შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ოთხმოცდახუთი მიზეზი,რომ შემყვარებოდი" ( ნაწილი III )


დღეს, 02:22
ავტორი Mariana_045
ნანახია 51

ზოგჯერ სახლი ადგილი კი არა,უბრალოდ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს! ზუსტად ასე მოხდა...თანდათან შენ ჩემი სახლი გახდი!არ ვიცი,როდის,მაგრამ ერთ კონკრეტულ დღეს არ მომხდარა... უბრალოდ, ნელ-ნელა, ისე შეუმჩნევლად შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში, რომ ერთ დღესაც აღმოვაჩინე,შენ უკვე ჩემი ყოველდღიურობა გამხდარხარ.ალბათ მაშინ, როცა თანდათან ჩემზე სულ პატარა დეტალების დამახსოვრებაც კი დაიწყე...იქნებ მაშინ, როცა ჩემი უმნიშვნელო ამბის მოყოლაც კი შენთვის მნიშვნელოვანი გახდა...ან მაშინ, როცა მივხვდი, რომ ყველაზე მეტად შენთვის მინდოდა ჩემი დღის გაზიარება...
ზაფხული გადიოდა...დროის გასვლასთან ერთად კი გაგას ნამდვილი სახეც დავინახე...რაც უფრო ახლოს ვიცნობდი, მით უფრო ვხვდებოდი, რომ იმ „უჟმური“ ბიჭის უკან იმაზე მეტი იმალებოდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა...მასთან ყოფნა არასდროს იყო მოსაწყენი...შეეძლო ჩემთან მთელი დღე ეკამათა რაღაც სისულელეზე და ხუთ წუთში თვითონვე ეცინა ამაზე...შეეძლო ჩემი გაბრაზება და მერე ისეთი სახით შემომხედავდა, რომ მეც უნებურად მეცინებოდა...ალბათ სწორედ ამიტომ მომწონდა მასთან ყოფნა...გაგასთან არასდროს ვიცოდი, რა მელოდა სულ ცოტა ხანში...ერთ წუთას შეიძლება მკაცრი მწვრთნელი ყოფილიყო, მეორე წუთს კი სულ სხვა ადამიანი...მივხვდი, რომ ჩემი „აივნის უჟმური“ სულაც არ იყო ისეთი უჟმური, როგორიც თავიდან მეგონა.ერთ დღეს შუადღისას ბიჭები ეზოში ისხდნენ და რაღაც თამაშს თამაშობდნენ.დიდი წრე ჰქონდათ გაკეთებული და ბურთს ერთმანეთს ესროდნენ. მეც შორიდან ვუყურებდი, როცა უცებ გაგას ხმა გავიგე:
- აბა, გადმომიგდე! - ერთ-ერთმა ბიჭმა ბურთი გაგას ესროლა.გაგამ დაიჭირა და მაშინვე ყველაზე პატარა ბიჭს გადაუგდო.
- გაგა, ჩემთან!
- არა, ჩემთან!
- კარგი, კარგი, შენთანაც. - გაგა ბავშვებთან ერთად წრეში იდგა და ისე თამაშობდა, თითქოს თვითონაც მათი ასაკის ყოფილიყო. იცინოდა, ბურთს განზრახ აცდენდა, ბავშვებს აძლევდა საშუალებას, მისთვის მოეგოთ და როცა რომელიმე პატარა გამარჯვებას იზეიმებდა, თვითონ უფრო ხმამაღლა იცინოდა.მე კი ისევ ვუყურებდი...ვუყურებდი იმ ადამიანს, რომელიც დილით ვარჯიშზე სიმკაცრის მეტს არაფერს იჩენდა,ახლა კი იგივე ადამიანი პატარა ბავშვებთან ერთად ბურთს დასდევდა და თვითონ უფრო ერთობოდა, ვიდრე ისინი.რამდენიმე წუთში თამაში დამთავრდა.ბავშვები გაგას გარშემო შემოეხვივნენ.
- მწვრთნელო,შეიძლება აუზში ჩავიდეთ?
- მწვრთნელო, შეიძლება? - გაგა ვითომ დაფიქრდა.
- არ ვიცი...
- გთხოვთ!
- კარგი...ბიჭებმა მაშინვე ყვირილი ატეხეს,მეგონა, ბავშვები გადახტებოდნენ.მაგრამ პირველი, ვინც აუზში აღმოჩნდა...გაგა იყო.ისე გადახტა, წყლის დიდი შხეფები ბავშვებს შეასხა.
- მწვრთნელო!
- რა იყო? - სიცილით ამოყო თავი წყლიდან.
- ჩვენ უნდა ვყოფილიყავით პირველები!
- თქვენ ნელა ჩამოდით.
- თქვენ,რომ გადახტით?
- მე მწვრთნელი ვარ,ჩემთვის შეიძლება.
- ეგ არ ითვლება! - ბავშვები სათითაოდ ხტებოდნენ აუზში და რამდენიმე წუთში იქაურობა ერთ დიდ აურზაურად იქცა.გაგა მათ წყალს ასხამდა, ბავშვები კი მის ჩაძირვას ცდილობდნენ.
- ვერ დამიჭერთ!
- მწვრთნელო,ჩვენ ბევრი ვართ! - იმ წამს საერთოდ აღარ ჰგავდა იმ მკაცრ მწვრთნელს, რომელსაც ყველა უფრთხოდა.არც შეკრული წარბები ჰქონდა.არც მკაცრი ხმა.უბრალოდ ბედნიერი იყო.და მაშინ მივხვდი...მისი სიცილი იმიტომ მიყვარდა, რომ როცა იცინოდა, გაგა მთლიანად იცვლებოდა.სწორედ ეს გაგა მინდოდა მენახა.ერთ შაბათ დღეს შუადღეზე ვისვენებდი. ბიჭები ვარჯიშზე იყვნენ და სასტუმროშიც საოცარი სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ოთახში გაჩერება აღარ შემეძლო, ამიტომ გადავწყვიტე, სასტუმროსთან ახლოს მდებარე პარკში გავსულიყავი და ხეების ჩრდილში, შედარებით სიგრილეში, ცოტა ხნით დამესვენა.პარკამდე სულ რამდენიმე წუთის გზა იყო.ნელა მივდიოდი, როცა შორიდან ბავშვების ხმაური მომესმა.ჯერ სიცილი.მერე ვიღაცის შეძახილი:
- გაგა, უფრო სწრაფად! - გავჩერდი.ხმა ძალიან ნაცნობი იყო.კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და უკვე აშკარად მესმოდა ბავშვების სიცილი.პარკის სიღრმეში გავიხედე და...გაგა იყო.არა, უფრო სწორად - ჩემი მკაცრი, უჟმური მწვრთნელი საერთოდ არ იყო იქ.მის ადგილას ვიღაც დიდი ბავშვი იდგა, რომელსაც პატარა ბავშვები გარს ეხვივნენ.ერთ-ერთ საბავშვო ატრაქციონთან იდგა და ბავშვებთან ერთად ერთობოდა.
- გაგა, მეც მინდა!
- მოიცა, ყველას თავისი რიგი აქვს.
- მაგრამ მე ჯერ არ ვყოფილვარ!
- კარგი, შენ პირველი მოდი. - პატარა ბიჭი მაშინვე მისკენ გაიქცა.გაგამ ხელი მოჰკიდა და საქანელაზე დასვა.
- მზად ხარ?
- კიი!
- მაშინ მაგრად მოეჭიდე. - საქანელა ნელა აამოძრავა.
- უფრო მაღლა, გაგა! - ბიჭუნას სიცილმა მთელი პარკი გაავსო.გაგასაც გაეცინა.ისეთი გულწრფელი ღიმილი ჰქონდა, აქამდე მის სახეზე მხოლოდ რამდენჯერმე რომ მქონდა ნანახი.მერე სხვა ბავშვებმა დაუძახეს:
- გაგა! ახლა ჩვენი რიგია!
- მოვდივარ, მოვდივარ. - სულ რამდენიმე წუთში უკვე ატრაქციონიდან ატრაქციონზე დარბოდა.
- გაგა, ნახე, როგორ შემიძლია!
- ვხედავ, ჩემპიონო!
- მეც შემომხედე!
- შენც გიყურებ.
- გაგა,მეც!
- კარგი, კარგი, ყველას გიყურებთ. - ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით ეძახდნენ და გაგა ყველას პასუხობდა.არც ეჩქარებოდა.არც იღლებოდა.არც ერთხელ უთქვამს - „მოიცადეთ“, გაღიზიანებული ტონით.პირიქით, თვითონაც მათზე მეტად ერთობოდა.ერთ მომენტში ერთერთმა საბავშვო მატარებელში ჩაჯდომა გადაწყვიტეს.
- გაგა, შენც ჩაჯექი!
- მე?
- კი!
- მაგისთვის უკვე დიდი ვარ.
- არა ხარ! - ბავშვების ნათქვამზე გაეცინა.
- კარგი, კარგი. ოღონდ არავის უთხრათ. - მატარებელში ჩაჯდა.ბავშვები მის გარშემო მოკალათდნენ და როცა ატრაქციონი დაიძრა, ყველამ ერთად დაიწყო ყვირილი,ის კი იცინოდა.ბედნიერი სახე ჰქონდა... რამდენიმე წამით იქვე, ხის ჩრდილში გავჩერდი და ვუყურებდი.იმ გაგას ვუყურებდი, რომელსაც სასტუმროში ვერავინ იცნობდა.სასტუმროში მალევე დავბრუნდი.რატომღაც მთელი გზა უნებურად მეღიმებოდა. ისევ პარკი მახსენდებოდა, ბავშვებთან ერთად ატრაქციონებზე მოკალათებული გაგა და მისი გულწრფელი სიცილი.სასადილოში შევედი და ჩემი საქმე გავაგრძელე. მაგიდების გადაწმენდა დავიწყე, ჭიქები დავალაგე, სკამები თავის ადგილას მივწიე.მალე სასტუმროს ეზოდან ნაცნობი ხმები შემომესმა.ბიჭები დაბრუნდნენ.წამებში მთელი სასტუმრო ისევ აჟრიამულდა.ყვირილი, სიცილი, ერთმანეთისთვის დაძახება...ზუსტად ამ დროს რატი შემოვიდა სასადილოში.
- მარ, ერთი საქმე მაქვს შენთან.
- არ მომწონს უკვე ეს დასაწყისი.
- ხომ იცი, დამლაგებელი შეუძლოდაა და მეორე სართულზე, 101-ე ოთახში, პირსახოცებია ასატანი,გთხოვ...
- რატი...
- ფუტკარო, გთხოვ... - რატი მაშინ მეძახდა ასე,როცა გადაუდებელი საქმე იყო და ძალიან ჭირდებოდა ჩემი დახმარბა
- კარგი, კარგი... - პირსახოცები ავიღე და კიბეს ნელ-ნელა ავუყევი.მეორე სართულზე რომ ავედი, მაშინვე მივხვდი - აქ სიმშვიდის იმედი ტყუილად მქონდა.ისეთი ხმაური იყო, თითქოს მთელი გუნდი დერეფანში ცხოვრობდა - ესენი საერთოდ ისვენებენ? - ჩემთვის ჩავილაპარაკე.დერეფანში შევედი და უცებ...ბალიში პირდაპირ ჩემს ფეხებთან დავარდა.გავჩერდი.მეორე ბალიში კი კედელს შეასკდა.
- რა ჯანდაბა... - თავი ავწიე და ამას ნამდვილად არ ველოდი.დერეფანში ბავშვები დარბოდნენ.ზოგს ხელში ბალიში ეჭირა, ზოგი კარს ეფარებოდა, ზოგი კი სიცილით გარბოდა.და მათ შუაში...გაგა....მკაცრი, უჟმური, ყველასთვის საშიში მწვრთნელი.ხელში უზარმაზარი ბალიში ეჭირა და ბავშვებს დასდევდა.
- დაგიჭირე!
- არაააა!
- მოდი აქ!
- გაგა, არ მესროლო!
- უკვე გვიანია! - ბალიში ერთ-ერთ ბავშვს მსუბუქად მოხვდა და სიცილით დაეცა იატაკზე. სწორედ ამ დროს შემნიშნა სულ პატარა ბიჭმა.
- გაგაააა!
- რა იყო? თამაშის წესებია. - გამიცინა
- მემგონი შენ ამას არ უნდა თამაშობდე!
- რატომ?
- დიდი ხარ!
- ეგ წესებში არ წერია. - ბავშვები სიცილით მისდევდნენ.მე კი გაოცებული ვიდექი დერეფნის ბოლოში,თვითონ კი დარბოდა.პირსახოცები ხელში მეჭირა და გაოგნებული ვუყურებდი.
- რატომ მიყურებ ეგრე?
- იმიტომ, რომ... შენ ხარ? - გაეცინა.
- ვარ.უბრალოდ სტრატეგიული ვარჯიში გვაქვს.
- რა თქმა უნდა. - სწორედ ამ დროს ოთახიდან ალეკო და დათო გამოვიდნენ.ჯერ მე შემომხედეს.მერე გაგას.მერე ისევ მე.და ორივეს ერთდროულად სიცილი აუტყდა.
- რა გაცინებთ? - გაბრაზებული გადახედა გაგამ.დათომ სიცილით ძლივს თქვა:
- არაფერი, მწვრთნელო... უბრალოდ... ძალიან გიხდება ეს მდგომარეობა.
- თქვენ ორსაც გინდათ? - ორივემ მაშინვე უკან დაიხია.
- არა, მწვრთნელო.
- ნამდვილად?
- ასი პროცენტით - იმ წამს ისევ ის გაგა დავინახე, რომელიც პარკში ვნახე.მკაცრი მწვრთნელის უკან დამალული, ბავშვივით ბედნიერი ბიჭი.
კვირა დღე ჩემი იყო.სასტუმროში მუშაობისას კვირა ჩემთვის თითქმის პატარა დღესასწაულს ჰგავდა. არანაირი მაღვიძარა, არანაირი „მარი, ეს მომიტანე“, „მარი, ეს დაალაგე“ და, რაც მთავარია, არანაირი ოთხმოცდახუთი მშიერი კალათბურთელი.დილით მაინც ადრე გამეღვიძა. ალბათ იმდენად ვიყავი მიჩვეული ადრე ადგომას, სხეულმაც კი დაივიწყა, რომ დასვენების დღე მქონდა.გადავწყვიტე, სანამ ქალაქი ბოლომდე გაიღვიძებდა, სანაპიროზე გავსულიყავი.საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი.ზღვის პირას დილით საოცარი სიმშვიდე იყო. ჯერ კიდევ არ იყო ის ჩვეულებრივი ხმაური, რაც დღის განმავლობაში ისმოდა. ქვიშაზე ფეხშიშველი დავდიოდი და ზღვის ტალღებს ვუყურებდი.პირსახოცი დავაფინე, ჩანთა გვერდით დავდე და წყალში შევედი.ცივი წყალი რომ შემეხო, მთელი სხეული გამეყინა.რამდენიმე წამი უკან დახევას ვფიქრობდი, მაგრამ მერე ტალღას გავყევი და ნელ-ნელა შევედი.ცოტა ხანში თითქოს საერთოდ აღარაფერი არსებობდა.არც ხმაური.არც ჩემი ყოველდღიური საქმეები.უბრალოდ მე და ზღვა.სწორედ მაშინ, როცა წყალში ზურგზე ვიწექი და ცას ვუყურებდი, ნაცნობი ხმა გავიგე:
- მარიამ! - და რა თქმა უნდა...გაგა...შორტში იდგა სანაპიროზე, ხელში პირსახოცი ეჭირა და ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს შემთხვევით კი არა, სპეციალურად აქ დამხვდა.
- შენ აქ რას აკეთებ? - დავუძახე.
- სანაპიროზე ვარ. შენ?
- მე თოვლის საყურებლად მოვედი. - გაეცინა.
- ძალიან სასაცილო ხარ დილიდან.როგორც ჩანს მარტო ხარ
- ვინმემ მაცადა მარტო ყოფნა?
- ხო ეგეც მართალია,უკვე აღარ ხარ მარტო.
- ვინ გითხრა, რომ ეგ მიხარია?
- შენმა სახემ.
- ჩემი სახე საერთოდ არ გელაპარაკება.
- მელაპარაკება. - წყალში შემოვიდა.
- გაგა, არ გაბედო!
- რა?
- არ მომიახლოვდე.
- რატომ?
- იმიტომ.
- ძალიან ძლიერი არგუმენტია. - მომიახლოვდა და თან უცებ წყალი შემომასხა.
- გაგააა!
- რა იყო?
- თმა დამისველე!
- სამი წუთის უკან მე ვცურავდი ზურგზე? - ორი წამით გაჩერდა.მერე ისევ შემომასხა.
- გაგააა!ახლა ნახავ! - ცოტა ხანში ორივე ერთმანეთს წყალს ვასხამდით.გაგა ისე იცინოდა, რომ საერთოდ აღარ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც სასტუმროში ყოველდღე ვხედავდი.
- გაჩერდი! - ძლივს ვეუბნებოდი სიცილით.
- დანებდი!
- არასდროს!
- მაშინ ეს დაიმსახურე! - წყალში ჩამაყვინთა.
- გაგააა! - ამოვყვინთე და თმა სახიდან გადავიწიე.ვერც გავბრაზდი,მართლა მეცინებოდა.გაგა ჩემ წინ იდგა, თმიდან წყალი ჩამოსდიოდა და ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, რომ მეც უნებურად გამეღიმა.ცოტა ხანში ქვიშაზე გამოვედით.გაგა გვერდით მომიჯდა.
- უკვე მომწონს აქ ყოფნა. - ცოტა ხანს კიდევ სანაპიროზე ვისხედით. თმა ჯერ კიდევ სველი მქონდა და გაგა ქვიშაზე პატარა ქვებს ისროდა.უცებ შემომხედა.
- ცივი ყავა?
- ახლა?
- ჰო, ახლა.
- შენ იღლები საერთოდ?
- შენთან ერთად? არა.
- რა კარგი პასუხი მოიფიქრე.
- წინასწარ მქონდა მომზადებული. - სიცილით გავყევი.რამდენიმე წუთში პატარა კაფეში ვისხედით.პირველი ყლუპი მოვსვი და იმ წამს გაგამ უცნაურად შემომხედა.
- რა? - თავი გააქნია.
- არაფერი.
- გაგა, რა?
- მართლა არაფერი.
- მაშინ რატომ მიყურებ?
- უბრალოდ - კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი.გაგამ სიცილი ვეღარ შეიკავა.
- რა გაცინებს?!
- არაფერი, უბრალოდ... ძალიან ლამაზი ულვაშები გაქვს.
- რა?! - გაგამ ხელსახოცი მომაწოდა.სანამ გავიგებდი, რა ხდებოდა, ტელეფონში ჩავიხედე და...ქაფისგან დიდი თეთრი ულვაში მქონდა გაკეთებული.მაგიდაზე თავი დადო და სიცილი დაიწყო.
- ნუ იცინი!
- ვერ ვჩერდები!
- რატომ არ მითხარი?!
- იმიტომ, რომ ასეთი უფრო საყვარელი სანახავი იყავი.
- საყვარელი კი არა, სასაცილო!
- ორივე. - კაფეში ხალხი გვიყურებდა, ჩვენ კი ორი ბავშვივით ვიჯექით და სიცილს ვერ ვაჩერებდით.იმ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გაგასთან ყოფნისას ყველაზე ჩვეულებრივი მომენტიც კი შეიძლებოდა უცებ ყველაზე საყვარელ მოგონებად ქცეულიყო.კაფიდან რომ გამოვედით, ზღვისპირას ნელა გავუყევით გზას. მზე უკვე ოდნავ დახრილიყო და სასიამოვნო სიგრილე ჩამოწოლილიყო.სიცილით ვსეირნობდით.ცოტა ხანში წინ პარკის პატარა მოედანი გამოჩნდა. იქვე რამდენიმე საქანელა იდგა.გაგა უცებ გაჩერდა.საქანელებს შეხედა.მე კი მაშინვე მივხვდი, რასაც აპირებდა.
- არა.
- რა არა?
- არ ვიცი რას აპირებ, მაგრამ არა.
- წამოდი.
- სად? - ხელი მომკიდა და საქანელებისკენ გავიქეცით.
- გაგა, მოიცადე!
- სწრაფად!
- ხალხი გვიყურებს!
- დაე, გვიყურონ.
- ბავშვები ვართ?
- დღეს კი. - ორივემ საქანელაზე დავიკავეთ ადგილი.გაგამ ფეხებით მიწა მოიშორა და ნელა დაიწყო ქანაობა.
- ხედავ? - მითხრა სიცილით. - ცუდი იდეა არ ყოფილა.
- ჯერ არ ვიცი.
- ხუთ წუთში შეგიყვარდება.
- შენ ყველაფერში ასეთი დარწმუნებული ხარ?
- თითქმის. - გამეცინა.ნელ-ნელა უფრო მაღლა ვქანაობდით.ქარი სახეზე მეფერებოდა, გაგა კი გვერდით ბავშვივით ბედნიერი იყო.
- გაგა!
- გისმენ
- მგონი მართლა ბავშვი ხარ.
- გვიან მიხვდი.
- და შენს ბიჭებს რომ ვუთხრა, დღეს ვარჯიშის ნაცვლად საქანელებზე,რომ იყავი რა მოხდება?
- ეგ ინფორმაცია შენთან დარჩება.
- რატომ?
- რეპუტაცია მაქვს შესანარჩუნებელი.
- რომელი რეპუტაცია? უჟმური მწვრთნელის? -გაეცინა.
- შენთვის ეგ უჟმური უკვე აღარ ვარ, ხო? - საქანელა ნელა გავაჩერე.მას შევხედე.
- არა.
- აბა? - გამეღიმა.
- უბრალოდ გაგა ხარ. - რამდენიმე წამით ჩუმად მიყურებდა.მერე ისევ გაეღიმა.
- ეგ უფრო მომწონს. -და ისევ ფეხი ჰკრა მიწას.მე კი იმ წამს პირველად გავიფიქრე, რომ ალბათ ყველაზე ლამაზი ის იყო,ჩემთან ყოფნისას თავის ყველაზე ნამდვილ სახეს მაჩვენებდა.ასეთი იყო ,,დასვენების“ დღე,რომელივ კალათბურთელების გარეშე უნდა ჩავლილიყო.
მეორე დილით სამუშაზე ვიყავი უკვე.სასტუმროში დაბრუნების შემდეგ მეგონა, დღე ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, იმ ზაფხულს ჩვეულებრივი დღეები საერთოდ აღარ არსებობდა.დილა იყო. სასადილოში მაგიდებს ვალაგებდი, როცა ერთი ახალგაზრდა, დაახლოებით ჩემი ასაკის გოგო შემოვიდა. დიდი ჩემოდნები მოჰქონდა, უკან კი ახალგაზრდა ბიჭი და შუახნის ქალი მოჰყვებოდნენ.ახალი დამსვენებლები იყვნენ.გოგონამ სასადილოში შემოსვლისთანავე გამიღიმა და მომესალმა.
- გამარჯობა, მე გვანცა ვარ.
- გამარჯობა. მარიამი. შემიძლია რამეში დაგეხმაროთ?
- ოთახი მაქვს დაჯავშნილი, უბრალოდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მინდა გავერკვიო... - რამდენიმე წუთი ოთახზე და სასტუმროს წესებზე ვესაუბრე. უკვე წასვლას აპირებდა, როცა თითქოს რაღაც გაახსენდა და უცებ მკითხა:
- ამ სასტუმროში ის კალათბურთელი ბიჭები ისვენებენ? - სახე შემეცვალა.არ ვიცი რატომ.
- დიახ.
- ხომ არ იცით, სად არიან?
- როგორც ვიცი, ვარჯიშზე არიან. - გვანცას სახე მაშინვე გაუბრწყინდა.
- აუ, იმედია მალე მოვლენ... ერთი ძალიან ძვირფასი ადამიანი არის მათ შორის. - უცნაურად დავიძაბე.ინტერესი მკლავდა.გვანცამ გაეღიმა.
- მადლობა დახმარებისთვის - ამ სიტყვებთან ერთად კარი გაიხურა და სასადილოდან გავიდა.მე კი რამდენიმე წამით ისევ კარისკენ ვიყურებოდი.ერთი ძალიან ძვირფასი ადამიანი...ვინ უნდა ყოფილიყო?რატომღაც ეს კითხვა თავში მიტრიალებდა.მალევე ეზოდან ნაცნობი ხმაური შემომესმა.ბიჭები დაბრუნდნენ.წამებში მთელი სასტუმრო ისევ აჟრიამულდა. სიცილი, ყვირილი, ერთმანეთისთვის დაძახება...სასადილოში მაგიდებს ვალაგებდი, მაგრამ ყურადღება უნებურად ისევ ეზოსკენ გამექცა.და მაშინ დავინახე გვანცა. სასტუმროს კარიდან გამოვარდა.ჯერ კიდევ ვერ გავიგე, ვის ეძებდა, როცა მთელი სისწრაფით ვიღაცისკენ გაიქცა.მე კი...გავშტერდი.გვანცა პირდაპირ გაგასკენ წავიდა და ისე ჩამოეკიდა კისერზე, თითქოს წლებია არ ენახა.გაგამაც მაშინვე მოხვია ხელები.სასადილოს შუაში გაშეშებული ვიდექი და მათ ვუყურებდი.ვერ ვხვდებოდი, რატომ მომიჭირა უცებ გულმა.რატომ გამიქრა ღიმილი.და რატომ მომინდა, რომ საერთოდ არ დამენახა ის სცენა.მაშინ პირველად ვიგრძენი ის უცნაური, უსიამოვნო შეგრძნება, რომლის სახელიც უკვე ვიცოდი...ეჭვიანობა...სულ მალე საუზმობა დაიწყო.როგორც ყოველთვის, სასადილო მალევე აივსო. ბიჭები ხმაურობდნენ, ერთმანეთს რაღაცაზე ედავებოდნენ, მე კი მაგიდებს შორის დავდიოდი და ვცდილობდი, ყველაფერი მეკონტროლა.გაგა ისევ თავისი ჩვეული სერიოზული სახით მოძრაობდა.ჯერ ერთ მაგიდასთან გაჩერდებოდა, რაღაცას ეტყოდა, მერე მეორესთან გადავიდოდა, ვიღაცას ჭამას შეახსენებდა... თითქოს რამდენიმე წუთის წინ ეზოში მომხდარი საერთოდ არ არსებობდა.ერთ მომენტში ჩემთან მოვიდა.
- მარ, უხასიათოდ ხარ? - მისკენ არც კი გამიხედავს.
- არა.
- დარწმუნებული ხარ?
- კი.
- რამე გაწყენინე?
- არა, უბრალოდ არ მცალია. - გაგამ წარბი ოდნავ ასწია.ეტყობოდა, მიხვდა, რომ რაღაც მჭირდა, მაგრამ ვერ გაეგო რა.სწორედ ამ დროს სასადილოს კარი გაიღო.გვანცა შემოვიდა.მე კი, რატომღაც, მის დანახვაზე ისევ შემეცვალა სახე.
- გოგონა, ჯერ თქვენი კვების დრო არ არის, - უხეშად ვუთხარი.გვანცა გაჩერდა.
- ვიცი, უბრალოდ... - მაგრამ სიტყვა აღარ დაასრულებინა გაგას ჩუმმა სიცილმა.მისკენ გავიხედე.გაგა იღიმოდა.ჯერ მე შემომხედა.მერე გვანცას.შემდეგ ისევ მე.თითქოს რაღაცას მიხვდა.და ამან უფრო გამაღიზიანა.უცებ მშვიდი, თითქმის კმაყოფილი ღიმილით მითხრა:
- მარ...გაიცანი ჩემი და. - გავშტერდი.
- შენი... რა? - გვანცას გაეცინა.გაგამ უკვე აშკარად სიცილი ვეღარ შეიკავა.
- ჩემი და, მარიამ.
- თავიდანვე რატომ არ მითხარი?! - გაგამ მხრები აიჩეჩა.
- არ გიკითხავს.
- არ მიკითხავს?!
- არა. - გვანცამ სიცილით ჩაილაპარაკა:
- მგონი, ვიღაცას ჩემი დანახვა არ გაუხარდა. - მაშინვე შევეწინააღმდეგე:
- არა, უბრალოდ... თქვენი კვების დრო არ იყო. - გაგამ ხმამაღლა გადაიხარხარა.იმ წამს მივხვდი, რომ ჩემი ეჭვიანობა მხოლოდ მე კი არ შემიმჩნევია...გაგასაც ყველაფერი შეუმჩნევია.
ზაფხულის გასვლასთან ერთად მივხვდი, რომ გაგას ძალიან შევეჩვიე.იმდენად, რომ მისი ყოველდღე ნახვა ჩვეულებრივ ამბად მექცა. დილით მისი შეტყობინება აღარ მიკვირდა, საღამოს მისი „ტკბილი ძილი“ თითქოს დღის ბუნებრივი დასასრული იყო. მისი ხმის გაგონებასაც კი შევეჩვიე, მის ხუმრობებს, ჩემს გაბრაზებას და მერე ჩემსავე სიცილს...იმ საღამოს ჩემთან ჩემი დაქალი იყო. საწოლზე ჩამოვსხედით,ყავა გვედგა წინ და რაღაც სრულიად უმნიშვნელო ამბავზე ვლაპარაკობდით, როცა ელენემ უცებ შემომხედა.
- შავტუხ, რაღაც უნდა გკითხო.
- მკითხე.
- ოღონდ შენებურად არ გამებუტო
- ვეცდები
- გაგა მოგწონს? - წამით გავჩუმდი.
- რა გაგა?
- აი, ახლა ნუ დაიწყებ. ის გაგა.
- არა. - ელენემ წარბი ასწია.
- არა?
- არა.
- მარიამ, სახეზე გაწერია.
- უბრალოდ კარგად გავუგეთ ერთმანეთს.
- ყოველდღე რომ გწერს?
- მეგობარია.
- დილით რომ გწერს?
- მეგობრები ერთმანეთს წერენ.
- ღამე „ტკბილ ძილს“ რომ გისურვებს?
- ელენე...
- რა?
- ნუ აჭარბებ. - ელენემ ჩაი მოსვა და მშვიდად შემომხედა,რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სწორედ ამ დროს ჩემი ტელეფონი განათდა.ეკრანს დავხედე.გაგა.არ ვიცი, რატომ შეიცვალა მაშინვე ჩემი სახე.წამით საერთოდ დამავიწყდა, რომ ელენე ჩემს გვერდით იჯდა.გავიღიმე.ისეთი უნებლიე ღიმილი იყო, რომელსაც ვერც შევაჩერებდი და ვერც დავმალავდი.ელენემ მაშინვე შემომხედა.
- ვინ არის?
- არავინ.
- ტელეფონს რატომ უღიმი?
- არ ვუღიმი.
- მარი... - შეტყობინება გავხსენი.გაგა: „ჯერ კიდევ არ გძინავს?“თავი ვეღარ შევიკავე და ისევ გამეღიმა.ელენე ჩუმად მიყურებდა.
- მარი...დაგვბრუნდი სამყაროში,რომელსაც დედამიწა ქვია
- რა?
- არაფერი.
- რატომ მიყურებ?
- აღარაფერი მაქვს სათქმელი.
- რას ნიშნავს?
- ხომ თქვი, რომ არ მოგწონს.
- ვინ?
- ვინ და ბრედ პიტი...გაგა
- არც მომწონს.
- გოგო,ახლახან ტელეფონს შეხედე და სახე მთლიანად შეგეცვალა.
- უბრალოდ გამიხარდა, რომ მომწერა.
- ზუსტად.
- მეგობარია-მეთქი. - ელენემ თავი გააქნია.
- კარგი, მეგობარია. - რამდენიმე წამით გაჩუმდა, მერე ისევ მკითხა:
- აბა რატომ გიფართხალებს გული, როცა მისი სახელი ეკრანზე ჩნდება? - ამჯერად პასუხი ვერ მოვიფიქრე.ელენემ კი პასუხი თვითონ იპოვა.
- აჰა... მივხვდი.
- რას მიხვდი?
- ჯერ კიდევ საკუთარ თავს ეწინააღმდეგები.
- რას ამბობ გოგო ნუ გამაგიჟე?
- იმას, რომ გაგა მოგწონს.
- ელენე...
- არა, აღარ თქვა „არა“. შენი სახე უფრო გულწრფელია, ვიდრე შენი სიტყვები. - ტელეფონს ისევ დავხედე.გაგას შეტყობინება ისევ იქ იყო.და პირველად ვეღარ მოვიფიქრე მიზეზი, რატომ უნდა დამემალა ეს ყველაფერი.ჩუმად ამოვისუნთქე.
- კარგი... - ელენემ მაშინვე შემომხედა.
- კარგი?
- მომწონს. - ელენეს გაეღიმა.მე კი ტელეფონი გულზე მივიკარი და ძალიან ჩუმად დავამატე:
- მგონი... იმაზე მეტად, ვიდრე უნდა მომწონდეს.
- ძალიან ნუ გაგიხარდება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მგონი...
- რა?
- მგონი იმაზე მეტად მომწონს, ვიდრე უნდა მომწონდეს. - ელენემ ხელი მომკიდა.
- მარი, შეგიყვარდა? - პასუხი მაშინვე ვერ გავეცი.დიდხანს ჩუმად ვიჯექი.მერე ძლივს გავიღიმე.
- არ ვიცი... - მაგრამ ორივემ ვიცოდით, რომ ეს „არ ვიცი“ უკვე თითქმის პასუხი იყო.
როცა გავარკვიე, რომ გაგა უკვე მომწონდა...როცა მივეჩვიე მის დილაადრიან შეტყობინებებს, მის უაზრო ხუმრობებს,მის სერიოზულ სახეს და იმ იშვიათ ღიმილს, რომელსაც ჩემთან სულ უფრო ხშირად ვხედავდი...როცა ერთი დღეც კი აღარ გადიოდა ისე, რომ მისთვის რამე არ მომეყოლა ან მისი ხმა არ მომესმინა...სწორედ მაშინ ჩამომენგრა თავზე ეს პატარა ზღაპარი.იმდენად მოულოდნელად, რომ თავიდან არც კი ვიცოდი, როგორ უნდა მიმეღო.იმ დღეს გავიგე, რომ გაგას ცხოვრებაში უკვე არსებობდა ვიღაც.ვიღაც, ვისაც ის უყვარდა.ვიღაც, ვინც ჩემზე ადრე მივიდა მის გულამდე.მე კი...მე ის მაშინ შემყვარებია, როცა სხვას უკვე უყვარდა.ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ პირველად ცხოვრებაში აღარ მინდოდა გაქცევა.მინდოდა დარჩენა.მინდოდა მისი გვერდით ყოფნა.მაგრამ არ ვიცოდი, შეიძლებოდა თუ არა დარჩენა იქ, სადაც ჩემი ადგილი თავიდანვე სხვას ეკუთვნოდა.



№1 სტუმარი სტუმარი NATKA

საინტერესო ისტორიაა, წინა ნაწილებიც წავიკითხე და მართლა ძალიან ჩამითრია. 🥹 ეს თავი კი ზედმეტად დამაინტრიგებლად დამთავრდა.მართლა მაინტერესებს, რა მოხდება გაგასა და მარის შორის. იმედია, ეს ყველაფერი ისე არ გაგრძელდება, რომ ბოლოს მათი დაშორების მომსწრეები გავხდეთ. 😭❤️ ძალიან არ მინდა მათი გზების გაყრა, მით უმეტეს, ამდენი ემოციისა და ისტორიის შემდეგ. ავტორო, იმედი მაქვს, მკითხველებს გულებს არ დაგვიმსხვრევ,როგორც წინა ისტორიაში გაგვიმეტე🥺🥺

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent