შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა(თავი მეექვსე)


გუშინ, 18:25
ავტორი Persephone.notesfromabyss
ნანახია 2

მრავალი წლის წინ, სალხინებელში თონესავით მხურვალე ზაფხული იდგა, იასპისფერი ხეთა შტოები ვიღაცას უხილავი ძაფით დაება, ოდნავადაც კი არ ირხეოდა. ნესტიანი ჰაერი ჩახუთული, ლოდივით მძიმე სახურავივით ჩამომხობოდა თემს და მარშანიების მაღალ, გოროზად წამომართულ სახლსაც.
იოსები შინ არ ბრძანდებოდა, ამიტომ პატარა, ოთხიოდე წლის თუთა ეზოში ღიღინით დარბოდა და ჭრელა-ჭრულა პეპლებს დასდევდა. მათი დაჭერა არ ეწადა ბავშვს, მხოლოდ მოხატული ფრთების ახლოდან ნახვა სურდა. კულულები ზამბარებივით უხტოდა და კისკისებდა. სხვა დროს, დედა გაუწყრებოდა ხმამაღლა სიცილისთვის, თუმცა, დღეს ნანაც კარგ ხასიათზე იყო, სტუმრად მოსულ დას ჩაითა და სახელდახელოდ გამომცხვარი, დათხუპნული, კრემიანი ნამცხვრით უმასპინძლდებოდა.
ნაზიმ დისშვილს პეპლებივით ჭრელი ბაფთები მოუტანა და მზეზე სპილენძშეპარულ თმაზე შეაბნია.
თუთას დეიდა ბავშვობაში ყველაზე მეტად უყვარდა. ქალი სულ ლამაზად ჩაცმული მოდიოდა მათთან, გოგონასთვის ნახატებიანი წიგნები მოჰქონდა, გვერდით მოისვამდა და შორეულ ქვეყნებზე უყვებოდა. თუთას ასე ეგონა, დეიდამ ყველაფერი იცისო. ყელზე ჩამოკიდებულ მძივებზე თამაშის უფლებას აძლევდა, ჰპირდებოდა, წაგიყვან და შენი თვალით განახებ სპილოებს, ჟირაფებსა და ფარშევანგებსო. გოგონას შეიძლება ყოველივეს მნიშვნელობა არ ესმოდა, ვერც ნაზის დიდ, რთულად წარმოსათქმელ სიტყვებს იგებდა, მაგრამ მის კალთაში კატასავით ნებივრობა მოსწონდა.
ნაზი ბევრს ეჩიჩინებოდა დედამისს, თუთასთვის კითხვა მალევე ესწავლებინა. უნდოდა ბავშვი სიყრმიდანვე მეცადინეობას და წესრიგს მიჩვეოდა. ოთხი წლის თუთა ცელქი არ გახლდათ, წყნარი ბავშვი იყო, ხალისიანი, საამოდ ტიკტიკი უყვარდა, თუმცა დეიდამისის თვალში მაინც მავნე ჩანდა. არ უნდოდა თუთა იოსებსა და ნანას ჰგვანებოდა, თუ რამე კარგი და საქებარი ჰქონდა გოგოს, ყოველივე თავისგან დაყოლილად მიაჩნდა, ცუდი და მოსაშორებელი-მშობლებისაგან მიეღო.
ნანას ნამცხვარი უგემური იყო, ყოველ შემთხვევაში, ნაზის ნუგბარს ვერაფრით შეედრებოდა. თუთას დედამაც შეამჩნია, რომ დეიდას მისი ნახელავი არ მოეწონა და ხასიათი მაშინვე მოეშხამა.
თავის მხრივ, დეიდაც ატყობდა დედას რაღაცას, ეს ნამცხვარზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ნანა კარისკენ აპარებდა თვალს და საათზეც ხშირ-ხშირად იყურებოდა.
გაურკვევლობამ დიდხანს არ გასტანა, მეზობლის ბიჭმა ცხელი პური მოიტანა, აჰა რძალო, ბებიამ გამომატანაო. მის დანახვაზე ნანა ჯერ ბრინჯივით დაიბნა, მერე უცოდველი ქალწულივით დახარა თვალები. ნაზი გაცეცხლდა, რამდენი წლის იქნებოდა ჭაბუკი, ოცის? ოცდაერთის? ნანაზე სულ ცოტათი უმცროსი. ბიჭი თუთას ყასიდად წაეთამაშა და გასვლისას, მალულად წაუცაცუნა ნანას თეძოზე ხელი.
თუთა ვერ მიხვდა, რატომ დაიწყო დეიდამ ყვირილი, შეეშინდა, თუმცა მამაც ჰომ სულ ყვიროდა? არც მამას ყვირილის მიზეზი არ იცოდა ხოლმე, თანაც, იოსები ძილშიაც ილანძღებოდა, როგორ უნდა განესაზღვრა თუთას, მამა რის გამო აუწევდა ხმას, როცა ამისთვის არანაირი წინაპირობა არ ესაჭიროებოდა?
დეიდამ თავის ლამაზ, მწვანე ტყავის ჩანთას დასტაცა ხელი, არადა, თუთას მისით თამაში უნდოდა, ისეთი სწრაფად დატოვა ეზო, ბავშვს არც კი დამშვიდობებია. გოგონა გაეტირა, მაგრამ დეიდამ ზედაც არ შეხედა.
პატარამ ცრემლები მუჭით მოიწმინდა, არ უნდა ეტირა, თორემ დედა გაბრაზდებოდა, ტირილი არავის უყვარდა, ტირილის გამო უსათუოდ მაგრად მოხვდებოდა.
ვარდის ბუჩქთან ისევ პეპელა მიფრინდა, გოგოს გაეცინა და კვლავ პეპელას გაეკიდა, ნანა მუხის ჩრდილში კოპებშეკრული იჯდა და დანა პირს არ უხსნიდა.
თუთას კისკისი ნერვებს უშლიდა, ბავშვი ჟინიანობდა და შუადღისას არ იძინებდა, მამამისივით აუტანელი და თავნება იყო, თავის დასაც აგონებდა თუთა. უაზრო კითხვებს უსვამდა დღენიადაგ, მზე საიდან ამოდისო, წყალი სინამდვილეში რა ფერიაო, ღმერთი ჭერში ცხოვრობს თუ ცაშიო, გულს უწყალებდა და აღონებდა შვილი. რატომ აიკიდა ბავშვი, ან იოსებს რატომ მისთხოვდა? ნანა ახალგაზრდა იყო, ლამაზი, სიცოცხლით სავსე. სად ჰქონდა თუთას ნერვები? მერედა, როგორი რთული შვილი ჰყავდა?! სულ თამაში უნდოდა, სულ რაღაცას იშავებდა, სხვისი შვილებივით კი არ იძინებდა თავის დროზე და სხვა ბავშვებთან თამაშობდა?! არა! ბალახს და ყვავილებს ელაპარაკებოდა. ალბათ მამამისივით გულღრძო იყო, იოსების მსგავსად სიამოვნებდა მის ნაშიერს ნანას წამება. რა იქნებოდა, ყურები აღარ გამოეჭედა დედისთვის ზღაპრებზე ლაპარაკით? არც თავისი ნახატები ეჩვენებინა და ღვთის გულისათვის, აღარც ემღერა! იოსები ენას ამოჰლეგჯდა ერთხელაც მაგ სიმღერისათვის თუთას და რანაირად დაეცვა თუთა მამამისისაგან ნანას, რომელსაც უკვე თავადაც ფხასავით ეჩხირებოდა შვილი ყელში?!
უყვარდა, ძალიან უყვარდა, მაგრამ აღარ შეეძლო, მისი დედობა აღარ შეეძლო, აღარც იოსების ცოლობა, აღარც პურის ხელით ცხობა, აღარც ჭურჭლის ცივ წყალში რეცხვა. დედის სახლი ენატრებოდა. ქმარი დედასთან ხშირად წასვლის ნებას არ აძლევდა, არც იყო გასაკვირი, იოსებს დედამისი მართაც კი არ მოსდიოდა თვალში, დედამთილს ნანა უკეთ ექცეოდა, იოსები ჯიჯღინებდა, თავის სახლში დაეტიოს, ჩვენთან ნუ მოდისო.
ნანას დედა ენატრებოდა, ნანა დედამისს ჰგავდა, დედამისიც პრანჭია და ბავშვივით გულღია იყო, მაგრამ უკვე ავადობდა. შვილიშვილის დანახვაზეც კი ვეღარ დგებოდა. ნაზი უვლიდა დედას, ჰოდა, აბა პირხმელი ნაზის გვერდით, როგორ მომჯობინდებოდა მისი საყვარელი დედიკო?
როდესაც თუთა დედის თვალწინ დაეცა და მუხლი გადაიტყავა, ნანა წამოიმართა. გოგომ დამანჭული სახე სწრაფადვე გაასწორა, მოიბუზა, მაგრამ გადარჩა, დედამ მხოლოდ დასვრილი კაბა ჩამოუფერთხა მოღერებული ხელით.
ნანამ თუთას თმაზე ნაზის მიერ შებნეულ ბაფთებს ჰკიდა თვალი, გაცხარდა, ბავშვს თმაში სწვდა, ფეთიანივით დააძრო ბაფთები და თმის ბღუჯაც გამოაყოლა, გაოგნებული თუთა სიმწრისგან აკივლდა და ცრემლები ღაპა-ღუპით წამოსცვივდა.
დედამისს წამიერად შეეზიზღა შვილი, შეეზიზღა თავისი ბრძენი, სხვის საქმეში თავით ჩამძვრალი დის ნაჩუქარი ბაფთებით, თავისი გაფართოვებული, ღილებივით დამრგვალებული თვალებით, რომლებიც ბრალს სდებდა, შეეზიზღა თავისი მჯღავანა ხმით და მორღვეული ლაშებით.
სილა გააწნა, მხეცივით აღრიალდა, ტუჩებს თუ არ დამუწავ კიდევ მოგხვდებაო და პატარა მაჯაში ჩაავლო ღონივრად ხელი.
დიდი ოთახისკენ წაათრია.
ბავშვი მიხვდა, რაც ელოდებოდა და დასაკლავად განწირული გოჭივით მორთო ჭყიპინი.
ოღონდ ოთახი არა! ოღონდ დიდი ოთახი არა! ოღონდ სიბნელე არა! ოღონდ სიბნელე არა!
ნანამ შვილი სახლის ყველაზე დიდ ოთახში შეუძახა, დაფაცხავებული ნივთებით სავსე, მტვრიან და ბნელ ოთახში.
მანდ ეგდე და დაიძინეო, ხმა არ გამცე და თვალით არ დამენახოო.
ქალს კარის გადაკეტვაც კი არ სჭირდებოდა, შვილი ვერასოდეს გაბედავდა ოთახიდან გამოსვლას.
თუთა ძველ, ჟღარუნა საწოლზე აბობღდა და თავი გაპენტილი მატყლის ბალიშზე დადო, გული ამოუჯდა, ვეღარ სუნთქავდა.
ვერ ხვდებოდა რა დააშავა, მაგრამ როდის ხვდებოდა რო? თუთამ შესაძლოა არ იცოდა რა დააშავა, თუმცა ის კი იცოდა, რომ ცუდი ბავშვი იყო. ცუდი ბავშვები აბრაზებდნენ დედას, დედა ნამდვილად ძალიან ხშირად ბრაზობდა, თანაც ცემისას ეუბნებოდა ხოლმე, როგორი ცუდი იყო.
თუთამ ლოცვა დაიწყო, ღმერთი ცუდ ბავშვებს სჯიდა, კუპრში დაიწვებოდა, სიცხე არ უყვარდა, წინა კვირას ხელი დაეწვა და ისე სტკიოდა, როგორ გაუძლებდა ჯოჯოხეთის ცეცხლს?
დედას სიცოცხლეს უმწარებდა თავისი უზნეობით, ღმერთს სთხოვა, მაპატიე და შენთან წამიყვანეო, აბა, თავისით რომ მოეკლა თავი, ეგეც დიდი ცოდვა იყო და ეშმაკები სულ ნაწილებად დაგლეჯდნენ მერე.
ბავშვმა წარმოიდგინა, რომ ეშმაკი ოთახში იჯდა და მის სულს ელოდებოდა, ხმამაღლა დაიქსუტუნა და სახე მაჯით ჩამოიწმინდა.
ტირილი შეწყვიტეო, ერთხელაც შესძახა დედამ.
თუთამ თავი საბანში შეყო და პირი მტვრით ამოევსო, პატარა სხეული ვერხვის ფოთოლივით უთრთოდა.
გაღვიძებულს მზე ჩასული დახვდა, კარი ღია იყო, დედამ მაპატიაო იფიქრა გახარებულმა და ნამძინარევი გამობაჯბაჯდა ოთახიდან.
მაჯა და ლოყა დალილავებული ჰქონდა, ამოგლეჯილი თმა სტკიოდა.
მამა დაბრუნებულიყო, ცხელ წვნიანს შეექცეოდა, თუთა კუთხეში დაჯდა, თოჯინა აიყვანა ხელში. დაარტყა, ურჩობისთვის რომ დაესაჯა, მაგრამ შეეცოდა და გულში ჩაიკრა.
იოსებს უცებ წვნიანის გემო აღარ მოეწონა, კოვზი დააგდო და მათლაფა კედელს შეანარცხა.
ნუთუ ასეთი ძნელი იყო, ერთხელ წესიერი კერძი დახვედროდა ამ დასაწვავ სახლში?!
თუთას ცრემლები მოერია ისევ, მათლაფის ნამსხვრევები მასთან ახლოს დაცვივდა, მაგრამ დედამ თვალები დაუბრიალა და პირზე ააფარა ხელი. ნანას შეეშინდა, ტირილს თუ დაიწყებს, ორივეს დაგვხოცავსო. ელვის სისწრაფით გამოუტანა ახალი კერძი და თუთა ამჯერად თავის საძინებელში შეიყვანა, დაიძინეო.
ბავშვს არ ეძინებოდა, ჭერზე მიკრულ ვარსკვლავებს შესცქეროდა და ნატრობდა, ნეტავ ღმერთივით ჭერში ვცხოვრობდეო,( დედამ ვერ აუხსნა, ჭერში ცხოვრობდა თუ ცაში, თუმცა თავად იმ პერიოდისათვის უფრო ჭერში წარმოიდგენდა ხოლმე, ნეონის ვარსკვლავებთან). რა კარგი იქნებოდა ჭერში, იქ, სადაც დაბლიდან ვერავინ ვეღარ მისწვდებოდა.
************

სალხინებელში ახალი წელი მიილია, თოვლი დადნა და ქუჩები ტალახმა დაფარა, იანვრის ღრეობები დამთავრდა, მაგრამ ზამთარი საშინლად გაიწელა. საკვირაო სკოლაში მეცადინეობანი მალე განახლდა, ლამარას დაჟინებული თხოვნით, ბატონმა მღვდელი გააგზავნა შენობის საკურთხებლად.
საბა საახალწლო სმა-ჭამის შემდგომ დიდად ნასიამოვნები, ნაპატივები და ნაბახუსევი მივიდა სკოლაში.
ბავშვებს შთააგონა, გამოცდის წინ ლოცვაც გეყოფათ, მეტისმეტმა კითხვამ შეიძლება ჭკუიდან შეგშალოთო.
გულდამშვიდებულმა დირექტორმა მამაო გააცილა და თაიას უხმო.
ლამარას კაბინეტი მომცრო, უმზეო ოთახი იყო, თაიას აზრით, დირექტორმა განგებ შეარჩია მუქი ავეჯი, რომ მასწავლებლები იქ შესვლითაც კი დაეფრთხო. ქალს იქაურობა კაქტუსებით აევსო და ერთი კედელი მთლიანად ხატებს ეკავა. მუდამდღე სანთლები ენთო ლამარას, ლოცვანი და მანდილიც პატარა მაგიდაზე დაეწყო.
თაია ყოველ ჯერზე ფიქრობდა, ლოცვის მერე გვტუქსავს თუ ჯერ გვლანძღავს და მერე ლოცვით ინანიებსო. ლამარა საჯარო სკოლაშიც ულმობელი იყო, საშინლად ხისტი, კბილებში ამოდებული ლაგამივით ავიწროვებდა მოსწავლეებს, თაიას მაშინ გადაეკიდა, როდესაც გოგომ მეხუთე კლასში გადაწერილი დავალება მიუტანა და დამსწრესთან შეარცხვინა. მართალია, დამსწრე საერთოდ ვერ მიხვდა, თაიას თხზულება თაიას ეკუთვნოდა თუ ილია ჭავჭავაძეს, მაგრამ ლამარამ მიზნად დაისახა, ამგვარი დამცირება აღარავისთვის შეერჩინა და თაიასთან ერთად თუთა და კატუშაც დასაჯა, ვინაიდან ვერ დაადგინა, ზუსტად რომლის დაწერილი იყო ხსენებული თხზულება.
ახლაც, გოგოს განსაკუთრებით რთული განტოლებები მისცა, შენ მოსწავლეებს ამოახსნევინეო. თაიამ იცოდა, რომ ბავშვები ამ მასალას ჯერ ვერ მოერედნენ, მაგრამ ლამარა ალბათ მიზეზს ეძებდა, რათა თაისთან ერთად ისინიც დაელანძღა. ფურცლები წამოკრიფა და დირექტორს უტიფრად შეჰპირდა, შემდეგ ტესტირებაზე შევიტანო, გულში კი დაიქადნა, ყველას ჩუმად მივეხმარებიო.
ლამარა კაბინეტში მარტო დარჩა, ღვთისმშობლის ხატს შეხედა და პირჯვარი გადაიწერა. მაგიდაზე დადებული ფოტოსურათიდან ლამაზი, პატარა ბიჭი უცინოდა.
ქალი ადრე ღვთისმოსავი არ ყოფილა, ურწმუნო გახლდათ. ფანატიკოსებს ვერ იტანდა. მკაცრი ხასიათი ჰქონდა, გულმოწყალებით არ გამოირჩეოდა, მოსწავლეთა თვალებში დანახული შიში მოსწონდა, თავის ბიჭსაც ასევე ზრდიდა.
ლამარას ღრმად სწამდა, რომ დისციპლინა უპირველესი იყო, თუმცა იგი ღმერთმა დასაჯა და შვილი წაართვა.
ბიჭის გარდაცვალების მერე ქმარმა მიატოვა, სალხინებლიდან გაიქცა და მეორე ოჯახი შექმნა. ტყუპები შეეძინა, ლამარა ზოგჯერ ტკბილეულს უგზავნიდა ხოლმე ბავშვებს, სანამ პატარები იყვნენ. ქმრის ახალი ცოლი კი წელიწადში ერთხელ, ლამარას შვილის დაბადების დღეზე, სალხინებელში ჩამოდიოდა და ლამარას სასაფლაოზე მიჰყვებოდა.
ენაწყლიანობას ვერც ერთს დასწამებდით, სასაფლაოზე ერთი საათი ჩერდებოდნენ, ვაზაში ძველ ყვავილებს ახლით ცვლიდნენ, დასვრილ ქვას წმენდნენ და უკან ბრუნდებოდნენ.
ტყუპები გაიზარდნენ, რამდენიმე დაბადების დღე ისე მოვიდა, ლამარა სასაფლაოზე მარტო დარჩა. არ სწყინდა, ისედაც მადლიერი იყო ამ თითქმის უცნობი ქალის, რომელიც მის ყოფილ ქმარს საწოლს უთბობდა, იმიტომ რომ გლოვის პირველ ტალღას ლამარას თავი არ შეატოვა. მაშინ ყველა ანუგეშებდა ლამარას, ტვინს უბურღავდნენ, ბავშვი ჯერ გაციებული არ იყო, უკვე ეუბნებოდნენ მიდი, ისევ იყოლიე შვილიო. თითქოს ახალი, მტირალა ჩვილი ლამის თავის სიმაღლემდე წამოზრდილ ბავშვს ჩაუნაცვლებდა.
ბიჭს გიორგი ერქვა, გიორგი- ზრდილობიანი, საყვარელი, პუტკუნა, ლოყაწითელი. თორმეტი წლის გახდა თუ არა, თემში დოღი გაიმართა, ყველაზე მშვიდ ფაშატზე შესვეს. სალხინებლის ბიჭებს ჭენებას ადრევე ასწავლიდნენ, მაგრამ დოღში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ. ამის მიუხედავად, უმცროსები მთავარ მოედანზე წრეს არტყამდნენ ხოლმე. გიორგი ფრთხილი იყო, სხვა ბიჭებივით არ ჭირვეულობდა. დანარჩენები მაინც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ახელებდნენ, შეგნებულად ირჩევდნენ დაუმორჩილებელ ცხენებს.
აგერ, მაგალითად, ბატონის ვაჟი მაშინ რვა წლისა იქნებოდა, ისეთ გადარეულ ბედაურზე შეჯდა, რომ ქალბატონი ანას კივილი ცას სწვდებოდა. აი, ლამარას გიორგი საკმაოდ ოსტატურად შეახტა უნაგირს და ცხენს ფაფარზე მიეფერა. პატარა მხედარი ცხენთან ერთად მორჩილად ელოდებოდა თავის რიგს. დღემდე არავინ იცის, ზუსტად რა მოხდა, ერთი ხელის დაკვრით შეიცვალა ყოველივე, ეს ყველაზე მშვიდი ფაშატი უეცრად გაგიჟდა, წინ გავარდა, წრე დაარტყა და ყალყზე შედგა, გიორგიმ თავი ვეღარ შეიმაგრა და ცხენიდან გადმოვარდა.
ლამარას არ უკივლია, გიორგი ადგილზე გათავდა. მისი წელში გაწყვეტილი შვილის ცხედარი ბატონის სახლში დაასვენეს.
გეკითხებით, მეორე შვილის გაჩენა ლამარას გიორგის გააცოცხლებდა? თუ ლამარას სინანულს გააქარწ....ბდა, რატომ სხვებივით არ ჩამოვკიდეო ჩემ ვაჟსაც ჯვარი?! ქალმა ცხოვრებაში პირველად, შვილის სულის მოსახსენიებელი ლოცვა წაიკითხა, რაღად უნდოდა თავისი უხეირო ქმრის დონდლო მკლავების შეხება? ქმრის, რომელიც კუბოსთან ქალივით ქვითინებდა. რაღად უნდოდა იმისი საცოდავი ფართხალი ლოგინში, კიდევ ერთი ორსულობა, კიდევ ერთი მშობიარობა, მერე თეთრად ნათენები ღამეები, ბავშვის პირველი ნაბიჯები, ანბანის ცნობა და ისევ ეს დაწყევლილი დოღი?!
არა, ლამარას შვილი აღარ უნდოდა, სხვა არა. გიორგი უნდოდა, გიორგის კიდევ სამარიდან ვეღარაფერი წამოაყენებდა.
და ის ქალი, ტყუპების დედა, გაქცეული ქმრის ახალი ცოლიც მადლიერი იყო ლამარასი. იმიტომ, რომ ლამარას შვილი მიწაში იწვა, იმისები კიდე ცოცხლები დაიარებოდნენ და გულში უხაროდა, რომ თვითონ არ ადიოდა თავისი ბიჭების სასაფლაოზე. ეშინოდა, რა ავი სიხარულიაო და არ უნდოდა, ლამარას მისი შვილები დაეწყევლა.
ტყუპებზე არასოდეს ლაპარაკობდნენ, არც გიორგის იხსენებდნენ, დაბარებულნივით უსიტყვოდ ხვდებოდნენ, უსიტყვოდ დადიოდნენ, უსიტყვოდ ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს.
შვილის სიკვდილს დირექტორი არ გამოუცვლია, მარტოდენ ღმერთის იწამა, შეიძლება ახლაც არ სწამდა ბოლომდე, მაგრამ შიში გაუჩნდა, იმქვეყნად სადმე თუ მელოდება გიორგი ჩემი ურწმუნობით უპატრონოდ არ დამრჩეს და მერე საიქიოში ერთმანეთს არ ავცდეთო, ამიტომ წესებს გულდასმით ემორჩილებოდა.
წესების მიყოლა ჰომ ისედაც უყვარდა ლამარას, განა რა უნდოდა, შვილის ცხონებისათვის ლეჩაქჩამოფარებულსაც ევლო?!
*****
კატო ძელსკამზე იჯდა, სქელ ტანსაცმელში ჭიასავით იყო გახვეული და მეგობრებს ელოდებოდა.
ერთი შეხედვით, თუთა და კატო არაფრით არ ჰგავდნენ ერთმანეთს. კატუშაც არანაკლები გულჩვილი იყო, გულჩვილობა თუთაზე მეტადაც კი ეტყობოდა, მაგრამ კატოზე ვერასოდეს იტყოდი, ყურები ჩამოყარა და დინებას მიჰყვებაო. საოცრად სიცოცხლისუნარიანი იყო, ხანდახან, თუთას სურდა კიდეც, კატოსავით ყველაფერი გამოსვლოდა და მოესწრო, სწორედ კატოსნაირ დისშვილს ისურვებდა ალბათ დეიდამისი. ისეთივე ყოჩაღს, ჭკვიანს, განათლებულს. დედაც არ იტყოდა უარს, კატოს მსგავსი მომხიბვლელობა დაჰყოლოდა თუთას.
თავად კატოს დედაც დეიდამისივით მკაცრი იყო, მაგრამ კატომ მის ხელში დაუმორჩილებლობა ისწავლა, გამოიბრძმიდა და კბილებით დაიცვა საკუთარი არსი. გოგონამ ყოველთვის იცოდა რა უნდოდა და მზად იყო, მის მოსაპოვებლად ებრძოლა. მსგავსი ბრძოლის ჟინი დასდევდა თაიასაც, რომელიც თუთასავით მელანქოლიური გახლდათ, მაგრამ ცხოვრებას ფეხქვეშ მაინც არ ეთელინებოდა. ისე, არც თაიასნაირ შვილს იუარებდნენ თუთას ოჯახის წევრები, თუმცა, სამწუხაროდ, ხელში მხოლოდ თუთა შერჩათ.
კატოს საოპერაციოში დგომისაგან ყველა კუნთი სტკიოდა, ხელფასი ამ თვეშიც ძლივს ეყო, თითქმის აღარ ეძინა, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი იყო, მთავარი ექიმი სულ აქებდა. იმსახურებდა კიდეც ამ შექებას, ეჭვი არ ეპარებოდა, ასე თუ გააგრძელებდა, კიდევ ბევრჯერ მოისმენდა ყველასგან ქათინაურებს.
თაია ისევ ამოცანებს ჩაჰკირკიტებდა. მისთვის ამოუხსნელად მარტო ის რჩებოდა, რატომ ანიჭებდათ ადამიანებს სხვა ადამიანების წამება? თაიას ხანდახან ეგონა, მხოლოდ თავად იყო ზედმეტად გულღია, იმიტომ, რომ გოგონას ძალიან ემარტივებოდა ადამიანებს კეთილად მოპყრობოდა. თვლიდა, რომ ყველა ძალით ურთულებდა ერთმანეთს ცხოვრებას და გული სტკიოდა.
ლამარას ახირებას არ შეეპუებოდა, ყველაზე ძლიერ ჯგუფს შეუტანდა მოცემულ მასალას, წინასწარ შეამზადებდა და თუ ლამარა ტესტირების დაკვირვებას მოითხოვდა, პასუხებს ეტყოდა კიდეც თავის მოსწავლეებს.
საათზე გაქცეულმა ისრებმა ზეზე წამოაგდო და ფურცლების დასტა ჩანთაში ჩაყარა. კატო ალბათ გაიყინებოდაო, გაიფიქრა და თუთა მოძებნა. გოგონას ცხვირზე სათვალე დაეკოსებინა, თვალის უპეები ნაცემივით ჩაშავებოდა და გაშმაგებით ფურცლავდა დაშლილ, შუაზე გაფაყოფილ წიგნს.
თუთას მოცემული პროგრამა არ მოსწონდა, სკოლაში გასავლელ ნაწარმოებებს მოსწავლეები აღარ ისმენდნენ, მათი დაინტერესების გზებს ეძებდა. ჯერ იანვრის შუა რიცხვები იყო, არადა, ზამთრის აუტანლობა უკვე ძვალ-რბილში გასჯდომოდა ყველას.
სკოლაში თუთა ბეჯით მოსწავლეს ჰგავდა, წესების დარღვევა არ უყვარდა. დეიდამისი ამეცადინებდა ხოლმე, მისთვის იმედგაცრუებას ისევ დედამისს მწარე ალიყური ერჩივნა. დეიდამ ისეთი შეურაცხყოფა იცოდა, ათას სილას აიტანდა, ოღონდ არაფერი ეთქვა.
სიმართლე რომ ითქვას, ნანას სკოლის ასაკში აღარ უცემია თუთა, ან როდის უნდა ეცემა? თითქმის სულ სამსახურში იყო. ბებიას სამკერვალოშიც აუარება საქმე ჰქონდა, მაშინ ითავა ნაზიმ დისშვილის აღზრდა და მის სწავლა-განათლებას ხელი სერიოზულად მოჰკიდა.
თუთა ზარმაცი იყო, ყოველ შემთხვევაში, დეიდა სულ ამას უმეორებდა. ასოების ცნობაც გვიან ისწავლა, გვიან ნაზის აზრით, იმიტომ რომ ქალი ვერ იტანდა, თუ ბავშვს პირველივე ცდაზე არ გამოსდიოდა რამე. სამაგიეროდ, ცემა დაუშვებლად მიაჩნდა, ამიტომ საათობით ეჯდა გვერდით და ეუბნებოდა, როგორ ვერ მიაღწევდა ცხოვრებაში ვერაფერს, როგორი წარმატებული იყო ყველა მისი კლასელი, როგორ გაიზრდებოდნენ და გახდებოდნენ დიდი ადამიანები, თუთა კი არარაობა იქნებოდა, გოგონა ტიროდა და სთხოვდა, მცემე, ოღონდ თავი დამანებეო. ისტერიულად იგლეჯდა თმას, სახეს იხოკავდა, უარს ამბობდა დავალების დაწერაზე, დეიდას ეხვეწებოდა გაჩუმებულიყო, თუმცა ნაზი შეუვალ ფოლადის აბჯარს ჰგავდა, თითქოს საერთოდ არ ეყურებოდა თუთას ხვეწნა-მუდარა. თან ემუქრებოდა, თუ არ დამიჯერებ, მეც ხელს ავიღებ შენზე და მერე რაღა გეშველებაო.
გოგონა წარჩინებულ მოსწავლედ იქცა, თუმცა დეიდას ესეც არ ჰყოფნიდა, თუთას მაღალი ნიშნები მხოლოდ მაშინ ფასობდა, თუ თუთა სხვებს აჯობებდა. არ უყვარდა, თუ რამდენიმე ბავშვი იღებდა ფრიადს, ესე იგი მარტივი იყოო, ცივ წყალს გადაასხამდა ხოლმე აღფრთოვანებულს და გოგონაც გველის ფხაში ძვრებოდა, ოღონდ ყველა მასწავლებელს შეექო.
ამის გამო თუთა უცნაურ, მარტოსულ ბავშვად ჩამოყალიბდა, არ მოსწონდა კლასგარეშე თამაშობანი, კითხვა შეიყვარა, მაგრამ სხვა ბავშვები რაღაც დროით შეიჯავრა. ისინი ისეთი უდარდელნი იყვნენ, ისეთი ხმაურიანები, ისე უშლიდნენ მასწავლებლებს ნერვებს, მართლა პატარა ბავშვებივით იქცეოდნენ, მაგრამ თუთა პატარა ბავშვი არ იყო. თუთა დიდი უნდა ყოფილიყო.
მერე და მერე დაიწყო მის ბუნებაში მიძინებულმა ამბოხმა გამოღვიძება, თუმცა ეს მუდმივი წინააღმდეგობა არ ყოფილა, უფრო წამიერი აფეთქება. თუთამ თანატოლებთან ურთიერთობა დაიწყო, მაგრამ დეიდასთან განხეთქილებისას თავს ვერ ერეოდა, მაინც წასძლევდა ხოლმე სურვილი, ნაზისთვის თავი მოეწონებინა და თავისი ნებით ურიგდებოდა.
დეიდამისი ახლაც უკმაყოფილი ბრძანდებოდა, თუთა ხომ უბრალო სკოლის მასწავლებელი იყო, ნანასავით თემის საჭორაოც გაიხადა თავი, სალხინებელში არაერთ მამაკაცს ეპრანჭებოდა და როგორც პატარაობაში ეტყოდა ხოლმე, შენი მშობლების ფესვი შენში მთლად ვერ ამოვძირკვეო უმეორებდა.
ვერ შეაყვარა მოსწავლეებს გოგომ კითხვა, ვერ გააღვიძა მათში ინტერესი, ცუდი მასწავლებელი იყო.
თაიას შემოსვლისას ბრახუნით დახურა წიგნი და მხრებჩამოყრილი წალასლასდა.
კატომ, რომელმაც გამოაცხადა, კინაღამ ფეხის თითები დამძვრა ყინვისგანო, მეგობრებს დანაშაული დიდსულოვნად აპატია და სანაცვლოდ, დიონისოს მარანში წასვლა მოითხოვა.
მარანში სიწყნარე დახვდათ, არადა, პარასკევი საღამო იყო.
თითო ჭიქა წითელ ღვინოს მთელი ბოთლი მიჰყვა.
სამივე თითქოს რაღაცას ელოდებოდა და ამ მოლოდინში გარინდულნი, ხსენებული რაღაცისთვის ემზადებოდნენ. არც ერთმა მათგანმა არ იცოდა დაზუსტებით, რა, თუმცა ერთი სული ჰქონდათ, ეს პერიოდი გადაეგორებინათ.
საკვირველია, ფაქტობრივად, ყოველთვის ასე არ იყო?! ადამის მოდგმა რაღაციდან რაღაცამდე ცხოვრობდა. ლოდინში ილეოდა ჩვენი ყოფა, ეს რაღაც მხოლოდ ილუზია იყო, ზღაპრული მირაჟი, იქნებ ოცნებაც, რომელიც ასრულებისთანავე კარგავდა მნიშვნელობას.
სწორედ ამიტომ, სამივე ბოლო გროშებს არ იშურებდა ცოტაოდენი ღვინისთვის, რომელიც ზამთრის გრძელი ღამეების ერთად გადატანაში ეხიდებოდათ.
სალხინებელში ფული მარტო ბატონს და თავადებს ჰქონდათ, ხელფასის გადანახვას ვერც თაია და თუთა შეძლებდნენ. გუბაზი თავის მხარდამჭერებს მუცლის ამოყორვას ჰპირდებოდა, მაგრამ ხალხს კაპიკებიც ჰყოფნიდა. აბსოლუტურ შიმშილს ვერ შეეგუებოდნენ, აი, ამას კი აღარ მოითმენდნენ, მაგრამ ბატონის ნასუფრალი აწყობდათ. ოღონდ ეს ნასუფრალი ჯერ მსუნაგ თავადებს უნდა ეჯიჯგნათ, მერე იმათ ნათესავებს, ბოლოს კი სალხინებლელებსაც შეხვდებოდათ გაქონილი ძვლები.
შედარებით ადრე დაიშალნენ, კატოს სიცივემ თავი აატკია, თაიას დედამისის მოსვლამდე უნდა გაერეცხა სარეცხი, თუთას, როგორც ყოველთვის, არსად ეჩქარებოდა.
ისევ თოვა დაეწყო, მაგრამ ფანტელები გზაში წვიმის წვეთებად გადაიქცა. წვრილად ცრიდა, სამართებელივით ბასრად უსერავდა ცივი წვეთები კანს.
ცხვირი პალტოს საყელოში ჩარგო და ნაბიჯს აუჩქარა. ცენტრში ვიღაცა კალეს მიამსგავსა, იქნებ იყო კიდეც კალე, ახლა ამაზე ფიქრი არ შეეძლო. ჯობდა კაცი კიდევ კარგა ხანს არ ენახა, რა თქმა უნდა, სამუდამოდ ვერ დაემალებოდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად დიდხანს ეცდებოდა მისგან გაქცევას. არც კალე იგიჟებდა თავს მისი დევნით, ეტყობა, საბოლოოდ მოჰბეზრდა თუთასთვის კოჭების გაგორება.
თუთა ლამის წაიღო ფიქრებმა, მაგრამ თვალები მაგრად დახუჭა, ხელები ჯიბეში ჩაიწყო და გზა სირბილით გააგრძელა.




ოთახში ბნელოდა, სარკმელი ღია იყო. ბუხარში ჩამწვარი შეშის ნაჭერი ბოლავდა, აუტანელი, მხრჩოლავი კვამლით ავსებდა იქაურობას.
ახალგაზრდა მამაკაცი საწოლზე იწვა, მიქელანჯელოს ხელით გამოყვანილს მიუგავდა განიერი ყბის ზოლი, მისი თვალები უკუნ წყვდიადს ანათებდა, გეგონებოდათ, ბუხარში მინავლული ცეცხლი მათში აგიზგიზდაო. ბეშქენს დაღლა არ სჩვეოდა, მაგრამ მოეჩვენა, რომ სულიც კვამლით ჰქონდა სავსე.
გვერდი იბრუნა, დედა გაანაწყენა, ვახშომბაზდ უარი განაცხადა. აღარ უნდოდა ბატონის სახის დანახვა, სებემაც მოაბეზრა თავი ქალებზე საუბრით, მაინც რა დაუდგრომელი ინტერესი სწვავდა მის მამიდაშვილს, ყველას კაბის ქვეშ შეეხედა?!
საზიზღარი დღეები იყო, აკორდეონივით გაწელილი, უმარილო, უფერული. მინის კოლბაში ჩავარდნილი ზაზუნასავით გრძნობდა ბეშქენი თავს, აღარაფერი ართობდა.
საბჭოს სხდომებიც განახლდებოდა მალე, მაგრამ იქ ჯდომა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, ყველაზე უკეთ, სწორედ საბჭოზე გრძნობდა მამის ძალაუფლებას, ეს დამცირებისა და ზიზღნარევი მორჩილების უზარმაზარი მარაო მთელი თავისი კუდაბზიკობით გაიშლებოდა ხოლმე იქ და ყველას თავის ჩრდილქვეშ აქცევდა. მისგან წამოსული ნიავქარი თმას ყალყზე უყენებდა ბიჭს, თავადების ჩიფჩიფი, ქირქილი, ქლესა ბურტყუნი…კალე ანდრონიკაშვილის გაბღენძილობა. თითქოს, ბარათაშვილების ბიჭი მარაოს ყოველ დაქნევაზე მის საპირისპირო მხარეს აღმიჩნდებოდა და თავიდან ირიდებდა. ბეშქენს სძულდა იგი, მაგრამ უნდა ეღიარებინა, გულის სიღრმეში შურდა კიდეც კალეს ჩუმი თავდაჯერების.
ბეშქენმა ბავშვობიდანვე იცოდა, რომ ყველას ძალიან უყვარდა. ამაში ეჭვი არასოდეს შეუტანია, დედას შეეძლო საათობით ეცქირა მისი ქერა კულულებისთვის, მამიდა ბიჭს ყველა ახირებას წამში უსრულებდა, ჩამოსული მამიდაშვილები ბეშქენის გარეშე საჭმელსაც კი არ ჭამდნენ, სებე საერთოდ აღარ ჩერდებოდა ბათუმში, ძმაბიჭებში ბიძაშვილი ყველას თავს ერჩია.
მამამისმა ბეშქენის სიყრმე ცხენებით, თავისი გამოთლილი ხმლებით, წიგნებითა და სათამაშოებით აავსო.
როდის შეიცვალა გუბაზი? ან ბეშქენს როდის ჩაესახა გულში მამის სიძულვილის თესლი? ამ კითხვებზე პასუხი თავადაც არ ჰქონდა.
ბატონობამ მამა პატივმოყვარეობას შეაჩვია, მისი პატივმოყვარეობა გათამამებული, დედისერთა ძის ამპარტავნებას დაეძგერა. ბეშქენი გაყოყოჩდა, გაიზარდა, ფიქრობდა, უკვე აღარ სჯერდებოდა ბატონის ვაჟის ტიტულს, ბატონობა სურდა, გუბაზს კი ბატონობა არ ეთმობოდა.
რამდენიც არ უნდა ემტკიცებინა კაცს, სალხინებლის ბატონობა მძიმე ტვირთიაო, ბეშქენს მაინც მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ მამა ჭკუას კარგავდა მთავარ კაცად ყოფნაზე, ამიტომ დააჩლუნგა საბჭოს თავადნიც, მუქთახორა მძორებად აქცია და ჯიბეები ამოუვსო, რომ მათი სიჩუმე ეყიდა.
ხალხს მთელი ცხოვრება ის უმეორა, თუ როგორი ცუდია სამყარო თემს გარეთ.
გუბაზი ჭკვიანი იყო, ტკბილი შხამივით აწვეთებდა სალხინებლელების გულში დანარჩენი ქვეყნიერების სიძულვილს, უწამლავდა გონებას საშინელი სურათებით, როგორ ხოცავდნენ დედაქალაქში ადამიანებს, როგორ სცემდნენ ქმრები ცოლებს, როგორ ღალატობდნენ ცოლები ქმრებს, როგორ შიოდათ ბავშვებს, მაგრამ იმას კი აღარ ამბობდა, რომ სალხინებელში ნაცემი ცოლები მის კარზე მოწყალებას იღებდნენ, ბატონის ცხვირსახოცით იმშრალებდნენ თვალებს და სილურჯეებს ისევ ქმრის სახლებში იშუშუებდნენ.
არ ამბობდა, როგორ ზრდიდა ბეგარას ყოველ წელს, ან რა საჭირო იყო? გლეხების უმეტესობა ოდნავ მომატებულ პროცენტს ვერც ამჩნევდა, სანამ მაგიდაზე ისევ ედოთ გამხმარი პური. თუ ძროხა მოკვდებოდა, ბატონი ახალ ძროხას გაუგზავნიდა ოჯახს, უფრო გამხდარს და სუსტს, თუმცა ზედ ამოყვანილ ყველსაც დაუმატებდა დიდსულოვნების ნიშნად, სანამ ეს ძროხა მოიკეთებს, ბავშვებს სუფრაზე დაუდეო და ისინიც ვერ ხვდებოდნენ, რომ იმათი ძვირფასი ბატონი იმ ღამესაც მაძღარი იძინებდა. თუმცა, სალხინებლელების კუჭი ყოველთვის ნახევრად სავსე იყო, ვინც სულ შიმშილობდა, ის ალბათ იმსახურებდა შიმშილს, ვისი კუჭიც ნახევრად ცარიელი გახლდათ-უმადური იყო.
ბეშქენი წამოდგა, ფანჯარა დახურა, ქვემოდან ჩოჩქოლის ხმა შემოესმა.




თუთას კალამი ძალდატანებით იდრიცებოდა.
“ხანდახან, ალბათ მეც კი მიყვარს ჩემი თავი, ეს მაშინ ხდება, როდესაც არ მაწუხებს განცდა, თითქოს სხვებს ვეზიზღები.
მინდა საკუთარი თავი სხვათა დაფასების გარეშეც მიყვარდეს. ამ წუთას, სამყარო არ მემახინჯება და არც ის მგონია, რომ რაღაც საშინელი ურჩხული ვარ, რომელმაც ყველა ჯადოთი შეკრა, ნიღბის უკან დაიმალა, გააცურა და თავის “სიკარგეში” დაარწმუნა.
ზოგჯერ ვფიქრობ, სიყვარულით და სინაზით ვარ სავსე და არ ვიცი, ამოდენა გრძნობა სად წავიღო, ამიტომ სადღაც ვკეტავ და გასაცემი აღარ მრჩება. მერე თითქოს ვარჩევ, ვის შეიძლება ეს ყოველივე მივცე, მაგრამ, გეგონება განგებ, ისეთ ადამიანებს ვირჩევ, ვინც ვერ გამომართმევს, არ მიიღებს, ხელს ამიკრავს.
მე მთელი ცხოვრება ძალიან მარტოსული ვიყავი, ლაღ ბავშვობაშიც ჩუმად ვტიროდი, რადგან ვიცოდი, ცრემლებზე მეტ სატირალს დამიმატებდნენ. საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, ვეთამაშებოდი, ხელს ხელზე ვიკიდებდი და სულ მინდოდა, კედელი მეპოვა, რომელსაც მივეყრდნობოდი, თუმცა, რასაც მივეყრდენი, ადრე თუ გვიან, მაინც ხუხულასავით ჩამომეშალა.
მეშინია, ხანდახან საწოლში ვწევარ და ამაზრზენი კომფორტით გარშემორტყმული, ძილისაგან დაღლილი ვერ ვინძრევი. ამ შიშს აღარ ვუსმენ, ვცდილობ კლანჭების ჩავლების შანსი არ მივცე, თითქოს რაღაც უსახო, უზარმაზარ მითიურ ურჩხულს გავურბოდე. ახლა ვჩერდები და ვიაზრებ, რომ არაფერიც არ მომდევს, ეს შიში ის ურჩხული არ არის, რომელიც გარედან დაგესხმება თავს და მტრად შორიდან მოგეკიდება, ეს შიში ინფექციაა, რომელსაც მთელ სხეულში აქვს ბინა დადებული.
ოდესღაც შემოიჭრა, შენმა მშფოთვარე გონებამ გულითადად უმასპინძლა, კარგად გამოკვება და ისე ჩაგისახლდა, მის არსებობას შინაურივით მიეჩვიე. თითქოს მოტაცებული პატარძალი ხარ, მასთან იყოფ სარეცელს და შენი პირქუში, უცხო, ხელში უგერგილოდ შემოჩეჩებული შიში გიახლოვდება, შენში ცოცხლობს, ბუშტივით იბერება და ყველაფერს სლიკინა ხელებით ედება. გზარავს, გეზიზღება, მაგრამ უკვე შენია, შენით საზრდოობს, ვერ გააგდებ, კარს ვერ მიუჯახუნებ ცხვირწინ, რადგან უკვე სახლშია. პარმაღს გადმოაბიჯა და ჯეჯილივით გაღვივდა, თავად უსხამ წყალს, მდგმურია, თუმცა ქირას არ ართმევ. ისე ზრდი და უვლი, აი, ანგარიშმიუცემლად რომ მოუდუღებ ხოლმე სტუმარს ყავას.
რისი შიშია? არ ვიცი, შენ თითოეულ ნააზრევს მისწვდა მისი შხამიანი ფესვები და ერთმანეთში აიხლართა. ეჭვიანი საყვარელივით სულ შარზეა და სულს გიხუთავს. არც გიყვარს, არც გინდა, მაგრამ შენი ყოველდღიურობის ნაწილია.
მხოლოდ იმასღა ვფიქრობ, ყურადღება არ მივაქციო, ინფიცირებულმაც ვაკეთო ის, რისი კეთებაც მინდა.
დაე, მეშინოდეს, თუმცა ამან ერთ ადგილას არ გამაქვავოს. თუ გვეშინია, ესეიგი რაღაც ძვირფფასი კიდევ შეგვრჩენია. შენი ყოფა მთლად დასაკარგი და უმნიშვნელო არ არის, რაღაცას კიდევ ფლობ და ებღაუჭები, რათა ხელიდან არ გამოგაცალონ და სანაგვეზე არ მოისროლონ.
ცოცხალი ხარ, ადამიანი ხარ. შიში შენი კომპასია, ფალავანივით კი არ უნდა შეერკინო და ბეჭებზე დასცე, ჭკუა უნდა დაეკითხო ზოგჯერ, საკუთარი თავის ისეთ მივიწყებულ ოთახებში შეგიძღვება და გაგაცნობს, უცილობლად რომ გამოგადგება.”
თუთამ ნაწერს ისე დახედა, თითქოს ხელმა დამოუკიდებლად იმოქმედაო. მძიმედ სუნთქავდა, გონება გაუნათდა. რა ტყუილად იმტვრია ამდენ ხანს თავი, მოსწავლეების დაინტერესების გზა თურმე ყოველთვის ცხვირწინ ჰქონდა.
ძველი რვეული გადმოიღო და ისევ წერას შეუდგა, თვალის დახამხამებაში ჩაამთავრა სტრიქონები, ბევრი აღარ უფიქრია, მეტისმეტი გზნებით ელოდებოდა ახალ დღეს, სახეზე სისხლი მოაწვა და ლოყები შეეფაკლა.
თუთა მარშანია წამოდგა, სარკის წინ უხეშად ჩამოივარცხნა წაბლისფერი ტალღების ხვეულები, ანარეკლს არქაული ღიმილის ჩრდილი დასთამაშებდა. საძინებლის ფანჯრები ფართოდ დახსნა.
ოთახი ღამის სიცივემ აავსო და თუთამ ღრმად ჩაისუნთქა.
*****
-კალისტრატე!-ბარათაშვილების მამულში ცივი, ყინულივით მჭახე ხმა გაისმა.
ამ ხმის პატრონი ქალი იყო, ძალიან ლამაზი ქალი. თმაში ვერცხლისფერი ზოლი ეპარებოდა, თხელი აღნაგობა ჰქონდა, მკაცრად მოკუმული პირი და ირიბად აჭრილი თვალები.
-ჰო.-უკმეხად გაეპასუხა მასპინძელი.
-აქ ცივა.-ზიზღით აპრიხა ქალმა ცხვირი და დივანზე ლარივით მოჭიმული წამოჯდა.
კალე სავარძელში ჩაეფლო და მხრები აიჩეჩა.
-მე მომწონს.
-ფარდები ძველია, ჩრჩილნაჭამი.-ქალმა ფანჯრებისკენ გაიშვირა ხელი, თეთრ თითებზე მასიური ბეჭდები ჰქონდა ასხმული, კალეს რატომღაც მოაგონდა, რომ ბეჭდებს თუთაც ატარებდა, თუმცა ისიც კი არ ახსოვდა, ეს დეტალი როდის შეამჩნია.
-შევცვლი.
-დამლაგებელი რას აკეთებს? რატომაა ამდენი მტვერი?
-დამლაგებელი ბიბლიოთეკაში არ შემოდის.-მოუჭრა კაცმა.
ქალმა მაგიდას თითი გაუსვა და კაცს ცხვირთან მიუტანა.
-თვალებს ნუ გამომთხრი, მე თვითონ გადავწმენდ, როცა მებდომება.
-მოგწონს ლენა?-ირონიულად შენიშნა ქალმა და თავის ადგილას დაბრუნდა.
-ელენეზე სალაპარაკოდ ჩამოხვედი?-დასცინა კალემ.
-არა, თუთაზე სალაპარაკოდ ჩამოვედი.-ნიშნის მოგებით გამოაცხადა ქალმა და გულხელიდაიკრიფა. გაავებულ ძუ მგელს დაემგვანა.
კალე ოდნავ შესამჩნევად შეიშმუშნა.
-ვერ გავიგე.
-მგონი თუთა ჰქვია, მახსოვს მე ეგ გოგო, მამამისმა სახლიდან გამოაგდო ერთხელ და გზაში შემხვდა, ტიროდა წყალი შევთავაზე და უარი მითხრა….
-და?-წარბი ასწია კაცმა.-ჯერ ერთი, რა იცი ვინ საიდან გამოაგდო, მეორეც, რა შუაშია ჩემთან თუთა?!
-ყველამ იცოდა კალისტრატე.
-კარგი, გახსოვს და გახსოვდეს, გეკითხები, მერე?!-ბიჭს ხმაში გაღიზიანება დაეტყო.
-რა გინდა კალე თუთასთან?-პირდაპირ აჯახა.-შენ საერთოდ აზრზე თუ ხარ რანაირი ოჯახიდანაა.
-არ მაინტერესებს, მოდი, მაგ თემაზე სიტყვა აღარ დაძრა კარგი?
-არ უარყოფ?-ქალმა წარბები რისხვით შეყარა.
-ვინ რა გითხრა, რა უნდა უარვყო?-აგდებულად გაუცინა ბიჭმა.
-მითხრეს, რომ ლენა დადიანთან ერთად იყავი მეჯლისზე წათრეული, მანამდე თუთას სახლთან დაგინახეს დილაადრიან!-ქალი წამოხტა.-შენი აქ ჩამოსვლის დღიდან ჭორები მესმის, ბოლოს და ბოლოს წამოდი თბილისში!
-დამშვიდდი!-კბილებს შორის გამოსცრა კალემ.-თბილისში არ დავბრუნდები, ელენე ძალიან საყვარელი გოგოა და ბაბუამისი ძალიან საჭირო კაცი, თუთასა და ჩემ შორის არაფერი ხდება, მაგრამ, რომც ხდებოდეს, შენ ვერ დამიშლი და ვერც ვერაფერს დაგპირდები.
ქალს კისერსა და შუბლზე დაბერილი ვენები სახიფათოდ აუთამაშდა და ბიჭს მიეჭრა.
-რა ჯანდაბას აკეთებ აქ? ამიხსენი და თავს დაგანებებ!
-ოჯახის მემკვიდრეობა ჩავიბარე და ვიცავ დედიკო!-მკლავები გაშალა კაცმა და ყველა კბილით გაეცინა.
კალისტრატე დედამისს დაბადების წუთიდან ჯიბრში ედგა, მოსვენებას არ აძლევდა. ბიჭი ხან ხელმოტეხილი ბრუნდებოდა სახლში, ხან ტალახიანი(ქალაქში სადღა პოულობდა ამდენ ტალახს?)
მოზარდობისას კალე ჩხუბისთავი გახდა, კერძო სკოლაში გადაიყვანეს, იქნებ ცოტა დაღვინდესო, თუმცა კვირაში სამჯერ მაინც ბრუნდებოდა ნაცემი.
საბედნიეროდ, ჭკუა საკმარისზე მეტი ჰქონდა, ამ სულელურმა შარიანობამაც გადაუარა და ცოტა ხანს, წყნარ ცხოვრებას მიჰყო ხელი.
მაგრამ, დედამ იცოდა, რომ შვილს სალხინებელი სიკეთეს არ მოუტანდა. თვითონ ძალუმად ეზიზღებოდა თემი და დღესასწაულებზე ჩამოსვლასაც ათასგვარი მიზეზით ირიდებდა.
-წამომყევი!
-მართლა რა გინდა ნინო? ყურიც ამიწიე ბარემ!
-კარგი, როგორც გენებოს.-დედა დანებდა.-მაგრამ არაადამიანურად იქცევი.
ნინომ ბეწვისსაყელოიანი პალტო დაუდევრად წამოისხა მხრებზე.
-უკვე მიდიხარ?
-აქ დარჩენას არ ვაპირებ. სოროა.
-აბა, კეთილი მგზავრობა!-კაცი დივანზე გაიშოტა.
-არ გამაცილებ?
-მამაჩემმა თუ იცის აქ რომ ხარ?-კალემ დედის კითხვას წაუყრუა.
ნინოს სახეზე სულ, სულ ერთი წამით გადაურბინა ჩრდილმა მამის ხსენებაზე, მაგრამ თავი მაშინვე მოთოკა.
-კი.
-თვითონ რატომ არ წამოგიყვანა?
-ნათლიაშენი მოდიოდა აქეთ.
-რომელი ნათლია?-მამაკაცმა თავი ასწია, ძარღვებში სისხლი აუდუღდა, კალე დასაკბენად შემართულ კობრას წააგავდა.
-ვალერი.-ყრუდ დაილაპარაკა ნინომ.
კაცმა ქალს ენით აუწერელი სიძულვილით გაუსწორა თვალი, წამოდგა, შვილი მაღალი, წარმოსადეგი კაცი დადგა, მაგრამ ნინოს მაინც პატარა ბიჭი გაახსენდა, ოთახის შესასვლელში ატუზული, გაოგნებული, დაბნეული, რაღაცნაირად გულნატკენიც.
კალისტრატე უსიტყვოდ შებრუნდა და მისაღებიდან გავიდა, მისი ნაბიჯების ექომ კედლები აახმიანა.
*****
ალექსანდრე მასწავლებელი სკოლაში ყველას უყვარდა, ისტორიას მისი ხათრით, თავის დროზე ლადოც კი სწავლობდა. სალხინებლის საჯარო სკოლის სული და გული იყო, შეეძლო მოსწავლისთვის ისე გადაეცა იერიქონის დაცემა, რომ ბავშვის ყურებში დაფდაფებს დაეწყოთ ცემა. ეს კაფანდარა, ერთი ციდა კაცი გასაოცარი ოსტატობით აცოცხლებდა ჯვაროსნებს, ვახტანგ გორგასალს, თამარ მეფეს, შეეძლო თავისი თხრობით გაეჭრა მაგიური კარი, საიდანაც ბავშვები ხან კომპიენის ტყეში გადადიოდნენ, ხანაც ვერსალის ჩრდილქვეშ აღმოჩნდებოდნენ, უდიდესი სიყვარულით იხსენებდა ყველა უსახელო გმირის ღვაწლს, ყველა სისხლით შენარჩუნებულ ქვას საქართველოში.
ფილტვის კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს, ალექსანდრემ გადახვეული თუთუნის მოწევა შეწყვიტა. შვილები არ ჰყავდა, მაგრამ სალხინებლის მრავალი თაობა გამოეზარდა, ჯერ სიბერე არ ერეოდა, სკოლაში სიარულს აგრძელებდა, მხნეობის შენარჩუნებაში მეხმარეობაო.
მაგრამ, საახალწლო არდადეგების მერე გამოუცხადეს, რომ მისი “ჯანრმთელობის მეტად დელიკატური მდგომარეობა” სკოლაში სწავლების გაგრძელებაში შეუშლიდა ხელს.
ალექსანდრე განცვიფრებული იყო, ერთადერთი შემოსავლის წყარო დაკარგა, სხვა დროს, ამას კიდევ შეეგუებოდა, მაგრამ ახლა, თავისი ხელფასი წამლების ნახევარშიც არ ჰყოფნიდა, საერთოდ მის გარეშე დარჩენა-სიკვდილს უდრიდა.
ალექსანდრე სიკვდილს არად დაგიდევდათ, თუმცა მოსწავლეებთან დამშვიდობების გარეშე, ძაღლუმადურად გამოგდებულს თავი სად გამოეყო? სიკვდილი ისედაც გვირაბის ბოლოს ელოდებოდა, უწამლობა ისედაც გარდაუვალს მხოლოდ დააჩქარებდა, თუმცა გვირაბის ბოლოში გასვლას ღირსეულად აპირებდა კაცი. სურდა ბოლო თვეები გამოეყენებინა, საყვარელი საქმე ეკეთებინა, თავისი ბეღურებისთვის უწინდებურად ესწავლებინა, სადამდეც ჯანი მიმყვება, მერე ჩემი ფეხით წამოვალო, ფიქრობდა.
ყოველივე ხელიდან გამოეცალა ალექსანდრეს, სამასწავლებლოს კარადიდან გამოლაგებული ნივთები ერთ ჭუჭყიან, ძველ, თითქმის ძირგამძვრალ ყუთში ჩაუყარეს.
ალექსანდრემ სალხინებლის საჯარო სკოლაში 40 წელი იმსახურა, მუყაითად იშრომა და პედკოლექტივშიც კარგი სახელი დატოვა, ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე ეგონა, თუმცა მასწავლებლები თვალს არიდებდნენ კოლეგას, ფაცხა-ფუცხით დაემშვიდობნენ, თითქოს თავადაც ერცხვინებათო საკუთარი თავის.
ალექსანდრე სკოლის წინ იდგა, ხელში ყუთი ეკავა. ამ ყუთში ჩაეტიათ მთელი ეს 40 გრძელი წელი. მთლად ჭაბუკი მოვიდა მასწავლებლად, თუმცა პირველად იგრძნო თავი სნეულ, მომაკვდავ ბერიკაცად.
უჭირდა სკოლისთვის ზურგის შექცევა, ფეხები არ ემორჩილებოდა, სიცივეში ხველა აუტყდა, ძველი ყუთი შუაზე გადაიხსნა და მთელი მისი ავლადიდება ქუჩაში მიმოიფანტა.
ალექსანდრე დაიხარა და ფორთხვით დაიწყო ფურცლების შეგროვება, არადა, ორშაბათს გაკვეთილზე ჟან-ჟაკ რუსოს სოციალური ხელშეკრულება უნდა გაეცნო მოსწავლეებისათვის, ყველაფერი ამობეჭდა და მოამზადა.
ალექსანდრეს ლოყებზე ცრემლები დაეცა, სუნთქვა უჭირდა, ფურცლები ხელიდან უსხლტებოდა, სიცოცხლის წლებივით ეფანტებოდა, დამცირებული და მოდრეკილი, ქუჩაში მუხლებზე იდგა და საკუთარ ნახველში იხრჩობოდა.
მისი შერცხვენის მომსწრე არავინ ყოფილა, კოლეგებმა გამოცილებით თავი არ შეიწუხეს.
ალექსანდრეს სიმწრით გაეღიმა, ძლივს მოიბრუნა სული, ბოლო ღონე მოიკრიბა, წამოდგა, ძირს გაფანტულ ნივთებს თავი მიანება და ბატონთან წავიდა.
სწორედ ალექსანდრეს ყვირილი მოესმა ბეშქენს.
ეს ჩია, კეთილთვალება კაცი ასეთი გაალმასებული პირველად იყო, გუბაზს მიეჭრა და ფილტვების დასკდომამდე უყვიროდა.
-40 წელი! 40! მთელი ჩემი ცხოვრება, ყველაფერი ამ სკოლას შევალიე! ნაჭამი ვაშლივით გამომკრეს ქუჩაში!-კაცი ჩასასუნთქად შეჩერდა.-ისედაც მალე მოვკვდები, აუცილებლად უნდა დაგემცირებინეთ?! თავი არ მოიკატუნოთ, ვიცი, თქვენთან შეთანხმების გარეშე არავინ გამომიშვებდა იქიდან.
გუბაზი ჩუმად უსმენდა, მშვიდი სახე ჰქონდა, ოდნავი სიბრალულითაც უყურებდა მასწავლებელს.
-ალექსანდრე, დამშვიდდი ჩემო კარგო, აი, წყალი დალიე-ანას მოტანილი ჭიქა მიაწოდა. ალექსანდრემ ცოფიანივით აუქნია ხელი.
- არ მინდა!
-კარგი გეთაყვა, ნუ გინდა.-ბატონი სასადილო მაგიდასთან იჯდა, მხრებგაშლილი, ამაყი და ბედნიერი ჩანდა, მოჩვენებითი მწუხარებით შეყარა წარბი.-მე გაგათავისუფლე, მინდა დარჩენილი სიცოცხლე სიმშვიდეში გაატარო, ბავშვების ხმაურის გარეშე.
-მე მიყვარს ბავშვების ხმაური, მე მიყვარს ჩემი მოსწავლეები, მიყვარს გაკვეთილის ჩატარება, ჩემი სკოლა…-კაცებს თვალები აუწყლიანდა.-რატომ მართმევთ?
-ალექსანდრე,-ბატონს ხმა დაუბოხდა.-შენ უკვე დიდი ხანია ურევ, არაფერს არ გეუბნებოდი, ამდენხნიანი სტაჟის ხათრით, მაგრამ შენი სწავლების მეთოდი…-ბატონი სიტყვის საპოვნელად შეჩერდა, ბეშქენმა იფიქრა, მამა განგებ აწვალებსო, ენის წვერზე სინჯავდა სათქმელს და მასწავლების ოფლით დაცვარული შუბლი ართობდა.- საკმაოდ პროგრესულია.
-პროგრესული?-ამოილუღლუღა კაცმა.
-მეტისმეტად თანამედროვე, ბავშვებს სახიფათო იდეებს აწვდი, სკოლის პროგრამას უხვევ, გავიგე, მანიფესტებს უკითხავ. წლები ვითმინე შენი ექსცენტრულობა.-სახე გაუმკაცრდა ბატონს.-ახლა, დროა დაისვენო. მათი პატარა გონება მოწყვლადია, მარტივად სამართავი, არ მინდა ავადმყოფი კაცის უკანასკნელ ნაბოდვარს უსმინონ.
ალექსანდრეს თითქოს მათრახი გადაარტყეს, თვალები გადაეგლისა. მისი მრისხანება ნაღვერდალივით გაქრა.
ბეშქენი გასაცილებლად წამოდგა.
-იყოს, იყოს შვილო, - ხელი აიქნია ალექსანდრემ.-მე თვითონ წავალ.
ღირსების ნატამალი მაინც შემრჩესო, ფიქრობდა გულდათუთქული.
გუბაზი არასოდეს ემხრობოდა დამოუკიდებელი აზროვნების მასობრივ წახალისებას ბავშვებში, მაგრამ რას წარმოიდგენდა ალექსანდრე, კიბოს თუ მოიმიზეზებდა მის თავიდან მოსაშორებლად და უარესი-ასე, შესარცხვენად და გასამწარებლად?
მხრებჩამოყრილი გავიდა და ღამეს შეერია.
****
თუთა გაკვეთილზე შევიდა. აღელვებული იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის, თავი კარგად ეჭირა, თანაც, იცოდა, როგორც კი პირს გააღებდა, თავდაჯერება შეემატებოდა.
ეს ჯგუფი მხოლოდ ხუთკაციანი იყო, მაგრამ ყველაზე დიდები იყვნენ, წელს უნივერსიტეტში აბარებდნენ და სწორედ ამიტომ, მათი ანკესზე წამოგება ყველაზე ძნელი გახლდათ.
ეს ბავშვები უკვე გამოდიოდნენ ბავშვობის ჩრდილიდან და მოწიფულობაში დგამდნენ ფეხს, თუმცა ამას ჯერაც ბავშვური გულუბრყვილობითა და ზრდასრულობისკენ სწრაფვის სურვილით აკეთებდნენ. სასკოლო პროგრამას სკოლაშიც ისმენდნენ, შესაბამისად, საკვირაო სკოლაში მისი თავიდან გავლა აღარ ეპიტნავებოდათ.
-აბა, როგორ ხართ?-ომახიანად დასძახა თუთამ.
ჟუჟუნა ცხვირპაჭუა, თავწითელა გოგო იყო, ფრჩხილებზე მუდმივად შავი ლაქი ესვა და განსაკუთრებით კარგად ეხერხებოდა რთული წინადადებების გარჩევა. ბეჯითი იყო, თუთას პირველი სწორედ ის გაეპასუხა.
-კარგად მას, თქვენ?
-მეც.-თუთამ გოგონას გაუღიმა.
ბავშვებმა ზლაზვნით ამოალაგეს რვეულები, ლექსები რატომღაც არავის უყვარდა, ბიჭებს დავალება ისევ სანახევროდ ეწერათ, თემები სტრუქტურულად ასე თუ ისე გამართული იყო, თუმცა დღეს გრამატიკის წიგნი თუთამ გვერდით გადადო.
-მითხარით, რაზე წერენ რომანტიკოსები?
-სამშობლოზე?-სიცილით უთხრა ნიკამ, რომელსაც ზღარბივით გაბურძგნილი თმა და მეჩხერი კბილები ჰქონდა.
-როცა კითხულობ, გგონია სამშობლოზე კითხულობ?-ჩაეძია მასწავლებელი.
- რავი, ისედაც ხო ვიცით ყველამ რო მაგაზეა.
-საიდან ვიცით, გვითხრეს?-არ ეშვებოდა თუთა.
-ჰო, გვითხრეს. დამუშავებული გვაქვს ეგ თემები მასწავლებელო, დღეს ადრე გაგვიშვით რა!-სთხოვა მარიმ.
-კარგი, ადრე გაგიშვებთ.-დასთანხმდა თუთა. მოსწავლეებმა ერთმანეთს გადახედეს და გაიკრიჭნენ.-ოღონდ მანამდე ერთი თხოვნა მაქვს.-დაამატა მასწავლებემა.
ბავშვებმა ამოიოხრეს, თუმცა თუთა ისეთი მომხიბლავი იყო, ნაცრისფერ შარვალსა და ჟილეტში, თეთრი პერანგის სახელოები დაეკაპიწებინა, თმა მხრებზე ჩამოშლოდა, თვალები კი ეშმაკურად უციმციმებდა, ერთ თხოვნას კი შეუსრულებდა როგორმე კაცი.
-მე უცნობი ავტორის ლექსი მოგიტანეთ, რომელზეც არაფერი არ იცით, რომლის არც ბიოგრაფია გვაქვს, არც სხვა ნაწარმოებები.-გოგომ ფურცლები დაარიგა.
ჟუჟუნამ ლექსი წაიკითხა:
“ მარტოსულია საკანი ჩემი,
მაგრამ ჩემ თავთან მქონდა ყრილობა,
ვერ დავადგინე მას რატომ ვებრძვი,
შემოჩვეული მყავს უძილობა.

თუმც გული ტანჯვით მე აღარ მიძგერს,
სარკეში ანცად ჩამდგარა ლანდი,
უწინდებურად დამაქვს ტკივილი,
მაგრამ გავფანტე რაღაც ეს დარდი.

მე ღამე მიყვარს, წყვდიადის ნაშობს,
ზოგჯერ მაშინებს დღის შუქი-მწველი.
და მაინც ვცდილობ, რომ მას შევცინო,
გადავარწმუნო სიბნელის მცველი.

მე მჯერა ჩემში ნათელიც სახლობს,
სწორედ მისმა სხივმა გადამარჩინა,
თუ ეს უკუნი მთლად ვერ გაფანტა
მცირედი სითბო ჰომ გამოაჩინა?

ეს ტკივილი კარგა ხანს ვდევნე,
მაგრამ რაც უფრო მეტად ვკრავდი ხელს
მედუზასავით მომეკრობოდა,
უსახლდებოდა თავის სასტიკ მკვლელს.

დაგმობილმა და უარყოფილმა,
თავის ტუსაღად გადამაქცია,
ნაძალადევმა აქეთ შემიპყრო
და მერე ლამის მთლად დამაქცია.

ოდესღაც მდგმური, გაიძვერა, ჩუმი,
ანაზდად იქცა ჩემივ მანსპინძლად.
მერე კი მისი მოკვლის ცდისთვის
უარეს ტანჯვით გამიმასპინძლდა.

მრავალი წელი მან მხრა და მთელა,
გაიზარდა, გადიდგულდა, მგვემა.
არ შემარჩინა თავისი რბევა,
წიხლებით შემდგა და ისე მწყევლა.

თითქოს სიკვდილის ხელი შემეხო,
მოსიარულე ნგრევა და ვშთანთქე,
ჩემი სევდა რომ აღარ მეყო,
სხვათა წუხილიც მე გადავყლაპე.

ამგვარი დამღა აროდეს გტოვებს,
ყოველთვის რჩება იგი იარად,
პირს თუ შეიკრავს შენ მაინც გახსოვს,
ოდესღაც რარიგ გადაგიარა.

მაინც ეცდები მის სატუსაღოს
რაღაცა გზებით გამოეპარო,
ო, რა რთულია მასთან ბრძოლაში
შენი სინათლეც არ გაგეპაროს!

არის მომენტი, როცა ნებდები,
საბოლოოდ ჩამოჰყრი მკლავებს,
ამ დროს ან ზავს დადებთ,
ანდაც, სწორედ, მაშინ გაგტეხავს მალე.

მკლავნი, რომლითაც გგონია გახრჩობს,
შემოგეხვევა, გიხუთავს თან სულს,
გაგიკვირდება, ნუთუ ამ ავსულს,
სინამდვილეში მოფერება სურს?

შენ ტკივილს თავისი სენაკი მიეც,
შენთან ცხოვრების ნება დართე,
და მერე სახლის ყოველ კუთხეში
თითო სანთელი მაინც დაანთე.

თუ ვეღარ ჰგუობ მზის კაშკაშა შუქს,
დაე, დაფუძნდი შენ, შენთვის ბნელში!
თუმცა სინათლეს სულ ნუ გაუშვებ,
ეგ ტკივილი არის შენივე ლეში.

ყველას სულშია სარკოფაგები,
ვერ მოიშორებ კუბო-სამარეს,
გუშაგად კი ნუ დაუდგები,
ცოცხალთ მიხედე, მიწას აბარე.

საგოდებელში მუდმივად ჯდომით
საიქიოსთან დაძმობილდები,
როს ხალხში ივლი, შენ მხოლოდ წყნარი,
მოსიარულე გვამი იქნები.

ერთხელ თუ ურჩად შემოგეყარა
უკურნებელი, მტარვალი სენი,
მისით ცხოვრება უნდა ისწავლო,
სხვა გზა აღარ გაქვს,
რაც გინდა ქენი.

ჩემი ყოფა რა არის განა?
ყოველთვის ომი, ზავი, ისევ რღვევა,
და მაინც, ვცდილობ, ვცდილობ და ვცდილობ,
რადგანაც მეტი-არაფერი მრჩება.”

-თქვენ იცნობთ ავტორს?-ჰკითხა მარიმ.
-ჩემი ძველი მეგობარია, ნება დამრთო თქვენთვის გამეზიარებინა მისი შემოქმედება.-დაეთანხმა თუთა.-აბა, რაზეა ლექსი?
-ტკივილზე?-წარბები აწია ნიკამ.
-როგორ მიხვდი?-სარკასტულად დაიჯიჯღინა ჟუჟუნამ.
-არა, რატომ, ასეთი ინტერპრეტაციაც მისაღებია.-გაიღიმა მასწავლებელმა.
-ჩემი აზრით, ტკივილის მორევაზეა.-აღნიშნა მარიმ.
-ბოლოში მაინც უიმედოა და…
-ავტორის სათქმელი…
ყაყანი ატყდა.
-თქვენი დავალებაა, ამ ლექსიდან გამომდინარე შექმნათ თეზისი. - სკამზე ჩამოჯდა თუთა.
-რაზე?
-რაც თავად მოგეჩვენებათ მნიშვნელოვნად. სიყვარულზეა? ტკივილზე? მტკივნეულ სიყვარულზე? სამშობლოს სიყვარულზე? თავად განსაჯეთ. თეზისიც თქვენით აარჩიეთ, არ ჩავერევი.
-უნდა გამოვიცნოთ?
-არა, არაფერია გამოსაცნობი, უბრალოდ მაინტერესებს, ერთმანეთისგან რამდენად განსხვავებულად შეიძლება გაიგონ სხვადასხვა ადამიანებმა ერთი და იმავე ამბავი. შეიძლება, ყველა თქვენგანი მართალი იყოს, მთავარია, როგორ ჩამოაყალიბებთ საკუთარ აზრს. დღეისთვის, სულ ეს იყო.
ბავშვები ჟრიამულით წამოიშალნენ, თუმცა ნიკა კარში შედგა.
-ვინაა ავტორი მასწავლებელო?
-დავალება დამიწერე და გაგაცნობ.
გოგომ თვითონ წიგნის კითხვა დაიწყო, მაგრამ არ დასცალდა, თაია კლასში კისრისტეხით შემოვარდა, ცხარე ცრემლით ტიროდა.
-რა მოხდა?-თუთა სკამიდან გველნაკბენივით წამოვარდა, მეგობარს მაშინვე გადაეხვია და წყალი ჩამოუსხა.- გაგიმ გაწყენინა? დედას ეჩხუბე? თაია, მითხარი შენი ჭირიმე!
თაიამ ამოისლუკუნა და ცხვირი მოიწმინდა
-ალექსანდრე მასწავლებელს თავი მოუკლავს, წეღან გავიგე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent