ჩუმი დაპირებები (თავი 5)
“ნაბიჯების ხმა” ტბის პირას გაჩერებულ მანქანაში ფურცლების შრიალი ისმოდა მხოლოდ. მანქანიდან არ გადადიოდა არცერთი. -რამდენი ხანია, რაც აღმოაჩინა ეს ყველაფერი? - კითხა ბოლოს საბამ. ჩაფიქრებული დაყურებდა საბუთებს. იდაყვით ეყრდნობოდა საქარე მინას. -გუშინ,- უპასუხა ჩუმად, თავი ტკიოდა ამდენი გაუგებრობისგან. -ეს მეორე კომპანიაც სამშენებლოა არა? ერთ კვარტალშია ორივე. -ხო. -სანდრომ პაატასთან ნახა? -ფინანსურ განყოფილებაში. ყველაფერი გასული წლიდან იწყება. -და ყველაფრის გამოტანა შეძლო? -მხოლოდ ნაწილის ასლი გამოიტანა, ისიც სიფრთხილით. არ ვიცი, მათ რა ურთიერთობა აქვთ, მაგრამ მაეჭვებს ეს ყველაფერი, პაატამ ყველაზე ახლობელ ადამიანს დახმარება სთხოვა ამ დროს… -იქნებ ზუსტად იმიტომ, რომ სანდროს დუმილის იმედი აქვს ან ნდობის გამო არ შეამოწმებდა ამ ყველაფერს გულდასმით,- გადახედა მშვიდად გოგოს, თავი საჭეზე რომ ჩამოედო მისი მოსვლის წამიდან. -ეს უბრალო გადარიცხვები არ არის. -მეც მივხვდი. -არა, ნატა. დააკვირდი, თარიღი ნახე,-ხელში ერთ-ერთი ფურცელი აიღო და გაუწუდა, აწია გოგომაც თავი და გამოართვა უსიტყვოდ.- ეს გადარიცხვა ორი თვის წინ გაკეთდა, ზუსტად…-იკბინა ტუჩზე გასაჩუმებლად. -ნიკოს მკვლელობამდე? -ხო, ბოლო კი ზუსტად წინა დღით. -იქნებ დამთხვევაა?-კითხა გულუბრყვილოდ, თავადაც არ სჯეროდა ამ სიტყვების. მოულოდნელად სიმართლის წინ აღმოჩენილმა უკან დაიხია, მამამისის გამართლება დაიწყო გაუცნობიერებლად. არ გაიმეტებდა თავის შვილს ამისთვისო ფიქრობდა, მაგრამ დანარჩენ ოჯახის წევრებს რასაც უკეთებდა? -ხომ იცი.. -ვიცი.-აარიდა მზერა, ოჯახის გამო კიდევ ერთხელ შერცხვა მისი. გაეღიმა საბას, არ დაანება თავის გაწევა მისგან, მიიხუტა ნაზად. -პირველად გვაქვს რაღაც, რასაც კონკრეტულ ადამიანებამდე მივყავართ. -მამაჩემამდე, ყველაფერი პაატამდე მიდის. -ან იმასთან, ვინც მის უკან დგას.-ხელს უსვავთ თავზე რიტმულად, ღრმად ისუნთქავდა მისი თმის ვანილის არომატს. -იგივე არაა? ჩემთვის სულერთია, უბრალოდ მიზეზი მაინტერესებს, ისეთი რა გააკეთა… -გაჩერდი, არ თქვა,- ხელებში მოიქცია მისი სახე და მოწმინდა ცერებით ცრემლები.- ჯერ არაფერი თქვა, ნატა. ჯერ უნდა გავარკვიოთ, არ მინდა რამე ინანო. -რა ვინანო, საბა? ნიკა მოკვდა!- ჩამოაწევინა ხელები და გაატრიალა სახე, ბოლოს ისევ დოკუმენტებს მიუბრუნდა და გაუწოდა ერთ-ერთი. -ეს არ გინახავს, აქ თანხა „კონსულტაციის“ სახელით არის გადარიცხული. კომპანიასთან, რომელსაც ოფიციალურად პაატას ბიზნესთან კავშირი არ აქვს. -მაგრამ? -იმავე კვირაში ეს კომპანია ფულს ურიცხავს სხვა ფირმას, რომელიც… პაატას საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ დამფინანსებელთან არის დაკავშირებული.-სიჩუმე ჩამოვარდა მანქანაში მისი სიტყვების შემდეგ. წარბებაწეულმა გამოართვა ფურცელი და გადაავლო თვალი. -სახელმწიფო ფული კერძო კომპანიებში გადიოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა.-თვალებზე მოისვა ხელი ბიჭმა, ანერვიულდა თავადაც მაგრამ არ შეიმჩნია ნატასთან. ფულის გათეთრება ვერცერთ შემთხვევაში დაიმალებოდა. რატომ გახადა პაატამ ეს საბუთები ასეთი თვალსაჩინო? მახე უფრო ეგონა, ვიდრე სამხილები. -ნატა, თუ ეს დამტკიცდება… -მხოლოდ ამის დამტკიცება არ მინდა! არ მაინტერესებს რა მოუვა პაატას! ჩემი ძმა ვინ მოკლა და რატომ, ეს უნდა გავიგო! პასუხი კი შეიძლება სწორედ აქ იყოს, ამიტომ მოგიტანე! -შეგეძლო სანდროსთან ერთად დეტალურად გაგეარა ყველაფერი, უფრო მეტს გაიგებდი. მხოლოდ ამით…კიდევ გვჭირდება რაიმე, რაც დაამტკიცებს ყველაფერს. -სანდროს ჯერ ვერ ვენდობი, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებას ცდილობს არვიცი ამ წლების განმავლობაში როგორ შეიცვალა, მაგრამ ის აღარ არის ვისაც მე ვიცნობდი. -არ მინახავს ჯერ, განყოფილებაში იყო მოსული მაგრამ გამამწესეს მე გარეთ. -ჰო, დაგაქვეითეს,- გაეცინა პირველად იმ საღამოს,- რაო, რა დააშავე? -გადავამეტე როგორც ჩანს,- უკმაყოფილოდ შეკრა წარბები,- სხვა ყველა საქმე დავხურე. -ყოჩაღი,- დაცინა მაინც, თავს ვერ იკავებდა მისი გამოჯავრებისგან,- ახლა თავისუფლად შეგიძლია გამაჩერო და დამაჯრიმო რამდენჯერაც მოგინდება. -ეგრე თუ გნახავ თორე..- აყვა თავადაც, მოისაწყლა თავი როგორც ჩვეოდა,- არ მოვწონვარ სასიმამროს. -რაო?- მთელი სხეულით შეუბრუნდა მისკენ, წამში გამოფხიზლდა, დაავიწყდა წეღანდელი ღელვაც. ნერვები აუშალა ბიჭის სიტყვებმა,-რას ამბობ? -და შენ თანახმა ხარ? - გადაიხარა მისკენ უფრო,- დავიღალე ამ ბეჭდის ყოველდღე ტარებით. -რას ამბობ საბა?!- ხელი კრა გაბრაზებულმა,- რა არასერიოზულობაა. ნუ ბოდავ! -რას ვბოდავ, გოგო! მოდი.- გაეცინა და ჩაიხუტა მჭიდროდ,-ყველაფერი რომ მორჩება,- დაიწყო ჩუმად,- დავიწეროთ ჯვარი და წავიდეთ სადაც გინდა, სადაც შენ იქნები მშვიდად, გათავისუფლდები… -და მისი საფლავი დავტოვო? მივატოვო?- წამში დაბრუნდა ოცნების სამყაროდან, სადაც ის მომავალი ჰქონდა რომელსაც ევედრებოდა ღმერთს, ყოველდღე, ყოველსაღამოს, საკუთარ ოთახში მყოფი. საბასთან ერთად ბედნიერი, მშვიდი მომავალი, სადაც არ იყვნენ ის ურჩხულები ცხოვრებას რომ უმწარებდნენ. -ვინ გითხრა მივატოვოთო? არ მისმენ საერთოდ. სულ გაგაგიჟა ამ ფარულმა შეხვედრებმა, კვირაში ორჯერ როდის გნახე აღარც მახსოვს! -ვუთხრათ მაშინ პაატას და ნახავ რასაც გვიზამს,- ჩაილაპარაკა ხმადაბლა და თავი დაადო გულზე. არ წარმოედგინა ამ საიდუმლოს გამხელა ვინმესთან, მითუმეტეს პაატასთან, იცოდა მართლა მოკლავდა. უფლებას არ მისცემდა აკაკის შვილთან ურთიერთობას, შემდეგ მათ ერთად ყოფნას. ფიქრობდა, ნეტაც იცოდეს ყველაფერი საბამ, რეალურად ვისგან უნდა გადამარჩინოსო. -დიდი სიამოვნებით,- გაეცინა ისევ, სერიოზულად ვერ აღიქვავდა მის შიშს, რადგან არ იცოდა სიმართლე. - წარმოიდგინე მამაჩემმა რომ იცოდეს, ჩემზე მეტად კი უყვარხარ. ნუ შეგეშინდება, აქ ვარ, მოვაგვარებ ყველაფერს, ვიპოვნი მკვლელს და… -შენს თავზე ისევ დიდი წარმოდგენა გაქვს.-არ დაამთავრებინა წინადადება, ვეღარ უძლებდა არარსებული მომავლის წარმოდგენას, დაღალა ფიქრებმა, ოცნებებმა. ხელიდან გაუსხლტა ყველაფერი ნიკოს დაკარგვისთანავე. -შენ რომ არ გქონდეს ჩემზე დიდი წარმოდგენა, ამ დროს აქ არ იქნებოდი.- სიცილისგან აუცახცახდა მხრები გოგოს, როგორ ენატრებოდა მისი ასეთი ნახვა, როდის იყო ბედნიერი აღარც ახსოვდა, არადა სამი წლის წინ საკუთარ თავზე აიღო ამის პასუხისმგებლობა. -დავიღალე საბა, მინდა მორჩეს ყველაფერი, აღარ შემიძლია ამ სიბინძურეში ყოფნა, მარიონეტად ქცევა -როგორ მინდა არ გიწევდეს ამ ყველაფრის გადატანა, უნდა გავუძლოთ, კარგი? შენს გვერდით ვარ, ყველაფერს შევძლებთ. -რას აკეთებს პაატა…მეშინია, რომ რაც უფრო ახლოს მივალთ პასუხთან, მით უფრო ბევრი ადამიანი შეგვიშის ხელს. მამაჩემზე ისე არ დამწყდება გული, როგორც შალვაზე. ბიძაჩემიც რომ ამ საქმეში იყოს გახვეული მერე რა ვქნა? ერთი სუფთა ოჯახის წევრიც რომ არ მყავდეს? -ამოეტირა ბოლოს მაინც, ერთადერთი იყო ვისთანაც არ მალავდა ცრემლებს, ნამდვილ ემოციებს,- ან ამ ფულს ვინ გამოიყენებს? ნიკა მართლა უყვარდა, მას არ მისცემდა ამ ჭუჭყიან ფულს, გაასუფთავებდა…ახლა რაღა უნდა, ან ეს გადარიცხვები, ვერ ვხვდები გესმის? ეს რა სიხარბეა?! -ყველაფერს გავარკვევთ, მივიტან ხვალ ამ ყველაფერს და გადავამოწმებ, შევეცდები რაიმე კავშირი ვიპოვო, ახალი მასალებიც მოვიდა, გამოგიგზავნი როგორც კი შევძლებ.- მოწმინდა წამწამებზე დაკიდული ცრემლები, აკოცა ლოყაზე ნაზად,- შენ ბრუნდები სამსახურში? -ხვალ, პირდაპირ მგზავნის მამაჩემი, მაინტეტესებს ახლა რა ჩაიფიქრა, რა გეგმა აქვს ან რაში აწყობს დამაჯეროს რომ უჩემოდ ნიკას მკვლელს ვერ იპოვნის. -მივყვეთ, ვნახოთ რა იქნება. მგონია რომ მალე გამჟღავნდება ყველაფერი. წინასწარ შეამზადა თავი დღისთვის. სარკეში უყურებდა საკუთარ თავს და უმეორებდა ჩუმად ღრმად ჩაბეჭდილ სიტყვებს რომ ყურადღება არ მიექცია არავისთვის, არ შეემჩნია მათი მზერა, ხმა, ჩურჩული ზურგს უკან. ვერასდროს გაუგებდნენ. ვერ დააყენებდნენ მის ადგილას თავს, ამ ყველაფერს კი ვისთვის აკეთებდა? ნიკოსთვის? საფლავიდან წამოაყენებდა ვინმე მას და გაუცოცხლებდა? მაგრამ სიმშვიდე ხომ უნდა ღირსებოდა მის შეწყვეტილ სიცოცხლეს. ოღონდ გაეგო ყველაფერი და მზად იყო დაევიწყებინა ყველაფერი, ის შემართება რაც საბას გვერდით ეუფლებოდა, ფიქრები რომ აღარ ენდობოდა მამას, მაგრამ ოღონდ გაერკვია ყველაფერი და ამისთვის კიდევ ერთხელ გახდებოდა პაატას სათამაშო. ოღონდ კი გაეგო… ამ ფიქრებით დაბრუნდა სამსახურში, ორშაბათს, სადაც თითქოს არაფერი შეცვლილიყო, იგივე ნაცრისფერი ფასადი, იგივე აბრა შესასვლელთან, იგივე დაცვის თანამშრომელი, რომელსაც ადრე ყოველ დილით მისალმებისას თავს უქნევდა. მხოლოდ თვითონ აღარ იყო იგივე. სიამოვნება არასდროს უგრძვნია მუშაობისას, მაგრამ იტანდა მაინც, ახლა კიდევ უფრო ეზიზღებოდა აქაურობა. ნაცნობი ხმაური, ერთმანეთში არეული ხმები, ტელეფონების ზარები, კლავიატურის სწრაფი კაკუნი, ტექსტის მზადება ეთერის წინ… პირდაპირ ლაშას კაბინეტისკენ დაიძრა და შევიდა დაუკაკუნებლად, ის ძალა უნდა გამოეყენებინა რასაც მამამისი აქ ფლობდა და რაც ასე ეზიზღებოდა თავად. თუ უნდოდა რომ რამე გაერკვია მსგავსად უნდა მოქცეულიყო. განადგურებული სიამაყე უნდა დაებრუნებინა. გამბედაობის გამოცდას უწყობდა ლაშას ცინიკური ღიმილიც, გამარჯვებას რომ ზეიმობდა. -ბრძანება უკვე გაფორმებულია, ადამიანური რესურსებიდანაც შეგეხმიანებიან. ახალი საშვიც გექნება, ძველი დროებით გაუქმებული იყო. კამერაზე წვდომის ბარათი, არქივის წვდომა და შიდა სისტემაში პაროლი თავიდან უნდა გაგიაქტიურონ. თუ პარლამენტში ან სამინისტროებში იმუშავებ, შესაბამისი აკრედიტაციაც უნდა განაახლო.-უქნევდა თავს დამჯერი მოსწავლესავით, მშვენივრად ესმოდა ეს მოსაწყენი, ერთფეროვანი პროცედურები. რამდენიმე წუთში პლასტიკური ბარათიც ჩაუდეს ხელში, თავისი სურათით და პოზიციით. ჩუმად დაყურებდა თავის თავს ამ სურათზეც. შეცვლილიყო თურმე. უცვლელად დახვდა მისი მაგიდაც, ოთახში მხოლოდ ის რომ იყო ცარიელი. ამჯერად თავი არ შეუწუხებია, არ მოუტანია ზედმეტი ნივთები გარემოს გასაფორმებლად, შესალამაზებლად. მშვენივრად იცოდა ამჯერად აქ რა როლით დაბრუნებულიყო. -შეგიძლია გადახედო,-გაუწოდა ლაშამ საქაღალდე,- ძველი მასალებია, თუ რამეში დაგჭირდება. რედაქციაში დაბრუნებას კიდევ ერთი ეტაპი ჰქონდა-პირველი დავალება. ასეთი აღმოჩნდა სამთავრობო სხდომა და მოულოდნელად ჩანიშნული პრესკონფერენცია. თერთმეტ საათზე მთავარმა რედაქტორმა თავის მაგიდასთან იხმო და ის მცირე დეტალები განიხილა, რაც ჯერ-ჯერობით იყო ცნობილი. სამთავრობო ცვლილება ან პარტიის წევრების წარდგენა მათ მომავალ თანამდებობებზე, რა თქმა უნდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. პრემიერს, რამდენიმე მინისტრთან ერთად ელოდებოდნენ ადმინისტრაციაში. ერთი საათის შემდეგ ნატა უკვე ტელევიზიის მანქანაში იჯდა. ამ მანქანიდან ცხოვრებაც ისეთი ვარდისფერი ჩანდა როგორსაც აშუქებდნენ. ნაცრისფერ ცხოვრებას გადაკრული ფერები. ოპერატორი მის გვერდით კამერას მთელი გზა ამოწმებდა, ყელში ჰქონდა ამოსული მისი ჩხაკუნიც. პრესსამსახურის დაგვიანებით გამოგზავნილი მოკლე შეტყობინება გახსნა ტელეფონში. “მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით…“ ბოლომდე ჩაიკითხა ტექსტი, რომელიც ყოველგვარი დეტალების გარეშე შეხვედრის ადგილსა და დროს მიუთითებდა. უცნაური გრძნობა დაეუფლა. არ მოსწონდა ეს ამბავი. მამამისიც მთელი დილაა დუმდა, არ დაკონტაქტებია. მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან უკვე უამრავი ჟურნალისტი ირეოდა. თვალი მოკრა ნაცნობ სახეებზე, აბეზარი მზერა რომ შეავლეს და იცვალეს პირი. ცოტა სისულელეც იყო მისი გამოგზავნა დღეს აქ, აუცილებლად მოხდებოდა რამე, მაგრამ ლაშასაც ეს უნდოდა. სანახაობა. მისი დამცირება სამსახურიდან წასვლის გამო. არავის გამოლაპარაკებია, არც მიაჩნდა რომელიმე შესაბამის ადამიანად. შესასვლელთან საკუთარი საშვი წარადგინა და ოპერატორთან ერთად მიაცილეს ისედაც ნაცნობ დარბაზამდე, სადაც კიდევ ორჯერ შეამოწმეს მისი აკრედიტაცია. ეცინებოდა ამაზეც, მთავრობის იყო ის ტელევიზია სადაც მუშაობდა, მათ აგიტაციას ეწეოდა, რაც ყველასთვის ცხადი იყო, მაგრამ მაინც ასე უნიჭოდ ცდილობდნენ დაფარვას. შევიდა თითქმის უკვე სავსე დარბაზში, ჟურნალისტების ზუზუნი ისმოდა ირგვლივ. მისი ადგილი მეორე რიგში აღმოჩნდა. სტანდარტულად გახსნა ბლოკნოტი, ჩაწერა დრო და ადგილი, ცარიელ ფურცლებს დააკვირდა. არ მოემზადებინა შეკითხვები. ყველაფერს დრო მიჩვენებსო, ფიქრობდა, შემდეგ კი კალმის თამაშს მოჰყვა თითებით. მისთვის ყველაფერი ისევ ძველებურად მუშაობდა. მოსმენა, კითხვები, პასუხები. ბოლოს კი ამ ყველაფრის ისეთ გადატვირთულ ტექსტად ქცევა, რომლიდანაც აზრის გამოტანა ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო. პრესსამსახურის თანამშრომლები მშვენივრად ასრულებდნენ თავიანთ დავალებას. ცივ სახეზე ისეთი გამომეტყველება შეენარჩუნებინათ, რომ გრძობას ვერ შეატყობდით. გაყინული მზერით გადახედავდნენ ერთმანეთს, მაგრამ მოულოდნელად ერთ-ერთი ხელაფარებული გადაიხარა გვერდით მჯდომისკენ და ჩაულაპარაკა რაღაც. საუბრით გართულ კორესპოდენტებს არ ეცალათ მათთვის. მოავლო თვალი დარბაზს, რატომ ვერავინ შეამჩნია? გადახარა თავი გვერდზე, აქ რაღაც ვერ იყო რიგზე. როდის იყვნენ გამოსვლის დროს ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. წამოდგა მათ შორის ერთ-ერთი და მოუახლოვდა წინასწარ გამზადებულ შემაღლებულ ტრიბუნას, დაალაგა დაბეჭდილი ტექსტი და თანხმობის მიღების შემდეგ ყურადღება ითხოვა. მაშინვე ჩაწყნარდა ხმაური დარბაზში. კამერების წითელი ინდიკატორები აინთო. ჟურნალისტებმა ადგილები დაიკავეს, ოპერატორებმა ობიექტივები სცენისკენ მიმართეს. სტანდარტილი მისალმებისა და მადლობის გადახდის შემდეგ გადავიდა მთავარ საკითხზე, რომელსაც მთავრობის შემადგენლობაში დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენდა მოსალოდნელი არჩევნების წინ, ასევე იმ კანდიდატურათა წარდგენა, რომლებიც შესაბამის თანამდებობებს დაიკავებდნენ. ცვლილებები გარდაუალი იყო. -მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აღნიშნული ცვლილებები მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება, უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას და იმ მიმართულებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვას, რომლებიც ქვეყნისთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.- მაღალფარდოვანი სიტყვებით ავსებდა გამოსვლას, მობეზრებული სახით ადევნებდა თვალს მის გამოსვლას, ჩაინიშნა რამდენიმე მონაკვეთიც. ჩუმი ზუზუნი ესმოდა უკანა რიგებიდან, დაცვის წევრებით შევსებულიყო დარბაზი. -დღეს მთავრობის მეთაური და პარტიის თავჯდომარე თავად წარადგენს შესაბამის კანდიდატურებს და ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც თითოეული უწყებისთვის განისაზღვრა. გთხოვთ, კანდიდატურების წარდგენამდე თავი შეიკავოთ კითხვებისგან. პრემიერ-მინისტრის განცხადების დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან შეკითხვები როგორც კანდიდატურებთან, ისე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, მადლობა მობრძანებისთვის.-მისი სიტყვების დამთავრებისთანავე შეივსო ტრიბუნა ხელისუფლების წარმომადგენლებით. პრემიერ მინისტრს უკან რამდენიმე მოქმედი მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოჰყვებოდნენ. წამში დაიძაბა ჰაერიც. თვალი გადაავლო შემოსულებს, მოინიშნა მათი სახელებიც და უეცრად გაიყინა მისი მზერა სხეულთან ერთად. მამამისი. პაატა იდგა მათ გვერდით. იმ გამომეტყველებით, რომელსაც ნატა ბავშვობიდან იცნობდა - თითქოს მის წინაშე არაფერი ხდებოდა, რაც წინასწარ არ ჰქონდა გათვლილი. კიდევ ერთხელ გაანალიზა როგორ წამოაგეს ანკესზე. მისი დახმარება არა? სულ ფეხზე ეკიდა პაატას მისი გრძნობები. თურმე რაში ჭირდებოდა მისი დაბრუნება. თავად კი…თავად როგორ ენდო, კიდევ ერთხელ როგორ შეცდა.. -პირველ რიგში, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. როგორც უკვე მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა მთავრობის შემადგენლობაში დაგეგმილი ცვლილებებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებების შესახებ საზოგადოებამ ინფორმაცია ოფიციალური განცხადების სახით მიიღოს და არა გავრცელებული ვარაუდებიდან. - დაიწყო საუბარი ნელი, დამაჯერებელი ტონით. პირდაპირი მზერა მიემართა კამერებისკენ, იცოდა გავლენა როგორ უნხა მოეხდინა მსმენელზე. - მთავრობის თითოეულ წევრს ქვეყნის წინაშე კონკრეტული პასუხისმგებლობა ეკისრება. შესაბამისად, ჩვენ გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინეთ როგორც პროფესიული გამოცდილება, ისე კონკრეტულ სფეროებში არსებული გამოწვევები. ცვლილებები მხოლოდ სამ კადრს შეეხება, პირველ რიგში, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე წარმოდგენილი იქნება…-მაშინვე გაისმა დარბაზში კალმების ხმა, ფურცლების შრიალი. მექანიკურად წერდა თავადაც, შორიდან მოესმოდა ამ კაცის ხმა, ვეღარ იკრეფდა ყურადღებას, პაატას უყურებდა მხოლოდ. თავად არცერთხელ გამოუხედავს შვილისკენ. მსგავსად დაასახელა პრემიერმა კიდევ ორი კანდიდატურა და მათი მოადგილეები, ბოლოს კი მისთვის ყველაზე საინტერესოსაც მიადგა. -რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს..-ნატას თითები კალამზე კიდევ უფრო ძლიერად მოეჭირა.- ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც სამართლებრივი სისტემის ეფექტიანობას, ისე ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელებას. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარმოდგენილი იქნება პაატა მიქელაძე. კიდევ ერთხელ იგრძნო რას ნიშნავდა უჰაეროდ დარჩენა. შეეკრა სუნთქვა და წამშივე იგრძნო თვალებზე მოწოლილი სიმწარეც. თურმე რისი ამბიცია ჰქონდა მამას. -მას მრავალწლიანი პოლიტიკური და საჯარო სამსახურის გამოცდილება აქვს. ვფიქრობთ, რომ მისი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იუსტიციის სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად მართვას.- ბუნდოვნად ჩაესმოდა ხმა, აღარც წერდა, მხოლოდ მასზე გაშეშებოდა მზერა და მაშინ, პასუხიც დაუბრუნეს. რამდენიმე წამით შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს. თავაზიან ღიმილს არ იშორებდა პაატა. მხოლოდ ერთი მშვიდი, თითქმის შეუმჩნეველი მზერა აჩუქა შვილს, რომელშიც ყველაფერი ამოიკითხა ნატამ. დაესრულებინა გამოსვლა პრემიერს, პრესსპიკერი მშვიდი ხმით მოუწოდებდა ჟირნალისტებს კითხვებოსკენ. არც მათი ხმა ესმოდა. ჯერ კიდევ საკუთარ თავზე ბრაზობდა როგორ მარტივად დაიმორჩილა მამამ. თავად დაეხმარა ამ ყველაფერში. თავად. სისხლი მოაწვა სახეზე. ოღონდ აქედან წასულიყო ახლა. ოღონდ აღარ დაენახა მისი სახე. თავადაც იგრძნო დაჟინებული მზერა და წამში მოატარა თვალი დარბაზს. ავტორი ისევ ტრიბუნაზე იპოვნა, კედელთან იდგა პრესცენტრის თანამშრომლებთან. ის იყო. ლევანი. შალვას სტუმარი, რომლის ვინაობა ჯერ კიდევ არ იცოდა. წინა დღისგან განსხვავებით ოფიციალური მუქი პიჯაკი ჩაეცვა, სახეზე მშვიდი გამომეტყველება აკვროდა. პოზაც კი თავდაჯერებას ასხივებდა. თითქოს დაბადებიდან სცენაზე იყო. წამში დაიჭირა მისი მზერა და გაუღიმა ნელა. თავით ანიშნა მსუბუქად პაატასკენ და ჩაუკრა თვალი. უფრო მეტად დაიძაბა ნატა. ვინ იყო ან საიდან ეცნობოდა ასე ძალიან, ვერაფრით იხსენებდა. საცირკო გამოსვლას ჰგავდა აქაურობა, სადაც ყველა მას დაცინოდა. კითხები, კითხვებისკენ მოუწოდებდა სპიკერი, ესმოდა ხმები, უნდა გამოფხიზლებულიყო თავადაც. ხელი ასწია გაუცნობიერებლად. სანამ დაფიქრდებოდა მანამდე იაზროვნა. როცა გააცნობიერა უკვე გვიანი იყო, მაინც არ აპირებდა უკან დახევას. გასწორდა და გადაიხარა წინ. -იუსტიციის მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა მაქვს.- შორიდან ჩაესმა საკუთარი მშვიდი ხმა, თავდაც უკვირდა როგორ შეძლო თავის ხელში აყვანა. ახლა ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო და არა შვილი. ისედაც გრძნობდა დანარჩენების გაკვირვებულ თვალებს. ლევანის ირონიულად მოცინარ მზერას და რაც მთვარია მამას. წარბები რომ აეწია გაკვირვებით. მსუბუქი ღიმილით დაუქნია თავი და ანიშნა ამითაც ზღვარი. -ბატონო პრემიერო, თქვენ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის წარდგენისას რამდენიმე წუთის წინ მის გამოცდილებასა და პროფესიულ კომპეტენციაზე ისაუბრეთ. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.- მოიკრიბა ძალა და მსუბუქი ჩახველების შემდეგ მიმართა მას. -პაატა მიქელაძე წლების განმავლობაში პარლამენტის წევრი და მმართველი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ამასთანავე, აქვს მჭიდრო პოლიტიკური კავშირები იმ ადამიანებთან, რომელთა საქმიანობასაც იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა ფორმით ეხება. ამ პირობებში, როგორ უზრუნველყოფთ იმას, რომ მისი პოლიტიკური გამოცდილება არ გადაიქცევა პოლიტიკურ გავლენად სამართლებრივ სისტემაზე? ასევე, განიხილებოდა თუ არა კანდიდატურის შერჩევისას ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო რისკი? რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოწვა. პრესსპიკერმა ჯერ პრემიერისკენ გაიხედა. შემდეგ კი პაატასკენ. მამამისმა თავის თავზე აიღო კითხვაზე პასუხი. მსუბუქი გაღიზიანება იგრძნობოდა მის ხმაში. -პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის სრულიად ბუნებრივია მსგავსი შეკითხვა. მით უმეტეს, როდესაც მას ის ადამიანი სვამს, რომელიც არა მხოლოდ ამ პროფესიის წარმომადგენელია, არამედ ჩემი ოჯახის წევრიცაა. - ისევ აუტანელი სიჩუმე ჩამოწვა დარბაზში. ყველა იგრძნობდა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე მამასა და შვილს შორის. გადახედეს ერთმანეთს ტრიბუნაზე მყოფებმა. დანარჩენების მზერასაც გრძნობდა ნატა. წამოწითლდა სახეზე. - თუმცა, ქალბატონ ნატას ოჯახის წევრად მოხსენიება ამ საკითხში არანაირ განსაკუთრებულ სტატუსს არ მაძლევს. როგორც კანდიდატმა, მე პასუხი უნდა გავცე არა ჩემს ქალიშვილს, არამედ საზოგადოებას. - მშვენივრად იყენებდა მის ქარიზმას, გარეგნობას, დამაჯერებლობას სძენდა პირიდან წარმოთქმულ ნებისმიერ სისულელეს. ძლიერად ჩაასო ფრჩხილები ხელის გულს. ვერ გაიმარჯვებდა მამამისთან. შეუძლებელი იყო. -იუსტიციის სამინისტრო ინსტიტუტია. მინისტრი კი, მიუხედავად მისი პოლიტიკური წარსულისა, ვალდებულია იმოქმედოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. ჩემი პოლიტიკური გამოცდილება ამ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს როგორც გავლენის ინსტრუმენტი. პირიქით, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგო ის გამოწვევები, რომლებიც ამ სისტემის წინაშე არსებობს. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ყველა შესაბამისი პროცედურა იქნება დაცული. თუ კონკრეტულ საკითხზე არსებობს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი, მე თავად ვიქნები პირველი, ვინც შესაბამისი პროცედურის დაცვას მოითხოვს. ღიმილი მოჰგვარა მისმა სიტყვებმა. ჩაიღიმა ძალიან მსუბუქად. იმდენად მსუბუქად, რომ კამერას შეიძლება საერთოდ ვერ დაეფიქსირებინა, მაგრამ შენიშნა პაატამ. -და ბოლოს, -დაამატა მან, -მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი.- გაუსწორა შვილს მზერა. - ჩემი ქალიშვილის პროფესიული კარიერა დაკავშირებული არაა ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან. თუ ის ჩემ მიმართ კრიტიკულ კითხვებს სვამს, ეს მისი პროფესიული უფლებაა. მე კი მისთვის ამ უფლების შეზღუდვას არ ვაპირებ. გული მოეწურა. ზედმეტად მშვიდი და კეთილშობილური პასუხი გასცა ხალხის წინაშე. ზუსტად ისეთი, როგორსაც მამამისი საჭირო მომენტში ყოველთვის ირჩევდა. -მადლობა, ბატონო პაატა. შემდეგი კითხვა…-მიმართა პრესსპიკერმა. -დავაზუსტებ,- არ გააგრძელებინა ნატამ. მზერას არ აშორებდა მამის თვალებს. -დიახ? -ბატონმა პაატამ თქვა, რომ თუ კონკრეტულ საკითხზე ინტერესთა კონფლიქტი იარსებებს, ის შესაბამისი პროცედურების დაცვის საკითხს თავად მოითხოვს. შემიძლია დავაზუსტო, კონკრეტულად რა პროცედურას გულისხმობს? მაგალითად, თუ სამინისტროს საქმიანობა შეეხება საქმეს, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულია მისი ოჯახის წევრი, პოლიტიკური პარტნიორი ან მასთან დაკავშირებული პირი, აპირებს თუ არა ის კონკრეტული გადაწყვეტილების პროცესიდან ჩამოშორებას? -თუ მსგავსი მდგომარეობა შეიქმნა, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ჩამოვშორდები. - უპასუხა მამამ, მცირე ხნის პაუზის შემდეგ. ჩამოშორდა ის ღიმილიც სახიდან. -და თუ კანონი არ მოითხოვს, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაჩნდება? -საზოგადოებრივი ინტერესი და პოლიტიკური სპეკულაცია ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. -ვინ შეძლებს გამიჯვნას? -ჟურნალისტები, იმედი მაქვს.- სიცილი გამოიწვია მისმა პასუხმა დარბაზში, გადახარა თავი გვერდით და ანიშნა ნატას წარბებით გაჩერებულიყო. არ გაეცინა თავად. მშვენივრად იცოდა რომ მამამისი არასდროს ამბობდა რამეს მხოლოდ იმიტომ, რომ სათქმელი ჰქონდა. ყველა სიტყვას თავისი დანიშნულება ჰქონდა. და ეს სიტყვებიც რაღაცას ნიშნავდა. ნელა დაჯდა თავის კუთვნილ სკამზე. დასაწერი აღარაფერი ჰქონდა. გაიჟღერა ბევრმა კითხვამ მათი ოჯახის მისამართით, ახსენწს ნიკას სახელი და პრემიერის დაპირებაც, რომ საქმე მალე გაიხსნებოდა. პრესკონფერენციის დასრულებიდან თითქმის ოცი წუთი იყო გასული, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ჟურნალისტების ნაკადი ჯერ კიდევ არ წყდებოდა. კამერები ერთმანეთის გვერდით იდგა. ვიღაც პირდაპირ ეთერში საუბრობდა ან ინტერვიუს იღებდა. თავად მიმღების დერეფანში იდგა ყავის აპარატთან და უგემურ ცხელ შოკოლადს სინჯავდა. იგრძნო როგორ გამოეყო პატარა ჯგუფს და მიუახლოვდა ლევანი. ნაცნობი ცივი სუნამოს სურნელი დაკრავდა მის მოძრაობას. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს არსად ეჩქარებოდა და, რაც მთავარია, თითქოს ძალიან კარგად იცოდა, ვის ელაპარაკებოდა. შალვასთანაც ასე იყო-ხალხისგან ოდნავ მოშორებით, ხელში ჭიქით და ისეთი გამომეტყველებით, თითქოს იქ მყოფი ადამიანების ნახევარზე მეტი საერთოდ არ აინტერესებდა. -საკმაოდ უხეში იყო, არა? - დადგა მის პირდაპირ და ჩამოეყრდნო იდაყვით აპარატს. -აქა რას აკეთებ? -იგივეს, რასაც შენ.- გაუღიმა ცერად.-ვმუშაობ. წარბები აწია საპასუხოდ, არ ჩანდა სანდო ადამიანი, არც აინტერესებდა. უცნაური აურა ჰქონდა. დანახვისთანავე უნებურად გძაბავდა და გიმორჩილებდა მისი სიცივით. -სანდროსთან ახლოს ხარ? - კითხა მცირე პაუზის შემდეგ, თავადაც აიღო ყავა აპარატიდან. -უცნობებთან პირად ურთიერთობებზე არ ვსაუბრობ. -ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ვერ გამიხსენე? შალვასთან რომ დაგინახე მე მაშინვე გიცანი, ისევ ისეთი სახე გქონდა თითქოს ყველას ელაპარაკებოდი და თან არც ერთს. -მე შენ არ გიცნობ.- მკვეთრად გაუსვა ხაზი მის სიტყვებს. ნაგვის ურნაში ჩააგდო ჭიქა და მოემზადა წასასვლელად. -ძველებურად გამბედავიც. დარბაზში მყოფი ადამიანების ნახევარს მამაშენთან იგივე კითხვა ჰქონდა, მაგრამ შენ ერთადერთი იყავი, ვინც ხმამაღლა დასვა. თანაც…-ბოლომდე მიიქცია მისი ყურადღება,- კანდიდატურის შესახებ ხომ არაფერი იცოდი. გააღიზიანა მაინც, არ შეიმჩნია არაფერი. უკანმოუხედავად დატოვა ფოიე. რედაქციის კარი რომ შეაღო, ჩვეულებრივზე უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა მის ირგვლივ. თუ ვინმე დარჩენილიყო აქამდე, მისი ვინაობის უცოდნელი, ესეც შეცვლილიყო. წავიდა პირდაპირ ლაშას კაბინეტისკენ, შესვლისთანავე მიატრიალა კაცმა კომპიუტერის ეკრანი მისკენ: “შვილი მამის კანდიდატურას აკრიტიკებს? მწვავე კითხვები მთავრობის მეთაურს.” -ამას უკვე კრიტიკა ეწოდება? მხოლოდ კითხვა დავსვი. -ინტერნეტში ყველაფერს თავისი სახელი აქვს. -ცბიერი ღიმილით გადახედა მან.- ხალხი გიჟდება მსგავს მომენტებზე. -ჰო, ოჯახურ დრამებზე.-დაეთანხმა მობეზრებული. ჩამოჯდა მის წინ სავარძელზე. ელოდებოდა მის სათქმელს. არ გაუშვებდა ისე სახლში. -ახლა უფრო მეტად უნდა იმუშაო, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდე. იმ დროს დაბრუნდი, როცა მამაშენს შესაძლებლობა აქვს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი უწყების ხელმძღვანელი გახდეს და ამ მომენტიდან ნებისმიერი მასალა, რომელსაც შენიი სახელი ერქმევა სხვანაირად შეფასდება. ჩვეულებრივი პოლიტიკური სიუჟეტიც კი. -ანუ თუ გზაზე მანქანას გააჩერებენ დასაჯარიმებლად, ჩემი ბრალი იქნება?- ჩაეცინა ჩუმად. დაღლილი იყო, ახლა მისი ატანაც უწევდა. ისიც ათამაშებდა მის გემოზე. საკუთარმა უსუსურობამ ყელში მოუჭირა. რატომ ვერ ეწინააღმდეგებოდა მათ, რატომ ვერ თავისუფლდებოდა მათგან?! -ყურადღება ნებისმიერ დეტალს მიექცევა, ამიტომ მინდა, რაღაც საკითხები წინასწარ გავიაროთ. პირველ რიგში, ინტერესთა კონფლიქტი უნდა ავიცილოთ, ამის გამო მამაშენის სახელს სრულიად ჩაეხსნები. თუ რამე მასალას მიიღებ, მინიმუმ ორჯერ უნდა გადაამოწმო, და თუ ვინმე გეტყვის, რომ რაღაც იცი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ქალიშვილი ხარ…ემოციურობა უნდა დაივიწყო. -ჩემს ხასიათს მშვენივრად იცნობ, სამწუხაროდ.- თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, - გაქვს ჩემთვის ახალი საქმე? -ხვალისთვის ერთი პოლიტიკური სიუჟეტი უნდა მოამზადო. მარტივი ტექსტი, იუსტიციის სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე. -ერთი წუთის წინ არ მარიგებდი პაატას საქმეს არ გაეკაროო? -არა ნატა, ამჯერად სისტემაზე იმუშავებ.- გაუწოდა შემდეგი დღის გეგმა, აღდგენილი საშვი არქივისთვის და გააცილა კაბინეტიდან. საკუთარ მაგიდასთან ახალი შეტყობინებები ელოდა კოლეგებისგან, პრესცენტრის წარმომადგენლისგან და ერთიც პარლამენტში ჩანიშნული პლენარული სხდომის შესახებ. თვალი გადაავლო ინტერნეტში უკვე გავრცელებულ ქარდებისა და ბანერების დიზაინს. მამამისის თავაზიანი სახე უღიმოდა თითოეული მათგანიდან. კომენტარების წაკითხვისგან თავი შეიკავა,გულისტკივილის გარდა სხვა არაფერი მოჰყვებოდა მათ წაკითხვას. რედაქციიდან სახლში დაბრუნდა თვალებგაწითლებული, არეოდა ლამაზად დატალღული თმაც, დილით მის გასწორებაზე დრო რო დაკარგა. თბილად გაუღიმა ირინას, მისაღებიდანვე რომ სთხოვა ევახშმა. იუარა მორიებით და ავიდა თავის ოთახში. როგორც ყოველთვის მაშინვე იგრძნო მისი იქ ყოფნა. ნაცნობი სიცივე დაეუფლა მის სხეულს. შეაღო ბოლოს კარი ძვლივს მოკრეფილი ენერგიით და შევიდა შიგნით. -ჩემი გოგო სამსახურიდან დაბრუნებულა,- შემოტრიალდა სკამიანად მისკენ, - როგორ ჩაიარა დღემ? -შენი გოგო?- გაიმეორა ირონიულად,- რა გინდა პაატა?- თავადაც კარგად იცოდა რისთვისაც მივიდა მასთან. არ შეარგებდა იმ კითხვით მის წინააღმდეგ წასვლას, თუნდაც ირიბად. -პატარა რომ იყავი სულ მამას მეძახოდი? გახსოვს? -შენ თუ გახსოვს?- ჩამოჯდა საწოლზე და ზურგით მიეყრდნო კედელს. ნაცნობმა სიტუაციამ გულ-მუცელი აუწვა. თითქოს შანთავდნენ ყველა იმ ადგილას სადაც ბოლოს შეეხო მამა. -მახსოვს, მე ყველაფერს ვიმახსოვრებ, არ დაივიწყო.- ხელით აქნია მის მაგიდაზე დადებულ საქაღალდეზე, თავად მოეტანა როგორც ჩანს.- არ მომილოცავ? მინისტრის შვილი გახდები. -თითქოს რამეს წარმოადგენდე ჩემთვის,- უპასუხა ზიზღით. თავს ვერ იკავებდა, მისი გამწარება უნდოდა რითიც შეეძლო. -როგორ მახალისებ ამ შენი პასუხებით,- მიუახლოვდა უფრო და ფანჯრიდან გადახედა ეზოს, თვალი შეავლო დაცვოა წევრება,- გუშინ როგორ კარგად ვსაუბრობდით, ახლა კი, ისევ ძველ ტალღაზე დაბრუნდი. -იმ ტალღაზე, რომელზეც არც კი მითხარი? რამდენი ხანი გეგმავდნენ შენს წარდგენას? ერთი სიტყვა მაინც გეთქვა! -ოფიციალურად არ იყო ცნობილი, თანაც ასე ხომ უფრო მოულოდნელი იყო. გაგაკვირვე.-დახედა ზემოდან, შეათვალიერა შვილის ხელები მკერდთან რომ მიეტანა. თითქოს ნებისმიერ მომენტში მზად იყო თავდაცვისთვის.- რომ მეთქვა იმ შეკითხვას ხომ ვერ დასვავდი? ინტერესთა კონფლიქტი არა? - მიუახლოვდა უფრო მეტად, დაიხარა მისკენ. - მე შენ გაჩვენებ ინტერესთან კონფლიქტს.- თითით გაეთამაშა ქვედა ტუჩზე, აცახცახებულიყო გოგოს სხეული. აპრილებოდა თვალებიც, რომელშიც შიში იკითხებოდა. შიში. როგორ სიამოვნებდა ამის დანახვა.- ნუ ისარგებლებ იმით, რომ ვერ შენი სიტყვებისთვის სათანადოდ ვეღარ დაგსჯი. მჭირდები გარეთ, სულაც არ მინდა გრძელმკლავებიანი მაისურებით იარო ზაფხულში. შენ რას იტყვი? -მეზიზღები.- დაცდა ჩუმად. ვეღარ იტანდა მის სიახლოვეს. გული ერეოდა მის სუნზე. ყველაზე მეტად ის ტკენდა გულს, რომ მამამისს უფლება ჰქონდა მოქცეულიყო მის ნებაზე. მის სიტყვებზე გაეცინა მხოლოდ პაატას. -დღეს მთელი დარბაზი შენ გისმენდა. მე კი იქ ვიდექი, როგორც ამაყი მამა, რომლის შვილიც სამართლიანობისთვის ხაზს უსვავმდა წარსულ გამოცდილებებს. რაო პატარა ნატა?- ჩამოჯდა გვერდით, აგრძნობინა მისი სიახლოვე, სიძლიერე. - საჯაროდ როგორი გამბედავი იყავი, ახლა რა გჭირს?- ვერ მიიღო თავდახრილი შვილისგან პასუხი, ამჯერად ხელები მოეხვია მუხლებზე, პატარა ბავშვს გავდა ნამდვილად.- ნაბიჯებს დაუკვირდი, ზედმეტად ნუ ჩაყოფ იქ ცხვირს სადაც არაფერი გესაქმება. გესმის? ხომ იცი, სიმართლე ზოგჯერ უფრო მტკინვეულია. არ დაივიწყო ჩვენი შეთანხმება. დავეხმაროთ ერთმანეთს. ბოდიში დაგვიანებისთვის, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დროულად ატვირთვა ვერ მოვახერხე( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


