისთვის და წამში ჩამოუგორდა ლოყებზე ნიანგის ცრემლები. მართალს ამბობდა ნინა. იმ ღამით, კაკი რომ დახვდათ წითელი აგურის სახლთან, ეგონა, დასრულდა მისი ცხოვრება. მერე მიხვდა, ჯერ ახლა რომ იწყებოდა ყველაფერი. -კარგი, კარგი, ახლა გიოს ჯერია, - ხელი აიქნია კასიმ, არ უნდოდა ემოციები. -თუ სენტიმენტებია, სენტიმენტები იყოს, - ჭიქა ასწია გიომ, - მამაჩემი მენატრება. ედიშერის ბუდე დადუმდა წამით. ბუზის გაფრენას გაიგონებდით ბარში, ტოვჯიბუა რომ არა, უკანა მაგიდიდან: -მამაშენი მეც მენატრება. -მეც! - აჰყვა ხვედია. -მე არ მენატრება მამაჩემი, - გაეღიმა ანიკას, - არც ის მომწონს, მამას რომ ვეძახი საერთოდ. ეს არის ჩემი სიმართლე. კასის თვალთ დაუბნელდა წამით და ძალიან მოუნდა რამე ჩაერტყა ანიკასთვის, ეს თემა რომ წამოჭრა კიდევ ერთხელ. თარაშმა შეხედა. არ უნდოდა, რამე რომ შეცვლილიყო კასის სახეზე. ბედნიერი იყო იმ საღამოს და ძალიან უნდოდა, ასე დარჩენილიყო ყველაფერი. -არ მინდა, ვასილზე რომ ვილაპარაკოთ, - ჩაერია ნინა. -ნინა, რა წესია? - გაბრაზდა ანიკა, - თქვენ ორნი ყოველთვის ისე იქცევით, თითქოს მხოლოდ თქვენი იყოს ეს ამბავი. მამაჩემიც არის, ეგ კაცი და მეც მეხება ეს ისტორია. მაქვს უფლება, რომ ვილაპარაკო, თუ მომინდება. -გავმხიარულდეთ! - ჭიქა ჰაერში ააწკრიალა კასიანამ, არ გაჰფუჭებია ხასიათი, ან ასე მოეჩვენა თარაშს, - შენი სიმართლე რა არის, ბასა? -ბავშვობაში ჩხუბებში განზრახ ვეხვეოდი, თარაშს რომ დავეცავი მერე. - გაიღიმა ბასამ. -ეგ საიდუმლო არასდროს ყოფილა, - გაეცინა თარაშს ხმამაღლა. -თქვენ ორს შორის უფროსი რომელია? - დაინტერესდა ანიკა, მაგრამ ჯერ კიდევ ბრაზობდა ნინაზე. -ტოლები ვართ, - ბიძაშვილს ხელი გადახვია ბასამ, - კასი, შენ? -მე ვსვამ! - ჭიქას დაავლო ხელი მან. -თარაშ? - ახლა ბიძაშვილს მიუტრიალდა ბასა. -მეც! -რა წესია, - ხარხარებდა ნინა, - ვიცოდი, ეს ორი რომ არ გაიხსნებოდა არაფრით. ხედავ, ტოვჯიბუა ბაბუა? გაგვაცურეს! -ვიცოდი მე, ასე რომ იქნებოდა, - გაეცინა ტოვჯიბუას, - ვერ აალაპარაკებთ მაგათ! -ეს რთული თამაშია, - შენიშნა ედიშერმა, დახლიდან, - ხვედია, ტოვჯიბუა, თქვენც თამაშობთ? -ჩვენ ორმოცი წელია, ერთმანეთს ვეუბნებით სიმართლეს, - ჩაილაპარაკა ხვედიამ, - სხვა არაფერი დაგვრჩენია სათქმელი. -ეს ჩვენებურ თამაშებს არ ჰგავს, - ჩაერია ტოვჯიბუაც, - ამათი თამაში სევდიანია, ჩვენებურში ვიგინებით და ვხარხარებთ. -ორივე შეიძლება ერთდროულად, - გაუბრწყინდა თვალები ანიკას, - მგონი, ცეკვა გვჭირდება. ედიშერი, ამას უცდიდაო თითქოს, ლეპტოპს დაეტაკა და თავისი საყვარელი სიმღერა ამოირჩია. მაინც და მაინც ვერ იყო საცეკვაო, მაგრამ კარგ ხასიათზე დააყენა ყველა. Micky Chance - Stolen Dance გააჟღერა თავის ბუდეში და კმაყოფილი გაიჯგიმა. ახალგაზრდები ისეთი სისწრაფით გაიჭრნენ ბარის ცენტირისკენ, რომ წამით შეზანზარდა ხვედიას და ტოვჯიბუას მაგიდა. -თქვენ გენაცვალეთ! - ღიმილი მიაყოლეს მოხუცებმა და ერთმანეთს მიუბრუნდნენ. აღარც ახსოვდათ, როდის იყვნენ მათი ასაკის. თარაში და კასიანა დარჩნენ მხოლოდ ბართან და ის იყო, კასი კიდევ ერთი ჭიქის ჩაცლას აპირებდა, თარაშმა რომ გამოგლიჯა ხელიდან სასწრაფოდ. აღარ შეწინააღმდეგებია, იცოდა, ზედმეტი რომ მოუვიდოდა და ნაზად გაუღიმა მხოლოდ. მოსწონდა, შეფარვით რომ ზრუნავდა მასზე ილდანი, როგორც არ უნდა შეეფუთა ეს მზუნველობა... ხან ცხვარი ეძახა მისთვის და ხანაც ბავშვი, ეს არ ცვლიდა საერთო ფონს. წამში აორთქლდა სადღაც ედიშერიც, განზრახ დატოვაო თითქოს მარტონი. თარაშს სიმთვრალისგან ღაწვები ჰქონდა ოდნავ შეფაკლული და ახლა უფრო მკვეთრად უნათებდნენ ზეთისხილისფერი თვალები. განიერ გულ-მკერდზე ჯვარედინად დაელაგებინა მკლავები და ისე დაშტერებოდა კასის სახეზე. -დაიღალე? - ხმაში მზრუნველობა გაეპარა ისევ, კასიმ თავი რომ ჩამოდო ბარის მაგიდაზე, სახით მისკენ. -ცოტა, - ღრმად ამოისუნთქა კასიანამ. ხუჭუჭები სახეზე ისე ჰქონდა ჩამოყრილი, თვალებიც აღარ მოუჩანდა და თარაშმა მარცხენა ხელის მსუბუქი მოძრაობით გადაუწია თმა სახიდან. კიდევ ერთხელ ამოისუნთქა კასიანამ და თითის წვერები აეწვა თარაშს მისი შეხებისგან. Keane - everybody’s changing ისე უხდებოდა კასის ნამთვრალევ მზერას, რომ თარაშის ირგვლივ დრო შენელდა წამით. -გინდა წავიდეთ? - ჰკითხა იმპულსურად. არ აინტერესებდა, რომ ძალიან მთვრალები იყვნენ უკვე და ძალიან ერეოდათ ნაბიჯი. -შენთან? - გამოფხიზლდა კასიანა. -ჩემთან. მდუმარე თანხმობა განუცხადა კასიმ და მაჯაზე ჩასჭირდა თლილი თითები, ფეხი რომ არ არეოდა. არ ადარდებდა, ორი წუთის წინ ერთმანეთს რომ ჭამდნენ. უნდოდა მასთან, იმ ღამით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


